შარაძეების სამი საფლავი, გურამ შარაძის დაბადების დღე და წერილი შვეიცარიიდან

ლია ტოკლიკიშვილი

დღეს, 17 ოქტომბერს, ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გურამ შარაძის დაბადების დღეა. რა თქმა უნდა, ამ დღეს არ შეიმჩნევენ ხელისუფლების ერთგული მედიები. სააკაშვილის ხელისუფლებამ, სულ მცირე, ის დააშავა გურამ შარაძის სიცოცხლის, სახელისა და ხსოვნის წინაშე, რომ მთლიანად გააყალბა მისი მკვლელობის ფაქტზე აღძრული საქმე; მკვლელობა ისეთ პირს მიაწერა, რომელსაც ეს დანაშაული არაფრით უდასტურდება; მკვლელად გამოცხადებულ პირსა და შარაძის ოჯახს შორის ეჭვის ძაფები დახლართა, რამაც შარაძეების ოჯახს კიდევ ერთი სასიკვდილო დარტყმა მიაყენა – გურამ შარაძის უმცროსი შვილი, გიორგი შარაძე, გარდაიცვალა.

https://guramsharadze.files.wordpress.com/2010/10/guram-sharaze-svilebtan-_-lasastan-da-giorgistan-ertad.jpgრუსუდან შარაძე, გურამ შარაძის ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი შვილი, პოლიტიკურ დევნილობაშია შვეიცარიაში. მას საქართველოში დედა და სამი საყვარელი ადამიანის საფლავი დარჩა. ერთ–ერთთან, მამის, გურამ შარაძის, საფლავთან, რუსიკო დღეს აუცილებლად სხვა წევრებთან ერთად მივიდოდა…

რუსუდან შარაძე, შვეიცარიიდან:

– მამაჩემის დაბადებისა და გარდაცვალების დღეები განსაკუთრებით მძიმეა ჩემთვის. ის რომ არ მოეკლათ, დღეს 71 წლის გახდებოდა და მე მის გვერდით ვიქნებოდი. თითქმის არასდროს იხდიდა დიდ დაბადების დღეს, მითუმეტეს, ლაშას მკვლელობის შემდეგ ჩვენს ოჯახში ლხინი დამთავრდა. თუმცა, ოჯახის წევრებისთვის, რა თქმა უნდა, ეს დღე განსაკუთრებული იყო. ყოველთვის ვურეკავდი ღამის პირველის ერთ წუთზე, ვულოცავდი და ამაზე ვხალისობდით, ბავშვივით უხაროდა… ბოლოს, 2006 წლის 17 ოქტომბერსაც, ერთად ვიყავით. მეორე დღეს სასწავლებლად მოვდიოდი ჟენევაში და მტკივნეულად მახსოვს, განვიცდიდი განშორებას. ხშირად თავს ვადანაშაულებ, რომ წამოვედი და უკანასკნელი თვეები მის გვერდით არ გავატარე.

–ბატონი გურამი იკვლევდა ემიგრანტი ქართველების ცხოვრებას. და წლების შემდეგ შენ, მისი შვილიც, ემიგრანტი გახდი. ალბათ, არის რაღაც საკრალური ამაში…

– პათეტიკაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ საქართველო არ მიმიტოვებია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე პოლიტიკური ემიგრანტი გავხდებოდი. ეს სიტყვა ახლაც სხვანაირად ხვდება ყურს და დღემდე განსაკუთრებულ ასოციაციას იწვევს. მამაჩემს ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში არალეგალურად ჩამოჰქონდა ემიგრანტული პრესა, რომელსაც სახლში, თავის სამუშაო კაბინეტში, წიგნების კარადაში ინახავდა. შვილებს არასდროს გვეკრძალებოდა, მის ბიბლიოთეკაში (სადაც აურაცხელი წიგნია) მოგვეძიებინა ესა თუ ის ლიტერატურა, მხოლოდ მის სამუშაო მაგიდაზე გაშლილ წიგნებს არ უნდა შევხებოდით. ჩემს ძმას, გიორგის, რომელიც მაშინ 11 წლის იყო, შემთხვევით მიუგნია ემიგრანტული ჟურნალ-გაზეთებისთვის და თურმე ჩუმად კითხულობდა. ერთხელაც, როდესაც სახლში მარტონი ვიყავით, დამიძახა და საიდუმლოდ გამანდო, თუ რა იყო ეს. მაშინ გავიგე პირველად სიტყვა ,,ემიგრანტი’’. ამის შემდეგ მეც დავიწყე ჩუმ-ჩუმად კითხვა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არ მესმოდა, მაგრამ გაოგნებული ვიყავი წაკითხულით.

– ქართველი ემიგრანტები არასდროს იღებდნენ სამშობლოდ სხვა ქვეყანას. ამაზე ბატონი გურამის აზრიც წამიკითხავს. რას აძლევს ადამიანს მდიდარი, კარგი, განვითარებული ქვეყანა, თუკი ის ვერ ხდება სამშობლო და მაინც სხვისი ქვეყანაა?

– შვეიცარიამ შემიფარა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მომცა იმედი, რომ სამართალი სადღაც, ქვეყანაზე, არსებობს. აღარ მინდა იქ ცხოვრება, სადაც პრეზიდენტი მამაჩემის მკვლელია. გნებავთ, ამას თავის გადარჩენა დაარქვით, გნებავთ, პროტესტის უკიდურესი ფორმა.

თბილისში ბოლოს შარშან ამ დროს ვიყავი, გურამ შარაძის 70 წლის იუბილე გადავიხადეთ. ძალიან გულგატეხილი დავბრუნდი ჟენევაში და საბოლოოდ მივიღე პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გამიჭირდა და ახლაც მიჭირს, რადგან საქართველოში მეგულებიან ყველაზე ძვირფასი ადამიანები, უპირველესად, დედა, მაგრამ… გატკეპნილ გზაზე ფუჭი იმედებით სიარული სისულელედ მიმაჩნია. დრო ყველას და ყველაფერს გამოაჩენს, დამნაშავე პასუხს აგებს, ბევრს შერცხვება.

–ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მე არ წავიდოდი. თუნდაც იმიტომ, რომ მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენისთვის მიმეღწია. თუმცა ეს მაქედანაც შეიძლება გააკეთო.

– საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. ჩვენ ხელთ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ გურამ შარაძე მოკლა ორმა დაქირავებულმა მკვლელმა და გიორგი ბარათელი ამ საქმეში უდანაშაულოა. როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მამაჩემის მკვლელობის საქმის თავიდან გამოძიება და ნამდვილი მკვლელების დასჯა მოხდეს. საქართველოში დაბრუნების იმედის გარეშე ერთი საათიც ვერ ვიცოცხლებ. ლაშა როდესაც მოკლეს და ჩემს მშობლებს საფლავი საფიქრალი გაუხდათ, მეგობარმა, რომელსაც ასევე შვილი ჰყავდა მოკლული, ურჩია მათ ვერის სასაფლაო. იქ, ერთი ოჯახივით ვართო. მართლაც, ასე აღმოჩნდა. დედაჩემს, სანამ ავარიაში არ მოყვა, რვა წლის განმავლობაში, თითქმის არცერთი დღე არ გამოუტოვებია, ქარში, წვიმაში, სულ იქ იყო. ტრადიციად გვექცა, როგორც კი ახალ წელს სახლში შევხვდებოდით, მაშინვე ლაშასთან ავდიოდით… აღდგომას, შობას ხომ, თავისთავად, იქ ვხვდებოდით. აღარაფერს ვამბობ ლაშას დაბადებისა და მკვლელობის დღეებზე… ერთხელ, ლაშა ახალი გარდაცვლილი იყო, შუაღამისას, უეცრად გადავწვიტე და ავედი სასაფლაოზე. როცა მივუახლოვდი, სიბნელეში, საფლავის ქვის წარწერაზე შუქი იყო მინათებული. გული გამისკდა, მაგრამ მაინც მივედი. გიორგი აღმოჩნდა, ვიცოდი, მოხვიდოდიო. იმის მერე იქ აღარასდროს ასულა ცოცხალი. ვერ იტანდა სასაფლაოს. მე პირიქით, იქ ვპოულობდი შვებას. ახლა, მითუმეტეს, როდესაც სამივეს საფლავი იქაა, ეს ადგილი ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ამ ადგილიდან იწყება ჩემთვის საქართველო.

შენ წეღან მკითხე ემიგრანტებზე. ემიგრანტებს ყველა დროში ყველაზე მეტად, ალბათ, ნოსტალგია აერთიანებთ. რაც შეეხება მსგავსებას, ემიგრანტების ძველ თაობასთან, რომელზეც მამა წერდა – მათ მსგავსად, ჩემი ოჯახის წევრებიც, პოლიტიკური ტერორის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს ოჯახსაც ისევე გაანადგურებდნენ, როგორც ამას ბოლშევიკები სჩადიოდნენ.

–ძალიან მაინტერესებს, ვინ იყვნენ გურამ შარაძის მშობლები და როგორ ოჯახში გაიზარდა.

–ბებიაჩემი, ნინა ბელიქანიძე, 53 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, მე არც ვიყავი დაბადებული. ამბობენ, რომ ძალიან ლამაზი და თბილი ქალი იყო. ბაბუაჩემი, სევერიან შარაძე, ძალიან მკაცრი, მშრომელი და დაფასებული კაცი იყო. სოფელ გურიანთაში უზარმაზარ მიწას, საქონელს, შინაურ ფრინველს და ა.შ. ყველაფერს თვითონ უვლიდა, უთენია დგებოდა და შეღამებამდე მუშაობდა. არ მახსოვს მისი მხრიდან შვილიშვილებთან უხეშობა, თუმცა, ჩვენც მოკრძალებულად ვექცეოდით. საოცარი გურული იუმორი ჰქონდა. ბაბუა 1986 წელს გარდაიცვალა.

http://7days.ge/index2.php?newsid=13715

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s