2011 წელი

***

გურამ შარაძის ქალიშვილს შვეიცარიამ თავშესაფარი მისცა

პროფესორის ოჯახის ტრაგედია

“მამა ორმა დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა”

ექსკლუზიური ინტერვიუ რუსუდან შარაძესთან

ცოტა ხნის წინ, ცნობილი პროფესორის, გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდანს, შვეიცარიამ თავშესაფარი მისცა. მისმა მეუღლემ, მსახიობმა თემო გოგიძემ და ქალიშვილმა, გასულ კვირას, საქართველო დატოვეს. საზოგადოებისთვის შარაძეების ოჯახის ტრაგედია ცნობილია. დღემდე ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია. რატომ გახდა რუსუდან შარაძე იძულებული თავშესაფარი ეძებნა, ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციას, მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ რუსო, თქვენს ოჯახს ბევრი ტკივილის გადატანა მოუხდა. ყველაფერი ძმის, ლაშას მკვლელობით დაიწყო. ძალიან მტკივნეულია იმ მძიმე დღეების გახსენება, მაგრამ, იქნებ გვიამბოთ, თქვენი ოჯახის ტრაგედიაზე?

_ ლაშას მკვლელობა უმძიმესი დარტყმა იყო და ამით ჩვენი ოჯახის ბედნიერი ცხოვრება დამთავრდა. წარმოიდგინეთ, მამაჩემის მდგომარეობა. იცოდა, რომ ლაშას, მის მიმართ ნასროლი ტყვია მოხვდა, მაგრამ მან ეს ტვირთი ისე ზიდა, მორალურად ვერ გაანადგურეს.

ჩვენს ოჯახზე კომუნისტების დროიდან ხორციელდებოდა მორალური ტერორი, რაც დამოუკიდებელ საქართველოში, ფიზიკურ ტერორში გადაიზარდა. 1998 წლის 17 ივნისს, მძღოლმა, ლაშა, საკუთარ ლოგინში მოკლული იპოვა. თავში ერთი ტყვია ჰქონდა ნასროლი. ბევრი რამ, მათ შორის, ცხედრის მდგომარეობაც ცხადყოფდა, რომ ლაშას მძინარეს ესროლეს. ტანზე გახდილი იყო, გვერდულად იწვა, ერთი ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული, მეორე იდაყვზე ედო. იარაღი იქვე, ლოგინზე ეგდო. ეს რომ მკვლელობა იყო, ადგილზევე დაადასტურეს ცნობილმა ექსპერტებმა _ თამარ დეკანოსიძემ და მაია ნიკოლეიშვილმა. ჯერჯერობით, კონკრეტულად, ხელს ვერავის დავადებ. ფაქტია: პირველი ინფორმაცია, რაც მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ მამაჩემს უთხრა (ოჯახის წევრები სახლში არ შეგვიშვეს), იყო ის, რომ თითქოს, ნასვამ ლაშას გული აერია და დაიხრჩო. ამის შემდეგ, ცხედარი სადარბაზოს უკანა კარიდან პროზექტურაში ისე გააპარეს, რომ მამას არც უთხრეს. მომენტალურად, თბილისის პოლიციის შეფმა სოსო ალავიძემ და თბილისის პროკურორმა, ნუგზარ გაბრიჩიძემ საგანგებო პრესკონფერენცია მოაწყვეს. განაცხადეს, რომ ლაშამ თავი მოიკლა, ხოლო ტყვიის გულა დაიკარგა. ამ და სხვა უამრავი ფაქტის გათვალისწინებით, ნათელია, რომ ეს წინასწარგანზრახული, პოლიტიკური მკვლელობა იყო გურამ შარაძის მორალურად გასანადგურებლად. მიუხედავად, მამაჩემის თავდაუზოგავი მცდელობისა, საქმე დღემდე გამოძიებული არ არის.

_ მას პირადად რატომ არ გაუსწორდნენ?

_ მაშინ, გურამ შარაძეს ხელაღებით ვერ მოკლავდნენ. სხვათაშორის, 1998-2004 წლებში მან ოთხჯერ მოიწვია პრესკონფერენცია. აცხადებდა, რომ მისი ფიზიკური განადგურება იგეგმებოდა, მაგრამ ამაზე რეაგირება არ მომხდარა. პირველი ასეთი განცხადებიდან ოთხთვენახევრის შემდეგ ლაშა მოკლეს. ძალიან მალე, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პირადი დაცვა დაუნიშნა. 2003 წლის დეკემბერში კი რევოლუციურმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ მოუხსნა, პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის _ ნინო ბურჯანაძის პირადი ბრძანებით. ამასთან დაკავშირებით, გურამ შარაძემ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოში აკრედიტებულ ყველა ქვეყნის ელჩს, სადაც ახალი ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ გაჩაღებულ მორალურ და პოლიტიკურ ტერორზე საუბრობდა და ჩვენს სიცოცხლეზე პასუხისმგებლობასაც ამ ხელისუფლებას აკისრებდა. მე ხელთ მაქვს ეს წერილი.

_ ბატონი გურამის მკვლელობის საქმე დღემდე ბურუსით მოცულია, ხომ არ გაქვთ რაიმე ახალი ინფორმაცია?

_ ხმამაღალ ნათქვამში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი დღესავით ნათელია მას შემდეგ, რაც მკვლელობის საქმის მასალებს გავეცანი, შევისწავლე ,,ალდაგის’’ ვიდეო-თვალით გადაღებული ფირი, შევხვდი და ვესაუბრე მკვლელობის თვითმხილველებს. ფაქტებზე დაყრდნობით, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ გურამ შარაძე ორმა დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა, ბარათელისგან განსხვავებით, მაღლებმა და ,,ავაზასავით მოქნილებმა’’ (მოწმის სიტყვებია). სხვათაშორის, ერთ-ერთ სასამართლოზე, სადაც ჩვენი ადვოკატების მოთხოვნით ეს ფირი აჩვენეს, გიორგი ბარათელმა თავისი თავი ვერ ამოიცნო. ბარათელს არათუ არ მოუკლავს მამაჩემი, არამედ, ის იძულებით ჩართეს ამ საქმეში. აქვე დავამატებ, რომ 2007 წლის 30 სექტემბერს, როდესაც პირველი სასამართლო პროცესი ჩატარდა, საგანგებოდ ჩავედი თბილისში, რათა საკუთარი თვალით მენახა გიორგი ბარათელი. როცა შემოიყვანეს და შემომხედა, შევატყვე, ,,მიწა გაუსკდა’’. მე შევძახე: ,,გიო, ჩვენ ვიცით, შენ დამნაშავე არ ხარ, ჩვენ შენთან ვართ!’’, მან თავი დამიქნია და აღელვებისგან, თვალები აუწყლიანდა. ამის მოწმე უამრავი ადამიანია. ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ბარათელი მკვლელი არ არის. სანამ გურამ შარაძის მკვლელები ხელისუფლებაში არიან, რა თქმა უნდა, სასამართლოში სიმართლე არ დამტკიცდება. მაგრამ, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, სწორედ, ქართული მართლმსაჯულების წინაშე აგებს პასუხს ყველა, დაწყებული ცრუ მოწმე პატრულის თანამშრომლებით _ ლევან ბოჭორიშვილით და რობერტ პანიევით, დამთავრებული მკვლელობის შემსრულებლებით და შემკვეთებით. არსებობს სამი უტყუარი რამ: მკვლელობის საქმის მასალები (სადაც უამრავი მნიშვნელოვანი ფაქტია დაფიქსირებული), ,,ალდაგის’’ ფირი (გამოშიგნული და გაფუჭებული, მაგრამ საკმარისი სიმართლის დასადგენად) და ათეულობით მოწმე. აქედან ერთიც საკმარისია თავისუფალ გარემოში, თავდაყირა დადგეს გურამ შარაძის მკვლელობის ოფიციალური, შეთითხნილი ვერსია.

_ სამწუხაროდ, თქვენს ოჯახს თავს ახალი ტრაგედია დაატყდა _ გიორგის გარდაცვალება. ამბობენ, რომ ის დეპრესიაში იყო და მკვლელობასთან მისი სახელის გაჟღერებას ძალიან განიცდიდა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, როგორ ცხოვრობდა ბოლო დროს?

_ ვფიქრობ, ჩვენს შორის, ყველაზე ტრაგიკული ბედის, მაინც გიორგი აღმოჩნდა. სადღაც, ალბათ, კანონზომიერებაც არის, რადგან ის ჩვენში გამორჩეული იყო. გიორგი ტყვიის გარეშე მოკლეს, ცოცხლად, ნელ-ნელა. გურამ შარაძის ცხოვრებაში, არც პირადში, არც საზოგადოებრივში, არ არსებობდა არც ერთი კომპრომატი, ამიტომ მიზანში ჩემი შუათანა ძმა ამოიღეს, რომლის სახელი მართალია, ირიბად, მაგრამ მაინც გარიეს ამ მკვლელობაში. ხელისუფლების გეგმაში ჩაჯდა ოპერატორი გიორგი ბარათელი, სრულიად უთვისტომო ადამიანი, არც ისეთი საამაყო წარსულით. გამოძიება ამბობს: 2007 წლის 20 მაისის საღამოს, თბილისში, ქუჩაში ფეხით მომავალმა გიორგი ბარათელმა დაინახა ასევე ფეხით მომავალი გურამ შარაძე, გაახსენდა 7 წლის წინანდელი წყენა, რომელიც მას გიორგი შარაძემ მიაყენა და იქვე იძია შური მამაზე _ პირველივე სასიკვდილო ტყვიის შემდეგ, ორი საკონტოლო ტყვიაც დაახალა. რა ეწყინა ბარათელს, 7 წლის წინ და რატომ არცერთხელ არ უცდია ამ წლების განმავლობაში, მას ჩემს ძმასთან ურთიერთობის გარკვევა, ამას გამოძიება ვერ აკონკრეტებს, პირიქით, არც უარყოფენ, რომ გიორგი შარაძეს და გიორგი ბარათელს შვიდი წლის მანძილზე ერთმანეთი საერთოდ არ უნახავთ.

მე მეამაყება, რომ ვარ გიორგი შარაძის და, რომელიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, იყო ნოვატორი მოდერნული ქართული ტელევიზიის. აგრეთვე, გიორგი იყო ის, რომელმაც ციურიხელი ქართველოლოგი ქალბატონის _ ლეა ფლურის ოჯახში მიაკვლია და საქართველოს დაუბრუნა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის, 1921 წლის კონსტიტუციის, შტანდარტისა და გერბის ორიგინალები. 2000 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა იმ დოკუმენტების ორიგინალები, რაც 1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოებრიობის იურიდიული საფუძველია.

გიორგი შარაძე 2009 წლის 30 ივნისს გარდაიცვალა. ფიზიკურ ტკივილს სულიერი ტკივილიც დაერთო. ვერ გადაიტანა ამხელა უსამართლობა. ჯერ ძმა მოუკლეს _ ვერ დაიცვა, მერე მამა მოუკლეს _ ვერ დაიცვა, ამას დამატებული, ბარათელის ამბავი. გიორგი, ფაქტობრივად, მამას გადაჰყვა. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, ტანზე არ გაუხდია, ტახტზე იწვა, ტელევიზორთან. სრულ მარტოობაში გარდაიცვალა. წინა დღით მამა კახამ აზიარა. წყალიც ვეღარ მიიღო, ისე წავიდა ამქვეყნიდან…

_ რა იყო ბოლო წვეთი, რამაც პოლიტიკური თავშესაფრის ძიებისკენ გიბიძგათ?

_ 2006 წლის ოქტომბრიდან ჟენევის უნივერსიტეტში ვსწავლობ, მაგრამ მამაჩემის მკვლელობის შემდეგ, ნახევრად საქართველოში ვიყავი. შეძლებისდაგვარად, ხალხს არ ვავიწყებდით გურამ შარაძეს. დავაარსეთ მისი საზოგადოება, რომელიც აღნიშნავდა ყოველ 17 ოქტომბერს და 20 მაისს _ გურამ შარაძის დაბადების და მკვლელობის დღეებს. თურმე, პრესა, ჯერ კიდევ არ ყოფილა საბოლოოდ დასამარებული, აქტიურად შუქდებოდა ეს ყველაფერი. ოპოზიციის წარმომადგენლებს ვხვდებოდი და ვთხოვდი ერთადერთს _ ამოეღოთ ხმა იმ უსამართლობაზე, რასაც მამაჩემის საჯაროდ დახვრეტა ჰქვია. მპირდებოდნენ, მაგრამ… დღემდე არ ვიცი, რა ხდება. არ მსურს ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა და ოპოზიციაზე ცუდის თქმა, მათ სინდისზე იყოს მათი დუმილი. ჩვენ ამ ყველაფერს შიშველი ხელებით ვაკეთებდით და ხალხის და ღმერთის გარდა, არავის იმედი არ გვქონია. ბედნიერი ვარ, რომ ბევრი თავდადებული ადამიანი გავიცანი. ყველას უღრმეს მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, კონკრეტულად არ ჩამოვთვლი, ვშიშობ, ვინმე გამომრჩება.

ბოლოს, 2010 წლის 17 ოქტომბერს გურამ შარაძის 70 წლის იუბილე გავმართეთ. საგანგებოდ ამ დღისთვის შევქმენით ვებ-გვერდი (https://guramsharadze.wordpress.com/), სადაც თავმოყრილია ქართულ პრესაში 1996-2007 წლებში გამოქვეყნებული მამას ინტერვიუები; აგრეთვე, მისი მკვლელობიდან დღემდე, პრესაში დაბეჭდილი წერილები, ჟურნალისტური გამოძიება, ფოტო და ვიდეო-მასალები, მიძღვნილი ლექსები და სხვა… გამოყენებულია 57 ჟურნალ-გაზეთის, 16 სააგენტოსა და ინტერნეტ-გამოცემის მასალები, ჟურნალისტთა რიცხვი 162-მდე აღწევს. ძალიან სამწუხაროა, რომ იუბილემ და ვებგვერდის პრეზენტაციამ ისე ჩაიარა, რომ ფაქტობრივად, არ გაშუქებულა. სტუმრების რიცხვმაც, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად იკლო…

ერთი ადგილის ტკეპნა არ მიყვარს, ვერც ბედს ვეგუები იოლად. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, საქართველოში ბრძოლის არცერთი გზა არ დაგვიტოვებია. რა თქმა უნდა, ბრძოლა გრძელდება და დღეს ამ ბრძოლის აზრს ვხედავ აქ, კონკრეტულად, ჟენევაში.

_ თავშესაფრის მიღება არ გაგიჭირდათ?

_ ვფიქრობ, ჩემის მხრიდან მიზანშეუწონელი იქნებოდა დეტალებზე საჯაროდ საუბარი, თუ რა პროცედურების გავლა დამჭირდა, რათა პოლიტიკური თავშესაფარი მიმეღო. ერთს გეტყვით _ მაქვს განცდა, რომ გარკვეულწილად, სამართალი ვიპოვე. წარვადგინე ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება გურამ, ლაშა და გიორგი შარაძეებზე. ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, თუ რამდენად დამაჯერებელი იქნებოდა ეს ყველაფერი, სრულიად უცნობი და ნეიტრალური შვეიცარიელებისთვის. მათ მხოლოდ მომისმინეს, რა თქმა უნდა, შეფასებები არ გაუკეთებიათ, ეს არ შედის მათ კომპეტენციაში. უპრეცედენტოდ მოკლე დროში, ფოსტით მივიღე შეტყობინება, რომ გადაწყვეტილება დადებითია. მადლობის მეტი რა მეთქმის?! რამდენი პოლიტიკური დევნილიც ეყოლება სააკაშვილის დემოკრატიულ ხელისუფლებას, იმდენი სილის გაწნა იქნება პირადად ,,შუქურასთვის’’, მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რაც მას ქართველი ხალხისგან ელოდება.

_ თქვენზე ხომ არ ხორციელდებოდა რაიმე სახის ზეწოლა?

_ პირდაპირი სახით ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში, ჩემი თბილისში ჩამოსვლის დღიდან, ჩემს მობილურ ტელეფონზე არ წყდებოდა უწმაწური, მუქარის შემცველი ზარები და მესიჯები. ჟენევაში ყოფნისას, თვეობით, ჩემი ,,ლაი-ლაის’’ ბარათი მუდმივად გამორთულია ქსელიდან. ძნელი დასაჯერებელია, შემთხვევით მომხდარიყო, რომ ვიღაც უცნობი ადამიანები თვეების მანძილზე ელოდებოდნენ ჩემი ტელეფონის ჩართვას, იმისთვის, რომ უმისამართო გინება და მუქარა აეტეხათ. ეს იყო მორალური ტერორი, რომელსაც, სამწუხაროდ, შეჩვეული ვარ.

_ ფაქტი რატომ არ გაახმაურეთ?

_ განგაშის ატეხვა არ მივიჩნიე საჭიროდ, რადგან გეხსომებათ ასეთი ფაქტი: 2002 წლის ივლისში ,,მაგთის’’ 10 ათას აბონენტს, ხაკერული წესით, დაეგზავნა ასეთი მოკლე ტექსტური შეტყობინება: ,,სიკვდილი ფაშისტ გურამ შარაძეს! გაუმარჯოს ,,თავისუფლების ინსტიტუტს!’’ ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გამოძიებამ მიაკვლია სმს-ის ავტორს _ სოროსის ფონდის თანამშრომელს, ვინმე ოთარ ქაროსანიძეს. გაიმართა სასამართლო, რომელსაც მეც ვესწრებოდი. ქაროსანიძე სრულიად უზნეოდ და გამომწვევად იქცეოდა. რა თქმა უნდა, პასუხი არ უგია. ამის შემდეგ, ოთარ ქაროსანიძემ არათუ შეწყვიტა ასეთი საქციელი, არამედ, უკვე გურამ შარაძის პირად მობილურზე გააგრძელა უწმაწური და მუქარის შემცველი მესიჯების გაგზავნა. მან ესეც არ იკმარა, 2007 წლის 20-22 მაისს უკვე დახვრეტილ მამაჩემს უგზავნიდა მესიჯებს პირად მობილურზე: ,,რა თქმა უნდა, პოლიტიკური მკვლელობა იყო, ფაშისტი იყო და იმიტომაც ჩააძაღლეს! ახია მაგაზე!’’; ,,მუსოლინის გვერდზე დამარხეთ ეგ გახრწნილი!’’; ,,ყველა ფაშისტს ეგრე მოუვა! ყველაფერი მხოლოდ საკუთარ თავებს დააბრალეთ, თქვე დამპლებო და კაციჭამიებო!’’. აი, ეს მესიჯები, რომლებიც დღემდე ინახება მამაჩემის მობილურში, ვანახე გამომძიებლებს, ბოლო მესიჯი მათთან ჩემი ყოფნის დროსაც მოვიდა, მაგრამ ამაზე რეაგირება არ მომხდარა. ამ ყველაფერის შემდეგ, ხომ მართლაც სასაცილო იქნებოდა ჩემი მხრიდან განგაშის ატეხვა?!

_ დედა, ქალბატონი სვეტლანა, როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას? მისი ერთადერთი ქალიშვილიც რომ არ იცხოვრებს საქართველოში?

_ გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ მიმიღია, ძალიან ბევრი ვიფიქრე, რადგან ამ ნაბიჯს, სხვასთან ერთად, საყვარელ ადამიანებთან განშორების ტკივილიც ახლავს. წინასწარ გავუზიარე დედას, მეუღლეს, დეიდას და დედამთილს, მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგი ეს ნაბიჯი. ისინი გაგებით მოეკიდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. მათ თუ არა, აბა ვინ იცის, რა ხდება ჩვენს თავს?! ყველას გვაქვს განცდა, რომ განშორება დროებითია.

_ საქართველოში ჩამოსვლა გეკრძალებათ?

_ ამას რომ მეკითხებიან, ვხუმრობ, დაპატიმრებული კი არ ვარ-მეთქი. არავის არაფერი აუკრძალავს, ნებაყოფლობით ვთქვი უარი საქართველოში ცხოვრებაზე მანამ, სანამ მამაჩემის მკვლელს ერქმევა საქართველოს პრეზიდენტი. ამასთან, საიდან უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ კაციჭამია სააკაშვილს კვლავ არ მოსწყურდება შარაძეების სისხლი? ცოტნე დადიანი რომ იყო, სულ ცოტა, ცოტნე გამსახურდია უნდა იყო. ვის ახსოვს დღეს ცოტნე, რომელიც მოსკოვიდან თავისი ფეხით ჩამოვიდა და ჩაბარდა ამათ? რა რჯიდა? ეს იყო წარმოუდგენელი გმირობის მაგალითი, მაგრამ, ძალიან სამწუხაროა, რომ ერთეულების გარდა, ეს არავინ დაინახა.

_ თქვენი მეუღლე და შვილიც წამოვიდა საქართველოდან. თემო, საქართველოში საკმაოდ პოპულარული მსახიობია.

_ თემო ჩემთვის არის ღმერთის საჩუქარი, მარიკუნაზე აღარაფერს ვამბობ. არ ვიცი, მათ გარეშე თუ გადავრჩებოდი. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ქმარ-შვილი არაერთხელ ყოფილა ჩემთან და ალბათ, ესეც, გარკვეულწილად, ანეიტრალებს შეგრძნებას, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება. ვფიქრობ, ძალიან დაიჩაგრა თემო, ბედი რომ დამიკავშირა. მოგეხსენებათ, ჩემი ცხოვრება არც ისე იოლი აღმოჩნდა და შეიძლება ითქვას, თემოც მსხვერპლად შევიწირე. ვიცოდი, მაგრამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა მისმა ერთგულებამ და თანადგომამ. მისი პოპულარობა მიხარია, მაგრამ ამასთანავე, გული მწყდება, რომ თავის საქმეში სათანადოდ ვერ დაიხარჯა. კარგია, როცა რეკლამებით ყველა გაგიცნობს, მაგრამ მსახიობისთვის უპირველესი თეატრი და კინოა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თემო ცაგერის სკოლაში სწავლობდა, დიდ სამსახიობო მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ხოლო, უკვე თბილისში, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას, ძალიან გაუმართლა, გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოხვდა და მისი გამოზრდილი და ფავორიტი გახდა. პირადად არ მინახავს, მაგრამ როგორც ამბობენ, დიდი წარმატება ხვდა თემოს ზურიკელას როლში, როდესაც მოზარდმაყურებელთა თეატრში გიგა ლორთქიფანიძემ დადგა უკვდავი ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი’’. ეს ძალიან მეამაყება მეც, რადგან გიზო ჟორდანია და გიგა ლორთქიფანიძე ცოცხალი ლეგენდები არიან.

სამწუხაროდ, ,,ვარდების’’ რევოლუციის შემდეგ, საქართველოში, გურამ შარაძის არათუ შვილებისთვის, არამედ, სიძისთვისაც კი, ადგილი არ მოიძებნა. არასდროს მითქვამს, რომ თემო არცერთმა თეატრმა არ მიიღო. ვის არ მიაკითხა, დაწყებული ლევან წულაძით, დამთავრებული დათო დოიაშვილით, მითუმეტეს, რომ ერთმანეთისთვის ისინი უცხონი არ არიან. ვერ ვიტყვი, რომ თემოზე კონკრეტული ბრძანებაა, უბრალოდ, აქ მოქმედებს თვითცენზურა, რაც საბედნიეროდ, არ აღმოაჩნდათ ერთეულებს. ეს ნამდვილად დასაფასებელია.

_ მისი ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს ნაბიჯს?

_ ჩვენ რაღაცნაირად ტრაგიკულები შევხვდით ერთმანეთს. თემოსაც მამა და ძმა ერთ წელიწადში გარდაეცვალა. დედამისიც თემოს ამარა დარჩა, მაგრამ ძლიერი ქალია, აქეთ გვეხმარება და გვამხნევებს. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.

_ რუსო, გვიამბეთ თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე. როგორც ვიცი, სწავლობთ. როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

_ სასწავლებლად ჟენევა შემთხვევით არ ამირჩევია. აქ იყო XX საუკუნის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი ცენტრი, როგორც მეფის რუსეთის, ისე კომუნისტების დროს, განსაკუთრებით, მათი მმართველობის პირველ ნახევარში. ამასთან, ჟენევაში თავის უკანასკნელი წლები გაატარა XX საუკუნის გენიამ _ გრიგოლ რობაქიძემ. აქ, პირველად, 1998 წლის მაისში, მამასთან ერთად ჩამოვედი. მან იცოდა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, კერძოდ, ერთა ლიგის არქივში, დაცული იყო ქართველი დიპლომატის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის _ ხარიტონ შავიშვილის პირადი არქივი. გურამ შარაძეს, რომელიც მაშინ პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, უნდოდა ამ არქივის გაცნობა და შვეიცარიული მხარის თანხმობის შემთხვევაში, საქართველოში დაბინავება. ის შეხვდა გაეროს ჟენევის განყოფილების ხელმძღვანელს და არქივზე პასუხისმგებელ პირებს. გაცნობის პრობლემა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, მაგრამ გადმოცემაზე უარი თქვეს, რადგან აქ, არათუ ამხელა არქივს, თითოეულ ფურცელსაც კი უფრთხილდებიან და ეროვნულ სიმდიდრედ მიიჩნევენ. მხოლოდ, ასლების გადმოცემაზე დათანხმდნენ და ისიც, იმ შემთხვევაში, თუ არქივის ქართული ნაწილს აღვწერდით და კატალოგს გავაკეთებდით. ქართული ნაწილი კი აღმოჩნდა 50 ყუთი, ერთმანეთში სრულიად არეულ-დარეული კორესპოდენცია, პრესა, წიგნები და ა.შ… ჩვენ 2 კვირით ვიყავით და ბუნებრივია, ეს არ მოესწრებოდა. ამ საქმისთვის 1998 წლის სექტემბერში მამამ მარტო გამომიშვა და შობის დღესასწაულამდე, შეიძლება ითქვას, გაეროს სარდაფიდან არ გამოვსულვარ, რადგან ერთადერთი ადგილი, სადაც სივრცე მყოფნიდა მასალის გაშლისა და აღწერისთვის, სარდაფში, საცავი აღმოჩნდა. ასე დავინტერესდი ხარიტონ შავიშვილის პიროვნებით. ერთ წელიწადში კიდევ ჩამოვედი ჟენევაში უკვე მასზე საკანდიდატო დისერტაციისთვის: ,,ხარიტონ შავიშვილი – შვეიცარიელი ქართველი’’, დეტალების შესავსებად, რომელიც 2001 წელს თბილისში დავიცავი. ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო. რაც წლები გადიოდა, არ მაკმაყოფილებდა ჩემი საკანდიდატო ნაშრომი. სურვილი მკლავდა, მისი შევსების და ზოგადად, განათლების გაღრმავების. 2006 წელს ჟენევაში ჩამოსვლის თავდაპირველი მიზანი დოქტორანტურაში სწავლა და დისერტაციაზე მუშაობა იყო. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა ადვილი, მითუმეტეს, სანახევროდ თბილისში მომიხდა ყოფნა. ამიტომ, ჯერ ვსწავლობდი ჟენევის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტის მაგისტრატურაში, ამჟამად, ვამთავრებ იგივე უნივერსიტეტის ზოგადი ისტორიის ფაკულტეტის მაგისტრატურას, მეოცე საუკუნის ისტორიის განხრით. ვმუშაობ დიპლომზე ,,ჟენევა _ XX საუკუნის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრი’’. რა თქმა უნდა, საყრდენი წერტილი იქნება გურამ და გიორგი შარაძეების მიერ მოპოვებული მასალები. ჩემი ხელმძღვანელია ძალიან ცნობილი პროფესორი ფრანსუა ვალტერი. ვფიქრობ, მამასაც გაუხარდებოდა, თუ ჩემს მცირეოდენ წვლილს შევიტანდი იმ უდიდეს საქმეში, რასაც თავად ჩაუყარა საფუძველი და რასაც ზოგადად, XX საუკუნის ქართული ემიგრაციის ისტორია ჰქვია. ბედის ირონიაა, რომ XXI საუკუნეში, მამაჩემის შვილი, მეც ემიგრანტთა რიცხვს შევუერთდი.

რუსო შარაძის მეუღლეს, მსახიობ თემო გოგიძეს გამგზავრებამდე შევხვდი და რამდენიმე კითხვით მივმართე.

_ თემო, წასვლის წინ რა განწყობა გაქვთ?

_ ბუნებრივია, ვღელავ. იმედი მაქვს, საქართველოდან ცოტა ხნით მოგვიწევს წასვლა. მეგობრებმა მითხრეს, _ რომ მიდიხარ, თან გვიხარია და თან არაო. დედას გაუჭირდება ჩვენს გარეშე, მაგრამ ხომ იცით, დედა გამუდმებით შვილის კარგად ყოფნაზე ფიქრობს. მისთვის მთავარია, რომ ჩვენი ოჯახი ერთად იყოს. სიმართლე გითხრათ, ყველაფერი უცებ მოხდა. არც მე და არც რუსუდანს, ამაზე არ გვიფიქრია. არ მიყვარს სიტყვა, _ ემიგრაციაში ყოფნა. ყველამ იცით, ჩემი სიმამრი ამ საკითხს როგორ ეფერებოდა. არ მეგონა, ჩვენც ასეთი ბედი თუ გველოდა.

_ ალბათ, ძალიან გიჭირდათ მეუღლის გარეშე ყოფნა. მით უფრო ქალიშვილის აღზრდა.

_ რომ გითხრათ, არ მიჭირდა-მეთქი, მოგატყუებთ. რუსუდანი იქ სწავლობს, მუშაობს და ბავშვი ჩემთან და ბებიებთან გაიზარდა. მეგობრები გაკვირვებულები არიან ჩემი საქციელით: _ არ გვჯეროდა, თემო ბავშვს ასე თუ გაზრდიდაო. ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ერთადერთ ქალიშვილს ვზრდი ისე, როგორც შემიძლია. ძალიან კარგი მეგობრები ვართ მე და ჩემი მარიკუნა. ხან ვჩხუბობთ, ხან ერთმანეთს ვეფერებით. დღემდე ბავშვის დაძინების პრობლემა მაქვს. რთულად გასავლელია დაბანის და დაძინების პროცედურა. პატარა რომ იყო, მე ვბანდი.

_ საქართველოში საკმაოდ პოპულარული მსახიობი ხართ. საყვარელი საქმის დატოვება რომ გიწევთ, გული არ გწყდებათ?

_ ჩემთვის სიტყვა პოპულარობა სულ სხვაა. პოპულარული მსახიობი ზაზა პაპუაშვილია. კაცობის, ზნეობის მაგალითი. საქართველოში დაიბადა, თორემ ჰოლივუდს დაიპყრობდა. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ არის შოუმენი, როცა ამ ქალაქში “უცნობი” დადის? არც ერთს არ ვიცნობ და ასე თამამად მათზე ამიტომ ვსაუბრობ… ხალხის სიყვარულს ნამდვილად ვგრძნობ. ლევან თუთბერიძის ფილმმა “ქაღალდის ტყვიამ” ცნობადი გამხადა. დღემდე მესმის ქუჩაში ფრაზა, _ ორი ლარი. ძალიან მიყვარს გიორგი ლიფონავა. ვერ გავექცევით ფაქტს, რომ ლევან კოღუაშვილის ფილმი, “ქუჩის დღეები”, მთელმა მსოფლიომ ნახა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ფილმში პატარა წვლილი მეც მაქვს. ქართული სერიალები კი ცალკე თემაა… როლებით განებივრებული არ ვიყავი. ძირითადად, ბავშვი და მისი სკოლა იყო ჩემი დღის განრიგი. არადა, როლი თვითრეალიზაციისთვის აუცილებელია.

_ გურამ შარაძის სიძეობამ სამსახიობო კარიერაში ხელი ხომ არ შეგიშალათ?

_ არ მინდა ამაზე საუბარი. ამ ოჯახის ტრაგედია საზოგადოებისთვის ცნობილია. დღეს ყველა სფეროში ფარდის უკან ჩასაფრება და მიყურადებაა მოდაში. არც მე და არც რუსუდანს, ფარდის უკან დამალვა არ გვჩვევია, ეს არ არის ჩვენი წესი. მადლობა ღმერთს, რომ არიან ადამიანები, რომლებისთვის ზნეობა უმთავრესია. ჩემი პედაგოგი, გიზო ჟორდანია გვასწავლიდა, _ ჯერ უნდა იყო კაცი და მერე არტისტი. სამწუხაროდ, ბოლო დროს, ძალიან ცოტა კაცს ვხედავ და ბევრ არტისტს.

_ რას ეტყვით იმათ, ვინც თქვენს ემიგრაციაში ყოფნას გააქილიკებს?

_ მთელი ოჯახი ამოწყვიტეს და სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. რუსუდანი პრესტიჟულ უნივერსიტეტს ამთავრებს, რამდენიმე ენა იცის, მაგრამ მითხარით, მას რა პერსპექტივა აქვს საქართველოში? ისიც უნდა შეეწიროს? ჯერ ლაშა მოკლეს, მაგრამ გურამი ვერ გატეხეს. იცით, მერე ის როგორ დახვრიტეს, მერე გიორგიც გახდა მსხვერპლი. შვეიცარიის მთავრობა პასუხიმგებლობას იღებს. სამწუხაროა, ასეთი მამის შვილს სხვა ქვეყანა გცნობს დაზარალებულად და შენს ქვეყანაში რომ შენი ადგილი არ არის. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ ვიღაც მემუქრება და დამსდევს, მაგრამ ფაქტია, რუსუდანის მიმართ ეს ხდებოდა. როგორც კი ჩამოვიდოდა საქართველოში, ზარები არ წყდებოდა. მოკვლის მუქარა არ ყოფილა, მაგრამ იყო გინება და ცდილობდნენ მის გამწარებას… გავა დრო და გურამ შარაძეს ქართველი ხალხი ძეგლს დაუდგამს. ის ამ ქვეყანას შეეწირა. საქართველო მის სულში და გულში იყო და მას სამშობლოს სიყვარული არ აპატიეს.

_ რა გეგმები გაქვთ?

_ პირველ რიგში მინდა ფრანგული კარგად ვისწავლო. დამავიწყდა, რადგან შეხება არ მქონდა… ხვალ რა იქნება არ ვიცი, უფალი ამბობს, _ დღევანდელი დღით იცხოვრეო. მე სამშობლოში ჩქარა დაბრუნებასაც ველოდები. ჩემთვის ჩემი სამშობლოა, ძალიან თბილი. არ მინდა პოლიტიკური შეფასებები ვაკეთო, თორემ, თქვენი ჟურნალის ფურცლები არ გვეყოფა. მიხარია, ქუჩაში ხალხი სიყვარულით რომ მხვდება. როცა მესალმებიან, როგორც გურამ შარაძის სიძეს, ასმაგდება ეს სიყვარული. ისე უნდა იცხოვრო ადამიანმა, რომ შვილს თვალებში გამართულად ჩახედო და ისე დააძინო. მარიკუნასთვის ნანაც გვიმღერია მე და რუსუდანს. როცა მარტო ვაძინებდი, სხვა სიმღერებს ვუმღეროდი… ახლა ბოდიშს მოგიხდით, აეროპორტში მაგვიანდება, დიდი გზა მაქვს გასავლელი, დიდი მადლობა.

_ წარმატებებს გისურვებთ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ,,გზა’’, 12 მაისი, 2011

***

გიორგი ბარათელის შესახებ საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო

10:28 11.05.2011

[ნინო მიქიაშვილი]

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ, გიორგი ბარათელის შესახებ, ჩვენი განაცხადი ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

”ზემოხსენებულ საჩივარს სასამართლო განიხილავს შესაძლებლობისთანავე, თქვენს მიერ წარმოდგენილი საბუთებისა და ინფორმაციის საფუძველზე. სასამართლო პროცედურა, უმეტესად, წერილობითი გახლავთ და თავად თქვენ და მომჩივანი მოწვეულნი იქნებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ამას საჭიროდ მიიჩნევს. სამდივნო დაუყოვნებლივ გაცნობებთ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ…” – ამგვარი შინაარსის წერილი მიიღო სტრასბურგის სასამართლოდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ნათია კაციტაძემ, რომელიც ევროსასამართლოში ჩვენს უფლებებს იცავს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 10 სექტემბერს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37–ე, 38–ე მუხლების საფუძველზე, განცხადებით მივმართეთ სასჯელაღსრულების იმჟამინდელ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს და ვთხოვეთ ჩვენთვის მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, თუ სად, რომელ საპყრობილეში იხდიდა სასჯელს აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ბარათელი. უარი იმ მოტივით გვითხრეს, რომ ეს იყო საიდუმლო ინფორმაცია.

ამის შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს დამხარებისთვის მივმართეთ – სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ადმინისტრაციული სარჩელი შევიტანეთ, რასაც მოჰყვა პროცესები საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. საქალაქომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, სააპელაციომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი ჩვენი საკასაციო საჩივარი არ განიხილა.

სამივე ინსტანციაში ჩვენს უფლებებს იცავდნენ, მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები: თათული თოდუა, თამარ გურჩიანი და ანა შალამბერიძე. მათ კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას გაწეული დახმარებისა და გულისხმიერებისთვის.

ევროპულ სასამართლოში საჩივარი 15 მარტს გაიგზავნა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტრასბურგში ჩვენს უფლებებს საია-ს იურისტი, ნათია კაციტაძე იცავს. ევროპულ სასამართლოს ვთხოვთ დაადგინოს კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა, რომელიც შეეხება ინფორმაციის მიღების და გავრცელების უფლებას.

”სტრასბურგიდან ამ წერილის მიღება ნიშნავს, რომ ყველა მასალა ევროპულ სასამართლოში ჩავიდა, ამ საქმემ რეგისტრაცია გაიარა და კონკრეტული ნომერი მიენიჭა, რომლის შემდგომ ეტაპზე, რაღაც საბუთების გაგზავნა იქნება, თუ სხვა პროცედურების განხორციელება, ეს მითითებული ნომრით მოხდება. საქმეს ჰქვია – ”ნინო მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, რომლის ნომერია № 18865/11”, – ამბობს ნათია კაციტაძე.

მისივე განმარტებით, ამის შემდეგ სასამართლო დასაშვებობის ეტაპს ამოწმებს და მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ჩვენთვის ცნობილი ეს საქმე დასაშვებად ცნო სასამართლომ, თუ დაუშვებლად. თუ ჩვენს მიერ გაგზავნილ საჩივარსა და დოკუმენტაციაზე დაყრდნობით სასამართლო ჩათვლის, რომ კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა იკვეთება, საქმეს დასაშვებად ცნობს და საქართველოს მთავრობას კითხვებს გამოუგზავნის, რომელსაც პასუხი ორი თვის განმავლობაში უნდა გაეცეს. არსებული პროცედურის მიხედვით, ამ კითხვების შინაარსი მომჩივან მხარესაც ეგზავნება.

მთავრობის მიერ გაცემული პასუხების შემდეგ თავისი მოსაზრებები მომჩივანმა მხარემ ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთხელ უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც სასამართლო ყველა არგუმენტს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

ინფორმაცია აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ არა მარტო ჩვენ გვაინტერესებს – ეს ინფორმაცია საზოგადოებრივი, საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს. ჩვენ სწორედ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის ლეგიტიმური გზით მოპოვებას ვცდილობდით, სანამ ჯერ ქართულ და შემდეგ ევროპულ სასამართლოს მივმართავდით.

სასამართლო პროცესების პარალელურად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის დახმარებით, წერილობით მივმართეთ, რათა ამ უწყებას ერთგვარი შუამავლის ფუნქცია შეესრულებინა – ჩვენ ვითხოვდით გიორგი ბარათელის წერილობით თანხმობას, ან უარს, იმაზე, უნდოდა თუ არა თავად მას, რომ გაგვეგო ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ამგვარი შინაარსის პასუხი გაგვცა – თქვენ ერთხელ ხომ გითხარით, რომ ეს ინფორმაცია საიდუმლოაო?!

იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოპოვებაში ხელი შეგვიშალა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი სახელმწიფო, პროფესიულ, ან კომერციულ საიდუმლოებას არ შეიცავენ. აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია, არც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, არც პროფესიულს და არც კომერციულს. ამ ინფორმაციის გასაიდუმლოებით კი უფრო ბუნდოვანი ხდება 2008 წლის 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე მოკლული გურამ შარაძის საქმე. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მისი ოჯახი და საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღემდე დარწმუნებულია იმაში, რომ გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს.

“presage.tv”

***

გურამ შარაძის მკვლელობიდან 4 წელი შესრულდა

 20.05.2011
[ნინო მიქიაშვილი]

მელიქიშვილის გამზირზე, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის ადგილას, 20 მაისს, 20 საათზე, ”გადაარჩინე სიცოცხლე”, პროტესტის გამოსახატად ეპატიჟება ყველას, ვინც ამ ქვეყანაში ძალადობას, ქუჩაში ადამიანების ჩაცხრილვას და 2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძის დახვრეტას აპროტესტებს.

ამის შესახებ ”ობიექტივთან” საუბრისას ”გადაარჩინე სიცოცხლეს” თავმჯდომარემ, იური ვაზაგაშვილმა განაცხადა.

”ისეთი მამულიშვილი, როგორიც გურამ შარაძე იყო, განსაკუთრებით ახლა, ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. ის, რომ ბატონი გურამი ამ რეჟიმის მსხვერპლია, ცნობილია – ამ უსინდისოებმა ის მოიშორეს. მისი ოჯახი დღემდე იმას ამბობს, რომ გიორგი ბარათელი, რომელიც გურამ შარაძის მკვლელობისთვის 27-წლიან სასჯელს იხდის, არ არის ნამდვილი მკვლელი. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ ეს ხელისუფლება ბარათელის ადგილსამყოფელს ასაიდუმლოებს.

ჩვენი ორგანიზაციის ”გადაარჩინე სიცოცხლე” უმთავრესი მოთხოვნა ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაში მდგომარეობს. ჩვენ ვაპროტესტებთ ძალადობას, ქუჩაში ახალგაზრდების ჩაცხრილვას. იმათ, ვისაც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, ამ სისხლიანი რეჟიმის თავიდან მოცილება და ისეთ ქვეყანაში ცხოვრება უნდა, სადაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები უსაფრთხოდ იცხოვრებენ, მოვუწოდებთ, მოვიდნენ 20 მაისს, საღამოს რვა საათზე მელიქიშვილის გამზირზე, იქ, სადაც ოთხი წლის წინ გურამ შარაძე დახვრიტეს – ერთად გავაპროტესტოთ ძალადობა და პატივი მივაგოთ გურამ შარაძის ხსოვნას, რომელიც ამ რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლია. ჩვენ 20-ში ორ საათზე გავალთ გურამ შარაძის საფლავზე და შემდეგ რვა საათზე შევიკრიბებით მელიქიშვილის გამზირზე, იქ, სადაც ოთხი წლის გურამ შარაძე მოკლეს”, – ამბობს იური ვაზაგაშვილი.

დღეს, 20 მაისს, გურამ შარაძის მეუღლე, ნათესავები და ”გურამ შარაძის საზოგადოების” წარმომადგენლები, გურამ შარაძის საფლავზე შეიკრიბებიან, სადაც ორ საათზე, გურამ შარაძის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის დიდმოწამე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა გიორგი (ცნობილაძე). იმავე დღეს, რვა საათზე, ”გურამ შარაძის საზოგადოების” წარმომადგენლები მელიქიშვილის გამზირზე, მკვლელობის ადგილს ყვავილებით შეამკობენ.

გურამ შარაძე დაიბადა 1940 წლის 17 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ამავე რაიონის №3 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1963 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა, ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის სპეციალობით.

ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად 1966 წელს დისერტაცია წარმატებით დაიცვა, ხოლო 1975 წელს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გახდა. 1967 წელს თსუ-ში მუშაობა დაიწყო. 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა მეცნიერი თანამშრომლისა და სწავლული მდივნის თანამდებობებიდან ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელამდე.

1991-1992 წლების მიჯნაზე იყო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ხოლო 1994 წლიდან თსუ-ში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. 1997 წელს  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს. ამას გარდა, იყო საქართველოს ლიტერატურისმცოდნეობის აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის და რამდენიმე სხვა დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის, ჟურნალისტთა კავშირის და პარიზის ეროვნული საბჭოს წევრი.

გურამ შარაძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას – წლების მანძილზე იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების პრეზიდენტი, ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, აგრეთვე, სრულიად საქართველოს ივანე მაჩაბლის სახელობის საზოგადოების თავმჯდომარე.

1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, გურამ შარაძემ მხარი დაუჭირა საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს – ზვიად გამსახურდიას. ამავე პერიოდში იყო კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების კოლხური კოშკისა და არქივების დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ხოლო გროზნოდან 1992 წელს გამოგზავნილი, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი გახდა.

1992-1993 წლებში გურამ შარაძე იყო აჭარის ა/რ. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის მრჩეველი, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის დარგში. 1995 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ. ამასთან, ამავე პერიოდში იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წ.წ.) სამთავრობო არქივის კომისიის თავმჯდომარე. 1996-1997 წლებში მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნება. 1999 წელს მეორედ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ.

1999 წელს გურამ შარაძემ შექმნა ზეპარტიული ორგანიზაცია “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ხოლო 2001 წელს მოძრაობა “ენა, მამული, სარწმუნოება”. გურამ შარაძეს მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ნიკო ბერძენიშვილისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის წოდება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით და უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედლით, “უნგრეთის ინტერესების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში”.

2004 და 2006 წლებში გურამ შარაძე ,”ხულიგნობისთვის” ორჯერ დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. წინასწარი დაკავების იზოლატროში ერთი თვე გაატარა (ორი კვირა პირველი დაკავების დროს და ორი მომდევნო დაკავების შემდეგ), რისი რეალური მიზეზიც მისი პოლიტიკური  შეხედულებები და საზოგადოებრივი აქტიურობა იყო.

გურამ შარაძეს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული წიგნი და გამოკვლევა, რომელთაგან მხოლოდ მნიშვნელოვან გამოცემებს შეგახსენებთ: თეიმურაზ ბაგრატიონი, ცხოვრება და მოღვაწეობა (მონოგრაფია სამ ტომად), 1972-1974; არქეოგრაფიული ძიებანი, 1973; მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა, 1978; პლატონ იოსელიანი _ რუსთველოლოგი, 1980; ბელა ვიკარი – ”ვეფხისტყაოსნის” უნგრულად მთარგმნელი, 1981; დავით ჩუბინაშვილი – რუსთველოლოგი, 1982; მიკლოშ კიში ტოტფალუში და ქართული სტამბა, 1982; მარი ბროსე და ვეფხისტყაოსანი, 1983; ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე (უორდროპები და საქართველო), 1984; საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე, 1986; პეტრე დიდიდან ლევ ტოლსტოიმდე, 1986;

ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება და მოღვაწეობა (მონოგრაფია ორ ტომად), 1987-1990 წწ; უცხოეთის ცის ქვეშ (ქართული ემიგრაციის ისტორია), სამ ტომად, 1991-1993 წწ; მემედ აბაშიძე, 1995; ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება, 1995; ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება, 1998; ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდა, 1998; ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტომი I, 2001, ტომი II, 2001, ტომი III, 2003, ტომი IV, 2003, ტომი V, 2004, ტომი VI, 2005, ტომი VII, 2005 და ტომი VIII, 2005; ისტორიული რელიკვიების დაბრუნება, 2001; ასე იწყებოდა წმ. ექვთიმე ღვთისკაცი – თაყაიშვილი, 2005; აკაკი წერეთელი, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, ტომი I, 2006; აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, 2006; აკაკის იუბილე, 2006; აკაკის სიკვდილი და დასაფლავება, 2007 (გურამ შარაძის ბიოგრაფიული ცნობები, არასრული სახით, მოგაწოდეთ ვებგევრდზე  https://guramsharadze.wordpress.com/ დაყრდნობით, რომლის წარდგინება გასული წლის 17 ოქტომბერს, ემიგრაციის მუზეუმში მოეწყო).

გურამ შარაძე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა: ჩვენს ქვეყანაში ”იეღოვას მოწმეების” საქმიანობას და ე.წ. თურქი-მესხების ჩამოსახლებას…

გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, საღამოს რვა საათზე თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. გურამ შარაძის სამი შვილიდან უფროსი  – ლაშა, 1998 წლის 15 მაისს საკუთარ ლოგინში, გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით ლაშა შარაძემ თავი მოიკლა. ოჯახისა და იმ ექსპერტების განმარტებით,  ვინც მისი ცხედარი დაათვალიერა, ლაშა შარაძე მძინარე მდგომარეობაში ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. გურამ შარაძის შუათანა შვილი, გიორგი, 2009 წლის 30 ივნისს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

გურამ შარაძის უმცროსი შვილი, რუსუდან შარაძე ამჟამად ქმარ-შვილთან ერთად ჟენევაში იმყოფება – მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს მას შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

რაც შეეხება გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს – იგი 2007 წლის 20 მაისს, გურამ შარაძის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში დააკავეს, გაასამრთლეს და 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გურამ შარაძის ოჯახი, სადაზღვევო კომპანია ”ალდაგის” მიერ გადაღებული ვიდეოფირის ნახვისა და მოწმეთა მონათხრობის საფუძველზე დარწმუნებულია, რომ გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს, რის გამოც, როგორც ამ საქმის მთავარი მოწმე,  თავიდან მოიცილეს. ამ ვერსიას საზოგადოების გარკვეული ნაწილიც იზიარებს.

2009 წლის 10 სექტემბრიდან ოფიციალური, ლეგალური გზით ვცდილობდით საჯარო ინფორმაციის მოპოვებას მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ, რაზეც ჯერ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ, ხოლო შემდეგ სასამართლომ უარი იმ მოტივით გვითხრა, რომ ინფორმაცია ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ არის საიდუმლო.

რადგან ბარათელის შესახებ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საქართველოში უარი გვითხრეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით ევროპულ სასამართლოს მივმართეთ. ჩვენი განაცხადი წარმოებაში გასულ თვეში მიიღეს და შესაბამისი ნომერი მიანიჭეს.

presage.tv

***

გურამ შარაძის შვილმა პოლიტიკური თავშესაფარი შვეიცარიაში ჰპოვა

რუსუდან შარაძემ, მას შემდეგ, რაც ყველა სამართლებრივი გზა და საშუალებები გამოიყენა მისი დიდი მამის – გურამ შარაძის მკვლელობის რეალური მიზეზების, მკვლელობის დამკვეთებისა და ნამდვილი მკვლელების გამოსააშკარავებლად, მაგრამ ვერაფერს მიაღწია, პროტესტის ყველაზე მტკივნეულ ფორმას მიმართა და სამშობლოდან, აწ უკვე ქმარ–შვილით გადაიხვეწა.

უახლესი და ძველი ისტორიების მწარე გაკვეთილებიდან კი ვუწყით, რომ პოლიტემიგრანტთა იმედები, რომ ისინი, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდებოდნენ საყვარელ სამშობლოში, არასოდეს ამხდარა და უცხოობაში, სამშობლოზე ფიქრით და ტანჯვით განლეულან.

ვიმედოვნებთ, რომ რუსუდან შარაძის შემთხვევაში, ანალოგიები შეუსაბამოდ გარდაიქცევა და სააკაშვილის რეჟიმის დასრულებისთანავე, შარაძის ცოცხლად გადარჩენილი ერთადერთი შვილი მაინც საქართველოში გააგრძელებს ცხოვრებას და აღარასოდეს აღარავინ დაემუქრება მის სიცოცხლეს, არამედ სათანადო პატივსაც მიაგებენ.

ასევე ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში აღარასოდეს იარსებებს ნეოკომუნისტური რეპრესიულ–ტერორისტული რეჟიმები, რომლებიც თავში რევოლვერის დამიზნებით გაუსამართლებლად კლავდნენ და კლავენ ერისკაცებს, მამულიშვილებს და სრულიად უდანაშაულო ადამიანებსაც.

გურამ შარაძის დადუმებისთვის, 1998 წლის 17 ივნისს, მძინარე, თავში სროლით მოკლეს მისი შვილი ლაშა შარაძე (პრეზიდენტი ე. შევარდნაძე, შსს მინისტრი კახა თარგამაძე, პოლიციის სამმართველოს უფროსი სოსო ალავიძე).

2002 წლის ივლისში “მაგთის” აბონენტებისათვის გაგზავნილი შეტყობინება – “სიკვდილი ფაშისტ გურამ შარაძეს! გაუმარჯოს “თავისუფლების ინსტიტუტს!” (შეტყობინების ავტორი ამ ინსტიტუტის აქტივისტი ოთარ ქაროსანიძე) – მომავლის მეხთატეხის ხმა აღმოჩნდა.

დიდხანს უგეგმიათ მკვლელობა!

ბოროტი გეგმა 2007 წლის 20 მაისს განახორციელეს. ქუჩაში მიმავალს აადევნეს მკვლელები და მელიქიშვილზე თავში უკნიდან მრავალჯერადი სროლით დახვრიტეს მეცნიერი, პოლიტიკოსი, მამულიშვილი გურამ შარაძე.

“მკვლელი”, უთვისტომო გიორგი ბარათელი, 15 წუთში, “მრგვალ ბაღთან”, მიკროავტობუსში (?!) ჩასხდომისას დააკავეს და მალევე გაასამართლეს. მას შემდეგ, აღარავინ იცის პატიმრის ადგილსამყოფელი და მისი არსებობაც.

გურამ შარაძის ოჯახის ტრაგედია ამით არ დასრულებულა, 2009 წლის 30 ივნისს, დეპრესიულ მარტოობაში გარდაიცვალა პერსპექტიული ახალგაზრდა გიორგი შარაძეც.
სააკაშვილის რეჟიმი მორალური ტერორით რუსუდან შარაძის განადგურებასაც ცდილობდა.

ვინაიდან დღემდე ვერავინ შეძლო პატიმარ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელისა და მდგომარეობი შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ–ერთმა იურისტმა ნათია კაციტაძემ, ბარათელის ადგილსამყოფელის გასაიდუმლოების გამო სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა.

ვეჭვობთ, რომ გურამ შარაძის “მკვლელობაში” დადანაშაულებული გიორგი ბარათელი სააკაშვილ–მერაბიშვილ–ადეიშვილის “ტროიკამ” ცოცხალი გამოუშვას ციხიდან. არსებობს ეჭვი, რომ იგი უკვე აღარც არის ცოცხალი.

გურამ შარაძის ნამდვილი მკვლელები კი, გვირგვლიანის მკვლელებივით, კვლავ თანამდებობებზე სხედან და თავისუფლადაც დანავარდობენ.

ამ კაზუს–ვითარებიდან მხოლოდ ერთადერთი იმედი რჩება: იქნებ, რომელიმე მათგანს აუმხედრდეს სინდისი და გვირგვლიანის ერთ–ერთი მკვლელის, ვასილ სანოძის მსგავსად საფეთქელში მანაც საკუთარი ხელით დაიხალოს ტყვია.

ლეილა ცომაია

გაზეთი “განმათავისუფლებელი”, N29, 2011

***

 ”სააკაშვილმა შური იძია ქართველ ხალხზე, რომელიც ბიოლოგიურად სძულს”

 

”სააკაშვილმა შური იძია ქართველ ხალხზე, რომელიც ბიოლოგიურად სძულს”რუსუდან შარაძე, ჟენევა

ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც 25-26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მოხდა. ალბათ, მწუხარებაზე მეტია, რასაც განვიცდი. ეს არის უსასოობის გრძნობა, როცა შორს ხარ და იმით მაინც ვერ იოხებ გულს, რომ შეურაცხყოფილ ადამიანებს პირისპირ ეუბნები სამძიმარს. აქედან ვუსამძიმრებ ჭირისუფლებს, ვუთანაგრძნობ დაზარალებულებს. არ ვიცი, რა ვუთხრა ოჯახებს, რომლებიც ამოწყვიტეს, უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც მკვლელი სააკაშვილის რეჟიმს მსხვერპლად შეეწირნენ. ამ შემთხვევაში სიტყვები უძლურია.

ძნელია გადმოცემა, რას ვგრძნობდი მაშინ, როცა პირდაპირ ეთერში ვხედავდი, რამდენი ათასი მკვლელი ჰყოლიათ, როგორ სათითაოდ უსწორდებოდნენ და სიკვდილის პირას მიჰყავდათ მშვიდობიანი მომიტინგეები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ 9 აპრილსა და 7 ნოემბერზე მეტად რამე შემზარავდა. ეს იყო ყველაზე სასტიკი, ყველაზე დაუნდობელი სპეცოპერაცია საქართველოს უახლეს ისტორიაში. სააკაშვილმა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე შური იძია და, რაც მთავარია, უკვე მერამდენედ, შური იძია ქართველ ხალხზე, რომელიც ბიოლოგიურად სძულს.

თუმცა, ეს ხომ სამშობლოსთვის დაღვრილი სისხლია! 25 მაისს პარლამენტის წინ იდგა გამწარებული ხალხი – იქ იდგნენ ქართველები, რომლებმაც ჯალათებს კისერი მორჩილად მიუშვირეს. ვინ როგორ გამოიყენა და გამოიყენებს კიდევ, სამომავლოდ, ამ ტრაგედიას, ეს უკვე ჩვენი, ქართველების ღირსების საკითხია.

აქ, ჩემს ირგვლივ, თავისუფალ და დემოკრატიულ შვეიცარიაში, ადამიანებისთვის წარმოუდგენელია ხელისუფლების ასეთი ვანდალური ქმედება. აქ სააკაშვილს უყურებენ, როგორც არანორმალურსა და ავანტიურისტს. დარბევა დეტალურად გადმოსცა აბსოლუტურად ყველა სატელევიზიო არხმა, ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე, დღედაღამ ატრიალეს საკუთარი ხალხის მკვლელის მიწაზე ფორთხვისა და ჰალსტუხის ჭამის კადრები… როდემდე?!

ყველაზე აუტანელი იყო და არის უსამართლობის შეგრძნება. პოლიტიკური დევნილობა ჩემთვის ბედის დაცინვაა, მეტი რა გითხრათ… გულწრფელი თუ ვიქნები, გავეცალე ყველას და ყველაფერს, რათა საბოლოოდ არ დამეკარგა ადამიანების იმედი, რწმენა იმისა, რომ გურამ, ლაშა და გიორგი შარაძეების სისხლი ტყუილად არ დაღვრილა. ხელების ჩამოყრას, ისევ რაღაცის კეთება სჯობს, თუნდაც, მცირედის და თუნდაც, ”კუს ნაბიჯებით’’, რადგან ”სამართალი ურმით დადის’’, მაგრამ დადის და ეშინოდეთ!

არ მაქვს ილუზია, რომ სააკაშვილის წასვლის შემდეგ საქართველო მაშინვე აყვავდება; თუმცა, მაქვს რწმენა, რომ ის გადარჩება. არახალია, რომ ქვეყანა ჯერ დასაბრუნებელია, ხოლო შემდეგ, აგურ-აგურ, თავიდანაა ასაშენებელი. ჩვენ, ემიგრანტები, ამის შორიდან ყურებას ნამდვილად არ ვაპირებთ.

ჩემს ქვეყანას და ხალხს მხნეობას, გამძლეობას, გამარჯვებას ვუსურვებ. დღეს ბევრი აძლევს თავს უფლებას, ისაუბროს ერის სახელით, მაგრამ 28 მაისს დავინახე, რომ ქართველები ამ უფლებას დაუმსახურებლად აღარავის მისცემენ, საქართველოში არაფრის ეშინიათ, საქართველოში ღირსება არ მომკვდარა.

მე ასე მჯერა!

“ახალი 7 დღე”, 3-06-2011

One Response to 2011 წელი

  1. aleko ამბობს:

    ცალკერძ შენა ხარ და შენს პირდაპირ,
    მეორე სახე მე მეხატება
    შენის ქვეყნისა, საქართველოსი.
    რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება
    თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ
    კარგი შვილები რად გვებადება
    ჩვენის ქვეყნისა, ჩვენივეს ძმისა
    ვეღარას ვამბობ ვთრთი, მეხათრება
    ჩემო სამშობლოვ, ჩემო სიცოცხლევ
    არ გეკადრება, არ გეკადრება”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s