20-24 მაისი

“სიკვდილი და დასაფლავება”

20-24 მაისი, 2007 წელი 

  • ,,გურამ შარაძის მკველელი დაჭერილია’’, ,,ჯი-ეიჩ-ენი’’, 20 მაისი, 2007
  • ,,გურამ შარაძე ოჯახის ახლობელმა მოკლა’’, ,,ჯი-ეიჩ-ენი’’, 20 მაისი, 2007
  • ,,რა გაუმხილა “ქრონიკას” მკვლელობის წინა დღეს გურამ შარაძემ?’’, “ქრონიკა”, 21-27 მაისი, 2007
  • ,,ვის უნდა შეხვედროდა ორშაბათს გურამ შარაძე?’’, “ქრონიკა”, 21-27 მაისი, 2007
  • ,,ვინ და რატომ მოკლა გურამ შარაძე?!’’, “ახალი თაობა”, 21 მაისი, 2007
  • “ვეფხისტყაოსნისა” და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული ტოტალური შეტევა გურამ შარაძის მკვლელობით დასრულდა!’’, “ასავალ-დასავალი”, 21-27 მაისი, 2007
  • •     ,,ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გურამ შარაძის მკვლელობა შეკვეთილია’’,   “ახალი ამბები – საქართველო”, 21 მაისი, 2007
  • ,,დავით ბერძენიშვილი: შარაძის მკვლელობა ბურუსითაა მოცული და ბევრ კითხვას ბადებს’’, ,,ჯი-ეიჩ-ენი’’, 21 მაისი, 2007
  • ,,გუშინ საღამოს გურამ შარაძე მოკლეს’’, “ინტერპრესნიუსი”, 21 მაისი, 2007
  • ,,ირინა სარიშვილი გურამ შარაძის მკვლელობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს’’, “ინტერპრესნიუსი”, 21 მაისი, 2007
  • ,,გიორგი ბარათელს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს‘’, “ინტერპრესნიუსი”, 22 მაისი, 2007
  • ,,შარაძის ადვოკატი გიორგი ბარათელისთვის სასჯელის დახურულ კარს მიღმა შეფარდებას აპროტესტებს’’, “ინტერპრესნიუსი”, 22 მაისი, 2007
  • ,,გიორგაძის მომხრეები აცხადებენ, რომ გურამ შარაძის მკვლელობა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს’’, “ახალი ამბები _ საქართველო”, 22 მაისი, 2007
  • ,,შარაძის მკვლელობა თუ არ გამოიძიეს, ესე იგი პოლიტიკური იყო’’, ,,ახალი თაობა”, 22 მაისი, 2007
  • ,,საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა გაიგოს, რატომ მოკლეს გურამ შარაძე?’’, ,,ახალი თაობა”, 22 მაისი, 2007
  • ,,რა კავშირი ჰქონდა გიორგი ბარათელს გურამ შარაძის ოჯახთან, ,,ახალი თაობა”, 22 მაისი, 2007
  • ,,პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რატომ დაიჭრა შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი”, ,,მედიანიუსი’’, 22 მაისი, 2007
  • ,,ირაკლი წერეთელი გურამ შარაძის სამების ტაძარში დასვენებას ითხოვს’’, ,,ინტერპრესნიუსი’’, 22 მაისი, 2007
  • ,,გურამ შარაძე პოლიტიკური მოტივითაა მოკლული’’, ,,მედიანიუსი’’, 22 მაისი, 2007
  • ,,გურამ შარაძის მკვლელობის მოტივზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია’’, ,,მედიანიუსი’’, 22 მაისი, 2007
  • ,,ჩემთვის უცნობია, თუ რატომ მოკლეს შარაძე’’, ,,იტერპრესნიუსი’’, 22 მაისი, 2007
  • ,,გურამ შარაძის ქალიშვილმა თავისი მამის მკვლელობას პოლიტიკური დანაშაული უწოდა’’, “ახალი ამბები _ საქართველო”, 22 მაისი, 2007
  • ,,რა ჩვენება მისცა ბარათელმა გამოძიებას’’, ,,ალია’’,  22-23 მაისი, 2007 
  • ,,გურამ შარაძის ცხედარს სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში დაასვენებენ’’, ,,მედიანიუსი’’, 23 მაისი, 2007
  • ,,გურამ შარაძე გიორგი ბარათელს არ მოუკლავს?’’, “საერთო გაზეთი”, 23 მაისი, 2007
  • ,,წინასწარი პატიმრობა მკვლელს’’, “საქართველოს რესპუბლიკა”, 23 მაისი, 2007
  • ,,გურამ შარაძის ოჯახის წევრები პირველ კომენტარს აკეთებენ’’, ინტერნეტ.გე, 23 მაისი, 2007
  • ,,ეს პოლიტიკური მკვლელობაა…”, ,,ინტერპრესნიუსი’’, 23 მაისი, 2007
  • ,,რუსუდან შარაძე: გურამ შარაძე პოლიტიკური მოტივით მოკლეს!’’, ,,მედიანიუსი’’, 23 მაისი, 2007
  • ,,გურამ შარაძის მკვლელობის ოფიციალური ვერსია არადამაჯერებელია’’, ,,ინტერპრესნიუსი’’, 23 მაისი, 2007
  • ,,ნინო ნაკაშიძე რუსუდან შარაძის გუშინდელ განცხადებას აბსურდულს უწოდებს’’, ,,პირველი’’, 23 მაისი, 2007
  • “გურამ შარაძის სიკვდილი საქართველოსთვის დიდი დანაკლისია!”, ,,მედიანიუსი’’, 23 მაისი, 2007
  • ,,ნინო ნიშნიანიძე: უნდათ გამოძიება ჩვენგან დამოუკიდებლად აწარმოონ’’, “რეზონანსი”, 23 მაისი, 2007 წელი
  • ,,ზურაბიშვილი შარაძის მკვლელობის ლევილის მამულის შესაძლო გაყიდვასთან კავშირს გამორიცხავს’’, ,,პირველი’’, 23 მაისი, 2007
  • ,,გურამ შარაძის ცხედარი ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენეს’’, ,,მედიანიუსი’’, 24 მაისი, 2007
  • ,,ქაშუეთის ტაძარში გურამ შარაძის სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყო’’, “ახალი ამბები – საქართველო”, 23 მაისი, 2007
  • ,,ბიურო მასხარების თავყრილობას ემსგავსება’’, “ჯორჯიან თაიმსი”, 24-31 მაისი, 2007
  • ,,მკვლელი ,,ანგელოზის’’ იერით’’, ,,გზა’’, 24 მაისი, 2007
  • ,,გურამ შარაძეს ქაშუეთიდან ვერის სასაფლაომდე ხელით აასვენებენ’’, “რეზონანსი”, 24 მაისი, 2007 წელი
  • ,,გურამ შარაძეს დღეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ’’, “ინტერპრესნიუსი”, 24 მაისი, 2007
  • ,,რამდენიმე საეჭვო დეტალი გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში’’, “კრიმინალი”, 24-30 მაისი, 2007
  • ,,სჯობს მოკვდე ფეხზე მდგომი, ვიდრე იცხოვრო დაჩოქილმა’’, “ჯორჯიან თაიმსი”, 24-31 მაისი, 2007
  • ,,პირადი ანგარიშსწორება თუ პოლიტიკური დაკვეთა?’’, “ჯორჯიან თაიმსი”, 24-31 მაისი, 2007
  • “კაცი, რომელიც დააკლდა თბილისს…”, “კამარა”, 24-30 მაისი, 2007
  • ,,ნესტან კირთაძე: კატალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება’’, ,,მედიანიუსი’’, 24 მაისი, 2007

***

გურამ შარაძის მკველელი დაჭერილია

 დღეს საღამოს, მელიქიშვილის გამზირზე სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” შენობის წინ მკვლელობა მოხდა. მოკლულია პოლიტიკური მოძრაობა “ენა მამული სარწმუნოების” ლიდერი გურამ შარაძე.

თვითმხილველთა განცხადებით, მკვლელი მანქანიდან გადმოვიდა და ტროტუარზე ფეხით მიმავალ გურამ შარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა.

ტყვია შარაძეს თავსა და გულმკერდის არეში აქვს მოხვედრილი.

გასროლის შემდეგ მკვლელი შანიძის ქუჩის მიმართულებით გაიქცა და მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციამ მკვლელი შანიძის ქუჩაზე დააკავა. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. უცნობია მკლელობის მოტივიც.

ამ დროისათვის მელიქიშვილის გამზირი გადაკეტილია და ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და რამდენიმე წუთში შარაძის ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.

შემთხვევის ადგილას მივიდნენ შარაძის ოჯახის წევრები და ახლობლები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვერც ახლობლები და ვერც სამართალდამცავები კომენტარს ვერ აკეთებენ.

გურამ შარაძე დაიბადა 1940 წლის 17 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონის სოფ. გურიანთაში. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. მახარაძის მე-3 საშუალო სკოლა. იმავე წელს შევიდა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1963 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა  რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის განხრით.

1966 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

1975 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1967 წელს დაიწყო მუშაობა თსუ-ში, ხოლო 1968 წლიდან დღემდე მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც გაირა გზა მეცნიერი თანამშრომლისა და სწავლული მდივნის თანამდებობიდან ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელობამდე.

1991-1992 წლების მიჯნაზე იყო საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ხოლო 1994 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორია.

1997 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. ამას გარდა, არის საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის და რამდენიმე სხვა დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის, ჟურნალისტთა კავშირის და პარიზის ეროვნული საბჭოს წევრი.

ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას: წლების განმავლობაში იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების პრეზიდენტი, ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, აგრეთვე, სრულიად საქართველოს ივანე მაჩაბლის სახელობის საზოგადოების თავმჯდომარე.

1995 წლიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ. ამასთან, პარლამენტში მუშაობის პერიოდში იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წ.წ.) სამთავრობო არქივის კომისიის თავმჯდომარე. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1996-1997 წლებში განხორციელა პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნება.

1999 წელს მეორედ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების და საზღვარგარეთ არსებულ ფასეულობათა დაბრუნების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ.

მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ნიკო ბერძენიშვილისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატის წოდება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით და უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედლით “უნგრეთის ინტერესების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში”.

გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული წიგნი და გამოკვლევა ქართულ და უცხო ენებზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

,,ჯი-ეიჩ-ენი’’, 20 მაისი, 2007
 

 

 გურამ შარაძე ოჯახის ახლობელმა მოკლა

 გურამ შარაძის მკვლელის ვინაობა ცნობილია. გიორგი ბარათელი, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა გურამ შარაძის შვილის, გიორგი შარაძის ყოფილი თანამშრომელია. ისინი ერთად სტუდია “აუდიენციაში” მუშაობდნენ.

გურამ შარაძის მკვლელობის ადგილას, სადაზღვავო კომპანია “ალდაგთან” ექსპერტ კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ.

პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგს’’ საკუთარი ოფისის პერიმეტრის კონტროლისათვის დამონტაჟებული აქვს სათვალთვალო კამერები, რაც გამოძიებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 

პოლიციასთან აქტიურად თანამშრომლობენ თვითმხილველები და ის ადამიანები, რომლებიც გურამ შარაძესთან მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე კონტაქტში იყვნენ.

ირკვევა, რომ შარაძე სასტუმრო ,,საქართველოდან” ჭავჭავაძის გამზირიკენ მიემართებოდა, როდესაც მას ესროლეს.

თვითმხილველთა განცხადებით, მკვლელმა მელიქიშვილის ქუჩის ტროტუარზე ფეხით მიმავალ გურამ შარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

ტყვიები შარაძეს თავსა და გულმკერდის არეში აქვს მოხვედრილი.

გასროლის შემდეგ მკვლელი შანიძის ქუჩის მიმართულებით გაიქცა და მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციამ მკვლელი შანიძის ქუჩაზე დააკავა. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. უცნობია მკლელობის მოტივიც.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვერც ახლობლები და ვერც სამართალდამცავები კომენტარს ვერ აკეთებენ.

 ,,ჯი-ეიჩ-ენი’’, 20 მაისი, 2007

 ***

 რა გაუმხილა “ქრონიკას” მკვლელობის წინა დღეს გურამ შარაძემ?

 გურამ შარაძე სამარადისოდ დაადუმეს, ის მოკლეს! პოლიტიკოსები საზოგადო მოღვაწის მკვლელობას პირველივე წუთებიდან პოლიტიკურ მკვლელობად აფასებენ, ვინ იქნება შემდეგი? _ ამაზე ფიქრი შემზარავია, თუმცა, სიკვდილის კარებს ვეღარ ჩარაზავ, რადგან ქვეყანას ანტიქრისტე დაეპატრონა, ერი სასოწარკვეთილია, პოლიტიკური ცენტრი პატრიარქის მხარეს იკვეთება, ილია მეორე, დღეს როგორც არასდროს, პოლიტიკურ დატვირთვას იძენს, იგი ერის ერთადერთი მხსნელი ხდება, მისი ყოველი გამოჩენა ახალ იმედს ბადებს, რომ ოდესმე გვეშველება. სრულიად საქართველო მისი ერთპიროვნული მრევლია, დღეს აღარავის სჯერა პოლიტიკური ლიდერების, მათ ნდობის კვორუმი ამოწურეს, ხსნა _ რელიგიაშია! შავი გვირაბის ბოლოს სინათლე, ეს პატრიარქია, სიკვდილის აჩრდილს ჯვარი შეაჩერებს, დაღმასვლას ყოველთვის აღმასვლა მოსდევს. საქართველოში ხელისუფლების ახალი ფორმულირება ჩნდება _ “სიკვდილის მანქანა”, ძალადობა ბოროტებას ბადებს, აგრესიას მხოლოდ სულიერება შეაჩერებს. და მაინც, რა ხდება ქვეყანაში? ხელისუფლება მმართველობაში ეკლესიის დარბევით მოდის, სასულიერო პირებზე შტურმს ახორციელებს, მამა ბასილს ციხეში სვამენ, ,,თავისუფლების ინსტიტუტი’’ იეღოვას მოწმეებს გულზე პერანგშემოხეულები იცავენ, ათანაბრებენ ერსა და ბერს. ფიქრია ჩიხრაძე იხსენებს ვარდების ხელისუფლების მოსვლის პირველ წელს, როდესაც სცადეს პატრიარქზე ზეწოლა, საპატრიარქოზე დაიგეგმა შეტევა, ისინი ცდილობდნენ საპატრიარქოს შიგნით განხეთქილების შეტანას. შეგახსენებთ, სასულიერო აკადემიაში რამდენიმე სტუდენტის გამოყენებას საპატრიარქოს წინააღმდეგ, რაც უშედეგო მცდელობად დამთავრდა. დიახ, ხელისუფლება მოსვლის დღიდანვე ცდილობდა ამ კუთხით რეფორმების გატარებას, თუმცა ეს ვერ შეძლეს. იყო საუბრები პატრიარქის მოწამვლაზეც, თუმცა, ეს ისეთი დეტალია, რაზეც ხმამაღლა ვერავინ საუბრობს. დღეს, ხელისუფლებას არავისი ისე არ ეშინია, როგორც ეკლესიისა და მისი მრევლის. რევოლუცია ქვეყანაში აღარ მოხდება, მაგრამ მოხდება სულიერი ხსნისთვის ბრძოლა და ეს იქნება მოგებული ომი ხალხის  სასარგებლოდ! ამაღლების ბრწყინვალე დღეს, ურწმუნოების ხელით აჭარაში ეკლესიას ანგრევენ, ჯვარს იღებენ და კლავენ ადამიანს, ვინც ეროვნული სიწმინდეების დაცვას სიცოცხლეს ანაცვალებდა. თუმცა, შარაძე იყო ადამიანი, რომელიც უპირისპირდებოდა ხელისუფლებას და გამუდმებით შეახსენებდა, რომ მან ჟვანიას მკვლელობის საიდუმლო იცოდა, რასაც იტყოდა კიდეც. პირად საუბარში არ მალავდა, რომ მას თავად სააკაშვილი უპირისპირდებოდა და მისი განსხვავებული აზრების გამო, განსაკუთრებულ კონტროლქვეშ იმყოფებოდა…

 მინი დოსიე:

გურამ შარძე დაიბადა სოფელ გურიანთაში 1940 წლის 17 ოქტომბერს. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი. არის უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ბოლოს კი აკაკი წერეთლის ფოტო-გალერეის წიგნად გამოცემას აპირებდა.

 

გურამ შარაძის ბოლო საუბარი “ქრონიკასთან”

 შაბათი, 19 მაისი. ხუთ საათზე ბატონ გურამს ტელეფონით ვუკავშირდებით:

_ ბატონო გურამ, როგორ ბრძანდებით?

_ როგორ ვიქნები, ხედავთ, უკვე ეკლესიას ანგრევენ. ამის ცქერას მირჩევნია, ტყვია მესროლონ!

_ კარგით რა, ბატონო გურამ, მეორედ მეუბნებით მსგავს ფრაზას, გული რამეს ხომ არ გიგრძნობთ?

_ (იცინის) ხომ იცით, რომ არაფრის მეშინია და ვერავინ გამაჩერებს, შევხვდეთ და საინტერესო ამბებს მოგიყვებით.…

 სამწუხაროდ, მას ვეღარ შევხვდით. თუმცა, “ქრონიკის” არქივი ინახავს იმ მწვავე ინტერვიუს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ბატონ გურამთან ჩავწერეთ. დაკვირვებული მკითხველისთვის ეს ინტერვიუ შარაძის ბურუსით მოცულ მკვლელობას ნაწილობრივ მაინც ახდის ფარდას. მას საკმაოდ ბევრი პოლიტიკური მტერი ჰყავდა, გურამ შარაძე ფლობდა უამრავ სახიფათო ინფორმაციას და ყველა ლოგიკით, ნებისმიერი მათგანი, შესაძლოა ბატონი გურამის მოკვლის საბაბი გამხდარიყო, რასაც იგი ელოდა კიდეც.

“ქრონიკა” გთავაზობთ გურამ შარაძის იმ სკანდალურ ინტერვიუს, სადაც იგი პირველად ალაპარაკდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე და ბევრი საიდუმლო დეტალიც გასცა (იხ. ,,ინტერვიუ, რომლისთვისაც გურამ შარაძეს მესამედაც დაიჭერენ!’’, “ქრონიკა”, 8-14 მაისი, 2006).

* * *

ლომს, თუნდაც ცალთვალას, ვინ შეჰბედავს _ ელამი ხარო?! ჰოდა, რომ შეჰბედა შარაძემ ბეცებს ქალის საშოში ჩახატული იოანე ნათლისმცემლის “შედევრის” ჩამოხევა და უნივერსიტეტის რექტორის ენის შებრუნება, ამიტომაც ხულიგნობის მუხლით 15-15 დღე ციხეში აყურყუტეს. და თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, რეციდივისტად მოინათლება და რამდენიმე წლით სუფთა ჰაერს ვეღარ ჩაყლაპავს, მერე ამყაროს შარაძემ ციხეში “პალაჟენია”, ხუბუამ _ უნივერსიტეტში, ლომაიამ _ სამინისტროში და მიშამ _ ქვეყანაში. “ენა, მამული, სარწმუნოების” ლიდერს, ცხადია, ხელისუფლებამ გემრიელი პიარი აუგორა. თუმცა, ამას ყველაზე უკეთ შევარდნაძე ხვდება და ამბობს, ამათ თავში ჭკუა არ ჰქონიათ, შარაძის დაჭერით რა მოიგესო? რა მოიგეს და კიდევ ერთ ენამწარეს აუშალეს საღერღელი…

_ სჯობს, მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარიო და თქვენც უტევთ ამ ხელისუფლებას, რა გენაღვლებათ?..

_ ერთმა მითხრა, ბატონო გურამ, მამისტოლა კაცი ხართ და სააკაშვილს გვერდით დაუდექითო. ვუპასუხე, მამას ხომ ეკითხება შვილის ამბავი და დამიჯერეთ, სააკაშვილი ვერ გასწევს პრეზიდენტობას-მეთქი. სააკაშვილი გავიცანი 1995 წლის პარლამენტში, პირველსავე სხდომაზე. მახსოვს, ჩემთან მოვიდა და მეუბნება, ბატონო გურამ, მე ვამაყობ იმ პარლამენტის წევრობით, რომლის წევრიც გურამ შარაძე ბრძანდებაო. ვინ ხართ-მეთქი და მიხეილ სააკაშვილიო. ის იყო მოქალაქეთა კავშირის ახალი სახე, ამერიკიდან ჩამოყვანილი განსვენებული ჟვანიას მიერ. როგორ გადაუხადა, კარგად იცით, შევედრებული შევარდნაძისთვის და ასე ჩასმული სმკ-ში. ამას იმიტომ ვყვები, რომ არავითარი დაუმსახურებელი პრეტენზია, მიშას დავესესხები _ გაჩმახება _ მასთან არ მქონია, ან რა ჩემი ტოლია?

ამათ ქვეყნის დანგრევის უფლებას არ მივცემ, ხვალვე რომ დამხვრიტონ. ამდენჯერ დამაპატიმრეს, შვილი ვინ მომიკლა, ვერ გამოიძიეს, ჩემს მეუღლეს მანქანა ვინ დააჯახა, ისიც ვერ გამირკვევია, ჩემი მისამართით ტყვიას ჩემი ოჯახის წევრს ესვრიან, მე მესროლონ! მანამდე ვიტყვი და მოვასწრებ.

_ რას მოასწრებთ, ბატონო გურამ?

_ ვიტყვი სიმართლეს, რომ ესენი ქვეყანას ღუპავენ!

_ შევარდნაძის ლეკვებს კი უჩმახებთ, მაგრამ ასლანთან ურთიერთობას ისინიც მწარედ განანებენ…

_ ზოგიერთებივით ასლანისგან წილები არ მომდიოდა, მისთვის არც ტყვია მისვრია და არც გამიძევებია. თუმცა, ამათზე მეტი საფუძველი მქონდა ეს მეკადრა. ვინც გააძევა, ასლანისგან ძალიან დავალებული იყო ფულით და აჭარაში გრიალით. რატომ დავშორდი ასლანს? არსად არ მითქვამს და პირველად ახლა ვიტყვი: ჟვანიას ტერორისტობა რომ დააბრალეს, მაშინ მითხრეს _ ასლანისთვის მეთქვა, რომ ჟვანია მის მოკვლას გეგმავდა, რადგან ასლანი ამას ჩემგან უფრო დაიჯერებდა. ამის მთქმელი ვიყავი, რომ ასლან აბაშიძესთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, ჟვანია ტერორისტად გამომეცხადებინა?! მას ვერ დავწამე ცილი. სამაგიეროდ, მისმა მეგობრებმა დასწამეს ცილი. ვერც დაიცვეს და კიდეც მოკლეს. სააკაშვილმა, ბარამიძემ, მაჭავარიანმა, გოგორიშვილმა, ყველამ გაყიდა ჟვანია. ვერ დაიცვეს, ჰო და, ჩემი შვილის მკვლელობას ვინ გამოიძიებს, როცა ჟვანიას მკვლელობაზე გაყურსულები არიან? მე რომ წამოვედი ,,აღორძინებიდან’’ (ამ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ), ამით დავიცავი ჩემი პატიოსნება, სიმართლე და დავისაჯე კიდეც.

 

დღემდე უცნობი პოლიტიკური ინტრიგები

 _ მოგიყვებით, როგორ კლავდნენ ჟვანიას სიცოცხლეში: ერთხელ პარლამენტში ჟვანიას შემთხვევით ვხვდები, ნერვებს ასკდება და ფლიგელში ბოლთას სცემს, ვკითხე _ რა მოგივიდა, შეუძლოდ ხომ არ ხარ-მეთქი? აი, რა მიპასუხა: ამ ქუთაისელმა კეკელკამ, კაბინეტში არ მიმიღო, მთელი საათი მალოდინა მისაღებში და ჩემს თანამშრომლებთან შეურაცხყოფილი დამტოვაო. ეს, მგონი, ფიზიკურ მკვლელობაზე მეტია.

_ ბურჯანაძის ბრილიანტებმა მოგჭრათ თვალი თუ მისმა პოლიტიკურმა განცხადებებმა?

_ ჯერ ერთი, ვერ ძღება ბრილიანტებით, სადაც ჩამოსაკიდებელი ადგილი აქვს, კილო ბრილიანტი ჰკიდია. თურმე, ორბელში ეს განძი ბებიამისს უანდერძია. სასაცილოა, სამარცხვინო რომ არ იყოს. თვალებში ნაცარს გაყრიან და თავსაც გამეტებენ გვარიშვილობით და განათლებით. ქალი, რომელიც ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებს ცივილურსა და ცივილიზებულს. მეორეც, თერჯოლისა და ქუთაისის რაიკომის მდივნის აღზრდილსა და საბჭოთა ფულით მოსკოვში განსწავლულს, დღეს რომ ვითომ დუმაში უბრახუნებენ, რა გგონიათ, ორმოცდღიანი პრეზიდენტობის გემო დაავიწყდა? ხორბლის პრინცესა მეორე კაცობას ვეღარ ეგუება, პირველობა უნდა. ბურჯანაძე რუსეთის ქალია, არ გაგიკვირდეთ, ის ხელების ბრახუნიც დადგმული სცენარია. ხომ გახსოვთ, ოქრუაშვილის მაგივრად ბოდიში რომ მოიხადა? ეს იყო რუსეთისთვის გულის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯი. თუმცა, კითხვა მიჩნდება, რატომ ახარებთ ეს ბოდიში მის ე.წ. დაუძინებელ მტრებს _ რესპუბლიკელებს, მრეწველებს, კონსერვატორებს? იმიტომ ხომ არა, რომ ბურჯანაძეს მოსკოვში უთხრეს: როგორც შევარდნაძის ჩამოგდებაში დაგვეხმარე, მიშიკოს ჩამოგდებაშიც ასე თუ დაგვეხმარები, მაშინ გადადი ოპოზიციაშიო. ნახეთ, რა ჩაფსკვნილ-ჩახლართული წრე იკვრება. ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან ოპოზიციის ლიდერად გადაბარგდება. როგორც ბადრი პატარკაციშვილი დაიჭირეს რუსეთში ნაშოვნი მილიარდების გამო, ასევე “დაუბრახუნებენ” ბურჯანაძეს და პრეზიდენტად დაასკუპებენ.

 

შარაძის ანეკდოტი ნინოს

 _ მიშა ეუბნება ბურჯანაძეს: ნინო, ნუ იცინი, თორემ მამაშენს დავიჭერ და შენს ქმარსაც ზედ მივაყოლებო.

პატარკაციშვილის საშუალებით ცდილობს რუსეთის გულის მოგებას და პრეზიდენტობისკენ გზის გაკაფვას, მაგრამ სანამ პრეზიდენტი არ გამხდარა, ამას მიშა აპატიებს და ქმარს და მამას არ დაუჭერს. დამიჯერეთ, ბურჯანაძე ემზადება პრეზიდენტობისთვის.

 

კულუარული ინტრიგის ფრაგმენტი

 _ ჟვანია ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, ბურჯანაძეს არ ელაპარაკებოდა. ეს ზურამ თავად მითხრა, ნინოს ხმას არ ვცემო. ბურჯანაძე ვერ იტანდა, რომ პარლამენტის ფაქტობრივი თავმჯდომარე მაინც ჟვანია იყო. ახლა ის გაბოროტებულია, კვლავ ვერ ახერხებს პარლამენტის მართვას, რადგან ფაქტობრივი მმართველი ბოკერია და მაჭავარიანია.

 

ნინოს და მიშას ბუტიაობა

 _ სააკაშვილი რომ საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ბურჯანაძე ერთ დღეს განრისხებული შემხვდა, ბობოქრობდა, როგორ გაბედა მიშამ, პარლამენტის თავმჯდომარე, საკრებულოში დამიბარაო? ამის გამო ისე იყვნენ გადაკიდებულნი, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ.

_ შარიანი კაცი ხართ, ბატონო გურამ, თქვენს ყბაში ჩემი მტერი ჩავარდეს, ასეთებს რომ ლაპარაკობთ, ამიტომაც გახეხინებენ ციხეს…

_ ახლა, რა უთხრა შარაძემ ამათ ისეთი, ორჯერ რომ დამაპატიმრეს? ჩამოვხიე ქალის საშოში ჩახატული იოანე ნათლისმცემელი, არ უნდა დამეხია? თანაც, ეს ჩამოკიდებული იყო ჩემს სამუშაო ოთახთან, სადაც უნდა მეკითხა ბიბლია და სახარება. რა, იოანე ნათლისმცემლის თვალებისთვის იქ უნდა მეცქირა და პირჯვარი გადამეწერა?

მეორედ იმისთვის დამაპატიმრეს, როგორ ვუთხარი ხუბუას, შენ დაანგრიე მეცნიერებათა აკადემია, თინა წერეთლის სახელობის ინსტიტუტი და დედატელევიზია, ახლა მოდიხარ დედაუნივერსიტეტის დასანგრევად-მეთქი? ამისთვის დამაპატიმრეს. დათო ბერძენიშვილს დაელოცოს მარჯვენა, ბოკერიას დედის გინებისთვის თვალი რომ ჩაულურჯა. პრეზიდენტმა ჟურნალისტს დედა აგინა, ბენდუქიძემ გაჩეჩილაძე “ნაზე” გაუშვა, რომელიმემ პასუხი აგო? არა! აბა, რა ვთქვი ამისთანა მე?! მაშინდელმა პროფესურამ გადააყენა პეტრე მელიქიშვილი, რომელმაც უნივერსიტეტის მართვა ვერ შეძლო და დღევანდელმა პროფესურამ უშაფათელი გია ხუბუა უნდა მოითმინოს, რომელმაც თავისი მასწავლებლის, გივი ინწკირველის სახელმძღვანელო (სახელმწიფო სამართალში) სწავლებიდან ამოაღებინა და თავისი სახელმძღვანელო ჩადო? ხუბუა თუ ინწკირველზე უკეთესს დაწერდა _ კი, ბატონო, მაგრამ მას ჩადებული აქვს ანტისახელმწიფოებრივი იდეა _ საქართველო უნდა მოეწყოს ფედერალიზმის პრინციპზე. ისეთი კონფედერაცია უნდა შეიქმნას, სადაც არ იქნება საქართველო ნახსენები და აფხაზეთს დაგვასვამენ თავზე. შემიძლია, ასეთი ანტიქართული ხუბუა ავიტანო? კაცი, რომელიც პირველად საქართველოს რექტორების ისტორიაში დაცვით დადის. ვისგან იცავს თავს, სტუდენტებისგან და პროფესორებისგან? რა დანაშაული ჩაიდინა, რომ დაცვით დადის?

_ თუ კიდევ იხულიგნებთ, რა გელოდებათ?

_ ჩემმა მეგობარმა იურისტებმა ამიხსნეს, რომ მესამე შემთხვევა რეციდივად ჩამეთვლება, რაც მრავალწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამიტომ მთელი საქართველოს გასაგონად ვამბობ, რომ ბოკერია-ლომაია სააკაშვილის მითითებით თხუთმეტ დღიანი პატიმრობის ნაცვლად, თხუთმეტ წლიან პატიმრობას მიმზადებენ. შესაძლოა, გაზეთში ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, მასალაში რაღაც ფრაზები ამოიკითხონ, დამაპატიმრონ რეციდივის მოტივით, გამასამართლონ და მრავალწლიანი მუხლი შემიფარდონ.

_ პიარი გაგიკეთეს, რა გინდათ?

_ თუ ჭკუით არ ვიქნები, შეუძლიათ, ციხეში დამალპონ. ბოკერიამ დაიქადნა: თქვენ, ბატონო გურამ, გაგაძევებთ პოლიტიკიდან და ციხეში ჩაგსვამთო. როგორ გამაძევა პოლიტიკიდან, ეს ხალხმა განსაჯოს. მე არ გავჩუმდები, გამორიცხულია! შარაძის ენა ყოველთვის საშიშია.

_ ბატონო გურამ, პოლიტიკურ თავშესაფარს კვლავ ითხოვთ?

_ პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით ყველა საელჩოსა და სახელმწიფოს მივმართე, მაგრამ… “ვარდების რევოლუცია” 23 ნოემბერს მოხდა. 28-ში კი იუსტიციის სამინისტრომ უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმებული იეღოველთა ორგანიზაცია რეგისტრაციაში გრიალ-გრიალით გაატარა. იეღოველების დამცველი ეს ხელისუფლება ჯერ მოსული არ იყო, რომ მე ცეცხლითა და მახვილით მებრძოდა, “ფაშისტსა” და “ნაცისტს”  მეძახდა.

_ იეღოველთა სექტის გამო პოლიტიკურ თავშესაფარს არავინ მოგცემთ, რამეთუ თვით დავით აღმაშენებელიც კი ტოლერანტი იყო…

_ გაგიგონიათ, რომ ოდესმე მუსლიმანობას, კათოლიკობას, გრიგორიანელობას ან იუდეველობას ვებრძოდე? ესენი მსოფლიო რელიგიებია, მაგრამ აქ ლაპარაკია აგრესიულ-ტოტალიტარულ სექტაზე, რომელიც ქურდულად და ვერაგულად ჩვენში ოცსაუკუნოვან ქართულ-ეროვნულ მენტალიტეტს შლის. შეხედეთ ქართველ იეღოველებს, მათ ნორმალური ადამიანის სახე დაკარგული აქვთ, რადგან სექტანტური დოქტრინა მოუწოდებს, რომ მამამ, დედამ, შვილმა, ცოლ-ქმარმა ერთმანეთი დახოცონ, ოღონდ ერთმანეთს სისხლი არ გადაუსხან. 23 ნოემბრამდე გურამ შარაძის ეშინოდათ! იეღოველების სექტა თუ არაფერს ნიშნავს, რატომ არის აკრძალული სექტები სომხეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში? შირაკის პირველად გაპრეზიდენტებამდე საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ორასამდე კანონი მიიღო, მაგრამ კოსმოპოლიტმა შირაკმაც კი ვერ გაბედა, რომ ანტისექტანტური კანონები ხელის ერთი მოსმით გაეუქმებინა…

 ნინო სამხარაძე
“ქრონიკა”, 21-27 მაისი, 2007

 

 ვის უნდა შეხვედროდა ორშაბათს გურამ შარაძე?

 გურამ შარაძე 20 მაისს, დაახლოებით, საღამოს 8 საათსა და 15 წუთზე, მელიქიშვილის და შანიძის ქუჩების კუთხეში მოკლეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შარაძე მელიქიშვილის ქუჩით, ფეხით სახლში მიდიოდა (ის ვაკეში, ჭავჭავაძის #15-ში ცხოვრობდა). ამ დროს, მას შანიძის ქუჩიდან, შორიდანვე 5 ტყვია ესროლეს. როგორც “ქრონიკამ” გაარკვია, გარდაცვლილს ხუთი ნატყვიარი აღმოაჩნდა, აქედან ერთი, საკონტროლო ტყვია თავში აქვს ნასროლი.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გიორგი ბარათელი საპატრულო პოლიციამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, მრგვალ ბაღთან დააკავა. პატრული მელიქიშვილის ქუჩაზე მოძრაობდა და მკვლე¬ლობას შემთხვევით შეესწრო. ისინი ეჭვმიტანილს ფეხით დაედევნენ, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ეჭვმიტანილი ბარათელი მსუბუქადაა დაჭრილი და ის ჯერ წმინდა მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო საავადმყოფოდან წინასწარი დაკავების იზოლატორში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დანაშაულს აღიარებს.

გურამ შარაძე ქალაქის პროზექტურაში გადაასვენეს. როგორც “ქრონიკამ” გაარკვია, მას პირველადი ექსპერტიზა 21 მაისს ჩაუტარდება.

 “ქრონიკა” ფაქტის თვითმხილველს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

“ჯანაშიას ქუჩაზე ვიყავი და უცებ 4 თუ 5 გასროლის ხმა გავიგე. ვიღაცამ დაიძახა მოკლესო, ამ დროს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც პატრულის ორი თანამშრომელი ფეხით მისდევდა, შანიძის ქუჩაზე, პატარა სუპერმარკეტ “ბიგ-ბენთან” 10 ნომერში სადარბაზოში შევარდა. პატრულს ვიღაცამ ანიშნა, აქ შევიდაო. ისინიც გაქცეულს სადარბაზოში შეჰყვნენ, მაგრამ ის ბიჭი ჭიშკრიდან გამოვარდა და “ჩორნი ხოდებით” მიმალვა სცადა. ისროდა ის ბიჭიც და პატრულის თანამშრომლებიც. სროლა ასე, 5-10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა”.

 რობერტ პანიევი, პატრულის თანამშრომელი:

_ ვმოძრაობდით მელიქიშვილის ქუჩაზე და გავიგეთ გასროლის ხმა. სავარაუდოდ, 3 გასროლა მოხდა. დავინახეთ ის პიროვნება, რომელმაც ისროლა და დავედევნეთ.

_ მანქანით დაედევნეთ თუ ფეხით?

_ ფეხით.

_ რა ადგილას დააკავეთ ეჭვმიტანილი?

_ მრგვალ ბაღთან.

_ მან თქვენი მიმართულებით ისროლა?

_ კი, იყო ორმხრივი სროლა.

_ რომელიმე პატრულის თანამშრომელი დაჭრილი ხომ არ არის?

_ არა.

_ ეჭვმიტანილი?

_ მას აქვს მცირე დაზიანება, მაგრამ, მგონი, სერიოზული არაფერი.

_ სხვა ხომ არავინ დაშავებულა?

_ არა.

 

ლევან ბოჭორიშვილი, პატრულის თანამშრომელი:

_ რა იარაღი ჰქონდა ეჭვმიტანილს?

_ თუ არ ვცდები, “ტეტეს” სისტემის იარაღი.

_ იარაღი ამოღებულია?

_ კი.

_ ეჭვმიტანილი მარტო იყო?

_ კი, მარტო იყო და ის დანაშაულს აღიარებს.

_ რა მოტივით ჩაიდინა მკვლელობა?

_ არ ვიცით.

_ რამდენი ჭრილობა აქვს შარაძეს?

_ არ ვიცი.

 ვინ არის გიორგი ბარათელი?

 როგორც “ქრონიკამ’’ გაარკვია, გიორგი ბარათელი 1977 წლის 30 ნოემბერსაა დაბადებული. 1996-98 წლებში იყო სტუდია “აუდიენციის”, შემდეგ კი გადაცემა “ბუდარიას” ოპერატორი. ბოლოს მუშაობდა “რუსთავი-2”-ში “ფარული კამერის” ოპერატორად. როგორც გურამ შარაძის ოჯახის ახლობლები ამბობენ, ბარათელი “აუდიენციაში” მოკლულის შვილს, გიორგი შარაძეს მიუყვანია. გიორგი შარაძის ფინანსებითა და დახმარებით წასულა შვეიცარიაში, სადაც ბარათელი დაუკავებიათ და შემდეგ საქართველოში ექსტრადიციით გადმოუყვანიათ.

გიორგი ბარათელს არ ჰყავს დედ-მამა. მამის ამბავი გაურკვეველია, ხოლო დედა დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაცვლილა. როგორც გიორგი ბარათელის დეიდა ამბობს, გიორგი თითქმის ერთი თვეა არ უნახავს და ისიც კი არ იცის, სად ცხოვრობს, რადგან მას დიდი ხანია ბინა ჰქონია ცალკე ნაქირავები და მასთან ხანდახან თუ შეივლიდა ხოლმე. გიორგი ბარათელს იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა, თუმცა, საიდან იშოვა მან მკვლელობის იარაღი, ჯერჯერობით დაუდგენელია.

“ქრონიკამ” სტუდია აუდიენციის მფლობელთან. კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირება სცადა, მაგრამ, როგორც მისმა მეუღლემ გვითხრა, იგი საქართველოში არ იმყოფება.

“აუდიენციის” ერთ-ერთი წარმომადგენელი ნონა ყანდიაშვილი: “გიორგი ბარათელი კარგად არ მახსოვს. ვიცი, რომ ოპერატორი იყო, მაგრამ მასთან არავითარი შეხება არ მქონია და არც ის ვიცი, როგორი პიროვნება იყო. ვიცი ის, რომ იგი “აუდიენციაში” რამდენიმე წელი, გურამ შარაძის შვილთან, გიორგი შარაძესთან ერთად მუშაობდა”.

“ქრონიკა” ეცადა “ფარული კამერის” პროექტის ავტორს, ალეკო მალხაზიშვილს დაკავშირებოდა, მაგრამ იგი მკვლელობის ღამის განმავლობაში ტელეფონს არ პასუხობდა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. “კურიერი P.შ.’’-ის წამყვანმა, დავით კიკალიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობის დღეს, დილით, გიორგი ბარათელს პოლიციამ “რუსთავი-2”-ში მიაკითხა და ეძებდაო. “ქრონიკა” დავით კიკალი¬შვილს გადაცემის დამთავრებისთანავე დაუკავშირდა.

“ეს ინფორმაცია გადაცემის მსვლელობისას მივიღე, მაგრამ შემდეგ არავინ არ დაადასტურა და აღარ გამიმეორებია. როგორც მითხრეს, მას პოლიციასთან დიდი ხანია პრობლემები ჰქონდა და მკვლელობის დღესაც, დილით “რუსთავი-2”-ის ოფისში მიაკითხესო. თუმცა, ჯერ დაზუსტებით არ ვიცი, მართლა ასე იყო თუ არა”.

 

რას ფიქრობენ პოლიტიკოსები

 ფიქრია ჩიხრაძე, “ახალი მემარჯვენეები”:

_ ეს შემზარავი ფაქტი ყველას მიმართ არის გზავნილი, რომ თუ ჩუმად არ იქნებიან, შესაძლოა, მათ სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქროს. ცხადია, ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა. ბატონ გურამთან მე დიდი ხანია საუბარი არ მქონია. ბოლოს მან აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობაზე საკუთარი წიგნი გამოგვიგზავნა. ვურეკავდი, რომ მადლობა გადამეხადა, მაგრამ ვერ დავუკავშირდი და ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ მოვახერხე მისთვის მადლობა მეთქვა…

კონსტანიტე გამსახურდია, პარტია “თავისუფლება”:

_ როცა ამაღლების დღესასწაულზე ეკლესია დაანგრიეს, სხვათა შორის, იქ ბატონი გურამი არ მინახავს. თუმცა, მასთან მე ერთი კვირის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი. შემზარავი ფაქტი მოხდა. ამას პოლიტიკურ მკვლელობად ვაფასებ.

თემურ შაშიაშვილი, ,,წინ საქართველო”:

_ ეს არის საშინელი მკვლელობა. ამაში ხელისუფლებას ვადანაშაულებ. ამ ხელისუფლების რეჟიმი უნდა დასრულდეს. ისინი ნერგავენ ძალადობას, არიან აგრესიულები. ამათ არც ღმერთი სწამთ, არც მორალი აქვთ. დიახ, ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა. მათ ამით დაანახეს ხალხს, რომ გაუსწორდებიან ყველას, ვინც ამათ წინააღმდეგ გაილაშქრებს. ბატონი გურამის მკვლელობა იყო გაფრთხილება ყველა ოპოზიციური ლიდერისათვის. ბატონ გურამთან ბოლოს ინტენსიური კავშირი არ მქონია და შესაბამისად, არ ვიცი რას აპირებდა იგი ეკლესიის დარბევასთან დაკავშირებით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ის არ გაჩერდებოდა, რადგან თავისი ცხოვრების განმავლობაში რწმენის დასაცავად იბრძოდა.

სოსო შატბერაშვილი, “ლეიბორისტული პარტია”:

_ ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მკვლელობაა და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა ამ ხელისუფლებამ უნდა აიღოს. მათ, ეტყობა, ვერ მოინელეს ის, რომ გურამ შარაძე ნამდვილი პატრიოტი იყო, ამათ მთელი ცხოვრება ებრძოდა და სწორედ ახლა იძიეს შური. ეს მკვლელობა გამოიწვევს ხალხის გამოსვლას. ხალხი ისევე დაუპირისპირდება ამ მთავრობას, როგორც წინა მთავრობას დაუპირისპირდა. ესენი მკვლელები არიან! ესენი უნდა გადადგნენ!

 

რა იყო მკვლელობის მოტივი?

 შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა ამჯერად “ტრადიცია” დაარღვია და ჩვენს ზარს უპასუხა, მაგრამ მხოლოდ ის გვითხრა, დღეს არავითარი ბრიფინგი არ იქნებაო და სანამ რამეს ვკითხავდით, ტელეფონი გაგვითიშა. შემდეგ ხიზანიშვილი ისევ გაუჩინარდა და ჩვეულებისამებრ აღარც სატელეფონო ზარს პასუხობდა.

არაოფიციალურად, შარაძის მკვლელობის სამი ვერსია განიხილება.

პირველი ვერსია. როგორც აღვნიშნეთ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბარათელი კარგად იცნობდა გურამ შარაძის შვილს, გიორგი შარაძეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას გიორგი შარაძესთან პირადი უთანხმოება ჰქონდა და გურამ შარაძეც შურისძიების მიზნით მოკლა. ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ შარაძის ოჯახის წევრები:

თემო გოგიძე, გურამ შარაძის სიძე:

 “სისულელეა იმაზე საუბარი, რომ ბარათელმა გურამ შარაძე შურისძიების მიზნით მოკლა. ბარათელი გიორგიმ შეიფარა, მანვე დააწყებინა “აუდიენციაში” მუშაობა და ყველაფერი ასწავლა. წაიყვანა შვეიცარიაში. მერე ბარათელმა იქ რაღაც ჩაიდინა და დაიჭირეს. მგონი, იქ დარჩენა უნდოდა და ამიტომ. ამის შემდეგ გიორგი შარაძეს ბარათელი არ უნახავს. საერთოდ აღარ ეკონტაქტებოდა. რა უთანხმოება უნდა ჰქონოდათ ერთმანეთში? ან თუ უთანხმოება ჰქონდათ, გურამს რატომ მოკლავდა? ნამდვილად ვიცი, რომ გიორგი ბარათელს და გიორგი შარაძეს ბოლო წლებია, ერთმანეთთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონიათ. ეს არის შეკვეთილი მკვლელობა და ვინც მკვლელობა დაგეგმა, ზუსტად გათვალა ყველაფერი. ბარათელი შემთხვევის ადგილზე რომ არ დაეკავებინათ, მასზე ეჭვს ვერავინ მიიტანდა

ეტყობა, ვინც ეს მკვლელობა შეუკვეთა, ეს კარგად იცოდა და ის სწორედ ამიტომ გამოიყენეს”.

მეორე ვერსიით, გურამ შარაძის მკვლელობა მის პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდება. “ქრონიკამ” მკვლელობის  ღამეს რამდენიმე საგულისხმო ინფორმაცია მოიპოვა და არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანი, მკვლელობის მოტივიც გახდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, გურამ შარაძე აჭარაში ეკლესიის დანგრევის ფაქტთან დაკავშირებით, მასშტაბური აქციების მოწყობას გეგმავდა. მას ამაზე სატელეფონო საუბრებიც კი ჰქონია რამდენიმე პოლიტიკოსთან. როგორც “ქრონიკას” კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, აქციების დაწყება რამდენიმე დღეში იგეგმებოდა და შარაძე ამის შესახებ საპატრიარქოსთან კონსულტაციებსაც მართავდა. ამ კონსულტაციებს უკავშირებენ 20 მაისს უწმინდესისა და უნეტარესის მძაფრ კომენტარსაც, სადაც იგი ბრძანებს “ქვეყნის ძლიერების საფუძველი ერთიანი და ძლიერი ეკლესიაა. ის, ვინც ეკლესიის დაყოფას ცდილობს, ებრძვის ეროვნულ ინტერესებს!” ეს ის იშვიათი გამონაკლისი იყო, როდესაც პატრიარქმა ხელისუფლების მისამართით, კონკრეტული მინიშნება გააკეთა. “ქრონიკას” წყარომ ისიც გაუმხილა, რომ ორშაბათს, 21 მაისს გურამ შარაძეს შეხვედრა ჰქონდა დანიშნული პატრიარქთან, სადაც, სავარაუდოდ, უწმინდესისგან კურთხევა უნდა მიეღო გრანდიოზული აქციის მოსაწყობად და აჭარის ხელისუფლების წინააღმდეგ ვანდალური აქტის გასაპროტესტებლად.

“ქრონიკის” ინფორმაციით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, გურამ შარაძეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ერთ-ერთ პოლიტიკოსთან, რომელსაც უთხრა, რომ მან სერიოზული ინფორმაცია მიიღო ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას ამოწმებდა და დადასტურების შემთხვევაში, პრესკონფერენციის მოწყობას აპირებდა. “ქრონიკას” კონფიდენციალურმა წყარომ ისიც გაუმხილა, რომ შარაძემ ამ პოლიტიკოსს მხარდაჭერაც სთხოვა, მაგრამ მისგან უარი მიიღო.

არსებობს მესამე ვერსიაც _ გურამ შარაძე თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე აქტიურად იბრძოდა “იეღოვას მოწმეების” წინააღმდეგ. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ეს მკვლელობა შესაძლებელია “იეღოვას მოწმეების” შურისძიებაც იყოს. თუმცა, “ქრონიკამ” გაარკვია, რომ ბარათელი “იეღოვას მოწმე” არ არის. სამივე ვერსიის შემთხვევაში, ბარათელი მკვლელობის შემსრულებელი იყო, ხოლო მკვლელობა _ დაკვეთილი. თუ ეს შეკვეთა ზედა ეშელონებიდან მოდის, არ არის გამორიცხული, რომ ბარათელმა სასამართლომდეც ვერ მიაღწიოს და იგი თავიდან მოიშორონ. მაგალითად, სინდისის ქეჯნით თავი ჩამოიხრჩოს ან ჩხუბში მოკლან… ჩნდება კიდევ რამდენიმე ეჭვი _ თუ ეს მკვლელობა მართლაც შეკვეთილი იყო, რატომ არ მოკლეს გურამ შარაძე თუნდაც, სადარბაზოში, ან სხვა ისეთ ადგილას, სადაც მოწმეები არ იქნებოდნენ და პატრულის გამოჩენის ალბათობაც ნულის ტოლია. არადა, როგორც ამბობენ, გიორგი ბარათელი არც გიჟი იყო და არც თავზეხელაღებული. ისიც ითქვა, ხელისუფლებამ ამ მკვლელობით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში სრული განუკითხაობაა და ასე, დღისით-მზისით, გაუსწორდებიან ყველას, ვინც გაბედავს და მათ წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს. ძრწოდეთ და გეშინოდეთ, არავინ იცის, ვინ გაიზიარებს ხვალ გურამ შარაძის ბედს!

დიმიტრი ტიკარაძე
“ქრონიკა”, 21-27 მაისი, 2007

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s