,,ასავალ-დასავალის’’ რედაქციას!

 

გულწრფელად გითანაგრძნობთ, ქალბატონო ლეილა!

(გამოუქვეყნებელი)

 

“ისტორიის აღდგენა ერის გამოცოცხლებაა, გამხნევება, აწმყოს გაგება და წარმართვაა, მერმისის გამოკვლევა სიბნელისაგან”, _ ამბობდა ილია. ბატონი გურამ შარაძე საყოველთაო ნიჰილიზმისა და ფასეულობათა დევალვაციის საუკუნეში ცდილობდა წარსულთან, ისტორიასთან მიახლოებით ეროვნული ღირსების, ეროვნული მეობის შენარჩუნებისა და სწორედ რომ სიბნელისგან გამოკვლეული მერმისის გზა ეჩვენებინა ქართული საზოგადოებისთვის. ის მუდამ იქ იყო, სადაც ქართულ საქმეს უჭირდა, საფრთხე ემუქრებოდა. ბოლო 30 წლის მანძილზე არ ყოფილა არც ერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენა, რომლის ეპიცენტრში ბატონი გურამი არ ყოფილიყოს! მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 50-ზე მეტი წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი, ორგზის პარლამენტის წევრი, მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე (და არა ჯგუფის, როგორც ამას ამბობს პასკვილის ავტორი და ამითვე ცდილობს დააკნინოს, დაამცროს მისი თანამდებობა და, რაც მთავარია, მისი  მოღვაწეობა. ასევეა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. აი, ასეთი მართალია ავტორი ამ პასკვილისა), უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, პოლიტიკური მოძრაობის “ენა, მამული, სარწმუნოება” ლიდერი _ განა შეიძლება ასეთი ადამიანის მხეცური, სადისტური მკვლელობა პოლიტიკური არ იყოს?!

მიუხედავად ამისა, “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული წერილის “უცხო სპეცსამსახურების შეცდომა. გურამ შარაძის სიკვდილმა ხალხი ქუჩაში არ გამოიყვანა” ავტორი ლეილა კვირიკაშვილი თავგამოდებით, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აცხადებს, რომ “გურამ შარაძის მკვლელობის პოლიტიკურად გამოცხადება” (რასაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი ეთანხმება _ ავტ.) თურმე, ნაჩქარევი და ტენდენციური განცხადებაა”! საინტერესოა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს, როცა პოლიტიკური მოძრაობის ლიდერს, საზოგადოებრივად მეტად აქტიურ მოღვაწეს კლავენ?! ამ მხრივ ჟურნალისტის პოზიცია ეხმიანება და საფუძველსაც უმყარებს იმ ზოგიერთი ვაი-პოლიტიკოსისა თუ შეშინებული ე.წ. “ცნობადი სახის” პოზიციას, რომ გურამ შარაძე მხოლოდ  პროფესორი და ჩინებული მეცნიერი იყო, სირაქლემას პოზაში მყოფი ადამიანი ხომ ყოველთვის ნახევრად სიმართლეს ამბობს და არა სრულ სიმართლეს!

ჩვენ არ შევუდგებით ამ პასკვილის პუნქტობრივად განხილვას. ეს დიდი პატივი იქნებოდა ავტორისთვის. ჩვენ რამდენიმე სიტყვით, ზედაპირულად შევახსენებთ კვირიკაშვილისნაირებს ბატონი გურამის მოღვაწეობის არეალს.

გურამ შარაძე გახლდათ ზვიად გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი, ჭეშმარიტი ერისკაცი, თავისი ქვეყნის უდიდესი პატრიოტი, ეროვნული მოღვაწე, რომელსაც ერის მაჯისცემაზე ედო ხელი. ისიც ნიშანდობლივია, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის ფაქტობრივი ლიდერი გიგა ბოკერია თავის დროზე გურამ შარაძეს პოლიტიკიდან გაძევებით და ციხეში ჩასმით დაემუქრა, ერთ-ერთი გავლენიანი მინისტრი კი ამაყად აცხადებდა, “დღეს შარაძე პოლიტიკურ სანაგვეზეა”, მავანნი, აკადემიკოსს ხულიგანს უწოდებდნენ, ან რას ნიშნავს გიგა ბოკერიას ცინიკური განცხადება იმის შესახებ, რომ “ასეთი მკვლელობები უფრო დემოკრატიულ ქვეყნებშიც ხდება”?

“ვეთანხმები იმ ვერსიას, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო, მაგრამ პოლიტიკურ შინაარსს არ ვიზიარებ, უფრო მეტიც, გამოვრიცხავ”, _ კატეგორიულად აცხადებს ლეილა კვირიკაშვილი და ამით თავადვე ეწინააღმდეგება საკუთარ ვერსიას, რომ _ “ეს მკვლელობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს”.

ამასთან, იგი ცდილობს შექმნას ობიექტურობის საბურველი და “აღიარებს”, რომ გურამ შარაძე “მუყაითი და შრომისმოყვარე მეცნიერი, ბიბლიოგრაფი და არქივარიუსი ყოფილა, ამასთან, “ინტრიგებისა და ადამიანებთან დაპირისპირების ხელოვნებასაც ფლობდა, რაც, ასე განსაჯეთ, მისი კარიერის წარმატებულობასაც კი უწყობდა ხელს”. დიახ, გურამ შარაძე მართლაც არასოდეს ერიდებოდა და გაურბოდა (საქვეყნო საქმის გამო!) დაპირისპირებას გავლენიან პირებთან, “ძლიერთა ამა ქვეყნისათა”, მისთვის არ არსებობდა ცრუ ავტორიტეტი და ამის გამო მხოლოდ უსიამოვნება, ტკივილი და შეურაცხყოფა თუ შეხვედრია ცხოვრების გზაზე. ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ  მებრძოლთა დაუფარავ მხილებას, ერის ტკივილების გამომზეურებას, სიმართლის თქმას ჟურნალისტი კვირიკაშვილი “სკანდალური და ზესკანდალური ინფორმაციების გახმაურებად” აცხადებს. გურამ შარაძე იბრძოდა ეროვნული სახელმწიფოს ოთხი ბურჯის, დედაბოძის _ მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მწერალთა კავშირის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადასარჩენად. ჯერ კიდევ 10 წლის წინ აღმოაჩინა და ამხილა მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების და ფონდების, მათ შორის Tacis-ის საიდუმლო გეგმა, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკდემიის დაშლასა და გაუქმებას ისახავდა მიზნად! მაშინ ამას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, დღეს კი ეს ყველაფერი სავალალო რეალობად იქცა.  გურამ შარაძემ ამხილა ის ადამიანები ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც  საქართველოდან ეროვნული საგანძურის აშშ-ში გატანას ცდილობდა, ვითომცდა “ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით”. ბ-ნი გურამის ძალისხმევით 2001 წლის 22 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იეღოველთა სექტის რეგისტრაცია გააუქმა, რომელიც ე.წ. რევოლუციიდან მე-5 დღეს აღადგინეს; პარლამენტში მოღვაწეობისას ამხელდა იმ დეპუტატებს (მათ შორის ზოგიერთ დღევანდელი უმრავლესობის წევრს), რომლებიც იბრძოდნენ ქართული ენისთვის ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი სტატუსის მინიჭების, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ეროვნების, მამის სახელის აღმნიშვნელი რეკვიზიტების შეტანის წინააღმდეგ. განა ესააა “ზესკანდალური ინფორმაციების” გახმაურება?

ავტორი იხსენებს, რომ თავის დროზე პროფესორი შარაძე დააჯილდოვეს უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედლით “უნგრეთის მიზნების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში” და ამას მზაკვრულად აკავშირებს სოროსთან. საიდან ასეთი “შორს მიმავალი” დასკვნები?! მხოლოდ იმიტომ, რომ ჯორჯ სოროსი უნგრული წარმოშობის ამერიკელი ებრაელია? ასე როგორ დაგაბრმავათ ბოღმამ და მძულვარებამ, ქ-ნო ლეილა. სირცხვილია, რბილად რომ ვთქვათ. გეშინოდეთ! ცილისწამება დიდი ცოდვაა.

მკითხველს კი შევახსენებთ, რომ ბატონ გურამს გამოცემული აქვს წიგნებად:

1. “მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა”, თბ., 1978, რედ. ალ. ბარამიძე;

2. “მასალები ბელა ვიკარის არქივიდან”, თბ., 1981 წ., საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, რედ. სარგის ცაიშვილი;

3. “მიკლოშ კიში ტოტფალუში და ქართული სტამბა”, თბ., 1982, რედ. ალ. ბარამიძე, რეცენზენტები პროს. ს. ცაიშვილი და ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ნ. სულავა.

და ამ ნაშრომების ფასი კარგად იცის წიგნიერმა საზოგადოებამ. მზაკვრული ვერსიის ავტორს ცალი თვალით მაინც რომ ჩაეხედა ზემოთ ჩამოთვლილ წიგნებში, ადვილად მიხვდებოდა, რატომ დაჯილდოვდა გურამ შარაძე უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედლით “უნგრეთის მიზნების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში”. ისე, როგორ ფიქრობთ, ქ-ნო ლეილა, სოროსის, უნგრეთის სახელმწიფოსა და უნგრელი ხალხის გაიგივება, მით უმეტეს, როდესაც საუბარია მიხაი ზიჩზე, ბელა ვიკარზე, შეიძლება? უხერხული ხომ არ არის? ან როგორ ფიქრობთ, ბ-ნ ალექსანდრე ბარამიძეს, ბ-ნ სარგის ცაიშვილს (მომიტევონ  მათმა სულებმა) და ქ-ნ ნესტან სულავასაც ეჭვქვეშ აყენებთ? ეს მაინც არ გიქმნით უხერხულობას? ისე, სხვათა შორის, თქვენს პოზიციას სოროსთან დაკავშირებით არ ამჟღავნებთ. რატომ? აქვე მსურს შეგახსენოთ, რომ იმ ცნობილ უნივერსიტეტში ის ყმაწვილები აღიზარდნენ, შემდეგ დაჯილდოვდნენ და, როგორც ბატონი გურამი იტყოდა, “ვარსკვლავთბიჭუნებად” მოგვევლინენ ჩვენს სამშობლოში მზაკვრული და დამანგრეველი იდეებით აღჭურვილნი, რომელთა წისქვილზეც ასხამთ წყალს ამ პასკვილით. ასე რომ, მისამართი შეგეშალათ, ქ-ნო ლეილა. სამარცხვინოდ სუსტი და უვარგისი არგუმენტები გაქვთ ბატონი გურამის სოროსელად გამოსაცხადებლად. ახლა კი ისღა დაგრჩენიათ, ბოდიში მოიხადოთ მიხაი ზიჩის, ბელა ვიკარის, მიკლოშ კიშის, ალექსანდრე ბარამიძის, სარგის ცაიშვილის სულთა წინაშე, ბოდიში მოიხადოთ ქ-ნი ნესტან სულავასა და უამრავი ადამიანის წინაშე.

ბატონი გურამ შარაძის პირად ბიბლიოთეკაში არის 1917 წელს ბუდაპეშტში გამოცემული “ვეფხისტყაოსნის” ბელა ვიკარისეული თარგმანი უნგრულ ენაზე მიხაი ზიჩის შესანიშნავი ილუსტრაციებით. წიგნს აქვს მიძღვნითი წარწერა: “სახსოვრად ბ-ნ გურამ შარაძეს. მ. იშტვანოვიჩი” ქართულ ენაზე. რაიმე მოსაზრება ხომ არ გაქვთ იშტანოვიჩზე, ქ-ნო ლეილა?

გურამ შარაძე იბრძოდა მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელთა დასაცავად. მან არა მხოლოდ ამხილა აგერსიული ანტიმართლმადიდებლური სექტების საქმიანობა, არამედ წარმოაჩინა, თუ როგორია ევროპის დამოუკიდებელი, ცივილიზებული სახელმწიფოების კანონმდებელთა დამოკიდებულება ანტისახელმწიფოებრივი სექტებისადმი. ამასაც უკუღმართად ხსნის და ამტკიცებს პასკვილის ავტორი, რომ “შარაძეს და მის მომხრეთა მიერ იეღოველთა წინააღმდეგ წარმოებული აქციები არასწორი, ანტიმართლმადიდებლური და არაჰუმანური იყო”, უფრო მეტიც, ამის გამო, თურმე, ამ სექტებს მათმა ხელმძღვანელებმა, სათავო ოფისებმა დაფინანსება გაუზარდეს”. ბატონმა გურამმა კი, ბოროტებასთან ბრძოლის მთავარი იარაღი, ამ შემთხვევაში სექტების მხილება გამოიყენა და ამით უამრავი მართლმადიდებელი გადაარჩინა ანტიქრისტესთან წილნაყარობას. მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტრები ხომ უფლისა და სახარების სახელით ესაუბრებიან და აცდუნებენ გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს. რაც შეეხება დაფინანსებას, სექტებს ყოველთვის კარგად აფინანსებდნენ. ისე, ახლა აღარავინ ებრძვის ანტიმართლმადიდებლებს და, როგორ ფიქრობთ, შეუწყდებათ დაფინანსება? ვაი, რომ არა!

კვირიკაშვილი, რატომღაც, იმაშიც დარწმუნებულია, რომ 2002 წლის ივლისის “მაგთიკომის” ცნობილი შეტყობინების: “სოროსის ფონდი ითხოვს გურამ შარაძის სიკვდილით დასჯას”, ავტორები, სინამდვილეში ჩრდილოეთით მდებარე სახელმწიფოს სპეცსამსახურში უნდა ვეძიოთ (?!).

აქვე ავტორი, ვითომ შემთხვევით, გვაუწყებს, რომ “გურამ შარაძის სიცოცხლე საკმაოდ სოლიდური პაკეტით დაზღვეული იყო შვეიცარიის ერთ-ერთი ავტორიტეტული სადაზღვევო კომპანიის მიერ”. ეს სრული აბსურდი და მონაჭორია, რაც დაადასტურეს კიდეც ბატონი გურამის ოჯახის წევრებმა, უახლოესმა ადამიანებმა. მეტიც, ეს რომ ასე იყოს, ქართველთმოძულე ხელისუფალთ ლეილა კვირიკაშვილი დაასწრებდა ამ ინფორმაციის გავრცელებას?

დაბოლოს, ამდენი არგუმენტს მოკლებული წიაღსვლების შემდეგ სტატიის ავტორი მთავარ სათქმელამდე მიდის და უაპელაციოდ ასკვნის: “შარაძეს მკვლელობიდან რამდენიმე დღეში უკრაინაში დაიწყო იუშჩენკოს ხელისუფლებიდან ჩამოშორების და პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოსვლის აქტიური ღონისძიებები” და რომ საქართველოში მოქმედმა პრორუსულმა ძალებმა სწორედ ამ მიზნით მოკლეს გურამ შარაძე.

იქვე, სპეცსამსახურს პროფესიონალიზმსაც უწუნებს, _ შარაძის კანდიდატურა არაპროფესიონალურად შეირჩაო, რადგან მისი აზრით, შარაძე “შვილმკვდარი, ფრთამოტეხილი კაცი იყო, ეროვნული სულისკვეთების მეცნიერი”. სინამდვილეში, მიუხედავად თავს დამტყდარი ტრაგედიისა, ბ-ნი გურამი საოცრად მებრძოლი, გაუტეხელი სულის პიროვნება გახლდათ, ქვეყნისა და სახელმწიფოს მტრების წინააღმდეგ ხმალამოღებით მებრძოლი. რატომ გვეშინია, პიროვნებებსა და მოვლენებს თავისი სახელი დავარქვათ?! ნახევარსიმართლე ხომ სიცრუეზე მეტი დანაშაულია! სწორედ ორსახოვნება, ორი ბატონის მსახურება, არც მწვადისა და არც შამფურის დაწვის პოლიტიკა, შიში და ორპირობა დაღუპავს ქვეყანასა და ქართულ საქმეს, რომლისთვისაც დღენიადაგ იბრძოდა ბატონი გურამ შარაძე და თავიც შესწირა მას. სამძიმარი კი გულწრფელი უნდა იყოს, სხვაგვარად მას ჩალის ფასიც არა აქვს!

გულწრფელად ვიზიარებ თქვენს დიდ მწუხარებას, ქ-ნო ლეილა. სწორედ რომ უბედურებაა ის, რაც თქვენ დაგემართათ. ამბობენ: “მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერსო”. თქვენ ეს ზნეობრივი ნორმაც დაივიწყეთ სხვა მრავალთან ერთად. მკვლელობიდან ერთი კვირის თავზე გადმოანთხიეთ მთელი ბოღმა. რად ჩქარობდით ასე, ქ-ნო ლეილა. თქვენი წერილის გამოქვეყნების დღეს ხომ ბატონი გურამის გარდაცვალებიდან მეცხრე და ე.ი. მიცვალებულის სულისათვის ურთულესი დღე იყო. ამ დღეს განსაკუთრებულ პანაშვიდს უხდიან ამ ქვეყნიდან გასულთ, მხურვალედ ლოცულობენ მათთვის. იცით თქვენ ეს ყოველივე?. თქვენი  საქციელიდან გამომდინარე, სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ _ თქვენ ძალიან შორს ხართ ქრისტიანული ზნეობიდან, ადამიანური ეთიკიდან. ვის ემსახურებით, ქ-ნო ლეილა? ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა თქვენს მიმართ! გულწრფელად გითანაგრძნობთ, ქალბატონო ლეილა!

 

რუსუდან კობახიძე

6 ივნისი, 2007

 

One Response to ,,ასავალ-დასავალის’’ რედაქციას!

  1. Erick Turay ამბობს:

    I’d forever want to be update on new blog posts on this site, bookmarked ! .

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s