რუსუდან შარაძე: “საქართველოში მალე ჩამოვალ და შესაბამის ორგანოებს მივმართავ“

FOR.GE 
რუსუდან შარაძე: “საქართველოში მალე ჩამოვალ და შესაბამის ორგანოებს მივმართავ“

2012-10-16 19:28:04

ნინო მიქიაშვილი

საქართველოს ახალი ხელისუფლება აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს თავიდან აუცილებლად გადახედავს. ასეთი პასუხი გასცა მომავალმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა for.ge-ს კითხვას.

გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ კი ჩვენთან საუბრისას საჯაროდ დაასახელა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც სამი წლის წინ უთხრა გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ციხიდან გაუჩინარების შესახებ.

გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის გარკვევას 2009 წლის 10 სექტემბრიდან სამართლებრივი გზით ვცდილობდით, მაგრამ სასჯელაღსრულების სამინისტრომ და შემდეგ სამივე ინსტანციის სასამართლომ არ გაგვიმხილა საჯარო ინფორმაცია, თუ სად, რომელ საპყრობილეში იხდის სასჯელს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული. 2011 წლის 15 მარტს, ბარათელის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა, რის შემდეგაც მას შესაბამისი ნომერი № 18865/11 მიენიჭა. ჩვენს უფლებებს საქართველოში იცავდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, იგივე საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი, ხოლო ევროპულ სასამართლოში ჩვენს უფლებებს საიას ადვოკატი ნათია კაციტაძე იცავს.

ჟენევაში მყოფ რუსუდან შარაძესთან ინტერვიუ ინტერნეტის საშუალებით ჩავწერეთ. შეგახსენებთ, რომ რუსუდან შარაძე ჟენევაში 2006 წლიდან ცხოვრობს. შვეიცარიის ხელისუფლებისგან პოლიტიკური თავშესაფარი 2011 წელს, მოთხოვნიდან ერთ თვეში მიიღო.

აპირებთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას?

-რუსუდან შარაძე: ზუსტი თარიღის დასახელება მიჭირს, მაგრამ საქართველოში მალე ჩამოვალ.

ოფიციალურად როდის მიმართავთ ახალ ხელისუფლებას, მამათქვენის საქმესთან დაკავშირებით? მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც თავისი მოვალეობის შესრულებას ახალი პარლამენტის დამტკიცების შემდეგ შეუდგება, განაცხადა, რომ გურამ შარაძის საქმეს აუცილებლად გადახედავენ და შეისწავლიან.

-ყველამ ვიცით, თუ რა მძიმე მემკვიდრეობა ხვდება ახალ ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ მოვლენები ისედაც სწრაფად განვითარდება და ჩვენი მხრიდან სულსწრაფობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

მადლობელი ვარ ბატონი არჩილ კბილაშვილის, მისგან სხვანაირ პასუხს არც ველოდი. რა თქმა უნდა,ჩამოსვლისთანავე შესაბამის ორგანოებს მივმართავ, რათა გურამ შარაძის მკვლელობის საქმე თავიდან და სამართლიანად გამოიძიონ, მითუმეტეს, რომ სულ ახლახანს,პატიმარ გიორგი ჩიხლაძის სახით ახალი მოწმე გამოჩნდა.თუმცა,მამაჩემის მკვლელობის საქმის ძიებაში თავიდან დასაბრუნებლად ჩვენ სხვა მტკიცებულებებიც საკმაოდ გვაქვს.

თქვენი ინფორმაციით, მზად არიან თუ არა ჩვენების მისაცემად მკვლელობის თვითმხილველები, რომელთა მონათხრობი მკვლელობის ოფიციალურ ვერსიას არ ემთხვევა?

-არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არათუ ჩვენთვის უკვე ცნობილი თვითმხილველები,არამედ, კიდევ უამრავი მოწმე გამოჩნდება დანათელი საბოლოოდ მოეფინება, ვინ და როგორ მოკლა გურამ შარაძე.

ახლა შეგიძლიათ ღიად ისაუბროთ, სამი წლის წინ ვინ შეგატყობინათ ბარათელის გაუჩინარების ამბავი?

-დიახ, შემიძლია. აქამდე წყაროს დასახელებისგან თავს ვიკავებდი, მაგრამ გუშინ, 15 ოქტომბერს ბატონმა ლევან გვიშიანმა ამის უფლებამომცა, რისთვისაც თქვენი მედიასაშუალებით მისადმი მადლიერებას გამოვხატავ.

თავიდანვე ვშიშობდი, რომ გიორგი ბარათელს, რომელსაც 27-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, სააკაშვილის ხელისუფლება მოიშორებდა, რადგან ის, ადრე თუ გვიან, ერთადერთ სიმართლეს აუცილებლად იტყვის- მას გურამ შარაძე არ მოუკლავს და ამ საქმეში ის იძულებით ჩართეს.

ეს ეჭვი 2009 წლის აპრილის ცნობილი საპროტესტო აქციების დროს გამიძლიერდა, მაშინ როდესაც ხელისუფლება თბილისში, თითქმის, პარალიზებული იყო და ზუსტად არავინ იცოდა ხვალ რა იქნებოდა. სწორედ, ამ დროს, 2009 წლის მაისის დასაწყისში, ჩვენმა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა მითხრა ლევან გვიჩიანის ნამბობი, რომ თითქოს, მისი მეგობრის ნათესავმა გიორგი ბარათელი ესპანეთში ნახა.

არ გიცდიათ ლევან გვიჩიანთან, ან იმ ადამიანთან დაკავშირება, რომელმაც თითქოსდა ბარათელი ესპანეთში ნახა?

-ჩემი აზრით, გიორგი ბარათელს ხელისუფლება არსად გააპარებდა, რადგან ბარათელი ის ბომბია, რომელიც როდის გასკდება არავინ იცის. არავისთან მიცდია დაკავშირება, მით უმეტეს ლევან გვიჩიანთან. ცნობილია, რომ მისი ძმა – გია გვიჩიანი სასჯელს შეთითხნილი ბრალდებით იხდის. ამიტომ, ახალი თავსატეხი აღარ გავუჩინე. არც წყაროს დასახელებაზე მიფიქრია, თუმცა გახმაურება საჭიროდ ჩავთვალე, რადგან ვფიქრობდი:

თუ ეს იყო შემთხვევით გავრცელებული ჭორი,ანუ ვინმეში შეეშლათ გიორგი ბარათელი, ჩემგან ამ ამბის გახმაურებით არაფერი შავდებოდა, მითუმეტეს, არ ვიცოდი რას მოიმოქმედებდნენ ბარათელის წინააღმდეგ; ხოლო თუ ეს ხელისუფლების მიერ შეგნებულად გავრცელებული ჭორი იყო, მაშინ ჩემი ეჭვი ბარათელის მოშორებასთან დაკავშირებით,თითქოს, დასტურდებოდა, რადგან, მაშინდელ პოლიტიკურად ცხელ ვითარებაში, თუ ვინმე მოიკითხავდა ციხეში ბარათელს, მის არყოფნას“ესპანეთში გაპარებით“ახსნიდნენ.

ეს ჩემი აზრია და დანარჩენი თქვენ უკეთ იცით, თუ როგორ ასაიდუმლოებს გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელს ხელისუფლება.

ხომ არ დაკავშირებიხართ ირაკლი ოქრუაშვილს, მამათქვენის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მისგან რაიმე სიახლე ხომ არ გაგიგიათ? მისი პირადი მძღოლი, ამჟამად პატიმარი გიორგი ჩიხლაძე ხომ ამბობს, რომ მას დათა ახალაია გასაღებით დაემუქრა – “ყველაფერი გვითხარი, თუ არა შესაწყალო, როგორც მე დავგეგმე და შევასრულე გურამ შარაძის მკვლელობა, ისე გაგასაღებო“;

-ირაკლი ოქრუაშვილს პირადად არ დავკავშირებივარ. ვფიქრობ, ბატონ ირაკლის საჯაროდ თუ რამე აქვს სათქმელი, როცა საჭიროდ ჩათვლის, თავად იტყვის.

აქამდე, თუნდაც მოარული ინფორმაციის სახით გსმენიათ თუ არა მამათქვენის მკვლელობის საქმესთან დათა ახალაიას კავშირის შესახებ?

-არაფერი მსმენია კონკრეტულად დათა ახალაიაზე, თუმცა არ მიკვირს – ის და მისი ოჯახის წევრები ხომ ცნობილი მკვლელები არიან!

http://www.for.ge/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s