2010 წელი

 გურამ შარაძის სიკვდილი და დასაფლავება

 

• ,,პრესა.გე-ს სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება’’,  პრესა.გე, 12.01.2010
• ,,კანონის უგულებელყოფით გასაიდუმლოებული ინფორმაცია’’, პრესა.გე, 14.01.2010
• ,,პრესა.გე-ს სარჩელზე გადაწყვეტილება 29-ში გამოცხადდება’’, პრესა.გე, 14.01.2010
• ,,პრესა-გე-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა’’, პრესა.გე, 29.01.2010
• ,,გიორგი ბარათელზე ნათესავებმა არაფერი იციან, სასამართლომ ინფორმაცია დაგვიმალა’’, პრესა.გე, 9 მარტი, 2010
• ,,რატომ მოკლეს გურამ შარაძე და რა კავშირშია ეს ფაქტი ცნობილი ბიზნესმენის, ზვიად ცეცხლაძის მკვლელობასთან?’’, `ჯორჯიან თაიმსი~, 11 მარტი, 2010
• “ბარათელი თავს გრძნობს კარგად და საპყრობილის ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია“,  პრესა.გე, 13.04.2010
• ,,რუსუდან შარაძე: “არ გამოვრიცხავ, ეს იყოს პროვოკაცია“, პრესა.გე, 14.04.2010
• ,,პრესა.გე სასჯელაღსრულების დეპარტამენტს უჩივის და მოსამართლე სასჯელაღსრულებას ეკითხება რა ვქნაო’’, პრესა.გე, 27.04.2010
• ,,გიორგი ბარათელზე ინფორმაციას უკვე უზენაესი სასამართლოსგან ვითხოვთ’’, პრესა.გე, 29.06.2010
• ,,პრესა.გე–ს სარჩელი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო’’, პრესა.გე
• “აკადემიკოსი ამხელს!”, “ასავალ-დასავალი”, 17-23 მაისი, 2010
• ,,გურამ შარაძის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა’’, პრესა.გე, 20.05.2010
• ,,გურამ შარაძე პირადად სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს!’’, ,,საერთო გაზეთი’’, 26 მაისი, 2010
• რუსუდან შარაძე: “ეს ყველაფერი გურამ შარაძის სახელის ლაფში ამოსვრას ემსახურება”, ”ყველა სიახლე”, 12.08.2010

 
***

პრესა.გე-ს სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა დარასელია დღეს 17 საათზე დაიწყებს პრესა.გე-ს მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას. ჩვენ სასამართლოსგან ვითხოვთ დაავალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს იმ ინფორმაციის გაცემა, რომელიც საჯაროა და რომელსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დღემდე ცოცხალი თავით არ გვაძლევს.
პრესა.გე-ს და ჩვენთან ერთად, საზოგადოების არც თუ პატარა ნაწილს აინტერესებს სად, რა პირობებში იხდიან სასჯელს ამირან (ბუტა) რობაქიძისა და გიორგი გამცემლიძის მკვლელები, ან ვადაზე ადრე ხომ არ გაუთავისუფლებიათ პატიმრობიდან და თუ გაათავისუფლეს, რის საფუძველზე.
ამასთან, პრესა.გე ითხოვს გვითხრან სად იხდის სასჯელს აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ბარათელი.
სასამართლოში ჩვენს უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  წარმომადგენლები – თამარ გურჩიანი და თათული თოდუა დაიცავენ, ამავე ორგანიზაციაში შექმნილი მედიის სამართლებრივი დახმარების ცენტრის ფარგლებში.
სანამ სასამართლოს მივმართავდით, 2008 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დავით ჭაკუას ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ, რომელიც განუხილველად დატოვეს – ინფორმაცია შარაძის, რობაქიძის და გამცემლიძის მკვლელებაში მსჯავრდებულების (გიორგი ბარათელის, გრიგოლ ბაშალეიშვილის და ვახტანგ აბუაშვილის) ადგილსამყოფელის  შესახებ საიდუმლოა და თქვენს საჩივარს არ განვიხილავთო.
ადმინისტრაციულ საჩივრამდე, 2008 წლის 10 სექტემბერს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა იმჟამინდელ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე მუხლების საფუძველზე,  ვთხოვეთ ჩვენთვის მოეცა ის ინფორმაცია, რასაც ახლა სასამართლოს საშუალებით ვითხოვთ.
სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი სახელმწიფო, პროფესიულ, ან კომერციულ საიდუმლოებას არ შეიცავენ.
ინფორმაცია, რომელსაც ამჯერად სასამართლოს საშუალებით ვითხოვთ, საჯაროა და ამასთან, საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს, რის მოწოდებაზეც კანონის დარღვევით უარი უკვე ორჯერ გვითხრეს.
ვიტოვებთ იმედს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნანა დარასელია, ჩვენი საჩივრის განხილვის შემდეგ გამოიტანს კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იძულებული იქნება კანონი აღასრულოს.

ნინო მიქიაშვილი
პრესა.გე, 12.01.2010

კანონის უგულებელყოფით გასაიდუმლოებული ინფორმაცია

საქალაქო სასამართლოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ, პრესა.გე-ს მიერ შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვა 26 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ მოსამზადებელ სხდომაზე გახდა ცნობილი. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ნანა დარასელიამ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, სხდომების აუდიოჩანაწერისა და სასამართლოს მიერ გაკეთებული აუდიოჩანაწერის ასლის მიღების თაობაზე.
პრესა.გე საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ითხოვს ინფორმაციას, რომელიც არის საჯარო და წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტს განსხვავებული პოზიცია აქვს და ამიტომაც არის მოპასუხე. ისინი მიიჩნევენ, რომ ინფორმაცია გურამ შარაძის, ამირან (ბუტა) რობაქიძისა და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების ადგილსამყოფელის (ან ბოლო ორის ვადაზე ადრე გათავისუფლება-არგათავისუფლების) შესახებ საიდუმლოა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მომზადებულ შესაგაბელში წერია: ”ნინო მიქიაშვილის 2009 წლის 10 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია არ არის საჯარო… ნინო მიქიაშვილის განცხადება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს არ დაუტოვებია პასუხგაუცემელი, მაგრამ პასუხი თუ არ აკმაყოფილებს განმცხადებელს, ეს არ ნიშნავს, რომ განცხადება შეუსრულებელია. განცხადებაზე პასუხი გაცემულია კანონის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, პასუხს ეთანხმება თუ არა მოსარჩელე”.
ჩვენ არც სარჩელში და არც ამ თემაზე მომზადებულ პუბლიკაციებში არ გვითქვამს, რომ განცხადება უპასუხოდ დარჩა – ჩვენ ჯერ განცხადებით (2009 წლის 10 სექტემბერს) მოვითხოვეთ ზემოხსენებული ინფორმაცია, შემდეგ ადმინისტრაციული საჩივრით (2009 წლის 29 ოქტომბერს) მივმართეთ და ამანაც რომ არ გამოიღო კანონის შესაბამისი შედეგი, სარჩელი სასამართლოში მხოლოდ ამის შემდეგ (2009 წლის 18 დეკემბერს) შევიტანეთ.
იმათ საყურადღებოდ, ვინც მკვლელობაში მსჯავრდებულების ადგილსამყოფელი, კანონის დარღვევით საიდუმლოდ გამოაცხადა – კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი სახელმწიფო, პროფესიულ, ან კომერციულ საიდუმლოებას არ შეიცავენ. შარაძის, გამცემლიძის და რობაქიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ ინფორმაცია, არც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, არც პროფესიულს და არც კომერციულს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვა, ხელს უწყობს საზოგადოებაში გავრცელებული ვერსიის გამყარებას, რომ რობაქიძის მკვლელმა – გრიგოლ ბაშალეიშვილმა და გამცემლიძის მკვლელმა ვახტანგ აბუაშვილმა საპყრობილის კედლები, სანდრო გირგვლიანის მკვლელების მსგავსად, ვადაზე ადრე დატოვეს, ხოლო გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ბარათელი მოკლეს.
სასამართლოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ინტერესებს ეთერ შენგელია იცავს, ხოლო პრესა.გე-ს ინტერესებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები – თათული თოდუა და თამარ გურჩიანი.

ნინო მიქიაშვილი
პრესა.გე, 14.01.2010

 

პრესა.გე-ს სარჩელზე გადაწყვეტილება 29-ში გამოცხადდება

დღეს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ნანა დარასელიამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ, პრესა.გე-ს მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა დაასრულა. მოსამართლე გადაწყვეტილებას 29 იანვარს, 13 საათზე გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ პრესა.გე მოითხოვს სასჯელაღსრურლების დეპარტამენტმა მოგვაწოდოს საჯარო ინფორმაცია სად, რომელ საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ბარათელი. ასევე ვითხოვთ, ინფორმაციის მოწოდებას იმაზე, იხდიან თუ არა სასჯელს ამირან (ბუტა) რობაქიძისა და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულები: გიორგი ბარათელი და გრიგოლ ბაშალეიშვილი; ან თუ ეს ორი ადამიანი ვადაზე ადრეა გათავისუფლებული, მაშინ განგვიმარტონ რის საფუძველზე მოხდა ეს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ინფორმაცია ამირან (ბუტა) რობაქიძის, გიორგი გამცემლიძისა და გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ, საჯარო არ არის, საიდუმლოა.
სასამართლოში ჩვენს ინტერესებს იცავენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციასთან არსებული ”მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის” წარმომადგენლები –  თათული თოდუა და თამარ გურჩიანი; სასჯელაღსრულების დეპარტამენტს კი ეთერ შენგელია წარმოადგენს.

ნინო მიქიაშვილი
პრესა.გე, 14.01.2010

 

პრესა-გე-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ჩვენი სარჩელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ნანა დარასელიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დაავალდებულა მოგვცეს ინფორმაცია დღეის მდგომარეობით იხდიან თუ არა სასჯელს ამირან (ბუტა) რობაქიძისა და გიორგი გაცემლიძის მკველელობაში ბრალდებულები: გრიგოლ ბაშალეიშვილი და ვახტანგ აბუაშვილი. თუ მსჯავრდებულები გათავისუფლებულები არიან, მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ჩვენთვის იმის განმარტება მოუწევს, რის საფუძველზე გაათავისუფლეს ისინი.
ჩვენს სასამართლოსგან ასევე ვითხოვდით დაევალდებულებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჩვენთვის მოეცა ინფორმაცია, საქართველოს რომელ საპატიმრო დაწესებულებაში იხდის სასჯელს აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ბარათელი. ამ ინფორმაციის მოწოდებაზე მოსამართლე ნანა დარასელიამ უარი გვითხრა. კონკრეტულად რით იქნება დასაბუთებული ეს უარი, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაგვბარდება. კანონის თანახმად, სარეზოლუციო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში, სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, მხარეთათვის გადასაცემად.
ანუ დასაბუთებული გადაწყვეტილება 13 თებერვლამდე უნდა ჩაგვბარდეს, რომლის გაცნობის შემდეგ პრესა.გე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული ”მედიის სამართლებრივი ცენტრის” წარმომადგენლებთან – თათული თოდუასა და თამარ გურჩიანთან ერთად (რომლებიც სასამართლოში ჩვენს უფლებებს იცავენ) გადაწყვეტს როგორ, რა გზითა და მექანიზმებით მოიპოვებს ინფორმაციას გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ.
გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე, რომელიც 26 იანვარს, საქალაქო სასამართლოში, საქმის არსებით განხილვას ესწრებოდა, პრესა.გე-სთან საუბრისას, მოსამართლის გადაწყვეტილებას ასე აფასებს:
”სიმართლე გითხრათ, ზუსტად ამ შედეგს ველოდებოდი. სამწუხაროდ,  საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემს აზრში, რომ გიორგი ბარათელი, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა, რომ გურამ შარაძე არ მოუკლავს, თავადაც მოკლულია. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე… მიუხედავად ყველაფრისა, ამ ეტაპზე მაინც გამარჯვებად ვთვლი იმას, რომ თქვენ კედელთან მიაყენეთ სასამართლო – იძულებული გახადეთ სარჩელი ნაწილობრივ მაინც დაეკმაყოფილებინა”.
ჩვენს კითხვაზე – რის საფუძველზე აცხადებთ იმას, რომ გიორგი ბარათელი მოკლულია, რუსუდან შარაძე ამბობს:
”მამაჩემის მკვლელობის დღიდან ვაცხადებ რომ მთავარი მოწმის, გიორგი ბარათელის სიცოცხლე საფრთხეშია. გასულ გაზაფხულზე ეს ეჭვი იმან   გამიძლიერა, რომ ხმა გაავრცელეს – გიორგი ბარათელი ესპანეთში გააპარესო. ეს ინფორმაცია ხელისუფლებამ შეგნებულად გაავრცელა. სინამდვილეში კი გიორგი ბარათელი მოკლეს, ასეულობით ათასიანი საპროტესტო აქციების დროს, როდესაც ხელისუფლების ბედი ბეწვზე ეკიდა და არავინ იცოდა რა მოხდებოდა. ხელისუფლებამ კვალი მოსპო – მას არ სჭირდებოდა ცოცხალი ბარათელი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, თუ რა მოხდა, როგორ იძულებით მიიყვანეს მკვლელობის დღეს, მკვლელობის მიდამოებში”.

ნინო მიქიაშვილი
პრესა.გე, 29.01.2010

 

გიორგი ბარათელზე ნათესავებმა არაფერი იციან,
სასამართლომ ინფორმაცია დაგვიმალა

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის შესახებ მისი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა არაფერი იციან – არც ის, რომელ საპყრობილეშია და არც ის, თუ როგორ გრძნობს თავს. ბარათელის ნათესავებმა პრესა.გე-ს მათთან მეორედ დარეკვა აუკრძალეს.
რადგან ჯერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, ხოლო შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია დაგვიმალა, პრესა.გე  იძულებული გახდა სააპელაციო სასამართლოსთვის მიემართა, სადაც სარჩელი 9 მარტს შევიტანეთ – ჩვენ ვითხოვთ ინფორმაციას, რომელიც საჯაროა და ამავდროულად, წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, რადგან, გურამ შარაძის ოჯახი, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, დარწმუნებულია, რომ ბარათელი მკვლელი არ არის და რომ ნამდვილი მკვლელი დაუსჯელია.
გიორგი ბარათელის მდგომარეობის დასადგენად დახმარებისთვის წერილობით სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი არსენიშვილს და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი ლორთქიფანიძესაც მივმართავთ; პრესა.გე მათ სთხოვს გამოიყენონ კანონით მინიჭებული მექანიზმები, გაარკვიონ, რა პირობებში იხდის სასჯელს გიორგი ბარათელი, როგორია მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობა (სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში) და ეს ინფორმაცია წერილობით გვაცნობონ.
მას შემდეგ, რაც ბარათელის ნათესავებისგან შევიტყვეთ, რომ მის შესახებ არაფერი იციან და ამასთან, საქალაქო სასამართლომაც დაგვიმალა ეს ინფორმაცია,  გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდან შარაძეს, რომელიც ამჟამად ჟენევაში სასწავლებლად იმყოფება, ინტერნეტის საშუალებით, ორი კითხვით მივმართეთ; პასუხები მასალის ბოლოს შეგიძლიათ წაიკითხოთ.
მანამდე სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ იმ საუბრის შინაარს, რომელიც ჩვენსა და გიორგი ბარათელის ნათესავებს შორის შედგა. გიორგი ბარათელის გამზრდელ ბიძას (დედის ძმას), როლანდ გრიქუროვს ტელეფონით დავუკავშირდით.
_ ბატონ როლანდს სთხოვეთ.
– ვინ ხართ?
_ მე ნინო მიქიაშვილი ვარ, ჟურნალისტი.
– დიახ. რა გნებავთ?
_ ბატონი როლანდი ბრძანდებით?
– დიახ.
_ მე ვწერ თქვენი დისშვილის, გიორგი ბარათელის შესახებ – ბოლოს როდის ნახეთ, ან ამანათი როდის გაუგზავნეთ?
– ერთი წუთით მომისმინეთ, ყურადღებით! ძალიან გთხოვთ, ამ ნომერზე არასდროს დარეკოთ, იმას ჰყავს მამა და მიაკითხეთ იმას.
_ ხომ ვერ დამეხმარებით?! როგორ ვიპოვო?
– ზუსტი მისამართი  მე არ ვიცი. თქვენ თუ ჩემი გაიგეთ, იმისი რატომ არ შეგიძლიათ გაიგოთ?
_თქვენი მისამართი საქმის მასალებიდან გავიგე.
– საქმის მასალაში მე რა მინდა გენაცვალე?! მე ვარ ბიძამისი და ძალიან გთხოვთ, ნუ მაწუხებთ რა, ძალიან გთხოვთ.

ამ სიტყვების შემდეგ როლანდ გრიქუროვმა ტელეფონი გათიშა. საქმის მასალებში გიორგი ბარათელის ძმის, მამუკა ბარათელის კოორდინატებად იგივეა მითითებული, რაც როლანდ გრიქუროვის შემთხვევაში. რამდენიმე დღის შემდეგ მამუკა ბარათელთანაც ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ – როლანდ გრიქუროვმა გვითხრა, რომ მამუკა ბარათელი მასთან არ ცხოვრობს და მას ვერ გვაპოვნინებს.
გიორგი ბარათელის მშობელი მამის, ვახტანგ ბარათელის ოჯახშიც დავრეკეთ. ტელეფონზე მისმა მეუღლემ გვიპასუხა და ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა:
_ ბატონ ვახტანგს სთხოვეთ, თუ შეიძლება.
– ვინ ბრძანდებით?
_ მე ნინო მიქიაშვილი ვარ, ჟურნალისტი.
– ვახტანგი საერთოდ არ არის სახლში, მივლინებებშია და რაიონებში თვეობით რჩება.
_ თქვენ მისი მეუღლე ბრძანდებით?
– დიახ.
მე ვარ ინტერნეტგამოცემა პრესა.გე-ს კორესპონდენტი; ერთადერთი კითხვის დასმა მინდა, რომელზე პასუხიც თქვენც შეიძლება იცოდეთ, თუ ნებას დამრთავთ და არ გამიბრაზდებით.
– არ ვიცი, ვნახოთ.
_ თქვენი მეუღლე მის შვილს ნახულობს, ან ამანათს უგზავნის?
– არ ვიცი, მე გიორგის არ ვეკარები და არც ჩემი მეუღლე მგონია უჩემოდ რამეს აკეთებდეს; ამანათი თუ მოამზადა, ესე იგი მე უნდა მივიღო მონაწილეობა; მე არაფერში მიმიღია მონაწილეობა და არც ჩემს მეუღლეს.
_ თქვენს მეუღლეს შვილთან მიმოწერა აქვს?
– არავითარი.
_ იცით რომელ საპყრობილეშია გიორგი ბარათელი?
– არ ვიცით, არ ვიცით ნამდვილად.
_ ბოდიში რომ შეგაწუხეთ, კარგად ბრძანდებოდეთ.

გიორგი ბარათელის მამის ოჯახში მეორედ 8 მარტს დავრეკეთ; ვახტანგ ბარათელთან საუბარი და შეხვედრა გვინდოდა. ყურმილი ისევ მისმა მეუღლემ აიღო:
_ გამარჯობათ, მე ნინო მიქიაშვილი ვარ, ჟურნალისტი, რამდენიმე დღის წინ დავრეკე.
– ჟურნალისტი?! სულ არ მჭირდება, ჩემთან რატომ რეკავთ? ვერ გავიგე. მე არავითარი კავშირი არა მაქვს იმ ბიჭთან და მამამისი ცუდად არის, დასავლეთში წევს, გაცივდა კაცი, გაუბედურდა და მეტი რაღა ვქნა?! აღარ მაქვს ეს ნერვები; ძალიან გთხოვთ, აქ აღარ დარეკოთ, რა.

პრესა.გე-ს მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ჩვენ საქალაქო სასამართლოსგან მოვითხოვდით ინფორმაციას ამირან (ბუტა) რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების (გრიგოლ ბაშალეიშვილისა და ვახტანგ აბუაშვილის) შესახებ, რომელიც დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნა, გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულს ეხებოდა.

რუსუდან შარაძის პასუხები, პრესა.გე-ს კითხვებზე, ასეთია:
_ როგორ აფასებთ საქალაქო სასამართლოს 29 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა პრესა.გე-ს სარჩელი, იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა მამათქვენის მკვლელობაში მსჯავრდებულის ირგვლივ არსებული ვითარების გარკვევას?
– საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და განსაკუთრებით, ის ფაქტი, რომ პრესა.გე-ს სარჩელის მხოლოდ ერთი ნაწილი დაკმაყოფილდა, საბოლოოდ მარწმუნებს ჩემს აზრში, რომ გურამ შარაძის მკვლელობის მთავარი მოწმე, გიორგი ბარათელი მოკლულია. პოლიციელების – აბუაშვილისა და ბაშალეიშვილის შემთხვევაში რამეს მოიფიქრებენ, რათა საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ისინი სასჯელს ნამდვილად იხდიან, მაგრამ გიორგი ბარათელს ხომ ვერ გააცოცხლებენ?!
მას შემდეგ, რაც უამრავ მოწმეს შევხვდი, ,,ალდაგის’’ ფირი სკრუპულოზურად შევისწავლე და საქმის მასალებს გავეცანი, დეტალურად აღდგა სურათი, თუ რა მოხდა 2007 წლის 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე და მის მიდამოებში. დასკვნა ერთია – გურამ შარაძე ორმა დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა, რომელთა შორის, გიორგი ბარათელი, არცერთი არ არის და მეტიც, ის მკვლელობის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. 
ფაქტებზე დაყრდნობით, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გიორგი ბარათელი არათუ არ თანამშრომლობდა მკვლელებთან, არამედ, პირველივე წუთებიდან, მათ წინააღმდეგობას უწევდა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ბარათელს, დაკავებისას, არცერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. ეს იქვე სამართალდამცავების მიერ იმითაა ახსნილი, რომ ბარათელი დაჭრილია მარჯვენა მხარში. არადა, თუნდაც ,,ინტერპრესნიუსის’’ ფოტოებზე (რომელიც თქვენც მოგაწოდეთ), სისხლის კვალის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ ბარათელი მარცხენა მხარშია დაჭრილი. ამასვე ადასტურებს საქმის მასალებში არსებული ექიმის დასკვნაც. იმავე საქმის მასალებში დევს გიორგი ბარათელის ნათესავის, ალექსანდრა  პირუმოვას ჩვენება, რომლითაც ბევრ რამეს ფარდა ეხდება; თუმცა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილს, საჭიროდ არ ჩაუთვლია პირუმოვას მოწმედ გამოძახებაც კი. ამ  ქალბატონის ჩვენებას უცვლელად გადმოგცემთ:
,,2007 წლის 14 მაისს ბარათელის ბიძა როლანდ გრიქუროვი მოვიდა ჩემთან სახლში და მოიყვანა თავისი დისშვილი. მთხოვა, რომ გიორგის დეიდა ცუდად არის და ნემსებს რომ უკეთებენ, გიორგი ცუდად ხდებაო. დავთანხმდი და დავიტოვე ჩემთან. ,,რუსთავი 2-ში“ მუშაობდა. დილის 9-ზე გადიოდა სახლიდან და 15 საათზე ბრუნდებოდა. მის ხელში იარაღი არ შემინიშნავს. ერთხელ მთხოვა, რომ სჭირდებოდა ნაჭერი, რაღაც ნივთის გასაწმენდად. 20 მაისს, 19-20 საათისთვის, დაურეკეს, რის შემდეგაც სწრაფად გავარდა. მითხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. გიორგი ხმამაღლა ელაპარაკებოდა ვიღაცას. უთხრა, აქ აღარ დარეკოო.“
აქვე ვიტყვი, რომ მამაჩემის მკვლელობა დიდი ხნით ადრე იგეგმებოდა. მკვლელობის შემკვეთებს, გურამ შარაძის ყოველდღიურ ცხოვრებასთან ერთად, ზედმიწევნით შესწავლილი ჰქონდათ მისი თითქმის უცვლელი განრიგი და მარშრუტი. კარგად იცოდნენ, რომ ყოველ კვირა დღეს, მამა უშვებდა მძღოლს, მთელ დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში ატარებდა და საღამოს შინ, ჭავჭავაძეზე ფეხით ბრუნდებოდა. გადასასვლელებს თავს არიდებდა და როგორც წესი, ყოველთვის ირჩევდა პირველი სკოლის მხარეს და ბაზალეთის კუთხემდე იმ ტროტუარს მოუყვებოდა.

პირუმოვას ჩვენების მიხედვით, ბარათელს დაახლოებით იმ დროს დაურეკეს, როდესაც მამაჩემი საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოვიდა და შინისაკენ ფეხით გაემართა (აქ აღარ მოვყვები, თუ რა უცნაური ამბები მოხდა, იმ დღეს, საჯარო ბიბლიოთეკაში).

სახლიდან იძულებით გამოყვანილი ბარათელი მკვლელობიდან 15 წუთის შემდეგ (დაახლოებით ეს დრო სჭირდებოდა მკვლელების სამშვიდობოზე გასვლას) მიიყვანეს შანიძისა და ხორავას ქუჩების გადაკვეთასთან და უბრძანეს გაევლო ის გზა, რაც 15 წუთის წინ ერთ-ერთმა მკვლელმა გაირბინა და პეტრიაშვილის ჩიხით, კეკელიძის ქუჩაზე, სამშვიდობოს გავიდა. სწორედ მკვლელობიდან თხუთმეტ წუთში ნახა ჩვენმა საერთო ნაცნობმა გიორგი ბარათელი, მშვიდი ნაბიჯებითა და შეშლილი სახით მიმავალი, შანიძისა და ხორავას კუთხეში და მიესალმა კიდეც (?!). ბარათელი გზად ,,კლეჩატ საროჩკას’’ იხდიდაო, – იმავე ადამიანის (თვითმხილველის) სიტყვებია. ეს ხდება იმ დროს, როდესაც პატრულს უკვე გადაკეტილი აქვს ყველაფერი და ყველა ეძებს მკვლელს, წესით, ბარათელს! ისიც ცნობილია, რომ პატრულმა ქუჩა მკვლელობიდან 15 წუთის შემდეგ გადაკეტა.

ის, რომ გიორგი ბარათელი ნემსებზე ცუდად ხდებოდა და ამიტომ გაარიდა ბიძამისმა სახლს, განწირული ადამიანის არგუმენტს ჰგავს. აქ კიდევ ერთი საქმეა ჩახლართული, რაც ამტკიცებს, რომ სამართალდამცავების მიერ გიორგი ბარათელზე გურამ შარაძის მკვლელობამდეც მიმდინარეობდა ზეწოლა: ოფიციალურად ცნობილია, რომ 2007 წლის 5 მაისს გიორგი ბარათელი, ყოვლად უმიზეზოდ მიუვარდა სახლში თავის ყოფილ ექიმს, გრიგოლ ტირზიკიანს და დაჭრა (სხვათაშორის, ის ამისთვისაც იხდის, თუ იხდიდა 27–წლიან სასჯელს). იცით როდის ჩაუტარდა ტირზიკიანს ექსპერტიზა? – მამაჩემის მკვლელობის მეორე დღეს, 21 მაისს (ეს ექსპერტიზის დასკვნა საქმის მასალებში დევს). რას ელოდებოდა ტირზიკიანი 16 დღე, იარების მოშუშებას? რაც მთავარია, მკვლელობიდან ძალიან მალე ტირზიკიანი ოჯახით სამუდამოდ გადასახლდა უკრაინაში და ამასთან დაკავშირებითაც, საქმეში დევს სასამართლოსთვის გამოგზავნილი მისი განმარტებითი წერილი.

2007 წლის 20 მაისის დილას, გიორგი ბარათელს, რომელიც ,,ფარული კამერის’’ ოპერატორი იყო, პოლიციამ ,,რუსთავი 2’’-ში მიაკითხა, რაც ცხელ კვალზე, დავით კიკალიშვილმა ,,კურიერი P.შ’’-ში გამოაცხადა, რომელიც ეთერში მკვლელობიდან რამდენიმე წუთში გავიდა. რისთვის ეძებდა ბარათელს პოლიცია, მაინცდამაინც იმ დღეს, როდესაც ის 5 მაისის შემდეგაც სამსახურში ყოველ დღე პატიოსნად დადიოდა და ამას ,,რუსთავი 2’’-ის თანამშრომლებთან, მათ შორის მის უშუალო ხელმძღვანელთან, ალეკო მალხაზიშვილთან ერთად, ალექსანდრა პირუმოვაც ჩვენებაც ადასტურებს?! ტირზიკიანის ისტორია ეს არის ფონის შესაქმნელად გამოგონილი სიცრუე (და რის ფასად, ეს ტირზიკიანის სინდისზე იყოს), რომ ბარათელი არის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი და ჭრის და კლავს ყველას, მათ შორის გურამ  შარაძეს.
მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ბარათელისა და მკვლელების ჩაცმულობა. როგორც გითხარით, ის ნახეს ,,კლეჩატ საროჩკაში’’, რომელსაც გზადაგზა იხდიდა. დაკავებისას მას ეცვა ლურჯი პერანგი, რომელიც, სავარაუდოდ, მკვლელთან შეხამებისთვის ჩააცვეს, რადგან ერთ-ერთ მკვლელს სწორედ მსგავსი პერანგი ეცვა. მაგრამ აქ ვერ გაითვალისწინეს რამდენიმე რამ: სხვადასხვა მოწმეთა მონათხრობით, მკვლელს, რომელმაც მოახდინა ორი საკონტროლო გასროლა და აირბინა შანიძის ქუჩაზე, ეცვა მოკლესახელოებიანი ლურჯი პერანგი, რაც განასხვავებს მას ,,ალდაგის’’ ფირზე აშკარად აღბეჭდილი მკვლელისგან, რომელიც ახდენს პირველ გასროლას და აცვია გრძელმკლავიანი, ფართხუნა პერანგი; ამასთან, ბარათელისთვის სწორად ვერ შეარჩიეს შესაბამისი ზომის (ის ტანად არის დაახლოებით 1.60 სმ) ტანსაცმელი. ზემოაღნიშნულ ფოტოებზეც თვალნათლივ ჩანს, რომ მას სხვისი პერანგი აცვია.
ამასთან, როდესაც სასამართლოზე ცრუ მოწმეს, პოლიციელ ლევან ბოჭორიშვილს მისდა მოულოდნელად ვკითხე – რა ეცვა ბარათელს, როდესაც გურამ შარაძეს კლავდა-მეთქი, დაუფიქრებლად მიპასუხა: ,,კლეჩატი საროჩკა’’!
ბევრის მთქმელია ის, რომ გიორგი ბარათელმა მაისიდან ნოემბრამდე დუმილის უფლება შეინარჩუნა და ბოლოს, მისი ,,აღიარებითი’’ ჩვენება იყო, რომ მკვლელობა ხან რუსთაველზე ჩაიდინა, ხან უნივერსიტეტთან. ამასთან, როდესაც პირველ სასამართლოზე ბარათელი ვნახე და შევძახე  – გიო, გამაგრდი, ვიცით, მკვლელი არ ხარ და შენთან ვართ! მან თავი დამიქნია და თვალები აუწყლიანდა… ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტია და ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
_ რა კომენტარი შეგიძლიათ გაუკეთოთ გიორგი ბარათელის გამზრდელი ბიძის და მშობელი მამის ოჯახის განცხადებებს?
– ვერ დავიბრალებ იმას, რომ გიორგი ბარათელის სიცოცხლე ჩემთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე მისი გამზრდელი ბიძისთვის; თუნდაც, ძმისთვის, რომელიც სასამართლოზე ამტკიცებდა, ჩემი ძმაა მკვლელიო. თუმცა ფაქტია, რომ მათი საქციელი არაადეკვატურია. რაც შეეხება მამამისს, ის ერთხელ სასამართლოზე ვნახე. მომხდარს ძალიან განიცდიდა და ჩემს თხოვნაზე – იქნებ მიაწვდინოთ გიორგის ხმა, თქვას სიმართლე და ამით თავი გადაირჩინოს, თორემ ისედაც მოკლავენ-მეთქი, ცხარე ცრემლებით ატირდა.

ამას პირველად ვამბობ – იმ დროს, როდესაც პრესის წინაშე ვაკეთებდი პირველ განცხადებას, რომ გურამ შარაძის მკვლელობა პოლიტიკური იყო და ეს ჩაიდინა ხელისუფლებამ, ბეწვზე ეკიდა ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და შეიძლება, სიცოცხლეც კი. არ ვიცი საიდან და რა იყო ცნობილი ნესტან კირთაძისთვის, მაგრამ შემდგომში მან ერთ-ერთ ინტერვიუში ამაზე მინიშნებები გააკეთა. საქმე მხოლოდ დასწრებაზე იყო  – ვიცოდი, რომ როგორც კი მამას ცხედარს მიწას მივაბარებდით, იგეგმებოდა პროვოკაცია ჩემი ძმის, გიორგი შარაძის წინააღმდეგ, რათა მამაჩემის მკვლელობაში გიორგი ბარათელის ,,მონაწილეობა’’ გაემართლებინათ. გიორგი ბარათელი ხომ სწორედ ამ მიზნით შეარჩიეს, რომ გურამ შარაძის მკვლელობისთვის საყოფაცხოვრებო ელფერი მიეცათ და ხალხის თვალში ყოველგვარი პოლიტიკური მკვლელობა გამოერიცხათ.

ე.წ. ვარდების რევოლუციისთანავე, მამაჩემს ჯერ გადაუკეტეს აბსოლუტურად ყველა სატელევიზიო არხი (,,იბერიას’’ და ,,202’’-ს არ ვგულისხმობ, რომელთა ბედი კარგად მოგეხსენებათ), რათა შეექმნათ ფონი, რომ ის წავიდა პოლიტიკიდან, შემდეგ ,,წვრილმანი ხულიგნობის’’ მუხლით ორჯერ დააპატიმრეს; საბოლოოდ კი, როდესაც პირად ცხოვრებაში, ,,საყოფაცხოვრებო ელფერისთვის’’ ვერაფერი უპოვნეს, ეს ყველაფერი ირიბად, მაგრამ მაინც დაუკავშირეს ჩემი ძმის სახელს. ასევე, ოფიციალური ვერსიის გამყარებას ემსახურებოდა წინასწარ დაგეგემილი და მკვლელობისთანავე გავრცელებული ათასგვარი ბინძური ჭორი.
დარწმუნებული ვარ, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიება, ამ სისხლიანი რეჟიმის დასრულებისთანავე მოხდება. სხვას რომ თავი დავანებოთ, მოწმეთა რიცხვი ათეულებს აღწევს – ეს პატიოსანი ადამიანები, რომლებიც არ შეშინდნენ, მოგვძებნეს და გვიამბეს საკუთარი თვალით ნანახი, თავიანთ სიტყვას აუცილებლად იტყვიან; ოღონდ, ეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე მოხდება და ყველაფერს ფარდა აეხდება.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ ყველაფერს შევეგუეთ და ხელი ჩავიქნიეთ, ძალიან ცდება. წელს მამას სამოცდაათი წლის იუბილეა. ,,გურამ შარაძის საზოგადოება“ ამ თარიღის ღირსეულად აღნიშვნას აპირებს. ვმუშაობთ წიგნზე, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება – ,,გურამ შარაძე ცხოვრებაში’’ და ,,გურამ შარაძის სიკვდილი და დასაფლავება”, რომელიც იმითაც არის საინტერესო, რომ აიგება მხოლოდ და მხოლოდ ინტერვიუებზე, ანუ დოკუმენტურ მასალაზე. დღეს, როდესაც საქართველოში სამართლის პოვნის არავითარი გზა არ არსებობს, ეს წიგნი იქნება პასუხი ყველაფერზე და უპირველეს ყოვლისა, იმაზე თუ ვინ, და რატომ მოკლა გურამ შარაძე.

ნინო მიქიაშვილი
პრესა.გე, 9 მარტი, 2010

 
რატომ მოკლეს გურამ შარაძე და რა კავშირშია ეს ფაქტი ცნობილი ბიზნესმენის, ზვიად ცეცხლაძის მკვლელობასთან?

2007 წლის 19 მაისს, როცა ქვეყანაში ტელეეკრანიდან, დედაქალაქის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე, აკადემიკოს გურამ შარაძის უმოწყალო მკვლელობის შესახებ შემზარავი ინფორმაცია გავრცელდა, ბევრისათვის გაურკვეველი აღმოჩნდა, რატომ უნდა მოეკლათ ბოლო დროს ჩრდილში მყოფი მეცნიერი, რომელიც აკაკი წერეთლის შესახებ ახალ მრავალტომეულზე მუშაობდა. მართალია, საქმე თითქოს მალე გაიხსნა, მაგრამ გიორგი ბარათელის ბრალეულობა და მკვლელობის საყოფაცხოვრებო მოტივი როგორც ოჯახის წევრების, ისე საზოგადოებრიობისათვის თავიდანვე ეჭვს იწვევდა. სულ ახლახან კი, “ჯორჯიან თაიმსისთვის” ცნობილი გახდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ინკოგნიტო წყაროს ცნობით, გურამ შარაძისა და ბიზნესმენ ზვიად ცეცხლაძის მკვლელობები ერთმანეთს უკავშირდება, რაც ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევისას ამტყდარი ხმაურის ჩახშობის საფუძველიც გახდა.
“ჯორჯიან თაიმსის” წყაროს მტკიცებით, გურამ შარაძე ფერიის მთასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მღელვარების სათავეში ჩადგომას აპირებდა. გეგმის მიხედვით, ბათუმიდან ფერიის მთისკენ უამრავი ადამიანი წამოვიდოდა საპროტესტო აქციის ჩასატარებლად. ცნობილი ბიზნესმენი ზვიად ცეცხლაძე კი, რომელიც 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო და აჭარაში საკმაოდ მდიდარ და ხელგაშლილ ბიზნესმენადაც მიიჩნეოდა, ამ აქციის დაფინანსებას აპირებდა. ფაქტია, რომ მაისში გურამ შარაძე მოკლეს, ივნისში კი _ ზვიად ცეცხლაძე და მისი მკვლელობაც ყოფით მოტივად მოინათლა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი ქართული ემიგრაციის მუზეუმის წარმომადგენელს, რუსუდან კობახიძეს ვთხოვეთ. მისი თქმით, ზვიად ცეცხლაძისა და გურამ შარაძის მკვლელობების ერთმანეთთან კავშირის შესახებ მას ინფორმაცია არ გააჩნია. თუმცა ამ მკვლელობის ფერიის მთასთან კავშირს არც თავიდან გამორიცხავდა. მითუმეტეს, რომ სწორედ იმ დღეს ბატონი გურამის ინტერვიუ უნდა დაბეჭდილიყო ერთ-ერთ გაზეთში, რომელშიც ის ამბობდა, რომ საქართველოში მართლმადიდებლობას მიზანმიმართულად დევნიან, რადგან ხელისუფლება ხედავს, რომ მოსახლეობის 90%-ი უწმინდესის მრევლია.
ამას გარდა, იმ სტატიაში ისიც ეწერა, რომ ფერიის მთაზე მშენებარე ეკლესიის დანგრევის გადაწყვეტილებას სააკაშვილი ერთპიროვნულად ვერ მიიღებდა, აქ გარე ძალების ხელი ერია.
თუმცა, გამოძიებისადმი ხალხის უნდობლობისა და მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ ვიდეომასალაზე დაფიქსირებული მკვლელის გარეგნობის ბარათელთან მსგავსების არარსებობის მიუხედავად, სასამართლომ დამნაშავედ მაინც გიორგი ბარათელი სცნო. მითუმეტეს, როგორც გამოძიების მასალებით ირკვეოდა, თურმე გიორგი ბარათელი ბატონი გურამის ვაჟის, გიორგი შარაძის თანამშრომელი იყო, ავსტრიაში სასწავლებლად წასვლაშიც დახმარებია შარაძეების ოჯახი, მაგრამ იქ გიორგის მისთვის ხელფასი არ გადაუხდია და შურისძიებით შეპყრობილ ბარათელს რამდენიმე წლის შემდეგ უდანაშაულო მამის მოკვლა განუზრახავს.
თუმცა ოჯახის წევრების მიერ გამოთქმულმა ეჭვებმა იმის თაობაზე, რომ ბარათელი არა დამნაშავე, არამედ დაზარალებულია, რადგან მას ამ საშინელ მკვლელობის საკუთარ თავზე აღებას აიძულებენ, საზოგადოებაში ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა. ეს კითხვები ოპოზიციური პარტიების მისამართითაც მასმედიის საშუალებებშიც არაერთხელ დაისვა. მიტინგებზე, აქციებზე არაერთი უმოწყალოდ და უდანაშაულოდ დახოცილი ახალგაზრდის გვარი გაისმოდა, გურამ შარაძისა კი _ ნაკლებად.
ამ ხნის განმავლობაში, გურამ შარაძის მკვლელობის მიზეზების ძებნა არც ჩვენ შეგვიწყვეტია და, შეიძლება ითქვას, გარკვეულ მოტივებსაც მივაგენით, რაც ხან ლევილის საკითხს, ხან იეღოველების თემას უკავშირდებოდა.
შვეიცარიაში მყოფი რუსუდან შარაძე არ გამორიცხავს, რომ მამის მკვლელობა მართლაც ლევილთან იყოს დაკავშირებული. მისი საქართველოსათვის გადმოცემა ხომ უკვე რამდენი წელია ჭიანურდება. ემიგრანტთა შთამომავლები დიდ იმედებს ამყარებდნენ, რომ ახალი ხელისუფლება ამ საკითხს მოაგვარებდა და ლევილის შატოში დაგროვილი ვალების გასტუმრების შემდეგ, ამ ადგილს ქართულ-ფრანგული კულტურის ცენტრად აქცევდა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჟურნალისტებისათვის დღემდე უცნობია გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელი. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ჩვენმა კოლეგებმა ვერაფრით მოახერხეს შესაბამისი უწყებებიდან ამ ინფორმაციის მიღება. უფრო მეტიც, მათ უპასუხეს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ამდენად, გაჩნდა ეჭვი, თითქოს ბარათელი ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა და საზღვარგარეთ გასვლის საშუალება მისცა. მაგრამ ბატონი გურამის ქალიშვილი, რუსუდანი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ბარათელი უკვე ცოცხალიც აღარ არის.

ნინო ცხოიძე
“ჯორჯიან თაიმსი”, 11 მარტი, 2010

 

“ბარათელი თავს გრძნობს კარგად და საპყრობილის ადმინისტრაციის მიმართ
პრეტენზია არ გააჩნია“

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ გარკვეული ინფორმაცია, პრესა.გე–მ 8–თვიანი მცდელობის შემდეგ მოიპოვა – ჩვენი წერილობითი თხოვნის საფუძველზე პატიმარი მოინახულეს: სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებმა – დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ეკა ხერხეულიძემ.
მიუხედავად ამისა, გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდან შარაძეს, რომელიც კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით, მამის მკვლელობის დღიდან, დღემდე აცხადებს, რომ გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს, კვლავ ეჭვობს, რომ გიორგი ბარათელი საპყრობილეში სასჯელს არ იხდის. თუ რითაა განპირობებული მისი პოზიცია, თავად გიამბობთ, წერილში, რომელიც პრესა.გე–ს ჟენევიდან (სადაც ის სასწავლებლად იმყოფება) გამოუგზავნა და რომელიც ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ, სათაურით – “არ გამოვრიცხავ ეს იყოს პროვოკაცია“.
შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის და გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ ინფორმაცია პრესა.გე–მ პირველად გასული წლის 10 სექტემბერს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსგან წერილობით მოითხოვა და ამავე სამინისტროს საქვეუწყებო სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან პასუხად უარი მიიღო – ინფორმაცია საიდუმლოაო.
2009 წლის 29 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ, მაგრამ ჩვენი საჩივარი იმავე მოტივით არ განიხილეს. საქალაქო სასამართლოში სარჩელი მხოლოდ ამის შემდეგ, 18 დეკემბერს შევიტანეთ, რადგან ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანსაც წარმოადგენს, ნამდვილად საჯარო იყო, რის გაცემაზეც უარს კანონის იგნორირებით გვეუბნებოდნენ.
ჩვენი მოთხოვნის კანონიერებაში საქალაქო სასამართლო ნაწილობრივ დაგვეთანხმა – 2010 წლის 29 იანვარს, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ნანა დარასელიამ ჩვენი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაავალა გაეცა ინფორმაცია რობაქიძისა და გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ, მაგრამ გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის შესახებ ინფორმაცია მოსამართლემაც საიდუმლოდ მიიჩნია.
ამის შემდეგ ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით გიორგი ბარათელის ღვიძლი მამის ოჯახს და გამზრდელ ბიძას – ვეცადეთ ასე გაგვერკვია მისი “გასაიდუმლოებული“ მდგომარეობა. მისი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა გვითხრეს, რომ არაფერი იცოდნენ – არც ის, რომელ საპყრობილეში იყო და არც ის, თუ როგორ გრძნობდა თავს. პრესა.გე–ს ბარათელის ნათესავებმა მათთან მეორედ დარეკვა აუკრძალეს. მასალა სათაურით – გიორგი ბარათელზე ნათესავებმა არაფერი იციან, სასამართლომ ინფორმაცია დაგვიმალა (http://www.presa.ge/index.php?text=news&i=9569), 9 მარტს გამოვაქვეყნეთ. ამავე დღეს სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მივმართეთ. პრესა.გე–ს ინტერესებს იცავენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული ”მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის” წარმომადგენლები – თათული თოდუა და თამარ გურჩიანი.
10 მარტს, გიორგი ბარათელის მდგომარეობის დასადგენად დახმარებისთვის წერილობით სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი არსენიშვილს და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი ლორთქიფანიძესაც მივმართავთ. პრესა.გე–მ მათ სთხოვა გამოიყენებინათ კანონით მინიჭებული მექანიზმები და გაერკვიათ რა პირობებში იხდიდა სასჯელს გიორგი ბარათელი, როგორი იყო მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობა (სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში) და ეს ინფორმაცია ჩვენთვის წერილობით ეცნობებინათ.
ამასთან, 10 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ასეთი შინაარსის განცხადებით მივმართეთ – “ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ დამოწმებული მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის თანხმობა, მოცემული ინფორმაციის (სასჯელაღსრულების რომელ დაწესებულებაში იხდის ის სასჯელს) გაცემის თაობაზე, ან მოგვაწოდოთ გიორგი ბარათელის წერილობითი უარი მოცემული ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდებაზე უარის თქმის თაობაზე“.
სახალხო დამცველის ოფისმა ჩვენს თხოვნას წერილობით 16 მარტს უპასუხა: “სახალხო დამცველის აპარატში შემოსული თქვენი N0475–10 განცხადების საფუძველზე, 2010 წლის 11 მარტს, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის თანამშრომელი შეხვდა და გაესაუბრა მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს. მისი განმარტებით, თავს გრძნობს კარგად და სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მსჯავრდებულმა ასევე გვთხოვა, რომ ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ დარჩენილიყო კონფიდენციურად“.
26 მარტს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან წამოვიღეთ 17 მარტით დათარიღებული პასუხი ჩვენს განცხადებაზე, რომელშიც წერია: “2010 წლის 10 მარტის განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის მიღებაზე თქვენ უკვე გეთქვათ უარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით“.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ხერხულიძე საპყრობილეში 31 მარტს იყვნენ შესულები. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატში განგვიცხადეს, ჩვენს თხოვნაზე წერილობით პასუხს სავარაუდოდ მომავალ კვირაში მივიღებთ.
დიმიტრი ლორთქიფანიძეს პრესა.გე–ს 12 აპრილს შეხვდა და ესაუბრა. საპყრობილეში შესვლამდე მას გადავეცით რუსუდან შარაძის წერილი, რომელშიც ნდობას უცხადებდა დიმიტრი ლორთქიფანიძეს და სთხოვდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის მონახულების ნებას დართავდნენ, მისთვის გარკვეული კითხვები დაესვა, რომლებზეც გაცემული პასუხების შემდეგ, გურამ შარაძის ოჯახისთვის ბევრი რამ ნათელი გახდებოდა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე: “გამოცდილება და პრაქტიკა გვკარნახობს რომ, როდესაც საუბარია დაზარალებულის ინტერესზე, იქვე გათვალისწინებული უნდა იყოს მსჯავრდებულის ინტერესიც. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ამ შემთხვევაში სუბსიდიური ბრალმდებელიც გახლავთ, აქ ცოტა სხვა ვითარებასთან გვაქვს კავშირი; კერძოდ, იმასთან რომ რუსუდან შარაძის პოზიცია არ ემთხვევა ბრალდების პოზიციას, გარკვეული ეჭვებითაა გაჯერებული – მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის პიროვნების იდენტიფიკაციის საკითხიც კი დადგა დღის წესრიგში და ამან რა თქმა უნდა, ჩემში ცხოველი ინტერესი გამოიწვია.
– “კოლეგიალობიდან და საკითხის რთული სამართლებრივი ასპექტიდან გამომდინარე, ქალბატონი რუსუდანის წერილობით თხოვნასთან დაკავშირებით, საქმის ვითარება ეკა ხერხეულიძეს გავაცანი და მინდა გითხრათ, რომ ამან ქალბატონ ეკაშიც გამოიწვია გარკვეული ინტერესები, რადგან რუსუდან შარაძის მიერ ჩემთვის გამოგზავნილ წერილობით თხოვნაში იყო კითხვარი, რომელზე პასუხის გაცემასაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა სუბსიდიური ბრალმდებლის, ანუ დაზარალებულის შინაგანი რწმენის განმტკიცების საკითხში.
შემეძლო ამაზე უარი მეთქვა და თავი უბრალოდ, არ ამეტკიებინა, იქიდან გამომდინარე, რომ ამას თავად მსჯავრდებულში შესაძლოა უკურექცია ჰქონოდა, მაგრამ გადავწყვიტე აბსოლუტურად გამჭირველედ მემოქმედა – საქმის ვითარება გამეცნო, როგორც მონიტორინგის განმახორციელებელი უმრავლესობის წარმომადგენლისთვის, ანუ ეკა ხერხეულიძისთვის, ასევე უშუალოდ მსჯავრდებული პირისთვის; მით უმეტეს, რუსუდან შარაძის წერილის შესავალი კეთილგანწყობილი იყო მსჯავრდებულის მიმართ და გამოხატავდა მისი დახმარების სურვილს, იმ შემთხვევაში, თუ კი მის მხარეს სიმართლის რაღაც გარკვეული ნაწილი მაინც იყო“.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, გიორგი ბარათელი გაგებით შეხვდა რუსუდან შარაძის წერილობით მიმართვას – “თავს უფლება მივეცი მისთვის სწორედ შესავალი ნაწილი გამეცნო და აქვე განმემარტა, რომ ამ წერილის შემდეგი ნაწილი მოიცავდა კითხვებს, რომელთა გვერდით დაზარალებულის მიერ პასუხებიც იყო მითითებული. მისგან ნებართვა მივიღე და ამას ესწრებოდა ეკა ხერხეულიძე და საპყრობილის დირექტორი.
გარდა ამისა, ბატონ ბარათელს შევთავაზე სურვილის შემთხვევაში ცალკე გვესაუბრა. მან თქვა რომ დასამალი არაფერი აქვს და იგი მზადაა ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს. კონკრეტული პასუხებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს წერილობით გადაეცა დაზარალებულ მხარეს, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ იქ არ იყო ყველა კითხვაზე ისეთი პასუხი გაცემული, რომლის მოლოდინიც არსებობდა, დაზარალებულის მხრიდან. ამის შეფასება რა თქმა უნდა, დაზარალებულის პრეროგატივაა და ალბათ ამას თავად გააკეთებს“.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განმარტებით, გიორგი ბარათელს არანაირი ემოცია არ გამოუხატავს, რუსუდან შარაძის წინადადებასთან დაკავშირებით, რომლითაც იგი მსჯავრდებულს სთავაზობდა სიმართლისთვის ერთობლივად ბრძოლას, რათა რეალურად გამოკვეთილიყო ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტს ასახავდა – “მან განაცხადა რომ მისთვის აბსოლუტურად გასაგებია ეს, მაგრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი არის გიორგი ბარათელი, რომ მან მოკლა გურამ შარაძე და რომ მას არ ჰქონია განზრახვა მოეკლა პოლიციის თანამშრომელი (რომელიც იმავე დღეს დაიჭრა). მან განაცხადა რომ დანაშაული იმ მოცულობით აღიარა, რა მოცულობითაც ბრალი მიუძღვის. თუმცა, მიაჩნია რომ მის მიმართ სასჯელი არაადეკვატურია, ვინაიდან, მას პოლიციელის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.
– “როგორც იგი განმარტავს, ბრალის აღიარებით და გამოძიებასთან თანამშრომლობით იმედოვნებდა, რომ მის მიმართ სასჯელი ლმობიერი იქნებოდა. თუ რატომ, ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ ჩემი ამოცანა იყო სრულიად კანონიერი, ასე ვთქვათ, დაზარალებულის ადამიანური თხოვნა, მსჯავრდებულთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოგვეყვანა სისრულეში.
ეს გარკვეულწილად განაპირობა პრესა.გე–ს ობიექტურობამ და თქვენი მედიასაშუალებისადმი ნდობამ, მაგრამ ამ შემთხვევაში უმთავრესი დაზარალებულის კანონიერი ინტერესი გახლდათ, ვინაიდან აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ რუსუდანს იმაში, რომ გურამ შარაძის მკვლელობის გარემოებების შესწავლა, ოჯახის ვიწრო ინტერესებს სცილდება; ნებისმიერი ჭეშმარიტი ქართველის პოზიციაა, რომ თუ კი ამ საქმეში რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. ასე რომ შევეცადე სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევით განმეხორციელებინა ეს აქცია; განხორციელდა კიდეც, ისე რომ დარწმუნებული ვარ, ამით, არც მსჯავრდებულის უფლებები დარღვეულა და ვფიქრობ, დაკმაყოფილდა (ამ შეფასებას ალბათ ქალბატონი რუსუდანი გააკეთებს) დაზარალებულის კანონიერი ინტერესი“.
ჩვენს კითხვაზე, რა გითხრათ გიორგი ბარათელმა, რის გამო მოკლა გურამ შარაძე? დიმიტრი ლორთქიფანიძე პასუხობს:
– “აქ იყო საუბარი იმაზე, რაზეც უკვე სასამართლოში ილაპარაკა და ბუნებრივია, თავს ვერ მივცემ უფლებას, კერძო საუბრის ყველა დეტალი გამოვამზეურო, რადგან ამან მისი კანონიერი უფლებები შეიძლება ხელყოს, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ მსჯავრდებიდან რა დროც არ უნდა გავიდეს, თუ კი გარკვეული ახლადაღმოჩენილი გარემოებები არსებობს, პირს შეუძლია საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართოს, ახლადაღმოჩენილი გარემოებებით, საქმის წარმოების განახლების შესახებ და შესაბამისად, მესამე პირის მხრიდან, ნებისმიერ უპასუხისმგებლოდ წამოსროლილ სიტყვას, შეიძლება გარკვეული ხელისშეშლა მოყვეს. ასე რომ აქედან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. თუმცა, ის მოტივები, რომელზეც ბატონი ბარათელი მსჯელობს, ჩემთვის, სუბიექტურად ძალიან ძნელად წარმოსადგენია რეალობას შეესაბამებოდეს“.
27 აპრილს, სააპელაციო სასამართლოში პრესა.გე–ს სარჩელი განიხილება და დიდწილად სავარაუდოა, რომ იმავე დღეს გავიგებთ რას იზამს მოსამართლე ლეილა მამულაშვილი – კვლავ საიდუმლოდ დატოვებს ინფორმაციას მსჯავრდებულის ადგილსამყოფელის შესახებ, თუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ოფიციალურად დაავალებს ჩვენს კანონიერ მოთხოვნაზე გვიპასუხოს, თუ სასჯელაღსრულების რომელ დაწესებულებაში იხდის სასჯელს ბარათელი.

ნინო მიქიაშვილი
პრესა.გე, 13.04.2010

რუსუდან შარაძე: “არ გამოვრიცხავ, ეს იყოს პროვოკაცია“

ხელისუფლების მხრიდან, გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის გასაიდუმლოება, შესაძლოა, პროვოცირებული იყოს, რათა მოგვაკერონ ახირებული, ეჭვიანი ჭირისუფლის იარლიყი და ჩვენს მიერ, გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებული მტკიცებულებების პერიოდულად გამოქვეყნების პროცესმა, ფასი დაკარგოს. თუ ასე არ არის, მაშინ რაში დასჭირდა ხელისუფლებას, რომ მაინცდამაინც, ციხეში გამოეჩინა ის, როცა უბრალოდ, შეეძლოთ, გაეცათ ინფორმაცია?! იმიტომ ხომ არა, რომ სასამართლოს გზით პრესა-გე-ს ბრძოლისა და ჩვენი პუბლიკაციების შემდეგ, სხვა გზა აღარ ჰქონდათ?
მადლობის მეტი რა მეთქმის ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა. განსაკუთრებით, ეს ეხება დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელმაც ზედმიწევნით შეასრულა ყველა ჩემი თხოვნა, ისე რომ ბარიერი არ შექმნია, არც ციხის ადმინისტრაციასთან (როგორც პატიმრის საქმიდან ამონაწერის გაკეთებისას, ისე მასთან საათნახევრიანი საუბრის დროს), არც თავად ბარათელთან და ამაში, მას გვერდში ედგა და მთელი არსებით ეხმარებოდა ეკა ხერხეულიძე; თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ამ მცდელობამ დამარწმუნა, რომ გიორგი ბარათელი სასჯელს ნამდვილად იხდის.
შეგახსენებთ, რომ მისი ციხეში ყოფნა, ჩემთვის იმიტომ გახდა საეჭვო, რომ 2009 წლის გაზაფხულზე, გიორგი ბარათელის დაკავებიდან თითქმის ორი წლის თავზე, სანდო წყაროებიდან გახდა ცნობილი, თითქოს, ის ესპანეთში გააპარეს. მას შემდეგ, რაც ეჭვი შემეპარა სახალხო დამცველის წარმომადგენლის ბოლო ფრაზაში: ,,მსჯავრდებულმა ასევე გვთხოვა, რომ ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ დარჩენილიყო კონფიდენციალურად’’, დავურეკე დიმიტრი ლორთქიფანიძეს და გავაფრთხილე საშიშროებაზე, რომ გიორგი ბარათელის ნაცვლად, შესაძლოა, ეჩვენებინათ მისი ძმა, მამუკა, რადგან ფიზიკურად ძალიან ჰგავს და სასამართლოზე, სრულიად უარგუმენტოდ და ძმისთვის არაბუნებრივი პოზიციიდან, ამტკიცებდა, გიორგი ბარათელია მკვლელიო.
შემდეგ, ინტერნეტით დავუკავშირდი ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს (ვინაიდან, სწორედ, ის მუშაობს ამ თემაზე) და ვთხოვე, კონფიდენციალურად გადაეცა ჩემი წერილი ბატონი დიმიტრისთვის. მას სხვასთან ერთად, ვწერდი თოთხმეტ შეკითხვას და მივმართავდი თხოვნით, დაესვა იმ ადამიანისთვის, ვისაც შეხვდებოდა. ვფიქრობდი, რომ ამ გზით შესაძლებელი იქნებოდა ამ პირის გადამოწმება. იქვე ვუთითებდი პასუხებსაც… რამდენიმე დღეში, ბატონი დიმიტრისგან, წერილობით მივიღე ინფორმაცია, რომლის დეტალურად გაცნობის შემდეგ მებადება კითხვები და შევეცდები, ისინი საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანო.
ჩემი 14 კითხვა, ძირითადად, ეხებოდა გიორგი შარაძის პირად ცხოვრებას და მის ბინას, სადაც, შვეიცარიაში ყოფნის დროს, ბარათელი ცხოვრობდა. წერილშივე მითითებულ ჩემს 14 პასუხში 11 არ არის სიმართლე, 3 სიმართლეა; აქედან, ბარათელის ნათქვამი, დაემთხვა 6-ს, არ დაემთხვა 6-ს, 1 ბუნდოვანია, 1-ზე პასუხი არ არის; ბარათელის პასუხიდან – 8 სიმართლეა, 4 არ არის სიმართლე, 1 ბუნდოვანია, 1-ზე პასუხი არ არის.
აგრეთვე, ხელთ გვაქვს ბინის ორი ჩანახატი: ერთი – უფრო პრიმიტიული, შესრულებული ჩემივე წერილის მესამე გვერდზე და მეორე, რეალობის ამსახველი, ოთახების დასახელების აღმნიშვნელი წარწერებით, შესრულებული უჯრებიან ფურცელზე. ბატონმა დიმიტრიმ დამიდასტურა, რომ ორივე ეკუთვნის ბარათელს. ორი ჩანახატის არსებობას ის ხსნის სრულიად ბუნებრივად, რომ ბარათელს გაუჭირდა თეთრ ფურცელზე ხაზვა და თავისი ბლოკნოტიდან ამოუხია უჯრებიანი ფურცელი. ეს გასაგებია, მაგრამ, მთავარი, აქ მაინც, სულ სხვაა: რატომ განსხვავდება ორი ნახაზი ერთმანეთისგან არა მხოლოდ შესრულების ხარისხით, არამედ, შინაარსობრივადაც და ორივე, თავისებურად, რატომ მოდის წინააღმდეგობაში ბარათელის მიერ ბინის შესახებ გაკეთებულ სიტყვიერ აღწერილობებთან?
ანუ პირველ ჩანახატზე არის ერთი აივანი, წარწერებიანში და სიტყვიერ პასუხშიც, მითითებულია ორი. ვთქვათ, როცა ერთი აივანიღა დარჩა მისახატი, მაშინ მიხვდა ბარათელი უჯრებიანი ფურცლის საჭიროებას; ის როგორღა მოხდა, რომ ჩემს კითხვაზე: აბაზანა და ტუალეტი ერთად იყო თუ ცალ-ცალკე?, ბარათელი პასუხობს _ ”ერთად”, როდესაც უჯრებიან ფურცელზე, ისინი ცალ-ცალკე, ერთმანეთის საპირისპირო მხარესაა. ვერ იტყვიან, რომ არ ახსოვდა, მაშინ, როგორ დახატა?
ამას გარდა, ბატონი დიმიტრის გადმოცემით, ბარათელს ეკუთვნის ოთახების აღმნიშვნელი წარწერებიც. როგორ დაწერა ბარათელმა ასეთი გამართული ქართული კალიგრაფიით, როდესაც ქართული წერა-კითხვა, ფაქტიურად, არ იცის, გაზრდილია სომხურ ოჯახსა და გარემოში, სწავლობდა რუსულ სკოლაში და ისიც არ დაუმთავრებია, რადგან ასასრულწლოვანთა კოლონიაში მოხვდა?!
საეჭვოა ბატონი დიმიტრის კიდევ ერთი მონათხრობიც. მისი გადმოცემით, სინანულის გრძნობის გამოწვევის მიზნით, მან ბარათელს ჩემი წერილის პირველი გვერდი წააკითხა. საქმე ისაა, რომ ბარათელი ვერც ჩემს დაწერილს გადაიკითხავდა, რადგან არ ფლობს შესაბამის უნარებს.
გიორგი ბარათელს, როდესაც შვეიცარიის ბინაზე საუბროდა, ჩემს ძმასთან ერთად, სავარაუდოდ, უნდა ეხსენებინა მესამე პიროვნებაც – თბილისელი, რუსი ეროვნების, ხანშიშესული მომვლელი ქალი, რომელიც მასაც უვლიდა. ეს სამნი ცხოვრობდნენ ბინაში. მითუმეტეს, რომ ბარათელს უთქვამს, იქ სულ სახლში ვიყავიო.
აქვე ვიტყვი, რომ მიუხედავად ადრესატისადმი გულწრფელი ნდობისა და პატივისცემისა, ჩემი წერილი იმაზეც იყო გათვლილი, რომ სხვასაც თუ ჩაუვარდებოდა ხელში (თუნდაც, იმიტომ, რომ ინტერნეტ ფოსტა კონტროლდება), ეჭვი არ შეეტანათ ჩემი პასუხების სისწორეში. რა თქმა უნდა, ვუშვებდი ვერსიას, რომ ყველაფერს გადაამოწმებდნენ, მაგრამ ცდას არაფერი უშლიდა… წერილობით არც იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემს კითხვებზე პასუხი, გარდა გიორგი ბარათელისა, შესაძლოა, სხვასაც სცოდნოდა.
ცოტა მერიდებოდა კიდეც, ბატონ დიმიტრისთან, რომ თავსატეხი გავუჩინე, მაგრამ ვაპირებდი, განმემარტა, რომ სიმართლე იმიტომაც არ მივწერე, რათა თავად, მისი სიტყვისთვის შემექმნა მეტი ალიბი. ანუ გიორგი ბარათელი, თუ ნამდვილად იხდიდა სასჯელს, უპასუხებდა აბსოლუტურ სიმართლეს, მაშინ, როდესაც ეს სიმართლე, ბატონ დიმიტრის მხოლოდ, იმ შემთხვევაში ეცოდინებოდა, თუ გადაამოწმებდა მოწმეებთან, რომელთა უმრავლესობა დღესაც შვეიცარიაში ცხოვრობს და მუშაობს. ცხადია, მისი მხრიდან, ეს გამორიცხული იყო.
1999-2000 წლებში, გიორგი შარაძე იყო საქართველოს საელჩოს ატაშე და მისი ბინაც, წლების განმავლობაში, დაქირავებული ჰქონდა საელჩოს (შეიძლება, ახლაც აქვს); მეპატრონესთან კონტრაქტი, სადაც არის ბინის შესახებ სრული ინფორმაცია, გაფორმებული ჰქონდა საელჩოს და ასეთი კონტრაქტები მუდმივად ინახება (სხვათა შორის, ბარათელი ამავე საელჩოს მოწვევით იყო აქ და მასზეც, ოფიციალურად დევს დოკუმენტები). ამ ბინაში ჩემს ძმამდე და შემდეგშიც, უამრავ ოჯახს უცხოვრია… რაც შეეხება, მის პირად ცხოვრებას, სამწუხაროდ, ამაში ნახევარი საქართველო თუ არა, მთელი საელჩო მაინც, ჩართული იყო.
ერთი კვირის თავზე, რაც ბუნებრივად გამიჩნდა შეკითხვები, დავურეკე ბატონ დიმიტრის, რომელმაც კატეგორიული უარი მითხრა ამაზე საუბარზე და საკმაოდ გაღიზიანებულმა აღნიშნა, რომ მან, პარლამენტის წევრმა, ვიღაცის პირადი ამბების გამო, ამხელა რამ გააკეთა და მეტი რაღა უნდა ქნას?! როდესაც ვკითხე, რომ გურამ შარაძის დახვრეტა ”ვიღაცის პირად ამბებად’” მიაჩნია? – მომიგო, რომ ამაში გულისხმობდა ჩემს შეკითხვებს, რადგან ისინი ადამიანების პირად ცხოვრებას ეხება (საინტერესოა, რა თემაზე უნდა დამესვა კითხვა გიორგი ბარათელისთვის?). იქვე ამიხსნა, რომ ის არის პარლამენტის წევრი და საერთაშორისო ზარით, ამ თემაზე ლაპარაკი, მიზანშეწონილი არ არის. ჩემს კითხვაზე, რას ვამბობთ, გარდა სასიხარულო ამბისა, რომ კაცი ცოცხალია და მითუმეტეს, რა არის დასამალი იმაში, რაც ემთხვევა ხელისუფლების ვერსიას?
მომიგო, რომ იმყოფება ისეთ ადგილას, საიდანაც ახლა ასეთ თემებზე ვერ ისაუბრებს. მაშინ, ვთხოვე, ეთქვა, თუ როდის შეიძლებოდა დამერეკა. ამაზე მიპასუხა, რომ საერთოდ, ტელეფონით, ასეთ თემებზე საუბარი, არაეთიკურია და არ სურს. მაშინ, შევთავაზე გვეურთიერთა ინტერნეტის მეშვეობით, მაგრამ ამიხსნა, რომ სამი დღე არც ამის საშუალება ექნებოდა… მაშინ, დავპირდი, რომ ბარათელის მსგავსად, მასაც დავუსვამდი შეკითხვებს, ოღონდ, საჯაროდ. მეორე დღეს, ბატონი დიმიტრი ინტერნეტით დამიკავშირდა, ბოდიში მომიხადა, თუ წინდღით ”არაადეკვატური მეჩვენა’” და ამის შემდეგ, ჩვენს შორის გულთბილი საუბარი შედგა. მან დაწვრილებით მიამბო ყველაფერი… თუმცა, საქმეში სინათლე მაინც ვერ შევიტანე.
თუ ხელისუფლება წავიდა იმაზე, რომ გიორგი ბარათელის მაგივრად, სხვა პიროვნება აჩვენეს, მათ შეეძლოთ ეს პიროვნება სწორი პასუხებითაც აღეჭურვათ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ძმის პირად ცხოვრებას და საცხოვრებელ პირობებს, ბევრი ადამიანი იცნობდა. ის ვინც ნახეს, მართალია, ჩემს კითხვებს, ზოგჯერ სწორად სცემდა პასუხს, მაგრამ ბატონი დიმიტრისთვის არ უნდა ყოფილიყო დამაჯერებელი, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემს მიერ მიწოდებულ პასუხებთან. თუმცა, ბატონ დიმიტრის არც კი გაჰკვირვებია, თუ რატომ განსხვავდებოდა ბარათელის ვერსიები ჩემი ვერსიებისგან. თავად ასე ამიხსნა, რომ ამ კაცმა ისეთი დარწმუნებით გასცა ჩემს კითხვებს პასუხი, ეჭვი არ შეჰპარვია, რომ მის წინ გიორგი ბარათელი იჯდა.
საყურადღებოა, რომ ციხეში ნანახი პიროვნების მონათხრობიდან ბევრი რამ არ ემთხვევა ბარათელის სასამართლოზე მიცემულ ”აღიარებით” ჩვენებას და ზედმიწევნით ემთხვევა გურამ შარაძის მკვლელობისთანავე გავრცელებულ ბინძურ ჭორებს.
დიმიტრი ლორთქიფანიძის გადმოცემით, ბარათელი არის ნაძირალა, ამბობს, რომ მეორედ მოკლავდა მამაჩემს და ჩემს ძმასაც ზედ დააყოლებდა (სავარაუდოდ, სიამოვნებით). ხოლო, რაც შეეხება მოტივს, ბატონი დიმიტრის სიტყვებით, ”ეს იმდენად არადამაჯერებელია, რომ ეკა ხერხეულიძეც კი, რომელიც მასთან შედარებით სკეპტიკურად იყო განწყობილი, ძალიან დაეჭვდა და ვერ მიხვდა, რას ბოდიალობდა ეს კაცი”.
ბატონი დიმიტრის თქმით, როდესაც ბარათელს მიმართა: ”მე შემოვედი იმიტომ, რომ დაგეხმარო, მინდა გადმოგცე ჩემი ტელეფონის ნომერი, შეგიძლია, თუკი მოისურვებ და გაგახსენდება რაღაც ახალი, მნიშვნელოვანი გარემოება, ნებისმიერ დროს დამირეკო, მე შემოვალ და დაგელაპარაკებიო”, ბარათელს გახარებია და გულში ჩაუკრავს ფურცელი. ვფიქრობ, ნაძირალას საქციელს არ უნდა ჰგავდეს, ამიტომ როცა ბატონ დიმიტრის ვკითხე – მიაჩნდა თუ არა დასაშვებად, რომ ბარათელი ზეწოლის ქვეშ ყოფილიყო, ან ფსიქიურად აშლილად ხომ არ ეჩვენა? მომიგო, რომ ”დაშვების თეორიით”, ყველაფერი შესაძლებელია და ჩემს ვერსიებს ჰქონდათ არსებობის უფლება. რახან ასეა, საინტერესოა, ბარათელს, რომც მოესურვებინა, დარეკვის საშუალებას ნებისმიერ დროს მისცემდნენ? ამით ვინმეს ხომ არ უნდა, იმედი გაგვიჩინოს, რომ სიმართლის თქმას თუ დააპირებს, ბარათელს ბატონი დიმიტრის ნომერი აქვს გულში ჩაკრული?
საუბრის დასასრულს, ჩემს შეკითხვაზე: და მაინც, დარწმუნებული ბრძანდება, რომ ნამდვილად, გიორგი ბარათელი ნახა? ბატონმა დიმიტრიმ მომიგო, რომ მისი ”ვიზუალური, სუბიექტური ხედვით, ეს ნამდვილად ასეა და სკანირებას ვერ გააკეთებდა, რადგან ამისთვის, აუცილებლად, დნმ-ის საფუძველი დასჭირდებოდა”. ბოლოს კი გულწრფელად მირჩია: ”თქვენ, ნამდვილად გესაჭიროებათ კერძო დეტექტივიო”.
იმედი მაქვს, ჩემი წერილის გაცნობის შემდეგ, საზოგადოებასთან ერთად, ბატონი დიმიტრიც მოისურვებს ვითარებაში უკეთ გარკვევას. თუ დავრწმუნდები, რომ გიორგი ბარათელი თავს მართლა კარგად გრძნობს, მხოლოდ და მხოლოდ, გამეხარდება, როგორც ადამიანურად, ისე მამაჩემის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რადგან, ადრე თუ გვიან, ის დაადასტურებდა, რომ ეს მკვლელობა მას არ ჩაუდენია.
იქამდე, სანამ დამაჯერებელ პასუხს არ მოვისმენ, ვიტოვებ უფლებას, ვიფიქრო, რომ გიორგი ბარათელის გაუჩინარების ისტორია ერთ-ერთი მოდელირებული პროვოკაციაა, ან ადამიანი, რომელიც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ეკა ხერხეულიძესთან ერთად, მოინახულეს, მსჯავრდებული გიორგი ბარათელი არ იყო.

რუსუდან შარაძე
ჟენევა                        
პრესა.გე, 14.04.2010

 

პრესა.გე სასჯელაღსრულების დეპარტამენტს უჩივის და მოსამართლე
სასჯელაღსრულებას ეკითხება რა ვქნაო

სააპელაციო სასამართლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიმართავს, იმის დასადგენად, არის თუ არა საჯარო პრესა.გე–ს მიერ, სააპელაციო საჩივარში მოთხოვნილი ინფორმაცია, სად, რომელ საპყრობილეში იხდის სასჯელს აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯვარდებული გიორგი ბარათელი. გინდ დაიჯერეთ,  გინდა არა, მაგრამ ნამდვილად ასეა – 27 აპრილს სააპელაციო სასამართლოში, პრესა.გე–ს მიერ შეტანილი სარჩელის განხილვის დროს, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, ლეილა მამულაშვილის თავმჯდომარეობით, კერძო განჩინებით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, არის თუ არა რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციის რეესტრში, მონაცემები მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ.
იქვე განგვიმარტეს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ვალდებულია 5 დღის ვადაში წარუდგინოს მოსამართლეს შესაბამისი ინფორმაცია და თუ ამ ვადას გადააცილებენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი 200 ლარით დაჯარიმდება. საქმის განხილვა 11 მაისს, თორმეტის ნახევარზე განახლდება და ამ დღეს შევიტყობთ რა პასუხს მიიღებს მოსამართლე სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან.
ვინც ამ ბოლო 7 თვის განმავლობაში, თვალს ადევნდებდა პრესა.გე–ზე გამოქვეყნებულ მასალებს, იმის შესახებ, თუ როგორ გვიწევს ბრძოლა საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად, ალბათ, ახსოვს ისიც, რომ იძულებული გავხდით მიგვემართა სასამართლოსთვის, გახმაურებულ მკვლელობებში მსჯავრდებული პირების მდგომარეობის დასადგენად, რადგან სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ჩვენს განცხადებებზე (რომელიც ეხებოდა ამირან (ბუტა) რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის და გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების მდგომარეობას) წერილობით გვიპასუხა, რომ ეს ინფორმაცია საიდუმლოა.
მიმდინარე წლის 29 იანვარს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა დარასელიამ პრესა.გე–ს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაავალა გასცეს ინფორმაცია რობაქიძისა და გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ. გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის შესახებ ინფორმაცია საქალაქო სასამართლომაც საიდუმლოდ დატოვა, რაც სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, სადაც ჩვენს ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული “მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის“ წარმომადგენელი, ანა შალამბერიძე იცავს.
დღეს, როდესაც სასამართლოზე გავიმეორეთ ის, რაც არაერთხელ დავწერეთ, რომ ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი სახელმწიფო, პროფესიულ, ან კომერციულ საიდუმლოებას არ შეიცავენ; გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია, არც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, არც პროფესიულს და არც კომერციულს, არის საჯარო და ამავდროულად, წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს… მოსამართლემ გვკითხა – იყო თუ არა ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციის რეესტრში?
“არ გვაქვს  ვალდებულება გავარკვიოთ მოთხოვილი ინფორმაცია შეტანილი იყო თუ არა საჯარო ინფორმაციის რეესტრში. ჩემს არგუმენტს ამყარებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35-ე მუხლი, რომლის თანახმად სწორედ საჯარო დაწესებულების ვალდებულებას წარმოადგენს, აწარმოოს საჯარო ინფორმაციის რეესტრი, კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში არსებული  და დამუშავებული საჯარო ინფორმაცია შეიტანოს საჯარო ინფორმაციის რეესტრში. ამასთან, საჯარო დაწესებულების უმრავლესობა არ აწარმოებს საჯარო ინფორმაციის რეესტრს, შესაბამისად, მასში არც ინფორმაციის დამუშავება და შეტანა ხდება. საკითხი იმის თაობაზე, რომ მოთხოვილი ინფორმაცია საერთოდ არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად არც შეტანილი იყო საჯარო ინფორმაციის რეესტრში, უნდა დაესაბუთებინა მოწინააღმდეგე მხარეს, სასაჯელაღსრულების დეპარტამენტს, რაც არა თუ დაუსაბუთებია, სასამართლო სხდომაზეც არ გამოცხადებულა“, – ამგვარი პასუხი გასცა მოსამართლეს იურისტმა ანა შალამბერიძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება საჯარო დაწესებულებას; აღნიშნული სტრანდარტი დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში, სწორედ ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე და საკითხი იმის თაობაზე, თუ რატომ არ არის კონკრეტული ინფორმაცია საჯარო, უნდა ამტკიცოს მოპასუხე მხარემ, რაც ამ კონკრეტულ დავაში არ განხორციელებულა.
“ამასთან, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დავის გადაწყვეტისას, არა აქვს მნიშნელობა საჯარო ინფორმაცია შეტანილია თუ არა საჯარო ინფორმაციის რეესტრში. საჯარო დაწესებულება კონკრეტულ ინფორმაციას მიიჩნევს საჯაროდ და საჯარო ინფორმაციის რეესტრში შეიტანს. თუმცა, საჯარო დაწესებულებამ შესაძლოა არც შეიტანოს საჯარო ინფორმაცია საჯარო ინფორაციის რეესტრში და მოქალქეს დაუსაბუთებლად უთხრას უარი, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე – უკანონოდ არ გასცეს საჯარო ინფორმაცია. სწორედ სასამართლოს ეკისრება მაკონტროლებელი როლი, რამდენად კანონიერად დააკმაყოფილა საჯარო დაწესებულებამ კანონის მოთხოვნა, როდესაც ინფორმაცია არ გასცა. სამწუხაროდ, დღევანდელ სასამართლოს არ აქვს, არც ნება და არც საკმარისი განათლება, გამოიყენოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და საკუთარი მოსაზრება დაწეროს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით დავების შემთხვევაში“, – ამბობს ანა შალამბერიძე და იქვე მიუთითებს, რომ ამგვარმა ქმედებებმა  სამომავლოდ უარყოფითი და გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოგვიტანოს, იმ მხრივ, რომ ინფორმაციის თავისუფლების უკანონო შეზღუდვით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მათი მხედველობის არედან გამოვიდეს და საზოგადოება აღარ იყოს ინფორმირებული საჯარო დაწესებულების მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების თაობაზე.

ნინო მიქიაშვილი
პრესა.გე, 27.04.2010

გიორგი ბარათელზე ინფორმაციას უკვე უზენაესი სასამართლოსგან ვითხოვთ

    საკასაციო საჩივარი პრესა.გე–მ 29 ივნისს ჩააბარა და ახლა დაელოდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო – ძალაში დატოვებს 11 მაისს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ მას გააუქმებს და თავად დაავალებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მოგვცეს ინფორმაცია, სად, რომელ საპატიმრო დაწესებულებაში იხდის სასჯელს, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ბარათელი, რომელსაც 27 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
    პრესა.გე–ს ინტერესებს იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი, ანა შალამბერიძე. მისი განმარტებით, პრესა.გე–ს საკასაციო საჩივარში ერთადერთი მოთხოვნა აქვს ჩაწერილი – “უზენაესი სასამართლოსგან ვითხოვთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გააუქმებას და ამ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ახალი სამართლებრივი დასაბუთებით. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც საქალაქო სასამართლოს ჰქონდა, გაიზიარა და დამატებითი სამართლებრივი საფუძვლებიც დადო. ამ შემთხვევაში, ჩვენ უზენაეს სასამართლოს მივმართეთ და ვითხოვთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რაც შინაარსობრივად, თავის თავში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებასაც გულისხმობს“.
    ანა შალამბერიძის განმარტებით, უზენაეს სასამართლოს, საკასაციო საჩივრის ექვსთვიანი განხილვის ვადა აქვს. ანუ 2010 წლის 29 დეკემბრამდე გავიგებთ, მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელს უზენაესი სასამართლოც გასაიდუმლოებულად დატოვებს, თუ ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ბოლოსდაბოლოს, მივიღებთ საჯარო ინფორმაციას, რომელიც ამავდროულად, საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს.
აკადემიკოსი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, საღამოს ცხრის ნახევარზე, მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ეს ფაქტი მელიქიშვილის გამზირზე იმჟამად არსებულმა სადაზღვევო კომპანია “ალდაგის“ ვიდეოთვალმა დააფიქსირა, რომელსაც მოგვიანებით გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ, ადვოკატთან ერთად უყურა. მკვლელობის დღიდან მოყოლებული დღემდე, გურამ შარაძის ოჯახი, მკვლელობის თვითმხილველებსა და “ალდაგის“ ვიდეოფირზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ნამდვილი მკვლელი დაუსჯელია და რომ გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს.
გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე, საბოლოო განაჩენი უზენაესმა სასამართლომ 2008 წლის 14 ოქტომბერს გამოიტანა – შარაძეების ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა წინა ორი ინსტანციის გადაწვეტილება, რომლითაც გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
     გასული წლის გაზაფხულზე, თბილისში ბარათელის შესახებ ორნაირი ინფორმაცია გავრცელდა. პირველის თანახმად, ბარათელი უცხოეთში გააპარეს, ხოლო მეორე ინფორმაციით, ბარათელი, როგორც არასასურველი მოწმე, თავიდან მოიშორეს. 2009 წლის ზაფხულში, როცა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები შეიწყალეს, პრესა.გე–მ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა იმჟამინდელ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ორი განცხადებით მიმართა; ერთში ვითხოვდით მოეწოდებინათ ჩვენთვის საჯარო ინფორმაცია, პატრულის მიერ მოკლულების: ამირან (ბუტა) რობაქიძისა და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების – გრიგოლ ბაშალეიშვილისა და ვახტანგ აბუაშვილის შესახებ. მეორე განცხადებაში ბატონ შაშკინს ვთხოვდით ინფორმაციას გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადგილსამყოფელის შესახებ, რომელიც ასევე საჯაროა.
     ჩვენს ორივე განცხადებაზე გვიპასუხეს, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციები არ განეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციათა კატეგორიას. ამის შემდეგ ჩვენ ადმინისტრაციული საჩივარი შევიტანეთ, რაც განუხილველი დატოვეს – ინფორმაცია შარაძის, რობაქიძის და გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების (გიორგი ბარათელის, გრიგოლ ბაშალეიშვილის და ვახტანგ აბუაშვილის) ადგილსამყოფელის შესახებ საიდუმლოა და თქვენს საჩივარს არ განვიხილავთო. აი, ამის შემდეგ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს, სადაც ჩვენს უფლებებს იცავდნენ საია–სთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები: თამარ გურჩიანი და თათული თოდუა.
    საქალაქო სასამართლომ ჩვენი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – ბარათელის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოაო, თქვა, ხოლო გამცემლიძისა და რობაქიძის მკვლელობაში მსჯვარდებულების შესახებ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაავალა ინფორმაციის გაცემა, რომელიც სხვათა შორის, დღემდე არ მიგვიღია.
იმათ საყურადღებოდ, ვინც გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ასაიდუმლოებს – ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს და ამ ინფორმაციის დამალვით, თქვენ ხელს უწყობთ კითხვის ნიშნების დამატებას, გურამ შარაძის მკვლელობის ბურუსით მოცული საქმის გარშემო, რომელიც ისედაც მრავლადაა.
პრესა.გე იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლო მაინც აიძულებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, გასცეს საჯარო ინფორმაცია.

ნინო მიქიაშვილი
პრესა.გე, 29.06.2010

 

პრესა.გე–ს სარჩელი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო

    ოქტომბრამდე ცნობილი გახდება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე არსებითად განიხილავს თუ არა პრესა.გე–ს საკასაციო საჩივარს, რომელშიც ვითხოვთ, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2010 წლის 11 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას და ამ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ახალი სამართლებრივი დასაბუთებით.
გასულ სამშაბათს, პრესა.გე–ს ინტერესების დაცმველ ადვოკატს, ანა შალამბერიძეს, რომელიც ამავდროულად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის წარმომადგენელია, უზენაესი სასამართლოდან ტელეფონით შეატყობინეს, რომ პრესა.გე–ს საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
    შალამბერიძის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოწმდა: საკასაციო საჩივარი შეტანილია თუ არა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლის საფუძველზე; ანუ მითითებულია თუ არა მოსარჩელე, მოპასუხე, მათი მისამართები; დაფიქსირებულია თუ არა მოთხოვნა და გადახდილია თუ არა სახელმწიფო ბაჟი, რის შემდეგაც, მოსამართლემ გამოიტანა ერთპიროვნული განჩინება, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე. 
    “წარმოებაში მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, სარჩელი დასაშვებობის ეტაპს გადის – იმის განხილვა ხდება, არსებითად იმსჯელებს თუ არა უზენაესი სასამართლო ამ საკითხზე. ამ საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა განსხვავდებოდეს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისგან და ასეთ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტს, ეს საქმე განიხილოს თუ არა არსებითად და ასევე, საქმე მნიშვნელოვანი უნდა იყოს სამართლის განვითარებისთვის. ჩვენს შემთხვევაში, ოქტომბრამდე გავიგებთ, როგორ მოიქცევა უზენაესი სასამართლო“, –  ამბობს ანა შალამბერიძე.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის გაზაფხულზე, სამთვიანი საპროტესტო აქციების დროს, გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის შესახებ, საზოგადოებაში ორი ვერსია გავრცელდა –  ერთის თანახმად, ბარათელი უცხოეთში გააპარეს, ხოლო მეორე ვერსიით, ბარათელი, როგორც არასასურველი მოწმე, თავიდან მოიშორეს.
    2009 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები შეიწყალეს, პრესა.გე–მ ორი განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა იმჟამინდელ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს. ერთ განცხადებაში ვითხოვდით ჩვენთვის მოეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია, პატრულის მიერ მოკლულების: ამირან (ბუტა) რობაქიძისა და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების – გრიგოლ ბაშალეიშვილისა და ვახტანგ აბუაშვილის შესახებ, ხოლო მეორე განცხადებაში დიმიტრი შაშკინს ვთხოვდით ინფორმაციას გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადგილსამყოფელის შესახებ, რომელიც ასევე საჯაროა.
    შაშკინის უწყებამ გვიპასუხა, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციები არ განეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციათა კატეგორიას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის წარმომადგენლების – თათული თოდუასა და თამარ გურჩიანის დახმარებით, ადმინისტრაციული საჩივარი მოვამზადეთ და შაშკინის უწყებაში შევიტანეთ, რაც განუხილველი დატოვეს – ინფორმაცია შარაძის, რობაქიძის და გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ საიდუმლოა და თქვენს ადმინისტრაციულ საჩივარს არ განვიხილავთო.
    შემდეგ საქალაქო სასამართლოს მივმართეთ, რომელმაც იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ რობაქიძის და გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ ინფორმაცია საჯაროა, ხოლო გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა. საქალაქო სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაავალა, პრესა.გე–სთვის ინფორმაციის მიწოდება, რობაქიძის და გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების ირგვლივ, მაგრამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ეს დავალება დღემდე არ შეუსრულებია.
    საქალაქოს შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ, რომელმაც 11 მაისს გამოიტანა განჩინება – ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, რაც იმით დაასაბუთა, რომ რადგან 2009 წლის სექტემბერში, პრესა.გე–ს განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია, მოპასუხე საჯარო დაწესებულებას არა აქვს შეტანილი საჯარო ინფორმაციის რეესტრში, ამიტომ, ბარათელის შესახებ ინფორმაცია არ არის საჯარო.
“მიგვაჩნია რომ ჩვენი საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უზენაესმა სასამართლომ იგი არსებითად უნდა განიხილოს, რითაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარებას ხელი შეეწყობა“, –  აცხადებს ანა შალამბერიძე.
    P. S. ახლა ჯერი უზენაეს სასამართლოზეა, რომელსაც შეუძლია, გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ირგვლივ, საზოგადოებაში გავრცელებულ სხვადასხვაგვარ ინფორმაციებსა და ვერსიებს, გარკვეულწილად წერტილი დაუსვას.

ნინო მიქიაშვილი,  პრესა.გე

 

“აკადემიკოსი ამხელს!”

(იბეჭდება შემოკლებით)

ვესაუბრებით საქართველოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარეს, “სახალხო მართლმადიდებლური” მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს.
– ბატონო ელიზბარ, 2010 წლის 20 მაისს 3 წელი სრულდება აკადემიკოს გურამ შარაძის ვერაგულად დახვრეტიდან. მოდით, სამი წლის გადასახედიდან კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ, თუ რასთან და ვისთან ბრძოლას შეეწირა გურამ შარაძე?
– გურამ შარაძე ჩემი უახლოესი მეგობარი გახლდათ და ჩვენ მეგობრობის გარდა, მრწამსი და მსოფლმხედველობა გვაკავშირებდა. მინდა ვთქვა, რომ თავისი სამშობლოსთვის ისეთი თავდადებული ადამიანი, ერის, ქართული ფასეულობების დასაცავად ისე შემართული კაცი, როგორიც გურამ შარაძე იყო, იშვიათად შემხვედრია. გურამ შარაძე ყოველთვის პირში ეუბნებოდა სიმართლეს ყველას და ამიტომაც მრავალი მტერი გაუჩნდა. განსაკუთრებით გაუჩნდა მტრები სექტანტებისა და გადახრილი სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მხრიდან. სხვათა შორის, ერთ-ერთი იეღოველი კიდევაც გამოვიდა და საჯაროდ განაცხადა, თქვენ თუ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებთ, იგივე დაგემართებათ, რაც გურამ შარაძეს მოუვიდაო.
მე იმთავითვე განვაცხადე და ახლაც ვაცხადებ, რომ გურამ შარაძე მოკლეს ერთადერთი მიზეზის გამო – ის იყო ქართველი და ძლიერ უყვარდა საქართველო!
– თქვენი აზრით, ვის უნდოდა გურამ შარაძის სიკვდილი და ვინ დახვრიტა იგი ქუჩაში უამრავი ადამიანის თვალწინ?
– გურამ შარაძის მკვლელობაში მე პირდაპირ ვადებ ხელს ამ ხელისუფლებას! ის გამოძიება, რომელიც წარმართეს, იყო აბსურდული. ნამდვილი მკვლელი გადამალეს და ცრუ ბრალდებით დაიჭირეს უპატრონო კაცი – ვინმე ბარათელი, რომელიც, მგონი, გააქრეს კიდევაც. ცოცხალია თუ არა, კაცმა არ იცის!
სამწუხაროა, რომ გურამ შარაძის მკვლელობას არ მოჰყვა ის გამოძახილი, რაც უნდა მოჰყოლოდა! ამ ხელისუფლებას პატრიოტი კაცის სიკვდილი არაფრად მიაჩნია, მეტიც, შინაგანად უხარიათ კიდევაც! ესენი ბედნიერები არიან იმით, რომ ეროვნული ცნობიერების ისეთი ბერმუხა, როგორიც გურამ შარაძე იყო, მოიშორეს!
გურამ შარაძე ხშირად მოსულა ჩემთან და უთქვამს, მე ვარ იმ ადამიანების სიაში, რომლებიც ფიზიკურად უნდა გაანადგურონო! მას მობილურ ტელეფონზე სისტემატურად უგზავნიდნენ მესიჯებს და მოკვლით ემუქრებოდნენ!
– ფიზიკურად გასანადგურებელი ადამიანების სია, რომელშიც გურამ შარაძე საკუთარ თავსაც მოიაზრებდა, ნამდვილად არსებობდა?
– გურამ შარაძე მეუბნებოდა, რომ არსებობდა ოთხი სია. ერთი სია იყო იმ ადამიანებისა, რომელთა მოსყიდვაც შეიძლება, მეორე სია იყო იმ ადამიანებისა, რომელთა დაშანტაჟებაც შეიძლება, მესამე სია იმ ადამიანებისა, რომლებიც შეიძლება დაიჭირონ და გატეხონ და მეოთხე სია იყო იმ ადამიანებისა, რომლებიც ფიზიკურად უნდა განადგურდნენ, რადგან მათი მორჯულება შეუძლებელია!
გურამ შარაძემ ორმოცზე მეტი მონოგრაფია დაწერა და ყველა ეს წიგნი იმდენად ფასეულია, რომ ვერცერთი მეცნიერი, რომელიც იკვლევს ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის, ემიგრაციის ისტორიას, გვერდს ვერ აუვლის გურამ შარაძის ნაწარმოებებს, მათ გარეშე ვერაფერს სერიოზულს და მნიშვნელოვანს ვერ დაწერს!
გურამ შარაძის მკვლელობა დიდი ტრაგედიაა ჩვენი ერისათვის! ვაი რომ, დღეს ამ ქვეყანაში ბედაურები აღარ ჩანან არენაზე და ვირებს აყროყინებენ. აი, ეს არის ყველაზე უფრო სამწუხარო!
– ვინც დღეს ქართული მართლმადიდებლობის და თუნდაც კონკრეტულად “სახალხო-მართლმადიდებლური მოძრაობის” წინააღმდეგ გამოდის, არიან თუ არა იგივე ძალები, რომლებმაც გურამ შარაძე მოკლეს?
– ძალიან გონივრულად და კარგად დასმული კითხვაა! დიახ, სწორედ ეს ძალებია, ვინც ებრძვის ქართულ სულიერებას და კულტურას. ის ძალები, რომლებმაც გურამ შარაძე მოკლეს, დღეს უფრო გაიფურჩქნენ და განავარდნენ! თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ესენი ბევრნი არიან? არა, სულ რაღაც 100-150 კაცია, მაგრამ მათ მხარს უჭერს ხელისუფლება და ტელევიზიები.
როცა ჩვენ გამოვედით და ერთ საათში შეიკრიბა უამრავი ხალხი ჭადრაკის სასახლეში, როცა გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები გამოჩნდნენ, ესენი შეშინდნენ! ამათ ეგონათ, რომ მთელი ახალგაზრდობა გადააგვარეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ, თურმე, ასე არ არის საქმე! აღმოჩნდა, რომ არის უამრავი მართლმადიდებელი, რომელიც არავის აპატიებს ქრისტეს გინებას და ზნეობის შერყვნას!
ახლა ამბობენ, რომ, თურმე, ჩვენ ვართ ფუნდამენტალისტები, რადგან ვიცავთ ჩვენს სამშობლოს და სარწმუნოებას, არადა, ამ ადამიანებს საერთოდ არა აქვთ წარმოდგენა, რა არის ფუნდამენტალიზმი! ჩვენ არავის ვუტევთ, ჩვენ არცერთ კანონიკურ რელიგიას უბატონოდ სიტყვას არ ვკადრებთ, ჩვენ მხოლოდ ვიცავთ ჩვენს სარწმუნოებას, როდესაც ჩვენს ხატებს გვიწიხლავენ, ჩვენს ჯვრებს აფურთხებენ და ჩვენს საფლავებს ბილწავენ! ჩვენ ამას აღარ მოვითმენთ!
თუ ჩვენ ჩვენი ზნეობა არ დავიცავით, თუ არ დავიცავით ჩვენი სარწმუნოება, რომელიც არის უკანასკნელი საყრდენი ქართული ეროვნული ვინაობისა, მაშინ სულ მცირე ხანში ქართველი ერის ხსენება აღიგვება დედამიწის ზურგიდან!

ჯაბა ხუბუა
“ასავალ-დასავალი”, 17-23 მაისი, 2010

 

გურამ შარაძის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა

მელიქიშვილის გამზირზე, იქ, სადაც 3 წლის წინ – 2007 წლის 20 მაისს აკადემიკოსი გურამ შარაძე მოკლეს, ადვოკატები მომხდარს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ და გარკვეულ განცხადებებს გააკეთებენ. ამის შესახებ პრესა.გე–ს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.
11 მაისს სააპელაციო სასამართლოში დასრულდა პრესა.გე–ს სარჩელის განხილვა, რომლითაც ჩვენ სასამართლოსგან მოვითხოვდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის დაევალებინა საჯარო ინფორმაციის გაცემა, გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, ლეილა მამულაშვილის თავმჯდომარეობით, ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა; ანუ ამით სასამართლომ გვითხრა, რომ ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის, საიდუმლოა. ჩვენს უფლებებს სააპელაციო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული “მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრიდან“ ანა შალამბერიძე იცავდა, რომლის კომენტარს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ.
გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე საბოლოო განაჩენი უზენაესმა სასამართლომ 2008 წლის 14 ოქტომბერს გამოიტანა – შარაძეების ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა წინა ორი ინსტანციის გადაწვეტილება, რომლითაც გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აკადემიკოსი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, საღამოს ცხრის ნახევარზე, მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ეს ფაქტი მელიქიშვილის გამზირზე იმჟამად არსებულმა სადაზღვევო კომპანია “ალდაგის“ ვიდეოთვალმა დააფიქსირა, რომელიც მოგვიანებით გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ნახა. მკვლელობის დღიდან მოყოლებული დღემდე, გურამ შარაძის ოჯახი, მკვლელობის თვითმხილველებსა და “ალდაგის“ ვიდეოფირზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ნამდვილი მკვლელი დაუსჯელია და რომ გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს.
“გურამ შარაძის მკვლელობით საქართველოში მილიონი გურამ შარაძე შექმნეს და ერთ–ერთი მე ვარ. ამ ხელისუფლებას მის მკვლელობას არ ვაპატიებთ. ზოგიერთებივით სიტყვებს ჰაერზე არ ვისვრი – ჩემს სიტყვებს მტკიცებულებებით ვამყარებ. გურამ შარაძე ამ ხელისუფლების მიერაა მოკლული. ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც საზოგადოება გაიგებს რატომ, რისთვის მოკლეს გურამ შარაძე. ის ადვოკატები, რომლებიც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას ვმართავთ, 20 მაისს 14 საათზე მელიქიშვილის გამზირზე შევიკრიბებით, გურამ შარაძის ნათელ ხსოვნას პატივს მივაგებთ, სამი წლის წინ მომხდარს კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ და სწორედ გურამ შარაძის მკვლელობის ადგილიდან ხმამაღლა ვკითხავთ ამ ხელისუფლებას – სად გადამალეს გიორგი ბარათელი? ჩვენი ძალებითა და საშუალებებით ყველა ციხეში ვეძებთ, მაგრამ ვერსად მივაგენით“, – გვითხრა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად პრესა.გე გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული იბრძვის. რადგან ჯერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, ხოლო შემდეგ საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია გაასაიდუმლოა, ჩვენ დახმარებისთვის სახალხო დამცველს და პარლამენტარებს მივმართეთ. როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და პარლამენტარებმა: დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ეკა ხერხეულიძემ განგვიმარტეს, გიორგი ბარათელი მიმდინარე წლის მარტში ერთ–ერთ საპყრობილეში მოინახულეს – “ბარათელი თავს გრძნობს კარგად და საპყრობილის ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია“.
მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა კვლავ საიდუმლოდ დატოვოს ინფორმაცია ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ, რაც აკადემიკოს გურამ შარაძის ბურუსით მოცული საქმის და მის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ირგვლივ არსებული კითხვის ნიშნების რაოდენობას ზრდის.
ადვოკატი ანა შალამბერიძე, რომელიც სააპელაციო სასამართლოში პრესა.გე–ს ინტერესებს იცავდა, 11 მაისს, მოსამართლე ლეილა მამულაშვილის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ასეთ ვარაუდს გამოთქვამს:
“მართალია სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს მისი სამართლებრივი დასაბუთება, მაგრამ საქმეში არსებული გარემოებებიდან და პროცესზე გაკეთებული განცხადებებიდან, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რატომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა. პროცესზე სასამართლომ მკვეთრად გამოხატა თავისი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას აუცილებელია საჯარო ინფორმაცია შეტანილ იყოს საჯარო ინფორმაციის რეესტრში. სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიმართა შეკითხვით, იყო თუ არა ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეტანილი საჯარო ინფორმაციის რეესტრში. პროცესზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა წარმოადგინა წერილი, იმის თაობაზე, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო შეტანილი საჯარო ინფორმაციის რეესტრში. სავარაუდოდ, სწორედ სასჯელაღსულების დეპარტამენტის წერილი იქნება საკმარისი სასამართლო გადაწყვეტილების დასასაბუთებლად.
ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებით დაუსაბუთებლად ხდება ინფორმაციის თავისუფლების უფლების შეზღუდვა. უმრავლეს შემთვევაში საჯარო დაწესებულებები არ აწარმოებენ საჯარო ინფორმაციის რეესტრს, ან შესაძლოა მათ საჯარო ინფრომაცია სულაც არ მიიჩნიონ ასეთად, არ შეიტანონ საჯარო ინფორმაციის რეესტრში და სინამდვილეში ეს ინფორმაცია იყოს საჯარო. თუ ასეთი ტიპის საქმეებს სასამართლო არ განიხილავს და იგი თავის დამოუკიდებელ დასკვნას არ დადებს, საჯარო დაწესებულების კანონიერ ქმედებასთან დაკავშირებით, შედეგად მივიღებთ ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის ფართო შესაძლებლობას. საჯარო დაწესებულებას შეეძლება თვითნებურად შეიტანოს ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის რეესტრში, ან არ შეიტანოს; სასამართლო თუ არ დაინტერესდება, იმ საკითხის გარკვევით, შინაარსობრივი თვალსაზრისით არის თუ არა ეს ინფორმაცია საჯარო, გამოდის რომ საჯარო დაწესებულების უკანონო ქმედების შედეგად მოქალაქე ონფორმაციას ვერ მიიღებს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ ვენდობი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხს, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში მან რამდენჯერმე შეცვალა თავისი პოზიცია. თუ მაგალითად თავდაპირველად იგი ამტკიცებდა, რომ ინფორმაცია ბუტა რობაქიძისა და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების თაობაზე არ იყო საჯარო ინფორმაცია, იმავდროულად ეს ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საიტზე ჰქონდა განთავსებული და ყველასათვის საჯარო იყო. ახლა, ამ ეტაპზე აფიქსირებს, რომ ჩვენს მიერ მოთხოვილი ინფორმაცია არ არის საჯარო. არ არის გამორიცხული მან მომავალში საჯარო გახადოს ეს ინფორმაცია, როცა თვითონ მიიჩნევს საჭიროდ და სამწუხაროდ, სასამართლოს კონტროლი ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაში არ იქნება საჭირო.
ზოგადად ინფორმაციის თავისუფლების უფლების რეალიზება ნიშნავს დემოკრატიის მაღალ ხარისხს, ხოლო ეს ხარისხი კი სასამართლო დამოუკიდებლობის გარეშე ვერ მიიღება. დღესდღეობით ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე, იშვიათად სწორედ იმიტომ ვიგებთ საქმეებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკაა ასეთი, არაგამჭირვალე გახადოს საჯარო დაწესებულებების საქმიანობა, რაშიც სასამართლო ხელს უწყობს, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით და დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხით“.

ნინო მიქიაშვილი
პრესა.გე, 20.05.2010
 

,,გურამ შარაძე პირადად სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს!’’

ამ დღეებში ჟენევიდან გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე დაგვიკავშირდა. ჩვენც მას რამდენიმე კითხვა დავუსვით.

_ 20 მაისს მამათქვენის გარდაცვალებიდან 3 წელიწადი შესრულდა. ცნობილია, რომ იმ საშინელი ტრაგედიის “ავტორი” _ ბარათელი სასჯელს იხდის. თქვენ ამბობდით, ის შესაძლოა, ახლა უკვე მოკლული იყოსო. რა გაძლევდათ ამის თქმის საფუძველს და რაიმე ახალი ხომ არ შეიტყვეთ ამის შესახებ?
_ საქართველოში დღეს არავის სჯერა გურამ შარაძის მკვლელობის ოფიციალური ვერსიის, მაგრამ მისი სახელის ხსენებას ერთეულები თუ ბედავენ. იგივეს ვიტყოდი ჟურნალისტებზეც. გადახედეთ, თუნდაც, 20 მაისის პრესას და ამაში ადვილად დარწმუნდებით. თუმცა ეს არახალია.
სხვასთან ერთად საგულდაგულოდ ჩქმალავენ, რომ სასამართლოში რვა თვე მიმდინარეობდა ინტერნეტგამოცემა ,,პრესაგე’’ს სარჩელის განხილვა. ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ითხოვს უმარტივეს რამეს _ მიიღოს საჯარო ინფორმაცია, თუ სად იხდის სასჯელს გიორგი ბარათელი, მაგრამ აბსურდული საბაბით, 11 მაისს, უკვე სააპელაციო სასამართლომ, ეს ინფორმაცია საიდუმლოდ დატოვა. ამ რვათვიანმა ბრძოლამ კი ისე ჩაიარა, რომ თითქმის არავის არაფერი გაუგია.
_ თითქოს ბარათელი ციხეში მოინახულეს? 
_ გასულ 9 მარტს ,,პრესაგემ’’ თხოვნით მიმართა სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამეტო კომიტეტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს _ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, იქნებ, გიორგი ბარათელი ციხეში მოენახულებინათ, რაც მათ სასწრაფოდ შეასრულეს. ხუთიოდე დღეში, სახალხო დამცველის აპარატმა დადო ხელმოწერილი დოკუმენტი, რომ მათი წარმომადგენელი ციხეში შეხვდა გიორგი ბარათელს, რომელმაც თავად მოითხოვა, ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ, კონფიდენციალურად დარჩენილიყო, ხოლო ორ კვირაში, ბარათელი უკვე დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ეკა ხერხეულიძემ მოინახულეს. ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ის თავს შესანიშნავად გრძნობს და არავითარი პრეტენზია არ გააჩნია.
მე ვამბობ _ მათ გიორგი ბარათელი არ უნახავთ და ეს ჰაერზე ნათქვამი არ არის. მეტიც, ყველაფერი ჰგავს კარგად დადგმულ და შესრულებულ ფარსს და ახლავე მოგახსენებთ, რატომ:
ციხეში შეხვედრის წინა დღეს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს კონფიდენციალურად მივაწოდე თოთხმეტი შეკითხვა (რომელიც, ძირითადად, ეხებოდა ჩემი ძმის პირად ცხოვრებას და მის ბინას, სადაც შვეიცარიაში ყოფნისას, ბარათელი ცხოვრობდა) და ვთხოვე, გადამოწმების მიზნით დაესვა პიროვნებისთვის, ვისაც ციხეში ნახავდა. იქვე მივუთითე პასუხებიც. უფრო ადრე კი დავურეკე და გავაფრთხილე, რომ არსებობდა საშიშროება, გიორგი ბარათელის მაგივრად, ეჩვენებინათ მისი ძმა, მამუკა, რადგან ფიზიკურად ძალიან ჰგავს და მას შემდეგ, რაც სასამართლოზე, საკუთარ ძმაზე ამტკიცებდა მკვლელიაო, მისი მხრიდან გასაკვირი აღარაფერი იყო.
ჩემს მიერვე გაგზავნილი პასუხებიდან ბევრი, არასწორია. ბნი დიმიტრისთვის არც ის გამიმხელია, რომ ეს ბინა დღემდე დაქირავებული აქვს საქართველოს საელჩოს შვეიცარიაში. ჩემი მიზანი იყო, რომ სიმართლის არ ცოდნით, თავად დიმიტრი ლორთქიფანიძის სიტყვისთვის შემექმნა მეტი ალიბი. ანუ გიორგი ბარათელს თუ ნახავდა, ის უპასუხებდა აბსოლუტურ სიმართლეს, მაშინ, როდესაც ეს სიმართლე, ბნ დიმიტრის, მხოლოდ, იმ შემთხვევაში ეცოდინებოდა, თუ გადაამოწმებდა მოწმეებთან, რომელთა უმრავლესობა დღესაც შვეიცარიაში ცხოვრობს და მუშაობს. ცხადია, ეს მას არ შეეძლო. რა თქმა უნდა, მიუხედავად მისდამი ნდობისა, არ გამოვრიცხავდი, რომ ჩემი წერილი ვანო მერაბიშვილის მაგიდაზე დაიდებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ინტერნეტფოსტა კონტროლდება, მაგრამ მეგონა, რომ ამ საქმიდან რამე მაინც გამოჩნდებოდა და არც შევმცდარვარ.
რამდენიმე დღეში, ბმა დიმიტრიმ, სრულიად დარწმუნებულმა, რომ გიორგი ბარათელი ნახა, წერილობით მომაწოდა ინფორმაცია, ხოლო სიტყვიერად შემომითვალა, რომ ის არის პარლამენტის წევრი და ,,საერთაშორისო ზარით’’, ამ თემაზე ლაპარაკი უხერხული იქნებოდა.
მას შემდეგ, რაც ყველაფერს დეტალურად გავეცანი, აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ დაემთხვა სიმართლეს, მაგრამ აქ არის ისეთი არსებითი წინააღმდეგობები თავად ბარათელის პასუხებს შორის, რომ წარმოუდგენელია, ეს ერთი და იგივე პიროვნების ნათქვამი იყოს. ასევე, როგორც ბატონი დიმიტრი ამბობს, ბარათელს ეკუთვნის გამართული ქართული კალიგრაფიით შესრულებული, ოთახების აღმნიშვნელი წარწეწრები. არადა, მან ქართული წერაკითხვა, ფაქტობრივად, არ იცის, გაზრდილია სომხურ ოჯახსა და გარემოში, სწავლობდა რუსულ სკოლაში და ისიც არ დაუმთავრებია, რადგან არასრულწლოვანთა კოლონიაში მოხვდა.
ჩემს წერილში ბ-ნ დიმიტრის იმასაც ვთხოვდი, რომ იქნებ, ბარათელის პირადი საქმიდან გაეკეთებინა ამონაწერი, თუ სად და როდის იხდიდა სასჯელს. მან უპრობლემოდ შეასრულა ჩემი თხოვნა და წერილობით მომაწოდა ინფორმაცია, თუმცა არასრული. ხოლო როდესაც ვკითხე, დამიკონკრეტა, რომ ადგილი, სადაც ამჟამად  ბარათელი იმყოფება, არის: ,,სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #1 დაწესებულება, ორთაჭალის კრიტი, 44-ე საკანი. არის 32 პატიმართან ერთად!’’.
_ რუსუდან, ბოლოს და ბოლოს, იქნებ მართლა ცოცხალია ბარათელი?
_ მეგობრები მირჩევენ, რომ შეიძლება, ეს ყველაფერი იყოს ხელისუფლების მხრიდან ჩემი პროვოკაციაზე წამოგების მცდელობა, რათა ერთ დღეს ცოცხალი ბარათელი გამოაჩინონ და მომაკერონ ახირებული ჭირისუფლის იარლიყი. ამით კი გააბითურონ მკვლელობასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ გამოქვეყნებული უტყუარი მტკიცებულებები.
ნეტა, ჩემი მეგობრები მართლები იქნებოდნენ! ჩემთვის მთავარია შევინარჩუნო მამაჩემის მკვლელობის მთავარი მოწმის, უდანაშაულო კაცის სიცოცხლე და ნაკლებად ვფიქრობ, რა საზოგადოებრივ აზრს შექმნიან ჩემს შესახებ გაურკვევლი ადამიანები. თუ ეს პროვოკაციაა, მაშინ რა ვუყოთ ამდენ გაუგებრობას?
_ პრესაში გამოჩნდა მოსაზრებები, რომ საპროტესტო მიტინგების ჩატარებას გეგმავდა გურამ შარაძე მართლმადიდებლობის დასაცავად. ანუ იმ უდიდესი საფრთხის საწინააღმდეგოდ, რომელიც უფრო და უფრო მწვავე და რადიკალურ ხასიათს იძენს თანდათანობით. ამისთვის მოიცილესო.
თქვენი ვარაუდით, ვის აწყობდა გურამ შარაძის სიკვდილი. კონკრეტულად რაში უშლიდათ ხელს და ვინ იყო და არის ის, ვინც ამ საშინელ მსხვერპლს _ ბატონი გურამის სიკვდილს ბარათელიც მიუმატა?
_ მოგეხსენებათ, მამაჩემის მკვლელობამდე ორი დღით ადრე, აჭარაში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს. გურამ შარაძე გეგმავდა ფერიის მთიდან თბილისამდე ფეხით მსვლელობის მოწყობას და გზადაგზა ხალხის აყოლიებას. ჩაფიქრებული რახან ჰქონდა, აუცილებლად განახორციელებდა, რადგან უკან დახევა არ სჩვეოდა. თუმცა, ჩემი აზრით, ამან შეიძლება დააჩქარა, თორემ მისი მკვლელობის ერთადერთი მიზეზი არ იქნებოდა. სხვა უამრავი თემის დასახელებაც შეიძლება და ყველა საფუძვლიანია. თუმცა, რა საჭიროა ჩამოთვლა, შეხედეთ, რა ხდება ირგვლივ?! ის ხალხიც კი, ვინც ცეცხლით და მახვილით ებრძოდა გურამ შარაძეს, დღეს მისი სიტყვებით და იდეებით გამოდიან, ოღონდ, რა თქმა უნდა, მის სახელს არ ახსენებენ. ამით მამაჩემს არაფერი აკლდება, უბრალოდ, ზოგიერთზე გული ნამდვილად მწყდება. მაგრამ ერთი რამ მიხარია _ ქვეყანაში, სადაც ყველა ყველაფრით ვაჭრობს, გურამ შარაძის სახელით სპეკულაციას ვერავინ ბედავს.
მე ვიტყოდი, რომ ის მოკლეს იმიტომ, რომ გურამ შარაძე იყო. უამრავი მცდელობის მიუხედავად, ვერც მოისყიდეს და ვერც გატეხეს. თუნდაც ერთი ფაქტი რად ღირს, როდესაც დედაჩემს ავარია მოუხდა და კომურ მდგომარეობაში, აპარატზე შეერთებული, რეანიმაციაში იწვა, მამა საავადმყოფოდან აიყვანეს და მეორედ დააპატიმრეს.
 გურამ შარაძეს ჯერ კიდევ საბჭოთა უშიშროება და კომუნისტები ებრძოდნენ. ჰკითხეთ, თუნდაც, ბატონ ილია ბარამიძეს, ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებათ. რახან ვერ გადაიბირეს, ათასგვარი ხერხით ცდილობდნენ მის გატეხვას, მათ შორის, შვილებზე შურისძიებითაც. რა უნდა ექნათ ჯერ 16 წლის ლაშასთვის და შემდეგ, იმავე ასაკში გიორგისთვის, იმაზე მეტი, რომ სკოლას როცა ამთავრებდნენ, ლაშას, ქართული ენის საგამოცდო ნაწერში ორმოცდაათი წერტილმძიმე ჩაუმატეს (ეს ექსპერტიზამ ოფიციალურად დაადასტურა), რათა მედალი არ მიეცათ, ხოლო გიორგი შარაძეს ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ქულები ,,არ ეყო’’. აქ მთავარი ისაა, რომ ბავშვებს ამხელა უსამართლობასთან გვაჯახებდნენ, რათა მამაზე ზემოქმედება მოეხდინათ. ეს იყო, ფაქტიურად, ფსიქოლოგიური ტერორი, რაც დამოუკიდებელ საქართველოში, ფიზიკურ ტერორში გადაიზარდა.
1998 წელს ლაშა მძინარე მოკლეს ლოგინში, 2007 წელს დახვრიტეს გურამ შარაძე, 2009 წელს გარდაიცვალა ჩემი მეორე ძმა _ გიორგი და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ისიც მოკლეს, ოღონდ ტყვია არ უსვრიათ. გურამ შარაძემ არამარტო თავი გაწირა, არამედ გაგვიწრა ჩვენც, შვილები და დედაჩემი, მაგრამ მისი შვილობა ყველაფერს ნიშნავდა ჩვენთვის.
აქვე მინდა ვისარგებლო თქვენი გაზეთით და გულითადი თანადგომა გამოვუცხადო ცოტნე გამსახურდიას. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მესმის ამ მამისთვის და სამშობლოსთვის წამებული კაცის. ცოტნეს ჩემი დახასიათება არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ის ამასაც გაუძლებს და გამარჯვებული გამოვა ციხიდან.
_ თქვენ თქვით, რომ გურამ შარაძეს “ვარდების ხელისუფლება” ისევე ებრძოდა, როგორც წინა ხელისუფალნი. რატომ? არც სახელმწიფო იდეოლოგია შეიცვალა და არც პოლიტიკა? ანუ გურამ შარაძის მოკვლა ვერ მოახერხეს მაშინ და უფრო აგრესიულებმა და რადიკალურებმა ახლა დააგვირგვინეს უწინ დაწყებული საქმე?

_ რა თქმა უნდა, გურამ შარაძე პირადად სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს.  საქართველოში ხომ უკვე საუკუნეებია, მხოლოდ ბატონი იცვლება, უღელი კი იგივე რჩება. ახალს არაფერს ვამბობ, რომ ჩვენთან ეროვნული მოღვაწეების ბედი ასეთია _ ჯერ ტალახი და ტყვია უნდა ესროლონ, მერე კი განადიდონ. ვინ მოკლა ილია? ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე? ან შარშან, მეუფე ამბროსი ქათამაძე? _ მანვე მოკლა გურამ შარაძე! ოღონდ ეს პათეტიკურად არ გამიგოთ. ასი წლის წინათაც, მარქსიზმსოციალიზმის სახით, იგივე ძალა შემოდიოდა და მკვიდრდებოდა საქართველოში, რომელიც დღეს ჩვენს ბედს წყვეტს.
_ ყველაფერი მამათქვენის გარდაცვალების შემდეგაც არ დამთავრებულა. ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების შიშით, ალბათ, ბევრი განზეც გადგა. მახსოვს, რამდენ ხანს ითხოვდით “კავკასიის” ეთერში გეთქვათ ის, რაც გინდოდათ გეთქვათ საქართველოსთვის. რამდენად მოახერხეთ ეს მაშინ ეროვნული ტელევიზიის სახელით ცნობილი “კავკასიის” ეთერში ყველასთვის გასაკვირად მარტო რომ აღმოჩნდით. თქვენი აზრით, რა საფუძველი შეიძლებოდა ამას ჰქონოდა. რატომ “მოერიდა” “კავკასია” თქვენთვის ღიად კითხვების დასმას?..

_ სიმართლე გითხრათ, წაქცეული კაცისთვის წიხლის მიმატება, ცოტა მეუხერხულება კიდეც, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. ,,კავკასია’’ მხოლოდ ჩემთვის კითხვების დასმას კი არ მოერიდა, არამედ ,,ვარდების რევოლუციისთანავე’’ გურამ შარაძისთვის ეთერი საერთოდ აკრძალა. თვეები გადიოდა აქუბარდიას ტყუილებში _ ბატონო გურამ, შემდეგ ორშაბათს დაგითმობთ ეთერსო. ტელეფონით რომ ვერაფერი გააწყო, ბოლოს მივიდა მასთან და ჰკითხა, რა სჭირდა?! იქ უკვე აქუბარდია იძულებული გახდა, ეღიარებინა: გინდათ დამღუპოთ ბატონო გურამ? რა ვქნა, ძლივს პურის ფულს ვშოულობ და გინდათ დახურონ ჩემი ტელევიზია? პირდაპირ მითხრა საააკაშვილმა, შარაძეს დამანახებ და დაგხურავო!.. _ სიტყვა-სიტყვით უთხრა მამაჩემს.
გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც ჟურნალისტმა გელა ზედელაშვილმა გურამ შარაძის პრეტენზიები გადასცა აქუბარდიას და საპასუხო კომენტარიც სთხოვა, მან  სრული სერიოზულობით იკითხა: გურამ შარაძეს არ ვიცნობ, ვინ არისო. ხოლო როდესაც მამაჩემი მელიქიშვილზე სისხლში ცურავდა, აქუბარდია იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სეირის საყურებლად, თავზე წამოადგა.
თუმცა ეს კიდევ არ არის ყველაფერი. გურამ შარაძის მკვლელობაზე საყოველთაო დუმილით აღშფოთებული ტელემაყურებელი რეკავდა პირდაპირ ეთერში, უამრავ სმს-ებსაც სწერდნენ და ამ დროს აქუბარდია, ყოველგვარი რეაქციის გარეშე, გადაიტანდა ხოლმე საუბარს. ეს ისე ბუნებრივად გამოსდიოდა, რომ წამიერად მართლა გამიფიქრია, ვაიმე, იქნებ ყურში არ ესმის ამ კაცს-თქო. ერთი წელი ესეც ვითმინე და ერთხელაც, როდესაც იგივე განმეორდა, დავუკავშირდი დავით აქუბარდიას. თუმცა, არა იმიტომ, რომ რომელიმე კონკრეტულ დღეს ეთერი მეთხოვა, არამედ, მეკითხა, საერთოდ რას ნიშნავდა ასეთი დემონსტრაციული იგნორირება მისი და ,,კავკასიის’’ მხრიდან. მე თქვენ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, თუ რა ხარისხის დემაგოგია მოვისმინე იმ საღამოს. უბრალოდ, ჩემი მეგობრები ესწრებოდნენ ამ საუბარს, თორემ ყურებს არ დავუჯერებდი. აქუბარდია ნახევარი საათის განმავლობაში, სხვასთან ერთად, იმასაც მიმტკიცებდა, რომ არ არის ჟურნალისტი, არ აქვს გადაცემა და არაფერი არ შეუძლია.
ეს უკვე მეტისმეტი იყო! ორ დღეში, მიუხედავად 40 გრადუსი სიცხისა, მამას უახლოეს და უერთგულეს ადამიანებთან ერთად, ,,კავკასიასთან’’ გავმართე აქცია: ,,ტყვია, სახელად დუმილი’’, რომლის მიზანი იყო, თვალებში გამოეხედა იმ ხალხს, ვინც თბილისის ქუჩებში დავით აქუბარდიას ხელში აბურთავებდა. უცებ, საიდანღაც გამოენთო ისტერიული ნინო ჯანგირაშვილი, რომელთანაც საქმე საერთოდ არ მქონია და დაიწყო კივილი _ კი ბატონო, გითმობთ ეთერს, მაგრამ დავითის გარეშეო. რა თქმა უნდა, მიუხედავად ავად ყოფნისა და სრულიად მოუმზადებლობისა, ასეთ საჩუქარზე, თუნდაც დავითის გარეშე, უარს ვერ ვიტყოდი. თუ რამდენად მოვახერხე სათქმელის თქმა, გეტყვით, რომ ძალიან დიდი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა, რადგან ყველაფერთან ერთად, აღმოვჩნდი წამყვანიც და რესპოდენტიც. თუმცა, მთავარს მივაღწიეთ, სიმართლე ვთქვით. 

_ ჩვენ ადრეც ვწერდით, ახლა რამდენიმე გაზეთმაც თქვა _ “კავკასია” გაიშიფრაო. თქვენი აზრით, რას ფარავდნენ და რა გამოაშკარავდა?
_ პირველ რიგში, ნიშანდობლივია, რომ სწორედ მართლმადიდებლობის თემამ გამოააშკარავა ,,კავკასიის’’ ნამდვილი სახე. გაიშიფრა, რომ მისი მიზანია ხალხის გაბითურება და გამოთაყვანება, რათა შექმნან ის საზოგადოებრივი აზრი, რაც სურს ხელისუფლებას.    
_ რამდენადაც ვიცი, წიგნის გამოცემას აპირებთ მამათქვენის საქმიანობასა და ცხოვრებაზე, როდის გამოვა წიგნი და რას მოიცავს ეს გამოცემა?
_ 2010 წლის 17 ოქტომბერს არის გურამ შარაძის 70 წლის იუბილე და ამ დღისთვის, მისი საზოგადოება, სხვასთან ერთად, გეგმავს წიგნის გამოცემას, რომელიც აიგება მხოლოდ და მხოლოდ ინტერვუებზე. უზარმაზარი მასალაა, თითქმის დაბეჭდილი გვაქვს. მალე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით. ამ წიგნში იქნება პასუხი კითხვაზე, თუ ვინ და რატომ მოკლა მამაჩემი.

ირანდა კალანდაძე
,,საერთო გაზეთი’’, 26 მაისი, 2010

 ***

რუსუდან შარაძე: “ეს ყველაფერი გურამ შარაძის სახელის ლაფში ამოსვრას ემსახურება”

“ყველა სიახლის” 31-ე ნომერში (5-11 აგვისტო) გამოქვეყნებულ ინტერვიუს (“რატომ მოითხოვს აკადემიკოს შარაძის მკვლელი დიმიტრი ლორთქიფანიძესთან შეხვედრას”) აკადემიკოსის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ჟენევიდან გამოეხმაურა:
– უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, რომ მომეცით საშუალება, გამოვხმაურებოდი “ყველა სიახლეში” დაბეჭდილ ინტერვიუს. საქმე ის არის, რომ რესპონდენტის მიერ მოყვანილი ფაქტები გაყალბებულია, რის გამოც იქმნება რეალობისგან სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება და შემთხვევითი არ არის, რომ ეს შთაბეჭდილება ზედმიწევნით ემთხვევა ხელისუფლების ვერსიებსა და სურვილებს.
– რას გულისხმობთ?
– ბატონი დიმიტრი ამბობს: “ჯერ კიდევ მარტში ქალბატონმა რუსუდან შარაძემ მომმართა თხოვნით, რომ შევსულიყავი ციხეში და მომენახულებინა გიორგი ბარათელი. როგორც ცნობილია, შარაძის ოჯახს მიაჩნია, რომ ბარათელი არ არის  ბატონი გურამის მკვლელი და, მათი აზრით, ბარათელს აუცილებლად ექნებოდა სათქმელი, რაც აქამდე არ განუცხადებია. გარდა ამისა, ქალბატონმა რუსუდანმა მომცა კითხვარი, რომელიც  გიორგისთვის უნდა გამეცნო და, თუ იგი მიზანშეწონილად ჩათვლიდა, პასუხები გაეცა. საგულისხმოა, რომ რუსუდან შარაძე დიდხანს ცდილობდა, დაედგინა ბარათელის ადგილსამყოფელი, რასაც უმალავდნენ – მას ჰქონდა ეჭვი, რომ იგი აღარც კი იყო ცოცხალი”.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამხელა აბზაცში სიმართლეა მხოლოდ ის, რომ ბარათელი არ მიგვაჩნია მკვლელად, ეჭვი გვქონდა, რომ ის აღარც კი იყო ცოცხალი და რომ არსებობს ჩემი კითხვარი. სინამდვილეში მალე წელიწადი შესრულდება, რაც ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სასამართლოს გზით უშედეგოდ ცდილობს მიიღოს საჯარო ინფორმაცია, სად იხდის სასჯელს გიორგი ბარათელი.
პარალელურად, მან ოფიციალური თხოვნით მიმართა სახალხო დამცველ  გიორგი ტუღუშს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილსა და პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, იქნებ, ბარათელი ციხეში მოინახულოთო. ხუთ დღეში სახალხო დამცველის აპარატმა დადო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მათი წარმომადგენელი ციხეში შეხვდა გიორგი ბარათელს, რომელსაც უთხოვია, ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური დარჩესო. ცოტა ხანში კი ბარათელი პარლამენტარებმა – დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ეკა ხერხეულიძემ – მოინახულეს. ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ბარათელი თავს შესანიშნავად გრძნობს და ციხის ადმინისტრაციასთან პრეტენზია არ აქვს.
– რატომ არ გჯერათ დიმიტრი ლორთქიფანიძის ნაამბობის?
– ინტერვიუში ბატონი დიმიტრი სიტყვასაც არ ძრავს მთავარზე, რომ ქვეყანაში ჟურნალისტები საჯარო ინფორმაციის მოპოვებას სასამართლოს გზითაც კი ვერ ახერხებენ. ბატონი დიმიტრი არ არის კომპეტენტური გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში და ადვილად შეიძლებოდა მისი შეცდომაში შეყვანა.
მას კონფიდენციურად მივაწოდე 14 შეკითხვა და ვთხოვე, გადამოწმების მიზნით (და არა ბარათელის გულწრფელობის დასადგენად, როგორც ბატონი დიმიტრი არაერთგან აცხადებს), დაესვა ბარათელისთვის.
– რისი დადგენა გსურდათ?
– ეს შეკითხვები, ძირითადად, ეხებოდა ჩემი ძმის პირად ცხოვრებას და მის ბინას, სადაც შვეიცარიაში ყოფნისას ბარათელი ცხოვრობდა. შემდგომში ბატონმა დიმიტრიმ დამაყვედრა, რომ მან, პარლამენტარმა, ვიღაცის პირადი ამბების გამო ასე შეიწუხა თავი… მიუხედავად ჩემი ნდობისა ბატონი დიმიტრის მიმართ, თუნდაც იმიტომ, რომ ინტერნეტფოსტა კონტროლდება, ჩემებური გეგმა დავსახე – საგანგებოდ შერჩეული კითხვების გარდა, მას კითხვებზე პასუხებიც გავუგზავნე, რომელთა უმრავლესობა არასწორი იყო.
ანუ, თუ ბატონი დიმიტრი ნამდვილად გიორგი ბარათელს შეხვდებოდა, მაშინ ბარათელის პასუხები არ დაემთხვეოდა ბატონი დიმიტრის ხელთ არსებულ პასუხებს, მაგრამ იქნებოდა სრული სიმართლე. ასე იმიტომაც მოვიქეცი, რომ სიმართლის არცოდნით, თვითონ დიმიტრი ლორთქიფანიძის სიტყვისთვის  შემექმნა მეტი ალიბი.
თუმცა ბატონ დიმიტრის არ გაჰკვირვებია, როდესაც მის მიერ ნანახი ადამიანის ნათქვამი არ დაემთხვა მის ხელთ არსებულ პასუხებს და დარწმუნებულმა, რომ ბარათელი ნახა, წერილობით მომაწოდა ინფორმაცია, ხოლო ჩემთან საუბარი აღარ ისურვა იმ მიზეზით, რომ “ის არის პარლამენტის წევრი და საერთაშორისო ზარით ამ თემაზე ლაპარაკი უხერხულია”. რაც შეეხება ბარათელის პასუხებს, ბევრი რამ მართლა დაემთხვა სიმართლეს, მაგრამ ამ პასუხებს შორის არის ისეთი არსებითი წინააღმდეგობები, რომ არ შეიძლება, ეს ერთი და იმავე პიროვნების ნათქვამი იყოს.
ამიტომ მე მაინც დავუკავშირდი ბატონ დიმიტრის. აქ აღარ მოვყვები ჩვენი საუბრის დეტალებს, მხოლოდ გეტყვით, რომ როდესაც ვკითხე, რატომ ხართ ასე დარწმუნებული, ნამდვილად ბარათელი ნახეთ-მეთქი! მომიგო: მართალია, ზოგიერთ კითხვას ბარათელმა უცნაურად გასცა პასუხი, მაგრამ მთლიანობაში, სიმართლე თქვაო. როცა ვკითხე, საიდან იცის მან, რა არის სიმართლე და რა – არა? – მიპასუხა: “ამ კაცმა ისეთი დარწმუნებით გასცა პასუხი ჩემს კითხვებს, მხოლოდ ბარათელი თუ გასცემდა”. თუმცა, როდესაც მკვლელობის მოტივიც გამოუკითხავს, ეს დარწმუნებით მოლაპარაკე კაცი, უცებ არაადეკვატურ ადამიანად გადაქცეულა და თვით ეკა ხერხეულიძეც გაგიჟებულა, – რას ბოდიალობს ეს კაციო.
– თქვენთვის თუ იყო ცნობილი ბარათელის ვერსია, ორგანოების ტრანსპლანტაციის მიზნით მისი დევნა-თვალთვალისა და შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის შესახებ?
– პირველ რიგში, ერთი რამ მიკვირს: თქვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ბატონი დიმიტრი დაწვრილებით ჰყვება (და ეს უკვე მერამდენედ ჰყვება ამას პრესის ფურცლებზე) ბარათელის ნაამბობს, თუ როგორ დევნიდნენ და ავიწროებდნენ გურამ და გიორგი შარაძეები და როგორ უპირებდნენ ორ ალბანელთან ერთად თირკმელების ამოჭრას. იქვე დასძენს: “რაღაც საკითხებში ეს ადამიანი არ მომეჩვენა ლოგიკური, მაგრამ მისი უფლებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ”.
ძალიან კარგია, რომ ბატონი დიმიტრი პატიმრის უფლებებს იცავს, მაგრამ რატომ არ იცავს ის გურამ შარაძის ოჯახის უფლებებს, ღირსებას და რატომ იმეორებს სიტყვასიტყვით ბინძურ ჭორებს, რის დანერგვასაც ხელისუფლება მამაჩემის მკვლელობის წუთიდან დღემდე უშედეგოდ ცდილობს? ბატონი დიმიტრი “დეტალებში”, ალბათ, იმას გულისხმობდა, რაც ათასჯერ გამიმეორა: რომ ბარათელი მეორედ მომიკლავდა მამას და ჩემს ძმასაც ზედ მიაყოლებდა.
რასაც დიმიტრი ლორთქიფანიძე ჰყვება, გარდა ჭორებისა, სიტყვასიტყვით ემთხვევა ერთ საინტერესო დოკუმენტსაც, რომელიც დევს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში. ამ დოკუმენტს აწერია, რომ არის გიორგი ბარათელის დაკავებისთანავე მასთან ჩაწერილი აუდიოჩანაწერის სტენოგრამა და იქვე დიდი ასოებით მითითებულია – “აუდიოჩანაწერი წაიშალოს ხუთ დღეში!”.. დღევანდელ საქართველოში, თურმე, გურამ შარაძის მკვლელის ნაამბობი, სადაც ის მკვლელობის მოტივზე საუბრობს, მხოლოდ აუდიოფირზე ჩაწერეს და ისიც ხუთ დღეში წაშალეს!  მგონი, აქ კომენტარი ზედმეტია.
– თქვენი ნაამბობის გათვალისწინებით, არ გჯერათ დეპუტატების წინაშე გიორგი ბარათელის აღიარებისა, რომ მან მოკლა ბატონი გურამი?..
– მე მჯერა, რომ გურამ შარაძის მკვლელობა იყო პოლიტიკური და ეს ჩაიდინა ორმა დაქირავებულმა მკვლელმა, რომელთა შორის ბარათელი არ იყო. ამასთანავე, მჯერა, რომ არც სახალხო დამცველის წარმომადგენელს და არც დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ეკა ხერხეულიძესთან ერთად, ბარათელი არ უნახავთ.
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ ემსახურება გურამ შარაძისა და მისი ოჯახის სახელის ლაფში ამოსვრას, იმისთვისაც არის გამიზნული, რომ ხალხის მეხსიერებაში აღიბეჭდოს: ბარათელმა დარეკა, ე.ი. ოჯახის ვერსია არასწორია და ბარათელი აღიარებს გურამ შარაძის მკვლელობას, ე.ი. ხელისუფლება აქაც მართალია.
როგორც ბატონი დიმიტრი აცხადებს, ციხის ადმინისტრაციას “მიყურადების წესით” აუცილებლად ეცოდინებოდა, რომ ივნისის შუა რიცხვებში მას დაურეკა ბარათელმა და დაბეჯითებით სთხოვა ერთი-ერთზე შეხვედრა, მაგრამ ეს ამბავი მაინც არ გაუხმაურებია, ვიდრე 16 ივლისს კომისიიდან არ დაითხოვეს. თურმე, ბატონი დიმიტრი სხვა პატიმრების მონახულების დროს აპირებდა, მოეთხოვა ბარათელთან შეხვედრა.
თუ ასეთი ფრთხილია ბატონი დიმიტრი, მაშინ მარტიდან მოყოლებული,  საქვეყნოდ რატომ აცხადებდა, რომ ბარათელს თავისი ტელეფონის ნომერი დაუწერა ფურცელზე და ბარათელმა ეს ფურცელი “გულში ჩაიკრა”?
დასასრულ, რაც ყველაზე სამწუხარო და ცინიკურია, დიმიტრი ლორთქიფანიძეს თავი გამოჰყავს გურამ შარაძისათვის წამებულად, რადგან სწორედ მის მკვლელობასთან დაკავშირებით, “ციხეში მიყურადების წესით” გაჟონილმა ინფორმაციამ დააკარგვინა ციხეში შესვლის უფლება, ხოლო პატიმრებს – თავდადებული დამცველი.
მე ვერ ავუკრძალავ ბატონ დიმიტრის  გურამ შარაძის სახელის ხსენებას, მაგრამ ვთხოვ, ნუ დაუკავშირებს ჩემს სახელს ფაქტების გაყალბებას, მით უმეტეს, “მოწმედ” ნუ მომიყვანს. რჩევით კი ვურჩევდი, რომ გაეცალოს ამ სიბინძურეს, რადგან გურამ შარაძის მკვლელები და მათი თანამონაწილეები აუცილებლად დაისჯებიან!

ნანა ფიცხელაური
”ყველა სიახლე”, 12.08.2010
 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s