ოქტომბერი

“სიკვდილი და დასაფლავება”

ოქტომბერი 2007

  • ,,გურამ შარაძე და ზურაბ ჟვანია ერთმა და იმავე კაცმა მოკლა!’’, ,,ასავალ-დასავალი’’, 1-7 ოქტომბერი, 2007
  • ,,ჰქონდა თუ არა დავალებული ირაკლი ოქრუაშვილს გურამ შარაძის ლიკვიდაცია?’’, ჟურნალი ,,სარკე’’, 3-9 ოქტომბერი, 2007
  • ,,გიორგი ბარათელმა შარაძის მკვლელობა უარყო’’, ,,პირველი’’, 4 ოქტომბერი, 2007
  • ,,ბარათელი შარაძის მოკვლას უარყოფს’’, ,,რეზონანსი’’, 5 ოქტომბერი, 2007
  • ,,გურამ შარაძის ქალიშვილი ოპოზიციას “საეჭვო დუმილში” ადანაშაულებს’’, ,,ჯი-ეიჩ-ენი’’, 5 ოქტომბერი, 2007
  • ,,ბარათელი შარაძის მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ სცნობს?’’, ,,ინტერპრესნიუსი’’, 6 ოქტომბერი, 2007
  • ,,რა ინფორმაცია აქვს ოქრუაშვილს შარაძის მკვლელობაზე?’’, “ახალი თაობა”, 6 ოქტომბერი, 2007
  • ,,მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა…’’, ანუ ზეგ აკადემიკოსი 67 წლის გახდება!’’, ,,ასავალ-დასავალი’’, 15-21 ოქტომბერი, 2007
  • ,,გურამ შარაძის საზოგადოებას გარდაცვლილის ქალიშვილი უხელმძღვანელებს’’, ,,ჯი-ეიჩ-ენი’’, 17 ოქტომბერი, 2007
  • ,,დაფუძნდა გურამ შარაძის სახელობის საზოგადოება’’, “ჯორჯიან თაიმსი”, 18 ოქტომბერი, 2007
  • ,,გურამ შარაძეს 67 წელი შეუსრულდებოდა’’, ,,ახალი თაობა’’, 18 ოქტომბერი, 2007
  • ,,რუსუდან შარაძე: ,,პროცესზე ორი ცრუმოწმე წარდგა”, ,,რეზონანსი’’, 18 ოქტომბერი, 2007
  • ,,რუსუდან შარაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომა დატოვა’’, ,,ყველა სიახლე’’, 18 ოქტომბერი, 2007
  • ,,ბარათელს ფული გადაუხადესო?’’, ,,პირველი’’, 19 ოქტომბერი, 2007
  • ,,ბარათელი კოლეგამ დადებითად დაახასიათა’’, ,,პირველი’’, 20 ოქტომბერი, 2007
  • ,,რუსუდან შარაძე სასამართლოს უნდობლობას უცხადებს’’, ,,ინტერპრესნიუსი’’, 25 ოქტომბერი, 2007

***

გურამ შარაძე და ზურაბ ჟვანია ერთმა და იმავე

კაცმა მოკლა!

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 20 მაისს მელიქიშვილის გამზირზე ხალხის თვალწინ დახვრეტილი გურამ შარაძის საქმის განხილვა დაიწყო… მოსამართლე _ ბადრი კოჭლამაზიშვილი გახლავთ… განსასჯელი – გიორგი ბარათელი…… მაყურებელი – გურამ შარაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და პატიოსანი ქართული პროფესურა, რომელსაც უნივერსიტეტით დაწყებული, უკანასკნელი საგანმანათლებლო კერით დამთავრებული, ხელისუფლებამ ყველაფერი თავზე დაამხო და, რაც ყველაზე მთავარია, ამ სასამართლო პროცესს გულის ფანცქალით შეჰყურებს მიტინგებისა და საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობის მოლოდინში გათანგული საქართველო, რომელსაც ილიას მკვლელობიდან ასი წლის თავზე გურმ შარაძე მოუკლეს!.. გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს საქართველოს ხელისუფლება ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილ შტაბში იხილავს, სადაც დროებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია განათავსეს!.. ეს ის შენობაა, სადაც გენერალმა როდიონოვმა იმ დაწყევლილი 9 აპრილის ტრაგედიის ღამეს საქართველოს მარიონეტული ხელისუფლების სამარცხვინო აჯა შეისმინა და ქართველების სისხლის სანთხევად სასანგრე ნიჩბების ალესვის ბრძანება გასცა… ეს ის შენობაა, სადაც თბილისური პუტჩის დღეებში სუფიან ბეპაევის კაბინეტის შესასვლელთან ,,ლეჟანკაზე” წამოგორებულ თენგიზ კიტოვანს ეძინა… ეს ის შენობაა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ მიხეილ სააკაშვილმა საპატრულო პოლიციის ალყა შემოარტყა, რათა ფორმიანი რუსი ,,კაგებეშნიკები”, რომლებიც თავიანთ წარმომავლობას და სტატუსს არც არასოდეს მალავდნენ, ,,კაგებეშნიკებად” გამოეცხადებინა და საქართველოდან გაეძევებინა…

25 სექტემბერს, 12 საათზე, უნდა დაწყებულიყო გურამ შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბარათელის საქმის განხილვა, მაგრამ 14 საათი ისე შესრულდა და ქუჩაში დახვრეტილი აკადემიკოსის გულშემატკივრები ფეხზე დგომით ისე დაოსდნენ, სასამართლოს თუ სამხედრო შტაბის შენობის მთავარი კარის გაღებას არავინ ჩქარობდა…

ისე, მე თუ მკითხავთ, ძალიან კარგია, რომ დროებით თუ მუდმივად სწორედ რუსეთის ჯარების ყოფილ შტაბში გადაიტანეს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლგია… ეს არ გახლავთ შემთხვევითი, პირიქით, ძალიან კარგია, რომ ქართულ სასამართლოს სწორედ იმ შენობაში მიუჩინეს ბინა, სადაც საქართველოს დასაჩოქებლად და ხერხემალში გადასამტვრევად რუსი გენერლები კრემლის ინსტრუქციებს ამუშავებდნენ და პედანტური სიზუსტით ასრულებდნენ!..

რა მნიშვნელობა აქვს, ვის მიუკაკუნებ კარზე, ქართულ სასამართლოს თუ რუსეთის კავკასიური ჯარების ყოფილ შტაბს, სამართალს ვერც ერთგან იპოვი და ვერც მეორეგან – ყველგან სიკვდილია!..

სასამართლო პროცესის დაწყების მოლოდინში დაქანცული საზოგადოება მოულოდნელად აწ განსვენებული გურამ შარაძის ადვოკატის _ ნინო ნიშნიანიძის მიერ მოტანილმა ცინცხალმა ამბავმა გამოაცოცხლა, _ დიმიტრი ქიტოშვილი დაიჭირესო!… ერთმა ჭკვიანმა კაცმა, რომელიც გვერდით მედგა, ამის გაგონებაზე იმ წამსვე წამოიძახა – ქიტოშვილის საშუალებით ოქრუაშვილზე გავლენ და მასაც დაიჭერენო!..

როგორც იქნა, სასამართლო დარბაზში გვიხმეს…

ჩემმა მეგობარმა მხატვარმა, რომელსაც გიორგი ბარათელი უნდა დაეხატა, ცოტა დააგვიანა, მაგრამ, ვიდრე გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით ბარათელს ოთახში შემოიყვანდნენ და გალიაში გამოამწყვდევდნენ, მხატვარიც მოვიდა…

ტელეკომპანია ,,ბრეჟნევი-2”-მა, რომელსაც პროცესზე ვიღაც ,,შავი კაცი” წარმოადგენდა, როგორც კი იყნოსა, რომ მხატვართან ერთად ვიყავი მოსული, მაშინვე სადღაც მირეკ-მორეკა და პროცესზე შემოიყვანა ახალგაზრდა ქალბატონი – მხატვარი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის წინ მორცხვად ზის კუთხეში და გამვლელ-გამომვლელს, ვისაც კი ამის სურვილი აქვს, ხატავს…

ჩემი მეგობარი მაგარი მხატვარია, ნიჭიერი და საოცარი ტექნიკის პატრონი… როგორც კი ბარათელი დაინახა, ფანქრის ერთი მოსმით მოხაზა კონტურები – ყველაფერი გასაგებია, ზეგ ნახატს ჩაგაბარებო, _ მითხრა და ამის შემდეგ არც არაფერი გაუკეთებია, მოსამართლისა და ბარათელის კითხვა-პასუხს უსმენდა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა მხოლოდ, _ რა გქვია? რა გვარი ხარ? რამდენი წლის ხარ? სად ცხოვრობ? ცოლშვილიანი ხარ?..

ბარათელი, რომელსაც ყორანივით შავი წვერი მკერდამდე სცემდა, გალიიდან წამებულის სახით იხედებოდა და გაშტერებული მისჩერებოდა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილს – ალბინოსს, რომლის ხმასაც რიხი ნამდვილად არ აკლდა…

გვერდით მოულოდნელად ორი გოგონა მომისკუპდა… ერთ-ერთს – შავთმიანსა და შავთვალას, რომელსაც აშკარად მაღალი ფეხები და მკერდი ჰქონდა, საქმეს მოქნეული ცხვირი უფუჭებდა… ქალი მშვენიერი ფრანგული სუნამოს სურნელს აფრქვევდა.

_ ეგენი ამათი ხალხია და ფრთხილად იყავი! – ჩუმად გამაფრთხილა შუახნის ქალბატონმა, რომელიც უკანა რიგიდან ჩემკენ გადმოიხარა და ეშმაკურად გამიღიმა……

_ ჩვენ ვიცით, რომ შენ მკვლელი არ ხარ, ნუ გეშინია, გიორგი! _ გადასძახა გალიაში გამომწყვდეულ ბარათელს რუსუდან შარაძემ, გურამ შარაძის ქალიშვილმა, რომელიც იმ დღეს, გამთენიისას 4 საათზე ჩამოფრენილიყო შვეიცარიიდან!… საოცარი რამ მოხდა: ბარათელმა პასუხის ნიშნად თავი დაუქნია რუსუდანს და თვალებით იატაკს ჩააშტერდა……

გიორგი ბარათელს ადვოკატი არ ჰყავდა, რის გამოც მოსამართლე კოჭლამაზიშვილმა პროცესი გადადო და ბრძანა: ეჭვმიტანილს სახაზინო წესით დაენიშნოს ვექილიო!..

სასამართლო დარბაზიდან დერეფანში რომ გამოვედი, სიცილი წამსკდა _ ორი კუნთმაგარი პოლიციელი ,,რუსთავი-2”-ის მიერ პროცესზე მოპატიჟებულ მხატვარს პირველი სართულისკენ მიაქანებდა, იქითკენ, საითკენაც ბარათელი წაიყვანეს… ეტყობა, იმ საცოდავ ბარათელს, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, დღემდე არ იცის, რისთვის დაიჭირეს, მხატვარი გოგონას წინაშე უნდა ეპოზიორა, რათა ,,გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას” ქუჩაში დახვრეტილი აკადემიკოსის ,,მკვლელზე” სრულფასოვანი სიუჟეტი გამოეცხო და ხალხს ბარათელის სახე ენახა…

მხატვრები თუ რისთვის დაგვჭირდა, ალბათ, მიმიხვდით, ძვირფასო მკითხველო, _ სასამართლო პროცესზე, მისი უდიდებულესობა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ფოტოგადაღება იკრძალება… ამდენად, დარჩა ერთადერთი გზა – მხატვარი, რომელმაც დამნაშავე უნდა დახატოს!..

მოსამართლე კოჭლამაზიშვილმა მეორეჯერაც გადადო პროცესი, ამჯერად პროკურორი არ გამოცხადდა!..

ასე ნელ-ნელა მიიწევს წინ გურამ შარაძის მკვლელობის საქმის განხილვა, მაგრამ, ვაი, ამ წინსვლას და უი, ამ სასამართლოს!..

ადვოკატ ნინო ნიშნიანიძის კატეგორიული განცხადებით, საქმეში არ ძევს არც ერთი მტკიცებულება, რის გამოც ბარათელი აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში შეიძლება ეჭვმიტანილი იყოს, ხოლო ჩემი, როგორც რიგითი ქართველის მტკიცებით, გურამ შარაძის და ზურაბ ჟვანიას მკვლელი ერთი და იგივე კაცია!..

მართალია, აწ განსვენებული აკადემიკოსი ,,გაზით გაგუდულ” საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ყველგან და ყველაფერში ემიჯნებოდა, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ ამ ორი კაცის მკვლელობით, რომლებიც ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ როგორც მენტალიტეტით, ასევე განათლების ცენზითა და განვლილი გზით, იხეირა ერთმა და იმავე კაცმა!.. თუ ვინ არის ეს კაცი, ამაზე გამოძიებამ უნდა უპასუხოს, ხოლო, თუ რატომ მოკლეს გურამ შარაძე, ამაზე მე ჩემი პასუხი მაქვს და ახლავე მოგახსენებთ!..

საკითხმა, რომელზეც ახლა ვაპირებ საუბარს, ჩემს წერილებსა და ინტერვიუებში არაერთხელ გაიჟღერა, მაგრამ მის აქტუალობას ისე არასოდეს მოვკიდებივარ ყურადღებით, როგორც დღეს.

საქმე ეხება 2008 წლის ნოემბერში ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელში მონაწილეობასაც გურამ შარაძე, როგორც ჩანს, მართლაც სერიოზულად გეგმავდა.… უფრო მეტიც, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, გურამ შარაძე ამ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მის უწმინდესობასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან – ილია მეორესთან…

ძვირფასო მეგობრებო, აბა, ერთი წუთით მაინც წარმოიდგინეთ, როგორი რეზონანსი ექნებოდა საქართველოს პატრიარქის მიერ კურთხეული და ხელდასმული პიროვნების მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში?..

იმ ქვეყანაში, სადაც ორიათასწლოვანი მართლმადიდებლობა, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაშია, სადაც ეკლესიებს ანგრევენ და სადაც ხალხი გულით მიილტვის დედაეკლესიისკენ, ალბათ, გასაგებია, როგორი ძალი და მადლი ექნებოდა პატრიარქის მიერ ზურგგამაგრებულ საპრეზიდენტო კანდიდატს და ისიც – გურამ შარაძეს!..

ვფიქრობ, აქ ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია, _ ეს იქნებოდა ნამდვილი ფურორი!..

გურამ შარაძე მოკლეს მანამ, სანამ იგი თავისი გადაწყვეტილების შესახებ ხმამაღლა იტყოდა!..

აი, ამიტომ დაახალეს აკადემიკოსს მელიქიშვილის გამზირზე, სასტუმრო ,,საქართველოსთან” ტყვია!..

მე ასე ვფიქრობ, თქვენ სხვა ფიქრის უფლება გაქვთ, ძვირფასო მკითხველო!..

დიტო ჩუბინიძე

,,ასავალ-დასავალი’’, 1-7 ოქტომბერი, 2007

ჰქონდა თუ არა დავალებული ირაკლი ოქრუაშვილს გურამ შარაძის ლიკვიდაცია?

რუსუდან შარაძე: ,,სანამ პირში სული მიდგას, ბარათელს დავიცავ!”

თბილისის საქალაქო სასამართლოში აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. პირველ სხდომაზე განსასჯელის მოყვანა დაგვიანდა. 30 წლის გიორგი ბარათელს, გურამ შარაძის განზრახ მკვლელობის გარდა, კიდევ რამდენიმე დანაშაულში აქვს ბრალი წარდგენილი _ ექიმ გრიგოლ ტირზიკიანის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარება და ასევე პოლიციელ ლევან ბოჭორიშვილის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება (მსუბუქი ხარისხის).

25 სექტემბერს გიორგი ბარათელი პროცესზე ცუდად გამოიყურებოდა. იგი მოუწესრიგებელი, წვერმოშვებული ძლივს შებარბაცდა დარბაზში. მისი ავადმყოფური გამომეტყველება თვალში საცემი იყო. მოკლულის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ, ბარათელის გამხნევებაც კი სცადა. ,,გიორგი, ჩვენ შენთან ვართ, ვიცით, უდანაშაულო ხარ და ნურაფრის შეგეშინდება!”, _ მიმართა რუსუდან შარაძემ მას. თავჩაქინდრულ განსასჯელს აშკარად დაეტყო, რომ ამ სიტყვებმა სიმხნევე შემატა. მან ახედა რუსუდანს და თავი დაუკრა.

სასამართლო სხდომის დარბაზი სავსე იყო, მაგრამ პროცესს განსასჯელის არცერთი ახლობელი არ ესწრებოდა. ბარათელს სახაზინო ადვოკატიც კი არ ჰყავდა. ამის გამო, პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განსასჯელს იძულების წესით დაუნიშნა სახაზინო ადვოკატი.

მორიგი სხდომა 28 სექტემბერს დაინიშნა. აღმოჩნდა, რომ მოსამართლეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული _ ბარათელს ერთის ნაცვლად სახაზინო წესით ორი ადვოკატი დაუნიშნა, თუმცა, პროცესი მაინც გადაიდო. ამჯერად, მიზეზი პროკურორ გიორგი ჩივიაშვილის ავადმყოფობა გახდა. ამ სხდომაზე ბარათელის ძმა მამუკა ბარათელი გამოჩნდა.

ჯერჯერობით, საქმის არსებითი განხილვა არ დაწყებულა, თუმცა, ცნობილია, თუ რა ბრალდებებს უყენებს გიორგი ბარათელს გამოძიება. საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ თავის მკურნალ ექიმზე, გრიგოლ ტირზიკიანზე განაწყენებული ბარათელი 2007 წლის 5 მაისს მივიდა ექიმის სახლში, წერეთლის გამზირზე და კარის გაღებისთანავე ტირზიკიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ექიმი მარცხენა საზარდულის და მარცხენა თეძოს არეში დაიჭრა. მომხდარს მსუბუქი ხარისხის დაზიანების კვალიფიკაცია მიეცა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, 2007 წლის 20 მაისს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, გიორგი ბარათელი თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგის” მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც გურამ შარაძეს შეხვდა. მან მაღაზიაში შეძენილი ,,ტეტე’’-ეს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და შარაძეს დამიზნებით ესროლა. აკადემიკოსი წაიქცა. თავისი განზრახვის სისრულეში რომ დარწმუნებულიყო, კიდევ ორი საკონტროლო გასროლა განახორციელა თავში, რის შედეგადაც აკადემიკოსი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევას შეესწრნენ საპატრულო სამსახურის თანამშრომლები _ ლევან ბოჭორიშვილი და რობერტ პანიევი. ბარათელმა მიმალვა სცადა, მაგრამ მას პოლიციელი ბოჭორიშვილი დაედევნა და მოუწოდა დამორჩილებოდა. ბარათელმა წინააღმდეგობა გაუწია, პოლიციელს ესროლა და გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირეს.

როგორც აღმოჩნდა, ბარათელი შარაძეების ოჯახის ძველი ნაცნობი იყო. ის და ბატონი გურამის ვაჟი, გიორგი, რამდენიმე წლის წინ ერთად იმყოფებოდნენ უცხოეთში. გიორგი შარაძე საქართველოში დაბრუნდა, ბარათელი კი იქ დარჩა და პრობლემები შეექმნა, რაშიც ის გიორგის ადანაშაულებდა. საბრალდებო დასკვნით, მან შურისძიების მოტივით გადაწყვიტა გურამ შარაძის მკვლელობა.

,,გიორგი ბარათელის ბრალი დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, მოწმეების ჩვენებებით და ბრალდებულს შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია”, _ ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში. მოკლული აკადემიკოსის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა პოლიტიკური მოტივით მოხდა და ამ საქმეში არანაირი წვლილი არ მიუძღვის გიორგი ბარათელს. ამ განცხადების მტკიცე საფუძველს მათ აძლევს ,,ალდაგის” ვიდეოფირზე დაფიქსირებული კადრები. ვიდეოფირმა გურამ შარაძის მკვლელობა დეტალურად აღბეჭდა. სწორედ ამ ვიდეოფირზე ამყარებდა მოკლულის ოჯახი იმედებს, მაგრამ მოხდა უცნაური რამ _ აღმოჩნდა, რომ ეს მასალა საქმეში არ გამოიყენება, როგორც ნივთმტკიცება.

გამომძიებელმა ზაალ გურგენიძემ ვიდეო-ჩანაწერი ექსპერტიზაზე გააგზავნა და პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ, 2007 წლის 7 სექტემბერს, საქმეში გაჩნდა ექსპერტ ყანდარელის დასკვნა, რომელიც აცხადებს, რომ ეს მასალა კვლევისთვის უვარგისია.

,,მოცემულ დისკზე არსებული მასალა გადაღებულია უხარისხო ვიდეოთვალით, რის შედეგადაც ვერ დგინდება პიროვნების ნაკვთების შესწავლა. მასალა უვარგისია კვლევისთვის”, _ წერია დასკვნაში.

ყოველივე ამის შემდეგ გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდან შარაძეს, სასამართლოს სამართლიანობის იმედი აღარ აქვს.

რუსუდან შარაძე:

_ ვიცი, რომ სასამართლო უსამართლოდ ჩატარდება. ჩვენ ამ საქმეში ბევრ შავ ლაქას დავინახავთ და ჩვენი მიზანიც, სწორედ, ეს არის, რომ ეს ყველაფერი გამოვამზეუროთ. ხედავთ გიორგი ბარათელს? ჩემმა სიტყვებმა ის გაამხნევა. მან ხომ იცის, რომ კაცი არ მოუკლავს. ეს მეც ნამდვილად ვიცი. მართალია, ფირი უხარისხოდ სცნეს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ მასზე აღბეჭდილი პიროვნება არ არის ბარათელი. ვფიქრობ, მკვლელობის შემკვეთებმა და ორგანიზატორებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ ეს ფირი ოჯახს ანახეს. თავიდან სხვადასხვა ვერსია ჰქონდათ. მეგონა, იტყოდნენ, ის, ვინც მამას უკან მიჰყვება, მკვლელი არ არის, უბრალოდ, მიდისო. ზუსტად ის წამებია ამოჭრილი იმ ფირიდან, როცა ის იარაღს ჯიბიდან იღებს. არ გამოვრიცხავ, სხვა ვერსია ჰქონდათ მომზადებული, მაგრამ შემდეგ ყველაფერი აერდაერიათ, ვერ გათვალეს ყველაფერი. თავიდანვე ითქვა, რომ არსებობდა ბარათელის აღიარებითი ჩვენება, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ბარათელს ჩვენება დღემდე არ მიუცია. ძალიან მიკვირს, როგორ უძლებს ის ამდენს. შეთხზულ დასკვნაში რაც წერია აბსურდია. დარწმუნებული ვარ, მასზე ზემოქმედებას ახდენენ. როდესაც შემოვიდა, შევნიშნე, ძალიან ღელავდა, მაგრამ რომ შევძახე და გავამხნევე, აშკარად შეიცვალა. ბარათელის პიროვნების შერჩევა, სწორედ, იმიტომაც მოხდა, რომ მას პატრონი არ ჰყავს. ალბათ, ისიც გამორჩათ მხედველობიდან, რომ შეიძლებოდა გურამ შარაძის ოჯახი გამოსულიყო ბრალდებულის დამცველი. სანამ პირში სული მიდგას, ბარათელს დავიცავ და ვიყვირებ, რომ გურამ შარაძე ბარათელს არ მოუკლავს! ამაში ,,ალდაგის’’ ფირმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, ამაზე მეტი მტკიცებულება რაღად მინდა?! რვა საათი ვარჩევდი იმ ფირს.

_ მაგრამ, რუსუდან, ის ფირი მტკიცებულება უკვე აღარ იქნება.

_ ჩვენ მოვითხოვეთ, ბარათელს გაევლო იმ ადგილზე, მაგრამ ეს ექსპერიმენტი არ ჩაატარეს. ის ტანად პატარაა, მამას კი ლომივით მომართული დამნაშავე მისდევს, რომელსაც თავზე თმა აქვს. კადრი გავაჩერეთ და ვნახე, რომ მკვლელი მინიმუმ მამაჩემის სიმაღლე იყო, მოქნილი, ავაზასავით მისდევდა უკან. 400-ზე მეტი კადრია ამოჭრილი იმ ფირიდან. ორი აზრი არ არის, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობაა. დღეს რომ მამაჩემი ცოცხალი ყოფილიყო, ის ციხეში იქნებოდა, რადგან არ შეურიგდებოდა იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდება.

შარაძეების ოჯახის ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე ირწმუნება, რომ პროცესზე ბარათელი არაფხიზელ მდგომარეობაში მიიყვანეს და ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს.

,,სხდომაზე ბარათელი საღ გონებაზე არ იყო. დასაბუთებული ვარაუდი მაქვს, რომ ის ნარკოტიკის ზემოქვედების ქვეშ მოიყვანეს და მოვითხოვე ექსპერტიზა ჩაუტარონ. ასევე, მოვითხოვე მოწმის სახით დაიკითხოს ირაკლი ოქრუაშვილი. ის შს მინისტრი იყო, როცა ბატონი გურამი ხულგნობის ბრალდებით დაიჭირეს უხამსი პლაკატის ჩამოხევის გამო. რამდენიმე საათის მანძილზე ბატონი გურამი მთაწმინდის შს სამმართველოში იყო უკანონოდ დაპატიმრებული. როცა ვიკითხე, რატომ არ ხდებოდა მისი წარდგენა სასამართლოში, პოლიციელებმა გვითხრეს, ოქრუაშვილის მოსვლას ველოდებით, უშუალოდ ის განაგებს ბატონი გურამის დაპატიმრება-არდაპატიმრების საკითხსო. იბადება კითხვა: ბატონი გურამის ლიკვიდაციაც მას ხომ არ ჰქონდა დავალებული. ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ გავლენიანი და ცნობილი პირების ლიკვიდაციას უკვეთავდნენ. ორივე ცნებაში ჯდება გურამ შარაძე. არ არის გამორიცხული, რომ მისი მკვლელობა დაკვეთილი იყო ოქრუაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს’’, _ აცხადებს ნინო ნიშნიანიძე.

ადვოკატი გაოცებულია იმ ფაქტითაც, რომ ბარათელს სახაზინო წესით ორი ადვოკატი დაუნიშნეს: ,,ესეც საოცარია, რადგან ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო უხდის ადვოკატს ფულს. ვერ ნახავთ პრაქტიკაში საქმეს, სადაც პირს სახაზინო წესით დანიშნული ორი ადვოკატი ჰყავდეს. მათ დროც კი არ ითხოვეს საქმის გასაცნობად. ისინი ფორმალურად დაიცავენ ბარათელს”.

საქმეში არ მოიპოვება განსასჯელ ბარათელის აღიარებითი ჩვენება, თუმცა საზოგადოებას კარგად ახსოვს მკვლელობის პირველივე წუთებში გაკეთებული ძალოვანთა განცხადებები, რომ დამნაშავე აღირებდა შარაძის მკვლელობას. ადვოკატი ნიშნიანიძე ,,სარკესთან” საუბარში ამ საკითხსაც შეეხო: ,,გავიხსენოთ პატრულ პანიევის განმარტება, რომელმაც თქვა, რომ ბარათელმა აღიარა მკვლელობა. სად არის ეს აღიარება? ან ასეთი ჩვენება გვაჩვენონ ან ცრუ ჩვენებისთვის დააკავონ პატრული პანიევი, ამას კატეგორიულად მოვითხოვ!”

გურამ შარაძის მკვლელობის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ბარათელს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის შეკრების პრინციპით იმსჯელებს და ასეთ შემთხვევაში განსასჯელ ბარათელს 30 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა ჩვენებას მისცემს სასამართლოს გიორგი ბარათელი.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ,,სარკე’’, 3-9 ოქტომბერი, 2007

გიორგი ბარათელმა შარაძის მკვლელობა უარყო

გურამ შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა გიორგი ბარათელმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს. სასამართლო პროცესზე შარაძეების ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგოლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არც ერთი არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობათა შორის იყო მოწმის სახით ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა, განსასჯელ ბარათელის ნარკოლოგიური შემოწმება და თავად მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილის აცილება.

ბრალდებულის შემოწმების შუამდგომლობას მისი ადვოკატებიც დაეთანხმნენ, მოსამართლემ კი ისინი ,,შეთანხმებულ მოქმედებაში’’ დაადანაშაულა.

პროტესტის ნიშნად, ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვეს, რის შემდეგაც საქმის განხილვა 16 ოქტომბრისთვის გადაიდო.

,,პირველი’’, 4 ოქტომბერი, 2007

ბარათელი შარაძის მოკვლას უარყოფს

დაზარალებული მხარის წარმომადგენლებმა გუშინდელი სასამართლო

პროტესტის ნიშნად დატოვეს

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარათელის პროცესი შედგა. მას თბილისის პროკურატურის პროკურორმა გიორგი ჩივიაშვილმა წარდგენილი ბრალი წაუკითხა, თუმცა, განსასჯელმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. როგორც ბარათელმა განაცხადა, ის, რაც პროკურორმა წაიკითხა, მას არ ჩაუდენია. თუმცა, იგი ჯერჯერობით დუმილის უფლებით სარგებლობს.

დაზარალებული მხარის ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. თუმცა, მათ მიერ წარმოდგენილ არც ერთ შუამდგომლობას პროკურორმა მხარი არ დაუჭირა და მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, რამაც დაზარალებული მხარის გაღიზიანება გამოიწვია და მათ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

პროცესზე დაზარალებულმა მხარემ დააყენა შუამდგომლობა ირაკლი ოქრუაშვილის მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით. ადვოკატ ნინო ნიშნიანიძის თქმით, ოქრუაშვილის სატელევიზიო განცხადებების შემდეგ იბადება სერიოზული ეჭვი, რომ შესაძლოა ოქრუაშვილი შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ფლობდეს ინფორმაციას.

გარდა ამისა, ნინო ნიშნიანიძის თქმით, ბარათელის გარეგნული მონაცემები ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ იგი შეიძლება ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდეს და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დანიშნვა იშუამდგომლა. თუმცა, თავად ბარათელმა ეს ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ის არანაირ ნარკოტიკულ საშუალებას არ იღებს.

დაზარალებულ მხარეს ეჭვი შეაქვს იმაშიც, რომ ნივთმტკიცებად ცნობილ ვიდეომასალაში დაფიქსირებული პიროვნება გიორგი ბარათელია და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მოითხოვა.

,,იგივე ხარისხის ვიდეოთვალით და ვიდეოფირზე თავიდან გადაიღონ ბარათელი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც გამოძიების ხელთ არსებულ ვიდეომასალაში მყოფი პიროვნებაა და მოხდეს პიროვნების იდენტიფიკაცია. თუკი ექსპერტი ვერ დაადგენს სახის ნაკვთებით არის თუ არა ის პიროვნება ბარათელი, სიმაღლისა და სიგანის შედარება მაინც მოხდება” _ აცხადებს ადვოკატი ნუგზარ ბირკაია.

ამ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას პროკურორი ჩივიაშვილი უშედეგოს უწოდებს:

,,ჩვენ გვაქვს საქმეში ექსპერტის დასკვნა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა უვარგისია იმისათვის, რათა კარგად დავინახოთ ადამიანის სახის ნაკვთები. ბარათელს რომ იგივე ხარისხის ფირით გავავლევინოთ იგივე გზა, ეს არაფერს მოგვცემს”, _ განაცხადა პროცესზე პროკურორმა და დაზარალებულ მხარეს პოლიტიკური განცხადებებისაგან თავის შეკავება ურჩია, ვინაიდან, მისი თქმით, შარაძის მკვლელობა არანაირ კავშირში არ არის ოქრუაშვილის განცხადებებთან.

საგამოძიებო ექსპერიმენტის თაობაზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა თავად ბარათელს დაუსვა კითხვა: ,,თანახმა ხართ თუ არა გაიმეოროთ ის, რაც ჩაიდინეთ?”

მოსამართლის ამ კითხვას პროტესტი მოყვა. იგი მხარეებმა არაობიექტურობაში დაადანაშაულეს და მისი აცილება მოითხოვეს.

,,ჯერ არ არის დადასტურებული, ჩაიდინა თუ არა ეს დანაშაული ბარათელმა. მოსამართლე კი სვამს ასეთ არაკორექტულ კითხვას. მას გათვლილი აქვს წინასწარ, თუ რა შედეგით უნდა დამთავრდეს ეს საქმე და ჩვენ მიგვაჩნია, რომ კოჭლამაზიშვილი ამ პროცესთან მიმართებაში იქნება არაობიექტური და მიკერძოებული. ჩვენ შუამდგომლობებს ფორმალურად ვაყენებთ, რადგან წინასწარ ვიცით, რომ არც ერთ მათგანს მოსამართლე არ დააკმაყოფილებს”, _ განაცხადა ადვოკატმა ნუგზარ ბირკაიამ.

მოსამართლემ მისი აცილების არგუმენტაცია საკმარისად არ მიიჩნია და განმარტა, რომ მან კითხვა დასვა სწორად. შუამდგომლობების არ დაკმაყოფილება კი მოსამართლის აცილების საფუძველი ვერ გახდება.

მოსამართლის ამ განცხადების შემდეგ გურამ შარაძის ნათესავებმა და ახლობლებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვეს.

,,ესენი არიან მკვლელი ხელისუფლების მონები. მაგრამ არ გავახარებ და არც ერთ პროცესს არ გამოვტოვებ. სანამ კოჭლამაზიშვილი იქნება მოსამართლე, მე ვიჯდები იმ პროცესებზე. ჩვენ წინასწარ ვიცით, რა შედეგით დასრულდება პროცესი. ეს უკვე დაგეგმილია. ირაკლი ოქრუაშვილის სატელევიზიო განცხადებები იყო ბეჭდის დარტყმა იმაზე, რაც დიდი ხანია ვიცოდით. მისთვის ეთერში არავის დაუსვამს კითხვა გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, თორემ ის აუცილებლად გასცემდა პასუხს. მან იცის, თუ რა მდგომარეობაში და ვითარებაში მოკლეს მამაჩემი”, _ განაცხადა ,,რეზონანსთან” საუბარში რუსუდან შარაძემ.

გუშინდელ პროცესზე გაირკვა იმ დასაკითხ მოწმეთა სიაც, რომლებიც შემდეგ ეტაპზე დაიკითხებიან. მათ შორის გურამ შარაძის შვილი გიორგი შარაძეც დაიკითხება. როგორც რუსუდან შარაძემ განაცხადა, ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობით მის ძმას სასამართლოსათვის ჩვენების მიცემა შეუძლია.

მაკა ქობალია

,,რეზონანსი’’, 5 ოქტომბერი, 2007

გურამ შარაძის ქალიშვილი ოპოზიციას

“საეჭვო დუმილში” ადანაშაულებს

გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე ოპოზიციას “საეჭვო დუმილში” ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აკადემიკოს შარაძის მკვლელობა პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება, რაზეც ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.

“ეჭვს იწვევს ის დუმილი, რომელსაც ოპოზიცია გამოხატავს. მათი მხრიდან ამ დრომდე სიტყვაც არ თქმულა შარაძის მკვლელობის რეალური მიზეზის შესახებ”, _ განაცხადა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე რუსუდან შარაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი ლაღიძე კი აღნიშნული საქმის გამოძიების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა. შეგახსენებთ, გუშინ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ბარათელმა პირველად დაარღვია დუმილი და საკუთარი უდანაშაულობის შესახებ განაცხადა.

,,ჯი-ეიჩ-ენი’’, 5 ოქტომბერი, 2007

ბარათელი შარაძის მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ სცნობს?

,,გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია’’ _ ასეთი შეფასება გააკეთეს გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატებმა პარასკევს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა ნუგზარ ბირკაიამ განაცხადა, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც შარაძის მკვლელობაში ბარათელის ბრალეულობას დაადასტურებს. მისივე განმარტებით, ბარათელმა დუმილის უფლება დაარღვია და თავი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო.

ადვოკატის თქმით, ,,ალდაგის’’ სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული მასალა გამოძიებამ საქმიდან ამოიღო, ვინაიდან ფირი დაზიანებულად სცნო. ,,არც ერთი ბრალეულობა ბარათელის წინააღმდეგ არ არსებობს. არ არსებობს მოწმე, ვინც ბარათელს ხელს დაადებს. არსებობს მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ბარათელმა დაკავებისას გურამ შარაძის მკვლელობა აღიარა’’, _ აცხადებს ადვოკატი.

,,ინტერპრესნიუსი’’, 6 ოქტომბერი, 2007

რა ინფორმაცია აქვს ოქრუაშვილს შარაძის მკვლელობაზე?

ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე გურამ შარაძის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის მოწმის სახით დაკითხვას ითხოვს. ნიშნიანიძე დარწმუნებულია, რომ ოქრუაშვილი შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით სერიოზულ ინფორმაციას ფლობს და ამ საქმის რადიკალურად შეცვლა მხოლოდ ოქრუაშვილის ჩვენების შემდეგ გახდება შესაძლებელი. ნიშნიანიძე აცხადებს, რომ ოქრუაშვილს შეუძლია ამ საქმეს ნათელი მოჰფინოს.

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ განაჩენი ორი დღის წინ გამოიტანა. მიუხედავად ამისა, ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რაც გიორგი ბარათელის დანაშაულს დაამტკიცებს.

_ პროკურატურა და სასამართლო შეთანხმებული არიან უკვე განაჩენზე, მიუხედავად იმისა, რომ რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რითაც გიორგი ბარათელი თავს სცნობს დამნაშავედ, მან ფაქტიურად აღიარა, რომ მას არ ჩაუდენია ეს მკვლელობა. მას სასამართლომ განაჩენი უკვე გამოუტანა. გიორგი ბარათელს გურამ შარაძის მკვლელობა არ ჩაუდენია. სასამართლო ფაქტიურად დამთავრებულია და ჩვენი მონაწილეობა სასამართლო სპროცესში შემდგომ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულებთან შეთანხმებით, _ აცხადებს ნინო ნიშნიანიძე.

მისივე განცხადებით, გურამ შარაძის მკვლელობა ფაქტიურად გამოუძიებელია:

,,მე კატეგორიულად ვითხოვდი ბატონი ირაკლი ოქრუაშვილის მოწმის სახით დაკითხვას, რადგანაც მან მრავლობით ფორმაში განაცხადა, რომ მას უკვეთავდნენ გამოჩენილი და გავლენიანი ადამიანების მკვლელობას. 2004 წლის 25 ნოემბერს, როდესაც ბატონი გურამი იყო უკანონოდ დაპატიმრებული მთაწმინდის რაიონის პოლიციაში, იქ ელოდებოდნენ ბატონი ირაკლი ოქრუაშვილის მოსვლას, რადგან უშუალოდ ბატონი ირაკლი ხელმძღვანელობდა ბატონი გურამის უკანონოდ დაპატიმრებას. მე მინდოდა მისთვის ერთადერთი კითხვა დამესვა, მას დაუკვეთეს გურამ შარაძის ლიკვიდაცია თუ გურამ შარაძის უკანონო დაპატიმრება. ასევე, არის მეორე დიდი ლაფსუსიც, რაც შეიძლება ჩაითვალოს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილად. მტკიცების სახით საქმეს დართული აქვს “ალდაგის” მიერ გადაღებული ფირი, რაზეც არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ფირი უვარგისია. ამ დროს ფართო საზოგადოებისათვის ნაჩვენები იქნა ფირი, რომელზეც გარკვევით ჩანს პიროვნება, რომელიც ბატონ გურამს მიყვება უკან და რომელმაც განახორციელა მისი ლიკვიდაცია. გამოძიება როდესაც მოექცა ჩიხში, გადაწყვიტეს, რომ ეს ფირი ექსპერტიზას ეცნო უვარგისად. მაგრამ ავიწყდებათ, რომ საქართველო არ იმყოფება ისეთ ვაკუუმში, როგორც ეს იყო წინა წლებში და ბატონი გურამ შარაძის ასე დემონსტრაციულად დახვრეტის ფაქტი მიიღებს ძალიან ფართო საერთაშორისო რეზონანს’’, _ აცხადებს ნიშნიანიძე.

ადვოკატ ნუგზარ ბირკაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ სასამართლოს წინაშე დააყენეს შუამდგომლობა სასამართლო ექსპერიმენტის დანიშვნის შესახებ, გამოძიება საეჭვოდ ჩქარობდა საქმის დამთავრებას.

,,ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლო ექსპერიმენტის დანიშვნის თაობაზე, რათა სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” წინ კიდევ ერთხელ გაევლო ბარათელს და მომხდარიყო იდენტიფიცირება ამ კადრების იმ კადრებთან მიმართებაში, რაც არის სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” ვიდეო-კამერით დაფიქსირებული, ანუ, როგორ მიყვება გურამ შარაძეს უკან მამაკაცი, რომელიც ახორციელებს სროლას. ამ ექსპერიმენტის დანიშვნის საკითხი როდესაც იხილებოდა, განსასჯელმა ბარათელმა იკითხა, თუ რა უნდა გაეკეთებინა მას ექსპერიმენტის დროს. მოსამართლემ უპასუხა, რომ მას უნდა გაევლო ქუჩაში და შეესრულებინა ის მოქმედება, რომელიც მან შეასრულა მაშინ. ეს უკვე არის აზრის გამოთქმა, ანუ მოსამართლემ ამით თქვა, რომ მისთვის უკვე ყველაფერი გარკვეულია, მას შექმნილი აქვს რწმენა იმისა, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა განსასჯელმა ბარათელმა. ეს არის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამის შემდეგ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი განაცხადებდა თვითაცილებას და განერიდებოდა ამ საქმეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამის შუამდგომლობა დავაყენეთ. ამ შუამდგომლობაში მხარი დაგვიჭირეს დაცვის მხარის ადვოკატებმა, მოსამართლემ მაინც უარი გვითხრა ამ შუამდგომლობაზე’’, _ აცხადებს ბირკაია.

ადამიანის უფლებათა დამცველის გიორგი ლაღიძის განცხადებით, გურამ შარაძე პოლიტიკური მოტივით მოკლეს. მისი თქმით, უკვე შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შარაძის მკვლელობას საერთაშორისო ორგანიზაციების განსჯის საგნად აქცევს.

,,არავისთვის უცხო არ არის, თუ ვიტყვით, რომ ბატონი გურამ შარაძის მკვლელობა იყო პოლიტიკური მოტივით. ჩვენ ამ პროცესებს აქტიურად ვადევნებდით თვალს და გვქონდა იმედი იმისა, რომ გამოძიება წარიმართებოდა ობიექტურად, სასამართლო გამოიტანდა ობიექტურ გადაწყვეტილებას. თუმცა, ფაქტი სახეზეა, რომ ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ სიმართლე არ იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. ჩვენ ვაცნობებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ სამარცხვინო მკვლელობის თითოეულ დეტალს და ამ ფაქტს გავხდით საერთაშორისო ორგანიზაციების მსჯელობის საგნად’’, _ აცხადებს გიორგი ლაღიძე.

რუსუდან შარაძე:

,,ყველაფერთან ერთად, გაოგნებული ვარ იმ დუმილით, რომელსაც იჩენს ე.წ. ოპოზიცია. რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, ყველაზე არ მაქვს საუბარი. მე ვეკითხები გაერთიანებულ ოპოზიციას _ ვიცი, რომ თქვენ, უმრავლესობას გძულდათ გურამ შარაძე, მე ვიცი, რომ თქვენ გძულდათ ის თემები, რომლისთვისაც ის დემონსტრაციულად დახვრიტეს შუა ქალაქში, მაგრამ ეს არის თქვენი სიმართლე? როდესაც ხელისუფლებას ადებენ ხელს, რომ ის არის მკვლელი ხელისუფლება და მან მოკლა პრემიერ-მინისტრი, ნუთუ გურამ შარაძის მკვლელობაზე ასეთი დუმილი უნდა იყოს? მე მაინტერესებს ამ ხალხის პასუხი და დიდი იმედი მაქვს ჟურნალისტების, რომ დასვამენ ამ შეკითხვას და ქართველი ხალხი გაიგებს სიმართლეს, თუ რატომ დუმს ოპოზიცია, რატომ ადევს ტაბუ დღეს საქართველოში გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს. მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს ჩემი სახელით დაესვათ შეკითხვა, თუ რას ფიქრობდა გურამ შარაძის მკვლელობაზე, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე. ამით დავკარგე დიდი შესაძლებლობა. ვფიქრობ, რომ მან იცის სიმართლე. მე მინდოდა, რომ ტელეფონით ჩავრთულიყავი პირდაპირ ეთერში და ირაკლი ოქრუაშვილისთვის დამესვა ეს შეკითხვა. დავუკავშირდი ღია ეთერის პროდიუსერს ირაკლი მოსაშვილს. მან მიპასუხა, რომ იმ საღამოს სატელეფონო ჩართვები არ იყო და მირჩია, გამეგზავნა მესიჯი, იქნებ ბატონ ირაკლის წაეკითხა და თავისი სურვილით გაეცა პასუხი. მე გავაგზავნე არაერთი მესიჯი, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი ჩემი მესიჯი არ იქნა გაშვებული პირდაპირ ეთერში.

შორენა გონგლაძე

“ახალი თაობა”, 6 ოქტომბერი, 2007

,,მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა…”,

ანუ ზეგ აკადემიკოსი 67 წლის გახდება!

საქართველოში ძალიან ცოტა ვინმე თუ მოუკლავთ ისეთი სისასტიკითა და ცინიზმით, როგორც გურამ შარაძე… სამი დღე-ღამის განმავლობაში დაჭრილთა კვნესა-ვაება ისმოდა, თურმე, შორაპანთან და სისხლი მდინარედ მიჰყვებოდა ლიანდაგს, როცა 1924 წელს ბოლშევიკებმა ვაგონებში გამომწყვდეული ქართველი თავადაზნაურობა ტყვიებით ჩაცხრილეს… მანქურთებმა ვაგონს არავინ მიაკარეს… ორი თუ სამი საათის განმავლობაში არც გურამ შარაძეს მიაკარეს ვინმე… მელიქიშვილის გამზირსა და შანიძის ქუჩის გადაკვეთასთან, ტროტუარზე მოცელილი ბალახივით გაფენილიყო დახვრეტილი აკადემიკოსის სხეული და პატრული გურამ შარაძის ცხედართან მიახლოებასაც კი არავის ანებებდა.

,,ვარდების რევოლუცია” ნელ-ნელა უახლოვდება საბედისწერო თარიღს _ 2 ნოემბერს, იმ დღეს, როცა ოთხი წლის წინ საქართველოში ხალხი ზღვასავით აიქოჩრა და საპროტესტო მიტინგებსა და დემონსტრაციების ტალღა მთელ ქვეყანას მოედო, მაგრამ ვიდრე თავის დაბადებისა თუ გარდაცვალების დღეს აღნიშნავდეს, მანამდე ,,ვარდების რევოლიციამ” მელიქიშვილის გამზირზე დახვრეტილი გურამ შარაძის დაბადების დღეს უნდა გადააბიჯოს.

17 ოქტომბერს, ოთხშაბათს, გურამ შარაძეს 67 წელი შეუსრულდებოდა!…

ქართული ბიბლიოგრაფიის ისტორიაში თითებზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა მემკვიდრეობა იმდენს ითვლიდეს, რამდენიც ბატონმა გურამმა შექმნა და შთამომავლობას დაუტოვა. როცა მის მიერ ტიტანური შრომის ფასად დაარსებულ ქართული ემიგრაციის მუზეუმში საგაზეთო ინტერვიუს ჩასაწერად ვესტუმრებოდი, ყოველთვის მაოცებდა ბატონი გურამის შრომისმოყვარეობა და ენერგია… მას შეეძლო, კვირების განმავლობაში თავაუღებლად, დღედაღამ ეფურცლა მტვერდადებული ფოლიანტები და შეუსვენებლად გაეწია რუტინული, ზეპედანტური შრომა, რომლის გარეშეც მისი შესანიშნავი ქმნილებები მზის სინათლეს ვერასოდეს იხილავდნენ…

ერთხელ მითხრა ცხონებულმა – არ არსებობს თბილისში ძველი შენობა, რომლის ისტორიაც ზედმიწევნით არ ვიცოდეო!..

მართლაცდა, რამდენი რამ იცოდა აკადემიკოსმა და როგორ იბრძოდა იგი, ფაქტობრივად, მარტოკაცი, რათა ცეცხლისთვის, ურწმუნოებისა და უღმერთოებისთვის გამოეტაცა საყვარელი სამშობლო!..

კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების კოლხური კოშკიდან თუ რამ გადარჩა, თუ გამსახურდიების უმდიდრესი ბიბლიოთეკიდან და არქივიდან დღემდე რაიმე შემორჩა, ეს პირადად გურამ შარაძის დამსახურებაა. ბატონი გურამი ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ ქვეყნიდან თოფ-ზარბაზნით განდევნილმა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სწორედ მას მიანდო კოლხური კოშკის ბედი და საამისოდ საგანგებო რწმუნებითაც აღჭურვა ბატონი გურამი…

დაწვრილებით და ასტრონომიული სიზუსტით ჰქონდა შესწავლილი ბატონ გურამს ილიას, აკაკის, ვაჟასა და იაკობის ცხოვრება და მოღვაწეობა… საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არქივის, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკისა და, საერთოდ, ქართული ემიგრაციის ისტორიის კვლევის საქმეში აკადემიკოს გურამ შარაძის წვლილი ფასდაუდებელია და საარაკო…

გურამ შარაძე იმიტომ მოკლეს, რომ იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიას იცავდა!..

გურამ შარაძე იმიტომ მოკლეს, რომ აკადემიკოსი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან ეროვნებისა და მამის სახელის გაქრობის წინააღმდეგ იბრძოდა!..

გურამ შარაძემ თავი შეაკლა დღევანდელ ხელისუფლებასა და საქართველოს _ გაყიდულს, დაჩეხილსა და ღირსებააყრილს.

ოთხშაბათს, 17 ოქტომბერს, 13 საათზე, მელიქიშვილის გამზირსა და შანიძის ქუჩის გადაკვეთასთან, იქ, სადაც გურამ შარაძე დახვრიტეს, აკადემიკოსის ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და თანამოაზრენი შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გაიხსენებენ გურამ შარაძეს, რომელიც ,,ვარდების რევოლუციამ” სამოცდამეშვიდე შემოდგომას არ მოასწრო!..

იმავე დღეს, 14 საათზე ვერის პარკში, ჭადრაკის სასახლეში გურამ შარაძის საზოგადოების – ,,ენა, მამული სარწმუნოების” დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება!..

დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო გურამ!..

ღმერთმა გაცხონოს და სასუფეველში დაამკვიდროს თქვენი დაუცხრომელი და ბობოქარი ქართული სული!..

დიტო ჩუბინიძე

,,ასავალ-დასავალი’’, 15-21 ოქტომბერი, 2007

გურამ შარაძის საზოგადოებას გარდაცვლილის

ქალიშვილი უხელმძღვანელებს

დღეს, 17 ოქტომბერს, ჭადრაკის სასახლეში გურამ შარაძის საზოგადოების დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა. საზოგადოების თავმჯდომარედ გარდაცვლილის ქალიშვილი რუსუდან შარაძე აირჩიეს.

როგორც “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში რუსუდან შარაძემ განაცხადა, საზოგადოება აპოლიტიკური ორგანიზაცია იქნება, თუმცა იგი აქტიურად დაუპირისპირდება ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას.

“ეს საზოგადოება გურამ შარაძის იდეების საფუძველზე შეიქმნა. ჩვენ ისევე, როგორც თავის დროზე გურამ შარაძე, უსამართლობის წინააღმდეგ ავიმაღლებთ ხმას. რაც შეეხება მკვლელობას, ჩემი ღრმა რწმენით და იმ მოწმეების ჩვენებებით, რომლებიც სასამართლოს წინაშე ჯერ არ წარმდგარან, ასევე ვიდეო თვალის მიერ გადაღებულ მასალაზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს ორი მკვლელი, რომელთა დაკავებას, გასაგები მიზეზების გამო, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არც კი ცდილობენ”, _ განუცხადა “ჯი-ეიჩ-ენს” რუსუდან შარაძემ.

დღესვე აკადემიკოს შარაძის დაბადებისდღესთან დაკავშირებით ვერის სასაფლაოზე გარდაცვლილის ახლობლებმა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. მოგვიანებით კი მელიქიშვილის ქუჩაზე, მკვლელობის ადგილას, აქცია გაიმართა. დღეს, გურამ შარაძეს 67 წელი შეუსრულდებოდა. შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი გურამ შარაძე 20 მაისს მელიქიშვილის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთში, ვაკეში, მრგვალ ბაღთან დააკავეს. 22 მაისს სასამართლომ ბარათელს წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

,,ჯი-ეიჩ-ენი’’, 17 ოქტომბერი, 2007

დაფუძნდა გურამ შარაძის სახელობის საზოგადოება

გუშინ, 17 ოქტომბერს, გურამ შარაძის დაბადებიდან 67 წელი შესრულდა. მელიქიშვილის ქუჩის თექვსმეტ ნომერთან, მისი მკვლელობის ადგილზე, ოჯახის წევრები, თანამოაზრეები, სამეცნიერო წრეებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი პროტესტი გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვე გავიდა ამ საზარელი მკვლელობის დღიდან და საზოგადოებას ჯერ კიდევ არაერთი უპასუხო კითხვა აქვვს დარჩენილი.

რევაზ მიშველაძე, მწერალი: “გურამ შარაძემ მთელი ცხოვრება ეროვნების მტრებისადმი უკომპრომისო ბრძოლას მიუძღვნა და ამ ბრძოლაში იგი კიდეც დაეცა მოქალაქეობრივი გამბედაობით, გმირობით. თბილისის ცენტრში თითქმის ორი საათის განმავლობაში მისი ცხედარი ასფალტზე ესვენა და ახლოს არავინ მიაკარეს, თითქოს დიდ გამოძიებას აწარმოებდნენ. სინამდვილეში კი ეს იყო მაგალითი მთელი თბილისის, ქვეყნის დასანახად: აი, რა ბედი ელის ქართული ენის, ეროვნულობის, სარწმუნოების ქომაგსო. მას გააჩნდა საოცარი ქარიზმა, თუკი ვინმეს შეეძლო შეუბღალავად მდგარ­იყო ილიას იდეალების სადარაჯოზე, ერთ-ერთი პირველი გურამ შარაძე გახლდათ და სწორედ მას გაუსწორდნენ. თავისი ბრძოლა მან ბოლომდე ვერ მიიყვანა…”

გია მაისაშვილი, პარტია “მომავლის მთავრობის” ლიდერი: “ჩვენი თაობა გურამ შარაძის ნაშრომებზე, მათში ჩაქსოვილ ეროვნულ ღირებულებებზე გაიზარდა. ისტორიულად ასე იყო და ყველამ კარგად ვიცით, საქართველოში გურამ შარაძის მასშტაბის მოღვაწეებს სწორედ ასე სასტიკად უსწორდებიან. დღეს საქართველოში უმძიმესი ვითარებაა. პოლიტიკურ სარბიელზე ისევ ქვეყნის ფარგლებს გარედან მართული ძალები გამოვიდნენ. ჩვენ მათ სწორედ ეროვნული იდეოლოგია უნდა დავუპირისპიროთ. გარდა ენის, მამულის და სარწმუნოების წმინდათაწმინდა ტრიადისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია, საქართველო ამავე დროს არის იდეა, რომლის საფუძველს სამართლიანობა, თავისუფლება და ღირსება უნდა წარმოადგენდეს”.

მოგვიანებით, ჭადრაკის სასახლეში ახლადშექმნილი გურამ შარაძის საზოგადოების პრეზენტაცია გაიმართა, რომლის თავმჯდომარედ გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე აირჩიეს. სამოქმედო პროგრამის მიმართულება ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული ცნობიერების ურყევ საძირკველს, სამ უმთავრეს ჰიპოსტასს ეფუძნება _ ენა, მამული, სარწმუნოება. სწორედ ქართული ეროვნული ფენომენის ამ იდეის დაცვას შეეწირა ბატონი გურამ შარაძე. ასეთი იყო შეკრებილი საზოგადოების საერთო აზრი. გურამ შარაძის ღვაწლისა და დამსახურების შესახებ საზოგადოების წინაშე სიტყვით მისი თანამოაზრეები, სასულიერო პირები, მეგობრები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები გამოვიდნენ.

რუსუდან შარაძე: “მამას მკვლელობის პირველივე წუთიდან, ჩვენი ოჯახის არც ერთ წევრს და არა მარტო ჩვენ, წამით არ შეგვპარვია ეჭვი, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა. რაც დრო გადის, ეს სიტყვები უფრო მეტ ძალას იძენს და აზრი უფრო და უფრო მყარდება. იგივეს გავიმეორებ ფსევდო-მკვლელ გიორგი ბარათელზეც. მისი მკვლელად გამოცხადების ვერსია სრული აბსურდია, თუმცა ხელისუფლების პოზიცია გასაკვირი არ არის, ხომ არ იტყვიან, ჩვენ მოვკალითო. გასაკვირია ოპოზიციის უმრავლესობის მდუმარე პოზიცია, რომლებმაც გურამ შარაძის მკვლელობას ტაბუ დაადეს და არც კი ახსენებენ, რომ ასეთი შემზარავი ფაქტი მოხდა. ეს ეხება ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტურ უმრავლესობას, იმათ, ვინც წლების მანძილზე მისი მოწინააღმდეგეები იყვნენ _ ეროვნების რეკვიზიტის, ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების, იეღოველების და სხვა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში”.

ნინო სილაგაძე

“ჯორჯიან თაიმსი”, 18 ოქტომბერი, 2007

გურამ შარაძეს 67 წელი შეუსრულდებოდა

პროფესორ გურამ შარაძეს გუშინ 67 წელი შეუსრულდებოდა. ოჯახის წევრებმა ვერის სასაფლაოზე მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. გურამ შარაძის ხსოვნას პატივი მიაგეს საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა _ მწერლებმა, ხელოვანებმა და პოლიტიკოსებმა.

გუშინვე, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლების მხარდაჭერით, გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე, თბილისში მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე, აქცია გაიმართა.

,,გურამ შარაძე მოკლა ხელისუფლებამ. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის აქტიურად იქნებოდა ჩართული პროცესებში, რომელიც დღეს მიმდინარეობს’’, _ განაცხადა გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ.

,,ახალი თაობა’’, 18 ოქტომბერი, 2007

რუსუდან შარაძე: ,,პროცესზე ორი ცრუმოწმე წარდგა”

გურამ შარაძის მკვლელობის თვითმხილველები სასამართლო პროცესზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებით წარდგნენ _ საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი, გვარად ბოჭორიშვილი, ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ბარათელმა დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა; საპატრულო პოლიციის მეორე თანამშრომელი, გვარად პანიევი კი ირწმუნება, რომ ბარათელს დანაშაული არ უღიარებია.

ამის შესახებ ,,რეზონანსს” გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ განუცხადა.

,,გურამ შარაძე ნამდვილი პატრიოტი იყო”

გუშინ, 17 ოქტომბერს გურამ შარაძეს დაბადებიდან 67 წელი შეუსრულდებოდა. ჭადრაკის სასახლეში ,,გურამ შარაძის საზოგადოება _ ენა, მამული, სარწმუნოება” დაარსდა. როგორც რუსუდან შარაძემ გვითხრა, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტია; ეს იქნება საზოგადოება, რომელიც გურამ შარაძის დაწყებულ საქმეს გააგრძელებს და ილიას გენიალურ ტრიადას დაიცავს.

ჭადრაკის სასახლეში ,,გურამ შარაძის საზოგადოების” დაარსებამდე, მისი ოჯახის ინიციატივით, წმინდა პანტელეიმონის ტაძრის მოძღვარმა მამა გიორგიმ (ცნობილაძე) შეკვეთილი წირვა აღავლინა და შემდეგ, გურამ შარაძის საფლავთან, მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მელიქიშვილის გამზირზე გურამ შარაძის მკვლელობის ადგილას, მის ოჯახთან ერთად, მეგობრები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით, პატარა მიტინგი მოეწყო, რომელზეც სიტყვით გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს გურამ შარაძის მიერ განვლილი გზა და დღემდე უპასუხოდ დარჩენილი კითხვები, რომელიც მის მკვლელობას უკავშირდება.

,,რეზონანსმა” კიდევ ერთხელ დასვა კითხვა _ რატომ მოკლეს გურამ შარაძე?

კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე ფიქრობს, რომ გურამ შარაძე მოკლეს იმიტომ, რომ იყო დიდი ქართველი. მისივე აზრით, საერთო ატმოსფერო თუ არ შეიცვალა, ისევე, როგორც ვერ გავიგეთ, ვინ არის ზურაბ ჟვანიას მკვლელი, შეიძლება ესეც ვერ გავიგოთ.

რეზო ჩხეიძე: ,,იგი ძალიან დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებდა, ქართველი ხალხის სულიერი ამაღლებისთვის იღწვოდა, დაუზარელად შრომობდა, წიგნებზე, ძველი არქივული მასალების შესწავლაზე დღე და ღამეს ათენებდა; სად არ დადიოდა იმისთვის, რომ ქართველი ადამიანის დიდება ამოებრწყინებინა?! ის დიდი ქართველი იყო და ასეთი კაცი ხელს უშლის იმათ, ვინც ჩვენი ქვეყნის გლობალურ პროცესებში ჩართვას ხელს უწყობს და გლობალიზაციის ღია თუ ფარულ პროპაგანდას ეწევა, რაც ეროვნული ცნობიერებისა და ყოველივე ეროვნულის წაშლას გულისხმობს”.

პროფესორ გრივერ ფარულავას აზრით, გურამ შარაძე თავისი ქვეყნის დიდი სიყვარულის გამო მოკლეს.

გრივერ ფარულავა: ,,ის იყო მამულიშვილი, რომლის სალოცავი, ამ სიტყვის უპირველესი მნიშვნელობით, საქართველო გახლდათ და მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მან ამის გაკეთება შეძლო; თავისი სიკვდილით დღესაც ამ საქმეს აკეთებს და კიდევ დიდხანს გაგვყვება, მანამ, სანამ საქართველო ცოცხალი იქნება”.

,,მოსამართლეს მამას მკვლელობის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება აქვს”

საქალაქო სასამართლოში გურამ შარაძის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. 16 ოქტომბერს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის თავჯდომარეობით მორიგი პროცესი გაიმართა. როგორც რუსუდან შარაძემ გვითხრა, მოსამართლეს გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან მიმართებაში ცინიკური დამოკიდებულება აქვს.

რუსუდან შარაძე: პროცესზე ორი ცრუმოწმე წარსდგა _ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ვითომდა დაინახეს, როგორ კლავდა გიორგი ბარათელი გურამ შარაძეს და მერე დააკავეს.

,,რეზონანსი”: ერთ-ერთი მოწმე ის ხომ არ იყო, მკვლელობის ღამეს ტელევიზიით კომენტარი რომ გააკეთა?

_ დიახ, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ის არის, გვარად პანიევი და მეორე ბოჭორიშვილი. ერთი ერთს ჰყვებოდა, მეორე _ მეორეს. ერთმანეთში მაინც შეეთანხმებინათ და ისე გამოსულიყვნენ?!

ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბარათელმა დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა. პანიევი კი ამბობს, რომ ბარათელმა დანაშაული არ აღიარა. როდესაც ადვოკატებმა პანიევს ჰკითხეს: როგორ, შენ ხომ პირველივე წუთებში ტელევიზიით გამოხვედი და თქვი, რომ ბარათელმა დანაშაული აღიარაო?! ამაზე იგი შეცბა, დაიბნა და განაცხადა: ამ თემაზე კომენტარს აღარ გავაკეთებო. რა შუაშია კომენტარი?! რესპონდენტია, ტელევიზიით გამოდის თუ რა ხდება, ვერ გავიგე.

_ როგორი იყო ამ ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებთან დაკავშირებით მოსამართლის რეაქცია?

_ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს მამას მკვლელობის მიმართ ისეთი ცინიკური დამოკიდებულება აქვს, რომ არანაირ ფარგლებში არ ჯდება. ალბათ, გახსოვთ, მამა ორჯერ დააკავეს; მე ორივე პროცესს დავესწარი. მაშინაც ვიხილე მოსამართლეები ხელისუფლების დაკვეთას როგორ ასრულებდნენ, მაგრამ ელემენტარულად, ზრდილობიანად იქცეოდნენ. ბადრი კოჭლამაზაშვილი კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჭირისუფალი, ამ შემთხვევაში მე, მდგომარეობიდან გამომიყვანოს.

_ იყო პროცესზე გიორგი ბარათელი?

_ რა თქმა უნდა, იყო. იგი ყველა პროცესს ესწრება. ჩვენება ჯერ ბოჭორიშვილმა მისცა და შემდეგ პანიევმა. ბარათელს არაფერი უთქვამს. როდესაც ბოჭორიშვილი ჰყვებოდა, თუ როგორ დაინახა, როგორ ესროლა გურამ შარაძეს ბარათელმა და ამის შემდეგ როგორ გაიქცა და გამოიქცა, ბარათელი ისეთი გაოგნებული, გაოცებული უყურებდა, მისი სახე ცხოვრებაში არ დამავიწყდება. ეს არა მარტო მე, არამედ პროცესზე მყოფმა ყველა ადამიანმა შენიშნა.

_ მოითხოვთ სასამართლო სხდომების ვიდეო-ჩანაწერს, რის უფლებასაც კანონში ახლახანს შეტანილი ცვლილება გაძლევთ?

_ აუცილებლად მოვითხოვ, თუმცა, ასევე ვითხოვთ სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგის” ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ კადრებს, რომელზეც მამას მკვლელობის ფაქტია აღბეჭდილი; მპირდებოდნენ, რომ სასამართლოს დასრულებამდე არავის მისცემდნენ, მაგრამ ეს ფირი ერთ-ერთ ტელეკომპანიას გადასცეს, მე კი ამაზე უარი მითხრეს.

ნინო მიქიაშვილი

,,რეზონანსი’’, 18 ოქტომბერი, 2007

რუსუდან შარაძემ პროტესტის ნიშნად

სასამართლოს სხდომა დატოვა

რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის ქალიშვილი: ,,ჩემი აზრით, ბარათელს ციხიდან ცოცხალს არ გამოუშვებენ, რადგან სიმართლე ყველაზე კარგად მან იცის! კიდევ ვიმეორებ, არსებობენ მოწმეები, რომლებმაც უშუალოდ ნახეს, რომ ორი საკონტროლო გასროლა მაღალმა, თმიანმა, წვერგაპარსულმა, სპორტული აღნაგობის მამაკაცმა მოახდინა…

პროკურორსა და მოსამართლეს ერთი როლი აქვთ, ვერ გავერკვიე, რომელია პროკურორი და რომელი მოსამართლე? ფაქტია, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ამ ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელია.

არის კიდევ ერთი საინტერსო დეტალი: პატრულის თანამშრომელი ლევან ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ბარათელი დაჭრილი იყო მარჯვენა მკლავში. შსს-ს ოპერატიული კადრებიდან კი ჩანს, რომ სისხლის კვალი ბარათელს მარცხენა მკლავთან აქვს, მარჯვენა ხელი კი პერანგში ჰქონდა შეყოფილი. აღსანიშნავია, რომ ბარათელი ხელს არ აწერს არც ერთ ოქმს და სამართალდამცავების მიერ ეს იმით აიხსნება, რომ დაჭრილია მარჯვენა მკლავში.”

,,ყველა სიახლე’’, 18 ოქტომბერი, 2007

ბარათელს ფული გადაუხადესო?

შარაძეების ოჯახი ეჭვობს, რომ აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბარათელმა (უფრო სწორედ, მისმა ძმამ _ მამუკა ბარათელმა) დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ დიდი თანხა მიიღო. ეს ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც სასამართლოში მოწმის სტატუსით მამუკა ბარათელი დაიკითხა. ,,იგი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ თავისი ძმა ნამდვილად იყო გაბრაზებული შარაძეების ოჯახზე და სწორედ, ის იყო მკვლელი. ალბათ, მსოფლიოში არავის უნახავს, რომ თვით უტყუარ დამნაშავესაც კი საკუთარი ოჯახის წევრი ადებდეს ხელს. ამ გარემოებამ დაგვაეჭვა, რომ მან და საერთოდ, ბარათელების ოჯახმა, გიორგი დიდი თანხის ფასად გაწირა’’ _ აღნიშნა შარაძეების ოჯახის ახლობელმა რუსუდან კობახიძემ.

,,პირველი’’, 19 ოქტომბერი, 2007

ბარათელი კოლეგამ დადებითად დაახასიათა

გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბარათელის სასამართლო პროცესზე განსასჯელის ძმა მამუკა ბარათელი და გადაცემა ,,ფარული კამერის’’ წამყვანი ალეკო მალხაზიშვილი დაიკითხნენ. მალხაზიშვილმა ბარათელი დადებითად დაახასიათა და განაცხადა, რომ მასთან ახლო ურთიერთობის მიუხედავად, არაფერი სმენია მისგან არც შარაძეების ოჯახთან ახლობლობის და არც გურამ შარაძესთან დაპირისპირების შესახებ. ამასთანავე, მოწმის თქმით, მას მკვლელობის დღეს ბარათელი არ უნახავს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’-ის გადაცემა ,,ფარული კამერის’’ ოპერატორად მუშაობდა.

,,პირველი’’, 20 ოქტომბერი, 2007

რუსუდან შარაძე სასამართლოს უნდობლობას უცხადებს

აკადემიკოს გურამ შარაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარათელის სასამართლო პროცესი გუშინ უნდობლობის ნიშნად დაზარალებულმა მხარემ დატოვა. როგორც გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ განაცხადა, უნდობლობის საფუძველი გახდა ,,ის სიყალბე და უსამართლობა, რომელსაც სასამართლოზე აქვს ადგილი’’.

,,დღეს დედაჩემმა ჩვენება მისცა, რომლითაც გააბათილა პროკურატურის და სასამართლოს პოზიცია, რომ ბარათელი მკვლელია. ჩვენი არც ერთი მტკიცებულება არ ჭრის. ამიტომ ჩვენს მონაწილეობას სასამართლო განხილვაში, აზრი არა აქვს’’, _ განაცხადა შარაძემ.

სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, გურამ შარაძის მეუღლემ, დაზარალებულად ცნობილმა სვეტლანა გახარიამ პროცესზე განაცხადა, რომ მისი ქმარი მოკლეს საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობის გამო. თავად გიორგი ბარათელი დანაშაულს არ აღიარებს და მას დამნაშავედ არც შარაძის ოჯახი მიიჩნევს.

,,ინტერპრესნიუსი’’, 25 ოქტომბერი, 2007

Advertisements

One Response to ოქტომბერი

  1. John ამბობს:

    Hi there! This is my first comment here so I just wanted to give a quick shout out and tell you I really enjoyed reading this.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s