ვინ და რატომ მოკლა გურამ შარაძე?!

  

20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე, აკადემიკოს გურამ შარაძის დემონსტრაციულმა მკვლელობამ მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. ოფიციალური ვერსიით, ვინმე გიორგი ბარათელმა (რომელიც “რუსთავი 2”-ის თანამშრომელი აღმოჩნდა) დღისით, მზისით, სამი ტყვია ესროლა თავში მსხვერპლს და გაიქცა. პატრულმა ის მხოლოდ მრგვალ ბაღთან დააკავა. ბარათელმა ვითომ აღიარა გურამ შარაძის მკვლელობა, თუმცა, მისი აღიარებითი ჩვენება არავის უნახავს… მოკლედ, ამ საქმეში იმდენი შეუსაბამობა და უპასუხო კითხვებია, რომ ბუნებრივად დაიბადა პოლიტიკური მკვლელობის შემზარავი ვერსია!

,,ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა და სხვა არაფერი!’’ _ ორდღიანი დუმილის შემდეგ პირდაპირ განაცხადა ოჯახის პოზიცია გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ.

ოჯახმა ბოიკოტი გამოუცხადა გამოძიებას და კატეგორიულად გამორიცხა მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.

მიზეზი?!

გურამ შარაძის ოჯახი თითიდან გამოწოვილად მიიჩნევს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ, მკვლელობის უპირველეს და ერთადერთ მოტივს _ შურისძიებას. თითქოს გიორგი ბარათელსა და გურამ შარაძის შვილს, გიორგის სტუდია “აუდიენციაში” მუშაობისას უთანხმოება მოსვლოდეთ და ამის გამო გამწარებულმა ბარათელმა (9 წლის შემდეგ!) მოკლა გურამ შარაძე!

რატომ “პოლიტიკური მკვლელობა”?!

მელიქიშვილზე მომხდარ ტრაგედიას “ვარდების ხელისუფლების” რადიკალურმა ოპოზიციამ “პოლიტიკური მკვლელობის” კვალიფიკაცია მისცა. მაგალითად, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და “XXI საუკუნე _ ენა, მამული, სარწმუნოების” თავკაცმა ელიზბარ ჯაველიძემ დარწმუნებით განაცხადეს, რომ გურამ შარაძის მკვლელობა პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

ამაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მაია ნადირაძემ, ფსიქოლოგიური წიაღსვლები მოიხმო სათქმელის ჩამოსაყალიბებლად. მისი თქმით, ეს იყო “სამწუხარო, ჩვეულებრივი კრიმინალი”, ხოლო, ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებას აბრალებენ გურამ შარაძის მოკვლას, ქ-ნი ნადირაძის “ფსიქოლოგიური მონიტორინგით”, თავად არიან პოტენციური მკვლელები. ნადირაძის ლოგიკით, თურმე სწორედ პოტენციურ მკვლელს შეუძლია, დააბრალოს უდანაშაულოს (ამ შემთხვევაში _ ხელისუფლებას) მკვლელობა!

მაია ნადირაძის ფსიქოლოგიურ განსწავლულობას რომ თავი დავანებოთ, ნამდვილად საშურია, დეტალურად განვიხილოთ მისეული შეფასება _ “სამწუხარო, ჩვეულებრივი კრიმინალი”.

გურამ შარაძის მკვლელობა ნამდვილად სამწუხარო იყო, ამიტომ ამ შემთხვევაში, ქ-ნ საპარლამენტო უმრავლესობის სწორუპოვარ ლიდერს (თუნდაც არაფაქტობრივს) ვერაფერში შეედავები.

რაც შეეხება შეფასების მეორე ნაწილს _ “ჩვეულებრივი კრიმინალი” _ აქ საქმე გაცილებით რთულად არის და შეიძლება, ქ-ნ ნადირაძისთვის ასე მშობლიური ინტელექტუალური ასპარეზის (ანუ ფსიქოლოგიის) მითელ-მოთელვაც დაგვჭირდეს.

უპირველეს ყოვლისა, როდესაც “ნაცმოძრაობის” საპარლამენტო უმრავლესობის “უპირველესი სახე” აცხადებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობა “ჩვეულებრივი კრიმინალია”, ავტომატურად უნდა ვიგულისხმოთ: ეს მმართველი პარტიის ოფიციალური, შეუჯერებელი განცხადებაა!

მაშასადამე, მმართველი პარტიის ოფიციალური განცხადება გვეუბნება: ასეთი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა… ასეთი რამ შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანში მოხდეს!

მართლაც, ასეთი რამ და უარესიც (მაგალითად, სკოლაში შეჭრა და იქ ათობით თანაკლასელის უმოწყალოდ დახვრეტა) შეიძლება დემოკრატიულად მონათლულ ქვეყნებშიც მოხდეს.

მაგრამ არსებობს ერთი “პატარა ნიუანსი”:

დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე ქვეყანაში არ გამოვა ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და გამოძიების პირველსავე წუთებში არ იტყვის, ეს ჩვეულებრივი დანაშაულია და მორჩა!

ვთქვათ, მოხდა “სასწაული” და გამოძიების მსვლელობაში გამოიკვეთა გურამ შარაძის მკვლელობის პოლიტიკური მოტივი, რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ “თვით” მაია ნადირაძის დირექტივის ტოლფასი შეფასების შემდეგ, დღევანდელ საქართველოში რომელიმე, ასევე ჭკუათმყოფელი გამომძიებელი, გულდასმით შეისწავლის ამ ვერსიას?!

გაბედავს კი რომელიმე გამომძიებელი, ეჭვქვეშ დააყენოს “ჩვენი ეპოქის გონების, ღირსებისა და სინდისის” _ “ნაციონალური მოძრაობის”, მისი ერთ-ერთი ლიდერის ფსიქოანალიზით ნასაზრდოები პოლიტიკური განცხადება?!

საეჭვოა… თუ არა _ შეუძლებელი!

ამდენად, ხელისუფლებამ, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, იმთავითვე გამორიცხა, ძირშივე აღკვეთა გურამ შარაძის მკვლელობის პოლიტიკური ვერსია.

არადა, დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე ნებისმიერ ქვეყანაში, გურამ შარაძის მსგავსი რადიკალური ოპოზიციონერის (თუნდაც ნებისმიერი აქტიური საზოგადო მოღვაწის) დემონსტრაციული მკვლელობის შემთხვევაში, გამოძიება უპირველეს სამუშაო ვერსიად, სწორედ, პოლიტიკურს ჩაეჭიდებოდა!

ეს ანა-ბანასავითაა!

თუმცა, ზვიად ძიძიგურს თუ დავუჯერებთ, გურამ შარაძე არც ისეთი აქტიური ყოფილა, მისი მკვლელობა პოლიტიკურად რომ შეფასდესო…

ეს, მხოლოდ, ერთ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო სიმართლე: თუ ჩავთვლით, რომ ზვიად ძიძიგურია აქტიური, მაშინ გურამ შარაძე, მართლაც, პასიური ყოფილა!

ან, უფრო მეტიც: თუ ჩავთვლით, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ზვიად ძიძიგურია ცოცხალი, მაშინ შარაძე მკვდარი ყოფილა!

რატომ გააკეთა ზვიად ძიძიგურმა ასეთი განცხადება, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ისევე, როგორც ძნელი მისახვედრი არ არის, კატეგორიულად რატომ გამორიცხეს პოლიტიკური მკვლელობის ვერსია ღრმად ერუდირებულმა “პოპ-დივა” ლელა წურწუმიამ, გურამ შარაძის მეგობრად თვითაღიარებულმა, შარაძისვე დამტუსაღებელ გია ხუბუას მიკედლებულმა რევაზ მიშველაძემ, გორის მაჟორიტარულ ოლქში “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერით გადეპუტატებულმა ჯუმბერ პატიაშვილმა და ხელისუფლებაზე მოკრძალებით შეყვარებულმა, სხვა “მოღვაწეებმა”.

კი, მაგრამ, ბატონებო, საიდან ასეთი კატეგორიულობა, როდესაც გამოძიება არც კი დაწყებულა და მით უმეტეს, საზოგადოებას გიორგი ბარათელის აღიარებითი ჩვენების ხილვაც კი არ აღირსეს?!

როდესაც ქუჩაში ვიღაც დაიყვირებს _ “სულელო!”, აუცილებელი არ არის, ეს საკუთარ თავზე მიიღო და მიიხედო!

რადგან ხელისუფლებამ იმთავითვე გამორიცხა პოლიტიკური მკვლელობის ვერსია, ამან კიდევ უფრო გაზარდა ხელისუფლების უდანაშაულობაში დაეჭვებული ხალხის რაოდენობა!

რატომ უნდა აეკრძალათ გამოძიებისთვის პოლიტიკური ვერსიის შესწავლა მაშინ, როდესაც სახეზეა დაუფარავი, სასტიკი დაპირისპირება სახელისუფლებო კლანებს შორის?! იქნებ რომელიმე კლანმა დაპირისპირებული მხარის დისკრედიტაციისთვის მოაკვლევინა გურამ შარაძე?!

რატომ არ უნდა სურდეს ხელისუფლებას მკვლელობის პოლიტიკური ვერსიის გულდასმით გადამოწმება, თუნდაც, იმიტომ, რომ გამორიცხოს ამ ტრაგედიაში უცხო, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი, ჩვენში დესტაბილიზაციაზე მეოცნებე სპეცსამსახურების მონაწილეობა?!

იქნებ, იმიტომ, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ კარგად იცის, ვინ მოკლა გურამ შარაძე?! და ეს იმიტომ იცის შეუცდომლად, რომ თავად არის აკადემიკოსის მკვლელობის ორგანიზატორი! _ ამ ლოგიკით მსჯელობს საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი.

 

პასუხგაუცემელი კითხვების მორევში

 

გურამ შარაძე ჯერ კიდევ მელიქიშვილის გამზირზე ესვენა, როდესაც სისხლიანი კადრებით “ნატურალურად დანაყრებულმა” ჩვენმა სახელოვანმა ტელეარხებმა წარმოგვიჩინეს გიორგი ბარათელის მრგვალ ბაღთან დამჭერი ყმაწვილი პატრული. ის აცხადებდა: ეჭვმიტანილს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული!..

შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილი მიხაილოვის საავადმყოფოშია გადაყვანილი _ ის მხარში ყოფილა დაჭრილი და კარგა გვარიანად დაბეგვილიც.

თუ დაკავებისას ბარათელს წინააღმდეგობა არ გაუწევია. როდის და ვინ დაჭრა ის? იმედია, დაკითხვისას არ უსვრიათ მისთვის… ანდა, რატომ უნდა ესროლათ დაკითხვისას, მან ხომ ადგილზევე “აღიარა ჩადენილი დანაშაული”?!

იქნებ, ის, ვინც ყმაწვილმა პატრულმა დააკავა (როგორც ითქვა, სამარშრუტო ტაქსის გაჩერების მომენტში!) მრგვალ ბაღთან, არც იყო გიორგი ბარათელი?!

ან იქნებ, ის, ვინც ესროლა გურამ შარაძეს მელიქიშვილზე არ იყო გიორგი ბარათელი?!

ვინ იტყვის გადაჭრით, რომ ზუსტად იცის ამ კითხვებზე პასუხი?!

რატომ არ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროს ლეგენდარულმა პრესსამსახურმა გიორგი ბარათელის აღიარებითი ჩვენება?! გურამ დონაძის სახელობის სტუდიაში ტელეკამერა ვერ მოინახა, თუ ამ საქმისთვის სამონტაჟო მაგიდა ვერ გამოათავისუფლეს?!

რატომ არ დაასწრეს მედია გიორგი ბარათელის სასამართლო პროცესს?! რა იყო ამ პროცესზე გასასაიდუმლოებელი?! ხელისუფლება თავად არ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული პროცესის საჯაროობითა და მკვლელობის პოლიტიკური ვერსიის გაბათილებით?!

როგორ მოხდა, რომ გიორგი ბარათელი, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მკურნალი ნევროლოგი, გიორგი ტირზიკიანი, იქამდე არ დააკავეს, ვიდრე არ მოკლა გურამ შარაძე?!

იქნებ “მანამ” დააკავეს და მერე “ცოტა ხნით” გამოუშვეს?!

რატომ დაიკითხა ასეთი პომპეზურობითა და ხაზგასმით “რუსთავი 2”-ის პროდიუსერი ლევან ლაფერაშვილი, რომელიც აცხადებს, თითქოს გურამ შარაძის შვილს, გიორგი შარაძეს, რაღაც პრობლემები ჰქონდა და ვიღაცის სამხელად წინასწარ სთხოვდა, შეტყობინებისთანავე გამოეგზავნა მასთან გადამღები ჯგუფი?!

იმ მიზნით ხომ არა, რომ გამოძიებას “გაემაგრებინა” “ბარათელის შურისძიების” ბანალური ვერსია?!

სანამ ეს და კიდევ უამრავი სხვა კითხვა პასუხგაუცემელია, საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი დარწმუნებით ილაპარაკებს, რომ გურამ შარაძე პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლია!

ამდენად, პასუხგაუცემელი კითხვების ამ მორევიდან თავის დაღწევა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ, ამჟამინდელი ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს!..

გურამ შარაძე საქართველოს მოუკლეს!..

გურამ შარაძის მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ გაზეთ “24 საათში” დაიბეჭდა სტატია, ნადირაძისეული ცინიზმით აღსავსე სათაურით: “გურამ შარაძე საქართველოს მოუკლეს?”

დიახაც, გურამ შარაძე საქართველოს მოუკლეს!

შეიძლება, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს გურამ შარაძის მოღვაწეობა, მისი შეუპოვარი სიხისტე, მოქმედების სტილი, მაგრამ უდავო ფაქტია, რომ საქართველოს დააკლდა შესანიშნავი ლიტერატორი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნული საგანძურისა და სულიერების უდრეკი გუშაგი!

გურამ შარაძე ხომ იმდენადვე ხისტი იყო, რამდენადაც ძლიერი იყო შეტევა მარადიულ ეროვნულ ფასეულობებზე!

ის დაუფარავად, მოურიდებლად ლაპარაკობდა იმაზე, რაზეც ბევრს გაფიქრებაც კი ეშინოდა.

გურამ შარაძე ვერც შვილის, ლაშა შარაძის იდუმალებით მოსილმა მკვლელობამ შეაჩერა. მას ხელები არ ჩამოუყრია და გაათმაგებული ენერგიით გლეჯდა ჩვენს ბოსტანში მომძლავრებულ სარეველას.

გურამ შარაძე იყო ეროვნული მოღვაწე. მისი სახელის უკვდავსაყოფად ისიც საკმარისი იქნებოდა, რომ ილიას უბრწყინვალესი ორტომეულის ავტორია.

გურამ შარაძე უკვე ვალმოხდილად ჩაითვლებოდა, საფრანგეთიდან პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტის დედნის საქართველოში ჩამობრძანების გარდა, რომ აღარაფერი გაეკეთებინა!

სამწუხაროდ, ის ვერ მოესწრო აკაკის არანაკლებ ბრწყინვალე, ხუთტომეულის გამოცემას, რომლის შედგენა-შეკრებას ტიტანური ძალისხმევა დაახარჯა…

ამდენად, რაც უნდა ემცხეთოთ პატრიოტიზმის ფაშიზმად გამსაღებელ ჩვენებურ (?!) მაქციებს, გურამ შარაძე, სწორედაც რომ, საქართველოს მოუკლეს!

 

P.S. როდესაც, 22 მაისს, ხალხის ულევ ნაკადთან ერთად, თქვენმა მონა-მორჩილმაც შეაბიჯა ჭავჭავაძის 15-ის სადარბაზოში, უკან თითებში სიგარეტგარჭობილი (აი, ისე, “ერის საუკეთესო ნაწილს” რომ შეუძლია მხოლოდ), თინეიჯერივით მუხლტიტველი, ასაკით აშკარად დროული, ქალბატონი შემომყვა.

_ ვაიმე, რა ხდებააა?! რამდენი ხალხიაააა?! _ მის უგრძეს “ან”-ში აშკარად “დონე” იგრძნობოდა.

_ გურამ შარაძე მოკლეს! _ მოკლედ და შეძლებისდაგვარად თავაზიანად ვუპასუხე, როგორც კი გაოცებისგან ჩამოვარდნილი, დედამიწის მიზიდულობის ძალით ქვესკნელისკენ დაძრული ქვედა ყბა დავიმორჩილე.

_ ვაიმე, აქ ცხოვროოობს?! _ კვლავ “დონის” მანიშნებელი “ონ”-ით და ღაწვს ზემოთ აღმართული, მხრჩოლავი “დამსკი” სიგარეტით…

_ ცხოვრობდა! _ ვეცადე, თავაზიანად მიმეხვედრებინა მისი კითხვის მთელი აბსურდულობა.

_ ვაიმე, უკაცრავაააად… არ ვიცოდიიი… _ თითქოს შეწუხდა.

_ არა, რას ბრძანებთ… _ მეც გულუბრყვილოდ შევეშველე.

_ არა, იციიით, მე აქ ვმუშაობ, ზემოთ, “პლეიბოის” ოფისში და გამიკვირდა ამდენი ხალხიიი… _ საბრალოს ეგონა, ამდენი კრიჭაშეკრული და დაზაფრული ადამიანი მისი საამაყო “პლეიბოის” “მოსაქცევად” მიდიოდა…

ერთი ხანობა კი გადავწყვიტე, მეთქვა, აბა, თქვენ გქონიათ საქმე მოსალოცად-მეთქი, მაგრამ გულში მხოლოდ ეს აღმომხდა: “ვაი, ჩვენს პატრონს, უბედურს!…”

იმედია, გურამ შარაძემ არ იცოდა, რომ შარაძეების მეზობლად, რამდენიმე სართულით ქვემოთ “პლეიბოიმ” დაივანა”…

ეს შემთხვევითობაა თუ მიზანმიმართული აქცია?!

ალბათ, ეს კითხვაც პასუხგაუცემელთა უსასრულო რიგში ჩადგება…

 

გიორგი გიგაური

“ახალი 7 დღე”, 25-31 მაისი, 2007

 

One Response to ვინ და რატომ მოკლა გურამ შარაძე?!

  1. Kiana Brito ამბობს:

    Most of the times i visit a blog I see that the construction is poor and the writting bad. Regarding your blog,I could honestly say that you writting is decent and your website solid.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s