რუსუდან შარაძე: სანამ სააკაშვილს გურამ შარაძის მკვლელი ოფიციალურად არ დაერქმევა, არ მოვისვენებ!

1240262_543816299025179_546552446_n[1]რაც უფრო დიდი დრო გადის ხელისუფლების შეცვლიდან, მით უფრო ბევრი კითხვა დაისმის და იზრდება საზოგადოების ინტერესი გახმაუერებული მკვლელობების შესახებ, მათ შორის გურამ შარაძის საქმესთან დაკავშირებითაც. თუ, რას ფიქრობს თავად მოკლული პროფესორის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ 6 წლის წინ, გურამ შარაძე სააკაშვილის შეკვეთით, საკონტროლო გასროლით მოკლეს! მკვლელობა სპეციალურად დაგეგმეს მელიქიშვილის გამზირზე, კამერების წინ, რომ შემდეგ გასამართლებელი ალიბი ჰქონოდათ – მიშა, კამერების წინ, ასეთი ფორმით, რატომ მოკლავდაო. აქვე გეტყვით, რომ ჩემი აზრით, ამ მკვლელობის თანამონაწილეები მაშინდელი „ალდაგის“ თანამშრომლებს შორისაც არიან, რომლის კამერებიც სპეციალურად ისე იყო დაყენებული, რომ მკვლელობა მხოლოდ ერთი რაკურსიდან გადაღებულიყო და მკვლელის სახე არ გამოჩენილიყო.

ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გიორგი ბარათელი მკვლელობის მომენტში იმ ადგილზე არ იმყოფებოდა, მეტიც, ნამდვილი მკვლელები გიორგი ბარათელზე 15-20 სანტიმეტრით მაღლები არიან. სააკაშვილის ხელისუფლებამ გიორგი ბარათელი ერთადერთი მიზეზით შეარჩია – გურამ შარაძის მკვლელობისთვის პოლიტიკური სარჩული გამოეცალათ და ხალხს ეფიქრა, რომ მამაჩემი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოკლეს.

– როდესაც სააკაშვილს გურამ შარაძის მკვლელობაში ადანაშაულებთ, ალბათ, მასში, ზოგადად, სააკაშვილის ხელისუფლებას გულისხმობთ და არა კონკრეტულად მის პიროვნებას…

– პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ, რომ გურამ შარაძის მკვლელობის შემკვეთი სააკაშვილია! უკვე 6 წელია, სადაც ხმა მიმწვდა ვამბობ: მამაჩემი პირადად სააკაშვილის ბრძანებით დახვრიტეს! სააკაშვილი მკვლელია!!! ამ ,,კაცმა’’, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტად ითვლება, რატომ ერთხელ მაინც არ დამადანაშაულა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში?! ხმას ვერ იღებს… არც მისი გუნდიდადან დასცდენია ვინმეს სიტყვა ჩემს საწინააღმდეგოდ. მე არ ვამბობ, რომ თავი უნდა ემართლა, მაგრამ რომ ვამბობ მასზე მკვლელია-მეთქი, რატომ არ მოახდინა რეაგირება?! სააკაშვილი რომ მამაჩემს მოკლავდა, ამის შიში სულ გვქონდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ არაერთმა ახლობელმა გვითხრა, გურამი ამბობდა, რომ სააკაშვილი მას ერთ დღეს თავიდან მოიცილებდა. ის, ამ ფაქტს, თითქოს, შეგუებული იყო, შეგნებულად მიდიოდა ტყვიაზე…

ჩვენებების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ მკვლელობა დათა ახალაიამ დაგეგმა და ორგანიზება მეგის ქარდავას დაავალა, რომელმაც თავის მხრივ დავალება მისცა ადამიანს, ვინც დღეს საქმეში ოქროს მოწმეა. ეს ადამიანი, რომელიც ყოფილი პოლიციელი და მეგის ქარდავას მარჯვენა ხელი იყო, ამბობს, რომ მეგის ქარდავამ მას სამეგრელოდან ორი სპეცრაზმელის წამოყვანა დაავალა, ასახელებს კონკრეტულ სახელებსაც და გვარებსაც, რომელთაც მამაჩემი უნდა მოეკლათ… (გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ მათი სახელების საჯაროდ დასახელებისაგან) იმის გამო, რომ ამ კაცმა ეს და კიდევ სხვა დავალება არ შეასრულა, საშინელ რეპრესიებში მოყვა. როდესაც დარწმუნდნენ, რომ იგი მათთვის სანდო აღარ იყო, პირადად თენგიზ გუნავამ სასიკვდილოდ სცემა, დიახ, სწორედ იმ თენგიზ გუნავამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და ისევ გუბერნატორად დანიშნა. ეს არის ზუსტად ყელში ამოსული კოაბიტაციის შედეგი, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეები და მკვლელები ამდენს ბედავენ. კიდევ ერთი მოწმე, ყოფილი პატიმარი გიორგი გათენაძე, რომელიც იმ ციხეში იხდიდა სასჯელს, სადაც ბარათელი იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მელნიკოვმა მას ბარათელის „დამუშავება“დაავალა. მათი გეგმის მიხედვით, ბარათელს უნდა ეთქვა, რომ გურამ შარაძის მკვლელობა გოგა ხაინდრავამ შეუკვეთა. გათენაძემ ეს არ შეასრულა და ისიც, ყოფილი პოლიციელის მსგავსად, ამის გამო აწამეს. დააკვირდით, როგორი წრე იკვრება – მელნიკოვი, ქარდავა, გუნავა, ახალაია… ეს ძაფი სააკაშვილამდე მიდის, რომელიც ქვეყნის პირველი პირი იყო და რომლის „მწვანე შუქის“ გარეშე ასეთი საშინელებების ჩადენის უფლებას, საკუთარ თავს ვერავინ მისცემდა…

ეს ჩვენებები პროკურატურაში ოფიციალურად დევს, მაგრამ სამწუხაროდ, გურამ შარაძის მკვლელობის ხელახალი გამოძიება დაწყებული არ არის.

_ რას ფიქრობთ, რატომ დუმს პროკურატურა?

_ გურამ შარაძის მკვლელობის გახსნა ერთ დღეში შეიძლება და პირდაპირ მივლენ სააკაშვილამდე, მაგრამ, როგორც ვხდები, ამას ერიდებიან. მესმის, რომ დღეს ვერ ხერხდება, ხელი დაადონ მკვლელობის შემკვეთ სააკაშვილს, რადგან მას ჯერ კიდევ იმუნიტეტი იცავს, გასაგებია ისიც, რომ საბოლოო შედეგი სასწრაფოდ ვერ დაიდება და მამაჩემის გარდა, უამრავი სხვა მკვლელობაცაა გამოსაძიებელი, მაგრამ არჩილ კბილაშვილის უმოქმედობას ვერაფრით ვხსნი. მას გურამ შარაძის მკვლელობის თემაზე არაერთხელ დაუსვეს კითხვა, რაზეც პასუხობს, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, დახურული საქმის ხელახალი გამოძიების დაწყება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იქნებაო. ახლად აღმოჩელი გარემოებები კი საკმარისზე მეტია. გაუგებარია, რას ელოდება პროკურატურა, რომ ხელახალი გამოძიება დაიწყოს?! კბილაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მეტიც, მისი ღირსებაა, რომ არის წესიერი და პატიოსანი ადამიანი. მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. მამაჩემის საქმის გამოძიება რომ არ იწყება, მისი არამექრთამეობა და კარგი ადვოკატობა ვერ მიშველის.

kbilბატონო არჩილ კბილაშვილო, გაეცანით გურამ შარაძის საქმეს და გამეცით პირდაპირი პასუხი, არ არის საკმარისი ახალი გარემოებები, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოთ? მიპასუხეთ პირდაპირ, კი ან არა.

ჩემზე მეტად, მგონი, არავის ეჩქარება სამართლიანობის აღდგენა, თუმცა, ხშირად, ე.წ. ოპოზიციის მიერ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიც გამაღიაზიანებელია, რადგან, ეს მათთვის პიარის საშუალებად იქცა. შავი პოლიტიკური წარსულის მქონე პირები ისე ატრიალებენ წინ და უკან სიტყვებს – ,,სამართლიანობის აღდგენა’’, რომ ესეც გაცვითეს და გააუბრალოეს. კარგია ბიძინა ივანიშვილის გაკვალულზე ყელყელაობა?! ცხრა წელი და იქამდეც, ძალიან კარგად ვხედავდით, ვინ რისი მაქნისი იყო. კომუნისტებიდან მოყოლებული ქერის ორმოში ცურავდნენ, ვერ დაკმაყოფილდნენ ვერც ქონებით, ვერც ფულით, ვერც თანამდებობით, ესენი არიან ოპოზიციონერები? რამდენი არჩევნები მოიპარეს, ქვეყნისთვის რამდენ უბედურებას მოაწერეს ხელი, ახლა გახდნენ მამულიშვილები და დემოკრატები? სასწორზე რომ დავაყენოთ ივანიშვილის, თუნდაც, 2011 წლიდან მოყოლებული ბრძოლა მკვლელი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მისი სიტყვა და საქმე, მას ვერავინ გადასწონის. მძულს დაუნახაობა და გული მტკივა, როდესაც ვხედავ, რომ უკვე მერამდენედ, არაერთი სატყუარას კვლავ ბრმად მიყვება. ფაქტია, ახალ ხელისუფლებას საშინელი მემკვიდრეობა ერგო, თუმცა, არსებობს ზღვარი, სადამდეც შემიძლია მათ თანავუგრძნო.

მჯერა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც სააკაშვილი დატოვებს მიტაცებულ პრეზიდენტის პოსტს და იმუნიტეტი აღარ დაიცავს, მას და მის ხელისუფლებას, რომელიც ყელამდე სისხლშია, ოფიცილურად მოსთხოვენ პასუხს ყველა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე. გულხელდაკრეფილი არ ვარ, თუმცა, ჯერ კიდევ მოთმინებით ველოდები საპრეზიდენტო არჩევნებს. ბიძინა ივანიშილის სიტყვის მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მის მიერ დაწყებული ბრძოლის ტრიუმფი, სწორედ, სამართლიანობის აღდგენა იქნება. თუ ეს ასე არ მოხდა, წინ ვერავინ და ვერაფერი დამიდგება. სანამ გურამ შარაძის მკვლელობა არ იქნება გამოძიებული, მამაჩემის მკვლელობის შემკვეთი და შემსრულებელი არ იქნება მხილებული და გასამართლებული, არ მოვისვენებ. ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავამტკიცებ, რომ გურამ შარაძის მკვლელობა სააკაშვილმა შეუკვეთა! ჩემთვის არ არის იდეაფიქსი, რომ დამნაშავეები ციხეში იყვნენ, მთავარია, მკვლელს მკვლელის სახელი დაერქვას! დიახ, სანამ სააკაშვილს მკვლელის სახელი ოფიციალურად არ დაექმევა, არ გავჩერდები!

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

,,ასავალ-დასავალი”, 23 სექტემბერი, 2013

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s