მიძღვნილი ლექსები

 

ვუძღვნი აკადემიკოს გურამ შარაძის ნათელ ხსოვნას

(ერი გვიან მიხვდება თუ რა დანაკლისი განიცადა გურამ შარაძის სიკვდილით)

ეს მერამდენედ მოკლეს ილია,

უკვე რამდენჯერ მოგვტეხეს მხარი,

კაენის ცოდვა ქვეყნად ნავარდობს,

სამშობლოს მტრების დამდგარა დარი.

ღმერთთან კავშირი დარღვეულია,

ტყვია მიზანში მოხვედრილია,

ეს მერამდენე წიწამურია,

რამდენჯერ მოკლეს დიდი ილია.

მალხაზ ლომსაძე

***

გურამ შარაძეს

თქვენი ოთახის
კართან რომ ვდგავარ,
თქვენი მტკიცე ხმა,
ისევ რომ მესმის,
ასე მგონია თქვენი სიკვდილით
გულში დაიჭრა ხარი.
თქვენი ოთახის
კარს რომ შევაღებ
გეძებთ, გეძებთ და
მაინც ამაოდ…
თქვენთან რომ მოვალ
უბრალოს კითხვით
კარს შევაღებ და
მოვხურავ მძიმედ…

ირაკლი ზუკაკიშვილი


***

ფშავლის ნატირალი

გურამი რატომ მომიკალით,
ილიას წყლით დანამული,
რომელი გველია კმაყოფილი,
ქართულ ბუჩქებში განაბული!

არ დამიტოვე ვაის მეტი,
მკვლელო, სისხლიანი მოზეიმობ,
გურამი როგორ გაიმეტე,
ქვესკნელის წვენით მოზელილო!

ის კი მიუვათ ვალმოხდილი,
ხელნათელი და სულნათელი,
დედასამშობლოს მაჯისცემით,
გულის რენტგენულ სურათებით.

ჩვენ მისთვის ლოცვით დავიღლებით,
ვისაც ცამ სული მიუყვანა,
შენ კი იხოხე დამღით მკვლელის,
ვინც ქართულ მიწამ გიუარა.

(დიდი მოკრძალებით უნეტარესს,
ამგვარი დღისთვის ვაფრთხილებდი.)
ვაი, დედაშენის არამ ძუძუს,
საშოში რად არ გათხიერდი!

ჩაიწერა გოჩა ხარანაულმა
“ლიტერატურული საქართველო”, 25 მაისი, 2007

* * *

მას დაუნდობლად ესროლეს ტყვია

გურამ შარაძის ხსოვნას

რა დრო დაგვიდგა, ცივი და მკაცრი,
მამულში გლოვის ზრიალებს ზარი.
ერს კვლავ მოუკლეს ერთგული კაცი,
მისი ქომაგი და მტკიცე ფარი.

მას დაუნდობლად ესროლეს ტყვია,
დასცეს ქუჩაში, დასცეს შარაზე.
ნუთუ სიმართლე ასე უტყვია?
ხელს ვის უშლიდა გურამ შარაძე?!

დაგვიდგა ხანა ნერვთა ამშლელი,
ყოველ წამს ველით სიკვდილს ამაზრზენს.
პატიოსანი კაცის საშველი
როდის დადგება ამ ქვეყანაზე.

სანამდე ვღვაროთ უმანკო სისხლი
და რუდ ვადინოთ დაბლა ჩხრიალით,
“უგულო მუდამ მიზანში ისვრის,
არ უთრთის ხელი დამბაჩიანი”.

ღმერთო, შენ გინთებ ტაძარში სანთელს,
შენს ლოცვად მაღლა აღვაპყრობ ხელებს;
გთხოვ, დაუბრუნო გონება ქართველს
და დაუმოკლო ხელები მკვლელებს.

ტარიელ ხავთასი
“ლიტერატურული საქართველო”, 25 მაისი, 2007

***

მთლად საქართველო წიწამურია!..

გადაღლილ ქალაქს მოსდებია უცხო ალმური,
მთვლემარე ქუჩებს ბინდისფერი ნისლი აწყდება;
მელიქიშვილზე თამაშდება კვლავ წიწამური,
ილიას მკვლელი ახლაც არ ცხრება!..

მწარედ სისინებს გასროლილი ჩვენზე ისარი,
როგორც არასდროს, ისე ბასრი, ისე მზაკვრული,
ეს მერამდენედ, ერთ დროს ლაღი და საფიცარი,
ჯვარზე გაკრული კვნესის მამული…

“გულს შემუსვრილს და დამდაბლებულს” სევდა ებურვის,­­
სულს გაუტეხელს ამბოხი და ბრძოლა სწყურია;
დღეს საკუთარი შვილებისგან გამეტებული
მთლად საქართველო წიწამურია!..

გულო პირველი
“ასავალ-დასავალი”, 4-10 ივნისი, 2007

* * *
აკაკის ექსპრომტი

ბრუნავს ბედის ბორბალი,
სახეზეა შედეგიც…
შარაძე ხომ მოვკალით,
ვინ იქნება შემდეგი.

ვსვამ ამ კითხვას ყოველდღე…
აგებთ, ანგრევთ, აშენებთ,
სკვერებსა თუ მოედნებს
კუბოებით ამშვენებთ.

დიდმა ღმერთმა გვაშოროს
ამ ტყვიების ბარაქას,
საყვარელო სამშობლოვ,
ფურთხის ღირსიც არა ხარ…

ჯემალ ჩახავა
“ლიტერატურული საქართველო”, 8 ივნისი, 2007

* * *
კარგად იცოდე
გურამ შარაძის ხსოვნას

ერთხელაც სიზმრად ვნახე მესია,
ვარდებს ვუფენდი მე მის ნაკვალევს,
ვისაც გული აქვს, იმას ესვრიან
და ვისაც უყვარს, სწორედ მას ჰკლავენ.

სისხლისფერ სიზმრებს რად ვხედავ ამდენს
და კოლხი ასე რადა ჰგავს შუმერს?!
ვისაც უყვარდა გაგიჟებამდე,
მას მიაჭედეს ბერდენკა შუბლზე.

ვინ გაარჩიოს, მტყვანი, მართალი
და მაინც მიყვარს თავდავიწყებით,
მტერს რომ ჰგონია, უკვე გავთავდი,
იცოდე, სწორედ მაშინ ვიწყები.

გზას ბედისწერის გვერდს ვინ აუვლის
და ცა ბრწყინდება ოქროს არკებად,
დე, დაიხსომეთ, რომ სიყვარული
თვით სიკვდილშიაც არა, არ კვდება.

ისევ აყვავდა ხე თეთრი ნუშის,
ჰყვირის ირემი მთაზე ურითის,
ვიდრე ცოცხალვარ, ადგილი გულში
მარად მექნება სიყვარულისთვის.

შევფეთებივარ რა ცეცხლს და რა ქარს,
გადაცვარულა ცრემლებით ველი,
თუ შუბლი არ გაქვს,
თუ გული არ გაქვს,
მაშინ შენ ჯილდოდ არც ტყვია გელის.

რად მთრგუნავს ასე მე ბრბოთა როკვა?!
და დაბჩენილი უფსკრულის ხახა?!
კაენმა კვლავაც აბელი მოჰკლა
და კალიგულას კვლავ ვისმენ ხარხარს.

მასხარა ცირკის არენას უვლის
და შადრევნები იწყებენ ზიმზიმს,
დაჭრილ ჩიტივით ფართქალებს გული
და მე სავსე ვარ ბოღმით და ზიზღით.

წერტილი ესმის თვით ვარსკვლავთ ციმციმს
და გული იქცა დამჭკნარ ვარდებად,
მამულო ჩემო, შენ მაინც იცი,
რითაც იწყება, იმით თავდება.

ჯანო ჯანელიძე
“ლიტერატურული საქართველო”, 29 ივნისი, 2007

* * *
ერის სინდისს და სიამაყეს _ ბატონ გურამ შარაძეს!

ზეცამ შეიკრა მრისხანედ შუბლი,
ცხარე ცრემლებად ლამის იღვრება,
სულში ჩამძვრალმა ჭიამ გამოხრა
ქართველ-კაცობა და თავდადება.
ყალყზე შემდგარა თალხი ღრუბლები,
თავს რისხვა _ გრგვინვა დაგვტეხოს უნდა,
საკუთარ ტაძარს ბოძს რომ წაუქცევს,
არა ქართველი, სხვა ერქვას უნდა.
,,მცირე” კაცთაგან მიპარულ ტყვიის
ვარსკვლავებს იბნევს გულს გენიოსი,
უმადურ შვილთა უსამართლობას
სამართლის მოსავს ურცხვი სამოსი.
საჩინო კაცთა, ბრიყვთაგან ნაცემთ,
ბამბად ექცევა მშობელი მიწა,
სიკეთისასთვის დასჯილ არწივში
უკვდავებას და სიცოცხლეს სძინავს.

მაია დვალიშვილი
,,ელადა’’, ივლისი, 2007

* * *
სიმონ ხალხოსანი:

,,შორს ვეღარ წახვალთ, მიხეილ,
ელეონორას ვოკალით,
გურამ შარაძე კი არა,
თქვენ საქართველო მოკალით!’’

,,ორშაბათის ინტერვიუ პრეზიდენტთან’’
,,ასავალ-დასავალი’’, 6-12 აგვისტო, 2007

* * *

ვუძღვნი გურამ შარაძის ხსოვნას

წიწამურში რომ მოკლეს ილია
მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი

ასი წელია განვლილი მხოლოდ,
რაც წიწამურში გავარდა ტყვია.
ასი წელია განვლილი მხოლოდ,
როცა ქართველმა ქართველს ესროლა.
ასე ესროლა კიდევ ერთხელ ქართველმა ქართველს
და დაიღუპა კიდევ ერთი – მამულიშვილი.
ლექსს ლექსი მოსდევს, სიტყვას სიტყვა
და ტყვიას ტყვია,
ასე დაეცა კიდევ ერთი დიდი მედროშე.

ირაკლი ზუკაკიშვილი

27.05.2007

***
საქართველო გადარჩეს

ამ სისხლიან შარაზე,
შენ კაცი ხარ შარაძე.
საქართველოს მეგზურო,
საქართველოს ერთგულო!
ანთებულო სანთელო,
პარლამენტში ქართველო!!!
იქნებ ვინმეს ეწყინოს,
იქნებ ვინმეს ეტკინოს…
ჯიბრი არ მაქვს ვისმესი,
არც მშურს მათი ბიზნესი!
საქართველო მატირებს,
ზეიმი აქვთ ვამპირებს!
ვიღას ახსოვს ილია,
მომრავლდა რეპტილია!
არ გვჭირდება სათვალე,
საქართველო დათალეს!
აღარ ვიტყვი დანარჩენს, _
საქართველო გადარჩეს!

ბეგლარ ნოზაძე

2001 წ.

შეტანილია წიგნში: ბეგლარ ნოზაძე, შემოდგომა შემოსულა ადრე, თბ., 2007

***
სატირალი

(გურამ შარაძის სიკვდილის გამო)

შენ ვერ მოგიგდეს მუჭაში,
ძაღლივით მოგკლეს ქუჩაში!

წამოგაქციეს შვილმკვდარი,
საქართველოთი მდიდარი!

ამ ტკივილს რა გაამთელებს, _
ღმერთო, მოხედე ქართველებს!

ბეგლარ ნოზაძე

2007 წ.

შეტანილია წიგნში: ბეგლარ ნოზაძე, შემოდგომა შემოსულა ადრე, თბ., 2007

***

გურამ შარაძეს

მწერალსა და მოღვაწეს,
ვინ არ იცნობს შარაძეს?!
მის სახელს გაიგონებთ
ყველგან, შუკა – შარაზეც…
ვხედავთ ტელეეკრანით,
თან ვკითხულობთ გაზეთით, –
საქმე უკეთებია,
ისეთი და ასეთი…
მართლაც საქმეს აკეთებს,
საშურს და საარაკოს.
აბა, როგორ იქნება,
ავთანდილმაც არ აქოს?!
მან ემიგრანტ ქართველებს,
დიდი ძეგლი აუგო.
მტვერი ჩამოაშორა
საჭორო – სააუგო!..
ემიგრანტი მწერლების
გამოიცა წიგნები.
ეს რომ არ დავუმადლოთ, –
უმადურნი ვიქნებით!
ორი წიგნი მიუძღვნა
დიდ ილიას ცხოვრებას.
ისეთები, რომ ჩვენს ერს –
მუდამ ემახსოვრება!
სხვებზეც ბევრი დაწერა,
აქ ყველას ვერ ჩამოვთვლი.
ახალგაზრდა კაცია,
კვლავაც მრავალს ჩამოქნის…
მწერალსა და მეცნიერს,
მივესალმოთ შარაძეს.
ვისაც ყველგან აქებენ,
შინ თუ, შუკა-შარაზეც!!!

ავთანდილ მეგრელიშვილი

1993 წ.

***
გურამ შარაძეს

შენ, ნაღდი ერისკაცი ხარ,
ვამბობდი, ვამბობ ახლაც.
ვინც შენს სიდიდეს ვერ ხედავს, –
პატარა ნიჭი ახლავს!..
მებრძოლი სულის პატრონო,
გმირო, გულმოუღლელო.
არ შედრკეთ, გურამ ბატონო, –
კვლავ გაიტანეთ ლელო!..
შენთან ხომ მთელი ერია,
ვინც ერობდა და ერობს.
ის – ერის მუწუკი არის, –
შენ და შენფერს რომ მტერობს!..
ან ბრმაა, ან არაფერი –
არ უნდა დაინახოს.
როგორ დაეძებ სიმართლეს,
როგორ ითვისებ ახოს!..
შენ, ნაღდი ერისკაცი ხარ,
ვამბობდი, ვამბობ ახლაც.
ვინც შენს სიდიდეს ვერ `ამჩნევს~, –
პატარა ჭკუა ახლავს!..

ავთანდილ მეგრელიშვილი
ივლისი, 1999 წ.

გაზ. “პატარა ქართველი”, #2, 2005

***

გურამ შარაძეს

დიდი დავითის, დიდი ილიას,
დიდი ექვთიმეს – შთამომავალო.
მამულის ცაზე, ერის ნუგეშად,
ნაღდო ვარსკვლავო, ამომავალო!..

შენს თავგანწირვას – აფასებს ერი,
შენზეც ლოცულობს და შენზეც მღერის!
წინაპართ გზებით – დადიხართ გზნებით,
იმედით გვავსებ, შენც რწმენით გვავსებ.
მრავალს ვნატრულობთ, გურამ – შენს მსგავსებს!
შვილშეწირული, გულშეწირული –
მამულს მსახურობ, სულით გმირულით!
ხარ – მამულისთვის თავგანწირული!
ხარ – ენისათვის თავგანწირული!
ხარ – რწმენისათვის თავგანწირული!
ერის შვილი ხარ, გმირი ხარ ერის,
შენს სახელს – მარად სიცოცხლე ელის!!!

დიდი დავითის, დიდი ილიას,
დიდი ექვთიმეს … შთამომავალო.
მამულის ცაზე, ერის იმედად –
ნაღდო ვარსკვლავო, ამომავალო!!!

ავთანდილ მეგრელიშვილი

2005 წ.

***

“ზღვა კოვზით დაილიაო!”

ვუძღვნი აკადემიკოს გურამ შარაძის,
სანდრო გირგვლიანის და სამი წლის
მანძილზე ყველა მოკლულის ნათელ ხსოვნას

როგორც ბეღურას, ტოროლას…
გვხოცავენ თითო-ოროლას!!!
გვხოცავენ დღისით, ღამითა,
სიამოვნებენ ამითაც…
სასიამოვნო ბევრი აქვთ,
სმა-ჭამა, ჩაცმა, ფულები…
მაინც არა და არ გაძღა –
ამათი ხარბი გულები!
ვინც პირში უთხრა სიმართლე –
დასაჯეს ისე სასტიკად.
გურამის მკვლელებს, მკლავებზე –
უნდა ეკეთოთ სვასტიკა!!!
აღარ ინდობენ არავის –
არც მხცოვანს, არც ახალგაზრდას.
აღარ აცლიან ერისთვის –
სამსახურს, შრომას და გაზრდას!!!
გულში ამბობენ: – აღარ გვსურს –
დავითი და ილიაო,
მწამს, სათითაოდ მოგვსპობენ –
“ზღვა კოვზით დაილიაო”!!!
როგორც ბეღურას, ტოროლას –
გვხოცავენ თითო-ოროლას!
ჭკვიანს, არ გაუჭირდება –
ჭეშმარიტების მიგნება.
წითელ წიგნში შესატანი –
მალე, ქართველი იქნება!!!

ავთანდილ მეგრელიშვილი

25 მაისი, 2007 წ.

***

ბატონი გურამ შარაძის ნათელ ხსოვნას

მტრების მიერ დაისრული –
დადიოდი გმირის სულით.
უშიშარმა, ვით უხორცომ –
მთელი ერი გააოცე.
გურამ, შენი მიმდევრები –
გააათე, გააოცე…
ერმა – აქ გაგაუკვდავა,
ღმერთმა – მანდ ცხონება მოგცეს!!!

ავთანდილ მეგრელიშვილი

2009 წ.

***
გურამ შარაძის ხსოვნას

ენა, მამული, სარწმუნოება,
ეს იყო მისი სულის ნათელი,
არ აპატიეს ერის-კაცობა.
ჩვენთვის იწვოდა, როგორც სანთელი.

ვინც წიწამურში მოკლა ილია,
თავს დაგვატეხა ქარ-ცეცხლი რისხვის.
დღესაც იგივე გაიმეორა.
თუ შევარჩინეთ, ის ხვალაც ისვრის.

მოღალატესგან მძიმე დაკვეთა,
ქილერის ხელით შესრულებული,
ეს გულგრილობის არის შედეგი,
რის გამოცა ვართ შეძრწუნებული.

ამიტომ ხალხნო, ჭირშიც და ლხინშიც,
მოყვასი გვერდში ამოვიყენოთ,
მტრის წინააღმდეგ გავერთიანდეთ,
ყოველი ღონე გამოვიყენოთ.

როცა გესვრიან, შენ რაღა გრჩება,
უნდა ესროლო ზუსტად მიზანში,
რომ აწყევლინო გაჩენა თვისი,
ვერ გაარჩიოს, ცხადი სიზმარში.

გურამ შარაძის უკვდავ სახელით,
მწამს, საქართველო ფეხზე დადგება,
უსამართლობას დავასამარებთ,
და სამართალიც ჩვენი აღდგება.

გ. გავაშელი

21.05.2007

***
მამულისთვის თავგანწირული

ეძღვნება გ. შარაძის ნათელ ხსოვნას

მამულისთვის თავგანწირულო
თავი ქილერს შეაკალი,
შენთვის უკვე დაიხურა
სააქაოს ყველა კარი.

მაგრამ ღმერთი არ გაგწირავს
სასუფეველს დაგიმკვიდრებს,
დიდ ქართველად დარჩი მარად
უკვდავება დაიმკვიდრე.

ილიას გზას მიიკვლევდი
კრიტიკოსი, მეცნიერი,
დროა ყველამ გავიხსენოთ
მისი `ბედნიერი ერი~.

“მტერს გარეთ ვერ მოვერივეთ
შინ კი გავხდით კვლავ ძლიერნი”
ვანდალურად დავანგრიეთ
ეკლესია – მონასტერი.

საქართველოს დაანახე
ემიგრანტთა დიდი სული,
საფრანგეთში გადახვეწილ
ქართველ – ლევილელთ მამული.

მატიანე შეგვინახავს
შენს არქივებს არნახულებს,
პატრიოტიზმს გაუღვივებს
შთამომავალ ქართველთ გულებს.

თინათინ ქერაშვილი

თბილისი, 25.05.2007

***

ჯალათის ხელი

ვუძღვნი გ. შარაძის ნათელ ხსოვნას

რა უსამართლოდ აწყობილა ჩვენი ცხოვრება
თავად თემიდა ამა ქვეყნის უსამართლოა,
ალბათ ერს მწარედ და ხანგრძლივად ემახსოვრება
თუ როგორ ჩაკლეს მისი ნიჭი, მისი გონება.

რა დააშავა ქვეყნის ბედით გამწარებულმა?
ციხის საკანი სინდისისთვის მეტად უცხოა,
და თვით სატანამ გაცეცხლებულ-გაავებულმა
ბნელ ჯურღმულებში გამოკეტა და იუცხოვა.

თუმც ჰპირდებოდნენ ოქროს, ფულებს და სრა სასახლეს,
პატრიოტული სული მასში, რომ ვერ დაჩაგრეს
იგი ყოველ-წუთს მოელოდა მძიმე განსაცდელს
ჯალათის ხელი ამუშავდა, ტყვია ახალეს.

განა რა არის ეს ცხოვრება ბეწვის ხიდია,
უგვანოთ ქვეყნის ბედ-იღბალი ფეხზე ჰკიდიათ,
თვით სამშობლოს და მიწა-წყალს რომ ფულზე ჰყიდიან,
სკამი იმ ქვეყნად არ მიჰყვებათ, ცოდვით მიდიან.

გურამის სული უკვდავია და ჩვენში ცოცხლობს
მისი ღვაწლი კი საქართველოს ძლიერ წაადგა,
წიგნმა “აკაკის სიკვდილი და დასაფლავება”
გმირს სამუდამოდ შარავანდი თავზე დაადგა.

თინათინ ქერაშვილი

ქ. თბილისი, 30.06.2007

***

ერის საუნჯის, განძის ატლანტს,
გურამ შარაძეს

ავახ, მადლობდი, ერის მხსნელად გადაქცეული,
ბურჯი მედგარი, უმადურთგან განზე გამდგარი,
თავკერძობის ჟამს მოგეპარა მტერი მალული,
ურცხვად კაეშნობს რენეგატი შემოპარული.

ერის სიყვარულს არ გპატიობს მონსტრი წყეული,
მუხანათობით, შურით, გესლით გადარეული,
მასონ-სიონისტ გნომობაში წარმოებული.
ქვეყნის ღალატზე მორგებული თახსირეული.

ჩირაღდნად გენთო ილიას და ექვთიმეს ღვაწლი,
ერის განძს ედექ ატლანტივით, არწივ-ქორივით,
ქართველთ საუნჯეს დაეძებდი გაღმა-გამოღმეთს,
ტყვია გესროლეს, სხვანაირად რომ ვერ ჩაგაქვრეს.

განკითხვის დღენი მოუვლინე უფალო მავანთ!
ცრუს მღაღადებელთ, რწმენის მბღალავთ თახსირთა ნამრავლს!
არმაგედონი, ბაბილონი მოანატრე უზნეო მტარვალთ!
ერის ღალატზე აცრილ-აჭრილ უგნურად მავალთ!

უშგო ქედელი

***

გურამ შარაძეს

საქართველოსთვის მძიმე წუთებში
ძალიან ბევრმა მოგიგონა,
ბატონო გურამ,
ვერ გაუძლებდა თქვენი გული
უგვანო სურათს,
ბარბაროსებმა წაუკიდეს ცეცხლი
გორსა და სურამს,
ბევრი დახვრიტეს, ბევრიც დაწვეს
გვებადა თუ რამ.
საქართველოში მტრის ურდოს თარეშს,
ბატონო გურამ,
რომ ვერ ხედავთ,
მადლობა უფალს!

მამუკა ცუხიშვილი

2008 წლის 21 აგვისტო

***

ექო წიწამურისა

გურამ შარაძის ხსოვნას

რა ღრუბლებია საქართველოს
ცაზე აშლილი,
ნუთუ წარღვნისთვის ემზადება
ისევ დროება,
ისვრის სამ ტყვიას ნაშიერი
ბერბიჭაშვილის
და ერთად მიკლავს: ენას, მამულს,
სარწმუნოებას!

ო, საქართველოვ, სისხლო ჩემო,
სიტყვავ და გენო,
როდემდე უნდა ითმინო და
იგულუბრყვილო;
როდემდე უნდა სხვას ეფერო
და თავი გვემო,
შვილებისათვის ბევრჯერ მწარევ,
მტრებისთვის ტკბილო…

ისევ გადმოაქვს ხმათა ექო
ხევიდან ხევებს,
საუკუნის წინ რომ გამოსცა
ჯალათის ტყვიამ,
შადიმანები დღესაც უფლის
წმინდა კვართს ხევენ
და სისხლიანი მოსასხამი
ფრიალით მიაქვთ!

შოთა ტოგონიძე
23.05.2007

***

ეძღვნება ბატონ გურამ შარაძის ხსოვნას

ხმა ჩაიწყვიტეთ ყორნებო,
სათქვენო ლეში სად არი!
წავლენ და ისევ მოვლენო
ვაჟები გმირთა სადარი.

ცა მოიღრუბლა სატირლად,
მთებიც მგლოვარედ დუმან…
ვინ დაივიწყებს ადვილად
ილიას, ზვიადს, გურამს?

ტრიბუნებიდან ამაყობთ,
ხალხს ნაცარს აყრით თვალში.
ერთმანეთს აქებთ ამაოდ,
ერს რას უტოვებთ ვალში?

ნინო მარსაგიშვილი

***

ქრონიკა – 2007

პირიმზე ჭკნება და აღარ მჯერა,
რომ ივრის ჭალებს მწვანე აცვია…
ქსნის ხეობისკენ დაეშვა ძერა
და ნოსტეს ლაჟვარდს ზურგი აქცია.

გაუბატონდნენ კანონს მდიდრები,
მაისის დილა სიძულვილს ქარგავს
და ისევ წუხან ქართლის მინდვრები
მტკვართან დაჭრილი ხოხბის დაკარგვას!

ქვეყან ისევ დასეტყვილია,
ჩასაფრებულა მტერი შარაზე…
დღეს წიწამურთან მოკლეს ილია,
რომ ხვალ მოეკლათ გურამ შარაძე.

ქუჩაში ისმის დედის ქვითინი,
გამონასკვულან ყულფად ბაწრები
და დენთიანი, როგორც ფითილი,
ჩემი სამშობლოს კართან დავწვები!

მადლობა უფალს, მაინც გადავრჩი, –
კვლავ გაზაფხულით თვრება მთა-ბარი
და წყნეთის გზაზე, წმინდა ტაძარში,
ქრისტეს მრევლს ლოცავს დედა თამარი!

ლევან ფანჩვიძე

“ასავალ-დასავალი”, 7-10 ივნისი, 2007

***

ბატონ გურამ შარაძეს

რატომ გაგწირეს მამულიშვილი,
რატომ შეგახეს ბინძური ხელი,
თქვენებრ ჭკვიანი, განათლებული
ხომ ჭირდებოდა დატანჯულ მამულს.

ილია ალბად როგორ შეშფოთდა –
თქვენი მკვლელობა მის სულს რომ მიწვდა,
“ენა, მამული, სარწმუნოება”,
მისი სიტყვები გულით დაგქონდათ.

აკაკი, ალბათ როგორ განიცდის
მის მოამაგის მკვლელობის ამბავს,
ჩვენ? შეშფოთებით გემშვიდობებით:
– ასე რომ გვიკლან ერისკაცები
ან გადახვეწონ სხვა ქვეყანაში
რანი ვიქნებით ჩვენ ქართველები.

ბატონო გურამ! მოგვიწოდებდით:
სულ “ძილი-ძილი” – ჩვენ არას გვარგებს,
უსამართლობას უმკლავდებოდით,
გონიერების, სულიერების
დამკარგავ ქართველთ ხომ აფხიზლებდით.

რატომ გაგწირეს მამულიშვილი?
რატომ გესროლეს ტყვია უჩუმრად?
თქვენებრ თამამად, უშიშრად სათქმელს
ახლა ვინ გვეტყვის, ჩვენდა იმედად!

მედეა ჯაფარიძე

***

ბატონო გურამ!

შენი ერის და ბედკრული
ქვეყნის დიდო ტკივილო,
ბატონო გურამ!
ენას, მამულს და სარწმუნოებას
შეწირული ხარ,
როგორც ზვარაკი.
სადაც უჭირდა შენს ერს,
შენს მამულს
მუდამ იქ იყავ,
შენი სამშობლოს სახატეში
იწვოდი და იღვენთებოდი
როგორც სანთელი.
საქართველოზე, ქართველ ერისთვის
დამაშვრალო და ჩაფერფლილო
ბატონო გურამ!
ემახსოვრება ჭეშმარიტ
ქართველთ, შენი ღვაწლი და
თავდადება.
მარადჟამს, მუდამ!
მართლმადიდებელ სარწმუნოების
იყავ დამცველი და
ბურჯი მტკიცე,
არ გაპატიეს მოციქულებმა
ანტიქრისტესი
სიყვარული მამულისა,
ჭეშმარიტ რწმენის,
არ გაპატიეს თქმა
მართალ სიტყვის,
დიდი ტკივილი არ გაკმარეს
საყვარელ შვილის.
გაგიმეტეს და
გესროლეს ტყვია
და გაგიციეს გული
მთრთოლვარე.
არ დაგაცადეს
სამშობლოს მტრებმა,
რომ შენი ერის საკეთილდღეოდ
დამაშვრალიყავ, დაცლილიყავ
ბოლომდე მაინც,
შენ ღირსეული შვილი იყავ
შენი ქვეყნისა
ბატონო გურამ!
ღმერთმა ნათელი დაგიმკვიდროს
მართალთა შორის,
და იმ ქვეყნიდან, მარადიულ
საქართველოდან
გელოცოს შენი მამულისთვის
აწ და მარადის, აწ და
მარადის.

ლილი გოგებაშვილი

24 მაისი, 2007

***

ბ-ნ გურამ შარაძეს

ვის ეშინოდა გურამ შარაძის,
ვის ეშინოდა მართლის;
როგორც ილია, ისე შენ მოგკლეს
და შენც დარჩები ხალხში.

შენს ენას, მამულს, სარწმუნოებას
კვლავაც დაიცავს ღმერთი;
ღმერთ-კაცი, ღმერთმა გაკურთხოს,
ნათელში იყავ შენც იქ!…

შენი ნიჭის და შემართების დამფასებელი
უბრალო მოქალაქე ლეილა

***

გურამ შარაძეს!

უბედურების დაგვეცა მეხი,
საბედისწეროდ გავარდა ტყვია,
უკეთურებას, რომელიც მოხდა,
მამულიშვილის მკვლელობა ჰქვია.

მოკლეს ქართველი და ერისკაცი,
მე ვჭვრეტ სატანას პირდაპირ ჩართულს,
უბოროტესმა მტრებმა ესროლეს
ღირებულებებს, პრინციპებს ქართულს.

დედაქალაქში დაინთხა სისხლი,
ხელყვეს ქართული სული და სიტყვა,
მიმდინარეობს დაცემა ერის,
რაზეც ბევრისგან მრავალგზის ითქვა.

სიმართლეს ხშირად ვამბობთ და მაინც
ქართლში ბოროტობს ავი მმართველი
ანტიქართული სიტყვით და საქმით,
ერს ჰყავს მოკლული დიდი ქართველი.

ტკივილი სერავს გულს, ბოღმა მახრჩობს
უსამართლობის და უძლურების,
ერს რომ არ ძალუძს სისხლის აღება,
რომ არ ვინძრევით და რომ ვდუმდებით.

ასი წლის წინათ მოკლეს ილია,
შემდეგ მერაბიც, ზვიადიც მოკლეს,
ქართველმა შური ჯერ ვერ იძია,
მუხანათურად გურამიც მოკლეს.

მამულიშვილი და ერისკაცი,
დაუცხრომელი სიტყვის მხედარი,
სავსე სიმართლით და სიყვარულით,
უშიშარი და სულით მედგარი.

თავისუფლების მადიდებელი
მარად მივეტრფი ფრთებგაშლილ არწივს,
ერზე უსაზღვროდ შეყვარებული
ხმარობდა სიტყვას, ვითარცა მახვილს.

საქართველოსთვის თავდადებული
ის სწევდა ქართულ დროშას და ალამს,
მოჰქონდა დიდი სულისკვეთება
მის წიგნებს, აზრებს, სიტყვას და კალამს.

უსუსურება მთრგუნავს და დარდი
გამოუთქმელი სულში მედება,
ნუთუ ერს ცეცხლი სამართლიანი
შურისძიების არ მოედება?

ნუთუ ვერ გავცემთ ღირსეულ პასუხს
მტერს ვერაგს, მზაკვარს, მუხანათს, თახსირს,
დავემსგავსებით ერი ქართველი
მონათა მოდგმას, ლაჩრობით გახრწნილს?

ნუთუ ქართველი თავს ახლაც დახრის
და ეს მკვლელობაც ისე ჩაივლის,
დაუსჯელად და ქარგრიგალების
ქროლვის გარეშე ჟამი გაივლის.

მაშ რისთვის გვინდა სიცოცხლე ქვეყნად,
მაშ ქართველობას რისთვის ვიჩემებთ,
თუ საქართველოს, ნადავლად ქცეულს,
როგორც სამშობლოს, ვერ დავიჩემებთ.

ავბოროტება თუ არ დავამხეთ
და ვერ ავლაგმეთ ფლიდი მმართველი,
თუ საქართველოს ბატონ-პატრონი
ისევ არ გახდა ერი ქართველი.

არ აღვასრულეთ როგორც ანდერძი
ის, რაც ჩვენ დიდ, გმირ წინაპრებს უთქვამთ,
როგორ ვახსენებთ ვახტანგს და დავითს,
ილიას, მერაბს, ზვიადს და გურამს?

თუ ქართველობა ისევ არ იქცა
ფაფარაწეწილ მოდგმად ლომების,
უსამართლობას თუ არ შემუსრავს
გრიგალქარები საღმრთო ომების.

ბედმა მარგუნა მე დატირება
დიდთა ქართველთა, დაცემულ ძმათა,
მით არ ვემხობი სულით და ველი
ახმოვანებას ცეცხლოვან ხმალთა.

მე ბოღმა მახრჩობს ძმის მოკვლის გამო,
დარდი მფარავს და მე ვეძებ სიტყვებს,
გამოუცნობი მომავლის ნისლში
სულისკვეთების ხმლით სავალს ვიგნებ.

ირაკლი წერეთელი

22 მაისი 2007 წლისა ქრისტეშობიდან

***

წუხელ დამესიზმრეთ
ფეხით მოდიოდით,
მელიქიშვილზე მარტო,
მტირალს გამეღვიძა,
უფალს შეგავედრეთ
თქვენთან შეხვედრას ვნატრობ.

მამუკა ცუხიშვილი
თბილისი, 18 ივნისი, 2008

* * *
გურამ შარაძეს

უცბად დაიქუხა
გავარდა ცაზე,
ვარსკვლავი ჩამოვარდა დაბლა,
მზეც აღარ ანათებს,
ჩამქრალა მთვარეც,
ცას დასცემია დამბლა!

მერე ქუჩაში
დავარდნილ ვარსკვლავს,
ცრემლი დასდენია თვალზე,
სისხლის ნაკვალევი
ღარად დასტყობია,
თეთრად დათოვლილ თავზე!

მამუკა ცუხიშვილი
ივნისი, 2008

* * *

სისხლი მჩქეფარე
გული მდუღარე
არ დაივიწყებს
გურამს ეს ერი
ერი ქართველი
ერი უკვდავი.
თქვენი არ ყოფნით
აქ გაჩნდა ბზარი
ბზარი რომელმაც
ზეცა გახაზა…
სისხლი გაჩერდა
გული გაცივდა,
მაგრამ არ რჩება
დიდი ლეგენდა,
ლეგენდა ერზე
და დიდ გურამზე.

ირაკლი ზუკაკიშვილი
11 მაისი, 2008

***

ერის უკვდავი შვილი ხარ!

მეოცე საუკუნეში
ერს მოევლინე ღმერთადა
გენეტიკურად შენს მკერდში
წმინდანის გული ფეთქავდა.

მსოფლიო შემოიარე,
მამულს ძეგლები დაუდგი,
ერს საგანძური შემატე
ქართველს სახელი გაუთქვი.

მამულის ანგარებისთვის
დაგსაჯეს, გული გატკინეს.
ილიას აჩრდილს ესროლეს
წიწამურს სისხლი ადინეს.

პირმშო მოგიკლეს სიყრმისა
ბინძური კვალი დატოვეს,
კარგი რომ გამოგვერიე,
ვერ აიტანეს დაგკორტნეს.

გაუსაძლისსა გაუძელ,
ამაღლდი, კი არ დაეცი.
სამასი ათას თურქ მესხზე
ყველას პასუხი გაეცი.

მამულის ცეცხლში იწვოდი,
ბნელში ჩირაღდანს ანთებდი
შურით და ბოღმით აღვსილნი,
არ გასვენებდნენ აფთრები.

მამული, სარწმუნოება,
ფეხქვეშ გათელეს, დაცინეს,
მელიქიშვილის გამზირზე
ერის სიწმინდე დაცხრილეს.

მეორედ მოკლეს ილია,
გურამ შარაძეს ესროლეს
ვინ დაუკვეთა სიკვდილი
ბერბიჭაშვილს და ბარათელს.

სამშობლოს თავდადებულის,
მტრის ხელით სისხლი დაიქცა.
ვაი, რომ საქართველოში
საყრდენი ბოძი წაიქცა.

მუხანათურად გესროლეს,
გულს ვერაფერი დააკლეს
ისედაც გაღვივებული
ხალხში ხანძარი დაანთეს.

ერის უკვდავი შვილი ხარ
ღვთისმშობლის მიწას დარაჯობ
საქართველო და ქართველი
შენი სახელით ამაყობს.

ცრემლით წარმოვთქვამთ შენს სახელს
თავს დავხრით, ჩვენ შენს წინაშე
სამშობლო კერპად გაგიხდის
მოსისხლე მტრების ჯინაზე.

დღევანდელ საქართველოში
გამოჩენილო მოღვაწევ,
ილია ჭავჭავაძისა
ფრიადოსანო მოწაფევ.

სამშობლოს ერთგულო შვილო,
აღმშენებელო ქვეყნისა
ილიასავით ჯვარცმულო
და სიამაყევ ერისა.

ზეციურ საქართველოში
ლაშასთან ერთად ილოცებ,
ვიდრე იდინებს არაგვი,
ვიდრე მზე ამოდიოდეს.

რა ვალმოხდილმა იარე,
მამულის გზებზე, შარაზე,
სალოცავ ხატად იქეცი,
ბატონო გურამ შარაძე!

ოლღა ჭოხონელიძე
23 მაისი, 2007

***

სალმობა

გურამ შარაძის ვერაგული მკვლელობის გამო

გლოვა-წუხილის ჟღარუნობს ზარი
მამათა, ყრმათა გულდასაწვავად,
ქვეყანავ ჩემო! დამწყდარა ქნარი,
ხარ უკურნებელ სალმობით ავად.

ვარდობისთვეა, ბექობი, ველი
ათასფერებით ფეთქავს და ღვივის,
სადღაც შამბნარში სისინებს გველი,
მავანთა სულშიც ჩამქრალა სხივი.

სწავლული მიდის ქუჩაში მარტო,
თანმხლები არ ჰყავს არავინ გვერდით,
ხმა ბათქაბუთქის გარემოს აკრთობს,
ჰაერსაც წამლავს ხელახლა დენთი;

ერისთვის მაშვრალ ერისკაცს დღისით,
ტყვიების ღვარით უწყალოდ კლავენ,
შეიღებება ტომები სისხლით,
მოწოლილ ღრუბელს ვით გაუმკლავდე!

სარეველასებრ ეზრდება დღემდე
მადლიან მიწას მტრობა და შური,
ასი წლის შემდეგ, ასი წლის შემდეგ
დაბრუნებულა კვლავ წიწამური!

დაგვაკლდა იგი, ვინც ენთო სანთლად,
შავს სცნობენ თეთრად, ხოლო თეთრს შავად,
ქვეყანავ ჩემო! მართლა და მართლა
ხარ უსაშველო სალმობით ავად.

ვახტანგ გოგიჩაიშვილი
მაისი, 2007 წ.

***

1907-ის აჩრდილი საქართველოში

გურამ შარაძის ხსოვნას

ადრე ერისკაცს თუ გაწირავდნენ
“კაგებეს” ხელით მაინც მალავდნენ.
ასი წლის წინათ მოკლეს ილია,
ასი წლის შემდეგ – გურამ შარაძე.

დასეტყვილია კავკასიონი,
დანისლულია მთიდან ბარამდე,
რატომ მოკალით დიდი ილია,
ან რას ერჩოდით გურამ შარაძეს?

გაცრეცილია თამარის დროშა,
დაჟანგულია დავითის ხმალი;
ილიას შემდეგ, გურამის შემდეგ
ვის, ვის ესროდით,
მითხარით მაინც?

არ დაიჩოქებს ჯერ საქართველო,
ქართველთ ღვთისმშობლის
კალთა გვფარავდეს,
ერთი შევხედავთ ვით იბოგინებთ,
რით იბოგინებთ, ანდა სანამდე?

ალექსანდრე ასათიანი

“ლეჩხუმის მაცნე”, ივლისი, 2007

***

გურამ შარაძეს

(კეთილი კაცი, რომელიც
გუშინ ქუჩაში მოკლეს)

ერთი კაცის სიკვდილი
თითქოს “არაფერია”
მაგრამ ასე დაღუპვა
ბევრი ავის მთქმელია…

ღირსეულად ატარე
სამოცდაშვიდი წელი,
ბნელს ნათელი მოფინე
მუდამ რომ იყო მწველი.

მამულისთვის იბრძოდი
გიყვარდა საღი ენა,
მტკიცე გქონდა ყოველთვის
შენი უდრეკი რწმენა…

შემაშფოთა ძალიან
სატანურმა ღვედებმა,
დაწყევლილი ეშმაკის
ავკაცურმა ქმედებამ…

ვერვინ მოკლავს შენს წიგნებს,
შენს მამულს და შენს ენას,
შენმა ღვაწლმა სამშობლო
უთუოდ დაამშვენა.

სულ ბრძოლაში იყავი
სადაც ბედმა გატარა,
საქმიანმა სურვილმა
ქვეყნები მოგატარა…

საწუთროში შენი გზა
ვაჟკაცურად გალიე.
საწყენია ძალიან
სული ადრე დალიე…

სულ ნათელში იქნები,
რაც რომ დაიმსახურე,
ხალხიც არ დაგივიწყებს
ნათლად რომ იმსახურე.

შალვა მუმლაძე

21 მაისი, 2007

***

ბატონ გურამ შარაძე – სიკვდილის შემდეგ

-ულადს, ალალს, მკვლევარს,
-კვდავება გელით…
-წმენით ქრისტიანსა
-მად გებრძვით მტერი…
-ეხოტბესა ქვეყნის,
ვაი, რომ ვერა გშველით…
-ეეწირეთ ვერაგთ,
პატრიოტი, ქველი…
-ლამდარის მოკვლა?!
-ად არ არის ძნელი?
-რ არის საშველი,
არ არის საშველი…
-ალადობის მსხვერპლსა,
-რთგულს გტირის ერი,
-აქართველო გლოვობს,
გლოვობს ცხარე ცრემლით!
მთელი ჩვენი ერი!

ელენე დვალიშვილი

20 მაისი, 2007

***

საქართველოს მოამაგეს, პატრიოტს, მეცნიერს,
მკვლევარს, აკადემიკოსს
ბატონ გურამ შარაძეს უკანასკნელი სახსოვარი

-აიწირა გენია!
-ანგარო, ბრძენი…
-წმენა ქრისტეს მცნებისა,
-ღზევდება ერი…
-კვლელი არის ვერაგი,
შხამიანი, გველი…
-ეეწირე სამშობლოს
-რამზადის ხელით…
-წმენას არ უღალატე,
-ლამდარო ერის…
-რწოდეს უნდა მტერი,
ძრწოდეს უნდა მტერი…
-მსხვერპლე ბოროტებას,
-აქართველოს მცველი!

საუკუნის წლისთავზე,
ისევ აღსდგა ერი,
მშვიდად სახლში მიმავალს
თავს დაგესხნენ მტერნი,
მტერნი ამაზრზენნი…
დიდი ილიას დარად,
ერს გამოგვჭრეს ყელი…
ვგლოვობთ მთელი ერი!!!

ელენე დვალიშვილი

20 მაისი, 2007

7 Responses to მიძღვნილი ლექსები

  1. mari says:

    ძალიან კარგი ლექსებია.

  2. Gemma Arzu says:

    Most of the times blogs are the same but i think you can add some value. Bravo !

  3. Dyke says:

    მადლობთ საინტერესო მასალისთვის.

  4. If you could e mail me with a few hints on how you made your website look this good, I would be thankful.

  5. WPolsceMa says:

    Thanks for the information. It makes things obvious

  6. Andrew Pelt says:

    Hello there, You have done an incredible job. I will definitely digg it and personally recommend to my friends.

  7. Allegro says:

    WONDERFUL Post.thanks for share..more wait .. …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s