ივნისი

“სიკვდილი და დასაფლავება”

ივნისი, 2007 წელი

  • ,,გურამ შარაძე მანქურთთა ხროვისა და ატავიზმის მსხვერპლი გახდა“, “განმათავისუფლებელი”, ივნისი, 2007
  • ,,რატომ დაეუფლა უსიამოვნო წინათგრძნობა შარაძეს მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე“, “მეოთხე”, 1-7 ივნისი, 2007
  • ,,აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებული საკუთარი თავის დაცვას თვითონ აპირებს _ ადვოკატი“, “ახალი ამბები _ საქართველო”, 4 ივნისი, 2007
  • ,,ნინო ნიშნიანიძე: “ბარათელი მკლელი არ არის”, “კვირის პალიტრა”, 4-10 ივნისი, 2007
  • ,,ბარათელი აცხადებს, რომ გურამ შარაძე არ მოუკლავს“, “რეზონანსი”, 9 ივნისი, 2007
  • ,,აქ რვა გიორგი შარაძე წევს და რომელი მათგანია გურამის ძე არ ვიცი“, ,,ასავალ-დასავალი“, 11-17 ივნისი, 2007
  • ,,სად გაცვალეს გიორგი ბარათელი გურამ შარაძის ნამდვილ მკვლელში?“, “ქრონიკა”, 11-17 ივნისი, 2007
  • ,,არსებობს 5 კაცი, რომლებმაც გურამ შარაძის 2 მკვლელი დაინახეს“, ,,ასავალ-დასავალი“, 11-17 ივნისი, 2007
  • ,,სვეტა შარაძე: ,,ამ ხელისუფლების გამოძიებას არ ვენდობი“, ,,ასავალ-დასავალი”, 11-17 ივნისი, 2007
  • ,,გურამ შარაძისა და ზვიად ცეცხლაძის გასვენებაში ხალხი ამბობდა, ღმერთი სამობით არისო”“, ,,ასავალ-დასავალი“, 11-17 ივნისი, 2007
  • ,,ვახტანგ ბარათელი: “შარაძის მოსაკლავად გიორგის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა”, “ჯორჯიან თაიმსი”, 14-21 ივნისი, 2007
  • ,,გურამ შარაძის ქალიშვილი უარყოფს მამის მკველობასთან ასლან აბაშიძის კავშირის შესაძლებლობას“, ,,ახალი 7 დღე“, 14 ივნისი, 2007
  • ,,უკანასკნელი შეტყობინება გურამ შარაძეს“, “ახალი 7 დღე”, 15-21 ივნისი, 2007
  • ,,აკაკის სიკვდილი და დასაფლავება” _ გურამ შარაძის გარეშე“, ,,ახალი 7 დღე”, 15-21 ივნისი, 2007
  • ,,გურამ შარაძის მკვლელობის ახალი დეტალები“, “რეზონანსი”, 16 ივნისი, 2007
  • ,,რა ნაღმები ამოქმედდება საქართველოში გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ?“, ,,ასავალ-დასავალი”, 18-24 ივნისი, 2007
  • ,,სიკვდილამდე, გურამ შარაძემ ,,აკაკის სიკვდილი და დასაფლავება” აღწერა“, ,,ასავალ-დასავალი”, 18-24 ივნისი, 2007
  • ,,1968 წელს მერაბ მამარდაშვილის მიერ პრაღაში გასროლილი ტყვია სასტუმრო ,,საქართველოსთან” გურამ შარაძეს მოხვდა“, ,,ასავალ-დასავალი”, 18-24 ივნისი, 2007
  • ,,ვიდრე “ბარათელი” შარაძეს ესროდა“, “ახალი 7 დღე”, 22-28 ივნისი, 2007
  • ,,გურამ შარაძის უკანასკნელი დღე საჯარო ბიბლიოთეკაში“, “ახალი 7 დღე”, 22-28 ივნისი, 2007
  • ,,გურამ შარაძის მკვლელობიდან 40 დღე შესრულდა…“, “კვირის პალიტრა”, 25 ივნისი _ 1 ივლისი, 2007

***

გურამ შარაძე მანქურთთა ხროვისა და ატავიზმის მსხვერპლი გახდა 

ქართული კულტურის, ენის, მამულისა და სარწმუნოების უდიდესი მცველისა და მოამაგის გურამ შარაძის მკვლელობის ცნობამ მეხივით დაიქუხა მთელ საქართველოში და ძრწოლვით შეძრა მისი სათაყვანებელი ქართველი ერი. ერი, რომლის ტრადიციებისა და ზნეობრივი სახის შენარჩუნებისთვის გააფრთებამდეც კი იბრძოდა იგი ისე, რომ არად აგ­დებდა საკუთარ პრესტიჟსა თუ რეგალიებს, არამედ მზად იყო, უკიდურეს შემთხვევაში, ფიზიკურადაც კი ჩართულიყო ამ მამულიშვილურ ბრძოლაში, რისთვისაც იგი სააკაშვილის დენაციონალიზებულმა ხელისუფლებამ, ხულიგნობის ბრალდებით, მრავალჯერ გამოამწყვდია საკანში. “ენა, მამული, სარწმუნოება” _ ყველაზე მგრძნობიარე და მტკივნეული თემები იყო მისთვის და ამ ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებაში მას, კომპრომისი, უბრალოდ არ შეეძლო.

ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შემდგომ, გურამ შარაძე ნამდვილად წარმოადგენდა ერისა და ქვეყნის ინტერესების დამცველ თავდადებულ ფიგურას, რომლის არსებობა საზოგადოებას ყველაზე მეტად, ეიმედებოდა, ხოლო მოსვენებას უკარგავდა ხელისუფალთ.

გურამ შარაძის მკვლელობის ოფიციალური ვერსია არადამაჯერებელია და იგი პოლარულად სცილდება ბანალურ და პიკანტურ “შურისძიების” მოტივს, მით უმეტეს, როცა მკვლელის განაწყენების სუბიექტს, უშუალოდ ბატონი გურამი არ წარმოადგენდა, არამედ შვილი _ მაგრამ ორთავეს (ბ-ნ გურამსა და მის შვილსაც) მკვლელ ბარათელთან კონტაქტი მრავალი წლის გაწყვეტილი ჰქონდათ.

ჩნდება ვერსია: საქართველოს სპეცსამსახურებმა ხომ არ “გამოჩხრიკეს” გურამ შარაძის შვილზე წარსულში განაწყენებული ეს ვინმე ბარათელი, რათა “შურისძიების” მოტივით შეენიღბათ გურამ შარაძის პოლიტიკური მკვლელობა? მსგავსად გრიგოლ ხურცილავასი, რომელმაც თითქოს ჟურნალისტი გიორგი სანაია მოკლა?

ქილერის პროფესიონალიზმით განხორციელებული გურამ შარაძის მკვლელობის ადგილი და დრო, არამც და არამც არ ქმნის გულღრძო ჩასაფრებული შურისმაძიებლის შთაბეჭდილებას, არამედ _ ასე რისკიანად, მიზანდასახულად და გაბედულად, უფრო სპეცსამსახურების პროფესიონალი ქილერები მოქმედებენ.

გურამ შარაძეს, დაახლოებით 9 წლის წინ შვილი მოუკლეს. მკვლელმა წინა დღით, თავისი მსხვერპლის ბინის გასაღები მოიპარა, გვიან ღამით მის ბინაში შევიდა და მძინარე ახალგაზრდა კაცს საფეთქელში ესროლა. მკვლელი დღემდე უცნობია.

რამდენადაც საინფორმაციო საშუალებებით გახმაურდა, გურამ შარაძის 29 წლის მკვლელი, ობოლი გიორგი ბარათელი კრიმინალური მენტალიტეტისა და წარსულის მქონე პირია, რომელიც 9-10 წლის წინ დაახლოებული ყოფილა შარაძის შვილებთან.

ხომ არ იყო, იგივე ბარათელი, გამოყენებული გურამ შარაძის შვილის მკვლელობაშიც?

დღეს უკვე გამჟღავნებული მისი კრიმინალური სახე, ნიშანდობლივად უტყვი და გასაიდუმლოებული პიროვნული ნიშანი, ამგვარი თამამი ვერსიის წამოყენების საფუძველს ქმნის. თუმცა, არ უნდა ველოდოთ, რომ სააკაშვილის “ჯიბის პროკურატურა” ამ მიმართულებით იმუშავებს; უფრო მეტიც _ გამოიძიებს თავად გურამ შარაძის მკვლელობას.

“შურისმაძიებელი მკვლელი” დაჭერილია და მას, ალბათ, გრიგოლ ხურცილავას ანალოგიით გაასამართლებენ.

ჩვენთვისაც და ვფიქრობ, მთელი საქართველოსთვისაც, უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა გურამ შარაძის მკვლელობის ნამდვილი, რეალური მოტივი და მიზანი. ამ თვალსაზრისით კი საყურადღებო და საგულისხმოა ორი მოარული ვერსია: 1. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მუშავდება ლევილის სარფიანად გაყიდვის გეგმა; 2. სოროსელთა და იეღოველთა სექტების მოსალოდნელი გაძლიერება ხელისუფლებაში. ორივე გეგმა შეიცავს ჩვენი თავისთავადი ისტორიული მეხსიერებისა და ფუნდამენტალური საფუძველების (აღმსარებლობის, ტრადიციების) სრული რღვევისა და მოშლის სტრატეგიას, რომლის მძლავრ მოწინააღმდეგედ, თავისი ანგარიშგასაწევი რეგალიებით, ხელისუფლებას გურამ შარაძე მიაჩნდა.

ამგვარი “პერსპექტივის” გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ გურამ შარაძის მკვლელობა პოლიტიკური მოტივით გაჯერებული პრევენციული აქტი იყო.

თხემით ტერფამდე ქართველი პატრიოტი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე გურამ შარაძე სიძულვილით მოკლა სააკაშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების მანქურთთა ხროვამ, რომელმაც საამისოდ ეფექტურად გამოიყენა კრიმინალური მენტალიტეტის ობოლი და მიუსაფარი ახალგაზრდა, რომლის ინტეგრირება, ქართული გვარის შეძენის მიუხედავად, თავისი ატავისტური ეთნოგენების გამო, ვერ მოხდა ქართულ საზოგადოებაში.

ლეილა ცომაია
“განმათავისუფლებელი”, ივნისი, 2007

 

რატომ დაეუფლა უსიამოვნო წინათგრძნობა შარაძეს მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე 

გურამ შარაძის უკანასკნელი სამუშაო საათებიდან 

20 მაისს თბილისი კიდევ ერთმა ტრაგედიამ შესძრა. მუხანათურად მოკლეს პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მწერალი გურამ შარაძე. მართალია, მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი იმ დღესვე დააკავეს და წინასწარი პატიმრობაც შეუფარდეს, მაგრამ არავის სჯერა, რომ მკვლელი ისაა და საზოგადოება ნამდვილი დამნაშავის დასჯას ითხოვს.

გურამ შარაძე 1940 წლის 17 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში დაიბადა. მან 67 წლის განმავლობაში იმდენად დიდი შემოქმედებითი გზა განვლო და ქვეყნისათვის სასიკეთო საქმე გააკეთა, რომ ზოგს ამისათვის ორი სიცოცხლეც არ ეყოფოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან მოასწრო გამხდარიყო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, გამოექვეყნებინა 50-ზე მეტი წიგნი და მონოგრაფია ქართულ და ევროპულ ენებზე, მაინც სულ იმას ამბობდა, დღე-ღამეში ოცდაოთხი საათი ცოტა დროა იმისთვის, რომ რამის გაკეთება მოასწროო.

იგი მეცნიერულ მუშაობასთან ერთად აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ახერხებდა და ყოველთვის იყო იქ, სადაც საჭიროება მოითხოვდა.

გურამ შარაძე იყო საქართველოს პარლამენტის (1995-1999) მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე, შემდეგი მოწვევის პარლამენტში (1999-2004) საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, ივანე მაჩაბლის საზოგადოების თავმჯდომარე, ასევე, კონსტანტინე გამსახურდიას არქივის და კოლხური კოშკის დაცვის კომისიის თავმჯდომარე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორიც. ჩვენ სწორედ ამ მუზეუმს ვესტუმრეთ და გავარკვიეთ, რომ ბატონი გურამი, სწორედ, აქ მუშაობდა საკუთარ წიგნებზე.

მას თითოეული თანამშრომელი ძალიან თბილად და ცრემლიანი თვალებით იხსენებს. მისი სამუშაო მაგიდა სწორედ იგივე მდგომარეობაშია, როგორც მან სიკვდილის წინ დატოვა.

როგორც გავიგეთ, იგი ბოლოს “აკაკი წერეთლის ცხოვრებაზე” მუშაობდა და მის მიერ გადაშლილი და დატოვებული წიგნი, სწორედ, მისი ლექსების კრებული, კერძოდ, კი “თავო ჩემო, ბედი არ გიწერია”… აღმოჩნდა.

გურამ შარაძე, პარლამენტის წევრობის გამო გადამდგარა ემიგრაციის მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან და მისი ხელმძღვანელობა ქალბატონ რუსუდან კობახიძისთვის გადაუბარებია. ქალბატონმა რუსუდანმა ჩვენთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რომ ამ მუზეუმს გურამ შარაძის სახელი ეწოდოს. ჩვენ მას ვთხოვეთ, ბატონ გურამ შარაძის შესახებ ესაუბრა და ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე კითხვაზე გაეცა პასუხი.

_ როგორი იყო ბატონი გურამ შარაძე, როგორც პიროვნება და როგორც თანამშრომელი?

_ მიჭირს ბატონ გურამზე წარსულ დროში საუბარი, ეს ძალიან ძნელია ყოველი ჩვენგანისათვის, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ სრულად.

იგი ღრმა და საინტერესო, მრავალმხრივი პიროვნება იყო, არასოდეს თრგუნავდა მსმენელს, კოლეგას თავისი ერუდიციით. ყოველთვის აინტერესებდა ჩვენი აზრი საგაზეთო თუ სატელევიზიო გამოსვლებზე, პრესკონფერენციებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მის წიგნებზე, რაც ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ იქმნებოდა. უზარმაზარი სიხარულით ივსებოდა სასიგნალო ეგზემპლარს რომ მოართმევდნენ. ჩვენ, როგორც წესი, ერთად ვფურცლავდით ამ წიგნებს. ჰქონდა მკვლევარ-მეცნიერის არაჩვეულებრივი ალღო. აკაკის ტომეულებზე მუშაობისას მან უამრავი ახალი, სრულიად უცნობი ფაქტები გამოამზეურა. აღტაცებით გვიამბობდა ხოლმე ყოველ ასეთ მიგნებაზე. ჰარვარდის არქივის ჩამოსატანად რომ იმყოფებოდა ამერიკაში, დაგვირეკა აღფრთოვანებულმა _ კონსტანტინე გამსახურდიას დიპლომი აღმოვაჩინეო. მას შეეძლო პატარა ბავშვივით აღტაცებულიყო. უზომოდ უყვარდა განათლებული და ზრდილი ადამიანები. იგრძნობოდა, რომ იმწამსვე პატივისცემით განეწყობოდა მათ მიმართ. იგი არაჩვეულებრივი მთხრობელი და მსმენელი იყო. დიდად აფასებდა სწორ, გამართულ მეტყველებას, რომ აღარაფერი ვთქვათ მდიდარ სულიერ სამყაროსა და ზოგადად, ცნობიერებაზე.

მუშაობისას ბატონი გურამისთვის არ არსებობდა სხვა სამყარო. იგი დიდ პატივს სცემდა საქმისადმი ერთგულ ადამიანებს. თავად უღალატო იყო საქმეში, სხვისგანაც ამას მოითხოვდა. ამ დღეებში, ბატონი გურამის მკვლელობის შემდეგ სტუმრად მოსული ერთი პოლიტიკოსი გაოცებული ათვალიერებდა მუზეუმს, მის ექსპოზიციასა და ფონდებს, გაკვირვებით კითხულობდა, როგორ, ეს ყველაფერი ბატონმა გურამმა ჩამოიტანა და ცამეტი წელი სახლში ინახავდაო? დიახ, ყველაფერი, რაც დღეს მის მიერ შექმნილ ემიგრაციის მუზეუმშია დაცული, 1981 წლიდან 1994 წლის ოქტომბრამდე მასთან სახლში ინახებოდა. ამ საქმეში ბატონ გურამს მხარში ედგა ქალბატონი სვეტლანა გახარია, მისი ერთგული მეუღლე. ჩამოჰქონდა უცხოეთიდან ემიგრანტული პრესა, ემიგრანტთა პირადი არქივები, წიგნები _ ცალობით, ფურცელ-ფურცელ, ფარულად, რადგან წინა საუკუნის 80-იან წლებში ეს ჯერ კიდევ ტაბუდადებული თემა იყო. ჩუქნიდნენ მას პირადად და თან თავიანთი სულის ნაწილს ატანდნენ სამშობლოში. თქვენ ნახავთ წიგნებზე ცნობილ ქართველ ემიგრანტთა მიძღვნით წარწერებს გურამ შარაძისადმი. ეს კიდევ ერთი დიდი თემაა. მას არაერთი არქივი და ხელოვნების ნიმუში აქვს ჩამოტანილი და ყველაფერი დაბინავებულია მიმართულებებისამებრ, ანუ როგორი სურვილიც იყო გამოთქმული მჩუქებლისაგან _ ხელნაწერთა ინსტიტუტში, ხელოვნების მუზეუმში და სხვაგან. მან არაერთ ემიგრანტს აპოვნინა საქართველოში ნათესავები და შეახვედრა ისინი ერთმანეთს.

_ რომელ ნაშრომებზე მუშობდა იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში?

_ ბატონი გურამი, როგორც თქვენთვის ცნობილია, გარდა ლიტერატურულ-სამეცნიერო საქმიანობისა, აქტიურად იყო ჩართული საქვეყნო დიდ საქმეებში. იგი საზოგადო მოღვაწე იყო და არ არსებობდა ჩვენი სამშობლოსა და ერისათვის მტკივნეული საკითხი, რომელიც მისი განხილვის საგანი არ გამხდარა. იგი არა მხოლოდ განიხილავდა ამ საჭირბოროტო თემებს, არამედ უსაზღვროდ, ფიზიკურ ტკივილამდე განიცდიდა ყოველივეს. აკი, ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ ქაშუეთის ქმინდა გიორგის ეკლესიაში 24 მაისს _ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ვსაუბრობდით, ძალიან წუხდა ჩვენი საჭირბოროტო საკითხების გამო და ხშირად, გამოსავალს ვერ ხედავდაო.

ასე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქვეყნისა და ერის ტკივილით ბატონი გურამი.

ჩვენ მთელი მისი არქივი თემატურად გვაქვს აწყობილი. მოვა დრო, უფრო ვრცლად გაეცნობა საზოგადოება მისი მოღვაწეობის არეალს. თუმცა, არა მგონია, ქართველ ერს არ ახსოვდეს, რისთვის და როგორ იბრძოდა ბატონი გურამი.

სიტყვა გამიგრძელდა…

ბატონ გურამზე, როგორც თანამშრომელზე, უფრო სწორად, როგორც უფროსზე შემიძლია ვთქვა, რომ იგი თავისი დამოკიდებულებით საქმისადმი, შრომისუნარიანობითა და სამშობლოზე მუდმივი ზრუნვით, მის გვერდით მდგომსაც ზრდიდა და სძენდა, უღვიძებდა ამ თვისებებს. ამავე დროს, იგი არ იყო დიქტატორი უფროსი, სრულ თავისუფლებას გვაძლევდა შემოქმედებითი თვალსაზრისითაც და დროის თვალსაზრისითაც. მთავარი იყო საქმე შესრულებულიყო ხარისხიანად, პროფესიონალურად და დათქმულ ვადაში. არასოდეს დასცქეროდა საათს და არ გვითვლიდა წუთებს. მთავარი მისთვის იყო გყვარებოდა შენი საქმე, ყოფილიყავი პროფესიონალი და ერთგული.

_ გარდაცვალების წინა დღეებში ხომ არ ჰქონდა რაიმე წინათგრძნობა?

_ მახსოვს, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, ფოტომასალას ვამუშავებდით და გაშლილი გვქონდა მაგიდაზე. ერთ-ერთზე აღბეჭდილი იყო დიდი მერაბ კოსტავას დაკრძალვის ცერემონიალი რუსთაველის გამზირზე _ სიონის ეკლესიაში გადასვენების დღე. ბატონმა გურამმა ინტერესით დახედა სურათს და მითხრა, თარიღი დაუსვით, მომავალ თაობებს რომ არ დაავიწყდეთო. ცოტა ხნის შემდეგ მობრუნდა. სურათი ისევ მაგიდაზე იდო. “შეინახეთ, რად გინდათ მაგიდაზე რომ გიდევთო”. მივხვდი, რომ რაღაც უსიამო გრძნობა დაეუფლა. ვინ იცის, იქნებ ეს იყო წინათგრძნობა. ბატონ გურამს ხომ ერთი კვირის შემდეგ იგივე გზით მივასვენებდით ქაშუეთის ეკლესიისაკენ.

_ ხომ არ აღუნიშნავს რაიმე ფაქტი, რის გამოც შეიძლებოდა შეწუხებულიყო, ან რაიმე ზეწოლას ხომ არ ჰქონდა ადგილი, თუ უთქვამს თქვენთვის?

_ საერთოდ ჩვენი თექვსმეტწლიანი ურთიერთობის, თანამშრომლობის, გავბედავ და ვიტყვი, მეგობრობის მანძილზე, ბევრი რამ იყო ჩვენთვის ცნობილი _ ვინ, როდის და როგორ ექცეოდა მას. ცნობილია სატელეფონო მუქარის გზავნილები და ა.შ. ბოლო ხანს ამ საკითხზე არაფერი უთქვამს. იქნებ ეს საბედისწერო, ავისმომასწავებელი სიჩუმე და დუმილი იყო, დიდი უბედურების წინ რომ დაისადგურებს ხოლმე.

_ ეჭვმიტანილის გიორგი ბარათელის მიმართ ბოლო პერიოდში ხომ არ გამოუთქვამს რამე უარყოფითი აზრი?

_ მისი სახელი საერთოდ პირველად გავიგე იმ საბედისწერო დღეს ტელევიზიით. საერთოდ, ბატონ გურამს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა შვილების მეგობრებთან. ხშირად სტუმრობდნენ მასთან ლაშას მეგობრები თანადგომისა და ნუგეშისათვის. ისიც ყოველთვის სიხარულით ეგებებოდა მათ და ეხმარებოდა კიდეც ბევრ საქმეში.

_ თქვენი აზრით, ვის უშლიდა ხელს ბატონი გურამი და ვის შეიძლება აწყობდეს მისი სიკვდილი?

_ ბატონი გურამი, პირდაპირ მოგახსენებთ, ხელს უშლიდა და სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა ყველა ანტიქართველს, ანტიმართლმადიდებელს, საქართველოს დაუძინებელ შინაურ და გარე მტერს, ყველა უზნეო და უსახურ ადამიანს. სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა მათ. ეს მდგომარეობა მათ დიდხანს დარჩებათ, ვიდრე ქართველი ერი საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებს, ვიდრე საბოლოოდ გაიმარჯვებს ეროვნული იდეა, ვიდრე საბოლოოდ განმტკიცდება და გამყარდება ჩვენში მართლმადიდებლობა, ვიდრე საქართველოში იცოცხლებენ ილია, ზვიადი, მერაბი, ჩვენი დიდი მამულიშვილები.

ბატონი კონსტანტინე გამსახურდია წერდა ერთგან, ჩვენ იმდენად ცოტანი ვართ რიცხობრივად, რომ არა გვაქვს უფლება ვიყოთ მხოლოდ პროფესიონალები, ჩვენ უნდა ვიყოთ მამულიშვილები და პროფესიონალებიო.

სწორედ ასეთი იყო ბატონი გურამი _ მამულიშვილი, მოღვაწე, პროფესიონალი. მისი სიკვდილი მხოლოდ საქართველოს მტრებს აძლევდათ ხელს. მოგეხსენებათ, სიტყვას მეტი ძალა აქვს ტყვიაზე. ბატონი გურამის აზრი და სიტყვა საუკუნეებს გადაჰყვება და გამარჯვებასაც იზეიმებს საერთო დიდ ქართულ იდეასთან ერთად, ერთად იზეიმებენ ივერიის გაბრწყინებას ზეციურ საქართველოში დიდი ქართველი მამულიშვილები.

ქაშუეთის ეკლესიაში მამა მიქაელმა ბატონი გურამის ცხედართან მტკიცედ განაცხადა: ვერ დაგვამარცხებენ ილიას, ზვიადის, მერაბის, გურამ შარაძის მკვლელები. ჩვენ ერთ მუშტად შეგვკრავს გურამ შარაძისთვის ნასროლი ტყვია. ბატონი გურამი ჩვენ ზეციური საქართველოდან დაგვიცავსო.

მანანა ტოგონიძე
“მეოთხე”, 1-7 ივნისი, 2007

 

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებული

საკუთარი თავის დაცვას თვითონ აპირებს _ ადვოკატი 

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარათელს, სავარაუდოდ, 4 ივნისიდან სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

როგორც ჟურნალისტებს ყოფილმა ადვოკატმა ჯუმბერ მილორავამ განუცხადა, გიორგი ბარათელმა მისი დაცვა უარყო და განაცხადა, რომ საკუთარ თავს თვითონვე დაიცავს.

გიორგი ბარათელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გურამ შარაძე 20 მაისს, საღამოს, დაახლოებით რვა საათზე მელიქიშვილის ქუჩაზე მოკლეს. გურამ შარაძეს პისტოლეტიდან ხუთი ტყვია ესროლეს.

მკვლელობის მომენტში გურამ შარაძე ქუჩაზე გადადიოდა. თვითმხილველთა სიტყვებით, მკვლელმა მას მანქანიდან ესროლა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ვინმე 1977 წელს დაბადებული გიორგი ბარათელი მაშინვე საპატრულო პოლიციის მიერ იქნა დაკავებული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იგი შარაძის შვილთან წლების წინ მეგობრობდა.

მკვლელობის მოტივები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გურამ შარაძის ქალიშვილმა, რომელიც შვეიცარიიდან საქართველოში 21 მაისს ჩამოვიდა, განაცხადა, რომ “ეს პოლიტიკური მკვლელობაა”. ამავე აზრს იზიარებენ ოპოზიციური ძალები.

მელსიდა აკოფიანი
“ახალი ამბები _ საქართველო”, 4 ივნისი, 2007

 

ნინო ნიშნიანიძე: “ბარათელი მკლელი არ არის

გურამ შარაძის მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები 

გურამ შარაძის მკვლელობიდან ორი კვირა ისე გავიდა, რომ სამართალდამცავებს მკვლელობის მოტივი არ დაუსახელებიათ. ხელის შემშლელი თითქოს არაფერია: მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი დაკავებულია, თვითმხილველები _ დაკითხული.

გავრცელებული ინფორმაციით, “ალდაგის” ვიდეო­თვალის მიერ გადაღებულია შემთხვევის ადგილი, სამართალდამცავები კი მაინც დუმან. საზოგადოების ნაწილი შეკვეთილ მკვლელობაზეც ლაპარაკობს _ “ენა, მამული, სარწმუნოების” ლიდერისა და სკანდალურად ცნობილი საზოგადო მოღვაწის უმოწყალოდ დახვრეტას მის საქმიანობასაც უკავშირებენ.

ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე: “გურამ შარაძე ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობდა, ყოველი მათგანი შეიძლებოდა მისი ლიკვიდაციის საფუძველი გამხდარიყო. ლევილის მამულის გაყიდვის საკითხი რომ დადგა, ამის ხელის შემშლელი ბატონი გურამი იყო; ეკლესიას შეუტიეს და მაშინაც თქვა თავისი სიტყვა, ეროვნული საგანძურის გატანის საკითხი რომ დადგა, კვლავ გურამ შარაძე შეეწინააღმდეგა… ბოლო დროს ხმა დაირხა საქართველოში ავადსახსენებელი გუროვის ჩამოსვლის თაობაზე. ეს ის გუროვი არ არის, რომელსაც წლების წინ ქართული სიწმინდეების საზღვარგარეთ გაურკვეველი პირობებით გატანა სურდა, არამედ ეს არის მისი ძმა. გრეგ გუროვი გარდაიცვალა და ძმამ გააგრძელა მისი საქმე. გახსოვთ, ადრე ეს საკითხი გურამ შარაძის წყალობით დაიბლოკა. თავის დროზე, ის წინ აღუდგა მოსკოვში “მზიურის” გაყიდვასაც. რა გასაკვირია, რომ მავანთ გურამ შარაძის ქართული აზროვნებიდან ამოძირკვა, მისი პოლიტიკიდან და საერთოდ, ცხოვრებიდან განდევნა უნდოდათ”.

ნინო ნიშნიანიძის მტკიცებით, გურამ შარაძემ წინასწარ იცოდა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა: “ბატონ გურამს შსს-ს, უშიშროების, პროკურატურის ზოგიერთი თანამშრომლის სახით გულშემატკივარიც ჰყავდა და საჭირო ინფორმაციასა თუ გაფრთხილებებს მათგანაც იღებდა”.

ფერიის მთაზე მშენებარე ტაძრის დანგრევის შემდეგ, გურამ შარაძე, თურმე, დიდ საპროტესტო გამოსვლებს გეგმავდა _ ფერიის მთიდან ფეხით უნდა დაეწყოთ საპროტესტო მსვლელობა, გზადაგზა ხალხი შემოეკრიბათ და 26 მაისს დედაქალაქში შემოსულიყვნენ. “ამას თქვენ გეუბნებით პირველად, იყო მოლაპარაკებები სხვა ოპოზიციურ და ეროვნულად განწყობილ პარტიებთანაც. გურამ შარაძე კარგად ხედავდა შალვა ნათელაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გია მაისაშვილის როლსა და ადგილს მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბატონი გურამი ხშირად ესაუბრებოდა პატრიარქს. მისი და პატრიარქის სატელეფონო საუბრებიც ისმინებოდა. ამიტომ არ მეპარება ეჭვი, რომ შარაძე შეგნებულად მოიცილეს”, _ აცხადებს ნინო ნიშნიანიძე.

ყოფილ მეგობრებს, გიორგი შარაძესა და გიორგი ბარათელს შორის, გავრცელებული ინფორმაციით, შავმა კატამ მას შემდეგ გაირბინა, რაც ისინი საზღვარგარეთ ერთად იყვნენ და შემდეგ საქართველოში ცალ-ცალკე დაბრუნდნენ. ითქვა ისიც, რომ ბარათელს მიზეზთა გამო უცხოეთში თირკმლის გაყიდვამაც მოუწია, მაგრამ ამას კატეგორიულად უარყოფენ შარაძის ოჯახის წევრები. გაურკვეველია, გიორგი შარაძეზე განაწყენებულმა ბარათელმა წლების მერე რატომ იძია შური, თანაც არა ყოფილ მეგობარზე, არამედ მამამისზე…

როგორც ითქვა, ბარათელი ობოლია, უსახლკარო, ანუ არც არავის შეუძლია დაადასტუროს, თირკმლის გაყიდვასთან დაკავშირებული ისტორია სიმართლეს შეეფერება თუ არა. ამის მიუხედავად, “კვირის პალიტრამ” გიორგი ბარათელის მამას, ვახტანგ ბარათელს მიაკვლია, ის ყოფილი პარლამენტარის, სოსო სიგუას დეიდაშვილია.

სოსო სიგუა: “გიორგი ბარათელის მამა, ვახტანგ ბარათელი ჩემი დეიდაშვილია, იგი ყოფილი ტაქსისტია, ამჟამად მძღოლად “საქენერგოში” მუშაობს. გიორგის დედასთან გაყრილი იყო, მაგრამ შვილთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. გიორგის თირკმლის გაყიდვის შესახებ არაფერი მსმენია. როგორც კი ეს ამბავი გახმაურდა, იმ დღესვე დავრეკე ვახტანგ ბარათელთან. როგორც მისმა მეუღლემ მითხრა, ვახტანგმა ძალიან განიცადა შვილის ამბავი, სხვა რომ ვერაფერი გააკეთა, დათვრა და დაიძინაო. როგორც ჩანს, მას ამ თემაზე საუბარი არ სურს. ბუნებრივია, არც ერთ მამას არ უნდა, შვილი მკვლელი ჰყავდეს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ბარათელს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია, იგი არც უსახლკარო იყო. მას მამამ ვარკეთილში ბინა დაუტოვა. გაუგებარია, რატომ დასჭირდა გიორგი ბარათელს შარაძის მკვლელობამდე ერთი თვით ადრე ბინის დაქირავება. ვადასტურებ, რომ ბარათელი 12 წლის ასაკში არასრულწლოვანთა კოლონიაში მოხვდა, მიზეზი არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ მაშინ გამოუშვეს… ვერაფერს ვიტყვი იმის თაობაზე, შეეძლო თუ არა გიორგის ამ საზარელი დანაშაულის ჩადენა”.

გურამ შარაძის ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე ჩვენთან საუბრისას სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს: “ჩემი ვარაუდით, ბარათელი მკვლელი არ არის. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ბარათელს პრობლემები ჰქონდა _ მას საპატრულო პოლიცია ეძებდა სამედიცინო წრეებში ნაკლებად ცნობილი ექიმ-ვენეროლოგის, ვინმე ტირზიკიანის დაჭრის გამო. ბარათელი სამსახურში ჩვეულებრივად დადიოდა, დამალვა არ უცდია. მისი აყვანა გურამ შარაძის მკვლელობამდე ვერ მოხერხდა.

მკვლელობის შემდეგ კი სულ აირ-დაირია სიტუაცია: როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა, დაკავებულ ბარათელს ნაკაწრიც კი არსად ჰქონდა, საწინააღმდეგო გვაუწყა პატრულმა და ტელევიზიით ნაცემი და “დაკაწრული” ბარათელიც ვიხილეთ. აქაც არის შეუსაბამობა… სასამართლო პროცესიც დახურულად ჩაატარეს შუაღამისას. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვივარაუდო, რომ ბარათელი მკვლელი არ არის. მეტიც, ცოტა ხანში ის მომხდარს “გააანალიზებს” და მისი სიცოცხლეც “სხვაგვარად დასრულდება”“. მერე, ალბათ, ამის ძიება დაიწყება და ვერსიებიც გამოცხვება”.

როგორც ნინო ნიშნიანიძე ამბობს, მართალია ბარათელი ოპერატორია და ადამიანის ფოკუსში მოქცევა, ანუ მიზანში ამოღება, კარგად იცის, მაგრამ მკვლელობას ასე პროფესიონალურად მაინც ვერ ჩაიდენდა.

სხვათა შორის, გურამ შარაძის ცხედრის ექსპერტიზას ციხეების ყოფილი მთავარი ექიმი, ექსპერტი ნაულის ქობულიაც დაესწრო. “შარაძეს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, სამივე თავში. შემავალი ჭრილობა მარცხენა, გამომავალი კი მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა. ე. ი. მკვლელმა მარცხენა მხრიდან ისროლა. დაზიანებული იყო თავის ტვინის მთავარი სარქველი, თავის ქალის ძვლებს მსხვრევადი მოტეხილობები აღენიშნებოდა. არც ერთი ტყვიის მასრა ტვინში ან ძვლებში ჩარჩენილი არ იყო. მკვლელობა მაღალი კლასის პროფესიონალის შესრულებულია. ამის დანამდვილებით თქმა შემიძლია”, _ აცხადებს ნაულის ქობულია.

კიდევ ერთი გაუხმაურებელი დეტალი, რაც გურამ შარაძის მკვლელობის დღეს უკავშირდება. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე შარაძემ საქაღალდე დაკარგა, რომელშიც მნიშვნელოვანი დოკუმენტები ეწყო. ამას მოწმეც ადასტურებს, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.

შარაძე კვირადღეს მძღოლს დაითხოვდა ხოლმე და ეროვნული ბიბლიოთეკიდან შინ ფეხით მიდიოდა. მკვლელმა, ეს კარგად იცოდა და მკვლელობაც კვირადღეს დაიგეგმა. არის კიდევ სხვა ყურადსაღები ნიუანსები, რომელთა გამოძიებით ოჯახის წევრები არიან დაინტერესებული. ახალ დეტალებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია… ოჯახის წევრები კი დროებით დუმილს ამჯობინებენ.

ეკა ასათიანი
“კვირის პალიტრა”, 4-10 ივნისი, 2007

 

ბარათელი აცხადებს, რომ გურამ შარაძე არ მოუკლავს 

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობას უარყოფს. ბარათელს, რომელმაც მკვლელობიდან ათი დღის შემდეგ ადვოკატ ჯუმბერ მილორავას აცილება მისცა, განუცხადებია, რომ გურამ შარაძე არ მოუკლავს, ადვოკატი არ სჭირდება და თავს თვითონ დაიცავს.

ბარათელის ყოფილი ადვოკატის, ჯუმბერ მილორავას თქმით, ვიდრე იგი ეჭვმიტანილის დაცვას ახორციელებდა, ბარათელი დუმილის უფლებას ინარჩუნებდა.

თუმცა ინფორმაციას, თითქოს ბარათელი დანაშაულს არ აღიარებს, არ ადასტურებს ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე. როგორც მან “რეზონანსს” განუცხადა, მას აქვს ინფორმაცია მხოლოდ იმის თაობაზე, რომ ბარათელმა ყოველგვარ სამართლებრივ მომსახურებაზე განაცხადა უარი.

აღნიშნულ ინფორმაციას შს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილიც არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ბარათელს ასეთი რამ რომ განეცხადებინა, აუცილებლად ეცოდინებოდა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბარათელს სახაზინო ადვოკატი დაიცავდა. როგორც “რეზონანსს” იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, გიორგი ბარათელისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით სამინისტროში არანაირი განაცხადი არ შესულა. ამიტომაც გიორგი ბარათელს სახაზინო ადვოკატი არ იცავს.

გურამ შარაძის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ ბარათელის განცხადების თაობაზე არაფერი იცოდა. “ჩვენ პირველივე დღიდანვე ვაცხადებდით, რომ ბარათელი მკვლელი არ არის. ალბათ, მასში სინდისმა გაიღვიძა, რახან ასეთი განცხადება გაუკეთებია, თუმცა, იგი ყოველთვის სინდისიერი ადამიანი იყო. რაც შეეხება გამოძიების ახალ დეტალებს, ვერაფერს მოგახსენებთ, ამ უწყებიდან არავინ შეგვხმიანებია”, _ განუცხადა “რეზონანსს” რუსუდან შარაძემ.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრი სოსო შატბერაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს მკვლელობა არ გაიხსნება. მისი თქმით, ეს არის წმინდა პოლიტიკური მკვლელობა. _ “გურამ შარაძესთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვმეგობრობდით და მთელ რიგ საკითხებში თანამოაზრეებიც ვიყავით. ბოლო შეხვედრას გავიხსენებ. მან თავისი ბოლო წიგნი _ აკაკი წერეთელი გვაჩუქა პარტიის წევრებს ავტოგრაფით. როდესაც ტელევიზიით მოვისმინე ეს შემზარავი ამბავი, მაშინვე შემთხვევის ადგილზე გავემართე და იქვე განვაცხადე, რომ ეს წმინდა პოლიტიკური მკვლელობა იყო. დღესაც ამ აზრზე ვრჩები, ამ მოსაზრებას იზიარებს ოპოზიციის უმრავლესობაც. არ შეიძლება გურამ შარაძე ფინანსური ან შურისძიების მოტივით მოეკლათ.

რაც შეეხება ბარათელის განცხადებას, მნიშვნელობა არა აქვს, არის თუ არა ბარათელი მკვლელი. იგი არის შემსრულებელი. მკვლელობის დამკვეთები სახელისუფლებო დერეფნებში უნდა ვეძებოთ. მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით განვაცხადო, რომ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, ამ შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ხმა ამოიღოს. რამდენი ხანი გავიდა და პრეზიდენტს სიტყვა არ დაუძრავს. ყველა დუმს. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს მკვლელობა არ გაიხსნება, ისევე, როგორც სხვა გახმაურებული მკვლელობები”, _ განაცხადა “რეზონანსთან” საუბარში სოსო შატბერაშვილმა.

ია აბულაშვილი
“რეზონანსი”, 9 ივნისი, 2007

 

აქ რვა გიორგი შარაძე წევს და რომელი მათგანია გურამის ძე არ ვიცი 

გიორგი შარაძეს ნერვებმა უმტყუნა და ფსიქიატრიულში დააწვინესო, _ ელვის სისწრაფით მოედო თბილისს ამბავი. ან, რა გასაკვირია, მოკლული ძმის თვითმხილველს, მამის სიკვდილით გულმკვდარს და დედის ავადმყოფობით სულგაყინულ ადამიანს ნერვები თუ უმტყუნებდა? ფსიქიატრიულ კლინიკას ორჯერ ვეწვიე ფოტოაპარატით შეიარაღებული. მხოლოდ იმ პალატის ფანჯრების გადაღება მოვახერხე, რომელშიც გურამ შარაძის შვილი იწვა. კომენტარზე ყველამ ცივი უარი მითხრა. სიახლის გაგების უკანასკნელი იმედი ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორთან, ავლიპ ზურაბიშვილის შვილიშვილთან, დავით ზურაბიშვილთან მეგულებოდა.

_ ბატონო დავით, მოგესალმებით.

_ გამარჯობა.

_ ,,ასავალდასავალიდან”“ გიორგი შარაძის თაობაზე გაწუხებთ 

_ ალბათ, უარს გეტყვით ინტერვიუზე… დაუკავშირდით ოჯახს, მათ გააჩნიათ სრული ინფორმაციაც და მისი გაცემის უფლებაც… მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს!

_ ან მკურნალი ექიმის ვინაობა გამგვიმხილეთ, ბატონო დავით, ან დიაგნოზი

_ მოდით, საკითხი ასე დავსვათ, თქვენ გაინტერესებთ, გიორგი შარაძე ჩემთან წევს თუ არა და როგორია მისი მდგომარეობა, ხომ?

_ პირველზე პასუხი ისედაც ვიცით, ბატონო დავით.

_ ჰო, მოგახსენებთ. ჩემთან წევს რვა გიორგი შარაძე!

_ ასე, შეიძლება ორი ნაპოლეონ ბონაპარტეც იწვეს თქვენთან?

_ კი, ეგრეც ხდება ხოლმე… ამ რვა გიორგი შარაძიდან რომელია გურამ შარაძის შვილი, ეგ კაცმა არ იცის! ჰო, ორი დათო ზურაბიშვილი წევს, მაგალითად…

_ ბატონო დავით, გასაგებია, გასაგები მკურნალი ექიმის ვინაობას ვერ გაგვიმხელთ, თუ ისიც თქვენთან წევს? გვაინტერესებს პაციენტის მდგომარეობა, რამდენად კონტაქტურია და ..

_ აბსოლუტურად არარეალურია ჩემთან ამ თემაზე საუბარი, ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც. ხოლო თქვენ თუ გაინტერესებთ რამე, შეგიძლიათ, ოჯახს მიმართოთ და ისინი გიპასუხებენ, ალბათ…

_ ბატონო დავით, ჩვენს ამ საუბარს ფურცელზე გადავიტან და მკითხველის ინტერესს ნაწილობრივ მაინც დავუკმაყოფილებთ იმედია, წინააღმდეგი არ იქნებით.

_ კი, კი, კი… რასაკვირველია, კი ბატონო.

_ კეთილიდიდი მადლობა!

P.S.

სიმწრით გამეცინა.

ამ პალატებში მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია განათავსეს დიდი სოციალისტური ქვეყნის მამამთავრებმა 80-იან წლებში!

ამ პალატებში ნაზი შამანაურს ამოხადეს სული!

ამ პალატებში ჩვენგან გარიყული, ხელნაკრავი და საკუთარ ცხოვრებაზე გულაცრუებულები ცხოვრობენ!

უიმედოდ ცხოვრობენ და იმედს გარეთ დარჩენილებში ხედავენ, გისოსებიდან გამოშვებას რომ ევედრებიან…

დიახ! აქ, ერთ-ერთ პალატაში, დღეს ის ადამიანი წევს, რომელმაც 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალი ჩამოუტანა სამშობლოს სისხლისა თუ ნერვების ფასად!

დიახ!

აქ, თურმე, რვა გიორგი შარაძე წევს და ღმერთმა უწყის, რომელია მათ შორის გმირი! ან, იქნებ, რვავე გმირია…და რვავე გურამის ძე,… ვინ იცის……

გიორგი მამაცაშვილი
,,ასავალ-დასავალი”“, 11-17 ივნისი, 2007

 

სად გაცვალეს გიორგი ბარათელი გურამ შარაძის ნამდვილ მკვლელში? (?!)

როგორც გურამ შარაძის ადვოკატი, ნინო ნიშნიანიძე ამბობს, სახალხოდ დახვრეტილი აკადემიკოსის მობილურზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები კვლავაც მიდის, ისინი ასეთი შინაარსის არის: ,,მუსოლინის გვერდზე დამარხეთ, ეგ გახრწნილი…”“.

“ქრონიკა” გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდან შარაძეს დაუკავშირდა:

_ რუსუდან, ვისთან არის ბატონი გურამის მობილური ტელეფონი?

_ კვლავ პროკურატურაშია, რადგან ჩემი იქ ყოფნის დროს, როდესაც მამაჩემის პირად ნივთებს გადმომცემდნენ, “ლაივში”, ანუ პირდაპირ ახალი მესიჯი მოვიდა ასეთი ტექსტით: “მუსოლინის გვერდზე დამარხეთ, ეგ ფაშისტი”. გამომძიებელმა ზაალ გურგენიძემ ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ ტელეფონი კვლავ თავისთან დაიტოვა. ალბათ, გაარკვევენ, ვინ აგზავნის ამ მესიჯებს, თუმცა, გულახდილად რომ გითხრათ, ამის იმედი არ მაქვს.

***

გურამ შარაძის მკვლელობის საქმე კი ადგილიდან არა და არ იძვრის. შსს არავითარ კომენტარს არ აკეთებს, ის კი არადა, რა კომენტარიც გააკეთეს, უმალ თავზე დაემხოთ _ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, “ქრონიკამ” შეიტყო, რომ გიორგი ბარათელი კატეგორიულად უარყოფს მონაწილეობას გურამ შარაძის მკვლელობაში. იგივე წყარო იმასაც ამბობს, რომ მას თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონია. არადა, “ქრონიკა” მკვლელობის მეორე დღესვე ვარაუდს გამოთქვამდა, რომ არ იყო გამორიცხული აპრობირებული მეთოდი ამუშავებულიყო და ბარათელს ციხეში “თავი მოეკლა” ან ჩხუბში სასიკვდილოდ დაჭრილიყო.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ორი მოწვევის პარლამენტარის მკვლელობის საქმე პროკურატურის ქვემდებარე არ არის და შსს იძიებს… ამბობენ, ამ საქმით თავად მერაბიშვილია დაინტერესებულიო.

შარაძის მკვლელობა კი წეროვანში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, ე.წ. ოთხთა თათბირზე დაიგეგმაო. როგორც წყარო იტყობინება, ამ საიდუმლო სერობას გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, ზურაბ ადეიშვილი და ლევან რამიშვილი ესწრებოდნენო…

ვიდრე გამოძიება გურამ შარაძის მკვლელობის გახსნაზე “ბუქსაობს” და ლოგიკურად, სდუმს კიდეც, შარაძის ახლობლები დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებენ. მათ ჰყავთ თვითმხილველებიც. შარაძეების ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი ნაულის ქობულია, პროზექტურაში ჩატარებულ ექსპერტიზას ესწრებოდა და იქიდან გამოსული ამბობს: თავის ქალას გახსნის დროს მასში ტყვიები არ დაფიქსირებულა, თავის ქალას ძვლები დამსხვრეული იყო; სამივე ტყვია სასიკვდილო აღმოჩნდა, მაღალპროფესიული “ნამუშევარია”, თუკი ამ სისაძაგლეს სამუშაო შეიძლება დავარქვათო.

მიუხედავად იმისა, რომ გურამ შარაძის ადვოკატი, ნინო ნიშნიანიძე, სამართალდამცავებმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შემთხვევის ადგილს უხეშად მოაცილეს, იგი გაჩერებას არ აპირებს. შს სამინისტრო, როგორც ნიშნიანიძეს, ასევე შარაძის ოჯახის წევრებსა და მედიას პროცესზე დასწრებას და მეთვალყურეობის ფუნქციას სრულიად უსაფუძვლოდ ართმევს, რაც მოგვიანებით იმით დასრულდა, რომ შარაძეებმა კატეგორიული უარი განაცხადეს ყოველგვარ თანამშრომლობაზე სამართალდამცველებთან. თუმცა, იქამდე, 20 მაისს, ღამის პირველ საათზე, ჩუმად გამართულ პროცესზე ბარათელის ადვოკატმა ჯუმბერ მილორავამ სასამართლოს აღმკვეთი წინასწარი ვადის მაგივრად, გირაოს სახით, 20 ათასი ლარი შესთავაზა. საინტერესოა, უსახლკარო, უპატრონო, მიუსაფარ გიორგი ბარათელს ამხელა ფულს ვინ გადაუხდიდა, სასამართლო გირაოზე რომ დათანხმებულიყო?

ქალბატონი ნინო ნიშნიანიძე განცვიფრებას ვერ მალავს იმ ფაქტის გამოც, რაც მედიაში წამიერად გაჟღერდა: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ოფიციალური პირი, ირაკლი გიორგობიანი (,,გლობუსა“), პირველ კომენტარში აცხადებს, რომ ბარათელს სხეულზე არავითარი ნატყვიარი არ აქვს, ხოლო მოგვიანებით იგი რადიკალურად განსხვავებულ ინტერვიუს აძლევს და ამბობს: “ბარათელს მხარში აქვს დაფიქსირებული ჭრილობა, ექიმები მას ამუშავებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”. ახლა ჩვენ რომელი კომენტარი დავიჯეროთ, პირველი თუ მეორე?! არადა თვითმხილველებმა გიორგობიანი მკვლელობის ადგილზევე დააფიქსირეს და წესით, იგი რეალურ ინფორმაციას უნდა ფლობდეს. პატრული თავიდან აცხადებდა, რომ სროლა ორმხრივი არ ყოფილა და ბარათელი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ავიყვანეთო. მათი თქმით, დამნაშავე უსწრაფესად, 10-15 წუთში, დააკავეს. მსოფლიოს ჩემპიონია ბარათელი სირბილში, რომ ამ დროში მრგვალ ბაღთან მოხვედრილიყო? მისი დაკავების დროს თვითმხილველი განა ტელევიზიით არ აცხადებდა, აბსოლუტურად მშვიდად და აუღელვებლად გამოიყურებოდაო? კაცმა ამხელა ტერიტორია გაირბინა და არც კი ქოშინებდა? ნინო ნიშნიანიძე განმარტავს:

_ ოფიციალური პირების განცხადებებში იმდენი შეუსაბამობაა, გაკვირვებული ვარ. ძალიან მაინტერესებს, რატომ შეუქმნეს ბარათელს სასათბურე პირობები? იგი აბსოლუტურად იზოლირებული ჰყავთ. მექმნება შთაბეჭდილება, რომ “აღიარებითი” ჩვენების მიცემისას, თუკი იქ პრესა იქნებოდა, ბარათელი აბსოლუტურად სხვა რამეს იტყოდა. მაგრამ შარაძე მოკლულია, ბარათელი _ დაკავებული, შემთხვევის ადგილი ცნობილი, თვითმხილველები დაკითხული. გეკითხებით, გამოძიება მკვლელობის მოტივს რატომ ვერ ასახელებს ამდენ ხანს?

_ ვერაფერს გეტყვით, მედიას შს სამინისტრო პრესას არ სწყალობს, ყოველ შემთხვევაში, “ქრონიკას”.

_ რა აქვთ სათქმელი, რომ გითხრან? იმ სისულელეებს თირკმელსა და პირად შურისძიებაზე აღარ გაიმეორებენ, ეს ფაქტია.

_ ახალი გარემოებები, ალბათ, გამოიკვეთება და ჩვენ თუ არა, “რუსთავი 2” მაინც იტყვის რამეს.

_ ახალი გარემოება შეიძლება იყოს ის, რომ ბარათელმა თავი ,,მოიკლას“. ამის იქით არაფერიც არ მოხდება, საქმეს დახურავენ და თაროზე შემოდებენ.

როდესაც ნინო ნიშნიანიძესთან ჩაწერილ ამ ინტერვიუს ვშიფრავდი, რუსუდან შარაძემ დამირეკა და მითხრა, _ ქალბატონო ირინა, უნდა გნახოთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვსო. იგი რედაქციაში 8 ივნისს გვიან ღამით გვესტუმრა.

_ პირველად ის მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩემი მეუღლე მკვლელობის ადგილზე მივიდა, პატრულის თანამშრომელმა მას უთხრა, რომ მკვლელი ორი ადამიანია და რომ ორივე აყვანილია ცხელ კვალზე (?!). მეორე ის მაქვს სათქმელი, რომ შევხვდი მკვლელობის თვითმხილველებს. მათი დახასიათებით, ერთ-ერთი მკვლელი არის: მაღალი, ქერა არა, მაგრამ არც შავგვრემანი, წვერგაპარსული, ეცვა ჯინსის პერანგი და ჯინსის შარვალი. აი, ასე გამოიყურება მამაჩემის ნამდვილი მკვლელი. ამ ფაქტს “ალდაგის” თანამშრომლის გარდა, სხვა თვითმხილველებიც ჰყავს. მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მათ ვინაობას ვერ დაგისახელებთ. მკვლელობის შემდეგ მკვლელი არბის შანიძის ქუჩაზე, სადაც მას რაციით პატრული თუ დაცვის თანამშრომელი მისდევს, მკვლელს ხელში “მაკაროვი” (?!) უჭირავს. მან უკან გამოდევნებულ თუ გამცილებელ ფორმიან კაცს ესროლა, მაგრამ ააცდინა. თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ გადატენა მკვლელმა იარაღი, მაგრამ ტყვია აღარ ჰქონდა. ამაზე რატომ ვამახვილებ, იცით, ყურადღებას? ტყვია თუ აღარ აქვს და მკვლელი გარბის, იმის დაჭერას რაღა უნდა? შემდეგ მკვლელი ხორავას გადაკვეთამდე მიაღწევს, უხვევს მარცხნივ ჯანაშიასკენ და შერბის ეზოში. ახლა რასაც ვამბობ, ისეთი ჭეშმარიტებაა, ვერავინ რომ ვერ შემომედავება! თვითმხილველების მონათხრობი ემთხვევა ერთმანეთს. ისინი, მკვლელს, საჭიროების შემთხვევაში, ამოიცნობენ კიდეც. ახლა რა ხდება ეზოში… იქ, ჩემი აზრით, ხდება მკვლელის გაცვლა. ბარათელის ჩაცმულობა და მკვლელის ტანსაცმელი ერთი და იგივეა, თვალის ასახვევად პოლიციამ ბარათელი გამოიყვანა “არენაზე”. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კუთხეშიც ატყდა სროლა, მაგრამ იქ ზუსტად რა მოხდა, ჯერ არ ვიცი. ახლა, ალბათ, თქვენც გაიგებდით, რომ გიორგი ბარათელი ჩადენილ დანაშაულს უარყოფს, კატეგორიულად არ უნდა ადვოკატი და ამბობს, ჩემს უდანაშაულობას მე თვითონ დავამტკიცებო. რა ხდება, იქნებ თქვენ გამაგებინოთ?

_ ჩვენი კონფიდენციალური წყაროც იგივეს ამბობს ბარათელზე, თუმცა ისიც გვითხრეს, თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდაო.

_ აი, ხედავთ, როგორ უნდათ დაამთავრონ ყველაფერი? მე ვშიშობ, რომ გიორგი ბარათელი სასამართლომდე ვერ მივა, რადგან “თვითმკვლელობამდე” მიიყვანენ…

_ რუსუდან, ხომ იცით, რომ გიორგი ბარათელს მეც კარგად ვიცნობდი, “აუდიენციაში” ერთად ვმუშაობდით. ასე მგონია, თუკი მასთან შეხვედრის საშუალება მომეცა, სიმართლეს მეტყვის, მაგრამ მე მას ვინ შემახვედრებს?!

_ არა, არა, გამორიცხულია, ბარათელს მოეკლა გურამ შარაძე… რადგან თქვენთან ვარ, არ მინდა გავუშვა შესაძლებლობა და კიდევ ერთი რამ ვთქვა.

_ გისმენთ.

_ ვინც იტყვის, რომ გურამ შარაძის მკვლელობა არ არის პოლიტიკური, ის ან ჭკუასუსტია, ან გამიზნული მტერი, ან კიდევ თავის სკამს და თანამდებობას უფრთხილდება. კიდევ ერთს ვიტყოდი: პრესაში გაიელვა აზრმა, ხომ არ უკავშირდება გურამ შარაძისა და ზვიად ცეცხლაძის მკვლელობები ერთმანეთს და ორივე ერთად, ასლან აბაშიძეს? მე გამოვრიცხავ, რომ მამაჩემის მკვლელობა ასლან აბაშიძემ დაუკვეთა მოსკოვიდან, ეს აბსურდია. მამაჩემის მკვლელები თბილისში არიან და იმ “მესიჯების” კვალს ღრმად გაჰყვნენ. მე, რუსუდან შარაძე, მოვითხოვ, გამოარკვიონ, მობილურ ტელეფონზე, რომლის ნომერია 8-93-35-17-70 და მამაჩემს ეკუთვნოდა, ვინ აგზავნიდა მესიჯებს მისი დახვრეტის შემდეგაც, ეს მეც მაინტერესებს და საზოგადოებასაც!

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შარაძის ოჯახი დამოუკიდებლად იძიებს მამის მკვლელობის საქმეს. “ქრონიკა” ყველა იმ დეტალს, რაც ამ საქმეში გამოიკვეთება, მკითხველს აუცილებლად მიაწვდის და შევეცდებით, ამ ბურუსით მოცულ მკვლელობაში არსებული კითხვები უპასუხოდ არ დარჩეს.

ირინა გოგოსაშვილი
“ქრონიკა”, 11-17 ივნისი, 2007

 

,,არსებობს 5 კაცი, რომლებმაც გურამ შარაძის 2 მკვლელი დაინახეს”

სასტუმრო ,,საქართველოსთან” დახვრეტილი აკადემიკოსის გურამ შარაძის პირადი იურისტი _ ნინო ნიშნიანიძე ,,ასავალ-დასავალს” სენსაციურ ინფორმაციას უმჟღავნებს და აცხადებს, რომ 20 მაისს მელიქიშვილის გამზირისა და შანიძის ქუჩის გადაკვეთასთან აკადემიკოსს არა ვინმე გიორგი ბარათელმა, არამედ, ორმა სპორტული აღნაგობის მამაკაცმა ესროლა, რომლებიც სწრაფად გადმოხტნენ მუქი ფერის უცხოური მარკის მანქანიდან და სწრაფადვე გაუჩინარდნენ. მკვლელობას უშუალოდ შესწრებია რამდენიმე ადამიანი… მოწმეები, რომლებიც საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს, მკვლელობის სურათსა და მკვლელებს აბსოლუტურად იდენტურად აღწერენ… განსაკუთრებით, ყურადღებას იპყრობს ერთ-ერთი ქილერის აღწერილობა, _ იგი დაახლოებით ორმოცდახუთი წლის, სპორტული აღნაგობისაა და არა ბარათელივით ჩოფურა და ,,ჩამჯდარი”; ამასთანავე, ჭაღარა თმა აქვს, რომელიც შუბლთან საგრძნობლად შეთხელებულია, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ჭაღარათმიანი მკვლელი შესამჩნევად მელოტია… ქალბატონი ნინო ნიშნიანიძის განცხადებით, თვითმხილველთა მონათხრობი უტყუარ ჭეშმარიტებად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ერთსა და იმავეს აცხადებენ!..

_ ქალბატონო ნინო, ის, რაც თქვენ კერძო საუბარში მიამბეთ, გასაოცარია და ფრიად სკანდალური… ნუთუ მართალია ეს ყველაფერი და ნუთუ მსგავსი თვითმხილველები ნამდვილად არსებობენ?

_ არსებობენ, ნამდვილად არსებობენ!..

_ მაინც რამდენი კაცია მკვლელობის მთვითმხილველი?

_ არსებობს ხუთი თვითმხილველი, რომლებმაც გურამ შარაძის ორი მკვლელი დაინახეს!..

_ იცით ამ ადამიანების გვარ-სახელი?

_ დიახ, ვიცით!..

_ მისამართებიც?

_ ვიცით!..

_ ქალბატონო ნინო, რას ამბობენ ეს ადამიანები?

_ ეს ადამიანები მკვლელობის უნებლიე მოწმენი გახდნენ, ანუ ყველაფერი მათ თვალწინ მოხდა. კატეგორიულად ვაცხადებ: თვითმხილველები ბატონი გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში გიორგი ბარათელის გარეგნობის მსგავსი ადამიანის მონაწილეობას გამორიცხავენ. ბარათელი, როგორც ვიცით, ტანდაბალია და არც სპორტული გარეგნობით გამოირჩევა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მკვლელები ათლეტური აღნაგობის, სპორტული, ნავარჯიშები ხალხი იყო, რაც მოძრაობაზეც ეტყობოდათ.

_ ხუთივე ადამიანი ერთსა და იმავეს ამბობს?

_ დიახ, ეს ადამიანები ერთსა და იმავეს იმეორებენ და კატეგორიულად აცხადებენ, რომ მათი ყურადღება, უპირველესად, მანქანის მუხრუჭების ხმამ მიიპყრო… მელიქიშვილის გამზირზე მანქანამ მოულოდნელად დაამუხრუჭა, თვითმხილველებმა მიიხედეს და დაინახეს, რომ მანქანიდან გადმოხტა ორი ადამიანი… _ როცა გასროლის ხმა გავიგონეთ, ბატონი გურამი უკვე მიწაზე იყო წაქცეულიო! _ იხსენებენ მოწმეები…

_ რა მარკის მანქანა იყო, საიდანაც მკვლელები გადმოხტნენ, ამაზე რას ამბობენ?

_ ასახელებენ მომწვანო ფერის უცხოური მარკის მანქანას… ყოველ შემთხვევაში, ეს მანქანა ღია ფერის არ ყოფილა.

_ ეს მანქანა ,,ჯიპი” იყო თუ?..

_ არა, ,,ჯიპი” ნამდვილად არ ყოფილა…

_ და ვინც მანქანიდან გადმოხტნენ, სწორედ ისინი ისროდნენო?

_ დიახ!..

_ ორივენიო?

_ დიახ, ორივენი ისროდნენო!.. სხვათაშორის, ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც უშუალოდ შეესწრო ამ ამბავს და ყველაზე უფრო ახლოს იყო მკვლელობის ადგილთან, დღემდე შოკირებულია და მდგომარეობიდან ვერ გამოდის. მე მგონი, ის აუცილებლად მისცემს გამოძიებას ჩვენებას…

_ ქალბატონო ნინო, რა ასაკისანი იყვნენ მკვლელები და რას ამბობენ ამის შესახებ თვითმხილველები?

_ ძალიან ახალგაზრდები არ ყოფილან, სავარაუდოდ, ორმოცდახუთი წლის უნდა ყოფილიყვნენ.

_ რაიმე განსაკუთრებული, დამახასიათებელი ნიშანი ხომ არ ჰქონდათ?

_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთს თმაში ჭაღარა ერია და შუბლთან მელოტი იყო… სწორედ ეს ჭაღარა და მელოტი ადგა თავზე ბატონ გურამს და საკონტროლო გასროლას ასრულებდაო! _ აცხადებენ თვითმხილველები…

_ ამის მერე რა მოხდაო, ქალბატონო ნინო?

_ არც არაფერი, ჩამსხდარან მანქანაში და წასულან!.. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად, წამებში მომხდარა!.. იმდენად შოკირებულნი არიან მთვითმხილველები, რომ ვერ წარმოიდგენთ!.. სხვათაშორის, მინდა გითხრათ, რომ ბატონი გურამის ჩანთა, რომელიც შემთხვევის ადგილზე ეგდო, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ თვითმხილველთა მტკიცებით ,,გაძეძგილი” ყოფილა. ხალხს უნდოდა, თურმე, ამ ჩანთის აღება, მაგრამ პატრულს არ მიუცია ამის საშუალება. მე როდესაც პოლიციის მიერ დაბრუნებული ჩანთა ვნახე, ის ძალიან ხალვათად გამოიყურებოდა. ფაქტია, რომ ჩანთიდან რაღაც დოკუმენტები გამქრალია. ბატონი გურამი ბოლო დროს ძალიან სერიოზულ დოკუმენტებზე მუშაობდა, ეს მე ვიცი… როცა ის მოკლეს, ჩემთან მოვიდა საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელი და შეხვედრა მთხოვა, _ დოკუმენტებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული რამ უნდა გითხრათო!.. ფაქტია, რომ მკვლელობის დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში ბატონმა გურამმა დოკუმენტებით სავსე საქაღალდე დაკარგა.

_ ქალბატონო ნინო, თვითმხილველები ერთად მოინახულეთ თუ ცალ-ცალკე?

_ საქმე მაგაშია, რომ ცალ-ცალკე ველაპარაკე და ყველა ერთსა და იმავეს აცხადებს!.. სხვათაშორის, ვთხოვე, რომ მათი ნაამბობი ჩამეწერა და ვიდეოფირზე აღმებეჭდა, მაგრამ ამ ეტაპზე თავს იკავებენ!..

_ რატომ?

_ ეშინიათ და ამბობენ, _ იქ, სადაც ბატონი გურამ შარაძე დღისით-მზისით ქუჩაში დემონსტრაციულად დახვრიტეს, ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ ცოცხლებს დაგვტოვებს ვინმეო!.. მიზანი მიღწეულია და ხალხი შეშინებულია, მაგრამ მოვა დრო და ეს მთვითმხილველები ალაპარაკდებიან!.. ეს ძალიან მალე მოხდება!

დიტო ჩუბინიძე
,,ასავალ-დასავალი”, 11-17 ივნისი, 2007

 

სვეტა შარაძე: ,,ამ ხელისუფლების გამოძიებას არ ვენდობი”

გურამ შარაძის მეუღლეს, ქალბატონ სვეტა შარაძეს 20 მაისის სისხლიანი ღამის შემდეგ, დღემდე არაფერი უთქვამს. მას ბოლო ცხრა წლის განმავლობაშიც არ დასცდენია სიტყვა და არსად დაუწუწუნია, შვილის მკვლელობის საქმე რომ თაროზე შემოდო ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი სააკაშვილის ხელისუფლებამ. და აი, შვილმკვდარი დედა დღეს გურამ შარაძის ქვრივიც არის, ნაძირალებისა და ღვთის რწმენადაკარგული მკვლელების გამო…დღესაც წუხს და დღესაც ,,დუმილის უფლებას”“ იყენებს. შეუძლოდ არის, მაგრამ თქვენთვის, ძვირფასო მკითხველო, ორიოდე წუთით საუბარზე დაგვთანხმდა:

_ ქალბატონო სვეტა, ,,ასვალ-დასავალიდან” გაწუხებთ…

_ თქვენ შემოგევლეთ, არ გეწყინოთ, ინტერვიუზე უარს თუ გეტყვით…

_ არა, ქალბატონო სვეტა, საწყენი რა არის… გვესმის თქვენი მდგომარეობა… მხოლოდ, ბატონი გურამის მკვლელობის საქმის გამოძიების თაობაზე გვაინტერესებდა თქვენი პოზიცია…

_ ცხრა წელიწადი ველოდები ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიებას და ვერ შევძლებ, რომ კიდევ ცხრა წელი ველოდო ჩემი მეუღლის მკვლელობის გამოძიებას! ამიტომ, ამ ხელისუფლების გამოძიებას მე არ ვენდობი!

_ ჯანმრთელობა როგორ გაქვთ, ქალბატონო სვეტა?

_ არც ვკვდები და არც ვრჩები… წნევა მაქვს ძალიან მაღალი,… ვწევარ. ყველას მადლობა გადაუხადეთ… მთელ საქართველოს! ვინც დაიტირა გურამ შარაძე! მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია… მაპატიეთ… არ შემიძლია, გამიგეთ, მეტირება სულ.

გიორგი მამაცაშვილი
,,ასავალ-დასავალი”, 11-17 ივნისი, 2007

 

,,გურამ შარაძისა და ზვიად ცეცხლაძის გასვენებაში ხალხი ამბობდა, ღმერთი სამობით არისო

გურამ შარაძის და ზვიად ცეცხლაძის ხმაურიანი მკვლელობების შემდეგ დაზაფრული საზოგადოება ლამის ყოველდღე ელოდება ინფორმაციას მორიგი მსხვერპლის შესახებ. ,,შარაძისა და ცეცხლაძის გასვენებაში ხალხი ამბობდა, ღმერთი სამობით არისო”, _ აცხადებს ქართველ მამულიშვილთა საგვარეულო კავშირ ,,გვარიშვილობის” პრეზიდენტი, აკადემიკოსი იაკობ ახუაშვილი.

იაკობ ახუაშვილი: _ მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ვინმე ,,გააგორონ” ისეთი, ვინც ამ ხელისუფლებას არ მოსწონს, ვინც ამათი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. ყველა მკვლელობა გაუვიდათ და ხახვივით შერჩათ. საქართველოში ,,სიკვდილის ბიურო” მოქმედებს. იგი ამ ხელისუფლებას უხსენებელი შევარდნაძისგან ერგო მემკვიდრეობით. გურამ შარაძის მკვლელობაზე ხელისუფლებამ პირში წყალი ჩაიგუბა და გაილურსა. ზვიად ცეცხლაძის მკვლელები რომ აიყვანეს, გიგა ბოკერია გამოვიდა და თქვა _ შეხედეთ, რა მაგრები ვართ, თითქმის ყველა მკვლელობას ასე ეფექტურად ვხსნითო. არადა, ხალხს ქათმებივით ხოცავენ. მინდა, მკითხველის ყურადღება ერთ ტენდენციას მივაპყრო: ყველა გახმაურებული მკვლელობის ჩამდენად გზააბნეული და გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები დაასახელეს. ასე იყო გიორგი სანაიას მკვლელობის დროს, ასე იყო ბუშზე ტერაქტის მცდელობისას, ასე მოხდა გურამ შარაძისა და ზვიად ცეცხლაძის მკვლელობების დროსაც. ეს ცსს-ს მიერ შემუშავებული ტაქტიკაა. თვით კენედის მკვლელობაც შერყეულ ოსვალდს აჰკიდეს. გურამ შარაძის მკვლელს ვითომ პატრული დაეწია და მრგვალ ბაღთან დაიჭირა, მაგრამ, როცა წამოტივტივდა, რომ შარაძეს სამი მხრიდან ჩაუსაფრდნენ, რომ მის მიმართ ექვსი გასროლა იყო და სამი სხვადასხვა იარაღიდან ნასროლი ჰილზაა ამოღებული, ამაზე არავინ არაფერს ამბობს.

_ მიგაჩნიათ, რომ გურამ შარაძე ხელისუფლებამ მოიშორა?

_ სატანისტთა ახალ აღთქმაში ხელისუფალთ პირდაპირ აქვთ დავალებული ასეთი ადამიანების ლიკვიდაცია. საუბარი მაქვს იმ ხელისუფლებებზე, რომლებიც ქვეყნის სათავეში 300-თა კომიტეტმა მოიყვანა.

_ არ მითხრათ ახლა, ბატონო იაკობ, რომ საქართველოს ხელისუფლებაც 300-თა კომიტეტის მიერ არის ხელდასხმულიო…

_ ესენი მოიყვანეს ფარდისმიღმელებმა, რომელთა ცენტრიც არის ამერიკაში და რომელსაც ჰქვია 300-თა კომიტეტი _ ერთიანი მსოფლიო მთავრობა!

_ მოდით, კითხველს შევახსენოთ, რა არის ეს 300-თა კომიტეტი?

_ ეს არის 300 კაცისაგან შემდგარი ორგანიზაცია, რომელშიც შედიან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები და გავლენიანი პირები.

_ მაგალითისთვის, რომელიმე მათგანს ხომ არ დაასახელებთ?

_ 300-თა კომიტეტის თავმჯდომარე და უგვირგვინო მეფე არის როკფელერ მეოთხე _ როკფელერთა ცნობილი შტოს წარმომადგენელი, ხოლო, მისი პირველი მოადგილე გახლავთ ინგლისის დედოფალი ელისაბედ მეორე!

_ რუსეთის ხელისუფლებიდან ვინ შედის 300-თა კომიტეტში?

_ ამჟამად არავინ, თუმცა, თავის დროზე ამ კომიტეტის წევრები იყვნენ გორბაჩოვი, ელცინი და შევარდნაძე. ისინი კონსულტანტების ფუნქციას ასრულებდნენ. ეს ასპროცენტიანი ამბავია. 300-თა კომიტეტს აქვს თავისი პროგრამაც.

_ რას ითვალისწინებს ეს პროგრამა?

_ მისი ერთ-ერთ პუნქტია, თუ როგორ უნდა დაინგრეს განათლების სისტემა. ხელისუფლებამ ახალგაზრდობა უნდა გადმოიბიროს თავის მხარეს, დაყოს ჯგუფებად და დაუპირისპიროს ერთმანეთს, უნდა გარყვნას, მოწყვიტოს მამა-პაპათა ტრადიციას და ჩაუნერგოს რომ, თითქოს, აქამდე არაფერი შეუქმნიათ და ჩვენ ისტორია არ გვქონია. ეს ყველაფერი წერია 300-თა კომიტეტის პროგრამაში. სხვათაშორის, 300-თა კომიტეტში ძალიან დაწინაურებულია მილიარდერი პეტერსონები, რომლებიც სინამდვილეში, პეროსიანები, ანუ სომხები არიან!

_ საქართველოს ხელისუფლებიდან თუ არის ვინმე 300-თა კომიტეტის წევრი?

_ არა, ესენი ჯერ იქამდე არ არიან მისული.

_ არც წინა ხელისუფლებიდან იყო ვინმე?

_ როგორ არა. 300-თა კომიტეტს აქვს მმართველი საბჭო 23 კაცის შემადგენლობით. ამ საბჭოში შედიოდა შევარდნაძე, როგორც უფროსი კონსულტანტი.

_ ბატონო იაკობ, თქვენ, როგორც ქართული გვარების მკვლევარს, მინდა გკითხოთ, სომეხთა მიერ გვარის ქართულად გადაკეთების შესახებ. ძირითადად, რა გვარის სომხები გადადიან ქართულ გვარებზე და რომელ ქართულ გვარს ირჩევენ ყველაზე მეტად?

_ აქ საქმე გვაქვს წართმეულ ქართულ გვარებთან. ქართველებს გვარები ჯერ კიდევ 1783 წელს წაგვართვეს. როცა გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელის მოწერა მიმდინარეობდა, ერეკლე მეფემ თავის წარმომადგენლებს რუსეთში გაატანა ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სია, იქიდან კი შეცვლილი, გადაკეთებული გვარები ჩამოვიდა. ბარათაშვილი გახდა ბარათოვი, ციციშვილი _ ციციანოვი და ა.შ.

კომუნისტების პერიოდშიც ბევრმა, გავლენა და თანამდებობები რომ არ დაეკარგა, გადაიკეთა გვარი. უფრო მეტად თავადაზნაურულ გვარებს იღებდნენ.

_ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში თუ არიან ქართულად გვარგადაკეთებულები?

_ ეს არის ტაბუდადებული თემა. ერთი რამ ვიცი _ როცა აქ 2003 წლის 23 ნოემბერს ,,ვარდების რევოლუცია” მოხდა, 28 ნოემბერს ერთ-ერთ რუსულ გაზეთში დაიწერა, თბილისში სომხური რევოლუცია მოხდაო. მგონი, ყველასთვის ცნობილია, რომ ,,ვარდების რევოლუციაში” ლომის წვლილი სწორედ ,,სომხურმა ლობმა” შეიტანა, რომელსაც დასაყრდენად ზურაბ ჟვანია ჰყავდა. ეს იმდენად ტაბუდადებული და სახიფათო საკითხია, ისეთი ხალხი დგას ამის უკან, რომ ძირისძირამდე თუ მივყვებით, შეიძლება მეც და თქვენც უკვალოდ გაგვაქრონ.

ჯაბა ხუბუა
,,ასავალ-დასავალი”, 11-17 ივნისი, 2007

 

ვახტანგ ბარათელი: “შარაძის მოსაკლავად გიორგის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა”

გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელი არ არის… მკვლელმა მას მიპარვით, ზურგიდან ესროლა. წაქცეულს კიდევ ორი ტყვია დაახალა და გაიქცა. მის მაგივრად ძალოვანებმა გიორგი ბარათელი დააკავეს… ამის შესახებ გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე აცხადებს. გამოძიება კი კვლავ ჯიუტად დუმს. საზოგადოებამდე მხოლოდ სხვადასხვა წყაროებიდან გამოჟონილი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები აღწევს.

უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტს თავად გიორგი ბარათელიც უარყოფს. თუმცა, რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სინამდვილეს, უცნობია. ისევე, როგორც ის, მართლაც არსებობს თუ არა აღიარებითი ჩვენება, სადაც ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობას აღიარებს. მისი ყოფილი ადვოკატი _ ჯუმბერ მილორავა ირწმუნება, რომ აღიარებითი ჩვენება არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მას ის არ უნახავს.

“როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, საქართველოში არ ვიყავი. 21 მაისს, უფრო სწორად 22 მაისს, გამთენიისას ჩამოვედი. აზრზე ჯერაც ვერ მოვსულვარ და მიჭირს თქმა, რა, რისთვის და რატომ მოხდა. არსებობენ მოწმეები, რომლებიც ყველაფერს შეესწრნენ. ვიცი, რომ ერთ-ერთმა მკვლელმა წაქცეულ მამაჩემს თავში ორი ტყვია დაახალა და შანიძის ქუჩაზე გაიქცა. მოწმეთა აღწერით მკვლელი მაღალი, თმიანი და წვერგაპარსული იყო. გიორგი ბარათელის მსგავსად ჯინსის პერანგი და შარვალი ეცვა. ჩანს მელიქიშვილის ქუჩაზე მიმავალ მამას უკან ის მოჰყვებოდა.

ძნელი სათქმელია, მკვლელი ერთი იყო, თუ გურამ შარაძეს რამდენიმე კაცმა ესროლა. ორნი იყვნენ თუ მეტნი. პირველი ტყვია ზურგიდან ესროლეს. სროლის შემდეგ მამა ეტყობა მომენტალურად დავარდა. შემდეგ უკვე, ორი საკონტროლო გასროლა განხორციელდა საფეთქელში, თუმცა საკონტროლო გასროლა საჭირო აღარც კი იყო, რადგან პირველივე ტყვია სასიკვდილო აღმოჩნდა. თვითმხილველთა თქმით, სროლის შემდეგ მკვლელი ჯერ შანიძის ქუჩაზე გაიქცა, შემდეგ შანიძის და ხორავას ქუჩის გადაკვეთაზე ბარნოვის ქუჩისკენ ცდილობდა წასვლას.

ბოლოს შანიძის ქუჩიდან მარცხნივ, ხორავას ქუჩაზე ჩაუხვია და ერთ-ერთ ეზოში შევარდა.. ვფიქრობ, მკვლელი და ბარათელი ერთმანეთს სწორედ ამ ეზოში შეენაცვლნენ. ეზოდან უკვე ბარათელი გამოიქცა პეტრიაშვილის ქუჩისკენ და ძალოვანებმა მისი დაკავების მიზნით ისროლეს.

პეტრიაშვილიდან მრგვალ ბაღამდე სდიეს ბარათელს. ეს ვერსია აბსურდულად გამოიყურება. როდესაც მომხდარი შეიტყო ჩემმა მეუღლემ და უბედურების ადგილზე მივიდა, საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა _ მკვლელები დავაკავეთ, ორნი იყვნენო. იმ მეორეს რატომ არ ახსენებენ?

დარწმუნებული ვარ, ბარათელი არაფერ შუაშია და ის მკვლელი არ არის. ვფიქრობ, მას ციხიდან ცოცხალს აღარ გამოუშვებენ. იმაზე კი, ვინც მართლა მკვლელია და ვინც პირველი ტყვია გაისროლა, არავინ საუბრობს. ამის თაობაზე ყველაფერი ვიცი. თუმცა, იმავე მოწმეების უსაფრთხოების მიზნით, ამ თემაზე საუბრისაგან თავს შევიკავებ. არ მინდა ამის გამო ვინმეს ოჯახს საფრთხე შეექმნას. სხვა ახალი ინფორმაცია არ მაქვს”, _ აცხადებს “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე.

გიორგი ბარათელის ოჯახის წევრები მომხდარის შესახებ კომენტარს არ იძლევიან. ბარათელის მამა ვახტანგ ბარათელი “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარზე უარს იმ მოტივით ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობს. რამდენჯერმე სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი დასჭირდა. ამიტომ შარაძის მკვლელობასთან მისი შვილის შესაძლო კავშირზე საუბარი არ სურს. თუმცა ამბობს იმასაც, რომ შეუძლებელია, გიორგი გურამ შარაძის მკვლელი იყოს. “გიორგის, შარაძის მოსაკლავად არანაირი მიზეზი არ ჰქონდა”, _ აცხადებს ვახტანგ ბარათელი.

მისი მეუღლე კი “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში ამბობს, “როდესაც თქვენ გესაუბრეთ, ამის შემდეგ ვახტანგს ვუთხარი და გაიგო, რომ თქვენ მასთან გასაუბრება გსურდათ. ინერვიულა, ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება დამჭირდა. ავადმყოფი, წნევიანი კაცია და გთხოვთ, ნუ შემაწუხებთო”.

მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არც გიორგი ბარათელის უფროს ძმას, მამუკა ბარათელს გამოუთქვამს. როგორც ახლობლები ამბობენ, ამ ამბის შემდეგ ის პრესასთან კონტაქტს თავს არიდებს. სამაგიეროდ, დუმილი დაარღვია გიორგი ბარათელის უკვე ყოფილმა ადვოკატმა, ჯუმბერ მილორავამ.

შარაძის მკვლელობაში ბრალდებულს ის ადვოკატად სახაზინო წესით დაუნიშნეს. ბარათელისთვის წინასწარი სამთვიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესზე ბარათელის ინტერესებს სწორედ მილორავა იცავდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს გირაოს სახით 20.000 დოლარის გადახდაც კი შესთავაზა. თუმცა, მოგვიანებით, ბარათელმა ადვოკატზე უარი თქვა თითქოს იმ მოტივით, რომ თავის დაცვას თავადაც შესანიშნავად შეძლებდა.

ბარათელმა ადვოკატის მომსახურებაზე სინამდვილეში რა მოტივით თქვა უარი, მისი აღიარებითი ჩვენება მართლაც არსებობს თუ არა, როგორია მისი ფსიქიკური მდგომარეობა, ინფორმაცია, რომ ბარათელს ერთი თირკმელი აქვს, სინამდვილეს რამდენად შეეფერება და ბარათელის გათავისუფლების სანაცვლოდ 20.000 დოლარის გადახდას ვინ აპირებდა _ ამის გარკვევას “ჯორჯიან თაიმსი” გიორგი ბარათელის ყოფილი ადვოკატისგან, ჯუმბერ მილორავასგან შეეცადა.

_ ბატონო ჯუმბერ, გიორგი ბარათელს სახაზინო წესით იცავდით. ვინ გთხოვათ მისი დაცვა _ ოჯახმა, რომელსაც ადვოკატისთვის გადასახდელი ფული არ ჰქონდა თუ ბრალდების მხარემ?

_ ბარათელს შეიძლება თავისუფლების მუდმივად აღკვეთა მიესაჯოს. კანონი განმარტავს, რომ როცა ადამიანს ფინანსურად არა აქვს თანხის გადახდის შესაძლებლობა, მას სახაზინო ადვოკატი ენიშნება, რომელსაც მხოლოდ მისი დაცვა ევალება. რაც შეეხება იმას, მე როგორ და რანაირად ჩავერიე ამ საქმეში, არის სახაზინო ასოციაციები, ბიუროები, ჩვეულებრივ ასეთი ბიუროს მისამართზე იქნა უწყება გაგზავნილი და ბიურომ დამავალა მე. ამიტომაც ჩავერთე ამ საქმეში. ეს ვინმეს დავალება, ან რაიმე სპეციალური გამიზნული ქმედება არ ყოფილა.

_ ბარათელისთვის წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას, მისი თავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს გირაოს სახით 20.000 დოლარის გადახდა შესთავაზეთ. თუკი სასამართლო ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, ეს თანხა ვის უნდა გადაეხადა? მის ოჯახს ადვოკატის ფული არ ჰქონდა და ასეთი თანხის გადახდა როგორღა შეეძლო?

_ ამ საქმეში ჩემი ჩართვა სწრაფად, უმოკლეს დროში მოხდა. ბარათელის სოციალური მდგომარეობის შესწავლა ვერ მოვასწარი. მე მას ვუთხარი, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას ალტერნატივის სახით, სასამართლოს რაც შეიძლება შევთავაზოთ, ერთი, ეს არის თავდები, მეორე _ გირაო-მეთქი. როგორც გითხარით, თავიდან ჩემთვის მისი მატერიალური მდგომარეობა ცნობილი არ იყო. შემდგომ არსებითად დავსვი საკითხი, რომ შესაძლოა, ამ თანხის გადახდის უუნარო ყოფილიყო. მის ოჯახში პირადად მივედი და როცა მისი ოჯახური მდგომარეობა ვნახე, უკვე ჩემი მოსაზრებიდან გამომდინარე, მეორე სასამართლო პროცესზე არცერთი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საკითხი აღარ დამისვამს.

_ ბოლო დროს საზოგადოება შეეჩვია, რომ შს სამინისტრო პირდაპირი ეთერის რეჟიმით გადასცემს დაკავებული პირის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას. თუმცა, ბარათელის შემთხვევაში ასე არ მოხდა. გამოძიებას დღემდე არანაირი კომენტარი არ გაუხმიანებია გარდა იმისა, რომ თავიდანვე ითქვა _ თითქოსდა, ბარათელმა შარაძის მკვლელობა დაკავებისთანავე აღიარა…

_ მას ამაზე ვესაუბრე. მაგრამ, რადგან ამ საქმეში არა მისი, არამედ ბრალდების მხარის მოწვეული ვიყავი, ჩვენს შორის რაღაც გარკვეული მომენტები არსებობდა იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელია რაღაც ისე არ ყოფილიყო, როგორც მას სურდა.

_ ანუ უნდობლობის მომენტს გულისხმობთ?

_ დიახ, რა თქმა უნდა, ეს ყველა შემთხვევაში ასე ხდება. რაც შეეხება მის მიერ ბრალის აღიარებას, ჩემთვის უცნობია, წინასწარი გამოძიებისას მან მართლაც თქვა ეს თუ არა, თუნდაც ზეპირი განცხადებით. ვკითხე, რა მოხდა, მე შენი დამცველი ვარ, შენს უფლებებს ვიცავ და ხომ უნდა ვიცოდე, აღიარებ თუ არა ამ დანაშაულს, ეს რაიმე ზეწოლის შედეგად, ან ვინმეს ინიციატივით, ან რაიმე სხვა გარემოებების გამო ხომ არ მოხდა-მეთქი.

_ ბარათელმა რა გიპასუხათ?

_ იმ მომენტში მითხრა, რასაც ახლა თქვენ მეკითხებით, მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთო. რატომ-მეთქი და, მე არ ვიცი, შენ როდემდე იქნები ჩემთან, ბოლომდე გამომყვები თუ არაო (საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ მას მე ბოლომდე ვერ გავყევი). ვუთხარი, თუკი რაიმე მსგავსი პრეცედენტი იყო, შენ კანონი გაძლევს საშუალებას დუმილის უფლებით ისარგებლო, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა შენი ზეპირი განცხადება-მეთქი. მით უმეტეს მაშინ, თუ ასეთი ჩვენების მიღება კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვით არ მოხდა, ეს ოქმში არ აისახა და მხარის მიერ ხელმოწერილი არ არის. მაშინ ამას არანაირი მტკიცებულების ძალა არ გააჩნია-მეთქი.

_ თქვენ, მისმა დამცველმა თუ ნახეთ მისი აღიარებითი ჩვენება?

_ არა, ასეთი რამ არ მინახავს.

_ დაცვის მხარეს ამის მოთხოვნის უფლება ხომ აქვს?

_ თქვენ მეკითხებით მტკიცებულებაზე თუ მის ჩვენებაზე?

_ ამ შემთხვევაში გეკითხებით ბარათელის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაზე. გამოძიებას ჯერჯერობით მტკიცებულება კი არა, მისი ჩვენებაც არ გაუხმაურებია…

_ სწორედ ესაა საქმე. მას ვკითხე, ხომ არ არის რაიმე დოკუმენტი ან მასალა თუ ჩანაწერი? მან მითხრა, რომ არა! მაშინ რა გამოდის? თუკი პირი ოფიციალურად არ დაიკითხა, მაშინ მას მის მიერ ზეპირად ნათქვამის უარყოფა ან დადასტურება ნებისმიერ დროს შეუძლია.

_ რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თავიდან არაფერი თქმულა აყვანისას მისი დაჭრის შესახებ. მხოლოდ მერე გაირკვა, რომ ის მხარში იყო დაჭრილი.

_ ბარათელი პირველად “კაპეზეში” ვნახე და იგი მართლაც დაჭრილი იყო. ვიზუალურადაც სხეულზე ფიზიკური ზემოქმედების კვალი ეტყობოდა, რაც იმით ახსნეს, რომ დაკავებისას პატრულს წინააღმდეგობას უწევდა.

_ მკვლელობის მოტივზე თქვენთან საერთოდ არ უსაუბრია? როგორც ცნობილია, შარაძის ოჯახი აცხადებს, რომ ის მკვლელი არ არის. მკვლელი არის სულ სხვა და ბარათელით მისი შეცვლა შემდგომ მოხდა…

_ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია. მის დამცველად თუ დავრჩებოდი, უფრო მეტი რამ მეცოდინებოდა. გამოძიება იმასაც მეუბნებოდა, ბარათელი ჩვენებას როდის მოგვცემსო. გამოძიება, პირიქით, მე მელოდებოდა, ჩემს ინიციატივას ელოდებოდა, რომ ბარათელს ჩვენება მიეცა.

_ მასთან მარტო დარჩენის საშუალება თუ გქონდათ?­

_ იმის გამო, რომ სახაზინო ადვოკატი ვიყავი, მასთან ურთიერთობა შეზღუდული არ მქონია. ასე არ ყოფილა. ნებისმიერ დროს შემეძლო ამ პიროვნების ნახვა.

_ მისი ოჯახის წევრებიდან ვის ესაუბრეთ?

_ მას ჰყავს ძმა, დეიდა და ბიძა. როცა ოჯახში მივედი, მქონდა საუბარი მათთან.

_ მამამისი არ დაგკავშირებიათ?

_ არა, ბარათელის მამა საერთოდ არ მინახავს. მე კი მქონდა მისი ნახვის სურვილი, მაგრამ, როგორც ვიცი, ამ საკითხით საერთოდ არ დაინტერესებულა. მე ვნახე მისი ძმა.

_ ბარათელმა თქვენი აცილება რატომ მოითხოვა?

_ ამაზე მას თავისი მოსაზრებები აქვს. მის საქმეში ბევრი ისეთი მომენტია, ამ პიროვნებას სურს, რომ უმჯობესია მისთვის სასურველი ადვოკატი შეირჩეს. ფიქრობს, ხომ არ ვარ მისთვის რაღაცით დაინტერესებული პირი. როდესაც უნდობლობაა, ასე მუშაობა ჩემთვისაც რთულია.

_ ბარათელი აცხადებს, რომ ის ადვოკატის გარეშეც შეძლებს თავის დაცვას…

_ წარმოიდგინეთ ასეთი შემთხვევის შემდეგ მისი სულიერი მდგომარეობა. რას განიცდის, გრძნობს. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერ პირთან ურთიერთობა, მისი დამცველი იქნება თუ სხვა, ბარათელში გარკვეულ სტრესს იწვევს.

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, ბარათელი შეიძლება იყოს შარაძის მკვლელი?

_ იურისტი რომ არ ვიყო, მით უმეტეს მისი დამცველი, მაშინ მექნებოდა ჩემი სუბიექტური აზრის გამოთქმის უფლება. მაგრამ როგორც ადვოკატი, თავს შევიკავებ. ახლა ვარაუდების გამოთქმის უფლება არა მაქვს.

_ უკვე აღარა ხართ მისი ადვოკატი, თუმცა მკვლელობის შემდეგ ერთადერთი ადამიანი ხართ, ვინც მას შეხვდა. როცა გაესაუბრეთ, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, შეიძლებოდა მას შარაძე მოეკლა?

_ ასეთი წარმოდგენა რომც მქონდეს, თუნდაც როგორც ყოფილი დამცველი, ამას მაინც ვერ ვიტყვი. არის მომენტები, რასაც მე ვუფრთხი. არ მინდა ხელი შევუშალო გამოძიებას, ან იმ ადვოკატს, რომელიც მომავალში მას დაიცავს.

_ მისი ფსიქიკური მდგომარეობა როგორია?

_ ერთი პერიოდი ის თითქოს სხვანაირ შთაბეჭდილება სტოვებდა. მას ჰქონდა ძალიან დიდი ნერვული სტრესი, რის გამოც ვფიქრობდი, დამეყენებინა შუამდგომლობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების შესახებ, თუმცა აღარ დამიყენებია.

_ რაც შეეხება თირკმელის ისტორიას…

_ არ ვიცი. მე მასთან არც თირკმელზე მისაუბრია და არც კუჭ-ნაწლავზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ ყოფილა საუბარი. რამე რომ ვიცოდე, ამას პრესასთან აუცილებლად ვიტყოდი. ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. მასთან ამაზე არ მისაუბრია. მეტად კონტაქტური იყო, თუმცა საბოლოოდ ნდობის ფაქტორი ვერ დავიჭირე და ეს ყველაზე რთული მომენტია. მით უმეტეს, ამხელა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეა. ეს მეტად რთული იქნებოდა.

_ ბოლოს როდის ნახეთ და სად არის ამჟამად ბარათელი?

_ რუსთავის მეექვსე ციხეში ჰყავთ და ჩვეულებრივად ისეთ პირობებშია, როგორც სხვა პატიმრები.

დალი ბჟალავა
“ჯორჯიან თაიმსი”, 14-21 ივნისი, 2007

 

გურამ შარაძის ქალიშვილი უარყოფს მამის მკველობასთან ასლან აბაშიძის კავშირის შესაძლებლობას

პროფესორ გურამ შარაძის მკვლელობის ოფიციალური გამოძიებისაგან საზოგადოება არ ელის რეალურ და ობიექტურ შედეგს. ამის მიზეზი, პირველ რიგში, ის გახლავთ, რომ ძიების პირველ ეტაპზე უამრავი საეჭვო გარემოება შეიქმნა. პროფესორი მოკლეს ქუჩაში, უამრავი ადამიანის თანდასწრებით, თვითმხილველთა უმეტესობა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პროფესორს რამდენიმე მხრიდან ესროდნენ. სანდო წყაროების მიერ ჩვენთვის მოწოდებულმა ცნობამ ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, მართლაც, დაადასტურა ეს ინფორმაცია. ძიებას კი ამის თაობაზე არაფერი განუცხადებია.

საზოგადოებისთვის ერთგვარად მოულოდნელი გახლდათ ისიც, რომ გურამ შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება სატელევიზიო საშუალებებით ნაჩვენები არ ყოფილა, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე. თავიდანვე გამოითქვა ვარაუდი, თუ რატომ, _ იმიტომ, რომ ეს ჩვენება გამოძიებამ ვერ მიიღო. ჩვენს ხელთ არსებული გადამოწმებული ინფორმაციით, ასეთი ჩვენება გიორგი ბარათელს გამოძიებისთვის მართლაც არ მიუცია.

ჩვენს ხელთ არსებული, ასევე გადამოწმებული ინფორმაციით, გამოძიებას ჯერაც არ დაუკითხავს ის ადამიანები, რომლებიც ბატონ გურამთან მისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში საქმიანი, შემთხვევითი, ნათესაური, მეგობრული თუ სხვა მოტივით ურთიერთობდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს მიერ საინტერესოდ მიჩნეული რამოდენიმე პირი ნამდვილად არ გახლავთ დაკითხული.

გაზეთ ,,ახალი 7 დღის”“ ჟურნალისტ-გამომძიებელთა ჯგუფმა დაიწყო გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტის გამოძიება და მის შესახებ ეტაპობრივად აცნობებს მკითხველს.

გაზეთი ,,ახალი 7 დღე” მკითხველს აცნობს გურამ შარაძის ოჯახის დამოკიდებულებას ბატონი გურამის მკვლელობის იმ ვერსიის შესახებ, რომელიც ჩვენი გაზეთის წინა ნომრებში გამოითქვა და რომელიც ამ მკვლელობასთან გურამ შარაძისა და ასლან აბაშიძის ადრინდელი დაძაბული ურთიერთობის კავშირს შეეხებოდა. ბატონი გურამის ქალიშვილის, რუსუდან შარაძის თქმით, ,,ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება და ამას ვერავის დავუშლი. მაგრამ სრულიად არარეალურად მიმაჩნია მამას მკვლელობის ასლან აბაშიძის სახელთან დაკავშირება. მათი დაძაბული ურთიერთობა წარსულს ჩაბარდა და მამამ აჭარის რევოლუციის დღეებში ასლანს დაუჭირა მხარი. არა იმიტომ, რომ მასზე შთაბეჭდილება შეიცვალა, არამედ იმიტომ, რომ მაშინ აჭარაში სიმშვიდის შენარჩუნების მომხრე იყო.”

რუსუდან შარაძის თქმით, მამის სიკვდილის შემდეგ მასზე დამთრგუნველი ზემოქმედება მოახდინა ბატონი გურამის უახლოესი მეგობრის, ზვიად ცეცხლაძის მკვლელობამ:

,,პირველი, რაც მაშინ ვთქვი, იყო ის _ აი, ნახავთ, თუ არ შეეცდება ხელისუფლება ეს ორი მკვლელობა ასლან აბაშიძის სახელს დაუკავშირონ-მეთქი. ამიტომ არ მიმაჩნია თქვენი გაზეთის მიერ გამოთქმული ვერსია არც ორიგინალურად და არც დამოუკიდებლად.”

გაზეთისთვის მისაღები და გასათვალისწინებელია ქალბატონი რუსუდანის შენიშვნა, მაგრამ იმასაც აღვნიშნავთ, რომ გამოთქმულ ვარაუდს არ ჰქონია კატეგორიულობის პრეტენზია. ცხადია, არც ხელისუფლებისაგან ყოფილა იგი დაკვეთილი. სიმართლე რომ დაადგინო, ყველა გზა უნდა მოსინჯო. ხსენებულ ვერსიამდე ფაქტების ლოგიკამ თავად მიგვიყვანა. ლოგიკა, ცხადია, არ კმარა სიმართლის დასადგენად, ის მხოლოდ მცდელობაა ამის მისაღწევად.

,,ახალი 7 დღე”, 14 ივნისი, 2007

 

 

უკანასკნელი შეტყობინება გურამ შარაძეს

მკვლელი მელიქიშვილიდან შანიძის ქუჩაზე, ხორავას მიმართულებით გარბოდა. მას საპატრულო პოლიციის მანქანა მისდევდა. დევნილიც და მდევარიც მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს მირბოდნენ და ავტომანქანების ნაკადს აჩერებდნენ. შეჩერებული მანქანებიდან კარგად ჩანდა, როგორ აათავეს შანიძის ქუჩა ხორავას გადაკვეთამდე, შემდეგ დევნილმა ახალგაზრდა კაცმა ერთ-ერთ ეზოში შეუხვია. გურამ შარაძის ოჯახის და ადვოკატის მტკიცებით, მოწმეებმა ისიც დაინახეს, რომ ჯერ კიდევ მელიქიშვილზე უკვე ძირს დაცემული შარაძის ცხედართან იდგა ბარათელის გარეგნობისგან სრულიად განსხვავებული მამაკაცი.

გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე, დარწმუნებულია, რომ ეს მკვლელობა იყო წინასწარ დაწერილი სცენარის განხორციელება, რომ გიორგი ბარათელს არ მოუკლავს გურამ შარაძე, რომ ვინც ამ მკვლელობას ორგანიზება გაუკეთა, მან მოაწყო ყველაფერი ისე, რომ პაიკები იქვე შეცვლილიყვნენ _ იქვე მდებარე ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ეზოში _ შევარდნილი რეალური მკვლელის ნაცვლად ეზოდან ისეთივე ტანსაცმელში გამოწყობილი ბარათელი გამოსულიყო.

რუსუდან შარაძეს ჭავჭავაძის 13-ში, მამის მიერ დაარსებულ ქართული ემიგრაციის მუზეუმში შევხვდი _ გურამ შარაძის სამუშაო მაგიდასთან, სადაც ყველაფერი შარაძის სიცოცხლის უკანასკნელ დღეს ასახავს: აკაკი წერეთლის ერთ ლექსზე გადაშლილი კრებული, დაგეგმილი დღის გრაფიკი, ტელეფონის წიგნაკი, ისიც რომელიღაც გვერდზე გადაშლილი. სამუშაო მაგიდიდან ადგომის წინ ოდნავ გამოწეული სკამი.

რუსუდან შარაძე:

_ დედამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ უნდა გავჩუმდეთ. მისგან მალულად აქ ვხვდები ჟურნალისტებს სასაუბროდ. ჯერ ლაშას სიკვდილი გადაიტანა, მერე თვითონ მოყვა უმძიმეს ავარიაში, მერე მამას საზარელი მკვლელობა. აღარ უნდა არაფერი. იცის, რომ უაზრობაა ბრძოლის გაგრძელება. ის მამას სიცოცხლეშიც ასე იყო, განსაკუთრებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ყველაფერს უშლიდა. მამა აქციის ჩატარებას რომ დააპირებდა, ამის შესახებ ყველამ იცოდა, დედას გარდა. გური, არ გინდა! _ სულ ასე ეხვეწებოდა. მამას გაჩერება შეუძლებელი იყო. ის ბუნებით სხვანაირი იყო, პრინციპიდან ვერ გადაახვევინებდი. არ არსებობდა მისთვის მარცხთან შეგუება. დარწმუნებული იყო, რომ ლაშა მის გამო, მის გასამწარებლად და მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით მოკლეს. მაგრამ სიმტკიცე არასდროს დაუკარგავს. 20 ივნისს, 1998-ში ლაშა მიაბარა მიწას. შაბათი იყო. ორ დღეში უკვე მთაწმინდაზე იდგა და ივანე მაჩაბლის ძვლებს მარხავდა. ამით მან აიხდინა ათეული წლების ოცნება და საქართველოს შემოუნახა მისი დაკარგული ღირსეული შვილის საფლავი. მე თვითონ მიკვირდა მაშინ მამას სულიერი სიმტკიცე. ვეუბნებოდი კიდეც, როგორ შეგიძლია-მეთქი. თუმცა ახლა ვხვდები, რომ ეს სიკვდილიდან ერთადერთი გამოსავალია. სხვაგვარად არ შეიძლება.

_ მთავარი კი, ალბათ, ის იყო, რომ ბატონი გურამი მარტო, სამართალდამცავებისგან დამოუკიდებლად, თვითონ იძიებდა ლაშას მკვლელობას. და, როგორც თავადაც ვიცი, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამოიძია.

_ მამა ვერაფერს გახდა. დაადგენდა რაღაცას, მოწმეს მონახავდა. მეორე დღეს მოწმეს უკან მიჰქონდა თავისი სიტყვები. ბევრი მოწმე საერთოდ ქრებოდა, მაგალითად, იმ მაღაზიის გამყიდველი ქალის ასავალ-დასავალს ვეღარ მივაგენით, რომელმაც ლაშა ბოლოს ნახა თეთრპერანგიან ახალგაზრდასთან, სავარაუდოდ, მასთან მეგობრულ დამოკიდებულებაში მყოფ ადამიანთან ერთად. ჯერ კიდევ მაშინდელიდან ვიცი, რომ საქართველოში მკვლელობის მოწმე რეალური საშიშროების წინაშე დგას. ახლა მე დავდივარ და ვნახულობ ადამიანებს, რომლებიც მამას მკვლელობას შეიძლებოდა შესწრებოდნენ. ვიცი, რომ ოდესმე დადგება დრო, როცა ორივე მკვლელობაზე სიმართლე გამჟღავნდება. ამ მიზნით მამამ ყველაფერი გააკეთა ლაშასთვის. მე ამას მამასთვის გავაკეთებ.

_ თქვენ რატომღაც კატეგორიულად უარყოფთ ლაშას და გურამის მკვლელობის კავშირს. რატომ? მაშინ გურამ შარაძე ხომ ხმამაღლა ამბობდა, რომ ასლან აბაშიძემ მოუკლა შვილი. პირადი დაცვითაც დადიოდა ბათუმიდან საფრთხის მოლოდინში.

_ კი, მამას თავიდან ჰქონდა ასეთი შეხედულება, თუმცა, ბოლო წლებში ამაზე აღარაფერს ამბობდა. არ ვიცი, რატომ. მე ვერც ლაშას მკვლელობაში დავადანაშაულებ ასე კატეგორიულად ვერავის. მამას დაცვა თვითონ არ აუყვანია. ლაშას მკვლელობის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ დაუნიშნა ეს მცველები სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტიდან. მამა ხშირად ემალებოდა მათ. მას თავისუფლება უყვარდა. და, სხვათა შორის, არც თავდასხმის და ტყვიის ეშინოდა. ეშინოდა ექიმის, ნემსის გაკეთების. სროლის _ არა. მით უმეტეს, რომ მან ეს ტყვია თავის სიკვდილამდე მიიღო ლაშას მოკვლით, ლაშასთვის ნასროლი ტყვიით. ის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მან, ვინც მოკლა ლაშა, მის გამო მოკლა.

_ მკვლელობის მიზეზების დასადგენად ძალიან ახლო უნდა მიხვიდე მოკლულის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებთან. ბოლო დროს ბატონ გურამს არასდროს არავისთან უსაუბრია მოსალოდნელ საფრთხეზე?

_ არა. მოსალოდნელი საფრთხის მე მუდამ მეშინოდა. მუდამ იმის ფიქრში ვიყავი, სად არის ახლა მამა, მივიდა სახლში თუ არა-მეთქი. ყველგან კუდში დავყვებოდი. ამბობდნენ, ბოლო პერიოდში არ იყო აქტიურიო. საშინლად მაღიზიანებს ასეთი განცხადებები. ის ყოველთვის აქტიური იყო, მაგრამ აღარ აშუქებდნენ მედია-საშუალებები. მას მოუსპეს ტრიბუნა! მახსოვს, იწვევდა ხოლმე პრესკონფერენციებს, ემზადებოდა, მაგრამ არავინ მოდიოდა. ზოგჯერ ერთი ჟურნალისტი მოდიოდა. მაინც საუბრობდა. შეიძლებოდა წასულიყო ეს ჟურნალისტი და ეს ერთკაციანი პრესკონფერენციაც არ გაშუქებულიყო. ზოგჯერ ტელევიზიაც მოსულა. გადაუღია… მაგრამ წავიდოდა კამერა, ველოდით დაპირებულ სიუჟეტს, ის კი არ გადიოდა. მას არასდროს იწვევდა არც ერთი ტელევიზია არც ერთი საკითხის, მათ შორის ისეთი საკითხების გაშუქებისასაც კი, რომლებიც სისხლხორცეულად იყო დაკავშირებული მის სახელთან. ამას აკეთებდნენ არა მხოლოდ მოქმედი, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელევიზიები, არამედ ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიებიც. მამა ურეკავდა მათ. კითხულობდა მიზეზს: რატომ? ყოველთვის უშედეგო იყო ასეთი საუბარი.

მერე, როცა მამა მოკლეს, მე სიმწრით ვუყურებდი, როგორ ასწრებდნენ ერთმანეთს მოკლული გურამ შარაძის გადაღებაში, როგორ გაიმართა შეჯიბრი, ვინ რამდენი წუთით და წამით ადრე გადაიღო ქვაფენილზე სისხლის გუბეში დაცემული გურამ შარაძე. და ვფიქრობდი, რომ კამერები მხოლოდ ასეთი ფაქტებისკენ არიან საქართველოში მიმართული. ეს კი არა მხოლოდ გურამ შარაძის, არამედ მთელი ქვეყნის უბედურებაა. ახლა არ მინდა გვარებით და სახელებით საუბარი. ერთხელ ერთ გაზეთს მისცა ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვიუ. საუბარი შეეხებოდა ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალისტს, გურამი საუბრობდა იმაზე, რატომ აქვს ამ ჟურნალისტს და იმ ტელეარხს, რომელშიც იგი მნიშვნელოვან განყოფილებას ხელმძღვანელობს, გართულება შარაძის გამოსვლაზე ტელევიზიით, მისთვის სატელევიზიო ეთერის მიცემაზე. წერილი არ დაბეჭდილა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძალიან დიდი ბრძოლა დასჭირდა იმ ცნობილ ჟურნალისტს, რომ ინტერვიუ არ დაბეჭდილიყო. ჩვენ აგვიხსნეს: კოლეგიალობის თვალსაზრისით! მაგრამ რა შუაშია კოლეგიალობა? რა, თუ ჟურნალისტზე აქვს ვინმეს სათქმელი, ეს არავინ არ უნდა თქვას? მედიამ პირი უნდა შეკრას? იქნებ, რას ვამბობ?

_ მამა უკანასკნელად როდის ნახეთ? რა იცით მისი უკანასკნელი დღეების შესახებ?

_ 12 მარტს გავფრინდი ჟენევაში, სადაც ჟენევის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტში ვსწავლობ. იქიდან მოყოლებული, როცა თბილისში მუდმივად ვცხოვრობდი, ასეთი ჩვევა გვქონდა: მამა საღამოობით მოდიოდა ხოლმე ჩემთან. ახლოს ვცხოვრობ. გვიანობამდე ერთად ვიყავით. მერე ვაცილებდით ხოლმე მე და ჩემი მეუღლე. ჟენევაში გაფრენის წინა საღამოსაც, მოვიდა გამოსამშვიდობებლად. არ მინდა გაცილებაო, მითხრა. დაღლილი ხარ, თან ამაღამ მიფრინავ და არ მინდა შეგაწუხოო. მაინც გავყევი, ლიფტამდე მივაცილე. გულში ჩამიხუტა და დამკოცნა. მეც რატომღაც ასე ვუთხარი, ჩემი იმედი გქონდეს-მეთქი. შვილები არ ვიყავით მისგან გადამეტებულ შექებას მიჩვეული. შექება ასეთი ჰქონდა: ყოჩაღ, ლაშა, ან: ყოჩაღ, გიორგი, ან: ყოჩაღ, რუსუდან, მეტი არაფერი. შენიშვნასაც მოკრძალებულად, მაგრამ მკაცრად გვაძლევდა. არასდროს გვეშინოდა მისი, მაგრამ შიშზე უარესი რიდი გვქონდა ყოველთვის. შვილიშვილებთან კი შეიცვალა. მაგიდის ქვეშ ძვრებოდა ხოლმე ჩემს მარიკუნასთან ერთად. ერთი სიტყვით, სხვანაირი მამა იყო და სხვანაირი ბაბუა. ყველასთან მიმართებაში კი ერთნაირად აქტიური და მტკიცე ხასიათის იყო.

ლაშას მკვლელობამდე ერთი თვით ადრე მე და მამა ჟენევაში ერთად ვიყავით წასულები _ ჩემი სადისერტაციო თემის თაობაზე. იქ უკვე დამთავრებული გვქონდა მოსამზადებელი სამუშაოები. დისერტაციას ვწერდი ხარიტონ შავიშვილზე, საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელზე ერთა ლიგაში, რომელიც ჟენევაში ცნობილი პიროვნება იყო. მისი არქივი დაცული იყო ჯერ ჟენევის უნივერსიტეტში, შემდეგ კი გადაიტანეს ერთა ლიგის არქივში, რომელიც დაცულია გაეროს ოფისში. რა თქმა უნდა, ამ საქმეში მამამ ჩამრთო. ხარიტონ შავიშვილზე არც საქართველოში იცოდა ბევრმა და შვეიცარიაშიც ვერავინ აკეთებდა საქმეს მის არქივში, რადგან ქართული არ იცოდნენ. გაეროს ოფისის ხელმძღვანელობამ არქივი არ გადმოგვცა, რადგან უფრთხილდებიან ყველაფერს. მაგრამ ასეთი რამ შემოგვთავაზეს: მასალების ასლებს მოგცემთ იმ შემთხვევაში, თუ შავიშვილის არქივს დაალაგებთ და მის კატალოგს შეადგენთო. ცხადია, ქართულის მცოდნეს უნდა გაეკეთებინა ეს, დაეხარისხებინა, თემატურად და ქრონოლოგიურად დაეჯგუფებინა მასალები, კორესპონდენციები. რომ შევხედე, გული გამისკდა. ეს იყო 50 ყუთი, სულ არეულ-დარეული მასალებით სავსე. ლაშას სიკვდილის შემდეგ მამამ ამ დაწყებული საქმის გაგრძელება მომთხოვა. გამიშვა ჟენევაში. ვიჯექი სარდაფის ტიპის უზარმაზარ დარბაზში, უცხო ქალაქში, და ვმუშაობდი. თვალები მეწვოდა ძველი ქაღალდებისგან და ვხვდებოდი, რატომ სტკიოდა მამას მუდმივად თვალები. სამი თვე თავი არ ამიწევია. მამა ხშირად მირეკავდა თბილისიდან, მამხნევებდა.

_ თქვენ მამას კოლეგა იყავით. როგორ აფასებდა თქვენს შესაძლებლობებს?

_ ძალიან ძუნწად, მაგრამ სამართლიანად. ისევ ძველი ფრაზებით: ყოჩაღ რუსუდან. ოღონდ ძალიან იშვიათად. ერთხელ ასეთი სიურპრიზი გამიკეთა: ზარი დაირეკა ჩემთან სახლში და კარი რომ გავაღე, მის აწეულ ხელში დაჭერილი წიგნი დავინახე ჩემი გვარით და სახელით: რუსუდან შარაძე: “ხარიტონ შავიშვილი”. ვიცი, რომ ამ წიგნს არ ვიმსახურებდი და არ დაგილამავთ, გულში მქონდა ოდესღაც ჩემი დისერტაციის შევსება და ისე გამოცემა, მაგრამ ბედნიერი ვიყავი. მერე ისევ მამას რეკომენდაციით და ჩემი ძმის _ გიორგის მიერ შვეიცარიაში მოპოვებული მასალების მიხედვით გრიგოლ რობაქიძის არქივის ძიება დავიწყე. როგორც იცით, არქივი დაკარგულია. უცნაურია. შვეიცარიაში არაფერი იკარგება. თმის ღერი რომ ჩამოგივარდეს, მეორე დღეს იპოვი. ძიება დავიწყე. რაღაც კვალს დავადექი. მას მოეწონა. დამეთანხმა, რომ სწორი გზით მივდიოდი. ამის გარდა, მამას მიერ მთელი ცხოვრების მანძილზე უცხოეთში მოგროვებულ მასალებზე დაყრდნობით ექვსი დოკუმენტური ფილმი გავაკეთე: გრიგოლ რობაქიძეზე, გიორგი მაჩაბელზე, ნოე ჟორდანიაზე, კარლო ჩხეიძეზე, ნოე რამიშვილზე. სცენარებს მამას ვაკითხებდი. მოსწონდა და ეამაყებოდა. ჩემი ფილმის ოფიციალური კონსულტანტიც იყო. ბავშვობიდან, შვილებს ქართველი ემიგრანტების სახელები გვესმოდა. მამა მუდმივად არქივების ძიებაში იყო. გვიყვებოდა საქართველოდან გატანილი საგანძურისა და მასალების შესახებ: რომ ნოე ჟორდანიას ერთადერთი ქურქი ჰქონდა ციმბირიდან მოყოლებული პარიზის უკანასკნელ დღემდე და რომ იმ ქურქში მოკვდა; რომ ქართველი ემიგრანტები შიმშილით იხოცებოდნენ და მაინც ხელს არ აკარებდნენ საქართველოს საგანძურს, რომ საქართველოდან წაღებული ფინანსებით პირადი ცხოვრება კი არ მოიწყვეს, ლევილში ქართული სათვისტომოსთვის მამული შეიძინეს, სადაც ქართული კულტურული და პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელეს.

_ მაგრამ გურამ შარაძისთვის არ უსვრიათ არც მაშინ, როცა ამ არქივების საქართველოში დაბრუნებისთვის იბრძოდა, არც მაშინ, როცა მართლმადიდებლური ეკლესიის დასაცავად მართავდა აქციებს, როცა პასპორტიდან ეროვნების გრაფის ამოღების წინააღმდეგ საუბრობდა. როგორ გგონიათ: რატომ მაინცდამაინც ახლა?

_ მას როდესღაც არ აპატიებდნენ. მე არ ვიცი, რამდენად სერიოზულად აღიქვა საზოგადოებამ ის განცხადება, რომელიც მე ტელევიზიით გავაკეთე. ჭირისუფლის სკამიდან ავდექი და “ღია ეთერში” ვთქვი, რომ გურამ შარაძეს 2002 წლიდან მოყოლებული მოსდიოდა თავის პირად მობილურ ტელეფონზე უწმაწური, წყევლა-კრულვიანი, ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული ზიზღით სავსე მესიჯები. ეს ამბავი ასე დაიწყო: 2002 წლის ზაფხულში მაგთის 10 ათას აბონენტს გაეგზავნა ასეთი მესიჯი: “სიკვდილი ფაშისტ გურამ შარაძეს! გაუმარჯოს თავისუფლების ინსტიტუტს!”. ამაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებამ მიაკვლია სოროსის ფონდის თანამშრომელს, ვინმე ქაროსანიძეს. შედგა სასამართლო პროცესი. ქაროსანიძეს არავითარი სასჯელი არ დაკისრებია. ამით გათამამებულმა, გააგრძელა მესიჯების წერა უკვე პირადად მამას მობილურზე. მამა ამ მესიჯებს ვერ ნახულობდა. მისთვის მობილურს ერთადერთი დანიშნულება ჰქონდა: დაეჭირა ღილაკისთვის ხელი და ესაუბრა ან საუბრის შემდეგ გამოერთო ტელეფონი. მესიჯების კითხვა, უბრალოდ, არ იცოდა. მე ერთი-ორჯერ წამიცდა თვალი. ამის შემდეგ მათ მექანიკურად ვშლიდი. რა თქმა უნდა, ეს ამბავი არც გამხსენებია იმ საშინელ დღეებში, როცა მამა მოკლეს. გამომძიებელმა ნივთების გადმოსაცემად რომ დამიბარა, მამას მობილური დავათვალიერე. იყო უამრავი გამოტოვებული ზარი და სიკვდილის შემდეგ გამოგზავნილი ორი ასეთი მესიჯი იმავე, ჩემთვის ნაცნობი და საშინელი მისამართიდან: “რა თქმა უნდა, პოლიტიკური მკვლელობა იყო და იმიტომაც ჩააძაღლეს”, “მუსოლინის გვერდით დამარხეთ ეს გახრწნილი”. ორივე მესიჯი გამომძიებელ ზაალ გურგენიძის და კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, მალხაზ ბოხუას თანდასწრებით წავიკითხე. მათთან ერთად ვიყავი ჯერ კიდევ, როცა უკანასკნელი მესიჯი მოვიდა “ლაივში”: “ყველა ფაშისტს ეგრე მოუვა. ყველაფერი საკუთარ თავებს დააბრალეთ თქვე დამპლებო და კაციჭამოებო”. არ ვიცი, რატომ ჰქონდათ ასეთი ბიოლოგიური ზიზღი საქართველოში ან ზვიად გამსახურდიას ან მამაჩემის მიმართ. შემთხვევით არ ვახსენე ისინი ერთად. ასეთი ზიზღი მხოლოდ გამსახურდიას მიმართ მიგრძვნია ზოგიერთი ქართველისაგან. მე არ მაქვს იმედი, რომ იმ ქვეყანაში, სადაც სოროსის ფონდიდან მოკლულებს ასეთ მესიჯებს უგზავნიან, ოდესმე გაირკვევა ასეთი მკვლელობების საიდუმლო. რა თქმა უნდა, იქამდე, სანამ არ შეიცვლება ქვეყანში არსებული მდგომარეობა და რეჟიმი.

ლია ტოკლიკიშვილი
“ახალი 7 დღე”, 15-21 ივნისი, 2007

 

 

,,აკაკის სიკვდილი და დასაფლავება” _ გურამ შარაძის გარეშე

ქართული ემიგრაციის მუზეუმში შედგა გურამ შარაძის ბოლო წიგნის ,,აკაკის სიკვდილი და დასაფლავება” პრეზენტაცია, რომელსაც შარაძის შვილი რუსუდან შარაძეც ესწრებოდა. პრეზენტაციაზე რუსუდან შარაძემ, პირველ რიგში, ჟურნალისტებს სთხოვა, თავი შეეკავებინათ გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვების დასმისგან და ესაუბრათ მასზე, მხოლოდ როგორც მწერალზე. თუმცა ბატონმა ელიზბარ ჯაველიძემ მაინც გააკეთა კომენტარი ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით:

,,გურამ შარაძე საქართველოს გული, სინდისი, აზროვნება და ცნობიერება იყო. ის სათავეში ედგა იმ ბრძოლას, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ღირებულებების, ფასეულობების გადარჩენას. ვინც გურამს ტყვია ესროლა, მან ამავდროულად, საქართველოს ესროლა, მაგრამ ამ სიკვდილით დაიწყო მისი მარადიული სიცოცხლე. სანამ იქნება საქართველო, მანამდე იცოცხლებს გურამ შარაძე”.

,,აკაკის სიკვდილი და დასაფლავება” ორი დღეა, რაც გამოვიდა. იგი თურქეთში დაიბეჭდა. ეს გურამ შარაძის მიერ აკაკი წერეთლის შესახებ შექმნილი მე-4 წიგნია. წიგნში ასახულია საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ფაქტები, რომელთაც გურამ შარაძე მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდა. რუსუდან შარაძემ აღნიშნა, რომ ბატონი გურამი ამ გამოცემის დასრულებას ჩქარობდა. ,,მის სამომავლო გეგმებში შედიოდა, ასევე, ვაჟა-ფშაველას, იაკობ გოგებაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრებისა და შემოქმედების ისეთივე აკადემიური ტომეულების შექმნა, როგორიცაა უკვე გამოცემული ილიასა და აკაკის ცნობილი ტომეულები. მას აგრეთვე, მზად ჰქონდა ,,ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის” მე-9 ტომი, რომელიც მთლიანად ფაშისტურ პრესას ეხება. ასევე, უნიკალური მასალების შემცველი ორტომეული ,,ძველი გურია”. ვიმედოვნებ, რომ აუცილებლად ვიპოვით სპონსორს ამ წიგნების გამოსაცემად. სამწუხაროდ, მამას არ დასცალდა თავისი გეგმების განხორციელება”.

ანა ხინჩიკაშვილი
,,ახალი 7 დღე”, 15-21 ივნისი, 2007

 

 

გურამ შარაძის მკვლელობის ახალი დეტალები

გუშინ, გურამ შარაძის მკვლელობის ადგილას, პრესკონფერენცია მოეწყო, რომელზედაც ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი წერეთელმა ჟურნალისტებს მკვლელობის ახალი დეტალები აუწყა; თბილისის მერიას კი ჟურნალისტების მეშვეობით მიმართა და 28 ივნისამდე _ გურამ შარაძის ორმოცამდე, მისი მკვლელობის ადგილას მემორიალური სვეტის აღმართვა, გურამ შარაძის სახლზე მემორიალური დაფის გაკვრა და ემიგრაციის მუზეუმისთვის გურამ შარაძის სახელის მინიჭება მოსთხოვა.

ამასთან, გუშინ გურამ შარაძის შვილის ლაშა შარაძის დღემდე გამოუძიებელი მკვლელობიდან 9 წელი შესრულდა.

გუშინდელ პრესკონფერენციას გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე, “ლიდერთა სკოლის” ხელმძღვანელი გია მაისაშვილი, ყოფილი პარლამენტარი ანზორ აბრალავა, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და მანანა არჩვაძის მომხრეები ესწრებოდნენ.

რაც შეეხება გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებულ ახალ ფაქტებს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, ასეთი შინაარსისაა: 1. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გურამ შარაძემ სამ ცნობილ გაზეთს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ხელისუფალთა მხრიდან ტერორს ელის; 2. მკვლელობის სულ ცოტა ათმა თვითმხილველმა დაინახა, ორი მანქანიდან როგორ გადმოხტა ორი ადამიანი და როგორ გაუხსნეს ცეცხლი აწ განსვენებულ გურამ შარაძეს; 3. თვითმხილველებიდან რამდენიმემ სახეზე მკვლელები დაიმახსოვრა და მათი განმარტებით, ეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი არ არის; 4. სადაზღვევო კომპანია “ალდაგიდან” (რომლის წინ მოკლეს გურამ შარაძე) ძალოვანებმა ვიდეო-კამერის მიერ გადაღებული მასალა მკვლელობის ღამესვე გადამალეს; 5. ბარათელის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბარათელი უარყოფს მის მონაწილეობას მკვლელობაში; 6. შესაძლოა ბარათელი მოკლან, რის საფუძველსაც ძალოვნების მიერ ბარათელის შესაძლო თვითმკვლელობაზე გავრცელებული ინფორმაცია იძლევა; 7. გამოძიება ბინდ-ბუნდითაა მოცული, მაშინ, როცა ზვიად ცეცხლაძის მკვლელობის დეტალები მალევე გახდა ცნობილი; 8. გურამ შარაძის ცხედრის გაკვეთის შემდეგ, ერთ-ერთმა ცნობილმა ექსპერტმა განაცხადა, რომ მას მოხვედრილი აქვს სამი ტყვია და სამივე სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღიდანაა ნასროლი.

ირაკლი წერეთელი გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს და საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

“გურამ შარაძის მკვლელობის დროულად და ობიექტურად გამოძიების საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა ავიდეს. ის, რომ ხელისუფლება და პირადად ქვეყნის უმაღლესი პირი არანაირ რეაქციას არ ახდენს ასეთი რანგის სახელმწიფო მოღვაწის მკვლელობაზე, შეურაცხმყოფელია. როცა ასეთი დიდი ტრაგედია ხდება, საზოგადოება, თავად მთავრობა და ხელისუფლება გამოძიებაში უფრო აქტიურ მონაწილეობას უნდა იღებდნენ” _ განაცხადა “რეზონანსთან” საუბრისას “ლიდერთა სკოლის” ხელმძღვანელმა გია მაისაშვილმა.

“გურამ შარაძე ყოფითი პირობების გამო რომ არ არის მოკლული, ეს ფაქტია”, _ განაცხადა ნინო ნიშნიანიძემ ჩვენთან საუბრისას და იქვე დასძინა, რომ ძალიან მალე ხელისუფლება ლევილის ქართველთა მამულს გაყიდის: “ბატონ გურამს ლევილში თითოეული ქვაც კი გამოკვლეული და შესწავლილი ჰქონდა. ის საინტერესო დოკუმენტებს ინახავდა”.

ამასთან, ადვოკატის თქმით, გურამ შარაძეს, რომ იტყვიან, საფლავში გაციებაც არ აცადეს, საქართველოს საზღვრებს ისე მოაყენეს 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის გამრავლებული შთამომავლობა: “თქვენ იცით, რომ ბატონმა გურამმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება თურქი-მესხების საკითხის შესწავლას შეალია. მას ეს საკითხი მეცნიერულად გამოკვლეული ჰქონდა და თურქი-მესხების ჩამოყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. კაცს გაციებაც არ აცადეს მიწაში, ისე მოაყენეს თურქი-მესხების ლაშქარი საქართველოს საზღვრებს”.

ნინო მიქიაშვილი
“რეზონანსი”, 16 ივნისი, 2007

 

 

რა ნაღმები ამოქმედდება საქართველოში გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ?

(იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და პოლიტიკური მოძრაობა ,,21-ე საუკუნის” ლიდერი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ პროცესებს საქართველოში ფეთქებად-საშიშად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ქვეყანას, რომელსაც ერთმანეთზე უარესი მთავრობები მართავენ, მომავალი არ გააჩნია!..

,,მე ვერ ვიფიქრებდი, თუ შევარდნაძეზე უარესი ძალა მოვიდოდა საქართველოს სათავეში, მაგრამ ახლა იმასაც ვხვდები, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაზე უფრო ანტიეროვნული ძალა ემზადება ძალაუფლების ხელში ასაღებად!”, – წუხს ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების განათლების მინისტრი, თუმცა, იმედსაც არ კარგავს და გულს იმაგრებს, ,,ნამდვილად არ მინდა, ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, რომ საქართველოში კიდევ ერთ ეროვნულ ხელისუფლებას არ მოვესწროო!..

_ ბატონო ელიზბარ, გურამ შარაძე თქვენი ახლო მეგობარი და თანამებრძოლი იყო… მაინც რა მოხდა მელიქიშვილის გამზირზე 20 მაისს, ვინ ჩაუსაფრდა აკადემიკოსს?

_ მე თბილისში დაბადებული და გაზრდილი კაცი ვარ და ეგეთი რამ არ მსმენია, რომ დღისით-მზისით, ქალაქის ცენტრში, ღირსეული მეცნიერი და პროფესორი მოეკლათ!.. რა თქმა უნდა, ეს იყო მიზანმიმართული მკვლელობა, რომელსაც თავისი დანიშნულება ჰქონდა…

_ თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ…

_ წინასწარ იყო მოფიქრებული, თუ რა მოჰყვებოდა ამ მკვლელობას… უპირველეს ყოვლისა, საქართველო კარგავდა დიდ მამულიშვილს, რომელიც მთელი თავისი არსებით ქართული, ეროვნული ფასეულობების დასაცავად და გადასარჩენად იბრძოდა და ასევე, ეს ხელისუფლება ამ მკვლელობით თავიდან იშორებდა უდიდეს ბარიერს, სალ კლდეს, რომელიც გურამ შარაძის სახით წინ ეღობებოდა. ამ ორიოდე დღის წინ ტელევიზორში ვუყურებდი გადაცემას ე.წ. ,,თურქი-მესხების” ჩამოსახლების შესახებ…

უცბად გამიელვა თავში და სხვებმაც დამირეკეს. _ გურამ შარაძის სიკვდილს როგორ უცბად მოაყოლეს ე.წ. ,,თურქი-მესხების” თემის გააქტიურებაო!..

მართალია, გადაცემაში გამოჩნდა, რომ ხალხი ე.წ. ,,თურქი-მესხების” ჩამოსახლებას ეწინააღმდეგება, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს, _ ხაინდრავა და ლომსაძე, რომლებიც ,,იმედის” პირდაპირ ეთერში ისხდნენ, მავანს და მავანს საყვედურობდნენ, რომ ისინი არ არიან ჩახედულნი პრობლემის არსში, მაშინ, როდესაც ხაინდრავას არც ე.წ. ,,თურქი-მესხებისა” და არც საქართველოს ისტორიული წარსულის შესახებ არავითარი პროფესიული ცოდნა არ გააჩნია და რაც ყველაზე მთავარია, ვერც ხაინდრავა და ვერც ლომსაძე ვერ გარკვეულან, რომ იმ მოსაზღვრე რაიონებში, ძირითადად, თარაქამა თურქები ცხოვრობდნენ, რომლებიც ქართველებს რჯულის გამო თავიანთ სასაფლაოებზე ერეკებოდნენ და კლავდნენ!..

_ დიახ, ბატონო ელიზბარ, უამრავი დოკუმენტური მასალა არსებობს, უამრავი მოგონება, თუ რა ხდებოდა მესხეთში, მაგალითად, 1918-1921 წლებში, რას უშვრებოდა ეს ხალხი ქართველებს.

_ ახლა აპელირებენ იმაზე, რომ ევროსაბჭომ ფული გამოყო ე.წ. ,,თურქი-მესხების” დასაბრუნებლად!.. მოიარეს მთელი ქვეყანა, შეჭმულია ეს ფული უკვე!.. ევროსაბჭო, როგორც წესი, ამერიკის კარნახით მოქმედებს და ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ მას ე.წ. ,,თურქი-მესხების” ბედი რაიმეში ადარდებს.

ე.წ. ,,თურქი-მესხების” საქართველოში ჩამოსახლებით ქვეყანაში შეიქმნება კიდევ ერთი კონფლიქტური კერა და საბოლოოდ, განხორციელდება მავანთა დიდი ხნის ოცნება, რომლის მიხედვითაც საქართველო ხუთ თუ ექვს ჯუჯა სახელმწიფოდ უნდა დანაწილდეს!..

_ გეთანხმებით, რომ გურამ შარაძის მკვლელობიდან სამი კვირის თავზე ე.წ. ,,თურქი-მესხების” პრობლემა საეჭვოდ გააქტიურდა… კიდევ რა პრობლემებმა შეიძლება წამოიწიოს წინა პლანზე?

_ ცოტა ხანში დღის წესრიგში აუცილებლად დადგება საგანძურის გატანის საკითხი… თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნიდან ეროვნული საგანძურის გატანა ძალიან დიდ რისკთან და საფრთხესთან არის დაკავშირებული. როცა ვიღაც ავანტიურუსტი გრეგ გუროვი ქართული საგანძურის გატანას გეგმავდა ამერიკაში, გურამ შარაძემ მოახერხა საზოგადოების, სტუდენტობის დარაზმვა და ეს საქმე ჩაშალა. დიდ ფულთან იყო ეს ამბავი დაკავშირებული, ბატონ გურამს მაშინ დიდძალი თანხა შესთავაზეს, ამერიკაში ცოლ-შვილთან ერთად საუკეთესო სასტუმროებში ცხოვრებას დაჰპირდნენ. ცხონებული თვიოთონაც მიყვებოდა ამას, მაგრამ გურამ შარაძე ის კაცი იყო, რომელიც ფულზე არ გაიყიდებოდა და ქვეყანას არ უღალატებდა!.. გარდა ამისა, მალე დღის წესრიგში დადგება ლევილის _ საფრანგეთში ქართველთა მიწის გაყიდვის საკითხი!.. გურამ შარაძე აქაც ისე დადგებოდა, როგორც სალი კლდე და მის გადაბირებას ან დათანხმებას ვერ მოახერხებდნენ. თქვენ თუ დააკვირდებით გურამ შარაძის ცხოვრების გზას, ის ძალიან ტრაგიკული პიროვნებაა: შვილი გაურკვეველ სიტუაციაში მოკლეს, არავინ არაფერი გამოიკვლია… ამით გურამის გაჩუმება უნდოდათ, მაგრამ ვერ გააჩუმეს… მერე თავად ორჯერ დააპატიმრეს და რის გამო? იმის გამო, რომ საჯარო ბიბლიოთეკაში ბინძური პლაკატები ჩამოხია და გია ხუბუას უთხრა სიმართლე _ უნივერსიტეტში ქურდულად შემოიპარეო! ორივე შემთხვევაში გურამი დააპატიმრეს, როგორც ხულიგანი და ამით იცით, საზოგადოებას რა უთხრეს? _ ჩვენთვის არ არსებობს არავითარი ავტორიტეტი, არავინ არ ხართ, რასაც გვინდა იმას ვიზამთ! არსებობს სახელის გატეხვის ორი მეთოდი _ აბუჩად აგდება და მეორე _ ჭორების გავრცელება… ცხონებულ გურამს ბინძური ჭორებიც გაუვრცელეს, მაგრამ მის სახელს მაინც ვერაფერი დააკლეს! რაც მთავარია, ეს მკვლელობა ქალაქის ცენტრში მოხდა, ბატონი გურამი ორი საათი ეგდო ასფალტზე, არავინ ხელს არ ჰკიდებდა და ხალხს აჩვენებდნენ _ აი, შარაძე არის მკვდარი! ხალხიც გაიძახის, _ სადაც შარაძე ქუჩაში დახვრიტეს, ჩვენ რაღას გვიზამენო, და ასე დადედლებული გახლავთ მთელი საზოგადოება!..

_ თქვენ როდის ნახეთ, ბატონო ელიზბარ, უკანასკნელად გურამ შარაძე?

_ წინა დღეს მელაპარაკა და მითხრა, _ ვიცი, გაგიხარდება, ჩემი ,,აკაკი წერეთლის” მეოთხე ტომი მალე გამოვა, თვის ბოლოს ამოვალ და მოგართმევო!.. იმ ავბედით დღეს შინ ვიყავი, რომ დამირეკა თენგიზ ჩხეიძემ, ნოდარ ჩხეიზის ძმამ და მკითხა, _ ვინ არის აჭარაში გურამ შარაძე? _ რამდენიმე კაცია ასეთი გვარ-სახელის მქონე-მეთქი, ვუპასუხე!.. _ აჭარაში გურამ შარაძე მოუკლავთო! _ მითხრა თენგიზ ჩხეიძემ, რომელსაც არასწორად გაეგო ეს თავზარდამცემი ამბავი… მაშინვე გადავურეკე ქალბატონ სვეტას და ვკითხე, _ ქალბატონო სვეტა, გურამი სადმე ხომ არ წასულა, ხომ თბილისშია-მეთქი? _ დიახ, აქ არის, ბიბლიოთეკაში წავიდა, მაგრამ ვურეკავ და ტელ;ეფონს არ იღებს, ვნერვიულობო!.. ახლავე ყველაფერს გავარკვევ-მეთქი!.. გადავრეკე და გავიგე, რა უბედურებაც იყო მომხდარი… დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გურამის მკვლელობა განახორციელეს პროფესიონალებმა, რადგან სამივე ნატყვიარი არის სასიკვდილო!.. არ შეიძლება, ასე ისროლოს კაცმა, თუ ის საგანგებოდ არ ვარჯიშობს და არ არის ქილერი!.. თვითმხილველები ადასტურებენ, რომ გურამ შარაძეს ორი კაცი ესროდა და ეს ბარათელი, მგონი, საერთოდ არ იყო იქ!.. ზურაბ ჟვანია _ ამათი თანამებრძოლი და ერთ-ერთი ნიჭიერი პოლიტიკოსი ისე მოკლეს და ისეთი საზიზღარი, ბინძური ვერსიები შეთითხნეს, რომ ამაზე ლაპარაკიც არ ღირს და ვინმემ გამოიძია ჟვანიას მკვლელობა? ხომ ვიცით, ვინც მოკლა ზურაბ ჟვანია? ვერცერთი რიგითი ადამიანი ზურაბ ჟვანიას ვერ მისწვდებოდა, მოკლეს ისევ ამათ და დაიჭირეს ვინმე ან დაადგინეს რამე? ცხადია, ბატონი გურამი მამულიშვილობით, თვალსაწიერით, დამსახურებით გაცილებით მეტი იყო ჩემთვის, მაგრამ თუ ჟვანიას მკვლელობა არ გამოიძიეს, გურამ შარაძის მკვლელობას გამოიძიებენ ესენი? გამორიცხულია, აბსურდია!..

_ ბატონო ელიზბარ, თუ საგანძური გაიტანეს და ლევილი გაგვიყიდეს, ვინ, რომელი პოლიტიკური ძალა წარმოგიდგენიათ იმ საპროტესტო მოძრაობის ავანგარდში, რომელიც ხელისუფლების ანტიქართულ პოლიტიკას დაუპირისპირდება?

_ გურამ შარაძე იყო ნამდვილი ოპოზიციონერი, დღეს მე ოპოზიციონერებს, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ!.. დღეს მე ვერ ვხედავ ოპოზიციაში ძალას, რომელსაც სერიოზულად აწუხებდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი და ვერც იმას ვგრძნობ, რომ ვინმეს ბოლომდე ჰქონდეს გაცნობიერებული, თუ რას უქადის საქართველოს ნატო. დღეს რუსეთის ჩექმას ამერიკული ცვლის, რომელიც გაცილებით მძიმე და ჭუჭყიანია! არავითარი საქართველოს სახელმწიფოს აშენება ამერიკელებს არ სურთ, მათ სჭირდებათ მხოლოდ საქართველოს ტერიტორია ნარკოტიკების გადასაზიდად და ენერგომატარებლების გასატარებლად. არსებობს გეგმა, რომლის თანახმადაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 600 ათასამდე უნდა შემცირდეს _ ეს იქნება მომსახურე პერსონალი, ქართველი კაცი იქცევა მონად და, საუბედუროდ, ეს პროცესი დიდი ხანია, დაწყებულია!.. საქართველოში უნდა ჩაკვდეს განათლება, სპორტი, ეკონომიკა… მგონი, ყველაფერი აქეთკენ მიდის!..

_ ბატონო ელიზბარ, თქვენ განათლება ახსენეთ და როგორც ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების განათლების მინისტრს, მინდა გკითხოთ, თუ წარმოგიდგენიათ იმის მსგავსი ამბავი, რაც ცოტა ხნის წინ კახა ლომაიამ დაატრიალა? ლოტოტრონით დირექტორების არჩევას ვგულისხმობ!..

_ ლომაიასგან არაფერი მიკვირს, მაგრამ მიკვირს ჩვენი ქართული საზოგადოებისა, რომელიც ლომაიას იტანს. განათლების სამინისტროსა და პირადად ლომაიას ფუნქცია დღეს ერთადერთია _ დაინგრეს განათლების სისტემა, მოხდეს ეროვნული ფასეულობების დევალვაცია და ,,სამშობლო”, ,,პატრიოტიზმი” და მსგავსი ცნებები სასაცილოდ იქცეს. ჩვენდა საუბედუროდ უნდა ვთქვა, რომ ამ თვალსაზრისით ვითარება საგანგაშოა და ეს კარგად გამოჩნდა იმ დღეს, როცა გურამ შარაძის ცხედარი უნივერსიტეტში დაასვენეს, _ ორასი კაცი იყო სულ შეკრებილი კუბოსთან და არც ერთი სტუდენტი იქ არ დამინახავს… მერე, როცა ქაშუეთში ესვენა გურამ შარაძე, ,,მილანისა” და ,,ლივერპულის” ფანები დარბოდნენ მთელ ქალაქში, იყო წივილ-კივილი და ერთი ამბავი… საქართველოს გული, გონება, აზროვნება და სინდისი გისვენია ქაშუეთში და რა ამბავია, რა გეფეხბურთება?.. ეს შემთხვევითი არ არის!.. ამის შემდეგ, უნივერსიტეტის ბაღში, იქ, სადაც ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, გიორგი წერეთელი, აკაკი შანიძე ასვენია, ცეკვა-თამაში გამართეს. ჩვენი თვითმყოფადობის, განსხვავებულობის მოსასპობად ნერგავენ ანტიკულტურას და გული მისკდება, დღევანდელ ქართველ ახალგაზრდებს რომ ვუყურებ, _ მათში სამშობლოს სიყვარული ჩააქრეს!

_ ბატონო ელიზბარ, სად არის გზა ხსნისა?

_ საქართველოს გადარჩენა ისევ ქართველი ხალხის ხელშია. გინდათ სიცოცხლე? _ მაშინ კეთილი ინებეთ, და ახმაურდით, _ დაარღვიეთ სასაფლაოს მდუმარება!

დიტო ჩუბინიძე
,,ასავალ-დასავალი”, 18-24 ივნისი, 2007

 

სიკვდილამდე, გურამ შარაძემ ,,აკაკის სიკვდილი და დასაფლავება” აღწერა

თბილისის ცენტრში მუხანათურად მოკლულმა გურამ შარაძემ, ქართველ ერს სიკვდილის შემდეგაც კი ფასდაუდებელი საჩუქარი გაუკეთა. აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი უნიკალური გამოცემის მეოთხე ტომი, რომელსაც მეცნიერმა სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი მიუძღვნა და რომლის ხილვასაც ასე მოუთმენლად ელოდა, 12 ივნისს საზოგადოებამ მის გარეშე მიიღო და შეაფასა. ,,აკაკის სიკვდილი და დასაფლავება” – ასე ჰქვია წიგნს, და ალბათ, სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ ეს უკანასკნელი ნაშრომი, რომლის სრულყოფა ბატონმა გურამმა სიცოცხლეში მოასწრო, სწორედ, ფატალური სახელწოდებით და გაფორმებით გამოირჩევა. წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ქართული ემიგრაციის მუზეუმში გაიმართა, გურამ შარაძის ოჯახის წევრები და თანამოაზრეები ესწრებოდნენ.

რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის ქალიშვილი: ,,სამწუხაროდ, ,,აკაკის სიკვდილი და დასაფლავება” მამას უკანასკნელი წიგნი აღმოჩნდა. მისი ცხოვრების არც ერთ პერიოდში არ მახსოვს ის წიგნზე მუშაობის გარეშე, მაშინაც კი, როცა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. ხშირად, იმეორებდა ილიას სიტყვებს – რად მინდა ეს წიგნები, თუ ქვეყანაში წიგნის წამკითხავი აღარ იქნებაო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და საქართველოში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამ წიგნებს წაიკითხავენ და ცხოვრების მანათობლად გაიხდიან”“.

ნინო ნიშნიანიძე, იურისტი: ,,ამ წიგნის გამოსვლა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბატონი გურამი ჩვენს თანამედროვეობაში ცხოვრებას განაგრძობს. მისმა ამ ქვეყნიდან ასე უღვთოდ წასვლამ დიდი გულისტკივილი იმიტომაც გამოიწვია, რომ გარდა აკაკი წერეთლისა, მას ვაჟა-ფშაველასა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ უამრავი უნიკალური მასალა ჰქონდა მოპოვებული და ქართველ საზოგადოებამდე მათი მიტანა ვერ მოასწრო!”.

ლივერი ქადაგიშვილი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი: ,,ძალიან მძიმეა ყველა ჩვენგანისთვის, რომ წიგნის პრეზენტაციას ვერ დაესწრო ადამიანი, რომელმაც მასზე მუშაობას სიცოცხლის ბოლო პერიოდი შეალია. ასმაგად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ბატონი გურამი ქართველ მკითხველს კიდევ ბევრ სიურპრიზს უმზადებდა, რაც, სამწუხაროდ, აღარ დასცალდა. აქვე უნდა გითხრათ, რომ ამ ტრაგედიამდე სულ გვქონდა რაღაც უბედურების მოლოდინი. ფაქტობრივად, სულ შიშისა და მუქარის პირობებში ცხოვრება, ამ მოლოდინის საფუძველს ნამდვილად გვაძლევდა. ცუდის მოლოდინი იმ დამამცირებელი ფაქტის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც პროფესურა პატრულის ძალით უნივერსიტეტის შენობაში გამოგვკეტეს და ტუალეტში გასვლის უფლბასაც კი არ გვაძლევდნენ. უფრო მეტიც, ჩვენთვის არათუ ეს ტრაგედია არ იყო მოულოდნელი, არამედ დღესაც ველოდებით რაღაც დიდ უბედურებას. არაფერია გამორიცხული, არავინ იცის, ვის რას გაუკეთებენ, ვინ გახდება ხვალ ისეთივე მსხვერპლი, როგორიც გურამ შარაძე გახდა. 1907 წელი მონაგონია იმასთან შედარებით, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში”.

დოდო კორსანტია, გურამ შარაძის თანაშემწე: ,,აკაკის სიკვდილი და დასაფლავება” დასაბეჭდად თურქეთში იყო გაგზავნილი და ბატონი გურამი ამ წიგნის ჩამოსვლას უდიდესი სიხარულით ელოდა. ამ გამოცემაზე დღედაღამ ერთად ვმუშაობდით, მისი ყველა კომენტარი იქ დაბეჭდილ თითოეულ სტრიქონზე, თითოეულ ფოტოზე მეხსიერებაში ჩამრჩა და, აქედან გამომდინარე, ძალიან მიჭირს მის წარმატებას მის გარეშე მშვიდად ვუცქირო!”.

ნუგზარ ბირკაია, საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე: ,,გურამ შარაძის სახით საქართველოს დიდი ჭირისუფალი მოუკლეს. როგორც ჩანს, ის ვიღაცას ძალიან აწუხებდა და, შეიძლება ითქვას, ამ პიროვნების, მისი ეროვნული იდეალების ეშინოდათ კიდეც. მაგრამ, ფაქტი, რომ გარდაცვალების შემდეგ ბატონი გურამის კიდევ ერთი წიგნის პრეზენტაცია მოეწყო, ნიშნავს იმას, რომ მათ გურამ შარაძე ვერ მოკლეს, რომ მისი საქმე გრძელდება და გაგრძელდება მომავალშიც. ის, ფაქტობრივად, მარადისობაშია გადასული. ამ შემზარავი დანაშაულის ორგანიზატორები და შემსრულებლები, ალბათ, დარწმუნდნენ, რომ მათი მისია, ჩაეკლათ ქართული ცნობიერებისთვის ბრძოლის ყველა საშუალება, არ განხორციელდა”.

ელიზბარ ჯაველიძე, პოლიტიკური მოძრაობა ,,ენა, მამული, სარწმუნოება – 21-ე საუკუნის” თავმჯდომარე: ,,ბატონი გურამი ქართული სინდისის, წიგნიერებისა და განათლების, სამშობლოს სიყვარულის განსახიერება იყო. ვიცი, როგორ მოუთმენლად ელოდა ამ მეოთხე ტომის გამოსვლას. ტრაგედიის წინა დღეს დამირეკა და მითხრა, თვის ბოლოს ამოვალ და გაგახარებ, აკაკის მეოთხე ტომი უკვე მზად იქნებაო. შესაძლოა, ვიღაცეები ზეიმობენ, რომ გურამ შარაძე მოკლეს, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ მათი ზეიმი ფუჭია – ,,აკაკის სიკვდილმა და დასაფლავებამ” კიდევ ერთხელ დაანახვა მათ, რომ გურამ შარაძე მარად ცოცხალი იქნება. მე თავად ისინი მეცოდებიან, ჯოჯოხეთის კარიბჭეს მიმდგარნი, რომელთაც საქართველო ეზიზღებათ და, შესაბამისად, ეზიზღებათ გურამ შარაძის შემოქმედება”.

ნესტან კირთაძე, უნივერსიტეტის პროფესორი: ,,ისევე, როგორც სიცოცხლეში, ბატონმა გურამმა სიკდილის შემდეგაც კიდევ ერთხელ მოახერხა ჩვენი გაოცება – ქართველ ხალხს აკაკი წერეთლის ცხოვრების უკანასკნელი დღეების ამსახველი უნიკალური გამოცემა ჩამოგვივიდა თურქეთიდან და თან ძალიან სიმბოლური სათაურით: ,,აკაკის სიკვდილი და დასაფლავება”. სამწუხაროა, რომ როდესაც არსებობს ქართული ეროვნული სულიერების ამოდენა საგანძური, როდესაც ამ საუნჯეს პროფესორი გურამ შარაძე ქართველ ხალხს ასე რუდუნებით აჩვენებდა და ათავისებინებდა, ვიღაც ნაძირალამ ან ნაძირლების ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გურამ შარაძე უნდა მომკვდარიყო. დაღუპვის შემდეგ გამოცემული წიგნით მან კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ სანამ იქნება საქართველო, გურამ შარაძეც იქნება, რომ ის ყოველთვის შეეშველება თავის ქვეყანას და ყველაზე მძიმე წუთებში ახალ-ახალ და საჭირო უცნაურობებს მოგვივლენს ხოლმე!

ნონა ბენდელიანი
,,ასავალ-დასავალი”, 18-24 ივნისი, 2007

 

1968 წელს მერაბ მამარდაშვილის მიერ პრაღაში გასროლილი ტყვია სასტუმრო ,,საქართველოსთან” გურამ შარაძეს მოხვდა

გურამ შარაძის შემოქმედებაზე, საზოგადოებრივ მოღვაწეობასა და დახვრეტილ სოცოცხლეზე როცა ვფიქრობ, ჩემდა უნებურად, ერთი მშვენიერი ესსე მაგონდება, რომელიც თავის დროზე ცნობილ ინგლისელ პოეტს შელლის უძღვნა ზვიად გამსახურდიამ… შელლის სიკვდილით იხსნება ესსე და ამ ხერხს საგანგებოდ მიმართავს ავტორი, რადგან დიდი ადამიანებისა და განსაკუთრებით ქართველი პატრიოტების სიცოცხლე ხშირად სწორედ მათი სიკვდილის შემდეგ იწყება! განა, თუნდაც იმავე ზვიადსაც იგივე ბედი არ ეწია? სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქციეს და, როცა თოთხმეტი წლის შემდეგ მისი ძვლები ჩამოასვენეს საქართველოში, კონკრეტულმა დამნაშავეებმა, რომლებმაც საუკუნის მკვლელობა მოამზადეს და აღასრულეს, ისეთი სახე მიიღეს, თითქოს ეს ცოდვა ჩინეთიდან ან იაპონიიდან ჩამოსულმა ხალხმა ან თუნდაც, უცხოპლანეტელებმა ჩაიდინეს!

გურამ შარაძემ სიცოცხლეშიც და სიკვდილშიც ქართველი პატრიოტების ბედი გაიზიარა… მისი სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ დაიწყო…

სულ სამიოდე კვირა თუ გავიდა მას შემდეგ, რაც პროფესორის ცხედარი ვერის სასაფლაოს მიაბარეს, მაგრამ უნივერსიტეტის მერვე კორპუსში, ქართული ემიგრაციის მუზეუმში გამართულმა ერთი დიდებული წიგნის პრეზენტაციამ სიკვდილს სამუდამოდ გამოსტაცა გურამ შარაძე… დიახ, ბრწყინვალე ნაშრომის _ ,,აკაკის სიკვდილი და დასაფლავება” პრეზენტაციას ვერ მოესწრო ავტორი, მაგრამ ამ სიმბოლური გაუჩინარებით ბატონმა გურამმა თითქოს მორიდებით გვკითხა, _ ჩემი სიკვდილისა და დასაფლავების ისტორიას ვინ დაწერს?

არ შეიძლება გურამ შარაძე მოკვდეს მაშინ, როცა საქართველოს ახალი ძალით ატორტმანებენ ე.წ. ,,თურქი-მესხების” ჩამოსახლების გეგმით, და საერთოდ, არ შეიძლება იმ კაცის სიკვდილი, რომელმაც ზნეობრივ კატეგორიაზე მაღლა სამშობლო დააყენა, რადგან სამშობლო თავად არის ჭეშმარიტებაც, სინდის-ნამუსიც, სიყვარულიც და დაუშრომელი, თავანკარა წყარო ყოველგვარი ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური სიკეთისა!..

გურამ შარაძის მსგავს პატრიოტებს საქართველოში ყოველთვის ტყვიას ესროდნენ და ესვრიან… მელიქიშვილის გამზირზე მილიონობით ნაძირალას, მკვლელს, ქვეყნის მოღალატესა და იუდას ჩაუვლია, _ ზოგს _ დაცვით, ზოგს _ ტანკზე გადამჯდარს, ზოგს _ ავტომატმომარჯვებულს, მაგრამ ასე სახალხოდ, დემონსტრაციულად და უღვთოდ არავინ გაუმეტებიათ.

დღეს საქართველოში ფასეულობათა, იდეათა პროფანაციისა და გაუკუღმართების ბუმია!..

ცნებამ _ ,,ერისკაცი”, შესაძლოა დღეს თავისი პირვანდელი ხიბლი დაკარგა კიდეც, რადგან ამასწინათ ერთ გაზეთში ისეთ კაცზე წავიკითხე, _ ერისკაციაო, სიცილით კინაღამ გავიგუდე…

ცნება ,,გმირი”-ც გააფარჩაკეს…

სატირლად გვაქვს საქმე, ქართველებო, რადგან რომელიღაც ჟურნალში დღევანდელი საქართვლოს გმირებად გაშიშვლებული ქართველი გოგონები გამოაცხადეს, მაგრამ გულმა ხომ იცის, _ ვინ ერისკაცია, ვინ გმირი და ვინ _ მატრაბაზი.

გურამ შარაძისთვის, დიახაც, ტყვია უნდა ესროლათ იმ საქართველოში, სადაც რუსთაველის პროსპექტზე, დაწყევლილი და ცოდვიანი შენობის _ ,,იმელის” გვერდით, მერაბ მამარდაშვილის ყოვლად უგემოვნო ძეგლი-აბსტრაქცია წამომართულა. დიახ, ფოსტა-ტელეგრაფისა და ,,იმელის” შენობებს შორის, პატარა მოედანზე, მიწიდან კიბოს მეტასტაზებივით ამომძვრალა რაღაც საშინელება, რომელსაც მერაბ მამარდაშვილის თავი ადგას გვირგვინად!..

კაცი, რომელიც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში ტანკებზე ამხედრებული რუსი ჯარისკაცების მიერ მოწყობილი სასაკლაოს იდეოლოგი იყო და ჩეხი და სლოვაკი პატრიოტების გაჟუჟვას უკრავდა ტაშს, კაცი, რომელიც ამბობდა, _ თუ საქართველო ზვიად გამსახურდიას აირჩევს, მე დავუპირისპირდები საქართველოსო, კაცი, რომელიც იფიცებოდა, _ ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას, ვიდრე სამშობლოო, დღეს თბილისის შუაგულში ქანდაკად ქცეულა და გასცქერის რუსთაველის პროსპექტს, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე, ჭირი, სახადი და ვარამი საქართველოსი!..

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერაბ მამარდაშვილის მიერ პრაღაში გასროლილი ტყვია სასტუმრო ,,საქართველოსთნ” გურამ შარაძეს მოხვდა!

მერაბ კოსტავას ძეგლი დახერხეს, ვახტანგ ბოჭორიშვილის ბიუსტი მოიპარეს, ჯანო ბაგრატიონის ძეგლი მოიპარეს, აბო თბილელის ძეგლს ფეხი მოახერხეს, მოქანდაკე მერაბ მეტრეველის უმშვენიერეს ძეგლს _ ,,ქართვლის ვედრებას” აკვანი მოპარეს… მოკლედ, უბედურება და ჯოჯოხეთი ტრიალებს ჩვენს თავს, მაგრამ ამ მეტასტაზის _ მერაბ მამარდაშვილის ძეგლი-მახინა დგას და დგას!..

კარგად იცოდა ნიკო ლორთქიფანიძემ ქართველი კაცის ამბავი, როცა გულმოკლული წერდა მეოცე საუკუნის დასაწყისში, _ ,,დიდებული ადამიანები უძეგლოდ იბადებიან!”-ო…

ნეტავ იცოდეთ, რამდენ დიდებულ ადამიანს არ უდგას ძეგლი საქართველოში და რამდენი საეჭვო რეპუტაციის მქონე პიროვნება _ მოღალატე, მედროვე, ქართველთმოძულე, ,,ჩამშვები” თუ მლიქვნელი გავაცოცხლეთ ბრინჯაოში, გრანიტსა თუ მარმარილოში!..

შემთხვევით ამქვეყნად არაფერი ხდება და, როცა ქალაქ თბილისის ყოფილ მერს ,,ქართვლის დედის” ხმალი ფალოსში აერია, ხოლო ფიალა _ საშოში, სწორედ მაშინ ამზევდა ქართული ,,ფილოსოფიის” მამამთავრის _ მერაბ მამარდაშვილის სული, რადგან ის, რაც ზურაბ ჭიაბერაშვილს ეზმანებოდა, სწორედ მერაბ მამარდაშვილის პარანოიკულმა აზროვნებამ შვა…

დღეს საქართველოს მერაბ მამარდაშვილის ძეგლი-მეტასტაზი კი არა, სწორედ გურამ შარაძის ქანდაკი სჭირდება და ეს ძეგლი უნდა აღიმართოს მელიქიშვილის გამზირზე – იქ, სადაც ერისკაცი დახვრიტეს იმ იმედით, რომ მის ღვაწლსაც დაახლიდნენ ტყვიას…

ქართულმა საზოგადოებამ სამუდამოდ უნდა უკვდავყოს სახე მამულიშვილისა, რომელიც არც ქვეყანას დაპირისპირებია, არც თავის ხალხს და არც ის ჭეშმარიტება უცვნია სამშობლოზე უფრო მაღალ კატეგორიად, რომელიც ჯერჯერობით კაცთაგან ვერავინ შეიცნო!..

თუ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს კულტურის სამინისტრო, არქიტექტურის დეპარტამენტი და მერიის კეთილმოწყობის სამსახური ამ საშვილთაშვილო იდეის აღსრულებაზე უარს იტყვიან, მაშინ, ისღა დამრჩენია, ერთი რჩევა მივცე კაბინეტტყაოსან ვაჟბატონებს, _ მერაბ მამარდაშვილის ძეგლი-მეტასტაზი ან შევარდნაძეს დაუდგით ბუხართან, ანდა, პარლამენტის ეზოში ჩააშადრევნეთ!

საქართველო ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს მერაბ მამარდაშვილის იდეოლოგიისგან, რომლის მიხედვითაც ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას და საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაითავისოს ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და გურამ შარაძის იდეალი _ სამშობლო _ ჭეშმარიტებასა და ყველაფერზე მაღლა მდგომი!!!

დიტო ჩუბინიძე
,,ასავალ-დასავალი”, 18-24 ივნისი, 2007

 

ვიდრე “ბარათელი” შარაძეს ესროდა მკვლელობის დღეს შარაძეს საჯაროში უთვალთვალებდნენ

ბევრი არ ამართლებს გურამ შარაძის ოჯახის გადაწყვეტილებას, რომ არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან. ერთ-ერთი მოტივი, რომელიც ღიად განაცხადა ოჯახმა, ასეთია: ისინი არ ენდობიან სამართალდამცავებს, რომლებმაც ერთხელ უკვე დაადეს დამღა ოჯახს _ თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს გურამ შარაძის ვაჟის _ ლაშა შარაძის სიკვდილის ფაქტს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა უამრავი გარემოება, რომლებიც ცხადყოფდა, რომ ლაშა მოკლული იყო.

გურამ შარაძის ოჯახს აქვს რეალური საფუძველი, რომ ბატონი გურამის მკვლელობის გამოძიების ტენდენციურობაშიც შეიტანოს სერიოზული ეჭვი. საქმე ის გახლავთ, რომ მკვლელობიდან გასული ერთი თვის მიუხედავად, არ არიან დაკითხული ადამიანები, რომლებიც მკვლელობამდე რამდენიმე საათით და წუთით ადრე იყვნენ გურამ შარაძესთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ ბევრ დეტალს მოჰფინონ ნათელი, აღადგინონ ბატონი გურამის სიცოცხლის უკანასკნელი საათები, მოიძიონ სავარაუდოდ საეჭვო გარემოებები _ რადგან ტყვია, რომელიც ბატონ გურამს მელიქიშვილისა და შანიძის გადაკვეთაზე ესროლეს, ცხადია, მოწმენდილ ცაზე არ გავარდნილა, სამიზნესთან მდგარ ადამიანებს მთელი დღე უნდა ჰყოლოდათ მსხვერპლი მიზანში ამოღებული, რათა სადღაც ზუსტად წამოსწეოდნენ მას.

იმ დღეს, 20 მაისს, გურამ შარაძე გვიანობამდე საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობდა. თანამშრომლები იხსენებენ რამდენიმე საეჭვო გარემოებას. პირველი: ბატონი გურამი იმ დღეს უჩვეულოდ აღელვებული იყო; მეორე: იმ დარბაზში, რომელშიც ყველაზე დიდხანს მუშაობდა, შენიშნეს პირი, რომლის მდგომარეობა და მოქმედება მოგვიანებით საეჭვოდ მიიჩნიეს; სწორედ იმ პირის სიახლოვეს იდო ბატონი გურამის ჩანთა, რომელიც შეუმჩნევლად გახსნეს და რომლიდანაც, ბატონი გურამის პირველი შთაბეჭდილებით, მხოლოდ შოკოლადი მოიპარეს. მოგვიანებით გურამ შარაძე ჩანთის გახსნის ფაქტს უფრო სერიოზულად აღიქვამს და იტყვის: რას ეძებდნენ ჩემს ჩანთაში, ნუთუ მხოლოდ შოკოლადს?

ეს შარაძის მკვლელობამდე 40-50 წუთით ადრე მოხდება.

ყველაფერი ასე დაიწყო: იმ დღეს, როგორც თითქმის ყოველ კვირა დღეს, გურამ შარაძე საჯარო ბიბლიოთეკაში წავიდა სამუშაოდ. მისი მეგობრები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ბატონი გურამის გამოჩენა ბიბლიოთეკაში ყველაზე მეტად უქმე დღეებში იყო მოსალოდნელი.

ლევან ფრუიძე, პროფესორი: “ჩვენ სამუშაო დღეებში უფრო ნაკლებად ვახერხებთ აქ ყოფნას. შაბათ-კვირა ბიბლიოთეკაში მუშაობისთვის ყველაზე შესაფერისი და მოსახერხებელი დროა. გურამისთვის, მით უმეტეს, ასე იყო: მოგეხსენებათ მისი მოუცლელობის, აქტიური ცხოვრების ამბავი. იშვიათი შაბათ-კვირა მახსენდება, აქ რომ არ მოსულიყო. ეს _ მაშინ, როცა ქალაქში არ იყო, ან მაშინ, როცა რაიმე სერიოზული მიზეზი არსებობდა”.

ბატონი გურამი იმ შაბათ-კვირას ქალაქიდან არსად გასულა. საჯარო ბიბლიოთეკაში პარასკევსაც იყო, თავის რამდენიმე მეგობარს და ნაცნობს აკაკი წერეთლის შესახებ უკვე გამოსული წიგნი აჩუქა, თავის მომავალ გეგმებზეც ყველასთან ღიად საუბრობდა. ერთდროულად რამდენიმე დარბაზში მუშაობდა: მესამე კორპუსში _ ქართველოლოგიის დარბაზში (სადაც მისად მიჩნეულ მაგიდაზე დღემდე აწყვია ბატონი გურამის მიერ გამოწერილი წიგნები), პირველ კორპუსში _ სამეცნიერო დარბაზში, აგრეთვე _ მის გვერდით მდებარე პერიოდიკის დარბაზში.

ჟანა ქვათაძე, ქართველოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი: “აქ, ჩვენს დარბაზში, თითქმის სულ ერთი და იგივე ხალხი დადის, ერთმანეთთან, ყველას ერთად კი ჩვენთან, მეგობრული და კოლეგიური ურთიერთობა აქვს. გამოწერილი წიგნები დიდი ხნის განმავლობაში აწყვია მათ მაგიდებზე. ჩვენი მკითხველები, რომლებიც ძირითადად, ცნობილი მეცნიერები არიან _ ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით მოდიან და აგრძელებენ გამოტანილ წიგნებზე მუშაობას”.

მანანა სოტკილავა, ფილოლოგი, ქართველოლოგიის დარბაზის მკითხველი: “ბატონი გურამისთვის ბიბლიოთეკა მეორე სახლი იყო. აქ, ამ დარბაზში, ასე ვთქვათ, საკუთარი მაგიდა და სკამიც კი ჰქონდა. მის ადგილად ითვლებოდა მაგიდა, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში უხდებოდა მუშაობა. ერთხელ შემთხვევით დავჯექი მის სკამზე. ვიღაცამ შენიშვნა მომცა, გურამის სკამიაო. სასწრაფოდ წამოვხტი და ბოდიში მოვიხადე (გურამი ერთი წუთით იყო გასული), საშინლად შეწუხდა”.

ერთი სიტყვით, დაინტერესებული პირისთვის ძალიან ადვილად დასადგენი გახლდათ არა მხოლოდ საჯარო ბიბლიოთეკაში შარაძის ვიზიტების გრაფიკი (და დრო), არამედ ის დარბაზებიც, და კონკრეტული მაგიდა და სკამიც კი, რომელზეც ბატონ გურამს უხდებოდა მუშაობა.

კვირას, 20 მაისს, ბატონი გურამი ქართველოლოგიის დარბაზში არ შესულა. იგი მეორე კორპუსის შესასვლელიდან პირველი კორპუსის სამეცნიერო და პერიოდიკის დარბაზებისკენ გაემართა.

პერიოდიკის დარბაზს სამეცნიერო დარბაზისგან ერთი კედელი ჰყოფს. აქვე აღვნიშნავთ, რომ თავად მომსახურე პერსონალის სამუშო თეჯირები ამ ორ დარბაზს შორის მხოლოდ ნახევარი კედლით არის გამოყოფილი.

ბატონი გურამი, თვითმხილველთა თქმით, ჯერ პერიოდიკის დარბაზში შევიდა, იქნებოდა დაახლოებით 5-ის ნახევრიდან 5 საათამდე. მიესალმა თანამშრომლებს _ ჩვეული ხალისით, გამოიწერა რამდენიმე ჟურნალი და გაზეთი.

მაია ღარიბაშვილი, პერიოდიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი: “ზუსტად მახსოვს, რომ ეს იყო “კვალი”, “მნათობი” და “ივერიის” რამდენიმე წლის ნომრები. საკატალოგე მაგიდასთნ ფეხზე მდგარმა დაიწყო ჟურნალ-გაზეთების ფურცვლა. მაგიდაზე შემოდო ბლოკნოტზე გაცილებით დიდი ფორმატის რვეული. გაზეთებს ფურცლავდა და აღნიშვნებს აკეთებდა”.

_ ფეხზე რომ იდგა, ეს ჩვეულებრივი იყო? როცა ამდენი მასალა გამოიწერა, რატომ უნდა დაეწყო მასზე მუშაობა ფეხზე მდგარს?

_ ეს ჩვეულებრივად მივიჩნიე, რადგან გაზეთებს და ჟურნალებს იმ მიზნით ათვალიერებდა, რომ ასლები გაეკეთებინა. ყურადღება მივაქციე, რომ ძალიან დინამიკურად მუშაობდა. თითქოს საქმეში ისე გაერთო და იმდენი საინტერესო და მოსანიშნი მასალა ნახა ერთბაშად, რომ დაჯდომისთვის ვეღარ მოიცალაო. შემდეგ მასალის ნაწილი ქსეროაპარატის ოთახში, მეორე სართულზე, წაიღო. სწორედ, მაშინ მოხდა ის უცნაური ფაქტი. ჩანთა იქვე, მაგიდაზე, დატოვა. ჩანთა შეუმჩნევლად გახსნა ვიღაცამ.

_ თქვენ ამ დროს სად ბრძანდებოდით? როცა მასალების ნაწილი რჩება მაგიდაზე, მას მეთვალყურე არ ჰყავს მიჩენილი?­

_ მეთვალყურის სამსახური ჩვენს დარბაზში ახლახან შემოიღეს. მაშინ ეს შტატი არ არსებობდა. მე საცავში შევედი, რადგან ბატონი გურამის მიერ გამოწერილი რომელიღაც გაზეთი თუ ჟურნალი დროზე არ მოვიდა. როცა საცავიდან გამოვედი, გავიგე, რომ ბატონი გურამისთვის ჩანთა გაეხსნათ და შვილიშვილებისთვის ნაყიდი შოკოლადი ამოეღოთ. სხვათა შორის, ღიმილით მიპასუხა ჩემს შეკითხვაზე, რა მოხდა-მეთქი, _ არაფერიო, ბავშვების შოკოლადი მოუპარავთო. ამ დროს იქნებოდა 8-ის ნახევარზე მეტი. მისი განსაკუთრებული აღელვება ამ ფაქტის გამო პირადად მე არ შემინიშნავს.

თუმცა ბატონი გურამის აღელვება სხვა თანამშრომლებმა შენიშნეს. პერიოდიკის დარბაზიდან ის სულ 2-3 წუთით სამეცნიერო დარბაზში შევიდა, ადრე გამოწერილი წიგნის წასაღებად ქსეროაპარატის ოთახში.

ბაია სხირტლაძე, სამეცნიერო დარბაზის თანამშრომელი: “როცა წიგნის ასაღებად შემოვიდა, ძალიან დაბნეული, აღელვებული და გაბრაზებული მომეჩვენა. ჩვენ ბატონ გურამთან, როგორც მკითხველთან, მრავალწლიანი ურთიერთობა გვქონდა და მიჩვეული ვიყავით მისგან ხალისიან, უშუალო, თბილ კონტაქტს. მაშინ კი თითქოს ცივად და თავშეკავებულად იქცეოდა. ჩვენთან ასეთი წესია: როცა წიგნი მიაქვთ დასაქსეროქსებლად, მივყვებით ხოლმე. ბატონ გურამთანაც შევასრულეთ ფორმალური მოთხოვნა და ვუთხარით, წამოგყვებით ასლის გადასაღებადო. არ მენდობითო? _ ნახევრად ხუმრობით იკითხა და მოგვიგო, სხვათა შორის, უკვე ორი თვეა, ხელშეკრულებით თქვენი ბიბლიოთეკის ოფიციალური თანამშრომელი ვარო”.

მარინა ორმოცაძე, ქეთევან მენაბდე, სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები: “კი, შევამჩნიეთ, რომ ცუდ გუნებაზე იყო, მაგრამ დაღლილი გვეგონა და ამისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია. 2-3 წუთით იყო მხოლოდ შემოსული. ჩვენგან გატანილი წიგნი დაქსეროქსების შემდეგ პერიოდიკას ჩააბარა ჩვენთვის გადმოსაცემად. წიგნის დასაბრუნებლად უკან აღარ შემოსულა”.

სამეცნიერო დარბაზიდან გამოსული გურამ შარაძე თავის მეგობარს, ბატონ ლევან ფრუიძესაც შეხვდა.

“მეც და გურამიც ხშირად ჩავდიოდით ხოლმე სამეცნიერო დარბაზში. ახალმა დირექციამ წიგნების იქიდან აქეთ (ქართველოლოგიის დარბაზში) გამოტანა აკრძალა. იმ დღესაც ამ აკრძალვის გამო გადავედი პირველი კორპუსის სამეცნიერო დარბაზში. გურამი დარბაზიდან გამოდიოდა. ჩვენი შეხვედრა და გასაუბრება რამდენიმე წუთი გაგრძელდა და რამდენიმე ფრაზით შემოიფარგლა: “გამარჯობა”, “გაგიმარჯოს”. ისიც მითხრა, რომ ახალ წიგნზე მუშაობს, რომ დაასრულებდა, აუცილებლად მისახსოვრებდა _ ამ ტომეულებს რომ მოვამთავრებ, შენს დასაჩუქრებაზე მერე ვიფიქრებო”.

_ ბატონი გურამისთვის აღელვება არ შეგიმჩნევიათ? თქვენი გამოთვლით, მას მას შემდეგ შეხვდით, რაც პერიოდიკის დარბაზში ინციდენტი შეემთხვა?

_ ვერ გეტყვით. ამაზე არაფერი უთქვამს. კიდეც რომ მომხდარი ყოფილიყო ეს ფაქტი, არც მეტყოდა. მე გურამს ხშირად ვეჩხუბებოდი, თავი დაანებე მეცნიერების გარდა ყველაფერს, შენ არ ხარ ის კაცი, რომელიც ამ ბინძურ პოლიტიკაზე და შურიან კაცებთან ბრძოლაზე უნდა ცდებოდეს-მეთქი. კიდეც რომ შეეშფოთებინა ჩანთის გახსნის ფაქტს, მე არ მეტყოდა. იცოდა, ისევ მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო საყვედურებზე გადავიდოდი.

პერიოდიკის დარბაზის თანამშრომლებს იმ დღიდან კიდევ ერთი შესამჩნევი ფაქტი დაამახსოვრდათ. დაახლოებით დღის 3 საათიდან 8 საათამდე (ბიბლიოთეკის დაკეტვამდე) საკატალოგე მაგიდის გვერდით მდგარ მკითხველის მაგიდასთან იჯდა შუახნის, 50-დან 60 წლამდე, ასაკის მამაკაცი, ოქროსფერჩარჩოიანი საკითხავი სათვალით, ოდნავ მელოტი, რადიოლით და ყურსასმენებით.

მაია ღარიბაშვილი: “ამ მამაკაცის დარბაზში ყოფნა მაშინ საეჭვოდ არ მიმიჩნევია. აქ ხშირად ხდება ხოლმე, რომ შემოდიან ადამიანები, რომლებიც არ ითხოვენ პრესას, უბრალოდ სხედან და ვიღაცას ელიან, თავიანთ მიერ მოტანილ წიგნს ან რვეულს კითხულობენ. ეს კაცი გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ ამოტივტივდა თავში. პირველი, რაც საეჭვოდ მომეჩვენა, ის იყო, რომ ძალიან დიდხანს გაგრძელდა მისი უსაქმოდ ყოფნა დარბაზში. მეორე _ მისი ასაკისთვის შეუფერებლად მივიჩნიე ამდენი ხნის განმავლობაში ყურსასმენებით ჯდომა ერთსა და იმავე ადგილას და მუსიკის მოსმენა. ის ყველაზე ბოლოს წავიდა დარბაზიდან. ალბათ, უკანასკნელ წუთს, როცა უკვე განვაცხადეთ, რომ დარბაზი იკეტებოდა.

დიახ, ის მაშინ იქ იყო, როცა შარაძის ჩანთა გახსნეს.

_ დიახ, ძალიან ახლო იჯდა შარაძის ჩანთასთან, ესე იგი, საკატალოგე მაგიდასთან, თითქმის ორ ნაბიჯში _ ყველაზე ახლო.

_ არა, ნაცნობი სახე არ ყოფილა. ეს შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ. რომ მანახონ, შეიძლება ვიცნო. დიახ, რა თქმა უნდა, ვიცნობ”.

ერთი შენიშვნა: საჯარო ბიბლიოთეკაში იმ დღეს ვიზიტორთა ერთი ნაწილის ვინაობის დადგენა შეიძლება, უფრო სწორად, შეიძლებოდა _ მკვლელობიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. მანამდე, ვიდრე შენახული იქნებოდა წიგნის გამომწერთა გვარ-სახელებიანი ბლანკის ფურცლები. ახლა ეს ფურცლები, სავარაუდოდ, უკვე აღარ არსებობს. გამოძიებას აზრად არ მოსვლია, იქამდე ეძებნა საეჭვო პირის ყოფნა 20 მაისს საჯარო ბიბლიოთეკაში, ვიდრე მისი პოვნის მცირე შანსი არსებობდა.

როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, შესაძლოა პერიოდიკის დარბაზში მყოფი პირის ძიება უფრო რთული გზითაც _ საჯარო ბიბლიოთეკაში შესულ ყველა ადამიანს აქვს მოწმობა, რომელიც რეგისტრირებულია ადმინისტრაციაში და ერთი ფოტოპირი იქვე ინახება. თანამშრომელმა, რომელიც ამბობს, რომ საეჭვო პირის სახე დაიმახსოვრა, შესაძლოა ასეთ ფოტოებს შორის მიაკვლიოს საინტერესო სახეს.

ბატონი გურამი ქსეროაპარატის ოთახში ძალზე შეშფოთებული შევიდა. მას იქ შეხვდა ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომელი _ ქალბატონი დარეჯან თუთბერიშვილი.

“7 საათი ხდებოდა. რაკი სამუშაო დღე მთავრდებოდა, ჩემთვის საინტერესო სტატიების მოსაძებნად და დასაქსეროქსებლად პირველ კორპუსში წავედი. პერიოდიკის დარბაზში შემხვდა გურამ შარაძე. ერთმანეთი მოვიკითხეთ. მაგიდასთან მუშაობდა. მერე უკვე ქსეროაპარატის ოთახში შევხვდით. ძალიან შეწუხებული იყო. ზუსტად მახსოვს რაც თქვა: “ამ ბიბლიოთეკაში დავბერდი კაცი, სულ დარბაზში ვტოვებ ჩანთას და არასდროს არაფერი დამიკარგავს”. მე შევწუხდი და ვკითხე, რა დაკარგეთ-მეთქი. ქლიავის შოკოლადი ვუყიდე შვილიშვილებს, ამ კანფეტს იშვიათად ვნახულობ ხოლმე თბილისში. ჩანთაში მქონდა და ამოუღიათო. მეც გაოგნებული ვიყავი. მართლა იშვიათად ხდება ასეთი რამ ჩვენთან. ბატონი გურამი ბოლთას სცემდა ოთახში და იმეორებდა: “შოკოლადი არ არის საქმე… ჩემს ჩანთაში რას ეძებდნენო”.

თამუნა თათეიშვილი, ქსეროქსის თანამშრომელი: “ერთი თვეც არ არის, რაც აქ ვმუშაობ. პირველად შევხვდი ბატონ გურამს, როცა პირველად შემოვიდა, ძალიან დიდი რიგი იყო. რიგი დაიკავა და წავიდა. მე ძალიან შემრცხვა, რომ გურამ შარაძეს რიგში ჩადგომამ მოუწია და, როცა მეორედ შემოვიდა, მოვუბოდიშე. მესაუბრებოდა. მეკითხებოდა ჩემს შესახებ. მაგრამ ეტყობოდა, რომ საშინლად ღელავდა. სხვა ხალხიც იყო ოთახში, მისი ნაცნობები. მესმოდა, როგორ უამბობდა მათ გახსნილ ჩანთაზე, და ძალიან ნერვიულად სცემდა ბოლთას. მერე წყალი მოითხოვა. მე წყლით სავსე ჭიქა მივაწოდე. წყალი მოსვა და ისევ წინ და უკან სიარული განაგრძო. მე ძალიან მიხაროდა, ბატონი გურამი რომ გავიცანი. ეს ვთქვი კიდეც სახლში მისულმა _ რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ტელევიზიით მისი მკვლელობის შესახებ განაცხადებდნენ. როგორც ჩანს, ჩვენ თითქმის ერთდროულად, ყველაზე ბოლოები გამოვედით ბიბლიოთეკიდან”.

არავინ იცის, აქვს თუ არა არსებითი მნიშვნელობა კიდევ ერთ ფაქტს, რომელიც ბატონი გურამის მეგობრებმა მიამბეს. დაახლოებით ერთი წლის წინ პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს, მეცნიერთა ერთმა წრემ რამდენიმე ათეული ცნობილი მეცნიერის განცხადება მიართვა, რომლითაც ისინი ითხოვდნენ საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გურამ შარაძის დანიშვნას.

ლევან ფრუიძე: “მე, როგორც პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ეს ხელმოწერები პარლამენტში წავიღე. შევხვდი პარლამენტის ყველაზე მაღალი დონის წარმომადგენელს. თანხმობასა და უარზე არ არის საუბარი. არ დამავიწყდება ის ზიზღი, რომელიც ამ კონტექსტში შარაძის ხსენებამ გამოიწვია. განცხადება კინაღამ თავზე დამახიეს. ამ ხნის კაცი ზრდილობიანი, კულტურული პასუხის ღირსიც არ გამხადეს”.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ლია ტოკლიკიშვილი
“ახალი 7 დღე”, 22-28 ივნისი, 2007

 

 

გურამ შარაძის უკანასკნელი დღე საჯარო ბიბლიოთეკაში

(გაგრძელება)

გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტზე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების პირველი ნაწილის გამოქვეყნებას მოჰყვა მყისიერი გამოხმაურება. გაზეთის რედაქციას შეატყობინეს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებმა, რბილად რომ ვთქვათ, საქციელი არ მოუწონეს ბიბლიოთეკის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც შარაძის სიცოცხლის უკანასკნელ საათებში მომხდარ მნიშვნელოვან დეტალებზე მოუთხრეს გაზეთს.

ჩემი შეხვედრა და საუბარი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის რესურსების დეპარტამენტის დირექტორთან, ბატონ ლევან თაქთაქიშვილთან, საბოლოოდ, კონსენსუსით და ურთიერთშეთანხმებით დასრულდა. ბატონმა ლევანმა გვითხრა, რომ თანამშრომელთა მიმართ უკმაყოფილების გამოხატვისა და მით უმეტეს, მათ დასჯაზე საუბარი სიმართლეს არ შეესაბამება. შევთანხმდით, რომ ყველა ადამიანს აქვს ნება და უფლება, საკუთარი აზრი გამოხატოს, საჯარო გახადოს თავის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, ითანამშრომლოს პრესასთან, გამოძიებასთან, ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ჯგუფთან.

ლევან თაქთაქიშვილი:

_ უბრალოდ, უფრო დამაჯერებელი და სანდო იქნებოდა, ჩვენი თანამშრომლების საუბრის გამოქვეყნებამდე, გადაგემოწმებინათ ყველა დეტალი. თქვენ გითხრეს, რომ ბატონი გურამი ბოლოს პერიოდიკის დარბაზში მუშაობდა. მე კი შიდა მოკვლევით დავადგინე, რომ ის სულ სხვა განყოფილებაში, ქართული ნაბეჭდი ერთეულის საარქივო ფონდში იყო ბოლოს. თქვენ ვიღაცამ გითხრათ, რომ იგი აღელვებული იყო ჩანთის გახსნისა და შოკოლადების მოპარვის გამო. მე კი მითხრეს, რომ, პირიქით, ბატონი გურამი იმ დღეს მშვენიერ ხასიათზე იყო. აბრძანდით საარქივო ფონდში და თვითონ დაელაპარაკეთ თანამშრომლებს… ჩემი აზრით, დეზინფორმაციის გავრცელება თავისდაუნებურად ხდება. იცით, აქ ყველას ძალიან უყვარდა ბატონი გურამი და, ალბათ, ამიტომ ყველას თავის მოვალეობად და მისდამი სიყვარულის გამოხატვად მიაჩნია, თუ რაღაცას გაიხსენებს, თუნდაც წვრილმანს, მათი აზრით კი, ძალიან მნიშვნელოვანს. მე ზუსტად გეუბნებით, რომ ბატონი გურამი ბოლოს ვინც ნახა, ყველა ასაბუთებს, რომ ის აღელვებული საერთოდ არ ყოფილა. ხაზგასმით კარგ ხასიათზე იყო.

_ თქვენ პირადად გადაამოწმეთ, რომ ბატონი გურამი ბოლოს სწორედ საარქივო განყოფილებაში ნახეს და არა პერიოდიკისა და სამეცნიერო განყოფილებებში, აგრეთვე ქსეროაპარატის ოთახში? ათიოდე ადამიანი მე მიმტკიცებს, რომ მათ გურამ შარაზე შვიდი საათიდან რვის ნახევრამდე პერიოდში სწორედ ამ განყოფილებებში ნახეს. შეიძლება ცოტა ადრე, შეიძლება _ ცოტა გვიან. და ყოველი მათგანი ადასტურებს, რომ ის იყო აღელვებული და პირადად ყვებოდა აღელვების მიზეზს. ამბობდა: ამ ხნის კაცი ვარ, ბიბლიოთეკაში დავბერდი და აქ არასდროს არაფერი მოუპარავთო. რას ეძებდნენ ჩემს ჩანთაშიო. ეს წვრილმანია და შეცდომით ჰგონიათ ამ ადამიანებს მნიშვნელოვანი?

_ ჟურნალისტებისთვის საინტერესო ასეთი დეტალები უფროა, ვიდრე სხვა, უფრო არსებითი. ჩემთვის, მაგალითად, უფრო საინტერესო ის არის, რაზე მუშაობდა სიცოცხლის უკანასკნელ საათებში ბატონი გურამი. მის მიერ გამოწერილი წიგნები დღემდე არ ჩაგვიბარებია არქივისთვის და ეს ბატონი გურამის ხსოვნისადმი თავისებური პატივის მიგებისთვის გავაკეთეთ. თქვენ კი საეჭვო გარემოებებს ეძებთ აქ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც დღეში 14 ათასამდე ადამიანი შემოდის. მითხარით, რა ხასიათზე დადგებოდა თითოეული მათგანი, როცა წაიკითხავდა, რომ დარბაზებში თურმე “ქილერები” სხედან და მსხვერპლებს უთვალთვალებენ…

_ ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მხოლოდ ის თქვეს, რაც, მათი აზრით, შეიძლებოდა მნიშვნელოვანი ყოფილიყო გამოძიებისთვის. სხვათა შორის, თქვენ არ დაფიქრებულხართ იმაზე, რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა თქვენი ბიბლიოთეკის თანამშრომლების აზრით, მათთან გასაუბრებით? მათ ხომ ერთ-ერთმა უკანასკნელებმა ნახეს გურამ შარაძე?!

_ პროკურატურა _ ეროვნულ ბიბლიოთეკაში?! თქვენ რა, იმას ამბობთ, რომ იმ 14 ათასი ადამიანის კვალს, რომელიც ყოველდღე ამ ბიბლიოთეკაში შემოდის, პროკურატურამ აქედან უნდა ადევნოს თვალი?!

_ მაგრამ იმ 14 ათასი ადამიანიდან ყველას ხომ არ ესვრიან. რატომ მიგაჩნიათ ღირსების შელახვად პროკურატურასთან თანამშრომლობა?!

_ აქ მკვლელის კვალის ძიება დაუშვებლად მიმაჩნია. აქ შემოსულ ყოველ პირს აქვს საშვი. ყოველი მათგანის ფოტოსურათი ინახება ჩვენს არქივში. სანამ ჩვენი თანამშრომლები თქვენ გიამბობდნენ თავიანთი ეჭვების შესახებ, ჩვენთვის მოემართათ და ჩვენ ყველანაირად შევუწყობდით ხელს მათი აზრით საეჭვოდ მიჩნეული პირის მოძიებაში. რატომ არ გააკეთეს ეს?! რატომ არ უთხრეს დირექციას, რომ ასეთი ფაქტი შენიშნეს?! ხომ ნახეს, რომ ჩვენ ყველაზე საშინლად განვიცადეთ გურამ შარაძის მკვლელობა?! რა, უნდობლობა გამოგვიცხადეს?! მე იმ დღეს, რადგან კვირა იყო, არ ვიყავი ბიბლიოთეკაში. ბატონი გურამი მოსულა ჩემს სანახავად. ჩემთვის გადმოსაცემად დაუტოვებია დისკი, რომელშიც მისთვის საინტერესო ფოტო იყო ჩაწერილი და რომელიც ბატონ გურამს რამდენიმე დღით ვათხოვე. მადლობა დაუბარებია ჩემთან და წასულა. ათი წელია, აქ ვმუშაობ და ვმეგობრობდი ბატონ გურამთან. ბატონ გურამს ორშაბათიდან, ესე იგი, 21 მაისიდან, ჩვენს ბიბლიოთეკაში ხელშეკრულებით უნდა დაეწყო მუშაობა. ოფიციალურად უნდა გაფორმებულიყო ჩვენი თანამშრომლობა ნიკო ნიკოლაძის ფონდზე ერთობლივი კვლევების ჩასატარებლად. თქვენ არ იცით, როგორ მიხაროდა მე ეს. დღეს საუბრობენ რაღაც ამაზრზენ პოლიტიკაზე და რაღაც პოზიციასა და ოპოზიციაზე. კულტურას პოზიციები არ აქვს. გურამ შარაძე, როგორც მკვლევარი, მეცნიერი, ლიტერატორი, ყველა მხარეს მოუკვდა. გავა დრო და ფასდაუდებელი გახდება მისი შრომები. მისი უკანასკნელი წიგნები მე მინახავს იმ პოლიტიკოსთა სამუშაო მაგიდებზე, რომლებსაც შარაძის დაუძინებელ მტრებად თვლიან. აი, ეს მაღელვებს. ამ პოლიტიკურ სიბინძურეში ეროვნული ბიბლიოთეკის გარევა. არა, მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ არავინ მოგვეკაროს და არაფერი გვკითხოს, ჩვენების მიცემა და გამოძიებასთან თანამშრომლობა შეურაცხმყოფელია-მეთქი. მე სხვა რამ მაშინებს. არ მინდა ბიბლიოთეკა პოლიტიკურ ორომტრიალში მოხვდეს. მე, როგორც ერთ ადამიანს და ბიბლიოთეკის ერთ თანამშრომელს, შემიძლია ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი გიამბოთ: იგი აპირებდა ქართულ სამეცნიერო კვლევაში ახალი ტიპის წიგნის გამოცემას. მას უნდა რქმეოდა, სავარაუდოდ, ასეთი სათაური: “აკაკი ცხოვრებაში”. მთხოვა, მომეძებნა ანალოგიური ტიპის წიგნი სათაურით _ “გოგოლი ცხოვრებაში”. არ ახსოვდა ავტორის გვარი. ამის გამო ძალიან გაგვიძნელდა ძებნა. მთელი სამი საათი ვიმუშავეთ და მაინც მივაგენით. საოცრად მადლიერი და გახარებული იყო. მერე მთხოვა, რადგან ამხელა საქმე გამიკეთე, იქნებ საქართველოს გამძარცველის, ლევაშოვის სურათი მომაძებნინოო. გამახსენდა, რომ რეზო თაბუკაშვილის ფილმში იყო ეს ფოტო გამოყენებული. სასწრაფოდ გადავუწერე და მივუტანე. აი, ამ დისკის დასაბრუნებლად შემოუვლია ჩემთან კვირას, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე.

_ ეს ყველაფერი მშვენიერი მოგონებაა, მაგრამ _ ალბათ, ნაკლებად საინტერესო გამოძიებისთვის. ჩვენ ვცადეთ იმ ფაქტებისთვის მოგვეყარა თავი, რომლებიც ბატონი გურამის მკვლელობის დღეს ხდებოდა…

_ მე კი მგონია, რომ საქართველოს მართლმსაჯულება იტყვის თავის სიტყვას. ის აუცილებლად გამოიძიებს ბატონი გურამის მკვლელობის საქმეს. უფრო ზუსტად, კი არ მგონია, მჯერა.

_ რაზე დაყრდნობით გჯერათ, ბატონო ლევან? სანდრო გირგვლიანის, გიორგი სანაიას, ზურაბ ჟვანიას მკვლელობების გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით? ქართველმა სამართალდამცავებმა ხომ საბოლოოდ აჩვენეს საზოგადოებას, რომ მათ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის არც სურვილი აქვთ და არც შესაძლებლობა?

_ თქვენ ცდებით, როცა თავიდანვე ამ საქმეებთან აერთიანებთ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს. ჩემი რჩევაა, დაელოდოთ გამოძიების შედეგებს.

ლია ტოკლიკიშვილი
“ახალი 7 დღე”, 22-28 ივნისი, 2007

 

გურამ შარაძის მკვლელობიდან 40 დღე შესრულდა…

გურამ შარაძის მკვლელობიდან 40 დღე გავიდა, საზოგადოებისათვის კი კვლავ უცნობია მკვლელობის მოტივი.

შარაძის ოჯახის წევრები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და მასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ. ამის მიუხედავად, მათ საკუთარი ეჭვები, ვარაუდები, გადამოწმებული და გადაუმოწმებელი ინფორმაციებიც გააჩნიათ, მაგრამ ოჯახი ოფიციალურ პირთა მხრიდან მკვლელობის მოტივის დასახელებას ელოდება.

მანამდე კი… გურამ შარაძის უახლოესი ადამიანები, თანამოაზრეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები 27 ივნისს ემიგრაციის მუზეუმში შეიკრიბებიან, სადაც გამოიფინება პროფესორის წიგნები და მოეწყობა შემოქმედებითი საღამო. 28 ივნისს კი, მკვლელობიდან მეორმოცე დღეს, წმინდა პანტელეიმონის ტაძარში გურამ შარაძის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.

რუსუდან შარაძე: “რა თქმა უნდა, თვითმხილველები არსებობენ, ამ ადამიანებმა დეტალურად მიამბეს, თუ რა და როგორ მოხდა. ვფიქრობ, ჯერჯერობით, მათი გამოჩენა მიზანშეუწონელია, იმიტომ, რომ მათი უსაფრთხოება დაცული არ არის, მაგრამ ეს დღეც დადგება და ისინი მოწმის სტატუსით ჩვენებებს მისცემენ. ეს მაშინ მოხდება როცა საქართველოში სიმართლის მთქმელს ციხეში მოხვედრის ან ტყვიისა არ შეეშინდება. დარწმუნებული ვარ, ასეთი ცხოვრება ახლო მომავალში გვექნება. გურამ შარაძის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ საქართველოში ე.წ. თურქი-მესხების ჩამოსახლების საკითხი ისევ აქტუალური გახდა და ხელისუფლებამ რეპატრიაციის შესახებ კანონის მიღებაზე ზრუნვა დაიწყო. ლევილის საკითხმაც წამოიწია. ასე რომ, მკვლელობის გარემოება სრულიად ნათელია. ალბათ ყალბი გამოძიება თავის სამარცხვინო ვერსიას შემოგვთავაზებს. დაე, თქვან რაც უნდათ! იმედი მაქვს, რომ მამაჩემის მკვლელობა ერთ მშვენიერ დღეს მაინც გაიხსნება”.

“კვირის პალიტრას” ხელთ აქვს საქართველოს ხელისუფლებისადმი რეპატრიანტთა კავშირის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტი, რომელიც 1997 წლის 20 ივნისით თარიღდება. ზემოთ ხსენებული კავშირის პრეზიდენტი მარატ ბარათაშვილი საქართველოს პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას მადლობას უხდის იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ღვიძლი შვილების _ მესხების ბედით დაინტერესდა და საქართველოში მათი ჩამოსახლების საკითხს მიუბრუნდა. ამავე დროს, მარატ ბარათაშვილი უკმაყოფილებას გამოხატავს საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნის შეფერხების გამო. თავის დროზე, აღნიშნული დოკუმენტი გურამ შარაძემ გადმოგვცა და დასძინა, რომ სწორედ მისი აქტიურობით ჟვანიასთან მოლაპარაკების შედეგად რეპატრიაციის შესახებ კანონის მიღება შეყოვნდა.

ნინო ნიშნიანიძე (ადოკატი): “ე.წ. თურქმა მესხებმა მიიღეს დადგენილება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ისინი საქართველოში, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის სასაზღვრო ზოლში არა განცალკევებულად, არამედ კომპაქტურად ჩამოსახლებას ითხოვენ. მათ ე.წ. “თურქეთის საფაშოს” შექმნა ეწადათ. იმ დროისათვის ასეთ ინფორმაციას ბატონი გურამ შარაძე ფლობდა. დღეს იგი ცოცხალი რომ ყოფილიყო, რეპატრიაციის შესახებ კანონის მიღებას დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა. მას კვალიფიციური მოსაზრებანი, დასაბუთებული არგუმენტები და ახალი ინფორმაციები აუცილებლად ექნებოდა მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით”.

ძნელი სათქმელია, რომელიმე ოპოზიციონერი შარაძის ადგილის დაკავებას შეეცდება თუ არა. რაც შეეხება შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ გიორგი ბარათელს, მის შესახებ მხოლოდ კულუარული ინფორმაციები ვრცელდება. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, გიორგი ბარათელი 21 ივნისს ჯერ კიდევ მე-5 საპყრობილეში ჰყავდათ. მას შსს-ს მაღალჩინოსნები ესტუმრნენ და ამის შემდეგ კი უფრო კეთილმოწყობილ, ახალგარემონტებულ მე-6 საპყრობილეში გადაიყვანეს. როგორც ამბობენ, იზოლირებულია, მაგრამ სხვებთან შედარებით უკეთეს პირობებში იმყოფება, ადვოკატის აყვანაზე კი უარს აცხადებს. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურთან ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ.

რა თქმა უნდა, გიორგი ბარათელის მამის, ვახტანგ ბარათელის კომენტარის მოპოვებაც მოვისურვეთ და დახმარებისთვის მის დეიდაშვილს, ყოფილ პარლამენტარ სოსო სიგუას მივმართეთ.

“ორიოდე კვირის წინ, თქვენთან ინტერვიუში გიორგი ბარათელის შესახებ ვისაუბრე, რის შემდეგაც გიორგის მამა, ვახტანგ ბარათელი დამიკავშირდა და ჟურნალისტებისგან თავის შორს დაჭერა მთხოვა. არ ვიცი, რა მიზეზით ისურვა მან ჩემი გაჩერება, მაგრამ იძულებული ვარ მისი თხოვნა გავითვალისწინო. ვინ იცის, იქნებ რაღაც სერიოზული მიზეზია? იქნებ ბარათელი მკვლელი მართლაც არ არის? თავის დროზე ვიფიქრე, რომ ოჯახს პრესასთან საუბარი უფრო აძლევდა ხელს, ინტერვიუზეც ამიტომ დაგთანხმდით. ახლა კი კომენტარს ვეღარ გავაკეთებ!” _ გვითხრა სოსო სიგუამ.

ეკა ასათიანი
“კვირის პალიტრა”, 25 ივნისი _ 1 ივლისი, 2007

 

3 Responses to ივნისი

  1. Herder ამბობს:

    Great post. I will be bookmarking and sharing it with my social networks.

  2. Krakow ამბობს:

    Great post. I will be bookmarking and sharing it with my social networks.

  3. ტატო ამბობს:

    მე ნამდვილად ვაფასებ ბატონი გურამის ღვაწლს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s