მკვლელობის კადრს მიღმა

გურამ შარაძის მკვლელობის დღეებში მედია უფრო მკვლელობის ვიზუალურ ეფექტებზე ამახვილებდა ყურადღებას და ფაქტითაც იმდენად ინტერესდებოდა, რამდენადაც ის ახალი, სენსაციური და სკანდალური იყო. გაივლის კიდევ ცოტა ხანი და ტელეეკრანებიდან და გაზეთების პირველი გვერდებიდან გაქრება შარაძის მკვლელობის სურათები, რადგან ის სულ რამდენიმე დღით იყო შესული მედიასივრცეში. ამ ფონზეც კი ნაკლებად საინტერესოდ ჩაითვალა გურამ შარაძის ლიტერატურული, მეცნიერული და პოლიტიკური ბიოგრაფიის გახსენება. რა თქმა უნდა, არა ზედაპირული სიტყვებით, მყვირალა ეპითეტებით, რომლებიც აქა-იქ გაისმა და რომელთაც ხშირად უძღვნიან მიცვალებულებს. ამჯერად ძალზე მოკრძალებულია ჩვენი მცდელობა, მიახლოებით მაინც ვთქვათ, რა გააკეთა გურამ შარაძემ მეოცე საუკუნის ლიტერატურასა და პოლიტიკაში. რესპონდენტად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრი, ლიტერატორი თემურ ქორიძე ავირჩიეთ.

_ ბატონო თემურ, ბევრს ახსოვს, რომ 80-იანი წლების პრესაში საკმაოდ გახმაურებული იყო თქვენი ლიტერატურული პოლემიკა გურამ შარაძესთან. თქვენი ურთიერთობა მასთან დაპირისპირებით დაიწყო?

_ ეს იყო ოცი-ოცდახუთი წლის წინ. გურამი მაშინ მოგზაურობდა ბრიტანეთში, ეცნობოდა უნიკალურ სამუზეუმო მასალებს. გამოსცა წიგნი “სათნოების და ბედნიერების საუნჯე”. ჩემი კრიტიკული რეცენზია სწორედ ამ წიგნზე დაიწერა. მაგრამ ეს იყო აკადემიური, ფრთხილი და არა პიროვნული ღირსების შეურაცხმყოფელი წერილი. მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ბატონი გურამი პატივსაცემი და ძალზე ცნობილი მკვლევარი. ბევრი ფიქრობდა, რომ არ უნდა გამებედა კრიტიკა. როგორი ბედნიერი ვიყავი, როცა მივხვდი, რომ თავად ბატონმა გურამმა არ იფიქრა ასე. მან უთქმელად, ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე აღიქვა ჩემი კრიტიკა და მიიღო, როგორც განსხვავებული აზრის მიღება შეეძლო კულტურულ ადამიანს. მახსოვს, რომ მიპასუხა ფრაგმენტულად ცალკეულ ინტერვიუებში, მაგრამ მიპასუხა ძალიან აკადემიურად, საკუთარი და ოპონენტის ღირსების დაცვის შეგნებით.

_ ამ დღეებში ძალიან ბევრს და, ძირითადად, აი, ასეთ, თქვენსავით კარგ ფაქტებს იხსენებენ გურამ შარა­ძესთან ურთიერთობიდან. ეს _ იმიტომ ხომ არა, რომ ბატონი გურამი გარდაცვლილია.

_ და გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერსო, არა? ძველი რომაელების შენიშვნაა და ყველა დროისთვის აქტუალური. მაგრამ, დამერწმუნეთ, გურამ შარაძეს ასეთი შეღავათი არ სჭირდება. მასზე ხშირად ამბობენ, რომ იყო ხისტი, იყო ექსცენტრული, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ იყო ზომიერად ექსცენტრული და ზომიერად ხისტი. მიკვირს, რომ მისი ოპონენტები ვერ პოულობდნენ მასთან საერთო ენას. მან არ იცოდა ბოღმის გულში ჩადება. მახსოვს, ჩემი კრიტიკული წერილის შემდეგ ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს ლიტერატურის ინსტიტუტში, რადგან ორივე იქ ვმუშაობდით, ცოტა ხანს იგრძნობოდა სიცივე მისი მხრიდან, გამარჯობას არ ახლდა ღიმილი, მაგრამ ეს სიცივე ნელ-ნელა გათბა. საქმემ, საქმიანმა ურთიერთობამ ყველაფერი გადაწონა. ახლაც, როცა ამას ვიხსენებ, მიკვირს, როგორ შევეჩვიეთ ერთმანეთისთვის ტალახის სროლას. როგორი თავისუფალი იყო ის წლები და ის ურთიერთობები ამ ყველაფრისგან.

_ ლიტერატურის ინსტიტუტში იმ წლებში ძალიან ბევრი ცნობილი მეცნიერი მუშაობდა და, როგორც ვიცი, ეს ინსტიტუტი ეროვნული ცნობიერების გამორჩეული ადგილი იყო. გურამ შარაძე იღებდა ამ ცნობიერების ჩამოყალიბებაში მონაწილეობას?

_ მე მახსოვს, რომ დიდ პატივს სცემდა გურამ შარაძეს ზვიად გამსახურდია. თვითონ ინსტიტუტის პერიოდიდან არ მახსოვს მათი ურთიერთობის დეტალები, მაგრამ ეს რომ ახლო ურთიერთობა იქნებოდა, იქიდან ვიცი, რომ, როცა “მრგვალი მაგიდა” მოვიდა ხელისუფლებაში, ბატონი გურამი ხშირად მოდიოდა ხოლმე უზენაეს საბჭოში შენიშვნებით ხან ჩემთან, ხან ზვიადთან. სულ ჩვენ ირგვლივ ფუსფუსებდა. სხვათა შორის, ხშირად ვითვალისწინებდით მის შენიშვნებს. ამით იმის თქმაც მინდა, რომ გურამიც იყო ჩვენგან თუნდაც ცოტა განსხვავებით მოაზროვნე, მაგრამ ის არ იყო ჩვენთან დაპირისპირებული. მან იცოდა ღირსეული ოპონირება. ამ პერიოდში ერთგვარი კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა ლიტერატურის მუზეუმში. ზვიადმა გურამი დანიშნა მუზეუმის დირექტორად _ ასეთი გამოსავალი ნახა კონფლიქტის შესაჩერებლად.

_ როდის მოვიდა გურამ შარაძე ეროვნულ მოძრაობაში. ეს არ დაწყებულა ლიტერატურის ინსტიტუტის დროიდან?

_ გურამი ცოტა სხვანაირი კაცი იყო. მაშინ პოლიტიკური აქტიურობა არ ეტყობოდა. არ ყოფილა დისიდენტურ მოძრაობაში. იყო ზვიად გამსახურდიას გვერდით, მაგრამ არ ყოფილა მისი ჰელსინკის ჯგუფის წევრი. ის თავისი ეროვნული აზროვნების რეალიზებას სხვა ფორმით ახდენდა. ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო. ის ხომ ალექსანდრე ბარამიძის საყვარელი მოწაფე იყო. სხვათა შორის, არც მაშინ დაკლებია გურამს თავისი კოლეგების მხრიდან შური. ადამიანები ხომ არასდროს არიან ამისგან თავისუფალნი _ ხშირი მივლინებები საზღვარგარეთ, წარმატება, პოპულარობა… _ საბჭოთა პერიოდში მეცნიერთა დაუბრკოლებელ გასვლებს საზღვარგარეთ საზოგადოება საკმაოდ ეჭვით უყურებდა და ათასგვარ იარლიყს აწებებდა…

_ უშიშროების სამსახურებთან მათი თანამშრომლობის ეჭვებზე საუბრობთ, არა? კი, მეც ხშირად მსმენია მოცლილი ადამიანების ასეთი დაუსაბუთებელი საუბრები. მაგრამ, იცით, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტს რომ დასწამო ცილად, იმიტომ უშვებენ საზღვარგარეთ, რომ რაღაც სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაცია უნდა მოიპოვოსო, შეიძლება, კიდევ იმსჯელო ამაზე, მაგრამ _ მწერალი? კრიტიკოსი? რომელიც მთელი დღეები მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში ზის და ამით ამოიწურება მთელი მისი დღის განრიგი? ეს ცოტა გულუბრყვილო ფიქრია.

_ გურამ შარაძე პირადად მე მახსოვს ჰარმონიაში მხოლოდ ერთ ხელისუფლებასთან _ ეს იყო ასლან აბაშიძის ხელისუფლება აჭარაში. თქვენც საკმაოდ თბილი ურთიერთობები გქონდათ ბატონ ასლანთან და, ალბათ, ისიც გეცოდინებათ, რომ ბატონი გურამი და ასლან აბაშიძე მტრებად დაშორდნენ ერთმანეთს. ისიც მსმენია, რომ, როდესაც ბატონმა გურამმა თავისი მოკლული შვილის ცხედარი ნახა, პირველი, რაც თქვა, ასეთი სიტყვები იყო: ასლანმა მომიკლა ლაშა. თქვენ ხომ არ იცით უფრო ზუსტად, რა მოხდა ასლან აბაშიძესა და გურამ შარაძეს შორის?

_ ჯერ იმას შეგახსენებთ დაუფარავად, რომ ასლან აბაშიძის კანდიდატურა ზვიად გამსახურდიას მე შევთავაზე იმიტომ, რომ ის მემედ აბაშიძის შთამომავალი იყო. იმ ეტაპზე მას ალტერნატივა არ ჰყავდა.

_ თუმცა ბატონი ასლანი ვერ გამოდგა მემედ აბაშიძე საქართველოსთვის… მაგრამ ამაზე ნუ ვიკამათებთ. ასლან აბაშიძის მრჩეველი კულტურისა და იდეოლოგიის საკითხებში _ გურამ შარაძე _ რამდენიმე წელში თბილისში დაბრუნებული, შეიარაღებული დაცვით დადის. როგორც ამბობდნენ, ასლან აბაშიძისგან მოსალოდნელი საფრთხის შიშით… _ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გურამმა მაშინ ბათუმში დიდი საქმე გააკეთა: დაწერა მნიშვნელოვანი გამოკვლევები და ეს ასლან აბაშიძის ხელშეწყობით გააკეთა. შემდეგ საქართველოს პარლამენტში მოვიდა “აღორძინების” სიით. კონფლიქტი ფრაქციაში დაიწყო. როდესაც ჯემალ გოგიტიძე გახდა ფრაქციის თავმჯდომარე, თორმეტმა წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა ფრაქცია. ერთ-ერთი მათგანი იყო ედუარდ სურმანიძე. ასლან აბაშიძეს ყველაზე მეტად გურამ შარაძის გასვლა ეწყინა. ბატონი გურამი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ფრაქციის თავმჯდომარე არ ყოფილიყო გოგიტიძე. ამ კონფლიქტზე მეტი არაფერი ვიცი. ზედმეტად არასოდეს დავინტერესებულვარ და არაფერი მიკითხავს არც ბატონი ასლანისთვის და არც ბატონი გურამისთვის.

_ როცა ბატონი გურამი პარლამენტის წევრი იყო, თქვენ ახალი დაბრუნებული ბრძანდებოდით საქართველოში, და როგორც ვიცი, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშიც ცხოვრობდით. არ მიგიმართავთ ბატონი გურამისთვის თანადგომის თხოვნით?

_ ძალიან რთული წლები იყო. 99-ში ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრეს შევარდნაძის ღირსების შელახვის გამო. არ მიმიმართავს დახმარებისთვის. არ ჩამითვლია საჭიროდ. _ ბატონმა გურამმა უკანასკნელი წლები პირწმინ­დად მიუძღვნა ლიტერატურულ საქმიანობას. მოდით, შეაფასეთ მისი ილიას და აკაკის ტომეულები. და ეს იყოს წლების შემდეგ თქვენი მორიგი ლიტერატურული კრიტიკა გურამ შარაძის წიგნზე…

_ აკაკის ორი ტომი მაჩუქა. მითხრა, როცა ვაკეში იქნები, მესამე ტომსაც ჩამოგიტანო. აკაკის მერე იაკობ გოგებაშვილზე ვიწყებ მუშაობასო. ნახევარი საქმე უკვე გაკეთებული მაქვსო. მერე ვაჟა მაქვს გეგმაში, მერე კონსტანტინე. სამოცი წლის შემდეგ იწყება მეცნიერისთვის აყვავების ხანა. გურამს ორმოცდაათზე მეტი მსხვილტანიანი მონოგრაფია აქვს გამოცემული. რომ დასცლოდა, ერთ ამდენს მოასწრებდა. ემიგრანტული ჟურნალისტიკის რვატომეული შექმნა. ორი ტომი მომიტანა საავადმყოფოში, როცა ძალიან ცუდად ვიყავი, ინფარქტის დიაგნოზით ვიწექი. მახსოვს ჩემი აღფრთოვანება. ეს არის ქართული აზროვნების ისტორია. მისი ყველა წიგნი, ილიასა და აკაკის ჩათვლით, არ არის ნაწარმოებთა ან მწერლების ბიოგრაფიათა უბრალო კრებული. ეს არის ცხოვრება და მოღვაწეობა, ამ სიტყვების ძველი, ჰაგიოგრაფიის დროინდელი გაგებით, ეს არის მწერალთა პორტრეტები, ხოლო რომ შექმნა დიდი ხელოვანის პორტრეტი, მისი ცხოვრების და შემოქმედების ყველაზე უჩინარი წვრილმანებიც კი უნდა იცოდე. ამ წვრილმანების ჩათვლით შექმნა გურამ შარაძემ დიდი ადამიანების პორტრეტები და ზეადამიანური შრომისმოყვარეობით მიაღწია ამას. მისი წიგნის პრეზენტაციაზე გამაოცა იმან, რომ გურამის ოპონენტებიც კი იყვნენ სტუმართა შორის. და ახლა შემიძლია გითხრათ, რატომ: როგორი ირონიული ან მტრული დამოკიდებულებაც უნდა გქონდეს გურამ შარაძის მიმართ, მის წიგნებს რომ წაიკითხავ, მის მეგობრად გადაიქცევი.

_ ესე იგი, ვინც მოკლა გურამ შარაძე, ვერ მოასწრო მისი წიგნების წაკითხვა?

_ შეუფერებელ შედარებაში არ ჩამითვალოთ. გიგლა ბერბიჭაშვილმა კითხვა არ იცოდა და როცა უთხრეს, ასეთი და ასეთი კაცი მოკალიო, გაოცებულა, მე მითხრეს, მოსაკლავია ის კაცი, ვინც უნდა მოკლაო და იმიტომ ვესროლეო. და კიდევ ერთი: ილიას მკვლელობის შემდეგ პეტერბურგში ას ოცდახუთმა სტუდენტმა ჩაატარა კრება. იმსჯელეს, გაეგზავნათ თუ არა სამძიმრის დეპეშა საქართველოში. ას ოცდახუთიდან სამოცდათხუთმეტმა უარი თქვა დეპეშის ხელმოწერაზე და მათი უარი შენახულია ისტორიაში: ილია დამსახურებული პოლიტიკური ტერორით დაისაჯაო.

ლია ტოკლიკიშვილი

“ახალი 7 დღე”, 25-31 მაისი, 2007

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s