რა შესთავაზეს გურამ შარაძეს სიკვდილამდე ერთი დღით ადრე

თბილისის ყოფილი მერი თამაზ ვაშაძე ერთ-ერთი უკანასკნელთაგანია, ვინც გურამ შარაძეს შეხვდა. მათი დიალოგი უნივერსიტეტის მერვე კორპუსში, მეოთხე სართულზე, გურამ შარაძის მიერ დაარსებულ ქართული ემიგრაციის მუზეუმში გაიმართა და კონფიდენციალური ხასიათისა გახლდათ!.. ვაშაძემ აკადემიკოსს თავისი ჩანაფიქრი გაანდო და საუბრის ბოლოს უთხრა, _ ბატონო გურამ, თქვენგან პასუხს ასე ნაუცბადევად არ ვითხოვ, დაფიქრდით, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და როცა გადაწყვეტილებას მიიღებთ დამიკავშირდითო!..

სამწუხაროდ გურამ შარაძეს ფიქრის დრო არ მისცეს, მისთვის ვიღაცის ხილულ თუ უხილავ ხელს სასიკვდილო წამზომი უკვე ჩაერთო. რაც შეეხება თამაზ ვაშაძეს, მას ორშაბათს, 21 მაისს, ჭავჭავაძის პროსპექტზე შევხვდი _ გურამ შარაძის სახლის წინ. თბილისის ყოფილი მერი მომხდარით შეძრწული იყო… მთელი ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის პროსპექტი ფეხით ჩამოვიარეთ და რედაქციაში მივედით.

ვაშაძემ საინტერესო ამბავი მიამბო!.

თამაზ ვაშაძე: _ თავზარდაცემული ვარ!.. არ მეგონა თუ ამ დონეზე მივიდოდა ქართველი ხალხი, მისი ჩინოვნიკები, რომ გურამ შარაძეს ტყვიას ესროდნენ!

_ ბატონო თამაზ, თქვენ გურამ შარაძის მკვლელობაში ხელისუფლებას ადებთ ხელს?

_ დიახ, ხელისუფლებას ვადებ ხელს და თუ რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ!.. გურამ შარაძეს მე შევხვდი მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, 19 მაისს. ჩვენ ტელეფონით შევთანხმდით, რომ ემიგრაციის მუზეუმში შევხვდებოდით… ცოტა ადრე მივედი!..

_ რომელ საათზე შეხვდით?

_ დილის 12 საათზე… თავისი ,,აკაკი წერეთელის” მესამე ტომი უკანასკნელად მე მაჩუქა ავტოგრაფით. დავათვალიერე ემიგრაციის მუზეუმი, ბიძაჩემის _ პავლე ვაშაძის სურათებიც ვნახე. იგი გახლდათ დიდი პატრიოტი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი 1921 წლის გამოსვლებისა საჩხერე-ჭიათურაში. ბიძაჩემი ლევილში, გრიგოლ ურატაძის გვერდით არის დასაფლავებული. არ გაინტერესებთ ბატონო დიტო, რატომ მივედი გურამ შარაძესთან?

_ ცხადია, ბატონო თამაზ, ძალიან მაინტერესებს!..

_ გურამ შარაძესთან მივედი ერთადერთი მიზნით, რათა ქართველმა ხალხმა გააცნობიეროს, რომ თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს მომავალში საქართველო აღარ იარსებებს! აღარ იარსებებს ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი ტრადიცია, წესი, რიგი, კულტურა… ყველაფერ ამის გადარჩენა შესაძლებელია, თუ საქართველოს ეყოლება ღირსეული და ეროვნული პრეზიდენტი… ხელისუფლება ისეთ აფერას დაატრიალებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში 14 საპრეზიდენტო კანდიდატს წამოაყენებს; ალბათ, თეა თუთბერიძე და ხათუნა გოგორიშვილიც კი მიიღებენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას… გნებავთ, ათი ათას კაცს ნახავენ ოპოზიციონერსა და არაოპოზიციონერს, რომელიც ,,საპრეზიდენტო კანდიდატი” იქნება… აქედან გამომდინარე, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი _ ნიკოლას სარკოზი, რომელმაც ნამდვილად არ იცის, ვინ არის თუთბერიძე, გოგორიშვილი ან ბერძენიშვილი, იტყვის, _ ,,საქართველოში დემოკრატიაა, რადგან ქვეყანაში საპრეზიდენო არჩევნებში ათი კანდიდატი მონაწილეობს”! ცხადია, ასეთ შემთხვევაში ე.წ. ყოველგვარი ნორმის დაცვით სააკაშვილი გაიმარჯვებს და სწორედ ეს რომ არ მოხდეს, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მივსულიყავი გურამ შარაძესთან. 1996 წელს, ემიგრაციაში ყოფნის დროს, მე ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს გერმანიაში წერილი მივწერე, _ დღეს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე გურამ შარაძეზე უფრო ეროვნული, პატრიოტი, შეუვალი და განათლებული კანდიდატურა არ მეგულება და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნებში ბატონმა გურამმა იყაროს კენჭი-მეთქი! ცხადია, მე ილუზია არ მქონია, რომ სისხლით მოსული შევარდნაძე ხელისუფლებას არჩევნების გზით დათმობდა, მაგრამ ეს იქნებოდა პრეცედენტი იმისა, რომ შევარდნაძეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემდეგ ისევ დაუპირისპირდა ეროვნული ძალა. სწორედ, ამ მიზნით მივედი მე გურამთან სიკვდილამდე ერთი დღით ადრე და ვუთხარი, _ ბატონო გურამ, ძალიან გთხოვთ, ყურადღებით მომისმინოთ! თქვენგან პასუხს დღეს არ ველი, მაგრამ იფიქრეთ ამ საკითხზე. ერთ წელზე მეტია დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველო დაიღუპება, თუ ეროვნული კაცი არ მოვიდა ხელისუფლების სათავეში და გთხოვთ, იფიქროთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე-მეთქი! მე მას ვუთხარი, რომ ყველა პარტიასთან მივიდოდი, რკინის ქალამნებს ჩავიცვამდი, მთელ საქართველოს სოფელ-სოფელ შემოვივლიდი!.. ბატონო დიტო, მე მაქვს ავტორიტეტი, ამას ხაზს ვუსვამ და მთელი ჩემი ცხოვრება ისე გამიტარებია, რომ ჩემზე ზედმეტს ვერავინ იტყვის. ბატონ გურამს დავპირდი, რომ ქადაგად დავვარდებოდი და მთელ ქვეყანას ფეხზე დავაყენებდი.

_ რა გითხრათ ბატონმა გურამმა?

_ მან ძალიან დიდი ყურადღებით მომისმინა, არც არაფერი უთქვამს და არც ვითხოვდი მისგან იმ წუთას პასუხს, მაგრამ ბოლოს მაინც ვუთხარი, _ ბატონო გურამ, რამდენიმე დღეში დაგირეკავთ-მეთქი!.. ბატონი გურამის თანხმობის შემთხვევაში, გადაწყვეტილი მქონდა მივსულიყავი ბატონ კონსტანტინე გამსახურდიასთან და საპრეზიდენტო არჩევნებში ოპიზიციის ერთიანი კანდიდატის _ გურამ შარაძის მხარდასაჭერად კონსულტაციები დამეწყო ყველა იმ პარტიასთან, რომლებსაც საქართველოს წინააღმდეგ დანაშაული არ ჩაუდენიათ. დიახ, ყველასთან მივიდოდი, მაგრამ ,,ედპ”-სთან _ არა! დავუშვათ გურამ შარაძეს ვერ გაემარჯვა… ბატონი გურამი გაყალბების ნიადაგზე ვერ გაიმარჯვებდა, თორემ სხვანაირად არ არსებობდა ვარიანტი მისი დამარცხებისა, რადგან გურამ შარაძე ზვიად გამსახურდიას გზის გამგრძელებელი და სისხლითა და ხორცით პატრიოტი იყო, ხოლო ზვიად გამსახურდია ვინც იყო, მისმა დასაფლავებამ აჩვენა, როცა მთელი საქართველო ფეხზე დადგა!

_ ბატონო თამაზ, თქვენს საუბარს თუ ესწრებოდა ვინმე?

_ არავინ!.. მე მას მუზეუმში ველაპარაკე ერთი ერთზე.

_ სულ არაფერი უთქვამს ბატონ გურამს?

_ ჩემმა წინადადებამ გააკვირვა… თქვენ ნახავთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლება ისეთ კანდიდატებს მიაღებინებს მონაწილეობას შეიძლება, სიცილით მოკვდეს კაცი!.. ეს იქნება ტრაგედიის ტრაგედია!..

_ კიდევ რაზე ესაუბრეთ ბატონ გურამს, თუ საიდუმლო არ არის?

_ მე მას ვუამბე, რომ როცა ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა, იმ რამდენიმე კაცს შორის, რომლებიც ექვთიმეს კუბოს მიაცილებდა, მამაჩემიც იყო. მამაჩემმა მეც თან წამიყვანა ექვთიმეს დაკრძალვაზე, ახლა რომ ვაკვირდები, ალბათ, დაპატიმრების ეშინოდა. დიახ, მამაჩემმა თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ იქ მისულიყო, რადაგან მისი ძმა, ბიძაჩემი _ პავლე ვაშაძე, როცა ექვთიმე საქართველოში წამოვიდა, იმ დღიდან ექვთიმეს ოთახში ცხოვრობდა. ბატონ გურამს მე გაკვირვებით ვესაუბრებოდი იმაზე, თუ ფიზიკურად როგორ მოახერხა ივანე ჯავახიშვილმა ასეთი ფუნდამენტური ნაშრომების შექმნა, როგორ შეძლო ამ ხეიბარმა კაცმა _ ექვთიმე თაყაიშვილმა, ფეხდაფეხ შემოევლო მთელი ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრები და შთამომავლობისთვის დაეტოვებინა უნიკალური ფრესკები, რომლებიც უკვე გამქრალია და განადგურებული… ბოლოს ვუთხარი, _ აი, ამათი შვილი ხარ შენ, ჩემო გურამ, და, ალბათ, შენც იმიტომ შეძელი ამოდენა მემკვიდრეობა შეგექმნა-მეთქი!.. გურამ შარაძის მონოგრაფიები ილიაზე, აკაკიზე, _ ხელთუქმნელი განძია, ნახეთ მისი ,,უცხოეთის ცის ქვეშ”, ნახეთ მისი ,,ქართლი ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია”, მონოგრაფია მემედ აბაშიძეზე… რომელი ერთი ჩამოგითვალოთ… და რა მიიღო ამის სანაცვლოდ? _ ტყვია!!! სირცხვილი არ არის? გურამ შარაძე იყო მებრძოლი კაცი, მართლმადიდებლობას იცავდა და იეღოველებს ებრძოდა… 1999 წელს ევროსაბჭომ მოითხოვა, რომ საბერძნეთის პასპორტიდან ამოეღოთ რეკვიზიტი, სადაც წერია ,,მართმადიდებელი ქრისტიანი”.

_ რას ამბობთ, ბატონო თამაზ, საბერძნეთის პასპორტში მსგავსი გრაფა არსებობს?

_ როგორ არა, ბატონო, ჩვენთან დააქციეს და წაშალეს ყველაფერი ამ ნამუსგარეცხილებმა, თორემ, რას მიქვიან, არის?.. დიახ, ეს რეკვიზიტი უნდა ამოეღო საბერძნეთის პრეზიდენტს. საბერძნეთის პატრიარქმა ჯერ სალონიკში მოაწყო მილიონ-ნახევრიანი მიტინგი ამის საწინააღმდეგოდ, ხოლო ათენში ორ მილიონზე მეტი ბერძენი გამოვიდა ქუჩაში… საბერძნეთის პატრიარქმა სულ ,,ხულიგანი” და ,,ნაძირალა” უძახა პრეზიდენტს, ერთ კვირაში დაგამხობო, დაემუქრა!.. პრეზიდენტი გამოვიდა და ბოდიშები იხადა… აი, პატრიარქი, აი, ერი, აი, სად იცავენ მართმადიდებლობას!..

_ ბატონო თამაზ, ისინი ალბათ ,,ფანატიკოსები” იყვნენ…

_ როგორ გეკადრებათ!.. ბერძნები თავისუფლებისმოყვარე, მართლმადიდებელი ხალხია… ისინი პატივს სცემენ თავიანთ რელიგიას და ღირსეულ ხალხებს. აბა, ერთი ალბანელს ვინმემ რამე გაუბედოს საბერძნეთში!.. არავინ ისეთი ,,დაჩმორებული” და თავში ჩარტყმული არ დადის საბერძნეთში, როგორც ქართველი!.. ეკლესიებს ანგრევენ ეს უსინდისოები, ამის გაკეთება შეიძლება? აბა, თუ ანგრევენ მეჩეთებს ირანსა თუ თურქეთში, წამიყვანონ და მაჩვენონ!.. რა უფლებით აიღეს ჯვარი ხაშურში, ხობში, ჩოლოქთან?

სად არის კათალიკოს-პატრიარქი? გურამ შარაძის მკვლელობა ხომ საშინელებაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი საშინელების სიმპტომი ეკლესიის დანგრევა და ჯვრების დამხობაა!

მამაჩემი იგონებს თავის წიგნში, რომ ჭიათურის რაიონის სოფელ წირქვალში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას დასანგრევად მიადგნენ კომკავშირელები. სამ მოხალისეს, რომლებსაც ჯვარი უნდა ჩამოეგდოთ გუმბათიდან, სოფელში ჭკუასაკითხავმა კაცმა _ გერვასიმ უთხრა: ეკლესიას ხელი არ ახლოთ, თორემ ღმერთი შეგაჩვენებთო!.. ახალგაზრდები ღიმილით აძვრნენ გუმბათზე, ჯერ ჯვარი დაამხეს, მერე კრამიტებს დაუწყეს ჩამოყრა და გერვასის სიცილით ჩამოსძახეს მაღლიდან: გერვასი, მიყო შენმა ღმერთმა რამე? მიყო? _ მეტი რაღა უნდა გიყოს, გაგაგიჟათ და ისაა! _ უთხრა კომკავშირელებს გერვასიმ. გააგიჟა სააკაშვილი ღმერთმა და ეკლესიებს ანგრევს, ვერ ხედავთ? რატომ დაეცა ჩემი ერი ასე, რატომ, რატომ არის ხალხი ასეთი ინერტული?

_ ბატონო თამაზ, მართლაც და რატომ?

_ იმიტომ, შვილო, რომ ერს წინამძღოლებს უკლავენ და ეს ხდება მიზანმიმართულად! მოკლეს ზვიად გამსახურდია, მოკლეს გურამ შარაძე!

რატომ არ გამოდის პატრიარქი, რისი ეშინია, სიკვდილის? სიკვდილი ხომ ბედნიერებაა, როცა ქრისტეს საქმისთვის კვდები!.. რამ შეაშინა ეს ხალხი? ზვიადი მოკლეს _ არაფერი, შარაძე მოკლეს _ არაფერი, ეკლესიია დაანგრიეს _ არაფერი, სამაჩაბლო გაყიდეს _ არაფერი!.. იცით, რატომ მივედი გურამ შარაძესთან? საქართველოს პრეზიდენტად ერის წინამძღოლი გვჭირდება და არა ის ე.წ. რეიტინგული ბიზნესმენები, ფულით სავსე ტომრები, უწიგნურები და უვიცი ადამიანები, რომლებსაც ხალხში გამოჩენისა ეშინიათ!..

P.S.

ძნელია, კომენტარი გაუკეთო თამაზ ვაშაძის ნაუბარს; რესპოდენტმა, ძალიანაც რომ მომენდომებინა, ფაქტობრივად, პოლემიკისთვის ადგილი აღარ დამიტოვა, თუმცა, ისიც საკითხავია, ღირს კი პოლემიკა იმ საკითხზე, რომ ქვეყანა თავზე გვენგრევა, ხოლო გურამ შარაძის მკვლელობა ნამდვილად არ არის რიგითი კრიმინალური შემთხვევა, როგორც ამას მავანი აცხადებს!..

დიტო ჩუბინიძე

,,ასავალ-დასავალი’’, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007

 

Advertisements

6 Responses to რა შესთავაზეს გურამ შარაძეს სიკვდილამდე ერთი დღით ადრე

  1. Catin ამბობს:

    What an interesting article. I will add it to RSS

  2. roxane ამბობს:

    i dont normally advocate violence but i cant believe you would talk like that and i hope something bad happens to you

  3. nazi ამბობს:

    ცოცხალია თამაზ ვაშაძე? დღეგრძელობას ვუსურვებ

  4. ლეილა ამბობს:

    ბატონი გურამ შარაძის მკვლელობა,აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ უნდა დაისაჯონ,დამკვეთები და შემსრულებლები!!!

  5. Marina ამბობს:

    ბატონი გურამის თანხმობის შემთხვევაში, გადაწყვეტილი მქონდა მივსულიყავი ბატონ კონსტანტინე გამსახურდიასთან და ……iqneb amixsnat…im dros konstantine gamsaxurdia gana cocxali iyo?…. Batono dito?

  6. giorgi kiladze ამბობს:

    am bolo komentars gavukeTeb ”komentars ”, Tu SeiZleba: Koko Gamsaxurdiazea laparaki da ara did Konstantineze…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s