ნოემბერი

“სიკვდილი და დასაფლავება”

ნოემბერი 2007

  • ,,როგორ ემუქრებოდნენ და უმწარებდნენ სიცოცხლეს გურამ შარაძეს და ვინ არის სინამდვილეში გიორგი ბარათელი?’’, ,,ასავალ-დასავალი’’, 5-11 ნოემბერი, 2007
  • რუსუდან შარაძის ღია წერილი ბატონ ბადრი პატარკაციშვილს’, ,,ასავალ-დასავალი’’, 5-11 ნოემბერი, 2007
  • ,,გიორგი ბარათელისთვის პროკურატურამ 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა’’, ,,პირველი’’, 10 ნოემბერი, 2007
  • ,,შარაძის მკვლელობაში ბრალდებულს 27 წლით პატიმრობა მიუსაჯეს’’, ,,ჯი-ეიჩ-ენი’’, 12 ნოემბერი, 2007
  • ,,აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა’’, “ახალი ამბები _ საქართველო”, 12 ნოემბერი, 2007
  • ,,აღიარებისას ბარათელმა თავი მოიგიჟიანა”, ,,მთელი კვირა’’, 26 ნოემბერი, 2007

***

როგორ ემუქრებოდნენ და უმწარებდნენ სიცოცხლეს გურამ შარაძეს

და ვინ არის სინამდვილეში გიორგი ბარათელი?

ამ ორიოდე კვირის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წინაშე გიორგი ბარათელის ძმა – მამუკა ბარათელი წარსდგა და პროკურორ გიორგი ჩივიაშვილის აშკარა მფარველობითა და კეთილგანწყობით სასამართლოს უბინძურესი ჩვენება მისცა… კერძოდ, მან თქვა, რომ თითქოს გურამ შარაძე გიორგი ბარათელს თირკმლის ამოჭრას აიძულებდა და შვეიცარიაში ქალაქიდან ქალაქში დასდევდა… გურამ შარაძის ადვოკატების – ნინო ნიშნიანიძისა ნუგზარ ბირკაიას განცხადებით, მამუკა ბარათელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მის ძმას – გიორგი ბარათელს გურამ შარაძის მკვლელობა დაუმტკიცდეს, რაც სიტუაციას ფრიად საეჭვოსა და ინსცენირებულს ხდის… ზემოხსენებული ბინძური ცილისწამების შემდეგ, 25 ოქტომბერს, სასამართლოს ჩვენება მისცა გურამ შარაძის მეუღლემ – ქალბატონმა სვეტლანა გახარია-შარაძემ, რომელსაც იმ დღეს 67 წელი შეუსრულდა და, როგორც თავად განმიცხადა, ეს მისი პირველი და უკანასკნელი ინტერვიუა…

_ ქალბატონო სვეტლანა, თუ იცნობთ ბარათელს და თუ გინახავთ ეს ბიჭი სადმე?

_ 25 ოქტომბერს, როდესაც შემოიყვანეს ბარათელი და გალიაში მოათავსეს, როგორც გარეული ცხოველი, მოსამართლემ მკითხა: თუ გინახავთ ოდესმე ეს ადამიანიო. მე ვუპასუხე, რომ მას ფიზიკურად პირველად ვხედავდი. შემდეგი კითხვა შეეხებოდა იმას, თუ ვიცოდი რაიმე ბარათელის შესახებ. მე გავიხსენე შემდეგი ფაქტი: ერთ დღეს ჩვენთან სახლში დარეკა ვიღაც ქალმა და გამეცნო, როგორც გიორგი ბარათელის დედა. მე ვერ მივხვდი, ვინ იყო გიორგი ბარათელი, რის გამოც ამ ქალბატონის რისხვა დავიმსახურე. მაშინ მან მიამბო შემდეგი ფაქტი და მეც გავიხსენე ეს ამბავი… კერძოდ, ერთხელ ერთ ტელეარხზე აჩვენეს შემდეგი სიუჟეტი _ საქართველოს ხელისუფლების განკარგულებით, ე.წ ცნობად სახეებს ციხე-კოლონიებიდან უნდა გამოეყვანათ არასრულწლოვანი დამნაშავეები და თავიანთი პასუხისმგებლობით დაესაქმებინათ. მე განგებ არ ვასახელებ ამ ,,ცნობად სახეებს”. როგორც ბარათელის დედამ მითხრა, ათიოდე ბიჭი აჩვენეს, თურმე, მათ შორის ბარათელიც. _ ,,მე რა ვალდებული ვიყავი, დამემახსოვრებინა თქვენი შვილი, მითუმეტეს რომ არ ვიცნობ-მეთქი?’’ _ ვკითხე ამ უცნობ ქალბატონს. მან მიპასუხა: _ ,,ჩემი შვილი მიაბარეს ,,აუდიენციას” გამოსასწორებლად, სადაც მუშაობდნენ თქვენი შვილებიო!’’. _ ,,ჩემი შვილების თანამშრომლებს მე ყველას ხომ ვერ დავიმახსოვრებ, ქალბატონო, და ახლა მითხარით რა გნებავთ-მეთქი!’’. ქალბატონი არ ცხრებოდა: ,,ჩემი შვილი ,,აუდიენციიდან” გააგზავნეს შვეიცარიაში გადაღებებზე… მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, რადგან იქაც რამეს ჩაიდენდა და მართლაც, ჩაიდინა დანაშაული, რის გამოც დაიჭირეს. ბიჭი შვეიცარიის ციხიდან გამოიყვანა ვიღაც ქართველმა, სახელად დათომ და გადაიყვანა ჰოლანდიაში, სადაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაიჭირეს. გიორგიმ იქ დაჭრა ვიღაც ,,ფილიპინსკი პარენ”, რომელიც თხოულობს ან გადაუხადოს ფული, ან მისცეს ,,პოჩკა”!..

ჩემს სამ შვილს ვფიცავარ და ჩემს მეუღლეს, რომ არ ვიცოდი, თუ რას ნიშნავდა თირკმლის ამოჭრა. ეს ქალი საუბრობდა არაქართული ინტონაციით და ვკითხე: _ ,,რა გვარი ბრძანდებით მეთქი?’’. კარგად არ მახსოვს, რა გვარი მითხრა: გევორგიევა, გრიქუროვა თუ გეურქოვა… ქალბატონმა თავისი ამბავი მიამბო, _ როგორ მიატოვა ქმარმა ორი შვილით უპატრონოდ და გიორგიმ, სულ პატარამ როგორ ჩაიდინა დანაშაული, რის გამოც ციხეში ჩასვეს.. ბარათელის დედა ჰოლანდიის ციხიდან შვილის გამოხსნაში დახმარებას მთხოვდა.. საერთოდ, არის ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომელსაც ჰგონია, რომ თუ პროფესორი ან აკადემიკოსი ხარ, ყველაფერი შეგიძლია. მე გამაკვირვა ამ ქალის გულუბრყვილობამ და ვუთხარი: _ ,,როგორ გეკადრებათ, ქალბატონო, ასეთი რამ ჩემს მეუღლეს სად შეუძლია მეთქი’’. ამის შემდეგ ბარათელის დედა მორიდებით დამემშვიდობა და ბოდიში მომიხადა.

_ კიდევ თუ დაურეკავს ბარათელის დედას თქვენთან?

_ ამ ქალის ზარი კიდევ ერთხელ გაისმა ჩვენთან, ოღონდ ზუსტად არ მახსოვს, როდის. იგი თხოულობდა დახმარებას მისი მეორე შვილის გამოხსნაშიც, რომელსაც, თურმე, გაგრის ,,პრაკურორი” დაუჭრია. რასაკვირვევლია, მე იგივე პასუხი გავეცი, რაც ადრე. შემიძლია, დავიფიცო ყველა საფიცარი, რაც მყავს მიწის ზემოთ და მიწის ქვემოთ, რომ არასოდეს ჩემი მეუღლისათვის არ მიამბნია ბარათელების შესახებ და გური ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ არაფერი იცოდა მათზე.

_ ძალიან გთხოვთ გაიხსენოთ, ბატონ გურამს სიცოცხლეში თუ ემუქრებოდნენ?

_ არ მახსოვს, მოსამართლემ, პროკურორმა თუ განსასჯელის ადვოკატმა მკითხა _ მუქარის ზარები ადრეც თუ იყო თქვენთანო!.. ჩემი მეუღლე მობილურის გარდა, სხვა ტელეფონს არ უპასუხებდა _ მე და ჩემი და ვიღებდით ყურმილს და ვისმენდით წყევლა-კრულვას, მუქარას, გინებას… განსაკუთრებით მაგონდება ორი შემთხვევა: ერთი იყო 7 იანვარს, შობა დღეს, დარეკა ერთმა ქალმა და შვილები დამიწყევლა (გიორგი და რუსუდანი), ლაშა უკვე აღარ მყავდა. მე ვიცანი ეს ქალი ხმაზე, რომ გითხრათ, ვინ იყო, გაოგნდებით, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებ… თურმე, მან გაზეთი წესიერად ვერ წაიკითხა და ჟურნალისტის ნათქვამი გურამს მიაწერა. რაც ამ ,,ვარდბულბულიანმა” ბიჭებმა შტურმით აიღეს პარლამენტი, ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს ქმედება შეაფასა, როგორც სახელმწიფო გადატრიალება, იყო გურამ შარაძე (ახლა ბევრი იბრალებს ამას), იმ დღიდან ჩვენთან რეკავდა და გვწყევლიდა ერთი ქალი, რომელიც იგინებოდა კიდეც. მე ვიცი, ვინ არის ეს ქალი _ ის ჯერ კიტოვანის ,,კამანდაში” იყო, შევარდნაძის დროსაც კარგად ხრავდა საქართველოს, მერე კი იფიქრა, ,,ვარდოსნებშიც” გავიხარებო, მაგრამ… ეს არაადამიანი უსირცხვილოდ მოვიდა გურამის პანაშვიდზე და, მგონი, დაკრძალვაზეც. ახლა ჩაქცევა აქვს და ვერ ლაპარაკობს… ღმერთმა შეუნდოს. ჩვენთან რეკავდნენ იეღოველების სახელით და გვემუქრებოდნენ, რომ ამოგვწყვეტდნენ მთელ ოჯახს, რეკავდნენ თურქი-მესხების სახელით, ვინმე გრეგ გუროვის (ამ კაცს უნდოდა ქართული საგანძურის გატანა) სახელით. რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველაფერი არ მაგონდება…

_ ქალბატონო სვეტლანა, იქნებ ვინმე ქაროსანიძის ამბავიც გაიხსენოთ, რომელიც ქუჩაში დახვრეტილ გურამ შარაძეს ,,მესიჯებს” უგზავნიდა _ ,,ხომ ჩაძაღლდი, შე ფაშისტოო!”

_ სწორედ სასამართლო დარბაზში შემახსენეს ჩემმა შვილმა და გურის თანამშრომლებმა ქაროსანიძის ამბავი. ვინ არის ეს ოთარ ქაროსანიძე? ახლავე მოგახსენებთ მისი კაიკაცობის ამბავს. სახელი შეიძლება მეშლება, მაგრამ გვარი კარგად მახსოვს. ერთ დილას დარეკა ვიღაც ქალმა და მითხრა _ ,,მე ვრეკავ გურამ შარაძის ოჯახში და მომისმინეთო!.. მე ოთარ ქაროსანიძის დედა ვარ, ჩემი შვილი თქვენს მეუღლეს უგზავნიდა საშინელ მესიჯებს: ,,სიკვდილი გურამ შარაძეს, გაუმარჯოს თავისუფლების ინსტიტუტს!’’. ,,შენ ხარ ფაშისტი, შენ მარტო ხარ იეღოველებთან ბრძოლაში”! ,,ჩვენ გავიმარჯვებთ”! და სხვა. ხვალ არის სასამართლო და გეხვეწებით, ეს ერთადერთი შვილი მყავს და ნუ დამღუპავთო!’’. მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი. შემდეგ ქაროსანიძის დედამ მიამბო, რომ მეუღლესთან არის გაყრილი, მის შვილზე უდიდესი გავლენა აქვს მამას, რომელიც არის ანტიქართველი, ანტიზვიადისტი, ყოველივე ქართულის მოძულე და მტერი და შვილსაც ჩაუნერგა ყოველივე ეროვნულის ზიზღი!.. პირველად მესმოდა ეს ყველაფერი და ვუთხარი _ ,,ქალბატონო, ჩემს მეუღლეს დაველაპარაკები-მეთქი!.. თურმე რაში ყოფილა საქმე… გურამმა არ იცოდა მესიჯების კითხვა. ერთხელ შემთხვევით წაიკითხა რუსუდანმა ქაროსანიძის ,,მარგალიტები” მობილურ ტელეფონში და წაშალა, მაგრამ რადგან ქაროსანიძის მესიჯები არ წყდებოდა, იძულებული გახდა, მამამისისთვის ყველაფერი ეთქვა… თურმე, აღძრული ყოფილა სისხლის სამართლის საქმე… გურამს ყველაფერი ვუამბე, რადგან იმ ქალს შევპირდი, დაგეხმარებით-მეთქი! გურამმა მითხრა _ ,,თუ დარეკოს, უთხარი, რომ მის შვილს არანაირი საშიშროება არ ემუქრება, რადგან სოროსის ფონდისა და ,,თავისუფლების ინსტიტუტის” სახით მაგარი დამცველები ჰყავსო!.. მოვუწოდებ და ვთხოვ ოთარ ქაროსანიძის დედას (ბარათელის დედა გარდაცვლილი ყოფილა), რომ გამომეხმაუროს, მინდა ვკითხო, რა შვილი გააჩინა ამისთანა, რა სული ჩაუდგა იმ ნაძირალას, რომ ათწლეულობით არ დაიღალა და არ გაჩერდა?.. მკვლელობის დღესაც, როდესაც მთელმა საქართველომ შეიტყო ეს ამბავი, რუსუდანმა შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ ნაძირალა ქაროსანიძე გარდაცვლილ კაცს უგზავნიდა ,,მესიჯებს”: ,,ხომ ჩაგაძაღლეს, შე ფაშისტოო!”. ღმერთმა მოჰკითხოს ოთარ ქაროსანიძესა და მის შთამომავალს, თუ ჰყავს რაიმე ან თუ ეყოლება ოდესმე!.. ღმერთმა მოჰკითხოს, აგრეთვე იმათ, ვინც მილიონებს ხარჯავს საქართველოს გადასაჯიშებლად და გადასაგვარებლად!

რუსუდანი რამდენიმე პროცესს დაესწრო და დარწმუნდა, რომ ეს იყო ფარსი. ეს უბედური გიორგი ბარათელი არ არის ჩემი მეუღლის მკვლელი! ბარათელი არაფერ შუაშია მკვლელობასთან, მაგრამ ის დამნაშავეა იმაში, რომ იბრალებს ასეთ უმძიმეს დანაშაულს. განა ეს უანგაროდ ხდება? ცხადია, ის გარიგებულია ხელისუფლებასთან!

_ ბარათელის ძმა, მამუკა ბარათელი გამოსულა სასამართლოზე და რაღაც სიბინძურეები მოუჩმახავს…

_ დიახ, სასამართლო დარბაზში ყოფილა, თურმე, გიორგი ბარათელის ძმა… შემიძლია გადაუჭარბებლად ვთქვა, რომ გიორგი ბარათელიც კი, რომელიც იბრალებს გურამ შარაძის მკვლელობას, არ არის ისეთი ნაძირალა და ყაჩაღი, როგორიც მისი ძმა! მე, რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ბარათელები ამას უანგაროდ აკეთებდნენ, მაგრამ ისინი ვერ შეირგებენ იმას, რასაც მათ მკვლელობის შემკვეთები დაჰპირდნენ!.. ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვაცხადებ, რომ გური შარაძის სისხლი ამაოდ არ დაღვრილა. ამის თქმის უფლებას მაძლევს ბოლო დროს დატრიალებული მოვლენები. მთელმა ქვეყანამ გაიგო, ვინ არის საქართველოში მკვლელი, მკვლელობის შემკვეთი და მთელი საქართველო ფეხზე დგას, რათა მკვლელი ხელისუფლება მოიშოროს!

_ რას ფიქრობთ, გაიხსნება თუ არა გურამ შარაძის მკვლელობა?

_ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ შიშით ვიყავი შეპყრობილი და ჩემს მეუღლეს სულ ვეუბნედოდი _ ,,გური, ორჯერ დაგიჭირეს და ხულიგნობის მუხლით გაგასამართლეს, მაშინ როდესაც ნამდვილი ხულიგნები და ბანდიტები საქართველოს უმაღლეს ეშელონებში არიან მოკალათებულნი. გური, არ გაპატიებენ საქართველოსთვის ბრძოლას, გესვრიან, დამიჯერე! დაანებე თავი ყველაფერს, მარტო გურამ შარაძე და მისი ოჯახი უნდა შეეწიროს ქვეყანას-მეთქი?’’. ამაზე მიპასუხებდა: ,,ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია! ასეთი საქართველო მე არ მინდა და თუ მესვრიან, მით უკეთესი, მალე წავალ ჩემს ლაშიკოსთანო!’’.

_ ქალბატონო სვეტა, ე.ი. სასამართლოსთან ურთიერთობას საბოლოოდ წყვეტთ!..

_ 25 ოქტომბერს სასამართლოზე ყოფნის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს ურთიერთობას სამართალდამცავებთან აზრი არ აქვს! დადგება დრო, როდესაც უფალი ყველას და ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილს. ჩემი და ჩემი ოჯახის ვალია, ვითმინოთ მწუხარება, ჭირი და ვარამი… მე და ჩემი ოჯახის წევრებმა, ჩვენმა ადვოკატებმა რომელთაც დიდ მადლობას მოვახსენებ უანგარო სამსახურისთვის, დავტოვეთ სასამართლო, ვინაიდან უნდობლობას ვუცხადებთ, როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოსა და პროკურატურას. რამდენიმე თვის წინ, ჩემთან სახლში მობრძანდა ერთი ქალბატონი _ გვარად ბარათელი და მითხრა, _ ,,მე არ მინდა, ჩემი გვარი ბერბიჭაშვილთა გვარის მსგავსად შევიდეს საქართველოს ისტორიაში… გიორგი და მამუკა ბარათელები სინამდვილეში ბარათელები არ არიან… სოსო სიგუა რომ არის ლიტერატორი, იმის დეიდა იყო უშვილო ქალი. ამ ქალის ქმარი გახლდათ ნამდვილი ბარათელი. მათ იშვილეს სომხის ბიჭი და დაარქვეს ვახტანგი. ეს ვითომც ვახტანგ ბარათელი გახლავთ გიორგი და მამუკა ბარათელების მამა, რომელიც მერე გასცილდა ოჯახს და დღეს სად ცხოვრობს, არ ვიციო!’’…

ბოლოთქმა:

ძნელია რაიმე კომენტარი გაუკეთო ქალბატონი სვეტას ნაუბარს… ერთია მხოლოდ, მიტინგების ზღვაში ჩაძირულ საქართველოს მელიქიშვილის გამზირზე უღვთოდ დახვრეტილი აკადემიკოსი საყოველთაო-სახალხო ეიფორიის დროსაც კი ვერავინ დაავიწყა და გურამ შარაძეს სანდრო გირგვლიანთან, ირინა ენუქიძესთან, ბუტა რობაქიძესთენ და ზურაბ ვაზაგაშვილთან ერთად პარლამენტის წინ შეკრებილი ათეულ ათასობით ქართველი გლოვობს!..

დიტო ჩუბინიძე

,,ასავალ-დასავალი’’, 5-11 ნოემბერი, 2007

რუსუდან შარაძის ღია წერილი ბატონ

ბადრი პატარკაციშვილს

ბატონო ბადრი!

არ დავმალავ, რომ დიდი სურვილი მქონდა თქვენთვის პირადად მეამბნა გურამ შარაძის მკვლელობის რეალური ისტორია და სამართლის ძებნაში დახმარება მეთხოვა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა. ამიტომ ვკადნიერდები და მოგმართვთ საჯაროდ.

როგორც ერთ-ერთ ქართველს და ამასთანავე, სახალხოდ დახვრეტილი აკადემიკოსის შვილს, რა თქმა უნდა, მახარებს ის მოვლენები, რაც დღეს საქართველოში ხდება. მაგრამ, ამასთანავე, დიდი გულისტკივილი უნდა გამოვთქვა იმის გამო, რომ ამ პროცესებში უცნაურად ადევს ტაბუ იმ შემზარავ ფაქტს, რომ სულ ექვსიოდე თვის წინ სააკაშვილის მკვლელმა ხელისუფლებამ მელიქიშვილის გამზირზე დღისით-მზისით საჯაროდ დახვრიტა გურამ შარაძე. ეს დუმილი უცნაურია იმიტომაც, რომ დღეს, განსაკუთრებით ბატონი ირაკლი ოქრუაშვილის ცნობილი გამოსვლის შემდეგ, ბავშვმაც კი იცის, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა.

ბატონო ბადრი! დღეს თქვენ ხალხი იმედის თვალით შეგყურებთ. მათ შორის ვარ მეც, რადგან სამართალი ბევრგან ვეძებე, მაგრამ ვერსად ვიპოვე. ახალი არაფერია იმაში თუ ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს და ბუნებრივია, გურამ შარაძის ოჯახს მისი იმედი თავიდანვე არ ჰქონია. რაც შეეხება მეორე მხარეს, პირადად მივედი გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ შეკრებაზე და ლიდერებს სიმართლის დადგენაში მხარდაჭერა ვთხოვე. შემპირდნენ, მაგრამ სიტყვა არ შეასრულეს. მცდელობა არ დამიკლია, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის პირდაპირ ეთერში ჩემი სახელით დამესვა შეკითხვა, თუ რას ფიქრობდა მამაჩემის დახვრეტის თაობაზე, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. 28 სექტემბერს, ცნობილი მოვლენების შემდეგ, გადაცემა “რეაქციის” დაწყების წინ ვესაუბრე ინგა გრიგოლიას და საყოველთაო დუმილით აღშფოთებულმა ვთხოვე, მას მაინც გამოესწორებინა პოლიტიკოსების შეცდომა. სამწუხაროდ, პასუხად მივიღე: “ახლა მე ამ საკითხის პროვოცირებას ვერ მოვახდენ”.

ბატონო ბადრი! ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ მაშინ როდესაც ხელისუფლებას ბრალად ედება, არც მეტი არც ნაკლები, შეკვეთილი მკვლელობების ორგანიზება, სწორედ, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საკითხის “პროვოცირება” უნდა ხდებოდეს. ასეთი დამოკიდებულება და ის, რომ თითქოს ყველამ პირი შეკრა, სამართლიან ეჭვებს ბადებს და გულახდილად ვიტყვი _ იმიჯს ულახავს თქვენს, ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვის, საყვარელ ტელევიზიას და ამასთანავე, ოპოზიციას, რომელიც თქვენი მხარდაჭერით სარგებლობს.

ბევრი მსმენია თქვენს დამოკიდებულებაზე გურამ შარაძის მიმართ. ვიცი, რომ მრავალმხრივ იცნობდით და ღრმად აფასებდით მის ღვაწლს თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ეს პატივისცემა პირადად ვიგრძენი 2003 წლის აგვისტოში, ურეკში, მაშინ როდესაც მამამ წარმადგინა თქვენს წინაშე როგორც “ტელე-იმედის” ერთ-ერთი თანამშრომელი და თქვენ მითხარით: “გახსოვდეთ, თქვენ საუკეთესო თანამშრომელი უნდა იყოთ, ისეთი მამის შვილი ხართ!”.

ბატონო ბადრი! მწამს, თქვენთვის სულ ერთი არ არის გურამ შარაძის ავაზაკური მკვლელობა. უმორჩილესად გთხოვთ, თქვენ ახსნათ ტაბუ მისი საჯაროდ დახვრეტის თემას. ვფიქრობ, არ გამკიცხავთ, თუ ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი _ ამით პასუხი გაეცმა ქართველ ხალხს, რომელსაც მოუკლეს გურამ შარაძე და რომელსაც სიმართლის დადგენა სწყურია, ის ითხოვს გურამ შარაძის ნამდვილი მკვლელების გამოაშკარავებას.

ღრმა პატივისცემით,

რუსუდან შარაძე

ჟენევა

შემცირებული ვარიანტი დაიბეჭდა გაზეთში

,,ასავალ-დასავალი’’, 5-11 ნოემბერი, 2007

გიორგი ბარათელისთვის პროკურატურამ 27 წლით

თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

გურამ შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელისთვის ბრალდების მხარემ თავისუფლების 27 წლით აღკვეთა და 4 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრება მოითხოვა.

როგორც ,,პირველს” თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, აღნიშნული მოთხოვნა ბრალდების მხარემ გუშინდელ პროცესზე დააყენა.

კონკრეტულად კი, პროკურატურა მოითხოვს გიორგი ბარათელი ცნობილი იქნას დამნაშავედ სისხლის სამართლის 108-ე, 109-ე, 120-ე და 236-ე მუხლების პირველი და მეორე ნაწილის მიხედვით, რაც შესაბამისად, თავისუფლების 10 წლით, 11 წლით, 1 წლით, 1,6 წლით და 3,9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, რაც საერთო ჯამში 27 წელს შეადგენს. გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებული ბარათელის სასამართლო პროცესი 12 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე განახლდება.

როგორც ცნობილია, აკადემიკოსი გურამ შარაძე 20 მაისს, 20:20 საათზე თბილისში მელიქიშვილის გამზირსა და შანიძის ქუჩის კუთხეში მოკლეს. შარაძეს სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. ეჭვმიტანილი _ გიორგი ბარათელი პოლიციამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მრგვალ ბაღთან დააკავა.

,,პირველი’’, 10 ნოემბერი, 2007

შარაძის მკვლელობაში ბრალდებულს

27 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარათელს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მხარეებს განაჩენის გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეეძლებათ.

,,ჯი-ეიჩ-ენი’’, 12 ნოემბერი, 2007

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს

27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ გიორგი ბარათელს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო “ახალი ამბები _ საქართველოს” კორესპონდენტს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.

გიორგი ბარათელი დამნაშავედ ცნეს განზრახ მკვლელობაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი), განზრახ მკვლელობის მცდელობაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლი), ექიმის ჯანმრთელობაზე მსუბუქად ზიანის განზრახ მიყენებაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი), იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარებაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი).

დაღუპული აკადემიკოსის ქალიშვილი _ რუსუდან შარაძე მიიჩნევს, რომ ეს “პოლიტიკური მკვლელობა” იყო და ბარათელი მკვლელი არ არის.

ელენე ფარცვანია

“ახალი ამბები _ საქართველო”, 12 ნოემბერი, 2007

,,აღიარებისას ბარათელმა თავი მოიგიჟიანა”

,,მთელი კვირა”: _ რა თქვა გიორგი ბარათელმა ამ პროცესზე?

რუსუდან კობახიძე: _ როდესაც წაყენებული ბრალდებები ჩამოუთვალეს, ის ძალიან გაღიზიანდა იმაზე, რომ ბრალად ედებოდა პოლიციელის მკვლელობის მცდელობა. მან თქვა: ,,ამას როგორ მიმტკიცებთ? პოლიციელის მკვლელობა განზრახული არ მქონდაო’’. მოკლედ, ამან ისე გააღიზიანა, რომ კინაღამ ჭკუიდან გადადგა.

ბარათელმა განაცხადა: ,,მე ახლა 27 წელი იმაზე ვინერვიულო, რომ ეს მკვლელობა ვაღიარე? თორემ რით დამიმტკიცებდით, რომ მე მოვკალი? თქვენ არანაირი მოწმე არ გყავთ და ჩემი ბრალეულობა არც არანაირი ვიდეომასალით არ დასტურდება. იმ პოლიციელებმაც, ამოცნობაზე რომ მოვიდნენ, საინტერესოა, როგორ ამომიცნეს? მე ახლა საკუთარი მამაც ვერ მიცნობს, რადგან მაშინ თავი მქონდა გადახოტრილი და ახლა თმითა და წვერით ვარო’’.

_ 12 ნოემბერს გამართულ პროცესზე ითქვა ისეთი რამ, რაც მნიშვნელოვანია და აქამდე არ თქმულა?

_ იმ დღეს ბარათელის დაცვის მხარემ მოსამართლე კოჭლამაზაშვილს ძალიან ბევრი პრეტენზია წაუყენა. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო მკვლელობის იარაღთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მან თქვა, რომ მკვლელობა არის ჩადენილი იარაღით, რომელიც ბარათელის სახელზე რეგისტრირებული არ არის. შეგახსენებთ, რომ აქამდე საქმეში ასეთი ფორმულირება ფიგურებდა: ბარათელმა გურამ შარაძე მოკლა იმ იარაღით, რომელიც მას რომელიღაც მაღაზიაში შეუძენია.

_ საინტერესოა, აღიარების დროს რა თქვა ბარათელმა?

_ იმ პროცესს, რომელზეც მან ,,დანაშაული აღიარა’’, მე არ დავსწრებივარ. ის, რასაც ახლა გეტყვით, მითხრა გურამ შარაძის უნივერსიტეტელმა მეგობარმა დემურ ბახტაძემ, რომელიც აბსოლუტურად ყველა სასამარ პროცესს ესწრებოდა. ბარათელს უთქვამს, რომ საერთოდ, ჰქონდა ჰალუცინაციები: ,,გურამ შარაძე რომ დავინახე, ავღელდი, გამახსენდა, რა გადავიტანე შვეიცარიაში და ჰოლანდიაში და ამიტომ ვესროლეო’’. როგორც დემურ ბახტაძემ გადმომცა, აღიარებისას ბარათელმა თავი მოიგიჟიანა.

ნინო მიქიაშვილი

,,მთელი კვირა’’, 26 ნოემბერი, 2007

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s