გამოსათხოვარი წერილები

* * *
გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი მამა ვახტანგი და მრავალრიცხოვანი მრევლი ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ საყვარელი მამულიშვილის, ბატონი

გურამ შარაძის
გარდაცვალების გამო და უსამძიმრებენ მეუღლესა და
ოჯახის წევრებს

* * *
,,ასავალ-დასავალის’’ რედაქცია უდიდესი მწუხარებით იუწყება, რომ მორიგი ავაზაკის ტყვიას ემსხვერპლა დიდი ქართველი მეცნიერი და მამულიშვილი, უდიდესი პატრიოტი და ეროვნული მოღვაწე

გურამ შარაძე
საყოველთაო გლოვის ჟამს სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს და საქართველოს ყველა ჭეშმარიტ ჭირისუფალს

* * *
პოლიტიკური მოძრაობა ,,XXI საუკუნე _ ენა, მამული, სარწმუნოება’’, უნივერსიტეტის ალტერნატიული აკადემიური საბჭო და გაზეთ ,,აისის’’ რედაქცია იუწყებიან, რომ დღისით-მზისით თბილისის შუაგულში უამრავი ადამიანის თვალწინ მოკლეს მოძრაობა ,,XXI საუკუნე _ ენა, მამული, სარწმუნოების’’ თავმჯდომარე, ეროვნული მოღვაწე, ქართული კულტურის შეუპოვარი ქომაგი, ღვაწლმოსილი მეცნიერი, უბადლო მამულიშვილი, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი, პროფესორი, ბატონი

გურამ შარაძე

სამძიმარს უცხადებენ ამ თავზარდამცემი, მუხანათური მკვლელობის გამო განსვენებულის ოჯახსა და მთელ ქართველ ერს

* * *
მედია ჰოლდინგი ,,ჯორჯიან თაიმსი’’ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს

გურამ შარაძის
ტრაგიკულად დაღუპვის გამო

* * *
მალხაზ გულაშვილი და ნანა გაგუა თანაუგრძნობენ ცნობილი ქართველი მამულიშვილის, საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს

გურამ შარაძის
ოჯახს, მისი ტრაგიკულად დაღუპვის გამო

* * *
ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრის თანამშრომლები იუწყებიან, რომ ამა წლის 20 მაისს, ვერაგული თავდასხმის შედეგად, სიცოცხლეს გამოასალმეს ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე

გურამ შარაძე
და თანაგრძნობას უცხადებენ განსვენებულის ოჯახს

* * *

გურამ შარაძე

სამოცდაექვსი წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ შარაძე.
ქართველ მეცნიერთა რიგებს გამოაკლდა დიდი შრომისმოყვარეობითა და შემოქმედებითი ნაყოფიერებით გამორჩეული, მეცნიერების ორგანიზების უნარით დაჯილდოებული მკვლევარი, რომლის მეცნიერული მუშაობა ყოველთვის იყო მიმართული ქართული მწერლობისა და ქართული კულტურის შეფასება-წარმოჩენაზე. გურამ შარაძე ფართო ფილოლოგიური სპექტრით იკვლევდა ძველს, ახალსა და უახლეს ქართულ ლიტერატურას. ქართული კულტურის მოღვაწეებსა თუ უცხოეთთან კულტურულ-ლიტერატურულ ურთიერთობებს. მან შეაგროვა და შეისწავლა ქართული ემიგრანტული მწერლობა და ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში შექმნა სრულიად ახალი დარგი _ ქართული ემიგრანტული მწერლობის ისტორია. გურამ შარაძემ დიდი ამაგი დასდო საზღვარგარეთ გაფანტული ძველი ქართული ხელნაწერებისა თუ არქივების მოძიებისა და სამშობლოში ჩამოტანის საქმეს. ოცზე მეტი წიგნისა და ასეულობით გამოკვლევის ავტორს ბევრი სამომავლო გეგმა ჰქონდა. დაუმთავრებელი დარჩა მონოგრაფია, წიგნები ვაჟა-ფშაველაზე, იაკობ გოგებაშვილზე… მისი უდროოდ წასვლა ჩვენი მეცნიერებისათვის დიდი და მტკივნეული დანაკლისია.
გურამ შარაძე დაიბადა 1940 წლის 17 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში. 1963 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1966 წელს _ ასპირანტურა, სხვადასხვა დროს იყო თსუ რუსთაველის კაბინეტის თანამშრომელი, რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი (1967-72), სწავლული მდივანი (1973-75), უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1975-78), ტექსტოლოგიის (1978-85), ინფორმაციისა და ბიბლიოგრაფიის (1985-92), ქართული ემიგრანტული მწერლობის (1992 წლიდან) განყოფილებების გამგე; ქართული ლიტერატურული მუზეუმისა (1992-1993) და თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმის (1994-1995) დირექტორი, მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე; უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.
გურამ შარაძემ 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “თეიმურაზ ბაგრატიონი _ რუსთველოლოგი”, ხოლო 1975 წელს _ სადოქტორო დისერტაცია, რომელიც მიეძღვნა თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
მეცნიერის მდიდარ მემკვიდრეობაში აღსანიშნავია მონოგრაფიები ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის დარგში. მან შეისწავლა და შეაფასა არაერთი გამოჩენილი რუსთველოლოგის ღვაწლი, რასაც მოწმობს მისი წიგნები: “პლატონ იოსელიანი _ რუსთველოლოგი” (1980), “დავით ჩუბინაშვილი _ “რუსთველოლოგი” (1982), “მარი ბროსე და “ვეფხისტყაოსანი” (1983); გურამ შარაძე ნაყოფიერად მუშაობდა არქეოგრაფიულ დარგში, აქ მოპოვებული შედეგები შეჯამებულია წიგნში _ “არქეოგრაფიული ძიებანი” (1973), სადაც შესწავლილია”ვეფხისტყაოსნის” ძველი და საუკეთესო ხელნაწერები.
საგანგებო ორტომეული მიუძღვნა გურამ შარაძემ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას (1987, 1990), რისთვისაც მას საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა, ასევე უნიკალურია აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი ხუთტომეულის ოთხი გამოცემული ტომი (2005-2007): “აკაკი წერეთელი. ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება (I ტ.), “აკაკის იუბილე” (III ტ.), “აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წელს” (IV ტ.), “აკაკის სიკვდილი და დასაფლავება” (V ტ.).
საზოგადოების ფართო ინტერესი გამოიწვია გურამ შარაძის ბევრმა წიგნმა, მათ შორისაა: “მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა” (1978), ,,ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე’’ (1984), “საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე” (1986), “უცხოეთის ცის ქვეშ” (1992-1993), “მემედ აბაშიძე” (1995), “ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება” (1998), “ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდა” (1998), “ისტორიული რელიკვიების დაბრუნება” (2000), “ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია” (2001-2005), “ასე იწყებოდა წმ. ექვთიმე-ღვთისკაცი თაყაიშვილი” (2005) და სხვ.
მეცნიერული კვლევა-ძიების გარდა, გურამ შარაძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას. იგი მეცნიერული კადრების გულისხმიერი, მომთხოვნი აღმზრდელი იყო.
გურამ შარაძე გახლდათ საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების პრეზიდენტი (1987 წლიდან); ივანე მაჩაბლის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე (1989 წლიდან); ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი; პოლიტიკური მოძრაობა “ენა, მამული, სარწმუნოების” თავმჯდომარე; მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის წევრი; იგი იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის, მემედ აბაშიძისა და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი; აგერთვე, დაჯილდოებული იყოუნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ოქროს მედლითა და ვახტანგ გორგასლის ორდენით.
ქართველ მეცნიერებს, ქართველ საზოგადოებას დიდხანს ემახსოვრებათ გურამ შარაძის, როგორც ღვაწლმოსილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის სახელი.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
“საქართველოს რესპუბლიკა”, 23 მაისი, 2007

* * *

საქართველო თავის ღირსეულ შვილებს ვერ იტანს!

ძვირფასო რედაქციავ, თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა სამძიმარი ვუთხრა საქართველოს და ბატონი გურამ შარაძის ოჯახს გურამის ვერაგული მკვლელობის გამო. წავიდა კიდევ ერთი ღირსეული შვილი საქართველოსი, რომელიც დაბადებული იყო მამულისათვის. ჩვიდმეტი წელია, რაც საქართველო დავტოვე. ბატონ გურამთან ძალიან დიდი მეგობრობა მაკავშირებდა. ის იყო დიდი მწერალი და ღირსეული მამულიშვილი. არასოდეს დამავიწყდება მისი პრესკონფერენცია, რომელიც მან გამართა უცხოელი კორესპონდენტებისთვის ზვიადის დასაფლავების დღეს ქალაქ გროზნოში, სადაც ამხილა შევარდნაძის პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მისი სამადლობელო სიტყვები, ქართველი ხალხის სახელით დიდ ჯოხარ დუდაევს რომ გადაუხადა. დღეს საქართველოს საინფორმაციო საშუალებებში ხშირად გაისმის _ საქართველო ევროპის ნაწილიაო. საქართველო არასოდეს ყოფილა და არც იქნება ევროპის ნაწილი. საქართველო იყო, არის და იქნება კავკასიის ცენტრი. ჯოხარს უყვარდა გამოთქმა _ ,,ჩვენ არც ევროპელები ვართ და არც აზიელები, ჩვენ კავკასიელები ვართ’’. გურამს, ისევე, როგორც ზვიადს და ჯოხარს, უნდოდა კავკასიის, კავკასიელთა სახლის შექმნა. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია და ამიტომ დღეს ჩრდილო კავკასიაც გლოვობს გურამ შარაძეს.

ერის სული მწერლობაშია. იდეას არ უნდა შეებრძოლო იარაღით ხელში. საქართველომ ვერ იგუა ილია, ზვიადი, გურამი… და მიექანება უფსკრულისკენ. წავიდა ის დრო, როცა საზოგადოება ცხოვრობდა დევიზით _ ,,დრო წინ არისო’’. როცა დიდი ზვიადი გროზნოში იმყოფებოდა, ქართული გაზეთები ბეჭდავდნენ შევარდნაძე-ბეიკერ-გენშერის ერთობლივ სურათს და მის გვერდით მეორე სურათს, სადაც ზვიადი კავკასიელებთან ერთად იყო აღბეჭდილი, ქვეშ იყო წარწერა: ,,მკითხველო, თქვენ თვითონ განსაჯეთ, ვის ვისთან აქვს საქმე’’. დღეს განსაზღვროს მკითხველმა, რომ საქართველო თავის ღირსეულ შვილებს ვერ იტანს.

ერაყში, ნახევრად დაბნელებულ ოთახში, სადაც სახრჩობელა კიდია და სადაც ჩამოახრჩვეს სადამ ჰუსეინი, კედელზე წერია: ,,მემენტო მორი!’’ _ ,,გახსოვდეს სიკვდილი!’’. ადამიანს სიცოცხლე მისცა ღმერთმა და მარტო მას აქვს უფლება, წაართვას. იმათ კი მინდა შევახსენო: სახრჩობელა თქვენც მოგელით!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი გურამ შარაძის სული.

მათე ციხესაშვილი
ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის სამთავრობათაშორისო
ურთიერთობების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე
ქ. გროზნო
,,ასავალ-დასავალი’’, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007

***

მიუხვალ მამაპაპათა!..

სურათზე: გურამ შარაძე, რუსუდან მუხიგულაშვილი, ლარისა ხუბულური, ნანა ღვინეფაძე, ვილენ მარდალეიშვილი, 1984 წელი

ეს სურათი გუშინ მოვიძიე, ჩემო გურამ! მახსოვდა, ამ ოცდახუთი წლის წინათ რომ გადაგვიღო გოგი გოგოხიამ გაზეთ “კომუნისტის” ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში. შენ ახალი ჩამოსული იყავი ინგლისიდან და 800000 ტირაჟით გამომავალ გაზეთში მკითხველს, ანუ მთელ საქართველოს აცნობდი მასალებს უორდროპებისა და ილია ჭავჭავაძის სამაგალითო ურთიერთობის შესახებ.
სწორედ მაშინ იწყებოდა შენი პოპულარობა, როგორც მუხლჩაუხრელი, ერის წარსულითა და დღევანდელობით გულანთებული მეცნიერი-მკვლევარისა. ამ პუბლიკაციებმა მკითხველთა მოწონება დაიმსახურეს. თუმცა, უმალ გამოგიჩნდნენ მოშურნენიც, ტალახის მსროლელნიც. ზოგი ზერელობას გწამებდა., ზოგიც სუკის აგენტად გნათლავდა (როგორ ახერხებს ასე მიმოსვლას საზღვარგარეთო)… შენ შენი არჩეული გზით განაგრძობდი სვლას, ერის წყლული გაჩნდა წყლულად, იქით ქართულ ემიგრაციასა და ემიგრანტულ ლიტერატურას უჭირისუფლე, აქეთ ილიასა და აკაკის… რამდენ საქვეყნო რამეს, რამდენ საშვილიშვილო რამეს, ჩემო გურამ! აოცებდი მტერ-მოყვარეს შენი დაუცხრომელი ენერგიით, “როგორ ასწრებს, როგორ ასწრებს”, უკვირდა ყველას… შენ, თურმე, მართლა მოსასწრებად გქონია საქმე, თურმე ასე ეწადა წერამწერალს… მიუხვალ მამა-პაპათა ვალმოპხდილი, დამაშვრალი, გულნატკენი _ შენი საყვარელი “გაგლობალიზებული” სამშობლოს, სულიერების დაცემის გამო…
ვხვდებოდით მეგობრულად, ვხვდებოდით შუბლგახსნილნი. “შენ, რაღაცა დამივიწყე, რატომ არაფერს წერ ჩემზე?” _ მეტყოდი ხუმრობით.
“ახლა შენს სიმაღლეს მე რაღას შევწვდები, გურამ ბატონო…” და ვიცინოდით გულიანად.
ვაი რომ, გამოსათხოვარი დავწერე შენზე!
ნათელში იყავ!..

ვილენ მარდალეიშვილი
“საქართველოს რესპუბლიკა”, 23 მაისი, 2007

* * *

გურამ შარაძე

ტრაგიკულად დაიღუპა ღვაწლმოსილი მეცნიერი, ერის მოჭირნახულე, ქართული კულტურის ქომაგი, “XXI საუკუნე _ ენა, მამული, სარწმუნოების” თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი გურამ შარაძე.
უზომოა მისი დამსახურება ერის წინაშე, როგორც მეცნიერის, მწერლის, ქართული ლიტერატურის მკვლევარის და საზოგადო მოღვაწის. საქართველოს დაუტოვა მრავალტომეული ნაშრომებისა _ “ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია”, ტომეულები ილიასა და აკაკის შემოქმედების შესახებ, “თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრება და მოღვაწეობა”, “მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა”, “უცხოეთის ცის ქვეშ” და სხვა მრავალი. ბატონი გურამი თავისი უშრეტი ენერგიით ქართული ეროვნული კულტურის დაცვის სადარაჯოზე იდგა.
საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდიუმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედურების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.

მერაბ ბერძენიშვილი
“საქართველოს რესპუბლიკა”, 23 მაისი, 2007

* * *

მწუხარებით ვიუწყებით მოძრაობა “ანტისოროსის” დამფუძნებელი ერთ-ერთი პარტიის “XXI საუკუნე _ ენა, მამული, სარწმუნოების” თანათავმჯდომარის, ბატონი გურამ შარაძის გარდაცვალებას. ბატონი გურამი სიმართლის, ზნეობის, სამშობლოსა და მართლმადიდებლობისათვის წმიდათაწმიდა ბრძოლაში დაიღუპა.
იგი მოკლეს, მაგრამ ბრძოლა გრძელდება!
გურამ შარაძის ნათელი სული კი ამ ბრძოლაში აწ უკვე ზეციური საქართველოდან ლოცვა-კურთხევით გაგვამხნევებს!

პოლიტპატიმრები:
მაია თოფურია, თემურ ჟორჟოლიანი, ვახტანგ ტალახაძე, რევაზ ბულია, რამაზ სამნიძე, გურამ პაპუკაშვილი, კოკა კვინიკაძე, გიორგი მეტრეველი, გიორგი ახობაძე, ვარლამ გალდავა, კახა ქანთარია, ზაზა დავითაია

“ახალი თაობა”, 24 მაისი, 2007

* * *

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი მწუხარებით იუწყება, რომ კიდევ ერთი მამულიშვილი მოუკლეს საქართველოს, კიდევ ერთ დიდ ქართველს გაუხვრიტეს შუბლი, კიდევ ერთხელ შეძრეს სრულიად საქართველო და უცხოეთის ცის ქვეშ გადახვეწილი ქართველობა.
ბატონი გურამ შარაძე მოკლეს!

“ახალი თაობა”, 24 მაისი, 2007

* * *

გურამ შარაძე

ნამდვილად არ მინდა ნეკროლოგი დავწერო… და მერე ვისზე? გურამ შარაძეზე?
ეს როგორ მოხდა, რომ გურამ შარაძე, ჭეშმარიტად გულანთებული ქართველი თავისი სათაყვანებელი ქვეყნის, დედაქალაქის ცენტრში, ქუჩაში მოკლეს!
რისთვის?!
იმისთვის ხომ არა, რომ ძალიან უყვარდა საქართველო?!
იმისთვის ხომ არა, რომ ყველა ჭეშმარიტი ქართველის სათქმელს ამბობდა და დღენიადაგ სიმართლეს ქადაგებდა?!
იმისთვის ხომ არა, რომ ენა, მამული და სარწმუნოება გულზე ხატად ჰქონდა გამოხატული?!
იმისთვის ხომ არა, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის იბრძოდა?!
იმისთვის ხომ არა, რომ უაღრესად განსწავლული იყო?! ან იქნებ იმისთვის, რომ უკვე მერამდენედ თავისი შემოქმედებით საქართველოს უკვდავებას ჭედდა და ჭედდა?!
ილიას მკვლელობიდან 100 წლის თავზე კლავენ გურამ შარაძეს, გამორჩეულ მამულიშვილს, რომელიც პატიოსნების, სიკეთის, ნიჭიერების, განათლების, სინათლის, გულწრფელობის, სიწმინდის, ზნეობის, უანგარო მეგობრობის განსახიერება იყო და ეს ხდება 21-ე საუკუნეში; ნუთუ საქართველოში დღესაც ისეთივე წყვდიადია, როგორც მე-20 საუკუნის დამდეგს?!
გვაჯობა მტერმა: დაადუმეს ცინცხალი გონება, უშრეტი ენერგია, ხალასი აზროვნება, თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირი!
როდემდე, ხალხო?! კიდევ რამდენი ტყვიაა გამზადებული იმისთვის, რომ თვალსაჩინო ერისკაცები გააციონ?!
ჩვენ, ყველანი, დამნაშავენი ვართ მის წინაშე: სათანადოდ ვერ დავიცავით, ვერ გავუფრთხილდით…
რაც აქ დავაკელით, იმ პატივს ზეციურ საქართველოში მიაგებენ და რაც აქ ბოლომდე ვერ შეძლო თავისი სამშობლოსათვის, იქნებ იქიდან შეძლოს გურამ შარაძის ნათელმა სულმა.

ნუგზარ ბირკაია
“ახალი თაობა”, 24 მაისი, 2007

* * *

გურამ შარაძე

ქართულმა მწერლობამ და მეცნიერებამ, სრულიად საქართველომ უმძიმესი დანაკლისი განიცადა.
ტრაგიკულად, უღვთოდ დაიღუპა თანამედროვეობის გამოჩენილი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გურამ სევერიანეს ძე შარაძე.
ძალზე მტკივნეულია იმ აზრთან შეგუება, რომ უნდა გამოვეთხოვოთ ადამიანს, რომელიც ათწლეულების მანძილზე მეციხოვნესავით ქართული სულიერების, ქართული სახელმწიფოებრიობის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინტერესების სადარაჯოზე იდგა და ხმალშემართული ებრძოდა ბოროტებას, უკეთურობას, სიბილწეს, ორგულობას, ნიჰილიზმს, ებრძოდა ყველას და ყველაფერს, რაც ეშმასთან და სატანასთან იყო წილნაყარი. გურამ შარაძე მუდამ ცხოვრების შუაგულში ტრიალებდა და დაუღალავად, მუხლჩაუხრელად იცავდა საქართველოს, მის წარსულს, აწმყოს და განსაკუთრებით კი _ მის მომავალს, იცავდა ქართველი კაცის შელახულ ღირსებას და უფლებებს…
გურამ შარაძე დაიბადა 1940 წლის 17 ოქტომბერს, ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ოზურგეთის მესამე საშუალო სკოლა და იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1963 წელს, ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში, ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის სპეციალობით. 1966 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1975 წელს _ სადოქტორო დისერტაციები, გახდა პროფესორი. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსთაველის კაბინეტის მეცნიერ-თანამშრომლად, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სწავლულ მდივნად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ტექსტოლოგიის, ინფორმაციისა და ბიბლიოგრაფიის, ქართული ემიგრანტული მწერლობის განყოფილებების გამგედ, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორად, ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორად. ყველგან, სადაც კი იმუშავა, პრინციპული და შეუვალი პროფესიონალის სახელით სარგებლობდა, რომლისთვისაც უცხო და მიუღებელი იყო ზნეობრივი კომპრომისი…
გურამ შარაძე სამოღვაწეო ასპარეზზე 1964 წელს გამოვიდა, როდესაც ჟურნალ “მაცნეში” გამოაქვეყნა წერილი “ფარსადან გორგიჯანიძე” საქართველოს ისტორიის ერთი ადგილის გაგებისათვის”. იმ დროიდან მოყოლებული უაღრესად ნაყოფიერ და მრავალფეროვან მოღვაწეობას ეწეოდა, რომელიც მთლიანად ერის ისტორიული მეხსიერების განმტკიცების, ქართული სულიერებისა და აზროვნების აღდგინების ძალუმი წყურვილით იყო განმსჭვალული.
ფართო იყო გურამ შარაძის შემოქმედებითი ინტერესების არეალი. ერთნაირი გატაცებით და ძალმოსილებით იკვლევ­და ძველსა და ახალ ქართულ მწერლობას, რუსთველოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, ემიგრაციაში მყოფი ქართველი მწერლებისა და ჟურნალისტების ნააზრევს, ქართულ-ინგლისურ, ქართულ-უნგრულ, ქართულ-ფრანგულ, ქართულ-რუსულ კულტურულ-ლიტერატურულ ურთიერთობებს.
ქართველი მკითხველი მუდამ ცხოველი ინტერესით ეც­ნო­ბოდა გურამ შარაძის ისეთ მნიშვნელოვან მონოგრაფიებს, როგორიცაა “თეიმურაზ ბაგრატიონი”, “არქეოგრაფიული ძიებანი”, “პლატონ იოსელიანი _ რუსთველოლოგი”, “დავით ჩუბინაშვილი _ რუსთველოლოგი”, “მარი ბროსე და “ვეფხისტყაოსანი”.
გურამ შარაძეს დიდი დამსახურება მიუძღოდა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა თუ შემოქმედების შესწავლის საქმეში. ამის დასტურია ის ბრწყინვალე ორტომიანი მონოგრაფია, რომლის გარეშეც დღეს წარმოუდგენელია თანამედროვე ილიალოგია. ასეთივე მოწონებით სარგებლობს მისი გამოკვლევანი აკაკი წერეთლის, ივანე მაჩაბლის, მემედ აბაშიძისა და სხვა დიდ ქართველთა შემოქმედების შესახებ.
მართლაც რომ ძნელია შეაფასო ის ღვაწლი, რომელიც გურამ შარაძემ დასდო ქართული ემიგრაციის როლისა და მნიშვნელობის შესწავლას. მისი წიგნები “უცხოეთის ცის ქვეშ” (3 ტომად), “ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია (8 ტომად), “ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება”, “ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდა” _ მოწი­წების გრძნობას აღძრავს საქართველოსათვის შეწირული მამულიშვილებისადმი.
საქართველოს უცხოელი მეგობრების ნათელ ხსოვნას ეძღვნება გურამ შარაძის მრავალმხრივ საყურადღებო მონო­გრაფიები, ისეთები, როგორიცაა “მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა”, “ბელა ვიკარი _ “ვეფხისტყაოსნის” უნგრულად მთარგმნელი”, “ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე”, “საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე”… არ შეიძლება ცალკე არ აღინიშნოს მისი გამოკვლევა “პეტრე დიდიდან ლევ ტოლსტოიმდე’’, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს მიეძღვნა.
გურამ შარაძის ხელმძღვანელობით ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მომზადდა ილიას, აკაკის, ივანე მაჩაბლის, ემიგრანტული მწერლობის ბიბლიოგრაფიები.
ფართო საზოგადოებრიობა გურამ შარაძეს იცნობდა, როგორც დაუღალავსა და ენერგიულ საზოგადო მოღვაწეს. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის, პარიზის ქართული ეროვნული საბჭოს წევრად, საქართველო უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების პრეზიდენტად, ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტად, ივანე მაჩაბლის საზოგადოების თავმჯდომარედ, მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრად. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი მოღვაწეობა საქართველოს პარლამენტში. 1995 წლის მოწვევის პარლამენტში იყო მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვ­რებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე, თავკაცობდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივის კომისიას და სწორედ ამ პერიოდში ჩამოიტანა პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივი. შემდეგი მოწვევის პარლამენტში კი საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების კომისიას თავმჯდომარეობდა.
გურამ შარაძე დამაარსებელი და პირველი თავმჯდომარე იყო პარტიისა “ენა, მამული, სარწმუნოება”.
ამავე დროს არ წყვეტდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ხელმძღვანლობით მომზადდა არაერთი სადოქტორო თუ საკანდიდატო დისერტაცია.
გურამ შარაძის ღვაწლი სათანადოდ დაფასდა. მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო, ნიკო ბერძენიშვილისა და მემედ აბაშიძის სახელობის პრემიები. დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენებით, უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედლით “უნგრეთის ინტერესების დაცვისათვის მსოფლიოში”.
დიდი საქმეების კეთების ჟინი არც ბოლო წლებში შენელებია. დიდი აკაკის ნათელ ხატებას განსაკუთრებული ელვარება შემატა გურამ შარაძის მიერ სასოებითა და რუდუნებით შედგენილმა ოთხმა უბრწყინვალესმა კრებულმა, რომლებშიც დაივანა საქართველოსა და საზღვარგარეთის სიძველეთ-საცავებში მოძიებულმა იკონოგრაფიული და ისტორიულ-ლიტერატურული ხასიათის ფოტო-დოკუმენტთა უმდიდრესმა კორპუსმა.
მართლაც რომ უღვთო იყო გურამ შარაძის მოწამებრივი აღსასრული. ჩვენ _ მის მეგობარ ქართველ მწერლებს, მეცნიერებს, მისი ბრწყინვალე შემოქმედებითი მემკვიდრეობის თაყვანისმცემლებს ნუგეშად ისღა გვრჩება, რომ გურამ შარაძის _ მწერლის, მეცნიერის, მოქალაქის, ერისკაცის ნაღვაწი სანთელივით ენთება საქართველოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისაკენ სავალ გზაზე.

საქართველოს მწერალთა კავშირი
“ლიტერატურული საქართველო”, 25 მაისი, 2007

* * *

შეუპოვარი

გურამ შარაძე საქართველოს სხეულზე იყო მიზრდილი და მის ორგანულ ნაწილად იყო ქცეული. ჩქარი ნაბიჯი ჰქონდა. თავაზიანი მოკითხვა და… გაქრებოდა უმალ. მუდამ საქმეზე მიეჩქარებოდა _ საზოგადო საქმეზე. შეუპოვარი კაცი იყო, პირდაპირი, რაც განსაკუთრებით არ მოსწონდათ მის ოპონენტებს, რომელთა ობივატელურ სიმშვიდეს გამაღიზიანებლად არღვევდა სამშობლოსათვის მისეული ასეთი თავდადება. თითქმის ორმოცდაათი წელი იღვაწა ამ კაცმა, როგორც ქართველმა პატრიოტმა და მოახერხა ეს მაღალი ეროვნული ტიტული შეენარჩუნებინა.
გურამ შარაძეს შეეძლო ზოგიერთებივით მშვიდად ეცხოვრა და მოგონილი დარბაისლობით დაესრულებინა სიცოცხლე, მაგრამ ასეთი რამ უცხო იყო მისი მოძრავი სულისთვის. ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ ყოფილა მნიშვნელოვანი საზოგადო საქმე, მას რომ თავისი სიტყვა არ ეთქვა. ჰქონდა არაჩვეულებრივი ნიჭი საქართველოს მოწყობის უცხოური რესკრიპტების ნამდვილი ზრახვების ამოცნობისა და მათი ხალხამდე მიტანისა. ამიტომაც შეიყვარა იგი ერმა და აღიარა ერთ-ერთ ლიდერად.
გურამ შარაძის შემცვლელი კაცი დღევანდელ საქართველოს აღარ ჰყავს. აქ მეტ-ნაკლებობას კი არ ვგულისხმობთ, არამედ იმ ადგილს, სადაც ის იდგა. იმ სფეროს, სადაც მას უხდებოდა მოღვაწეობა. იმ შემართებას, რომელიც მისთვის იყო დამახასიათებელი.
გურამ შარაძემ ორმოცდაათზე მეტი წიგნი დაწერა და მიუხედავად მათი ჟანრობრივი მრავალფეროვნებისა, მისი ყველა ნაშრომი ერთი სულისკვეთებით _ სამშობლოს მოვლის გრძნობითაა განმსჭვალული.
სად ეყრება კაცის ხასიათს საფუძველი, თუ არა მის ნაღვაწში, მის მიერ აღსრულებულ საქმეებში. სწორედ ამ კეთილ ნაღვაწთა გამო იყო იგი შემართული და ხმამაღალი. ამ სიამაყით წარმოუდგინა ქართულ საზოგადოებას თავისი აკაკის ხუთტომეულის მორიგი ტომი ამ ზამთარს, ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში. სამწუხაროდ, ეს პრეზენტაცია ბოლო გამოდგა. იგი საქმეზე გაჩერებული, შუა ქუჩაში ულმობლად მოკლა ვიღაც ნაძირალამ და შუა გზაზე დარჩა მისი გასაკეთებელი საქმეებიც.

ელდარ ნადირაძე, თამაზ ტყემალაძე
“ლიტერატურული საქართველო”, 25 მაისი, 2007

* * *

მშვიდობით, ბატონო გურამ
მამა ბასილის გამოსათხოვარი ციხიდან

“ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა” (მთ. 5,10)

ბატონო გურამ, შეძრწუნებული ვარ იმ შემზარავი ფაქტით, რომელიც ამ დღეებში იხილა ქართველმა ერმა. მაძრწუნებს ის, რაც თქვენ მოგაყენეს ანტიქრისტიანული ძალების მიერ დაქირავებულმა “ქილერებმა” და სასიკვდილოდ გაგიმეტეს. მე არ ძალმიძს მოვიდე და გამოგემშვიდობოთ, გაგაცილოთ თქვენს სამუდამო განსასვენებლამდე, ამიტომ ციხის პირქუში კედლებიდან გწერთ და გემშვიდობებით. მთელი გულით ვუსამძიმრებ თქვენს მეუღლეს, ოჯახის დამწუხრებულ წევრებს მე და ჩემი მორჩილი პეტრე ივანიძე.
ბატონო გურამ, ჩვენ ორივე ხომ ერთ მძიმე უღელში ვიყავით შებმულნი და ვიბრძოდით მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისათვის, საქართველოს კეთილდღეობისათვის. თქვენ იყავით უშიშარი მახვილი მხილებისა, ვითარცა იოანე ნათლისმცემელი. თქვენ ხშირად ახსენებდით დიდ მგოსან ილია ჭავჭავაძეს და გმობდით ბერბიჭაშვილის მიერ ჩადენილ საქციელს. რას იფიქრებდით მაშინ, რომ თქვენც დიდი ილიას ბედი უნდა გაგეზიარებინათ და ბერბიჭაშვილის მსგავსი ვაიქართველის უკეთური ხელით განიგმირებოდით. ფრიად სამწუხაროა!
დადუმდა თქვენი კალამი, მაგრამ თქვენს სულს ვერაფერს დააკლებენ. თქვენი სული ღვთის სასუფეველში დაიმკვიდრებს სამუდამო სამყოფელს.
ბატონო გურამ, თქვენ მიწიერ ცხოვრებაში პირნათლად შეასრულეთ თქვენი მისია ღმრთისა და სამშობლოს წინაშე. მე მწამს, რომ ყველა ჭეშმარიტად მოაზროვნე მართლმადიდებელი ქართველი არ დაივიწყებს თქვენს უკვდავ სახელს, ხოლო ეკლესია სისტემატურად ილოცებს თქვენი სულის საოხად.
მშვიდობით, ბატონო გურამ!
დაე, მსუბუქი იყოს მშობლიური მიწა, რომელიც სიყვარულით მიიბარებს თქვენს ღირსეულ ცხედარს!
ნათელში იყოს სული შენი, მამულისა და ერისთვის მტლად დადებული, სასიქადულო შვილო, ამინ!

ამჟამად ციხეში მყოფი გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი
მამა ბასილი (მკალავიშვილი)
“ლომისა”, ივნისი, 2007

* * *
საქართველოს გურამ შარაძე მოუკლეს!

გურამ შარაძე მოკლეს!
თავზარდამცემი იყო ამ ტრაგიკული ცნობის გაგება!
შემაძრწუნებელი იყო ხილვა ქუჩაში უსულოდ გებული ბატონი გურამის ცხედრისა!
ეს მერამდენედ გვატკინეს სული, ეს მერამდენედ მოგვიკლეს გული, ეს მერამდენედ დაგვახალეს ტყვია!
საქართველოს უკლავენ ერთგულ შვილებს! კვლავ კლავენ საქართველოს!
საქართველოში დღეს ყველგან წიწამური, ბორითი, ძველი ხიბულა და მელიქიშვილის გამზირია!
საქართველოს მოუკლეს სარანგი მართლმადიდებლობისა, ქომაგი დედა-უნივერსიტეტისა, ქადაგი ეროვნული თვითშეგნებისა!
საქართველოს მოუკლეს ერთგული დავითელი, ილიელი და ზვიადელი!
საქართველოს მოუკლეს ჰეროსტატეთაგან გადამწვარი კოლხური კოშკის მეურვე, კონსტანტინე გამსახურდიას არქივის გადამრჩენელი.
კვლავ დაახალეს ტყვია ქუჯის და ფარნავაზის, წმინდა მირიანისა და წმინდა ვახტანგ გორგასლის, წმინდა დავით აღმაშენებლისა და მეფეთ-მეფე, ყოველ ქართველთა დიდი დედის წმინდა თამარის, წმინდა დემეტრე თავდადებულისა და წმინდა გიორგი ბრწყინვალეს საქართველოს!
იარას იარაზედ გვიმატებენ! სისხლისგან გვწრეტენ!
ნუთუ შემოგვწყრა მაცხოვარი და ღვთისმშობელი?! რა ჯოჯოხეთი დატრიალდა ჩვენს თავზედ?!
ყოველდღე ტირის საქართველო, ყოველდღე ატირებენ ქართველთ!
ეს მერამდენედ აგიყვანეს ეშაფოტზედ უბედურო მამულო ჩვენო?!
როდემდის?! სადამდის?! ნუთუ აღარ არის სამანი და საშველი?!
ჩვენთვის, უცხოეთში გადახვეწილ-გახიზნული ქართველებისთვის ორმაგად სამძიმო და სამწუხაროა, რომ ვერ ვესწრებით საერთო ეროვნულ გლოვასა და სატირალს, როცა ვერ მიაგებ პატივს მამულისათვის შეწირულ ერისკაცებს.
ვერ მოგვენელებინა ტკივილი, რომ ვერ ვესწრებოდით ჩვენი წამებულის, ნეტარი პრეზიდენტის ცხედრის ჩამოსვენებას და აგერ, ჯერაც არ გადამშრალა საფლავის ბორცვი წმინდა მთაზედ, კვლავ დაგვსაჯეს! ავაზაკურად მოგვიკლეს საღ-სალამათი, სულმაღალი ქართველი კაცი!
ვერ გაგტეხეს, ვერ მოგდრიკეს, გრძნობა ვერ შეგაცვლევინეს მოზღვავებული ავით, ვერ დაგადუმეს სამშობლოს ძნელბედობას შერკინებული სახელოვანი უფლისციხელი, შვილმოკლული მამა!
დაუმსახურებული გაკადრეს, დილეგში რამდენჯერ გამოგამწყვდიეს და ბოლოს ტყვიაც დაგახალეს!
უცხოეთის ერთ-ერთ ქვეყანაში ერთიოდე წლის წინ ვა­არ­სებდით ქართული კულტურის ცენტრს, ორგანიზატორთა საერთო სურვილი იყო ცენტრს საქართველოდანაც ჰყო­ლოდა წევრად ქართული კულტურის, მწერლობის, მეცნიერებისა და ხელოვნების ამაგდარი მოღვაწენი. სურვილის გასაზიარებლად და რჩევისათვის მივმართეთ ქალბატონ ლეილა ცომაიას, გავანდეთ ჩვენი სამომავლო გეგმები, ვთხოვეთ შეერჩიათ კანდიდატურები.
ქალბატონმა ლეილამ მოგვიწონა განზრახვა, ამ მამული­შვილურ საქმეში დიდ დახმარებას ბატონი გურამ შარაძე გაგიწევთო, შემოგვთავაზა აგრეთვე დანარჩენ წევრთა კანდიდატურებიც.
ჩვენი გულისთქმა ერთმანეთს დაემთხვა ბატონი გურამ შარაძის პიროვნების მიმართ.
დავუკავშირდით ბატონ გურამს, გავაცანით ჩვენი სამომავლო გეგმები და გადაწყვეტილება, ვთხოვეთ დაედო პატივი და გამხდარიყო ჩვენი მომავალი ორგანიზაციის წევრი. ის ჩვეული თავმდაბლობით, სიხარულითა და აღფრთოვანებით შეხვდა ჩვენს წინადადებას, პატივცემულმა მეცნიერმა მადლობაც კი გადაგვიხადა, დაგვლოცა და გვითხრა: თქვენ კიდევ ერთი სტიმული შემატეთ ჩემს მძიმე ცხოვრებას და არსებობასო. ეს მისი გულიდან ამოსული სიტყვები იყო.
სამწუხაროდ, ეშმას მოციქულებმა არ დაგვაცალეს!
ორგანიზაცია რეგისტრაციაში გავატარეთ, მივიღეთ არსებობის ნებართვა, მოკრძალებული პრეზენტაციაც გავმართეთ. დამსწრე საზოგადოებას, ქართველებს და ჩვენს მასპინძლებს გავაცანით კულტურის ცენტრის პირველი წევრები. თავს ვიწონებდით უცხოელი მასპინძლის წინაშე, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრი იყო შესანიშნავი ადამიანი, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და მგზნებარე პატრიოტი ბატონი გურამ შარაძე!
მან გულის ფიცარზედ დაიბეჭდა დიდი ილიასეული “ენა, მამული, სარწმუნოება”, სხვა რამ დიდება ამქვეყნიური არ ნდომებია, არც ოდეს!
ჩვენ, სულის სიმხნევეს, იმედსა და რწმენას გვმატებდა თქვენი საჯარო გამოსვლები, საგაზეთო წერილები თუ პუბლიკაციები, მოუთმენლად ველოდით მათს გამოჩენას, სულს მალამოდ ედებოდა, გვეიმედებოდა უზნეობასთან, უმეცრებასთან და უწმინდურობასთან ბრძოლა ქველი რაინდისა.
შორეთიდან მუხლს ვიდრეკთ თქვენი სპეტაკი სულის წინაშე ჩვენო უფროსო ძმავ და მეგობარო, კარგო ქართველო, მართალო კაცო, დიდო მეცნიერო და სათაყვანო მამულიშვილო!
ზეციურ საქართველოში, დიდ ქართველთა წმინდა სავანეში პირველი მოგეგებებათ თქვენთვის საფიცარი და სათაყვანო ეკლის გვირგვინოსანი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ნეტარი ზვიად გამსახურდია, რომელსაც ბოლომდის, სამარის კარამდის უერთგულეთ და პირნათლად მოიხადეთ თქვენი მამულიშვილური ვალი.
ვაგლახ, რომ ამიტომ დაგსაჯეს ჭეშმარიტო მართლმადიდებელო ქრისტიანო და ერთგულო მეციხოვნევ კოლხ-იბერთა მოდგმისავ!
თქვენ მამულისთვის ბრძოლის ველზედ დაეცით!
თქვენი ეშინოდათ ეშმას ნაშიერთ, ეშინოდათ იმიტომ, რომ დიდი ილია მართლის, წამებული ზვიადის გზას მედგრად ადექით, ამიტომ მოგისწრაფეს ტანჯული სიცოცხლე, მოგაკვ­დინეს და ვერ დაგამარცხეს!
თქვენებრ ტანჯული სამშობლოდან გამარჯვებული მიდიხართ სამუდამო სავანეში, დღეს კიდევ ერთხელ გარდაიხსნება საქართველოს ცის თავანი!
გვწამს, თქვენი სპეტაკი სული მარად ილოცებს ეული და ბედკრული ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად და მარადჟამს იგიზგიზებს მამულის საკურთხეველზედ!
მშვიდობით, ია და ვარდი გფენიათ დიდ წინაპრებთან აღმავალ გზაზედ!

ავსტრიაში ემიგრირებული ქართველების სახელით
ალექსანდრე სანდუხაძე
“განმათავისუფლებელი”, ივნისი, 2007

* * *
სრულიად საქართველოს! ბატონ გურამ შარაძის ოჯახს!

სულდამძიმებულები გულისტკივილით ვიზიარებთ საერთო ქართულ მწუხარებას ერთგული მამულიშვილის, აკადემიკოს გურამ შარაძის გარდაცვალების გამო.
ავსტრიაში დაარსებული ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა ქართველებმა ცენტრის საპატიო პრეზიდენტად დიდი სიამაყითა და პატივისცემით ერთხმად დავასახელეთ ბატონი გურამ შარაძე! ვაგლახ, რომ არ დაგვაცალეს მამულის საკეთილდღეოდ ერთობლივი მოღვაწეობა!
უცხოეთში მცხოვრები ქართველები გულწრფელად და ალალად ვიზიარებთ ოჯახისა და ქვეყნის ტკივილს, მართალ ქართველთა ცრემლებს თან ერთვის ჩვენი ცრემლებიც!
დაივანე სამარადისო სასუფეველში მამულისთვის ტარიგად შეწირულო მართალო კაცო!
მდუმარებით მუხლს ვიდრეკთ თქვენი სპეტაკი ცხედრის წინაშე!

ავსტრიის ქართული კულტურის ცენტრი “აია”

გაზეთის რედაქტორისაგან: ავსტრიის ქართული კულტურის ცენტრის “აიას” სპეციალური შეკვეთით ქაშუეთის ეკლესიაში დასვენებულ ბ-ნ გურამ შარაძის ცხედართან მიტანილ იქნა გვირგვინი სახელობითი ადრესით, ხოლო ლენტის უკანა მხარეს ვაჟას პატრიოტული ლექსის სტრიქონის ციტირებით:
“ღმერთო სამშობლო მიცოცხლე, ძილშიაც ამას ვბუბუნებ”.

განმათავისუფლებელი”, ივნისი, 2007

* * *

კვალი ნათელი _ აკადემიკოსი გურამ შარაძე
40 დღე გავიდა გურამ შარაძის მკვლელობიდან

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ შარაძე საუკეთესო მეცნიერული ტრადიციების მიმდევარი და გამგრძელებელი გახლდათ. სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი წლები მან შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაატარა: სრულიად ახალგაზრდამ დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, შექმნა და გამოაქვეყნა მრავალი ფუნდამენტური გამოკვლევა. სხვადასხვა დროს დაიბეჭდა მისი მონოგრაფიები: ,,თეიმურაზ ბაგრატიონი”, ,,არქეოგრაფიული ძიებანი”, ,,პლატონ იოსელიანი _ რუსთველოლოგი,” ,,დავით ჩუბინაშვილი _ რუსთველოლოგი,” ,,მარი ბროსე და ვეფხისტყაოსანი”, ,,მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა”, ,,ბელა ვიკარი _ ,,ვეფხისტყაოსნის” უნგრულად მთარგმნელი”, ,,ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე”, ,,საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე” და სხვ.
განსაკუთრებულია აკადემიკოს გურამ შარაძის ღვაწლი მეოცე საუკუნის ქართული ემიგრაციის ფასდაუდებელი სულიერი მემკვიდრეობის დაბრუნებასა და შესწავლაში. მან პარიზიდან და ჰარვარდიდან ჩამოიტანა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წ.წ) არქივი. ასევე, ვიქტორ ნოზაძის, გივი კობახიძის და სხვათა არქივები. გურამ შარაძე მრავალი წლის მანძილზე აგროვებდა საზღვარგარეთ გამოცემულ ქართულ ემიგრანტულ პრესას თუ ცალკეულ გამოცემებს, რასაც თავი მოუყარა მის მიერვე 1994 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებულ ქართული ემიგრაციის მუზეუმში. ჩვენს სინამდვილეში პირველად შეიქმნა გამოჩენილი ემიგრანტებისადმი მიძღვნილი მისი სამტომეული ,,უცხოეთის ცის ქვეშ”, ასევე, ,,ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება”, ,,ისტორიული რელიკვიების დაბრუნება”, ,,ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდა”, ,,ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიის” რვატომეული (მისი გამოცემა მეცნიერს 20 ტომად ჰქონდა ჩაფიქრებული) და მრავალი სხვა წიგნი თუ გამოკვლევა.
ჩვენში სამაგიდო წიგნებად იქცა გურამ შარაძის გამოკვლევა-ალბომები ,,ილია ჭავჭავაძე” (2 ტომად) და ,,აკაკი წერეთელი”, რომლის ოთხი შესანიშნავი ტომი ამ უკანასკნელ ხანებში გამოიცა. არაკაცის ტყვიამ ის სწორედ ,,აკაკი წერეთლის” მეხუთე ტომზე მუშაობის ჟამს გამოასალმა სიცოცხლეს. მსგავსი ფუნდამენტური წიგნი-ალბომები მას ჩაფიქრებული ჰქონდა შეექმნა იაკობ გოგებაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ვაჟა-ფშავლას შესახებ, რაც მომავალი თაობებისათვის უძვირფასესი შენაძენი იქნებოდა.
საყოველთაოდ ცნობილია გურამ შარაძის საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობა. 1995 წლის მოწვევის პარლამენტში ის იყო მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე, შემდეგი მოწვევის პარლამენტში კი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღგვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების დროებითი კომისიის თავმჯდომარე. ის გახლდათ დამაარსებელი და თავმჯდომარე პარტიისა ,,ენა, მამული, სარწმუნოება”. გურამ შარაძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის, პარიზის ქართული ეროვნული საბჭოს წევრი, საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურულ ურთიერთობათა საზოგადოების პრეზიდენტი, ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, ივანე მაჩაბლის საზოგადოების თავმჯდომარე, კონსტანტინე გამსახურდიას კოლხური კოშკისა და არქივის დაცვის კომისიის თავმჯდომარე. მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო, ნიკო ბერძენიშვილისა და მემედ აბაშიძის პრემიები, დაჯილდოებული გახლდათ ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენებით, უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედლით.
ნაყოფიერი სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობით 67 წლის აკადემიკოსმა გურამ შარაძემ ერის მეხსიერებაში ნათელი და წარუშლელი კვალი დატოვა.

მანანა კვატაია
,,კალმასობა’’, #3 (102), 2007

* * *

მელიქიშვილის გამზირზე ნასროლმა ტყვიამ
ჩემს გულამდე მოაღწია…

,,იყავ ერთგული სიკვდილამდე და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს”
(სახარება)

ვერაგულად მოკლეს გურამ შარაძე – აკადემიკოსი, მეცნიერი, მრავალი ნაშრომის ავტორი, დიდი ქართველი, საქართველოს სიყვარულით გულანთებული და ამ სიყვარულისთვის გაწირული.
თბილისში, მელიქიშვილზე ნასროლმა ტყვიამ ჩემს გულამდეც მოაღწია და მეც ისევე როგორც ათასობით ქართველი, ხელისუფლებისაგან არაერთგზის დაჭრილ-დასახიჩრებული, სულიერად კიდევ ერთხელ დამცა და გამანადგურა…
რატომ მოკლეს? ეს კითხვა მაწვალებს. განა დამოუკიდებელ საქართველოში ღირსეულ მამულიშვილებს ასე უსწორდებიან? ,,აღსდექ საქართველოვ”, ხმა ამოიღე ქართველო ხალხო! ვაი, რომ ამაოა ყველანაირი შეძახილი, ვაი, რომ ეს მკვლელობაც ისევე გაგვიმარტივა ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორც არაერთი სხვა მკვლელობა ჭეშმარიტ მამულიშვილთა…
ხელისუფლების ხელწერა აშკარაა. ამიტომაც განაცხადა ტელევიზიის საშუალებით რუსუდან შარაძემ – გურამ შარაძის ქალიშვილმა: ,,ჩვენ არ ვაპირებთ გამოძიებასთან თანამშრომლობას, ეს მათ სინდისზე იყოსო…’’. დრო მოჰფენს ნათელს, ვის აწყობდა გურამ შარაძის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას სიკვდილი…
ბატონი გურამ შარაძე დიდი და დიდებული პიროვნება იყო ჩემთვის, არა მხოლოდ როგორც რიგითი ქართველისათვის. ის და მისი ოჯახი პირადადაც ძვირფასი იყო ჩემთვის, ვინაიდან, მის მეუღლესთან, ქალბატონ სვეტლანასთან ვმეგობრობდი.
ჩემო სვეტლანა, მინდოდა, ტელეფონით გამომეხატა ჩემი დიდი გულისტკივილი და მწუხარება, მაგრამ ვერ შევძელი. ამიტომ გადავწყვიტე, საბერძნეთის ქართული ემიგრაციის გაზეთ ,,ელადას” საშუალებით მოგისამძიმრო.
თვალწინ მიდგას ჩვენი ბავშვობის ერთად გატარებული წლები. პირველი იყავი სკოლაში, შენი ნიჭით გამორჩეული, ყოველთვის მოწესრიგებული, მეამაყებოდა შენთან სიახლოვე… მერე სტუდენტობის წლები… უნივერსიტეტშიც სანაქებო იყავი, იცოდი ცოდნის ფასი, ამიტომაც შენი ცხოვრების თანამგზავრად ჭკვიანი, გულღია, საუკეთესო თვისებების მქონე შენი ,,გური” აირჩიე; შენი ახლობლების, მეგობრებისათვის მუდამ პატივისმცემელი ბრძანდებოდა ბატონი გურამ შარაძე, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი თავმდაბლობით, უშუალობით, გულითადობით. ამის დასტურად მახსენდება ჩემი ერთ-ერთი სტუმრობა თქვენს ოჯახში. გაგიხარდა, გამიმასპინძლდი, ბევრი ვისაუბრეთ. ჩემი წამოსვლის დრო რომ დადგა, ბატონი გურამი წამოდგა და მითხრა, მანქანით მიგიყვანთ სახლამდეო. ძალიან მომერიდა და როცა უარი შევკადრე, მითხრა: ,,რა მოსარიდებელია, თუკი შემიძლია, რატომ უნდა გაგიშვა მანდილოსანი მარტო ქუჩაშიო’’.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული, ბატონო გურამ, დიდო ადამიანო, დიდო მამულიშვილო…
ჩემო სვეტლანა, ექვსი წელია, საბერძნეთში ვცხოვრობ ემიგრაციაში და არც პრესის, არც ტელევიზიის საშუალებით არ გამიგია, რომ აქ, განსხვავებული აზრისათვის, ადამიანი მოეკლათ, პოლიტიკოსი იქნება ის თუ საზოგადო მოღვაწე. ყოველ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიციას თავისი ადგილი უკავია მმართველობით ხელისუფლებაში. ჩვენს ქვეყანას როდის ეღირსება დემოკრატია, კიდევ რამდენი ღირსეული მამულიშვილის მართალი სისხლი უნდა დაიღვაროს ნეტავ?..
ამ დიდი მწუხარების ჟამს მიგულე შენს გვერდით და გჯეროდეს, სამართალი ოდესმე მაინც გაიმარჯვებს, დამნაშავეს აუცილებლად მიეზღვება… დასანანია, რომ შენი ბუმბერაზი მეუღლის ნიჭი და შემართება უდროოდ ჩაქრა ავაზაკების ხელით და ნებით, დასანანია, რომ საქართველომ უდროოდ დაკარგა ერთგული და მოყვარული შვილი…
უფალმა გაძლება მოგანიჭოთ!

ანა ლომიძე, ათენი
,,ელადა’’, #14 (108), ივლისი, 2007

* * *
მამულიშვილის ხსოვნას…

ჩვიდმეტ ოქტომბერს სამოცდაშვიდი წლის შესრულდებოდა… არ დასცალდა; ქვეყნის მტრებმა, უმეცრებმა, ულმობელი სიკვდილით მოკლეს გურამ შარაძე. მოკლეს ისე, როგორც კლავდნენ ადრე და მომავალშიც მოკლავენ იმ ადამიანებს, ვინც ამ ქვეყნად მხილებისთვის არიან განგების მიერ მოვლენილნი, რომელთა გაჩერება სხვაგვარად ვერ ხერხდება. ეს ასეა, მაგრამ უბედურმა მკვლელებმა, ამ არაკაცებმა ვერაფრით ვერ გაიგეს, ვერც მომავალში გაიგებენ, როგორც ჩანს, რომ ფიზიკური მოსპობით არ ხდება ადამიანის მოკვლა; პირიქით, სწორედ მკვლელობის შემდეგ იწყება დიდი სიცოცხლე სახელისა და არავინ იცის, რომელი უფრო ქმედითია, საკუთრივ ცოცხალი ადამიანი რომ იბრძვის, თუ ის, რომ მისი სახელი, იდეად ქცეული, ცოცხლობს და იბრძვის, სხვებსაც აფხიზლებს, აიძულებს ზნეობრივად, ავალებს, არ შეეგუოს უსამართლობას და იბრძოლოს. რამდენი მაგალითი გვაქვს ამისა ჩვენს ისტორიაში, მაგრამ როგორც ჩანს, ისტორიის გაკვეთილი მართლა ისაა, რომ არ სწავლობენ ისტორიის გაკვეთილებს…
გურამმა ბევრ სასიხარულო დღესთან ერთად, უმწარესი დღეები ნახა, როცა შვილი მოუკლეს. ამის შემდეგ გურამი ორ ქვეყანას შორის აღმოჩნდა გაკიდული _ იქით შვილი ეზიდებოდა, მისი დიდი სიყვარული და აუწერელი ტკივილი, აქეთ მამული, ენა, სარწმუნოება, საყვარელი საქმეები, ოჯახი. გურამმა ასეთი გამოსავალი მოძებნა: მტანჯველ ტკივილს საპირწონედ დაუდო საქართველოს ჭეშმარიტი განთავისუფლებისათვის ბრძოლა, მეცნიერული შრომა, საყვარელი საქმის კეთება ძალების დაუზოგავად. სულ ჩქარობდა, უამრავ საქმეს ასწრებდა. გურამი იმას აკეთებდა, რასაც სხვა ვერ გააკეთებდა, რაც მხოლოდ მას ხელეწიფებოდა, რასაც მარტო კაბინეტებში, მუზეუმებსა და წიგნთსაცავებში შრომა არ ჰყოფნიდა. რასაც სჭირდებოდა შეუპოვრობა, რისკი, იქ შეღწევა, სადაც შესვლა არ იყო ადვილი, იმის მოპოვება, რასაც სხვები ვერ მოიპოვებდნენ. ეს მას კარგად გამოსდიოდა, ოღონდ რის ფასად, ეს მხოლოდ თვითონ იცოდა. მისი საქმეები თავად ღაღადებენ გურამის ღვაწლზე; მის მიერ დაბრუნებული ისტორიული მეხსიერება, მის მიერ მკვდრეთით აღმდგარი ქართული ემიგრაციის ისტორია, სოლიდური გამოკვლევები ძველ ქართულ მწერლობაში, ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიის მრავალტომეული; ორი დიდი ტომი ილია ჭავჭავაძეზე და ოთხი ტომი აკაკი წერეთელზე, მათ ცხოვრებაზე, ღვაწლზე და შემოქმედებაზე ენციკლოპედიური ხასიათისაა, აღჭურვილი ბრწყინვალე დოკუმენტური და ფოტომასალით. ორი დიდი მწერლის, ორ მოძღვართ მოძღვრის შესახებ ასეთი მდიდარი, ძალიან საინტერესო ვიზუალური მასალით აღჭურვილი წიგნები ფასდაუდებელი ღვაწლია, რომლის გაშინაარსება თანდათან მოხდება. გურამ შარაძემ ამ წიგნებით შესაძლებლობა მოგვცა ცხადად წარმოვიდგინოთ, პირდაპირ ხელი შევახოთ იმ ეპოქას, იმ გარემოს, გარე და შიდა სამყაროს, რომელშიაც ეს ორი დიდი მამულიშვილი ცხოვრობდა და იღვწოდა.
მაგრამ რა დასანანია… რამდენი წამოწყებული საქმე დარჩა გურამს აღუსრულებელი, რაც ჩვენი მწერლობისთვის, კულტურისთვის იქნებოდა ფასდაუდებელი, ენციკლოპედიური ხასიათის მატიანეები ვაჟა-ფშაველას, იაკობ გოგებაშვილის შესახებ, წიგნი ექვთიმე თაყაიშვილზე და ბევრი სხვა. გარდა წამოწყებული საქმეებისა, გურამს უამრავი ჩანაფიქრი ჰქონდა, რომლებსაც მომავალში განახორციელებდა. იგი ხომ შრომისა და ქვეყნის ნამდვილი თავისუფლებისათვის ბრძოლის ჟინით სავსე, პრაქტიკულად არ იღლებოდა. ყველგან, ყველა პირობებში ყველაფერს ასწრებდა.
დიდხანს დარჩება ცარიელი, შეუვსებელი მისი ადგილი… მაგრამ ერთი ნუგეში რჩება _ მის კვალზე დამდგარი მისი შვილები, მისი აღზრდილები და თანამებრძოლები, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მისი საქმე, მოვალენი არიან გურამის ხსოვნის წინაშე. ეგების ისე არ გამოვიდეს ყველაფერი, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული, უნდოდა მას, მაგრამ მაინც გამოვა ის, რაც ძალიან საჭიროა ჩვენთვის, ჩვენი კულტურისათვის, ის, რაც მის სახელს უკვდავყოფს.
თავად გურამი კი შენგრეული საფეთქლით და გასისხლიანებული შევერცხლილი თმებით მიუვიდა თავის შვილს, დიდ ზეციურ საქართველოს, დიდ მამა-პაპათ ,,ამოღებული ხანჯრითა”.

ლადო მინაშვილი
,,ლიტერატურული საქართველო’’, 19 ოქტომბერი, 2007

* * *
გურამ შარაძის ხსოვნას

გავიდა 2007 წელი. მანიფესტაციებით, მიტინგებით გაჯერებული და პრეზიდენტის არჩევნებით დაგვირგვინებული უმძიმესი წელი.
2007 წელმა იმითაც დაგვამახსოვრა თავი, რომ ამ წელს, 20 მაისს, შუა ქალაქში, ცენტრალურ პროსპეტქზე, დღისით, მზისით დახვრიტეს აკადემიკოსი გურამ შარაძე, დიდი მეცნიერი, მახვილი ყურით, ძებნის ინტუიციითა და პოვნის შინაგანი სიხარულით აღსავსე ბრწყინვალე მკვლევარი.
გურამის სიკვდილმა კიდევ ერთხელ დაგვცა თავზარი და ხაზი გაუსვა თითოეული ჩვენგანის დაუცველობის გრძნობას. გურამმა ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტმა გამოიჩინა თავი. მან მშვენიერი სიტყვა წარმოთქვა აკადემისოს კორნელი კეკელიძის დასაფლავების დღეს.
გურამი 26 წლის იყო მეცნიერებათა კანდიდატი, შემდეგ 35 წლისა – დოქტორი და მალე აკადემიის წევრ-კორესპონდენტიც გახდა. იგი განსაკუთრებული მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. მთელი დღე შეეძლო ბიბლიოთეკასა თუ არქივში ემუშავა, საღამოს კიდევ წიგნები შეექმნა. ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა. ყოველთვის იცოდა, თუ სად მოგეძებნა საჭირო წიგნი თუ ხელნაწერი. Gურამი კარგად გრძნობდა არქივის მტვრის რომანტიკას. მის მიერ მოკვლეულ და გამომზეურებელ მასალებს დიდი ღირებულება გააჩნიათ და მრავალმათგანი წყაროთმცოდნეობით ღირებულებას იძენს.
იგი გურიის უმშვენიერეს სოფლიდან, გურიანთიდან იყო. შესანიშნავი ძმები და და ჰყავდა (ყველაზე უმცროსი ძმა გურამზე ადრე გარდაიცვალა). ისინი გარეგნობითაც და აღზრდითაც გამოირჩეოდნენ. გურულებს, როგორც ცნობილია, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა და ლავირების უნარი გააჩნიათ. ის კი კახელივით პირდაპირი და პრინციპული იყო. ეს პრინციპულობა და, მე ვიტყოდი, შეუვალობა განსაკუთრებით ჩანდა, თუ საქმე მისი საყვარელი სამშობლოს ინტერესებს შეეხებოდა. თუ დარწმუნდებოდა, რომ მისი სიტყვა აუცილებელი იყო ქართველი ხალხის დასაცავად, უკან არ დაიხევდა, აუცილებლად იტყოდა თავის სათქმელს და არვის წყენას არ მოერიდებოდა.
მისი თავდადებული, თითქმის ,,კაცობრივი შესაძლებლობის ზღვარზე მისული’’ შრომა ანგარიშგასაწევი გამოკვლევებით გვირგვინდებოდა. მას მუდამ მხარში ედგა არაჩვეულებრივი მეუღლე. ისინი თანაკურსელები იყვნენ. მისი ცოლი კარგად აცნობიერებდა გურამის ფასს, იცოდა ვინ იყო თავისი ცხოვრების თანამგზავრი და ცდილობდა მისთვის წვრილმანი ოჯახური პრობლემები აეცილებინა.
გურამი ხშირად იყო მოსკოსა და პეტერბურგში, სადაც არაერთი ქართული ხელნაწერი ინახებოდა. ის ეცნობოდა იქ დაცულ ქართულ მასალებს და ცდილობდა ქართველი ხალხისთვის მიეწოდებინა ცნობები მათ შესახებ. შემდეგ გურამმა საზღვარგარეთს მიაშურა. იქაც ბევრი საინტერესო რამ მოიპოვა, სწორედ მას ანდეს ემიგრაციაში დაცული არქივები, წიგნები, ჟურნალები… მან თავის გარშემო შემოიკრიბა თავდადებული, ნიჭიერი ადამიანები და მალე დააარსა ქართული ემიგრაციის მუზეუმი. იქ საოცარი ატმოსფერო სუფევდა, რომელსაც საქმისადმი სიყვარული ერქვა. თანდათან ვრწმუნდები, რომ ცხოვრებაში მართალია არა ის, ვინც ყოველი ნაბიჯისას სიფრთხილეს იჩენს, არამედ ის, ვინს ამოსავალ წერტილად უმაღლეს კანონს _ სიყვარულის კანონს ღებულობს. ყველა დანარჩენი არაფერია სიყვარულთან მიმართებაში. მას კი უზომოდ უყვარდა თავისი ქვეყანა, თავისი ხალხი და ყველაფერი, სიცოცხლეც კი გასწირა მისთვის.
გურამმა დაგვიტოვა უამრავი წიგნი, გამოკვლევა. ყველაფრის ჩამოთვლა ამ პატარა წერილში გიორგი მთაწმინდელის სიტყვები რომ გავიმეოროთ, ,,კნინღა და შეუძლებელ არს’’.
პოლიტიკაშიც ქართველი ხალხის ინტერესებს იცავდა. მას ხშირად ემუქრებოდნენ. ორჯერ დაიჭირეს კიდეც. ვერც შვილის სიკვდილით გააჩუმეს. მთელი ღამე ტიროდა, დღისით კი ისევ შემართული მზად იყო საბრძოლველად.
იმ საბედისწერო დღეს გურამი საყვარელი ბიბლიოთეკეიდან ბრუნდებოდა. ჩვენი თაობა იქ გაიზარდა, იმ დიდებულ დარბაზებში, სადაც ჯერ კიდევ ცოცხლობდა დიდი ილიას სული.
პირველ საათზე ვისაუბრეთ, მერე წავიდა ბიბლიოთეკაში. საღამოს, როდესაც მისი ლამაზი ვერცხლისფერი თავი ასფალტზე დანარცხებული დავინახე ტელევიზორში, შოკში ჩავვარდი. ის ხომ განსაკუთრებული პეწით გამოირჩეოდა.
ახლა კი იწვა განგმირული, თითქოს ყველასგან მიტოვებული, რადგან მასთან არავის უშვებდნენ. ახლა იგი განისვენებს საყვარელი შვილის გვერდით. როცა მის საფლავზე მივდივარ, უნებურად დიდ გულისტკივილს ვგრძნობ და თავს ვეკითხები: რატომ? რისთვის? და მახსენდება დიდი კონსტანტინეს სიტყვები: ,,მიწა და ღმერთი ორივე სისხლს მოითხოვს ხალხის რჩეულთაგან და ამაშია ღრმა მისტერია ჩვენი აქ ყოფნისა’’.
მსუბუქი იყოს გურამისთვის მისი საყვარელი ქართული მიწა.

მანანა ასათიანი
,,მწერლის გაზეთი’’, 15-19 თებერვალი, 2008

 ***

მიძღვნილი ლექსები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s