რას შეეწირა გურამ შარაძე

 

გურამ შარაძის მკვლელობა სამართალდამცავებს ბრალდება. ამის მიზეზი ის არის, რომ მკვლელობამდე ორი კვირით ადრე პოლიცია გიორგი ბარათელს მისი პირადი ექიმის დაჭრისთვის ეძებდა. გარდაცვლილის გარემოცვა აცხადებს, რომ ძებნილის დაკავება პოლიციას თავისუფლად შეეძლო, რადგან ის სამსახურში დადიოდა და მათი აზრით, ტრაგედია აღარ დატრიალდებოდა.

ზურაბ ჟვანიასა და ლევან სამხარაულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მსგავსად, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეც მეტად ბუნდოვანია. ნათელი მხოლოდ ისაა, რომ გიორგი ბარათელი, როგორც დამნაშავე, ფიზიკურად არსებობს და ჩადენილისთვის პასუხს საჯაროდ აგებს. ჭირისუფლები კი წინასწარმეტყველებენ, რომ ქართული სამართლის ისტორიაში ბატონ გურამ შარაძის მკვლელობის სასამართლო პროცესი ყველაზე სამარცხვინო იქნება, მაგრამ, რა მოხდება მომავალში, ეს არავინ იცის.

რა მოტივით დააყოვნეს სამართალდამცველებმა ბარათელის აღიარებითი ჩვენების გახმაურება, გაუგებარია. მით უფრო აუხსნელია, რატომ არ აჩვენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” ვიდეოკამერებზე აღბეჭდილი მკვლელობის კადრები. სავარაუდოდ, სწორედ კადრების გაუმჟღავნებლობაა, რომ გარდაცვლილის ოჯახს თვით მკვლელის ვინაობაშიც კი ეჭვი ეპარება.

კრიმინალური წარსული და მომავალი

“ობოლი”, “გულჩათხრობილი”, “უწყინარი”, “უსახლკარო” _ ესაა ეპითეტები, რითაც გურამ შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ბარათელს მოიხსენიებენ. ამას ემატება დაკავებულის კრიმინალური წარსული და ტელეოპერატორად მუშაობის ათწლიანი აწმყო. ბარათელი ჯერ სტუდია “აუდიენციაში”, შემდეგ “პირველ სტერეოში”, ,,პირველ არხზე’’, ბოლოს კი “რუსთავი 2”-ში მუშაობდა. ბარათელი წარსულში ქსნის კოლონიაში ადამიანის დაჭრისთვის იხდიდა სასჯელს, მაგრამ ის სანიმუშო ყოფაქცევისთვის გაათავისუფლეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებისთვის ბარათელს სამუდამო თუ არა, 20 წლამდე პატიმრობა ნამდვილად ელის. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა არგუმენტებით იმართლებს თავს ბრალდებული, ანდა რამდენად დადგება ეჭვქვეშ მისი ფსიქიკური მდგომარეობა.

გურამ შარაძის მკვლელობის პოლიტიკური და ყოფითი ვერსიები ერთმანეთში ჩაიხლართა. პოლიტიკურ ვერსიებად იეღოველთა მხრიდან შურისძიება და ლევილის მამული დასახელდა. თუმცა, პოლიტიკურ ვერსიებს ამ ეტაპზე არც ერთი არგუმენტი არ ამყარებს. რაც შეეხება ყოფით ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას, ამაზე არაერთი საფუძველი არსებობს.

ვერსია, რომ ბარათელსა და გარდაცვლილის შვილს, გიორგი შარაძეს, უთანხმოება ჰქონდათ, ეჭვგარეშეა, ვინ იყო მათ შორის მტყუან-მართალი, გამოძიება გაარკვევს, მაგრამ ფაქტია, რომ ბარათელი და გიორგი შარაძე უცხოეთში ერთად გაემგზავრნენ, საქართველოში კი ცალ-ცალკე დაბრუნდნენ. პოლიციასთან პრობლემების გამო ბარათელი ციხეშიც კი მოხვდა, ხოლო საქართველოში ჩამოსაყვანად მისმა ისედაც გაჭირვებულმა ოჯახმა სოლოლაკში ბინაც გაყიდა.

გიორგი შარაძესა და ბარათელს შორის არსებულ უთანხმოებას სტუდია “მაესტროს” ყოფილი თანამშრომელი ირინა მიქაბერიძეც ადასტურებს. ბარათელმა სწორედ მას უამბო, რომ გიორგი შარაძემ უცხოეთში ის დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩაიყვანა, ფილმი გადაიღეს, მაგრამ გიორგიმ თანხა არ გადაუხადა და ჰოლანდიაში დატოვა. ბარათელმა თანამშრომელს შესჩივლა, რომ ვიზის ვადის გასვლის გამო ის საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა.

რამდენად გახდა ეს გარემოება მკვლელობის მოტივი, გაირკვევა, მაგრამ რატომ აგებინა ბარათელმა გიორგი შარაძის ნაცვლად პასუხი მამამისს, ეს აუხსნელია.

მკვლელობის ყველაზე უცნაური მოტივი ბარათელის თირკმელს უკავშირდება. ერთ-ერთი ვერსიით, უსახსრობის გამო ბარათელმა გიორგი შარაძეს საკუთარი თირკმლის ტრანსპლანტაციაში დახმარება სთხოვა. ბარათელმა თირკმელი გაყიდა, მაგრამ მას თანხა არ მისცეს. ვინაა ამ ვერსიის ადრესატი, გამოძიება, ალბათ, დაინტერესდება, თუმცა სამედიცინო შემოწმებით უტყუარად გაირკვევა რამდენი თირკმელი აქვს ბარათელს და ამ ჭორს თუ რეალობას, საბოლოოდ დაესმება წერტილი.

ბარათელის პიროვნებაში ყველაზე აუხსნელი მისი პირადი ექიმი-ვენეროლოგის როსტომ ტირზიკიანის დაჭრა რჩება. პაციენტმა, რომელიც ექიმთან ორი წლის განმავლობაში მკურნალობდა, ექიმის განმარტებით, 5 მაისს სრულიად უმოტივოდ საკუთარ სადარბაზოში ესროლა. რა დაუშავა ბარათელს ექიმმა? რატომ არ გახმაურდა ექიმის დაჭრის ფაქტი მაშინ, როდესაც საქართველოში თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვება კრიმინალური ისტორიებით იწყება? რატომ ვერ შეძლო პოლიციამ ბარათელის დაკავება მაშინ, როცა ყოფილი ოპერატორის თანამშრომლები აცხადებენ, რომ შარაძის მკვლელობის წინა დღეს ბარათელი მთელი დღე სამსახურში იყო?

უცნაური დამთხვევა

ვიდრე გურამ შარაძის მკვლელობას ნათელი მოეფინება, ინციდენტი ისეთივე ბურუსით მოცული რჩება, როგორც 2005 წლის მაისში იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროს უფროსის, ლევან სამხარაულის მკვლელობა.

მართლაც რომ იშვიათი დამთხვევაა, როგორც გურამ შარაძე, ლევან სამხარაულიც 22 მაისს მოკლეს. გურამ შარაძის მსგავსად, მასაც “ტეტეს” პისტოლეტიდან ესროლეს. უცნაური დამთხვევაა ისიც, რომ ორივე მკვლელობა ერთმანეთს მოტივითაც ჰგავს _ ორივე შემთხვევაში მკვლელმა ათი წლის წინანდელი წყენის გამო იძია შური. ამ საქმეებში განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ლევან სამხარაულის მკვლელი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი აღმოჩნდა და მან თავი მოიკლა.

დაბოლოს, გურამ შარაძის მკვლელობის დეტალებთან ერთად, საზოგადოებისთვის ასევე გაუგებარი რჩება დაკავებისას რა ვითარებში დაიჭრა ბრალდებული გიორგი ბარათელი.

მკვლელობისთანავე გაცხადდა, რომ შარაძის მკვლელობისთანავე ეჭვმიტანილს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაედევნა და მრგვალ ბაღთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის სამარშრუტო ტაქსში ჯდებოდა. ეს დეტალი პატრულმა როსტომ პანიევმა საჯაროდ განაცხადა და ისიც დასძინა, რომ ბარათელმა გურამ შარაძის მკვლელობა აღიარა. აქედან გამომდინარე, აუხსნელი რჩება, რა ვითარებაში დაიჭრა ეჭვმიტანილი? სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა და ორმხრივი სროლისას ის ბეჭის არეში დაიჭრა.

“თბილისელებთან” საუბარში გურამ შარაძის მხარდამჭერი მამუკა ცუხიშვილი აცხადებს: “გურამ შარაძის მკვლელობა პოლიტიკური მოტივით მოხდა და ის, შესაძლოა, ლევილის მამულს უკავშირდებოდეს.

პირადი მოტივით მკვლელობას როგორც ოჯახი, ისე გურამ შარაძის მეგობრები, ასი პროცენტით გამორიცხავენ. ბატონ გურამს ბარათელთან არანაირი ურთიერთობა, მით უმეტეს, მისი ვალი არ ჰქონია. არანაირი ელენთა და არანაირი თირკმლის ვერსია არ არსებობს. ეს ყველაფერი იმის გამოა გავრცელებული, რომ რეალობა მიიჩქმალოს და რაც მთავარია, მკვლელობას სხვა ელფერი მიეცეს’’.

გურამ შარაძეს 2002 წლიდან სატელეფონო მესიჯებით ემუქრებოდნენ, 22 მაისს იგივე განმეორდა. გარდაცვლილის ქალიშვილი გამომძიებელს მამამისის პირადი ნივთების წამოსაღებად შეხვდა. გამოძიება გარდაცვლილის ტელეფონსაც ინახავდა, როგორც კი ტელეფონი ჩართო რუსუდანმა, მაშინვე მოვიდა მესიჯები შინაარსით: “დიახ, ეს პოლიტიკური მკვლელობაა. ფაშისტი იყო და იმიტომაც ჩააძაღლეს!’’. ამის შესახებ გამოძიებამაც იცის. ბარათელის პერსონა ხელისუფლებას სჭირდება, რათა ყურადღება სოციალურ უთანხმოებაზე გადაიტანონ.

გურამ შარაძის ქვრივმა ქალბატონმა სვეტლანა გახარიამ განცხადება გააკეთა, რომ ოჯახი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს. ეს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში სადაც სანაიას, ჟვანიას მკვლელობები არ არის გამოძიებული, მით უფრო შეუძლებელია გურამ შარაძის მკვლელობა გამოიძიონ. გურამ შარაძის უფროსი ვაჟი, პროფესიით ექიმი ლაშა შარაძე 1998 წლის 15 ივნისს მოკლეს, მაგრამ ბატონი გურამის დაუღალავი ბრძოლის მიუხედავად, ეს საქმე ბოლომდე გაუხსნელი დარჩა.

ნინო ნიშნიანიძე (გარდაცვლილის ადვოკატი): “გურამ შარაძის მკვლელობა პოლიტიკური მოტივით მოხდა. მასმედიას მინდა მოვუწოდო, რომ გიორგი ბარათელზე საუბარი საერთოდ შეწყვიტონ, მას თავისი უბედურებაც ეყოფა. ის გაუგებრობაშია მოხვედრილი.

შეწყდეს შარაძის სიკვდილის გაუბრალოებაზე საუბარი. როდესაც ბატონი გურამის მკვლელობა გავიგე, მაშინვე გამოვცხადდი შემთხვევის ადგილზე, მაგრამ სამართალდამცველებმა არ მიმიშვეს ახლოს. ჩემი, როგორც ადვოკატის როლი თავიდანვე იგნორირებული იყო. გეკითხებით, ამის შემდეგ საქმეში ჩვენი მონაწილეობა საჭიროა?”.

ლალი როზომაშვილი

“თბილისელები”, 28 მაისი – 3 ივნისი, 2007

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s