სექტემბერი

“სიკვდილი და დასაფლავება”

სექტემბერი 2007

  • ,,რუსუდან შარაძე: პირველად ვამბობ _ დიახ, მამა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას წამოაყენებდა’’, “ასავალ-დასავალი”, 17-23 სექტემბერი, 2007
  • ,,სასამართლომ აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ საქმის დეტალური განხილვა დაიწყო’’, “ახალი ამბები _ საქართველო”, 25 სექტემბერი, 2007

***

რუსუდან შარაძე: პირველად ვამბობ _ დიახ, მამა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას წამოაყენებდა

როგორც “ასავალ-დასავალის’’ წინა ნომერში ვიუწყებოდით (იხ. “ასავალ-დასავალი’’, 2007 წლის 10-16 სექტემბერი) სტრასბურგში შალვა ნათელაშვილის გერმანელმა ადვოკატმა _ ჯოანა რინეჰაუმ საქართველოს ხელისუფლება, თურმე, გურამ შარაძის მკვლელობაში დაადანაშაულა… ეს ცხელი ამბავი ჯერაც არ იყო გაციებული, როცა შვეიცარიის ქალაქ ჟენევიდან საგანგებოდ დამიკავშირდა მელიქიშვილის გამზირზე ხალხის თვალწინ დახვრეტილი ცნობილი აკადემიკოსისა და საზოგადო მოღვაწის _ გურამ შარაძის ქალიშვილი და მამის მკვლელობის საქმეში რამდენიმე დეტალზე საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება!

_ რუსუდან, ამ ხნის განმავლობაში, რაც აღარ შემხმიანებიხარ, კიდევ ხომ არ გამოჩნდა გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ისეთი დეტალი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე?

_ ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. საყოველთაოდ გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა 20 საათსა და ათ-თხუთმეტ წუთზე. “ალდაგის” ფირზე კი საათი მკვლელობის მომენტს 20 საათსა და 31 წუთზე უჩვენებს (ეს დაადასტურა “რუსთავი-2”-მაც). ეს არის ტყუილი, მკვლელობა 20 საათსა და 31 წუთზე ვერ მოხდებოდა, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტელეკომპანია “აჭარის” საინფორმაციო გამოშვება 20 საათსა და 30 წუთზე ამის შესახებ პირველივე სიუჟეტს ასე ოპერატიულად ვერ გაუშვებდა.

ჩემი აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ ვინაიდან, ბარათელი მართლაც იმყოფებოდა შანიძის ქუჩაზე მკვლელობიდან 15 წუთის შემდეგ, სასამართლოზე ამის მოწმე ან რაიმე მტკიცებულება გამოჩნდება. ანუ, გასაყალბებელი იყო 15 წუთი, რომელიც ბარათელის გაცვლაში და მკვლელების სამშვიდობოზე გასვლაში დაიკარგა.

ერთი რამ მაფიქრებს _ რომელია და სად არის პატრულის ის “რაციიანი” თანამშრომელი, რომელიც ამ გაყალბებული 15 წუთის განმავლობაში ნამდვილ მკვლელს მარტო მისდევდა მელიქიშვილიდან პეტრიაშვილის ჩიხამდე? მან ხომ კარგად იცის, რომ ვისაც მისდევდა, ის ბარათელი არ არის? ვინაიდან, გამოძიება ტყუის, იქნებ ჟურნალისტები მაინც დაინტერესდნენ ამ პოლიციელის ვინაობით, რადგან მისი თუნდაც ვიზუალურად ხილვა, ვფიქრობ, ბევრ რამეს გასცემდა პასუხს. ამ საქმეში კიდევ ბევრი საეჭვო რამ გამოჩნდება, რასაც დარწმუნებული ვარ, “ასავალ-დასავალი” უყურადღებოდ არ დატოვებს, რისთვისაც უღრმესი მადლობა თქვენ!

_ ძალიან საინტერესო დეტალია… მწერდი, მამაჩემის მკვლელების ბოღმა მახრჩობსო,… ინტელიგენციაზეც ლაპარაკობდი.… თქვი ბოლომდე, რაც სათქმელი გაქვს!..

_ თქვენი გაზეთის ფურცლებზე ვკითხულობ ერთი დიდი პოეტის ბოლოდროინდელ ლექსებს და გული მტკივა. მართალია სულით-ხორცამდე პატრიოტი პოეტი _ მას წაართვეს სამშობლო… მაგრამ ერთი რამ მიკვირს: ის დღეს იმავე შემართებით იწევს მოძალადეებზე, როგორც წლების წინ გურამ შარაძეზე იწევდა…

ერთი ამბავი უნდა მოვიგონო და თან მინდა გთხოვო, დიტო, რომ არ ჩამეძიო კონკრეტული პიროვნებების ვინაობაში. ისინი ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები არიან და ესეც საკმარისია. მაპატიონ, თუ ვინმეს გულს ვატკენ. იმათაც მაპატიონ, ვინც ინტელიგენციიდან მამას ბოლომდე მხარს უჭერდა. და თუ არ გამოვარჩევ მათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი _ დღეს ახალი შუღლის გაღვივების დრო არ არის, პირიქით, როგორც არასდროს ისე უნდა დადგეს ერთად ქართველი ინტელიგენცია, ის არის ქვეყნის ღირსება, ქვეყნის სახე. მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ითქვას სიმართლე, რადგან ვთვლი, რომ მხოლოდ სიმართლის თქმით გაეცემა პასუხი კითხვას, თუ რატომ მომიკლეს მამა.

დავუბრუნდები ამბავს. 1999 წლის თებერვალია. საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაშინდელი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სპეციალურ შეკრებაზე ეროვნების რეკვიზიტის შესახებ დებატებს მართავს. დარბაზი სავსეა, ესწრება პრესა-ტელევიზია… კომიტეტის თავმჯდომარესა და სხვა პარლამენტარებთან ერთად, გურამ შარაძის მოწინააღმდეგეთა შორის არიან შეკრებაზე “საკუთარი ინიციატივით” მოსული აღშფოთებული ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები. საკმაოდ ბევრნი იყვნენ. იქვეა “თავისუფლების ინსტიტუტი”. მამასთან ერთად ვართ ათიოდე თანამშრომელი ქალი და მისი პირადი დაცვის ორი თანამშრომელი.

არ ვაჭარბებ, ხუთი საათის განმავლობაში ყველამ ერთად კინაღამ დაახრჩვეს მამაჩემი, რად გინდა ეროვნებაო. იმ დღეს კიდევ ერთხელ ვიწამე, თუ რამხელა ძალა აქვს სიმართლეს. გურამ შარაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად, მარტო იყო, ვერავინ აჯობა დებატებში. ამის სრული ჩანაწერი არსებობს. მახსოვს, ვიღაცეები კინაღამ კომაში ჩავარდნენ სიბრაზისგან და ასეთი ბევრი იყო. მაგრამ ყველაფერმა პიკს მიაღწია მაშინ, როდესაც დარბაზის მეორე ბოლოში ატყდა ერთი ჩოჩქოლი, ვიღაც მოიწევდა უშვერი სიტყვებით და ყვიროდა: “გამიშვით, უნდა ვცემო ეგ მატყუარაო”. ეს ის პოეტი იყო, დღეს რომ სამართლიანად დასტირის ქვეყანას… რა თქმა უნდა, მან კარგად იცოდა, რომ გურამ შარაძეს იქ არავინ აცემინებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა.

_ მესმის შენი გულისტკივილი. სამწუხაროდ, საქართველოს უარესი დროებაც ახსოვს.…

_ ინტელიგენციის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი რა იყო იცით? გაგეღიმებათ _ რა შუაშია პასპორტი, დავით აღმაშენებელს არ უტარებია პასპორტი გრაფით: ეროვნება “ქართველი”, მაგრამ ვისზე ნაკლები ქართველი იყოო. შეიძლება გასახსენებლად არც ღირდა, მაგრამ ეს სიტყვები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ეკონომიკის მინისტრის გიორგი არველაძის სიტყვებს, მწერალთა კავშირის შენობიდან გამოძევებული მწერლებისადმი ნათქვამს: _ შოთა რუსთაველი არ ყოფილა მწერალთა კავშირის წევრი, მაგრამ “ვეფხისტყაოსანი” დაწერაო. ეს შემთხვევითი არ არის. როგორც ეროვნების, ისე მწერალთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლას ერთი და იგივე ავტორი ჰყავს. მწამს, ინტელიგენცია გულწრფელი იყო იმაში, რომ კარგ ქართველობას საბუთი არ სჭირდება, მაგრამ მაშინ მისი ავტორიტეტი საკმაოდ კარგად გამოიყენეს, შემდგომში კი, როგორც “გადმონაშთი” _ “ჩარეცხეს”.

ასე რომ, რა მწარეც არ უნდა იყოს სიმართლე, დღევანდელ ხელისუფლებასთან და “ხალხის პარტიის” მეთაურ კობა დავითაშვილთან ერთად, ქართველი ინტელიგენციის კისერზეა ეს ცოდვაც _ ეროვნებისა და მამის სახელის რეკვიზიტის გაქრობა პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიდან. სხვათა შორის, პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე, სწორედ ამ საკითხის გარჩევისას, ზუსტად ისევე გაიწია კობა დავითაშვილმა ბატონ რევაზ მიშველაძეზე (რომელიც ჯერ ეროვნება “ქართველის”, შემდგომში ეროვნება “ქართულის” მომხრე იყო) და შეურაცხყოფილ მწერალს ისეთი გულის შეტევა დამართა, სხდომა ჩაიშალა. ძალიან სამწუხაროა და ქვეყნისთვის სამარცხვინო, რომ დღეს ქართველი ინტელიგენციის ბრწყინვალე წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას ფიქრობენ. მაგრამ მათ ალბათ არ იციან, რომ მასზე უარი ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როდესაც უარყვეს ეროვნება და მამის სახელი.

_ ე.ი. შენ ფიქრობ, რომ რაც საქართველოში ხდება, აბსოლუტურად კანონზომიერი მოვლენაა და ქვეყნის გაუბედურებაში ინტელიგენციას ლომის წილი უძევს?

_ დიახ!.. როგორ ფიქრობთ, დღეს ინტელიგენციას ვინმე დაჩაგრავდა, რომ დამდგარიყო გურამ შარაძის გვერდით მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ირწმუნებოდა, რომ სოროსის ფონდი და “თავისუფლების ინსტიტუტი” დაღუპავდნენ ქვეყანას; რომ იგეგმებოდა შეთქმულება ეკლესიის წინააღმდეგ; სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა აკადემიის, მწერალთა კავშირის, განათლების სისტემის დაშლა-გაპარტახება… მაშინ, როდესაც იეღოველმა დედამ სამი წლის შვილი, ხოლო შემდეგ, ცოლმა ქმარი მოკლა სისხლის გადაუსხმელობით და მამაჩემი დაუპირისპირდა ამ საშინელებას.… გურამ შარაძე იბრძოდა ქართული ენის შესახებ კანონის სრულფასოვნად ამოქმედებისათვის; მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთვის; ე.წ. ,,თურქი-მესხების’’ რეპატრიაციის წინააღმდეგ… და იბრძოდა მაშინ, როდესაც პარტიული დროშა თბილისის მერიის თავზე უკანონოდ აფრიალდა! რევოლუციის დროს, როდესაც საქართველო კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა საქართველოს, მიუხედავად ასლან აბაშიძის გარემოცვასთან უკიდურესად დაძაბული დამოკიდებულებისა, მამაჩემი პარლამენტის წინ “აღორძინების” მიტინგზე გამოვიდა და ხალხს კეთილგონიერებისკენ მოუწოდა. კარგად მახსოვს ამაზე ვიღაცეების ირონიული ღიმილი, მაგრამ ეს ღიმილი იმავე ხალხის სახეზე სულ აღარ შემიმჩნევია 2003 წლის ნოემბერის ბოლოს, როდესაც რევოლუციის შემდეგ პირველად შეკრებილ პარლამენტში, ერთადერთმა გურამ შარაძემ გაბედა და მთელ ქვეყანას უთხრა, რომ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება!

და რაც ყველაზე სამწუხაროა, ქართველი ინტელიგენცია არც ერთხელ არ დაუდგა გვერდში ორჯერ პატიმრობაში მყოფ გურამ შარაძეს. პირველად, როდესაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში უხამსი პლაკატები ჩამოხია და მეორედ, როდესაც ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა კახა ლომაიამ… და ეს მაშინ, როდესაც დედაჩემი უგონო მდგომარეობაში მყოფი სიკვდილს ებრძოდა.

_ რუსუდან, ხომ არ გეჩვენება, რომ შეფასებებში ძალიან მკაცრი ხარ?

_ არა, არავითარ შემთხვევაში.… ის კი არა, შესანიშნავად მახსოვს, უნივერსიტეტის მღელვარებების დროს, მიტინგებზე, როგორ არ აძლევდნენ მამას სიტყვას… და თუ გურამ შარაძე მაინც ყველგან გამოდიოდა და მისი მოწოდებები ხალხს აჩოქებდა უნივერსიტეტის პანთეონში განსვენებულთა სულების წინაშე (თუ გახსოვთ, იყო ასეთი ფაქტიც), ეს მხოლოდ, მისი პიროვნული შეუპოვარი ხასიათით იყო გამოწვეული. უნივერსიტეტის მომიტინგე პროფესორებს თავისი ნებით არც ერთხელ სიტყვა არ მიუციათ კაცისთვის, რომელიც ამ ყველაფრის თავიდან ასაშორებლად ჯერ ათი წელი მოუწოდებდა მათ, ხოლო საქმე საქმეზე რომ მიდგა, მათ შორის ერთადერთმა გაბედა სიმართლის პირში თქმა, რისთვისაც ციხეში ჩასვეს… რამდენი ერთი ჩამოვთვალო? ერთი გაზეთი არ ეყოფა.

სამწუხაროდ, უმრავლესობა გვიან მიხვდა სიმართლეს, მაგრამ ბევრი დღემდე არ აღიარებს ამას. მეტიც, ვატყობ, ვიღაცეები მკვდარსაც ეჯიბრებიან. აბა, რით ავხსნა ის უცნაური, საყოველთაო დუმილი, რომელიც სუფევს მამაჩემის მკვლელობის ირგვლივ? დუმს ყველა _ ინტელიგენცია, ხელისუფლება, გამოძიება, ოპოზიცია… ოღონდ, რაც მთავარია, სიმართლე იცის ყველამ!

არ მესმის, რა შუაშია გიყვარს არ გიყვარს გურამ შარაძე, მისი იდეები, მისი წიგნები? დღისით-მზისით, შუა ქალაქში დახვრიტეს კაცი, სხვა თუ არა, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სამოცდაათი წიგნის ავტორი და არაფერი? გაჩვენებენ ფირს და გეუბნებიან, რომ ის რასაც შენ ახლა ხედავ შენი ორი თვალით, კარგად არ ხედავო, და არაფერი? გმირობას არავისგან ველოდი, მაგრამ ამ დუმილმა ყველაფერს გადააჭარბა.

გულწრფელად ვეკითხები მის ოპონენტებს ინტელიგენციიდან _ დღევანდელ საქართველოს ბევრი მწერალი გურამ შარაძე ჰყავდა? ვეკითხები ოპოზიციონერ კობა დავითაშვილს, რომლის პარტიასაც “ხალხის პარტია” ჰქვია _ ამ თქვენს მიერ ეროვნებაწართმეულ ხალხს სიმართლის გარკვევაში მაინც რატომ არ ეხმარებით? ვეკითხები ოპოზიციონერ დავით ზურაბიშვილს, რომელსაც ყოველთვის ყველაფერზე აქვს თავისი კომენტარი გამზადებული _ მართალია, თქვენ ერთ დროს “თავისუფლების ინსტიტუტში” თუ ინსტიტუტთან მყოფი, იგივე ეროვნების, იეღოველების თუ სხვა საკითხებზე მამაჩემთან დაპირისპირებისას რას არ კადრულობდით, მაგრამ რა აზრის ხართ იმაზე, რომ “ალდაგის” ფირზე აღბეჭდილი მკვლელი ყოვლად განსხვავებულია დაკავებული გიორგი ბარათელისგან? მადლობას მოვახსენებ ბატონებს _ ძმებ ბერძენიშვილებს პანაშვიდზე მოსვლისთვის, მაგრამ ნუთუ ეს საკმარისია? ვეკითხები ცოლ-ქმარ უსუფაშვილებს _ მერე რა, რომ სოროსის ფონდის თანამშრომლები იყავით თუ ხართ, როგორც პროფესიონალ იურისტებს და ადამიანის უფლებათა დამცველებს გურამ შარაძის საჯაროდ დახვრეტა არაფერს გეუბნებათ? ლამისაა დავიჯერო, რომ ჯონდი ბაღათურიას მართლა მიხეილ მაჭავარიანი აფინანსებს. აბა, არ იცის მან, რომ ხალხის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში, უპირველეს ყოვლისა, ისეთი ხელისუფლების მხილებაა საჭირო, რომელიც აკადმიკოსებს დღისით-მზისით ქუჩაში ხვრეტს? ყველას ერთად კი ვეკითხები _ სიმართლე ხომ იცით, რატომ მალავთ? მამა სულ ამბობდა, რომ “დღევანდელი ოპოზიციიდან უმრავლესობა ხელისუფლების სისხლი და ხორციაო”. სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

როგორ წარმოგიდგენიათ, რას იზამდა გურამ შარაძე დღეს გამომცემლობა “სამშობლოს”, მწერალთა კავშირის, “ლიტერატურული საქართველოს” და ა.შ. ათასი შეურაცხყოფის შემყურე? მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მესამედ იჯდებოდა ციხეში!

_ რუსუდან, ბატონმა თამაზ ვაშაძემ, რომელიც დღეს პატიმარია, მითხრა, რომ ბატონი გურამი 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

_ დიახ, ვადასტურებ და პირველად ვამბობ: 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მამა თავის კანდიდატურას წამოაყენებდა. ვიცი, რომ მას სერიოზული პატრიოტული ძალები აღუთქვამდნენ მხარდაჭერას, ოღონდ მიეღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა, გურამ შარაძის ერთადერთი ძალა ყოველთვის იყო მისი სიმართლე და ქართველი ხალხი, რომელსაც ამ სიმართლისთვის უყვარდა ის და პატივს სცემდა. მამაჩემი ვერ მოისყიდეს, ვერ დააჩოქეს და რაც მთავარია, ვერ დაამარცხეს. სწორედ, ამიტომ გამოუტანეს დახვრეტის განაჩენი იმ იმედით, რომ ტყვიით დააჩოქებდნენ. მაგრამ მკვლელებმა, რომლებიც ვიცი, აუცილებლად წაიკითხავენ თქვენს გაზეთს, იცოდნენ, რომ მათ ვერ მოკლეს გურამ შარაძე, რადგან მან სიკვდილითაც კი დაამტკიცა თავისი სიმართლე ერისა და ქვეყნის წინაშე.

ბოლოთქმა:

ალბათ, ზედმეტია, კომენტარებით დავამძიმო ნაუბარი შვილისა, რომლის მამაც _ ცნობილი აკადემიკოსი გურამ შარაძე ქუჩაში დახვრიტეს…

დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 17-23 სექტემბერი, 2007

სასამართლომ აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ საქმის დეტალური განხილვა დაიწყო

25 სექტემებრს თბილისის სასამართლომ აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ საქმის დეტალური განხილვა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო “ახალი ამბები _ საქართველოს” კორესპონდენტს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლოს სხდომა გიორგი ბარათელის ადვოკატის არ არსებობის გამო გადაიდო. მას სახაზინო ადვოკატი მიუჩინეს, რომელიც ჯერ საქმეს უნდა გაეცნოს.

სასამართლოს სხდომა 28 სექტემბერს გაიმართება.

ელენე ფარცვანია
“ახალი ამბები _ საქართველო”, 25 სექტემბერი, 2007

Advertisements

4 Responses to სექტემბერი

  1. Divina Clantz ამბობს:

    When i visit a blog, chances are that i get disappointed. Regarding your blog,I have to say that you have done a good job here.

  2. Duncan Havir ამბობს:

    thanks for a nice well written post , book mark your site!

  3. Charles Sabot ამბობს:

    Fantastic Site! I wanted to ask if I could site some of your pages and use a few things for a school assignment.

  4. Veile ამბობს:

    hello friend, breathtaking article. Please continue this awesome work.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s