2009 წელი

  • ,,უჩინარი მოწმეები და თვალდათხრილი თემიდა’’, humanrights.ge, 8 იანვარი, 2009
  • გურამ შარაძის მკვლელობის თემას ტაბუ აეხსნა”, “მთელი კვირა”,  2 მარტი, 2009
  • გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს’’ რედაქციას! (გამოუქვეყნებელი ინტერვიუ გურამ შარაძესთან, ჩაწერილი 2005 წლის დეკემბერში), 30 მარტი, 2009
  • გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს’’ რედაქციას! (,,ეკლესიის დანგრევაში გარე ძალებიც მონაწილეობდნენ’’, გამოუქვეყნებელი ინტერვიუ გურამ შარაძესთან, ჩაწერილი მკვლელობის წინდღით), 11 აპრილი, 2009
  • ,,ტელეკომპანია “კავკასია” “დემოკრატიული არხი” თუ კარგად შენიღბული მახე?!’’, “საერთო გაზეთი”, აპრილი, 2009
  • ,,რუსუდან შარაძე: ,,ბარათელი მამას მკვლელი არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება’’,  ,,გუმბათი’’, 11-17 მაისი, 2009
  • ,,რუსუდან შარაძე: მოვითხოვ, გვაჩვენონ ცოცხალი ბარათელი!’’, პრესა.გე, 19 მაისი, 2009
  • ,,ხელისუფლება მზად არის, ყველა გაწიროს’’, ,,ახალი თაობა’’,  21 მაისი, 2009  
  • ,,შეწირული’’, “საერთო გაზეთი’’, 27 მაისი, 2009 
  • ,,გურამ შარაძის მკვლელობა, შურისძიება თუ პოლიტიკური დაკვეთა’’, ,,ყველა სიახლე’’, 4 ივლისი, 2009
  • ,,დაანებეთ თავი ისტორიულ რელიკვიებთან ბრძოლას”, პრესა.გე, 1 ოქტომბერი, 2009
  • გურამ შარაძის ერთ-ერთი მკვლელი “ქრონიკამ” იპოვა?”, “ქრონიკა”, 26 ოქტომბერი – 1 ნოემბერი, 2009
  • ,,გასაიდუმლოებულ ინფორმაციას პრესა.გე უკვე საჩივრით ითხოვს’’, პრესა.გე. 29.10.2009
  • ,,რუსუდან შარაძე: ჩემი ძმა მერაბიშვილის გარემოცვამ მოწამლა!’’, ,,საქართველო და მსოფლიო’’, 5 ნოემბერი, 2009
  • ,,პრესა.გე შაშკინის უწყებას სასამართლოში უჩივის’’, პრესა.გე, 19.11.2009

***

უჩინარი მოწმეები და თვალდათხრილი თემიდა

***

“გურამ შარაძის მკვლელობის თემას ტაბუ აეხსნა”

ნამდვილი მკვლელების დასჯას უკვე არასამთავრობოებიც მოითხოვენ

ახლადაღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავს “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, გურამ შარაძის ოჯახი და მათი უფლებების დამცველი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. გაიზიარებს თუ არა პროკურატურა ამ მოთხოვნას, ეს დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

პარალელურად, გურამ შარაძის მკვლელების დასჯას უკვე არასამთავრობო სექტორი ითხოვს. 27 თებერვალს პარლამენტის წინ მოძრაობა “7 ნოემბერის” ორგანიზებით მოწყობილ აქციაზე, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, შარაძის მკვლელების დასჯა, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, გამცემლიძის და შავაძის მკვლელების დასჯის პარალელურად მოითხოვეს.

“როგორც იქნა გურამ შარაძის მკვლელობის თემას ტაბუ აეხსნა, ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია. ამ საზარელი მკვლელობიდან თითქმის 2 წელი სრულდება და გაკვირვებული ვარ აქამდე როგორ არ იღებდნენ ხმას ის პოლიტიკოსები, რომლებიც ეროვნულობასა და დემოკრატობაზე თავს დებენ”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე.

24 თებერვალს “მთელი კვირა”-ც ესწრებოდა “ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის უჩა ნანუაშვილის ინიციატივით გამართულ პრესკონფერენციას, გურამ შარაძის მკვლელობის გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხზე.

“ჩვენ თავიდანვე გვქონდა ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ის გამოიძება, რომელიც ოფიციალურად ჩატარდა, ძალიან ბევრ წინააღმდეგობებს შეიცავდა. საქმე რეალურად თეთრი ძაფით შეკერილი იყო და ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობდა. ამ საქმეზე 2008 წლის 14 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საბოლოო განაჩენი გამოიტანა _ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე “არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის”-ო.

“2009 წლის იანვარში, პროექტის “სასამართლო სისტემის მონიტორინგი საქართველოში” ფარგლებში, “ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ჟურნალ “სიტყვა”-ს მიერ ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა, რომელიც გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს ეხება. ამ გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი გახლდათ, ხოლო პროექტის მხარდამჭერი “ევრაზიის პარტნიორობის ფონდი”. გამოძიების საშუალებით კიდევ ერთხელ მტკიცდება სიმართლე, აგრეთვე, საფუძველი ეცლება ხელისუფლების ვერსიას ოჯახის “სუბიექტურობის” შესახებ. ჩვენმა გამოძიებამ ცხადყო, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე, ფაქტობრივად არ გამოძიებულა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გიორგი ბარათელი მკვლელი არ არის. რეალურად მკვლელები სხვა ადამიანები არიან, რომლებიც ბარათელისგან, თუნდაც ფიზიკური მონაცემებით ძალიან განსხვავდებიან”, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას უჩა ნანუაშვილმა.

“უამრავი ეჭვი ჩნდება გიორგი ბარათელის ბრალეულობის მიმართ, რომელიც 27-წლიან სასჯელს იხდის. არც გამოძიებამ, არც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, არც ერთი შუამდგომლობა. სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა არა მარტო უსამართლოდ, არამედ, მთელი ცინიზმით. გურამ შარაძის ადვოკატი საქმეს სტრასბურგისთვის ამზადებს”, – ნათქვამია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გურამ შარაძის მკვლელობის საქმემ საქართველოში სამივე ინსტანცია მოიარა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მისი გაგზავნა 14 მაისამდე ნებისმიერ დღეს შეიძლება, მაგრამ ოჯახი და მისი უფლებების დამცველი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც საქმეში ახლახანს ჩაერთო, პროკურატურის პასუხს დაახლოებით ერთი თვე დაელოდებიან.

როგორც მასალის დასაწყისში აღვნიშნეთ, ახლადაღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების დროს გამოიკვეთა, მთავარ პროკურატურას საქმის ხელახალ გამოძიებას სთხოვენ, რაზეც ჟურნალისტური გამოძიების ავტორმა – მადლენ მაჭარაშვილმა და გამოძიების ხელმძღვანელმა ლია ტოკლიკიშვილმა “ადამიანის უფლებათა ცენტრში” გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრეს:

“სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაზარალებული მხარის ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა. ადვოკატები ითხოვდნენ დაკითხულიყვნენ ის მოწმეები, რომლებმაც მკვლელი უშუალოდ სროლის მომენტში, ან სროლიდან რამდენიმე წამის შემდეგ ნახეს. ჩვენ ასეთ ადამიანებს კარდაკარ ვეძებდით და უამრავი ასეთი მოწმე აღმოვაჩინეთ. მეორე სერიოზულ დარღვევად ის მივიჩნიეთ, რომ  სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიჩნია “ალდაგი”-ს ვიდეოფირი (რომელზეც გურამ შარაძის მკვლელობაა დაფიქსირებული “მ.კ”), იმის მომიზეზებით, რომ ვიდეოფირი დაზიანებული, ანუ ტექნიკურად გაუმართავი იყო, მაგრამ ვეკითხებით სასამართლოს _ არსებობს თუ არა ტექნიკური საშუალებები, რომლითაც ამ ვიდეოფირზე არსებული მასალის გამოსწორება შეიძლებოდა? ვისაც ვიდეოფირი ნანახი გვაქვს, ვამბობთ, რომ მასზე ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ასახული – იქ მკვლელის გარეგნობა, მისი სიმაღლე ჩანს და ის არ არის გიორგი ბარათელი, ნამდვილი მკვლელი ბარათელზე გაცილებით მაღალია. ამასთან, ვიდეოფირზე ძალიან კარგად ჩანს, რომ ნამდვილ მკვლელს მუქი ფერის, საკმაოდ მოზრდილი თმა აქვს და ბარათელი აყვანის მომენტში როგორ გამოიყურებოდა, ეს ყველას კარგად გვახსოვს – ბარათელს თავი ახალი გადაპარსული ჰქონდა.”

ჟურნალისტური გამოძიების ავტორმა და ხელმძღვანელმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილეს ყურადღება და მათ შორის ერთ-ერთია საქმის მასალებში არსებული მოწმე ალექსანდრა პირუმოვას ჩვენება, რომელიც მათივე განმარტებით, “ყველაფერს თავდაყირა აყენებს.”

ალექსანდრა პირუმოვა არის გიორგი ბარათელის გამზრდელი ბიძის, როლანდ გრიქუროვის მეგობარი. ქალბატონი პირუმოვა ამბობს, რომ ამ შემთხვევამდე, ანუ მკვლელობამდე 6 დღით ადრე ბარათელი მასთან როლანდ გრიქუროვმა მიიყვანა და სთხოვა ცოტა ხნით შენთან იყოს, რადგან ბარათელის დეიდა ცუდად არის, ნემსებს უკეთებენ და ამაზე ეს ბიჭი ცუდად ხდებაო. პირუმოვას ჩვენების მიხედვით, მკვლელობამდე დაახლოებით ნახევარი-ერთი საათით ადრე, გიორგი ბარათელს მობილურ ტელეფონზე დაურეკეს; იგი ვიღაცას ტელეფონზე ხმამაღლა ელაპარაკებოდა _ “აქ აღარ დარეკო”-ო, რის შემდეგაც სახლიდან სწრაფად გავარდა. “ვინ დაურეკა გიორგი ბარათელს და სად წავიდა ასე სწრაფად? სასამართლოს ასეთი კითხვები არ დაუსვამს”, _ აცხადებენ ჟურნალისტური გამოძიების ავტორი და ხელმძღვანელი.

ეს და სხვა მნიშვნელოვანი კითხვები სასამართლოს არ დაუსვამს, მაგრამ გურამ შარაძის ოჯახი, 2007 წლის 20 მაისიდან მოყოლებული დღემდე ამ კითხვებს სვამს, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. რუსუდან შარაძე ვარაუდობს, რომ პირუმოვას სახლიდან გამოსულ ბარათელს, გარეთ სამართალდამცავები ელოდნენ. “ამ ვარაუდის საფუძველს მაძლევს 20 მაისს, საღამოს ცხრა საათზე (მკვლელობიდან ნახევარი საათის შემდეგ “მ.კ”) “რუსთავი 2”-ს პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ დავით კიკალიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება _ პატრული გიორგი ბართელს, რომელიც “რუსთავი 2”-ში მუშაობდა, 20 მაისის დილას ჩვენს ტელევიზიაში ეძებდაო. ანუ, სამართალდამცავები ბარათელს ეძებდნენ მანამ, სანამ მამაჩემს მოკლავდნენ”, _ უთხრა “მთელ კვირას” რუსუდან შარაძემ და კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება:

“გიორგი ბარათელს 27 წელი მხოლოდ გურამ შარაძის მკვლელობისთვის არ აქვს მისჯილი. იგი სასჯელს ვინმე ტირზიკიანის დაჭრისთვისაც იხდის. საქმის მასალების მიხედვით, გიორგი ბარათელმა 5 მაისს ვინმე ტირზიკიანი (მისი ექიმი) დაჭრა. იცით როდის ჩაუტარდა ტირზიკიანს ექსპერტიზა? _ 21 მაისს, გურამ შარაძის მკვლელობის მეორე დღეს. ამის შემდეგ ტირზიკიანი საერთოდ გაქრა, საქართველოში აღარ არის. როგორც ჩანს, დიდი ფული აიღო და გადაიკარგა. ყველაფერი ეს ხდებოდა იმისთვის, რომ ბარათელისთვის შეექმნათ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის იმიჯი”.

გურამ შარაძის ოჯახის სახელით, რუსუდან შარაძე ჩვენი გაზეთის მეშვეობით მადლობას უხდის ადვოკატებს _ ნინო ნიშნიანიძეს და ნუგზარ ბირკაიას, რომლებმაც გურამ შარაძის ოჯახის ინტერესები სამივე ინსტანციაში დაიცვეს: “ამ ადამიანებს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო, მათ ფაქტობრივად თავი გადადეს და საქმეში პირველივე დღიდან, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე ჩაერთვნენ. იმ დროს, როცა ადამიანები შიშის გამო სამძიმარზე მოსვლას ერიდებოდნენ, მამას საქმეში ჩართვა ჩვენთვის ფასდაუდებელი მხარდაჭერა იყო. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სიმართლე დადგენილიყო, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ამის გაკეთება რა თქმა უნდა, არ მოხერხდა. აქვე უღრმეს მადლობას გადავუხდი ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს, რომელიც ასევე სრულიად უსასყიდლოდ ჩაერთო საქმეში’’.

გურამ შარაძის ქალიშვილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთიანდება, რომელსაც საფუძველი ახლა ეყრება და რომელშიც ბოლო 5 წლის მანძილზე ქუჩაში დახვრეტილი და მოკლულების ოჯახის წევრები იქნებიან. ისინი 15 მარტს რუსთაველის ძეგლის წინ დაგეგმილ დიდ საზოგადოებრივ შეკრებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. “15 მარტს სამწუხაროდ, თბილისში ფიზიკურად არ ვიქნები, მაგრამ ამ აქციაში “გურამ შარაძის საზოგადოება” აქტიურად ჩაერთვება’’, _ გვითხრა რუსუდან შარაძემ და ჩვენს კითხვაზე _ რისთვის მოკლეს გურამ შარაძე? ასეთი პასუხი გაგვცა:

“მაშინ მე გკითხავთ – რისთვის მოკლეს ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია? იმისთვის მოკლეს გურამ შარაძე! გურამ შარაძე მოკლა ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, უშუალოდ შემსრულებლები ვინ არიან, არ ვიცი. მათ “სიკვდილის ბრიგადები” მრავლად ჰყავთ და ვინმეს შეარჩევდნენ, ამის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ. გიორგი ბარათელი მკვლელი არ არის. გურამ შარაძე რეალურად ორმა ადამიანმა მოკლა.

ეს მკვლელი ხელისუფლება აუცილებლად უნდა გასამართლდეს და არა მარტო გურამ შარაძის მკვლელობისთვის, არამედ მთელი იმ უბედურებისთვის, რაც მათ ამ 5 წლის მანძილზე დაატრიალეს, თუნდაც აგვისტოს ომში რომ ჩაახოცინეს ქართველი ბიჭები და დღეს ამდენი დევნილი, გაუბედურებული ოჯახი რომ გვყავს. ქართველმა ერმა ღირსება უნდა დაიბრუნოს, რათა ძალამ, რომელიც მომავალში ხელისუფლების სათავეში მოვა, ვეღარ გაბედოს იმის მეათასედიც კი, რასაც ეს ხელისუფლება ბედავს.”

ნინო მიქიაშვილი
“მთელი კვირა”,  2 მარტი, 2009

***

გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს’’ რედაქციას!

მას შემდეგ, რაც თქვენმა გაზეთმა გამოიჩინა კეთილი ნება და უსიტყვოდ დათანხმდა გურამ შარაძის თავის დროზე გამოუქვეყნებელი ინტერვიუს დაბეჭდვას, თავს ვალდებულად ვთვლი, პატარა კომენტარი გავაკეთო. დარწმუნებული ვარ, უარს არც ამის გამოქვეყნებაზე მეტყვით, რადგან ახლახან დაარსებულმა თქვენმა გაზეთმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს!

უღრმესი მადლობა გაზეთ ,,საქართვლო და მსოფლიოს’’ ამისთვის!

პატივისცემით
რუსუდან შარაძე
30 მარტი, 2009,  ჟენევა

ინტერვიუ, რომელსაც ქვევით გაეცნობით, არის საათნახევრიანი აუდიო ჩანაწერის მოკლე ვერსია. გაზეთში, სადაც ის თავის დროზე უნდა დაბეჭდილიყო, ბოლო მომენტში აღარ დაბეჭდეს კოლეგიალობის თვალსაზრისით. გულწრფელად შეწუხებულ ჟურნალისტს, რადგან მას ამაში ბრალი არ ჰქონდა, მამამ გამოართვა ჩანაწერი და ვის აღარ მიმართა თხოვნით, რომ გამოექვეყნებინათ, მაგრამ ყველასგან ზრდილობიანი უარი მიიღო, იგივე კოლეგიალობის თვალსაზრისით. შემდეგ, რატომღაც, მე მომცა _ შენ გქონდესო. უარის მიზეზი არც ისე უსაფუძვლოა და კარგად მესმის, რადგან ჟურნალისტები ჩემი კოლეგებიც არიან და მერწმუნეთ, ჩემთვისაც ძალიან მძიმეა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მამაჩემის წინაშე ვალდებულება მკარნახობს, მხილებულ იქნას ის ხალხი, ვისი ხელითაც სააკაშვილის მკვლელმა ხელისუფლებამ შეიქმნა ,,შესანიშნავი’’ ალიბი, რომ თითქოს, გურამ შარაძე წავიდა პოლიტიკიდან და მისი მკვლელობა არაფერში სჭირდებოდათ.

ჩემი აზრით, ზოგადად, ჯიბის ჟურნალისტებს უსიტყვოდ რომ არ შეესრულებინათ ხელისუფლების დაკვეთა და გურამ შარაძეს მოეხერხებინა თავისი სიტყვის ხალხამდე მიწვდენა, მას ასე ხელაღებით ვერ დახვრეტდნენ, ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც ვერ იტყოდნენ, რომ გურამ შარაძე წავიდა პოლიტიკიდან და მეცნიერულ საქმიანობაში გადაერთოო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რას ეტყოდა ის ხალხს…

აქვე, იმათ გასაგონად ვიტყვი, ვინც გადაწყვეტს დაყვედრებას, რომ ჩვენ ოდესღაც დაგვითმეს ტელეეთერი _ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მამაჩემი აიკრძალა ყველა ტელეკომპანიაში და ეს ტაბუ მხოლოდ ერთხელ _ 2007 წლის მაისში აიხსნა, როდესაც მთელ ქვეყანას აჩვენეს გურამ შარაძის სისხლში მოცურავე ცხედარი და თავზარდაცემული ოჯახი. ყველასთვის ნათელია, რას ემსახურებოდა მაშინ ეს _ შიშის, ტერორის დამყარებას, რომ ყველას ასე დაგხვრეტთ, ასე დაგახრჩობთ სისხლში, ვინც გაბედავთ და წინააღმდეგობის გაგვიწევთ! მაშინ ტელეკომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვის უკეთ გამოუვიდოდა ეს და რას დაწერდა რეიტინგი, რომელზეც დღეს რატომღაც, ყველა შეშლილია.

გურამ შარაძე არსად არ წასულა, ის იყო იქ, სადაც იყო მუდამ, და ამაში მისი ამ ინტერვიუთიც დარწმუნდებით, რომლის სრული ვარიანტის გამოქვეყნების ექსკლუზიურ უფლებას, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, ,,საქართველოს და მსოფლიოს’’ ვპირდები. ხელთ მაქვს, ასევე, მამაჩემის უკანასკნელი, მკვლელობის წინდღით მიცემული საგაზეთო ინტერვიუ, რომელიც ასევე, არ გამოქვეყნებულა. ის ფერიას მთაზე ეკლესიის დანგრევას ეხება და ფრიად საყურადღებო ცნობებს შეიცავს. მისი გამოქვეყნების ექსკლუზიურ უფლებასაც თქვენს გაზეთს ვპირდები.

ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ ჩვენი ოჯახის მიმართ ახალი ცილისმწამებლური ტალღაა აგორებული. მე არაფერს გამოვრიცხავ, მხოლოდ ერთს ვიტყვი _ გურამ შარაძის დახრეტას არავის შევარჩენთ, ეს არის ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და თუ ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრს ერთი თმის ღერიც ჩამოუვარდება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება სააკაშვილის მკვლელ ხელსუფლებას.

ვიტყვი იმასაც, რომ ვერასდროს ვირწმუნებ იმ დემოკრატიას, სადაც გურამ შარაძის სასტიკად დახვრეტაზე ტაბუა დადებული, მე არ მწამს იმ პატრიოტიზმის, სადაც მისი სახელის მიჩქმალვას ცდილობენ.

გამოუქვეყნებელი ინტერვიუ გურამ შარაძესთან

ჩაწერილია 2005 წლის დეკემბერში

(იბეჭდება შემოკლებით)

ჟურნალისტი: რაშია საქმე, კონკრეტულად რა პრეტენზიები გაქვთ ჩვენი ტელევიზიების მიმართ?

გურამ შარაძე: სიტყვა პრეტენზია არ მინდა ვთქვა, რადგან ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივა. რა უფლება მაქვს მოვთხოვო ჩვენს ტელე-მედიას, რომ მანცდამაინც ჩემი პიროვნებით დაინტერესდეს… მაგრამ სხვაა, როდესაც ვიცი და ვხედავ, რომ ეს ხდება უმაღლესი ხელისუფლების განკარგულებით.

,,გურამ შარაძე ეკრანზე არ დამანახოთ!’’ _ ეს პირდაპირ პრეზიდენტის დავალებაა და მისი გულის მოსაგებად ჩვენი ტელე-მედიის ხელმძღვანელები თავს იკლავენ და ასრულებენ ამ დავალებას. ჩემს ცხოვრებაში არაფერი დამიწერია შეუმოწმებლად, დოკუმენტური სიზუსტის გარეშე _ ეს გამიმჟღავნა ე.წ. ოპოზიციური ტელევიზია ,,კავკასიის’’ ხელმძღვანელმა დავით აქუბარდიამ. ყველაფერი კი ასე დაიწყო: როდესაც დაგროვდა თემები, რომლებზედაც ისეთი ადამიანები ალაპარაკდნენ, ვინც თავის დროზე ამ თემების გამო მე მებრძოდნენ და ახლა თუ ხმა ამოიღეს, მხოლოდ იმიტომ, რომ დაინახეს, მომგებიანია ამ თემებზე საუბარი, რამდენჯერმე მივმართე ბატონ დავით აქუბარდიას. მახსოვს, ის ჩემს მეგობრობაზე დებდა თავს და ერთ დროს მეუბნებოდა, რომ ,,კავკასიას’’ თუკი ვინმე უყურებს, ერთ-ერთი რესპოდენტი და სტუმარი თქვენ ბრძანდებითო. გახსოვთ, ალბათ, ჩვენი საყვარელი ,,იუმორინას” ცნობილი იუმორიც ამ თემაზე… და აი, ერთ მშვენიერ დღეს ბატონმა აქუბარდიამ ამიკრძალა ტელე-ეთერი. როდესაც მე და ელიზბარ ჯაველიძემ შევატყვეთ, რომ ეს ხდებოდა ჩვენი მისამართით, მივედით და ვკითხეთ, თუ რაში იყო საქმე. _ ,,ბატონო გურამ, ბატონო ელიზბარ, როგორ გეკადრებათ, ამ საღამოსვე მობრძანდით, დაგითმობთ დროს გადაცემა ,,სპექტრშიო”. შევთანხმდით. ცოტა ხანში გვირეკავს მეც და ელიზბარსაც _ ,,უი, უი, დამავიწყდა, დღეს პარასკევია და ინდური ფილმის დღე გვაქვს, მაყურებელს ვერ დავკარგავ და ამიტომ, ბოდიშს ვიხდიო. დაგირეკავთ ორშაბათსო’’. გავიდა ორასი ორშაბათი…

ტელეფონით არაფერი გამოვიდა… როცა შევატყვე ცრუპენტელობდა, ვიფიქრე _ ავდგები, მივალ, თვალებში ჩავხედავ ამ კაცს, აბა, თუ გაბედავს მოტყუებას-მეთქი. რომ მივედი ესაუბრებოდა ირინა გოგოსაშვილს… გამიხმო ცალკე ოთახში. მითხრა _ ,,რა ვქნა ბატონო გურამ, ძლივს პურის ფულს ვშოულობ და გინდათ დახურონ ჩემი ტელევიზიაო? პირდაპირ მითხრა საააკაშვილმა, შარაძეს დამანახებ და დაგხურავო’’. ამ ყველაფერს რომ აქუბარდია გაგიბედავს, კაცოო!.. ჩემი გამოჩენა შემოსავლებს დაუფრთხობდა, ალბათ. ვინ კადრულობდა ,,კავკასიაზე’’ რეკლამას და ეხლა ხომ ხედავთ რა ხდება…

ეს იმიტომ გითხარით, რომ გაუხმაურებელია და ოპოზიციური ნიშნით აქუბარდია ჯერ კიდევ სუნთქავს. მე მას ბევრი დრო მივეცი, რათა გონს მოსულიყო, მაგრამ უკვე ვეღარ დავფარავ, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების განკარგულება, რომ გურამ შარაძე არსად გამოჩნდეს, წარმატებით ხორციელდება.

ეხლა გადავიდეთ ,,მზეზე”. იქ იყო ერთი წამყვანი ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც სადაც კი წამასწრებდა, ასე ვთქვათ, ყველგან ,,კბილს მკრავდა’’. ყურადღებას არ ვაქცევდი, რა ჩემი ტოლია… ერთ დღეს მირეკავს და მეუბნება _ ,,ბატონო გურამ, ძალიან გთხოვთ, უარი არ მითხრათ, ამ საღამოს უნდა მობრძანდეთ ჩემს გადაცემაში ,,არჩევანის ზღვარზეო’’. ვიფიქრე, თუ არ აქვს პირი შერცხვენილი ამ კაცს, ასე რატომ მეხვეწება გადაცემაში მისვლას, უარს ისედაც რატომ ვეტყოდი-თქო… მაინც ვკითხე, ვინ იქნება ჩემთან ერთად-მეთქი. _ ,,არავინ, ბატონო გურამ, ისე მოენატრეთ ხალხს, რომ მარტოს დაგეთმობათ ეთერიო’’. მაგრამ, იმნაიშვილი ის ჭაბუკი არ არის, რომელსაც რამე სირცხვილის გრძნობა ჰქონდეს. შუა გადაცემაში აცხადებს: ,,ეხლა ჩაგვერთვება გიგა ბოკერია!..’’. იმ საღამოს, იმნაიშვილმა და ბოკერიამ, ორივემ მოინდომეს ჩემთვის კიდევ ერთხელ ,,კბილის გაკვრა”, მაგრამ იქით გავკარი ორივეს მაგრად, იმნაიშვილსაც და ბოკერიასაც (იცინის)… და თან ისე, რომ როგორც კი გადაცემა დამთავრდა, სტუდიაში მყოფმა ჟურნალისტებმა ტაშით დაანგრიეს იქაურობა. ჰკითხეთ, თუნდაც, ნინო ჟიჟილაშვილს… იმნაიშვილს კი კარგადაც გადაუხადა ბოკერიამ _ გააპანღურა და გადაცემაც დაუხურა.

ეხლა მიუახლოვდეთ ,,იმედს’’. დავიწყოთ გიორგი თარგამაძით. მე ვიცი რომ თქვენ ჩემს ამ სიტყვებს აქუბარდიასთანაც გადაამოწმებთ, თარგამაძესთანაც და გრიგოლიასთანაც, რომელზეც მერე მოგახსენებთ. თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ შემდეგ ამას უკომენტაროდ დავტოვებ? ახლავე გთხოვთ, მათი კომენტარი მერე უნდა ,,გავაკომენტარო’’, თუ იმავე ნომერში არა, მომდევნოში მაინც.

თარგამაძეზე არის ნათქვამი: ,,ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა’’. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა პირველად რომ გავიცანი. 1993 წელს კოლხური კოშკის დაწვაზე რამდენიმე რეპორტაჟი გავაკეთებინე ,,იბერვიზიისთვის’’… მოგეხსენებათ, 1994 წელს სამუშაოდ გადავედი ასლან აბაშიძესთან. მასთან ვაქე და ვადიდე. ასლან აბაშიძე მაშინ ჭკუაზე იყო, ჯერ კიდევ არ ჰყავდათ გადაყვანილი ჭკუიდან მის მეგობრებს, მათ შორის გიორგი თარგამაძეს…

18 წლის თარგამაძე გახდა მინისტრი. მერე გალსტუკიანი გიორგი თარგამაძე გადაჯინსდა და დაიწყო ცუნცულ-ცუნცული. მომდიოდა ხმები მის ავკაცობაზე და ამბების მიტან-მოტანაზე. ასლან აბაშიძემ რომ პარკი გააშენა, იმის მშენებლობის ერთ-ერთი დათვალიერებაა და მოვკიდე ხელი თარგამაძეს, მივიყვანე ასლან აბაშიძესთან და ვუთხარი: ,,აბა, ეხლა თქვი, რას ელაპარაკები მას ჩემზე ყურში, ჩემს ზურგს უკან!’’. წახდა, გაშავდა… ,,მეტი აღარ დაგინახო ჩემზე ილაპარაკო არც ჩემს ზურგს უკან და არც ისე-მეთქი’’…

თბილისში რომ იყო ,,აღორძინების’’ საარჩევნო შტაბის უფროსი, მაშინ მიხვდა აბაშიძე რაშიც იყო საქმე. თარგამაძემ დაასწრო და სანამ გამოაგდებდნენ, თვითონ დატოვა პარლამენტი და ,,აღორძინება’’. აი, კაცი! კაცად აქცია ჯერ გურამ შარაძემ, მერე აბაშიძემ, ორივეს უღალატა, ორივე გადააგდო… აბაშიძის ,,აღორძინების’’ ქერის ორმოდან მოხვდა ბადრი პატარკაციშვილის კიდევ უფრო დიდ ქერის ორმოში _  გახდა ,,იმედის’’ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და დღეს წარმატებით ასრულებს ხელისუფლების დავალებას, რომ გურამ შარაძე არ გამოჩნდეს ეკრანზე… ალბათ, პატარკაციშვილს რომ დაიჭერენ ან აქ, ან რუსეთში, იგივეს იზამს…

,,ვარდების’’ რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ დღეს მირეკავს ბადრი პატარკაციშვილი და მეკითხება, რა დაგიშავე, რატომ მლანძღავო? სად-მეთქი და აგერ თარგამაძე გამოვიდა და თქვა, გურამ შარაძემ ბადრი პატარკაციშვილი გალანძღა ერთ-ერთ მიტინგზეო. მე ვუთხარი _ ეხლავე მივალ თარგამაძესთან, _ და მივარდი ,,იმედში’’. ვეუბნები, მისი მეუღლეც იქ იყო, _ ამოიღეთ ჩანაწერი, სადაც მე ამას ვამბობ-მეთქი. _ გვაპატიე, ბატონო გურამ, ახლავე გამოვასწორებთო. მაშინ იყო, რომ ,,ღამის ქრონიკაში’’ მიმიწვიეს, მეფერენ, მაგრამ მე მაინც ვთქვი ჩემი სათქმელი. რა მქონდა მე გიორგი თარგამაძესთან გასაყოფი ან საბრძოლო?!. ასლან აბაშიძეს ხომ გადმკიდა და ახლა პატარკაციშვილის გადაკიდება მოინდომა.

გეხსომებათ, თუ როგორ ჩააკითხა ამასწინათ ჰოლანდიაში ექსკლუზიური უფლებით ოჯახური იდილიის გასაშუქებლად პირადად თარგამაძემ სააკაშვილს… ხვალ თუ ზეგ, ,,დროებაში’’ უნდა იყოს მისი თავის მომჭრელი მლიქვნელობის დოკუმენტი _ დაბადების დღე პრეზიდენტ სააკაშვილის. სტალინს აღარ უხდიან დაბადების დღეს 21 დეკემბერს და სააკაშვილის დაბადების დღე ვის დაკარგვია, კაცოო?!..

დღეს, ქართველი ხალხის სკლეროზის გამო, ეროვნულ მოღვაწეებად ითვლებიან ისინი, ვინც ილია ჭავჭავაძეს აძაგებდნენ, წაგვართვეს მამის სახელი, ამოგვიშალეს ეროვნება… ავდექი და დავურეკე ინგა გრიგოლიას. ვუთხარი _ ,,ინგა, რა ხდება, რად გინდათ ასეთი სპეკულაცია, ვის ალაპარაკებთ საქართველოზე, საქართველოს მტრებს, საქართველოს მოძულეებს…’’, _ ,,რა ვქნა, ბატონო გურამ, ხელისუფლება უარს აცხადებს თქვენთან პირდაპირ ეთერში დაჯდომაზეო’’. შემდეგ, გაავებულმა _ ,,ჩემს გადაცემაში შეკითხვების უფლებას მართმევთო?’’… გესმით, კაცო? რა ჩამოყვა ამისთანა ინგა გრიგოლიას სამტრედიიდან, რომ მთელი საქართველო ყურით ყავს დაბმული _ პრეზიდენტი, პრემიერი, მთავრობა… ზოგი ,,პირველებში’’, ზოგიც ,,რეაქციაში’’. მე ვეკითხები ინგა გრიგოლიას _ ესე იგი, ოპოზიციონერ კობა დავითაშვილს და ლევან ბერძენიშვილს პრეზიდენტი გისვამს სტუდიაში? აკი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ხარ?..

აღარაფერს ვამბობ, ,,რუსთავი-2’’-ზე და ,,თავისუფლების ინსტიტუტის’’ ფილიალად ქცეულ ,,პირველ არხზე’’, რომლის დირექტორად გია ნოდიამ თავისუფლების ინსტიტუტელი თამარ კინწურაშვილი დანიშნა.

_ ლოგიკურად, თქვენ უნდა გიხაროდეთ, რომ ისეთ საშიშ და ძლიერ მოწინააღმდეგედ გთვლიან, რომ ეშინიათ თქვენი ეკრანზე გამოჩენის. ეს ასეა?

_ რომ დაგეთანხმოთ, ჩემის მხრიდან ნარცისობა გამოვა. მე რაც ვთქვი, სიმართლე ვთქვი. ჩემი რვატომეულის _ ,,ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიის’’ პრეზენტაციაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ამასწინათ გაიმართა, თქვენ საკუთარი თვალით ნახეთ, რომ იქ არც ერთი ტელევიზია _ არც სახელმწიფო, არც ე.წ დამოუკიდებელი და ოპოზიციური, არ მოვიდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ღრმად დამარწმუნა რომ ეს იყო მართლა ეროვნული დღე, რომ ჩვენ ჭეშმარიტად ეროვნულ, ქართულ,  საქართველოსთვის დაწერილ წიგნებს განვიხილავთ.

მე მინდა მთელმა საქართველომ იცოდეს, რომ გურამ შარაძეს არც ხელისუფლება და არც ხელისუფლების ყურმოჭრილი ტელევიზია ეკრანზე არ აჩენს იმისთვის, რომ სიმართლე ვუთხრა ქართველ ხალხს და მთელს მსოფლიოს.

გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს’’ რედაქციას!

დაპირებისამებრ, გიგზავნით გურამ შარაძის უკანასკნელ საგაზეთო ინტერვიუს, რომელიც ჩაწერილია 2007 წლის 19 მაისს და მკვლელობის დილას _ 20 მაისს უნდა გამოქვეყნებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა საღამოს აწყობილ გაზეთში ინტერვიუ ამ ფორმით დასტამბული დატოვა, მისდა გასაკვირად, დილით გაზეთი ინტერვიუს გარეშე გამოვიდა. თუ რატომ მოხდა ასე, მკითხველი ალბათ, თავად გააკეთებს დასკვნას.

დღეს საქართველო იბრძვის იმისთვის, რასაც გურამ შარაძე მსხვერპლად შეეწირა. მამაჩემი სააკაშვილმა და მისმა მკველელების ბანდამ დახვრიტა და შორს არ არის ის დღე, როდესაც ამას ფარდა საბოლოოდ აეხდება. მწამს, აღდგომის მადლითა და საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველოში ძალიან მალე იზეიმებს სამართალი.

სამწუხაროდ, ამ ურთულეს დღებში ვერ დავდექი ქართველი ხალხის გვერდით, მაგრამ მთელი არსებით მასთან ვარ და მალე ფიზიკურადაც შევუერთდები.

 უღრმესი მადლიერებითა და პატივისცემით,

რუსუდან შარაძე
11 აპრილი, 2009,  ჟენევა

ეკლესიის დანგრევაში გარე ძალებიც მონაწილეობდნენ

გამოუქვეყნებელი ინტერვიუ გურამ შარაძესთან

(ჩაწერილია მკვლელობის წინდღით)

_ ბატონო გურამ, როგორი რეაქცია გქონდათ, როცა შეიტყვეთ, რომ აჭარის რეგიონში მშენებარე მართლმადიდებელი ეკლესია დაანგრიეს?

_ ზუსტად ისეთი, როგორიც იმ წყეულ ღამეს, როდესაც გლდანის მართლმადიდებელი ეკლესია დაარბიეს.

_ თქვენი აზრით რაში სჭირდება ამ ხელისუფლებას ეკლესიასთან ბრძოლა?

_ ხელისუფლებას ეკლესიასთან ბრძოლა სჭირდება გავლენის მოსაპოვებლად, უფრო ზუსტად, ხელისუფლება ხედავს, რომ მოსახლეობის 90% მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია. საქართველოს მოსახლეობა თავის სულიერ მამად მიიჩნევს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორეს. ეს გავლენა და ავტორიტეტი დღითიდღე ძლიერდება. საქართველოს ხელისუფლებას ეშინია მრევლის, რომ მოსახლეობა არ წავიდეს ქართულ ეკლესიაში და არ დაუპირისპირდეს ხელისუფლების ანტიეკლესიურ, ანტიმართლმადიდებლურ და ანტიქართულ მოღვაწეობას.

_ ხელისუფლების მხრიდან ეკლესიების რბევა ხომ უფრო მეტად აახლოვებს საზოგადოებას თავის სარწმუნოებასთან?

_ ამას ჭკუა და სახელმწიფოებრივი აზროვნება სჭირდება. რა ამათი ბრალია, რომ არ გააჩნიათ სახელმწიფო მართვის გამოცდილება? მე ამას ნიშნის მოგებით კი არ ვამბობ, არამედ გულისტკივილით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ეს უბედურება რაც შეიძლება მალე დამთავრდეს.

_ რატომ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას აჭარაში მართლმადიდებელი ეკლესიის ნგრევა, ეს ხომ ის რეგიონია, სადაც ხალხი აქტიურად ამ პერიოდში ინათლება?

_ არ ვიცი, გაბედავთ ამის დაბეჭდვას თუ არა, მაგრამ ჩემს ვერსიას შემოგთავაზებთ: საქმე ეხება იმას, რომ რომელიღაც პოლიტიკურ ძალას მეზობელ სახელმწიფოებში თუ ქვეყნის შიგნით არ აწყობს, ბათუმის თავზე, ბათუმის ყველაზე გამოჩენილ ადგილას ჯვარი იყოს აღმართული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იდგეს. 300 წლის მანძილზე საქართველოს დედაეკლესიისგან მკერდმოჭრილი აჭარა რომ დაუბრუნდა დედაეკლესიის წიაღს, აი, ეს არ აწყობთ მავანთ და მავანთ, უცხო თუ შინაურ პოლიტიკურ ძალებს. უნდა ვთქვა, რომ ეს იძულებით ხდება. სასაცილოა ის არგუმენტი, რომ ვიღაცას იქ ატრაქციონების ან პატრიოტთა ბანაკის გაკეთება სურს. _ არავითარი. ვიღაცას არ აწყობს, საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე, საიდანაც შემოვიდა ქრისტიანობა, მრავალსაუკუნოვანი ქართული ეკლესია აღორძინდეს, სარწმუნოების განმტკიცებაზე კი რეგიონში ილია მეორის ძმისწული, მეუფე დემეტრე ზრუნავს. ამის შიში აქვთ შინაურ თუ უცხო პოლიტიკურ და ავანტიურისტულ ძალებს. ჩოლოქზეც ატრაქციონს ხომ არ აწყობენ, ჯვარი რომ ჩამოაგდეს?! ხაშურშიც ატრაქციონი ხომ არ იყო ჯვრის ჩამოგდების მიზეზი?! ეს ყველაფერი ჯვრის, მართლმადიდებლობის, ქართული ქრისტიანული ეკლესიის, მრავალმილიონიანი მრევლის დასუსტების და დახლეჩისთვის არის მიმართული.

_ ბატონო გურამ, თქვენი აზრით, ვისი დავალებით მოხდა მშენებარე ეკლესიის დანგრევა _ ცენტრალური ხელისუფლების თუ ადგილობრივის?

_ ერთობლივად ცენტრალურის, ადგილობრივის და იმ პატარ-პატარა გამგებლების, რომელთაც ეს საქმე ბინძურ ბულდოზერისტს გააკეთებინეს. სხვათა შორის, უნდა ვთქვა: ძალიან მეცოდება ყველა, ვინც გასცა ეს ბრძანება თუ განკარგულება, დაწყებული უმაღლესი ხელისუფლებიდან, იმ ბულდოზერისტით დამთავრებული. იმიტომ, რომ ის მძღოლი, რომელმაც შეანგრია გლდანის ეკლესიის გალავანი, კარი და წვერით ათრია მამა ბასილი, რამდენიმე დღეში დაიღუპა. ზოგი დაბრმავდა კიდეც. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო: ეშინოდეთ უფლის, ეშინოდეთ საკუთარი სინდისის ხმის, ეშინოდეთ ერის წინაშე ამდენი დანაშაულის ჩადენის.

_ ოპოზიციონერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევის ბრძანებას პრეზიდენტი გასცემდა. თქვენც ასე ფიქრობთ?

_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს საკითხი ასე ჰაიჰარად არ წყდება. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებითაც არ მომხდარა. ეს მოხდა საერთაშორისო, გარეშე და შინაური, უცხო, ბნელი, ავანტიურისტული პოლიტიკური ძალების მიერ.

_ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის უკან ხელისუფლების წარმომადგენელთა ფინანსური ინტერესებიც უნდა იდგეს?

_ ფინანსური ინტერესები აქ ძალიან ცოტას ნიშნავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ფინანსური ინტერესიც არის. მაგრამ აქ არის ზესახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალების საერთაშორისო შეთქმულება, საქართველოს დედაეკლესიის 300 წლით ჩამოჭრილი აჭარა კვლავ დაუბრუნონ მუსლიმანურ სამყაროს.

_ კი მაგრამ, ფაქტია, სააკაშვილის ხელისუფლება თავს იწონებს აჭარის რეგიონის დედასაქართველოსთვის დაბრუნებით…

_ ამ რეპლიკას კომენტარს არ გავუკეთებ, ვიტყვი მხოლოდ ერთს: დედასაქართველოს აჭარა დაუბრუნდა 1878 წელს, ქართველი ეროვნული გმირების თავგანწირული ბრძოლით რუსეთ-თურქეთის ომში, მეორედ კი, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა სცადა, აჭარა ჩამოეცილებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დიდმა ქართველმა, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, მუსლიმანური სამყაროს ილია ჭავჭავაძემ _ მემედ აბაშიძემ _ და შერიფ ხიმშიაშვილმა თანამებრძოლებთან ერთად დაუბრუნეს. ღმერთმა ნუ ქნას, აჭარა საქართველოს შემადგენლობაში კვლავ დასაბრუნებელი იყოს. ამის განცხადება მკრეხელობაა, მით უმეტეს, მასზე დისკუსია.

_ მამუკა გიორგაძემ განაცხადა, რომ თბილისის ცენტრში მეჩეთის აშენება იგეგმება. თქვენც ფლობთ ამ ინფორმაციას და უშვებთ ამის შესაძლებლობას?

_ ეს ინფორმაცია ჩემთვის მოულოდნელი სრულიად არ არის. თავი დავანებოთ იმას, ვიცნობთ თუ არა სახელმწიფოებრივ გარიგებებს. თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური და სარწმუნეობრივი ცხოვრების ლოგიკა მკარნახობს, რომ სრულიად დასაშვები და მოსალოდნელია ასეთი რამ. მაშინ, როდესაც თბილისის გულიდან _ რუსთაველის გამზირიდან _ გააძევეს ძლიერი საქართველოს შემქმნელი, დავით აღმაშენებელი (აღარ ჩამოვთვლი თბილისის ცენტრში რა ძეგლებს დგამენ), ამის შემდეგ მოულოდნელი სულაც არ არის, ეს რომ მოხდეს. ჩვენ ყოველთვის იმით ვამაყობდით, რომ თბილისში ერთმანეთის გვერდით იდგა მართლმადიდებელი ეკლესია, გრიგორიანული ტაძარი და ებრაული სინაგოგა. ეს ქართველი ერის ტოლერანტობის და დიდი ეროვნული ცნობიერების ნიშანია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ მეტეხის ტაძარი დავანგრიოთ და იქ მეჩეთი ავაშენოთ. სხვათა შორის, ბევრმა არც იცის, რომ მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი არ იქნებოდა, რომ არა დიმიტრი შევარდნაძე, რომელიც დახვრიტეს. ბერიას განკარგულებით მეჩეთი დაანგრიეს და მეტეხის ტაძარიც უნდა დაენგრიათ. მიკვირს, დიმიტრი შევარდნაძე რატომ არ არის წმინდანად შერაცხული. ის ბოლშევიკური ოკუპაციის პირობებში, 13 წლის მანძილზე, სანამ დახვრეტდნენ, ბოლშევიკებს ხელიდან სტაცებდა ეროვნულ სიწმიდეებს, ჩვენს სამუზეუმო-საეკლესიო ნივთებს. როდესაც ბერიამ დაიბარა და უთხრა, შენ ხარ ყველაზე დიდი ავტორიტეტი და შენ უნდა დამიდგე გვერდში, რათა დავანგრიოთ მეტეხი და იქ ლენინის და სტალინის მემორიალები გავაკეთოთო, დიმიტრი შევარდნაძემ, იმის ნაცვლად, რომ გვერდში დასდგომოდა, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო და ამხილა ბერიას ეს მზაკვრული ჩანაფიქრი. შედეგად ბერიამ ის დახვრიტა, შევარდნაძემ კი მეტეხის ტაძარი დანგრევას გადაარჩინა. თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და უწმინდეს სინოდს მივმართო: მეტეხის ტაძრის გადამრჩენი, მისთვის დახვრეტილი და წამებული დიმიტრი შევარდნაძე წმინდანად იქნეს შერაცხული.

_ ფიქრობთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ბოლშევიკების კვალს მიჰყვება?

_ რა თქმა უნდა. ამას გულისტკივილით ვამბობ. ამას აკეთებენ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ორი მოწვევის პარლამენტში ვიყავი. დღეს მათ ვემალები, რადგან მათ მაგივრად მე მრცხვენია იმის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

_ ვინ უნდა აგოს კონკრეტულად პასუხი ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევისთვის და რა ფორმით? ოპოზიციის ნაწილი ამას სისხლის სამართლის დანაშაულად აფასებს…

_ არავითარ პასუხისმგებლობაზე აქ საუბარი არ არის. საუბარი უფლის სახლზეა. მე არ მეგულება საქართველოში, არც სასამართლოში და არც სხვაგან ადამიანი, ვინც ამაზე საპასუხისმგებლო ვერდიქტს გამოიტანს. ყველაზე დიდი, რასაც ვეხვეწები, ამ ადამიანებმა უფალს შენდობა სთხოვონ და მოინანიონ. ამასთან, საკუთარი ხელით აიტანონ მასალა, დააწყონ და დღესვე დაიწყონ ეკლესიის აღდგენა. აი, ეს იქნება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. ერთადერთი გამოსავალი ტაძრის აღდგენაა. ვიმეორებ, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან. დაიფარონ საქართველო ახალი ცეცხლისგან, ახალი რევოლუციისა და ახალი სისხლისღვრისგან, ახალი ძმათამკვლელი და ძმათა დამაპირისპირებელი ომისგან. თუ დღესვე არ გამოსწორდა ეს დანაშაული, ვითარება სერიოზულად გართულდება.

_ წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიქრობთ, რომ რელიგიურ ნიადაგზე შეიძლება ახალი რევოლუციაც მოხდეს?

_ ვაი, მაშინ ამ საქართველოს!

2007 წლის 19 მაისი, შაბათი, 16:05 _ 16:50

***

ტელეკომპანია “კავკასია” “დემოკრატიული არხი” თუ კარგად შენიღბული მახე?!

სანამ იმის გარკვევას და ანალიზს შევუდგებოდეთ, ტელეკომპანია “კავკასია” მართლა ოპოზიციურ-დემოკრატიული არხია, თუ კარგად შენიღბული მახე, გურამ შარაძესთან ინტერვიუს ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ, რომელიც 2005 წლის დეკემბერშია ჩაწერილია, ერთი ცნობილი ჟურნალისტის მიერ, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს ინტერვიუ სრულად არსად არ გამოქვეყნებულა.

ჟურნალისტი: რაშია საქმე, კონკრეტულად რა პრეტენზიები გაქვთ ჩვენი ტელევიზიების მიმართ?

გურამ შარაძე: სიტყვა პრეტენზია არ მინდა ვთქვა, რადგან ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივა. რა უფლება მაქვს მოვთხოვო ჩვენს ტელე-მედიას, რომ მაინცდამაინც ჩემი პიროვნებით დაინტერესდეს… მაგრამ სხვაა, როდესაც ვიცი და ვხედავ, რომ ეს ხდება უმაღლესი ხელისუფლების განკარგულებით.

“გურამ შარაძე ეკრანზე არ დამანახოთ”! _ ეს პირდაპირ პრეზიდენტის დავალებაა და მისი გულის მოსაგებად ჩვენი ტელე-მედიის ხელმძღვანელები თავს იკლავენ და ასრულებენ ამ დავალებას. ჩემს ცხოვრებაში არაფერი დამიწერია შეუმოწმებლად, დოკუმენტური სიზუსტის გარეშე _ ეს გამიმჟღავნა ე.წ. ოპოზიციური ტელევიზია “კავკასიის” ხელმძღვანელმა დავით აქუბარდიამ. ყველაფერი კი ასე დაიწყო: როდესაც დაგროვდა თემები, რომლებზედაც ისეთი ადამიანები ალაპარაკდნენ, ვინც თავის დროზე ამ თემების გამო მე მებრძოდნენ და ახლა თუ ხმა ამოიღეს, მხოლოდ იმიტომ, რომ დაინახეს, მომგებიანია ამ თემებზე საუბარი, რამდენჯერმე მივმართე ბატონ დავით აქუბარდიას. მახსოვს, ის ჩემს მეგობრობაზე დებდა თავს და ერთ დროს მეუბნებოდა, რომ “კავკასიას” თუკი ვინმე უყურებს, ერთ-ერთი რესპონდენტი და სტუმარი თქვენ ბრძანდებითო. გახსოვთ, ალბათ, ჩვენი საყვარელი “იუმორინას” ცნობილი იუმორიც ამ თემაზე… და აი, ერთ მშვენიერ დღეს ბატონმა აქუბარდიამ ამიკრძალა ტელე-ეთერი. მე და ელიზბარ ჯაველიძემ როდესაც შევატყვეთ, რომ ეს ხდებოდა ჩვენი მისამართით, მივედით და ვკითხეთ, თუ რაში იყო საქმე. _ “ბატონო გურამ, ბატონო ელიზბარ, როგორ გეკადრებათ, ამ საღამოსვე მობრძანდით, დაგითმობთ დროს გადაცემა “სპექტრშიო”. შევთანხმდით. ცოტა ხანში გვირეკავს მეც და ელიზბარსაც _ “უი, უი, დამავიწყდა, დღეს პარასკევია და ინდური ფილმის დღე გვაქვს, მაყურებელს ვერ დავკარგავ და ამიტომ, ბოდიშს ვიხდიო. დაგირეკავთ ორშაბათსო”. გავიდა ორასი ორშაბათი…

ტელეფონით არაფერი გამოვიდა… როცა შევატყვე ცრუპენტელობდა, ვიფიქრე _ ავდგები, მივალ, თვალებში ჩავხედავ ამ კაცს, აბა, თუ გაბედავს მოტყუებას-მეთქი. რომ მივედი, ესაუბრებოდა ირინა გოგოსაშვილს… გამიხმო ცალკე ოთახში და მითხრა _ “რა ვქნა, ბატონო გურამ, ძლივს პურის ფულს ვშოულობ და გინდათ დახურონ ჩემი ტელევიზიაო? პირდაპირ მითხრა სააკაშვილმა, შარაძეს დამანახებ და “დაგხურავო”. ამ ყველაფერს რომ აქუბარდია გაგიბედავს, კაცო! ჩემი გამოჩენა შემოსავლებს დაუფრთხობდა, ალბათ, ვინ კადრულობდა “კავკასიაზე” რეკლამას და ეხლა ხომ ხედავთ რა ხდება…

ეს იმიტომ გითხრათ, რომ გაუხმაურებელია და ოპოზიციური ნიშნით აქუბარდია ჯერ კიდევ სუნთქავს. მე მას ბევრი დრო მივეცი, რათა გონს მოსულიყო, მაგრამ უკვე ვეღარ დავფარავ, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების განკარგულება, რომ გურამ შარაძე არსად გამოჩნდეს, წარმატებით ხორციელდება.

ჟურნალისტი: ლოგიკურად, თქვენ უნდა გიხაროდეთ, რომ ისეთ საშიშ და ძლიერ მოწინააღმდეგედ გთვლიან, რომ ეშინიათ თქვენი ეკრანზე გამოჩენის. ეს ასეა?

გურამ შარაძე: რომ დაგეთანხმოთ, ჩემის მხრიდან ნარცისობა გამოვა, მე რაც ვთქვი, სიმართლე ვთქვი, ჩემი რვატომეულის _ “ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიის” პრეზენტაციაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ამასწინათ გაიმართა, თქვენ საკუთარი თვალით ნახეთ, რომ იქ არც ერთი ტელევიზია _ არც სახელმწიფო, არც ე.წ. დამოუკიდებელი და ოპოზიციური, არ მოვიდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ღრმად დამარწმუნა, რომ ეს იყო მართლა ეროვნული დღე, რომ ჩვენ ჭეშმარიტად ეროვნულ, ქართულ, საქართველოსთვის დაწერილ წიგნებს განვიხილავთ.

მე მინდა მთელმა საქართველომ იცოდეს, რომ გურამ შარაძეს არც ხელისუფლება და არც ხელისუფლების ყურმოჭრილი ტელევიზია ეკრანზე არ აჩენს. იმისთვის, რომ სიმართლე ვუთხრა ქართველ ხალხს და მთელ მსოფლიოს.”

მკითხველს, ალბათ, ემახსოვრება, გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ როგორ დაჟინებით ითხოვდა მისი ქალიშვილი რუსუდან შარაძე პირდაპირ ეთერს “კავკასიის” ხელმძღვანელობისგან.

დიდი დავისა და წინააღმდეგობის შემდეგ ქალბატონ რუსუდანს თხოვნა შეუსრულეს, ოღონდ უცნაური ფორმით _ სტუდია “დაუთმეს” და “წამყვანის” მისია დააკისრეს, თვითონ კი “სეირის საყურებლად” გვერდით ოთახში გადაინაცვლეს და მონიტორებს მიუსხდნენ.

აგერ, ბატონო, სტუდია, აგერ ღია ეთერი, რაც გინდა თქვი, რაც გინდა ილაპარაკე, ჩვენ კი ამ საქმეში ხელი დაგვიბანიაო, _ ასე იშიფრება ტელეკომპანია “კავკასიის” მესვეურთა ეს “დიდსულოვანი” ჟესტი.

პილატემაც ასე დაიბანა ხელი თავის დროზე, თუმცა ცინიზმის ელემენტებით გაჯერებული ეს გადაწყვეტილება აშკარად აჭარბებს პილატეს საქციელს.

რა გული უნდა გქონდეს, უზარმაზარი ტრაგედიით თავზარდაცემულ, ფაქტობრივად, შოკის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მარტო რომ დასტოვებ სტუდიაში, ტელეკამერების წინ, თავის მწუხარებასა და ტკივილთან ერთად და აიძულებ ათასობით მაყურებელს მარტომ ესაუბროს.

გურამ შარაძე მხოლოდ რუსუდან შარაძეს მოუკლეს და თქვენ არ მოგიკლეს “კავკასიის” ხელმძღვანელებო, მთელ საქართველოს არ მოუკლეს?

იმის ნაცვლად, რომ თქვენს ხელთ არსებული საკმაოდ მძლავრი საინფორმაციო საშუალებებით ყველაფერი გეღონათ ამ საუკუნის დანაშაულის გასახსნელად, დამნაშავეთა გამოსააშკარავებლად და სიმართლის დასადგენად, თქვენ სიკვდილის შემდეგაც უმტრეთ გურამ შარაძეს.

იცოდით რა, რომ სხვა ტელეკომპანიების არც ერთი არხი არ დაუთმობდა ეთერს ამ საზარელი მკვლელობის გაშუქებას, თქვენც ამ ტელევიზიებს მიემატეთ და გულგრილად მიუხურეთ თქვენი “ობიექტური” საინფორმაციო ფანჯარა მთელ საქართველოს.

ყოველივე ამის შემდეგ ან “რუსთავი-2”-ს რით სჯობიხართ თქვენ, ან პირველ არხს, ან სხვა ტელეკომპანიებს?

კაცმა რომ თქვას, “რუსთავი-2” თქვენზე გაცილებით პატიოსნად იქცევა _ თავის პოზიციას არ მალავს, თქვენ კი სულ რაღაცას მალავთ.

თქვენს გადაცემებში გამუდმებით ტრიალებს 25-ე კადრი, თვალით უხილავი, უჩინარი, ოსტატურად ჩაფენილი თქვენს ვითომ ობიექტურ და მიუკერძოებელ კადრებს შუა.

საქართველოს ვემსახურებითო, კი ამბობთ, მაგრამ სინამდვილეში იმ 25-ე კადრს ემსახურებით თქვენ, “კავკასიის” მესვეურნო…

2007 წლის შემოდგომაზე მომიტინგეებმა დავით აქუბარდია რამდენჯერმე აისროლეს ჰაერში როგორც გმირი, როგორც ხალხისათვის თავდადებული რაინდი.

მცირე ხანი გამოხდა და გაირკვა, რომ თვითონ ეს ხალხი “აბურთავა” ვიღაცამ და 200 თუ 300 ათასი კაცი პირში ჩალაგამოვლებული გაისტუმრა სახლში.

მაშინ არავინ დაფიქრებულა იმაზე, რომ ხალხის გატრიზავება-აბურთავებაში დავით აქუბარდიასაც მიუძღოდა ბრალი, რომელიც ხალხის მიერვე ატყორცნილი ახლა ჰაერში დალივლივებდა ნარნარად.

ბრალი მიუძღოდა თუნდაც იმიტომ, რომ “კავკასიის” ეკრანს, რომელიც იმ დღეებში “რევოლუციის” მთავარ შტაბად იქცა, აქუბარდიამ არავინ გააკარა, გარდა ოპოზიციის ლიდერებისა, რომლებმაც “კავკასიის” დახმარებით იმდენი მოახერხეს, რომ ზენიტს მიღწეული საპროტესტო განწყობილება ასიათასობით ადამიანისა ნელ-ნელა, ფრთხილად, ოსტატურად დაქსაქსეს და განაღმეს.

ეკრანზე გამუდმებით ჩანდნენ ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც, დაუსრულებლად ლაპარაკობდნენ ერთსა და იმავეს…

კოლექტიური გლახა ჭრიაშვილი დაეპატრონა “კავკასიის” ეთერს. კოლექტიური გლახა ჭრიაშვილია ახლაც “კავკასიის” ეთერის ბატონ-პატრონი.

ეკრანზე ერთმანეთს ენაცვლებიან ძმები გაჩეჩილაძეები, ძმები ბერძენიშვილები, ცოლ-ქმარი უსუფაშვილები, დავითაშვილი და ძიძიგური, კუკავა და ნაჭყებია, გამყრელიძე და ჩიხრაძე, საგანელიძე და ბესელია, ნოღაიდელი და ბურჯანაძე, ასათიანი და გუჯაბიძე…

აი, მხოლოდ ამ ადამიანებით, ანუ პოლიტიკოსებით არის წარმოჩენილი “კავკასიის” ეკრანზე ქართული საზოგადოების გონი და ინტელექტი, თითქოს სხვა არავინ არ არსებობს _ არც იურისტები, არც მწერლები, არც ფილოსოფოსები, არც ეკონომისტები და სოციოლოგები.

ოპოზიციური ნიშნით შეკრებილ პოლიტიკოსთა გუნდმა, რომლებსაც, ცხადია, აქვთ თავიანთი პოლიტიკური ინტერესები და მიზნები, “კავკასიის” ეთერიდან უბოდიშოდ გამოაძევა ქართული საზოგადოება, რომლის ხმაც ათასში ერთხელ თუ აღწევს მაყურებლამდე ხან სატელეფონო ზარის, ხან ესემესის სახით.

_ ოპოზიციური კი არა დემოკრატიული არხი ვართ ჩვენო, _ ბრძანა ბატონმა აქუბარდიამ ერთხელ, _ ყველას ვუთმობთ ეთერს, მობრძანდით, ილაპარაკეთ, ისაუბრეთო…

აბა, ერთი მიბრძანდით და სცადეთ…

მართლა სააკაშვილის მიერ ჩამოწერილი სია ხომ არ უდევს წინ ამ “დემოკრატ” აქუბარდიას, სულ ერთი და იგივე ადამიანებს რომ ატრიალებს ეკრანზე?

დემოკრატიული არხი კი არ ხართ, თქვენ, ბატონო დავით _ ძალაუფლების მაძიებელ პოლიტიკოსთა გამპიარებელი სააგენტო ხართ, რომელიც, არ ვიცი, გარკვეული ჰონორარის თუ სულაც უანგაროდ _ საზოგადოებრივ საწყისებზე _ საქართველოს მოსახლეობას ერთი და იგივე “კერძს” ტენით და _ გინდათ თუ არა, ეს “კერძი” უნდა ჭამოთ სადილადაც, ვახშმადაც, საუზმედაცო _ აძალებთ.

ერთი პერიოდი სულ “გრეჩიხას” გვაძალებდით _ დილითაც ის იყო, შუადღისასაც ის იყო, საღამოსაც “გრეჩიხას” გვთავაზობდნენ…

რა ხდება? ციხეში ხომ არა ვართ ან სადმე იზოლირებულ დაწესებულებაში, სულ ერთიდაიგივე “კერძით” რომ გვკვებავთ?

ისეთი რა გასტრონომიდან მარაგდებით, სულ “ხუხაშვილი”, სულ “კლიმიაშვილი”, სულ “ბერძენიშვილი”, ბოლო ხანებში კი სულ “ბურჯანაძე” რომ შემოგაქვთ?

ვარგისიანობის ვადა არა აქვთ ამ “პროდუქტებს”, ამ ხნის განმავლობაში არ ფუჭდება თუ ისეა დაკონსერვებულ-სტერილიზებული, რომ ხუთი წლის შემდეგაც იჭმევა და ათი წლის შემდეგაც?

ძალადობა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს…

ძალადობაა, როცა ხელოვნურად შექმნილი საინფორმაციო “შიმშილის” ფონზე ადამიანებს აიძულებ უსმინოს ერთი და იგივე ადამიანებს ერთი საათის, ორი საათის განმავლობაში, უსმინოს სხვადასხვა ფერში გადაღებილ ერთი და იგივე აზრს…

ეს პროცესი საბოლოოდ ტვინის გამოლაყებას და გამორეცხვას იწვევს.

“კავკასია” ბოლო წლების განმავლობაში იქცა იმ შავ ხვრელად, რომლის მოვალეობა და ფუნქციაა მიიზიდოს, შეისრუტოს და აკუმულირება გაუკეთოს ერის საპროტესტო ენერგიას, ამისთვის კი საჭიროა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე აქცენტირებით თავის ეკრანს მიაჯაჭვოს მოსახლეობა _ ყველაფერს ვაფიქსირებთ, ყველაფერს ვაჩვენებთ, ჩვენთვის აკრძალული თემები არ არსებობს _ დაჯექით, უყურეთ იხალისეთ, ორთქლი გამოუშვით, სიბრაზე დაიცხრეთ და განიტვირთეთო.

უმადურობა და დაუნახაობა რომ არ სჭირდეთ, სააკაშვილი და ეს ხელისუფლება კანცელარიის წინ ძეგლს უნდა უდგამდეს აქუბარდიას წარწერით _ “ჩვენი მხსნელი გიწოდე…”

კარგი იქნება, აქუბარდიას მონუმენტს ელისაშვილის პატარა ბიუსტსაც თუ მიუდგამენ _ იმსახურებს ეს ყმაწვილი ამ პატივისცემას…

როგორც ჩანს, შესანიშნავი იმიჯმეიკერები და პიარტექნოლოგიის სპეციალისტები ჰყავს “კავკასიას” _ ამ ხელისუფლებას ისეთ სამსახურს უწევს მარტო, ეულად, რასაც ერთად აღებული “რუსთავი-2”, “I არხი” და “იმედი” ვერ ახერხებს.

აპლოდისმენტები თქვენ, ღარიბი და ხელმოკლე “კავკასიის” მესვეურნო!

  ვახტანგ ხარჩილავა
 “საერთო გაზეთი”, აპრილი, 2009

რუსუდან შარაძე: ,,ბარათელი მამას მკვლელი არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება’’

გურამ შარაძის ოჯახური ტრაგედია

აკადემიკოს გურამ შარაძის შემზარავმა მკვლელობამ მთელი საზოგადოება შეძრა. ზაფხულის საღამოს, 8 საათსა და 15 წუთზე თბილისში, მელიქიშვილის და შანიძის ქუჩის გადაკვეთასთან ბოროტმოქმედმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მას რამოდენიმეჯერ ესროლა, საუბედუროდ მიყენებული დაზიანებით იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამ შემზარავი კადრების ნახვა საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იყო. სულ რამდენიმე წუთში პოლიციამ დანაშაული გახსნილად გამოაცხადა და განაცხადა, რომ სროლის შემდეგ დამნაშავე, რომელიც მიმალვას ცდილობდა მრგვალ ბაღთან დააკავეს. ბატონი გურამის მკვლელობაში ეჭვმიტანილად 29 წლის გიორგი ბარათელი სცნეს, რომელსაც შარაძეების ოჯახში კარგად იცნობდნენ. ბარათელი ბატონი გურამის ვაჟიშვილთან, გიორგისთან მეგობრობდა და მასთან ერთად წლების წინ სტუდია ,,აუდიენციაში’’ მუშაობდა. აღნიშნული ტრაგედიის ირგვლივ ბევრი დაიწერა და ითქვა. მკვლელობის მოტივად ოფიციალურად პირადი შურისძიება დასახელდა, თუმცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი ცალსახად აცხადებს, რომ იგი თავის საქმიანობას შეეწირა. მართალია სასამართლომ განაჩენიც გამოიტანა და ბარათელი ციხეში იხდის სასჯელს, თუმცა ოჯახი დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში და მკვლელობის რეალური შემსრულებლის ძებნას ისევ განაგრძობს. ოჯახი მომხდარ ტრაგედიაში პირდაპირ ხელისუფლებას ამხელს და მისი ქალიშვილი, რუსუდან შარაძე დარწმუნებულია, რომ სულ მალე ყველაფერს ფარდა აეხდება და სიმართლე გაირკვევა.

67 წლის პროფესორ გურამ შარაძის მოღვაწეობა საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. იგი პოლიტიკური პარტია ,,ენა, მამული, სარწმუნოების” თავმჯდომარე იყო, აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ, მრავალი მონოგრაფიის და წიგნის ავტორი, გამუდმებით იბრძოდა მართლმადიდებლობის და ეროვნული ღირებულებების დასაცავად. არანაირ უკანონობას არ ეგუებოდა და თავის პოზიციას ყოველთვის ხმამაღლა აფიქსირებდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სამშობლოში გადმოსვენების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის. 2006 წელს უნივერსიტეტის სახელმწიფო ავტონომიის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციების ორგანიზატორი იყო. სარწმუნოების დამცველმა იეღოველების ლიტერატურაც სახალხოდ დაწვა. მისი რადიკალური ქმედებების გამო ბატონი გურამი ციხეშიც აღმოჩნდა ხულიგნობის ბრალდებით, თუმცა ამის მიუხედავად იქიდან გამოსული მაინც არ ერიდებოდა თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირებას. ბოლო დროს აკაკი წერეთლის საიუბილეო ხუთტომეულ კრებულზე მუშაობდა. მიხეილ სააკაშვილს იგი ქართული ხუთჯვრიანი დროშის გამოც დაუპირისპირდა და აცხადებდა, რომ ამ დროშას არანაირი კავშირი არ ჰქონდა დავითიან-გორგასლიანთან.

შარაძეების ოჯახს ბევრი ტკივილის ატანა მოუხდათ და ოჯახის ტრაგედია უფროსი ვაჟიშვილის, ცნობილი ექიმის ლაშა შარაძის მკვლელობით დაიწყო. დღეს ჩვენი სტუმარი ბატონი გურამის ქალიშვილი რუსუდან შარაძეა, იგი ბევრ საინტერესო ამბავს იხსენებს.

რუსუდან შარაძე:

_ საუკეთესო, ძალიან ბედნიერი ბავშვობა გვქონდა. მამა ძალიან რბილი იყო შვილებთან, დედა ძალიან მკაცრი და მომთხოვნი. მამა ყოველთვის მკაცრი ჩანდა ტელევიზიით, თუმცა სახლში სხვანაირი იყო. არ მახსოვს რომ შვილებთან ეჩხუბოს, გალახვაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. შენიშვნას ყოველთვის ისეთი ფორმა ჰქონდა, რომ მას მეორედ აღარ ვათქმევინებდით. დედა იმდენად მკაცრი იყო, რომ ჩემს ძმებსაც ეშინოდათ. მამა ჩემი მესაიდუმლე იყო, განსაკუთრებით ბოლო წლებში.

_ თქვენი ოჯახის დიდი ტრაგედია თქვენი ძმის, ლაშა შარაძის შემზარავი მკვლელობა იყო. ამ მკვლელობის ირგვლივ კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. თქვენთვის ძნელია ამ დღის გახსენება, მაგრამ იქნებ გაიხსენოთ ის მძიმე დღეები…

_ ფაქტობრივად სიზმრად მახსოვს, იმდენად შოკი იყო ლაშას სიკვდილი ოჯახის ყველა წევრისთვის. 1998 წლის 15 ივნისი იყო, ზაფხული. ლაშას ფეხმძიმე მეუღლე თავის მშობლებთან იყო წასული, უფროსი ბიჭი ორი წლის იყო. გარდა იმისა, რომ ასე უსამართლოდ ლოგინში მძინარე მოკლეს ჩემი ძმა, ამას ოფიციალური პირების, თავად ძალოვანი მინისტრების განცხადებები მოყვა, რომ ეს თითქოს თვითმკვლელობა იყო. რა არ ჰქნა მამამ, სამართალს ეძებდა, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უდიდესი ტრაგედია იყო მშობლებისთვის, ამასთან ერთად იყო ის, რომ მამასთვის ნასროლი ტყვია მოხვდა მის შვილს. მაშინ გურამ შარაძეს ვერ მოკლავდნენ, ლაშას მკვლელობამდე ორი თვით ადრე გააკეთა განცხადება, რომ იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია და ტერორისტული აქტი.

_ თავად ბატონი გურამი კონკრეტულად რას უკავშირებდა?

_ იყო რამოდენიმე ვერსია, თუმცა ამ წლების გასვლის მიუხედავად, გადაჭრით ეხლაც არაფრის თქმა არ შეიძლება. თავიდან თითქოს ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ეს უკავშირდებოდა მამაჩემის ,,აღორძინებიდან” წამოსვლას. ვერ ვიტყვი ამას თავდაჯერებით, ეს ჩემი მშობლების ეჭვები არ იყო, ამას აბაშიძის გარემოცვა ამბობდა. ამას წერდა ლევან ქიძინიძე გაზეთში, ასლან აბაშიძის უახლოესი გარემოცვაც მოდიოდა მამაჩემთან და ამბობდა რომ ეს მისი გაკეთებული იყო, თავიანთი არგუმენტებიც ჰქონდა ამ ხალხს, თუმცა ამაში დარწმუნებული არ იყო გურამ შარაძე და რაც დრო გადიოდა, ვატყობდი, რომ უფრო ნაკლებად სჯეროდა ამ ვერსიის. ის რომ ლაშას მკვლელობა შეკვეთილი იყო და ეს მოხდა იმისთვის, რომ გურამ შარაძე გაემწარებინათ, ეს ფაქტია. უნდოდათ ამით დაეყარა მამას ფარ-ხმალი და ვეღარ შეძლებოდა თავისი საქმე ეკეთებინა, სწორედ ამას ემსახურებოდა, თუმცა კონკრეტულად ვინ იდგა ამ საქმის უკან, ეს დღემდე გაურკვეველია. რამოდენიმე საკითხი იდგა, სხვასთან ერთად, ე.წ. ,,თურქი-მესხების’’ თემაც მაშინ აქტუალური იყო და კონკრეტულად ძნელია იმის თქმა თუ რომელ საკითხს უკავშირდებოდა, ისევე როგორც შემდეგ მისი მკვლელობა, კონკრეტულად ერთ საკითხს არ უკავშირდება. ამჯერადაც ამოიწია განძის, ე.წ. ,,თურქი-მესხების’’, ლევილის თემებმა და ა.შ. აქ მთლიანად პრობლემას წარმოადგენდა მათთვის გურამ შარაძის პერსონა და მისი ადგილი საქართველოში.

16 ივნისი იყო, ზაფხული მიცვალებული ლაშა რომ აღმოვაჩინეთ. მთელი დღე ვეძებდით. ლაშა მძინარე მოკლეს, ამას ცხედრის ადგილმდებარეობა და მდგომარეობაც მეტყველებდა. ლაშას ტანზე ჰქონდა გახდილი, იწვა. ცალი ხელი იდაყვზე ჰქონდა ამოდებული თავქვეშ, ტყვია თავში იყო ნასროლი, იარაღი თავქვეშ ედო და საბანი ფეხებში გამოკრული. ასე თავს რომ არ იკლავენ ეს ელემენტარულია, სროლის მიმართულებას თავი რომ დავანებოთ სად გინახავთ თვითმკვლელი ტანზე იხდიდეს, წვებოდეს, საბანს ფეხებში იჩრიდეს, ხელებს თავქვეშ იდებდეს და ისროდეს, ეს ხომ გამორიცხულია. ამ დიდი ტრაგედიის გახსენება დღესაც ცრემლების გარეშე მიჭირს. ჩემი ძმის ცხედარს სანამ პროზექტურაში წავასვენებდით და ექსპერტიზა ჩაუტარდებოდა, სასწრაფოდ პრესკონფერენცია მოიწვიეს პარლამენტში და როგორც ვანო მერაბიშვილმა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დროს გააკეთა და მკვლელობას დაუსვა თავისი ბეჭედი, ასე იყო მაშინაც, გაავრცელეს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, ეს მაშინ როცა არანაირი ექსპერტიზა ჩატარებული არ იყო და ცხედარიც კი არ იყო პროზექტურაში წასვენებული.

_ ბატონი გურამი დიდხანს ითხოვდა საქმის გახსნას, ეს საქმე საბოლოოდ თვითმკვლელობით დაიხურა?

_ ამ საქმემ რამოდენიმე გამომძიებელი გამოიცვალა, ისინი ასრულებდნენ ვიღაცის დაკვეთას. ლაშას მკვლელობის კვალი საით მიდიოდა დღემდე არ ვიცით. მამა მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ და უშუალოდ მისი პროფილი იყო ე.წ. ,,თურქი-მესხების ჩამოსახლება. მაშინ დაუნდობელი ბრძოლა იყო გურამ მამულიას და გურამ შარაძეს შორის. იყო ერთ-ერთი ვერსია, რომ ეს იყო ე.წ. ,,თურქი-მესხების’’ გამო.

ლაშას მკვლელობის შემდეგ, 2002 წელს გურამ შარაძემ კიდევ ერთი პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც პირდაპირ აცხადებდა, რომ მასზე ტერორისტული აქტი მზადდებოდა და ეს უკავშირდებოდა ე.წ. ,,თურქი-მესხების საკითხს’’. მას ჰაერზე ლაპარაკი არ უყვარდა და ყველაფერი დეტალურად, დოკუმენტურად ჰქონდა შესწავლილი თუ ვინ არის ეს ხალხი და რა მიზნებით მოდიან საქართველოში.

_ ბატონ გურამს ასლან აბაშიძესთან ურთიერთობა რატომ დაეძაბა?

_ მამა ასლან აბაშიძეს არ დაპირისპირებია, იქ ამუშავდა მთელი მანქანა აბაშიძის გარემოცვის. ენების მიტან-მოტანა იყო, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ისინი დაშორებოდნენ ერთმანეთს. 1994 წლიდან მოყოლებული 1998 წლის დადგომამდე ასლან აბაშიძე გურამ შარაძეს დიდ ანგარიშს უწევდა. განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში მისი მრჩეველი იყო, საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ.

_ შვილის სიკვდილში თავს ხომ არ იდანაშაულებდა?

_ ლაშა 33 წლის ასაკში მოკლეს. ამის მერე ოჯახი უფრო ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. თავი იმ შემთხვევაში უნდა დაიდანაშაულო, როცა დამნაშავე ხარ. ვერ გეტყვით, უკან რომ დაბრუნებულიყო მისი ცხოვრება შვილის სიცოცხლისთვის თუ შეცვლიდა რამეს თავის ცხოვრებაში. შეიძლება ძალიან ცუდ რამეს ვამბობ და ვიღაცას პათეტიკურადაც მოეჩვენოს, მაგრამ მე ვიცნობ მას, შეიძლება არც წასულიყო სხვანაირ ნაბიჯზე. მამაჩემი ქვეყანას შეეწირა. თავისი მეცნიერული, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობით, ის მთელი ცხოვრება ემსახურებოდა საქართველოს და არ დარჩენილა არც ერთი საჭირბოროტო თემა, რომელშიც არათუ მონაწილეობა არ მიეღო, პირველს არ აეტეხა განგაში. დღეს თუ აკვირდებით, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ის შიშობოდა. ალბათ ლაშას წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა, ეს ბუნებრივია, შვილი ვერ დაიფარა. მკვლელის და დამნაშავეების დასასჯელად თავგამეტებით იბრძოდა, მაგრამ ვერაფერს მიღწია, ხედავდა, გამოძიება სრულიად არასწორი მიმართულებით მიყავდათ. ლაშას მკვლელობის შემდეგ მამას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, გაჩვენებთ იმ ადამიანს, ვინც იცის ლაშას მკვლელობის დეტალებიო, ყალბ ინფორმაციებს აწვდიდნენ, მამა ყველა ინფორმაციას ამოწმებდა. ცდილობდნენ მისთვის გზა-კვალი აებნიათ. სიმართლე გითხრათ, მეც ხელი ჩაქნეული მქონდა. მაგრამ უფლის იმედი მაქვს, არაფერი არ რჩება დამალული ამის მწამს, ყველაფერს ნათელი მოეფინება.

_ როგორც ვიცი, შვილის გარდაცვალების შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა შვილიშვილების აღზრდაზე მას თავის თავზე ჰქონდა აღებული. როგორი იყო იგი შვილიშვილებთან ურთიერთობაში?

_ გიჟი ბაბუა და მამა იყო. მამას ერთადერთი თმებზე ხელის შეხება არ უყვარდა. მაგრამ ეს ბავშვებს აკრძალული არ ჰქონდათ, თავზე ასხდნენ, მათგან იტანდა ამას, ამის უფლებაც კი ჰქონდათ. ყველა შვილიშვილი არანორმალურად უყვარდა. ფაქტობრივად ლაშას შვილები გურამი და ლაშა მასთან იზრდებოდნენ. ჩემი რძალი რამოდენიმე კვირის ფეხმძიმე დარჩა, როცა ლაშა მოკლეს.

_ ბატონი გურამის მკვლელობამდე ოჯახის კიდევ ერთი განსაცდელი თქვენი დედის, ქალბატონი სვეტლანას ავტოსაგზაო შემთხვევა იყო, იგი მართლაც სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. ამბობდნენ, რომ ესეც მოწყობილი იყო, თქვე რას იტყვით?

_ მე რომ არ ვიცოდე მძღოლის განცდები, ვისაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდა, შეიძლება ეჭვი გამჩენოდა, რომ მოწყობილი იყო. ის ბიჭი თავს იკლავდა. ცოდვაში ვერ ჩავდგამ ფეხს, ეს მოხდა ჭავჭავაძეზე, ჩვენი სახლის წინ, დედა გზაზე გადმოდიოდა და დაეჯახა მანქანა. ჩვენ არც მოგვითხოვია მისი დასჯა და არც დასჯილა. თუმცა, ამ ფაქტმა დაგვღუპა. დედაჩემი სამი თვე კომაში იყო, დღემდე ხეიბრად დარჩა. 2006 წლის 10 მარტს მოხდა. მტკივა გული იმაზე, რომ მამაჩემმა სიცოცხლეში შვილის სიკვდილი ნახა და ფაქტობრივად, ცოლის სიკვდილის ტოლფასი ტკივილიც გამოსცადა. დედაჩემის გადარჩენის არანაირი იმედი არ იყო, მოხდა სასწაული, ექიმებმა საოცრება შეძლეს და ფაქტობრივად, გაცოცხლდა. ეს უფლის წყალობა იყო, დედა უნდა გადარჩენილიყო. მამა ძალიან ბედნიერი იყო, როცა დედა საავადმყოფოდან გამოვიყვანეთ. არაადამიანური ძალებით იბრძოდა მის გადასარჩენად. საოცარი წყვილი იყო. მამა 67 წლის ხდებოდა, ტოლები არიან. დედა ამდენი ტრაგედიის, მისი პირადი ჯანმრთელობის მიუხედავად მებრძოლი სულის ადამიანი. ვერასდროს აღვიქმავდი იმას, რომ ისინი ასაკში შედიოდნენ. როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ახალგაზრდობაში, ასეთები იყვნენ ბოლომდე. ცრემლის გარეშე ძალიან მიჭირს საუბარი. მამა სულ ამბობდა და ასეც არის, დედასნაირი ადამიანი რომ არ შეხვედროდა არ ვიცი ამდენს თუ მოახერხებდა. მას ფაქტობრივად არაფერი არ ეხებოდა, გარდა თავისი საქმისა. დედას ყველაფერი თავის თავზე ჰქონდა აღებული, შვილების აღზრდიდან დაწყებული, ყველა წვრილმანით დამთავრებული. მთელი ოჯახი მას ეწვა კისერზე. ასე რომ არ ყოფილიყო 70 წიგნის დაწერა და ერთი ამდენის გეგმაში ქონა, გამორიცხულია ადამიანს მოესწრო. მას იმდენი რამე დარჩა გასაკეთებელი, გარდა იმისა, რომ ძალიან მენატრება, მენანება, ბევრი რამე დააკლდა ქვეყანას.

_ ბატონი გურამის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დადგა, თქვენ ბრძოლას აგრძელებთ?

_ ვინც ჩვენს მოძიებულ მასალებს, გაკეთებულ განცადებებს გაეცნო, არამგონია, ვინმეს კითხვა დარჩენოდა გურამ შარაძის მკვლელობაზე. არავითარი კითხვის ნიშანი არ არის. ერთადერთი, უცნობია უშუალოდ ორი მკვლელის კონკრეტული გვარ-სახელები. სხვა ყველაფერი გარკვეულია, მთელი სურათი დეტალებში მაქვს აღდგენილი, რა მოხდა და როგორ მოხდა. როცა გავიგე რომ ბრალს ბარათელს სდებდნენ, ერთი წამი არ დამიშვია, რომ ეს მისი გაკეთებულია, არც ინტუიციურად და ისედაც. გიორგი ბარათელს ვიცნობდი და ვიცი, რომ ამას ის ფიზიკურად ვერ მოახერხებდა, ასე პროფესიონალურად ტვიას ტყვიაში ვერ ჩააჯენდა. ფაქტებით გამყარდა, რომ ის არა თუ მკვლელი, მონაწილეც კი არ არის და იძულებით, 15 წუთის შემდეგ მიიყვანეს იქ.

_ როგორ ფიქრობთ, მაშინ რატომ შეირჩა გიორგი ბარათელი?

_ ეს არის იმის გაგრძელება, რაც ლაშას დროს მოხდა, შვილებზე შურისძიება. არ არსებობს ბუნებაში კომპრომატი გურამ შარაძის წინააღმდეგ და მთელი ცხოვრება შვილებით ცდილობდნენ მის გამწარებას. ბარათელი აირჩიეს და გიორგის დაუკავშირეს, ეს სიყალბე და სიბილწეა. ავრცელეს ათასგვარი ჭორები, რომლის მოსმენაც არ მინდა. შვილებით ანგარისწორება ჩემს მეხსიერებაში 1981 წელს დაიწყო, როცა ლაშამ დაამთავრა 23-ე საშუალო სკოლა. თავის ცხოვრებაში ოთხი არ მიუღია ლაშას. მედლის კანდიდატი იყო, იმის გამო რომ მისთვის მედალი არ გაეტანებინათ, როგორც გურამ შარაძის შვილისთვის, ყველაფერი გააკეთეს. მამამ ლონდონიდან პარკერის პასტა ჩამოუტანა და ლაშას აჩუქა, ამ პასტით დაწერა საგამოცდო ლაშამ და მის საგამოცდო ნაწერში 50 წერტილ-მძიმე იყო ჩამატებული. ექსპერტიზაზე გაიტანა ნაწერი მამამ და ეს ოფიციალურად დადასტურდა. ამაში მონაწილეობას იღებდნენ განათლების მინისტრი ოთარ ქინქლაძე, ნანა ახობაძე და ლევან ჩიქვანაია. ეს სამი ადამიანი იყო იმის მოთავე, რომ 16 წლის ლაშა შარაძისთვის ეს გაეკეთებინათ. მამამ დაამტკიცა სიმართლე და ლაშას უთხრა, ჯობია შენ ახლა ჩააბარო გამოცდები მედლის გარეშე. რეპეტიტორთან არც უვლია და ისე ჩააბარა სამედიცინო ფაკულტეტზე უმაღლესი ქულებით. მამაჩემის და დედაჩემის შვილი, გიორგი პირველ წელს ვერ მოხვდა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. შემდეგ ამ ფაკულტეტის ხსენებაც არ უნდოდა და ჩააბარა დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე, ფრანგულის განხრით. შემდეგ შემოგვთავაზეს ბარათელი, როგორც მკვლელი. როგორ წარმოგიდგენიათ სისხლისმსმელი სააკაშვილი ისე წავა, რომ მთავარ მოწმეს, გიორგი ბარათელს ცოცხალს დატოვებს? ყველაფერი, რაც გააკეთა ბარათელმა ეს არის იძულებით. ლაშაც მოკლეს, მაგრამ ისეა გაკეთებული, რომ ჩასაჭიდი არ არის, აქ კი ყველაფერი ნათლად ჩანს. ამას დილეტანტიც მიხვდება, ეს სამარცვინოა. ბარათელი თავიდან პატიმრებმა კინაღამ მოკლეს ციხეში, მაგრამ როცა დარწმუნდნენ, რომ ის არ არის მკვლელი, გაჩერდნენ. ახლა როგორც ვიცი, პატიმრებისგან საშიშროება არ ემუქრება, მაგრამ ემუქრება მიშასგან. ჩვენ გვინდა ის გადარჩეს. ვცდილობთ რამენაირად შევინარჩუნოთ ამისი სიცოცხლე, რომ თქვას სიმართლე. სტრასბურგისთვის ვამზადებთ ამ საქმეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, სანამ სტრასბურგი ამას მიიღებს და განიხილავს, იქამდე სააკაშვილი საქართველოში აუცილებლად გასამართლება. დამნაშავე დაისჯება, სააკაშვილს დღეები აქვს დარჩენილი და ყველაფერს ფარდა აეხდება.

სულ მახსენდება ბოლო წლები. ჩვენს შორის საერთოდ გაქრა ასაკი, ამდენმა უბედურებამ ჩვენ უფრო შეგვაკავშირა ერთმანეთს. დღეში რამოდენიმეჯერ შემოგვირბენდა. ბავშვებზე გიჟდებოდა. საღამოობით, როგორც წესი, მოვიდოდა ჩვენთან, მარიკუნასთან, საღამო არ ჩაუგდია. მე და თემო გამოვაცილებდით, მარტო არც ერთხელ არ გამოგვიშვია, სულ შიშის ქვეშ ვიყავი, სულ ამის შიში მქონდა, რომ მოკლავდნენ და ამას სააკაშვილი გააკეთებდა. მაგრამ ბოლომდე მაინც ეს ვერ წარმომედგინა. ბოლოს 11 მარტს ვნახე. მე და თემომ გავაცილეთ სახლამდე. სადარბაზოსთან დავემშვიდობე, ლიფტამდე მივყევი, თითქოს განსაკუთრებული იყო ის დაშორება, ხელზე მიჭერდა, ასე არ იცოდა ხოლმე. დედას მამა ბოლოს ყველაფერს უმალავდა, რადგან ავად იყო და უფრთხილდებოდა, არ უნდოდა, ენერვიულა. მისი ბოლო დაჭერა დედამ არ იცოდა, იმ დროს დედა კომაში იყო და საავადმყოფოში იწვა. დედა ინტუიციური ქალია და სულ ამბობდა, მოგკლავს და გესვრის სააკაშვილიო.

_ ერთ-ერთი სერიოზული უთანხმოება მიხეილ სააკაშვილთან ბატონ გურამს ხუთჯვრიანი დროშის გამო ჰქონდა.

_ ხომ ხედავთ, ხალხმა ვერ მიიღო ეს დროშა. ამდენათასიანი მიტინგები იმართება და ხუთჯვრიანი დროშა გამოფენილი არ არის. იმიტომ რომ ხალხი ბრძენია. ეს დროშა არც ქართულია და არც მართლმადიდებლური. ისტორია ასეთია, 80-იანი წლების ბოლოს აღმოჩნდა საზღვაო ატლასი, სადაც თბილისის და სოხუმის თავზე იყო ეს ხუთჯვრიანი დროშები, ამიტომ მეცნიერებმა სიმონ გამსახურდიამ და ნოდარ შოშიაშვილმა ჩათვალეს, რომ ეს დროშები არის ძველი ქართული. ამასობაში აიტაცეს ეს საქართველოში და აიტაცა განსაკუთრებით მონარქისტულმა პარტიამ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს დროშა მსოფლიოს სხვა ქვეყნების სხვა ქალაქების თავზეც იყო, მათ შორის, აფრიკის ქვეყნების თავზე. გაირკვა, რომ ასეთი ატლასი განკუთვნილი იყო კათოლიკე მეზღვაურებისთვის, რათა მათ სცოდნოდათ, საჭიროების შემთხვევაში, სად იყო კათოლიკური მისიები. მეცნიერებმა საკუთარი შეცდომით დაკანონებულის გამოსწორების მიზნით რა არ გააკეთეს, მისწერეს პრეზიდენტ შევარდნაძეს წერილები. აკაკი ბაქრაძეც წერდა ,,ფრთხილად ქართველებო, დროშის ქურდობა არ დაგვწამონო’’. ეს დროშა არის იერუსალიმის სამეფოს კათოლიკე ჯვაროსნების დროშა, სიმბოლო ზოგადად ქრისტიანულია და იქიდან მოდის, როცა ქრისტე ჯვარს აცვეს. მთავარი დიდი ჯვარი არის ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი და ოთხი პატარა სამჭვალი. ეს ყველასთვის მისაღები სიმბოლოა, მაგრამ დროშის სახით ის, როგორც უცხო სხეული, ისეა საქართველოში. მერიის თავზე რომ აღმართა სააკაშვილმა, ყველას ემახსოვრება როგორ იბრძოდა გურამ შარაძე. მაშინ სპეციალისტები, ყველა ფეხზე იდგა და ამბობდა, რომ ამ დროშას არავითარი კავშირი დავითიან-გორგასლიანთან არ აქვს. ყველა ისტორიული წყარო ამას ამტკიცებს. ძალიან სამწუხაროა, რომ თავის დროზე არ უგდეს ყური გურამ შარაძეს, დღეს გამოჩნდა, რომ ყველაფერში, რასაც ის ამბობდა, მართალი იყო.

თეა ხურცილავა
,,გუმბათი’’, 11-17 მაისი, 2009

რუსუდან შარაძე: მოვითხოვ, გვაჩვენონ ცოცხალი ბარათელი!

მელიქიშვილის გამზირზე 2 წლის წინ მოკლული აკადემიკოს გურამ შარაძის ოჯახი ჟურნალისტებს მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის დადგენაში დახმარებას სთხოვს, ხელისუფლებისგან კი მოითხოვს საზოგადოებას ცოცხალი ბარათელი აჩვენონ.

იმაზე, თუ რა ღონიძიებებია დაგეგმილი ხვალ, 20 მაისს _ გურამ შარაძის მკვლელობის 2 წლისთავზე და რატომ მოითხოვს მოკლულის ოჯახი მსჯავრდებულის ადგილსამყოფელის დადგენას, პრესა.გე გურამ შარაძის ქალიშვილს რუსუდან შარაძეს ესაუბრა.

_ რას გეგმავთ მამათქვენის მკვლელობის ორი წლისთავზე და თქვენთან ერთად ვინ მიიღებს მონაწილეობას?

_ ამ პროცესში მონაწილეობას ქართველი ხალხი მიიღებს. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავ, თუ როგორ გულწრფელად უყვარს და გლოვობს ქართველი ერი გურამ შარაძეს.

20 მაისს დღის ორ საათზე მელიქიშვილის გამზირზე, მკვლელობის ადგილას, ,,გურამ შარაძის საზოგადოება” გამართავს ფოტო-გამოფენას, სახელწოდებით _ ,,გურამ შარაძის სიკვდილი და დასაფლავება’’, ხოლო 17 საათზე სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს საპატრიარქოსა და მწერალთა კავშირის ორგანიზატორობით, ხსოვნის საღამო გაიმართება. აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და მათ თანადგომისთვის უღრმეს მადლობას ვუხდი.

_ რა სტადიაშია ახლა მამათქვენის მკვლელობის საქმე?

_ სამართალდამცველებს რომ ჰკითხოთ, ყველაფერი დამთავრებულია _  საქმე ,,გამოძიებულია’’, მკვლელი კი გასამართლებული… ეს არის ცინიზმი! გურამ შარაძის მკვლელობის საქმე თავიდანაა გამოსაძიებელი და ის დღეც არ არის შორს, როდესაც ნამდვილი მკვლელები _ როგორც შემკვეთები, ისე შემსრულებლები, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გასამართლდებიან.

_ ხომ არ გაქვთ საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი დეტალი, მამათქვენის მკვლელობის საქმის ირგვლივ?

_ რა თქმა უნდა გვაქვს. ამ საქმეში ურთიერთგამომრიცხავი დეტალები და ახლადაღმოჩენილი გარემოებები არ ილევა. თუმცა, ამჯერად, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რადგან წინ გვაქვს მეტად მნიშვნელოვანი ამბები და ჯერჯერობით, არ მინდა მკვლელებმა ჩვენი გეგმების შესახებ დეტალურად იცოდნენ.

_ რა იცით გიორგი ბარათელის მდგომარეობის შესახებ?

_ გუშინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ თითქოს, გიორგი ბარათელი ესპანეთში გააპარეს. ჯერ ერთი, რას ნიშნავს გააპარეს, ვინ გააპარა? _ ეს ხომ აბსურდია!.. როგორ წარმოგიდგენიათ, მკვლელები სამშვიდობოს გაუშვებდნენ, მკვლელობის მთავარს მოწმეს _ უდანაშაულო ბარათელს, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე მათ წინააღმდეგობას უწევდა?

ეს ინფორმაცია თუ შეგნებულადაა გავრცელებული, მაშინ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გიორგი ბარათელი მოკლეს და ჩვენ ვერ დავიცავით მისი სიცოცხლე! გამოდის, რომ ხელისუფლებას უფრო აწყობს ბარათელის ,,გაპმარებელი’’ ერქვას, ვიდრე მისი მკვლელი. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მკვლელებს ნიღაბი საბოლოოდ ჩამოეხადათ.

უმორჩილესად ვთხოვ ჟურნალისტებს, დამეხმარონ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის დადგენაში, სად უნდა იხდიდეს ის დღეს წესით სასჯელს. ხელისუფლებისგან მოვითხოვ, გვაჩვენონ ცოცხალი გიორგი ბარათელი!

ნინო მიქიაშვილი
 პრესა.გე, 19 მაისი, 2009

ხელისუფლება მზად არის, ყველა გაწიროს

გუშინ ცნობილი საზოგადო მოღვაწის, პროფესორისა და აკადემიკოსის გურამ შარაძის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. მისი მკვლელობის ადგილზე მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების კვეთაში მისი შვილის რუსუდან შარაძის თაოსნობით გურამ შარაძის საზარელი მკვლელობის ამსახველი ფოტო გამოფენა მოეწყო.

ფოტოებზე გაცოცხლებული იყო გურამ შარაძის საზარელი მკვლელობის პირველი წამები, თუ როგორ იყო თავში ტყვიანასროლი და პირქვედამხობილი გურამ შარაძე მელიქიშვილის ქუჩაზე.

გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე შეიკრიბნენ მისი ახლობლები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები. მათ შორის იყვნენ ხელისუფლების მიერ პირდაპირ ქუჩაში უდანაშაულოდ დახვრეტილი ბიჭების ახლობლები. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს გურამ შარაძე და შეაფასეს ის საზარელი ფაქტი, რაც ორი წლის წინ მოხდა.

მიტინგი მიჰყავდა ცნობილ ადვოკატს ზაზა ხატიაშვილს.

ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ ყველამ იცის, ვინ მოკლა გურამ შარაძე და მან, ფაქტობრივად, გურამ შარაძის მკვლელობის შემკვეთთა გვარები დაასახელა.

_ ჩვენ ყველამ ვიცით, ხალხო, ვინ მოკლა გურამ შარაძე. ეს არის მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი. სანამ საქართველოში ეს სამი ადამიანი სუნთქავს ამ მიწაზე დაუსჯელად, სანამ ეს ხალხი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, საქართველო ვერ გაიხარებს. რა მნიშვნელობა აქვს ვისი შესრულებით განხორციელდება მკვლელობები. მთავარია, დაკვეთა საიდან მოდის. რატომ მოკლეს გურამ შარაძე? გურამ შარაძე შეეწირა სიმართლეს, ღირსებას, ზნეობას. ამიტომ ჩვენ, ქართველი საზოგადოება, არ დავუშვებთ, რომ ამ უზნეო ხელისუფლებას ეს უზნეობა და დანაშაული შევარჩინოთ. გურამ შარაძე მოკვდა იმიტომ, რომ ჩვენ გვეცხოვრა მართლმადიდებელ სახელმწიფოში, _ განაცხადა მან.

ლაშა ჩხარტიშვილი, კონსერვატორული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

_ ხელისუფლება მზად არის თითოეული ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმოს. გურამ შარაძის მკვლელობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უსწორდებიან ადამიანებს, რომლებიც მათთვის მისაღები არ არის. ეს მკვლელობა არის დაკვეთილი და არ არის გამოძიებული. გავიხსენოთ, რა არის ამის მტკიცებულება _ ვიდეოკამერით იქნა ჩაწერილი, აშკარად შეგნებულად იქნა გაფუჭებული. სასამართლო დაიხურა, გეგონება შეგნებულად, გეგონება სახელმწიფო თავისი ნებაზე ყოფილიყოს საოცარი მკვლელობის შემთხვევაში და სხვა მრავალი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ადამიანი მოკლულია არსებული რეჟიმის მიერ. თითოეული ჩვენთაგანის ვალია, ვიბრძოლოთ სამართლიანობის დადგენისთვის. თუ არა ასეთი ქმედება, უფრო მეტი მსხვერპლი ეყოლება სააკაშვილს და მის დანაშაულებრივ დაჯგუფებას და არც ერთი ჩვენგანი დაცული არ იქნება. მათი დამარცხება შეიძლება ურთიერთსოლიდარობით.

დაჩი ცაგურია:

_ ამ ხელისუფლებას არ უნდა შერჩეს ასეთი დანაშაულები. ეს იყო სამაგალითოდ კაცის ქუჩაში დახვრეტა. აქ გურამ შარაძესთან ერთად მთელი საქართველო დახვრიტეს, ყოველი ჩვენთაგანი დაგვხვრიტეს აქ, იმ საშინელ დღეს. ჩვენ აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. ეს არ უნდა შევარჩინოთ არავის. ასე იყო ბუტა რობაქიძის შემთხვევაშიც. მაშინ იმდენი ადამიანი რომ გამოსულიყო ქუჩაში, რამდენიც 9 აპრილს იდგა, ახლა გურამ შარაძეც ცოცხალი იქნებოდა, ზურაბ ვაზაგაშვილიც, როინ შავაძეც და სხვებიც, რომლებიც ამ ხელისუფლებამ ამის შემდეგ იმსხვერპლა. დანაშაული, გარდა ხელისუფლებისა, თითოეულ ჩვენგანშია, რადგან როცა ბუტა მოკლეს, მაშინ რამდენიმე ადამიანი ვიყავით, ვინც ამაზე ხმას ვიღებდით. პირველივე ძალადობაზე მთელი საქართველო ფეხზე უნდა დამდგარიყო. ახლაც რატომ ვართ წყნარად და მშვიდად, როცა ამ წუთებშიც კამერებში ადამიანებს აწამებენ? ხალხს აწამებენ ახლა ციხეებში. ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს გმირებს, ადამიანებს, რომლებმაც სამშობლო დაიცვეს, ახლა დააბრალეს, თითქოს ვისგანაც ცოტა ხნის წინ გვიცავდნენ, მათთან, ანუ რუსებთან იყვნენ შეკრულნი და თითქოს რაღაც ამბოხი მოაწყვეს. ყველამ ვიცით, რა ამბოხიც იყო იქ. ჩვენ უნდა დაგვეკეტა მაგისტრალები და ამიტომ ჯარს მისცეს ბრძანება ხალხი დაერბიათ. ამაზე არ წავიდნენ ეს ბიჭები. რატომ ვართ, ხალხო ჩუმად? რატომ ვითმენთ ამდენს? ვის ვუთმენთ ამდენს? ადეიშვილს? მერაბიშვილს? დაგვავიწყდა, ხალხო, მერაბიშვილი რომ თბილისში ჩამოვიდა, სოფელ უდედან (ცუდად არ ვამბობ, უბრალოდ, როცა ეს ადამიანი იქიდან ჩამოვიდა) ცალ ფეხზე კალოში ეცვა, მეორეზე კი – კეტი. ახლა მილიარდერი გახდა და ამას ვუთმენთ ჩვენ ჩვენი სისხლისა და ხორცის გლეჯას? არ შეიძლება ეს ვინმეს შევარჩინოთ.

თამაზ ვაშაძე, ქალაქ თბილისის ყოფილი მერი:

_ დღეს აქ შევიკრიბეთ ქართველი საზოგადოების ნაწილი. აქ დღეს ბერი ხალხი უნდა იყოს. დღეს ჩვეულებრივი დღე არ არის. აქ მოკლეს კაცი, რომელსაც ერთი წუთი არ უცხოვრია თავისი ქვეყნისა და ხალხის გარეშე. აქ მოკლეს კაცი, რომელმაც ფუნდამენტალური განათლება შემოიტანა ქართულ ეროვნულ ცნობიერებაში. მე მოვუწოდებ მის შვილს, რუსუდანს, რომ აქ აუცილებლად უნდა გაკეთდეს მემორიალი წარწერით, რომ ნაციონალების ძაღლებმა მოკლეს ილია ჭავჭავაძის შვილი. ვინ გააკეთებს იმ დიდ საქმეს, რასაც აკეთებდა გურამ შარაძე? მოკლეს ძაღლებმა, უკნიდან ესროლეს, ვინაიდან მას წინ მოჰქონდა თავისი პორთფელი, სადაც იყო ქართველი ერის ქართული ძარღვი, გამოგონილი თუ რამე იყო ქვეყანაზე, მოჰქონდა ხალხისათვის. ვინ დაამთავრებს აკაკის ტომებს? ვინ შექმნის ილიას ტომებს? სად არის განათლებული საზოგადოება? ასეთი კაცი დახვრიტეს და პასუხი არავინ აგო. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თითქოს ოპოზიციაშია, ოპოზიცია კი არ არის, ამას ებრძოდა, ეროვნულს. მე ვაცხადებდი, რომ გურამ შარაძე უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი და საქართველო გადარჩებოდა (ამისთვის მე ციხეში გამიშვეს). მაშინ ეშველებოდა ქართველ ხალხს. გურამ შარაძეს ყველაფერი შემოჰქონდა _ ემიგრაციის მთელი მუზეუმი შემოიტანა. მადლობელი ვარ გურამ, შენ შემომინახე ბიძაჩემის ინტერვიუ. შენ შემომინახე ბიძაჩემის სახე, რომელიც ლევილშია დამარხული. შენ დიდი ღვაწლი გაქვს ქართველი ერის წინაშე. შენ დაუფასებელი კაცი ხარ. შენ გამსახურდიამ მოგიხადა ბოდიში: სხვა მეგონე გურამ, დიდი კაცი ყოფილხარო. ზვიად გამსახურდიაც დაუფასებელია. აუცილებლად უნდა გაკეთდეს სასირცხო მემორიალი, როგორ ესვრიან უკნიდან გურამ შარაძეს, როგორც მხდალები. დიდება შენს სულს, ბატონო გურამ.

გულიკო ბალაძე
,,ახალი თაობა’’,  21 მაისი, 2009 წელი

”შეწირული”

2003 წლის შემდეგ, მას მერე, რაც საქართველო ახალ აღმართს შეუდგა “დემოკრატიის” მწვერვალისკენ, ბევრმა ტრაგედიამ ჩაიარა ჩვენს თვალწინ.

“ვარდების რევოლუციის” ქარიშხალი სისხლიანი ცელით ტრიალებს საქართველოში. გაურკვეველ ვითარებაში დახოცილ ჩვენს თანამემამულეთა  რიცხვი ნელ-ნელა იზრდება…

ზუსტად ორი წლის წინ პროფესორ გურამ შარაძეს საღამოს ცხრის ნახევარზე, ქალაქის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე, სამი ტყვია დაახალეს. ერთი კეფაში, ორი საკონტროლო _ საფეთქელთან. თუმცა პირველად ნასროლმა კეფაში მოხვედრილმა ტყვიამ პროფესორი ადგილზე გაათავა. მკვლელი იმ დღესვე დააკავეს, მაგრამ ოჯახის წევრები და თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ დაკავებული არ არის გურამ შარაძის მკვლელი, უფრო მეტიც, მკვლელი ერთი კი არა ორი იყო, ასე რომ ამ საქმესთან დაკავშირებული “მარადიული” კითხვები არსებობს მანამ, ვიდრე სიმართლე არ დადგინდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა თუნდაც ის ფაქტი, რომ გურამ შარაძე მოკლულია მელიქიშვილის და შანიძის კუთხეში, სადაც სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” სათვალთვალო ვიდეოკამერებია დამონტაჟებული. თუ მკვლელი ზურგიდან ესვრის კეფაში შარაძეს და იგი დაბლა ეცემა, მერე მიდის, საფეთქელში უმიზნებს, ორჯერ ესვრის და ამას კამერა ვერ ხედავს? ხედავს… მაგრამ ამას თავი დავანებოთ, მთავარი და მნიშვნელოვანია _ რისთვის მოკლეს გურამ შარაძე, მართლა ქართული საგანძურის თავდაუზოგავი დაცვისთვის, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ საზღვარგარეთ გაიტანეს? თურქი-მესხების ჩამოსახლებაზე წინააღმდეგობისთვის? ხუთჯვრიანი დროშის საკითხთან დაკავშირებით თუ?… ე.ი. მომავალი მსხვერპლი შეიძლება ეროვნული ღირებულებების მორიგი დამცველი აღმოჩნდეს?

“ერთადერთი, რაც გულს მიმშვიდებს, ეს არის ხალხის დიდი სიყვარული მამაჩემისადმი, ამას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. მამა ხალხს უყვარდა”, _ ამბობს გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე, რომელიც, იმ ტრაგედიას აუღელვებლად კვლავაც ვერ იხსენებს და სკანდალურ ინფორმაციებს გვაწვდის.

გურამ შარაძის მკვლელობის თანამზრახველნი “ალდაგშიც” არიან?!

_ ორი წელიწადი შესრულდა გურამ შარაძის მკვლელობიდან, მკვლელი დასჯილია, თუმცა საზოგადოებაშიც არსებობს ეჭვი. რამდენადაც ვიცით, თქვენც არ ეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაგრძობთ ბრძოლას სიმართლის დასადგენად. სიახლე ხომ არაფერია მკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით?

_ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა. ჩვენ იმთავითვე არ ვეთანხმებოდით ამ განაჩენს. მიგვაჩნია, რომ ბარათელი მამას მკვლელი არ არის. უზენაესმა სასამართლომ ხელახალი განხილვისთვის არ მიიღო ჩვენი სარჩელი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ უფრო მაღალი და მართალი მსაჯული ღმერთია. მალე გაირკვევა მტყუან-მართალი.

რაც დრო გადის, მკვლელობასთან დაკავშირებით მით უფრო მეტი სამხილი ჩნდება, რადგან არსებობს ამ შემთხვევის უამრავი თვითმხილველი და მოწმე მელიქიშვილის გამზირზე, ან თუნდაც იმ გზაზე, რომელიც ერთ-ერთმა მკვლელმა გაიარა.

მოგეხსენებათ, მამა ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობდა, ფეხით სიარული უყვარდა. ბოლო წლებში სულ ჩიოდა, რომ ფეხით სიარულს ვეღარ ახერხებდა უდროობის გამო, მაგრამ საქმე ის არის, რომ ნებისმიერ დროს, როცა შესაძლებლობა მიეცემოდა, მუდამ ირჩევდა გზას, რომელიც იმ დღეს უკანასკნელად გაიარა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მკვლელმა შესანიშნავად იცოდა მამას მარშრუტი და ყოველი ფეხის ნაბიჯი.

_ მანამდე თუ შეგიმჩნევიათ რაიმე საეჭვო თქვენ ან ბატონ გურამს?

_ მამას მკვლელობამდე ორი წლის განმავლობაში ერთი მანქანა მუდმივად იდგა ჩემს სახლთან, აბაშიძის ქუჩაზე და ერთიც არაყიშვილის ქუჩაზე, ნაგვის ურნებთან (?!). მანქანებს ვცნობდი, ნომერიც ვიცოდი, ამ მანქანაში მჯდომი ხალხი ენაცვლებოდა მხოლოდ ერთმანეთს.

მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობდით, ვიღაცასთან ჩასაფრებულები არიან, ნეტავი ვის დაიჭერენ ყურებით თქო. ყველამ ვიცით, დღეს ახალგაზრდებს როგორც აპატიმრებენ…

მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარს _ მოკლედ, გურამ შარაძის მარშრუტი, როგორც ჩანს, ზეპირად იცოდნენ და მკვლელობაც ზუსტად იმ ადგილას იმიტომ მოხდა, რომ ყველაფერი გადაეღო “ალდაგის” ვიდეოკამერებს, რომლებიც იქ ქუჩის კუთხეშია დამონტაჟებული. ჩემი აზრით, მკვლელობის თანამზრახველი სადაზღვევო კომპანია “ალდაგშიც” არის.

შანიძის ქუჩის კუთხეში დამონტაჟებულია ორი ვიდეოთვალი. არ სჭირდება დიდი პროფესიონალიზმი იმის ცოდნას, რომ ორი ვიდეოთვალი ერთი და იმავე პერიმეტრზე ერთმანეთის საპირისპიროდ უნდა “იცქირებოდეს”. ასე იყო მკვლელობამდე. თუმცა, მკვლელობის დროს ორივე კამერა ერთი და იგივე მიმართულებით იცქირებოდა. მკვლელობის შემდეგ კი რამდენიმე დღეში ვიდეოკამერები ისევ ერთმანეთის საპირისპიროდ გადააყენეს. შემდეგ მიხვდნენ, რომ ძალიან თვაშისაცემი იყო ეს ყველაფერი და დღემდე ეს კამერები ერთი მიმართულებით დატოვეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ იმ დღეს, იმ მომენტისთვის, ყველაფერი იყო გათვლილი.

ფირზე კარგად ჩანს, რომ ერთ-ერთი მკვლელი, მამას უკან მიჰყვება, მასზე ერთი თავით მაღალია, კუნთებიანი, აცვია გრძელსახელოებიანი პერანგი. უამრავი თვითმხილველი არსებობს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პირველი გასროლა მან განახორციელა. მამა მაშინვე გარდაიცვალა.

დანარჩენი ორი საკონტროლო გასროლა მოახდინა სხვამ, რომელიც მანქანით მოვიდა და ეცვა მოკლემკლავიანი პერანგი. ამას ამტკიცებენ ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ.

როგორც ამბობენ, როცა მამაჩემი მოკლეს, მკვლელებმა ადგილები გაცვალეს _ მანქანით წავიდა ის, ვინც მამას პირველად ესროლა, ხოლო ის, ვინც საკონტროლო გასროლა მოახდინა, დაახლოებით 7 წუთით ადრე იყო მისული შემთხვევის ადგილზე _ მელიქიშვილის ქუჩაზე, სადაც პატრული გამვლელს ყოველი ფეხის ნაბიჯს ამოწმებს და აკონტროლებს. იმ ადამიანის მანქანით მოსვლა, იქ გაჩერება, მერე სროლა, პატრულს არ შეიძლებოდა გამოჰპარვოდა. იმ ადამიანის მოძრაობა ფირზეც კარგად ჩანს.

_ ისიც ჩანს როგორ ისვრის ეს ადამიანი?

_ რა თქმა უნდა, ჩანს თუ როგორ ახდენს ვიღაც ორ საკონტროლო  გასროლას, მაგრამ ვინაიდან ფირი საშინლადაა დაჩეხილი, ჭირს გარჩევა თუ ვინ ახორციელებს მას. მაგრამ არსებობენ თვითმხილველები, რომლებმაც ყველაფერი დაინახეს, გადის დრო, ახლაც მხვდებიან და მიყვებიან რაც თავისი თვალით ნახეს, სულ უცხო ხალხი მიყვება. ადამიანებს თვალს ვერ აუხვევ.

ერთი მოწმე თვითმხილველი ამბობს, რომ მოდიოდა უნივერსიტეტის მხრიდან რუსთაველისკენ და დაინახა როგორ გადმოვიდა მანქანიდან ვიღაც ახალგაზრდა, ჯმუხი შესახედაობის კაცი, რომელიც დაკეტილ მაღაზიასთან გაჩერდა და დაიწყო შიგნით ყურება (ეს ფირზეც კარგად ჩანს). მას ეცვა მოკლესახელოებიანი პერანგი. მანქანაში დარჩა ახალგაზრდა, გრძელცხვირა ქალი, რომელსაც მუხლებზე მცირეწლოვანი ბავშვი ეჯდა. მას შემდეგ რაც მამას ორ საკონტროლო ტყვიას დაახლის მოკლესახელოებიან ბერანგში ჩაცმული მკვლელი, არბის შანიძის ქუჩაზე, რადგან იმ მანქანით, რითაც მოვიდა, გრძელმკლავიან პერანგიანი, პირველი გასროლის “ავტორი” არის წასული. მას უკან მისდევს პოლიციელი. თვითმხილველებს შთაბეჭდილება დარჩათ, რომ პოლიციელი ისე მისდევს, რომ, ფაქტობრივად, აცილებს მას. ხორავას ქუჩის კუთხეში მკვლელი გადაუხვევს ჯერ ხელმარცხნივ, მერე უკან წამოვა, შეუხვევს პეტრიაშვილის ქუჩისკენ და იქ არსებული ჩიხით კეკელიძის ქუჩიდან უჩინარდება.

ამის შემდეგ ხდება პოლიციის მობილიზაცია. გადაკეტავენ ქუჩას.

სწორედ ამ დროს ხედავს ერთ-ერთი მოწმე გიორგი ბარათელს, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც მკვლელი მარცხნივ გადაუხვევს.

“ნუ გეშინია გიო, ვიცი, რომ მკვლელი არა ხარ!”

_ ბარათელი შემთხვევით მოხვდა იქ თუ?

_ პოლიციამ იძულებით მოიყვანა გიორგი ბარათელი ზუსტად იმ ადგილზე და აიძულა გაევლო იქ. ის მოწმე, თვითმხილველი, რომელმაც შემდეგ ოჯახის წევრებს მოგვიყვა, ხედავს გიორგი ბარათელის “კლეჩატ “საროჩკას”, როგორც თვითონ ამბობს. გიორგის ხვდება, იცნობს მას, ესალმება, ბარათელი გზას აგრძელებს, თან პერანგს იხდის და ასე მიდის პეტრიაშვილის ქუჩისკენ, მშვიდი, მაგრამ შეშლილი სახით გადაკვეთს ქუჩას. ეს მაშინ ხდება, როცა პოლიციის მანქანების ტევა არაა და ეძებენ მკვლელს. როგორ წარმოგიდგენიათ, მშვიდად მიდის მკვლელი ქუჩაში? აბსურდი არაა ეს?!

_ თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ გიორგი ბარათელი არ არის გურამ შარაძის მკვლელი, თუმცა მას სასამართლომ ამ დანაშაულისთვის 27 წელიწადი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თქვენ კვლავ პირვანდელ აზრზე რჩებით? გიორგი ბარათელს მამათქვენი არ მოუკლავს?

_ გიორგი ბარათელი არ არის არათუ მკვლელი, ის იძულებით გაატარეს იმ ადგილას, სადაც რამდენიმე წუთის წინ ნამდვილმა მკვლელმა გაიარა და მიიმალა.

_ რუსუდან, რას ფიქრობთ, რისთვის, რატომ ამოირჩიეს გიორგი ბარათელი ამ “სცენარში” მთავარ პერსონაჟად?

_ გმადლობთ ამ შეკითხვისთვის.

ცოტა შორიდან დავიწყებ.

მამაჩემზე ანგარიშსწორება კომუნისტების დროს შვილების წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყეს, ეს მეთოდი “წარმატებით” გამოიყენეს შემდეგმა მთავრობებმაც.

ძალიან კარგად მახსოვს, 1981 წელს ჩემს უფროს ძმას ლაშა შარაძეს, უბრწყინვალეს მოწაფეს გამოსაშვებ გამოცდაზე ქართული წერის ნაშრომში როგორ ჩაუმატეს 50 წერტილ-მძიმე. ამაში მონაწილეობდნენ _ ოთარ ქინქლაძე, ნანა ახობაძე და ლევან ჩიქვანაია.

მახსოვს, რამდენი იბრძოლა მაშინ მამაჩემმა, რადგან ნამდვილად იყო დარწმუნებული, რომ სასვენი ნიშნები ჩამატებული იყო. მამამ ლაშას ინგლისიდან ჩამოუტანა ,,პარკერის’’ პასტა, იმ პასტით ჰქონდა ლაშას თემა დაწერილი. მამამ ნაწერი ექსპერტიზაზე გაიტანა და დაამტკიცა სიმართლე.

ჩემს მეხსიერებაში მამა დარჩა მუდამ მებრძოლ ადამიანად, რომელიც ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა იმ პრინციპით, რომ მართალ ადამიანს განგება ეხმარება.

ასევე მტრობდნენ ჩემს მეორე ძმას _ გიორგის. მამაჩემის და დედაჩემის შვილი _ გიორგი შარაძე პირველ წელს ვერ მოხვდა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მას ,,ქულები არ ეყო’’. ვინც გიორგი შარაძეს იცობს, დამეთანხმება, რომ ეს არის ცინიზმი. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ გურამ შარაძეზე კომპრომატი არც ერთ დროში არ არსებობდა და მისი შვილებით ცდილობდნენ მასზე ანგარიშსწორებას.

ბარათელის საშუალებით კი სურდათ ლაფში ამოესვარათ როგორც თვით მოკლული _ გურამ შარაძე, ასევე მისი შვილი, გიორგი, რომელმაც ვითომ 8 წლის წინ გაანაწყენა გიორგი ბარათელი, ეს უკანასკნელი მოდიოდა ქუჩაში, დაინახა გურამ შარაძე, გაახსენდა წყენა და დაახალა ტყვია.

_ რამდენადაც ვიცი, ბარათელმა დანაშაული აღიარა.

_ გიორგი ბარათელს 20 მაისიდან ნოემბრამდე დუმილის უფლება არ დაურღვევია. სასამართლოზე, როცა ჰკითხეს _ შენ გააკეთე ეს? დააქნია თავი. სად გააკეთე? რუსთაველზე, _ უპასუხა მან. ჯერ თქვა რუსთაველზე, მერე უნივერსიტეტთან. შემდეგ ფირი აჩვენეს, თვითონაც ვერ ამოიცნო თავისი თავი ვიდეოჩანაწერზე. არ ყოფილა იქ და როგორ ამოიცნობდა თავს?!

საყურადღებოა ისიც, რომ, ოფიციალურად გაცხადებულია, თითქოს ტრაგედია მოხდა 9-ის ნახევარზე. “ალდაგის” ფირზეც ასეა დაფიქსირებული. ზუსტად ამ დროს აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციო გამოშვებაში პირველივე სიუჟეტად აჩვენა მიცვალებული გურამ შარაძე. ტელევიზიაში მუშაობის საკმაო გამოცდილება მაქვს, გამორიცხულია ასე ოპერატიულად, წუთი-წუთზე გასულიყო ინფორმაცია, მით უფრო, რომ მამა მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში მარტო ესვენა ქუჩაში, ვერავინ ბედავდა მიკარებას. მერე ნელ-ნელა მივიდა ხალხი.

მოგვიანებით “რუსთავი-2”-ის თანამშრომელმა, გადაცემა “P.შ.’’-ის წამყვანმა დავით კიკალიშვილმა სიუჟეტში განაცხადა, რომ “რუსთავი-2”-ის ოპერატორს გიორგი ბარათელს 20 მაისს დილიდანვე ეძებდა პოლიცია სამსახურში. შემდეგ გადათქვა, შემეშალაო, რაღაც ამერია თავშიო… რას ჰქვია, ამერია?!..

დღეს კი საქმეში დევს მოქალაქე პირუმოვას ჩვენება, რომელიც ბარათელის ნათესავია. პირუმოვა ამბობს _ მაისის დასაწყისში ჩემთან მოვიდა ბარათელის გამზრდელი ბიძა და მთხოვა _ გიორგის დეიდას, ავადმყოფ ქალს ნემსებს ვუკეთებთ, გიორგის ამის ყურება არ შეუძლია, გული უწუხს, იქნებ შენთან იყოსო. აქედან დასკვნა ერთია _ გიორგი ბარათელზე ხორციელდებოდა ზეწოლა…

მოკლედ, პირუმოვა ყვება _ დაახლოებით, 20 საათზე გიორგის დაურეკეს მობილურზე. გიორგი უყვირის ვიღაცას _ რამდენჯერ გითხარით, არ დამირეკოთ, არ დარეკოთ ჩემთან! მერე განერვიულებული იცმევს, პირუმოვას ეუბნება მალე მოვალო და მიდის.

სავარაუდოდ, მას ქუჩაში პოლიცია ელოდებოდა, მოჰკიდეს ხელი და ხორავასა და შანიძის კუთხესთან მიიყვანეს.

საქმეში არ არსებობს ბარათელის არც ერთი ხელის მოწერა. ჩემი აზრით, გიორგი უარს აცხადებდა, დაკავების შემდეგაც კი, საქმეში მონაწილეობაზე.

_ თუ მისი ხელწერა არსად არ არის გამოდის, რომ ყველა დოკუმენტი სხვის მიერ შექმნილია და ყალბია?

_ პოლიციელი წერს ჩვენებას და დასძენს, რომ ბარათელი დაჭრილია მარჯვენა მხარში და ის ხელს ვერ მოაწერს. აქ სურათებზე აშკარად ჩანს, რომ ბარათელი მარცხენა მხარშია დაჭრილი.  სისხლის კვალი მარცხნივ აქვს და თანაც, აცვია სხვისი პერანგი, რამდენიმე ზომით დიდი. სავარაუდოდ, მკვლელის, რომელიც ბარათელზე მაღალი იყო და ფირზეც ჩანს, რომ მამაზე ერთი თავით მაღალი არის.

_ მოკლედ, რატომ გიორგი ბარათელი და არა სხვა?…

_ გიორგი ბარათელს ჩემმა ძმამ შეასწავლა ოპერატორობა, იგი სტუდია “აუდიენციაში” ჩემს ძმასთან _ გიორგი შარაძესთან მუშაობდა. შემდეგ როცა  ჩემი ძმა შვეიცარიაში საქართველოს საელჩოში კულტურის ატაშედ მუშაობდა და ამზადებდა დოკუმენტურ ფილმებს გრიგოლ რობაქიძესა და ხარიტონ შავიშვილზე, მცირე ხნით დამხმარე ოპერატორად მიიწვია გიორგი ბარათელი. საქართველოში გამომგზავრების წინდღით გიორგი ბარათელმა ერთ-ერთ მაღაზიაში ჩაიდინა ქურდობა, თუმცა ოპერატორმა ბარათელმა კარგად იცოდა, რომ იქ ყველგან ვიდეოთვალია დამონტაჟებული. ბარათელს არ უნდოდა საქართველოში დაბრუნება, საზღვარგარეთ უნდოდა დარჩენა. მოკლედ, მაშინ ბარათელი დააკავეს, ჩემმა ძმამ კი მას შემდეგ, რაც ბარათელი ვეღარსად იპოვა, საელჩოში ერთი ჩემოდანი ტანისამოსი დატოვა _ თუ გამოჩნდეს გადაეცით, მიხედეთ, ქუჩაში არ დარჩესო და წამოვიდა. ახლა იმას ამბობენ, თითქოს გიორგი შარაძეზე ნაწყენი იყო გიორგი ბარათელი უცხოეთში რატომ მიმატოვაო. ეს სისულელეა. ბარათელი იმიტომაცაა შერჩეული, რომ თითქოს რაღაც ინციდენტისნაირი იყო 8 წლის წინ. აბა, ხომ არ იტყოდნენ 5 დღის წინ უკმაყოფილო წავიდა ვიღაცა შარაძეებისგანო. ბუნდოვანი რომ ყოფილიყო ყველაფერი, ამიტომაც აირჩიეს 8 წლის წინანდელი ამბავი.

პირველი სასამართლო პროცესი რომ გაიმართა 2007 წლის 27 სექტემბერს,  ჩემი თვალით ვნახე მაშინ გიორგი ბარათელი. ისიც ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ იგი არ იყო მამაჩემის მკვლელი, მაგრამ მინდოდა მისთვის თვალებში ჩამეხედა. რომ დავინახე გული მომიკვდა. გიორგიმ თავი ჩაკიდა _ გიო, არ შეგეშინდეს, შენთან ვართ, ვიცით, რომ მკვლელი არა ხარ! _ მივაძახე. ამომხედა წყლიანი თვალებით საწყალმა და თავი დამიქნია. რამოდენიმე პროცესს დავესწარი და მერე აღარც დავსწრებივარ, რადგან სრული ცინიზმი, სიყალბე იყო. მოსამართლეებისგან ირონია ჩანდა დახვრეტილი მამაჩემის მიმართ. ღმერთმა შეუნდოთ მათ, სააკაშვილის საცოდავ მონებს… ერთ-ერთმა მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა ისიც კი მითხრა: რა არის, მამაშენი გაცოცხლდება, ვითომ? როგორც ჩანს, მათ ღმერთის არ ეშინიათ!

“გური, გაჩერდი, მოგკლავენ!”

_ რუსუდან, ბატონი გურამი ან თქვენ ოჯახის წევრები ასეთ სასტიკ ანგარიშსწორებას ელოდით ვინმესგან?

_ მე ვერ წარმომედინა, რომ მამაჩემის მოკვლას გაბედავდნენ, თორემ ყოველი დილა იმით იწყებოდა, რომ უკვე მძიმე ავადმყოფი დედა აფრთხილებდა მამაჩემს: გაჩერდი, გური, გესვრიან, დაგხვრეტენ, მოგკლავს სააკაშვილი! უკვე თავი მქონდა მობეზრებული ყოველ დილას ერთი და იგივეს მოსმენით.

ყველას გვქონდა ავი წინათგრძნობა, მაგრამ ასეთ სასტიკ მკვლელობას, რა თქმა უნდა, ვერ წარმოვიდგენდით. მახსოვს, მამას ბოლო დაჭერისას დედაჩემი კომაში იყო და რესპუბლიკურ საავადმყოფოში იწვა. საავადმყოფოდან აიყვანეს მამაჩემი, როგორც საშიში კრიმინალი.

დღეს აი, ასე ვართ. მამას ხსოვნით ვცოცხლობ. გურამ შარაძეს ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. რა თქმა უნდა მის ენერგიას, შინაგან პოტენციალს მე ვერ შევედრები, მაგრამ ვაპირებ მისი საქმე გავაგრძელო. თუმცა, რასაც მამა, ერთ წელიწადში გააკეთებდა, ალბათ, მე მთელი ცხოვრება მოვუნდები.

ახლა ვაპირებ გამოვცე წიგნი, სადაც გურამ შარაძის ბიოგრაფია, საგაზეთო პუბლიკაციები და მკვლელობის შემდგომ გაზეთებში გამოქვეყნებული წერილები მოთავსდება. წიგნი 2010 წლის 17 ოქტომბრისთვის მინდა გამოვცე, მამა ამ დღეს _ 70 წლის უნდა გამხდარიყო. დიდი იმედი მაქვს, რომ 2010 წელს საქართველოში რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ვითარება იქნება და განვლილ უბედურებებს მოგონებები შეცვლის.

_ მაინც, კონკრეტულად, რა შეიძლებოდა გამხდარიყო გურამ შარაძის მკვლელობის მიზეზი?

_ გეხსომებათ, ხალხსაც ალბათ, კარგად ახსოვს გურამ შარაძის დაპირისპირება “სოროსელებთან” და მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც, ძირითადად, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფუძველზე მიმდინარეობდა. გარდა ამისა, რომ გურამ შარაძე ეროვნულ სიმდიდრეს, ქართულ ფასეულობებს იცავდა, პიროვნულადაც სძულდათ ამათ მამაჩემი. ეჯავრებოდა ბოკერიას, რამიშვილს, მათ მეგობრებს. გეხსომებათ ეს ამბები. ამას ემატებოდა ე.წ. თურქი-მესხების ჩამოსახლების საკითხი, რომელიც მამას მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში აქტუალურ ფაზაში შევიდა. ასევე, ლევილის გასხვისების საკითხიც და რაც ყველაზე მთავარია _ ეროვნული საგანძურის გატანა. დღეს, როგორც ცნობილია, ფონდები ცარიელია, ეროვნული სიმდიდრე გატანილია. ამბობენ, დააბრუნებენო, მაგრამ როგორც ცნობილია, დააბრუნებენ ასლებს.

რამდენადაც ვიცი, გურამ შარაძის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოფრინდა გრეგ გუროვის ძმა, იმ გრეგ გუროვისა, რომელსაც მამამ თავის დროზე ქართული საგანძური არ გაატანა. გუროვი ამ ფაქტიდან სულ მალე ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, თუმცა მისმა ძმამ გააგრძელა მისი საქმე, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ქართული სიწმინდის საქართველოდან გატანა ასე იოლი არ არის. ყველას მოეკითხება ისე, როგორც გრეგ გუროვს დაემართა.

ბარათელი მკვდარია?

_ მოდით, ისევ ბარათელს დავუბრუნდეთ. თქვენ ახლახან ბრძანეთ, რომ შეიძლება გიორგი ბარათელიც მოკლესო. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ უკვე ორი წელიწადია ვიბრძვით, რომ გადავარჩინოთ ამ ადამიანის სიცოცხლე. გიორგი ბარათელს კარგად ვიცნობ. არ მესმის, რატომ უნდა გახდეს იგი ამ უსამართლობის მსხვერპლი?!

ჩემთვის ცნობილია, რომ გიორგი შარშან რუსთავის ციხეში იყო, მაგრამ სულ მგონია, რომ სააკაშვილი ხელისუფლებიდან ისე არ წავა, რომ ბარათელი არ მოიშოროს. დედაჩემს ეშინია, როცა ამას ვამბობ; ეშინია ჩვენც, გურამ შარაძის შვილებსაც არ გაგვისწორდნენ, მაგრამ, რაც მოსახდენია _ მოხდეს, სიმართლე უყვარდა მამაჩემს, სიმართლე უნდა ვთქვა მეც.

ის ამბავი, რაც ახლახან გავიგე, რომ, თითქოს, გიორგი ბარათელი ესპანეთში გააპარეს, ჩემი აზრით, ტყუილია. თუ ეს შეგნებულად გაავრცელეს, იმას ნიშნავს, რომ გიორგი ბარათელი ცოცხალი აღარ არის, იგი მოკლულია. თუ ასე არ არის, გვაჩვენონ გიორგი ბარათელი. ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით ჟურნალისტებს, დაგვეხმარონ გიორგი ბარათელის სიცოცხლის შენარჩუნებაში, დაგვეხმაროს ყველა, გავიგოთ ცოცხალია თუ არა ის.

დავით აქუბარდია: ,,მე არა ვარ ჟურნალისტი”

_ სამწუხაროდ, ჟურნალისტებს დღეს სიმართლის გაგება ნაკლებად ხელგვეწიფება, ობიექტური ინფორმაციების მოპოვება ჭირს. განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურებიდან. ამას ზოგიერთი ჩვენგანის გულგრილობაც ემატება.

_  მე “ჯიბის” ჟურნალისტებზე არ ვლაპარაკობ. ნამდვილ ჟურნალისტებზე მაქვს საუბარი და მათი იმედი მაქვს. განსაკუთრებით, პრესის ჟურნალისტების, რომლებიც, ფაქტობრივად, ვერ დააჩოქა სააკაშვილმა. თქვენ დღეს გამარჯვებულები ხართ.

არაერთმა გაზეთმა, მათ შორის თქვენმა გაზეთმაც დაბეჭდა გამოუქვეყნებელი ინტერვიუ გურამ შარაძესთან, სადაც გიორგი თარგამაძეზე, ინგა გრიგოლიაზე, სხვა ტელეჟურნალისტებზე, ტელეკომპანიებზე არის საუბარი, სადაც ბლოკავდნენ მამას გამოსვლებს.

ჟურნალისტი, რომელმაც ეს ინტერვიუ ჩამოართვა მამაჩემს, მივიდა ტელეკომპანია “კავკასიაში” დავით აქუბარდიასთან და ჰკითხა: გურამ შარაძე ამბობს, რომ ბლოკავთ მის გამოსვლას, სააკაშვილმა პირადად აგიკრძალათ _ გურამ შარაძე ეკრანზე არ დამანახოთო? ასე არის თუ არა? აქუბარდიას უპასუხია: ვინ არის გურამ შარაძე, ასეთ კაცს არ ვიცნობ, არ გამიგიაო.

მაშინვე ვიფიქრე, შეიძლება ჟურნალისტს რაღაც გადაჭარბებით მოესმა, შეიძლება თვითონ აზვიადებს-მეთქი. მაგრამ გავიდა დრო, მამა მოკლეს და პირველი, ვინც კადრებში გურამ შარაძის დახვრეტილ ცხედარს თავს დაადგა, ეს იყო დავით აქუბარდია. კაცი, რომელიც თურმე არ იცნობდა გურამ შარაძეს.

მას შემდეგ “კავკასიის” ეთერში ხშირად ვისმენდი ზარებს, ვკითხულობდი მესიჯებს, სადაც მაყურებელი კითხულობდა _ რატომ არ ახსენებთ გურამ შარაძეს, მის მკვლელობას, რატომ არ იღებთ ხმას?

“კავკასიიდან” პასუხად სრული იგნორირება მოდიოდა.

ერთხელაც მაყურებლის ზარის შემდეგ ეთერში ვერ მოვხვდი, აქუბარდიას მობილურზე დავურეკე და ვკითხე _ რატომ არ იღებთ ხმას მამას მკვლელობაზე, მით უფრო, რომ თქვენი ინტერვიუ წავიკითხე ,,ასავალ-დასავალში’’, სადაც ამბობთ, რომ თქვენი ეთერი ღიაა ყველასთვის-მეთქი. არა, მე ასე არ მითქვამს, ასე არ არისო, _ მიპასუხა ბატონმა დავითმა. რაც შეეხება მამათქვენს, მითხარით ერთი, მე რა შემიძლია, გადაცემა მე არ მაქვს,  ჟურნალისტი მე არ ვარო, მოიწვიეთ პრესკონფერენციები და გაგაშუქებთო (?!). იმ დროს ჩემთან იყვნენ ჩემი მეგობრები: თამუნა გვანცელაძე, ნანიკო ხაზარაძე და კიკი ბერაძე, ანუ ეს არ მომლანდებია, ჩემი მეგობრები უსმენდნენ ამ საუბარს. არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი დავითი, ალბათ იმას, რომ მას ჟურნალისტიკის ფაკულტეტი არა აქვს დამთავრებული. მოკლედ, ნახევარი საათის განმავლობაში გადამრია მასთან უშედეგო ლაპარაკმა. მაშინ დავრწმუნდი, რომ იმ ჟურნალისტსაც სწორედ ეს უთხრა _ არ ვიცნობ გურამ შარაძესო.

მოკლედ, ვერც შეწუხება შევამჩნიე აქუბარდიას, ვერც უხერხულობა, მომდევნო დღეს დავიჭირე პლაკატი _ “ტყვია, სახელად დუმილი” და “კავკასიასთან” ჩავატარე აქცია. ამის მერე ჩემთან სასაუბროდ გამოუშვა თავისი ცოლი, რომელსაც რატომღაც ეგონა, რომ არ ვიცოდი აქუბარდიას მეუღლე თუ იყო და გამეცნო, როგორც ,,კავკასიის’’ დირექტორი… მოკლედ, 40 გრადუსი მქონდა სიცხე “კავკასიის” ეთერში რომ ვიჯექი. ისიც ვერ მოვიფიქრე ვინმე ჟურნალისტი წამეყვანა, რომ იმას დაესვა ჩემთვის კითხვები, რაღაც ფორმა რომ მისცემოდა გადაცემას. ბატონ ელიზბარ ჯაველიძესთან და ქალბატონ ადა მარშანიასთან ერთად, ვილაპარაკე ჩემს უბედურებაზე, მთელი ჩვენი ქვეყნის უბედურებაზე…

თუმცა, უნდა ვთქვა _ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სადაც კი მონაწილეობა მიგვიღია, ,,კავკასიის’’ ეთერით ყველაფერი გაშუქდა. ძალიან გთხოვთ დაწერეთ რა: თუ აქუბარდია გონს მოეგო, დიდი მადლობა ამისთვის! იმედია, სააკაშვილი რომ წავა, მერე უფრო “გაიხსნებიან”.

ირანდა კალანდაძე
“საერთო გაზეთი’’, 27 მაისი, 2009 წელი

გურამ შარაძის მკვლელობა _ შურისძიება თუ პოლიტიკური დაკვეთა

საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია მკვლელობის მოტივი

გურამ შარაძე განსაკუთრებით კატეგორიული და რადიკალური იყო, როცა ქართულ ტრადიციებს და ეროვნულობას ემუქრებოდა საფრთხე… რადიკალური იყო ის ზომებიც, რომლებიც მის მიმართ გამოიყენეს. აკადემიკოს გურამ შარაძის ბრძოლას ენის, მამულისა და სარწმუნოებისთვის 2007 წლის 20 მაისს დაესვა წერტილი… იმ დღის შემდეგ მელიქიშვილის გამზირის სისხლიანი მონაკვეთი ხშირად იმკობა ხოლმე ია-ვარდით და ბზით… გურამ შარაძის ერთ-ერთ ნაშრომს, “უცხოეთის ცის ქვეშ” წამძღვარებული აქვს ლევილის საძმო სასაფლაოზე განსვენებული ერთ-ერთი ქართველის ეპიტაფია – “ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე”. იქნებ ბატონმა გურამმა ეს სიტყვები იმიტომ მოიტანა ჩვენამდე, რომ გარდაცვალების შემდეგ მასზეც იგივე გვეთქვა…

2007 წლის 20 მაისს, 20 საათსა და 10 წუთზე, მელიქიშვილის ქუჩაზე 67 წლის აკადემიკოსს და საზოგადო მოღვაძეს, გურამ შარაძეს თავში 5 ტყვია დაახალეს. 15 წუთის შემდეგ სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ოპერატორი, 30 წლის გიორგი ბარათელი დააკავეს. მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ მკვლელობა შურისძიების მიზნით ჩაიდინა, თუმცა, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია მკვლელობის მოტივი. თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენების ამსახველი ვიდეოჩანაწერი მკაცრად გაასაიდუმლოვა. გურამ შარაძის ოჯახის წევრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მკვლელობას პოლიტიკური სარჩული ედო და ის ხელისუფლებამ დაუკვეთა. საზოგადოება აკადემიკოსის მკვლელობის სხვადასხვა ვერსიას განიხილავდა. ოჯახის ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე იმ დღეებში აცხადებდა, რომ გურამ შარაძემ იცოდა, მისი ლიკვიდაცია რომ იგეგმებოდა. მკვლელობის ადგილზე დამონტაჟებული იყო “ალდაგის” ვიდეოკამერა, თუმცა, სამართალდამცველებმა ფაქტის ამსახველი კადრებიც გაასაიდუმლოეს. შარაძის ოჯახის წევრთა თქმით, ფირზე გამოსახული მაღალი, სპორტული აღნაგობის მამაკაცის გარეგნობა საერთოდ არ ემთხვევა ბარათელისას. გურამ შარაძის ოჯახს დღესაც არ სჯერა, რომ მკვლელი ბარათელია, მიაჩნიათ, რომ აკადემიკოსი მისი მოღვაწეობით საშიში იყო ამ ხელისუფლებისთვის და მკვლელობის რამდენიმე ვერსიას ასახელებენ. ოჯახის წევრთა აზრით, ხელისუფლება საქართველოდან ეროვნული საგანძურის გატანას, ასევე, ლევილის ქართველთა მამულის გასხვისებას აპირებდა, რასაც გურამ შარაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

გურამ შარაძე გახლავთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიტერატურული და ისტორიული მონოგრაფიის ავტორი, რომლებშიც აღწერილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრება და საქართველოსგან მოწყვეტილი, ემიგრაციაში მყოფი მამულიშვილების მოღვაწეობა. 1995 წელს მან დააარსა ულტრანაციონალური მოძრაობა “ენა, მამული, სარწმუნოება”. 1995-2003 წლებში იყო პარლამენტის წევრი, აქტიურად ილაშქრებდა საქართველოში რელიგიური სექტების მოღვაწეობის წინააღმდეგ და ხალხს მოუწოდებდა მართლმადიდებლური ტრადიციების დაცვისკენ. იგი ასევე იყო მოძრაობა “ანტისოროსის” წევრი. შეკრიბა კოლოსალური რაოდენობის მასალა ქართულ ემიგრაციაზე.  “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გურამ შარაძე ჩამოშორდა პოლიტიკას და უმთავრესად საზოგადოებრივი პრობლემებით იყო დაკავებული. იგი ოპოზიციაში ჩაუდგა ხელისუფლებას და ილაშქრებდა მათი უკანონო მოქმედებების წინააღმდეგ. გურამ შარაძე ორჯერ დააკავეს ხულიგნობის ბრალდებით. ერთხელ, როდესაც მან ეროვნულ მუზეუმში ოლბინსკის პორნოგრაფიული პლაკატები ჩამოხია და მეორედ –  უნივერსიტეტის რექტორ გიორგი ხუბუას შეურაცხყოფისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ გურამ შარაძეს დაუშვებლად მიაჩნდა ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო დროშად გამოცხადება, რადგან მას არაქართულ, იერუსალიმელი კათოლიკეების დროშად მიიჩნევდა.

გურამ შარაძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს, უფროსი ვაჟის, ლაშას გვერდით, რომელიც 11 წლის წინ, ასევე ვერაგულად, მძინარე მოკლეს.

გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ მისი მეგობრები და თანამოაზრეები იტყვიან, რომ “გურამ შარაძის მკვლელებმა საქართველოს ესროლეს…”

ნანა ფიცხელაური
”ყველა სიახლე”, 04-07-2009

,,დაანებეთ თავი ისტორიულ რელიკვიებთან ბრძოლას”

დღეს პარლამენტიდან ეროვნულ არქივში, სარესტავრაციოდ გადატანილ დოკუმენტებს – საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას და დამოუკიდებლობის აქტს, აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე გამოეხმაურა და ეს ფაქტი ”ისტორიულ რელიკვიებთან ბრძოლად” შეაფასა.

პრესა.გე რუსუდან შარაძეს ჟენევაში დაუკავშირდა და შვეიცარიიდან საქართველოში, მისი ძმის, გიორგი შარაძის მიერ, ამ ისტორიული დოკუმენტების ჩამოტანის ირგვლივ ესაუბრა. ასევე გთავაზობთ პარლამენტის აპარატის უფროსის, დავით ჯანიაშვილის კომენტარს, რომლის განმარტებით, ისტორიული დოკუმენტები პარლამენტის საკუთრებად რჩება, მაგრამ ეროვნულ არქივში განთავსდება. თუ რატომ, ამაზე ქვემოთ მოგითხრობთ.

როგორც რუსუდან შარაძემ გვითხრა, დოკუმენტების გადატანის შესახებ, ქართული საინფორმაციო სააგენტოებიდან შეიტყო. მაგალითად,  ”ინტერპრესნიუსმა” ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: ,,საქართველოს პარლამენტში დაცულ არქივს, რესტავრაციას ჩაუტარებენ. ამ მიზნით, ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნთა კრებულს, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციას და დამოუკიდებლობის აქტს ეროვნული არქივის ექსპერტები ეროვნულ არქივში გადაიტანენ”.

რუსუდან შარაძე ამბობს, რომ ამ დოკუმენტებს არავითარი რესტავრაცია არ სჭირდება:

,,ეს ქმედება პირდაპირ უკავშირდება მამაჩემის _ გურამ შარაძისა და ჩემი ძმის _ გიორგი შარაძის სახელებს. ხელისუფლებას უნდა, რომ მათი ხსენება საერთოდ გაქრეს, მაგრამ ისტორიას, დიქტატორი კაცუნების ამგვარი ბრძოლის ფინალის ბევრი მაგალითი ახსოვს. მამა ამ დოკუმენტებს წლების განმავლობაში ეძებდა და ვერსად მიაგნო.. საუბარია _ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის (როგორც ცნობილია, არსებობს დამოუკიდებლობის ორი აქტი, პირველი _ მიღებული 1918 წლის 26 მაისს და მეორე _ ხელმეორედ მიღებული 1919 წელს, დამფუძნებელი კრების მიერ. ის დღეს გურამ შარაძის მიერ დაარსებულ ქართული ემიგრაციის მუზეუმში ინახება), 1921 წლის კონსტიტუციის, გერბის და შტანდარტის ორიგინალებზე. ისინი არ იყო დაცული პირველი რესუბლიკის მთავრობის არქივის არც პარიზულ, არც ჰარვარდულ ნაწილში, არ ინახებოდა არც ერთ პირად ფონდში.

,,თქვენ წარმოგიდგენიათ რა მწირია საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივი მხარე ამ დოკუმენტების ორიგინალების გარეშე?! ისინი საქართველოს 2000 წლამდე არ ჰქონდა. ციურიხში, შვეიცარიელი ქართველოლოგი ქალბატონის _ ლეა ფლურის ოჯახში მათ მიაკვლია გიორგი შარაძემ, რომელიც იმ დროს ჟენევაში საქართველოს საელჩოს ატაშედ მუშაობდა”.

დოკუმენტების ისტორია, რომელიც რუსუდან შარაძემ გვიამბო, ასეთია _ საფრანგეთში ემიგრაციაში წასული მთავრობა, ბუნებრივია, განსაკუთრებით ამ დოკუმენტებს უფრთხილდებოდა, რათა კომუნისტებს არ ჩავარდნოდათ ხელში. მათი შენახვა მიუნდვიათ აკაკი ჩხენკელისთვის (ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მოგვიანებით საქართველოს ელჩი საფრანგეთში). აკაკი ჩხენკელის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქვრივმა დოკუმენტები შესანახად გადასცა აკაკის ძმას _ კიტა ჩხენკელს, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორს. კიტა ჩხენკელმა, თავის მხრივ, მეტი უსაფრთხოებისთვის, დოკუმენტები შვეიცარიაში წაიღო და შესანახად მიაბარა ლეა ფლურს _ თავის მოწაფეს, რომელიც იმ სამი ქალბატონიდან ერთ-ერთია, ვინც კიტა ჩხენკელთან ერთად ქართულ-გერმანული ლექსიკონის შესანიშნავი გამოცემა შექმნა; კიტა ჩხენკელის გარდაცვალების შემდეგ ლექსიკონზე მუშაობა ამ ქალბატონებთან ერთად ვიქტორ ნოზაძემ დაასრულა.

2000 წელს ლეა ფლური მასთან ინტერვიუს ჩასაწერად ციურიხში ჩასულ გიორგი შარაძეს გამოუტყდა, რომ ეს დოკუმენტები მას ჰქონდა და მალე გადასცა კიდეც. გიორგიმ ისინი საქართველოში  ჩამოიტანა და მამასთან, გურამ შარაძესთან ერთად, ოფიციალურად გადასცა საქართველოს პარლამენტს.

ამ ცერემონიალს მთელი მაშინდელი  მთავრობა და პარლამენტი ესწრებოდა. ციურიხიდან ჩამოტანილი დოკუმენტები გურამ და გიორგი შარაძეებმა შეისწავლეს და 2001 წელს გამოსცეს წიგნი _ ,,ისტორიული რელიკვიების დაბრუნება”.

რუსუდან შარაძე: ,,დოკუმენტები შესანიშნავ მდგომარეობაშია. როგორც ჩხენკელები, ასევე ლეა ფლური მათ თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ, იმდენად, რომ ქართველ ემიგრანტთაგან მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ მათი ადგილსამყოფელი და ეს საიდუმლო საფლავში ჩაიტანეს.

დოკუმენტები ჩაისვა შესაბამის შემინულ ჩარჩოებში და მამამ და გიორგიმ პარლამენტში გააკეთეს ისტორიული რელიკვიების მუდმივი ექსპოზიცია, რომელიც მრავალმხრივ არის საინტერესო. მაგალითად, საქართველოს გერბზე, რომელზეც თეთრი გიორგია გამოსახული, წარწერა გრიგოლ რობაქიძის ხელითაა შესრულებული. ეს ყველაფერი აქამდე გამოფენილი იყო პარლამენტის ძველ ფლიგელში. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, პარლამენტის ტალანებში მოსიარულე პარლამენტარების უმრავლესობას წარმოდგენა თუ ჰქონდა, რას ჩაუვლიდნენ ხოლმე გვერდით.

მაგრამ ვისაც კარგად ესმის მათი მნიშვნელობა, მათ ამ დოკუმენტების  ცხრაკლიტურში გამოკეტვა სურთ, რათა წაშალონ ისტორია, წაშალონ თეთრი გიორგი, წაშალონ ივანე ჯავახიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის მონაწილეობით შექმნილი ეროვნული სიმბოლიკა, წაშალონ მათი სახელები, ვინც ისინი მოიპოვა და დაუბრუნა სამშობლოს, როგორც დღევანდელი საქართველოს დამოუკიდებლობის სამართლებრივი გარანტი.

1998 წლის 15 ივნისს ჩემი ძმა _ ლაშა შარაძე მძინარე მოკლეს ლოგინში; 2007 წლის 20 მაისს დახვრიტეს მამაჩემი _ გურამ შარაძე, 2009 წლის 30 მაისს გარდაიცვალა ჩემი შუათანა ძმა _ გიორგი, რომელიც, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ იყო ნოვატორი თანამედროვე ქართული ტელევიზიის, პირველი ქართული კლიპის ,,ანო და ვანოს” ავტორი, რომელმაც მთელი თაობა შექმნა ,,იბერვიზიაში’’ და გადატრიალება მოახდინა მაშინდელ ქართულ ტელესივრცეში. გიორგი გურამ შარაძის მიერ გაღებული კიდევ ერთი მსხვერპლია, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ტყვია არ უსვრიათ. თუმცა, ტყვია არ უსვრიათ არც ირინა ენუქიძისთვის. დაანებეთ თავი ისტორიულ რელიკვიებთან  ბრძოლას და იმაზე იფიქრეთ, რით გამოისყიდით დანაშაულს (აწ უკვე, როგორც ტალიავინის კომისიის დასკვნა გვამცნობს), ჩადენილს კაცობრიობის წინაშე”.

პარლამენტის აპარატის უფროსს, დავით ჯანიაშვილს პრესა.გე ტელეფონით ესაუბრა. მისი კომენტარი, ისტორიული დოკუმენტების ეროვნულ არქივში გადატანის შესახებ, ასეთია:

,,არ ვიცი გადატანილი დოკუმენტები ფიზიკურად  ნანახი გაქვთ თუ არა. ეს არის 1921 წლის დამოუკიდებლობის აქტი, რომელზეც ხელმოწერები ჩვეულებრივი მელნითაა შესრულებული, რომელიც ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ გამქრალია; თუ 3-4 წლის წინ არსებულ მდგომარებას შევადარებთ, გამქრალია და როგორც შესაბამისმა ექსპერტებმა დაგვარწმუნეს, 2-3 წელიწადში, ცარიელი ფურცელიღა დაგვრჩებოდა, ყოველგვარი წარწერების გარეშე, რომელიც არანაირ ღირებულების აღარ იქნება”.

დოკუმენტების ამგვარ მდგომარეობაში ყოფნას, პარლამენტის აპარატის უფროსი, შენობაში არსებული შეუსაბაო პირობებით ხსნის: ,,სჭირდება გარკვეული, მუდმივი ტემპერატურა, შესაბამისი ტენიანობა, დახურული სივრცე და ასე შემდეგ, რისი პირობებიც არც ერთ სახელმიწფო უწყებას და მათ შორის, არც პარლამენტს არ აქვს”.

დავით ჯანიაშვილი ამბობს, რომ გადატანილი დოკუმენტები პარლამენტის საკუთრებად კი რჩება, მაგრამ ბინას ეროვნულ არქივში, შესაბამის გარემოში დაიდებს და ,,ჩვენ ეს გამოფენებზე დაგვჭირდება თუ რაღაც ღონისძიებები იქნება, ნებისმიერ დროს ამის უკან მოტანა შეგვეძლება”. პლუს ამას, ჯანიაშვილის განმარტებით, ორიგინალების ასლები დამზადდება და იმავე ადგილას გამოიფინება, სადაც ორიგინალები იყო.

ნინო მიქიაშვილი,
პრესა.გე, 1 ოქტომბერი, 2009

გურამ შარაძის ერთ-ერთი მკვლელი “ქრონიკამ” იპოვა?

რამდენიმე დღის წინ პოპულარულ რუსულ ინტერნეტ-საიტზე “ოდნოკლასსნიკი.რუ”, სადაც ფაქტობრივად მთელი საქართველოა გაწევრიანებული და რომელმაც ერთმანეთს შეახვედრა წლობით უნახავი ახლობლები, მეგობრები და ნათესავები, ჩემს პორტალზე ვინმე ოთარ ქაროსანიძისგან მოწერილი ასეთი გზავნილი დამხვდა: “ასავალ-დასავალში” მუშაობ შენ?..” გადავხედე ქაროსანიძის მონაცემებს და იგი 37 წლის კაცი აღმოჩნდა, – თმებგაშლილი, სამი შვილის პატრონი, ნიკაპსა და ქვედა ტუჩს შორის საგანგებოდ მოშვებული წვერით…

სიმართლე გითხრათ, გავბრაზდი, ძვირფასო მკითხველო, რადგან ნებისმიერი საყველპურო ეთიკის მიხედვით კაცს, რომელსაც არ იცნობ, შენობით არ უნდა ელაპარაკო, რაც ქაროსანიძემ ფეხებზე დაიკიდა და კაი ძმაკაცივით, შინაურულად მკითხა ჩემი სამსახურის ამბავი. არც ვაციე, არც ვაცხელე და ქაროსანიძეს ისეთივე პასუხი ვაახლე, როგორი შეკითხვაც გამომიგზავნა: “შენობით ბებიაშენს ელაპარაკე, ბიჭო-მეთქი!..” მეორე დღეს ჩემს პორტალზე ისევ დამხვდა ქაროსანიძის “მესიჯი”: “ბებიაჩემსაც შენობით ველაპარაკები, ბიჭო”… ვიდრე მოულოდნელად საიდანღაც გამომტყვრალ დაუპატიჟებელ სტუმარს, ჩემთვის უცნობ ქაროსანიძეს, ხურდას დავუბრუნებდი და ახალ შეტყობინებას მივწერდი, უკიდურესად დავძაბე გონება და იმაზე ფიქრი დავიწყე, სავარაუდოდ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ოთარ ქაროსანიძე და რა კავშირი ჰქონდა მას ჩემს ძველ სამსახურთან და აქედან გამომდინარე, ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან?!. მოულოდნელად, თითქოს, ზეცა გაიხსნაოა, მეხსიერებაში ამომიტივტიდა სულმნათი გურამ შარაძე, – 2007 წლის ავადსახსენებელი 20 მაისი, როცა ორი ტყვიით განგმირული და სახალხოდ, სასეიროდ დახვრეტილი აკადემიკოსი მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთასთან, თითქმის, ორი საათის განმავლობაში გახურებულ ასფალტზე ეგდო (მაპატიოს მისმა ნათელმა სულმა ამ სიტყვის გამო, – დ.ჩ.) და ამ დროს მის მობილურ ტელეფონზე სოროსის ფონდის თანამშრომლის – ოთარ ქაროსანიძის – მიერ გამოგზავნილი “მესიჯები” არ წყდებოდა” “ხომ ჩაგაძაღლეთ, შე ფაშისტო?!”. “ყველა ფაშისტს ასე გავუსწორდებით!..” და ა.შ.

ერთი სიტყვით, გამოვიცანი, ძვირფასო მეგობრებო, – გურამ შარაძის ერთ-ერთი მკვლელი (ამას მე არ ვამბობ, ასე მოიხსენიებენ მას შარაძის ოჯახის წევრები და ახლობლები) მიგზავნიდა წერილებს ჩემს პორტალზე…

“ახლა მომისმინე, ბიჭო!.. ჩემი ინფორმაციით, შენა ხარ ერთ-ერთი იმ მკვლელთაგანი, რომელიც ტყვიით განგმირულ გურამ შარაძეს მესიჯს მესიჯზე უგზავნიდი: “ხომ ჩაგაძაღლეთ, შე ფაშისტოო?!.” კარგია, რომ შენი სახე დამანახე…” – აი, ეს შეტყობინება გავუგზავნე ქაროსანიძეს, ძვირფასო მკითხველო და აგერ, უკვე მეოთხე თუ მეხუთე დღეა, რაც მისგან არანაირი პასუხი არ მიმიღია…

ახატანელ მენახშირესა და ცნობილ მკვლელს – გიგოლა ბერბიჭაშვილს, რომელმაც ლაბაურებთან, ხიზანიშვილებთან, ფშავლიშვილებთან თუ “ვინმე იმერელთან” ერთად საქართველოს ილია ჭავჭავაძე მოუკლა და რომელსაც სასამართლო პროცესზე ვერაფრით დააცდენინეს, რომ მან ილიას ესროლა, ერთ-ერთი დაკითხვის დროს აღმოხდა, – მე არ ვიცოდი, თუ ილია ჭავჭავაძე ასეთი დიდი და სახელოვანი ადამიანი იყოო!..

როცა დიდი ესპანელი პოეტი – ფედერიკო გარსია ლორკა – მოკლეს, მკვლელები დუქანში დათვრნენ და ლორკას შექმნილ სიმღერებს მღეროდნენ… საინტერესოა, რა პასუხს გასცემს ოთარ ქაროსანიძე თავის სამ შვილს, როცა ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ჰკითხავენ მამას: “რატომ უგზავნიდი დახვრეტილ და მიწაზე უსირცხვილოდ დაგდებულ გურამ შარაძეს ასეთ “მესიჯებს”? შენ მოკალი აკადემიკოსი?..”

როგორც გავარკვიე, სოროსელი ოთარ ქაროსანიძე შარაძეს ე.წ. მესიჯებს, თურმე, მაშინაც უგზავნიდა და ემუქრებოდა, როცა ბატონი გურამი ცოცხალი იყო და ამ ხელისუფლებასა და მის უღმერთო დამქაშებს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდა… ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მომაწოდა ჩემმა მეგობარმა, ბრწყინვალე იურისტმა და ბატონ გურამ შარაძის ადვოკატმა – ნინო ნიშნიანიძემ, რომელიც ქართული ნიჭიერების, წესიერების, პროფესიონალიზმისა და მამულიშვილობის იშვიათი სინთეზია!..

ნინო ნიშნიანიძე, იურისტი, აწგანსვენებული გურამ შარაძის ადვოკატი:

– ოთარ ქაროსანიძე ბატონ გურამს სიცოცხლეშივე ემუქრებოდა.

– მაინც, როგორ და რით ემუქრებოდა?

– “მესიჯებს” უგზავნიდა: “სიკვდილი ფაშისტ შარაძეს…” “ჩვენ დავხვრიტავთ გურამ შარაძეს!” და ა.შ. როდესაც ქაროსანიძემ არ მოისვენა, ამ “მესიჯებით” დაინტერესდნენ ოფიციალური ორგანოები… მახსოვს, ბატონმა გურამმა დიდხანს არ მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს, თუმცა პრესკონფერენცია კი მოიწვია და ეს მუქარები გაახმაურა. ამ მუქარების გამო პროკურატურაში აღიძრა საქმე და ამ ოთარ ქაროსანიძის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. საქმე განიხილებოდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც მეც ვმონაწილეობდი… როცა ბატონი გურამი მოკლეს, მაშინაც კი უგზავნიდა მესიჯებს, – ხომ ჩაგაძაღლეთო?!. კარგად მახსოვს, როდესაც ბატონი გურამის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ, მამის მობილური ჩააბარა სამართალდამცველ ორგანოებს, გამომძიებელ ზაალ გურგენიძესა და მალხაზ ბოხუას თვალწინ წაიკითხა ქაროსანიძის მიერ გამოგზავნილი “მესიჯები”: “ასე მოუწევს ყველა ფაშისტს!..” “ხომ ჩავაძაღლეთ შარაძე?!” და ა.შ.

– ეს კაცი, – ქაროსანიძე – პროკურატურამ დაკითხა?

– დაკითხა კი არადა, 2003 წლამდე ქაროსანიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული მუქარის ბრალდებით!..

– ნინო, რა მაინტერესებს, იცით?.. როცა კაცი ქუჩაში მკვდარია და მის მობილურ ტელეფონზე ვიღაც აგზავნის მესიჯებს: “ხომ ჩაგაძაღლეთ, ასე მოუწევს ყველა ფაშისტს!..” და ა.შ. ამის გამომგზავნი კაცი ქუჩაში თავისუფლად უნდა დადიოდეს?

– რა თქმა უნდა, არ უნდა დადიოდეს და მინიმუმ, ის უნდა დაიკითხოს, რადგან ქაროსანიძის სურვილი და შედეგი ერთმანეთს დაემთხვა, – ბატონი გურამი მოკლეს! ეს იყო ქაროსანიძის ფსიქიკური დამოკიდებულება ბატონი გურამის სიცოცხლისა და პიროვნებისადმის, ანუ ამას იურიდიულად ჰქვია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დანაშაულსა და დამნაშავეს შორის.

– ქაროსანიძე დღესაც სოროსის ფონდში მუშაობს?

– მაშინ ის სოროსის ფონდში მუშაობდა, დღეს ვერ გეტყვით, სად არის?.. სხვათა შორის, ქაროსანიძე სასამართლოზეც არ მალავდა თავის დამოკიდებულებას ბატონი გურამისადმი და მას ფაშისტს ეძახდა. მერე ბატონ გურამთან დედამისი დადიოდა და სთხოვდა, – შვილს ნუ დამიღუპავო… ხომ იცით, ბატონი გურამის ხასიათი, მან სასამართლო პროცესზე ძალიან ლოიალური პოზიცია დაიჭირა… “ვარდების რევოლუციის” შემდეგ სოროსის ფონდის გავლენით ქაროსანიძის წინააღმდეგ ყოველგვარი სამართლებრივი დევნა შეწყდა!..

აჰა, ბატონო, ეგეც შენი ოთარ ქაროსანიძე!..

დიდება უფალს, რომ ქაროსანიძეს ჭკუა-გონება აურია, ჩემს პორტალზე წერილი გამოაგზავნინა და მისი სახე გამოგვიჩინა!..

საქართველომ უნდა იცოდეს სიცოცხლესა თუ მკვლელობის შემდეგ ვინ უგზავნიდა აკადემიკოსს სასიკვდილო შეტყობინებებს!..

დარწმუნებული ვარ, მამაზეციერი გურამ შარაძის სხვა მკვლელებსაც ჩამოხსნის ნიღაბს!..

დიტო ჩუბინიძე
“ქრონიკა”, 26 ოქტომბერი – 1 ნოემბერი, 2009

გასაიდუმლოებულ ინფორმაციას პრესა.გე უკვე საჩივრით ითხოვს

პრესა.გე-მ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დავით ჭკადუას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და კიდევ ერთხელ მოითხოვა ინფორმაცია ამირან (ბუტა) რობაქიძის, გიორგი გამცემლიძისა და გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების ადგილსამყოფელის შესახებ, რომელსაც ეს უწყება მალავს.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს სასჯელაღსრულების,  პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, დიმიტრი შაშკინს 2 განცხადებით მივმართეთ. ერთი ეხებოდა ამირან რობაქიძისა და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების მდგომარეობას, ხოლო მეორე – გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელს. ჩვენი განცხადების პასუხს, რომელშიც წერია, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯარო არ არის, ხელს აწერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამსახურის უფროსი მ. ანჩაბაძე.

საჩივარი, რომლის მომზადებაში დაგვეხმარნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, თამარ გურჩიანი და თათული თოდუა, ასევე ვითხოვთ იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რომელსაც ხელს მ. ანჩაბაძე აწერს. ამასთან, საჩივარში ბატონ ჭკადუას ვთხოვთ მ. ანჩაბაძეს დააკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა, მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების გამო.

საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი სახელმწიფო, პროფესიულ, ან კომერციულ საიდუმლოებას არ შეიცავენ. რობაქიძის, გამცემლიძის და შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ ინფორმაცია, არც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, არც პროფესიულს და არც კომერციულს და ბატონი შაშკინის უწყებიდან, ამ ინფორმაციის დამალვა, ხელს უწყობს საზოგადოებაში გავრცელებული ვერსიის გამყარებას, რომ რობაქიძის მკვლელმა, გრიგოლ ბაშალეიშვილმა და გამცემლიძის მკვლელმა ვახტანგ აბუაშვილმა საპყრობილის კედლები, სანდრო გირგვლიანის მკვლელების მსგავსად,  ვადაზე ადრე დატოვეს და ახლა ამ ინფორმაციას ხელისუფლება საგულდაგულოდ ასაიდუმლოებს.

რაც შეეხება აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს – გურამ შარაძის ოჯახი დღემდ აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა ნამდვილი მკვლელის ნაცვლად ბარათელი დაიჭირეს, რომ ის არის ამ საქმეში მოწმე, რომელსაც შეუძლია სიმართლეს ფარდა ახადოს და გამომდინარე აქედან, ყველანაირად ეცდებიან რომ მას სიცოცხლე მოუსწრაფონ.  გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მოწერილი პასუხის შემდეგ ამბობს: ”მე კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ გიორგი ბარათელი მოკლულია”.

გარდა იმისა, რომ ინფორმაცია მკვლელობაში მსჯავრდებულების მდგომარეობისა და ადგილსამოყოფელის შესახებ, უპირველესად აინტერესებთ რობაქიძეებს, გამცემლიძეებს და შარაძეებს, საზოგადოებრივი, საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს. ჩვენ სწორედ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის ლეგიტიმური გზით შეგროვებას ვახორციელებდით, რაშიც ბატონი შაშკინის უწყებამ ხელი შეგვიშალა.

ადმინისტრაციული სარჩელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 29 ოქტომბერს ჩავაბარეთ. კანონით დადგენილი ვადის მიხედვით, ამ უწყებიდან პასუხს დეკემბრის პირველ რიცხვებამდე დაველოდებით. თუ ბაშალეიშვილის, აბუაშვილისა და ბარათელის ადგილსამყოფელს ისევ საიდუმლოდ დატოვებენ, მაშინ პრესა.გე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით სასამართლოს მიმართავს.

ნინო მიქიაშვილი
პრესა.გე. 29.10.2009

რუსუდან შარაძე: ჩემი ძმა მერაბიშვილის გარემოცვამ მოწამლა!

ქუჩაში ცინიკურად დახვრეტილ აკადემიკოს გურამ შარაძის ვაჟი, გიორგი შარაძე ახლახანს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მისმა სახელმა სკანდალურად გაიჟღერა მამამისის მკვლელობაში და “სწორედ, ეს გახდა გიორგის დეპრესიის მიზეზი, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია”, _  აცხადებს მისი და, რუსუდან შარაძე. “საქართველო და მსოფლიო” მას ჟენევაში დაუკავშირდა:

_ რამდენიმე თვის წინ თქვენი ძმა, გიორგი შარაძეც გარდაიცვალა…

_ გიორგის გარდაცვალებაც, ისევე, როგორც ლაშას და მამას მკვლელობა, პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა. მართალია, გიორგისთვის ტყვია არ უსვრიათ, მაგრამ მერჩივნა, ისიც ტყვიით მოეკლათ. მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით: 1998 წლის 15 ივლისს ლაშა შარაძე ერთი ტყვიით მოკლული ვნახეთ სახლში, მაშინვე ნათელი იყო, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო და ამით მამაჩემის გამწარებას თუ გაჩუმებას შეეცადნენ. ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცავებმა, ეს ფაქტი თვითმკვლელობად შერაცხეს და არც საქმის ნამდვილი გამოძიებით დაინტერესებულა ვინმე. 1998 წლის იანვარში მამამ მოიწვია პრესკონფერენცია და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი იგეგმებოდა. მისი აზრით, დიდწილად, ეს ე.წ. ,,თურქი-მესხების’’ ჩამოსახლების საკითხს უკავშირდებოდა. რადგან მასზე მოსალოდნელ ტერორისტულ აქტზე საჯაროდ განაცხადა, როგორც ჩანს, მასზე ვერ აწიეს ხელი და შური ლაშას მკვლელობით იძიეს. სავარაუდოდ, ფიქრობდნენ, რომ ამით გურამ შარაძის გაჩუმებას შეძლებდნენ.

_ მაშინ გურამ შარაძესა და აჭარის ხელმძღვანელს შორის სერიოზული დაპირისპირება იყო…

_ პირველად ვამბობ, რასაც ახლა გეტყვით (ფიქრობს)… თქვენ ალბათ, კონკრეტულად ის გაინტერესებთ, რა მოხდა ასლან აბაშიძესა და გურამ შარაძეს შორის? მოგეხსენებათ, მამამ ასლან აბაშიძის მრჩევლად კულტურის, მეცნიერების და განათლების დარგში მუშაობა დაიწყო 1993 წელს, მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ომმა და წყვდიადმა მოიცვა. აჭარა ერთადერთი იყო, რომელიც ,,მხედრიონმა’’ ვერ ააოხრა და  ეს ასლან აბაშიძის დამსახურება იყო. რაც შეეხება იმ სფეროს, რომელსაც მამა ემსახურებოდა, აქ უდიდესი საქმეები გაკეთდა იმ დროს. ასლან აბაშიძეს და გურამ შარაძეს ჰქონდათ საოცრად კარგი ურთიერთობა და ამის მოწმე თავად ვარ. მამაჩემს, სხვებივით წილები კი არ მოსდიოდა მისგან, არამედ ასლან აბაშიძემ გურამ შარაძეს შეუქმნა სამეცნიერო მოღვაწეობის ყველა პირობა და ისიც დაუღალავი შრომით ემსახურებოდა ქვეყანას, რათა საქართველოში მეცნიერება და ისტორია არ ჩამკვდარიყო, ხალხს განათლება მიეღო… ბათუმსა და თბილისს შორის ყინული ლღვებოდა სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობებით და ეს ეტყობოდა ომით დანგრეული ქვეყნის ცხოვრებას. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მაშინ ასლან აბაშიძე ბევრ რამეში ითვალიწინებდა გურამ შარაძის აზრს.

როდესაც თბილისში კულტურა მოკვდა, კარგად მახსოვს, თეატრს, ოპერას, გამოფენებს, კონცერტებსა და თუნდაც, ლხინს მონატრებული და აღფრთოვანებული ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები, რა სიტყვებს უძღვნიდნენ ასლან აბაშიძეს…

მთელი ამ ხნის განმავლობაში, აბაშიძის გარემოცვა ჯერ ფარულად, მერე უკვე ღიად ებრძოდა გურამ შარაძეს. იყო ენის მიტან-მოტანები და ათასი სიბინძურე, რათა მათი ურთიერთობა გაეფუჭებინათ. თუმცა 1997 წლამდე ვერაფერს მიაღწიეს, სანამ ზურაბ ჟვანიას აბაშიძის მიმართ ტერაქტის ორგანიზებაში არ დასდეს ბრალი…

1997 წლის ზაფხულში ზურაბ ჟვანია ოჯახთან ერთად ისვენებდა ურეკში. თამაზ ხარაზმა განაცხადა, რომ ჟვანია ურეკიდან აპირებდა ასლან აბაშიძეზე ტერაქტის მოწყობას და მას შესთავაზა მონაწილეობის მიღება. ასლან აბაშიძესაც, ალბათ, ასე სჯეროდა. მამას გულწრფელად სწამდა, რომ ეს სიმართლე არ იყო, ის ამბობდა, რომ ხარაზი ამას აბაშიძისთვის ერთგულების დასამტკიცებლად აკეთებდა და მის უკან სხვები იდგნენ. მას არ მიაჩნდა ზურაბ ჟვანია იმ დონის პოლიტიკოსად, რომელიც ხარაზს გულს გადაუშლიდა და ასეთ საქმეს მიანდობდა. გურამ შარაძემ თავისი მოსაზრება უთხრა ასლან აბაშიძეს. იქ ჩაიდო ეჭვის მარცვალი, იმ დღიდან დაიწყო ეჭვიანობა ასლან აბაშიძემ და გარემოცვამაც უკვე თავისი როლი კარგად შეასრულა. ეს საუკეთესო საბაბი გახდა მათთვის. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჯემალ და სოსო გოგიტიძეებს და გიორგი თარგამაძეს… დარწმუნებული ვარ, ასლან აბაშიძე ახლა ყველაფერს ხვდება და ძალიანაც ნანობს, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე ძალიან გვიანია!..

შემდეგ, ეს ყბადაღებული ტერაქტის თემა გახდა ზურაბ ჟვანიასა და ასლან აბაშიძის დიდი დაპირისპირების მიზეზი, ამის გამო ფრაქცია ,,აღორძინებამ’’, ჯემალ გოგიტიძის მეთაურობით, მიატოვა პარლამენტის სხდომები. მამაჩემისთვის ეს გადაწყვეტილებაც მიუღებელი აღმოჩნდა.

გურამ შარაძეს, როგორც მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარეს, უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა არ მიეღო სხდომებში, სადაც ქვეყნის მნიშვნელოვანი საქმეები წყდებოდა. ის პარლამენტში წარმოადგენდა გურამ შარაძეს და არა _ ,,აღორძინებას’’. ყალბი თავმდაბლობის გარეშე რომ ვთქვათ, 1995 წლის მოწვევის პარლამენტში ზურაბ ჟვანიამ ვისთვის შექმნა ეს კომიტეტი, გურამ შარაძისთვის თუ ,,აღორძინებისთვის’’?!

სხვას რომ თავი დავანებოთ, მისთვის შეურაცხმყოფელი იყო ჯემალ გოგიტიძის დაძახილზე დასწრებოდა, ან არ დასწრებოდა სხდომებს, ასლან აბაშიძის საამებლად ისეთივე გულისამრევი დემაგოგიისთვის მიემართა, როგორითაც ხალხს თავს აბეზრებდა არაერთი. თუნდაც ამ პარლამენტის მანდატით იყო, რომ დააგვირგვინა ათეულ წლების მანძილზე გაწეული შრომა და საქართველოში დააბრუნა ისტორიული საგანძური _ 1918-1921 წლების მთავრობის არქივი. ეს საქართველოს პარლამენტის, როგორც ჟორდანიას მთავრობის სამართალმემკვიდრის და პირადად, ზურაბ ჟვანიას მხარდაჭერის გარეშე ძალიან რთული იქნებოდა. გურამ შარაძეს არასდროს ჰქონია პოლიტიკურ ინტრიგებში დასახარჯი დრო. თავდაუზოგავი მეცნიერული შრომის გარეშე წარმოუდგენელი იყო მისი ცხოვრება. სხვანაირად, სამოცდაათ წიგნს ვერ დაწერდა და არქივებს, რომლებიც ტონებს იწონის, საქართველოში ვერ დააბრუნებდა. ასლან აბაშიძესთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, გურამ შარაძემ თავის თავს ვერ უღალატა.

საგულისხმოა, რომ ასლან აბაშიძე მასზე ოფიციალურად ხშირად არაფერს ამბობდა და თუ რამეს იტყოდა, მხოლოდ, კარგს. როცა მამაჩემსა და ,,აღორძინებას’’ შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, ის გამოსვლებში აცხადებდა _ ,,გურამ შარაძეს თავისი დიდი ღვაწლი არ უნდა დავუკარგოთო’’.

არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ 1998 წლის მარტში, ბათუმში გამართულ ფრაქცია ,,აღორძინების’’ სხდომაზე, მას შემდეგ, რაც გურამ შარაძემ ასლან აბაშიძეს უთხრა: ,,თქვენმა ბაბუამ, მემედ აბაშიძემ აჭარა საქართველოს დაუბრუნა და თქვენ ართმევთო?!’’ (ზუსტად მაშინ, ბათუმში აჭარის ავტონომიური ოლქისა და მისი ხელისუფლებისთვის მეტი უფლებების მინიჭების საკითხები წამოიჭრა), ასლან აბაშიძე მოუბრუნდა თურმე, მამას და უთხრა: ,,არ გეშინია?! ვაჟიშვილის მკვლელობა 1000 დოლარი ღირს და ქალიშვილის გაუპატიურება _ 100 დოლარიო’’… ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო. ამის შემდეგ ახლო მომავალში მოხდა ლაშას მკვლელობა.

_ ეს სერიოზული ბრალდებაა…

_ თვითმხილველები არსებობენ და ალბათ, ოდესმე დაადასტურებენ.

ლაშას მკვლელობის შემკვეთი ასლან აბაშიძე, ხოლო ორგანიზატორი სოსო გოგიტიძე იყვნენო, _ ამ ხმებს აბაშიძეზე განაწყენებული და შემდგომში მოქალაქეთა კავშირთან ურთიერთობაში შემჩნეული მისი ყოფილი მოკავშირეები ავრცელებდნენ. ყოველი მხრიდან მიდიოდა პროპაგანდა, რათა გურამ შარაძეს ეს დაეჯერებინა. ლევან ქიძინიძეც, რომელიც ერთ დროს აბაშიძის მარჯვენა ხელი იყო და მერე მისგან მოძულებული, გერმანიაში გაიქცა, პირდაპირ აცხადებდა პრესით, რომ ლაშას მკვლელობა ასლან აბაშიძის შეკვეთილი იყო. სხვა უამრავი ადამიანიც უჩიჩინებდა ამას მამაჩემს, მას აბაშიძის სიტყვებიც ახსოვდა, რაც პირდაპირ მუქარად შეიძლება აღიქვას ადამიანმა. ასე რომ, რაღაც პერიოდი, შესაძლოა, გურამ შარაძე დარწმუნებული იყო, რომ ლაშას მკვლელობა ასლან აბაშიძემ შეუკვეთა, მაგრამ მერე ვატყობდი, ამის აღარ სჯეროდა. სხვათა შორის, იმ დღესვე, სასამძიმარზე, თითქმის, პირველები მოვიდნენ ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი, მთელი გუნდით… აქვე ვიტყვი, რომ გურამ შარაძე და ზურაბ ჟვანია აფასებდნენ ერთმანეთს. ჟვანიას არაერთხელ უთქვამს, _ ბატონო გურამ, თქვენს წიგნებზე ვარ გაზრდილიო. თუმცა, მათი ურთიერთობა ნელ-ნელა გაცივდა, რადგან გამწვავდა ე.წ. ,,თურქი-მესხების’’, ეროვნების გრაფის, ქართული ენის შესახებ კანონის, რელიგიის კანონის და სხვა საკითხები. ,,ვარდების რევოლუციის’’ წინ, უკვე ძალიან დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თუმცა, რევოლუციიდან ძალიან მალე, ზურაბ ჟვანიამ მამას შემოუთვალა, თუ თანამშრომლობაზე დათანხმდებოდა, უზრუნველყოფილი ცხოვრება ექნებოდა. მაგრამ გურამ შარაძე ამაზე არ წავიდა, პირიქით, სასტიკად დაუპირისპირდა რევოლუციურ სამეულს.

_ შემდეგ ვისზე ჰქონდა ეჭვი გურამ შარაძეს?

_ ერთხელ ვკითხე მამას, იქნებ, ლაშას მკვლელობა თბილისში, მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთ ფრთაში დაიგეგმა და არა ასლან აბაშიძის მიერ-მეთქი, ჩემი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა… ჩემი აზრით და ვფიქრობ, ბოლოს მამაც დარწმუნდა ამაში, ლაშას მკვლელობა თბილისში, ცენტრში დაიგეგმა და არა აჭარაში, როგორც ამის წარმოჩენა მავანს სურდა. თუმცა, დედაჩემს დღემდე ასე სჯერა…

1998 წლის ივნისში, როდესაც ლაშა მოკლეს, მოქალაქეთა კავშირი ისეთი ერთიანი იყო, როგორც არასდროს და ამ მოქალაქეთა კავშირს ექვემდებარებოდა ძალოვანი უწყებები. იგივე კახა თარგამაძე, სოსო ალავიძე და სხვები… ლაშას ცხედარი რომ ვიპოვეთ მომენტალურად გაჩნდნენ იქ შს მინისტრი კახა თარგამაძე, თბილისის პოლიციის შეფი სოსო ალავიძე, ქალაქის პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე, გენერალური პროკურორი, ჯანდაცვის მინისტრი, მათი მოადგილეები და სხვები… სახლში ოჯახის არცერთი წევრი არ შეგვიშვეს და ცხედარი ეზოდან გააპარეს პროზექტურაში.

_ როგორი მდგომარეობა ჰქონდა ცხედარს?

_ გეტყვით. ლაშას ტანზე გახდილი ჰქონდა, საბანი ფეხებზე ჰქონდა შემოხვეული, ცალი ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული, მეორე იდაყვზე ედო. ერთი ტყვია ჰქონდა თავში დახლილი და იარაღი საწოლზე იყო გადაგდებული. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუ ადამიანი თავითმკვლელობას აპირებს, ის ტანზე არ გაიხდის, ლოგინში არ ჩაწვება და თავს არ მოიკლავს. თამარ დეკანოსიძემ და მაია ნიკოლეიშვილმა მაშინვე დაადასტურეს, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის თვითმკვლელობაო. ლაშას მძინარეს ესროლეს. აღსანიშნავია რომ ტყვიის გულა ,,დაიკარგა’’, თქვეს _ პროზექტურაში დაიკარგა სადღაცო…

_ ვინ აღმოაჩინა ცხედარი?

_ ლაშას მეუღლე ფეხმძიმედ იყო და მშობლებთან იყო ბავშვებით სტუმრად წასული. მოგეხსენებათ, ლაშა ექიმი იყო და პერიოდულად მორიგეობა უწევდა. იმ დღესაც, როდესაც ჩემი ძმა მოკლეს, მას წინა ღამე საავადმყოფოში ჰქონდა გატარებული. საღამოხანს მამა მივიდა ლაშასთან, ზარიც დარეკა კარებზე, აკაკუნა, მაგრამ არავინ უპასუხა, მერე შეხედა, რომ მანქანა არ იდგა და წამოვიდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ დროის რაღაც მონაკვეთში ლაშა სახლიდან გაიყვანეს და სავარაუდოდ, ვიღაც ძალიან ახლობელმა გაიყვანა სახლიდან, რადგან მორიგეობის დროს ძალიან იღლებოდა და როგორც წესი, სახლიდან არ გადიოდა-ხოლმე. დაახლოებით, საღამოს 12 საათზე იქვე, მაღაზიაში შესულა და ლუდი უყიდია, თუმცა, შემდეგ გამყიდველმა ქალბატონმა ეს გადათქვა. ვიღაც ბიჭთან ერთად იყოო. მისი აღწერილობა დაემთხვა ლაშას ერთი მეგობრის აღწერილობას. უფრო მეტიც, მეორე დღეს ხმაური რომ არ ატყდა, მკვლელი დაბრუნდა, მეზობელმა ნახა, ვიღაც კარის გაღებას ცდილობდაო და მანაც იგივე გარეგობის ადამიანი აგვიღწერა, როგორიც გამყიდველმა ქალბატონმა… სახლის გასაღებიც დაკარგულია. ორი თვით ადრე კი, ვიდრე მკვლელობა მოხდებოდა, ლაშას ოთახში ვიღაც შეიპარა, სამწუხაროდ, მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციეთ.

_ ალბათ, ეს უბრალო დამთხვევა არ უნდა ყოფილიყო?

_ ლაშა პირველ სართულზე ცხოვრობდა და აივნის კარებს არასდროს არ კეტავდა. აივნიან ოთახში ეძინა და თურმე, თავზე თბილ ქურთუკში ჩაცმული მამაკაცი დაადგა. პირველი რაც უფიქრია, იარაღს მალავსო _ და რომ წამომხტარა ლოგინიდან, ის ადამიანი მაშინათვე გადახტა თურმე აივნიდან, მაგრამ ფეხი იტკინა. დავინახე, რომ კოჭლობით ჩაჯდა მანქანაში, რომელიც ელოდებოდაო, _ სიცილით გვიყვებოდა ლაშა ამ ისტორიას. ეს 23 აპრილს მოხდა, 15 ივნისს კი ჩემი ძმა დახვრიტეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმ კაცს კიბე დარჩა აივანზე მიდგმული. რომელი ქურდი დადის კიბით ხელში, იქნებ სადმე ვინმე გავქურდოო?! სამწუხაროდ, მაშინ ის მაინც ქურდად ჩავთვალეთ. იმის მერე ლაშა ჟალუზს ყოველთვის კეტავდა, თუმცა, როდესაც მოკლული ვიპოვეთ, ჟალუზი ღია იყო და გასაღებიც დაკარგულია. ალბათ, კვალის არევის მიზნით. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ძალოვანები ოჯახის წევრებს სახლში არ გვიშვებდნენ, დაახლოებით, ისეთივე სცენა იყო, გიორგი სანაიას ცხედარი რომ აღმოაჩინეს, ჯარი იცავდა სახლს, კვალი არ აირიოსო. თუ კვალის არევა არ უნდოდათ, რა უნდოდა სახლში დაახლოებით 200 პოლიციელს?! იცით, მამაჩემს რა უთხრა სიტყვა-სიტყვით კახა თარგამაძემ?! თქვენი შვილი ნასვამი იყო და ნარწყევშია დამხრჩვალიო… ზუსტად ერთ საათში თბილისის პოლიციის შეფმა სოსო ალავიძემ და თბილისის გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ პრესკონფერენცია მოიწვიეს და ლაშას მკვლელობა თვითმკვლელობად შერაცხეს. სხვა ყველა ვერსია გამორიცხეს. თუ ასლან აბაშიძის შეკვეთილი იყო ეს მკვლელობა, ვსვამ შეკითხვას _ კახა თარგამაძე, ნუგზარ გაბრიჩიძე და სოსო ალავიძე ასლან აბაშიძეს ემორჩილებოდნენ?! ეს აბსურდია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი აზრით, ლაშას მკვლელობა თბილისში, ცენტრალურ ხელისუფლებაში დაიგეგმა. იქნებ, ოდესმე კახა თარგამაძემ, ნუგზარ გაბრიჩიძემ, სოსო ალავიძემ და სხვებმა, თქვან სიმართლე. მათ უნდა იცოდნენ, ვინ მოკლა ლაშა შარაძე. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ჯერ-ჯერობით, მყარ არგუმენტს, რაც საპირისპიროში დამარწმუნებს, ვერ ვხედავ.

_ მოდით, პირდაპირ გვითხარით, ვისზე გაქვთ ეჭვი?

_ ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ გეტყვით, ვინ და რა მოიგო ლაშას მკვლელობით. პირველ რიგში, მოხდა ასლან აბაშიძისგან მამას ჩამოცილება სამუდამოდ, მაშინ, როდესაც გურამ შარაძე იყო აბაშიძისთვის უდიდესი ძალა და ავტორიტეტი. ასლან აბაშიძეს მკვლელის იარლიყი მიაწებეს და მოხდა მისი სახელის დისკრედიტაცია. რაც მთავარია, ჩაფიქრებული იყო, რომ ამით გურამ შარაძეს მორალურად გაანადგურებდნენ და ის ავტომატურად ჩამოსცილდებოდა პოლიტიკურ პროცესებს… აქვე უნდა გითხრათ, რომ გურამ შარაძემ 12 წლის წინ ამოიცნო, ვინ იყო მიხელ სააკაშვილი და რა დამნაშავე გუნდიც მოდიოდა ხელისუფლებაში. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მაინც კარგად უნდა ახსოვდეს, რომ მამას დაპირისპირება ამ გუნდთან “ვარდების რევოლუციის” შემდეგ არ დაწყებულა.

_ ლაშას მკვლელობამდე თუ იყო მუქარა?

_ იყო ანონიმური მუქარის ზარები! არ დაგიმალავთ და მუქარა მოდიოდა როგორც ასლან აბაშიძის გარემოცვიდან, ისე ცენტრალური ხელისუფლებიდანაც. ზეწოლა გაგრძელდა გიორგის შემთხვევაშიც. პანაშვიდზე ქეთი დუმბაძემ (ნოდარ დუმბაძის შვილი) მითხრა: ჯერ კიდევ 2000 წელს გიორგის უთქვამს მისთვის: რა ვქნა, ქეთი, მამახედრებენ მამაჩემის წინააღმდეგო… სამწუხაროდ, ჩემთან ასეთი რამ გიორგის მინიშნებითაც კი არასდროს უთქვამს. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე.

_ თუ, ასე ვთქვათ, გიორგის დამუშავება ხდებოდა, ეს მამა-შვილის ურთიერთობაზე აისახებოდა?

_ არასდროს! გიორგი ხუმრობდა კიდეც, ლაშა დედასია, მე _ გურისი და რუსო _ ორივესიო. სხვათაშორის, ასევე პანაშვიდზე ზაზა სიამაშვილმა და ბიძინა ბარათაშვილმა მითხრეს: გურამი და გიორგი ტყუპებივით იყვნენ, ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენო… არანორმალურად თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ მამა-შვილს. ალბათ, ბედნიერიც უნდა ვიყო, გიორგის ტანჯვას რომ არ ვუყურებ და ის მამასთან არის… (ტირის)

_ რუსო, მოდით, პირდაპირ გკითხავ, გიორგი ნარკოტიკზე დამოკიდებული მართლა იყო?

_ მე არ ვიცი რა იყო 2006 წლამდე, მაგრამ პირდაპირ და მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით: 2006 წელს, მაშინ, როდესაც დედას მანქანა დაეჯახა და მთელი ხუთი თვე საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იწვა და ჩვენ 24 საათი მასთან ვიყავით (სხვათა შორის, მაშინ საავადმყოფოდან აიყვანეს გურამ შარაძე და მეორედ დაპატიმრეს), გიორგისთან პირდაპირ დაიწყეს მოსვლა, ასე ვთქვათ, ვანო მერაბიშვილის თუ სააკაშვილის, დაქირავებულმა პირებმა, ზოგი ძველი ნაცნობ-მეგობარი იყო, ზოგიც ახალი. 2006 წლის მარტიდან, ის ნელ-ნელა დასვეს პრეპარატზე, რომელიც პირდაპირ აგრესიაზე და ნგრევაზეა მიმართული, მოქმედებს ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ძალიან მალე იწვევს შინაგანი ორგანოების დაშლას და სიკვდილს…

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მერაბიშვილის გარემოცვამ მოწამლა.

ეს ყველაფერი გამიზნულად კეთდებოდა და გათვლილი იყო უბედურებაზე. რა მნიშვნელობა აქვს რა ფორმით მოხდებოდა ის. აქვე გავიხსენებ, რომ ერთი-ორჯერ, გიორგისთან სახლში, იარაღი ვითომ ,,დარჩათ’’ და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი პოლიეთილენის პარკით. ვის დააქვს იარაღი პარკით?!. იარაღი როცა სახლშია, იქ რა დატრიალდება ღმერთმა იცის. საბედნიეროდ, გიორგის იარაღი არ უყვარდა, აფხაზეთის ომის დროს, ტყვიების წვიმაში, სოხუმში გიორგი შარაძე კამერით ხელში ახსოვს ყველას. საშინლად არ უყვარდა და ამიტომაც სასწრაფოდ გაატანა უკან, ვისაც ,,დარჩა’’.

უბედურება რომ ,,იგვიანებდა’’, ამიტომ 2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძე პირდაპირ დახვრიტეს და ისე მოიშორეს. ხოლო, გიორგი შარაძე მორალურად მაშინ გაანადგურეს, როდესაც მამამისის ,,მკვლელად’’ გიორგი ბარათელის კანდიდატურა შეარჩიეს და ამით ირიბად, მაგრამ მაინც გარიეს მისი სახელი…

მართალია, მან ყველაფერი, მათ შორის, გართულებული ფსიქოლოგიური მდგომარეობაც მალევე დასძლია, მაგრამ შემდეგ დეპრესია დაეწყო. მე ვერ გეტყვით, რა უფრო საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის _ სულიერი თუ ფიზიკური ტკივილი. გიორგი შარაძემ მამის მკვლელობის შემდეგ ორი წელი სრულ მარტოობაში გაატარა, ისე, რომ ლოგინში არ დაწოლილა, ტახტზე იწვა, ტანთ გაუხდელი. გარდაცვალების წინდღით, მამა კახამ აზიარა… გიორგი ისეთივე მსხვერპლია ტერორისტული აქტის, როგორც ლაშა და მამაჩემი, თუმცა ჯობდა, გიორგიც ტყვიით მოეკლათ.

მაია მარგველანი
,,საქართველო და მსოფლიო’’, 5 ნოემბერი, 2009

პრესა.გე შაშკინის უწყებას სასამართლოში უჩივის

რადგან დიმიტრი შაშკინის უწყება გურამ შარაძის, ამირან (ბუტა) რობაქიძისა და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების მდგომარეობასა და მათ ადგილსამყოფელს ისევ საგულდაგულოდ მალავს –  განცხადებაზე გვპასუხობს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის, ხოლო ჩვენს ადმინისტრაციულ საჩივარს განუხილველს ტოვებს, პრესა.გე იძულებულია სასამართლოს მიმართოს. ვეცდებით ამ გზით მოვიპოვოთ ინფორმაცია, რომელიც არც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, არც პროფესიულს და არც კომერციულს; ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია საჯაროა და ამასთან, საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს, რის მოწოდებაზეც, შაშკინის უწყება, უარს კანონის დარღვევით გვეუბნება.

შეგახსენებთ, რომ ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი სახელმწიფო, პროფესიულ, ან კომერციულ საიდუმლოებას არ შეიცავენ.

ჩვენს უფლებებს სასამართლოში საია-ს წარმოამდგენლები, თამარ გურჩიანი და თათული თოდუა დაიცავენ, ამავე ორგანიზაციაში შექმნილი მედიის სამართლებრივი დახმარების ცენტრის ფარგლებში.

18 ნოემბერს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან წამოვიღეთ პასუხი ჩვენს ადმინისტრაციულ საჩივარზე, რომელშიც ვითხოვდი: ამირან (ბუტა) რობაქიძის, გიორგი გამცემლიძისა და გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების: გრიგოლ ბაშალეიშვილის, ვახტანგ აბუაშვილის და გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას; იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რომელიც 15 ოქტომბრითაა დათარიღებული და მასში წერია, რომ ინფორმაცია ბარათელის, აბუაშვილისა და ბაშალეიშვილის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ საჯარო არ არის. ამასთან, ადმინისტრაციულ საჩივარში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს ვთხოვდით, ბატონი ანჩაბაძისთვის დაეკისრებინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა, მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების გამო (საქმე იმაშია, რომ 15 ოქტომბრით დათარიღებულ წერილს ხელს  აწერს მ. ანჩაბაძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამსახურის უფროსი).

”თქვენი 2009 წლის 29 ოქტომბრის საჩივართან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული კოდექსით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ისეთ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ”სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან”. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენი საჩივარი ვერ იქნება განხილული. პატივისცემით, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ბ. მეტრეველი”, –  ესაა იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსი, რომელიც  10 ნოემბრითაა დათარიღებული.

ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის 182-ე მუხლში (”ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე, ან განხილვაზე უარის თქმა”) მითითებულია, რომ უარის თქმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, ან განჩინება, იმავე დავის საგანზე; თუ სასამართლო წამოებაშია საქმე დავაზე, იმავე მხარეებს შორის; თუ არსებობს ამ ორგანოს, ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, ამავე საკითხზე; თუ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, იმავე ადმინისტრაციულ საჩივარზე; თუ საჩივარი ქმედუუნარო პირმა შეიტანა და თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

ჩამოთვლილ პუნქტთაგან პრესა.გე-ს არც ერთი არ დაურღვევია, მაგრამ შაშკინის უწყებამ  ჩვენი ადმინისტრაციული საჩივარი მაინც არ განიხილა.

ამასთან, 182-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულია, რომ ”ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე, ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა”. პრესა.გე-სთვის არც ეს შესაძლებლობა მოუციათ.

”ამიტომ, ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად, რომ დატოვეს, ეს არის უკანონო”, – ამბობს საია-ს წარმომადგენელი თამარ გურჩიანი და იქვე დასძენს, რომ ადმინისტრაციული ორგანოებიდან ამგვარი პასუხები ხშირია:

”სამწუხაროდ, ასეთი კანონდარღვევის ძალიან ბევრი პრეცენდენტი არსებობს. სასამართლოში ხშირად გვიწევს იმაზე დავა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს წარმოებაში ვერ იღებენ და სათანადო წესით ვერ იხილავენ”.

ადმინისტრაციული სარჩელის შეტანამდე, პრესა.გემ, 26 ოქტომბერს გამოაქვეყნა მასალა, შაშკინის უწყებიდან მოსულ პასუხზე, სათაურით: ”სოსო რობაქიძე: ბუტას დონაძემ ესროლა”, რომელშიც შავით თეთრზე ეწერა, რომ ჩვენ ადმინისტრაცოული საჩივრის შეტანას ვაპირებდით და რომ საჩივრის მომზადებაში, საია გვეხმარებოდა. ამ მასალის გამოქვეყნებიდანმესამე დღეს,

28 ოქტომბერს, შასკინის უწყებამ,  სააგენტო ”ინტერპრესნიუსით” ინფორმაცია გაავრცელა, რომ აბუაშვილი, ბაშალეიშვილი და ბარათელი სასჯელს იხდიან, მაგრამ რომელ საპყრობილეში, ამას არ ვიტყვით, რადგან ეს საჯარო ინფორმაცია არ არისო.

”დაუყოვნებლივ რეაგირება რომ ჰქონდათ, ეს ცუდი არ არის; ეს მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების ფორმა არის და არა პროცედურის დაცვა. პროცედურა მათ ავალებდათ ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებას და განხილვას. არის ფორმალური კრიტერიუმები (182-ე მუხლი), რომლის დაუცველობის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს საჩივრის განუხილველად დატოვების უფლება აქვს, თორემ, სხვა შემთხვევაში, იმ პასუხისთვის, რასაც ის სცემს თქვენს ადმინისტრაციულ საჩივარს, განხილვის ერთთვიანი ვადა ჰქონდათ. შეიძლება იგივე გადაწყვეტილება მიეღოთ, მაგრამ ადმინისტრაციული საჩივრის არსი ისაა, რომ განიხილოს, მოისმინოს მომჩივნის არგუმენტაცია და ამის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს”, – ამბობს თამარ გურჩიანი და ჩვენს კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა შაშკინის უწყებამ განაცხადოს, ”რაღა გინდათ, ჩვენ ხომ სააგენტოს მეშვეობით გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულები სასჯელს იხდიანო?!” პასუხობს:

”ეს იცით რას ჰგავს?!  სასამართლოს რომ მიმართოთ და შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარე გამოვიდეს და ზეპირად უპასუხოს თქვენს სარჩელს. ეს საქციელი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება”.

პრესა.გე საია-ს დახმარებით მომზადებულ სარჩელს სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანს. სარჩელის შეტანის ვადა 18 დეკემბრამდე გვაქვს.

ნინო მიქიაშვილი
პრესა.გე, 19.11.2009

4 Responses to 2009 წელი

  1. Yuko Gadlin ამბობს:

    Very Nice website. I just finished mine and i was looking for some ideas and you gave me a few. May i ask you whether you developed the website by youself?

    Cheers

  2. Commercial Diving ამბობს:

    Hello, did you realise your site was linked to from the Stumbleupon homepage?

  3. mocne ამბობს:

    I agree 100%

  4. Hufford ამბობს:

    Very Interesting Blog! Thank You For This Blog!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s