მტკიცებულება, რომელიც თავდაყირა აყენებს შარაძის მკვლელობის საქმეს

23-05-2012, 19:05
ლია ტოკლიკიშვილი

რუსუდან შარაძემ მოახერხა, მამის, გურამ შარაძის, მკვლელობის საქმეზე მოეპოვებინა უდიდესი მნიშვნელობის მტკიცებულება. მას მიაჩნია, რომ დადგება დრო, როცა საქართველოში თავისუფალი სასამართლო ამ მტკიცებულების საფუძველზე რეალურ მკვლელებს გაასამართლებს.

– პრესაში გამოქვეყნდა შენთან ინტერვიუ, საიდანაც ჩანს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოება გამოვლინდა – შენ მოიპოვე სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” ფირი, რომელზეც ასახულია გურამ შარაძის მკვლელობის დეტალები. როგორ მოახერხე ფირის მოპოვება?

– მოპოვება ხმამაღალი სიტყვაა. თბილისში რომ ვიყავი, ვთხოვე და თვითონ „რუსთავში“ ჩამიწერეს დისკზე, თუმცა აქამდე ვეღარ მივუბრუნდი, ვერ მივეკარე… სიმართლე გითხრა, ისიც მეგონა, რომ ტელეკომპანია ისე არ გაუშვებდა ეთერში, „ზედმეტი“ რომ არ წაეშალა. თურმე არ წაუშლიათ… რაც პოლიციამ დაჩეხა, დაჩეხა. მორჩა. ეთერში ასე გავიდა. ეს რომ მცოდნოდა, აქამდე ათასჯერ ჩავუჯდებოდი. მოკლედ, მე „რუსთავი–2–ის“ გადაცემა ისედაც ჩაწერილი მქონდა. დღეს ვნახე, რომ თავად „რუსთავი 2-საც“ უდევს P.S.-ის არქივში. ასე რომ, ფირის ნახვა პრობლემა ისედაც არ იქნებოდა, კიდეც რომ არ მოეცათ. ერთი სიტყვით, ეს ვიდეომასალა ჯერ კიდევ მკვლელობიდან 45 დღის შემდეგ ვნახე და წამობრივად შევისწავლე შინაგან საქმეთა სამმართველოში, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ მაშინ, ჩემი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, არცერთი კადრი არ მომცეს. სასამართლომ კი, ბადრი კოჭლამაზაშვილის ხელმძღვანელობით (ეს უკანასკნელი კი, გადაუჭარბებლად შემიძლია გითხრათ, არის სააკაშვილის ხელის ბიჭი) დაასკვნა, რომ ,,ფირი უვარგისია ექსპერტიზისთვის’’. არადა, ფირის ჩემთვის გადმოცემას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მინდოდა, გაფუჭებული კადრების ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება, რაც, ვიცოდი, რომ, თანამედროვე ტექნოლოგიით შესაძლებელია. ახლა, სწორედ, ეს გავაკეთე. შევეცადე, ხარისხი მაქსიმალურად გამეუმჯობესებინა, ნეგატივებიც გავაკეთეთ, რათა ჩვენს დასკვნებში დავრწმუნებულიყავი. პროფესიონალები ამ ყველაფერს უფრო ადვილად გამოამჟღავნებენ.


,,კურიერ P.S-ში’’ გასული მასალა ერთი წუთიც არაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მასზე უშუალოდ არის აღბეჭდილი გურამ შარაძის მკვლელობა. ვიდეოფირი კადრებად დავშალე და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები ფოტოებად ამოვიღე.
– აქამდეც იყო ცნობილი, რომ “ალდაგის” ფირზე აღბეჭდილი მკვლელის გარეგნობა არ ემთხვეოდა გიორგი ბარათელის გარეგნობას, ვინც სასამართლომ მკვლელად აღიარა. რა ახალი ინფორმაცია მოგცა ფირის კადრებად დაყოფამ და დაკოპირებამ?
– თქვენმა გაზეთმა ჯერ კიდევ 2007 წლის ივლისში დაბეჭდა ჩემ მიერ მოწოდებული ,,ალდაგის’’ ფირის სიტყვიერი აღწერილობა და მოწმეთა ნაამბობი. ამასთან, თქვენმა გაზეთმა ჩაატარა ამ თემაზე (ისევე, როგორც ლაშას მკვლელობაზე) არაერთი ჟურნალისტური გამოძიება, რომლის დროსაც უამრავი ფაქტი გამოააშკარავდა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ვინც კარგად იცნობს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს, დამეთანხმება, რომ ფირის ფოტოებად დახარისხება ახალს არაფერს ამბობს, მაგრამ არის მტკიცებულება იმისა, რასაც ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში – იმავე ფირზე, საქმის მასალებსა და მოწმეთა მონათხრობზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის გამზირზე გურამ შარაძე მოკლა ორმა დაქირავებულმა მკვლელმა, გიორგი ბარათელი კი ამ საქმეში სრულიად უდანაშაულოა.
– ორი მამაკაცის შესახებ, რომლებიც ბატონი გურამის მკვლელობაში მონაწილეობდნენ, როგორც მახსოვს, აქამდეც არსებობდა ვარაუდი.
– მამაჩემის მკვლელობას ჰყავს ათეულობით მოწმე. პატიოსანმა ადამიანებმა თავად მომძებნეს და მიამბეს საკუთარი თვალით ნანახი. დასაფასებელია ამ ხალხის გამბედაობა. ისინი დაუფარავად იტყოდნენ სიმართლეს, ოდნავი იმედი მაინც თუ იქნებოდა, რომ სააკაშვილი დაუშვებდა თავისი ხელით შეკვეთილი მკველელობის სამართლიანად გამოძიებას. დამეთანხმებით, ეს შეუძლებელი იყო, თუმცა ყველაფერი წინაა.
მოწმეების ნაამბობის მიხედვით, იკვეთება შემდეგი სურათი – მკვლელი, რომელმაც ორი საკონტროლო გასროლა მოახდინა და შემდეგ გაიქცა შანიძის ქუჩაზე, ბარათელისგან სრულიად განსხვავებული გარეგნობისაა, გარდა ამისა, მას ეცვა მოკლემკლავიანი, შარვალში ჩატანებული პერანგი. ის მელიქიშვილზე მანქანიდან იყო გადმოსული და ზუსტად იქ ელოდებოდა გურამ შარაძეს, სადაც მკვლელობა მოხდა. მოწმეთა ნაამბობი ემთხვევა ფირზე აღბეჭდილ მანქანის ,,მძღოლის’’ აღწერილობას. ,,ალდაგის’’ ვიდეოკადრებიდან ამოღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ საკონტროლო გასროლების დროს იქ ორი ადამიანია (იმ წყვილის – ქალ–ვაჟის უკან მიმავალი, რომელიც უშუალოდ მიჰყვებოდა მამას), მაგრამ უხარისხობის გამო არ ჩანს, კონკრეტულად, ვინ ახდენს ამ გასროლებს, მდევარი თუ იქვე მყოფი ,,მძღოლი’’, მაგრამ ერთი რამ უტყუარი ფაქტია – მკვლელს, რომელიც მამაჩემს უკან მიჰყვებოდა და მოახდინა პირველი გასროლა, აცვია გრძელმკლავიანი სამოსი და ბარათელზე, სულ მცირე, 15 სანტიმეტრით მაღალია.
სანამ მოწმეები ღიად გამოჩნდებიან და ოფიციალურად დადასტურდება, რომ მკვლელობა ჩაიდინა ორმა ადამიანმა, ამ ფოტოებით, მინიმუმ, ის მტკიცდება, რომ გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს და მას სრულიად უდანაშაულოდ აქვს მისჯილი 27 წელი.

– საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქმე ხელმეორედ შეიძლება დაბრუნდეს გამოძიებაში, თუ მასში ახალი გარემოება აღმოჩნდა. ასეთი გარემოება არის. შეეცდები საქმის გამოძიებაში დაბრუნებას?
– სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მამაჩემის მკვლელობის საქმის ხელმეორედ გამოძიებაში დაბრუნების მოთხოვნას არავითარი პრეპექტივა არ აქვს. – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასამართლომ უკვე ანახა თავისი უსამართლობა შარაძეების ოჯახს, ალბათ, გაქვს სურვილი თუნდაც იმისა, რომ ბარათელმა, რომელსაც ბრალი ვერ დაუდასტურეს, დაუმსახურებელ პატიმრობაში არ დაამთავროს თავისი სიცოცხლე.
– წლებია, რაც ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სასამართლოს გზითაც ვერ ახერხებს, მოიპოვოს საჯარო ინფორმაცია, სად იხდის სასჯელს გიორგი ბარათელი. ხელისუფლება არაფრით ამხელს მის ადგილსამყოფელს. საქმე უკვე სტრასბურგშია გასაჩივრებული.
მამაჩემის მკვლელობის პირველი დღიდან ვთხოვდი საზოგადოებას, დაგვეცვა გიორგი ბარათელის სიცოცხლე, თუმცა თითქმის არავინ გამომხმაურებია, ისევე, როგორც ხმას არ იღებენ მამაჩემის დახვრეტაზე. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გურამ შარაძის მკვლელობის მთავარი მოწმე – გიორგი ბარათელი, მკვლელმა ხელისუფლებამ უკვე მოიშორა. ამას ვაცხადებ მთელ რიგ გარემოებებზე დაყრდნობით, იქამდე, სანამ დამაჯერებელ არგუმენტს არ მოვისმენ, ვიტოვებ უფლებას, არ მჯეროდეს პარლამენტარების – ეკა ხერხეულიძისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის, რომლებიც აცხადებენ, თითქოს 2010 წელს გიორგი ბარათელი ორთაჭალის ,,კრიტში’’ მოინახულეს. დღეს მაინც, როდესაც თვალწინ გვაქვს მტკიცებულება ,,ალდაგის’’ ფირის სახით, ბარათელის ადგილსამყოფელის გარკვევის მიზნით, ნორმალურ საზოგადოებაში, განგაში ატყდებოდა.
– რა პერსპექტივა აქვს შენს დაბრუნებას საქართველოში – ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ვგულისხმობ?
– სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში გურამ შარაძის მკვლელობის საქმე არ გაიხსნება, რადგან თავად სააკაშვილია ამ მკვლელობის ავტორი. ხოლო შემდეგ, ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, გარწმუნებთ, ჩვენ წინ ვერაფერი დაგვიდგება – არსებობს ,,ალდაგის’’ ფირი, ათეულობით მოწმე, თავად მკვლელობის საქმეშიც საკმარისზე მეტი გარემოებაა, რათა მოხდეს მამაჩემის მკვლელობის თავიდან გამოძიება და სასამართლოში დაბრუნება. გპირდებით, რომ ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ.
– არ გიფიქრია, წიგნად გამოსცე გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ ყველა მასალა? ბოლოსდაბოლოს, ერთად თავმოყრილ ფაქტებს სასამართლო დარბაზის გარეთაც შეუძლიათ, სიმართლე უამბონ საზოგადოებას.
– გურამ შარაძის 70 წლისთავთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთეთ ვებ-გვერდი, (https://guramsharadze.wordpress.com/), სადაც თავმოყრილია როგორც მამაჩემის ინტერვუები, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ რატომ უნდა მოეკლა ხელისუფლებას ის, აგრეთვე, თითქმის ყველა მასალა, რაც 2007 წლის 20 მაისიდან მოყოლებული – დღემდე, პრესაში გამოქვეყნებულა. თავიდან მინდოდა ეს ყველაფერი წიგნად გამომეცა, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ შევძელი. თუმცა ამ გვერდს, ინტერნეტის საშუალებით უამრავი მკითხველი ჰყავს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s