რამდენს იხდიდა მეგის ქარდავა გურამ შარაძის მკვლელობაში?

1488183_589659657774176_828500568_n[1]სკანდალური საქმის დეტალები

• რატომ მიეჯაჭვა ლოგინს მკვლელობის საქმის „ოქროს მოწმე“?
• რა პირობებში გარდაიცვალა მკვლელობის ერთ-ერთი სავარაუდო შემსრულებელი?

• რა კავშირშია ამ საქმესთან გოგა ხაინდრავა?

• პირველად „პრაიმტაიმში“ – შვეიცარიის ყოფილი კონსულის ინტერვიუ

ნაციონალური ხელისუფლების დროს მომხდარ უამრავ უმძიმეს დანაშაულთა შორის ეს საქმე ერთ-ერთი გამორჩეულია. გამორჩეულია თუნდაც იმით, რომ დღეს პროკურატურას პრაქტიკულად მზამზარეული ახლად აღმოჩენილი გარემოებები აქვს, მაგრამ მის ხელახლა გამოძიებაზე რატომღაც მაინც იკავებენ თავს.
როგორც “პრაიმტაიმმა“ გაარკვია, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ზოგიერთი სიახლე ერთგვარად მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის დამსახურებაც ყოფილა, თუმცა მისი ბოლომდე მიყვანა ვერ დასცალდა.
მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი ყველა ვერსიას, რაც აქამდე ვრცელდებოდა ამ საქმის ირგვლივ, შევაჯამოთ ის ახალი მტკიცებულებები, რაც გურამ შარაძის ოჯახმა საკუთარი ძალისხმევით მიართვა გამოძიებას, გავეცნოთ ახალი მოწმეების ჩვენებებს, მათ შორის ისეთისაც, რომელიც პირველად „პრაიმტაიმში“ ისაუბრებს და დასკვნების გამოტანაც სრულიად მარტივი გახდება ჩვენი მკითხველისთვის.

მაშ ასე:
2007 წლის 20 მაისი. მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების კვეთასთან რამდენიმე გასროლა გაისმა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურამ შარაძე მოკლეს. მკვლელობას საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი შეესწრო, რომელიც მკვლელობაში ეჭვმიტანილს, სახელად გიორგის დაედევნა. იყო ორმხრივი სროლა და საბოლოოდ, მრგვალ ბაღთან „დამნაშავე“ დააკავეს და პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი ამოიღო. მოგვიანებით ირკვევა, რომ „მკვლელი“ შარაძის ვაჟის, გიორგი შარაძის მეგობარი, გიორგი ბარათელი იყო…
მოგვიანებით აკადემიკოსის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე ამ ურთიერთობას ასე იხსენებს: „იმ დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია იყო, საქართველოში აქცია ჩატარდა, რომელშიც მთავრობის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს გამოჩენილმა მსახიობებმა, მუსიკოსებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა. აქცია გულისხმობდა არასრულწლოვანთა კოლონიიდან ბავშვების დროზე ადრე გათავისუფლებას და სხვადასხვა ადგილებში მათ დასაქმებას. ამაში ჩართული იყო პირველი არხიც, სადაც იმ დროს, ბავშვთა და საყმაწვილო გადაცემათა რედაქციას ჩემი ძმა ხელმძღვანელობდა. ასე აღმოჩნდა გიორგი ბარათელი მასთან. მანვე შეასწავლა ოპერატორის პროფესია და როგორც პატარა მეგობარი, ისე ჰყავდა. ასე გავიცანი გიორგი ბარათელი მეც და ყოველთვის თბილი დამოკიდებულება მაკავშირებდა.“
გიორგი ბარათელს სასამართლომ თავისუფლების 27 წლით აღკვეთა მიუსაჯა და მკვლელობის მოტივადაც პირადი კონფლიქტი გამოკვეთა. ეს კონფლიქტი ოფიციალური სტრუქტურებიდან თავიდანვე არაოფიციალურად გამოსული ინფორმაციით, ერთ მეტად ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდებოდა, რომლის მიხედვითაც, მაშინ როდესაც ბარათელი გიორგი შარაძესთან შვეიცარიაში იმყოფებოდა, თირკმელი ამოიჭრა და გაყიდა, მიღებული თანხა კი მას მეგობარმა „შეუჭამა“. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივიც პირადი შურისძიება იყო, ვინაიდან მას გურამ შარაძე თითქოს გაჩერებას აიძულებდა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსუდან შარაძე წლების განმავლობაში ამ მკვლელობის მოტივად პოლიტიკურ დაკვეთას ასახელებდა და სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას მოითხოვდა, 5 წლის განმავლობაში, ბუნებრივია „ყურს არავინ იბერტყავდა“. მოგვიანებით კი, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ თითქოს საქმე დაიძვრებოდა, ვინაიდან საქმეში ახალი მოწმეები და ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა:

მტკიცებულება #1
გიორგი ბარათელმა პროკურატურას განცხადებით ხელისუფლების ცვლიდან ერთ თვეში მიმართა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ როდესაც პოლიციამ დააკავა, მაშინ გურამ შარაძე ცოცხალი იყო. ის თბილისის ზღვაზე აიყვანეს, სადაც იარაღიდან გაასროლინეს. ბარათელმა გაქცევა სცადა და ის მხარში დაჭრეს. ის რეალურად კოსტავას ქუჩაზე დააკავეს. პოლიცია მას აიძულებდა, რომ საკუთარ თავზე აეღო გურამ შარაძის მკვლელობა, სანაცვლოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთას, შემდგომ კი გათავისუფლებას პირდებოდნენ. განცხადებიდან ირკვევა, რომ მან ეს დანაშაული ზურაბ ადეიშვილის დაკვეთით და პროკურატურის ზეწოლით აიღო საკუთარ თავზე. ერთ-ერთი, ვინც მსჯავრდებულზე ზეწოლას ახორციელებდა, ამჟამად ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, მაშინ კი ამ საქმის ზედამხედველი პროკურორი, გიორგი ჩივიაშვილი გახლდათ.
ბარათელმა ხელახლა დაკითხვა მოითხოვა და ეს მოხდა კიდეც.
საქმის ხელახალი გამოძიებისთვის ეს სტარტი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო, თუმცა მოგვიანებით ისევ უკუნი დადგა…

მტკიცებულება #2
მაისში დაიკითხა მეგის ქარდავას ყოფილი მარჯვენა ხელი, რომელიც აღიარებს, რომ ქარდავამ მას დაავალა სენაკიდან წაეყვანა ორი სპეცრაზმელი და ორგანიზება გაეკეთებინა შარაძის მკვლელობისთვის. თბილისში მას მითითებებს მისცემდა ცნობილი ,,მასტერა“. მან უარი განაცხადა ამ დავალების შესრულებაზე, რის გამოც მას სასტიკად გაუსწორდნენ, ცემეს აწამეს და ციხეშიც ჩასვეს. ის მის წამებაში მონაწილეებსაც ასახელებს, მათ შორის თენგიზ გუნავასაც.

მტკიცებულება #3
ახალ პროკურატურას ჩვენება მისცა ყოფილმა პატიმარმა, გიორგი გათენაძემ, რომელიც მეტად საინტერესო ისტორიას ყვება, რომ პატიმრობაში ყოფნის დროს, ის დაიბარეს მელნიკოვთან, რომელსაც ახლდა მეორე პირი, რომელსაც ეტყობოდა, რომ ისიც თანამდებობის პირი იყო. მათგან შეიტყო, რომ რამდენიმე დღეში სხვა საკანში გადაიყვანდნენ, სადაც მასთან გიორგი ბარათელს შეიყვანდნენ. მას ევალებოდა ბარათელი ეიძულებინა ეღიარებინა შარაძის მკვლელობა გოგა ხაინდრავას დაკვეთით, რომელმაც თავის მხრივ, დაკვეთა თითქოს რუსეთიდან მიიღო, იმისათვის, რომ შემდეგ ეს დანაშაული სააკაშვილს დაბრალებოდა. მართლაც, ის სხვა საკანში გადაიყვანეს, სადაც გიორგი ბარათელი შეუშვეს. მოწმე ამბობს, რომ მან ბარათელს ყველაფერი უამბო და ურჩია, რადაც უნდა დაჯდომოდა, ცოცხალი გასულიყო იქიდან და საკუთარი თავისთვის ეშველა. რაკი დავალება ვერ შეასრულა, მას სასტიკად გაუსწორდნენ… გიორგი გათენაძის ოფიციალური ჩვენებაც დევს პროკურატურაში.


მტკიცებულება #4

ჩვენებას იძლევა მკვლელობის შემსწრე ცოლ-ქმარი, რომლებიც მკვლელის აღწერისას საერთოდაც არ აღწერენ გიორგი ბარათელს…

მტკიცებულება #5
„ალდაგის“ სათვალთვალო კამერიდან ამოღებულ ფირში მკვლელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე გიორგი ბარათელი…

რა თქმა უნდა, ჩვენ მტკიცებულებათა მხოლოდ ნაწილი წარმოგიდგინეთ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, როდესაც ასებობს ამდენი ჩვენება, რა უშლის ხელს პროკურატურას, რომ საქმის ხელახალი ძიება დაიწყოს? ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდან შარაძეს დაუკავშირდა:

– ჩვენ პროკურატურაში უამრავი ახლად აღმოჩენილი გარემოება შევიტანეთ. პირველ რიგში, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არასდროს დაკითხულან. მათ სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით, მაგრამ ეს პროკურატურაში ოფიციალურად დევს… პროკურატურა ვალდებული იყო საქმის ხელახალი გამოძიება დაეწყო. მე თავიდან „გამაჩერეს“ იმით, რომ შეიქმნებოდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია. მე დიდად ასეთი კომისიების არ მჯერა. როგორც წესი ისინი იქმნება დროის გასაყვანად. მე თუ მკითხავთ, ჯობს თავად კანონი გადაიხედოს. იმდენი ახლად აღმოჩენილი გარემოება შევიტანეთ (და ათი ამდენი კიედევ წინ არის), რომ პროკურატურას ყველა საფუძველი ჰქონდა იმისთვის, რომ ხელახალი გამოძიება დაეწყო. კბილაშვილის პროკურატურამ გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის თითი თითზე არ დააკარა. რამდენჯერმე შევხვდი ლაშა ნაცვლიშვილს, რომელიც მპირდებოდა, რომ ამბავს მაინც გამაგებინებდა, რა ეტაპზე იყო გამოძიება, მაგრამ ისე წავიდა თანამდებობიდან, რომ იმ შეხვედრის შემდეგ, ჩემთვის ხმა არ მოუწვდენია. შესაძლოა, ჩემთვის არ ეცალა.

– როდის შედგა თქვენი შეხვედრა?
– ბოლო შეხვედრა, მგონი აგვგისტოს დასაწყისი იყო… მაშინ ვთხოვე, რომ დაკითხულიყო სამეგრელოში მომუშავე პოლიციელი, რომელიც ძალიან საინტერესო ჩვენებას იძლეოდა. ეს პოლიციელი დაიკითხა სამეგრელოში, ლაშა მომეხმარა და ამისათვის მადლობელი ვარ, მაგრამ ამის შემდეგ არაფერი გაკეთებულა. მალევე რეორგანიზაცია დაიწყო და ახლახანს შევიტყვე, რომ თურმე პრკურატურა გაწმენდილია ნაცვლიშვილის კადრებისგან. ძალიან მაინტერესებს, ნაცვლიშვილის კადრები რას აშავებენ, როცა პროკურატურა მკვლელი სააკაშვილის მკვლელი კადრებით არის გამოტენილი. რა დროს კბილაშვილის და ნაცვლიშვილის კადრებზე ნადირობაა, როცა მამაჩემის და არამარტო მისი მკვლელებით არის სავსე ეს უწყება?

– თქვენ პროკურატურას სკანდალური მოწმე მიუყვანეთ, მეგის ქარდავას ყოფილი მარჯვენა ხელი. არც მისმა ჩვენებამ დაძრა საქმე?
– მე არ მიმიყვანია, ეს კაცი ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად, თავისით მივიდა სამეგრელოში, მაშინდელ ადგილობრივ პროკურორ იოსავასთან რომელიც შემჩნეულია სააკაშვილთან კუდის გადაბმაში და მოითხოვა, დამკითხეთო. იოსავამ არ დაკითხა და მერე იყო, რომ ლაშა მომეხმარა, რის შესახებაც უკვე მოგახსენეთ. სამწუხაროდ ამ მოწმის გვარს ვერ დაგისახელებთ და ვერც იმ სპეცრაზმელების, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ პროკურატურას მათ შესახებ ყველა მონაცემები, მათ შორის, ფოტოებიც მივაწოდე. ამ სპეცრაზმელებიდან ერთ-ერთი რუსეთში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა მოგვიანებით. ამბობენ, ნარკოტიკების ჭარბი დოზის გამოო, თუმცა მე ვერაფერს ვამტკიცებ, რადგან ასეთი მოტივის შეთხზვა, ან შეკერვა სპეცსამსახურებს წარმატებით შეუძლიათ. მე რომ დღეს დარწმუნებული ვიყო, რომ მათი მოკლულია მამაჩემი, თუ საგამოძიებო ორგანოები არაფერს გააკეთებდნენ, თავადვე აღვასრულებდი სამართალს. რაკი სამეგრელოში დაკითხული მოწმე ამბობს, რომ მან უარი განაცხადა ამ დაკვეთის შესრულებაზე, მე ვეღარ ვიქნები დარწმუნებული, რომ ეს შეკვეთა საბოლოოდ იმ სპეცრაზმელებმა აღასრულეს.

– მაგრამ ამ პოლიციელის ჩვენება მინიმუმ იმას მაინც ადასტურებს, რომ მამათქვენი მკვლელობა ხელისუფლებაში დაიგეგმა...
– სწორედ ეს არის მთავარი, რომ ქარდავას და ახალაიას კლანმა დაგეგმა მკვლელობა სამეგრელოში, თორემ შემკვეთი თვითონ სააკაშვილი იყო. ეს აუცილებლად დადასტურდება.
ეს ხომ უტყუარი სიმართლეა, რაც ამ მოწმეს თავზე გადახდა?! როდესაც უკვეთავდნენ მკვლელობას, მას მისცეს იარაღი და ფული. არ გაინტერესებთ რა უღირდათ გურამ შარაძის სიცოცხლე? ხუთი ათასი ლარი! ამას პირველად ვამბობ.

– ყოფილი პოლიციელის ჩვენებას თუ გაყვებოდა გამოძიება, შესაძლებელი იყო სერიოზულ მტკიცებულებებზე და ფიგურებზე გასვლა. რატომ გაუშვა ხელიდან ეს შესაძლებლობა კბილაშვილის პროკურატურამ?
– როცა დღის წესრიგში დადგა მოწმის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში, ეს ადამიანი მოყვა ავარიაში და ძლივს გადარჩა. უმძიმეს მდგომარეობაში იყო.

– შემთხვევითი ავარია იყო?
– ამაში მეც შემეპარა ეჭვი, თუმცა ეს ადამიანი ამტკიცებს, რომ ნამდვილად შემთხვევითობა იყო. ფაქტია, რომ ის თვეების განმავლობაში ლოგინზე იყო მიჯაჭვული. როცა გამოჯანმრთელდა, არჩევნებამდე სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი. შესაბამისად, ამისთვის ვერავინ მოიცალა. თუმცა, ნაცვლიშვილისგან ამის პირობა მიღებული მქონდა.

– როცა არსებობს ამდენი და ასეთი სერიოზული ახალი გარემოება, თქვენი აზრით, რატომ იკავებს თავს პროკურატურა ხელახალი ძიების დაწყებაზე?
– ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო და შესაბამისად პოლიტიკური ნებაა საჭირო, რადგან ახალი გამოძიება აუცილებლად მივა სააკაშვილამდე. ამას კი უდაოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება.

– ფიქრობთ, რომ ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ირაკლი ღარიბაშვილი თავს შეიკავებს?
– პირიქით… მე აქამდე ველოდებოდი, როდის გადაშენდებოდა სააკაშვილი საბოლოოდ თავისი მკვლელების ბანდით. მე ღარიბაშვილის იმედი მაქვს. ცოტა დალაგდეს სიტუაცია და აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. ყველას შევხვდები, ვინც საჭიროა. რატომღაც მგონია, რომ ახლა ყველაფერი სხვანაირად წავა.

– მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია გასული მამათქვენის მკვლელობიდან, მაინც რჩება ამ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. თუმცა, ბევრს მეხსიერებაში ჩარჩენილი აქვს თავიდან გავრცელებული ვერსია იმის თაობაზე, რომ თითქოს თქვენმა ძმამ გიორგი ბარათელს თირკმელი გაუყიდა და მკვლელობაც შურისძიების მოტივით მოხდა…
– თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, გურამ და გიორგი შარაძეები ბარათელს დასდევდნენ, რომ თირკმელი ამოეჭრა და გაეყიდა? ეს ყველაფერი ბინძური სააკაშვილის და ბინძური მერაბიშვილის ბინძური მეთოდებით გავრცელდა. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ როდესაც ბოლო წლებში განსაკუთრებით, საქართველოში პოლიტიკური მკვლელობა ხდებოდა, მისი მოტივები საყოფაცხოვრებო ნიადაგზე გადაჰქონდათ და მანიპულირებდნენ მსხვერპლის პირადი ცხოვრების სისუსტეებით. ამით ორ კურდღელს იჭერდნენ – ოჯახს აჩუმებდნენ და ხალხის მასებს არწმუნებდნენ ამ ვერსიის სისწორეში. მამაჩემის პირად ცხოვრებაში ვერანაირი კომპრომატი ვერ ნახეს, რაზეც შეიძლებოდა ,,სარწმუნო’’ ჭორები აეგორებინათ, ამიტომ მიზანში ამოიღეს ჩემი შუათანა ძმა. ამ ვერსიის გასავითარებლად, მის წრეში საუკეთესო ობიექტიც მონახეს, გიორგი ბარათელის სახით, ერთი მიუსაფარი, უპატრონო ბიჭი. კარგად შეარჩიეს დროც…

– რას გულისხმობთ?
– მოგეხსენებათ, ჩემმა ძმამ, რომელიც შვეიცარიაში საქართელოს საელჩოს კულტურის ატაშე იყო და იღებდა დოკუმენტურ ფილმებს, 2000 წელს, 1 თვით ოპერატორად მიიწვია ბარათელი. როდესაც საქართველოში ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ, ბარათელს შვეიცარიაში მოუნდა დარჩენა. მან კამერების წინ მაღაზიაში მოიპარა რაღაც ჭინჭი, რის გამოც დაიჭირეს. ამის შესახებ ჩემმა ძმამ აეროპორტში შეიტყო და იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო. ძალიან გულდაწყვეტილი იყო, რა გამიკეთაო. დაუკავშირდა მაშინდელ კონსულს, ხათუნა ჯანჯალიას, რომელიც მოწმეა იმის, რომ ბარათელი როგორ მოხვდა ციხეში, რა დღეში იყო ჩემი ძმა, რა დაუტოვა ბარათელს და როგორ დაბრუნდა თბილისში. მას შემდეგ, ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ გიორგი ბარათელს და გიორგი შარაძეს ერთმანეთი აღარ უნახავთ. ის ერთხელ მე შემხვდა შემთხვევით და გამექცა, მე ვერ გამისწორა თვალი. განსაკუთრებით მას ჩემი ძმის ცხვენოდა.

– შვეიცარიაში დარჩენილი ბარათელი საქართველოში როგორ აღმოჩნდა?
– დეპორტაცია გაუკეთეს. ციხეში ის დიდხანს არ დარჩენილა. როგორც ვიცი, ის გადაბოდიალდა ჰოლანდიაში და იქიდანაც გაადეპორტეს.

ბუნებრივია, ჩვენს მკითხველს დააინტერესებს შვეიცარიაში მაშინდელი კონსულის პოზიციაც. ამიტომაც, პირველად „პრაიმტაიმში“ ხათუნა ჯანჯალია ინტერვიუს ამ თემაზე იძლევა:

– ვიცი, რომ გიორგი შარაძის მეგობარი იყო გიორგი ბარათელი. ის შვეიცარიაში მეგობრის სტატუსით ჩამოიყვანა. ისიც ვიცი, რომ უამრავი რამ უყიდა, კარგად აცხოვრებდა, ყველანაირად პატივს სცემდა. ერთ მშვენირ დღეს შევიტყვე, რომ პოლიციასთან შეექმნა პრობლემა, რაღაც ნივთები მოიპარა. გიორგი იყო შეშლილი, ამდენი რამე გავუკეთე და რითი გადამიხადა სამაგიერო, როგორ მოიპარაო?

– თქვენ როგორ ჩაერიეთ ამ საქმეში?
– მე გავაკეთე ის, რაც ჩემს მოვალეობაში შედიოდა: თუ ადამიანებს, რომლებიც აკრედიტებულები არიან როგორც ემიგრანტები, ლტოლვილები, არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ამ შემთხევვაში კეთდება უკან დასაბრუნებელი მოწმობა. მე მას დავეხმარე იმაში, რომ ის ციხიდან გამოეშვათ იმ პირობით, რომ დაბრუნდებოდა საქართველოში. მე მხოლოდ ამ პროცესში მივიღე მონაწილეობა.

– შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ მათ შორის რაიმე უთანხმოება არ ყოფილა?
– მე ბარათელს პირადად არ ვიცნობდი. გიორგი შარაძისგან ვიცოდი, რომ მისი მეგობარი იყო. რადგან ადამიანი საქართველოდან შვეიცარიაში ჩამოგყავს საკუთარი ხარჯებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვს.

ერთი სიტყვით, საქმე პრაქტიკულად მზად არის იმისთვის, რომ მკვლელობიდან თითქმის 7 წლის შემდეგ ახალი გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ბოლო წლების ერთ-ერთი სკანდალური დანაშაული სულ სხვა სურათით წარმოგვიდგეს. იქნება თუ არა ამის პოლიტიკური ნება ახალ მთავრობაში, ამას უახლოეს ხანებში შევიტყობთ.

მარიამ ნადირაძე

“პრაიმტაიმი” N50

16 დეკემბერი 2013

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s