25-31 მაისი

“სიკვდილი და დასაფლავება”

25-31 მაისი 2007

  • ,,იმედის” ტელეეთერი, გადაცემა ,,რეაქცია”, 2007 წლის 25 მაისი’’, ,,ასავალ-დასავალი’’, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007
  • ,,გურამ შარაძე ვინმე ბარათელმა კი არა, ხელისუფლებამ მოკლა!’’, “ლიტერატურული საქართველო”, 25 მაისი, 2007
  • ,,ვინ და რატომ მოკლა გურამ შარაძე?!’’, “ახალი 7 დღე”, 25-31 მაისი, 2007
  • ,,ნოდარ ნათაძე: პატრიოტიზმს აქ მუდამ ესროდნენ’’, “ახალი 7 დღე”, 25-31 მაისი, 2007
  • ,,მკვლელობის კადრს მიღმა’’, “ახალი 7 დღე”, 25-31 მაისი, 2007
  • ,,გურამ შარაძის მიერ დაარსებულ მუზეუმს აუქმებენ?’’, ,,ინტერპრესნიუსი’’, 26 მაისი, 2007
  • ,,რა საქაღალდე დაკარგა საჯარო ბიბლიოთეკაში, მკვლელობის დღეს გურამ შარაძემ?’’, “ქრონიკა”, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007
  • ,,რას შეეწირა გურამ შარაძე’’, “თბილისელები”, 28 მაისი – 3 ივნისი, 2007
  • ,,შარაძის სიკვდილი ბურუსით მოცული დარჩება’’, “ახალი თაობა”, 28 მაისი, 2007
  • “უნდა ვაღიაროთ, რომ შარაძის მკვლელობამ გაანელა ეკლესიის დანგრევის გამო დაწყებული ვნებათაღელვა”, “კვირის პალიტრა”, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007
  • ,,როგორ ახასიათებს გიორგი ბარათელს კოკა ყანდიაშვილი?’’, ,,ასავალ-დასავალი’’, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007
  • ,,გურამ შარაძემ ჩემს სახლში თქვა: მე მომკლავენო!’’, “ასავალ-დასავალი”, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007
  • ,,რა შესთავაზეს გურამ შარაძეს სიკვდილამდე’’, ერთი დღით ადრე’’, ,,ასავალ-დასავალი’’, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007
  • ,,ილიას მკვლელები წიწამურის ჯაგნარიდან მელიქიშვილის გამზირზე გამოვიდნენ’’, “ასავალ-დასავალი”, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007
  • ,,გურამ შარაძე ჩემთან შეხვედრიდან 15-20 წუთში მოკლეს!’’, “ასავალ-დასავალი”, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007
  • ,,
      უცხო

    ქვეყნის სპეცსამსახურების შეცდომა: გურამ შარაძის სიკვდილმა ხალხი ქუჩაში არ გამოიყვანა’’, ..ასავალ-დასავალი’’, 28 მაისი-3 ივნისი, 2007

  • ,,ასავალ-დასავალის’’ რედაქციას! გულწრფელად გითანაგრძნობთ, ქალბატონო ლეილა!’’, (გამოუქვეყნებელი), რუსუდან კობახიძე, 6 ივნისი, 2007
  • ,,თემო გოგიძე: გურამი სანამ თვალს არ მიეფარა, მას ვუყურებდი’’, ,,სარკე’’, # 24, 2007
  • ,,გურამ შარაძის მკვლელობის ვერსიები’’, ,,მთელი კვირა’’, 28 მაისი, 2007
  • ,,იცოდე, მე ველოდები, რომ მალე ტყვია მომხვდება, მე არ მეშინია, ნურც შენ შეგეშინდება”! ,,ასავალ-დასავალი’’, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007
  • ,,უნივერსიტეტი გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის საქმიანობას კიდევ უფრო განავითარებს’’, ,,თბილისის უნივერსიტეტი”, 28 მაისი, 2007

***

იმედის” ტელეეთერი, გადაცემა ,,რეაქცია”

2007 წლის 25 მაისი

***

 გურამ შარაძე ვინმე ბარათელმა კი არა, ხელისუფლებამ მოკლა!

ძვირფასო თანამემამულენო!

ამ მყვირალა და კატეგორიული განცხადების მიუხედავად, მე არ შემიძლია ვამტკიცო, რომ რაც ახლა ვთქვი, მართლაც ასე მოხდა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ არც მთავრობისთვის იქნება ადვილი, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა დააჯეროს, რომ ეს უწესო და ბარბაროსული საქციელი მისი ჩადენილი არაა!

გაუჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, არა მარტო ცუდად, უსასტიკესად იქცევა!

განსაკუთრებით ცუდად კი იმ კაცს ექცეოდა, მთელმა საქართველომ გუშინ რომ დამარხა!..

ყოველ შემთხვევაში, დღეს, გურამ შარაძის ოჯახის არც ერთ წევრს, ქვეყნის მოსახლეობის ნახევართან ერთად, ერთი წუთითაც არ ეპარება ეჭვი, რომ ეს საზიზღარი მკვლელობა ხელისუფლების ჩადენილია!..

თუმცა, ან რაღა ეჭვი გინდა, როცა წინდაწინ იცი, რომ ეს კაცი, მთავრობის ხელიდან, კაიხნის მკვდარი გახლდათ _ აკადემიკოს კაცს, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, ორჯერ ციხეში რომ ჩასვამ, სამოქალაქო სიკვდილი მეტი კი არაფერია!

მით უმეტეს, როცა ფიზიკური სიკვდილიც აქვეა!

არადა, ერთი წუთით ისიც რომ დავუშვათ, რომ თითქოს, გურამ შარაძე ხელისუფლებას არ მოუკლავს, რაკი მთელი ქვეყანა ხელს მაინც მისკენ იშვერს, ეს უფრო დიდი სირცხვილი არაა?!

ჩემო ძვირფასო და სასტიკო ხელისუფლებავ, ეს შემთხვევა იმას ხომ არ გაგონებს, როცა ხალხი ამბობს _ სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო?!

ჰოდა, რაკი სახელი უკვე გატეხილი გაქვთ, თავიც მალე გაგიტყდებათ!..

მით უმეტეს, ყველა წესიერ კაცს ხულიგანი თუ ეძახეთ!..

თუმცა, აკადემიკოსი გურამ შარაძე იმდენად რაფინირებული ხულიგანი გახლდათ, რომ თუ არა პროფესიონალი დამსმენები, უბრალო მოქალაქის ჩვეულებრივ თვალს, მისი ეს ნაკლი, შეიძლება ვერც შეემჩნია!

აქედან გამომდინარე, კარგია რომ დღეს, საქართველოში, საქვეყნო საქმეზე თავგადაკლული და მის უსაფრთხოებაზე მოდარაჯე კაცებიც გვყვანან!

ბატონი გურამ შარაძის პირველი ხულიგნური გამოხტომა, პირველად, კულტურის მინისტრმა შეამჩნია და ეს მამისტოლა და მამის ამხანაგი კაცი, პოლიციას თავისი ხელით ჩააბარა!..

მეორედ კი, ასევე ხულიგნობის ფაქტზე, გურამ შარაძეს, უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ წაასწრო, თორემ ვინ იცის, უნივერსიტეტის რიგით თანამშრომელს, ბატონი შარაძის მაშინდელი ქცევა, ხულიგნობად არც მიეჩნია!

ბატონმა პროფესორმა კი, ამ კანონმორჩილმა კაცმა, ორივე ეს სასჯელი, პირწმინდად მოიხადა!

რა ვუყოთ მერე, თუკი მეორედ ჩაჯდომისას რეანიმაციაში მწოლიარე მეუღლის თვალწინ აიყვანეს _ ამ შემთხვევაში პატრული თავს მშვიდად იმიტომ გრძნობდა, რომ ძვირფას ქალბატონს მაღალი სიცხე ჰქონდა და ქმრის გაუჩინარების ამბავს ისედაც ვერ შეამჩნევდა!.. ერთი სიტყვით, ხელისუფლება მუდმივ მზადყოფნას ამჟღავნებდა, ეს ვითომ-მოხულიგნო პროფესორი რომ დაესაჯა და ამას, ყოველთვის, ერთგვარი აზარტით და ხალისითაც კი აკეთებდა!..

თუმცა, ცუდად და მოუმზადებლად, არც ეს სალიკვიდაციო სამუშაოები ჩაუტარებია!..

კიდევ ვიმეორებ: მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ _ როგორც ამას შარაძის ოჯახის წევრები ამბობენ და ნახევარი საქართველოც ადასტურებს _ თუ ეს მხეცური მკვლელობა მართლაც ხელისუფალთა ნამოქმედარია, რამდენიმე გაუთვალისწინებელი გარემოების გარდა, ძირითადად ყველაფერი სწორად ჰქონიათ გათვლილი!..

მკვლელიც კარგად იყო შერჩეული _ სადღაც და ოდესღაც ამ ოჯახთან რომ ჰქონია ირიბი კონფლიქტი!

პატრულის მხრიდანაც სწორად გახლდათ წრე შეკრული: საბედისწერო ადგილიდან მსხვერპლი, უკაცრავად, მკვლელი რომ არსად გაქცეოდათ, ვიდრე ხელშეკრულებით დათქმულ პირობას არ აღასრულებდა!..

პირადად ჩემში არა, მაგრამ ზოგ ვინმეს, იმის ეჭვიც კი გაუჩნდა, თუ სად და რა ორმხრივ სროლებში დაიჭრა ეს საწყალი კაცი!..

თუმცა, უცაბედი დაბნეულობის შემდეგ, ოფიციალურმა სტრუქტურებმაც ნელ-ნელა გამოასწორეს მდგომარეობა და საპატიო ქილერსაც შესაბამისი ღირსებით მოექცნენ _ იმის მაგიერ, რომ მკვლელი წინასწარი დაკავების საკანში გაექანებინათ, ფეშენებელურ საავადმყოფოში ამოაყოფინეს თავი და, როცა თვალი გაახილა (მგონი, სულაც არ ეხუჭა), თავზე, სანიტრად, საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილე ადგა!..

რა დამსახურებისთვის, კაცმა არ იცის!

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე (არადა, ამ შემთხვევაში, უკეთესია ვთქვათ: ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე!), დაკითხვის ოქმის არც ერთი პუნქტი წინასწარ არ გახმაურებულა!..

მეტიც, სასამართლო პროცესზე არც ერთი ადვოკატი და არც ერთი ჟურნალისტი არ გაუჭაჭანებიათ _ რამდენიმე ცრუ-ვერსიაზე კიდევ წაიმუშავებენ და ორმოცამდე, ალბათ, რაღაც საკენკს კიდევ გადმოგვიყრიან!

არადა, შე კარგო მთავრობავ და შე კარგო ხელისუფლებავ, თუნდაც “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე”, კიდევ რა ძირითადი საკითხი დაგრჩა გასარკვევი, როცა მკვლელიც და მოკლულიც ადგილზეა!..

უფრო სწორად, ადგილზე მხოლოდ მოკლულია, თორემ ნამდვილი მკვლელის დადგენამდე, ბარემ ორი ტურა კიდევ იკივლებს!..

მაგის პირობას კი მე გაძლევთ _ ახლა ქვეყანაში ისეთი შიში და ძრწოლაა ჩამოვარდნილი, თუ თითოეულ მოქალაქეს, ცალ-ცალკე არ მიუშვირე ავტომატი, სხვისი უბედურების გულისთვის, ფეხსაც ვერ გადაადგმევინებ!..

მით უმეტეს, დღეისთვის, საგამოძიებო ორგანოებთან ერთად, მთავარი მომენტი ჩვენთვისაც გარკვეულია _ ბატონი შარაძე გაზქურიდან გამოყოფილი მავნე აირით არ გაგუდულა!..

უფრო დაზუსტებულ ცნობებს კი, ალბათ, მოგვიანებით მოგვაწვდიან!..

P.S.

ძვირფასო თანამემამულენო!

იქნებ მაპატიოს საქვეყნოდ სახელგანთქმული მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ჩემი ძვირფასი მეგობრის, ბატონი გურამ შარაძის მეამბოხე სულმა და ვიდრე მისი მკვლელობის ამბავს ბოლომდე გავარკვევდე, იქამდე მინდა ერთი საკითხი თქვენთანაც გავარკვიო.

კი, მაგრამ, როდემდე ვაპირებთ ასეთ შიშსა და ძრწოლაში, ყელამდე ჩაფლულ ამ სიბინძურეში ცხოვრებას?!

ნუთუ, _ როგორც წერდა ის დიდი კაცი! _ მართლა ერთ ქვეყანაში თავმოყრილი აღმოვჩნდით “ყველა ყრუი, ყველა ცრუი… ცუღლუტი და მანკიერი”?!

კარგად ყოფილა, მაშინ, ჩვენი საქმე და, ამდენ გლახაში, ნეტა ერთი ღირსეული კაცი (აკაკივით!) მაინც გამოჩნდეს, რომ მოგვაფურთხოს!..

თამაზ წივწივაძე
“ლიტერატურული საქართველო”, 25 მაისი, 2007

***

ვინ და რატომ მოკლა გურამ შარაძე?!

***

ნოდარ ნათაძე: პატრიოტიზმს აქ მუდამ ესროდნენ

(იბეჭდება შემოკლებით)

მადლენ მაჭარაშვილი, “ახალი 7 დღის” ჟურნალისტი:

_ გურამ შარაძის მკვლელობა საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ პოლიტიკურ მკვლელობად შეფასდა. ხელისუფლებამ ეს შეფასება აღიქვა ამ მკვლელობაში საკუთარ მონაწილეობად. რატომ? პოლიტიკური მკვლელობა ხომ შეიძლება სხვა პოლიტიკური ძალების მონაწილეობას გულისხმობდეს?

ნოდარ ნათაძე, ,,სახალხო ფრონტის’’ თავმჯდომარე:

_ სამწუხაროდ, საქართველოში დღეს მკვლელობისუნარიანი და მკვლელობაზე ორიენტირებული რამდენიმე სუბიექტია: ხელისუფლება _ თავისი რამდენიმე სტრუქტურით, რუსეთის მხრიდან მინიმუმ ორი უწყება მუშაობს ამ მიმართულებით, მუშაობენ სხვა დაზვერვებიც.

_ დასავლური?

_ დასავლურიც და აღმოსავლურიც. არავინ უწევს საქართველოს ხელისუფლებას ისეთ ანგარიშს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მკვლელობას დაერიდოს. ასე რომ, თეორიულად პოლიტიკური მკვლელობა არ ნიშნავს მხოლოდ ხელისუფლების მიერ ჩადენილ მკვლელობას.

_ თავად ხელისუფლების სახე როგორ იშიფრება, რაკიღა მან ცალსახად საკუთარ თავზე მიიღო ეს მინიშნება?

_ ლოგიკურია იმიტომ, რომ ყველაზე ბუნებრივია, ეჭვი წარიმართოს მისკენ და არა, ვთქვათ, ჩინეთის დაზვერვისკენ, მარსელების ან უცხოპლანეტელებისკენ. გურამ შარაძე იყო აქტიური კაცი. მისგან მოსალოდნელი იყო სხვადასხვა თემებზე მკვეთრი გამოსვლები, ამიტომ, თავისთავად, მისი არ არსებობა ურჩევნიათ მის არსებობას _ ეს ერთი. მეორე, ეს არის შიშის დანერგვის მცდელობა. გურამი იეღოველებსაც ემტერებოდა. ზოგადად, ემტერებოდა ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ იდეოლოგიურად მომუშავეებს, ემტერებოდა უნივერსიტეტის დამანგრევლებს, აკადემიის დამანგრევლებს. ასეთი აქტიური კაცის ყოფნა ასპარეზზე ხელისუფლებას ხელს არ აძლევს. მთავარი მომენტი მაინც შიშის დანერგვაა. ერთმა საქმეში ჩახედულმა კაცმა მითხრა, როგორც ჩანს, ესენი ამზადებენ რაღაც საზიზღარ, ორჯონიკიძისებურ ნაბიჯს ქართული სახელმწიფოს ისტორიული ინტერესების წინააღმდეგ, ამისთვის კი პასიური, დაშინებული ფონი სჭირდებათ. ეს ყველაზე შესაძლებელი ახსნაა, თუმცა თეორიულად ბევრი სხვა ახსნაც შეიძლება არსებობდეს. ერთი, მაგალითად, ის, რომ, აგერ, ოსეთს ქმნიან, აფხაზეთმაც შეიძლება რაღაც საზიზღარი კაპიტულაცია განახორციელოს, შეიძლება საქართველოს ფედერაციაც გამოაცხადონ, შეიძლება მესხეთიდან გაძევებული 300 ათასი კაცის შთამომავლები შემოასახლონ, შეიძლება რუსეთთან რაღაც საზიზღარი, კაბალური ხელშეკრულება დადონ და დააკანონონ რუსეთის ჯარის ყოფნა ცხინვალის ზონაში, დააკანონონ რუსეთის კონტროლი ცხინვალზე…

არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, მაგრამ მე მგონი, ყველაზე რეალური რუსეთთან კაბალური შეთანხმების დადების მცდელობაა. გუშინ უკვე შევიტყვეთ, რომ 8 ივნისს სააკაშვილი ხვდება პუტინს.

_ თქვენ ბრძანეთ, რომ გურამ შარაძე იმიტომ მოკლეს, რომ ის აქტიური ფიგურა იყო, მაგრამ მაშინ არ მოუკლავთ, როდესაც ბევრად უფრო აქტიური იყო, როდესაც აპროტესტებდა პასპორტიდან ეროვნების ამოღების საკითხს, საზღვარგარეთ ქართული საგანძურის გატანას ეწინააღმდეგებოდა…

 _ მეტ-ნაკლებად გამოცდილი და კვალიფიციური სახელმწიფო ტერორისტი ორიენტაციას იღებს არა იმაზე, რა იყო გუშინ, არამედ იმაზე _ რა იქნება ხვალ. კაცი მოქმედ ასაკშია, ფორმაშია, ქვეყანაში ბევრი პრობლემა არსებობს… მოსალოდნელია, რაღაც გააკეთოს. პოლიტიკური ფიგურის მოსაცილებლად მისი ბიოგრაფიის, ასე ვთქვათ, ლატენტურ პერიოდებს არჩევენ.

_ პრესას არ შეუფასებია შარაძის პოლიტიკური პოზიცია. თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ, კონკრეტულად რა პოლიტიკურ პოზიციაზე იდგა გურამ შარაძე?

_ ეს ჩემთვის ბოლომდე ცნობილი არ არის. არ ვიცი მისი გეგმების პუნქტები. ამიტომ ამ თემაზე მიჭირს საუბარი. მკვლელობის მოტივაციაზე მსჯელობისთვის, ალბათ, საკმარისია ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ.

_ თქვენი პოლიტიკური პოზიცია ყოველთვის იყო რადიკალური ნაციონალიზმი, ეროვნული. ბატონი გურამიც ასეთ ფიგურად აღიქმებოდა. რატომ არ იყავით პარტნიორები?

_ კეთილი ნების ადამიანებისთვის განსხვავება იწყება არა მიზნებიდან, არამედ საშუალებებიდან, სტრატეგიიდან. მე ჩემი წარმოდგენა მაქვს იმაზე, როგორც უნდა იმოქმედოს საქართველომ და გურამს თავისი წარმოდგენა ჰქონდა…

“ახალი 7 დღე”, 25-31 მაისი, 2007

***

მკვლელობის კადრს მიღმა

***

 

გურამ შარაძის მიერ დაარსებულ მუზეუმს აუქმებენ?

,,საქართველოს ლიბორისტული პარტიის’’ წევრის ნესტან კირთაძის თქმით, ხელისუფლება გურამ შარაძის მიერ დაარსებული მუზეუმის გაუქმებას აპირებს.

,,ლეიბორისტების’’ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ნესტან კირთაძემ განაცხადა, რომ თსუ VIII კორპუსში განთავსებულ ემიგრაციის მუზეუმს გაუქმება, ფასდაუდებელ დოკუმენტებს კი ქუჩაში გამოძევება ემუქრება.

მისივე ინფორმაციით, მან და მისმა თანამოაზრეებმა ,,მსოფლიოს ყოველთა ქართველთა კონგრესსა’’ და იუნესკოს მიმართეს დახმარებისათვის, რათა ემიგრაციის მუზეუმი არ გაუქმდეს.

გურამ შარაძის ძალისხმევით, ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წლის 10 ოქტომბერს გაისხნა.

,,ინტერპრესნიუსი’’, 26 მაისი, 2007

 

რა საქაღალდე დაკარგა საჯარო ბიბლიოთეკაში მკვლელობის დღეს გურამ შარაძემ?

გურამ შარაძის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში მის მობილურ ტელეფონზე შემზარავი შეტყობინება მოდის: “მუსოლინის გვერდით დამარხეთ, ეს გახრწნილი”.

სანამ ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებდნენ, იქამდე ძალოვნების რაციაში, თვითმხილველის მონაყოლით, ასეთი დიალოგი ისმოდა:

_ ტელეფონი ჯიბეში აქვს?

_ არა, უკვე ამოვიღე და ჩემთან არის.

_ ჰო? ყოჩაღ, ყურადღება არ მოადუნოთ, ხალხი მოაშორეთ მანდაურობას, ხომ იცი?

_ კი, კი, ყველაფერს ვაკონტროლებთ…

“ორი მანქანა ისეთი მუხრუჭების ხმით გაჩერდა, ვიფიქრე, ერთმანეთს შეეჯახნენ და ეგ არის-მეთქი. იქიდან ორი კაცი გადმოხტა… ისეთი სროლა ატყდა, ბავშვი ძირს დავაგდე, ზემოდან დავაწექი და ვიდრე სიჩუმემ არ დაისადგურა, თავი ვერ ავწიე. სანამ ისროდნენ, ვფიქრობდი, ალბათ, ლაწირაკები ისევ დაერივნენ ერთმანეთს და საქმეებს არჩევენ-მეთქი. თავი რომ ავწიე, ჩემს წინ სადარბაზოში შევარდა ორი ახალგაზრდა, მიწაზე ჭაღარა კაცი ეგდო, რას ვიფიქრებდი, გურამ შარაძე თუ იქნებოდა. შეშინებულმა ხელი დავტაცე ბავშვს და სახლისკენ გავიქეცი, პატრულის სამი მანქანა იქვე, პეტრიაშვილის კუთხიდან ადგილს მოსწყდა და სროლას გადარჩენილები კინაღამ მათი მსხვერპლი გავხდით მე და ჩემი შვილიშვილი. შენი ჭირიმე, ჩემი გვარ-სახელი არ დაწეროთ, დედა-ბუდიანად ამოგვწყვეტენ, გაფიცებ შენს ოჯახს…” _ ამ ისტორიასაც თვითმხილველი ყვება.

შარაძეების ოჯახში სამძიმარზე მისული სამედიცინო ექსპერტი კი რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით ამბობს: ბატონი გურამი სამი სხვადასხვა იარაღიდან ნასროლი ტყვიით არის გარდაცვლილი. კისერში ნასროლი ტყვია შორი მანძილიდანაა ნასროლი და სავარაუდოდ, “ვინტოვკის” ნატყვიარს ჰგავს…”

ეს ამბავი მეორე დილასვე იცოდა მედიის დიდმა ნაწილმა, მაგრამ, რატომღაც არავის გაუხმაურებია. იცოდნენ, აგრეთვე, ისიც, რომ საჯარო ბიბლიოთეკაში გურამ შარაძეს საქაღალდე, ე.წ. პაპკა დაეკარგა (ჩანთა კი არა, რომელიც იქვე ეგდო). როდესაც ამ ამბავს მიყვებოდნენ, გიორგი სანაია გამახსენდა, მასაც, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, “რუსთავი 2”-ში სახლის გასაღები მოპარეს, სწორედ იმისთვის, რომ ვიდეოკასეტები “ამოეღოთ”, მოგვიანებით კი თვითონ გიორგი გაესაღებინათ. რა დოკუმენტები ედო გურამ შარაძეს საქაღალდეში, ეს, ალბათ, მხოლოდ იმ უწყებაში იციან, სადაც, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, “სიტუაციას აკონტროლებენ”.

გურამ შარაძის შვილის, ლაშა შარაძის მკვლელობაზე გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა. შარაძის ქვრივი, ქალბატონი სვეტლანა, ტირილით მიყვება: “თითი თითზე არავის დაუდევს, შეურაცხყოფისა და ცინიზმის მეტი არაფერი მიგემია მთელი ამ “გამოძიების” მსვლელობის დროს. სულ ვეუბნებოდი გურის, გაჩერდი, ამათ შენ ვერ მოერევი, მოგკლავენ-მეთქი. მთელი ცხოვრება ისე იცხოვრა, როგორც თვითონ უნდოდა… შვილი მომიკლეს, ქმარი მომიკლეს, ბარემ მეც მომკლან, მადლობას ვეტყვი მხოლოდ… ჩემს საყვარელ ლაშიკოსთან და გურისთან წავალ”.

დღისით-მზისით ქალბატონ სვეტლანას მანქანა დაეჯახა, ორი თვე კომაში იყო, გურამ შარაძემ ისე მოიარა ახალაიას “სამეფო”, ავადმყოფს არაფერი გაუგია. ახლა ხელჯოხით გადაადგილდება და იმას ტირის, ღმერთმა იმიტომ გადამარჩინა, რომ ამ დღეს მოვსწრებოდიო?!

არავინ თქვას, ადამიანი სიკვდილის მოახლოებას ვერ გრძნობსო. გურამ შარაძეს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მშობლიურ სოფელ გურიანთაში უმოგზაურია. დედ-მამისა და ძმის საფლავები მოუნახულებია, თბილისში ჩამოსულს კი უთქვამს, _ ახლა კი დავწყნარდი, ყველა ვნახეო. მოგვიანებით, 12 მაისს, ლაშას დაბადების დღეზე, შვილმკვდარი დედ-მამა ვერის სასაფლაოზე ასულან, ქალბატონი სვეტლანასთვის გურამს უთქვამს, _ მე ლაშიკოს გვერდით დამასაფლავეთო…

ეკლესიაში შარაძის მეუღლეს პანაშვიდზე მისული აჭარელი გოგონა გამოელაპარაკა, _ ქალბატონო, ბატონ გურამს მთელი აჭარა ელოდებოდა ამ დღეებში, ეს რა დაგვემართა, აქეთ ჩამოგვიყვანა თავის დასაფლავებაზე თბილისშიო… ანუ ხმები იმის შესახებ, რომ გურამ შარაძე ხელვაჩაურის ფაქტის გამო დიდ საპროტესტო აქციას გეგმავდა, ამ გოგონამ ირიბად დაადასტურა.

“ქრონიკის” წინა ნომერში გურამ შარაძესთან ბოლო ინტერვიუს ნაწილი დაიბეჭდა, სადაც იგი აღშფოთებულია მართლმადიდებლობისა და ეკლესია-მონასტრებზე ხელახალი შტურმის გამო. ჩემთვისაც მას ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირად საუბარში არაერთხელ უთქვამს, _ პატრიარქს აშანტაჟებენ, ხომ ხედავ ავად არის, საჭმლით მოწამლეს კიდეც, ჯერ სადა ხარ, ნახე, რეებს ჩაიდენენო… რომ ვეტყოდი, _ რატომ დუმს უწმინდესი-მეთქი? მპასუხობდა, _ კვერთხს ხომ არ ჩაარტყამს თავში ამ ნაძირლებს, რა ქნას მეტი? ეპისტოლეებით ელაპარაკება, მაგრამ ვერ ხვდებიან ესენი შიგნით რა წერია, ან ვერ იგებენ, ან არ უნდათ, რომ გაიგონო.

რუსუდან შარაძე (მოკლულის ქალიშვილი) პროკურატურაში დაიბარეს ბატონი გურამის პირადი ნივთების გადასაცემად (ინტერვიუ ჩაწერილია 23 მაისს, ი.გ.)

_ რუსუდან, რა მოხდა პროკურატურაში?

_ პროკურატურაში მივედით მე და მამაჩემის დეიდაშვილი, კაკო ტუღუში. პირველი, რაც დალუქული ნივთებიდან მომაწოდეს, იყო მამაჩემის “ნოკიას” ფირმის ტელეფონი. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მესიჯებით ემუქრებოდნენ, პირველი, რაც გავაკეთე, ტელეფონის საფოსტო ყუთის “გახსნა” დავიწყე. პირველი მესიჯი ასეთია: “რა თქმა უნდა, პოლიტიკური მკვლელობაა, ასე მოუვა ყველა ფაშისტს!”; მეორე მესიჯი: “მუსოლინის გვერდზე დამარხეთ, ეგ გახრწნილი!”… ეს მესიჯები გამომძიებელს და იქ დამსწრე სამართალდამცველებს ვანახე. მესიჯების წაკითხვის შემდეგ გამომძიებელმა ზაალ გურგენიძემ მოიყვანა კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მალხაზ ბოხუა, ამ დროს, ასე ვთქვათ, ,,ლაივში’’ მოდის ახალი მესიჯი: “ყველა ფაშისტს ეგრე მოუვა, ყველაფერი საკუთარ თავებს დააბრალეთ, თქვე დამპლებო და კაციჭამიებო!!!’’.

პოლიტიკური მკვლელობაა, აბა, რა არის? ვიღაცა საცოდავი ბარათელის მოკლული რომ არ არის მამაჩემი, თქვენც ხომ იცით და ბევრმა სხვამაც?”…

გიორგი სანაია როდესაც მოკლეს, “ხმების გავრცელების კურიერი” _ ასინეთები, იქაც უმალ გაჩნდნენ და ერთი ცნობილი პარლამენტარის ასევე ცნობილი ძმა გააფრთებით მიმტკიცებდა, სანაია “ცისფერი” იყოო. _ ჩვენ ერთად ვმუშაობდით “აუდიენციაში”, რას მასწავლი-მეთქი, რომ შევეპასუხე, ასეთი სიტყვები მითხრა, _ როდესმე წარმოიდგენდი, რომ ეროსი მანჯგალაძეც ასეთი ცხოვრების წესით ცხოვრობდაო? სიბინძურის კორიანტელი დაახვავა დღევანდელმა ხელისუფლებამ გურამ შარაძის გარშემო, ვითომ თირკმელი გააყიდინეს შარაძეებმა ბარათელს. თუ მართლა ასეა, რატომ ჭრილობას არ გვანახებენ ბარათელის სხეულზე? ესენი ხომ ფარული ჩანაწერების და ბრიფინგების დიდოსტატები არიან. ან სად წავიდა ტყვიის გულები? დაუმტკიცონ ამ ადამიანებს, რომ მკვლელობა მართლაც მხოლოდ ბარათელმა ჩაიდინა.

გურამ შარაძის მკვლელობამ შეძრა ის საქართველო, რომლისთვისაც “ენა, მამული და სარწმუნოება” ძვირფასია. იმ ადგილას, სადაც მისი სისხლი დაიღვარა, შვილიშვილებისთვის მისატანი “სასუსნავი” კანფეტები ეყარა. მკვლელობის ადგილზე მალე მემორიალი დაიდგმება: “აქ ვერ მოკლეს გურამ შარაძე”.

ირინა გოგოსაშვილი

“ქრონიკა”, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007

 

***

რას შეეწირა გურამ შარაძე

***

 

,,შარაძის სიკვდილი ბურუსით მოცული დარჩება’’

(იბეჭდება შემოკლებით)

შორენა კოწოწაშვილი, ,,ახალი თაობის ჟურნალისტი:

_ აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის მოტივად შეიძლება მისი ეროვნული ფასეულობების აქტიური დაცვა მივიჩნიოთ?

ნანა კაკაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები _ ადამიანის უფლებებისთვის’’ წარმომადგენელი:

_ არ არის გამორიცხული. ეს მკვლელობა ძალიან ბუნდოვანი იყო. შარაძის მკვლელობას ათას რამეს უკავშირებენ. იგივე საფრანგეთში ლევილის მიწის გაყიდვას. სასამართლო პროცესი საკმაოდ გაუგებარი და გაუმჭვირვალე იყო. თუნდაც ის რად ღირს, ეჭვმიტანილი ასე გასაიდუმლოებული რომ არის. ურთიერთსაპირისპირო ვერსიები გავრცელდა. ერთ-ერთი თვითმხილველი ქალბატონი ამბობდა, თითქოს შარაძის მკვლელობაში ბრალდებული სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვეს და ისე დააკავესო. ოფიციალური ვერსიით, ის მრგვალ ბაღთან, პოლიციასთან შეიარაღებული წინააღმდეგობისას იქნა აყვანილი.

ფაქტია, ამ ქვეყანაში სრულიად უდანაშაულო ადამიანებს აცხადებენ ყაჩაღებად, ბანდიტებად. ისეთებს, რომლებზეც სამხილი არ აქვთ. პირს კი, რომელსაც თითქოს დანაშაულის ფაქტზე წაასწრეს, ასე ასაიდუმლოებენ. როგორ დავიჯერო, რომ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმპცია დაიცვა?! რაღაც არადამაჯერებელია ხელისუფლების მხრიდან ასეთი ქმედება. გასათვალისწინებელია ის უნდობლობა, რომელიც ხელისუფლებას შარაძის ოჯახმა გამოუცხადა. უნდობლობაა საზოგადოებაშიც. ამ ხელისუფლებამ მართლაც რომ სწორად გახსნას ეს საქმე, ხალხი იმასაც აღარ ენდობა, იმდენად დარწმუნებულია ხელისუფლების ტყუილში. ჩემი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ შარაძის მკვლელობა შემთხვევითი მკვლელობა არ იყო.

_ თქვენი აზრით, შარაძის მკვლელობას უფრო პოლიტიკური მოტივი აქვს?

_ შესაძლოა, ეს იყო პოლიტიკურიც. მე არ ვამბობ, რომ ასპროცენტიანი ეს არის პოლიტიკური მკვლელობა, მაგრამ ამის გამორიცხვა არ შეიძლება.

_ რატომ შეიძლებოდა, 67 წლის აკადემიკოსი ამ ხელისუფლებას სასიკვდილოდ გაემეტებინა?

_ ამ ბოლო პერიოდში გურამ შარაძე პოლიტიკურად საერთოდ არ ჩანდა. თუ ეროვნული მოძრაობის აღორძინებას ხელისუფლება ელის, ფაქტია, მას არ სჭირდება საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტის მქონე პირები, რომლებიც ეროვნული მოძრაობიდან მოდიან. იგივე ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო სახეა, დღეს ციხეში აბსურდული ბრალდებით ზის. შარაძეც ეროვნულ ღირებულებებზე აკეთებდა აქცენტებს. ხელისუფლება რომ ასეთი ადამიანებისგან გათავისუფლებას ცდილობს, ეს ფაქტია. ესენი ყველაფერს ეროვნულს ებრძვიან და ყველას, ვისაც კი ამასთან შეხება ჰქონია. ასე რომ, თუკი ეს ხელისუფლება ეროვნული ტალღის აგორებას ელის, არ არის გამორიცხული, გურამ შარაძის მკვლელობის მიზეზი გამხდარიყო. შეიძლება ხელისუფლება თავს იზღვევს, რომ ეს ტალღა სერიოზულად არ აგორდეს. მერწმუნეთ, თუ ეროვნული მოძრაობის ტალღა რეალურად აგორდა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჭეშმარიტ ეროვნულ ძალას გაჰყვება. ამის მიზეზი კი ის იმედგაცრუებაა, რომელიც ხალხმა იგემა როგორც პრორუსული, ისე პროდასავლური ორიენტაციისაგან. სააკაშვილის ხელისუფლებამ დასავლეთის იმიჯი საქართველოში ძალიან სერიოზულად დასცა. აქედან გამომდინარე, ხალხი ყველაზე მეტად ეროვნულ ძალას ენდობა.…

“ახალი თაობა”, 28 მაისი, 2007

 

უნდა ვაღიაროთ, რომ შარაძის მკვლელობამ გაანელა ეკლესიის დანგრევის გამო დაწყებული ვნებათაღელვა”

(იბეჭდება შემოკლებით)

იზო რიკაძე, “კვირის პალიტრის” ჟურნალისტი:

_ აგრესიის ობიექტად იქცა ეკლესიაც. აჭარაში ტაძრის დანგრევას რით ახსნით?

შოთა ნადირაშვილი, აკადემიკოსი:

_ სადაც საჭიროდ ჩათვალა, ხელისუფლებამ ყველგან გამოამჟღავნა აგრესია. დღეს საზოგადოება ეკლესიისკენ თვალშისაცემად შებრუნდა, მისი ავტორიტეტი იმდენად გაიზარდა, რომ ხელისუფლებას შეეცილა გავლენაში. ამიტომ ხელისუფლება არ დაუშვებს, გაჩნდეს ისეთი ცენტრი, რომელიც ხალხში მეტი კეთილგანწყობით ისარგებლებს, ვიდრე მთავრობას აქვს, მთავრობამ ეკლესია კონკურენტად მიიჩნია. ბოლო დროს გახშირდა ლაპარაკი ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის არსებულ წინააღმდეგობაზე. ეკლესია ერს სულიერად მართავს, მთავრობა _ სახელმწიფოებრივად და აუცილებელია მათ ძალზე ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ. ამაზე უარის თქმა და ხელისუფლების ეკლესიისადმი არაკეთილგანწყობილება არაბუნებრივია საქართველოსათვის.

შარაძის მკვლელობაც ეროვნული საქმეებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ისეთივე ნაბიჯია, როგორც ტაძრის დანგრევა იყო. ამ ორ ფაქტს საერთო მიზეზი რომც არ ჰქონდეს, შედეგი აქვს საერთო _ ორივე ეკლესიისა და ეროვნულობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. არ მინდა ეს ორი მოვლენა ოფიციალურად დავუკავშირო ერთმანეთს, მაგრამ შედეგი ხომ აქვთ საერთო. ეკლესიის დანგრევასთან დაკავშირებული ხელისუფლების ქმედებები ნათელია, მაგრამ ძნელია თქმა, რამდენად გარეული იყო მკვლელობაში.

განიხილავენ იმ ვერსიასაც, რომ შარაძე ეკლესიის სკანდალის მისაჩქმალავად მოკლეს. თუ ასეა, გამოდის, შარაძე ყოფით ნიადაგზე არ მოუკლავთ. უნდა ვაღიაროთ, შარაძის მკვლელობამ გარკვეულწილად გაანელა ეკლესიის დანგრევის გამო დაწყებული ვნებათაღელვა, მაგრამ ვიმეორებ, _ გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ შარაძის მკვლელობა ამ მიზნით დაიგეგმა.

“კვირის პალიტრა”, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007

 

 

როგორ ახასიათებს გიორგი ბარათელს კოკა ყანდიაშვილი?

შანიძის ქუჩაძე გასროლილი ტყვიიდან სულ მალე გიორგი ბარათელმა მკვლელობა აღიარა!.. ცნობილია ისიც, რომ ეს ადამიანი თავის დროზე სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობდა, მათ შორის, ,,აუდიენციაშიც’’, რომლის ხელმძღვანელიც კოკა ყანდიაშვილი გახლდათ. როგორც ამბობენ, თავის დროზე მას ხელი, სწორედ, გიორგი შარაძემ და კოკა ყანდიაშვილმა გაუმართეს, თუმცა, უმჯობესია, ეს ყველაფერი პირველი პირისგან შევიტყოთ.

კოკა ყანდიაშვილი: _ გიორგი ნამდვილად მუშაობდა ,,აუდიენციაში’’, ჯერ ოპერატორის ასისტენტად, შემდეგ _ ოპერატორად.

_ ვინ დააწყებინა თქვენთან მუშაობა?

_ სანამ ,,აუდიენციაში’’ დაიწყებდა მუშაობას, მგონი, მანამდე გიორგი შარაძესთან მუშაობდა, რომელიც იმ პერიოდში ,,პირველი არხის’’ ახალგაზრდული და საბავშვო პროგრამების მთავარი რედაქტორი იყო. ზუსტად არ მახსოვს, როგორ დაიწყო ჩვენთან მუშაობა, თუმცა, რომ მუშაობდა, ეს ფაქტია. ვიცი, რომ ,,აუდიენციის’’ შემდეგ, ,,მაესტროში’’, ,,პირველ არხზე’’ და ,,რუსთავი 2’’-შიც მუშაობდა.

_ როგორ დაახასიათებდით?

_ მშრომელი, ნორმალური, წყნარი ბიჭი იყო. არ მახსოვს, რაღაც დავალება მიგვეცა და არ გაეკეთებინა. ბევრ პროექტზე მუშაობდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ფაქტს დაუკავშირდებოდა მისი სახელი.

_ რა იცით გიორგი შარაძისა და გიორგი ბარათელის ურთიერთობის შესახებ?

_ ერთადერთი ის ვიცი, როდესაც გიორგი შვეიცარიაში წავიდა, დამირეკა და მთხოვა, გიორგი ბარათელი მასთან გამეშვა (იმ პერიოდში იგი ,,აუდიენციაში’’ მუშაობდა). მისი წაყვანა იქ ფილმის გადასაღებად უნდოდა. შემდეგ როგორ განვითარდა მათი ურთიერთობა, ვერაფერს გეტყვით.

_ ,,აუდიენციიდან’’ წასვლის შემდეგ ბარათელს აღარ შეხვედრიხართ?

_ შეიძლება, სადღაც მიღებებზე შევხვედრილვართ ერთმანეთს… დაახლოებით, ორი წლის წინ დამირეკა, მითხრა, დედა მყავს ცუდადო და ფინანსური დახმარება მთხოვა.

_ დაეხმარეთ?

_ კი, რა თქმა უნდა. საერთოდ, ფინანსურად მის ოჯახს ყოველთვის უჭირდა. ერთი პერიოდი, ცოტა ხნით, მისი ძმაც მუშაობდა ,,აუდიენციაში’’.

_ როდესაც შეიტყვეთ, რომ გურამ შარაძის მკვლელობა თქვენმა თანამშრომელმა აღიარა, როგორი რეაქცია გქონდათ?

_ შოკის მომგვრელი იყო იმის გაგება, რომ ბატონი გურამი მოკლეს, ხოლო, როდესაც გავიგე, რომ ეს გიორგი ბარათელის ხელით მოხდა, გავოცდი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ გიორგის ადამიანის მოკვლა შეეძლო……

_ როგორც რიგითი მოქალაქე, როგორ ფიქრობთ, რისთვის შეიძლებოდა მოეკლათ პროფესორი გურამ შარაძე?

_ ვერ გეტყვით, არ გამაჩნია ვერსია. უფრო დაუცველობის შეგრძნება მაქვს.…კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ბატონი გურამი მოკლეს და რა თქმა უნდა, იმიტომაც, რომ ადამიანს, რომელსაც ამდენი წლის მანძილზე ვიცნობ, შეიძლება ასეთი რამ გაეკეთებინა.

ნატო ფოცხიშვილი

,,ასავალ-დასავალი’’, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007

 

 

,,გურამ შარაძემ ჩემს სახლში თქვა: მე მომკლავენო!’’

გურამ შარაძის ცხედარი წესიერად არც კი გაცივებულა და უკვე ალაპარაკდნენ აკადემიკოსის მიერ სამშობლოსთვის დაბრუნებული ემიგრაციის მუზეუმის უნივერსიტეტის მე-8 კორპუსიდან გამოძევების შესახებ. ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება გურამ შარაძის ერთ-ერთი აქტიური თანამოაზრე და თანამებრძოლი, პროფესორი ნესტან კირთაძე.

_ ბატონი გურამ შარაძე გახლდათ პოლიტიკური მოძრაობა “ენა, მამული, სარწმუნოების” ლიდერი, ეს იყო ოფიციალურად რეგისტრირებული ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაცია. როდესაც პოლიტიკური მოძრაობის ლიდერს კლავენ, ეს ავტომატურად პოლიტიკური მკვლელობაა.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი გურამ შარაძე ორჯერ გახდა ამ ხელისუფლების პირადი ტუსაღი და ორჯერვე იმის გამო, რომ იგი თავგამოდებით იცავდა ეროვნულ ღირებულებებს. გარდა ამისა, როცა მისი შვილის, ლაშა შარაძის ცინიკური მკვლელობის შემდეგ გაჩნდა საფრთხე, რომ შეიძლებოდა ბატონი გურამის წინააღმდეგ ვინმეს ხელი აღემართა, შევარდნაძის ხელისუფლებამ მას სამთავრობო დაცვა დაუნიშნა. სააკაშვილის ანტიეროვნულმა, სექტანტურმა რეჟიმმა მას ეს დაცვა ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი კვირის თავზე მოუხსნა და, ფაქტობრივად, გზა გაუხსნა მკვლელებს.

_ როცა 100 წლის წინ წიწამურთან ილია მოკლეს, გალაკტიონმა თქვა: “… ეპოქა დამთავრდა დიდი”. ახლა, 21-ე საუკუნის საქართველოში გურამ შარაძის მკვლელობაც ხომ არ არის რაღაც გარკვეული ეპოქის, პერიოდის დასასრული?

_ როცა ვამბობთ, რომ ეპოქა დამთავრდა, იქვე უნდა ვთქვათ, რომ ეპოქა იწყება. ერთის მხრივ, იწყება სააკაშვილის ხელისუფლების ტოტალური, ძალიან სახიფათო ბრძოლა ეროვნული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. უფრო სწორად, იწყება ამ ბრძოლის ახალი ფაზა, რომელიც ძალიან საშიშია. ამავდროულად კი უნდა დაიწყოს დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. სიტყვა “განმათავისუფლებელი” შემთხვევით არ მითქვამს. ვერ წარმომიდგენია, რატომ იზეიმა ამ ხელისუფლებამ 26 მაისი, როცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაკარგულია, სუვერენობა კი წართმეული და დელიგირებულია.

_ ქალბატონო ნესტან, არის თუ არა გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელი? თუ არის, რა მიზეზი ჰქონდა მას აკადემიკოსის მოსაკლავად?

_ როგორი მოტივაციაც უნდა გააჩნდეს ვინმე გიორგი ბარათელს, რომელმაც თავის თავზე აიღო უმძიმესი დანაშაული, ის მკვლელი არ არის. მკვლელი არსებობს ერთი, რომელიც არის იდეის, საქართველოს მკვლელი. როცა ასეთი მკვლელობა იგეგმება, მას თავისი იდეოლოგიური მომზადება სჭირდება. დიდი ხანია, კლავდნენ გურამ შარაძეს, როცა მისი იმიჯის შელახვაზე მუშაობდნენ, როცა საქილიკოდ ხდიდნენ ხოლმე მის მიერ წარმოთქმულ ყველა სიტყვას და ფრაზას, ანუ მას იდეოლოგიურად კლავდნენ და ამზადებდნენ მის ფიზიკურ მკვლელობას. დღეს არცთუ იშვიათად გაიგონებთ ასეთ შეკითხვას, განსაკუთრებით ცნობილი ტელევიზიების ცნობილი წამყვანებისგან: რატომ მოკლეს გურამ შარაძე, ის ამ ბოლო დროს ვერანაირ ხიფათს ვერ უქმნიდა ხელისუფლებასო. ილია ჭავჭავაძე თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში სახლიდანაც კი არ გამოდიოდა, იმიტომ რომ მან ზუსტად იცოდა, რომ მზადდებოდა მისი მკვლელობა, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ სახლში ჩაკეტილი ილია ჭავჭავაძე ანტიეროვნულ ძალებს ხიფათს არ უქმნიდა?

_ თქვით, ილია ჭავჭავაძემ იცოდა, მისი მკვლელობა რომ მზადდებოდაო. ხომ არ იცოდა წინასწარ, ან რაიმეს ხომ არ გრძნობდა, რამეს ხომ არ ელოდებოდა ბატონი გურამიც?

_ ერთხელ, ბატონმა გურამმა მითხრა, წუხელ უცნაური სიზმარი მესიზმრა და უნდა გითხრათო. დაუძახა ჩემს დას, რომელიც არის ანტონ მარტყოფელის ეკლესიის მედავითნე და სთხოვა, რომ მას ეს მოესმინა, იმდენად შეძრული იყო კაცი. მე ვუთხარი: ბატონო გურამ, რას ბრძანებთ, სიზმრების გჯერათ-მეთქი? მითხრა: არა, მათქმევინეთ ჩემი სათქმელიო და მოჰყვა: _ მე წავედი ილია ჭავჭავაძესთან საგურამოშიო. როცა კიბეებზე დავიწყე ასვლა, ორი საფეხურის შემდეგ დანაცრული და დამწვარი მესამე საფეხური შემხვდა და დავდგი თუ არა ფეხი, კიბე ჩავარდა და თან ჩამიტანაო. რას ნიშნავს-მეთქი ეს, _ ვკითხე. ბატონმა გურამმა თქვა: მე მომკლავენო!.. თავდახრილი და თავჩაქინდრული გურამ შარაძე ოდესმე ვინმეს უნახავს? იმ წუთში მან თავი დახარა და მე და ჩემს დას ისეთი განცდა გვქონდა, რომ იგი უკვე დასტიროდა და დანაღვლიანებული დასცქეროდა თავის მოკლულ სხეულს! მას შემდეგ ხშირად ამბობდა ბატონი გურამი, _ მე მომკლავენ! სხვათა შორის, ეს ამ დღეებში მისმა მეუღლემ, ქალბატონმა სვეტლანამაც გაიხსენა, _ რამდენიმეჯერ კიდეც ვუთხარი, ნუ ამბობ ამას, ჩვენ შვილიშვილები გვყავს გასაზრდელიო! მაგრამ ის ამბობდა: მერე რა, თუ მომკლავენ, მე ჩემს ლაშიკოს შევხვდებიო! მას ჰქონდა რაღაც საოცარი ინტუიცია, რომ მოკლავდნენ.

_ გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ თავის სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ აპირებენ საფრანგეთში ლევილის მამულის გაყიდვას და შესაძლოა, ბატონი გურამის მკვლელობა ამასაც უკავშირდებოდეს. ამასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ხომ არ ფლობთ?

_ სანამ ამაზე კომენტარს გავაკეთებ, ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა რუსო შარაძის მისამართით. რუსო, ბარაქალა შენს ქალობასა და ვაჟკაცობას! მე იმ უბედურების დღეებში ბატონი გურამის ოჯახში ვტრიალებდი და ზუსტად ვიცი, რომ ოჯახის წევრებზე იყო ზეწოლა, რათა მათ გაეკეთებინათ განცხადება გიორგი ბარათელის დამნაშავეობისა და ბატონი გურამის მკვლელობის საყოფაცხოვრებო მოტივის შესახებ.

_ ვისგან მოდიოდა ეს ზეწოლა?

_ ამას ვერ გეტყვით, მაგრამ იყო უაღრესად დიდი ზეწოლა. უფრო მეტსაც გეტყვით: რუსუდან შარაძის ის მღელვარე გამოსვლა, მხოლოდ შოკით არ ყოფილა გამოწვეული, არამედ, პრაქტიკულად, მას უნდა მოესწრო იმ განცხადების გაკეთება, იმდენად დიდი იყო ზეწოლა. უფრო კონკრეტულად ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, ისევ ბატონი გურამის ოჯახის უსაფრთხოების გამო!

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გიპასუხებთ: ალბათ, ლევილიც. მაგრამ მე მაინც იმ აზრისა გახლავართ, რომ ბატონი გურამის მკვლელობა რაიმე კონკრეტულ მიზეზს არ გამოუწვევია. ვიმეორებ: მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ტყვიას ესროდნენ იდეას. მათ აჩვენეს თავიანთ ხელდამსხმელებს, რომ იდეას უკვე ტყვია ესროლეს, ეკლესია უკვე დაანგრიეს, ჯვარი უკვე შეურაცხყვეს, “ვეფხისტყაოსანი” შებილწეს და ყველაფერზე წამსვლელები არიან.

_ ქალბატონო ნესტან, მოდით, დავუშვათ სხვა ლოგიკაც! როცა ქვეყანაში ასეთი კრიტიკული ვითარებაა, როცა ხელისუფლების მოქმედებებმა გამოიწვია ასეთი საზოგადოებრივი მღელვარება, ასეთი ხმაურიანი მკვლელობა ყველაზე ნაკლებად, წესით, ხელისუფლებას უნდა აწყობდეს, არა?

_ ეს ტყვია გასროლილი იყო საზოგადოების დასაშინებლად და ამან თავისი შედეგი გამოიღო. უნივერსიტეტში, გურამ შარაძის ცხედართან მხოლოდ რამდენიმე პროფესორი მოვიდა და არა იმიტომ, რომ ისინი პატივს არ სცემდნენ, ან არ თანაუგრძნობდნენ გურამ შარაძეს. არა, მათ შეეშინდათ! უნივერსიტეტიდან პროფესურა არ გამოვიდა თავისი ერთ-ერთი რჩეული კოლეგისთვის პატივის მესაგებად. უფრო მეტიც, როცა პრაქტიკულად, 5 ათასი კაცი მიაცილებდა გურამ შარაძის ცხედარს, საქართველოს ტელევიზიებმა წამითაც კი არ გააელვეს ეს კადრები, გარდა ტელეკომპანია “კავკასიისა”, რომელიც ეროვნული პოლიტიკის ერთგული რჩება.

_ თქვენ საგანგებო პრესკონფერენცია მიუძღვენით იმ ფაქტს, რომ გურამ შარაძის მიერ დაფუძნებულ ემიგრაციის მუზეუმს სერიოზული საფრთხე ემუქრება. რაშია საქმე?

_ ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ დღეს იგი ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდა და მისი ერთ-ერთი ეპიზოდი გახლავთ ბრძოლა ისტორიული მეხსიერების წინააღმდეგ. ისინი უკვე ებრძვიან ქართული ემიგრაციის მუზეუმს, რომელიც შეიძლება ხვალ-ზეგ გამოძევებულ იქნას თსუ-ს მე-8 კორპუსიდან. შეიძლება ქუჩაში გამოიყაროს არაჩვეულებრივი ექსპოზიცია და კიდევ უფრო უნიკალური ფონდები, რომელიც არის საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის ნაწილი. ამ მუზეუმის შესაძლო გამოძევების შესახებ აკადემიკოსი გურამ შარაძე საგანგებო პრესკონფერენციებით და საგაზეთო პუბლიკაციებით აუწყებდა ქართველ საზოგადოებას. ეს საფრთხე რეალურია დღეს, როცა მოკლულია მისი დამფუძნებელი გურამ შარაძე. მინდა შეგახსენოთ, რომ ემიგრაციის მუზეუმი დაფუძნდა 1994 წლის 10 ოქტომბერს, მსოფლიოს ყოველთა ქართველთა პირველი კონგრესის გახსნის დღეს. მისი პრეზიდენტი იყო ბატონი რეზო ჩხეიძე, თანაპრეზიდენტი კი ბატონი გურამ შარაძე. მას ძალიან ბევრი დარდი გაჰყვა იმ ქვეყნად და ერთ-ერთი მათგანი იყო მუზეუმის ბედი, რომელიც დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გარდა ამისა, თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა გავაკეთო კიდევ ერთი ოფიციალური განცხადება: გახსოვთ ის ბობოქარი დღე, ბატონმა გურამ შარაძემ ათასობით ადამიანს უნივერსიტეტის წინ მუხლი რომ მოაყრევინა? ეს გაკეთდა სწორედ იმისთვის, რათა ქართველობას ვიზუალურად დაენახა, რომ უნივერსიტეტის ბაღი კი არ ჰქვია მას, არამედ ის არის მისი დამაარსებლების პანთეონი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ის ოფიციალურად გამოცხადდეს პანთეონად, რათა უნივერსიტეტის კორპუსების გაყიდვის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდეს ამ პანთეონის გასხვისება და იქიდან ჩვენი სახელოვანი წინაპრების ძვლების ამოთხრა!

ჯაბა ხუბუა

“ასავალ-დასავალი”, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007

 

***

რა შესთავაზეს გურამ შარაძეს სიკვდილამდე ერთი დღით ადრე

***

 

ილიას მკვლელები წიწამურის ჯაგნარიდან მელიქიშვილის გამზირზე გამოვიდნენ

ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა კონსტანტინე (კოღუაშვილი), რომელმაც საქართველოს პირველ პრეზიდენტს _ ზვიად გამსახურდიას ჩეჩნეთში წესი ქრისტიანულად აუგო, მიიჩნევს, რომ ქვეყანას, სადაც 29 წლის ახალგაზრდები 70 წელს მიღწეულ მოხუცებს ხოცავენ, უმძიმესი განსაცდელი უდგას და მთელი ერის ძალისხმევაა საჭირო საქართველოს გადასარჩენად.

მამა კონსტანტინე: 29 წლის ვაჟკაცი 70 წელს მიტანებულ კაცს რომ ტყვიას ესვრის ეს არის მთელი ერის სირცხვილი და უბედურება… წმიდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში რამდენიმე წლის წინ აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კაცი გავიცანი, რომელმაც ერთი ამბავი გაიხსენა: სოხუმს ვტოვებდით, როცა მე და ჩემი ავადმყოფი ძმისშვილი ბოევიკებმა გაგვაჩერეს და საბუთები მოგვთხო­ვეს… _ თქვა დევნილმა, _ საბუთები არ გვქონდა და დასახვრეტად გაგვიყვანეს… ბოევიკებს ვუთხარი, _ მე დამხვრიტეთ, მაგრამ ბავშვს ნურას დაუშავებთ, ავადმყოფია, ეპილეფსია აქვს-მეთქი! მოხდა სასწაული და ბოევიკებმა გაგვიშვეს… ერთ-ერთმა რუსულად გვითხრა, _ ქართველებო, წადით, წადით, მშვიდობით იარეთ!.. მივდიოდით, მაგრამ ვაი, იმ წასვლას, _ ყოველ წამს ველოდით ზურგში ტყვიას… ცოტა ხნის შემდეგ, გულმა აღარ გამიძლო და ბოევიკებისკენ მივტრიალდი… იმ ბოევიკს ჩემს საქციელზე გაეცინა და მომაძახა, _ ნუ გეშინია, ჩეჩენი მოხუცს ზურგში ტყვიას არ ესვრის!

გულსატკენი იცით რა არის? სამოცდაათ წელს მიღწეულ გურამ შარაძეს ქართველმა კაცმა ზურგიდან რომ დაახალა სამი ტყვია… შიში გიპყრობს ადამიანს… ლამის მეც იარაღი ჩავიდო ანაფორის ქვეშ და ისე ვიარო!..

_ მამაო კონსტანტინე, თქვენი აზრით, გახსნილია თუ არა გურამ შარაძის მკვლელობა?

_ ჩვენ ხომ ვიცით, რისთვის მოკლეს ან ვის უნდა მოეკლა გურამ შარაძე? ეროვნულობის, მართლმადიდებლობის დამცველ კაცს ეგენი უწოდებენ “ფაშისტს”!.. მაშინ მეც ისეთივე “ფაშისტი” ვარ, როგორც აწ განსვენებული გურამ შარაძე. ვფიქრობ, ჩემი ერის ერთ მუშტად შეკვრაზე, კავკასიის ერთ სახელმწიფოდ შეკვრაზე და ე.ი. მე ვარ “ფაშისტი”.

_ მამაო, ბატონ გურამს ბოლო დროს თქვენთვის არაფერი უთქვამს, არ შეგხვედრიათ?

_ ბოლო დროს, სამწუხაროდ, არ მინახავს, ადრე ხშირად მოდიოდა ჩემთან, აღსარებასაც მაბარებდა, ცხონებული!..

ბოლოთქმა:

გურამ შარაძის ტრაგიკულმა აღსასრულმა დაამტკიცა, რომ საქართველოში უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა… პირიქით, ქართველი კაცი უფრო გაბოროტდა, გათავხედდა და თუ ჭეშმარიტ მამულიშვილთა მკვლელები ერთი საუკუნის წინ წიწამურის გაუვალ ჯაგნარებში უსაფრდებოდნენ მსხვერპლს, ახლა ისინი შუა ქალაქში დაძრწიან და პატრიოტებს მუსრს ავლებენ…

დიტო ჩუბინიძე

“ასავალ-დასავალი”, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007

 

 

,,გურამ შარაძე ჩემთან შეხვედრიდან 15-20 წუთში მოკლეს!’’

ძალიან ძნელია და, ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებთ, რა გაიფიქრა ილია ჭავჭავაძის ორტომეულის ავტორმა იმ წუთებში, როცა მავანმა იარაღი დაუმიზნა. ვერც იმის მტკიცებას დავიწყებ, რა მოტივი ამოძრავებდა ე.წ. მკვლელს.

თქვენს ყურადღებას ერთ უმნიშვნელო დეტალზე შევაჩერებ, რომელსაც, ჩემი აზრით, ისტორია აუცილებლად შემოინახავს _ შუბლში ტყვიადახლილ გურამ შარაძეს ჩანთაში შოკოლადები ეწყო, _ სახლში შვილიშვილებთან მიჰქონდა! და კიდევ: როგორც ყოფილი დეპუტატი კობა ამირხანაშვილი ამბობს, სახეზე გურამ შარაძის კოცნა შეახმა, _ მან ყოფილი კოლეგა გარდაცვალებამდე ოცი წუთით ადრე, ერთ-ერთმა უკანასკნელმა ნახა…

კობა ამირხანაშვილი: _ კიდევ ერთხელ მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით გამოვხატო ჩემი გულისტკივილი ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. მძიმეა ჩემთვის ბატონ გურამზე წარსულ დროში საუბარი. ჩვენ წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით…

_ სად შეხვდით ბოლოს, გურამ შარაძეს და რაზე ისაუბრეთ?

_ კაფე “ნიკალასთან” ვიდექი მეგობრებთან ერთად. დაახლოებით საღამოს რვა საათისთვის საკონდიტრო მაღაზიიდან ბატონი გურამი გამოვიდა, ხელში პატარა ჩანთა ეჭირა და რაღაცას მიირთმევდა. დაგვინახა თუ არა, ჩვენსკენ წამოვიდა, გადამკოცნა, ჩემს მეგობრებსაც მიესალმა. ვკითხე _ რას მიირთმევთ, ბატონო გურამ-მეთქი. კარგი შოკოლადები აქვთ, შვილიშვილებისთვის მიმაქვსო _ მითხრა და ჩვენც მოგვაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვუთხარი, არ ვჭამ-მეთქი, ჩანთიდან მაინც ამოიღო შოკოლადები, თავისი ხელით სათითაოდ გაგვიხსნა და გაგვიმასპინძლდა. ყოველთვის ყურადღებიანი იყო, მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებულად თბილი გახლდათ. ძალიან სიმპატიურად გამოიყურებოდა, შავი პიჯაკი ეცვა… კარგა ხანს ვისაუბრეთ. მისთვის არანაირი აღელვება და განცდა არ შემიმჩნევია, მშვენიერ ხასიათზე იყო. ბოლოს, მე “მარკო პოლოში” შევედი, სადაც ჩემი შვილის დაბადების დღეს აღვნიშნავდით, ბატონმა გურამმა კი სახლისკენ გზა ფეხით გააგრძელა.

_ როდის შეიტყვეთ მისი მკვლელობის შესახებ?

_ 15-20 წუთის შემდეგ ძმაკაცმა გადმომირეკა _ ბატონი გურამი მოკლესო. წარმოიდგინეთ, რა შოკის მომგვრელი იქნებოდა ჩემთვის ეს ფაქტი, 15-20 წუთის წინ ჩემს გვერდით იდგა. ნეტავი არ მენახა ბოლო წუთებში… უცებ, ვიგრძენი, რომ ბატონი გურამის კოცნა ლოყაზე შემახმა… თავზარდაცემული დავრბოდი… დღემდე შოკირებულ მდგომარეობაში ვარ.

სხვებსაც მოვუყევი ჩვენი ბოლო შეხვედრის შესახებ, მაგრამ არ მომეცა ერთი რაღაცის თქმის საშუალება, რომელიც ახლა, თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა ვთქვა!

_ ბრძანეთ.

_ გული მეტკინა, რომ გურამ შარაძის გასვენებაში, ხელისუფლებიდან, პრაქტიკულად, არავინ იყო, თითო-ოროლა გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. ალბათ, ბევრი იყო მათ შორის ისეთი, რომელიც ფიქრობდა, რომ დაკრძალვაზე უნდა მისულიყო, მაგრამ არ მივიდა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ვიღაცას არ დაენახა. მრცხვენია ამისთანა ხალხის!

ადამიანთა გარკვეული კატეგორია აღიქვამს, რომ გურამ შარაძე ოპოზიციონერი იყო, არადა, ეს ასე არ ყოფილა. გურამ შარაძე კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით ოპოზიციაში ედგა ხელისუფლებასაც და გარკვეულ პირებსაც. იეღოველებთან და უნივერსიტეტთან დაკავშირებით ამ ადამიანს თავისი შეხედულებები ჰქონდა. რეფორმის წინააღმდეგი კი არ იყო, უბრალოდ, იმ მეთოდებისა და ფორმების წინააღმდეგ იბრძოდა, რომელსაც უნივერსიტეტში ჰქონდა ადგილი. უდავოდ, დასაფასებელი ადამიანი იყო!..

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი ბატონი გურამი “აღორძინებაში”, ანუ ოპოზიციური პარტიის წევრი იყო და “მოქალაქეთა კავშირიდან” უმეტეს ნაწილს არ უყვარდა, მას დიდ პატივს სცემდნენ ექსპრეზიდენტი და აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია. პატივს სცემდნენ მის საქმიანობას! პარლამენტში გამოფენილი ექსპონატების ნახევარზე მეტი შარაძის ჩამოტანილია. რამდენი იბრძოლა ამ ადამინმა ლევილის გამო, რამხელა შრომა გასწია არქივების ჩამოტანაზე, როგორი წიგნები დაგვიტოვა… უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, რაც, სამწუხაროდ, ვერ დავაფასეთ.

არ იყო ეს კაცი იმის ღირსი, რომ ასე მუხანათურად მოეკლათ!

ერთხელ ჩემთან საუბარში ძალიან პატივსაცემმა ადამიანმა თქვა _ სიკვდილი არის ღობე სიცოცხლესა და მარადიულობას შორისო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ღობეს ყველა მივადგებით!

ნატო ფოცხიშვილი

“ასავალ-დასავალი”, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007

 

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეცდომა:

გურამ შარაძის სიკვდილმა ხალხი ქუჩაში არ გამოიყვანა

 

რატომ მოკლეს გურამ შარაძე? რა გახდა ამის მიზეზი და როგორ იმუშავებენ მკვლელობის გახსნაზე სამართალდამცავი ორგანოები? რამდენად დამაჯერებლად წარიმართება გამოძიება და გაიგებს თუ არა საზოგადოება გურამ შარაძის მკვლელობის ნამდვილ მიზეზს?

პირველი, რაც თვალში მეცა, ის იყო, რომ გურამ შარაძის ვანდალური მკვლელობიდან რამდენიმე წუთში საზოგადოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შარაძის განადგურება პოლიტიკური მკვლელობა იყო. უფრო მეტიც, გარკვეულმა პირებმა ისიც თქვეს, რომ მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს და ხელისუფლებას მოსთხოვოს პასუხი აკადემიკოსის მკვლელობისთვისო. მართალი გითხრათ, ასეთი ნაჩქარევი და ტენდენციური განცხადებები არ მესიამოვნა. არა იმიტომ, რომ ხელისუფლება ამას ვერ ჩაიდენდა, უბრალოდ, ვერ გავიაზრე, რაში სჭირდებოდა ხელისუფლებას ისეთი ადამიანის, როგორიც გურამ შარაძე იყო, საჯაროდ, ქალაქის ცენტრში, ასეთი ხაზგასმული და საზარელი ფორმით განხორციელებული მკვლელობა. ვისაც რა უნდა, ის თქვას, მაგრამ მე ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ვერსიებზე დაყრდნობით, ჩემი შეხედულება ჩამომიყალიბდა. ვეთანხმები ვერსიას, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო, მაგრამ მის პოლიტიკურ შინაარს არ ვიზიარებ, უფრო მეტიც, გამოვრიცხავ. რა მაძლევს ასეთი თამამი დასკვნების გაკეთების საფუძველს, შევეცდები, შეძლებისდაგვარად ავხსნა ამ წერილში. გურამ შარაძის ნაცნობები და მასთან დაახლოებული პირები იხსენებენ, რომ ის იყო საოცრად მუყაითი, შრომისმოყვარე მეცნიერი, ბიბლიოგრაფი, არქივარიუსი, მიზანმიმართული ადამიანი, თუმცა, იმასაც დასძენენ, რომ ინტრიგებისა და ადამიანებთან დაპირისპირების ხელოვნებასაც ფლობდა, რაც ხშირ შემთხვევაში მისი კარიერის წარმატებულობასაც უწყობდა ხელს. შარაძესთან მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობას გაურბოდნენ პოლიტიკოსებიც, მეცნიერებიც და ჟურნალისტებიც, თუმცა, მასთან ურთიერთობას საბოლოოდ არ წყვეტდნენ. სკანდალური და ზესკანდალური ინფორმაციების გახმაურება მას ცხოვრების წესად ექცა. მიუხედავად ამისა, შეეძლო რადიკალურად დაპირისპირებულ ადამიანებთან ურთიერთობა, ყოფილ მტრებთან დიალოგი, ერთ დროს მისგან გალანძღულ ადამიანებს მისგან ქათინაურებიც არ უკვირდათ. ეს იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენად სჭირდებოდა ესა თუ ის პიროვნება მიზნის მიღწევისათვის, ან სულაც, უბრალო მიზეზის გამო, გააჩნია, როგორ ხასიათზე იყო ენერგიული და დაუღალავი აკადემიკოსი. მეტისმეტად იმპულსურ და ენერგიულ გურამ შარაძეს ხშირად საყვედურობდნენ საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობას. მისი ოპონენტები ასეთი დასკვნების გაკეთების მიზეზად ჩაკეტილ საბჭოთა კავშირში მის საზღვარგარეთულ მივლინებებს ასახელებდნენ. მსგავსი შინაარსის შემოტევების ავტორებს ის ყოველთვის ,,საკადრის” პასუხს სცსემდა. 1995 წლიდან გურამ შარაძე იყო მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე. ამასთან, იგი იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918_1921) სამთავრობო არქივის ჯგუფის თავმჯდომარე. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1996-1997 წლებში განხორციელდა პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნება. 1999 წელს, როცა მეორედ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების საზღვარგარეთ არსებულ ფასეულობათა დაბრუნების საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე გახდა.

წერილზე მუშაობის დროს, როცა მის ერთ ბიოგრაფიულ ნაწილს მივადექი, ჩემთვის აქამდე უცნობ დეტალს წავაწყდი. მკითხველს მოეხსენება, რომ გურამ შარაძე უკანასკნელ წლებში აქტიურად იყო ჩართული ანტისოროსულ მოძრაობაში. ამაში არაფერია გასაკვირი, ზოგს მოსწონს სოროსი და ზოგს საწინააღმდეგო აზრი და განწყობა გააჩნია მის მიმართ. მაგრამ, ერთი დეტალია საყურადღებო. უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი სოროსის ,,აკვნად” ითვლება. სწორედ, ამ ქალაქშია უნივერსიტეტი, რომელშიც სოროსის მიმდევრების აღზრდა ხდება. წარმოიდგინეთ, გურამ შარაძე თავის დროზე, დაჯილდოებულია სოროსის ,,ერთგული” უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედლით ,,უნგრეთის მიზნების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში”.

რამდენადაც გურამ შარაძის სამეცნიერო და სამწერლო მოღვაწეობა იმსახურებს მკითხველის დიდ ინტერესსა და პატივისცემას, იმდენად, ქართული საზოგადოებისათვის მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ხერხები და მეთოდები, ხშირ შემთხვევაში, გამაღიზიანებელიც იყო. არ მოვყვები იმის ჩამოთვლას, თუ რა ინტრიგებში და დაპირისპირებებში გაეხვია ის თავის დროზე. მართლმადიდებლობის დაცვის ეგიდით, იეღოველების წინააღმდეგ წარმოებულმა აქციებმა, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, არასწორი, არამართლმადიდებლური და არაჰუმანური იყო, საპირისპირო შედეგი გამოიღო. იმის გამო, რომ საქართველოში შემოჭრილ იეღოველებს ,,დევნიდნენ”, შტაბ-ბინამ მათ დაფინანსება გაუზარდა და ამით ,,საგუშაგო კოშკის” მიმდევრებმა, სექტანტებმა და მათმა იდეოლოგებმა, მძლავრად მოიკიდეს ფეხი საქართველოში. იმედი მაქვს, რომ გურამ შარაძეს, როცა ის იეღოველებს ებრძოდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, მსგავსი აქციებით რამდენად უწყობდა ხელს სექტანტების გაძლიერებას და გამდიდრებას.

არ იფიქრო მკითხველო, რომ გურამ შარაძის მოღვაწეობის არასათანადოდ დამფასებელი ვიყო. მაგრამ, სიმართლე უეჭველად უნდა ითქვას, სხვანაირად სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და მუდამ დავისა და უსაგნო ინტრიგების ქსელში ვიქნებით ჩართულნი. ამ თემაზე მეტს აღარ გავაგრძელებ.

ამბობენ, გუროვის გადამტერება ძვირად დაუჯდა გურამ შარაძესო. იმასაც ამბობენ, სოროსის ფონდმა მოიშორაო. გაგაცნობთ ერთ ინფორმაციას, რომელიც გურამ შარაძემ, 2002 წლის ივლისში გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა. კერძოდ, შარაძემ განაცხადა, რომ ,,სოროსის ფონდი ითხოვს გურამ შარაძის სიკვდილით დასჯას”, ხოლო, კომპანია ,,მაგთიკომის” 10000-ზე მეტმა აბონენტმა 10-11 ივლისს შემდეგი შინაარსის შეტყობინება, იგივე მესიჯი მიიღო: ,,სიკვდილი გურამ შარაძეს! გაუმარჯოს თავისუფლების ინსტიტუტს!”.

აღნიშნული შეტყობინების გამო, კომპანია ,,მაგთიკომი” გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკის” 12 ივლისის პირველივე გვერდზე აქვეყნებს განცხადებას და ბოდიშს უხდის აბონენტებს. ამასთან, აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები მათთვის მიუღებელია და ამ პრეცედენტს უცხო პირებს აბრალებს, რომელთაც ისარგებლეს და არამიზნობრივი ინფორმაცია მიაწოდეს ,,მაგთის”, ,,ღია საზოგადოება _ ფონდი საქართველო” და ,,კავკასუსნეტვორქის” სერვისის გამოყენებით. ზემოხსენებულ პრესკონფერენციაზე გურამ შარაძე თავის ,,სიკვდილმისჯილობაში” ,,სოროსის” ფონდს ადანაშაულებდა და მოითხოვდა ,,პრესის, მასმედიის საშუალებების და სატელეფონო ქსელების ბოროტად გამოყენების შეწყვეტას”. ამჟამად ძნელი სათქმელია, რამდენად იყო ჩართული ამ ანტიშარაძეულ კამპანიაში შევარდნაძის საოჯახო კომპანია, მაგრამ ერთი რამ ამ გადასახედიდან აშკარაა, _ ნამდვილი ავტორი ამ აქციისა ისევე მიიჩქმალა, როგორც მრავალი სხვა ანტიქართული და ანტიდემოკრატიული პროვოკაციების ავტორების ვინაობა.

ვერ გეტყვით, რამდენად უკავშირდება გურამ შარაძის მკვლელობა უშუალოდ მისი შვილის _ გიორგი შარაძის საქმიანობას. ვთქვათ, მკვლელი, ეს ვინმე ბარათელი, მართლაც, განაწყენებული იყო გიორგი შარაძეზე, მაშინ, როგორ გავიგოთ, რომ ბარათელმა მოკლა არა გიორგი, არამედ გიორგის მამა _ გურამ შარაძე? ამ ყოფითი ვერსიების განხილვისაგან თავს შევიკავებ. ბარათელი ტიპიური დაქირავებული მკვლელია, ქილერია, რომელიც მკვლელობის დამკვეთისაგან საგანგებოდ შერჩეული და დაფინანსებული უნდა იყოს. ასევე არ გავიმეორებ საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიებს, რომ, თურმე, გურამ შარაძე უახლოეს დღეებში პრესკონფერენციის გამართვასა და ზურაბ ჟვანიას მკვლელის დასახელებას აპირებდა, რაზედაც ერთ-ერთ პოლიტიკოსთან ტელეფონითაც უსაუბრია. ასევე ტირაჟირებას არ გავუკეთებ იმ ვერსიას, რომ ფერიის მთაზე დანგრეული ეკლესიის თემაზე სურდა საპროტესტო აქციების წამოწყება. მართალი გითხრათ, ასეთ პირობებში, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ აქციებში მოსახლეობა აქტიურად აღარ იღებს მონაწილეობას, გურამ შარაძის აქციაც საშიში არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებისათვის. გავრცელდა ინფორმაცია რომ გურამ შარაძის მკვლელობის მეორე დღესვე საქართველოში ჩამოვიდა ცნობილი გრეგ გუროვი, რომელიც თავის დროზე გურამ შარაძემ საქართველოდან საგანძურის გატანის მცდელობისათვის ამხილა. ისიც ითქვა, რომ გურამ შარაძის სიცოცხლე საკმაოდ სოლიდური პაკეტით დაზღვეული იყო შვეიცარიის ერთ-ერთი ავტორიტეტული სადაზღვევო კომპანიის მიერ, რაც რამდენიმე ადამიანისათვის იყო ცნობილი. ითქვა, რომ იყიდება უნივერსიტეტის მერვე კორპუსი, რომელშიც განთავსებულია ქართული ემიგრაციის მუზეუმი, ამიტომ, შარაძის მოშორება ჭავჭავაძის პროსპექტზე არსებული უნიკალური შენობის კლიენტებისათვის საშური უნდა ყოფილიყო. რომელი ერთი ჩამოვთვალო.

მე ერთი ჩამოყალიბებული აზრი გამიჩნდა, რომელიც ამ მითქმა-მოთქმასა და ჭორაობაში ყველაზე სარწმუნოდ მიმაჩნია. შარაძის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში უკრაინაში დაიწყო პრეზიდენტ იუშჩენკოს ხელისუფლებიდან ჩამოშორებისა და პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოსვლის აქტიური ღონისძიებები. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში მოქმედ პრორუსულ ძალებს, ანალოგიური არეულობის შემოტანა და ხალხის გაღიზიანება საქართველოშიც ჰქონდათ გადაწყვეტილი. მოხდა ისე, რომ გურამ შარაძის კანდიდატურა ამ თვალსაზრისით არაპროფესიულად შეირჩა. ვინ არის საქართველოში ისეთი ადამიანი, ეროვნული მოღვაწე, რომლის სიკვდილიც ბოლო წვეთი აღმოჩნდება ქართული საზოგადოებისათვის? მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ამ ნიშნით შერჩეული კანდიდატურა, შესაძლოა, გურამ შარაძე აღმოჩნდა. საამისოდ მკვლელობის შემსრულებლებიც შეარჩიეს და საქმის გახსნის შემთხვევაში, ყოფითი მოტივიც შეამზადეს. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ისეთი თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ იმედი მაქვს, კომპეტენტური გამოძიება, თუ ეს შესაძლებელია, ფარდას ახდის შარაძის მკვლელობის საიდუმლოებას. გურამ შარაძე, ეს შვილმკვდარი, ფრთამოტეხილი კაცი, ეროვნული სულისკვეთების მეცნიერი, საქართველოში დესტაბილიზაციის, ქაოსის და არეულობის შემოტანის მიზნით გაწირეს საქართველოს მტრებმა. სწორედ, საქართველოს სახელმწიფოსათვის მტრულად განწყობილი ძალების მისამართით მინდა განვაცხადო: დაე, ახალი ძმათამკვლელი ომის გაჩაღების მოსურნეების მიერ მოკლული გურამ შარაძე ყოფილიყოს უკანასკნელი შეწირული, რომელიც მტრის ტყვიით მუხანათურად აღესრულა. იქნებ, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პროვოკაციების კარგად მცოდნე და გონიერი ქართველი ერი, ჩვენი კეთილი მკითხველი დაფიქრდეს ჩემი წერილის პათოსზე და სათანადო დასკვნები გააკეთოს. ყველას, ყველას, ერთი რამ მინდა ვთხოვო, ნუ დაგვაბრმავებს ხელისუფლებისადმი სიძულვილი, სამშობლოს მომავალზე ვიფიქროთ და მტერი ვერაფერს დააკლებს ჩვენს საყვარელ საქართველოს. ყველამ გავიხსენოთ, როგორ გადაუდგნენ წინ ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგე ქართველები, რამაც ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი შვილები აზარალა. მაშინაც რუსეთში დარბოდნენ რუს პოლიტიკოსებთან და სარდლებთან მეგობრობდნენ ის ადამიანები, რომლებიც რუსულ და არაქართულ საქმეს ემსახურებოდნენ. იქნებ, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ ჭკუა, მეგობრებო! და ბოლოს, ბატონი გურამ შარაძის გარდაცვალების გამო მინდა სამძიმარი ვუთხრა მისი ოჯახის წევრებს და გამძლეობა ვუსურვო!

ლეილა კვირიკაშვილი

..ასავალ-დასავალი’’, 28 მაისი-3 ივნისი, 2007

 

***

,,ასავალ-დასავალის’’ რედაქციას!

 გულწრფელად გითანაგრძნობთ, ქალბატონო ლეილა!

(გამოუქვეყნებელი)

***

თემო გოგიძე: გურამი სანამ თვალს არ მიეფარა, მას ვუყურებდი

თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე, სადისტურად მოკლული აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობა ისევ ბურუსით მოცულია და ამ ფაქტის ირგვლივ დაგროვილი კითხვები პასუხებს ელის. ბატონი გურამის ცხედარი სახლიდან ქაშუეთის ეკლესიაში ოთხშაბათს გადაასვენეს. ტაძარში მისთვის პატივის მისაგებად მისულ ადამიანებს რიგში დგომა უწევდათ. უამრავმა ადამიანმა ფეხით მიაცილა იგი სამუდამო განსასვენებელთან 24 მაისს, ის საკუთარი შვილის, მოკლული ლაშა შარაძის გვერდზე დაკრძალეს.

ცნობილია, რომ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბარათელი, ბატონი გურამის ვაჟთან, გიორგი შარაძესთან მეგობრობდა, თუმცა მათი გზები შვეიცარიაში გაიყარა, რადგან ბარათელმა იქ ქურდობა ჩაიდინა. ამის შემდეგ 8 წელიწადია შარაძეებს ბარათელი თვალით არ უნახავთ. ორთვიანი პატიმრობა სასამართლომ ისე შეუფარდა ბარათელს, რომ მასმედია პროცესს არ დასწრებია.

თუ სხვა მკვლელობების შემთხვევებში “ძალოვნები კომენტარებს აკეთებდნენ, ამჯერად არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. დღემდე უცნობია მკვლელობის მოტივი. საზოგადოებაში კი უამრავი ვერსია გაჩნდა, ამბობენ რომ გიორგი შარაძეზე განაწყენებულმა ბარათელმა მის მამაზე იძია შური. ერთ-ერთ ვერსიად ისიც ითქვა, თითქოს ბარათელს თირკმელი გააყიდინეს და ფული არ მისცეს. ამ ფაქტს დაზარალებული ოჯახი გამოეხმაურა. ბატონი გურამის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ აბსურდული უწოდა ყველა იმ ვერსიას, რაც გავრცელდა და კატეგორიულად ამბობს, რომ ბარათელთან მის ოჯახს არანაირი უთანხმოება არ ჰქონია. ოჯახი მომხდარ ტრაგედიას ბატონი გურამის საქმიანობას უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ ის პოლიტიკის მსხვერპლია. რუსუდან შარაძის განცხადებით, მისი ოჯახი არანაირ საგამოძიებო მოქმედებებში არ მიიღებს მონაწილეობას, რადგან ისინი ‘ძალოვნებს არ ენდობიან. მას სამართალდამცავებთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება აქვს (ცხრა წლის წინ მოკლული ლაშა შარაძის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია. ასევე არავის გამოუძიებია გურამ შარაძის მეუღლის, ქალბატონ სვეტას ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც სერიოზულად დაშავდა იგი და 2 თვე კომაში იყო. საკმაოდ შემზრავი იყო რუსუდან შარაძის განცხადება, რაც მან გამომძიებელთან შეხვედრის შემდეგ გაახმაურა. როგორც ჩანს, ბატონი გურამს მტერი ჰყავდა, რომელიც მისი ასეთი შემზარავი სიკვდილის შემდეგ მის მობილურ ტელეფონზე ისევ აგზავნის მესიჯებს. იმედია გამოძიება დაინტერესდა, თუ ვინ დაწერა ეს მესიჯები, დაზარალებული კონკრეტულ პირს, სოროსის ფონდის ერთ-ერთ თანამშრომელს ამხელს ამაში. ცნობილია, რომ შარაძის ტელეფონზე ასეთი შინაარსის მესიჯები პირველად არ გაუგზავნიათ, მას სიცოცხლეშივე უგზავნიდნენ მესიჯებს: ,,სიკვდილი გურამ შარაძეს’’, რაც თავის დროზე გამოძიების საგანი გახდა და აღნიშნული საქმე სასამართლოშიც იყო. ოპოზიციური პარტიის გარკვეული ნაწილი და მისი მეგობრებიც მომხდარს მის საქმიანობას უკავშირებენ. კითხვები იმანაც გააჩინა, რომ ბატონი გურამი საკონტროლო გასროლითაა მოკლული, მას დამნაშავემ ხუთჯერ ესროლა. რუსუდან შარაძე თვლის, რომ ეს პროფესიონალის გაკეთებულია, დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ გიორგი ბარათელმა ჩაიდინა ოჯახს არ შეუძლია, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ გურამ შარაძე შეკვეთით მას მოაკვლევინეს.

გიორგი შარაძის ტელევიზიით გაკეთებული განცხადებით, მას მამის მკვლელობამდეც უთვალთვალებდნენ. მისი თქმით, დიდი ხანია, რაც შეამჩნია მუდმივი თვალთვალი და ყველაფერი ფირზე აღბეჭდა. ის კონკრეტულად მანქანის ნომერს და სერიას ასახელებს და ამბობს, რომ ისინი პოლიციელები არიან. ამის შესახებ მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე გიორგის მამისთვისაც უთქვამს, მაგრამ ბატონ გურამს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. იმედია ამ საკითხითაც დაინტერესდება გამოძიება და შარაძეების ოჯახის ტრაგედიის ირგვლივ კითხვებს პასუხი გაეცემა. ,,სარკის’’ წინა ნომერში ბატონ გურამ შარაძის ადვოკატმა ნინო ნიშნიანიძემ ისიც გვითხრა, არის თვითმხილველი, რომელიც ადასტურებს, მანქანიდან ორი პირი რომ გადმოვიდაო. ჯერჯერობის უცნობია ვინ ახლდა გიორგი ბარათელს. საზოგადოების დიდ ნაწილს აბსურდულად მიაჩნია გავრცელებული ინფორმაცია, რომ გიორგი შარაძესა და ბარათელს შორის არსებული დაპირისპირების გამო ბარათელს 8 წლის შემდეგ ეძია შური. მით უფრო, ის ამ ხნის მანძილზე ოჯახს საერთოდ არ შეხმიანებია. ისიც ცნობილია, რომ ბარათელს ამ მკვლელობამდე კიდევ ერთი დანაშაული აქვს ჩადენილი და მას ადამიანის დაჭრაში ედება ბრალი, ამ ფაქტის და ბატონი გურამის მკვლელობის ირგვლივ ‘ძალოვნები კომენტარს თავს არიდებენ.

,,სარკე’’ ბატონ გურამ შიარაძის სიძეს, თემო გოგიძეს ესაუბრა. თემო გოგიძე რუსუდან შარაძის მეუღლეა და მათ ერთი ქალიშვილი ჰყავს, 5 წლის მარიკუნა. თემო მსახიობია და ,,ქაღალდის ტყვიაში’’ შესრულებულმა წარმატებულმა როლმა მას დიდი პოპულარობა მოუტანა. თემო გოგიძე შემხთვევამდე რამდენიმე საათით ადრე დაცილდა ბატონ გურამს. მისი მეუღლე რუსუდანი ჟენევაში ასპირანტურაში სწავლობს და მამის შემზარავი მკვლელობის ამბავი იქ შეიტყო. რუსუდან შარაძე მამის ორმოცამდე თბილისში იქნება.

თემურ გოგიძეს ბატონი გურამის დაკრძალვის შემდეგ შევხვდით და ის მძიმე მდგომარეობაში იყო. მომხდარს ‘ძალიან განიცდის და როგორც ოჯახის ყველა წევრს, მასაც გამოძიების იმედი არ აქვს.

თემო გოგიძე:

_ ჩვენ ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდით. ეს არ იყო სიძე-სიმამრის ურთიერთობა, ეს მამაშვილური და უფრო ‘მეგობრული ურთიერთობა იყო. ჩემი შვილი მარიკუნა ბაბუაზე გიჯდებოდა და გურამიც ასევე იყო. ყოველ საღამოს ბავშვთან რომ არ მოსულიყო, ეს არ მოხდებოდა. მარიკუნასთვის თავისი ,,პაიოკი’’ მოჰქონდა. მარიკუნაც არ აძლევდა მოსვენებას. ბაბუას ნომერს კრიფავდა და ეკითხებოდა ბაბუ სად ხარ, როდის მოხვალო. განსაკუსრებული ურთიერთობა ჰქონდათ ბაბუასა და შვილიშვილს.

იმ დღეს შემთხვევიდან რამდენიმე საათის ადრე სახლიდან ერთად გამოვედით. მე ბავშვთან ერსად სახლში მოვდიოდი. ის კი რუსთაველისკენ გაუყვა გზას. იცით, ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია, გურამი წავიდა და მე და მარიკუნა ერთ ადგილზე ვიდექით და ვუყურებდით, სანამ თვალს არ მიეფარა. მას უკან არ მოუხედავს, რადგან არ იცოდა რომ ვუყურებდი. იმ დღეს რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი იყო. ისე სულ ფორმაში ყოფნა უყვარდა და ყოველ დილის ვარჯიშობდა. იქვე მის კორპუსსან დაცვა დგას და იმ ბიჭმაც მითხრა, მართლა როგორ უყურებდიო. ალბათ ეს რაღაც წინათგრძნობა იყო.

_ ფეხის მარტო ხშირად დადიოდა?

_ კვირას მძღოლს ასვენებდა, ისე საღამოობით ქალაქის ქუჩებში ფეხით სიარული ძალიან უყვარდა. იმ დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში იმუშავა რამდენიმე საათი. იქიდან სახლისკენ გზას ფეხის ამოუყვა და მთელი რუსთაველი ამოიარა. საღამოს მარიკუნასთან უნდა მოსულიყო და ის შოკოლადი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მიმოფანტული იყო მისთვის მოჰქონდა. პანაშვიდზე წავედი და ბავშვი ისევ ბებიასთან დავტოვე. როცა ჩავაკითხე, მითხრა ბაბუას ტელეფონი გამორთული აქვსო. ისევ სახლში ამოვედით და ცოტა ხანში ტელეფონის ზარი გაისმა, ყურმილი ჩემმა დამ აიღო, საშინელი გამომეტყველება ჰქონდა, ბავშვს რომ არ გაეგო რუსულად მითხრა გურამი მოკლესო. ამის შემდეგ როგორ მივედი იმ ადგილამდე მართლა არ მახსოვს. უამრავი ხალხი იყო მოგროვილი, მე რაც განვიცადე ძალიან ძნელია იმის გადმოცემა, ისევ შოკში ვარ, არ ვიცი როგორ შევეგუები იმას, რომ ჩვენს სახლში არ მოვა.

_ ხომ არ ჰქონდა რაიმე პრობლემა?

_ მას არავითარი პრობლემა არ ჰქონია. იცით, როგორი ადამიანი იყო, ნემსის ეშინოდა, მაგრამ ტყვიის არა. იმას ვფიქრობ, მე რომ გვერდით ვყოფილიყავი, იქნებ ამეცილებინა მისთვის ეს საშინელი ტრაგედია. როცა მძღოლი არ ჰყავდა, ზოგჯერ საჭესთან მე ვიჯექი. გურამმა მანქანის ტარება არ იცოდა. კალამი, წიგნი, ეს იყო მისი საქმე. ჩვენ ‘ძალიან ვმეგობრობით, პოლიტიკაზე არასდროს ვსაუბრობდით. ბოლო დროს ძალიან კმაყოფილი იყო ჩემი შესრულებული როლით, ამაყობდა კიდეც. როცა ქუჩაში დავდიოდით, მას ხალხი მოწიწებით ხვდებოდა, ესალმებოდნენ, ხშირად აჩერებდნენ და ხელებს უკოცნიდნენ. ქაშუეთთან პირჯვარს გადაიწერდა, მაგრამ ასევე ილიას და აკაკის ‘ძეგლთან რომ ჩაივლიდა, აუცილებლად იწერდა პირჯვარს. ჩემი შესრულებული როლის შემდეგ ქუჩაში უკვე მეც მცნობდნენ. ერთად მივდიოდით, როცა რამოდენიმე პიროვნება მოვიდა და მკითხეს: შენ ნიკას როლს ხომ ასრულებ, მითხარი ხომ ის ხარ, ნიძლავი მაქვს მოგებულიო. ამაზე გურამი უკვე ხუმრობდა, ხედავ, ამის გვერდზე მე უკვე არ მიყურებენო. მისი ხმის ტემბრით ვეხუმრებოდი და ეს მოსწონდა. ძალიან მიყვარდა ჩემი სიმამრი და ვაფასებდი, რადგან ვიცოდი როგორი სუფთა იყო, როგორ უყვარდა ეს ქვეყანა. შეუცდომელი ამქვეყნად მარტო ღმერთია, მაგრამ ის თავისი ქვეყნის სიყვარულით ცხოვრობდა, ოჯახიანად, თავისი შვილით ამ ქვეყნის სიყვარულს შეეწირა. ბოლოს აკაკი წერეთლის მეოთხე ტომი გამოუშვა. იცით, რა ბედნიერი იყო თითოეული გაკეთებული საქმით?!

_ ბოლო დროს ბატონ გურამს ორჯერ მოუხდა ციხეში ადმინისტრაციული სასჯელის მოხდა. რას ამბობდა ამაზე ოჯახურ გარემოში?

_ როცა მეორედ პატიმრობაში აიყვანეს, მაშინ მე ვიჯექი მისი მანქანის საჭესთან. ჩემი სიდედრი რეანიმაციაში იწვა და მისთვის წამალი მიქონდა. პოლიციამ გაგვაჩერა, მოწიწების შეხვდნენ, მაგრამ უთხრეს, რა ვქნათ ბატონო გურამ, უნდა გამოგვყეთ განყოფილებაშიო. ამ ამბავს ის აუღელვებლად შეხვდა, მე უფრო მქონდა მძაფრი რეაქცია და თვითონ მამშვიდებდა. ზვიად გამსახურდია მთელი ცხოვრება აწამეს და რა მოხდა მე თუ ციხეში ჩამსვესო. პირველად პლაკატის დახევის გამო დაიჭირეს, მეორედ იმისთვის, რომ თქვა ხუბუა არ უნდა იჯდეს ივანე ჯავახიშვილის სავარძელშიო. დღევანდელი პოლიტიკოსები ამაზე მეტს ამბობენ, მაგრამ მათ არავინ იჭერს.

_ ბატონ გურამს ლაშას სიკვდილის შემდეგ პირადი დაცვა ჰყავდა, შემდეგ მოუხსნეს. როგორ შეხვდა ამ ფაქტს?

_ ლაშას შემდეგ დაცვა ჰყავდა, მაგრამ ყოველთვის უხერხულად იყო და ცდილობდა დაცვას გამოპარვოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვიდა, პირველ რიგში დაცვა მოუხსნა. ეს არ გაუპროტესტებია. იცით, მე ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთ ტრაგედიას, მაგრამ თვითონ სიკვდილსაც კი ელოდებოდა და ამბობდა მზად ვარ ამისთვისაცო.

_ როგორი მამა იყო, შვილებთან მის ურთიერთობაზე რას იტყვით?

_ იცით, ამ ოჯახში მამას და შვილებს ერთმანეთთან რაღაც საოცარი დამოკიდებულება ქონდათ. არამგონია ასეთი მამები კიდევ თუ არსებობენ, ძალიან თბილი ადამიანი იყო, სულ ამაზე ფიქრობდა, შვილებისთვის რა ესიამოვნებინა. ჩემი მეუღლის, რუსუდანის და გურამის ურთიერთობა არ შემიძლია გადმოვცე, მართლა არ მინდა ის რაღაც სიტყვებით გავაუბრალოო. ასე მგონია ამის აღწერას ვერ შევძლებ. გარეთ რომ ჩანდა ასეთი მკაცრი, სახლში რადიკალურად სხვანაირი იყო, ძალიან ტკბილი. ყველგან ჩანდა მისი სისპეტაკე, მისთვის რომ გეთქვა სადმე წადი და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეო, აუცილებლად უარს იტყოდა. იმის მიუხედავად, რომ საქმიანი ვიზიტებით მრავალ ქვეყანაში ყოფილა და ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაუკეთებია, მას საქართველოს გარეშე არ შეეძლო ეცხოვრა. ბევრი საზრუნავი ჰქონდა, ყველა შვილიშვილისთვის განსაკუთრებული ბაბუა იყო, თავისთავად ზრუნავდა ლაშას ბავშვებზე. გურამიკო და ლაშა უკვე დიდები არიან და ამაყად იდგნენ ბაბუას დაკრძალვაზე. ბაბუას ყველა შვილიშვილი დიდი სიყვარულით უყვარდა, ძალიან ამაყობდა თავისი მოსახელე გურამიკოთი და დარწმუნებული ვარ რომ ის ბაბუას სახელის ღირსეული გამგრძელებელი იქნება.’ძალიან ენეტრებოდა გიორგის უფროსი შვილი ნიკა, რომელიც საზღვარგარეთაა და სურათს რომ შეხედავდა, იტყოდა, მოგიკვდეს ბაბუ, როგორ მინდა შენი ნახვაო. ჩემი მარიკუნა კი მოსვენებას არ აძლევდა. ამ ამბის შემდეგ ბავშვისთვის არაფერი გვითქვამს, მასაც სამი დღე ბაბუა საერთოდ არ უხსენებია, მაგრამ შემდეგ მამიდამისს უთხრა, იცი, ჩემმა ერთმა მეგობარმა მეორეს უსხრა, მარის ბაბუა მოუკლესო. ამას ბავშვი სამი დღე გულში ინახავდა. გური ბაბუს ეძახდა, ეხლა ვეუბნებით რომ ბაბუა ცაშია. ვაკის პარკში, ზოოპარკში და მაკდონალდში დაყავდა შვილიშვილები. იცით, გურამი კრუხი და წიწილები რომ არიან, ასე იყო. მისი მოსვლა ყოველ საღამოს ჩვენს სახლში დიდი სიხარული იყო. არ ვიცი როგორ შევეგუები ამ მდგომარეობას. ძალიან ოპტიმისტი გახლდათ. ის რაც დასაფლავებაზე ვნახე, ამით გაოგნებული ვარ. ზღვა ხალხი აცილებდა მას სასაფლაომდე. გულით ტიროდნენ, ვუყურებდი და ვხედავდი, ერთი დაიგივე ხალხი რამდენჯერმე არტყამდა წრეს, დიდხანს უწევდათ რიგში დგომა. ეს ‘ძალიან მოქმედებდა ჩემზე, თუმცა როცა მე და რუსუდანი ვუყურებდით ამ ადამიანების დამოკიდებულებას, ძალიან ამაყები ვიყავით

_ ოჯახის პოზიცია ისევ ისე რჩება, გამოძიებაში მონაწილეობას მართლა არ აპირებთ?

_ როგორც რუსომ თქვა, ისე დარჩა. ლაშას შემთხვევაში მან, ამხელა ბუმბერაზმა კაცმა ვერაფერს მიაღწია, შვილის მკვლელი ვერ დაადგინა და ჩვენ რა უნდა შევძლოთ?

_ თქვენი მეუღლე შვეიცარიაში სწავლობს, თქვენ აქ ხართ, ალბათ ძალიან გიჭირთ ამ ფაქტთან შეგუება…

_ რუსუდანი ოქტომბრიდან წასულია, ჟენევაში სწავლობს. შვილის წარმატებითაც ძალიან ამაყობდა. საქმე ასე ითხოვს და ჩვენ დღეს ასე გვიწევს ცხოვრება, რა თქმაუნდა,’ძნელია, მაგრამ რა ვქნათ. მესიჯები რომ არ იყოს, არ ვიცი რა გვეშველებოდა. მე და რუსო მუდმივად წერილებს ვწერთ ერთმანეთს, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. არ მინდა ეხლა ჩვენს ურთიერთობაზე საუბარი.

თეა ხურცილავა

,,სარკე’’, # 24, 2007

 

 

გურამ შარაძის მკვლელობის ვერსიები

გასულ კვირაში ქართული საზოგადოება კიდევ ერთი საშინელი მკვლელობის მოწმე გახდა. დღისით, მზისით, შუაგულ თბილისში მოკლეს ცნობილი ადამიანი, აკადემიკოსი გურამ შარაძე. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 29 წლის ახალგაზრდა, გიორგი ბარათელი, რომელმაც დანაშაული აღიარა.

თუმცა, გურამ შარაძის ოჯახის წევრები სამართალდამცავების ვერსიას, რომ გურამ შარაძე ბარათელმა პირადი შურისძიების მოტივით მოკლა, არ იზიარებენ. გარდაცვლილის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე, რომელიც ინგა გრიგოლიას ,,ღია ეთერში’’ ჰყავდა მოწვეული, მამის მკვლელობის უკან პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს, თუმცა, ჯერჯერობით არ იცის რას უკავშირდებოდა ეს ტრაგედია. მანვე ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა, საუბარი იყოს ლევილის მამულის გაყიდვაზე, რასაც გურამ შარაძე, ბუნებრივია, წინ აღუდგებოდა.

,,როცა დედაჩემმა მითხრა, რომ მამა მოკლა გიორგი ბარათელმა, მე დავიყვირე რომელმა, ჩემმა-მეთქი? მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგის არ მოუკლავს მამაჩემი. თუ მოკლა, მე, როგორც ქრისტიანი კაცი, ვალდებული ვარ, მივუტევო’’, _ განაცხადა გადაცემა ,,რეაქციაში’’ გურამ შარაძის ვაჟმა, გიორგი შარაძემ.

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტს საზოგადოება არაერთგვაროვნად აფასებს, მაგრამ სიმართლის დადგენას ხელისუფლებისგან ყველა მოითხოვს. იმაზე, თუ რატომ შეიძლებოდა მოეკლათ გურამ შარაძე, რა იყო ეს: პირადი ანგარიშსწორება თუ პოლიტიკური მოტივით ჩადენილი მკვლელობა? ,,მთელი კვირა’’ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს და რიგით მოქალაქეებს ესაუბრა. მათი პასუხები არაერთგვაროვანია.

თენგიზ სანაძე, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: ,,მომხდარის გამო შეძრწუნებული ვარ, რადგან გურამი დიდებული პიროვნება იყო. რაღაც უკანონობას რომ დაინახავდა, ვულკანივით აფეთქდებოდა. ზოგიერთებს უნდათ, რომ ეს მკვლელობა ხელისუფლებას დააბრალონ, მაგრამ პირადად მე ამგვარ დასკვნებს ვერ გავაკეთებ, რადგან მეცნიერი გახლავართ და დასკვნის გამოტანა მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებსა და ინფორმაციებზე დაყრდნობით შემიძლია. ის არგუმენტები კი, რაც საინფომაციო საშუალებებით ყველას გვესმის, ჩემთვის საკმარისი არ არის’’.

რეზო ამაშუკელი, პოეტი: ,,გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ სიმართლეს მაგიდაზე სასწრაფოდ თუ არ დადებენ და თავიდან ბოლომდე ყველაფერი თუ არ გაირკვევა (ისე კი არა, ამათ როგორც სჩვევიათ?!), მაშინ მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მით უმეტეს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა აღიარებითი ჩვენება მისცა. აღიარებითი ჩვენება გიორგი სანაიაზეც მისცეს, მაგრამ რა გამოვიდა აქედან?! ვერავინ ვერაფერი გაიგო’’.

ლეილა აბაშიძე, მსახიობი: ,,ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. მაპატიეთ, მაგრამ მეტს ვერაფერს გეტყვით, ამ საკითხში ვერ ჩავერევი და კომენტარს ვერ გავაკეთებ იმაზე, რაც არ ვიცი’’.

გრივერ ფარულავა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: ,,გურამი ჩემი მეგობარი, უახლოესი ადამიანი იყო. კაცო, ნუ გამიჯავრდებით, მაგრამ ახლა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთების გული არ მაქვს’’.

ერლომ ახვლედიანი, დრამატურგი: ,,მომხდარის გამო ძალიან ვწუხვარ. ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ეს რაღაც ავადმყოფური, მანიაკური მკვლელობა მგონია’’.

მარიამ ლორთქიფანიძე, აკადემიკოსი: ,,რა კომენტარი უნდა გავაკეთო მაშინ, როცა ერთი ერთს ამბობს, მეორე _ მეორეს და მესამე _ მესამეს. საშინელი ამბავი მოხდა, მაგრამ რატომ და რისთვის, ვერ გეტყვით’’.

ნინო ბურდული, მსახიობი: ,,ძალიან რთულ შეკითხვას მისვამთ. ადამიანს შეიძლება ბევრი ეჭვი გაუჩნდეს, მაგრამ გააჩნია, რა ფაქტები გვაქვს, არა?! გამომდინარე იქიდან რაც ტელევიზიით მოვისმინე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს პირადი მკვლელობაა…’’.

სერგო ბაქრაძე, იურისტი, 29 წლის: ,,მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ვერსია გამოითქვა, მაინც მგონია, რომ მკვლელობა პირადი უთანხმოების ნიადაგზე მოხდა. მითუმეტეს, რომ წინასწარი ინფორმაციით, მკვლელი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პიროვნება იყო და აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, მცირედმა ყოფითმა უკმაყოფილებამაც კი მკვლელობისაკენ უბიძგა. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ სწორედ, ასეთი პიროვნება გამოიყენეს გურამ შარაძის მოსაცილებლად. მაინც შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შარაძის მკვლელობაში ხელისუფლების ხელი ურევია’’.

ნინო შარაბიძე, მუსიკოსი, 35 წლის: ,,მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ თვეებში გურამ შარაძე მწვავე განცხადებებს საჯაროდ აღარ აკეთებდა, დარწმუნებული ვარ, რომ იგი პირადი ანგარიშსწორების გამო არ მოუკლავთ. გურამ შარაძე ჩვენი, ჩვეულებრივი ადამიანების, რიგითი ქართველების დასაშინებლად მოკლეს, რომ ხმა არ ავიმაღლოთ მაშინ, როცა ეკლესიას შეუტევენ, მაშინ, როცა ყოველგვარ ეროვნულს და ქართულს კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელავენ და მიწასთან გაასწორებენ. ამასთან, საზოგადოებისთვის უცნობია, რით იყო დაკავებული ეს ადამიანი მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე _ ლევილის ქართველთა მამულის გასხვისების საკითხით თუ იმ მზაკვრული გეგმის მოკვლევითა და გამომზეურებით, რომელიც ჩვენი ეკლესიის დანაწევრებასა და დასუსტებას ითვალისწინებს… ჩვენთვის, მხოლოდ, ისაა ცნობილი, რომ გურამ შარაძე აკაკის ხუთტომეულს გამოსცემდა’’.

ირმა ჩაფიძე

,,მთელი კვირა’’, 28 მაისი, 2007

 

,,იცოდე, მე ველოდები, რომ მალე ტყვია მომხვდება,

მე არ მეშინია, ნურც შენ შეგეშინდება”! _

უთხრა შარაძემ თავის ადვოკატს ნინო ნიშნიანიძეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სამართლის დოქტორანტი და გურამ შარაძის პირადი იურისტი ნინო ნიშნიანიძე აწ განსვენებული აკადემიკოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკანასკნელ პერიოდს იგონებს და აცხადებს, რომ გურამ შარაძე თავისი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა. _ ,,იცოდე, მე ველოდები, რომ ტყვია მომხვდება, მე არ მეშინია, ნურც შენ შეგეშინდება”! _ მითხრა ბატონმა გურამმა, _ თვალცრემლიანი იხსენებს ნიშნიანიძე და დასძენს:

_ გურამ შარაძის პოლიტიკური მკვლელობა მაშინ დაიწყო, როცა ის სრულიად უდანაშაულოდ, არარსებული ბრალდებების გამო, ორჯერ დააპატიმრეს. განსაკუთრებით გავუსვამ ხაზს მის ბოლო, თხუთმეტდღიან დაპატიმრებას, როცა ბატონი გურამი, ფაქტობრივად, მომაკვდავი მეუღლის სასთუმალს მოაცილეს და წაიყვანეს. მე მაშინ შევესწარი სატელეფონო საუბარს გენერალურ პროკურორს _ ზურაბ ადეიშვილსა და პოლიციის მაღალჩინოსანს შორის, სადაც ადეიშვილი კატეგორიულად ითხოვდა, რომ გურამ შარაძე სასწრაფოდ დაეპატიმრებინათ!.. ჩვენი ექიმების სამარცხვინოდ ვაცხადებ, რომ ძალიან ბევრმა ნევროპათოლოგმა მაშინ უარი თქვა იზოლატორში მყოფი გურამ შარაძის გასინჯვაზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. _ ,,ეს კაცი პოლიტპატიმარია და ჩვენ ვერ გავსინჯავთ”! _ აცხადებდნენ შეშინებული ე.წ. ექიმები. ერთადერთი, ვისაც არ შეშინებია, ბატონი თამაზ კერძევაძე გახლდათ _ ცნობილი ნეიროქირურგი, რომელმაც გასინჯა ბატონი გურამი და კატეგორიულად მოითხოვა პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა. მადლობა ბატონ თამაზ კერძევაძეს _ ამ, მართლაცდა, ღირსეულ ქართველს!.. შინგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი _ შოთა ხიზანიშვილი, რომელიც იზოლატორში გამოცხადდა, ბატონ გურამს შეურაცხყოფდა, აგდებულად, ცინიკურად ელაპარაკებოდა. ამბობდა, რომ ბატონი გურამი იყო აფერისტი, ავადმყოფობას იგონებდა და ა.შ. რას გაუძლო გურამ შარაძემ, ღმერთო ჩემო! ის იქ მოკლეს, იმ წუთებში!.. მე მაშინ ვუთხარი ბატონ გურამს, _ ,,ბატონო გურამ, თქვენ მესამედ აქ არ მოგიყვანენ, თქვენ მოგკლავენ!’’. საუბედუროდ, ჩემი სიტყვები ახდა!..

_ ქალბატონო ნინო, ამაზე რა გიპასუხათ ბატონმა გურამმა?

_ ზუსტად ასე მითხრა, _ ,,მე ყველაფრისთვის მზად ვარ!”

_ ბოლო დროს რას ამბობდა, მნიშვნელოვანი ხომ არაფერი უთქვამს თქვენთვის?

_ ძალიან აფორიაქებული იყო… ბატონ გურამს გადაკეტილი ჰქონდა სატელევიზიო ეთერი, რასაც ძალიან განიცდიდა.

_ ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევის ფაქტს როგორ აფასებდა?

_ ბატონი გურამი ფერიის მთიდან თბილისამდე საგანგებო მსვლელობას გეგმავდა, იგი ფეხით წამოვიდოდა აჭარიდან და მთელ საქართველოს გამოუძღვებოდა თბილისისაკენ. მსვლელობა 26 მაისს უნდა დასრულებულიყო საქართველოს დედაქალაქში. რეგიონებში მის გამოჩენას ელოდებოდნენ… სამწუხაროდ, ბატონ გურამს არ დააცადეს!..

_ ქალბატონო ნინო, ერთი რამ ვერ ამიხსნია… ამბობენ, რომ მკვლელი _ გიორგი ბარათელი ,,მარშუტკიდან” ჩამოსვეს და ისე დააპატიმრეს, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ბარათელი პოლიციას ესროდა… რა ხდება, ბარათელი ,,მარშუტკიდან” ისროდა?

_ როგორც კი შემთხვევის ადგილზე მივედი, როგორც გურამ შარაძის პირადმა იურისტმა, სასწრაფოდ მოვითხოვე მკვლელობის თვითმხილველებთან შეხვედრა, მაგრამ შემთხვევის ადგილიდან გამომაძევეს… იქ მდგომმა ხალხმა მითხრა, _ თვითმხილველები მანქანაში ჩასვეს და იქაურობას მოაშორესო!.. მე მქონდა ამის უფლება, მაგრამ ბატონი გურამის ცხედარს ახლოსაც არ გამაკარეს. ვარ გურამ შარაძის ადვოკატი და მინდოდა, გიორგი ბარათელისთვის რამდენიმე შეკითხვა დამესვა, მაგრამ ბარათელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ისე შეუფარდეს, რომ საერთოდ არაფერი შემატყობინეს!..

_ ქალბატონო ნინო, თქვენ შეგიძლიათ ბატონი გურამის მკვლელობის ფაქტის კონსტრუირება?

_ ბატონი გურამი 20 მაისს, კვირას, საღამოს საჯარო ბიბლიოთეკიდან შინისაკენ მოდიოდა. მან ფეხით ამოიარა რუსთაველის პროსპექტი და მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთასთან მას თავს დაესხა ორი კაცი, რომლებიც მანქანიდან გადმოვიდნენ…

_ რაო, რაო, ქალბატონო ნინო?

_ 23 მარტს იყო ბატონი გურამი ჩემთან ოჯახში და ძალიან მოწყენილი გახლდათ, რაც მას არანაირად არ სჩვეოდა. ის თამადა ბრძანდებოდა… მახსოვს, მან საგანგებოდ ისაუბრა ქაშუეთის ტაძრისა და ცამეტი ასურელი მამის მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიაში… სწორედ, ცამეტი ასურელი მამის ხსენების დღეს მოკლეს ბატონი გურამი და სწორედ ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენეს იგი…

_ ქალბატონო ნინო, რომელი მანქანიდან გადმოვიდა ის ორი კაცი?

_ ვერ გეტყვით… ჩვენ გამოძიებასთან არ ვთანამშრომლობთ, მაგრამ გამოძიება გრძელდება!

_ თქვენ იმას გულისხმობთ, რომ აკადემიკოსის მკვლელობის ისეთ ვერსიას შესთავაზებთ საზოგადოებას, რომელიც ოფიციოზის ინფორმაციას თავდაყირა დააყენებს?

_ რა თქმა უნდა. იცით, რა მაკვირვებს? მკვლელი დაკავებულია და ამდენი ხანია, მკვლელობის მოტივი არ არის დადგენილი! მეორე და ყველაზე უფრო საინტერესო, რაც მე ოფოციოზისგან მოვისმინე, _ ,,მკვლელი იყენებს დუმილის უფლებას”! იცით, იურიდიულად, როგორ განიმარტება ,,დუმილის უფლება”?

_ როგორ?

_ როგორ და განიმარტება ასე: ,,თავს დამნაშავედ არ ვცნობ!’’. თუ ასეა, სად არის მკვლელის აღიარებითი ჩვენება? თუ მკვლელის აღიარებითი ჩვენება არსებობს, მაშინ დუმილის უფლებას როგორ იყენებს ბარათელი? სად არის ,,ალდაგის” ვიდეოკამერების მიერ გადაღებული მკვლელობის ამსახველი კადრები? ბატონი გურამისგან მე ვიცოდი, რომ მისი ლიკვიდაცია მზადდებოდა… მან ერთხელ მითხრა, _ ,,იცოდე, მე ველოდები, რომ მალე ტყვია მომხვდება, მე არ მეშინია, ნურც შენ შეგეშინდება!..’’. ჩემდა სამწუხაროდ და საუბედუროდ, უნდა ვთქვა, რომ მისი სიტყვები სერიოზულად არ აღმიქვამს. დარწმუნებული ვარ, მას რაღაც ინფორმაცია ჰქონდა და ერთიც, ბატონი გურამი ცდილობდა, რომ მძღოლი არ ეხმო და მასთან ერთად არ ევლო, ეტყობა, იგი საფრთხეს გრძნობდა და არ სურდა, უბრალო ადამიანი უნებლიეთ უბედურებაში გაეხვია… საგულისხმოა, რომ ბატონი გურამი სწორედ, კვირა დღეს მოკლეს, როდესაც მძღოლი თან არ ახლდა!..

დიტო ჩუბინიძე

,,ასავალ-დასავალი’’, 28 მაისი _ 3 ივნისი, 2007

 

უნივერსიტეტი გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის საქმიანობას კიდევ უფრო განავითარებს

25 მაისს ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტიიის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა ნესტან კირთაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მერვე კორპუსში განთავსებულ, გურამ შარაძის მიერ დაარსებულ ქართული ემიგრაციის მუზეუმს გაუქმება და ფასდაუდებელ დოკუმენტებს ქუჩაში გაყრა ემუქრება. ,,ხელისუფლებას ამ მუზეუმის გაუქმება უნდოდა. გურამ შარაძე მოკლულია, მუზეუმი კი მალე ქუჩაში იქნება გაძევებული”, _ განაცხადა ნეტან კირთაძემ. მისივე ინფორმაციით, მან და მისმა თანამოაზრეებმა ,,მსოფლიო ყოველთა ქართველთა კონგრესსა” და იუნესკოს მიმართეს დახმარებისათვის, რათა ემიგრაციის მუზეუმი არ გაუქმდეს.

ლეიბორისტული პარტიის წევრის ეს განცხადება ყოვლად უსაფუძვლოა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა თუ ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გულნაზ გალდავას თქმით, უნივერსიტეტში დაარსებულ ემიგრაციის მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება. ,,პირიქით, უნივერსიტეტი ყველა სამუზეუმო მიმართულების განვითარებას აპირებს და ამ კუთხით ბევრი საინტერესო გეგმებიც გვაქვს”, _ აღნიშნა გულნაზ გალდავამ.

,,უნივერსიტეტი ყოველთვის უფრთხილდებოდა კულტურულ და ისტორიულ ფასეულობებს, უვლიდა მათ, სათანადოდ სწავლობდა და ეწეოდა მის პოპულარიზაციას. უნივერსიტეტის დღევანდელი ხელმძღვანელობა ამ ტრადიციების გამგრძელებელია. დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რაც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ითვალისწინებს. ამ კონტექსტში მოიაზრება საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ემიგრანტების მიერ უნივერსიტეტისთვის (?! _ რედ.), მაშასადამე, ქართველი ხალხისთვის გადმოცემული ემიგრანტული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაც. უნივერსიტეტს დაგეგმილი აქვს ქართული ემიგრაციის მუზეუმისა და მასში დაცული კოლექციების მრავალმხრივი შესწავლა და მისი სასწავლო პროცესში გამოყენება. ამ მუზეუმში დაცულ კოლექციას არანაირი საშიშროება არ ემუქრება. გურამ შარაძის ღვაწლის დაკნინებას უნივერსიტეტში არავინ აპირებს. პირიქით, არსებობს იდეა, რომ ამ კოლექციას (?! _ რედ.) გურამ შარაძის სახელი მიენიჭოს”, _ განაცხადა ჩვენთან საუბარში უნივერსიტეტის სამუზეუმო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის გურამ შარაძის ოპონირებას უნივერსიტეტი არაკორექტულად არასდროს გამოხმაურებია.

უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ სააგენტო ,,ინტერპრესნიუსისათვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა: _ ,,ის დამსახურება, რომელიც ბატონ გურამ შარაძეს მეცნიერების წინაშე მიუძღვის, ყველასათვის ცნობილია და უნივერსიტეტიც მას სათანადო პატივს მიაგებს”. რექტორის თქმით, ქართული ემიგრაციის მუზეუმში ძალიან საინტერესო ექსპონატებია დაცული და უნივერსიტეტი ახლო მომავალში ქართული ემიგრაციის მუზეუმის საქმიანობას კიდევ უფრო განავითარებს.

ტრაგიკულად დაღუპული გურამ შარაძის ცხედარი ქაშუეთის ეკლესიაში გადასვენებამდე 24 მაისს უნივერსიტეტის ეზოში დაასვენეს.

,,თბილისის უნივერსიტეტი”, 28 მაისი, 2007

 

2 Responses to 25-31 მაისი

  1. Tatum Llanes ამბობს:

    I have built a website and I am trying to find a new template.I got some ideas from here! Feel free to visit my blog and suggest things!

  2. Matthew C. Kriner ამბობს:

    Keep functioning ,impressive job!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s