2008 წელი

 

  • ,,იყო 101-ე წელსა!’’, ,,ასავალ-დასავალი”, 31 დეკემბერი, 2007 _ 13 იანვარი, 2008
  • ,,თბილისის სააპელაციო სასამართლო აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმის განხილვას შეუდგა’’, “ახალი ამბები _ საქართველო”, 4 თებერვალი, 2008
  • ,,უნივერსიტეტის თანამშრომლები გურამ შარაძის მკვლელობის ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ’’, “სარკე”, 6-12 თებერვალი, 2008
  • ,,ტელეკომპანია “კავკასიის” წინ გურამ შარაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა
  • საპროტესტო აქცია გამართეს’’, “ინტერპრესნიუსი”, 8 თებერვალი, 2008
  • ,,რას ითხოვს გურამ შარაძის ქალიშვილი ,,კავკასიისგან” და რატომ არ ერჩის სხვა ტელევიზიებს? პროვოკაცია თუ?..’’, ,,ალია”, 9-11 თებერვალი, 2008
  • ,,რუსუდან შარაძეს „კავკასიამ“ პირდაპირი ეთერი ჟურნალისტის გარეშე დაუთმო’’,  humanrights.ge, 14 თებერვალი, 2008
  • ,,მამას შემოუთვალეს, თუ ხელისუფლების სამსახურში ჩადგებოდა, ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშნავდნენ”, ,,ყველა სიახლე’’, 21-27 თებერვალი, 2008
  • ,,არიან თუ არა მკვლელები სააკაშვილი, ბოკერია, რამიშვილი, თარგამაძე?’’, ,,კრიმინალი’’, 27 თებერვალი, 2008
  • ,,გურამ შარაძის მკვლელს 26 წელი მიუსაჯეს’’, ,,ჯორჯიან თაიმსი”, 28 თებერვალი, 2008
  • ,,რაზე საუბრობს გურამ შარაძის მკვლელობის ათობით მოწმე და რას ამტკიცებს „დამონტაჟებული“ ფირი?’’, humanrights.ge,  6 მარტი, 2008
  • “გადახედეთ ქართული პოლიტიკის უახლოეს ისტორიას, ვინ დატოვეს ცოცხალი?!”, “ყველა სიახლე”, 6-12 მარტი, 2008
  • ,,მოკლული აკადემიკოსის შარაძის ადვოკატები სათვალთავლო კამერის ვიდეოჩანაწერს მოითხოვენ’’, “ახალი ამბები _ საქართველო”, 12 მარტი, 2008
  • ,,შარაძის მკვლელობის გახსნილი, მაგრამ კვლავ გაუხსნელი საქმე’’, “ჯორჯიან თაიმსი”, 13-19 მარტი, 2008
  • ,,ვინ მოკლა გურამ შარაძე?!’’, “ქრონიკა”, 17-23 მარტი, 2008
  • ,,გურამ შარაძე გაიხსენეს’’, “საქართველოს რესპუბლიკა”, მარტი, 2008
  • ,,როგორ შევნიშნე ჟენევაში ვასილ მაღლაფერიძე და სოზარ სუბარი, რომელმაც უმალ ზურგი მაქცია!’’, “ასავალ-დასავალი”, 21-27 აპრილი, 2008
  • ,,დღეს გურამ შარაძეს დუმილით ესვრიან ტყვიას!’’, ,,ყველა სიახლე’’, 15-21 მაისი, 2008
  • ,,რუსუდან შარაძე: მამაჩემი პოლიტიკური მოტივით არის დახვრეტილი’’, ,,მთელი კვირა”, 19 მაისი, 2008
  • ,,ხვალ გურამ შარაძეს მოკლავენ!’’, ,,ასავალ-დასავალი’’, 19-25 მაისი, 2008
  • ,,თბილისში აკადემიკოს გურამ შარაძის მემორიალური დაფა გაიხსნა’’, “ახალი ამბები _ საქართველო”, 19 მაისი, 2008
  • ,,ჭავჭავაძის №15-ში გურამ შარაძის მემორიალური დაფა გაიხსნა’’, ,,პირველი’’, 19 მაისი, 2008
  • ,,გურამ შარაძის მკვლელობიდან ხვალ ერთი წელი სრულდება’’, “ჯი-ეიჩ-ენი”, 19 მაისი, 2008
  • ,,გურამ შარაძის მკვლელობიდან დღეს ერთი წელი შესრულდა’’, “ინტერპრესნიუსი”, 20 მაისი, 2008
  • ,,მამას მკვლელობის დამკვეთები საკმაოდ ახალგაზრდები არიან და საბრალდებო სკამზე აუცილებლად დასხდებიან”, ,,ჯორჯიან თაიმსი”, 22-29 მაისი, 2008 
  • ,,ასავალ-დასავალის’’ რედაქციას!, ,,ასავალ-დასავალი’’, 30 ივნისი – 6 ივლისი, 2008
  • ..შარაძეების ოჯახის ადვოკატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქმისადმი “ცინიკურ და აგდებულ” დამოკიდებულებაში ადანაშაულებს’’, “პირველი”, 23 ივლისი, 2008
  • ,,დღეს გურამ შარაძეს 68 წელი შეუსრულდებოდა’’, ,,რეზონანსი’’, 17 ოტქომბერი, 2008
  • ,,მამაჩემი, აკადემიკოსი გურამ შარაძე სააკაშვილის ხელისუფლებამ დახვრიტა!’’, ,,საქართველო და მსოფლიო’’, ოქტომბერი, 2008

 

*** 

იყო 101-ე წელსა!

 2007 წელს ორი დიდი თარიღი ჰქონდა საქართველოს _ ერთი საზეიმო და მეორე _ სატრაგედიო. 2007 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 170-ე და ზეკაცის წიწამურთან დახვრეტიდან მე-100 წლისთავი იდგა საქართველოში. წესით, ეს წელი წმინდა ილია მართლის წლად უნდა გამოეცხადებინა ამ ქვეყნის ხელისუფლებასა და პრეზიდენტს, რომელმაც კაბინეტში ერის მამის უზარმაზარი პორტრეტი ჩამოჰკიდა, ტელევიზორში გამოსაჩენად.

ერთი წლის წინათ, ზუსტად ამ დროს, სულგანათლებულ გურამ შარაძეს მის მიერ დაარსებულ ემიგრაციის მუზეუმში ვესტუმრე ინტერვიუს ჩასაწერად და მაშინ ბატონმა გურამმა და ,,ასავალ-დასავალმა” 2007 წელი ილია ჭავჭავაძის წლად გამოაცხადეს. ,,არ ვიცი, რა მოგვივიდა _ ილია ჭავჭავაძემ ამ ქვეყანას შეაკლა თავი. სწორედ, წიწამურში გასროლილმა ტყვიამ და იქ დაღვრილმა წმინდა სისხლმა აღირსა საქართველოს დამოუკიდებლობა. ილიას სისხლით დღევანდელობამდე მოტანილ საქართველოში კი არ სურთ, რომ მისი ორი მრგვალი თარიღი აღნიშნონ’’ _ გულდაწყვეტით ამბობდა გურამ შარაძე ჩვენთან ინტერვიუში ზუსტად ერთი წლის წინათ და იქვე დასძენდა _ ,,გავაგებინოთ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო დღევანდელ დღემდე წიწამურთან დაღვრილმა სისხლმა მოიყვანა”.

საქართველოს ხელისუფლებას არ შეეძლო, ყური ეთხოვებინა აკადემიკოსის ამ მოწოდებისთვის, ხელისუფლებამ მხოლოდ ის შეძლო, რომ ილიას დაბადებიდან 170-ე და მკვლელობიდან მე-100 წლისთავზე ილიასავით გაეხვრიტა შუბლი ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკიდან გამოსული და მელიქიშვილის გამზირზე მიმავალი გურამ შარაძისთვის.

დიახ! ილიას საიუბილეო წელს ხელისუფლებამ მეორე წიწამური მოაწყო შუაგულ თბილისში და წმინდა ილია მართლის იდეების თავგადაკლული მიმდევარი, ქართველი ზეკაცის მკვლევარი და მონოგრაფისტი, აკადემიკოსი გურამ შარაძე ხალხის თვალწინ დახვრიტა.

ასე ჩაიარა 2007 წელმა, ილია ჭავჭავაძის ორი დიდი საიუბილეო თარიღის საკადრისად აღნიშვნისათვის არავის შეუწუხებია თავი. მეტიც, თანამედროვე ბერბიჭაშვილებმა ხელმეორედ დახვრიტეს ილია, როცა მთელი მისი ცხოვრების ოცნება და მიზანი, ქართული დედა-უნივერსიტეტი ილიასავე სახელით დაანგრიეს და ლომაიას კანტორად გადაქცეულ ცოდნის ტაძარში ილია ჭავჭავაძის სახელობის კაბინეტიც გააუქმეს.

ასე სცა პატივი საქართველოს ხელისუფლებამ ილია ჭავჭავაძის ხსოვნას.

ასე ,,იზეიმა’’ საქართველომ ერის უგვირგვინო მეფის დაბადებიდან 170 წელი.

და აი, ილიამოკლულ საქართველოში ილიას მკვლელობიდან 101-ე წელს ერის და ქვეყნის წინამძღოლი უნდა აირჩიოს ქართველმა ერმა.

ამ ქვეყანაში, სადაც ეროვნული ცნობიერება ,,ნაცმოძრაობირებულ’’ _ ,,ჯეობარირებულია’’, სადაც აღარ არსებობს ეროვნული მეცნიერება, უნივერსიტეტი, ეკონომიკა, სადაც ქართველი კაცი საკუთარ სამშობლოში გაუცხოებულ-გამათხოვრებულ-უარყოფილია, ქართველი გლეხი, ეროვნული მრეწველობა და მეურნეობა მიწასთან გასწორებულია, ქვეყანაში, რომლის ბედიც სხვაგან _ ოკეანის გაღმა თუ თერგს იქით წყდება, სადაც ჩვენი თავი ჩვენვე არ გვეყუდნის, ანუ ქვეყანაში, სადაც კვლავ ძველებული სიმწვავით დგას ყველა ის პრობლემა, რის წინააღმდეგაც 170 წლის წინათ ილია ჭავჭავაძე იბრძოდა, ილიას მკვლელობიდან ასმეერთე წელს პრეზიდენტის, ნუ ქვეყნის ალამდარისა და საჭეთმპყრობლის არჩევნებია.

ეს შესაძლოა, უკანასკნელი და გადამწყვეტი შანსი იყოს საქართველოს გადარჩენისა. შესაძლოა კი არა, ასეც არის.

ღმერთმა ორჯერ უჩვენა ხსნა საქართველოს და ორჯერ გამოუგზავნა მხსნელი. ორჯერვე ჩვენი ხელით დავკორტნეთ, მოვაშთეთ და დავასამარეთ.

ილია ჭავჭავაძის მკვლელი ხელისუფლების პირდაპირმა მემკვიდრე ხელისუფლებამ მოკლა ზვიად გამსახურდია და ზვიად გამსახურდიას მკვლელი ხელისუფლების პირდაპირი პოლიტშთამომავლები კლავენ დღეს ხელმეორედ ილიასა და ზვიადის საქართველოს.

სწორედ, ამიტომაც გვიდგას საბედისწერო ჟამი და სწორედ, ახლაა ყველაზე საჭირო, ისევ ჟამკარი არ აგვერიოს, ამდენი ხნის განმავლობაში ჟამკარარეულებს.

ახლა არჩევანი ჩვენზეა, ახლა მთავარი გმირები ჩვენ ვართ და არავინ ვაბერბიჭაშვილოთ ისევ!

მივცეთ შანსი რომელიმე მეისტორიეს, რომ თქვას: ხელმეორედ გაბრწყინება და განდიდება საქართველოსი იყო ასმეერთე წელს ილიას მოკვლიდან!

ილიასეული ზვიადი არჩევანი გაგეკეთებინოს, ჩემო მამულო! 

ჯაბა ხუბუა
,,ასავალ-დასავალი”
31 დეკემბერი, 2007 _ 13 იანვარი, 2008

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმის განხილვას შეუდგა 

4 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლო გიორგი ბარათელის საქმის განხილვას შეუდგა, რომელიც ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაშია ბრალდებული. ამის შესახებ “ახალი ამბები _ საქართველოს” თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახურში აცნობეს.

როგორც სასამართლოში განაცხადეს, იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებული პროცესს არ ესწრებოდა, აპელაციის განხილვა 11 თებერვლისთვის გადაიდო.

12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1977 წელს დაბადებულ გიორგი ბარათელს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი ბარათელი დამნაშავედ ცნეს განზრახ მკვლელობაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი), განზრახ მკვლეობის მცდელობაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლი), ექიმის ჯანმრთელობაზე მსუბუქად ზიანის განზრახ მიყენებაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი), იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარებაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი).

 ელენე ფარცვანია
“ახალი ამბები _ საქართველო”, 4 თებერვალი, 2008

   

უნივერსიტეტის თანამშრომლები გურამ შარაძის მკვლელობის ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ

8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წევრებით დაკომპლექტებული მოძრაობა “სოლიდარობა განახლებული საქართველოსთვის’’ ქართულ სასამართლოს აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის სამართლიანი გამოძიების თხოვნით მიმართავს. როგორც აკადემიკოსი თენგიზ სანაძე აცხადებს, 8 თებერვალს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ყოფილი წევრები ამ დღესთან დაკავშირებით ყველა იმ ადამიანს გაიხსენებს, ვინც “დედა უნივერსიტეტის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა”.

_ დიდი ივანე ჯავახიშვილით დაწყებული, ყველა პროფესორ-მასწავლებელი უნივერსიტეტში თავისი სისხლისა და ხორცის ნაწილს დებდა. მათი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე უდიდესია. მათგან უკანასკნელი გურამ შარაძე იყო, რომელმაც საკუთარი ძალ-ღონე და თვით სიცოცხლეც კი უნივერსიტეტისა და საქართველოს სამსხვერპლოზე მიიტანა, _ განაცხადა თენგიზ სანაძემ. 

“სარკე”, 6-12 თებერვალი, 2008

 

 

ტელეკომპანია “კავკასიის” წინ გურამ შარაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

 ტელეკომპანია “კავკასიის” წინ გურამ შარაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გამართეს საპროტესტო აქცია სახელწოდებით _ “ტყვია, სახელად დუმილი”.

როგორც გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ აქციაზე აღნიშნა, იგი მოითხოვს პასუხს ტელეკომპანიის მფლობელისა და ჟურნალისტ დავით აქუბარდიასგან, თუ რატომ უკეთებს გურამ შარაძის მკვლელობის თემას იგნორირებას.

“იგი არ პასუხობს მაყურებლების შეკითხვებს გურამ შარაძის მკვლელობის თემაზე. მაინტერესებს, ვის და რას ემსახურება დავით აქუბარდია”, _ აღნიშნა რუსუდან შარაძემ.

აქციის მონაწილეებს ტელეკომპანიის დირექტოირი ნინო ჯანგირაშვილი შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ “კავკასია” მზად არის, დღეს, 19.15 საათზე გურამ შარაძის ახლობლებს პირდაპირი ეთერი დაუთმოს.

ნინო ჯანგირაშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ დღეს საღამოს რუსუდან შარაძე ტელეკომპანია “კავკასიის” პირდაპირ ეთერში იქნება, იგი გადაცემაში ელიზბარ ჯაველიძესთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ჯანგირაშვილმა აღნიშნა, შარაძის ახლობლების სურვილის მიუხედავად, გადაცემაში მონაწილეობას არ მიიღებს თავად დავით აქუბარდია.

გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარათელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, შანიძისა და მელიქიშვილის ქუჩების კუთხეში მოკლეს. 

“ინტერპრესნიუსი”, 8 თებერვალი, 2008

 

რას ითხოვს გურამ შარაძის ქალიშვილი ,,კავკასიისგან” და რატომ არ ერჩის სხვა ტელევიზიებს? პროვოკაცია თუ?..

 მას შემდეგ, რაც სახალხო მოძრაობის მიერ მოწყობილ მრავალათასიან მიტინგზე დავით აქუბარდია ხელში ატატებული ატარეს, გუშინ ის პირველად მოექცა სკანდალის ცენტრში, როდესაც მის ტელევიზიასთან აქცია მოაწყო ერთ დროს აქუბარდიას რეგულარული რესპონდენტის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ. დღეს ის პრეტენზიას აცხადებს, რომ აქუბარდიას სხვები ჰყავს ამოჩემებული და მისი მამის, გურამ შარაძის მკვლელობას სრულ იგნორირებას უკეთებს.

,,ალიას” ესაუბრება რუსუდან შარაძე:

_ მიზეზი, რამაც ჩემი ,,კავკასიაში” მისვლა გამოიწვია, იყო ის, რომ მის ეთერში  თითქმის  ყოველდღე იგზავნება ,,ესემესი”, ან რეკავს მაყურებელი კითხვით _ რა ხდება გურამ შარაძის მკვლელობის გარშემო. აქუბარდია კი თავს იყრუებს, თითქოს არც გაუგონია და არც წაუკითხავს. მისმა ტელევიზიამ მამაჩემის მხოლოდ დასაფლავებაზე მოამზადა სიუჟეტი და სულ ეს იყო. გუშინწინაც გავიდა ,,ესემესები”, დარეკა მაყურებელმა და აქუბარდიას, როგორც ადრე, არც ახლა შეუბერტყავს ყური. დავურეკე და მითხრა, რომ ამ თემაზე არაფერი იცის, დაწერეთ გაზეთში ან მოიწვიეთ პრესკონფერენცია და გავაშუქებო (?!). ამის მერე ყურმილი დამიკიდა. მე დღეს სიცხე მქონდა ორმოცი, მაგრამ მაინც მივედი იქ.

_ კი მაგრამ, თუ ასე ცუდად იყავით, რა აუცილებელი იყო თქვენი იქ მისვლა?

_ პრესასთან უკვე შეთანხმებული ვიყავი, რომ იქ 12 საათზე მივიდოდი. თან, დავით აქუბარდიას და მის მეუღლეს _ ნინო ჯანგირაშვილს ჩემი არ მისვლით სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი.

_ თქვენს აქციას ,,კავკასიაში” სხვა ტელევიზიები იღებდნენ. მათ მიმართ პრეტენზიები არ გაქვთ? მგონი, სხვაგან ანალოგიური აქცია არ მოგიწყვიათ…

_ სხვებთანაც მაქვს პრეტენზია, მაგრამ ისინი ყველასათვის გაშიფრულია. მაგრამ, როდესაც ტელევიზიას აქვს პრეტენზია, რომ ის არის ეროვნული, პატრიოტული, ოპოზიციური და ა.შ., მან ეს უნდა გაამართლოს. არავის სჭირდება ნახევარი სიმართლე, რომელსაც ყოველდღიურად მხოლოდ აქუბარდიას რჩეული ამოჩემებული პოლიტიკოსებისგან ვისმენთ. სხვებისთვის მისი ტელევიზიის კარი დახურულია.

_ თუმცა თქვენ დაგითმეს ეთერი. კმაყოფილი ხართ?

_ რა თქმა უნდა, ვითხოვდი პირდაპირ ეთერს, მაგრამ მინდოდა, რომ კითხვები ჩემთვის დაესვათ, რაზეც ვუპასუხებდი ამომწურავად. აქუბარდია  ღია ეთერშიც კი არ დამიჯდა. მე კი წამყვანობა რომ მდომოდა და თანაც ,,კავკასიაზე”, ამას როგორღაც ათი წლის წინაც მივაღწევდი.

 

,,ალიას” ესაუბრება ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:

_ ჩვენს ეთერში უამრავი ,,ესემესი” გადის და თანაც ყველა თემაზე. ყველაფერზე ვერ მოახდენ რეაგირებას. რაც შეეხება გურამ შარაძის მკვლელობას, ჩვენთვის მის გარშემო ახალი დეტალები ცნობილი არ იყო.

_ ნინო, ამიერიდან ვისაც ეთერი მოუნდება, აქციის გამართვა საკმარისი საფუძველია ამ სურვილის შესასრულებლად? 

_ ჩვენ შანტაჟის ქვეშ არაფერს ვაკეთებთ. ამ შემთხვევაში რუსუდან შარაძეს ეთერი იმიტომ დავუთმეთ, რომ შეიძლებოდა საქმის გარშემო ახალი დეტალები ეთქვა, რომელიც შესაძლოა, ჩვენი ყურადღების არეალიდან გამოგვპარვოდა. ეს გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ მან ურთიერთობის ძალიან ცუდ ფორმას მიმართა. ეჭვიც კი გაგვიჩნდა, რომ ჩვენს პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა.

_ რაში სჭირდებოდა ეს?

_ ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ იყო ძალიან აგრესიული, იგინებოდა, ილანძღებოდა დათოს მისამართით. თქვენც ქალი ხართ და მეც, მე რომ ასეთი რამე გავუკეთო კაცს, მისგან მინიმუმ შემოლაწუნებას უნდა ველოდო. ბუნებრივია, ამ ყველაფრისთვის თავი რომ აერიდებინა, ამიტომაც არ მივიდა დათო მასთან და არც ეთერში დაუჯდა. თანაც თვლის, რომ ის ტრაგედია, რაც მოხდა, დებატებს არ ითვალისწინებს. სწორედ, ამიტომაც დავუთმეთ მთლიანად ეთერი რუსუდან შარაძეს. ამ გადაცემიდან კი მაყურებელი თავად გააკეთებდა დასკვნებს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო.  

 ,,ალია”, 9-11 თებერვალი, 2008

 

რუსუდან შარაძეს „კავკასიამ“ პირდაპირი ეთერი ჟურნალისტის გარეშე დაუთმო

 პარლამენტის ყოფილი წევრის, პროფესორ გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე ტელეკომპანია „კავკასიას“ მამის მკვლელობის საქმის იგნორირებაში ადანაშაულებდა და პირდაპირ ეთერს ითხოვდა. ქალბატონ რუსუდანს „კავკასიაში“ პირდაპირი ეთერის საშუალება კი მისცეს, თუმცა „სპექტრის“ წამყვანმა დავით აქუბარდიამ გადაცემის წაყვანაზე უარი განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, პროფესორ გურამ  შარაძის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ ტელეკომპანია “კავკასია” გურამ შარაძის მკვლელობის საკითხს იგნორირებას უწევს. სწორედ ამის გასაპროტესტებლად 8 თებერვალს მოკლულის ოჯახის წევრები და ახლობლები ტელეკომპანიის წინ შეიკრიბნენ.

გურამ შარაძის შვილს _ რუსუდანს ხელში პლაკატი ეჭირა, რომელზეც “ტყვია, სახელად დუმილი” ეწერა. ის “კავკასიის” პირდაპირი ეთერით გამოსვლას და დავით აქუბარდიასთან საუბარს ითხოვდა.

ქალბატონ რუსუდანთან სასაუბროდ ტელეკომპანიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი გამოვიდა. ჩვენთან საუბრისას ქალბატონმა ნინომ თქვა, რომ რუსუდან შარაძის ბრალდებები ფორმითაც და შინაარსობრივადაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

რუსუდან შარაძე ამბობს, რომ მან უკიდურეს ზომებს დავით აქუბარდიასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიმართა. მამის სიკვდილთან დაკავშირებით მსგავსი დამოკიდებულება არ გაუკვირდებოდა „გაშიფრული ტელეკომპანიების“ მხრიდან. მსგავსი დამოკიდებულება გამაღიზიანებელი იმ ადამიანის მხრიდან არის, რომელსაც ,,თავი პატრიოტიზმის და ობიექტურობის განსახიერებად მოაქვს’’ და პრეტენზია აქვს, თითქოს “დემოკრატიის შუქურა” არის.

„დიდი ხნის განმავლობაში ხალხი ურეკავს, წერს. მას კი თითქოს არ ესმის, ამ თემაზე რეაქცია არ აქვს. თავიდან მას ტელეფონით ვესაუბრე და ვკითხე, რატომ არ სცემდა ხალხს პირდაპირი ეთერით დასმულ კითხვებზე პასუხს. ყველაფრის მოყოლა დაწვრილებით არ მინდა. საბოლოოდ ყურმილი დამიკიდა. მან მითხრა, რომ ამ თემაზე არაფერი იცის და არ გაუგია. რჩევა მომცა, რომ გაზეთებში დამეწერა და პრესკონფერენციები მომეწყო. თუ მას ჰგონია, რომ გაზეთებში არაფერს ვწერ, გამოდის, რომ ის გაზეთებს საერთოდ არ კითხულობს. მიზეზი, თუ რატომ არის მამაჩემის მკვლელობის თემა ტაბუდადებული, მაინც არ ამიხსნა.

მას შემდეგ, რაც სატელეფონო საუბრისას პასუხი ვერ გავიგე, ტელეკომპანიაში მივედი, რომ პირადად მომესმინა, ხალხს რატომ არ პასუხობს. იმის ნაცვლად, რომ თავად გამოსულიყო, გამოუშვა ცოლი, “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და შემდეგ ეთერშიც არ გამოჩნდა’’.

რუსუდან შარაძე ამბობს, რომ ტელეკომპანია „კავკასიაში“ მისვლის ორი მიზეზი ჰქონდა: პირდაპირი ეთერი და დავით აქუბარდიასთან საუბარი. პირდაპირი ეთერის საშუალება კი მისცეს, თუმცა გადაცემა „სპექტრის“ წამყვანმა მასთან საუბარზე უარი განაცხადა. ამიტომ რუსუდან შარაძეს პირდაპირ ეთერში საუბარი წამყვანის გარეშე უწევდა.

„წამყვანის გამოცდილება არ მაქვს. მინდოდა, რომ გამოცდილ ჟურნალისტს კითხვები გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებასა და სასამართლო პროცესთან, ასევე გიორგი ბარათელის დაკავებასთან (რომელსაც 27 წელი მისჯილი ტყუილად აქვს) დაკავშირებით დაესვა. მე კი ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი გამეცა“.

  ნონა სუვარიანი
14 თებერვალი, 2008
humanrights.ge
 

 

,,მამას შემოუთვალეს, თუ ხელისუფლების სამსახურში ჩადგებოდა, ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშნავდნენ”

    2007 წლის 20 მაისს, საღამოს 8 საათზე, მელიქიშვილის გამზირზე, აკადემიკოსი გურამ შარაძე მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი პოლიციამ რამდენიმე წუთში დააკავა. სასამართლომ მას 27 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა… შარაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო და როგორც მკვლელობის შემკვეთების, ისე შემსრულებლების დასჯას ითხოვენ… ვესაუბრებით მოკლული აკადემიკოსის ქალიშვილს რუსუდან შარაძეს.  

_ პირველ რიგში, ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ მსურს გკითხოთ, რას იტყვით მომხდარზე?

_ ბადრი პატარკაციშვილი სააკაშვილის ხელისუფლების მსხვერპლია! ვფიქრობ, ის მოკლეს და მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს ტყვიით მოკლავ (ისევე, როგორც  მამაჩემი დახვრიტეს), თუ სიტყვით მიიყვან სიკვდილამდე. ფაქტია, რომ ბატონ ბადრის გული გაუხეთქეს… სიმართლე გითხრათ, პირველად შემრცხვა, რომ ქართველი ვარ და, პირველ რიგში, ებრაელების წინაშე შემრცხვა… პატარკაციშვილი დააკლდება მთელ ქვეყანას და ამას ჩვენი საზოგადოება მალე დაინახავს. ერთმანეთთან არ გავაიგივებ ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძესა და ბადრი პატარკაციშვილს, რადგან ისინი სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდნენ და სხვადასხვა მიმართულებით უშლიდნენ ხელს ხელისუფლებას თავისი ბინძური გეგმების განხორციელებაში, მაგრამ ფაქტია _ ამ ხელისუფლებამ მოიცილა ზურაბ ჟვანია, გურამ შარაძე და ბადრი პატარკაციშვილი.

_ გურამ შარაძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში განახლდა, ახალი გარემოებები თუ გამოიკვეთა? 

_ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ჩვენი ადვოკატების სარჩელის საფუძველზე განახლდა. მე აღარ ვესწრები სხდომებს. ნამდვილად არ მაქვს ჩვენი სასამართლოს ობიექტურობის იმედი, მაგრამ მაინც, საჭიროდ ჩავთვალეთ, ყველა სამართლებრივი პროცედურა გავიაროთ. იმედი მაქვს, რომ ვიდრე ამ საქმის საბოლოო ვერდიქტი დაიდება, მანამდე სიტუაცია შეიცვლება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

_ რა ცვილებებს ელით? 

_ იმედი მაქვს, ეს ხელისუფლება შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მამას მკვლელობა აუცილებლად გაიხსნება და საბრალდებო სკამზე დასხდებიან როგორც შემკვეთები, ისე – შემსრულებლები. გიორგი ბარათელი, არ ვიცი, მიზანმიმართულად თუ შეუგნებლად, ყველა პროცესზე სხვადასხვა ჩვენებას აძლევს სასამართლოს. ჯერ თქვა, რომ მიდიოდა უნივერსიტეტიდან ფილარმონიის მიმართულებით და შემთხვევით შეხვდა მამას. მერე თქვა, რომ რუსთაველზე დაინახა და უკან დაედევნა… ადვოკატებმა კიდევ ერთხელ დააყენეს ფირის ექსპერტიზის შუამდგომლობა, ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, ბარათელი არ არის მკვლელი, რადგან ამ მკვლელობას პროფესიონალი ქილერის გარდა ვერავინ შეასრულებდა. გარდა ამისა, არსებობს ათეულობით მოწმე, რომლებმაც მკვლელი დაინახეს და მისი აღწერილობა ბარათელის გარეგნობას არ ემთხვევა. გეხსომებათ, ჩვენ მოგვეცა საშუალება, გვენახა ,,ალდაგის” ვიდეოკამერით გადაღებული მასალა, რაც წამობრივად დავშალე და ხაზგასმით შემიძლია განვაცხადო, რომ გურამ შარაძის მკვლელობა ორმა ადამიანმა ჩაიდინა – ერთი მას უკან მოჰყვებოდა, მეორე კი შემთხვევის ადგილზე ელოდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადგილი საგანგებოდ არის შერჩეული.

_ თუ ეს წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა იყო, რატომ მოკლავდნენ გურამ შარაძეს ვიდეოკამერების წინ?        

_ ჩვენი საზოგადოება უკვე მიეჩვია იმას, რომ ხელისუფლება შავზე ამბობს, თეთრიაო და კითხვაც კი არ უჩნდება არავის. ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ გურამ შარაძის მკვლელობა საზოგადოებაში ბუნებრივ პროტესტს გამოიწვევდა, ამიტომ მათ ,,ფაქტის დადასტურება” სჭირდებოდათ. როდესაც ,,ალდაგის” ვიდეოკამერების მიერ გადაღებული ფირი კრიმინალური სამსახურის უფროსის მოადგილის, მალხაზ ბოხუას თანდასწრებით ვნახე, მან მითხრა: ,,აქ არაფერი ჩანს, ეს მხოლოდ ფაქტის დადასტურებააო’’. თითქოს, გურამ შარაძის სამი ტყვიით დახვრეტილი თავი, ფაქტის დადასტურება არ იყო. მამაჩემის მკვლელობა დიდი ხნით ადრე დაიგეგმა. მათ კარგად იცოდნენ, რომ კვირა დღეს იგი საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობდა, ქაშუეთის ეკლესიასთან მოპირდაპირე მხარეს გადადიოდა და იქედან ყოველთვის ფეხით ბრუნდებოდა შინ. მკვლელებმა შესანიშნავად იცოდნენ გურამ შარაძის მარშრუტი.

_ თითქმის ერთი წელი გავიდა გურამ შარაძის მკვლელობიდან, რას ფიქრობთ დღეს, რა იყო მისი მკვლელობის მიზეზი?

_ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო, რომლის მთავარი მიზეზი გურამ შარაძის პატრიოტული და შეურიგებელი ბუნება გახლდათ. პირველად ვამბობ: ეს ხელისუფლება ათასგზის შეეცადა გურამ შარაძის მოსყიდვას. ხან ფული შესთავაზეს გაჩუმების სანაცვლოდ, ხან – თანამდებობა. იყო მუქარაც, მაგრამ გურამ შარაძის გაჩუმება ვერ შეძლეს და ამიტომაც სამუდამოდ დაადუმეს.

_ საინტერესო თემას შეეხეთ, რა თანამდებობას სთავაზობდნენ გურამ შარაძეს გაჩუმების სანაცვლოდ?

_ შესთავაზეს უნივერსიტეტის რექტორობა, განათლების მინისტრობა… შემოუთვალეს, რომ თუ მათ სამსახურში ჩადგებოდა, ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშნავდნენ… მიზანს რომ ვერ მიაღწიეს, ყველა ტელევიზიაში ,,დაბლოკეს” და პრესის დიდი ნაწილიც აღარ აშუქებდა მის ინტერვიუებს. ამიტომაც, როდესაც მამა მოკლეს, ანკესზე მარტივად წამოსაგებმა საზოგადოების ნაწილმა ისიც კი თქვა, რატომ უნდა მოეკლა ხელისუფლებას შარაძე, ბოლო ხანს საერთოდ აღარ ჩანდაო… ესეც მკვლელობის გეგმის ნაწილი იყო!

_ თუ საიდუმლო არ არის, იქნებ, დაგვისახელოთ ის პიროვნება, ვინც ბატონ გურამს ხელისუფლების სამსახურში ჩადგომა შესთავაზა?

_ ეს ადამიანი დღეს გარდაცვლილია და ვერ დავასახელებ…

_ პოლიტიკოსი იყო ის პიროვნება?

_ დიახ… ალბათ, დადგება დღე, როდესაც მის ვინაობას დავასახელებ, მაგრამ ახლა ამას ნუ მთხოვთ… ხელისუფლებამ გურამ შარაძის სახით პრობლემა მოიცილა. სხვათა შორის, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ გურამ შარაძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად მიიღებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

_ წავა თუ არა სტრასბურგის სასამართლოში გურამ შარაძის საქმე?

_ იმედია, საქმე აქამდე არ მივა, რადგან სტრასბურგის სასამართლოში ამ საქმის წასვლამდე ხელისუფლება შეიცვლება და გურამ შარაძის მკვლელობას საქართველოში მოეფინება ნათელი. ხაზგასმით ვაცხადებ, გურამ შარაძე მოკლა სააკაშვილის ხელისუფლებამ! ბოლომდე ვიბრძოლებ, არ გავჩერდები, თუმცა, ხელისუფლებისგან არც იმას გამოვრიცხავ, რომ მორიგ პროვოკაციაზე წავიდნენ, მაგრამ გაჩუმების უფლება არ მაქვს, მე გურამ შარაძეს ვერ ვუღალატებ!..                     

მაია  მარგველანი            
,,ყველა სიახლე’’, 21-27 თებერვალი, 2008

  

არიან თუ არა მკვლელები სააკაშვილი, ბოკერია, რამიშვილი, თარგამაძე? 

გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს სააპელაციო სასამართლო იხილავს. მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარათელს საქალაქო სასამართლომ 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ შარაძეების ოჯახი დარწმუნებულია, რომ ბარათელი მკვლელი არ არის. ვინ მოკლა გურამ შარაძე? ვინ არის ის მაღალი პირი, ვინც აკადემიკოსს საკონტროლო ტყვია ესროლა?

,,კრიმინალს” გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე ესაუბრება:

_ გიორგი ბარათელი მკვლელი არ არის. ვცდილობ, რომ ყველაფერს ნათელი მოვფინო, თუმცა იმის ილუზია არ მაქვს, რომ დღევანდელი მოსამართლეები რამეს გააკეთებენ. ამ საქმეს არავინ შეაკვდება. რომელიმე მოსამართლემ სიმართლის გამოაშკარავება რომც მოინდომოს, ალბათ, შავ დღეს დააწევენ.

_ სასამართლო პროცესებზე ბარათელი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს, უკვირდა, ეს ამბავი მის თავს რომ ხდებოდა.

_ მართალი ბრძანდებით, ის პროცესებზე გაოცებული იყო. ბარათელს ადვოკატი მილორავა თავიდანვე გაერიდა. ხოლო, როდესაც ტელევიზიით მისი მეორე ადვოკატი _ ჯაშიაშვილი ვნახე, ადვოკატი კი არა პროკურორი მეგონა, რადგან, ამბობდა, იარაღი ბარათელის იყოო. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს სდებდა.

პირველ სასამართლო პროცესზე გიორგი ბარათელმა შეიტყო, რომ ჩვენი ოჯახი მას არ ერჩოდა, პირიქით, დარწმუნებულნი ვართ, რომ ის დამნაშავე არ არის და იქით ვამხნევებდი. გიორგი ბარათელს ვიცნობ, საგულისხმოა, რომ ის დუმილის უფლებას დიდხანს ინარჩუნებდა. ალბათ, უკიდურეს მდგომარეობამდე მივიდა, როცა დანაშაული აღიარა.

_ რა ახალ დეტალებს ფლობთ?

_ თავიდანვე, მამას ორმოცამდე გამოვიძიეთ ყველაფერი. მთლიანი სურათი გვაქვს, თუ რა მოხდა იმ დღეს, რაშიც სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგის” სათვალთვალო კამერის ფირიც დაგვეხმარა. აგრეთვე, გვყავს მოწმეები, რომლებიც თავის დროზე გამოჩნდებიან. მათი მხრიდან წამოვიდა ინიციატივა, რომ სიმართლე საჯაროდ ეთქვათ, მაგრამ ამისგან თავს ვიკავებ, რადგან სხვის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. გურამ შარაძეს კლავენ და უბრალო მოქალაქეს ვინ დაზოგავს?! ათეულობით მოწმეა და ერთ დღესაც ისინი ნამდვილ მკვლელს ამოიცნობენ.

_ ისეთი მოწმეებიც გყავთ, რომლებმაც რეალური მკვლელის სახე დაინახეს?

_ რა თქმა უნდა! მათ შეუძლიათ მისი სიმაღლის, სახის ნაკვთების, ჩაცმულობის დასახელება. მათ კარგად დაინახეს ის მკვლელი, რომელმაც საკონტროლო გასროლა მოახდინა და ამის შემდეგ მან მთელი შანიძის ქუჩა გაირბინა.

_ საკონტროლო გასროლას სხვა გასროლა უძღვოდა წინ და ის სხვა ადამიანმა ჩაიდინა?

_ პირველი გასროლა ჩაიდინა იმან, ვინც მამას უკან მისდევდა. მისი გარეგნობა ,,ალდაგის” ფირზე ნათლად ჩანს. ის ბარათელისგან გარეგნულად ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. საკონტროლო გასროლა მეორე პირმა მოახდინა, რომელიც იქვე მანქანით იდგა. ის შანიძისა და მელიქიშვილის კუთხეში იყო. მკვლელს მანქანაში ახალგაზრდა გოგონა ეჯდა, რომელსაც ბავშვი ჰყავდა მუხლებზე.

_ ბოლოს და ბოლოს, რის გამო მოკლეს გურამ შარაძე?

_ გურამ შარაძე ყველა ტელეკომპანიაში იბლოკებოდა. ის შავ სიაში პირველ ნომრად ეწერა და ეს დღემდე გრძელდება. ალბათ, ახსოვს ხალხს მისი შეურიგებელი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილთან, გიგა ბოკერიასთან, ლევან რამიშვილთან, გივი თარგამაძესთან… ეს დღევანდელი ხელისუფლების ბირთვია. ისინი უძღვებიან ამ ქვეყანას. ვისაც ეს ყველაფერი ახსოვს, მამაჩემის მკვლელობა არ გაჰკვირვებია. გაკვირვებას პირიქით ის იწვევდა, რომ გურამ შარაძე არსად ჩანდა, გარდა რამდენიმე გაზეთისა. შეგნებულად იქმნებოდა ისეთი ფონი, თითქოს ის პოლიტიკას ჩამოსცილდა. არაერთხელ იყო მისი მოსყიდვის, გადაბირების მცდელობა. ვერაფერს მიაღწიეს და მისი შეურიგებლობის გამო, მოკლეს.

_ ეს მკვლელობა თქვენ მიერ ზემოხსენებული ჯგუფის დაკვეთილია?

_ რა თქმა უნდა, მკვლელობა ხელისუფლებამ ჩაიდინა. როდესაც ხელისუფლება აპირებდა ე.წ. ,,თურქი-მესხების’’ თემის წამოწევას, მწერალთა სახლიდან მწერლების გამოძევებას, გამომცემლობა ,,სამშობლოდან” ხალხის გამოყრას და ა.შ., მათ იცოდნენ რომ გურამ შარაძე ამას არ შეურიგდებოდა. წარმოიდგინეთ, ელემენტარული რამისთვის, ეროვნულ ბიბლიოთეკაში პლაკატის ჩამოხევისთვის დააპატიმრეს. ხომ იცოდნენ, რომ ის არ გაჩერდებოდა. მამაჩემი ცოცხალი რომ იყოს, გია ნოდია ასე თავისუფლად ინავარდებდა განათლების მინისტრად? გურამ შარაძე სააკაშვილის ხელისუფლებამ მოკლა და ამ ხელისუფლებას ვინც მართავს, ეს ყველამ კარგად იცის.

_ ცოტა ხნის წინ ,,კავკასიასთან”, კერძოდ მის ხელმძღვანელ დავით აქუბარდიასთან გქონდათ პრეტენზია, რატომ?

_ დავით აქუბარდიას გურამ შარაძე ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ ტელეეთერში აღარ მიუწვევია. მის მიმართ პრეტენზია იცით რატომ მაქვს? აქუბარდიას აქვს ამბიცია, რომ ,,კავკასია” დემოკრატიის შუქურაა და ხალხს ხელში აყვანილი დაჰყავს, (ვაი, იმ საქართველოს, აქუბარდიას ხელში აყვანილს რომ წაიყვანს!), ის კი მამაჩემს წლების განმავლობაში ბლოკავდა ეთერში. როდესაც გურამ შარაძე დახვრიტეს, აქუბარდია სეირის საყურებლად პირველი გაიქცა, მანამდე კი ამბობდა, გურამ შარაძე ვინ არის, არ ვიცნობ ასეთ კაცსო. რაც ,,იმედი” დაარბიეს, დააწიოკეს, მას შემდეგ დავით აქუბარდია განსაკუთრებით იპრანჭება ტელეეთერით. როდესაც ხალხი მას ურეკავს და უმესიჯებს, კითხვებს უსვამს მამაჩემის მკვლელობასთან დაკავშირებით, ის დუმს, ვითომ არ ესმის. ,,რუსთავი 2”-მა გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ, უფრო კარგი სიუჟეტები გააკეთა, ვიდრე ,,კავკასიამ”. მე ფარისევლობას ვერ ვიტან. ის ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს და არ მინდა, ჩემი ხალხი აქუბარდიას მიერ მოტყუებული იყოს. მგონია, რომ ხელისუფლებასთანაც ისე თამაშობს, როგორც ოპოზიციასთან.

_ გურამ შარაძის მკვლელის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში გრძელდება… ამ პერიოდში ბარათელს ხომ არ შეხვედრიხართ?

_ არა, ნამდვილად ვიცი, რომ ეს მისი ჩადენილი არ არის, მეტი რა უნდა თქვას. სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ჩაილაპარაკა, დადგება დრო და ყველაფერს ვიტყვიო. თუმცა, მეშინია, რომ სანამ ეს დღე მოვა, მას რამეს დაუშავებენ. ბარათელმა რომ იცის, იმდენი ინფორმაცია ნამდვილად არავის აქვს. სანამ პირში სული მიდგას, ამ საქმეს მივყვები.

ლამუნა ირემაშვილი
 ,,კრიმინალი’’, 27 თებერვალი, 2008

 

 გურამ შარაძის მკვლელს 26 წელი მიუსაჯეს

რამდენიმე დღის წინ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ბარათელს 26 წელი და 6 თვე მიესაჯა. მას ბრალად გურამ შარაძის მკვლელობა ედება. პროფესორი და მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, საღამოს, 20.10 საათზე მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. მოკლულის ოჯახს მკვლელად გიორგი ბარათელი არ მიაჩნია და ფიქრობენ, რომ გურამ შარაძის მკვლელობას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა.

,,ჯორჯიან თაიმსს” გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე ესაუბრა:

_ დავიწყებ ყველაზე ახალი ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბარათელს 26,6 წელი მიუსაჯა. ეთანხმებით თუ არა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას?

_ ეს აბსურდია. გიორგი ბარათელს ეს მკვლელობა არ ჩაუდენია. ეს მე არაერთხელ მითქვამს და რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები ამაში. პირველივე წუთიდან, სანამ დეტალებს გავიგებდი, სანამ მოწმეებს დაველაპარაკებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ გიორგი ბარათელი მკვლელი არ არის და შემდეგ, როდესაც შევხვდი მოწმეებს და გავესაუბრე, საბოლოოდ დავრწმუნდი ამაში. მკვლელი არის სულ სხვა ადამიანი, უფრო სწორად, მკვლელი კი არა, მკვლელები. ისინი არიან სრულიად განსხვავებული გარეგნობის ადამიანები _ ერთი, რომელიც მამაჩემს უკან მიჰყვებოდა და აღბეჭდილია ,,ალდაგის” ფირზე და მეორე, რომელიც მას მკვლელობის ადგილზე ელოდებოდა.

_ მაშინ, როგორ აღმოჩნდა გიორგი ბარათელი მკვლელობის ადგილას?

_ გიორგი ბარათელი მკვლელობიდან 15 წუთის შემდეგ ნახეს არა მკვლელობის ადგილას, არამედ, მიმდებარე ტერიტორიაზე _ შანიძისა და ხორავას ქუჩის კუთხეში და სრულიად მშვიდი ნაბიჯებით კვეთდა ქუჩას. მაშინ მას ხაკისფერი უჯრებიანი პერანგი ეცვა, ხოლო შემდეგ, როდესაც შს სამინისტრომ მისი დაკავების კადრები გაავრცელა, მას ეცვა სხვისი პერანგი, ჯინსის, გრძელსახელოებიანი. გურამ შარაძეს ვინც ორი საკონტროლო ტყვია ესროლა, მას ეცვა მოკლე სახელოებიანი პერანგი. გიორგი ბარათელი შემთხვევით შერჩეული პიროვნება არ არის. მკვლელებმა არაჩვეულებრივად იცოდნენ, რომ გიორგი ჩემი ძმის თანამშრომელი იყო. ის პოლიციამ იძულებით მიიყვანა მკვლელობის ადგილას.

_ ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?

_ ეს ინფორმაცია მაქვს იმ არაერთი მოწმისგან, რომლებიც შეესწრნენ ამ ამბავს და მკვლელს, რომელმაც საკონტროლო ტყვია დაახალა, გარეგნულად იცნობენ, ხოლო პირველი მათგანი ,,ალდაგის” ფირზე ჩანს.

_ ამ მოწმეების ვინაობა ხომ არ შეგიძლიათ დაასახელოთ?

_ ეს არ შემიძლია თვითონ მოწმეების უსაფრთხოების გამო. მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას. ამ ადამიანების სიცოცხლეზეა ლაპარაკი. როდესაც ხელისუფლება ქუჩაში ხვრეტს გურამ შარაძეს, კლავს ზურაბ ჟვანიას და ბადრი პატარკაციშვილს, ამ დროს რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე დაზღვეული არ არის. თუმცა, ეს ხალხი თავიდანვე ცდილობდა გამოსულიყო და სიმართლე ეთქვა.

_ თქვენ ამბობთ, რომ გიორგი ბარათელს არ ჩაუდენია ეს მკვლელობა. მაშინ იმ მკვლელებს, ვისზედაც თქვენ საუბრობთ, რა მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდათ გურამ შარაძის მოსაკლავად?

_ ეს მკვლელები არიან პროფესიონალი ქილერები, ეს მათ მიერ შესრულებულ მკვლელობასაც ეტყობა. ესენი არიან მხოლოდ შემსრულებლები, გურამ შარაძე მოკლა ხელისუფლებამ.

_ გურამ შარაძის მიმართ თუ იყო მის მკვლელობამდე რაიმე სახის მუქარა?

_ მუქარა სულ არსებობდა და ეს ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ არ დაწყებულა. მუქარა მანამდეც იყო.

_ თქვენ არ ეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხომ არ აპირებთ ზემო ინსტანციაში გასაჩივრებას?

_ რა თქმა უნდა… თუმცა, არათანმიმდევრულად გამოვიდა. თავიდან გადავწყვიტეთ, რომ საერთოდ არ გვეთანამშრომლა სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეებთან და გამომძიებლებთან, მაგრამ მერე, როდესაც ვნახე ,,ალდაგის” ფირი, ჩავთვალეთ, რომ არსებობს სიმართლის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბრძოლას აზრი მიეცა. როდესაც მიხვდნენ, რომ ამ ფირით მათთვის სასარგებლო არაფერი მოხდებოდა, დადეს დასკვნა, რომ ფირი უვარგისია. ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ მომხდარიყო ინსცენირება გიორგი ბარათელის მონაწილეობით, გადაეღო ,,ალდაგის” იგივე კამერას და შემდეგ ეს ორი ფირი შედარებულიყო ერთმანეთს. ამის მიხედვით ძალიან მარტივია სიმართლის დადგენა. სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

,,ჯორჯიან თაიმსი” ასევე გიორგი ბარათელის ადვოკატს, მელიტონ ბენიძეს დაუკავშირდა. ის აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარა დანაშაული. გიორგი ბარათელს საქალაქო სასამართლომ 27 წელი მიუსაჯა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბარათელი 26 წელსა და 6 თვეს მოიხდის სასჯელს. მას მარტო გურამ შარაძის მკვლელობა არ ედება ბრალად. ის ასევე ბრალდებულია ექმიზე თავდასხმასა და იარაღის უკანონო ტარებაში.     

შორენა გოგოლაძე
 ,,ჯორჯიან თაიმსი”, 28 თებერვალი, 2008

 

 რაზე საუბრობს გურამ შარაძის მკვლელობის ათობით მოწმე და რას ამტკიცებს „დამონტაჟებული“ ფირი? 

გურამ შარაძის მკვლელობიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. გამოძიებამ საკუთარი „მისია“ შეასრულა და მკვლელიც დაიჭირა. თუმცა ის, ვინც გამოძიებისთვის მკვლელია, შარაძეების ოჯახისთვის უდანაშაულო ადამიანია. გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდან შარაძეს დღემდე არ სჯერა რომ მამამისი გიორგი ბარათელმა მოკლა. რა გაარკვია რუსუდან შარაძემ ერთი წლის შემდეგ? რაზე საუბრობს მკვლელობის ათობით მოწმე და ვიდეოფირი? გთავაზობთ რუსუდან შარაძესთან ინტერვიუს. 

ნონა სუვარიანი, ჟურნალისტი: _ რა გაარკვიეთ მკვლელობის შემდეგ? რატომ ხართ დღემდე დარწმუნებული, რომ გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს?

რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის ქალიშვილი: _ ხელისუფლებამ გურამ შარაძის მკვლელობის პირველივე წუთიდან უბინძურესი ჭორები გაავრცელა, რაც ფაქტების ჩაფარცხვას ემსახურებოდა, თითქოს ეს პოლიტიკური მკვლელობა არ იყო. პირველივე წამებიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სწორედ პოლიტიკური მკვლელობა იყო. როდესაც ეჭვმიტანილად გიორგი ბარათელი დაასახელეს, ამაში უფრო დავრწმუნდი. მას კარგად ვიცნობ. თავიდან ეს ჩემი შინაგანი რწმენა იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც უამრავ მოწმეს შევხვდი, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი. მკვლელობას ათეულობით მოწმე ჰყავს, ის ადამიანები, რომლებიც მელიქიშვილის, შანიძის, ხორავას ქუჩებზე, პეტრიაშვილის ქუჩაზე და ჩიხში იყვნენ. აღარ ვსაუბრობ ბარნოვის ქუჩაზე, მრგვალ ბაღზე, სადაც ბარათელი დააკავეს. გარდა ამისა არსებობს „ალდაგის“ ფირი, დაჩეხილი, დამონტაჟებული, გაფუჭებული, მაგრამ სიმართლის დასადგენად მაინც ვარგისი.

მოწმეებმა მელიქიშვილზე, შანიძეზე, პეტრიაშვილზე ნახეს სხვა ადამიანი, სხვა მკვლელი, რომელიც ფიზიკური მონაცემებით გიორგი ბარათელისგან რადიკალურად განსხვავდება. საქმეში არის ორი მკვლელი: ერთი, რომელიც მას უკან მისდევდა, პირველმა გაისროლა და მამა ადგილზევე მოკლა, მეორე მკვლელი _ რომელიც მას ადგილზე ელოდებოდა და ორი საკონტროლო გასროლა მოახდინა. რაც მთავარია, გიორგი ბარათელი მკვლელობიდან 15 წუთის შემდეგ შანიძის და ხორავას გადაკვეთაზე ნახეს. ის „სცენაზე“ მას შემდეგ გამოვიდა, რაც ორივე მკვლელი სამშვიდობოს გავიდა. ამის მოწმეც არსებობს.

_ მოწმეებზე როგორ გახვედით?

_ მოწმეებმა თავად მომაკითხეს. ზოგი ჩემი, ზოგი დედ-მამის ძველი ნაცნობი იყო. სრულიად უცნობი ადამიანებიც მაკითხავდნენ. მეუბნებოდნენ, გამოვალთ და ვიტყვით, რაც ვნახეთ. მაგრამ, ხომ გესმით, იმ ქვეყანაში, სადაც პრემიერ მინისტრს კლავენ, გურამ შარაძეს ქუჩაში ხვრეტენ, არავის სიცოცხლე დაცული არ არის.

_ რას გიყვებოდნენ ეს ადამიანები? რა არის აღბეჭდილი „ალდაგის“ ფირზე ისეთი, რამაც დაგაეჭვათ?

_ მათ ნახეს მკვლელი, რომელიც ბარათელი არ არის, ერთ-ერთი აღბეჭდილია ფირზეც, მამას უკან მისდევს გიორგი ბარათელზე ორი თავით მაღალი, მხარბეჭიანი, გრძელ სახელოებიანი, ფართხუნა ქურთუკიანი ადამიანი. ის, გიორგი ბარათელივით, თავგადაპარსული არ არის. ფირი პოლიციაში შვიდი საათის განმავლობაში ვარჩიე. მივა, მაგალითად, მამა ხესთან, გავაკეთე ,,სტოპკადრი’’, მერე მივა მდევარი იმავე ხესთან და გავაკეთე ამ კადრის ,,სტოპკადრიც’’, შემდეგ ეს ორი კადრი ერთმანეთს რომ შევადარეთ, კარგად გამოჩნდა, რომ მკვლელი მამაჩემზე ერთი თავით მაღალია. მამა 1.80 სმ იქნებოდა. ბარათელი კი დაახლოებით მეტრი და  სამოცი სანტიმეტრი. ეს აღსაქმელად ძალიან რთულია, რადგან ფირი დამონტაჟებულია. 400-ზე მეტი კადრია ამოჭრილი. ტელევიზიასთან შეხება მქონდა და გარკვეული გამოცდილება მაქვს. ფირი ტაიმ კოდებით გავარჩიე. დაკარგული კადრების უმეტესობა მკვლელობას ასახავს. მოწმეთა ჩვენებით, მეორე მკვლელს, რომელიც მამას შანიძის და მელიქიშვილის კუთხეში ელოდებოდა, ზუსტად იქ, სადაც მკვლელობა მოხდა, მოკლემკლავიანი მუქი ფერის პერანგი აცვია. დაახლოებით ისეთივე აღწერილობის არის, როგორც პირველი. ,,მაღალი, ავაზასავით, ლომივით ტიპი“, ეს მოწმის სიტყვებია.

კიდევ ერთი მოწმე, რომელმაც უშუალოდ ნახა, როგორ დაახალა მკვლელმა მამას საკონტროლო ტყვიები, ამბობს, რომ მკვლელს მოკლემკლავიანი  პერანგი ეცვა. ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა.

ბარათელი შანიძის და ხორავას კუთხეში ნახეს. ის დინჯი ნაბიჯებით პეტრიაშვილის ქუჩისკენ მიემართებოდა, სადაც 15 წუთის წინ მკვლელმა აირბინა. მას უჯრებიანი პერანგი ეცვა, რომელშიც ხაკისფერი ერია. დაკავებისას მას აშკარად სხვისი, ძალიან დიდი ზომის პერანგი აცვია, გრძესახელოებიანი. ბარათელს ეს პერანგი ხალათივით ჰქონდა. პოლიციის მობილიზება მაშინ მოხდა, როდესაც მკვლელი სამშვიდობოს გასცდა.

_ ყველას უჩნდება კითხვა, რატომ მოხდა ეს  მკვლელობა კამერის წინ?

_ საქართველოში ხალხი უკვე მიეჩვია იმას, რომ ხელისუფლება თეთრზე იტყვის ეს შავია და ყველა დაიჯერებს. ირაკლი ბათიაშვილი რის საფუძველზე დააკავეს? ის, რაც მისთვის ალიბი იყო, მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს.

ყოველ კვირა დღეს მამა მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და როგორც წესი, თუ ქვეყანა არ იქცეოდა, ერთსა და იმავე დროს ბრუნდებოდა სახლში. მას ჰქონდა ერთი და იგივე მარშრუტი, გადადიოდა ქაშუეთის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს და იქიდან ჭავჭავაძეზე ბოლომდე ფეხით მოდიოდა. ფირის ყურებისას კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ მითხრა, _ ეს არაფერი არის, თუ არა ,,მკვლელობის ფაქტის დადასტურება’’. მე ამ სიტყვებში მაშინვე დავინახე ოფიციალური ვერსია. ფირი იყო მხოლოდ დადასტურება. შემდეგ, როდესაც დაინახეს, რომ ჩვენ ამ ფირის გარჩევა დავიწყეთ, ის უვარგისად გამოაცხადეს.

თვიდანვე, ჯერ გამოძიებისგან და შემდეგ სასამართლოსგან ვითხოვდით, რომ მკვლელობის ინსცენირება მომხდარიყო. ბარათელს ის ადგილი გაევლო და ეს „ალდაგის“ კამერას გადაეღო. შემდეგ ამ ორ ჩანაწერს შევადარებდით. რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილეს. ფირი მკვლელობიდან 45 დღის შემდეგ მაჩვენეს. ჩემი უდიდესი მცდელობის მიუხედავად, ფირი არაფრით არ გადმომცეს.

_ რატომ მაინცდამაინც გიორგი ბარათელი? ამ კითხვას ალბათ ხშირად გისვამენ, თუმცა უცნაურია, რატომ გავიდნენ მაინცდამაინც ბარათელზე და არა სხვა ვინმეზე?

_ ის ჩემს ძმასთან იყო დაკავშირებული. მე ვერავის მომიჩხრეკდნენ. უფროსი ძმა ლოგინში მძინარე მომიკლეს. თავად მამას ვერაფერს მოუძებნიდნენ. მთელი ცხოვრება ისე იცხოვრა, რომ პრინციპებს არ ღალატობდა.

ბარათელისთვის ციხე უცხო არ იყო. ის არასრულწლოვანთა კოლონიაში იხდიდა სასჯელს. მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ცნობილი სახეების მიერ აქცია ჩატარდა. მაშინ კოლონიიდან რამდენიმე არასრულწლოვანი გამოიყვანეს.

დაპირისპირება ჩემ ძმასა და გიორგი ბარათელს შორის არ ყოფილა. 7 წლის წინ ისინი შვეიცარიაში იყვნენ და ეს ვითომ ,,ბუნდოვანი’’ და  ,,გაურკვეველი’’ დრო გამოიყენეს. მაშინ ჩემი ძმა, გიორგი, შვეიცარიაში საქართველოს საკონსულოში კულტურის ატაშედ მუშაობდა. მისი საქმიანობა ტელევიზიებს უკავშირდებოდა, გრიგოლ რობაქიძეზე დოკუმენტურ ფილმს იღებდა. რამდენიმე კვირის მანძილზე დამხმარე ოპერატორად ბარათელი ჰყავდა. როდესაც ბარათელი თბილისში უნდა დაბრუნებულიყო, შეგნებულად მაღაზიაში ქურდობა ჩაიდინა. პროფესიონალმა ოპერატორმა, ბარათელმა იცოდა, რომ მაღაზიაში კამერები იყო დამონტაჟებული, ამაზე ჩემი ძმაც მიუთითებდა… ის დააკავეს. მას უბრალოდ დაბრუნება არ უნდოდა. ეს მოხდა 2000 წელს. მას შემდეგ, რაც ბარათელი საქართველოში დაბრუნდა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემ ძმას ის თვალით არ უნახავს. Aამაზე გამოძიება არც დაობს.

_ თავიდანვე მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე იყო საუბარი. დრომ რა გვიჩვენა, რომელმა გაამართლა?

_ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა. ზოგადად, ეს მოხდა გურმა შარაძის მოუსყიდველი ხასიათის გამო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, მამა ყველა ტელევიზიის მიერ იყო დაბლოკილი. მაინც ვერ გააჩერეს. ხან რას უგონებდნენ და ხან რას. იყო თითო-ოროლა გაზეთი,  სადაც იბეჭდებოდა. აკადემიკოსი კაცი ორჯერ დააპატიმრეს. ერთ-ერთი მიზეზი იყო ბიოლოგიური ზიზღი, რომელსაც მის მიმართ განიცდიან მიშა სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, გივი თარგამაძე და ა.შ… საზოგადოებას ემახსოვრება, რას უშვრებოდა მამაჩემი ამ ხალხს.

ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა და ეს მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში გამოჩნდა, საქართველოში ე.წ. ,,თურქი-მესხების’’   ჩამოსახლება. დღეს თუ არ არიან ისინი ჩამოსახლებულები, გურამ შარაძის დამსახურებაა. მოგეხსენებათ, ის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, რომლის უშუალო პროფილი მათი შემოყვანა იყო. მას დოკუმენტები ჰქონდა ხელში, საიდანაც ჩანდა, რომ მესხებთან და ქართველებთან არანაირი შეხება არ  ჰქონდათ, ამას ისინი თავად აღიარებდნენ. მამის მკვლელობის შემდეგ ეს საკითხი ამერიკაში სომხურმა ლობმა „დაბლოკა“.

კიდევ ერთი მიზეზი საფრანგეთის ლევილის მამულის გაყიდვის საკითხი იყო, რომელსაც მამამ მთელი სიცოცხლე შესწირა. ამას ემატება ის, რომ ხელისუფლება მწერალთა კავშირის გამოყრას გეგმავდა. ასევე გეგმავდა „სამშობლოს“ გამომცემლობიდან ათობით რედაქციის გამოყრას. მამა კი ამას არ მოითმენდა. მაგალითად ახლანდელი მინისტრის გია ნოდიას წინააღმდეგ, რომელმაც გრანტის სახით თავის ცოლს უზარმაზარი თანხა გადასცა, მამამ თავის დროზე პროკურატურას საქმის აღძვრა მოსთხოვა. 

ხელისუფლებას ზედმეტი პრობლემა არ უნდოდა. ამას პირადი ზიზღიც ემატებოდა, ბოღმა, რომ წლების განმავლობაში მათ ამარცხებდა.

_ გურამ შარაძის მკვლელობა არის ერთ-ერთი იმ გახმაურებული მკვლელობებიდან, რომლებსაც პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. როდის ხდება საჭირო პოლიტიკური მკვლელობა? აქვთ თუ არა რამე საერთო ამ მკვლელობებს?

_ ხელისუფლება ზუსტად იმ დროს კლავს პოლიტიკურ ოპონენტებს, როდესაც გადამწყვეტი მომენტია. მე არ ვადარებ ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძეს, ბადრი პატარკაციშვილს ერთმანეთს. მათ ჰქონდთ მოღვაწეობის სხვადასხვა სფერო, იყვნენ განსხვავებული ფიგურები, მაგრამ ფაქტია, რომ სამივე უშლიდა ხელს ხელისუფლებას და სამივე მოკლულია. ზურაბ ჟვანია თავის გავლენით, ნიჭით. არასოდეს ვყოფილვარ მათი მეხოტბე, მაგრამ მათ პატივს ვცემდი, როგორც ნიჭიერ ხალხს. გურამ შარაძე ეროვნული მხრიდან უშლიდა მათ ხელს. მას ხალხში დიდი გავლენა და სიყვარული ჰქონდა. პატარკაციშვილიც მათ კისერს მოუმტვრევდა, ამიტომ მოკლეს.

 ნონა სუვარიანი
6 მარტი, 2008
humanrights.ge

 

 ***

გადახედეთ ქართული პოლიტიკის უახლოეს ისტორიას, ვინ დატოვეს ცოცხალი?!”

 ***

 

მოკლული აკადემიკოსის შარაძის ადვოკატები სათვალთავლო კამერის ვიდეოჩანაწერს მოითხოვენ

გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატები მათთვის მკვლელობის ადგილზე დამონტაჟებული  სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგის’’ სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერის გადაცემას მოითხოვენ.

როგორც “ახალი ამბები _ საქართველოს” კორესპონდენტს ერთ-ერთმა ადვოკატმა ნინო ნიშნიანიძემ განუცხადა, საქმეში ახალი ვითარება გაჩნდა.

“შარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბარათელმა ბოლო ჩვენებაში კვლავ აღიარა ეს დანაშაული, მაგრამ მის მიერ აღწერილი მკვლელობის ვითარება გამოძიების მონაცემებს არ ემთხვევა. მან საკუთარი თავის ამოცნობაც კი ვერ შეძლო ვიდეოჩანაწერში, რომელიც მკვლელობის დროს ქუჩაში დაყენებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მთელი ამ დროის განმავლობაში მკვლელობის ადგილიდან კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერის ჩვენთვის გადმოცემას მოვითხოვთ”, _ განაცხადა მან.

მოკლული აკადემიკოსის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ამტკიცებს, რომ ეს “პოლიტიკური მკვლელობა” იყო.

20 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ 1977 წელს დაბადებულ გიორგი ბარათელს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ელენე ფარცვანია
“ახალი ამბები _ საქართველო”, 12 მარტი, 2008

  

შარაძის მკვლელობის გახსნილი, მაგრამ კვლავ გაუხსნელი საქმე

ადვოკატთა მტკიცებით, ახლად აღმოჩენილი გარემოებები მკვლელობის “გამოძიებისეულ” ვერსიას თავდაყირა აყენებს

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმე სულ მალე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს. საკასაციო საჩივარი უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში 20 მარტს შევა. გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატები _ ნინო ნიშნიანიძე და ნუგზარ ბირკაია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რომლის თანახმად, გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარათელს თავისუფლების 26 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. შემდეგი ინსტანცია კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იქნება, რადგან, როგორც შარაძის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, მათ სიმართლის დადგენის იმედი არც უზენაეს სასამართლოში აქვთ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბარათელს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2007 წლის 12 ნოემბერს დადგენილი სასჯელის ზომა _ 27 წლით თავისუფლების აღკვეთა 2008 წლის 20 თებერვალს 6 თვით შეუმცირა.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ბარათელმა, 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის გამზირზე, გურამ შარაძეს ცეცხლსასროლი იარაღით სამი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ბარათელი მკვლელობიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ ვაკეში, მრგვალ ბაღთან დააკავა. თუმცა გურამ შარაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ შარაძის მკვლელობა ბარათელს არ ჩაუდენია, რომ ვიდეოჩანაწერებში, რომელიც სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ასისტანსის” სათვალთვალო ვიდეოკამერებმა გადაიღო, მკვლელობის ფაქტი და ნამდვილი მკვლელის სახეა ასახული. ოჯახის წევრები და ადვოკატები ასევე ირწმუნებიან, რომ შარაძის მკვლელობას პოლიტიკური სარჩული უდევს და ის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია.

გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატების განცხადებით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლომ შარაძის მკვლელობის საქმის განხილვა ისე დაასრულა, რომ მკვლელობის მოტივი არ დაუდგენია. ადვოკატების განცხადებით, შარაძის მკვლელობის საქმე გამოძიებული არ არის, ამიტომ ისინი სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებენ.

“იმის მიუხედავად, რომ შარაძის მკვლელობის საქმეზე დადგენილია ორი _ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების განაჩენი, მკვლელობა რეალურად გამოძიებული არ არის. ასევე, დაუდგენელია მკვლელობის მოტივი. გამოძიებამ ბარათელის მიერ ჩადენილი დანაშაულის ჩადენის მოტივად ბრალდებულის განაწყენება დასახელდა. თუმცა, ამ ტერმინს სისხლის სამართლის კოდექსი არ იცნობს. ჩვენ მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენს უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ. არ გვაქვს იმედი, რომ რამე შეიცვლება, მაგრამ ამით უკვე გზა გაგვეხსნება ევროსასამართლოსკენ”, _ განაცხადა “ჯორჯიან ტაიმსთან” საუბარში ადვოკატმა ნინო ნიშნიანიძემ.

მანამდე კი ნიშნიანიძე და ბირკაია სასამართლოსგან სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული ჩანაწერის მათთვის გადაცემას ითხოვენ. 

ადვოკატ ნინო ნიშნიანიძის განცხადებით, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლო დასკვნებთან სრულ შეუსაბამობაშია. “აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ქართული სასამართლოს ისტორიაში არსებობს განაჩენი, რომელიც ცნობილი საზოგადო მოღვაწის მკვლელობის საქმეს ეხება და სადაც მკვლელობის მოტივი დადგენილი არ არის. არ არსებობს სამართლებრივ სივრცეში დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც მოტივი არა აქვს. როდესაც ეს საკითხი სასამართლო გამოძიების წინაშე დავაყენეთ, მოტივად მეტად უცნაური ცნება დაედო, რომელსაც არც ერთი სასამართლო თეორია არ იცნობს. მკვლელობის მოტივად განაწყენება დაასახელეს და განაცხადეს, რომ გურამ შარაძის მკვლელობა ჩაიდინა გიორგი ბარათელმა, რომელიც 10 წლის წინ განაწყენდა მის შვილზე, გიორგი შარაძეზე”, _ განაცხადა ნინო ნიშნიანიძემ.

ადვოკატის განცხადებით, როდესაც გურამ შარაძის მკვლელობის საქმე პირველ ინსტანციაში განიხილებოდა, გიორგი ბარათელი დუმილის უფლებას იყენებდა, რაც, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობდა. საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას კი ვითარება შეიცვალა.

“მეორე ინსტანციაში გამართულ პროცესებზე ჩვენ მიერ დასმული შეკითხვების დროს ბარათელმა განაცხადა, რომ ის მოდიოდა მელიქიშვილის პროსპექტზე, მოულოდნელად შეხვდა გურამ შარაძე და მან ის მელიქიშვილის პროსპექტზე მოკლა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” ვიდეოკამერით გადაღებულ ფირზე, რომელზეც გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტია ასახული, ბარათელმა საკუთარი თავი ვერ ამოიცნო. ჩვენ სულ ვამბობთ, რომ გურამ შარაძის მკვლელი ბარათელი არ არის. მაგრამ ის მარტო იმიტომ უნდა დარჩეს პატიმრობაში, რომ ამ ბინძურ თამაშში მიიღო მონაწილეობა”, _ აცხადებს ნინო ნიშნიანიძე.

“ამ ფირზე ასახულია მელიქიშვილის გამზირზე მომავალი გურამ შარაძე, რომელსაც უკან ვიღაც მოყვება. გამოძიება გვიმტკიცებდა, რომ შარაძის მკვლელობის საქმეში საეჭვო არაფერია, ფირზე გარკვევით ჩანს, როგორ ესხმის პირი თავს ბატონ გურამ შარაძეს და როგორ კლავსო. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ფირს და ნახავთ, რომ პირი, რომელიც მას თავს ესხმის, გიორგი ბარათელიაო. თუმცა, როდესაც ბატონი გურამის ქალიშვილმა, მე და ქალბატონმა ნინომ ეს ფირი ვნახეთ, გამოძიების მისამართით უამრავი კითხვა გაგვიჩნდა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც გურამ შარაძის მკვლელად შეირაცხა. ვინაიდან, ფირზე აღბეჭდილი პირი არც გარეგნულად და არც მანერებით ბარათელს არ ჰგავდა, ამიტომ ფირის ექსპერტიზა და ნამდვილი მკვლელის ვინაობის დადგენა მოვითხოვეთ. სწორედ, ჩვენი ამ მოთხოვნის შემდეგ, გამოძიება ყველანაირად ეცადა, რომ ფირი ჩვენს ხელში არ აღმოჩენილიყო და საქმე სასწრაფო წესით სასამართლოს გადასცეს განსახილველად”, _ აცხადებს ნუგზარ ბირკაია.

მისივე განცხადებით, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ, “ალდაგის” კამერის ვიდეოჩანაწერია, რომელიც საქმეს ერთვის. თუმცა, შარაძის ოჯახის ადვოკატების მოთხოვნა, ამ ფირის ასლი გადაცემოდათ, დღემდე არ დაკმაყოფილდა. შარაძის ადვოკატები ასევე ითხოვენ, ეს ფირი უცხოელმა ექსპერტებმა შეისწავლონ და ამით უფრო გაირკვევა სიმართლე.

სააპელაციო სასამართლოში აცხადებენ, რომ ვიდეოჩანაწერზე ლუქის ახსნა, მისი დათვალიერება ან ასლის გადაღება, მხოლოდ, სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით არის შესაძლებელი.

“თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმეზე მიღებული აქვს შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რის გამოც სასამართლო სხდომის ჩატარების და მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ გააჩნია”, _ აცხადებენ სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურში.

ადვოკატ ნინო ნიშნიანიძის განცხადებით, საქმეში ბევრი უზუსტობაა გურამ შარაძის მკვლელობის იარაღთან დაკავშირებით. ადვოკატის განცხადებით, საქმეზე შედგენილ პირველ ოქმში არ ფიგურირებს ტყვია ან მისი მასრა, რომლითაც გურამ შარაძე მოკლეს. ის საქმეში მოგვიანებით ჩნდება და მითითებულია, რომ ძალოვნებმა მასრა მკვლელობის ადგილის არა პირველი დათვალიერებისას, არამედ ცხედრის პროზექტურაში გადასვენების შემდეგ აღმოაჩინეს. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, გურამ შარაძის მკვლელობის თვითმხილველები საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობაზე და ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებენ, რაც ასევე უშლის ხელს სიმართლის დადგენას. “თუმცა, მესმის ამ ადამიანების, მათი მოტივი ასეთია: თუ ცნობილი საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი ქუჩაში, დღისით-მზისით ასე დახვრიტეს, რა გარანტია გვაქვს ჩვენ, რომ მის ბედს არ გავიზიარებთ” _ აცხადებს შარაძეების ოჯახის ადვოკატი.

ნინო ნიშნიანიძის განცხადებით, გურამ შარაძის საქმეში ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო არაერთი დეტალია, რომელიც გიორგი ბარათელის მიერ გურამ შარაძის მკვლელობის ვერსიას, თანაც სასამართლო პრაქტიკისთვის უცნობი “განაწყენების” მოტივით, თავდაყირა აყენებს. 

დალი ბჟალავა
“ჯორჯიან თაიმსი”, 13-19 მარტი, 2008

 

 ვინ მოკლა გურამ შარაძე?!

ნინო ნიშნიანიძე, ადვოკატი: “გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალეულმა გიორგი ბარათელმა აღიარა დანაშაული, თუმცა, მისი ჩვენების მიხედვით, მან მკვლელობა რუსთაველზე ჩაიდინა. ეს ახლად აღმოჩენილი გარემოება გახლდათ მიზეზი, რომ “ალდაგის” მიერ გადაღებული ვიდეოფირის ჩვენება მოხდა სააპელაციო სასამართლოში, სადაც ბარათელმა თავისი თავი ვერ ამოიცნო. ამის შემდეგ ჩვენ უკვე ვასკვნით, რომ ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობაში არის შემთხვევით მოხვედრილი პიროვნება. გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიება არასწორად მიმდინარეობს”.

“ქრონიკა”, 17-23 მარტი, 2008

 

  

გურამ შარაძე გაიხსენეს

 29 მარტს მელიქიშვილის გამზირზე გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე, აქცია გამართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანი მომავალი”. ორგანიზაციის წევრებმა: ლევან კიკვიძემ, თინათინ ნიბლოშვილმა, ოლენა აბრამიშვილმა, გიორგი კეპაშვილმა, სოსო ყოჩიშვილმა და სხვებმა ხელისუფლებას წაუყენეს მოთხოვნა გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე მემორიალური დაფის გახსნისა, რომელიც მუდმივად შეახსენებს ხალხს, თუ რა დაუნდობელ და სასტიკ გარემოში ვცხოვრობთ.

აქციაზე შეიკრიბნენ გურამ შარაძის მეგობრები, ახლობლები, სტუდენტენტები და ორგანიზაცია “სამართლიანი მომავლის” მხარდამჭერები.

“ის ამაღლდა ყოველგვარ შეურაცხყოფაზე, რაც მას მიაყენა კაცთუგუნურებამ, სიბრიყვემ. მაშ, დაე, შევნატროთ მას’’, _ თქვა შეკრებაზე ლევან კიკვიძემ.

,,მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, ლიტერატორი, ლექსიკოგრაფი, ენციკლოპედისტი, პოლიტიკური მოღვაწე… მან მამულიშვილობის წარმოუდგენლად მძიმე ტვირთი ზიდა. გურამ შარაძის სახით თბილისის ქუჩებში დადიოდა მაღალი ზნეობისა და კულტურის ადამიანი. ის თავს მოიაზრებდა იქ, სადაც ერს ყველაზე მეტად უჭირდა. მისთვის მიუღებელი იყო უცხო სახელმწიფოებისგან თავს მოხვეული სურვილი და ინტერესი, გურამ შარაძემ ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა ყოველგვარი მანკიერების წინააღმდეგ. როდესაც საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყო “უწმაწური ნახატების” გამოფენა, ის ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც კედლიდან ჩამოხია ეს “ნახატები”.

თინათინ ნაბლოშვილი: “ბატონმა გურამმა პირველმა გაასწორა მიწასთან თამარ მეფის შეურაცხმყოფელი ახალგაზრდა კალმოსანი. დღეს ჩვენს ქვეყანას ისე სჭირდება მისი მსგავსი მამულიშვილები, როგორც არასდროს”.

ოლენა აბრამიშვილი: “როდესაც ქვეყანაში ამგვარი საზარელი დანაშაული ხდება, ხელისუფლებას სხვაგვარი მოქმედება მართებს. მან კი ყველაფერი გააკეთა, რათა თანდათან მიეჩუმათებინა გურამ შარაძის სახელი”.

ეს სულისკვეთება გასდევდა აქციას, და კიდევ რწმენა იმისა, რომ ვერავინ შეძლებს ერთიანი, ეროვნული, ზნეობრივი საქართველოს დასამარებას’’. 

“საქართველოს რესპუბლიკა”, მარტი, 2008

 

 

როგორ შევნიშნე ჟენევაში ვასილ მაღლაფერიძე და სოზარ სუბარი, რომელმაც უმალ ზურგი მაქცია!

ინტერნეტში არსებული საინფორმაციო საშუალებებით შევიტყვე, რომ “ქართული აკადემიის” ჩემთვის ძვირფასი და პატივსაცემი წევრები შეშფოთებას გამოხატავენ, რადგან სახალხო დამცველის _ სოზარ სუბარის სიცოცხლე საფრთხეშია! უნდა დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, რომ ბატონი ომბუდსმენის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება და მას თვით საქართველოს ხელისუფლება იცავს მთელს მსოფლიოში. ამ ნახევრად ირონიით ნათქვამი სიტყვების განსჯა მკითხველისთვის მიმინდვია, მე კი სრული პასუხისმგებლობით მოვყვები იმას, რაც საკუთარი ორი თვალით ვნახე.

საქმე იმაში გახლავთ, რომ 18 აპრილს დილით დედამ თბილისში მიიღო წერილობითი დასტური, რომ ბატონი სახალხო დამცველი გურამ შარაძის მკვლელობის საქმით დაინტერესდა. აქვე უნდა განვმარტო, რომ ამასწინათ, ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ არ იცნობდა გურამ შარაძის დახვრეტის საქმეს, რადგან ჩვენ მისთვის არ მიგვიმართავს ოფიციალურად. რახან მხოლოდ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბატონი სოზარ სუბარი დაინტერესებულიყო მამაჩემის შემზარავი მკვლელობით, თებერვლის თვეში მე შევასრულე მისი მოთხოვნა ისე, რომ არანაირი იმედი არ მქონია, რომ აქედან რამე გამოვიდოდა… და აი, პასუხი რა მალე მოვიდა. სინდისმა შემაწუხა, საკუთარ თავს საყვედური ვუთხარი და გადავწყვიტე, რომ როგორც კი ჩავიდოდი თბილისში, შევხვედროდი სახალხო დამცველს, გამომესყიდა ჩემი მისდამი უნდობლობა და გადამეცა ჩემს ხელთ არსებული ყველა მასალა.… სწორედ, ამ ფიქრებში ვარ გართული და მივაბიჯებ ჟენევის ერთ-ერთ ქუჩაზე, რომ უცებ, ვხედავ _ ჩემს წინ ბატონი ვასილ მაღლაფერიძე დგას და ვიღაცას ელის. ძალიან გამეხარდა-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ უცხო მიწაზე, უცებ, პირისპირ რომ გადაეყრები ქართველს, თუნდაც უცნობს, მაგრამ კარგად ნაცნობს, ინსტიქტურად, სიხარულის აღმძვრელია. ხოლო, როდესაც მის გვერდზე სახალხო დამცველი _ სოზარ სუბარი დავინახე, ჩემს სიხარულს საზღვარი ნამდვილად აღარ ჰქონდა.

წამებში ვუახლოვდები და მიხარია… უკვე ვფიქრობ თბილისში მომავალი შეხვედრის დათქმაზე, მაგრამ ჰოი, საკვირველებავ! უცებ, უცნაურად აფორიაქებულმა ჩემმა დამცველმა ზურგი მაქცია და გვერდით ქუჩაზე “მოტყდა” (მაპატიეთ ჟარგონისთვის, მაგრამ ყველაზე უკეთ ეს სიტყვა გამოხატავს მის საქციელს). “პოზიციაზე” დარჩა ბატონი ვასილი. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმეთ ერთმანეთს. არ ვიცი რა ილაპარაკეს მათ, როდესაც ბატონი სოზარი უკან მობრუნდა, ან მოუბრუნდა თუ არა მას უკან ფერი, რომელიც რომ დაკარგა, კარგად შევნიშნე, მაგრამ ბატონი ვასილის გამომეტყველებისა და პათოსის მიხედვით ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მან თავის თავზე “აიღო” ჩემთან შეხვედრა.

უნდა მქონდეს თუ არა ამის შემდეგ სახალხო დამცველის იმედი? პასუხი ნათელია. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ბატონი სოზარ სუბარი გამოიჩენს კეთილგონიერებას და ობიექტურად დაინტერესდება გურამ შარაძის დახვრეტის საქმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯაროდ დავხევ მისდამი გაგზავნილ ჩემს განცხადებას.

რუსუდან შარაძე, ჟენევა
“ასავალ-დასავალი”, 21-27 აპრილი, 2008
 

 

დღეს გურამ შარაძეს დუმილით ესვრიან ტყვიას!

2007 წლის 20 მაისს, საღამოს 8 საათზე, მელიქიშვილის გამზირზე აკადემიკოსი გურამ შარაძე მოკლეს. მას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და სამივე თავში.… მოძრაობა ,,ენა, მამული, სარწმუნოების’’ ლიდერის მკვლელობისთვის სასჯელს ვინმე გიორგი ბარათელი იხდის და მკვლელობის მოტივად საყოფაცხოვრებო მიზეზს ასახელებს, თუმცა, შარაძეების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბატონი გურამის მკვლელობა ხელისუფლების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.… 20 მაისს გურამ შარაძის მკვლელობიდან ერთი წელი შესრულდება… ,,ყველა სიახლე’’ აკადემიკოსის ქალიშვილს, რუსუდან შარაძეს ჟენევაში დაუკავშირდა. 

_ რუსუდან, ამბობთ, რომ გურამ შარაძე პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლია. უფრო მეტიც, მამათქვენის მკვლელობაში ხელისუფლებას ადანაშაულებთ, რატომ?

_ იმიტომ, რომ გურამ შარაძე იყო თხემით ტერფამდე ქართველი და მთელი სიცოცხლე საქართველოს კეთილდღეობისთვის ბრძოლას შეალია. გახსოვთ, ალბათ, სანამ მას ჰქონდა ,,ბედნიერება’’, გამოჩენილიყო ქართულ ტელეარხებზე, რამდენად მწვავედ აკრიტიკებდა ამ ხალხს _ ხელისუფლების უმაღლეს პირებს ვგულისხმობ. მათ მამაჩემის წინააღმდეგ თავიანთი ავაზაკური გეგმის განხორციელება ,,ვარდების რევოლუციის” დღიდან დაიწყეს და დააგვირგვინეს 2007 წლის 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე მისი დახვრეტით! თუმცა, მკვლელობა ამით არ დასრულებულა…

_ რას გულისხმობთ, იქნებ დააკონკრეტოთ.

_ გურამ შარაძეს დუმილით ტყვიას დღესაც ესვრიან! ამ მკვლელების მთავარი იარაღი პრესაა. ხელისუფლებამ გურამ შარაძის პრესაში დაბლოკვით მიაღწია იმას, რომ დღეს ვიღაც ბრიყვი აცხადებს: რატომ უნდა მოეკლა ხელისუფლებას გურამ შარაძე, ის ხომ წავიდა პოლიტიკიდანო.…

გურამ შარაძე არსად არ წასულა! ეს მითი ხელისუფლებამ ხელოვნურად შექმნა და ამით მკვლელობისთვის ,,შესანიშნავი’’ ნიადაგი მოიმზადა. 

_ თქვენი განცხადება ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის? მამათქვენის მკვლელობის შესახებ თქვენ არაერთხელ ისაუბრეთ სხვადასხვა ტელე-არხზე…

_ გვამადლიან, რომ ოდესღაც დაგვითმეს ძვირფასი ტელეეთერი, _ რა არის ამაში უჩვეულო? აკადემიკოსი კაცი ასე უმოწყალოდ დახვრიტეს და თითო გადაცემა მიუძღვნეს, რატომ არ უნდა მიუძღვნან?.. ვთვლი, რომ ვისაც მართლა სურს ერქვას დემოკრატიის შუქურა, გურამ შარაძის მკვლელობის თემას გვერდს არ უნდა უვლიდეს, რადგან მამაჩემს ქვეყნისთვის ბრძოლაში უკან არასდროს დაუხევია და ეს მისი სიკვდილითაც დამტკიცდა.

_ რამდენიმე თვის წინ ,,ყველა სიახლისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ამბობდით, მამას შემოუთვალეს, თუ ხელისუფლების სამსახურში ჩადგებოდა, ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშნავდენენო. ვისგან მოდიოდა ეს შეთავაზება და იქნებ გვითხრათ, ვინ გადასცა ბატონ გურამს ხელისუფლების ეს შეთავაზება?

_ ეს მართლა ასე იყო, მაგრამ პიროვნებების დასახელებისგან თავს შევიკავებ. სამწუხაროდ, დღეს ორივე მათგანი გარდაცვლილია, ისინი ვერც უაროფენ და ვერც დაადასტურებენ ჩემს ნათქვამს. ვიტყვი მხოლოდ, რომ ეს ხდებოდა ,,ვარდების რევოლუციიდან’’ ძალიან მალე, პრეზიდენტის არჩევნებამდე. ამის შემდეგ, მხოლოდ, მუქარა მოდიოდა. 

_ რუსო, მართალია, ამბობ, რომ გურამ შარაძე ხელისუფლებამ მოიცილა თავიდან, მაგრამ მისი მკვლელობისთვის სასჯელს გიორგი ბარათელი იხდის, რომელიც მკვლელობის მოტივად საყოფაცხოვრებო მიზეზს ასახელებს.

_ გიორგი ბარათელი არავითარ მოტივს არ ასახელებს. წამების ფასად მან დაადასტურა, რომ მკვლელობა ჩაიდინა, თუმცა, ,,ალდაგის’’ ფირზე, რომელზეც მამაჩემის მკვლელობაა ასახული, თავისი თავი ვერ ამოიცნო _ ეს კი მრავლისმეტყველი ფაქტია. იმედი მაქვს, მალე ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და მამაჩემის მკვლელები გამოაშკარავდებიან.

 მაია მარგველანი
,,ყველა სიახლე’’, 15-21 მაისი, 2008

 

 

რუსუდან შარაძე: მამაჩემი პოლიტიკური მოტივით არის დახვრეტილი

ხვალ, 20 მაისს, გურამ შარაძის მკვლელობიდან ერთი წელი სრულდება. ,,მთელი კვირა’’ მის ქალიშვილს _ რუსუდან შარაძეს ესაუბრა, რომელიც ჟენევიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

,,მთელი კვირა’’: _ გურამ შარაძის საჯაროდ დახვრეტიდან ერთი წლის თავზე რას ფიქრობს მისი ოჯახი ამ საზარელი ფაქტის ირგვლივ?

რუსუდან შარაძე: _ გურამ შარაძის ოჯახი ფიქრობს იგივეს, რასაც ფიქრობდა 2007 წლის 20 მაისს _ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა, შემკვეთი არის ხელისუფლება, უშუალოდ შემსრულებლები კი ორნი არიან, რომელთა შორის არც ერთი არ არის გიორგი ბარათელი.    

_ ამჟამად საქმე რა სტადიაშია, უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული თუ რა ხდება?

_ დიახ, ადვოკატებმა გაასაჩივრეს უზენაეს სასამართლოში, მაგრამ არა იმიტომ, რომ დღევანდელი რეჟიმის პირობებში რაიმე იმედი გვაქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა სამართლებრივ პროცედურას გავივლით. 

_ თუ იცით სად და როგორ პირობებში იხდის სასჯელს გიორგი ბარათელი?

_ არ ვიცი და სიმართლე გითხრათ, დიდ მნიშვნელობას არც ვანიჭებ. სადაც არ უნდა იყოს, მისი სიცოცხლე ყველგან საფრთხეშია, რადგან გიორგი ბარათელმა ყველაზე კარგად იცის, რომ გურამ შარაძე არ მოუკლავს. მნიშვნელოვანია, რომ ,,ალდაგის’’ ფირზე მან თავისი თავი ვერ ამოიცნო…

_ რა დასკვნა დადო სახალხო დამცველის აპარატმა? თქვენ ხომ მიმართეთ სოზარ სუბარს განცხადებით?! 

_ სახალხო დამცველის დიდი იმედი არც არასდროს მქონია და არც ეხლა მაქვს. თუ რატომ, გიამბობთ და დასკვნა თავად გამოიტანეთ. სოზარ სუბარმა თქვენს გაზეთთან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ იცნობდა მამაჩემის დახვრეტის საქმეს, რადგან ჩვენ არ მიგვიმართავს მისთვის. რადგან სახალხო დამცველს, მხოლოდ, ეს უშლიდა ხელს დაინტერესებულიყო ამ გაუგონარი ამბით, მე შევასრულე მისი მოთხოვნა და თებერვლის თვეში მივმართე ოფიციალურად. არ გასულა ორი თვე და დედამ თბილისში მიიღო ოფიციალური შეტყობინება, რომ სახალხო დამცველი დაინტერესდა ამ საქმით. გამოგიტყდებით, რომ შემრცხვა ჩემი უნდობლობის,… მაგრამ ღმერთმა არ დაუშვა უსამართლობა და მოხდა საოცარი დამთხვევა: ზუსტად იმავე დღეს, როდესაც ეს ამბავი შევიტყვე, ჟენევის ერთ-ერთ უბანში, სადაც ვცხოვრობ, ქუჩაში შემთხვევით გადავეყარე სოზარ სუბარს, რომელსაც ვასილ მაღლაფერიძე ახლდა… და ჩემმა დამცველმა იკადრა ის, რაც ნამდვილად არ ეკადრებოდა _ ზურგი მაქცია და დამემალა. ეს იმ დროს, როდესაც მე და ვასილ მაღლაფერიძე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ, ზრდილობიანად მივესალმეთ ერთმანეთს, რადგან სხვაგვარად მოქცევა ალბათ, ვერც მან წარმოიდგნა. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ სახალხო დამცველი გამოიჩენს ობიექტურობას. 

_ ეს შეიძლება არაპოპულარულ ნაბიჯად ჩაგითვალონ…

_ ბევრისგან განსხვავებით, მაქვს ბედნიერება, რომ პოპულარული ნაბიჯები არ მადარდებდეს. მე მაინტერესებს სიმართლე _ ვინ და რატომ მომიკლა მამა და რატომ კლავენ მას დღესაც დუმილით! უკვე არავისთვის აღარ არის უცხო ხელისუფლების ნამდვილი სახე და ეს სახე უნიღბოდ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება 21 მაისის შემდეგ. მე პრეტენზია მაქვს მასთან, ვისაც თავად აქვს პრეტენზია ეროვნულობასა და დემოკრატიულობაზე. ვერასდროს ვირწმუნებ იმ დემოკრატიას, სადაც მამაჩემის სასტიკად დახვრეტაზე ტაბუა დადებული, არ მწამს იმ პატრიოტიზმის, სადაც მისი სახელის მიჩქმალვას ცდილობენ.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დღეს მაინც გაიგონებთ _ რატომ მოკლავდა გურამ შარაძეს ხელისუფლება, ის ხომ აღარ უშლიდა მათ ხელს.

_ მადლობელი ვარ ამ შეკითხვისთვის. ამას დღეს ან ბრიყვები, ან ხელისუფლების ლაქიები ლაპარაკობენ. ეს არის ცრუ კამპანიის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებამ გურამ შარაძის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ, წლების წინ გააჩაღა და აგრძელებს დღესაც. მეტსაც გეტყვით, იმ მიზნით, რომ არ გამოჩნდეს მკვლელობის მთავარი პოლიტიკური მოტივი, ხელისუფლება ქმნის საზოგადოებრივ აზრს, რომ გურამ შარაძე იყო მხოლოდ შესანიშნავი აკადემიკოსი (ამას ვეღარ გაურბიან) და თითქოს, მისი საქმე არ ყოფილა პოლიტიკა. ეს არის მორიგი სიცრუე. ერთეულების გარდა, ხაზს არავინ უსვამს გურამ შარაძის პოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. თუ აღარ იყო პოლიტიკაში, მაშინ მისი ორჯერ დაპატიმრება რა იყო? გურამ შარაძეს ორჯერ მიუსაჯეს ციხე ,,წვრილმანი ხულიგნობის” მუხლით! სჯერა ვინმეს, რომ ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება?

_ მამათქვენის მკვლელობიდან პირველივე წუთებში უამრავი ვერსია გაჩნდა……  

_ თქვენ ნახეთ უშუალოდ მკვლელობის მოწმე? მე კი ვნახე უამრავი მოწმე, რომელთა ჩვენებები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. ყველაფერი ადასტურებს, რომ გურამ შარაძე მოკლა ორმა ადამიანმა. ერთ-ერთი არის ვინც ,,ალდაგის’’ ფირზე კარგად ჩანს _ ის მსხვერპლს უკან მიყვება და ახდენს პირველ გასროლას. მეორე მკვლელი კი მამას ადგილზე ელოდებოდა. სწორედ, მან დაახალა ორი საკონტროლო ტყვია გარდაცვლილ გურამ შარაძეს და ამის შემდეგ, ავარდა შანიძის ქუჩაზე.… 

_ და მაინც, რატომ მოხდა ეს ყველაფერი ვიდეო-თვალის წინ?

_ პოლიტიკურ მკვლელობებს შორის ეს ის შემთხვევაა, როდესაც გურამ შარაძის წინააღმდეგ ყალბი კომპრომატის შეთითხვნაც ვერ მოხერხდა. მისი ადგილი უნდა დაეკავებინა ,,ალდაგის” ფირს, როგორც ,,მკვლელობის ფაქტის დადასტურებას” (კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის _ მალხაზ ბოხუას სიტყვებია). მაგრამ ვერ იმუშავა ამ გეგმამ კარგად, თუ რატომ, უკვე ყველამ იცის.  

_ ბევრი ელოდებოდა, რომ პოლიტიკაში ჩაერთვებოდით. გასული წლის შემოდგომაზე გურამ შარაძის საზოგადოების დაარსებით, თითქოს, დაიწყეთ კიდეც ამისთვის მზადება. მაშინ ამ საზოგადოებას ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასაც უკავშირებდნენ, მაგრამ თქვენ ყველას გაერიდეთ.

_ ამას ბევრი მეკითხება და უნდა ვთხოვო ყველას: ნუ გააიგივებენ გურამ შარაძის საზოგადოებას რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან. ეს არის ზეპარტიული, ეროვნული ინტერესების მატარებელი საზოგადოება და მისი წევრების, მათ შორის ჩემიც, პირადი პოლიტიკური არჩევანი არაფერ კავშირში არ არის გურამ შარაძის სახელთან, მითუმეტეს, მის შესაძლო არჩევანთან. მე პირადად, დღეს პოლიტიკასთან დაკავშირებული ვარ იმდენად, რამდენადაც მამაჩემი პოლიტიკური მოტივით არის დახრეტილი. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით  და კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას გადავუხდი თითოეულ პიროვნებას, ვინც უმძიმეს წუთებში მხარდაჭერა გამოგვიცხადა, როგორც ოჯახს, ასევე საზოგადოებას. ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, რადგან ასეთი ძალიან ბევრია.  

_ როგორ აღნიშნავს მკვლელობის ერთი წლისთავს გურამ შარაძის ოჯახი, მისი სახელობის საზოგადოება?

_ გურამ შარაძის წლისთავისთვის მთელი რიგი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი _ 19 მაისს 14.00 საათზე მემორიალური დაფის გახსნა ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელ სახლთან. შემდეგ გადავინაცვლებთ ქართული ემიგრაციის მუზეუმში, სადაც გაიმართება გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და ფილმის _ ,,ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება’’ ჩვენება, რომელიც ეძღვნება პირველი დემოკრატიული მთავრობის არქივის დაბრუნებას საქართველოში. გადაუჭარბებლად ვიტყოდი, რომ ეს შესანიშნავი ფილმი გიორგი შარაძის გადაღებულია და სხვათა შორის, საქართველოს პარლამენტისა და ბატონი ზურაბ ჟვანიას მხარდაჭერით გაკეთდა სტუდია ,,აუდიენციაში’’ 1998 წელს. 20 მაისის დღეს ოჯახის წევრები დავუთმობთ წლისთავისთვის შესაბამისი წესების აღსრულებას, საღამოს კი, 20.10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც გურამ შარაძე გამოასალმეს სიცოცხლეს, მელიქიშვილის გამზირზე მოვაწყობთ მდუმარე აქციას.  

ჩვენ ვეპატიჟებით ყველას, მთელ თბილისს, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე, გურამ შარაძის ოპონენტებს. გახსოვთ, ალბათ, მათ არაერთხელ გავუწოდე ხელი და ჯერ კიდევ ველოდები ამ ხალხს. ვფიქრობ, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ გურამ შარაძე ყველა ქართველს მოუკლეს! ვინც ჭეშმარიტი ქართველია, ყველას ველოდებით.

აქვე, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მიუხედავად არსებული ტერორისა, პირნათლად ემსახურებიან თავიანთ საქმეს. ეს განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენთვის, რადგან ხელისუფლება ტყუის, გამოძიება ტყუის, სასამართლო ტყუის, ყველა ტყუის! ტელევიზია დუმს!

ნინო მიქიაშვილი
,,მთელი კვირა”, 19 მაისი, 2008

 

 

ხვალ გურამ შარაძეს მოკლავენ!

სანამ 21 მაისი დადგება და ქართველი ხალხი ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ ანათემას გადასცემს, მანამდე ,,ნაციონალური’’ ხელისუფლების განკითხვის და შეჩვენების ორი თარიღი უნდა გაიხსენოს და იგლოვოს ერმა და ბერმა.

2007 წლის 18 და 20 მაისი.

2007 წლის 18 მაისს, ამაღლების წმინდა დღესასწაულზე, აჭარაში, ფერიის მთაზე, მშენებარე სამონასტრო კომპლექსი დაანგრია ხელისუფლებამ, რომელსაც მანამდე უკვე ჰქონდა დანგრეული ერთი მართლამდიდებლური ტაძარი გლდანში. ღვთისმგმობელმა და ეკლესიების მნგრეველმა ხელისუფლებამ, რომელსაც უკვე ჰყავდა მოკლული ოქროყანის სასაფლაოზე _ სანდრო გირგვლიანი, დიდუბის ეკლესიასთან _ ბუტა რობაქიძე და ჩოგბურთის კორტებთან _ ზურა ვაზაგაშვილი, 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის გამზირზე დამონსტრაციულად დახვრიტა აკადემიკოსი გურამ შარაძე.

როგორც ხედავთ, ფერიის მთაზე ღვთის სახლის დანგრევის შემდეგ, სულ ორი დღე დასჭირდა ღვთისგან მიტოვებულ ხელისუფლებას, რომ უფლის მცნებათაგანი ,,არა კაც ჰკლა’’ უკვე მერამდენედ დაერღვია და კიდევ ერთი უდანაშაულო ქართველის სისხლით მოეთხვარა ხელები!

ნურავის მოეჩვენება გადამლაშებად და ხმამაღალ ნათქვამად ის, რომ გურამ შარაძე ხელისუფლებამ მოკლა!

გურამ შარაძის შვილზე ცხრა წლის წინათ განაწყენებულ გიორგი ბარათელს რომ არ მოუკლავს გურამ შარაძე, ეს ცამ და ქვეყანამ იცის. ამას ადასტურებს გამოძიების მასალები და ამას ადასტურებს ,,ალდაგის’’ ვიდეოფირი, რომელზეც გურამ შარაძის მკვლელობაა აღბეჭდილი და რომელსაც ხელისუფლება გულმოდგინედ ასაიდუმლოებს სწორედ, იმიტომ, რომ იმ ფირზე არსად ჩანს გიორგი ბარათელი.

გურამ შარაძე სულ სხვა მიზნით და მიზეზით მოკლეს და ეს მიზანი და მიზეზი არ შეიძლებოდა ტელეოპერატორ გიორგი ბარათელს ჰქონოდა.

აკადემიკოსის დახვრეტისთანავე, საზოგადოებაში არაერთი ვერსია წარმოიშვა იმის თაობაზე, თუ რატომ მოკლეს გურამ შარაძე.

მათ შორის, იყო ასეთი ვერსიაც:

2007 წლის 22 მაისს, სწორედ, ფერიის მთიდან, სადაც ხელისუფლებამ მშენებარე ტაძარი დაანგრია, გურამ შარაძე აპირებდა დაეწყო საერთო-სახალხო მსვლელობა და მართლმადიდებელ მრევლთან ერთად, ფეხით შემოევლო მთელი საქართველო.

წარმოიდგინეთ: ეკლესიის ადგილიდან დაძრული ათასობით ქართველი, რომელსაც წინ ცნობილი აკადემიკოსი და ერისკაცი გამოუძღვებოდა. ეს მოძრაობა იქნებოდა უპრეცედენტო საპროტესტო აქცია, რომელიც მთელ საქართველოს მოედებოდა და ეკლესიის მნგრეველი ხელისუფლების პარპაშს იმ დღეებშივე თუ არ დაამთავრებდა, ამაღლება დღეს ფერიის მთაზე დაცემული ხელისუფლების აღსასრულს ძალიან დააჩქარებდა.

ამიტომაც, ხელისუფლებისათვის არ შეიძლებოდა, გურამ შარაძეს მამულიშვილური მისია რომ აღესრულებინა და…

2007 წლის 20 მაისს, ანუ ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევიდან ორი დღის შემდეგ და დაგეგმილ საერთო-სახალხო საპროტესტო მსვლელობამდე ორი დღით ადრე, გურამ შარაძე მოკლეს!

ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: ტაძრების მნგრეველ ხელისუფლებას, რომელმაც სამარცხვინო საბაბით ორჯერ გამოამწყვდია ციხეში აკადემიკოსი გურამ შარაძე, არც მის მოკვლაზე აუკანკალდებოდა ხელი!

მიუხედავად იმისა, რომ გურამ შარაძის მიერ ფერიის მთიდან დაგეგმილ სახალხო მსვლელობას შეეძლო დაემთავრებინა, ან სერიოზულად მოეფამფალებინა სააკაშვილის რეჟიმი, ეს არ შეიძლებოდა მხოლოდ ერთადერთი მიზეზი ყოფილიყო აკადემიკოსისა და ერისკაცის დახვრეტისათვის!

გურამ შარაძის სიკვდილი ძალიან ბევრ ვინმეს აძლევდა ხელს!

გურამ შარაძის სიკვდილი აწყობდა ამ ხელისუფლებისათვის ძუძუს მწოვებელ ჯორჯ სოროსს, რომლის ანტიქართულ ზრახვებსაც მუდმივად ამხელდა გურამ შარაძე. ამიტომაც იყო, რომ სოროსის ფონდის თანამშრომელი ვინმე ქაროსანიძე შარაძის დახვრეტამ მეცხრე ცას სწია და ამ არაკაცმა ვერაგულად განგმირულ აკადემიკოსს მობილურ ტელეფონზე მესიჯი გაუგზავნა: ,,ხომ ჩაგაძაღლეს, შე ფაშისტო!’’.

გურამ შარაძის სიკვდილი აწყობდათ საქართველოში სოკოებივით მომრავლებულ და ხელისუფლებაში მომძლავრებულ იეღოველებს, რომლებსაც გურამ შარაძე გასაქანს არ აძლევდა და რისხვად ატყდებოდა თავზე. ამიტომაც იყო, რომ ტაძართმმუსვრელმა ხელისუფლებამ იეღოველთა სექტა ოფიციალურად გაატარა რეგისტრაციაში, გურამ შარაძე კი ორჯერ დააპატიმრა.

გურამ შარაძის სიკვდილი აწყობდა იმას, ვინც ლევილში ქართული მამულის გაყიდვა დააპირა!

გურამ შარაძის სიკვდილი აწყობდა იმას, ვინც საქართველოში ე.წ. თურქი-მესხების ჩამოსახლება დააპირა!

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ლევილის მამულის გაყიდვაზეც და ე.წ. თურქი-მესხების ჩამოსახლებაზეც ხელისუფლება სწორედ გურამ შარაძის სიკვდილის შემდეგ ალაპარაკდა.

ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს დედა-უნივერსიტეტის დამანგრეველ რეფორმას ,,პროექტი ილია ჭავჭავაძე’’ დაარქვა და ,,პროექტ ილია ჭავჭავაძის’’ ეგიდით დედა-უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის სახელობის კაბინეტი გააუქმა, არანაირად არ აძლევდა ხელს, ცოცხალი ყოფილიყო გურამ შარაძე, რომელიც უშესანიშნავეს ტომებს უძღვნიდა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რითაც ილიას იდეების გაცოცხლებასა და ხელახლა კულტივირებას ემსახურებოდა.

ენასთან, მამულთან და სარწმუნოებასთან მებრძოლი ხელისუფლებისთვის საზოგადოება ,,ენა, მამული, სარწმუნოების’’ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის გურამ შარაძის სიკვდილი სულზე მისწრება იყო.

სიმბოლური იყო და სულაც არ ყოფილა შემთხვევითი, რომ გურამ შარაძე სწორედ წიწამურის ტრაგედიიდან, ანუ ილიას მკვლელობიდან 100 წლის თავზე მოკლეს!

იხუვლა თანამედროვე ბერბიჭაშვილების ბერდენკამ და სასტუმროდ ქცეულ საქართველოში, სასტუმრო ,,საქართველოსთან’’ ფილაქანს დაენარცხა ცნობილი აკადემიკოსის, ერისკაცის, ილიას იდეების მიმდევარი ბუმბერაზი ქართველის _ გურამ შარაძის ცხედარი!

2007 წლის 20 მაისის მე-20 საათის მერომელიღაცა წუთზე საქართველოს გურამ შარაძე მოუკლეს!

ხვალ, 2008 წლის 20 მაისს, ერთი წელი შესრულდება იმ საზარელი, სამარცხვინო, საუბედურო, სისხლიანი დღიდან.

ზეგ კი, 2008 წლის 21 მაისს ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტი უნდა აირჩიოს, ახალი პარლამენტი.

შეძლებს კი გურამ შარაძის მკვლელობიდან მეორე დღეს ქართველი ხალხი გურამ შარაძის ოცნება აასრულოს და უარი უთხრას იმ პარლამენტს და ხელისუფლებას, რომელმაც ქართველებს ეროვნება და მამის სახელი წაართვა?

სიმბოლურია ისიც, რომ ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნები გურამ შარაძის დახვრეტიდან ერთი წლისა და ერთი დღის თავზე დანიშნა.

მოგეხსენებათ: საბჭოთა ასტრონომიული კალენდრების ცნობით, დეკრეტული დროს მისაღებად ადგილობრივ დროს უნდა დამატებოდა ერთი საათი და ერთი წუთი.

ალბათ, განგების ნება იყო ისიც, რომ ახალი პარლამენტის ასარჩევად საჭირო გახდა, გურამ შარაძის მკვლელობის თარიღს დამატებოდა ერთი წელი და ერთი დღე!

ასე რომ, ,,ასავალ-დასავალის’’ 2008 წლის მე-20 ნომრის ცნობით:

ხვალ, 20 მაისს, გურამ შარაძეს მოკლავენ!

ზეგ, 21 მაისს, საქართველოს პარლამენტს აირჩევენ!

ჯაბა ხუბუა
,,ასავალ-დასავალი’’, 19-25 მაისი, 2008
 

  

თბილისში აკადემიკოს გურამ შარაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

19 მაისს “გურამ შარაძის საზოგადოების” ინიციატივით თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, N15-ში მდებარე სახლის კედელზე, სადაც აკადემიკოსი გურამ შარაძე ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა.

ცერემონიას ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ცერემონიაზე განაცხადეს, უახლოეს დღეებში აკადემიკოსის და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის ხსოვნისადმი მიძღვნილი კიდევ რამდენიმე ღონისძიების გამართვა იგეგმება.

“გასული წლის ოქტომბერში დავაფუძნეთ “გურამ შარაძის საზოგადოება”, რომელიც უახლოეს დღეებში რიგ ღონისძიებებს გეგმავს. ეს დღეს მემორიალური დაფის გახსნით დაიწყო”, _ განუცხადა ჟურნალისტებს აკადემიკოსის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ.

თეონა ხმელევსკი
“ახალი ამბები _ საქართველო”, 19 მაისი, 2008

  

ჭავჭავაძის №15-ში გურამ შარაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

დღეს ვაკეში, ჭავჭავაძის №15-ში გურამ შარაძის მემორიალური დაფა გაიხსნა. როგორც “პირველისთვის” გახდა ცნობილი, მემორიალური დაფა ,,გურამ შარაძის საზოგადოების” ინიციატივით, აკადემიკოსის მკვლელობიდან ერთი წლის თავზე გაიხსნა. თეთრი მარმარილოს ქვაზე თარიღების გარეშე წარწერა ,,აქ ცხოვრობდა გურამ შარაძე” იკითხება. მემორიალის გახსნას შარაძის ოჯახის წევრები, მეუფე ამბროსი (ქათამაძე), ქაშუთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა კონსტანტინე, როინ მეტრეველი, გოგა ხაინდრავა, იოსებ შატბერაშვილი, ირაკლი წერეთელი, აკადემიკოსის მეგობრები და ახლობლები დაესწრნენ. 

,,პირველი’’, 19 მაისი, 2008

 

 გურამ შარაძის მკვლელობიდან ხვალ ერთი წელი სრულდება

ხვალ, 20 მაისს, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობიდან ერთი წელი სრულდება. ამ დღესთან დაკავშირებით, 13:00 საათზე ოჯახის წევრები და გარდაცვლილის ახლობლები ვერის სასაფლაოზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძრთან შეიკრიბებიან. მოგვიანებით, 20:00 საათზე კი, მელიქიშვილის ქუჩაზე, მკვლეობის ადგილას მდუმარე აქცია მოეწყობა.

გურამ შარაძე 67 წლის ასაკში მელიქიშვილის გამზირზე, სადაზღვეო კომპანია “ალდაგთან” ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 გასროლით მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ვაკეში, მრგვალ ბაღთან დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ბარათელს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდაცვლილის ახლობლები მიიჩნევენ, რომ მკვლელობა ბარათელს არ ჩაუდენია და მას პოლიტიკური სარჩული უდევს.

აღნიშნული საქმე შარაძეების ოჯახს უზენაეს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. 

  “ჯი-ეიჩ-ენი”, 19 მაისი, 2008

 

 

გურამ შარაძის მკვლელობიდან დღეს ერთი წელი შესრულდა

ცნობილი პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის გურამ შარაძის მკვლელობიდან დღეს ერთი წელი შესრულდა. “გურამ შარაძის საზოგადოების” ინიციატივით, ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ განუცხადა, ოჯახის წევრები წლისთავთან დაკავშირებით ვერის სასაფლაოზე, გარდაცვლილის საფლავზე გავლენ და პანაშვიდს გადაიხდიან. საღამოს კი მელიქიშვილის გამზირზე, გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე, სანთლებს დაანთებენ და მდუმარე აქციას გამართავენ.

გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, 20.10 საათზე მელიქიშვილის გამზირზე რამდენიმე გასროლით მოკლეს. სასამართლომ მკვლელობაში ბრალი გიორგი ბარათელს დასდო და მას 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გურამ შარაძის ოჯახის წევრები არ იზიარებენ.

“ინტერპრესნიუსი”, 20 მაისი, 2008

 

 ,,მამას მკვლელობის დამკვეთები საკმაოდ ახალგაზრდები არიან და საბრალდებო სკამზე აუცილებლად დასხდებიან”

ყვავილები, სანთლები, ცრემლები და ხელისუფლებისა თუ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მისამართით გამოთქმული უამრავი საყვედური _ ასე აღნიშნეს 20 მაისს აკადემიკოს გურამ შარაძის ტრაგიკული აღსასრულის წლისთავი მისი ოჯახის წევრებმა, თანამოაზრეებმა და უბრალო მოქალაქეებმა.

19 მაისს კი, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, გურამ შარაძის საცხოვრებელ სახლთან მემორიალური დაფა გაიხსნა, ხოლო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და ფილმის ,,ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება” ჩვენება გაიმართა. ფილმი საქართველოს პირველი დემოკრატიული მთავრობის არქივის საქართველოში დაბრუნებას ეძღვნება. ფილმი გურამ შარაძის ვაჟმა, გიორგი შარაძემ 1998 წელს საქართველოს პარლამენტის და მისი მაშინდელი თავჯდომარის, ზურაბ ჟვანიას მხარდაჭერით გადაიღო.

ერთი წლის წინ 

აკადემიკოსი გურამ შარაძე თბილისის ყველაზე კოლორიტულ ქუჩაზე მიაბიჯებდა და რა თქმა უნდა, მეორე დღეს გეგმავდა… ზურგიდან, მუხანათურად ხუთი ტყვია ესროლეს _ ერთი კეფაში მოხვდა, დანარჩენი _ თავის არეში. თითქმის ორი საათი ესვენა მელიქიშვილის გამზირზე მისი ცხედარი… გურამ შარაძეს კიდევ ბევრი გააჩნდა სათქმელი, მაგრამ მთავარი, თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით უკვე ნათქვამი ჰქონდა საქართველოსთვის… 24 მაისს ის ვერის სასაფლაოზე, შვილის ლაშა შარაძის გვერდით დაკრძალეს. თუმცა, შარაძის მკვლელობის ისტორია და მკვლელობის შესაძლო ვერსიებზე საუბრები ამით და აქ არ დასრულებულა.

გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტის გახმიანებისთანავე გამოითქვა ეჭვი, რომ 2007 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20 საათსა და 15 წუთზე თბილისის ცენტრში მომხდარი ეს მკვლელობა პროკურატურის თაროზე შემოდებულ გაუხსნელ, დამტვერილ საქმეთა რიცხვს შეემატებოდა. თუმცა, პოლიციამ მკვლელი ,,ცხელ კვალზე”, მომხდარიდან ცოტა ხანში დააკავა, ხოლო, დაკავებულის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე საქმე, პრაქტიკულად, გახსნილად გამოაცხადა. თუმცა, აკადემიკოსის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ მკვლელობის საქმის გამოძიება არაობიექტურად წარიმართა და გურამ შარაძის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესი ქართული სამართლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო იყო.

 

მკვლელობის ოფიციალური და არაოფიციალური ვერსიები

საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა არცთუ მცირე ნაწილისთვის გურამ შარაძის მკვლელობის საქმე გაუხსნელი, გამოუძიებელი და ბურუსით მოცული დარჩა, ისე, როგორც ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას მკვლელობის შემთხვევაში. ის ოფიციალური ვერსია, რომელიც ხელისუფლებამ გაახმოვანა, საზოგადოების ნაწილს და ოჯახის წევრებსაც არაობიექტურად მიაჩნიათ. ისინიც, შარაძის თანამებრძოლებიც, თანამოაზრენიც დარწმუნებული არიან, რომ ეს მკვლელობა წლების განმავლობაში მზადდებოდა. გურამ შარაძე მისი მრწამსისა და იდეოლოგიის გამო მოკლეს. ის კი, თუ ვინ იქცა მტრის ხელში იარაღად და ჩახმახს ხელი ვინ გამოკრა, ნაკლებად მნიშვნელოვანია.

,,ბატონი გურამის მკვლელობის საქმე, ფაქტობრივად, არც გამოუძიებიათ. გამოძიებას თითი თითზე არ დაუდია. მისი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა, მაგრამ გამოძიებას ახალი არაფერი აქვს. იგნორირებულია დაცვის მხარის ყველა შუამდგომლობა თუ საჩივარი. არ გვსიამოვნებს ის ფაქტი, რომ მოგვიწევს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მივმართოთ, რადგან ბატონ გურამს გულს სტკენდა ყველა საჩივარი, რომელიც ქვეყნის გარეთ გადიოდა და საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული”, _ აცხადებს ,,ჯორჯიან თაიმსთან” საუბრისას ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე.

 

ოჯახის პოზიცია

გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ,,ჯორჯიან თაიმსთან” საუბრისას აცხადებს, რომ როგორც მკვლელობის დღეს, ამ ტრაგიკული დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგაც, აკადემიკოსის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გურამ შარაძის მკვლელობა დაკვეთილი იყო და მას პოლიტიკური ნიადაგი ჰქონდა.

,,გურამ შარაძე გიორგი ბარათელს არ მოუკლავს. ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო. რაც დრო გადის, ამ ვერსიის დამამტკიცებელ სულ უფრო მეტ მტკიცებულებას ვპოულობთ და მის მართებულობაში უფრო მეტად ვრწმუნდებით. უღრმესი მადლობა ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც ამის შესახებ სიმართლეს ამბობს. ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ მამას სიცოცხლეში მიდიოდა პიარ-კამპანია ელექტრონული მედია-საშუალებებით, რათა შეექმნათ აზრი, თითქოს გურამ შარაძე პოლიტიკიდან წავიდა. მის გამოსვლებს ყველა ტელეკომპანია ბლოკავდა. ახლა კი მისი სიკვდილის თემას დაადეს ტაბუ”, _ აცხადებს რუსუდან შარაძე.

რუსუდან შარაძის განცხადებით, ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც გურამ შარაძის გვერდით პარლამენტში რვა წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ, ოჯახისთვის სამძიმრის თქმასაც ვერ ბედავდნენ.

,,გურამ შარაძე დღისით, მზისით მოკლეს და ამ ფაქტს ათეულობით მოწმე ჰყავს. ფაქტობრივად, დადასტურებულია, რომ გურამ შარაძეს თავს ორი პირი დაესხა და შარაძის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული გიორგი ბარათელი სინამდვილეში მკვლელი არ არის. თუმცა, ვიდრე გურამ შარაძის მკვლელი ხელისუფლება იარსებებს, ეს საქმე არ გაიხსნება. ხომ არ აღიარებენ, კი შარაძე ჩვენ მოვკალითო და საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან? როგორც კი ეს ხელისუფლება წავა, საქმეც გაიხსნება. მამას მკვლელობის დამკვეთებიც და შემსრულებლებიც საკმაოდ ახალგაზრდები არიან და საბრალდებო სკამზე აუცილებლად დასხდებიან,” _ აცხადებს რუსუდან შარაძე.

დალი ბჟალავა
,,ჯორჯიან თაიმსი”, 22-29 მაისი, 2008 

 

,,ასავალ-დასავალის’’ რედაქციას!

თქვენი გაზეთის 23-29 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტ მეგი საჯაიას სტატია ,,გრანტი-პატიურებული ქრისტინას ,,მსხვერპლი’’ პაატა ჯალაღონია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს!’’, სადაც საუბარია ,,ღირსეულ’’ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილზე, რომელმაც ,,სამართლიანი განაჩენი გამოიტანა’’.

სტატიის ბოლოთქმა კი ასეთია: ,,მისასალმებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ღირსეული მოსამართლეები და ღირსეული ადამიანები, რომელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლიანობის დაცვაა. იმედია, საქართველოში მალე აღარ იქნებიან ისეთი მოსამართლეები, რომლებმაც სათანადოდ არ დასაჯეს სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელები, ციხეში გაამწესეს მამა ბასილი და სხვა მრავალ უსამართლო განაჩენს უსინდისოდ მოაწერეს ხელი!’’.

ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მეგი საჯაიას შეგნებულად დაავიწყდა ქუჩაში დახვრეტილი გურამ შარაძის ,,მკვლელი’’ გიორგი ბარათელი, მაგრამ ჟურნალისტი კარგად რომ დაინტერესებულიყო, თუ ვინ მიუსაჯა 27 წლით ჯოჯოხეთი სრულიად უდანაშაულო კაცს _ გიორგი ბარათელს, აუცილებლად აღმოაჩენდა, რომ ეს სწორედ, ,,ღირსეული მოსამართლე’’ ბადრი კოჭლამაზაშვილია!   

მე არ ვიცი ვინ ვინ გააუპატიურა და ,,ღირსეულმა’’ რის სანაცვლოდ გამოიტანა სტატიაში ხსენებული განაჩენი, მაგრამ ერთი რამ უდავოდ ვიცი _ ბადრი კოჭლამაზაშვილმა გიორგი ბარათელისათვის 27 წლის მისჯით გააუპატიურა მართლმსაჯულება, კაცობა, სინდისი და ნამუსი.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილი არის  ხელისუფლების ყურმოჭრილი მონა და ღირსებისგან ძალიან შორს დგას. ის არის არსება, რომელიც მთელი პროცესის მანძილზე ცინიკურ განცხადებებს არ იშურებდა დახვრეტილი გურამ შარაძის მიმართ და რომელსაც მისი პატრონები ახლა ,,დემოკრატი’’, ,,ღირსეული’’ და ,,სამართლიანი’’ მოსამართლის იმიჯს უქმნიან.  

იმედი მაქვს, ,,ასავალ-დასავალი’’ და მისი ჟურნალისტები ამ სიბინძურეში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ღრმა პატივისცემით,

რუსუდან შარაძე 
,,ასავალ-დასავალი’’, 30 ივნისი – 6 ივლისი, 2008

 

შარაძეების ოჯახის ადვოკატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქმისადმი “ცინიკურ და აგდებულ” დამოკიდებულებაში ადანაშაულებს

აკადემიკოს გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქმისადმი “ცინიკურ და აგდებულ” დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

კერძოდ, ნიშნიანიძის უკმაყოფილების მიზეზი ის გარემოებაა, რომ შარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში ჯერ კიდევ მაისის თვეში შეტანილი სარჩელის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.

“სარჩელი მოსამართლეს მაქსიმუმ, ერთი კვირის განმავლობაში უნდა გადასცემოდა, თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოხდა და თან ისე, რომ ამის თაობაზე თავად მოსამართლე მაია ოშხერელი არ გაუფრთხილებიათ. როგორც ოშხერელის თანაშემწემ სატელეფონო საუბარში მითხრა, საქმის განხილვა შემოდგომამდე არ მოხდება” _ განაცხადა შარაძის ადვოკატმა, რომელიც უზენაესი სასამართლოსგან მის მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვის დანიშნვას აგვისტო-სექტემბერში მოითხოვს.

ამასთან, შარაძის ადვოკატი ეჭვობს, რომ უზენაესი სასამართლო მის სარჩელზე განაჩენის გამოტანას ზეპირი მოსმენის გარეშე აპირებს.

როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლომ შარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარათელს თავისუფლების 26 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მოკლული აკადემიკოსის ადვოკატი კი ეჭვობს, რომ გურამ შარაძე სხვის მიერაა მოკლული და ბარათელს ამ საქმესთან კავშირი არ აქვს.

საკასაციო სარჩელში ნინო ნიშნიანიძე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას, ვიდეოთვალის ექსპერტიზას, საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას და მის თავიდან განხილვას მოითხოვს.

“პირველი”, 23 ივლისი, 2008

 

დღეს გურამ შარაძეს 68 წელი შეუსრულდებოდა

მელიქიშვილის გამზირზე დახვრეტილ გურამ შარაძეს დღეს დაბადებიდან 68 წელი შეუსრულდებოდა. მისი ოჯახი ნამდივლი მკვლელის დასჯის იმედს არ კარგავს, ოღონდ ამ ხელისუფლებისპირობებში ეს შეუძლებლად მიაჩნიათ.

იმაზე, თუ რა ღონისძიებით აღნიშნავენ აკადემიკოს გურამ შარაძის დაბადების დღეს და ვინ აგრძელებს მის დაწყებულ საქმეს, “რეზონანსი” გურამ შარაძის ქალიშვილს რუსუდან შარაძეს ესაუბრა.

რუსუდან შარაძე: 16 საათზე, ივანე მაჩაბლის 11 ნომერში მდებარე გალაკტიონის დარბაზში, გურამ შარაძის საზოგადოება და საქართველოს მწერალთა კავშირი ხსოვნის საღამოს გამართავენ. ჩვენ ვეპატიჟებით ყველას… აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თანადგომისთვის უდიდეს მადლობას გადავუხდი საქართველოს მწერალთა კავშირს.

_ როგორ აღნიშნეთ მამათქვენის ბოლო დაბადებისდღე, მის სიცოცხლეში?

_ ჩემი მშობლები თავიანთ დაბადების დღეებს ყოველთვის მოკრძალებულად აღნიშნავდნენ; ლაშას მკვლელობის შემდეგ კი ჩვენს ოჯახში ლხინი საერთოდ დამთავრდა. მამაჩემის ბოლო დაბადების დღეც არაფრით გამოირჩეოდა; თუმცა, ოჯახის წევრებისთვის 17 ოქტომბერი ჩვეულებრივი დღე არასდროს იყო. რა თქმა უნდა, ღამით, პირველის ერთ წუთზე დავურეკე და მივულოცე; მეორე დღე კი, როგორც ყოველთვის, შეძლებისდაგვარად ერთად გავატარეთ.

_ მისი მკვლელობის ადგილას პატარა მონუმენტის აღმართვა იგეგმებოდა, მაგრამ იქ დღემდე არაფერი დგას. ეს თქვენი მიზეზით ხდება, თუ სხვა რამ გიშლით ხელს?

_ ამ საკითხზე პოლიტიკოსები და ჟურნალისტები აქტიურობდნენ, რომელთა დასახელება არ მინდა. სამწუხაროდ, არათუ მონუმენტის, დღეს მათი უმრავლესობისგან გურამ შარაძის სახელის ხსენებაც კი არ არის. გურამ შარაძის საზოგადოებამ მისი დახვრეტიდან ერთი წლის თავზე, საცხოვრებელ სახლთან მემორიალური დაფა გახსნა და თავის დროზე მკვლელობის ადგილზეც დავდგამთ მონუმენტს. მეეჭვება, ეს ამ ხელისუფლების ხელში მოხდეს, რადგან მონუმენტს აუცილებლად პოლიტიკური დატვირთვა ექნება.

_ ბოლოს რომელ წიგნზე მუშაობდა მამათქვენი და სიანტერესოა, ამჟამად ვინ აგრძელებს მის საქმეს?

_ თუ რაზე მუშაობდა გურამ შარაძე ბოლოს, ამის მოყოლას ერთი ინტერვიუ არ ეყოფა… მათ შორის, აღსანიშნავია უნიკალური ფოტომასალების შემცველი “ძველი გურია” და “ძველი ბათუმი”; აკაკის მე-5 ტომი; ილიასა და აკაკის გაგრძელება _ იაკობი, ვაჟა, ექვთიმე; “ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიის”, რომლის რვა ტომი უკვე გამოცემულია, კიდევ თექვსმეტი ტომი… ეს ის წიგნებია, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდა და მათ შორის რამდენიმე გამოსაცემად მზად იყო. როდესმე ისინი იხილავენ მზის სინათლეს.

დღეს ზოგიერთი ბრიყვი თუ ხელისუფლების მონა აცხადებს, რომ გურამ შარაძე წავიდა პოლიტიკიდან (რაც არის ტყუილი!) და ამდენად, ხელისუფლებისთვის საშიშროებას აღარ წარმოდგენდა. მე ვეკითხები მათ _ თუნდაც, ამ წიგნების დამწერი გურამ შარაძე არ იყო საშიში ერის მოღალატე ხელისუფლებისთვის, “თავისუფლების ინსტიტუტისთვის”, სოროსის ფონდისთვის?

ვინაიდან, დღესდღეობით, უბედური ქართველი ხალხის მეხსიერება საგანგებოდ გაწრთვნილი ტელემედიის მიერ დამარცხებულად უნდა ჩაითვალოს (სხვათა შორის, მოვა დრო და ჟურნალისტებსაც მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რადგან მათში ბევრია ისეთი, ვისაც ქართველი ხალხის დაქცევასა გამოთაყვანებაში ხელისუფლებაზე არანაკლები პასუხიმგებლობა ეკისრება), ამიტომ ორი სიტყვით ვიტყვი, თუ რით იყო გურამ შარაძე დაკავებული ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე, გარდა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი საქმიანობისა:

გურამ შარაძე საზღვარგარეთ ფურცელ-ფურცელ აგროვებდა და საქართველოში ჩამოჰქონდა (თავიდან არალეგალურად) ქვეყნის განძი _ XX საუკუნის საქართველოს უცნობი ისტორია; მის მიერ ჩამოტანილი არქივები თუ ლიტერატურა ტონებს იწონის. ამას ემატება მისი 70-მდე წიგნი, რომლითაც მომავალ თაობებს უზარმაზარი ფუნდამენტი შეუქმნა… მან პირველმა უკვდავყო სამშობლოში დავიწყებული, თუ სრულიად უცნობი ქართველი გმირებისა და მოღვაწეების სახელები; გურამ შარაძემ საფუძველი ჩაუყარა ახალ მეცნიერულ მიმართულებას _ ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიას… სხვას რომ თავი დავანებოთ, თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მწირი იქნებოდა დემოკრატიული საქართველოს სამართლებრივი მხარე, თუნდაც, 1918-1919 წლების დამოუკიდებლობის აქტების ორიგინალების (რომელთა შორის ერთს გიორგი შარაძემ მიაკვლია ციურიხში და 2000 წელს ჩამოიტანა საქართველოში) გარეშე, ეროვნული მთავრობის არქივის გარეშე? რამდენი ჩამოვთვალო?!

_ კომუნისტების დროს საზღვარგარეთ წასვლა რთული იყო…

_ რთულიც იყო და ხშირ შემთხვევაში, წარმოუდგენელიც, ხოლო, ის, რასაც გურამ შარაძე აკეთებდა, არათუ დაბრკოლებებთან და წინააღმდეგობებთან იყო დაკავშირებული, არამედ სასტიკად ისჯებოდა კანონით, როგორც “ხალხის მტრობა” (აქ დღევანდელობასთან პარალელს აღარ გავავლებ). გურამ შარაძე რისკზე მიდიოდა და ამით საფრთხის წინაშე აყენებდა არამარტო საკუთარ სიცოცხლეს, არამედ დედაჩემს და ჩვენ, შვილებს. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ მამაჩემი უცხოეთში თავისუფლად მიდი-მოდიოდა, ასე არ არის. დრომაც შეუწყო ხელი, ეს უფრო აქტიურად ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარში ხდებოდა.

ყველაფრის დაწვრილებით მოყოლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ვისაც მართლა აინტერესებს, შეუძლია გაეცნოს გურამ შარაძის წიგნებს, სადაც არაერთგან აქვს მოთხრობილი, ილია ჭავჭავაძის შესახებ ორტომეულზე მუშაობისას (10 წელი მოანდომა) თუ როგორ წავიდა 1981 წელს პირველად ინგლისში, რათა შეესწავლა იქ დაცული ილიასა და და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების პირადი წერილები… მოთხრობილი აქვს, თუ როგორ უმასპინძლა ლონდონმა, როგორც სამეცნიერო აკადემიის მიერ მივლინებულ დოქტორს, რომელიც ინგლისში დედოფლის პირად სტუმრად ითვლება; როგორ გაეცნო მოულოდნელად ერთ-ერთ შეხვედრაზე ნოე რამიშვილის ვაჟი _ აკაკი რამიშვილი, რომელმაც მას ეროვნული მთავრობის არქივის არსებობა ამცნო და ფაქტობრივად, კურთხევა მისცა იმ რთული მისიის შესასრულებლად, რასაც ამ არქივის სამშობლოში დაბრუნება ჰქვია. გურამ შარაძემ ეს მისია 15 წლის შემდეგ სახელმწიფოებრივ დონეზე დააგვირგვინა, მაშინ როდესაც სათავეში ჩაუდგა მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების საპარლამენტო კომიტეტს.

_ რა სტადიაშია მამათქვენის მკვლელობის საქმე და გაქვთთუ არა სიმართლის დადგენის იმედი?

_ დაწვრილებით არ ვიცი და სიმართლე გითხრათ, ამ ხელისუფლების პირობებში, არც მაინტერესებს. დღეს რომელ მოსამართლესაც არ უნდა ჩააბარონ მამაჩამის დახვრეტის საქმე, ყველა მათგანი ბადრი კოჭლამაზაშვილი იქნება. ველოდები იმ დღეს, როდესაც საქართველოში სამართალი იზეიმებს და მკვლელი ხელისუფლება გასამართლდება არა მარტო გურამ შარაძის, არამედ საქართველოს დახვრეტისთვის. მიუხედავად ტერორისა, ქართველმა ერმა გურამ შარაძე მიწას ღირსეულად მიაბარა, მაგრამ მაინც – მან ბოლომდე ვერ გაიგო რა მოხდა ამ მკვლელობით. მოვა დღე და გამოფხიზლებული და ღირსება აღდგენილი საქართველო მისთვის ნაწამებ შვილებს დააფასებს.

ნინო მიქიაშვილი
,,რეზონანსი’’, 17 ოტქომბერი, 2008

 

 ***

,,მამაჩემი, აკადემიკოსი გურამ შარაძე სააკაშვილის ხელისუფლებამ დახვრიტა!’’, ,,საქართველო და მსოფლიო’’, ოქტომბერი, 2008

***

Advertisements

One Response to 2008 წელი

  1. September Jalomo ამბობს:

    I have to admit that i sometimes get bored to read the whole thing but i think that your blog can be an exception. Grats !

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s