რუსუდან შარაძე: პროკურატურას იმხელა მნიშვნელობის ინფორმაცია მივაწოდე, აქამდე რეაგირება უნდა მომხდარიყო

2013.06.06

ცხრაწლიანი გახმაურებული მკვლელობების სერიიდან, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობა დღემდე იმ საქმეებს შორისაა, რომელიც ხელახალ გამოძიებას ელოდება.

აკადემიკოსის მკვლელობისთვის გასამართლებულ გიორგი ბარათელს კი სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში ბრალი კიდევ დაუმძიმდა.

ბარათელის ახალი განაჩენისა და გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე geotimes.ge გურამ შარაძის ქალიშვილს რუსუდან შარაძეს ჟენევაში დაუკავშირდა.

რუსუდან შარაძე: „ის ფაქტი რომ ბრალი დაუმძიმეს და ორი წელი დაუმატეს მაშინ როდესაც ე.წ. შტირის ექსპერტიზა ვერ ადასტურებს, რომ მასზე არის ბარათელის ანაბეჭდები, მაშინ როდესაც ვიდეოფირის ექსპერტიზა ამბობს, ფირზე არ ჩანს, რომ ბარათელს ხელში ეს შტირი უჭირავს, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლოში და პროკურატურაში, ისევ არიან სააკაშვილის ე.წ. მომსახურე პერსონალი, პროკურორები და მოსამართლეები.

ამ ორ წელიწადს მთლიანობაში მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგან გიორგი ბარათელი უკვე 6 წელია უკანონოდ ზის ციხეში. დარწმუნებული ვარ, რომ ის მისჯილ წლებს არ მოიხდის და გამოვა ციხიდან. ამ შტირის ინციდენტზე, რომც არ გამართლდეს, ეს ექვსი წელი რაც ის უკანონოდ ზის, თავისუფლად გადაფარავს ამ ორ წელიწადს. თუმცა ამ ორი წლით უნდათ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ გიორგი ბარათელზე და მორალურად გატეხონ. სასწაულებრივად გადარჩენილია სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს და ახლაც კი არ ანებებენ თავს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მთავარი მიზანი შესრულებულია, გიორგი ბარათელმა ორჯერ ღიად, საჯაროდ, დაადასტურა რომ მას არ მოუკლავს გურამ შარაძე. ამას იღებდა ორივეჯერ ტელეკომპანია „იმედი”. ეს არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი, მან ასევე მოყვა ის ფაქტები, რაც მოასწრო და რის საშუალებაც მიეცა. ერთ-ერთი არის ის, რომ პროკურორი ჩივიაშვილი, რომელიც იყო მამაჩემის მკვლელობის საქმის პროკურორი და რომლის კისერზეც კიდია ბარათელის ცოდვა, ბარათელს ეუბნებოდა რომ, ვიცი უდანაშაულო ხარ, მაგრამ აღიარე გურამ შარაძის მკვლელობა, ზემოთ ასე სურთო.

მოგეხსენებათ, 2007 წლის მაისიდან ნოემბრამდე ბარათელი დუმილის უფლებას იყენებდა. ჩივიაშვილი არავის არ ახსოვდა, ახლა ატყდა ერთი ამბავი, როდესაც ის გარდაისახა და დღეს ვანო მერაბიშვილის ადვოკატად მოგვევლინა.

თუმცა გიორგი ჩივიაშვილზე 6 წელია ვსაუბრობ და ბოლოს რაც გავაკეთე, 2013 წლის 14 იანვარს სხვა მტკიცებულებებთან და ახალ გარემოებებთან ერთად, პროკურატურაში შეტანილ ჩემ განცხადებაში, ერთ-ერთი მოთხოვნა და თხოვნა იყო, მათ დაეკითხათ მაშინდელი კახეთის საოლქო პროკურორი გიორგი ჩივიაშვილი. გიორგი ჩივიაშვილი, რომელმაც „წარმატებით” გაართვა თავი გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს, დაწინაურებული იყო მთელი ამდენი წელი.

პროკურატურაში შესულია უშუალოდ ჩემი ადვოკატის, ასევე ბარათელის ადვოკატის, ასევე ჟურნალისტების მიერ უამრავი განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებები, ჩვენ ვითხოვთ, გამოძიების ხელახალ დაწყებას.

-ამის პირობა ხომ მიიღეთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ? თუ გქონიათ ბოლო პერიოდში საუბარი პროკურატურასთან, ასე რატომ ჭიანურდება გამოძიების დაწყების პროცესი?

-პირობის დადებას რაც შეეხება, მე პირადად ვინ რა მითხრა ერთია, მაგრამ ოფიციალურად მთავარმა პროკურორმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ეს საქმე მოითხოვს კანონმდებლობის ცვლილებას, რომ გამოძიება თავიდან იყოს დაწყებული. თუმცა როგორც შემდეგ მითხრეს თბილისის პროკურორებმა, შეიქმნებოდა სპეციალური კომისია და შეისწავლიდა ასეთ დახურულ საქმეებს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ დახურა და მისივე კანონით თავიდან გამოძიება არ შეიძლება, რადგან დახურულია. რამდენიმე კვირის წინ ტელევიზიით მოვისმინე მსგავსი კომისიის შექმნის შესახებ ინფორმაცია, ალბათ ეს ის კომისიაა, რომელსაც მე მპირდებოდნენ. სხვა მხრივ, ბოლოში ვერ გავა საქმე, თუ არ დაიწყება გამოძიება. აქამდე მოვედით, ახლა არის ივნისი, მე ძალიან კარგად მესმის რა სიტუაციაც არის საქართველოში, რა მდგომარეობაშიც არის ახალი ხელისუფლება. იმედია ძველი, განწირული, პირსისხლიანი ხელისუფლებისა და ე.წ. პრეზიდენტისგან საბოლოოდ გავთავისუფლდებით ოქტომბერში და საბოლოო შედეგს მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიებაში ველოდები ოქტომბრის შემდეგ. მაგრამ ეს არ ნიშნავს , რომ დღეს, ხვალ, მე და პროკურატურა უნდა იყოს ჩუმად და ველოდოთ ოქტომბერს, არავითარ შემთხვევაში. თუმცა კიდევ ვიმეორებ, გამომდინარე ამ სიტუაციიდან არ ვიქცევი ჯერ კიდევ რადიკალურად, ველოდები მოვლენების განვითარებას.

– კიდევ ხომ არ არის რაიმე ახალი გარემოება, შიში რომლის გამოც მკვლელობის ბევრი მოწმე ჩუმად იყო დაძლეულია…

– ასეთი გარემოება ნამდვილად არის, ექსკლუზიურ ინფორმაციას გეტყვით, პროკურატურის უმაღლეს წარმომადგენლებს, პირადად შევატყობინე უახლესი ინფორმაცია, მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ. ახლა არ მაქვს უფლება ამ ინფორმაციის თქმის, რა და როგორაა. ვერ გადავახტები იმ ადამიანებს, ვინც მითხრა და ვინც ფიგურირებს ამ საქმეში. ველოდები რეაგირებას, თუმცა არავითარი რეაგირება არ არის. კიდევ ცოტა ხანს დაველოდები და მერე აღარ ვიცი რას მოვიმოქმედებ.

-რამდენად დიდი მნიშვნელობის ინფორმაციაა, ასეთი სასწრაფო რეაგირება რომ მოჰყოლოდა? იქნებ გადამოწმების პროცესშია?

– ის იმხელა მნიშვნელობის ინფორმაციაა, რომ ამაზე უნდა მომხდარიყო აქამდე რეაგირება. არ მიმუშავია პროკურატურაში და არ ვიცი მათი მუშაობის სპეციფიკა, ამიტომ ვიტოვებ იმედს, რომ მე ვერ ჩავწვდი რა არის გაჭიანურების მიზეზი და ამიტომაც ველოდები, მაგრამ მამაჩემის მკვლელობას ეხება საქმე. კიდევ გიმეორებთ, არა მაქვს უფლება გადავახტე გამოძიებას და იმ ადამიანებს ვინცა მომაწოდა ინფორმაცია. ეს ხალხი კი არ იმალება, ყველანი ჩვენ ველოდებით პროკურატურის რეაგირებას.

– რა ინფორმაციაც მიიღეთ მის ნამდვილობაში ბოლომდე დარწმუნებული ხართ?

-კი დარწმუნებული ვარ და ამაზე მეტს ვეღარაფერს გეტყვით. შეცვლით რადიკალურად რა უნდა შეიცვალოს, ერთადერთი სიმართლეა 2007 წლის 20 მაისს, გიორგი ბარათელი მამაჩემის მკვლელობის დროს მკვლელობის ადგილზე, მკვლელობის მომენტში საერთოდ არ ყოფილა. მამაჩემი მოკლა ორმა დაქირავებულმა მკვლელმა, მკვლელობა შეუკვეთა სააკაშვილმა და დაგეგმვის თანამონაწილეა დათა ახალაია. ამას წყალი არ გაუვა, ვის რამხელა წვლილი აქვს მკვლელობის დაგეგმვაში, ამას იმედია გამოძიება დაადგენს.

-ბარათელის ადვოკატმა, ადეიშვილის ბრალეულობაზე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ გამართულ პროცესზე, დათა ახალაიაზე საუბარი არ ყოფილა…

-ადვოკატმა თქვა ადეიშვილზე, თორემ დათა ახალაიაზე მას შემდეგ რაც გიორგი ჩიხრაძემ და ოქრუაშვილის მძღოლმა გააჟღერა ეს ინფორმაცია, იქედან მოყოლებული სადაც ხმა მიგვიწვდება სულ ამას ვამბობთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დათა ახალაიას, თქვას ვინ შეუკვეთა, როდის, რანაირად და როგორ დაგეგმა და ვის შეასრულებინა მამაჩემის მკვლელობა. მე თანახმა ვარ მას ამის შემდეგ ბრალიც მოუხსნან, ჩემი მიზანი არ არის დათა ახალაია ციხეში ჩაჯდეს, ჩემი მიზანია ვინც შემკვეთია, დამგეგმავია თუ შემსრულებელი, გამოვლინდეს და დაერქვას ის სახელი, რაც ჩაიდინეს. ისედაც დასჯილები და წამებულები არიან ღმერთისგან ეს ადამიანები, მეტი რაღა უნდა დასაჯო.

რაც შეეხება ადეიშვილს, მისი და მერაბიშვილის გარეშე სააკაშვილი არაფერს აკეთებდა და მამაჩემის მკვლელობის დაგეგმასა და მერე მისი გამოძიების გაყალბებაში მათაც დიდი წვლილი ექნებოდათ, ეს გამოძიების საკითხია.

გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში არის უამრავი ათეულობით მოწმე, ამ მოწმეებში ვგულისხმობ, როგორც ქუჩაში დამნახავ, მოსიარულე, შემხვედრ ხალხს, რომელიც შეესწრნენ ამ ამბავს და შეესწრნენ იმას, როგორ ირბინეს მკვლელებმა ნახევარი ვერა. ათეულობით ადამიანია დასაკითხი, ასევე დასაკითხია უამრავი პოლიციელი. რის შედეგადაც აუცილებლად გამოვლინდება შემკვეთი, დამგეგმავი, შემსრულებელი ამ გამოძიებას არაფერი არ უნდა, გარდა პოლიტიკური ნებისა და იმედი მაქვს ეს ნება იქნება.

მაკა დეკანოსიძე, geotimes.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s