გადაცემა ,,რეაქცია”

 

იმედის” ტელეეთერი, გადაცემა ,,რეაქცია”

  2007 წლის 25 მაისი

 

ინგა გრიგოლია, გადაცემა ,,რეაქციის’’ წამყვანი:

_ დღევანდელი გადაცემა უნდა გავხსნა თემით და ადამიანით, რომელიც დღეს თავად დამიკავშირდა და ეთერში გამოსვლა მთხოვა. დღეს დილით ჩემს პირად ტელეფონზე ასეთი შეტყობინება მივიღე: ,,თუ გაინტერესებს ნამდვილი სიმართლე, გთხოვ, მიპასუხო. ახლა სახლთან პროვოკაციას მიწყობენ, მე კი ცოცხალი ამათ ვერ ჩავბარდები, საქმე წამებზეა. გიორგი შარაძე”. როდესაც მე გიორგის დავურეკე, მან მითხრა, რომ პირდაპირ ეთერში სურს საუბარი, სადაც იგი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. გიორგი შარაძეს, რომელთან მიმართებაშიც გურამ შარაძის მკვლელობის პირველსავე წუთში გაჩნდა კონკრეტული კითხვები და ვერსიები, ჯერ კომენტარი არსად გაუკეთებია. ამ კომენტარს და იმას, თუ ვინ ემუქრება მას პროვოკაციით, ახლა მეც თქვენთან ერთად შევიტყობ. გიორი შარაძე პირდაპირ ეთერში გვერთვება. მე მას მივესალმები. გიორგი, საღამო მშვიდობის…

გიორგი შარაძე: _ საღამო მშვიდობის.

ინგა გრიგოლია: _ აქვე კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. საღამო მშვიდობისა. მაშ ასე, დავიწყოთ. დღეს დილით ჩემს ტელეფონზე მოვიდა შეტყობინება, რომელმაც მე ძალიან შემაშფოთა. მე არ მქონდა უფლება, რომ ასეთი შემაშფოთებელი მესიჯი უყურადღებოდ დამეტოვებინა. რაზე საუბრობდა გიორგი შარაძე _ ,,მე მათ ცოცხალი არ ჩავბარდები” _ რაზე იყო საუბარი?

გიორგი შარაძე: _ სანამ ანონსი მიდიოდა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ვიღაც მემუქრებოდა. ვინ მემუქრებოდა, ეს რომ ვიცოდე კონკრეტულად, დამერწმუნეთ, რომ თქვენ აღარ შეგაწუხებდით, მაგრამ ეს მიზანმიმართულად გრძელდება უკვე 26 აპრილიდან, როდესაც მე დავუკავშირდი მონიტორში ერთ-ერთი… (მე ვიყავი მონიტორის ხელმძღვანელი) ბოლო თაობის წარმომადგენელს გიორგი ლაფერაშვილს, მეტად ზრდილ, კეთილსინდისიერ და კარგ ჟურნალისტს და ზუსტად ეს ყველაფერი მე მას ვუამბე დაახლოებით ერთი თვის წინ. ასევე დავურეკე ,,ვრემიას” საკორესპონდენტო ბიუროს ხელმძღვანელს, ბატონ მიშა რობაქიძეს, რომელსაც ტელეფონზე ხმის ჩანაწერი აქვს გაკეთებული და ყველაფერი ეს ვიწინასწარმეტყველე, მხოლოდ ვერაფრით ვერ დავუშვი, ეს მამას წინააღმდეგ იქნებოდა. მე ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ჩემს წინააღმდეგ და რატომ? წელს, ორი-სამი თვის წინ, ქვეყანაში, სადაც გურამ შარაძეს ხულიგნობისთვის ორჯერ სვამენ ციხეში 15-15 დღით, მე, გიორგი შარაძე, თუ ქუჩის ბიჭებში არა, სატელევიზიო წრეებში მაინც ხულიგნად ცნობილი, ვუგებ პროცესს პატრულს. თავიდან, როდესაც შევამჩნიე ჩემს სახლთან მანქანების მიზანმიმართული სიგნალები…

ინგა გრიგოლია: _ თქვენ სახლთან იყო მანქანა, რომელიც გითვალთვალებდათ?

გიორგი შარაძე: _ ჩემს სახლთან დგას დაცვის სამსახურის მანქანა სტაფილოსფერი ზოლით, ნომერი არის ,,ოაო-246”, მაგრამ მთელი 40 დღის განმავლობაში მე მათთვის ხმა არ გამიცია და გუშინ, როდესაც მამა დაასაფლავეს… გეტყვით, რატომ არ ვჩანდი, ამას ცალკე შევეხები…

ინგა გრიგოლია: _ ვერსიები ვრცელდება სხვადასხვა…

გიორგი შარაძე: _ ჩავედი ქვემოთ და შევეკითხე _ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, შეეკითხოს პატრულს, მის წარმომადგენელს, გავეცანი, ვინ ვიყავი, მაგრამ მაინტერესებს, ვინ იყო ის და რას იცავს ჩემს მოპირდაპირე შენობასთან. ჩემი მოპირდაპირე შენობა არ არის არც გასტრონომი, არც მარკეტი, არც სუპერმარკეტი, ჩემს წინ მდებარეობს სულხან-საბა ორბელიანის ინსტიტუტი. რაც იცავდნენ ისინი 40 დღის განმავლობაში, მაინტერესებს…

ინგა გრიგოლია: _ თქვენ რას ფიქრობთ?

გიორგი შარაძე: _ ვფიქრობ კი არა, პირდაპირ ვაცხადებ _ ჰიჩკოკის ცნობილი ფილმია, სახელი არ მახსოვს, როგორ ხდება ხმებით ადამიანის უმძიმეს ფსიქოლოგიურ სტრესამდე მიყვანა და მე თქვენ პირობას გაძლევთ, რომ არა ის 10 წელი, რომლის განმავლობაშიც მე ჩემი ძმის, ასევე ტრაგიკულად, ლოგინში ტყვიით მოკლული ძმის შემდეგ, მე იმდენი სტრესი… შარშან დედა 3 თვე აპარატზე იყო შეერთებული, ამდენი სტრესისგან… უბრალოდ, ამის რეჟისორს ორი გამორჩა _ ის, რომ მე თვითონ რეჟისორი ვარ და მასზე არანაკლები და მეორე ის, რომ აი, შეხედეთ, აი, ხმა, როგორი ხმაა… მეორე ის ამბავი, რომ მე კამერა მქონდა სახლში და მე ყველაფერს ამას ვიღებდი და ,,ტაიმკოდით” მაქვს გადაღებული თითქმის ყველაფერი.

ინგა გრიგოლია: _ გიორგი, ვინ არიან ეს ადამიანები, თქვენ როგორ ფიქრობთ და რატომ დაუკავშირეთ ეს ყველაფერი…

გიორგი შარაძე: _ იმიტომ დავუკავშირე, ქალბატონო ინგა, რომ სანამ ჩემი სახლიდან მივალ იქამდე, უნდა გავირბინო 100 მეტრი მინიმუმ და როგორც გავიგებდი მამას ამბავს, გავიქცეოდი ძველი, ახალგაზრდული ცხელსისხლიანობით, ასე ვთქვათ, გავიქცეოდი მათკენ, ერთი თვე ხომ ვუყურებდი მათ… ყველას და კიდევ ერთხელ ვამბობ, ხმებით, მიზანმიმართულად, მე მე-9 მუსიკალურში ვსწავლობდი, ერთ-ერთი პირველი მუსიკალური კლიპის ავტორი ვარ _ ,,ანო და ვანო”, მოგეხსენებათ, და ტელევიზიაში ვმუშაობდი ძალიან დიდი ხნის წინ, მაგრამ, ვინაიდან ტელევიზიამ ძალიან დიდ პატივთან და ბევრ სასიხარულო წუთებთან ერთად ძალიან ბევრი ტრაგიკული წუთი და საათი მომაყენა მამას გამო, მეტი არაფერი, მე ბოლო ექვსი თუ შვიდი თვე საერთოდ აღარ მიყურებია ტელევიზორისთვის და ჩემი საუბარი რომ დამთავრდება თქვენთან, აღარ შევხედავ.

ინგა გრიგოლია: _ გიორგი, ერთი კითხვა მინდა, დაგისვათ. აი, თქვენ ბრძანეთ, რომ მე ვიტყვი, რატომ არ ვჩანდიო მამის დაკრძალვაზე.

გიორგი შარაძე: _ ახლავე, ახლავე, ახლავე გაგცემთ პასუხს…

ინგა გრიგოლია: _ პირველივე წუთებიდან, სხვათაშორის, მკვლელობის ვერსიიდან, თქვენ დაგიკავშირეს ეს ყველაფერი, საუბარი იყო იმაზე, რომ გიორგი შარაძემ წაიყვანა ბარათელი შვეიცარიაში, სადაც მას თირკმელების გაყიდვის… და შემდეგ ფული არ მისცეს.

გიორგი შარაძე: _ ქალბატონო ინგა, მე ვიცი, ვიცი, აი, ახლავე გეტყვით ყველაფერს. ესე იგი, აქ ჩემთან არის, ჩემს მოპირდაპირე მხარეს თქვენი ოპერატორი გია ჭელიძე, რომელიც ამავე დროს ჩემი სკოლელი არის. ჰკითხეთ მას ან ნებისმიერ ოპერატორს, გიორგი შარაძეს ვინმესთვის, საერთოდ, როდესმე ვალი მოუთხოვია, ან გახსენებია საერთოდ, ვინმეს, რა ვალი აქვს მისი? ნამდვილად ვერ იტყვის ვერავინ, პირიქით, მე ამას ქველმოქმედებად არ ვთვლიდი, მაგრამ არც ფულის ფლანგვად მიმაჩნდა არასდროს, ვინაიდან ტელევიზიის მუშაკები იმ დროს, როდესაც მე ტელევიზიაში ვმუშაობდი ძალიან, ძალიან დაბალი ხელფასით ცხოვრობდნენ, მე კიდევ ამ დროს ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად კლიპმეიკერად ვითვლებოდი. რაც შეეხება, რატომ არ ვჩანდი? როდესაც ჩემი ძმის ცხედარი მიიყვანეს პროზექტურაში, მინდოდა შევსულიყავი და მენახა იგი. ჟერ მისი მკვლელობის ადგილას, სახლში არ შემიშვეს, უკანა გასასვლელიდან გააპარეს. პროზექტურაში რომ მივედი, ვნახე ქალბატონი თამარ დეკანოსიძე _ აკადემიკოსი, გენიოსი ქალბატონი, რომელმაც ისეთი სიტყვები მითხრა, რომელიც მე მთელი ცხოვრება დამრჩა _ ,,ნუ ნახავ, ცოცხალი დაგამახსოვრდეს, ცოცხალის სუნი აგდიოდეს, არ გირჩევნიაო?” _ ასე მითხრა. და ამის შემდეგ მე არ ვყოფილვარ არავის პანაშვიდზე. აი, ჩემი მეგობარი ვასიკო ექსეულიძე, რომელსაც ვერის სინდისს და ნამუსს ეძახდნენ, ახლახან გარდაიცვალა, ძალიან მძიმე დაავადებით, იქაც ვერ ავედი, ავირბინე, მის ძმას ბოდიში მოვუხადე და გამოვიქეცი. მამაც, იმ დილას, როდესაც… იცით, კიდევ ქალბატონო ინგა, თითქმის 40 დღის განმავლობაში, მამა, რომელსაც უსაზღვროდ სჯეროდა ჩემი ყოველთვის, მთელი ცხოვრება, ვერ დავარწმუნე მამაჩემი, მთელი სპეცლიტერატურების ,,ოგონიოკებში”, სადაც იბეჭდებოდა ვადიმ ბაკატინის და სხვა ათასი სპეცსამსახურების… ზოგის უბედურება და ბედნიერება არის გაუნათლებლობა და ჩემთვის ნაკითხობა იქცა ტრაგედიად, ალბათ, და ვერ დავუმტკიცე მამას. ვუმტკიცებდი, უფრო სწორედ, საღამოს დამტკიცებული იყო, დილით ისევ გრძელდებოდა.

ინგა გრიგოლია: _ აი, თქვენ რას უკავშირებთ, გიორგი, მაინც ამ ტრაგედიას, თუკი თქვენ, ვთქვათ, გამორიცხავთ ბარათელთან ან რაღაც მსგავს ვერსიას, თუკი… მივყვეთ იმ დაპირისპირებას?

გიორგი შარაძე: _ ბარათელისთვის მე ვინ ვარ ჰკითხეთ კოკა ყანდიაშვილს, მის ძმას მამუკას, ბიძამისს, რომელიც პერიოდულად მიკავშირდებოდა და მამას მეძახდა, ვინაიდან ბავშვს მამა არ ახსოვს და იმ 16 ბავშვიდან, რომელიც მაშინ გამოვიყვანეთ ციხიდან, მე ბარათელი ავარჩიე რა პრინციპით, იცით? ბარათელი მონაწილეობას ღებულობდა მცირეწლოვანთა ჯანყში 1992 წელს კოლონიაში. როდესაც ხელმძღვანელობამ გამოააშკარავა, ერთ-ერთი მეთაური იყო ამ აჯანყების, რაღაც 12 წლის განმავლობაში თუ რაღაცა, ატარებდნენ იმდროინდელი პრესის ქვეშ. ამდროინდელი არ ვიცი, მაგრამ იმდროინდელის წარმოდგენა მაქვს. და ამ ნიშნით ავიყვანე, რომ არავინ არ გაუთქვია, სიტყვა არ უთქვამს არავისზე.

ინგა გრიგოლია: _ მაშ, ახლა რა მოხდა, გიორგი, ერთი კითხვა, თუ შეიძლება, რატომ მოკლა მან გურამ შარაძე?

გიორგი შარაძე: _ გიორგი ბარათელს გურამ შარაძე, ჩემი აზრით… როდესაც დედამ პირველ წამს მითხრა, რომ მოკლა გიორგი ბარათელმაო, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა შვეიცარიაში, მე ძალიან ნაწყენი ვიყავი თავის დროზე, მაგრამ…

ინგა გრიგოლია: _ რა მოხდა?

გიორგი შარაძე: _ შვეიცარიაში საქართველოს კონსული… წამოსვლის წინა დღეს გიორგი წავიდა და დარჩა, თან მაღაზიაში, რომელზეც სპეციალურად მივიყვანე და ვუთხარი, აქ ქურდობა არ გაბედო-მეთქი და განსაკუთრებით იმ მაღაზიაში-მეთქი. აი, იმ მაღაზიაში შევიდა ზუსტად, რაც უკვე დარჩენას ჰგავდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაშინდელ კონსულს, ქალბატონ ხათუნას შეიძლება დაუკავშირდეთ, ახლაც შვეიცარიაშია, ერთი ჩანთა ტანსაცმელი დავუტოვე გიორგისთვის…

ინგა გრიგოლია: _ ანუ თქვენ ამბობთ, რომ თირკმელები არაფერ შუაშია?

გიორგი შარაძე: _ რა თირკმელი, რის თირკმელი…

ინგა გრიგოლია: _ არა, ეს უბრალოდ, ერთ-ერთი ვერსიაა, რომელიც უცებ…

გიორგი შარაძე: _ დაუკავშირდით ყოფილ ,,ვიდეოპატრულის” ხელმძღვანელს ზიზი ჩანტლაძეს, დაუკავშირდით მიშა ჟღენტს, დაუკავშირდით კიდევ ვისაც გნებავთ ,,აუდიენციაში”…

ინგა გრიგოლია: _ ამას გავარკვევთ, გიორგი, მე უბრალოდ მაინტერესებდა თქვენი მოსაზრება, რატომ მოკლა, თქვენი აზრით, გიორგი ბარათელმა გურამ შარაძე?

გიორგი შარაძე: _ გიორგი ბარათელს რომც მოეკლა მამაჩემი, რომელმაც 20 წელი თავისი ცხოვრებისა მიუძღვნა ილია ჭავჭავაძეს, მოგეხსენებათ ოლღა გურამიშვილმა თავში ბერდენკას ჩარტყმისთვის და მისი ქმრის ილია ჭავჭავაძის მკვლელობისთვის ნამდვილად დამტკიცებულ მკვლელებს _ ლაბაურს, მოძღვრიშვილს და ა.შ. შეუნდო, მთავარმართებელს სთხოვა მათი შეწყალება. მე არა მაქვს უფლება, მამაჩემის შვილმა გიორგი შარაძემ, რომც იყოს გიორგი დამნაშავე, არ მოვითხოვო უფლება, რომ როგორც უძღებ შვილს, მას აპატიონ.

ინგა გრიგოლია: _ ბოლო კითხვა მინდა, დაგისვათ, რომელიც დილით მე თქვენგან მივიღე, თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რატომ არ ვრცელდება მისი ჩვენება და რა შეგიძლიათ თქვათ ახლა პირდაპირ ეთერში?

გიორგი შარაძე: _ იმიტომ არ ვრცელდება, რომ გიორგი თვითონ მუშაობდა სამი წელი ,,ვიდეოპატრულში”, ძალიან კარგად იცის, სად შეიძლება დააყენონ ფარული კამერა, სად შეიძლება პირდაპირ გადაუღონ, სად შეიძლება არ გადაუღონ და კიდევ გეუბნებით, მე ამ ბოლო დღეებში სპეციალურად არ მინდოდა ინფორმაციის გაგება, რომ არ ვყოფილიყავი სუბიექტური. მაქსიმალურად მყავდა წრე შემოფარგლული რამდენიმე ადამიანით _ ჩემი მეუღლით, ჩემი ერთადერთი მეგობრით და მეტი არავინ არ ამოდიოდა და არ ვიგებდი არავითარ ინფორმაციას, მაგრამ, რომ მითხრეს, რომ არის ნაცემი, ეტყობა სახეზეო, მე პირდაპირ განვაცხადე… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დედაჩემმა, რომ მითხრა, გიორგი ბარათელმა მოკლაო, ინსტიქტურად წამომცდა, _ რომელმა ჩემმა, დედა-მეთქი. ამის მომსწრე ბევრი არ არის.

ინგა გრიგოლია: _ გიორგი, და სულ ბოლოს, მაშ, რატომ მოკლეს, შენი აზრით, როგორ ფიქრობ…

გიორგი შარაძე: _ რატომ მოკლეს? დღეს თქვენი სტუმრები რომ ჩამოთვალეთ, ძალიან ბევრი, სერიოზული სახით იტყვის, რომ ასეთი ცუდი ამბავი მოხდა… ჩვენ ხომ ნეკროფილების ქვეყანა ვართ. ილია მოუკლეს ქართველ ერს და მამაჩემი… მამაჩემთან ერთად მე უნდა მოვეკალით, ეგ არის ყველაზე კარგი… ან მე უნდა მომეკლა თავი…

ინგა გრიგოლია: _ ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს იყო თქვენს წინააღმდეგ დაგეგმილი…

გიორგი შარაძე: _ მამაჩემი 30 წელი ეძებდა… მე არ მიყვარდა არასოდეს კვეხნა, ჩემს გადაცემებს არ ვაწერდი ჩემს სახელსა და გვარს, ეგეც, შეგიძლიათ სატელევიზიო წრეებში გაიკითხოთ… 30 წელი რასაც ეძებდა, შვეიცარიაში არათუ ვიპოვე, არამედ ჩამოვიტანე, ეს არის ის ხუთი ძირითადი ნიშანი საქართველოს დამოუკიდებლობისა, რაზეც შეუძლია საქართველომ საერთაშორისო სამართლის ნორმებით განაცხადოს პრეტენზია. ეს არის 26 მაისის (შეგიძლიათ მიბრძანდეთ პარლამენტში, იქ ნახოთ მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში), 26 მაისს ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტი, მთავრობის შტანდარტი, ორიგინალი შარლემანის ღერბი (ორიგინალი შარლემანის), შემდგომ მესამე პირი ნაბეჭდი, 1919 წლის 12 მარტს რომ ხელმეორედ მიიღო და კონსტიტუცია. ეს ხუთი დედანი ჩამოვიტანე მე საქართველოში და 2001 წლის 26 მაისს გადავეცით ბატონ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და ცხონებულ ზურაბ ჟვანიას და მინდა დამემატებინა, ჩემმა სიჩუმემ, ქალბატონო ინგა, ისეთ საგონებელში ჩააგდო ამ სცენარის ,,ავტორ-რეჟისორი”…

ინგა გრიგოლია: _ ვინ არიან ამ სცენარის ავტორ-რეჟისორი, იქნებ მითხრათ, გიორგი? აი, თქვენ რომ პროვოკაციაზე საუბრობთ თქვენს წინააღმდეგ… ვინ, ვინ?

გიორგი შარაძე: _ პროვოკაციაზე ვსაუბრობდი, რატომ, იცით, ქალბატონო ინგა, გუშინ… რემონტი მაქვს სახლში, რემონტი დავიწყე იმიტომ, რომ… მე ჩამითვალეს დანაშაულად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის სახლში გაცილება. როგორ მოგწონთ? ქართველ კაცს, ბოლო-ბოლო, სულ რომ არაფერი, ჩემი მინისტრი ყოფილიყო, რომელსაც მოუხსნეს დაცვა, რომელსაც მისცეს 20 წუთი, რომ თავისი ნივთები მოეგროვებინა… მანქანა ჩამოართვეს და ფეხით წავიდა და არავინ არ მიჰყვებოდა, გავყევი… ქალბატონი სალომე კი იკავებდა თავს, მაგრამ ძალიან ცუდად იყო და გავყევი, მე ჩავთვალე, როგორც მამაკაცმა… არანაირი თანამდებობა ქალბატონ სალომეს ჩემთვის არ მოუცია, ბურკინა-ფასოში ვიყავით მხოლოდ, ვაგადუგუში, არის ასეთი დედაქალაქი, მე-10 სამიტზე. ეს იყო სულ ჩვენი ასეთი უმაღლესი წერტილი ჩვენი ურთიერთობისა. ქალბატონი სალომე იყო პროფესიონალი. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. დიდი მადლობელი ვარ, გავიგე, რომ ყოფილა და მიუმსამძიმრებია.

ინგა გრიგოლია: _ გიორგი, ანუ თქვენ ახლა ვერ დაასახელებთ ვერსიას, რის გამოც ეს ყველაფერი მოხდა…

გიორგი შარაძე: _ ვერსია, ქალბატონო ინგა, როგორც არის, იცით, მანდ კი არიან სიძველეების ზოგი მოყვარული, ზოგი ნაკლებ მოყვარული ხალხი მოწვეული თქვენთან სტუდიაში, მაგრამ მართლმადიდებლობა, გვიყვარს ქართველებს… ქართული ენა ძნელია და არა რეკლამური. ძალიან კარგი ენა გვაქვს, მინდა მერწმუნოთ, როგორც ენების სპეციალისტი მე თვითონ პირადად, მართლმადიდებლობა… ორთოდოქსი ევროპულად… ორთოდოქსი ნიშნავს ერთმორწმუნეს, ნამდვილად სიმართლის დიდებას, ნახეთ რა ლამაზი სიტყვა გვაქვს. დღეს, აი, ამიტომ მინდა, რომ სიმართლე მედიდებინა, იმიტომ, რომ გავიგე დღეს, თურმე, ჩემი ძმის მკვლელობა ჩემი ორგანიზებულია და ჩადენილია ბარათელის მიერ… აი, წარმოუდგენელი სისულელე, რომ მამაჩემის მემკვიდრეობა დამრჩენოდა. ვფიცავარ ჩემს ორ შვილს, რომ ერთი თეთრიც კი არ ვიცი და არასდროს მცოდნია მისი სამოღვაწეო საქმიანობოდან. მე თვითონ ასე ვიყავი და არავინ არ ველოდებოდით, ხომ გითხარით, 40 დღის წინ მე, მიშა რობაქიძეს და გიორგი ლაფერაშვილს განვუცხადე ეს ყველაფერი, რომ ასე მოხდებოდა, მხოლოდ ჩემს თავზე.

ინგა გრიგოლია: _ ძალიან დიდი მადლობა, გიორგი, იმისთვის, რომ მიიღეთ მონაწილეობა ამ გადაცემაში.

მაშ ასე, გიორგი შარაძე ამბობს, რომ მას არ სჯერა, რომ გურამ შარაძის მკვლელი არის გიორგი ბარათელი, თუმცა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მან აღიარა ეს მკვლელობა.

გიორგი შარაძე: _ რომც მჯეროდეს, ქალბატონო ინგა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მამაჩემის როგორც ხორციელ, ისე სულიერ შვილს, არა მაქვს უფლება, როგორც მოიქცა, ოლღა გურამიშვილი… არ ვიძახი მე ახლა, როგორც მისი მეუღლე მოიქცა და მოითხოვა, მე ჩემი მხრიდან, როგორც ქრისტიანი და მართლმადიდებელი, ვალდებული ვარ, მას მივუტევო, როგორც უძღებ შვილს!

 

,,ასავალ-დასავალი’’, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s