ივლისი

“სიკვდილი და დასაფლავება”

ივლისი, 2007

  • ,,გურამ შარაძის პოლიტიკური მკვლელობის 3 ვერსია’’, ივლისი, 2007, humanrights.ge
  • ,,რუსუდან შარაძე: “მე ვნახე, როგორ კლავენ მამას”, “ახალი 7 დღე”, 5-11 ივლისი, 2007
  • ,,როგორ გამოიყურებოდა გურამ შარაძის მკვლელი ,,ალდაგის” სათვალთვალო კამერაში?’’, ,,რეზონანსი”, 7 ივლისი, 2007
  • ,,რუსუდან შარაძემ ვიდეოფირზე მამის ნამდვილი მკვლელი ნახა’’, ,,სარკე’’, 11-17 ივლისი, 2007
  • ,,ალდაგელებო, გამოაჩინეთ გურამ შარაძის ბერბიჭაშვილები!’’, “ასავალ-დასავალი”, 16-22 ივლისი, 2007
  • ,,გურამ შარაძის უცნობი მოწმის სენსაციური აღიარება, ანუ “ასავალ-დასავალმა” შვეიცარიიდან წერილი მიიღო’’, “ასავალ-დასავალი”, 23-29 ივლისი, 2007
  • ,,ვინ ისურვა გურამ შარაძის სიკვდილი და რატომ მიწყნარდა აჟიოტაჟი ე.წ. ,,თურქი-მესხების გარშემო?’’, ,,ასავალ-დასავალი’’, 30 ივლისი – 5 აგვისტო, 2007
  • ,,გურამ შარაძე ჟურნალისტებმა გააცოცხლეს!’’,,,ასავალ-დასავალი’’, 30 ივლისი _ 5 აგვისტო, 2007
  • ,,რა შეეშალა გურამ შარაძეს?’’, “ასავალ-დასავალი”, 30 ივლისი – 5 აგვისტო, 2007

***

გურამ შარაძის პოლიტიკური მკვლელობის 3 ვერსია

ჟურნალისტური მოკვლევა

ნაწილი პირველი

20 ივლისს ცნობილი პოლიტიკოსის, აკადემიკოსის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, გურამ შარაძის მკვლელობიდან 2 თვე სრულდება. თუმცა, მისი ოჯახის წევრები დღემდე არავის დაუკითხავს. მისი ადვოკატი კი იგნორირებულია და გამოძიების პროცესში ვერ მონაწილეობს. ოჯახი სამართალდამცველებთან არ თანამშრომლობს და ობიექტური გამოძიების იმედი არა აქვს. შარაძეების ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ გურამ შარაძის მკვლელობა იმ კატეგორიის დანაშაულებს მიემატება, რასაც გახსნილი, მაგრამ რეალურად გაუხსნელი საქმეები ჰქვია.

გურამ შარაძე 20 მაისს, დღისით, შანიძისა და მელიქიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობიდან დაახლოებით ერთ საათში პატრულმა ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი დააკავა. ბარათელმა თავდაპირველად დანაშაული აღიარა, შემდეგ უარყო. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ძალოვანებმა საქმე გახსნილად გამოაცხადეს. მოკლულის ოჯახს კი ბარათელის დაკავებისთანავე სერიოზული ეჭვები გაუჩნდა.

პირველადი ინფორმაციით (რაც სამართალდამცველებმა ბარათელის დაკავების შემდეგ გაავრცელეს), შარაძის მკვლელობის მოტივად ანგარიშსწორება დასახელდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მოტივი შურისძიება გახდა, თითქოს ბარათელი გურამ შარაძის შვილმა გიორგი შარაძემ საზღვარგარეთ სამუშაოდ წაიყვანა და ფული არ გადაუხადა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შარაძეების ოჯახი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას აზრი არ ჰქონდა, რადგან ისინი ცილისწამებას ეწეოდნენ. ამ ეტაპისთვის საქმის ძიების შესახებ არც ოჯახმა და არც ადვოკატმა არაფერი იცის. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმესთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ ხმაურდება.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” შეეცადა გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია შეეგროვებინა.

სამართალდამცველების მხრიდან ყველა ინფორმაცია დახურულია.

ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა არაფერი იციან გარდა იმისა, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა. ყველა რესპონდენტი, რომელსაც ამ საკითხზე ვესაუბრეთ, პოლიტიკურ მკვლელობაზე საუბრობს და მკვლელობის რამდენიმე მიზეზსაც ასახელებს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები მკვლელობის რამდენიმე მოტივზე საუბრობენ და ისეთ დეტალებს ეხებიან, რომელიც შესაძლოა, გამოძიებისთვის საინტერესო აღმოჩნდეს.

გურამ შარაძის ქალიშვილის, რუსუდან შარაძის თქმით, აღნიშნული პოლიტიკური მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში “თურქი-მესხების” ჩამოსახლების საკითხია, რომელიც დღის წესრიგში სწორედ მამის მკვლელობის შემდეგ დადგა.

რუსუდან შარაძე: “სამართალდამცავები თვალით არ მინახავს. ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა. მიზეზი კი ბევრია. ერთი თვეც არ იყო გასული გურამ შარაძის პოლიტიკური მკვლელობიდან, რომ უკვე წამოიწია “თურქი-მესხების” საქართველოში ჩამოსახლების საკითხმა. ეს იყო ბოლო წვეთი მისი ანგარიშსწორების. მე არ ვამბობ, რომ მამა მარტო ამიტომ მოკლეს. მამა 1995-99 წლის პარლამენტში მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ. უშუალოდ მისი პროფილი იყო თურქი-მესხების საქართველოში ჩამოსახლება და დღეს თუ ისინი არ არიან ჩამოსახლებულები, მამას დამსახურებაა. გურამ შარაძეს აჰყვებოდა მთელი საქართველო და ის დოკუმენტურად დაადასტურებდა, ჰქონდა კიდეც მასალები, რომ ე.წ. მაჰმადიან-მესხებს ქართველებთან და მესხებთან არანაირი კავშირი არა აქვთ, ისინი არიან თურქები! მამა სულ ამბობდა, რომ “დიდი თურქობა” მონაგონი იქნება, რადგან ესენი არიან შუა აზიაში ქართველების ზიზღით გაზრდილი თურქები, რომლებიც კეთილი სურვილებით არ მოდიან საქართველოში. ისინი ღიად აცხადებენ, რომ საქართველოში კი არ ბრუნდებიან, არამედ, ბრუნდებიან თავიანთ ისტორიულ სამშობლოში _ ახალციხის საფაშოში, და რომ უნდათ თავიანთი მეჩეთები, სკოლები, პრესა და საბოლოოდ, თურქეთთან მიერთება”.

გურამ შარაძის პოლიტიკური მკვლელობის კიდევ ერთ მიზეზად საფრანგეთის ლევილის მამული სახელდება. მართალია, ამ ეტაპისთვის მისი გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, როგორც რუსუდან შარაძე აცხადებს, “თურქი-მესხების” საკითხის მსგავსად, ეს თემაც მალე აქტუალური გახდება: “ველოდები, რომ ეს საკითხიც აუცილებლად წამოიწევს. გურამ შარაძე ამ თემას აუცილებლად შეაკვდებოდა და არაფრით დათმობდა იმას, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. მან მთელი ცხოვრება შეალია ემიგრაციას და იმ განძეულობის სამშობლოში დაბრუნებას, რომელიც პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ 1921 წელს საზღვარგარეთ გაიტანა. საეკლესიო განძეულობა ექვთიმე თაყაიშვილმა დაუბრუნა საქართველოს, ხოლო მთავრობის არქივი, რომელიც ათეულობით ტონას მოიცავს, გურამ შარაძემ. ლევილის მამული მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის საკუთრებაა და არა მისი ხელისუფლების. საბოლოოდ, შეიძლებოდა ვერც ლევილი გაეყიდათ და ვერც “თურქი-მესხები’’ ჩამოესახლებინათ. ამიტომ, მისი ფიზიკური ლიკვიდაციის გზა აირჩიეს”.

რა ეტაპზეა გამოძიება? ეს კითხვა გურამ შარაძის ოჯახისთვისაც ზედმეტი აღმოჩნდა და მისი მეგობრებისთვისაც. პასუხი არცერთს არ აქვს. “ვერაფერს გეტყვით, არავინ დაგვკავშირებია”, _ ასეთია ოჯახის პასუხი.

რაც შეეხება ბარათელს, შარაძის ოჯახში ამბობენ, რომ მას შარაძის შვილები ძალიან კარგად იცნობენ. რუსუდან შარაძის განცხადებით, “შეიძლება მამას უნახავს ბარათელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქუჩაში რომ შეხვედროდა, ვერც კი იცნობდა”. ბარათელთან გურამ შარაძის შვილის _ გიორგი შარაძის ურთიერთობას რუსუდან შარაძე შემდეგნაირად იხსენებს: “გიორგი ჟენევაში, საქართველოს საელჩოში კულტურის ატაშედ მუშაობდა. მოგეხსენებათ, რომ ჟენევა ქართული ემიგრაციის კერაა, იქ არის საქართველოსთან დაკავშირებული დღემდე შეუსწავლელი არქივები და მასალები. გიორგი ამ მასალებზე ფილმს იღებდა და ბარათელი დამხმარე ოპერატორად მიიწვია. ეს 7-8 წლის წინ მოხდა. საქართველოში დაბრუნების წინა დღეს მან მაღაზიაში რაღაც მოიპარა და დააკავეს. ჩემი ძმა საქართველოში მარტო დაბრუნდა, ის კი დაჭერილი იყო. მართალია, შემდგომში ბარათელის დეპორტაცია მოხდა, მაგრამ მას შემდეგ ჩემს ძმას ბარათელთან ურთიერთობა არ ჰქონია და არც უნახავს. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ! არანაირი იმედი არ მაქვს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება. პირიქით, უდიდეს ცილისწამებას ველოდები, მაგრამ მზად ვარ ამისთვის იმ იმედით, რომ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ყველაფერს ფარდა აეხდება და არამარტო მისი ნამდვილი მკვლელი, არამედ, ამ მკვლელობის შემკვეთი საბრალდებო სკამზე დაჯდება”.

მესიჯების ისტორია

შარაძეების ოჯახს გამოძიებასთან უამრავი კითხვა აქვს. თუმცა, დღევანდელი საგამოძიებო სისტემისადმი უნდობლობის გამო, მას კითხვებით არ მიმართავენ. შარაძის საქმეში საინტერესოა ე.წ. მესიჯების ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო. კერძოდ, 2002 წლის ზაფხულში მაგთის 10.000 აბონენტმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება ტექსტით: „სიკვდილი ფაშისტ გურამ შარაძეს, გაუმარჯოს თავისუფლების ინსტიტუტს!”. ამას სერიოზული ხმაური მოჰყვა და არაერთი სტატია თუ გადაცემა მიეძღვნა. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. ძიებამ „ღია საზოგადოება-საქართველოს” ერთ-ერთ თანამშრომელს, ვინმე ქაროსანიძეს მიაკვლია. სასამართლო პროცესიც ჩატარდა, თუმცა, მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

როგორც რუსუდან შარაძე ამბობს, ამის შემდეგ, ქაროსანიძემ არათუ შეწყვიტა აღნიშნული ქმედებები, არამედ მომავალშიც გააგრძელა შეტყობინებების გაგზავნა გურამ შარაძის პირად მობილურზე. ეს ინტერნეტ მისამართით ხდებოდა. მისივე თქმით, შეტყობინებები გურამ შარაძის მობილურზე მკვლელობის შემდეგაც არის მისული.

რუსუდან შარაძე: „ჟენევაში ვსწავლობ და მამის მკვლელობამდე იქ ვიყავი. 22 მაისს ნივთების წასაღებად დამიბარეს. გამომძიებელ ზაალ გურგენიძეს შევხვდი, რომელსაც ნივთები უნდა გადმოეცა. როდესაც გამომძიებელმა გადმომცა მობილური ტელეფონი, რომელსაც ბატარეა ჯერ კიდევ ყოფნიდა, მაშინვე დავიწყე მესიჯების ნახვა. ვნახე 20 მაისს, მკვლელობის შემდეგ მოწერილი შემდეგი ტექსტი: „რა თქმა უნდა, პოლიტიკური მკვლელობა იყო, ფაშისტი იყო და იმიტომაც ჩააძაღლეს. ახია მაგაზე”; „მუსოლინის გვერდით დამარხეთ ეს გახრწნილი”. ხოლო, ერთი მესიჯი “ლაივში” მოვიდა: „ყველა ფაშისტს ეგრე მოუვა, ყველაფერი საკუთარ თავებს დააბრალეთ თქვე დამპლებო და კაციჭამიებო” _ ეწერა იქ. ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ოჯახის გადაწყვეტილება _ არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მართებული იყო. მომხდარი ოქმშიც დავაფიქსირე, მაგრამ აზრი არა აქვს. არაერთხელ ვთქვი, მისდიეთ ქაროსანიძეს და მიხვალთ გურამ შარაძის მკვლელობის შემკვეთთან!”

„ფილოლოგი, ისტორიკოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, უამრავი წიგნის ავტორი, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, ასეთი ადამიანი არ შეიძლებოდა, პოლიტიკური მკვლელობის გარდა, სხვა მოტივით მოეკლათ”, _ ასეთია გურამ შარაძის მეგობრების, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების შეფასება. ობიექტურ გამოძიებას არც ისინი ელიან. გამოძიებასთან არაერთი კითხვა აქვთ, თუმცა, პასუხებს ვერ ღებულობენ.

როგორც მეცნიერი, პოლიტიკოსი და გურამ შარაძის მეგობარი ნესტან კირთაძე ამბობს, შარაძის პოლიტიკური მკვლელობა ქართულ ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებზე შეტევას ნიშნავს. მისივე თქმით, მსგავსი პოლიტიკური მკვლელობები არა ერთი ოჯახის, არამედ ერის ტრაგედიაა.

ნესტან კირთაძე: „ყოველი ასეთი პოლიტიკური მკვლელობა, ბუნებრივია, თავზარდამცემია მთელი ქართული საზოგადოებისთვის. ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოება ამას მიეჩვია, რადგან პოლიტიკური ფიგურა, რომელიც საქართველოს პოლიტიკური ნიშნით უკვდება, თავისებურად ამ საქართველოს მეციხოვნეა. მეციხოვნე ქართული ეროვნული ღირებულებების, ტრადიციების, ენის, კულტურის, მომავლის…”

კითხვაზე, რატომ პოლიტიკური მკვლელობა და არა ის ვერსია, რასაც სამართალდამცველები ავრცელებენ, კირთაძის პოზიცია ასეთია:

„ჯერ ერთი, ფორმალურად რომ ავიღოთ, გურამ შარაძე პოლიტიკური მოძრაობის „ენა, მამული, სარწმუნოება” ლიდერი იყო. როცა ამ მოძრაობის ლიდერს ან რომელიმე წევრს შეეხებიან, ეს ფორმალურად უკვე პოლიტიკურ მკვლელობას ნიშნავს. შარაძის მოღვაწეობის ამოსავალი წერტილი ენისათვის, მამულისათვის და სარწმუნოებისათვის ბრძოლა იყო. დღეს ქართული ეროვნულობის გადარჩენის საკითხი ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს პოლიტიკური მკვლელობა პირდაპირ და ირიბად რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. ერთი ფაქტორი კი არის გაფრთხილება, რომ ეროვნული ღირებულებების მატარებელი პოლიტიკური ლიდერები ფრთხილად უნდა იყვნენ. ამისი ნათელი დადასტურებაა “თურქი-მესხების” დაბრუნების საკითხი. ეს არის დიდი მზაკვრული გეგმა საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც გურამ შარაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა”.

გამოძიების მიმართ კითხვები ნესტან კირთაძესაც გააჩნია, მაგრამ მისი ძირითადი კითხვა ხელისუფლებას ეკუთვნის: „კითხვები უამრავია. ასეთი ცნობილი ადამიანის მკვლელობის გამო, ხელისუფლებას დუმილის გზა არ უნდა აერჩია. რატომ მოიქცა ასე? რაც შეეხება გამოძიებას, ის მგონი ფორმალურ ხასიათსაც კი არ ატარებს. დაინტერესებული პირები, იგივე ოჯახის ადვოკატი სასაცილოდ აიგდეს და ყველა ინსტანციიდან გამოაძევეს. კითხვის ნიშნები და ეჭვები საკმაოდ ბევრია”.

პოლიტიკური მკვლელობის კიდევ ერთ მოტივზე საუბრობს გურამ შარაძის მეგობარი, პოლიტიკოსი სოსო შატბერაშვილი. მისი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი შეიძლება ის მასალები გამხდარიყო, რასაც შარაძე მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაპირისპირების შესახებ ფლობდა.

სოსო შატბერაშვილი: „ერთ რამეში დარწმუნებული ვარ _ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა!.. და ის შეთითხნილი ამბავი, რომ თითქოს ვიღაცამ ვიღაცაზე შური იძია, ისეთივე ბლეფია, როგორც ზურაბ ჟვანიას გაზით გაგუდვა. არც პრეზიდენტის კომენტარი მომისმენია შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, არც პრემიერ-მინისტრის და არც პარლამენტის თავმჯდომარის. წუხილის განცხადება მაინც გაეკეთებინათ იმის თაობაზე, რომ ქართველმა ხალხმა საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და ქართველი ხალხის შესანიშნავი დამცველი დაკარგა. ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ მისი პოლიტიკური მკვლელობა უკავშირდება მის აქტიურ ბრძოლას მართლმადიდებლური ეკლესიის დასაცავად. შარაძე რადიკალი იყო. ის ქართული ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ გარკვეულ მასალებს ფლობდა. როგორც ჩანს, ამ მასალების გამომზეურება ხელისუფლებას არ სურდა. ეს მასალები სხვადასხვა სექტებს და განსაკუთრებით იეღოვური სექტის საქმიანობას ეხებოდა. ძალიამ მიკვირს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ მკვლელობას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია”.

ერთ-ერთი კითხვა, რომელიც სოსო შატბერაშვილს გამოძიებასთან აქვს, ვიდეოთვალით გადაღებული მკვლელობის სცენას ეხება. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სადაზღვევო კომპანია „ალდაგის” შენობასთან დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა, თუმცა, სამართალდამცველებს ვიდეო მასალა არ გაუვრცელებიათ.

„ის კადრები არავის უნახავს. ვიდეოთვალით გადაღებულ მასალაში მკვლელობის მომენტში ორი ადამიანია დაფიქსირებული. ვინმეს ქრთამის აღების პროცესს სასწრაფოდ გამოამზეურებენ ხოლმე, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით კი სამართალდამცავებს კადრები არ წარმოუდგენიათ. საინტერესოა ისიც, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი არ აღიარებს მკვლელობაში მონაწილეობას. არსებობს ეჭვები, რომ მკვლელობის უკან სერიოზული ძალა დგას, რომელიც გამოძიებას ბლოკავს”, _ აცხადებს შატბერაშვილი.

რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ მკვლელობის დამკვეთი მანამ არ დაისჯება, სანამ არსებული ხელისუფლება არ შეიცვლება. მისივე თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი საქმე, რომელიც გაუხსნელ საქმეებს შეემატება.

დასასრული

კიდევ ერთ-ერთი ცნობილი სახე, მეცნიერი, პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი და გურამ შარაძის მეგობარი ელიზბარ ჯაველიძე “ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბრისას აცხადებს, რომ მკვლელობა არა ერთი, არამედ ორი იარაღითაა ჩადენილი. მას გამოძიებასთან რამდენიმე კითხვა აქვს და პასუხს ელის. თუმცა, ობიექტური გამოძიების იმედი, სხვა რესპონდენტების მსგავსად, არც მას აქვს.

ელიზბარ ჯაველიძე: “გამოძიების არანაირი იმედი არ მაქვს. როგორც ბატონი გურამის შვილის მკვლელობის საქმე დარჩა გაუხსნელი, ასევე გაუხსნელი დარჩება თავად ბატონ გურამ შარაძის მკვლელობა. ეს არის პოლიტიკური მკვლელობა და ვერავინ დამარწმუნებს, რომ რაღაც პირადი ინტერესების გამო ცნობილ საზოგადო მოღვაწეს 3 სასიკვდილო ტყვია ესროლეს. დღევანდელი პოლიტიკური ვითარება იმაზე მეტყველებს, რომ ყველა ეროვნული თვითშეგნებით განმსჭვალული ადამიანი ან უნდა დაიჭირონ, ან გაასახლონ, ან მოკლან. ჩვენი ხელისუფლება ყოველგვარ ეროვნულ გამოვლინებას ებრძვის. ეს არის დაკვეთა. პლანეტარული იმპერიის შექმნის პროცესის დროს ყველა ეროვნული სახელმწიფო უნდა აილაგმოს დედამიწიდან. დღეს სწორედ რაღაც არაჩვეულებრივი ტემპით მიდის ქართული ეროვნულობის მოსპობა. ამ პროცესში ხელისშემშლელნი უნდა ამოიძირკვონ და ამას აკეთებენ კიდეც. ზოგი დაიჭირეს, ზოგს კლავენ. ეს პოლიტიკურ მკვლელობათა ჯაჭვი გურამ შარაძით არ მთავრდება”.

რაც შეეხება ჯაველიძის კითხვებს გამოძიების მისამართით, შემდეგია:

“ჯერ ერთი, არ შეიძლება, მკვლელმა დღისით, ცენტრალურ ქუჩაზე, იქ სადაც დამონტაჟებულია ვიდეოთვალი ადამიანს 3 ტყვია ესროლოს. ეს არის შეგნებულად გათამაშებული სცენა. შარაძეს ნასროლი აქვს ორივე მხრიდან, შემდეგ კი მესამე, საკონტროლო ტყვია. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ერთ ადამაინს ესროლა. აქ ერთი კი არა, 2 იარაღი იყო. თვითმხილველებიც ამბობენ, რომ ის, ვინც დაიჭირეს, არაფერ შუაშია და მკვლელობის დროს 2 ადამიანი ისროდა. ასე რომ, კითხვები მრავლადაა და პასუხები უნდა გაგვცენ. თვითმხილველების თქმით, რომლებიც, საბედნიეროდ, დღემდე არსებობენ, ამბობენ, რომ როდესაც შარაძეს პირველი 2 ტყვია ესროლეს, შემდეგ მეორე ადამიანი გამოჩნდა და საკონტროლო ტყვია გაისროლაო. ეს მკვლელობა, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მსგავსად, მანამდე დარჩება გაუხსნელი, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება. ასევე, ძალიან მაინტერესებს, როგორ მოხდა, რომ გაქცეულ მკვლელს მანქანით სდიეს და ბოლოს მრგვალ ბაღთან დააკევეს? ეს რაღაც აბსურდულია”.

სტატიაზე მუშაობის დასრულების შემდეგ რუსუდან შარაძე დაგვიკავშირდა და ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა. მან იმ ვიდეო კადრების ნახვა შეძლო, რომელზედაც გურამ შარაძის მკვლელობაა აღბეჭდილი. ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გურამ შარაძე ბარათელს არ მოუკლავს: _ “5 ივლისს ადვოკატებთან _ ნინო ნიშნიანიძესა და ნუგზარ ბირკაიასთან ერთად, ვნახე “ალდაგის” ვიდეოთვალით გადაღებული კადრები, რომელზეც აღბეჭდილია 20 მაისს მომხდარი გურამ შარაძის მკვლელობა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბარათელი მკვლელი არ არის და ის მკვლელობის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ნამდვილი მკვლელის გარეგნობა ზედმიწევნით ემთხვევა მოწმეების (რომელთაც მე მკვლელობიდან რამოდენიმე დღეში შევხვდი) მიერ მოწოდებულ მკვლელის აღწერილობას…

ვფიქრობთ, რომ ბრძოლას აზრი მიეცა. ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაერთვება გამოძიების პროცესში. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ! ამასთან, თუ ოჯახის რომელიმე წევრს თმის ერთი ღერი მაინც ჩამოუვარდება, მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება!”

ეკა გულუა
“ადამიანის უფლებათა ცენტრი”, ივლისი, 2007
humanrights.ge

რუსუდან შარაძე: “მე ვნახე, როგორ კლავენ მამას”

გამოძიება აღიარებს: “ვიდეოფირზე აღბეჭდილი

მკვლელი არ არის ბარათელი”

“ჩემთვის ძალიან ძნელი იყო იმ კადრების ნახვა, როგორ კლავენ მამას. მთელი ღამე ვემზადებოდი ამისთვის. ფირის სანახავად ოთახში ვიჯექი ორ გამომძიებელთან და ორ ადვოკატთან ერთად. ფირზე ჩანს, რომ მაღალი, მსხვილი, წარმოსადეგი, დაახლოებით 180 სანტიმეტრის სიმაღლის მამაკაცი მიჰყვება მამას რამდენიმე ფეხის ნაბიჯზე. მამა მშვიდად მიდის. ხელში ჩანთა უჭირავს. ოდნავ თავჩაღუნულია და ეტყობა, რომ რაღაცაზე ფიქრობს. მერე მანძილი კაცსა და მამას შორის მინიმუმამდე მცირდება. ესვრის უკნიდან, მიწაზე დავარდნილს, ზემოდან ქვემოთ პირდაპირ დამიზნებით ისევ ესვრის ორჯერ”.

რუსუდან შარაძემ ეს სიტყვები, ჟურნალისტებს გუშინ, 5 ივლისს, მამის, გურამ შარაძის მიერ დაარსებულ ქართული ემიგრაციის მუზეუმში განუცხადა. ინფორმაცია ნაწილობრივ გადასცა რამდენიმე ტელეარხმა. ტელეკომპანია “იმედი”, რომელიც თავისუფალი აზრის ფლაგმანად არის მიჩნეული, თავისუფალი კამერის უქონლობის გამო ვერ დაესწრო პრესკონფერენციას, რომელზეც თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სასტიკი მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები უნდა ყოფილიყო გახმაურებული.

გახმაურდა ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ყველაზე ობიექტური და უდავო სამხილი _ ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, რომ კაცი, რომელიც გურამ შარაძეს 20 მაისს მელიქიშვილის და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე ესვრის, გიორგი ბარათელი არ არის.

რუსუდან შარაძე, “ახალი 7 დღისთვის”: “ეს ერთხმად ვაღიარეთ ყველამ, ვინც ამ კადრებს ვუყურებდით პოლიციაში, მათ შორის, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაალ გურგენიძემ. არაფერი ემთხვევა ბარათელის გარეგნობას. ვისაც ერთხელ მაინც ჰყავს ნანახი გიორგი ბარათელი, უმალ დარწმუნდება, რომ კაცი, რომელიც მამას ესვრის, ის არ არის. განსხვავებული სიმაღლე, თმა, სიარულის მანერა, მხარ-ბეჭი… საზოგადოება არ შეეგუება სიცრუეს. ამას წინათ წიგნის მაღაზია “საუნჯედან” გამოვდიოდი. ვიღაც მამაკაცი წამომეწია. ხელი მომკიდა და მთხოვა ერთი წუთით გავჩერებულიყავი. ვერ ვიცანი. მითხრა, ბარათელის ყოფილი ადვოკატი _ ჯუმბერ მილორავა ვარო. ძალიან ვწუხვარ ყველაფრის გამო და, ალბათ, ისიც იცით, რომ ბარათელს აღარ ვიცავო. მე მხოლოდ ის ვუპასუხე, რომ ბარათელი დამნაშავედ არ მიმაჩნდა. მილორავას არაფერი უპასუხია. თანხმობისა და თანაგრძობის ნიშნად მხოლოდ თავდახრილი იდგა და ბოდიშს მიხდიდა”.

_ რას ეტყვის გიორგი შარაძე გამოძიებას?

_ ალბათ, იმას, რომ ის კარგად იცნობს გიორგი ბარათელს და კარგის მეტი არასდროს არაფერი გაუკეთებია მისთვის.

_ როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გიორგი შარაძეს შემჩნეული ჰქონდა მამის მკვლელობის წინა დღეებში საეჭვო გარემოებები: თვალთვალი ოჯახის მისამართით, საეჭვო სატელეფონო ზარები…

_ თვალთვალი ახლაც გრძელდება. არაერთხელ შემინიშნავს ადამიანი, რომელიც შორიახლო მომყვება ან საიდანღაც მადევნებს თვალყურს. გიორგის მამას მკვლელობამდე, მართლაც, ჰქონდა შენიშნული ასეთი შემთხვევები. არ ვიცი, მამასთან ჰქონია თუ არა ამაზე საუბარი. ჩვენი ოჯახი ლაშას მკვლელობის შემდეგ თითქოს იმ აზრს შეეგუა, რომ გურამ შარაძე საყვარელი ადამიანების სიკვდილით უნდა გაემწარებინათ, როგორც ეს ლაშას მოკვლით გააკეთეს. ჩვენ მართლა ყველაზე ნაკლებად მოველოდით, რომ გურამ შარაძის მისამართით ნასროლი ტყვია პირდაპირ გურამ შარაძეს მოხვდებოდა.

ლია ტოკლიკიშვილი
“ახალი 7 დღე”, 5-11 ივლისი, 2007

როგორ გამოიყურებოდა გურამ შარაძის მკვლელი

,,ალდაგის” სათვალთვალო კამერაში?

 

კომპანია ,,ალდაგის” სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა გურამ შარაძის მკვლელობის დეტალები და, სავარაუდოდ, მკვლელი, რომელიც სპორტული აღნაგობისაა. როგორც დაზარალებული რუსუდან შარაძე აცხადებს, ფირზე აღბეჭდილი პირის ფიზიკური მონაცემები აბსოლუტურად განსხვავდება მკვლელობაში ეჭვმიტანილის, გიორგი ბარათელის ფიზიკური მონაცემებისგან. მისი გადმოცემით, ვიდეო-ფირზე აღბეჭდილი მამაკაცის ნახვის შემდეგ გამომძიებელმა ზაალ გურგენიძემაც თქვა, რომ ეს არ იყო ბარათელი. ,,მე ამ ფირის ნახვით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მამაჩემის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი ბარათელი უდანაშაულოა და ის საერთოდ არ ყოფილა მკვლელობის ადგილზე”, _ განაცხადა ,,რეზონანსთან” საუბრისას რუსუდან შარაძემ.

რუსუდან შარაძე: ,,ვიდეოფირზე აღბეჭდილი მკვლელის ფიზიკური აღწერილობა არ ემთხვევა გიორგი ბარათელის ფიზიკურ მონაცემებს. ფირზე ნათლად ჩანს, რომ მკვლელი უკან იყურება და ხელი ჯიბეში აქვს, ალბათ, იარაღზე უდევს. მკვლელი და მამა უახლოვდებიან შანიძის ქუჩის კუთხეს, სადაც ის ესვრის მამას, რომელიც მომენტალურად ეცემა ძირს და იქ უკვე ხდება კადრების წყდომა.

მამას მკვლელობა პოლიტიკური დაკვეთა იყო, თუმცა შემსრულებელიც კი არ არის ბარათელი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბარათელი დღემდე არ აღიარებს მკვლელობას.

ერთ-ერთი და არა ერთადერთი მთავარი მოტივი, რის გამოც მოკლეს გურამ შარაძე, არის ე.წ. ,,თურქი-მესხების”, სინამდვილეში 400 000 თურქის ჩამოსახლების მცდელობა საქართველოში. გურამ შარაძე იყო პარლამენტის (1995-1999) მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე და სასტიკი წინააღმდეგი იყო მათი ჩამოსახლების. მას დოკუმენტური მტკიცებულება ჰქონდა იმის, რომ ეს ხალხი თავს არ ცნობდენენ ქართველებად და ბრუნდებოდნენ არა საქართველოში, არამედ თავიანთ ,,ისტორიულ სამშობლოში” _ ახალციხის საფაშოში. ,,თურქ-მესხებს” სურდათ ახალციხეში თავიანთი მეჩეთების აშენება, თავიანთი პრესა-ტელევიზია, სკოლები და ა.შ. საბოლოოდ კი, თურქეთთან შეერთება. ანტიეროვნულ ძალებს, რა თქმა უნდა, სურთ ამ პროცესის განხორციელება.

ოჯახი აღნიშნული ვიდეოფირის ნახვამდე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდა. ამ ფირის ნახვის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქტიურად ჩავერთვებით გამოძიებაში, რადგან ბრძოლას აზრი მიეცა. ვიდეოფირზე აღბეჭდილ 10-15 წუთიან მასალას 5 საათი ვარჩევდი. ჩვენი თანდასწრებით გამომძიებელმა ზაალ გურგენიძემ თქვა, რომ ის ადამიანი, რომელმაც მამას ტყვია ესროლა, არ არის ბარათელი. კადრებში ორი საკონტროლო გასროლაც ჩანს _ მას შემდეგ, რაც მამა მომენტალურად ძირს ვარდება, თავს ადგება მკვლელი, ოდნავ იხრება და საკონტროლო გასროლას ახორციელებს. გასროლის შემდეგ სამ წამში გარბის შანიძის ქუჩისკენ. ამ ქუჩის მცხოვრებნი აღწერენ სპორტული გარეგნობის მამაკაცს, რომელსაც პატრული მიყვებოდა უკან. იგი ხორავას ქუჩაზე მდებარე ეზოში შერბის. ცოტა ხანში იქიდან ბარათელი გამორბის, რომელიც დაიჭირეს და მკვლელში გაცვალეს”.

ქეთი სეფიაშვილი
,,რეზონანსი”, 7 ივლისი, 2007

რუსუდან შარაძემ ვიდეოფირზე მამის ნამდვილი მკვლელი ნახა

ადამიანი, რომელმაც გურამ შარაძეს ესროლა, მაღალია, ბრგე და თავზე თმა აქვს. მოკლული მეცნიერის ოჯახი მკვლელობის შესაძლო მოტივებად ,,თურქ-მესხებს” და ლევილის მამულს მიიჩნევს

20 მაისს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოკლული აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის დეტალების გარკვევას მისი ოჯახის წევრები სხვადასხვა გზით ცდილობენ. ისინი თავად აგროვებენ ინფორმაციებს ფაქტის შემსწრე პირებთან. ცნობილი მეცნიერის სიკვდილის პირველივე დღეებში მისმა ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ, ძალოვნებს უნდობლობა გამოუცხადა, მომხდარს პოლიტიკური მკვლელობა უწოდა და თქვა, რომ მისი ოჯახი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა. მათთვის აბსურდული იყო ძალოვანთა მიერ შემოთავაზებული მოტივი _ გიორგი ბარათელმა, რომელიც შარაძეების ოჯახზე განაწყენებული იყო, 7 წლის შემდეგ იძია შური. ძალოვნები ირწმუნებოდნენ, რომ დამნაშავემ დანაშაული აღიარა, თუმცა, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, შს სამინისტროს ბარათელის ჩვენების ფრაგმენტიც კი არ გაუვრცელებია. როგორც ცნობილია, მას დანაშაული დღემდე არ უღიარებია და გამოძიებას არ აქვს მისი აღიარებითი ჩვენება.

მკვლელობის პირველივე წუთებიდან ცნობილი იყო, რომ ეს ფაქტი მელიქიშვილის გამზირზე ,,ალდაგის” სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. 5 ივლისს გურამ შარაძის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ, მისი ოჯახის ადვოკატებმა _ ნინო ნიშნიანიძემ და ნუგზარ ბირკაიამ ძალოვანი უწყების ორ თანამშრომელთან ერთად ვიდეოფირზე აღბეჭდილი მასალა გაშიფრეს. ამის შემდეგ, რუსუდანი დარწმუნებით ამბობს, რომ ოჯახის ეჭვები გამართლდა _ გურამ შარაძე გიორგი ბარათელს არ მოუკლავს.

რუსუდან შარაძე ,,სარკეს” ფირზე ნანახს დეტალურად უყვება:

_ ადვოკატებთან ერთად 5 საათის განმავლობაში ვარჩევდით ,,ალდაგის’’ ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებულ მასალას, სადაც მამაჩემის მკვლელობაა აღბეჭდილი. ადვოკატმა ნუგზარ ბირკაიამ შემომთავაზა ამ მასალის გაცნობა. მართალია, ჩემთვის ადვილი არ იყო იმის ყურება, თუ როგორ მომიკლეს მამა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მკვლელობის საქმეს გამომძიებელი ზაალ გურგენიძე იძიებს. ფირი მასთან და კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე მალხაზ ბოხუასთან ერთად ვნახეთ. ამის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მამაჩემი გიორგი ბარათელს არ მოუკლავს. ის საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მამას ნამდვილი მკვლელის გარეგნობა ათეულობით მოწმეთა აღწერილობას ემთხვევა. ნამდვილი მკვლელი არის დაახლოებით 180 სმ სიმაღლის, ბრგე, მხარბეჭიანი, სპორტული აღნაგობის და, რაც მთავარია, მას თავზე თმა აქვს. ბარათელი კი არის 160 სმ სიმაღლის, გამხდარი და ცნობილია, რომ მკვლელობის მომენტში თავგადაპარსული იყო. ის შემთხვევის ადგილზე არ ფიგურირებს. მართალია, ფირი ძალიან უხარისხოა, მაგრამ გარჩევა შეიძლება. კადრები ახლოს მოვიტანეთ და დეტალურად გავარჩიეთ. ფირი ნამდვილად არის გამოშიგნული. ეს ვიზუალურადაც ეტყობა. ამაზე ძალოვნებს არაფერი უთქვამთ, თავად გამომძიებლები გურგენიძე და ბოხუა კეთილგანწყობილები არიან. მათზე რომ იყოს დამოკიდებული ამ საქმის გამოძიება, დარწმუნებული ვარ, ობიექტურად წაიყვანდნენ საქმეს.

_ ფირზე სროლის მომენტიც ჩანს?

_ ფირზე ჩანს, როგორ მიყვება მკვლელი მამას უკან, რაღაც ათიოდე ნაბიჯის დაშორებით, როგორ ესვრის კეფაში ეს პიროვნება ტყვიას და მამა მომენტალურად ეცემა. პირველივე ტყვია სასიკვდილოა. ჩანს, როგორ დაადგება ამის მერე თავზე და როგორ დაახლის საკონტროლო ტყვიას. ამის შემდეგ, გადის კადრიდან, მერე კვლავ შემოდის, ისევ დაახლის ტყვიას და ქრება კადრიდან. საკონტროლო გასროლის დროს არის წყვეტები. ის, რომ პირველ ტყვიას ესვრის პიროვნება, რომელიც უკან მიყვება, უდავოა. მერე იგივე ადამიანი ისვრის, თუ სხვა შემოდის კადრში და ის ახდენს საკონტროლო გასროლას, ამის დადგენას სერიოზული ექსპერტიზა სჭირდება. წაქცეულ მამასთან დამნაშავე ძალიან ახლოს მიდის, ის ჩაკუზული, დახრილ მდგომარეობაში მყოფი კიდევ ესვრის, ეტყობა, ცდილობს, არაფერი გამოეპაროს.

_ რუსუდან, თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მკვლელი მანქანიდან გადმოხტა და იქ ორი ადამიანი იყო. ფირში მანქანა არ ფიგურირებს?

_ 5 წუთით ადრე, სანამ მამა კადრში გამოჩნდება, ზუსტად მკვლელობის ადგილას, შანიძის და მელიქიშვილის კუთხეში, მანქანა მკვეთრად გადმოუხვევს და სწორედ იქ ჩერდება. მისი ფერი არ ჩანს, თუმცა აშკარაა, რომ მანქანა უცხოური მარკისაა. ის რამდენიმე წუთი დგას, ამის შემდეგ იღება კარი, ვიღაც გადმოდის და მანქანის კარი რჩება ღია. ამის შემდეგ მამა კადრში შემოდის. ამ დროს მანქანის კარი შიგნიდან იკეტება, ანუ, ვიღაც კიდევ იჯდა მანქანაში და ის კეტავს კარს. როცა მკვლელობა ხდება, ამ დროს მანქანიდან გადმოსული პიროვნება ალბათ იქვე ტრიალებს, მე არ გამოვრიცხავ, რომ მეორე საკონტროლო გასროლა მან მოახდინა, ამის გარჩევა ექსპერტიზით უნდა მოხდეს. Mმკვლელი გარბის შანიძის ქუჩისკენ. პარალელურად, მართლაც სამ წამში, პატრულის მანქანა ჩნდება, უკან მიჰყვებიან მკვლელს, თვალს ეფარებიან შანიძის ქუჩაზე. ამის შემდეგ კი ის მანქანა მიდის, რომელიც ძალიან საეჭვოდ დგას და ძალიან საეჭვოდ მოძრაობს. რამდენიმე წუთი მოკლულთან არავინ მიდის, მამას თავზე არავინ ადგას. მკვლელობის დროს იქ რომ ორი პირი იმყოფებოდა, ეს ჩემს მეუღლეს, თემოს ძალოვნებმა იმ წუთშივე უთხრეს. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ჩემი ქმარი იქ მივიდა და პატრულმა უთხრა: მკვლელები დაჭერილები არიან, ისინი ორნი იყვნენ და ორივე დავაკავეთო.

_ მაშინ სად გაქრა ის მეორე პირი?

_ ეს ნამდვილად არ ვიცი. ერთი რამ უდავოა და ფაქტია, გიორგი ბარათელი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა. ამის შემდეგ ყველაფერი თვითმხილველების დახმარებით აღვადგინე. მამას ნამდვილი მკვლელი შანიძის ქუჩაზე გარბის, უკან მისდევს პატრული, ამის შემდეგ ტრიალდება მკვლელი პატრულის მიმართულებით და იარაღიდან ისვრის, შემდეგ ისევ გადატენის იარაღს, მაგრამ ტყვია უთავდება. ამბობენ რომ დამნაშავეს მაკაროვის სისტემის იარაღი ჰქონდა. ამის შემდეგ დამნაშავე გარბის ხორავას ქუჩაზე და ერთ-ერთ ეზოში შედის. სწორედ იქ ხდება გიორგი ბარათელის და ნამდვილი მკვლელის გაცვლა. ფირში ჩანს როგორი ქილერია დამნაშავე. როცა ასეთი კაცი საქმეზე მიდის, გათვლილი ნაბიჯებით და გათვლილი მოქმედებებით, როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი მკვლელი იბნევა და ეზოში შედის?! ეს ხომ აბსურდია!

_ როგორ ფიქრობთ, ბარათელი სად დაიჭრა?

_ როგორც ჩანს, გიორგი ბარათელი გამზადებული ჰყავდათ. ალბათ, ის უწევდა მათ წინააღმდეგობას და ამ დროს შეხლა-შემოხლა მოხდა. თვითმხილველთა ნაამბობით, ჯანაშიას და ხორავას ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის კვალი იყო, რომელიც იმავე დღეს, მოგვიანებით სახანძრო მანქანით გადარეცხეს. ბარათელს დღემდე არ დაუწერია აღიარებითი ჩვენება, ის არ აღიარებს დანაშაულს. როგორ აღმოჩნდა ის იქ, არ ვიცი, ალბათ, იძულებით მიიყვანეს. ეს რომ წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური მკვლელობაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბარათელი სპეციალურად შეარჩიეს, რადგან გურამ შარაძეს ვერანაირი კომპრომატი ვერ მოუძებნეს, მისი ცხოვრება და ბიოგრაფია სუფთაა, ამას ისტორია დაადასტურებს. ამიტომ შეთხზეს რაღაც უაზრო ცილისწამება, თითქოს შვიდი წელი ჩემს ძმაზე წყენას ბარათელი გულში მალავდა და შემდეგ მამაზე იძია შური.

_ თქვენ თუ გაქვთ მკვლელობის ნამდვილი მოტივის ვერსია?

_ ამ ხელისუფლებას, ზოგადად, ეროვნული მოღვაწეების მიმართ ბიოლოგიური ზიზღი აქვს. ერთ-ერთი მოტივი ე.წ. ,,თურქი-მესხების’’ საქართველოში ჩამოსახლებაა. ხომ ხედავთ, რომ მამას მკვლელობიდან ორ კვირაში წამოწიეს ეს საკითხი. თუ აქამდე ისინი არ არიან ჩამოსახლებულები, ეს გურამ შარაძის დამსახურებაა. 1995-1999 წლებში ის იყო მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავჯდომარე. უშუალოდ მისი პროფილი იყო ამ ხალხის ჩამოსახლება. მაშინ ამაზე დიდი ბრძოლა იყო და ყველას ახსოვს ამასთან დაკავშირებით თუ რა ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა მამა. მას დოკუმენტები ჰქონდა და დღეს ყველაფერს დოკუმენტებით დაადასტურებდა, რომ ეს ხალხი არიან თურქები, არაფერი საერთო ქართველებთან არა აქვთ. ისინი მოდიან ახალციხის საფაშოში, უნდათ თავიანთი სკოლები, მეჩეთები, რადიო, ტელევიზია და საბოლოოდ, თურქეთთან შეერთება. ისინი არ ამბობენ, ქართველები ვართ და საქართველოში ვბრუნდებითო, ამას ამბობს თითოოროლა ადამიანი, ვისაც ასწავლეს ქართული, ვითომ ქართველობენ. ეს არის 400 ათასი თურქი! გურამ შარაძე ამაზე არ გაჩუმდებოდა და, რაც ყველაზე მთავარია, მთელი საქართველო აჰყვებოდა მას. ასევე, არსებობს ლევილის ვერსია და ესეც მალე გამოჩნდება, არაფერი დაიმალება, ისტორიას ვერავინ ატყუებს.

_ რუსუდან, თქვენი ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებდა. ახლა გადაწყვეტილება შეცვალეთ?

_ ამ ფირის არსებობის გამო ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. არა მგონია, რომ ეს ფირი გაქრეს და თუ გაქრა, მით უარესი მათთვის. ბოლომდე ვიბრძოლებთ. გამომძიებელმა ზაალ გურგენიძემ ჩემთან ერთად ნახა ეს ფირი და პირად საუბარში არაერთხელ დაადასტურა, რომ მკვლელი არ არის ბარათელი. ბოხუამ კი თავი შეიკავა კომენტარისაგან. ვნახოთ, რას იზამს გამოძიება.

_ თქვენი ძმა, გიორგი აცხადებდა, რომ გითვალთვალებდნენ. დღესაც შეგიძლიათ იმავეს თქმა?

_ ჩემს ოჯახს ყოველთვის უთვალთვალებდნენ და ეს დღესაც გრძელდება. მე არაერთხელ დამინახავს მოთვალთვალე, მაგრამ რა უნდა გავაკეთო? გაჩუმება არ შემიძლია, მამაჩემის, ღმერთის წინაშე პირნათელი უნდა ვიყო. მე არაფერს გამოვრიცხავ. ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ერთი ღერი თმაც რომ ჩამოუვარდეს, მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება, რადგან ჩვენ სხვა მტერი ნამდვილად არ გვყავს.

თეა ხურცილავა
,,სარკე’’, 11-17 ივლისი, 2007

ალდაგელებო, გამოაჩინეთ გურამ შარაძის ბერბიჭაშვილები!

 

მელიქიშვილის გამზირზე, სადაზღვევო კომპანია “ალდაგის’’ წინ დახვრეტილი გურამ შარაძის ქალიშვილი _ რუსუდან შარაძე შვეიცარიაში გაემგზავრა.… მისი კატეგორიული მტკიცებით, გამოსაძიებელი არც არაფერია და მისთვის ყველაფერი გარკვეულია, _ აკადემიკოსი გურამ შარაძე საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს!

“ასავალ-დასავალის’’ ერთგულმა მკითხველმა კარგად უწყის, რომ რუსუდან შარაძემ ადვოკატებთან _ ნინო ნიშნიანიძესთან და ნუგზარ ბირკაიასთან ერთად არაერთხელ ნახა და სკრუპულოზურად შეისწავლა ფირი, რომელზეც “ალდაგის’’ სათვალთვალო კამერამ გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტი აღბეჭდა. მაგრამ ეხლა, შვეიცარიაში გამგზავრების წინ რუსუდან შარაძე დეტალურად საუბრობს “ალდაგის’’ სამი კამერის მიერ გადაღებულ სამ ფირზე და საბოლოოდ, დადასტურებულად აცხადებს, რომ 2007 წლის 20 მაისს საღამოს ცხრის ათსა და თხუთმეტ წუთებს შორის მისი მამა _ აკადემიკოსი გურამ შარაძე ორმა კაცმა გამოასალმა სიცოცხლეს, რომელთაგან არც ერთი არ ყოფილა გიორგი ბარათელი.

რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, წინამდებარე ინტერვიუში პირველად გაეცნობით გურამ შარაძის მკვლელობის თვითმხილველთა ჩვენებებს, რომელიც, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, პატიოსანმა ადამიანებმა არ დამალეს და რუსუდან შარაძეს იმ საშინელების შესახებ, მელიქიშვილის გამზირზე რომ დატრიალდა, ყველაფერი დაწვრილებით უამბეს. მკვლელობის თვითმხილველთა გვარ-სახელებს ყველასათვის გასაგები და ცნობილი მიზეზების გამო არ ვასახელებთ და ინკოგნიტოდ ვტოვებთ.

_ რუსუდან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ კიდევ ერთხელ განახეს “ალდაგის’’ კამერების მიერ გადაღებული კადრები, შეგიძლიათ დეტალურად ისაუბროთ ვიდეომასალაზე?

_ დიახ, ყველაფერი ჩანიშნული მაქვს…… 2007 წლის 5 ივლისს ადვოკატებთან _ ნინო ნიშნიანიძესა და ნუგზარ ბირკაიასთან ერთად პირველად ვნახე სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ფირი, რომელზეც აღბეჭდილია 2007 წლის 20 მაისს მომხდარი გურამ შარაძის მკვლელობა. 12 ივლისს, რათა დამეზუსტებინა დეტალები, კიდევ ერთხელ ვნახე ზემოაღნიშნული ფირი და შემიძლია გადმოგცეთ ყველაფერი, რასაც მთლიანობაში შვიდი საათის მანძილზე ვარჩევდი. ამასთან, შევხვდი არაერთ მოწმეს და მათი ნაამბობი ჩავიწერე. უღრმესი მადლობა ამ ხალხს! მე კარგად მესმის, რომ ოფიციალურ მოწმეებად წარდგენის შემთხვევაში მათ აუცილებლად ელოდებათ ხიფათი. ქვეყანაში, სადაც გურამ შარაძეს დემონსტრაციულად ხვრეტენ, არავის სიცოცხლე დაზღვეული არ არის. სხვა უამრავი მოწმეც არსებობს და მჯერა, რომ ეს ხალხიც გამოჩნდება. მე ვერავის გმირობას ვერ მოვთხოვ, რადგან გმირობა ერთეულების ხვედრია. ჩემთვის გახსნილია ეს მკვლელობა! ვიცი, რომ ამ კვლევას იურიდიული ძალა არ აქვს, მაგრამ ხალხს სიმართლე სწყურია და ამ სიმართლეს მე ვეტყვი მას!

ფირი არის ძალიან უხარისხო, შავ-თეთრი. მოგეხსენებათ, რომ ვიდეოთვალის ერთადერთი დანიშნულებაა მის პარამეტრში მდებარე ტერიტორიის ზედმიწევნითი კონტროლი. უცნაურია, რომ ისეთ მსხვილ კომპანიას, როგორიცაა “ალდაგი”, ისეთი უხარისხო აპარატურა ჰქონდეს, რომ ვთქვათ და თავდასხმის შემთხევაში, არათუ მანქანის ნომერი და თავდამსხმელის სახე, არამედ, მანქანის მარკის ამოცნობაც ვერ შეძლოს. ის მაინც უნდა ჩანდეს მის პარამეტრში მოხვედრილი მანქანა ბმვ-ა თუ ოპელი. წესით, თავდამსხმელის (ამ შემთხვევაში გურამ შარაძის მკვლელის), რომელიც ერთ მომენტში კადრში არც ისე შორს, პროფილში ჩანს, სახის ნაწილობრივი აღდგენაც უნდა ხერხდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ფირის ცალკეული ადგილების “სტოპ-კადრები” გავაკეთეთ, ახლოს მოვიტანეთ და შეძლებისდაგვარად, ხარისხიც გავაუმჯობესეთ, აქ ამის გარკვევა შეუძლებელია.

_ მოდი, რუსუდან, მკვლელობის მთლიანი სურათი აღადგინე თუ შეგიძლია!..

_ შევეცდები მკვლელობის მთლიანი სურათი დავხატო. შეიძლება, რაღაც ნიუანსი არ ემთხვეოდეს ჩემს წინა განცხადებებს, რადგან ზოგიერთი რამ სხვა თვალით დავინახე. მაგრამ არსი ერთია _ პირველი წუთიდან მჯერა, რომ გიორგი ბარათელი არაფერ შუაში არ არის. დღეს კი ეს უტყუარი ფაქტია _ გიორგი ბარათელი მკვლელობის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა! უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ იქ იყო ორი მკვლელი და მინიმუმ სამი თანამზრახველი! მკვლელობა რომ შეკვეთილია ცალსახაა იმითაც, რომ გურამ შარაძეს, სიკვდილის შემდეგ, საფეთქელში კიდევ ორი საკონტროლო ტყვია აქვს მოხვედრილი. ამას კი “ნაწყენი” არაპროფესიონალი მკვლელები არ სჩადიან.

ვნახე “ალდაგის” სამი კამერის მიერ გადაღებული სამი ფირი. ფირებზევე აღბეჭდილი ნუმერაციით ისინი დანომრილია კამერა 1, კამერა 5, კამერა 6. მხოლოდ ის ორი ფირია შენელებული, სადაც მამა ჩანს. საგულისხმოა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ჩადენილია 20 საათსა და 10-15 წუთებს შორის. ფირზე აღბეჭდილი საათი კი ამ მომენტში 20 საათსა და 31 წუთს აჩვენებს.

კამერა 6-ის მიხედვით, რომელიც ჯანაშიას ქუჩაზეა დამონტაჟებული, დიდი არაფერი ხდება. შიგადაშიგ ჩანს, რომ ხალხი მოძრაობს. თუმცა, ერთი სპორტული აღნაგობის პირი უცნაურად სულ უკან-უკან იყურება. ეს ხდება 20:29:20-ზე. მამა ამ დროს დოდო აბაშიძის ძეგლთან უნდა იმყოფებოდეს. შეიძლება, უბრალოდ, შენიშნა და უყურებს.

კამერა 1-ში მამა კადრში 20:30:50-ზე შემოდის. საკმაოდ კარგად ჩანს თუ როგორ მისდევს მას 8-10 ნაბიჯში ახალგაზრდა კაცი, რომელიც არის სპორტული აღნაგობის, მხარბეჭიანი, 180 სანტიმეტრზე მაღალი (“სტოპ-კადრების” მეშვეობით, მისი სიმაღლე შევადარეთ მამას სიმაღლეს, რომელიც 180 სმ იყო და მდევარი, იგივე მკვლელი, მასზე შესამჩნევად მაღალია), თავზე თმით (ბარათელი კი მკვლელობის მომენტში თავგადაპარსული იყო). მას აცვია ფართხუნა შარვალი და ფართხუნა, გრძელ სახელოებიანი, გადმოწეული პერანგი თუ ქურთუკი. მიაბიჯებს თავდაჯერებით, აშკარად ეტყობა, რომ მდევარია. ის ჩანს ზურგით, იყურება ძირითადად წინ, მაგრამ შიგადაშიგ გარემოსაც აკვირდება. ერთ მომენტში პროფილშიც იხედება. მარჯვენა ხელი უდევს ჯიბეში, სავარაუდოდ, იარაღზე. უკან მოდის წყვილი, რომელიც სულ ერთმანეთში ლაპარაკობს. კადრიდან გადიან. 20:31:32-ზე ხალხის რეაქციით ჩანს, რომ მოხდა გასროლა. 20:31:42 ფირს ედება რამდენიმე წამიანი ე.წ. “სრივი”.

კამერა 5: ეს ყველაზე რთული აღსაქმელი და ყველაზე გაფუჭებული ფირია. ზუსტად მკვლელობის მომენტში ფირზე ექვსჯერ აღინიშნება კადრების ორ-სამ წამიანი წყდომა. ცნობილია, რომ წამში 24 კადრია და თუ გადავამრავლებთ, მივიღებთ, რომ დაახლოებით, 432 კადრია ამოჭრილი. 432 კადრი კი საკმაო ინფორმაციის შემცველია.

20:27:47 წუთზე მელიქიშვილის გამზირის პირველი რიგიდან მკვეთრად გადმოუხვევს უცხოური მარკის ავტომანქანა და აჩერებს ზედ მელიქიშვილზე, შანიძის კუთხეში. რჩება შთაბეჭდილება, რომ მძღოლი ჩქარობს მოსვლას. 20:27:47-ზე საჭის მხრიდან გადმოდის ვიღაც და დგება შენობის კედელთან. შემდეგ, დადის წინ და უკან, თითქოს ვიღაცას ელოდება. 20:28:16-ზე შიგნიდან იღება მანქანის გვერდითა კარი. 20:29:37-ზე მძღოლი მიდის მანქანასთან და ჩანს თუ როგორ ელაპარაკება შიგნით მჯდომს დახრილ მდგომარეობაში (ბარათელს ასეთი მოძრაობა არ დასჭირდებოდა, რადგან ის ძალიან დაბალია, დაახლოებით, 1 მეტრი და 58 სმ). ამის შემდეგ ისევ გამოდის და დგება კედელთან ახლოს.

პირველი მოწმე ქალბატონი: “საღამოს რვა საათისთვის ფეხით მივდიოდი მელიქიშვილის გამზირზე, ვაკიდან ფილარმონიის მიმართულებით. კვირა საღამო იყო და ქუჩაში დიდი მოძრაობა არ შეინიშნებოდა. “ვულე-ვუს” მაღაზიას რომ გასცდებით, შანიძისა და მელიქიშვილის კუთხეში არის “საჩუქრების” მაღაზია. ძალიან მეუცნაურა ახალგაზდა, მთლიანობაში ჯმუხი გარეგნობის მამაკაცი, რომელიც დაკეტილი მაღაზიის კარებზე თითქმის სახეაკრული იდგა და რაღაცას შესჩერებოდა. სახეს მალავს? ვერ გეტყვით. ის იყო დაახლოებით 35 წლის, საშუალოზე მაღალი. გამხდარი არ იყო, სპორტული აღნაგობა ჰქონდა. ეცვა შარვალში ჩატანებული მუქი, მოკლემკლავიანი “საროჩკა”. სახეზე არ დამინახავს, მაგრამ არ მესიამოვნა და ჩემთვის ვთქვი, რას მისჩერებია ეს კაცი ასე დაჟინებით ამ დაკეტილ მაღაზიას-თქო. იქვე შევნიშნე უცნაურად გაჩერებული მანქანა. ღია კარში, წინ თუ უკან არ მახსოვს, იჯდა ახალგაზრდა, გრძელცხვირა, უსიმპათიო ქალი, მუხლებზე 2-3 წლის ბავშვით…”.

_ ვინ არის ეს მამაკაცი, ესეც მდევარია?

_ უეჭველია, რომ ეს მამაკაცი ზემოაღნიშნული მანქანის მძღოლია. სხვას რომ თავი დავანებოთ, მან კარგად უნდა იცოდეს, რომ ზედ მელიქიშვილზე მანქანის გაჩერება აკრძალულია. წესით, ნორმალური ადამიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ არც ისე პრესტიჟული “საჩუქრების” კარებში დაჟინებით იყუროს, გულგრილი არ დარჩებოდა 40 ლარიანი ჯარიმის მიმართ, რაც ასეთ მძღოლებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე პატრულისაგან აქვთ გამოწერილი. თანაც, პატრულის რამოდენიმე მანქანაც იქვე, მელიქიშვილზე მოძრაობს!

პირველი მოწმე, ქალბატონი: “…ცოტა რომ გავიარე, შევნიშნე ბატონი გურამი. მე მას ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ დიდ პატივს ვცემდი და გამეხარდა მისი დანახვა. ჩვენ მელიქიშვილისა და ჯანაშიას კუთხეში შევხვდით ერთმანეთს. მისალმების შემდეგ გავაგრძელე გზა. დაახლოებით დოდო აბაშიძის ძეგლთან ვიქნებოდი, რომ გავიგე საშინელი ხმა, თითქოს რაღაცა გასკდა… პირველი სროლა თითქოს უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით. ამასობაში, ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნის წინ სრული სიმშვიდე იყო, ატყდა ერთი ამბავი, პატრულის სირენები და მისვლა-მოსვლა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ელოდებოდნენ ამ ამბავს. საერთოდ, არ ვარ დაკვირვებული ადამიანი და მიკვირს კიდეც, როგორ შევნიშნე და დავიმახსოვრე ამდენი რამ. ალბათ, უფლის ნება იყო”.

კამერა 5: 20:31:09-იდან სამი წამი ამოჭრილია. ეს ზუსტად ის დროა (20:31:12), როდესაც მამა კადრში შემოდის მას შემდეგ, რაც ქალბატონს მიესალმა. ამ დროს მანქანას შიგნიდან ვიღაც კეტავს, რადგან მძღოლი ისევ კედელთან დგას. მამას, შანიძის ქუჩაზე რომ უნდა გადავიდეს, უკვე ერთ ნაბიჯში მიჰყვება წყვილი და მათ კი გრძელსახელოებიანი მდევარი. ამასობაში, ბედად, შანიძიდან ფილარმონიის მიმართულებით ჩამოუხვევს ორი გოგონა ბავშვით. კადრში ყველას გამოსახულება ერთმანეთს ეფარება, მაგრამ კარგად ჩანს, რომ მდევარი გადაუსწრებს წყვილს და სწორედ, აქ, 20:31:25-ზე, არის წყდომა. ლოგიკურად, სწორედ ამ დროს უნდა ამოიღოს მკვლელმა იარაღი ჯიბიდან. მართალია, ზუსტად ეს კადრია ამოჭრილი, მაგრამ მდევარს კარგად ეტყობა, რომ ის მკვლელია და მან გაისროლა პირველად. ყველაფერი წამებში ხდება. 20:31:28-ზე მამა ძირს ვარდება. შანიძიდან ჩამოსული გოგონები და სხვებიც თავქუდმოგლეჯილები გარბიან. წყვილი კი უცნაურად, არც ისე ჩქარა აგრძელებს გზას. ეს მაშინ, როდესაც მათგან ერთ ნაბიჯში არანორმალური სროლაა და გურამ შარაძეს კლავენ!

_ საკონტროლო გასროლის კადრებიც ამოჭრილია ფირიდან?

_ ამის შემდეგაც არის ორ-სამწამიანი წყდომები 20:31:28-ზე, 20:31:33-ზე, 20:31:37-ზე. აქ გამოსახულებები ძალიან პატარა და უხარისხოა, შუალედებში კი კარგად ჩანს სილუეტი, თუ როგორ ადგება თავზე მკვლელი ორჯერ, დაკუზულ მდგომარეობაში, წაქცეულ მამას და როგორ ახდენს ორ საკონტროლო გასროლას. პარალელურად, უკან ჩანს, რომ ვიღაც მიდის მანქანისკენ. 20:31:39-ზე პატრულის თანამშრომელი ფეხით გაეკიდება მკვლელს შანიძეზე. 20:33:37-ზე იგივე მიმართულებით აუხვევს პატრულის ორი მანქანაც. 20:31:42-ზე ფირს ედება ე.წ. “სრივი”. ეს ხდება ზუსტად იმ დროს, როგორც კამერა 1-ზეა. უეჭველია, რომ ამ მომენტში რაღაც საინტერესო დეტალია ამოჭრილი. “სრივის” შემდეგ, 20:31:42-ზე მანქანა უკვე აღარ დგას. მამა საკმაო ხანს მარტოა, მასთან არავინ მიდის. ნელ-ნელა ხალხი იკრიბება.

მეორე მოწმე, მამაკაცი: “მოვდიოდი ჩემთვის შანიძის ქუჩაზე. თითქმის ჩასული ვიყავი მელიქიშვილზე, რომ გავიგონე საშინელი გასროლის ხმა, მეხივით. ამის შემდეგ დავინახე მოპირდაპირე მხარეს, კუთხეში ძირს არის კაცი, მას თავს ადგება ვიღაც, მოკლესახელოებიან “საროჩკაში” და ორ საკონტროლო გასროლას ახდენს. ამის შემდეგ ტრიალდება და არბის შანიძეზე. მე ცოლ-შვილი მეგულებოდა ახლო-მახლო და რა მექნა, შორი-ახლო ავედევნე. ვხედავ, მისდევს პატრული ფეხით. მკვლელი არის დაახლოებით 30 წლის, საშუალოზე მაღალი, მოსული. სახე აგრესიული, თან დაფეთებული ჰქონდა, თითქოს, დაღლილიც. ლომივით ტიპი იყო, ნავარჯიშევი. წვერ-გაპარსული იყო. თმა შეთხელებული ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა. არც ქერა იყო, არც შავგვრემანი. ეცვა ჯინსები და მოკლემკლავიანი, მუქი, ჩატანებული “საროჩკა”. ჩემი თვალით არ დამინახავს პირველი ტყვია საიდან წამოვიდა, მე ისე აღვიქვი, რომ პირველიც მან ისროლა. დარწმუნებით ვერ გეტყვით. მგონი, “მაკაროვი” ეჭირა, მაგრამ გასროლის ხმა “მაკაროვისას” არ ჰგავდა, უფრო ძლიერი იყო. თუმცა იქ არკაც არის და შეიძლება აკუსტიკამაც იმოქმედა, ზუსტად არ ვიცი…”.

დამეთანხმებით, რომ მკვლელის, რომელმაც ორი საკონტროლო გასროლა მოახდინა, აღწერილობა ზედმიწევნით ემთხვევა “მანქანის მძღოლის” აღწერილობას, რომელსაც აგრეთვე მოკლემკლავებიანი “საროჩკა” აცვია, განსხვავებით მდევარისგან, რომელიც კადრში უკან მიყვება მამას და მოახდინა პირველი გასროლა

მესამე მოწმე, ახალგაზრდა ქალი: “ვხედავ შანიძეზე ქვევიდან, შუა გზაზე ამორბის ვიღაც იარაღიანი და უკან, 50 მეტრის მოშორებით, ტროტუარზე მოსდევს ფორმიანი _ თეთრ პერანგსა და შავ შარვალში ჩაცმული ადამიანი. არ მახსოვს პატრულს რა აცვია ამ დროს, მე ის აღვიქვი დაცვის თანამშრომლად, რადგან იარაღი არ ეჭირა, მხოლოდ რაციით გადასცემდა რაღაცას. იარაღიანმა რამოდენიმეჯერ ესროლა მას, მერე გადატენა და აღმოჩნდა, რომ ტყვია აღარ ჰქონდა. ის იყო დაახლოებით 35 წლის, საშუალოზე მაღალი, წაბლისფერი, შეთხელებული თმით. წვერგაპარსული. ეტყობოდა, ნავარჯიშევი იყო. ეცვა ჯინსის შარვალი და მოკლემკლავიანი, ჯინსის ჩატანებული “საროჩკა”, ფეხზე რაღაც ფეხსაცმელი, ბოტასები არ იყო. ისინი ზევით, ხორავასკენ გაიქცნენ, მერე ვეღარ ვხედავდი. 5-10 წუთში, დავინახე როგორ ამოუხვიეს პატრულის მანქანებმა. ამის შემდეგ გავიგონე სროლა პეტრიაშვილის მხრიდან. როდესაც ტელევიზორში ვნახე ბარათელი, იმწუთას ვთქვი _ ეს ის არ არის! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წვერი ერთ ღამეში ხომ არ ამოუვიდოდა კაცს? ან თმას იქვე ხომ არ გადაიპარსავდა?”.

მოწმე მეორე, მამაკაცი: “ხორავაზე მკვლელი უხვევს მარცხნივ და შერბის ერთ-ერთ ეზოში. ამის შემდეგ, გამორბის უკან და მირბის მარჯვნივ, პეტრიაშვილის მიმართულებით. ის შევარდება პეტრიაშვილის ჩიხში, მჟავანაძის სახლის ეზო რომ გადის და კიბეებით კეკელიძეზე ჩადიხარ. და აი, ამ დროს მოდიან პატრულის მანქანები. მერე პეტრიაშვილის ჩიხიდან მესმის საშინელი სროლა. ბარათელი ვნახე ტელევიზიით, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა _ მკვლელი, რომელიც მე ვნახე, ის არ არის”.

_ ძალიან საინტერესოა, რუსუდან, ძალიან… ამდენი ფაქტები რა დასკვნის გაკეთების საშუალებას გაძლევს?

_ ფაქტია, რომ საქმეშია ორი მკვლელი თანამონაწილეებთან ერთად! თუ წყვილი არ არის თანამონაწილე, მანქანაში მჯდომი ახალგაზრდა ქალი ხომ მაინცაა საქმეში?! დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით, ზვიად ცეცხლაძის მკვლელების დაკავების შემდეგ, აღარავის უკვირს ქალი მკვლელები, თუნდაც ბავშვიანი.

გურამ შარაძეს პირველი ტყვია კეფაში უკნიდან ესროლა მამაკაცმა, რომელიც მას მიყვებოდა და გრძელსახელოებიანი პერანგი ეცვა. ეს ზუსტად იმ ადგილას ხდება, სადაც დგას “მანქანის მძღოლი”. შემდეგ უკვე ის ახორციელებს ორ საკონტროლო გასროლას. ამას მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებს _ მას, ვინც მოახდინა ორი საკონტროლო გასროლა და შანიძეზე გაიქცა და მას, ვინც ვიტრინაში დაჟინებით იყურებოდა, მოკლემკლავიანი “საროჩკა” ეცვა და აღწერილობა ერთმანეთს ემთხვევა. უდავოა, რომ ის ერთი და იგივე პიროვნებაა და ის ბარათელს მხოლოდ ჯინსებით ჰგავს.

ზაალ გურგენიძემ მითხრა, რომ ექსპერტიზის დასკვნით, სამივე ჭრილობა გამავალია და ერთი და იგივე იარაღიდან არის ნასროლი. ჯერ ერთი, მე ექსპერტიზის დასკვნის არ მჯერა, რადგან საკმაო მაგალითები არსებობს იმისა, თუ როგორ თავისუფლად ყალბდება დღეს ექსპერტიზის დასკვნები, როდესაც ამა თუ იმ მკვლელობას პოლიტიკური ელფერი აქვს. თუ მაინცადამაინც ერთი იარაღიდან არის ნასროლი, მომყოლს თავისუფლად შეეძლო, რომ პირველი გასროლის შემდეგ იარაღი გადაეწოდებინა დამხვდურისთვის, ის ხომ გვერდით იყო. წყდომების გამო, ფირზე არ ჩანს სად მიდის “გრძელსახელოებიანი” მამაკაცი, არც ის, თუ სად გარბის ის, ვინც საკონტროლო გასროლას ახდენს. ამასთანავე, არ ჩანს ვინ ჯდება მანქანის საჭესთან. “გრძელსახელოებიანს” თავისუფლად შეეძლო საჭესთან დაჯომა. თუმცა, დღეს ქალებიც თავისუფლად ატარებენ მანქანას.

უდავო ფაქტია, რომ შანიძეზე არბის მკვლელი, რომელმაც ორი საკონტროლო გასროლა მოახდინა და მოკლესახელოებიანი “საროჩკა” აცვია. ის ჯერ ხორავაზე მარცხნივ, ეზოში შერბის, შემდეგ კი გამოიქცევა მარჯვნივ. ჯერ მას მხოლოდ რაციიანი კაცი მისდევს ფეხით. პეტრიაშვილის ჩიხს ჩიხი კი ჰქვია, მაგრამ იქიდან კიბეებით კეკელიძეზეა ჩასასვლელი. მკვლელი იქიდან თავისუფლად შეძლებდა სამშვიდობოზე გასვლას. ვის ესროდა პატრული წყნარ ქუჩაზე, პეტრიაშვილის ჩიხში? ცნობილია, რომ გიორგი ბარათელი მრგვალ ბაღთან, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, სამარშრუტო ტაქსში დააკავეს. როდის სცემეს და დაჭრეს ის?

_ ერთი რამ ვერ ამიხსნია, რუსუდან, რატომ მოხდა მკვლელობა მაინცადამაინც ვიდეოკამერების წინ. ეს ფარული კამერები არ არის, ეს საკმაოდ ხილულია.

_ სწორედ იმიტომ, რომ ასეთი შეკითხვა გაუჩნდეს ყველას. ეს ხელისუფლების თავდაცვის ერთ-ერთი ხერხია. ბუნებრივია, ისმის კითხვები _ რატომ მოხდა მკვლელობა მაინცადამაინც კამერების წინ? რატომ მაჩვენეს ფირი? რატომ არიან ასე თავაზიანნი? ჯერ ერთი, ფირის ნახვას თუ შევძლებდი და საათობით გავარჩევდი, არავის ეგონა. გამომძიებელმა ზაალ გურგენიძემ მითხრა კიდეც პირველ მისვლაზე, რამ მოგიყვანა, ძნელია შენთვის ამის ყურებაო. მან ორი დღით ადრე ნუგზარ ბირკაიას უთხრა, მოდი, ფირი მაქვს, გაჩვენო როგორ კლავს ბარათელი გურამ შარაძესო. რომ მივედით ერთად ვუყურეთ, თქვა _ არა, ეს არ არის ბარათელიო. მიუხედევად თბილი განწყობისა, ფირის ნახვისას, კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე მალხაზ ბოხუა, მართალია, ბარათელზე სიტყვას არ ძრავდა, მაგრამ შიგადაშიგ გვაწვეთებდა, რომ “ეს ფირი არის მხოლოდ მკვლელობის ფაქტის დადასტურება”. ეს არის ოფიციალური ვერსია.

მკვლელობა მაინცადამაინც კამერების წინ იმიტომ “მოხდა”, რომ ხელთ ჰქონოდათ “მკვლელობის ფაქტის დადასტურება”. ხოლო, ჩემთვის უხარისხო და დამონტაჟებული ფირის ჩვენებით მოხდა დემონსტრირება იმისა, რომ არაფერი დასამალი არ აქვთ! მშვენიერი ალიბია _ პოლიტიკურ მკვლელობას ვინ სჩადის ვიდეოთვალის წინ?! ეს, მხოლოდ, გამოუცდელ ბარათელს “შეეძლო”. არადა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, “გამოუცდელი” ბარათელი რომ ასე პროფესიონალურად ვერ მოკლავდა გურამ შარაძეს, დამეთანხმება ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს გიორგი ბარათელი.

უცნაურია ისიც, რომ როდესაც ფირის ნახვისას რეპლიკებს ვისვროდი, რომ მკვლელი ორია და სხვა, გამომძიებლები მაინცადამაინც დიდ ინტერესს არ იჩენდენ. უბრალოდ, მთხოვდნენ მომეყვანა მოწმე, რაზედაც მართალია, უარს ვეუბნებოდი, მაგრამ იქნებ რა ვიცი და რას ვამბობ, არ უნდა აინტერესებდეთ გამომძიებლებს, რომლებიც საქმეს იძიებენ? იქნებ, გამოძიებას თეორიულად მაინც ვაყენებ სწორ გზაზე?

საგულისხმოა, რომ ფირის ჩვენება მოხდა მკვლელობიდან 45 დღის შემდეგ. ამაზე შეიძლება მიპასუხონ, არ თანამშრომლობდით გამოძიებასთანო. რომ მითხრეს, ნახეო, მაშინ ვთანამშრომლობდით?

_ რას ელოდები, რისი იმედი გაქვს?

ველოდები, ათასგვარ ცილისწამებას უკვე ოფიციალურად, თორემ სიბინძურეს ისედაც ავრცელებენ პირველი წუთიდან. ველოდები, რომ ერთ დღეს ბარათელი “აღიარებს” მკვლელობას. ველოდები, რომ ერთ დღეს ბარათელმა შეიძლება “თავიც მოიკლას” და სხვა ათას უბედურებას. თუმცა, მჯერა, რომ დადგება დღე, როდესაც საბრალდებო სკამზე დასხდებიან არა მარტო გურამ შარაძის ნამდვილი მკვლელები, არამედ, მკვლელობის შემკვეთებიც.

დღეს კი ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვაცხადებ _ გურამ შარაძის დემონსტრაციული დახვრეტა თუ შერჩა ამ ქვეყანაში ვინმეს, საქართველო დიდხანს ვერ გათავისუფლდება არსებული ყოფისგან. დაე, ხალხმა თვითონ აირჩიოს თავისი მომავალი!

ბოლოთქმა:

რუსუდან შარაძეს გამოვეთხოვე და მშვიდობა ვუსურვე!.. მე არ ვიცი “ვარდების რევოლუციის” გამარჯვების შემდეგ რიგით მერამდენე გახმაურებულ მკვლელობას შეეწირა გურამ შარაძის სიცოცხლე, მაგრამ ერთი რამ ვიცი ბრწყინვალედ: გურამ შარაძის მკვლელებს დღეს თუ ხვალ უეჭველად საიქიოს გაისტუმრებენ, რადგან ისტორია და მსგავსი სისხლიანი საქმეების მკაცრი ლოგიკა გვასწავლის ამას.

აბა, კარგად დააკვირდით, ძვირფასო მეგობრებო, პრეზიდენტ კენედის მკვლელი _ ოსვალდი როგორ მიახვრიტეს გაურკვეველ ვითარებაში, ხოლო გია გულუა, რომელმაც მინიმუმ ყველაფერი იცოდა ზვიად გამსახურდიას მკვლელის შესახებ, მანქანაში ჩაცხრილეს.… გურამ შარაძის მკვლელსაც მოკლავენ, მაგრამ ეს გიორგი ბარათელი არ იქნება, რადგან ბარათელი მკვლელი არ არის!

დაბოლოს, ძვირფასო ალდაგელებო, მე ვიცი, რომ თქვენ გაქვთ იმ ამაზრზენი ფირის დედანი, გაქვთ გამოუშიგნავი დოკუმენტი, რომელზეც გურამ შარაძის მკვლელები ცხადად ჩანან! მოგვაწოდეთ ეს ფირი და ჩვენ დავბეჭდავთ იმ მკვლელების სახეებს, რომლებიც აკადემიკოსს დაადევნეს!!! კარგი იქნება, თუ ეს წელსვე მოხდება, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან ასი წლის შემდეგ! ბერბიჭაშვილები ხომ ვერ იმალებიან.

დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 16-22 ივლისი, 2007

გურამ შარაძის უცნობი მოწმის სენსაციური აღიარება

ანუ “ასავალ-დასავალმა” შვეიცარიიდან წერილი მიიღო

 

გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელმაც აკადემიკოსის დახვრეტიდან 10-15 წუთის შემდეგ გიორგი ბარათელი შანიძის ქუჩაზე თავისი თვალით ნახა და მიესალმა კიდეც. საგულისხმოა, რომ მოწმე გურამ შარაძის ქალიშვილს ამ ერთი კვირის წინ თვითმფრინავში შემთხვევით დაემგზავრა და ყველაფერი დეტალურად უამბო.…რუსუდან შარაძე მაშინ შვეიცარიაში, კერძოდ, ჟენევაში მიემგზავრებოდა სადიპლომო ნაშრომის დასამთავრებლად, ხოლო, მოწმე პოლონეთში, ვარშავაში მიფრინავდა.

როცა რუსუდან შარაძემ ჟენევიდან ელექტრონული ფოსტით წერილი გამომიგზავნა და ახალი მოწმის შესახებ დაწვრილებით მიამბო, მაშინვე ვიეჭვე, _ ვინ იცის, იქნებ ეს მოწმე საქმეში ძალით “შემოაგდეს”, რათა აწ განსვენებული აკადემიკოსის ჭირისუფალს კვალი აურიონ-მეთქი და რუსუდანს მაშინვე “დავუმესიჯე”, _ “რუსო, ერთ რამეს მიაქციე ყურადღება, მოწმე, რომელიც დაგემგზავრა, “შემოგდებული” ხომ არ არის?’’ კითხვაზე ასეთი პასუხი მივიღე: “არა, ვარიანტი არ არის.… ჯერ ერთი, ვარშავაში მიფრინავდა და ვენამდე დამემგზავრა… მეორეც, ეს ინფორმაცია იქვე უთქვამს ჩვენი საერთო ნაცნობებისთვის. სტიქაროსანია, დიდი ხანია, ტელევიზიაში მუშაობს”.…

მოკლედ, გამოწვლილვით ვსწავლობდი ჟენევიდან გამოგზავნილ წერილს და თუ რაიმე შეკითხვა გამიჩნდებოდა, მაშინვე ვუკავშირდებოდი რუსუდან შარაძეს, რომელმაც სახელოვანი და ღვაწლმოსილი მამის მკვლელობის რეჟისურა, ჩემი აზრით, აბსოლუტურად გააშიშვლა და გამოიკვლია!..

გურამ შარაძის მკვლელობა ძალიან საინტერესოდ არის კონსტრუირებული; ეს ის საქმეა, რომელსაც ორმოცი გიორგი ბარათელიც კი ვერ მოიფიქრებდა და დაგეგმავდა.… თუმცა, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და მივყვეთ დეტალებს, რომელშიც, ერთი დიდი ადამიანისა არ იყოს, ნამდვილად ეშმაკია ჩასაფრებული.

რუსუდან შარაძე: _ დიტო! ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას, ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ, შევიტყვე ძალიან საინტერესო ამბავი _ თითქოს დაჭრილი გიორგი ბარათელი პეტრიაშვილის ჩიხში, რომელიღაც ეზოში შევარდნილა. ამასთან, აქეთ მომავალს, გზად დიდი ხნის ნაცნობი დამემგზავრა, რომელსაც, მართალია, იშვიათად ვხედავ, მაგრამ თბილი ურთიერთობა მაკავშირებს. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც მეუბნება, რომ მან მკვლელობიდან 10-15 წუთში გიორგი ბარათელი შანიძის ქუჩაზე თავისი თვალით ნახა და მიესალმა კიდეც (?!). ხოლო, როდესაც დაწვრილებით მიამბო, თუ რა ნახა, მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი აზრის სისწორეში, რომ გიორგი ბარათელი გურამ შარაძის ნამდვილ მკვლელში შანიძის ქუჩაზე გაცვალეს! აი, რა მიამბო მან:

მეოთხე მოწმე, მამაკაცი: “სახლში მესმოდა სროლა, მაგრამ არ გამოვსულვარ. კიდევ რომ გავიგონე სროლის ხმა, ვიფიქრე _ რაღაც ხდება-თქო და გამოვედი. ხორავას ქუჩისა და შანიძის გადაკვეთას რომ მივუახლოვდი (მოვდიოდი შუა ქუჩაზე, ზემოდან ქვემოთ), პატრული იდგა და მანქანებს არ უშვებდა. შანიძის თორმეტ ნომერთან ვიქნებოდი, რომ წინ, დაახლოებით შანიძის ათთან, ,,ბიგ-ბენის’’ მაღაზია რომაა, ვხედავ გიორგი ბარათელმა გადმოკვეთა ქუჩა. მე მას დიდი ხანია ვიცნობ ტელევიზიიდან, თუმცა, ახლოს არასდროს ვყოფილვარ. მეუცნაურა, რომ თან “საროჩკას” იხდიდა (?!). მოჭერილი სახელო რომ არ გიშვებს გახდისას, დაახლოებით ასეთი მოძრაობა ჰქონდა. მტევანი არ უჩანდა. რამეს მალავდა? ვერ გეტყვი. “საროჩკის” ფერი ზუსტად არ მახსოვს, უჯრიანი იყო და ხაკისფერი ერია. შიგნით მაიკა ეცვა. შუა შანიძის ქუჩაზე შევხვდით ჩვენ ერთმანეთს. მე მას მივესალმე, მანაც დამიქნია თავი (?!) და გაემართა ხორავას ქუჩაზე, პეტრიაშვილისკენ. არ მირბოდა, გრძელი, მაგრამ დინჯი ნაბიჯებით მიდიოდა. არ ვიცი იყო თუ არა ნაცემი ან დაჭრილი, ყველაფერი წამებში მოხდა. მახსოვს მოძრაობა და თვალები _ უბედური, ამღვრეული თვალები! ქვევით რომ ჩავედი, გავიგე, რომ გურამ შარაძე მოუკლავთ. მაინცადამაინც არ გამკვირვებია, როცა იქვე გავიგე, რომ მკვლელი ბარათელი იყო. მე პირველმა ამოვიცანი ის. თუმცა, პირველივე წუთში ვიფიქრე, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო, ხოლო ბარათელი უბრალო იარაღი. როგორც გამოვთვალე, მე ის ვნახე მკვლელობიდან დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ”.

_ რუსუდან, რა დასკვნა შეიძლება გააკეთოს კაცმა ამ მოწმის ჩვენებიდან და რა კითხვებს ბადებს ახალი მოწმის ნაამბობი?

_ შანიძის ათი ნომერი, საიდანაც ბარათელმა ქუჩა გადმოკვეთა, არის კუთხის სახლი. ამ სახლის ორივე სადარბაზო გადის პატარა, მართკუთხა ეზოში, რომელსაც, თავის მხრივ, გასასვლელი აქვს ხორავას ქუჩაზე (გასასვლელის კარი მუდმივად ღიაა). ეს, სწორედ, ის ეზოა, სადაც შანიძის მხრიდან შერბის გურამ შარაძის ნამდვილი მკვლელი მას შემდეგ, რაც მელიქიშვილზე ორ საკონტროლო გასროლას მოახდენს და სირბილით ავარდება ამ ქუჩაზე. ამის შემდეგ, ის ისევ სირბილით გამორბის უკან და მიემართება პეტრიაშვილის ჩიხისკენ. ამ დროს მას, მხოლოდ პატრულის ერთი “რაციიანი” თანამშრომელი მისდევს ფეხით. მოწმეთა ჩვენებით, “ის არის დაახლოებით 30 წლის, საშუალოზე მაღალი, მოსული. იმ მომენტში სახე აგრესიული, თან დაფეთებული ჰქონდა, თითქოს, დაღლილიც. ლომივით ტიპი იყო, ნავარჯიშევი. წვერ-გაპარსული. თმა შეთხელებული ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა. არც ქერა იყო, არც შავგვრემანი. ეცვა ჯინსები და მოკლემკლავიანი, მუქი (ან ჯინსის), ჩატანებული “საროჩკა”.

დამეთანხმებით, რომ ის სრულიად არ ჰგავს პატრულის თვალწინ “გრძელი, მაგრამ დინჯი ნაბიჯებით” მოსიარულესა და “უბედური, ამღვრეული თვალების” მქონე გიორგი ბარათელს, რომელსაც გზად ტანზე გახდისა და მისალმების დროც კი აქვს. ბარათელი განსხვავებულია ფიზიკურადაც _ ის არის ძალიან შავი, დაახლოებით 158 სმ. სიმაღლის, გამხდარი და ამ მომენტში თავი გადაპარსული, ხოლო წვერი მოშვებული ჰქონდა. მას იქამდე, სანამ გადაკვეთდა შანიძის ქუჩას “ბიგ-ბენის” სიახლოვეს, ეცვა “უჯრებიანი “საროჩკა”, რომელშიც ხაკისფერი ერია”. სად იშოვა და ჩაიცვა მან ის ჯინსის გრძელმკლავიანი პერანგი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში აცვია? სიმართლე გითხრათ, ჩემს ყოველგვარ ფანტაზიას გადააჭარბა იმ ფაქტმა, რომ ბარათელმა შუა ქუჩაში ტანზე გამოიცვალა.

_ დარწმუნებული ხარ, რომ ბარათელი მკვლელი არ არის?

_ შანიძის ქუჩაზე ბარათელს ნახულობენ მკვლელობიდან დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ. წესით, ეს ის დროა, როდესაც ნამდვილი მკვლელი პეტრიაშვილის ჩიხიდან კეკელიძეზე სამშვიდობოზეა გასული. ამას ადასტურებს ისიც, რომ მოწმის ჩვენებით, უკვე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რაც ვიცით, რომ მხოლოდ, მას შემდეგ მოხდა, როდესაც მკვლელმა პეტრიაშვილის ჩიხს მიაღწია. სავარაუდოდ, გიორგი ბარათელი იქ იძულებით იმყოფება. როგორც პირველსავე დღეს დავით კიკალიშვილმა განაცხადა, ბარათელს “რუსთავი 2”-ში იმ დღეს დილიდან ეძებდა პოლიცია. ის, ალბათ, ისეთივე ნაბიჯებით მიაღწევს პეტრიაშვილის ჩიხთან. და აი, აქ უკვე გარბის და შევარდება ეზოში, სადაც მეგობრები ქეიფობენ. მოვუსმინოთ სხვა მოწმეს:

მეხუთე მოწმე, მამაკაცი: “პეტრიაშვილის ჩიხში, მეგობრის სახლში ბიჭები ვქეიფობდით. საქმე მქონდა და ცოტა ხნით გავედი. უკან რომ ვბრუნდებოდი, გზაში დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთი ამბავია, სროლაა და ის ვისაც ესვრიან, მათთან შევარდნილა. მერე ყველამ თქვა, რომ ის ბარათელი იყო, თავიც გადაპარსული ჰქონდაო. თან, მხარზე ხელს იჭერდა, თითქოს, დაჭრილი იყო. მე ბარათელს ვიცნობ, ტელევიზიაში ერთად გვიმუშავია. იქ რომ ვყოფილიყავი აუცილებლად დავადასტურებდი, ნამდვილად ის იყო თუ არა”.

რა მოხდა? ესეც გათამაშებულია თუ ბარათელმა სცადა თავის დაღწევა? ჩემთან საუბარში ზაალ გურგენიძემ დაადასტურა, რომ ბარათელი მხარში დაჭრილია. სად დაჭრეს, რატომ სცემეს ის? საინტერესოა, რას იტყვის ხალხი, ვინც გიორგი ბარათელი მრგვალ ბაღთან ნახა მაშინ, როდესაც ის სამარშრუტო ტაქსში დააკავეს? იყო თუ არა ის მაშინ დაჭრილი? რა ეცვა? ან, რატომ არ აიყვანეს იქვე, პეტრიაშვილის ჩიხში? მართლა გაექცათ თუ ესეც დადგმული სცენარია? იმედი მაქვს, რომ ამ და სხვა დეტალებს ნათელი მალე მოეფინება. შეიძლება რაღაც ნიუანსები ბუნდოვანია და ხვალ რაიმე წვრილმანმა სხვანაირი სახე მიიღოს, მაგრამ არსი ერთია _ გიორგი ბარათელი მკვლელი არ არის!

_ რატომ არის “ალდაგის” სათვალთვალო კამერები მიშვერილი მხოლოდ ერთ მხარეს და სად არის იმ ფირის ორიგინალი, რომელზედაც გურამ შარაძის მკვლელობაა აღბეჭდილი?

_ ერთ რამეს დავამატებ!.. წამოსვლამდე “ალდაგთან” გავიარე და კიდევ დავათვალიერე სათვალთვალო კამერები. აღმოჩნდა, რომ ჯანაშიას ქუჩაზე ორი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, ჩვენ კი ამ ქუჩის მხოლოდ ერთი ფირი გვანახეს. შეიძლება დეტალია, მაგრამ მაინც… იქვე, დაცვის თანამშრომელს გამოველაპარაკე. მე მადლობელი ვარ ამ პატიოსანი კაცის, რომლმაც მიუხედავად იმისა, რომ “აკრძალული ჰქონდა ამ თემაზე საუბარი”, მაინც მიპასუხა რამოდენიმე შეკითხვაზე. როდესაც ვკითხე _ “რა აპარატურა გიყენიათ-მეთქი”, “შეიძლება ძალიან მაგარი არ არის, მაგრამ არც ცუდიაო” _ მიპასუხა. “მე კი ძალიან ცუდი ფირი მანახეს-მეთქი” _ ვუთხარი. “ალბათ, გადაწერისას გაფუჭდა ხარისხიო” _ გულწრფელად მითხრა. არადა, იმდენში კი ვერკვევი, რომ ვიცოდე _DVD-ზე გადაწერისას და შემდეგ, კომპიუტერში შეტანისას (ეს რომ ასე იყო, მალხაზ ბოხუასგან ვიცი) ფირის ხარისხი არ ფუჭდება, მით უმეტეს, ისე როგორც მე ვნახე. იგივე დაცვის თანამშრომლის თქმით, ფირის ორიგინალი სამართალდამცველებს წაუღიათ. გამომძიებელი გურგენიძისგან კი ვიცოდი, რომ ის “ალდაგში” ჰქონდათ დაყადაღებული.

ყველა შემთხვევაში, სადაც არ უდა იყოს ფირის ორიგინალი, მოვითხოვ, მანახონ ის დაუმონტაჟებელი და ხარისხიანი.

_ რუსუდან, როგორ ფიქრობ, შეძლებ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას და ნამდვილი დამნაშავეების დასჯას?

_ საინტერესოა, თუ რატომ იძიებს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და არა პროკურატურა? მისი “დონე” არ არის? ვნახოთ, საით წაიყვანენ გამოძიებას. მიუხედავად ზაალ გურგენიძისადმი კეთილგანწყობისა, უნდა ვთქვა, რომ ალბათ ის ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ხელისუფლებას. მე მას მოვუწოდებ, თუ გმირობას ვერ შეძლებს, გაერიდოს მაინც, გაუფრთხილდეს თავის სახელს, რომელიც უნდა თუ არა უკვე ისტორიაში შევიდა, როგორც ამ საზარელი მკვლელობის პირველი გამომძიებლის.

იმედი მაქვს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის მოწმეთა (რომელნიც ათეულობით არიან) ჩვენებები გაგრძელდება თქვენი გაზეთის ფურცლებზე. მე მათ უმორჩილესად ვთხოვ, რომ დაგიკავშირდნენ. ჩვენის მხრიდან მათ ანონიმურობას ვპირდებით. თუმცა, ჩემთვის გახსნილია ეს მკვლელობა, დარჩა მხოლოდ კონკრეტული პირების _ როგორც შემკვეთების, ისე შემსრულებლების გამოაშკარავება და საბრალდებო სკამზე დასმა.

ბოლოთქმა:

როგორც ჩემთვის ცნობილია, სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” თანამშრომლებს გურამ შარაძის დახვრეტის ამსახველი კადრები მობილურ ტელეფონებში აქვთ ჩაწერილი.…

წესით, მათ ამ კადრების მოპოვება არ უნდა გასჭირვებოდათ, რადგან ხელთ ჰქონდათ ვიდეოთვალის მიერ გადაღებული ფირი _ დედანი, რომელიც მოგვიანებით გამოშიგნული, გაუბედურებული და დამონტაჟებული აჩვენეს რუსუდან შარაძესა და ადვოკატებს: ნუგზარ ბირკაიასა და ნინო ნიშნიანიძეს.

ძვირფასო ალდაგელებო, თუკი ვინმეზე ხელი მიგიწვდებათ, ყველას ანახეთ, გადაუწერეთ და ჩაუწერეთ გურამ შარაძის მკვლელობის ამსახველი ვიდეო და მკვლელების სახეები პერმანენტულად გაგზავნეთ სოროსის ფონდის თანამშრომლის _ ვინმე ქაროსანიძის ტელეფონის მისამართზე, რომელიც დახვრეტილ გურამ შარაძეს მესიჯს მესიჯზე უგზავნიდა _ ჩაძაღლდი? მოკვდი? ყველა ფაშისტის ბედი ასეთი იქნება!..

ძვირფასო ალდაგელებო, ისევ და ისევ გთხოვთ, მაშინ, როცა ფირის დედანი დალუქულ-დაპატიმრებულია, გამოიჩინეთ გმირობა და დაანახვეთ საქართველოს გურამ შარაძის მკვლელები!..

დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 23-29 ივლისი, 2007

ვინ ისურვა გურამ შარაძის სიკვდილი და

რატომ მიწყნარდა აჟიოტაჟი ე.წ. ,,თურქი-მესხების გარშემო?

როცა ლესელიძის ქუჩაზე პატრულის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი მონასელიძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს, გულწრფელად გამიხარდა, რადგან უდანაშაულო ახალგაზრდა ,,მკვლელის” საშინელი იარლიყის მიწებებასაც გადაურჩა და თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც, მაგრამ განსაკუთრებით გამახარა იმან, რამაც მონასელიძე იხსნა!.. კერძოდ, უკანასკნელი პერიოდის ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა და სასამართლომ პატრულის მკვლელობის საქმის განხილვისას როგორც იქნა, აღიარა, რომ ეჭვმიტანილ გიორგი მონასელიძეს უტყუარი ალიბი ჰქონდა _ მკვლელობის მომენტში მონასელიძე ერთ-ერთ ბანკში იმყოფებოდა, რაც საგანგებოდ დაყენებულმა ვიდეოკამერებმა საიმედოდ დააფიქსირეს და აღბეჭდეს…

ვულოცავ რეფორმირებულ ქართულ სასამართლოს და ჩვენს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მოსამართლეებს ამ ბრწყინვალე აღმოჩენას და ბარაქალა ჩვენი ხელისუფლების გონებამახვილობას!

მართლაცდა, ხუმრობა საქმე როდია იმის აღიარება, რომ ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე ადამიანი არ შეიძლება იმყოფებოდეს ორ სხვადასხვა ადგილას _ ლესელიძის ქუჩაძე პატრულსაც კლავდეს და ბანკის შენობაშიც გადი-გამოდიოდეს!..

რაკი პატივცემული მონასელიძე სამუდამო პატიმრობას ან ოცწლიან ციხეს ბანკის ვიდეოკამერებმა გადაარჩინა, იქნებ ,,ალდაგის” ვიდეოკამერებმა გურამ შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელიც გადაარჩინოს ტყუილ-უბრალო ტანჯვა-წამებას, რადგან თუ ბანკის ვიდეოკამერებში დაფიქსირება გიორგი მონასელიძისთვის უმტკიცესი და უეჭველი ალიბია, ,,ალდაგის” ვიდეოკამერებში არ მოხვედრა ბარათელისთვის გახლავთ იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ მას აკადემიკოსი არ მოუკლავს!..

ქართული სასამართლო და კრიმინალისტიკა მეორე და ამავე დროს ზებრწყინვალე აღმოჩენის ზღვარზე დგას… კერძოდ, გურამ შარაძის მკვლელთა შორის, რომლებიც ავად თუ კარგად, ვიდეოფირზე არიან აღბეჭდილნი და რომლებიც ტანმაღლები, წვერგაპარსულები, თმაქოჩორა და აშკარად სპორტული აღნაგობის ქილერები ბრძანდებიან, უნდა გამოირიცხოს ტანდაბალი, თავგადახოტრილი, წვერმოშვებული და სუსტი აგებულების ბარათელი, რომელიც ,,ალდაგის” ვიდეოკამერებში არსად ფიგურირებს…

თუ სასამარათლო გამოძიება და ჩვენი მრავალნაცადი კრიმინალისტები იმ დასკვნამდე მივლენ და დაამტკიცებენ, რომ გურამ შარაძის მკვლელობაში არ შეიძლება მონაწილეობდეს გიორგი ბარათელი (რადგან არათუ ბარათელი, არამედ მისი მსგავსი ტიპაჟი აკადემიკოსის დახვრეტის ამსახველ კადრებში საერთოდ არ ჩანს), მაშინ მოსალოცად გვქონია საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოოდ დამტკიცდება, რომ გურამ შარაძე სწორედ იმ ადამიანებმა გაუყენეს სიკვდილის გზას, რომლებიც საქართველოში პედერასტების აღლუმების მოსაწყობად თუ ე.წ. თურქი-მესხების ჩამოსასახლებლად თავს იკლავენ…

ნებისმიერი ლოგიკის მიხედვით, გურამ შარაძის მკვლელობა ე.წ. თურქი-მესხების ჩამოსახლების საკითხს უნდა დავუკავშიროთ.

მე კარგად მახსოვს ამ ცხრა წლის წინ აგორებული იმ საშინელი დაპირისპირებისა და ორომტრიალის პერიპეტიები, როცა პროფესორი გურამ მამულია, სწორედ ე.წ თურქი-მესხების პრობლემის გამო სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა გურამ შარაძეს!..

ზვიად გამსახურდიას ყოფილმა მეგობარმა, აწ განსვენებულმა პროფესორმა მამულიამ, რომელიც მაშინ ზურაბ ჟვანიას გუნდის ავადსახსენებელ გეგმებს ახმოვანებდა, არ ვიცი, სიტყვას მოაყოლა და ყასიდად თქვა თუ ბოღმით, მაგრამ დღემდე ყურში რომ მიწივის, ისეთი რამ განმიცხადა: ,,შარაძე მოსაკლავია, რადგან მაგ ავანტიურისტ კაცს ხალხის აყოლიება და სამცხე-ჯავახეთში ქართველების რეპატრიაციის ჩაშლა შეუძლიაო!..’’.

მაშინ მე ამ სიტყვებისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია და ყველაფერი საყველპურო საუბარს დავაბრალე, მაგრამ ახლა, დღევანდელი გადასახედიდან რომ ვაფასებ სიტუაციას, ვრწმუნდები, რომ თუ აწ განსვენებულმა პროფესორმა მამულიამ გურამ შარაძის სიკვდილი ისე, ჰაიჰარად, სიტყვის მასალისთვის ისურვა, რატომ არ შეიძლებოდა, ცხრა წლის შემდეგ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელსაც მსგავსი სურვილები არ ასვენებდა, პროფესიონალ მკვლელს ამოეყო თავი და სურვილი რეალობად ექცია?

გამოძიება დუმს და ხმას არ იღებს იმ ფაქტზე, რომლის მსგავსი საშინელება სერ ართურ კონან დოილის მიერ შეთხზულ საქვეყნოდ ცნობილ კრიმინალურ ისტორიებშიც არ ამომიკითხავს…

საქმე ეხება სოროსის ფონდის ყოფილ თუ ამჟამინდელ თანამშრომელს, ვინმე ქაროსანიძეს, რომელიც უკვე დახვრეტილ, მელიქიშვილის გამზირის ტროტუარზე დანარცხებულ გურამ შარაძეს მესიჯს მესიჯზე უგზავნიდა და ნიშნს უგებდა _ ხომ ჩაძაღლდი, ფაშისტო, აბა რა გეგონა!..

შესასწავლია ქაროსანიძის ფსიქიკა, მისი კავშირი მკვლელობასთან და საერთოდ, შესასწავლია სოროსის ფონდის საქმიანობა, _ რას ქადაგებენ თამრიკო ჭოველიძის ქუჩაზე წამოჭიმულ უშველებელ ოფისში _ ლიბერალურ იდეებს, კაცთმოყვარეობას თუ სადიზმსა და კანიბალიზმს?..

გამოძიებამ უნდა უპასუხოს ერთადერთ კითხვას _ რატომ, რისთვის მოკლეს გურამ შარაძე?..

დღეს დღესობით, როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიებამ არაფერი იცის მკვლელობის მოტივის შესახებ, ხოლო მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი დუმილის უფლებას იყენებს, რაც ერთ რამეზე მიგვანიშნებს მხოლოდ _ ბარათელი უდანაშაულოა!..

გურამ შარაძის მკვლელობის წუთიდან საზოგადოებაში ათასგვარი ბინძური ჭორი დაყარეს, მაგრამ დრომ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და სიბინძურეც თვალსა და ხელს შუა გაქრა… დარჩა ,,ალდაგის” კამერების მიერ გადაღებული ფირი, რომელზეც აკადემიკოსის მკვლელობაა აღბეჭდილი, დარჩა ტყუილუბრალოდ დაპატიმრებული გიორგი ბარათელი და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა…

მკვლელები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ გურამ შარაძის ფიზიკური ლიკვიდაციით ე.წ. თურქ-მესხებს უპრობლემოდ ჩამოასახლებდნენ საქართველოში, მწარედ მოტყუვდნენ… როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ე.წ. სომხურმა ლობმა სამცხე-ჯავახეთში ე.წ. თურქი მესხების რეპატრიაციის საკითხი დაბლოკა და, ჩემი ინფორმაციით, ეს პრობლემა გაიყინა!..

ილია ჭავჭავაძის მკვლელებს ეგონათ, რომ წიწამურში გავარდნილი ტყვიით საქართველოსაც წააქცევდნენ, მაგრამ სულ რაღაც თერთმეტი წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

გურამ შარაძის მკვლელებსაც დიდი და ბნელი ჩანაფიქრი აქვთ!..

ქართველებო, არ აუსრულოთ მკვლელებს წადილი და იცხოვრეთ ისე, როგორც ეს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის იატაკზეა მშვენიერი ასომთავრულით ამოტვიფრული _ ,,ქართველნო, დექით მტკიცედ და შეურყევლად”!

დიტო ჩუბინიძე
,,ასავალ-დასავალი’’, 30 ივლისი – 5 აგვისტო, 2007

გურამ შარაძე ჟურნალისტებმა გააცოცხლეს!

ამა წლის 27 ივლისს, 20 საათსა და 07 წუთზე, მიმდინარე პროცესებზე სიუჟეტის ჩვენებისას ტელეკომპანია ,,იმედის’’ საინფორმაციო პროგრამაში, არც მეტი, არც ნაკლები, ცოცხალი გურამ შარაძე გამოჩნდა ტელეეთერში. ეს არც 25-ე კადრი იყო და არც 77-ე. დიახ! ცოცხალი და გაღიმებული გურამ შარაძის ნახვა ყოველგვარი ,,საარქივო’’ ლოგოს გარეშე შეგეძლოთ 27 ივლისის საინფორმაციო გადაცემაში, ორიოდე თვის წინ, ნაძირალების მიერ მელიქიშვილზე დახვრეტილი გურამ შარაძე იღიმებოდა პირდაპირ ეთერში! მივხვდი, რაღა თქმა უნდა, რომ ჩემმა კოლეგებმა ,,საარქივო’’ ლოგო არ დაადეს სიუჟეტს…

დიახ, ორი თვე გავიდა, რაც გურამ შარაძე მოკლეს! ორი თვე გავიდა, რაც გუროვებისა და ახალი ,,ბერბიჭაშვილების’’ გამო თხუთმეტი დღით დასაკავებელი აკადემიკოსი აღარ ჰყავს ,,ვარდების ხელისუფლებას!’’. ორი თვე გავიდა მხოლოდ შარაძის დახვრეტიდან და წარმომიდგენია, როგორი მშვიდი ძილით სძინავთ ამ ორი თვის განმავლობაში რასელის მიმდევრებს _ აკი, აღარავის შეუჩვენებია იეღოველთა სექტა საჯაროდ!

არადა, მართლა საშვილიშვილო საქმე გააკეთეს ჩემმა კოლეგებმა ბატონი გურამის ჩვენებით _ ყველა უბედურებამ ერთად მოიყარა თავი გონებაში, თუკი რამეს შეიძლებოდა შეწინააღმდეგებოდა ილიას დახვრეტიდან 100 წლისთავზე დახვრეტილი აკადამიკოსი.

არადა, ამ დროის განმავლობაშიც ალესეს მახვილი ალან დალესის დოქტრინის მქადაგებლებმა და ქვეყნის გადაჯიშების მსურველმა ქვაბავაზაკებმა!

დიახ! გურამ შარაძის გარდაცვალების შემდეგ წამოატივტივეს ,,თურქი-მესხების’’ ჩამოსახლების იდეა და ვერავინ აღმოჩნდა ისეთი, შარაძისეული ქართული კაცობით შეწინააღმდეგებოდა ანტიეროვნული სურვილით გაღვივებულ იდეას.

დიახ! მართლმადიდებლობისთვის ზვარაკად შეწირული გურამ შარაძის დახვრეტის შემდეგ გაუჩნდა მავანს _ პედერასტთა აღლუმი მოეწყო გორგასლის მიერ დაარსებულ ქალაქთ-ქალაქში და მხოლოდ მის უწმინდესობასა და ქართულ ეკლესიას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ,,ახალი გეინერალი’’ არ გაიცნო ერმა!

ან, როგორი წარმოსადგენია _ ასობით ელტონჯონიზირებული მამაკაცი შოთა რუსთაველის პროსპექტზე…

დიახ! გურამ შარაძე რომ ცოცხალი ყოფილიყო _ პირველივე დაკავებული და თხუთმეტი დღით საპატიმროში გამომწყვდეული კვლავ იგი იქნებოდა.

მჯერა, არაფრად დაგიდევდათ ევროპული კონვენციების საბაბად მოდებას და აღმაშენებლისა და სააკაძის ქვეყანაში გეი-აღლუმის პირველივე ,,გეინერალს’’ სახალხოდ მოსდებდა ქართულ ალიყურს!

გურამ შარაძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, ფურთხოვიჩებისა და ფურთხოვნების ფურთხება მერე გენახათ _ ისეთს იტყოდა ცხონებული, და ისეთ ამბავს ატეხდა _ საშვილიშვილოდ აღარ გამოეყოფოდათ თავი ამ ცოდვის შვილებს!

დღეს კი… ვინ ვისი ნერწყვი როგორ აბურთავა პირში, საამაყოდ არაკობენ……

ბოლოთქმა:

დიახ, ძვირფასო მკითხველო!

მთავრობები ყოველთვის მიდიან და მალე, პრეზიდენტისგან მადლობაგადახდილი გოკა გაბაშვილიც შარშანდელი თოვლივით გაქრება პოლიტიკური ავანსცენიდან.

თუმცა, გურამ შარაძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, ციხე არ ასცდებოდა მინისტრს, რადგანაც მისი დაუდევრობისა და უგუნურობის გამო, მონასტრის კედლებს მარადიულობის სიმბოლოდ შერჩენილი, დიდი თამარ მეფის ერთადერთი ავტოგრაფი განადგურდა!

არადა, ჩვენდა სავალალოდ, იმ დღეს, მზის ქვეშ, მინდორში ჩატარებულ მთავრობის სხდომაზე, სააკაშვილმა სწორედ მონასტრებში ჩატარებული ამ და სხვა სამუშაოებისთვის დააჯილდოვა სეფე-მადლობით გოკა-უმცროსი!

საუბედუროდ, ქუჩაში დახვრეტილი გურამ შარაძე ამ ყველაფერს წინ ვერ აღუდგა!

თუმცა, ტელეკოლეგებს რას ვერჩი… მათ, ალბათ, სასურველი რეალობად წარმოიდგინეს და შარაძე ორიოდე წუთით მაინც გაგვიცოცხლეს პირდაპირ ეთერში…

მადლობა მათ, რადგან ცოცხალი გურამ შარაძის ჩვენებით კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ მთავრობები მიდიან და თუ პათეტიკაში არ ჩამომართმევთ _ ერისშვილები მარადიულად რჩებიან!

გიორგი მამაცაშვილი
,,ასავალ-დასავალი’’, 30 ივლისი _ 5 აგვისტო, 2007

რა შეეშალა გურამ შარაძეს?

საქართველოს მოსახლეობას, უკვე ორი თვეა, თან სდევს ცნობილი ერისკაცისა და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერისა და მკვლევარის, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობით მიყენებული სულიერი ტრავმა. დღეს, როდესაც ბატონი გურამ შარაძის სული ცათა სასუფეველშია, ქართველ საზოგადოებას არ ასვენებს მტკივნეული კითხვა, რატომ, რისთვის, რა მიზნით მოხდა დიდი ილას მკვლელობის 100 წლისთავზე მისი მკვლევარის საშინელი მკვლელობა. ილიას მკვლელობას გალაკტიონის გენიამ ამგვარი შეფასება მისცა: “წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი”. ამჟამადაც ეპოქამ ხომ არ განაპირობა გურამ შარაძის სავალალო აღსასრული.… ამ აქტის შესრულების პროფესიონალიზმი ცხადყოფს, რომ ეს ამბავი შემთხვევითი არ ყოფილა და თავისთავად იბადება კითხვა _ რა შეეშალა გურამ შარაძეს? ამ შეკითხვას უპასუხებენ ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.

თემურ მირიანაშვილი, ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი:

“ბატონ გურამთან თითქმის 29 წელი ვმეგობრობდი. მკვლელობამდე სამი დღით ადრე მესტუმრა, ორშაბათს კვლავ უნდა შევხვედროდი, მაგრამ შეხვედრა არ გვეწერა. მისი ცხოვრება გახლდათ ნამდვილი ერისკაცისა და ჭეშმარიტი მეცნიერის გზა. იყო გენიალური წიგნების ავტორი. ხმალამოწვდილი იცავდა ყოველივე ქართულსა და ეროვნულს. მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, გულწრფელად გეტყვით, რთული ხასიათი ჰქონდა, ურთიერთობებში მაქსიმალურად მომთხოვნი იყო.…თუ ამას გამოვრიცხავთ, უაღრესად მოწესრიგებულს, არაფერი ეშლებოდა, თუმცა, მტრების აზრით, შეიძლება, ეს მისი ნაკლი იყო”.

ელიზბარ ჯაველიძე, მწერალი, აკადემიკოსი, პოლიტიკური ორგანიზაცია “XXI საუკუნის” ლიდერი:

“გურამ შარაძეს არაფერი შეშლია. მას უსაზღვროდ უყვარდა საქართველო, მის კულტურულ და სულიერ ღირებულებებს რელიგიური თაყვანისცემით ეკიდებოდა. დღეს, როდესაც ქვეყანას ვიგინდარები მართავენ და სურთ ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნული სულის ჩაკვლა, გურამ შარაძის ომახიანი ძახილი ყურს ჭრიდათ, რადგან პრინციპული პოზიციებიდან უკან დახევა მას არ ჩვეოდა. ვფიქრობ, ეს მისი შეგნებული და გააზრებული ქმედება გახლდათ და არა რაიმეს შეშლა”.

ვალერი ასათიანი, კულტურის ყოფილი მინისტრი, პროფესორი:

“მას “შეეშალა”, რომ თავგამოდებით იცავდა ეროვნულ ინტერესებს, ამხელდა დესტრუქციულ ძალებს. აშკარად და დაუფარავად ხაზს უსვამდა მართლმადიდებელი სარწმუნოების უდიდეს როლსა და მნიშვნელობას ქვეყნის აღმშენებლობასა და ცხოვრებაში. სამწუხარო და დასანანია, რომ ამგვარი ტენდენცია ხშირად ხდება ადამიანთა ღირსების დამცირების, პიროვნული უფლებების ხელყოფის, ანდა ფიზიკური განადგურების მიზეზი. უკანასკნელ წლებში ამგვარი მაგალითების რიცხვმა იმატა და ბატონი გურამიც ამან შეიწირა”.

ავთანდილ იოსელიანი, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე:

“სამწუხარო ფაქტია თავისთავად, რომ ცნობილ აკადემიკოსს დღისით, მზისით, შუა პროსპექტზე ვერაგულად, მიპარვით კლავენ. არა მგონია, მიზეზი გურამ შარაძის რაიმე ცდომილება იყოს, თუმცა, გადაწყვეტით რაიმეს თქმა არ შემიძლია, რადგან საქმე ძიებაშია და ვნახოთ, რით დასრულდება”.

ნანა დევდარიანი, ყოფილი პარლამენტარი და სახალხო დამცველი:

,,რა უნდა შეშლოდა გურამ შარაძეს? ხომ ხედავთ, რაც ხდება საერთაშორისო თვალსაზრისით ისალმური სამყაროს მიმართ. დასავლეთს იგივე მიდგომა აქვს მართლმადიდებელი სარწმუნოების მიმართაც, რასაც თავგანწირულად ეწინააღმდეგებოდა გურამ შარაძე. მამა ბუშის სიტყვები რომ გავიმეორო, ბატონი გურამიც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა. გმირობა კი ადვილი არ არის, მას ძალას აძლევდა შეგნება _ “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”. იმ დროს, როდესაც ეროვნულ ფუნდამენტს უცხო ძალები უტევენ, ყოველთვის ჩნდებიან ტრაგიკული ფიგურები. გურამ შარაძის მკვლელობა პოლიტმკვლელობების გაგრძელებაა”.

პაატა ზაქარეიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი, პოლიტოლოგი:

“ბატონ გურამს არაფერი შეშლია, თუ რამე შეეშალა, ამგვარი ცდომილება _ ღირსებაა. ასეთ მტკივნეულ, საშინელი ფორმით ჩადენილ ბოროტმოქმედებას პოლიტიკური ელფერი აქვს. დღეს უამრავი მოსაზრება გაჟღერდება ამ საკითხის ირგვლივ, სიმართლე კი გამოძიებით გაირკვევა. მანამდე კი ერთი რამ უნდა გამოვრიცხოთ _ მისი გამოცდილების, ასაკის, ინტელექტისა და გონებრივი დიაპაზონის მქონე პიროვნებებს აღარ ეშლებათ და თუნდაც შეეშალოთ, მოაზროვნე საზოგადოებაში ასე მკაცრად არ უსწორდებიან”.

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:

“გამორჩეული პოლიტიკური ალღოს პარტონს რა უნდა შეშლოდა? გლობალიზაციისა და კოსმოპოლიტიზმის მეხოტბეებს, შეიძლება არ მოსწონდათ, ასე შეუპოვრად, უკომპრომისოდ რომ იცავდა ეროვნულ ღირებულებებს, მთელს მსოფლიოში ნამცეც-ნამცეც რომ აგროვებდა ქართველ მოღვაწეთა და გადახვეწილ მამულიშვილთა ნაკვალევს. ყველაზე მეტად კი აღიზიანებდათ მისი ეროვნული თვითშეგნება. ასეთ პიროვნებებს ხშირად ტყვიით უსწორდებიან. ასევე მოექცნენ გურამ შარაძეს. ამასთანავე, მას გააჩნდა “თურქი-მესხების” ჩამოსახლების საწინააღმდეგო დოკუმენტაცია”.

გუბაზ სანიკიძე, “ეროვნული ფორუმის” ლიდერი:

“ნამდვილად არ ვიცი, რა შეიძლება შეშლოდა გურამ შარაძეს. თვითონ ფაქტი, მოტივის მიუხედავად, საშინელებაა და ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი. ტყვიით იდეების მატარებლები კვდებიან, მარადიული ღირებულების იდეები კი დროში გამძლეობით გამოირჩევიან”.

თემურ ქორიძე, ყოფილი პარლამენტარი:

“ბატონი გურამ შარაძე იდეალებისთვის თავდაუზოგავად მებრძოლი კაცი გახლდათ. ემოციური პოლემისტი უკომპრომისოც იყო. აინტერესებდა მწერლობაც და პოლიტიკაც. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ჭირისუფლად მიაჩნდა თავი და თუ საქმე ერის სულიერ მონაპოვარს შეეხებოდა, მღელვარებას ვერ იოკებდა, კორექტულობასაც ნაკლებ იცავდა, მაგრამ სამართლიანობის გრძნობა არ ღალატობდა. დღეს ისეა აღრეული შეფასებათა კრიტერიუმები, სად გადის ზღვარი შეშლასა და არშეშლას შორის, ძნელი დასადგენია”.

მოამზადა ლალი შაშიაშვილმა

“ასავალ-დასავალი”, 30 ივლისი – 5 აგვისტო, 2007

 

5 Responses to ივლისი

  1. Arianna Oblak ამბობს:

    I have built a website and I was thinking of changing the template.Yours looks pretty decent! You could visit my website and tell me your opinion!

  2. Medea ამბობს:

    hello admin, your internet page’s pattern is outstanding and loving it. Your articles are cool. Please keep them coming. Cheers!!!!

  3. Arielle Belfy ამბობს:

    Precisely, I can purely agree to all information. Excellent post and thank you for that.

  4. Steinberger ამბობს:

    Great info and amazing website style.

  5. Rodrigo Chua ამბობს:

    This nice summary helped me very much! Bookmarked your blog, very interesting categories everywhere that I read here! I really like the information, thank you.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s