აგვისტო

 “სიკვდილი და დასაფლავება”

აგვისტო  2007

  • ,,კახა კუკავა გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გაცნობას ითხოვს’’, “ინტერპრესნიუსი”, 10 აგვისტო, 2007
  • “კონსერვატორები” გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებით ინტერესდებიან’’, “ჯი-ეიჩ-ენი”, 10 აგვისტო, 2007
  • ,,რუსუდან შარაძე უფროსი ძმის მკვლელობის დღემდე უცნობ ვერსიაზე ალაპარაკდა!..’’, “ასავალ-დასავალი”, 13-19 აგვისტო, 2007
  • “ბარათელის აღიარება ჯერაც არ არსებობს”, “კვირის პალიტრა”, 13-19 აგვისტო, 2007
  • ,,რატომ გადააგზავნეს შარაძის მკვლელობის საქმე სასწრაფოდ სასამართლოში’’, ,,რეზონანსი’’, 17 აგვისტო, 2007
  • ,,ასის წლის შემდეგ’’, ,,ასავალ-დასავალი’’, 27 აგვისტო _ 2 სექტემბერი, 2007

 ***

 კახა კუკავა გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გაცნობას ითხოვს

 დეპუტატი კახა კუკავა გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გაცნობას ითხოვს.

როგორც კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გურამ შარაძის მკვლელობის პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით ყველანაირი ეჭვები უნდა შემოწმდეს.

მისივე თქმით, დეპუტატებს უნდა შეეძლოთ მათი კოლეგის მკვლელობის შესახებ ყველა დეტალს გაეცნონ, განსაკუთრებით კი იმ ვიდეოკასეტას, სადაც გურამ შარაძის მკვლელია აღბეჭდილი.

დეპუტატმა ასეთი მოთხოვნის არგუმენტად შარაძის ოჯახის ადვოკატების მოსაზრებები დაასახელა, რომლებმაც დღევანდელ პრესკონფერენციაშიც მიიღეს მონაწილეობა და გამოძიების არაობიექტურობის შესახებ საკუთარ ეჭვები გამოთქვეს.

კერძოდ, ადვოკატები ნუგზარ ბირკაია და ნინო ნიშნიანიძე აღნიშნავენ, რომ ისინი 5 ივილისს გაეცნენ კომპანია “ალდაგის” ვიდეოკამერის მიერ გადაღებულ მასალას, სადაც გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტია აღბეჭდილი და გაუჩნდათ ეჭვი, რომ კასეტაზე აღბეჭდილი გიორგი ბარათელი პირი არ არის.

მათივე თქმით, ამის შემდეგ სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, რომ ჩაეტარებინათ ექსპერტიზა და გადამოწმებულიყო, მართლაც იყო თუ არა ვიდეოფირზე აღბეჭდილი პირი გიორგი ბარათელი, თუმცა გამოძიებამ საქმე სასამართლოს ექსპერტიზის გარეშე გადასცა და ვიდეოკასეტებიც უკვე დალუქულია.

ამასთან, ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე აცხადებს, რომ საქმეში არსებობს ორი ფირი, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. ის ფირი კი, რომელშიც აშკარად ჩანს, რომ მკვლელი გიორგი ბარათელი არ არის, დაყადაღებულია. ამავე ფირზე ჩანს ავტომანქანა, რომელიც მკვლელობამდე შარაძეს მიუახლოვდა. მისივე ინფორმაციით, მისი გაცნობის საშუალებას ადვოკატებს არ აძლევენ.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ თუ ამ გამოძიების დეტალებს პარლამენტარებიც გაეცნობიან, საქმის გამოძიება, შესაძლოა, ობიექტურად დასრულდეს და ეჭვმიტანილს არ მიესაჯოს სასჯელი არასრულ მტკიცებულებათა საფუძველზე.

გურამ შარაძე 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი იმავე დღეს დააკავეს.

“ინტერპრესნიუსი”, 10 აგვისტო, 2007

 

 

“კონსერვატორები” გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებით ინტერესდებიან

 

“კონსერვატიული პარტია” სამართალდამცავ ორგანოებს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში არსებული მასალების გაცნობას სთხოვს. “კონსერვატორების” განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პრეტენზიები და საჭიროა დაინტერესებულ დეპუტატებს საქმეში არსებული მასალების გაცნობის საშუალება მიეცეს.

“ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ვიდეო-თვალის მიერ აღბეჭდილი პიროვნება, რომელმაც მოახდინა გასროლა არ ემთხევა ბრალდებულის პიროვნებას, რომელიც თავის მხრივ არ აღიარებს დანაშაულს და მისი მონაწილეობა დანაშაულში არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. დღემდე დაუდგენელია აგრეთვე დანაშაულის მოტივი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამიტომ მივმართავათ გამოძიებას და ზედამხედეველ პროკურორს თხოვნით, გააცნოს საქმის მასალები პარლამენტის დაინტერსებულ წვერებს, რათა გამოირიცხოს ყოველგავრი ეჭვები მკვლეობის პოლიტიკუყრი მოტივის და გამოძიების მიკერძოებულობის შესახებ” _ ნათქვამია “კონსერვატორების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გურამ შარაძე 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მას თავის არეში სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი სამართალდამცავებმა ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, ვაკეში, მრგვალ ბაღთან დააკავეს. ეჭვმიტანილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 “ჯი-ეიჩ-ენი”, 10 აგვისტო, 2007

 

  

რუსუდან შარაძე უფროსი ძმის მკვლელობის დღემდე უცნობ ვერსიაზე ალაპარაკდა!..

 

კვირას, 5 აგვისტოს, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის პროგრამა “კურიერი P.S”-მა გურამ შარაძის მკვლელობას ვრცელი სიუჟეტი უძღვნა და მელიქიშვილის გამზირზე აკადემიკოსის დახვრეტის ფაქტი თითქოსდა ლოგიკურად ახსნა, მაგრამ “ვარდების რევოლუციის” თანაავტორ ტელევიზიას ერთი ისეთი იაღლიში მოუვიდა, ვისაც არ სჯეროდა, იმანაც კი დაიჯერა, რომ გურამ შარაძის მკვლელი გიორგი ბარათელი ნამდვილად არ არის!..

საქმე ეხება ბარათელის ადვოკატის, მშვენიერი ქალბატონის _ დალი ჯაშიაშვილის ბლიც-ინტერვიუს, რომელიც ჟურნალისტმა სიუჟეტში ბარათელის მკვლელად შესარაცხად დაიმოწმა, მაგრამ, ვაი, ასეთ დამოწმებას!..

როგორც კი ჯაშიაშვილმა თვალები დაახამხამა და პირი გააღო, მშვენიერი ქალბატონი მაშინვე მოგვევლინა არა საცოდავი გიორგი ბარათელის ადვოკატად, არამედ, ბრალმდებლად და ფაქტობრივად, უაპელაციოდ დაეთანხმა კორესპონდენტის უკლებლივ ყველა შეკითხვას:…

“პისტოლეტი “თთ” ბარათელისა იყო? _ დიახ ბატონო! _ მკვლელი ბარათელია? _ დიახ, ბატონო”!

შვეიცარიიდან საგანგებოდ დამიკავშირდა აწ განსვენებული აკადემიკოსის _ გურამ შარაძის ქალიშვილი _ რუსუდან შარაძე, რომელმაც “რუსთავი-2”-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ვრცელი კომენტარები უძღვნა და გაიხსენა არაერთი ისტორია, რომელიც “ასავალ-დასავალის” მკითხველს უეჭველად დააინტერესებს.

_ რუსუდან, რას იტყვი “რუსთავი-2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტზე და რატომ მოხდა ისე, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე მაინცადამაინც ამ სიუჟეტის ჩვენებიდან მეორე დღეს გამოაცხადეს გახსნილად?

_ დიახ, გამომძიებელმა ზაალ გურგენიძემ და კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ _ მალხაზ ბოხუამ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადეს. მალე გაიმართება სასამართლო პროცესიც, რომელსაც ნახვით ვერ ნახავთ, რადგან პროცესზე კამერებისა და ფოტოაპარატების დასწრება სულ ახლახანს აიკრძალა, მაგრამ გაგებით კი ყველა გაიგებს, თუ როგორ დასჯიან “შურისმაძიებელ” “მკვლელ” გიორგი ბარათელს. მე პირადად, ეს რომ შევიტყვე დაახლოებით იგივე გრძნობა დამეუფლა, რაც მამაჩემის მკვლელობის გამგონეს. წარმოიდგინეთ, რა ტრიალებს გულში, როდესაც საკუთარ მამას მკვლელები საჯაროდ ხვრეტენ, პირველივე წუთებიდან უბინძურეს ხმებს ავრცელებენ და შენ არაფერი არ შეგიძლია. ოჯახს არასოდეს სჯეროდა, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართებოდა. ამიტომაც მივიღეთ თავდაპირველად გადაწყვეტილება უნდობლობა გამოგვეცხადებინა გამოძიებისთვის! ეს იყო პროტესტის ერთადერთი გამოხატულება. მაგრამ “ალდაგის” ფირის ნახვის შემდეგ ჩავთვალეთ, რომ ბრძოლას აზრი მიეცა, თუნდაც შიშველი ხელებით, რადგან უკვე სახეზეა ჩვენი სიმართლის დამადასტურებელი დოკუმეტი. ანუ, ფირის მიხედვით, მკვლელი, რომელიც უკან მიჰყვება გურამ შარაძეს, გიორგი ბარათელი არ არის! მაგრამ ნახეთ, სადამდე მიდის ცინიზმი, რომ გამოძიებამ არამარტო ოჯახს, არამედ, მთელ საქართველოს “დაუმტკიცა” იმის საწინააღმდეგო, რაც უკვე ყველამ საკუთარი თვალით ნახა. ამაზე დიდი უტიფრობა გაგიგონიათ? მაგრამ, ასეთმა ხერხმა გაჭრა ერთხელ და მაშინ ხალხმა გადაყლაპა. მხედველობაში მაქვს ირაკლი ბათიაშვილის მთავარი “სამხილი” _ სატელეფონო საუბარი, რომელიც სინამდვილეში საპირისპიროს ამტკიცებდა და ნორმალურ საზოგადოებაში ბრალდებულს ალიბად გამოადგებოდა. მე იურისტი არ ვარ და შეიძლება არ ვიცი, მაგრამ არ მესმის როგორ შეიძლება, რომ ერთი და იგივე ფირი იყოს მთავარი მტკიცებულება ორივე მხარისთვის?! აქ ხაზი უნდა გაესვას ჟურნალისტი გვიშიანის მიერ მომზადებულ სიუჟეტს. უცნაური დამთხვევაა, რომ საქმე “გამოძიებულად” ჩაითვალა ზუსტად ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის მეორე დღესვე. სუბიექტურობის მიუხედავად, დიდი მადლობა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ს, რომ მან “ალდაგის” ფირის ჩვენებით მთელ საქართველოს დაანახა ერთადერთი სიმართლე, რომ მკლელი არ არის გიორგი ბარათელი! ჟურნალისტმა გვიშიანმა ფირის წამობრივი აღწერილობით საბოლოოდ დაადასტურა ჩვენს მიერ “ასავალ-დასავალის” ფურცლებზე გამოქვეყნებული მასალების ჭეშმარიტება. მაგრამ ჟურნალისტს რაღაცეები “გამორჩა” და მინდა შევახსენო:

_ დააკონკრეტეთ რას გულისხმობთ.

_ მას არაფერი უთქვამს იმ მნიშვნელოვან ფაქტზე, რომ ფირი გამოშიგნულია და ამოჭრილია 400 კადრზე მეტი. ის, როგორც ჟურნალისტი ამას ადვილად უნდა მიმხვდარიყო. მან არ გაამახვილა ყურადღება საეჭვოდ გაჩერებულ მანქანაზე და იქიდან გადმოსულ პიროვნებაზე, რომელიც ადგილზე ელოდებოდა მსხვერპლს და სავარაუდოდ, მოახდინა ორი საკონტროლო გასროლა. არაფერი უთქვამს ოჯახის ვერსიაზე, რომ მკვლელობა ჩაიდინა ორმა პიროვნებამ და ფირის უხარისხობის გამო, ეს არ ჩანს. რაც შეეხება მკვლელს, რომელიც ფირზე გურამ შარაძეს უკან მიყვება, ის ბარათელი არ შეიძლება იყოს… რაც არ უნდა ამტკიცოს ჟურნალისტმა გვიშიანმა, რომ გიორგი ბარათელს იმ დროს თმა ,,შეკრეჭილი’’ ჰქონდა, შს-ს მიერ გავრცელებული კადრები ამტკიცებენ, რომ ის ამ დროს თავგადაპარსულია!

_ რუსუდან, გიორგი ბარათელის ადვოკატის _ დალი ჯაშიაშვილის და “მაესტროს” ყოფილი თანამშრომლის _ ირა მიქაბერიძის მიერ გაკეთებულ კომენტარებზე რას იტყვით?

_ გაოცებული დავრჩი, როდესაც საწინააღმდეგო მხარის მოლოდინში ხელში შემრჩნენ ბარათელის ადვოკატი ქალბატონი და მისი მეგობარი “მაესტროდან”. ბარათელის ადვოკატ ქალბატონზე, ჩემდა გასაოცრად, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას სურვილი ჰკლავს, რომ მაინცადამაინც მისი დაცვის ქვეშ მყოფი იყოს მკვლელი და ერთი სული აქვს, სანამ ამას დაამტკიცებდეს. სიუჟეტში არ ჩანს მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც დაჟინებით დაამტკიცებს, რომ მდევარი არის ბარათელი. სამაგიეროდ, სრული შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სიუჟეტი პათოსით მთლიანად ამ აზრს ემსახურება. ამას, ნაწილობრივ, ხელი შეუწყო ანონსში გასულმა პროფესიონალი იურისტის, ბატონი რევაზ ყიფიანის სიტყვებმა. მეც კი, რომელიც დაძაბული ვადევნებდი თვალ-ყურს ამ ყველაფერს, ცოტა ვერ გავიგე რას ლაპარაკობდა პატივცემული ანონსში და რას, უშუალოდ, სიუჟეტში. ერთადერთი, რაც კარგად გავიგე და რაშიც ბატონი რევაზი აბსოლუტურად გულწრფელი იყო არის ის, რომ ეს ფირი საკმარისია, რათა მოხდეს მკვლელის ბარათელთან შედარება და ამით, სიმართლის დადგენა. ეს მართლაც ასეა, მით უმეტეს, რომ გარდა იმისა, რაც ეთერში იქნა ნაჩვენები, არსებობს სხვა კადრებიც, სადაც მკვლელი უფრო კარგად ჩანს, ერთ მომენტში პროფილშიც დგება. ჩვენ ფირის ნახვისთანავე დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ ჩატარებულიყო ექსპერიმენტი, რომ მომხდარიყო ინსცენირება ბარათელის მონაწილეობით, მაგრამ ბატონებმა გურგენიძემ და ბოხუამ ეს საჭიროდ არ ჩათვალეს, რადგან ამით სიმართლე მარტივად გამჟღავნდებოდა. ჟურნალისტმა გვიშიანმა, რომელიც ესესაა შედგომია თავის პროფესიულ მოღვაწეობას, უნდა იცოდეს, რომ სხვებსაც უმუშავიათ ჟურნალისტიკაში და ცოტა რამ მათაც გაუგიათ “ჟურნალისტური ეშმაკობების” შესახებ. ვინ ვინ და გვიშიანი კარგად უნდა ხედავდეს, რომ კადრში ბარათელი არსად ჩანს, რადგან ის ბოლო წუთამდე მისი თანამშრომელი იყო და სულ მცირე, ფიზიკურად მაინც უნდა იცნობდეს მას.

_ საინტერესოა, საიდან ჩაიგდო “რუსთავი-2”-მა ეს ფირი ხელში. ამბობენ, რომ თქვენმა ოჯახმა ფირი ძალიან დიდი თანხის საფასურად მიყიდა ტელეკომპანიას, ამაზე რას იტყვით?

_ ენას ძვალი არა აქვს!.. მე მართლა მაინტერესებს, თვითონ საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა გვიშიანმა ეს ფირი, როდესაც მე, მრავალჯერ თხოვნის მიუხედავად, ერთი კადრიც არ მაღირსეს? ისიც უნდა ვთქვა, რომ როდესაც გადაცემის გასვლამდე გვიშიანს შევუთვალე, დამირეკეთ და კომენტარს გავაკეთებ-მეთქი, ასე უთქვამს _ რომ გაწყდეს ხაზიო? თბილისში რომ იყოს, რაზეა ლაპარაკიო…

პოლიტიკური მკვლელობა, სამწუხაროდ, ჩვენი ოჯახისთვის ახალი არ არის. ცხრა წლის წინ, ჩემი უფროსი ძმა _ ლაშა, მძინარე მოკლეს საკუთარ ლოგინში და მამაჩემმა _ გურამ შარაძემ, ვერაფერს მიაღწია, საქმე ადგილიდან ვერ დაძრა. რას მივაღწევთ ჩვენ მის გარეშე? დღესაც არ ვიცი რამდენად გამართლებულია გადაწყვეტილების შეცვლა, მაგრამ ნაბიჯი გადადგმულია და ჩვენ უკან აღარ დავიხევთ. იმედს მაინც ვიტოვებდი, რომ გამომძიებელი ზაალ გურგენიძე უკან არ წაიღებდა თავის არაერთხელ ნათქვამ სიტყვებს, რომ მკვლელი, რომელიც ფირზე ჩანს, არ არის გიორგი ბარათელი. უმორჩილესად ვთხოვდი მას და მალხაზ ბოხუას, გამოეძიებინათ საქმე სათანადოდ. შარაძეების ოჯახს, სხვისი “თირკმლის” ხარჯზე არასოდეს რომ არ უცხოვრია, იცის მთელმა საქართველომ. 

_ რუსუდან, აწ განსვენებულ გურამ მამულიაზე აპირებდით რაღაცის თქმას.

_ დიახ, მინდა გამოვეხმაურო “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებულ შენს წერილს, დიტო, სადაც იგონებ გურამ მამულიას ცხრა წლის წინანდელ სიტყვებს: “შარაძე მოსაკლავია, რადგან მაგ ავანტიურისტ კაცს ხალხის აყოლიება და სამცხე-ჯავახეთში ქართველების რეპატრიაციის ჩაშლა შეუძლიაო”. ჩემი აზრით, განსვენებული პროფესორის ეს სიტყვები არის ზედმიწევნითი პასუხი კითხვაზე თუ რატომ მოკლეს გურამ შარაძე. საიდუმლო გამჟღავნებულია განსვენებული გურამ მამულიას პირით! მას ისევე ბიოლოგიურად სძულდა მამაჩემი, როგორც დღეს სძულთ “ქაროსანიძეებს”. ამას კარგად ვგრძნობდი იმ მწვავე დებატებსა თუ პრეს-კონფერენციებზე, რომლებიც იმართებოდა ე.წ. “თურქი-მესხების” თემაზე და რომლებსაც არ ვაკლდებოდი. ეს იყო დაუნდობელი ბრძოლა. არ ვიცი საზოგადოებას რამდენად ახსოვს მისი სისასტიკე, მაგრამ მე ის კარგად დამამახსოვრდა, რადგან ძალაუნებურად, მთელი დაძაბულობა ოჯახის წევრების კისერზე გადადიოდა. როდესაც ბრძოლამ პიკს მიაღწია, ზუსტად მაშინ მოკლეს ჩემი ძმა _ ლაშა. აქვე უნდა მოვიგონო ერთი ამბავი, რომელიც წლების მანძილზე სულ მახსოვდა, მაგრამ ყოველთვის ვიშორებდი. ახლა კი ხშირად მეფიქრება ამაზე. ჯერ კიდევ არ გვყავდა ლაშა მიწას მიბარებული, რომ მცხეთის ქუჩაზე, ოთახში, მამას რამოდენიმე ახლობელი აზრს უზიარებდა, თუ ვის შეეძლო ჩაედინა ეს საშინელება. მეც იქ ვიყავი. პირველი წუთიდან არავინ დავობდა, რომ ლაშას მამამისისთვის ნასროლი ტყვია მოხვდა. ოჯახს ჰქონდა თავისი ვერსია. არ მახსოვს კონკრეტულად ვინ უთხრა, მაგრამ ეს სიტყვები სამუდამოდ დამამახსოვრდა: “რატომ არ შეიძლება იყოს ეს “თურქი-მესხების” ამბავი? ეს ხომ სუფთა მუსულმანური შურისძიებაა, როდესაც მამას, წასახდენად, უფროს ვაჟიშვილს უკლავენ?”. გამოთქმული იყო სხვა მოსაზრებებიც… მამას არაფერი უთქვამს. მე მეგონა, რომ ის ამაზე არ ფიქრობდა, მაგრამ ერთხელ, წლების შემდეგ, მითხრა _ ვინ იცის, იქნებ, ასეაო…

პროფესორი მამულიასგან არ გამკვირვებია, რადგან ეს ისედაც ვიცოდი. არც ქაროსანიძისგან გამკვირვებია, რადგან წლების მანძილზე წაუკითხავად ვშლიდი მის საშინელ სმს-ებს. მაგრამ, აქვე უნდა ვთქვა, რომ ამასწინათ, გამაოცა ჩემი პედაგოგის _ ბატონი გია მურღულიას საქციელმა, რომელიც 23-ე საშუალო სკოლაში ჰაგიოგრაფიას მასწავლიდა. ამას პირველად ვამბობ: ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის დაკრძალული იყო მამა, რომ ბატონ გიას, რომელიც ეხლა 24-ე სკოლის დირექტორია, კრებაზე ერთ-ერთი მასწავლებელი რომელიღაც საჭირბოროტო საკითხზე შეკამათებია, თან გურამ შარაძის დახვრეტაზე ემოციური განცხადებაც გაუკეთებია. არ გაინტერესებთ ბატონი დირექტორის პასუხი? _ “გურამ შარაძე ადრე უნდა მოგვეკლა!”-ო.

ბევრი ჩემი თანასკოლელისგან განსხვავებით, ბატონ გია მურღულიას გულწრფელად უდიდეს პატივს ვცემდი ყოველთვის. კვეხნაში ნუ ჩამომართევთ, მაგრამ მასაც ვამჩნევდი ერთგვარ პატივისცემას, როგორც ქართულში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლის მიმართ. ეს იყო ოთხმოციანი წლების ბოლოს. მოგეხსენებათ რა დროა. ბატონმა გიამ სკოლაში მოსვლისთანავე მოიხვეჭა ავტორიტეტი. ბავშვები აღმერთებდნენ მას. მაგრამ, სამწუხაროდ, მათ დიდი იმედგაცრუება მიიღეს მაშინ, როდესაც ერთხელ, ბატონმა გიამ მეგობრულად სთხოვა ერთ-ერთი უფროსი კლასის მოსწავლეებს, დაეწერათ თემა, სადაც ისაუბრებდნენ იმდროისთვის დელიკატურ საკითხებზე; ხოლო ეს ნაწერები სამუდამოდ მასთან დარჩებოდა. წარმოიდგინეთ ბავშვების გულრწფელი გაოცება, როდესაც მეორე დღეს თავიანთი “აღსარებები” კომუნისტური გაზეთის მთავარ გვერდებზე იხილეს. ამას დიდი სკანდალი მოჰყვა… სამწუხაროდ, ოცი წლის წინ ამ ამბავს არ დაგიდევდით და მოხიბლული ვიყავი უცნაური პედაგოგით, რომელიც სწორედ იმ ენით მესაუბრებოდა ღმერთზე, პლატონზე, არისტოტელესა თუ რუსთაველზე, როგორიც მხოლოდ შინ გამეგონა.

_ რუსუდან, ბრალდებები ძალიან სერიოზულია და ამავე დროს სკანდალური.…

_ გეთანხმებით, მაგრამ ეს არის სიმართლე! რატომ უნდა მოგეკლათ ბატონო გია გურამ შარაძე ან ადრე, ან საერთოდ, როდესმე? თუ თქვენს დღევანდელ “ლიბერალურ” იდეებს (ბავშვთა სექსუალურ აღზრდას ვგულისხმობ), რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან თქვენი ძველი აზრებისგან, აქვთ არსებობის უფლება, გურამ შარაძის ეროვნულ იდეებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ იგივე უფლება? მით უმეტეს, რომ ზოგიერთებისგან განსხვავებით, თქვენ კარგად იცით, რომ ეს იდეები არც გურამ შარაძეს ეკუთვნის და არც არავის, ის ხალხის, ერის საკუთრებაა და რჩეულები მას, მხოლოდ, ახმოვანებენ.… “ქაროსანიძეებო”! ხელები შორს გურამ შარაძისგან! მალე დადგება დრო, როდესაც დღეს ზეობაში მყოფი მკვლელები საბრალდებო სკამზე აღმოჩნდებიან და თქვენ შეგრცხვებათ, რადგან მწამს: ვინც ამბობს, რომ ეს არ იყო პოლიტიკური მკვლელობა და გურამ შარაძეს, დღისით-მზისით, სამი ტყვია თავში რვა წლის წინ მის შვილზე განაწყენებულმა გიორგი ბარათელმა დაახალა, ის ან ჭკუასტია, ან მტერი და ემსახურება მკვლელებს! ასეთია ჩემი რწმენა.

_ წეღან თითქმის არაფერი მიპასუხე ირა მიქაბერიძეზე,  მაესტროს” ძველ თანამშრომელზე, რომელიც სიუჟეტში პირდაპირ აცხადებს, რომ თითქოს თქვენ, შარაძეებმა, ბარათელი შვეიცარიაში ფილმის გადასაღებად წაიყვანეთ, ფული არ მიეცით, გაამწარეთ და “დაიკიდეთ”,…_ ამაზე რას იტყვი?

_ მეგობარო “მაესტროდან”! ოდესღაც უდანაშაულო ბარათელი გამოვა ციხიდან და თქვენ მას თვალებში უნდა შეხედოთ. რაც შეეხება იმას, რომ  ჩვენ ბარათელი “დავიკიდეთ”: ჯერ ერთი, ვინ “ჩვენ”? მას, გარკვეული დროის განმავლობაში შეხება ჰქონდა ჩემს ძმასთან _ გიორგისთან, ისიც სამსახურეობრივი თვალსაზრისით. ჩემი ძმა ასაკით პატარასა და გაჭირვებაში მყოფ ბარათელს ხელს უმართავდა ხოლმე, იქნებოდა ეს ოპერატორობის შესწავლა, დასაქმება თუ სხვა რამ სიკეთე. ცოტა უხერხულია ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ითქვას სიმართლე! თუ ვალიანობაზეა საუბარი, აქ ვინმეს ვალი მხოლოდ და მხოლოდ, ბარათელს შეიძლება ჰქონდეს. სხვა რომ არა, ის ბოლო წუთამდე იმ პროფესიით არსებობდა, რომელიც გიორგი შარაძემ შეასწავლა და თუ როგორ შეასწავლა, მეგობარს “მაესტროდან” ვურჩევ, გაიკითხოს თავის კოლეგებში.   

გიორგი ბარათელს ჩემს მშობლებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ისინი მას ფიზიკურადაც არ იცნობდნენ. მე მინახავს ძალიან ბევრჯერ სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ტელევიზიებში. გიორგი ბარათელმა, შვეიცარიიდან თბილისში რომ უნდა დაბრუნებულიყო, წინა დღით, მაღაზიაში ჩაიდინა ქურდობა და დააკავეს. ასე დარჩა ბარათელი შვეიცარიაში. პროფესიონალმა ოპერატორმა ბარათელმა შესანიშნავად იცოდა, რომ მაღაზიაში, სადაც იქურდა, ვიდეო-თვალი იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ ჩემს ძმასაც არაერთხელ ჰქონდა ადრე მითითებული. თავიდანვე ცხადი იყო, რომ მან ეს შეგნებულად გააკეთა, რათა დარჩენილიყო საზღვარგარეთ. ეს ასე გაიგეს მაშინ თბილისშიც და დღემდე ყველამ ასე იცის. რა უნდა წყენოდა? რა შუაშია წყენა? და თუ რაიმე ეწყინა, ამიტომ მაღაზია უნდა გაექურდა თუ იქვე უნდა გაერკვია ურთიერთობა? მით უმეტეს, მიზეზს თუ ეძებდა ციხეში ჩასაჯდომად და არ აძრწუნებდა ამაზე ფიქრი? გულწრფელად დამწუხრებული ჩემი ძმა მარტო დაბრუნდა თბილისში. შემდეგ მან საქართველოს მაშინდელი კონსულის მეშვეობით სცადა ამბის გაგება და დახმარება, მაგრამ რას გააწყობდნენ შვეცარიელ სამართალდამცავებთან… მახსოვს, ჩემი ძმა დიდხანს დარდობდა, “საწყალი გიო, ეს რა ქნაო” _ გაოცებული იყო. თუ “დაკიდებაში” იგულისხმება ის, რომ დეპორტაციის შემდეგ “ჩვენ” ბარათელი უნდა მოგვეძებნა და გაგვეგრძელებინა მასზე ზრუნვა, მაშინ ძალიან ცდება მეგობარი. 

_ რუსუდან, სულ მაინტერესებს და იქნებ თქვენ ამიხსნათ, რატომ მოკლეს გურამ შარაძე მაინცადამაინც ვიდეოკამერების წინ?

_ აზრს დავამთავრებ და ახლავე გეტყვით. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამის შემდეგ გიორგი შარაძეს და გიორგი ბარათელს ერთმანეთი თვალით აღარ უნახავთ. ამაზე გამოძიება არც დავობს და მე სულ მიკვირდა ეს. უფრო დამაჯერებელი არ იქნებოდა, რომ იგივე “წარმატებით” დაემტკიცებინათ, თითქოს, მათ ახლახანს მოსვლოდათ რაიმე უსიამოვნება? დამეთანხმებით, არც ეს იქნებოდა მათთვის რთული. მაგრამ, დაუკვირდით, რამხელა ვერაგობაა ამ ყველაფერში ჩადებული. მკვლელობის შემკვეთებს ჰაერივით სჭირდებოდათ “მკვლელობის ფაქტის დადასტურება” (მალხაზ ბოხუას სიტყვებია), რადგან გურამ შარაძის დახვრეტა ხალხში, ბუნებრივია, გამოიწვევდა საფუძვლიან ეჭვებს და სამართლიან პროტესტს. მერე რა, რომ თეთრზე იტყოდნენ შავიაო? რამდენჯერ უთქვამთ? ჩანაფიქრისთვის ბარათელის პიროვნება ზედმიწევნით შესაფერისი აღმოჩნდა _ მისთვის ციხე უცხო არ არის, და რაც მთავარია, მას ხომ ერთხელ უკვე აქვს ჩადენილი დანაშაული, სწორედ, ვიდეო-თვალის წინ! მერე რა, რომ გიორგი შარაძე რვა წელია თვალით არ უნახავს, პირიქით, ხალხს გამუდმებით, სწორედ, ის “ბურუსით მოცული” შვეიცარიული დრო უნდა ახსოვდეს, როდესაც ბარათელი კამერების წინ დანაშაულს სჩადის და ფსიქოლოგიურად, მასზე ეს არ მოქმედებს! საინტერესო სახეა _ პროფესიონალი ოპერატორი გიორგი ბარათელი _ კრიმინალი ერთი ხელწერით,…მაგრამ ღმერთი უბნევს უღირს ადამიანებს გონებას. ცნობილია, რომ ყველაზე გამოცდილი მკვლელიც უშვებს ერთ გამოუსწორებელ შეცდომას მაინც. სხვაგვარად, დეტექტივი არ იარსებებდა. ახლა, თქვენ წარმოიდგინეთ, არაერთი შავ-ბნელი საქმის ჩამდენი და დაუსჯელობით გალაღებული მკვლელი რას იზამს. 

_ ამათ რა შეცდომა დაუშვეს, რუსუდან?

_ მივმართავ მკვლელებს: თქვენ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვით, როდესაც გურამ შარაძე ვიდეო-კამერებისა და ათეულობით მოწმის თვალწინ დახვრიტეთ იმისათვის, რომ ხელთ გქონოდათ “მკვლელობის ფაქტის დადასტურება”! თბილისი იმაზე პატარაა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. თქვენ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვით, როდესაც ეს ფირი ოჯახს ანახეთ მანამ, სანამ მას ჟურნალისტი გვიშიანი “დამაბნეველად” გაუშვებდა ეთერში, რადგან საზოგადოება უკვე წინასწარ იყო მომზადებული და დაახლოებით იცოდა რა უნდა ენახა. უკიდურეს შემთხვევაში, ჟურნალისტ გვიშიანს ეს მაშინ უნდა ეთავა, როდესაც სასამართლო პროცესს გაუთავებლად გააჭიანურებდით და ამასობაში, გურამ შარაძეს ათას ტალახს ესროდით! 

მივმართავ საწყალ გიორგი ბარათელს: გიო! ისევ უადვოკატობა და მარტოსულობა გერჩივნოს ასეთ “ადვოკატებსა” და “მეგობრებს”! ვიცი, ძალიან ძნელია ის ტანჯვა-წამება, რომელშიც დარწმუნებული ვარ, იმყოფები, მაგრამ, იქნებ, გაუძლო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს საშინელი ტვირთი მოგაშოროთ. ჩვენ ვიცით, რომ შენ უდანაშაულო ხარ!

ბოლოთქმა:

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოფიციალური ვერსიით, გურამ შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი დღემდე დუმილის უფლებას იყენებს, რაც იურისტთა ენაზე ნიშნავს, რომ ბარათელი თავს დამნაშავედ არ სცნობს.

საინტერესოა, როგორ აპირებს ხელისუფლება დადუმებული გიორგი ბარათელის ალაპარაკებას და სასამართლო პროცესის გამართვას!.. იქნებ, ქართული მართლმსაჯულებაც ბარათელივით უნდა დამუნჯდეს.…

კაცმა რომ თქვას, მხოლოდ, ასეთ შემთხვევაში თუ გამონახავენ საერთო ენას მსაჯული და განსასჯელი.…

 დიტო ჩუბინიძე

“ასავალ-დასავალი”, 13-19 აგვისტო, 2007

 

 

“ბარათელის აღიარება ჯერაც არ არსებობს”

“არსებობს ტექნიკური საშუალებები, რომლითაც შეიძლება ფირის უკეთ გაშიფვრა”

 რატომ აღარ ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი?

 

პროფესორ გურამ შარაძის მკვლელობის კადრები, რომელიც “ალდაგის” ვიდეოთვალმა შემთხვევით აღბეჭდა, ახლახან საზოგადოებამ იხილა. იგი საკმაოდ უხარისხოა, მკვლელის გამოსახულება მკრთალად ჩანს, მაგრამ მისი ამოცნობის მინიმალურ შესაძლებლობას მაინც იძლევა. ეს კადრები გამოძიებისთვის მართლაც “ოქროს გასაღებს” წარმოადგენს.

მკვლელი ნამდვილად ბარათელია თუ არა, ამის თაობაზე მოსაზრება ორად გაიყო. შსს-ს კრიმინალური პოლიციის გამომძიებელმა დააკმაყოფილა გურამ შარაძის ოჯახისა და ადვოკატის მოთხოვნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების თაობაზე. კერძოდ, უნდა მომხდარიყო მკვლელობის ინსცენირება ბარათელის მონაწილეობით, ეს “ალდაგის’’ იმავე ვიდეოთვალს გადაეღო და ბოლოს, მომხდარიყო ორივე ფირის ერთმანეთთან შედარება. ალბათ, ეს ყოველგვარ ეჭვს გააქარწყლებდა და მკვლელობის მოტივიც ბუნდოვანი აღარ იქნებოდა, მაგრამ ექსპერიმენტი მაინც არ შედგა. ზემოხსენებული კადრების გავრცელების შემდეგ პროკურატურამ შსს-ს კრიმინალურ პოლიციას შარაძის საქმე ჩამოართვა და საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა. ამას დაზარალებული ოჯახის უკმაყოფილება მოჰყვა.

ნინო ნიშნიანიძე, გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატი:

_ მას შემდეგ, რაც ტელევიზიამ “ალდაგის” ვიდეო-თვალით გადაღებული კადრები აჩვენა, ზაალ გურგენიძეს დავუკავშირდი. სწორედ მან დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების თაობაზე. მიპასუხა, საქმე ჩემთან აღარ არის, პროკურატურამ სასამართლოს გადაუგზავნაო. ამ ფირის გამოჩენამ იმედი მოგვცა, რომ რამე გაირკვეოდა, ახლა კი ყველაფერს ხაზი გადაესვა. მკვლელის იდენტიფიცირების მიზნით სხვადასხვა ექსპერტიზაც უნდა ჩატარებულიყო. არც ერთი არ ჩატარებულა. ვიდეო-თვალით დაფიქსირებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ მკვლელი ბარათელი არ არის, მაგრამ ეს აზრი მაინც მტკიცებულებებით უნდა იქნეს გამყარებული. ვერ გამიგია, ასე ხელაღებით საქმე როგორ დაასრულეს. ოფიციალური ინფორმაციით, საქმეში აღიარება არ არსებობს. ბარათელი დუმილის უფლებით სარგებლობს.

_ შარაძის მკვლელობის დღეს, როცა ბარათელი დააკავეს, პატრულმა თქვა, მან დანაშაული აღიარაო…

_ ჰო, მაგრამ საქმეში არ არის აღიარება. ბარათელის ადვოკატი დალი ჯაფიაშვილიც ამასვე ამბობს.

_ ადვოკატი ჯაფიაშვილი იმასაც ამბობს, რომ მკვლელობის იარაღი _ “ტეტეს” პისტოლეტი ბარათელს ეკუთვნის…

_ ეს ჩემთვის მოულოდნელობა იყო. გავოცდი, როცა შევიტყვე, რომ თურმე, “ტეტეს” პისტოლეტი ბარათელს მკვლელობამდე ორი თვით ადრე შეუძენია. კანონით, ნასამართლევ პირს არა აქვს იარაღის შეძენის უფლება. ასე რომ, აქაც ბევრი კითხვა ჩნდება. უნდა გამოიძიონ, როგორ აღმოჩნდა იარაღი ბარათელის ხელთ, ვინ მიჰყიდა და სხვ.

_ გურამ შარაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაში თუ წერია, რომ მკვლელობის იარაღად “ტეტე” გამოიყენეს?

_ დიახ, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გურამ შარაძეს უკანა ჭრილობა “ტეტეს” პისტოლეტით ჰქონდა მიყენებული…

სხვათა შორის, ვიდეო-თვალის მიერ გადაღებული ამ მკვლელობის ამსახველი ორი ფირი არსებობს. აქედან მხოლოდ ერთ-ერთი აჩვენეს საზოგადოებას. ეს ორი ფირი ერთმანეთს ავსებდა და რაც მთავარია, იყო მკვლელის გარეგნობის ამსახველი უკეთესი კადრიც, რომელიც ტელევიზიას არ მიაწოდეს.

“კვირის პალიტრა” გიორგი ბარათელის მამის დეიდაშვილს, სოსო სიგუას დაუკავშირდა.

სოსო სიგუა: “გამოსახულება მკრთალი და ბუნდოვანი იყო, აღქმა ძალიან გამიჭირდა, თანაც ძირითადად, მკვლელი ზურგიდან ჩანდა, იგი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ბარათელი. საინტერესო ის არის, რომ კადრში “ბარათელის” გვერდით შემთხვევითი მგზავრი _ ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა. ის გაოცებული აკვირდებოდა “ბარათელს”, როცა ამ უკანასკნელმა იარაღი ამოიღო. მერე ახალგაზრდა კაცმა თავი მოაბრუნა და მისი სახე ნათლად გამოჩნდა. ის და მკვლელი თითქმის გვერდიგვერდ იდგნენ. ძალიან მიკვირს, რომ მკვლელის სახე ამ კადრში ისევ მკრთალი და ბუნდოვანია, იმ ახალგაზრდა კაცისა კი ისეთი მკვეთრი, ქუჩაში რომ შემხვდეს, კიდეც ვიცნობ. სხვათა შორის, იგი ნამდვილად მნიშვნელოვანი მოწმეა, კარგი იქნებოდა, თუ დაჰკითხავდნენ”.

იმის გასარკვევად, რატომ არ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, “კვირის პალიტრა” გამომძიებელ ზაალ გურგენიძესაც დაუკავშირდა.

ზაალ გურგენიძე: “ჩვენ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების თაობაზე დაზარალებული ოჯახის ადვოკატის შუამდგომლობა დავაკმაყოფილეთ, მაგრამ ახლა საქმე უკვე სასამართლოშია. ექსპერიმენტი აღარ ჩატარდა… უკვე დადგენილია ყველაფერი და ამიტომ შესაძლოა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე უარი უთხრან. მეტს ვერაფერს გეტყვით’’ (ტელეფონი გაითიშა).

რა შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ისეთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელსაც შარაძის ოჯახი ითხოვს და რა შეიძლება გახდეს უარის მიზეზი? _ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად კომენტარი ყოფილ გენერალურ პროკურორსა და ამჟამინდელ პარლამენტარს გია მეფარიშვილს ვთხოვეთ.

გია მეფარიშვილი: “ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მტკიცებულებები ფიგურირებს საქმეში. საზოგადოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტი არსებული შედეგის გადამოწმების მიზნით ტარდება. ამ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტი კი არ არის მთავარი, არამედ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, არის თუ არა ექსპერიმენტის ჩატარების საჭიროება. ჩვენ გვაქვს ტექნიკური საშუალებები, რომელთა წყალობითაც შეიძლება ფირის გაშიფვრა, ხარვეზების აღმოფხვრა და გამოსახულების უფრო გამკვეთრება”.

P.S. ასე რომ, არ არის გამორიცხული, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი და სკანდალური დეტალები ისევ აღმოჩნდეს. შესაძლოა, ამ საქმის სასამართლო განხილვას პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია მოჰყვეს.

 ეკა ასათიანი

“კვირის პალიტრა”, 13-19 აგვისტო, 2007

  

 

რატომ გადააგზავნეს შარაძის მკვლელობის საქმე სასწრაფოდ სასამართლოში

 

გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს. პროცესის ჩანიშვნის თარიღი გურამ შარაძის ოჯახისა და ადვოკატისთვის ჯერ არ უცნობებიათ.

იმაზე, ჩატარდა თუ არა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოხდა თუ არა იმ მანქანის ამოცნობა, რომელიც მკვლელობის დასრულებამდე მელიქიშვილის 18-თან იდგა და გააცნეს თუ არა გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატს სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაგზავნამდე, ,,რეზონასს” გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგის” ვიდეოთვალის მიერ გადაღებული ფირის ნახვის შემდეგ, გურამ შარაძის ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა, რომელშიც მკვლელობის ადგილზე გიორგი ბარათელის მიყვანას, საგამოძიებო ექსპერიმენტის  ჩატარებას და ამ პროცესის იმავე ვიდეოთვალის მეშვეობით გადაღებას ითხოვდა, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო ფირების შეჯერება და გიორგი ბარათელთან იმ პიროვნების იდენტიფიცირება, რომელიც ფირზე გურამ შარაძეს უკან მიჰყვება.

ამასთან, გურამ შარაძის ოჯახი და ადვოკატი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას მასმედიის საშუალებების თანდასწრებით კატეგორიულად ითხოვდნენ.

შუამდგომლობაში დაყენებული მეორე მოთხოვნა, გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატის განმარტებით, იმ მანქანის ამოცნობას ეხებოდა, რომელმაც მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე უნივერსიტეტის მხრიდან, მესამე რიგში, მელიქიშვილის მიმართულებით ღერძულა ხაზი კანონის საწინააღმდეგოდ გადაკვეთა და მელიქიშვილის 18-თან (იქ სადაც მანქანების გაჩერება კანონით აკრძალულია) 4 წუთზე მეტ ხანს, გურამ შარაძის მკვლელობის დასრულებამდე იდგა.

12 ივლისს შუამდგომლობის განხილვის შედეგების შესახებ დადგენილება გამოვიდა, სადაც აღნიშნულია, რომ გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატის შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია.

,,რეზონანსი”: ჩატარდა თუ არა საგამოძიებო ექსპერიმენტი გურამ შარაძის მკვლელობის ადგილას?

ნინო ნიშნიანიძე: საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ჩატარებულა, ანუ, ჩვენი შუამდგომლობა ფორმალური თვალსაზრისით დაკმაყოფილდა. არც ერთი მოქმედება არ ჩატარებულა, არ არის გამოკვლეული ფირზე ნანახი რამდენიმე კაცი, რომელთაც შეუძლიათ უტყუარად დაადასტურონ, რა მოხდა სინამდვილეში. საქმეში ჩნდება ,,ტე-ტე”-ს ტიპის იარაღი, რომლის წარმოშობის წყარო დაუდგენელია და თუ არ ვცდები, გაყიდვაში ასე აქტიურად აღარც არის. ყოველ შემთხვევაში, ნასამართლევ პირს იარაღის ყიდვის უფლება არ აქვს. იარაღის შეძენის მსურველ ადამიანს უბნის ინსპექტორის დახასიათება უნდა ჰქონდეს; იარაღის გაყიდვა, მხოლოდ, ამ შემთხვევაში შეიძლება. საქმეში უცებ ჩნდება, რომ ე.წ. ბრალდებულს ნაყიდი აქვს ,,ტე-ტე”-ს ტიპის იარაღი.

_ ანუ ბარათელს?

_ დიახ და ეს ჩემთვის სიახლეა. შუამდგომლობაში ვითხოვდით, გამოკვლეულიყო მანქანა, რომელიც 4 წუთისა და 8 წამის განმავლობაში მკვლელობისა და შემთხვევის ადგილზე იდგა. ვიმეორებ, შუამდგომლობაში დაყენებული ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაგრამ არაფერი შესრულდა.

_ ახლა რას აპირებთ, როგორ იქცევიან ხოლმე ასეთ შემთხვევაში?

_ ამ შუამდგომლობებს სასამართლოში ხელახლა გავიმეორებთ და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება.

_ გაეცანით თუ არა საქმის მასალებს სასამართლოში გადაგზავნამდე?

_ სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მომეცა. 3 აგვისტოს გამომძიებელთან შეთანხმებული ვიყავი, რომ 6 აგვისტოს საქმეს გავეცნობოდი, მაგრამ ამის სანაცვლოდ, სრულიად მოულოდნელად, სისხლის სამართლის საქმე დამთავრდა და სასამართლოში განსახილველად გადაიგზავნა.

_ შეიცვალა რაიმე მას შემდეგ გიორგი ბარათელთან მიმართებაში, რაც ,,ალდაგის” ვიდეოთვალის მიერ გადაღებული გურამ შარაძის მკვლელობის კადრები ნახეთ და ტელევიზიის საშუალებით საზოგადოებასაც მიეცა მისი ნახვის საშუალება?

_ ყველა დარწმუნდა, რომ ფირზე ნაჩვენები პიროვნება და ბარათელი ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუსაბამონი არიან, მაგრამ სამწუხაროდ, ბარათელის მხრიდან ამაზე პროტესტს არავინ გამოთქვამს და მე ეს ძალიან მაწუხებს. ასე რომ, საქმე გვაქვს ორგანიზებულ პროცესთან.

 ნინო მიქიაშვილი

 ,,რეზონანსი’’, 17 აგვისტო, 2007

 

 

 ,,ასის წლის შემდეგ’’

რა დანაპირები ვერ შეუსრულა გურამ შარაძემ საქართველოს!

 

სულ რაღაც სამი-ოთხი დღე და ეს აგვისტოც მალე გათავდება, აგვისტო, რომელიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას ბედისწერასავით ასდევნებია თავისი კენტი და ლუწი თარიღებით… აგვისტოში იზეიმა საქართველომ ყველაზე დიდი გამარჯვება _ დიდგორი და სწორედ აგვისტოში დაიწყო აფხაზეთის სისხლიანი ომი, რომელიც ყველა დროის უპირველესმა მოღალატეებმა და ავანტიურისტებმა თავიანთი სამშობლოს წინააღმდეგ გააჩაღეს!.. აგვისტოში იფეთქა 1924 წლის აჯანყებამ, ქართველმა ბოლშევიკებმა სისხლში რომ ჩაახშვეს და იური იანაევის მეთაურობით 1991 წლის 19 აგვისტოს შეიქმნა მოსკოვური ,,გკჩპ’’ _ რუს პუტჩისტთა სამხედრო ხუნტა, რომელმაც საქართველოს დამაქცევარი ხუნტისტები მალევე შვა… 1907 წლის 30 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე მოკლეს წიწამურთან და ზუსტად ასი წელი გვაშორებს ამ საბედისწერო თარიღს…

,,ასის წლის წინათ’’ _ წერდა თავის დროზე ილია, საქართველოში რუსეთის იმპერიის შემოსვლის მნიშვნელობაზე რომ ესაუბრებოდა ქართველ ხალხს და დღეს, ასი წლის შემდეგ, როცა არათუ რუსეთი, არამედ მსოფლიოს უკლებლივ ყველა იმპერია და მაჩანჩალა სახელმწიფო ჩემს სამშობლოში შემოჭრილა და დაფუძნებულა, ილიას დროინდელი საქართველოს ტკბილი ზმანება ცხადსა თუ სიზმარში არ მშორდება!…

საისტორიო წიგნებში ბუკლეტებსა თუ ცნობარებში დღემდე ჯიუტად მიუთითებენ, რომ ილია 12 სექტემბერს მოკლეს, რომ 30 აგვისტო, მისი მკვლელობის ნამდვილი დღე, თურმე ,,ძველი სტილია’’ და ამდენად, საჭიროა ,,ახალი სტილითაც’’ გამოვასალმოთ სიცოცხლეს საქართველოს უგვირგვინო მეფე.

როგორც დიდგორის ომში გამარჯვების თარიღია ერთადერთი და მთელმა ქვეყანამ იცის, რომ 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველებმა დავით აღმაშენებლის მეთაურობით მსოფლიოს ,,ძლევაი საკვირველი’’ უჩვენეს, წიწამურთან ჩვენი დაცემის თარიღიც ერთი უნდა იყოს და ილიას მკვლელობიდან ასი წლის შემდეგ მაინც შევფიცოთ ერთმანეთს, რომ მეორეჯერ _ 12 სექტემბერს აღარასოდეს მოვკლავთ საქართველოს სინდის-ნამუსს!

12 სექტემბერი კიდევ სხვა ტკივილია და თუკი უბედურების აწონვა შესაძლებელია, 1795 წლის 12 სექტემბერს უფრო დიდი საშინელება ტრიალებდა საქართველოში, ვიდრე ილიას მკვლელობა იყო!..

დიახ, 1795 წლის 12 სექტემბერს საჭურისი აღა-მაჰმად-ხანი სოღანლუღთან იდგა და საქართველოდან გასაქცევად ემზადებოდა, როცა ბუჩქებში მოსაშარდათ ქალივით ჩაცუცქულს ხელქვეითებმა მოენეების მოსვლა ამცნეს. ირანის შაჰმა სასწრაფოდ მიიღო მოულოდნელი სტუმრები, რომლებიც თბილისელი სომხები _ არღუთინსკი და არარატიანცი აღმოჩნდენენ. სწორედ მათ მიახარეს მრისხანე და ულმობელ საჭურისს _ ერეკლეს მეზარბაზენი არ ჰყავს, ქალაქი დაუცველია და თბილისს შეუტიეო!..

იმ დღიდან საქართველოს ისტორია რუსეთის უზარმაზარი იმპერიის ჩრდილქვეშ იწერება…

ილია იმიტომ კი არ იყო ზეკაცი, რომ ,,ოთარაანთ ქვრივი’’ ან ,,კაცია ადამიანი?!’’ დაწერა, ქართველი ერის ისტორიაში ილია პირველი ლიდერი და წინამძღოლია, რომელმაც რუსეთის იმპერისთან ბრძოლაში სწორი სტრატეგია შეიმუშავა და საქართველოს გადარჩენის საქმეში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით, საადგილმამულო ბანკით, თეატრალური საზოგადოებით, ,,ივერიითა’’ და ,,საქართველოს მოამბით’’ უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ალექსანდრე ბატონიშვილმა, 1832 წლის შეთქმულების უკლებლივ ყველა მონაწილემ ან ნებისმიერმა იმ თოფიანმა ქართველმა, რომელსაც რუსეთის ჩექმის სიმყრალემ ხელში იარაღი ააღებინა.

ილია ჭავჭავაძე მიხვდა, რომ რუსეთი, რომელიც მართლმადიდებლობის დროშითა და მოყვასის ნიღბით შემოვიდა საქართველოში, არც ირანი იყო და არც ოსმალეთი, რომელთა საუკეთესო არმიები ხშირად მეშის ბურთივით აუგდიათ ჰაერში გაგიჟებულ ქართველებს.

ილია გრძნობდა რუსეთის სიდიადესა და დაცემას, მაგრამ ყველაზე უფრო კარგად იმას ხედავდა, რომ უზარმაზარი იმპერიიდან თავის დაღწევის მიზნით შეიარაღებული ქართველების ხუნცული შესაძლოა, სავალალო შედეგებით დამთავრებულიყო.

საქართველოს ჭეშმარიტად უგვირგვინო მეფემ ლელთღუნიას ათქმევინა _ ,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!..’’ და რიგით მოხევეს ამ სიტყვებით დაახატვინა თავისუფლების მიწიერი ფორმულა.

ილიას რომ დასცლოდა, მაჰათმა განდის მსგავსად, აქტიური, მაგრამ მშვიდობიანი წინააღმდეგობით აუცილებლად  გაათავისუფლებდა საქართველოს და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ზეკაცი ილია ჭავჭავაძე უფრო დაიცავდა, ვიდრე დაწყევლილი სოციალ-დემოკრატია, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს იძულებით გამოაცხადა საქართველოს თავისუფლება.

სხვათაშორის, საქართველოს ეროვნული მოძრაობის წარმატება ხალხის უსაზღვრო აქტიურობასთან ერთად იმანაც განსაზღვრა, რომ ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ოთხმოციანი წლების მიწურულს, სწორედ ილიას დროშა ააფრიალეს რუსთაველის პროსპექტზე!..

ვიდრე ქართველი ერი აქტიური, მაგრამ მშვიდობიანი წინააღმდეგობით აპროტესტებდა რუსეთის იმპერიის აღვირახსნილობას საქართველოში და თავისუფლებას ითხოვდა, საქართველო იმარჯვებდა. მაგალითად, უიარაღო საქართველომ 9 აპრილის ღამეს გაიმარჯვა და სისხლიან იმპერიას კაცობრიობის წინაშე მშვიდობის მტრედის ნიღაბი ჩამოხადა, მაგრამ როგორც კი საქართველომ იარაღი აისხა, აფხაზეთში რუსეთმა სასაკლაო მოგვიწყო!..

ზუსტად ერთი წლის წინ დავწერე და ახლაც გავიხსენებ ერთ საინტერესო დეტალს იმ საშინელი ქრონიკიდან, როცა წიწამურთან ილია გამოასალმეს სიცოცხლეს!..

იმ დღეს, თბილისიდან ეტლით მომავალ ილიასა და მის მეუღლეს _ ოლღა გურამიშვილს მოურავი _ დიმიტრი ჯაში წყაროსთან უნდა დახვედროდა სტრაჟნიკთან ერთად. დილის 10 საათი სრულდებოდა, მაგრამ ჯაში საგურამოდან ფეხს არ იცვლიდა… პირიქით, კაკლის ხეზე ამძვრალიყო და წიწამურისკენ იცქირებოდა სმენადგაკრეფილი _ თოფის გასროლის ხმას ელოდა!.. ბერდენკამაც მალე დაიქუხა და ჯაშიც კმაყოფილი ჩამოხტა ხიდან, რაკი წიწამურთან ილია მოეკლათ!..

ამ ამბის გახსენებით იმის თქმა მინდა, ძვირფასო მკითხველო,  რომ დიმიტრი ჯაშის მსგავსად მავანი და მავანი სუნთქვაშეკრული ელოდა გურამ შარაძის სიკვდილს, სიკვდილს იმ კაცისას, ვინც ილიას ცხოვრების, მოღვაწეობის და შემოქმედების კვლევას მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე მიუძღვნა.

დღეს რომ ბატონი გურამი ცოცხალი ყოფილიყო, ,,ასავალ-დასავალის’’ ამავე ნომერში აუცილებლად გამოქვეყნდებოდა მისი ინტერვიუ და დარწმუნებული ვარ, აკადემიკოსი უსათუოდ შეასრულებდა იმ პირობას, რომელიც ჩემთან საუბრისას მთელი საქართველოს გასაგონად დადო _ ,,მე გავაცოცხლებ ილიას უკანასკნელ მაჯისცემას’’!

გურამ შარაძემ სწორედ, ჩვენი გაზეთის საშუალებით გამოაცხადა 2007 წელი ილიას წლად, რადგან ეს წელი ორ მრგვალ თარიღს აერთიენებს ¬_ ილიას დაბადებიდან 170 და მკვლელობიდან 100 წელს.

მოკლეს გურამ შარაძე და ილია ჭავჭავაძეზე არც არავინ ლაპარაკობს…… კაცი არ ჩანს, ვინც ამ დაბეჩავებულ საზოგადოებას შეჰყვირებს და გამოაფხიზლებს… ახლა საქართველოში რამდენიმე  ათეული ყვითელმაისურიანი ახალგაზრდა გაჰყვირის მხოლოდ და ისიც ჩვენთვის გაუგებარ ენაზე _ ,,კოკოითი ფანდარასტ!’’.

ილიას მკვლელობიდან ,,ასის წლის შემდეგ’’ საქართველოს მდგომარეობა ერთი-ორად დამძიმებულია _ ქვეყანამ ამ ხნის განმავლობაში ტერიტორიების ნახევარზე მეტი დათმო, ქართველობა შემცირდა, ხიზნად, ემიგრანტად, დევნილად იქცა…

ილიასეულ წმიდათაწმინდა მაქსიმას _ ,,მამულს, ენასა და სარწმუნოებას’’ დღევანდელმა საქართველომ სატანური ტრიადა ,,დოლარი, წამალი, ბორდელი’’ დაუპირისპირა, რასაც შედეგიც სატანური მოჰყვა და საქართველოში 300 ათასი ნარკომანი, უამრავი წამალი და კიდევ უფრო მეტი მეძავი ერთმანეთშია არეული…

როცა ილია ჭავჭავაძემ ,,ბედნიერი ერი’’ დაწერა, საქართველო ასე დაცემული და გაუბედურებული ჯერ კიდევ არ იყო!..

საინტერესოა, დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, რას ეტყოდა საქართველოს უგვირგვინო მეფე ქართველ ხალხს…

ნებისმიერ შემთხვევაში, საუბარს, ალბათ, ძველებურად დაიწყებდა ზეკაცი და გაოგნებული იკითხავდა _ ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ’’?

დიტო ჩუბინიძე
,,ასავალ-დასავალი’’, 27 აგვისტო _ 2 სექტემბერი, 2007

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s