გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე მოწმეები დაკითხვას ითხოვენ

sharadze_rusudani_7195_8620_9812[1]2013-01-13
ნინო მიქიაშვილი
აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე საქართველოს მთავარ პროკურატურას 14 იანვარს, 13 საათზე იმ მოწმეების გამოკითხვის ოქმებს წარუდგენს, რომელთაც ჩვენება არასდროს მიუციათ და ამ თემაზე, არც ხმამაღლა უსაუბრიათ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც 2007 წლის 20 მაისს თავიანთი თვალით ნახეს გურამ შარაძის ნამდვილი მკვლელი – მაღალი, თავზე თმით, სპორტული აღნაგობის; ანუ გიორგი ბარათელისგან რადიკალურად განსხვავებული შესახედაობის ადამიანი. ამ სიახლის შესახებ for.ge-ს რუსუდან შარაძემ განუცხადა…

“გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება რა კუთხით დაიწყება, ამაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ“, – გვითხრა გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის უფლებების დამცველმა, ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ, რომელმაც ეს განცხადება იმ პროკურორზე დაყრდნობით გააკეთა, რომელმაც გიორგი ბარათელი 2012 წლის 17 დეკემბერს გამოკითხა.

გურამ შარაძის საქმეში კიდევ ერთი სიახლეა – შარაძეების უფლებებს გელა ნიკოლაიშვილთან ერთად ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე დაიცავს. ამის შესახებაც რუსუდან შარაძემ განგვიცხადა. ის მოწმეები, რომლებმაც გურამ შარაძის მკვლელი თავიანთი თვალით ნახეს, პროკურატურას სთხოვენ ჩვენება ოფიციალურად ჩამოართვან. ამის შესახებ ისინი წერენ გამოკითხვის ოქმში, რომელიც ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ შეადგინა და რომელსაც რუსუდან შარაძე თავის განცხადებასთან ერთად მთავარ პროკურატურაში შეიტანს.

პლუს ამას, რუსუდან შარაძე მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის სახელზე შედგენილ განცხადებაში დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას და დაკითხვას ითხოვს.

რაც შეეხება გიორგი ბარათელს – ცნობილია რომ რუსუდან შარაძე მამის მკვლელობის დღიდან დღემდე ხმამაღლა აცხადებს, რომ ბარათელი მკვლელი არ არის; გიორგი ბარათელმა ხუთწელიწადნახევრიანი დუმილი გასული წლის ოქტომბერში დაარღვია – თქვა რომ იგი გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, პირველი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, შემდეგ თბილისის ზღვაზე აიყვანეს, სადაც აიძულებდნენ ეთქვა რომ გურამ შარაძე მან მოკლა. ბარათელი თბილისის ზღვაზე დაჭრეს, შემდეგ იქიდან ძველი თბილისის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მიიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 2012 წლის 23 ოქტომბრიდან მოყოლებული გიორგი ბარათელი წერილობით ითხოვს საქმის ხელახალ გამოძიებას და დაკითხვას.

პროკურატურას ბარათელი ჯერ არ დაუკითხავს, მაგრამ როგორც ზემოთაა აღნიშნული, 2012 წლის 17 დეკემბერს პროკურორმა შალვა ცერცვაძემ მსჯავრდებული ბარათელი გამოკითხა. იურისტების განმარტებით, დაკითხვამდე ტარდება გამოკითხვა და სწორედ გამოკითხვის შემდეგ იღებს პროკურატურა გადაწყვეტილებას ძიების მიმართულების განსაზღვრაზე.

აღსანიშნავია ის, რომ ბარათელს ჯერ კიდევ ემუქრება 6 წლით თავისუფლების აღკვეთა – უკანონო ნივთის შენახვისა და სხვისი სხეულის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე გასული წლის ნოემბრის ბოლოს აღიძრა. იმჟამად ბარათელი სასჯელს ორთაჭალის N1 საპყრობილეში იხდიდა. 29 ნოემბერს ბარათელთან შესახვედრად მისულ მამუკა ნოზაძეს საპყრობილის დირექტორის მოადგილემ ლევან სიხარულიძემ განუცხადა, რომ ბარათელმა კბილის ჯაგრისზე დამაგრებული ლურსმანი პატიმარს შეურჭო, რის გამოც სასჯელაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტმა ძიება დაიწყო, ხოლო ბარათელი გლდანის N8 საპყრობილეში გადაიყვანეს.

30 ნოემბერს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა მეცხრე არხს განუცხადა, რომ ეს ლურსმანი კი არა, წათლილი კბილის ჯაგრისი იყო, რომელსაც ლურსმნის ფორმა ჰქონდა მიცემული და რომ ბარათელს სწორედ ამ წათლილი ჯაგრისით გამოუჩენია აგრესია – “გამოძიება დაწყებულია და გამოძიება რასაც დაადგენს, პასუხი იმის მიხედვით მოეთხოვება“.

ანუ ჯერ ის ვერ გაურკვევიათ ბარათელის საკანში ლურსმანი აღმოაჩინეს თუ წათლილი კბილის ჯაგრისი, ძიებას ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია და ამგვარ გაურკვევლობაში სასჯელაღასრულების მინისტრი პასუხის მოთხოვნაზე საჯაროდ საუბრობს, რაც ჩემი აზრით, მინიმუმ უპასუხისმგებლობაა.

2012 წლის 30 ნოემბერს, გლდანის N8 საპყრობილიდან ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ გიორგი ბარათელის ღია წერილი გამოიტანა, რომელშიც ბარათელი ლურსმნის ამბავს ამგვარად აღწერს:

“მას შემდგომ, როცა გავაჟღერე პირადად მე და ჩემმა ადვოკატმა, ჩემი უდანაშაულობის თაობაზე, გაძლიერდა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ არ მეთქვა სიმართლე და ძველი ჩვენება არ გადამეთქვა. იმის გამო, რომ არ დავყევი ჩემდამი მოგზავნილ პატიმარს, ზურაბ ჭონიაშვილს, მომიწყვეს პროვოკაცია და ცდილობენ შეთითხნონ სისხლის სამართლის საქმე, თითქოსდა მე დავჭერი ლურსმნით აღნიშნული პიროვნება და მე გამაჩნდა ლურსმანი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან მე ვერ მექნებოდა ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მუდმივად ხდებოდა საკნის შემოწმება ადმინისტრაციის მხრიდან და რაიმე ნივთი რომ მქონოდა, ბუნებრივია ამოღებულ იქნებოდა მათ მიერ.

მე მიმაჩნია, რომ ზურაბ ჭონიაშვილი ჩემთან მოგზავნილ იქნა იმ პირების მიერ, ვისაც არ აწყობს სიმართლის გარკვევა და გურამ შარაძის მკვლელობის გახსნა და მათ დაავალეს ჩემზე ზეწოლა და მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ყოფნა, რადგან თავად ადმინისტრაცია საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ გაბედავდა აშკარა ზეწოლას და ამიტომ გამოყენებული იქნა პატიმარი, რაც აპრობირებული მეთოდია მათთვის არასასურველი პატიმრებისადმი დევნის განსახორციელებლად. ხაზს ვუსვამ, რომ მე არანაირი ჭრილობა არ მიმიყენებია ჭონიაშვილისათვის და არც არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ მქონია“.

http://www.for.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s