“უხერხული კითხვები”

 

•  “უხერხული კითხვები”,  “ალია”, #101, 24-26 აგვისტო, 1996
• “როგორ, მარჯვენათი ილია ჭავჭავაძის მონოგრაფიას ვწერდი და მარცხენათი “კგბ”-ს “დანოსებს”? (გაგრძელება) ,,ალია”, #102, 27-28 აგვისტო, 1996
• “ქალებთან კონფლიქტი უღირსი მამაკაცების საქმეა!” (დასასრული), “ალია”, #103, 29-30 აგვისტო, 1996

 

*** 

“უხერხული კითხვები”

  

გურამ შარაძე – ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე. უკანასკნელ ხანებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მისი მრავალრიცხოვანი გამოსვლის შემდეგ ჩვენს საზოგადოებას მრავალი უხერხული კითხვა გაუჩნდა.

– შემოდგომაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩატარდება. საარჩევნო კანონით თქვენ უფლება გაქვთ კენჭი იყაროთ, მიიღებთ თუ არა მასში მონაწილეობას?

– წლეულს, 22 სექტემბერს აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებია დანიშნული. საარჩევნო კანონით კენჭისყრის უფლება მართლაც მაქვს, მაგრამ დროის ეფექტურად განაწილების მიზნით გადავწყვიტე, არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ჩვენი ფრაქციის, “აღორძინებისა”, და არც მოქალაქეთა კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციიდან პარლამენტში წევრები კენჭს არ იყრიან.

– დღეს ხშირად იმეორებენ, რომ 5 ნოემბრის არჩევნები აჭარაში დარღვევით ჩატარდა, ადგილი ჰქონდა შედეგების გაყალბებას. ხომ არ არის იგივე საშიშროება ახლაც?

– თქვენს კითხვაში კორექტივს შევიტან – არც მაშინ მომხდარა მსგავსი რამ და არც ამ არჩევნებში იქნება.

– დღეს, თქვენი სახელი მჭიდროდ უკავშირდება აჭარასა და მის ლიდერს, ასლან აბაშიძეს. როგორც ვიცი, თქვენ ბათუმელი არ ბრძანდებით, რატომ იყარეთ კენჭი “აღორძინების” სიით და საერთოდ, როგორ მოხვდით ასლან აბაშიძესთან?

– ეს ასლან აბაშიძის ინიციატივა იყო. მე გურიაში, ოზურგეთში დავიბადე, მართალია, ბათუმელი არა ვარ, მაგრამ ჩემი ცხოვრების, ახალგაზრდობის საუკეთესო წლები ამ ქალაქს უკავშირდება. მერეც ხშირად ჩავდიოდი იქ – უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი, რამდენჯერმე სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, მუზეუმში საარქივო მასალებზე ვმუშაობდი. ასე რომ, ბათუმი ჩემთვის ძალიან ახლობელია. როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომის შავი ღრუბლები ჩამოწვა, თბილისსა და რეგიონებს შორის სიტუაცია დაიძაბა. დაინგრა თბილისი, დავკარგეთ სამაჩაბლო და აფხაზეთი, დავარბიეთ და შეურაცხვყავით სამეგრელო, გავძარცვეთ გურია, ქართლი, კახეთი და იმერეთი, ეს საშიშროება აჭარასაც დაემუქრა. ის ძალები ცდილობდნენ, იქაც იგივე დაეტრიალებინათ. მაშინ ასლან აბაშიძის გვერდით დავდექი. მინდოდა, აჭარაში გამეკეთებინა ის, რაც ვერ შევძელი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, ან სხვაგან.

– თქვენ ივანე მაჩაბლის საზოგადოების თავმჯდომარე ბრძანდებოდით. ამბობენ, რომ საზოგადოებამ პრეზიდიუმის წევრად აგირჩიათ, ხოლო თავმჯდომარედ თავი თვითონ დაინიშნეთ…

– ეს უსათუოდ დაინტერესებული და განაწყენებული მკითხველის პოზიციაა. თუმცა, მადლობელი ვარ მისი, რადგან ბედნიერი შემთხვევა მომეცა, მას ვუპასუხო. ივანე მაჩაბლის საზოგადოება 1989 წელს შეიქმნა.

– სამაჩაბლოში კონფლიქტი მაშინ უკვე დაწყებული იყო?

– არა, კონფლიქტური სიტუაცია ჯერ კიდევ მწიფდებოდა. ეს საზოგადოება სამაჩაბლოში საქართველოსა და ქართველების ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა. საზოგადოების დამფუძნებელი კრება გამოთვლითი მათემატიკის ცენტრის სააქტო დარბაზში გაიმართა. დარბაზი გადაჭედილი იყო. რამდენიმე ასეული კაცი ესწრებოდა. სწორედ, იმ დღეს ამირჩიეს თავმჯდომარედ. ამაში ბატონი ალექსანდრე ღლონტი, იმ კრების მონაწილე ჩვენი შესანიშნავი მეცნიერი და სინდისიერების განსახიერება დამემოწმება.

– როგორც ცნობილია, სამაჩაბლოში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, იქიდან დევნილი მოსახლეობის დახმარების მიზნით საზოგადოებაში გარკვეული თანხები შეგროვდა. თქვენ ბრალს გდებენ იმაში, რომ ერთპიროვნულად განაგებდით საზოგადოების ფინანსურ სახსრებს და მისი გარკვეული ნაწილი გაიფლანგა. რა მექანიზმი არსებობდა ფულადი შემოწირულობის შემოტანისა და თქვენ, როგორც თავმჯდომარეს, რა უფლებები გქონდათ?

– თუ ნებას მომცემთ, ცოტა შორიდან დავიწყებ. დამფუძნებელი კრების შემდეგ ოფისისთვის ზრუნვა დავიწყეთ. მოვითხოვეთ კოსტავას ქუჩაზე (მაშინდელი ლენინის ქუჩა) მდებარე სახლი, სადაც ივანე მაჩაბელი ცხოვრობდა და საიდანაც 100 წლის წინ დაიკარგა. მაშინ იქ განთავსებული იყო საბინაო სახლმმართველობა და საპასპორტო განყოფილება, პირველ სართულზე კი სამკერვალო ატელიე, იქვე – ჩაჩავას სახელობის ინსტიტუტის ლაბორატორია, რომელსაც პროფესორი დანელია ხელმძღვანელობს, და ცხოვრობდა ერთი მოსახლე. მივმართეთ ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი ანდრიაძეს და საქართველოს ცკ-ს პირველ მდივანს გივი გუმბარიძეს. მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები მათი, ბატონმა ირაკლიმ სახლმმართველობა და საპასპორტო განყოფილების ოთახები გადმოგვცა. პერსპექტივაში, სხვა ბინადარნიც უნდა გაეყვანათ, მაგრამ ომი დაიწყო, ჩვენთვის ვის ეცალა. მერე კი სად და ვის არ მივმართეთ, მაგრამ ჯერჯერობით ატელიეს “მაფია” ისევ მძლავრობს. ივანე მაჩაბლის სახლის პირველი სართული მთლიანად ატელიედ უნდა აქციონ. ჩვენს ოფისში გაფართოების მიზნით მეზობელი შეიჭრა და საზოგადოების გამგეობა ქუჩაში დარჩა, ხოლო წარწერიანი მარმარილოს დაფა დაამსხვრიეს. ქალაქის მერია კი დუმს. საქართველოში, თბილისში, ივანე მაჩაბელს ჩემი პატრონობა რომ დასჭირდება, ამაზე მეტი ბედის ირონია რაღა გინდათ. მერე ვისგან მას, ქართველებისგან, ქართველი მაფიოზებისგან. შვიდი წელია ვიბრძვი, მაინც ვერ დავიცავი. ახლა, რემონტი წამოუწყიათ და პრივატიზებასაც ახერხებენ.

– ივანე მაჩაბლის სახლი ხომ მუნიციპალური ქონებაა, განა ის პრივატიზებას ექვემდებარება?

– საქართველოში, ჩემო კარგო, ყველაფერი პრივატიზებას ექვემდებარება. რა თქმა უნდა, კანონით არა, მაგრამ იქაც, ალბათ, ისეთი პიროვნებაა მოკალათებული, რომელსაც ამის გაკეთება აწყობს. ომის დროს, თამარაშენში ივანე მაჩაბლის სახლი გადავარჩინე, თბილისში კი, როგორც ჩანს, ამას ვეღარ შევძლებ.

– შემოწირულ თანხებს დავუბრუნდეთ, ბატონო გურამ!

– სამაჩაბლოში სამოქალაქო ომი რომ დაიწყო, პირველი ლტოლვილები, ხიზნები თბილისში ჩამოვიდნენ და მაჩაბლის საზოგადოებას მოაწყდნენ. მთელი საქართველო ფეხზე დადგა. ჩვენ დახმარებისკენ მოვუწოდებდით. მაშინ, უფრო მდიდრები ვიყავით და არც ამდენი ლტოლვილი გვყავდა. ეს სასწაული იყო. მოდიოდნენ მოხუცები, ახალგაზრდები, სტუდენტები, პენსიონერები. ვისაც ფულის შემოწირვის საშუალება არ ჰქონდა, ზამთრისთვის შემონახული უკანასკნელი ქილა მურაბაც კი მოჰქონდა.

ამასობაში მიუნხენში მომიწია წასვლა. ჩემი მოვალეობის შესრულება ჩემს მოადგილეს, გამგეობის წევრს, ბატონ ვაჟა ხაჭაპურიძეს და გამგეობის წევრს, ქალბატონ დიანა მაჩაბელს დაევალათ. იქიდან რომ ჩამოვედი, საოცარი ამბები დამხვდა – შემოწირული თანხების უკონტროლოდ შეგროვება და მიღება ხდებოდა, საზოგადოებრივი აზრიც რადიკალურად შეცვლილიყო.

– საზოგადოების წესდებაში რაიმე მექანიზმი არ იყო ჩადებული ამგვარი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად?

– რა ვიცოდით, ომი თუ დაიწყებოდა. საბედნიეროდ, მაშინ საქართველო ამგვარ საქმეებში გამოუცდელი იყო. სამაჩაბლოს მოსახლეობაში მაშინაც და დღესაც, ძალიან დიდი ავტორიტეტი გვქონდა. თუ გნებავთ, ჩაბრძანდით იქ, ანდა შეხვდით აქ მყოფ დევნილებს და ნახავთ, ჩვენზე ძვირს თუ ვინმე იტყვის.

– მიუნხენიდან ჩამოსვლის შემდეგ, რა ზომები მიიღეთ?

– “ინდუსტრიაბანკში” ჩვენი ანგარიში შევამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ საბანკო ქვითარზე ხაჭაპურიძეს ხელი ჩემს მაგივრად მოეწერა. საუბარი იყო რამდენიმე ათას მანეთზე. შევთავაზე, მოსულიყო და გამგეობისთვის ანგარიში წარმოედგინა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. პირიქით, ტელეფონით რეკავდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა. ჩვენი საუბარი ოფისის წინ, მანქანაში შედგა. მან თან მოიყვანა ერთი ლტოლვილი ქალბატონი, რომელზეც თქვა, რომ მე კი არა, მან მოაწერა ხელი თქვენს მაგივრადო. თუმცა, ამით მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ იხსნებოდა. მას, როგორც თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, უნდა გაეკონტროლებინა ყველა ფინანსური ოპერაცია, მით უმეტეს, ხაზინადარიც იყო. მაშინ კიდევ ერთხელ ვთხოვე გამგეობაზე მოსვლა, არ მოვიდა. მივმართეთ მაშინდელ გენერალურ პროკურორს, ბატონ ვახტანგ რაზმაძეს. მათ ეს საქმე გამოიძიეს, კერძოდ, ქალაქის მაშინდელმა პროკურორმა, ანუ უღვთოდ დაღუპულმა მ. ქურდაძემ, ამ ფაქტის გამო ვაჟა ხაჭაპურიძე და დიანა მაჩაბელი საზოგადოებიდან გავრიცხეთ. ქალბატონ დიანას ფინანსებთან საქმე არ ჰქონდა, მაგრამ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რამდენიმე კაცი, რომელმაც შემოწირულობა შემოიტანა, სიაში არ აღმოჩნდა. ამის შესახებ, ჩვენს საზოგადოებას “საქართველოს რესპუბლიკის” და “სვობოდნაია გრუზიას” ფურცლებიდან ვაცნობეთ. მეტიც, ბატონმა აკაკი მიქაძემ “მოსკოვსკიე ნოვოსტიში” დაბეჭდა და ეს ამბები მთელ მსოფლიოს მოსდო. ასე რომ, ეს ამბები უხერხული კითხვებისთვის არ შემოგვინახავს.

განაწყენებული, ჩვენს მიერ გარიცხულ და თაღლითობაში მხილებული ვაჟა ხაჭაპურიძე კიტოვანის “განმათავისუფლებელ არმიაში” ჩაეწერა და მათთან ერთად დაანგრია თბილისი, იარაღითა და სისხლით ჯერ სახელმწიფო საბჭოს, შემდეგ კი პარლამენტის წევრი გახდა.

თბილისის ომის დროს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ვიყავი. მაშინ დაინგრა უზენაესი საბჭოს შენობა, მხატვართა სახლი, სასტუმრო “თბილისი”, მიწასთან გასწორდა ჩუბინაშვილის ინსტიტუტი, პირველი სკოლა და გოგებაშვილის მუზეუმი, ქაშუეთიც კი არ დაინდეს. შეხედეთ, ლიტერატურის მუზეუმს, ერთი ტყვია თუ აქვს მოხვედრილი. როგორ გგონიათ, რატომ? 22 დეკემბერს კიტოვანის გვარდიელები მუზეუმში რომ შემოიჭრნენ, კინწისკვრით გამოვყარე. ერთ-ერთი მათგანი მხვრეტდა. მერე სასტუმრო “თბილისში” წამიყვანეს, მითხრეს, “ბატიასთან” წავიდეთო. მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ეს “ბატია”, მივედით. თურმე ასე თენგიზ კიტოვანს ეძახდნენ. მან რომ დამინახა, ფეხზე წამოდგა და შემომეგება: ბატონო გურამ, რამ შეგაწუხათო – მკითხა. ამ კითხვაზე აღვშფოთდი, როგორ თუ რამ შემაწუხა, რას სჩადიხართ, ან ამას როგორ მეკითხებით-მეთქი. თქვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი მხვრეტდა, თურმე “რაღაც ქაღალდების” (ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის ხელნაწერებზეა საუბარი) გამო მუზეუმში არ ვუშვებ და ჩვენი მწერლების უნიკალურ ხელნაწერებს არ ვანადგურებინებ. რას გვთავაზობთო. ან ევაკუაცია, ანდა ეს ხალხი მუზეუმიდან სასწრაფოდ გავიდნენ-მეთქი. მუზეუმიდან ერთი ტყვია არ გავარდნილა და იგი ამიტომაც გადარჩა. მე და ლევან ჭილაშვილი (ჯანაშიას სახელობის მუზეუმის დირექტორი) ყოველდღე ტყვიების წვიმაში სამსახურში მივდიოდით და ჩვენს მუზეუმებს ვდარაჯობდით. ამიტომაც გადარჩა ეს ორი მუზეუმი იმ სამარცხვინო ომში.

ერთ დღეს, ლიტერატურის მუზეუმიდან მომავალს, ვაჟა ხაჭაპურიძე თავისი შეიარაღებული რაზმით დამეწია და რუსთაველზე ტელეგრაფის შენობასთან მხვრეტდა. ვიღაცამ მიცნო და იყვირა – რას შვრებით, ეს ხომ გურამ შარაძეაო. როგორც ჩანს, მან იფიქრა, იმათ არ იცოდნენ, ვინ ვიყავი და ვის ესროდნენ ტყვიას. ამის მოწმეა პოლიციის ახლანდელი ერთ-ერთი დიდი ჩინოსანი დავით ჩიჩუა…

შემდეგ ბატონი ვაჟა პარლამენტის წევრი გახდა და ჩემს მიერ თაღლითობაში მხილებული კაცი, ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ სამაჩაბლოში საკუთარ რწმუნებულად დანიშნა… მერე იქაც არ მოიშალა “კაიკაცობა” და მოხსნეს, ახლა კიდევ დაიჭირეს.

– რის გამო დაიჭირეს?

– უშიშროებამ ანტიშევარდნაძისტული პროკლამაციები უპოვა. მე და ასლან აბაშიძე იგორ გიორგაძეზე რომ ვამბობდით ტერორისტიაო, სანამ შევარდნაძეს არ ესროლა, თქვენ კარგი კაციაო, იძახდით. ხაჭაპურიძე როდის გავრიცხე საზოგადოებიდან, როდის ვამხილე, მას შემდეგ აირჩიეთ პარლამენტის წევრად და რწმუნებულად დანიშნეთ. ახლა შევარდნაძის წინააღმდეგ ხელი რომ აწია და პროკლამაციები უპოვეთ, მაშინ დაიჭირეთ. მაინც და მაინც შევარდნაძეს უნდა ესროლოს, ანდა მის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს, რომ მისი დანაშაული აღიაროთ და დასაჯოთ. კიდევ აქეთ მე მცხებთ ჩირქს და მლანძღავთ, არა გრცხვენიათ, კაცო?

ჩემი პრინციპი ასეთია – დამარცხებულზე არასდროს აუგი არ მითქვამს (ვაჟა ხაჭაპურიძესა და დიანა მაჩაბელს ვგულისხმობ), ეს არაეთიკურია. ამიტომაც, ბოდიშს ვიხდი ჯერ მკითხველის, მერე გაზეთისა და თუნდაც, იმ დამარცხებულების წინაშე. თქვენი რუბრიკის ქვეშ მოქცეული ეს უხერხული კითხვები მაიძულებს ამაზე ვილაპარაკო, რადგან ჩემთვის ჭეშმარიტება და ღირსების გრძნობა ყველაზე ძვირფასია…

– 1990 წლის არჩევნებში თქვენ სამაჩაბლოში იყრიდით კენჭს, თუ ასეთი ავტორიტეტი გქონდათ იქ, რატომ დამარცხდით?

– მაშინ საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაძლიერდა. სამოქალაო ომისა და ლტოლვილების მსგავსად, ესეც ახალი ხილი იყო. მაშინ ზვიად გამსახურდიამ და “მრგვალმა მაგიდამ” გაიმარჯვა. სამაჩაბლოს მოსახლეობამ კი ვაჟა ადამიას მისცა ხმა…

– ინტელიგენციის ნაწილს ბრალს გდებენ იმაში, რომ ზვიად გამსახურდიას იმიტომ ებრძოდნენ, თანამდებობები ვერ მიიღესო. როგორი ურთიერთობა გქონდათ თქვენ და ზვიადს. მით უმეტეს, მისი საქართველოდან წასვლისა და დაღუპვის შემდეგ მათი ოჯახის წინაშე უდიდესი ღვაწლი მიგიძღვით…

– ეს ვრცელი თემაა, მინდა დაწვრილებით შევეხო. როცა 1974 წელს, დისიდენტური მოღვაწეობისთვის ზვიად გამსახურდია უნივერსიტეტიდან გააძევეს, მაშინ ლიტერატურის ინსტიტუტის სწავლული მდივანი ვიყავი. ერთ დღეს მეძახის ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი ალექსანდრე ბარამიძე და მაჩვენებს კონსტანტინე გამსახურდიას წერილს: “ბიჭი ქუჩაში გამომიგდეს, გთხოვთ დამეხმაროთ”. ბატონ ალექსანდრეს და ბატონ კონსტანტინეს მთლად კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. ბატონი კონსტანტინე ყოველთვის “აშავებდა” მას აკადემიკოსად არჩევის დროს და პირდაპირ წერდა – მე, კონსტანტინე გამსახურდია, შენ – ალექსანდრე ბარამიძეს არ გაძლევ ხმასო.

– რატომ, ბატონო გურამ?

– ბატონი კონსტანტინე მხარს უჭერდა პავლე ინგოროყვას, რომელსაც ოფიციალური აკადემიური წრეები აკადემიკოსობაზე უარს ეუბნებოდნენ იმის გამო, რომ მას ელემენტარული საშუალო განათლების ატესტატიც კი არ ჰქონდა. უმაღლესის დიპლომზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. კონსტანტინე გამსახურდიას მხარში ედგა გიორგი ლეონიძე, ხოლო აკადემიის პრეზიდენტი ნიკო მუსხელიშვილი და კორნელი კეკელიძე ალექსანდრე ბარამიძის მხარეზე იყვნენ. ორ-ორჯერ უყარეს კენჭი და ორ-ორჯერ გააშავეს თითოეული კანდიდატურა. ბოლოს, აკადემიკოსი მაინც ალექსანდრე ბარამიძე გახდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მართალია, ბატონ ალექსანდრეს და კონსტანტინეს არცთუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ მან მაინც გადაწყვიტა კონსტანტინე გამსახურდიას თხოვნა შეესრულებინა და ბატონი ზვიადი რუსთველოლოგიის განყოფილებაში მიგვეღო, რომელსაც მაშინ ბატონი სარგის ცაიშვილი ხელმძღვანელობდა. მაგრამ მარტო ჩვენი გადაწყვეტილება საკმარისი არ აღმოჩნდა. აკადემიის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბატონმა ილია ვეკუამ შტატი დაუშვა და უნივერსიტეტიდან გამოძევებული “ქუჩაში დარჩენილი” ზვიად გამსახურდია შევიფარეთ. გამოხდა ხანი. ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა. მოვიდა ბრძანება – მოიწვიეთ ინსტიტუტში კრება და კრების გადაწყვეტილებით ზვიად გამსახურდიას დავიჭერთო. იმ კრების ბევრი მონაწილე დღესაც ცოცხალია. მოხდა სამარცხვინო ფაქტი. იმისათვის, რომ თავი გადაერჩინათ, ბევრი მისი მეგობარი მას განუდგა და დაგმო მისი მოღვაწეობა. მე მისი არც ბავშვობის მეგობარი ვიყავი, არც თანამებრძოლი, მაგრამ ამ უმსგავსობაში მათთვის მხარი არ დამიჭერია. მეორე დღეს ზვიადი დააპატიმრეს.

მეორედ მე მას მხარი დავუჭირე 9 აპრილის შემდგომ, როცა ლიდერები დააპატიმრეს. ამას რატომ გიამბობთ – მე მასთან არც ბავშვობა, არც მეგობრობა, არც უნივერსიტეტის მერხი არ მაკავშირებდა. რაც გავაკეთე, ჩემი სინდისის კარნახით გავაკეთე. მასთან არც შუღლი მქონია და არც პოლიტიკური თანამშრომლობა. მე პატივს ვცემდი დიდი კონსტანტინე გამსახურდიასა დ უმშვენიერესი ქალბატონი მირანდა ფალავანდიშვილის შვილს, რომელსაც უანგაროდ უყვარდა თავისი სამშობლო და ქვეყნის ბედნიერი მომავლისთვის იღვწოდა. შემდეგ რა მოხდა, როგორ გააგრძელეს მისი საქმე მისივე თანამებრძოლებმა თუ მტრებმა, ამას ისტორია განსჯის. ჩემი დამოკიდებულება კი ასეთია.

– ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა ზვიად გამსახურდია დევნილი იყო. პრეზიდენტი რომ გახდა, ნუთუ არ გახსენებია თქვენი ამაგი და თანამშრომლობა არ შემოუთავაზებია?

– ზვიადმა არჩევნებში რომ გაიმარჯვა, ქუჩაში ჩემი ოზურგეთელი მეგობარი გოგონა შემხვდა და მეკითხება: გურამ, კი მაგრამ ჩვენთან რატომ არა ხარო? 1958 წლის მერე არ მენახა და არ ვიცოდი, სად იყო და რას აკეთებდა. ვინ თქვენთან-მეთქი, ვკითხე. ვისთან და ზვიადთან, მე მისი მარჯვენა ხელი ვარო. ერიჰაა – ვიფიქრე, სკოლა ძლივს დაამთავრა და ეს თუ გამსახურდიას მარჯვენა ხელია, კარგად წავა მისი და საქართველოს საქმე-მეთქი. თურმე, იმ ჩემს კლასელს უთქვამს ბატონი ზვიადისთვის – კარგი ბიჭია შარაძე, პატიოსანი, დიდი ხანია ვიცნობ მასაც და მის ოჯახსაც, ჩვენთან რატომ არ არისო. ზვიად გამსახურდიას კი უპასუხია – მაგი ხშირად დადის უცხოეთში და არ ვენდობიო. სხვათა შორის, ჩემი მეგობრის ეს ნათქვამი არ მწყენია. არც ომი გამომიცხადებია პრეზიდენტისთვის და არც თანამდებობისთვის მიბრძოლია. მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებული ხალხი იყვნენ, მისთვის იბრძოდნენ და ისინი თავიანთ შეცდომებშიც კი მართალნი არიან. მათ მეოცე საუკუნის ისტორიაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

– ბატონო გურამ, თქვენ უპატრონეთ გამსახურდიების “კოლხურ კოშკს”, ზვიადის საქართველოდან წასვლის შემდეგ, თუმცა მას თქვენზე ახლობელი ბევრი დარჩა თბილისში…

– როდესაც ზვიადი საქართველოდან გააძევეს, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც დიდი კონსტანტინეს არქივისა და “კოლხური კოშკის” პატრონობა იკისრა. ყველა მისი თანამებრძოლი და მეგობარი სოროში შეძვრა და გარეთ თავი არ გამოუყვია. 6 იანვარს, საღამოს, გამსახურდიების თბილისიდან წასვლის ამბავი შევიტყვე. დამირეკეს და მსაყვედურობდნენ: ბატონო გურამ, ამერიკიდან, ევროპიდან და აზიიდან რომ ჩამოგაქვთ ქართული ემიგრანტული ლიტერატურის ნიმუშები და ცდილობთ ქართველ ერს თავისი საგანძური არ დაუკარგოთ, სადა ხართ, “კოლხურ კოშკს” რომ ძარცვავენ და შეიძლება ჩვენს ერს “დიდოსტატის მარჯვენა” და “დიონისეს ღიმილი” დაეკარგოს, რა პასუხი უნდა გასცეთ მომავალ თაობასო. მაშინ ვუპასუხე: არ ვიცოდი, რომ ზვიად გამსახურდია წავიდა, მე მისი არც პარტიის, არც პარლამენტის და არც მთავრობის წევრი არ ვყოფილვარ, რომ ეს საკითხი ჩემთან შეეთანხმებინა. რადგან ასეა და “კოლხური კოშკი” უპატრონოდ დარჩა, ხვალვე წავალ და რაღაცას ვიღონებ-მეთქი.

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის კაბინეტში მაშინ ჯაბა იოსელიანს ჰქონდა შტაბი. პირდაპირ შევუვარდი მას. ცოცხალია ჯაბა და დამიმოწმებს. მოკლედ, მომცეს მან და თენგიზ კიტოვანმა რწმუნება, რომ “კოლხური კოშკის” დაცვა გურამ შარაძეს ევალებაო. ბედის ირონიაა, მაგრამ ამ საბუთს ხელს აწერდნენ ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი.

გელა ლანჩავამ ერთი მანქანა შეიარაღებული ხალხი გამომიგზავნა იქიდან არქივის წასაღებად. სად მიჰქონდათ, არ ვიცი. მაშინ ვუთხარი – სანამ ცოცხალი ვარ და პირში სული მიდგას, აქედან ნემსს ვერ გაიტანთ, თუ მომკლავთ, მერე მე არ ვიცი-მეთქი. ამას მეზობლები და იქ შეკრებილი ხალხი დამიმოწმებენ. წავიდნენ, ერთ საათში სხვები მოვიდნენ, თენგიზ სიგუას დავალებით, მათაც იგივე ვუპასუხე. შემიყვანეს დახურულ ავტობუსში და რაციით თენგიზ სიგუას დავუკავშირდი. მითხრა – როგორ ბედავ და მაგ ნაძირალების ბუდეს როგორ იცავო. ვუპასუხე, სანამ ცოცხალი ვარ, აქედან ვერაფერს წაიღებთ, შეგიძლიათ უბრძანოთ და დამხვრიტონ-მეთქი. ჩვენი საუბარი საათნახევარი გაგრძელდა. ბოლოს თავი დამანებეს. ამის მოწმეა მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე, ბატონი ვახტანგ გვარამია. თურმე, ჩემი და თენგიზ სიგუას რაციით საუბარი რადიომოყვარულებს ჩაუწერიათ და გროზნოში ზვიადისთვის გაუგზავნიათ. იქიდან დამირეკა და მითხრა – ჩემო გურამ, შენი დიდი ერისშვილობა და ერისკაცობა ვერ დავაფასე, მაგრამ მომავალი თაობა ამას დაგიფასებსო. ეს იყო ჩვენი პირველი და უკანასკნელი საუბარი (ამას დამიმოწმებს ქალბატონი მანანა არჩვაძე, რომელიც ისმენდა ჩვენს სატელეფონო საუბარს).

1992 წლის 14 მარტს, ღამის 3 საათზე მირეკავს ერთი ქალი და განწირული ხმით ყვირის – ბატონო გურამ, იწვის, იწვისო. ნამძინარევი ვერც მივხვდი, ვინ ან რა იწვოდა. მერე, როგორც იქნა, გამაგებინა, რომ თურმე “კოლხური კოშკი” იწვოდა. ამ დროს თბილისში კომენდანტის საათია. ქარი, სიცივე, ანდა ვის აუხსნი, სად მიდიხარ ამ შუაღამისას. 12 საათის მერე კომენდანტის საათის დარღვევისთვის დახვრეტაც კი ნებადართულია. არ შემშინებია, 15 წუთში იქ გავჩნდი, რათა მეხანძრეებისგან გადამერჩინა ის, რაც ღვთის მადლით ცეცხლს გადაურჩა. ამიტომაც 80 პროცენტი ნივთებისა და არქივისა გადავარჩინეთ. სამარცხვინო ამბავს გეტყვით, ამ ნივთების და არქივის მიღებაზე ყველა მუზეუმმა, ყველა არქივმა უარი გვითხრა – იმ სატანის არაფერი არ გვინდაო. ვერ გავაგებინე, რომ ეს კონსტანტინეს ნივთებია, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, სხვათა ორიგინალებია. ეს ჩვენი ისტორია, რელიკვიაა და მას მოვლა-პატრონობა სჭირდება. ერთადერთი კაცი იყო ზურაბ მახარაძე, რომელმაც არქივში სეიფები მომცა – იქ დავახარისხეთ, გავაშრეთ, აღვადგინეთ კონსტანტინეს არქივი და შევინახეთ. ნეტა ისე იყოს ყველას არქივი მოვლილი, როგორც ეს არის. დღემდე კერძო პირებთან და ოჯახებში გადამალული მაქვს “კოლხური კოშკიდან” წამოღებული ავეჯი და მემორიალური ნივთები – ცნობილი ხის სავარძელი, სასადილო, კაბინეტი, საწერი მაგიდა. განა სამარცხვინო არ არის მე-20 საუკუნის საქართველოში კაცს ამის გაკეთება გჭირდებოდეს? ამის სანაცვლოდ არაფერი მომითხოვია, არც თანამდებობა, არც სახელი. რის გამო ვაკეთებდი, რა მინდოდა, რა მრჯიდა. მე ჩემი ერისა და ქვეყნის წინაშე ჩემს ვალს ვასრულებდი. ახლა რომ მივტირით, რატომ არ გვაქვს რუსთაველის ხელიდან გამოსული “ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერიო, როგორ გგონიათ, ვისი ბრალია, რომ არა გვაქვს. ალბათ. ისევ ჩვენი – ქართველების. ჩემს თანამებრძოლებთან და თანამოაზრეებთან ერთად დღეს რომ “კოლხური კოშკი” არ დაგვეცვა, მომავალი თაობა კონსტანტინე გამსახურდიას ხელნაწერებზეც ასე იტყოდა. შევეცადე, ქართველთა ის სამარცხვინო შეცდომა აღარ გამემეორებინა. სამაგიეროდ, რა მივიღე – დევნა, რეპრესიები, შეურაცხყოფა. ეს დღევანდელი ინტერვიუც მათი სისინის ნაყოფია და სხვა არაფერი.

 

მაია ფურცელაძე
“ალია”, 24-26 აგვისტო, 1996

 

რუბრიკა “უხერხული კითხვები”

 

“როგორ, მარჯვენათი ილია ჭავჭავაძის მონოგრაფიას ვწერდი და

მარცხენათი “კგბ”-ს “დანოსებს”? 

(გაგრძელება)

 

– ბატონო გურამ, კომუნისტური რეჟიმის დროს, საზღვარგარეთ ვიზიტები, ქართველ ემიგრანტებთან ურთიერთობა და მათთან მუშაობა მხოლოდ “ერთეულებისთვის” იყო დასაშვები. თქვენ იმ პერიოდში ძალიან ხშირი ვიზიტები გქონდათ უცხოეთში, არათუ იმუშავეთ მათ არქივებზე, საქართველოშიც კი ჩამოიტანეთ იგი. ალბათ ამან წარმოქმნა ეჭვი იმისა, რომ თქვენ “კგბ”-ს თანამშრომელი ბრძანდებით…

– კარგით, ვთქვათ, კომუნისტები მაგზავნიდნენ როგორც აგენტს მათთან სამუშაოდ, ისინი რატომღა მიღებდნენ. ნუთუ ყველა ემიგრანტი “კგბ”-ს აგენტი იყო? მთელი სიცოცხლე მტანჯავს ეს სისინი. ეს მართლაც უხერხული კითხვაა და მადლობელი ვარ, რომ დამისვით.

– არა მგონია, პირველი ვიყო, ვისგანაც ეს გაიგონეთ…

– ასე პირდაპირ რომ ეკითხათ და ფაქტის წინაშე დავაყენებინეთ, პირველი შემთხვევაა, თორემ ხომ გითხარით, ისე არაერთხელ გამიგონია-მეთქი. თუმცა, საჯაროდ გამოსვლა და იმის მტკიცება, პატიოსანი კაცი ვერ-მეთქი, ისევე უხერხულია, როგორც ამ კითხვის დასმა. რაღა შორს წავიდე, აგერ თქვენ, როგორც ვხედავ, ორსულად ბრძანდებით. ამაღამ რომ თქვენს ქმარს დაუწყოთ მტკიცება, შვილი თქვენგან მყავს და არა სხვისგანო, რას გეტყვით თქვენი მეუღლე. ამას რა მტკიცება სჭირდებაო – არ გეტყვით? და მას ძალად დააეჭვიანებთ. პატიოსნებას მტკიცება არ სჭირდება. ასევე, როცა აგენტი არა ხარ, არ სჭირდება მტკიცება იმას, რომ აგენტი არა ვარო! ჩემი პირველი ასეთი შეურაცხყოფა გაზეთ “საქართველოს” ფურცლებზე მიხეილ მახარაძემ გაბედა, იგი ასლან აბაშიძისა და აჭარის ხელისუფლების პოლიტიკური კურსის გამო მეკამათებოდა. ვერაფერს რომ ვერ გახდა, იქით გადმომწვდა, თქვენ ისე ხშირად დადიოდით უცხოეთში, ნუთუ აღარ გახსოვთ, ვის უშვებდნენ მაშინ იქო, ე.ი. ასლან აბაშიძეს მიანიშნა, “კგბ”-ს აგენტი შარაძე გულში გყავს ჩახუტებულიო. მერე “საქართველოს” რედაქტორი, ნოდარ გრიგალაშვილი შემხვდა. მას დიდ პატივს ვცემდი. ვუთხარი: ჩემო ნოდარ, ყველაფერს გაპატიებდი, მაგრამ ხელი როგორ მოგიბრუნდა და ილია ჭავჭავაძის მონოგრაფიის ავტორზე ეს როგორ დაბეჭდე-მეთქი. მან ბოდიში საჯაროდ მომიხადა: მაპატიე, ეს ნომერი უჩემოდ დაიბეჭდაო. ამ კაცური ბოდიშით მან ჩვენი ურთიერთობა შეინარჩუნა. როგორ, მე მარჯვენათი ილია ჭავჭავაძის მონოგრაფიას ვწერდი და მარცხენათი “კგბ”-ს “დანოსებს”? ამის შემდეგ ილიას აჩრდილთან შეხვედრის რაღა უფლება უნდა მქონოდა?!

მეორედ ეს “დილის გაზეთმა” გაბედა. სამწუხაროდ, ჟურნალისტის გვარი არ მახსოვს, ფსევდონიმი უნდა იყოს. იგი ზურაბ ჟვანიას ეკითხება – ბატონო ზურაბ, ჰკითხეთ გურამ შარაძეს კომუნისტების დროს უცხოეთში ასე ხშირად როგორ დადიოდითო, ე.ი. ერთმა ასლან აბაშიძესთან დამაბეზღა, მეორემ – ზურაბ ჟვანიასთან. უკვე გითხარით, ცხონებულ ზვიად გამსახურდიასაც ადრე, თურმე ასე ეჩვენებოდა, ახლა კიდევ თქვენ… თუმცა, ბატონი ვაჟა ადამიაც ჩემს აგენტობაზე ავრცელებდა ხმებს არჩევნების დროს სამაჩაბლოში. როცა მან ზვიად გამსახურდიას გვერდით ყოფნით არჩევნებში გაიმარჯვა და პარლამენტის წევრობასთან ერთად თავდაცვისა და უშიშროების კომისიის თავმჯდომარეც (ე.ი. “კგბ”-ს ოფიციალური კურატორი) გახდა, ერთ დღეს უზენაესი საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარის, ბატონი აკაკი ასათიანის კაბინეტში ვზივარ და ბატონ აკაკისთან ვსაუბრობ. უცებ კაბინეტში შემოვიდნენ ბატონები ვაჟა ადამია და გია ხავთასი (ასევე მაშინდელი დეპუტატი). ვისარგებლე შემთხვევითY და ბატონ ვაჟას ვეუბნები: ბატონო ვაჟა, არჩევნების დროს რომ სამაჩაბლოში მივრცელებდით ხმებს თქვენ და თქვენი მომხრეები ჩემს “კგბ”-ს აგენტობაზე, ახლა თქვენ თვითონ ბრძანდებით “კგბ”-ს ოფიციალური შეფი. დაინტერესდით, გაგზავნეთ ვინმე “კგბ”-ს არქივში (მაშინ არ იყო დამწვარი და არც რუსეთში გადაგზავნილი), აქვეა, ბატონო, თქვენს გვერდით, მხოლოდ პირველი სკოლის შენობა გყოფთ, ამომიღეთ “კარტოჩკა” და დაუმტკიცეთ მთელ საქართველოს ჩემი აგენტობა. არ მითხრათ ახლა არ იყოთ დაინტერესებული ჩემს მხილებაში-მეთქი.

ბატონი აკაკი ასათიანი დამისასტურებს ამ ეპიზოდის სიმართლეს და იმასაც, თუ როგორ სასწრაფოდ დაგვტოვეს ამ სიტყვების გაგონებაზე ბატონებმა ვაჟა ადამიამ და გია ხავთასმა.

– ბოლოს და ბოლოს მე მხვდა წილად “პატივი” “გავარკვიო” სინამდვილე.

– კი, ბატონო, გავარკვიოთ. ზვიად გამსახურდია კომუნისტების შემდეგ მოვიდა ხელისუფლების სათავეში. თუ ასე იყო, იმ “კგბ”-ს არქივიდან ჩემი “კარტოჩკა” ამოეღოთ, როგორც სხვებს ამოუღეს. ეჩვენებინათ მთელი საქართველოსთვის და მერე ან ქართველი ხალხი ჩამქოლავდა, ან თავს ჩავიქოლავდი. თუ ამასაც ვერ მოვახერხებდი, გადავიხვეწებოდი სადმე. პარლამენტისა თუ ბიუროს ყოველ სხდომაზე მოვითხოვდი და ვითხოვ – დააჩქარეთ ლუსტრაციის კანონი, სპეცსამსახურის აგენტებისგან საქართველოს პარლამენტი გაასუფთავეთ-მეთქი. მითხარით, გურამ შარაძე, ლუსტრაციის კანონს რომ ითხოვ, შენი წარსულის კაცი ამას როგორ ბედავო! კიდევ ვიმეორებ, არათუ მე, ჩემი ოჯახის ვერცერთ წევრს ამას ვერ დაუმტკიცებენ. პასუხს ვაგებ მე-19 საუკუნიდან. გენეტიკურად, ილია ჭავჭავაძის ერთგულება მომდგამს. აიღეთ “ივერია” და ნახეთ, მას აწერია – რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, სტამბა – მაქსიმე შარაძისა. ჩემმა წინაპარმა, მაქსიმე შარაძემ, მთელი თავისი ქონება ილიას შესწირა და მისი მკვლელობის დარდსაც გადაჰყვა. თუ არ გჯერათ, ნახეთ 1908 წელს გამოცემული გრიგოლ ყიფშიძის წიგნი “მონა ღვთისა მაქსიმე შარაძე”, ნახეთ მასზე არტურ ლაისტის, სოფრომ მგალობლიშვილის და სხვების მოგონებები და გულზე არ გასკდები, როცა ვიღაცა მაქინატორი, სამშობლოს გამყიდველი და მართლა აგენტი ჩირქის მოცხებას დამიწყებს. იცით, სიცოცხლისა და შვილების ჯანმრთელობის თუ მომავლის ფასად დამიჯდა ის, რომ ვერც ერთი ხელისუფლება, კომუნისტებიდან დაწყებული დღევანდელით დამთავრებული, ყურში ხელს ვერ წამავლებს. ჩემი ცხოვრების ოცდაათი წელი “კგბ”-სგან წამებული ვარ, მიტრაბახია ოდესმე? ცხონებულმა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ამით მთელი ისტორია შექმნეს. მე სიტყვა არ დამიძრავს და გინდათ მაინც და მაინც ამალაპარაკოთ? არ მჭირდება ასეთი კაპიტალის დაგროვება. წამებულის გვირგვინის დადგმა, მაგრამ მორჩა, გათავდა, ყველაფერს ვიტყვი. გგონიათ, მცდელობა არ ყოფილა ჩემი გადაბირებისა? მაგრამ ვერ მოახერხეს. საკუთარ თავს ხომ ვერსად გაექცევი? ისევე, როგორც ილია ჭავჭავაძეს ვერ ამოუღებენ ვერასდროს “ოხრანკის” “კარტოჩკებს”, ასევე, გურამ შარაძეს ვერ უპოვნიან ვერასდროს  ვერავითარ “კგბ”-ს “კარტოჩკებს”… მე ილია არა ვარ, მაგრამ ხომ მაქვს უფლება მას მივბაძო, მასავით ვიცხოვრო?

პირველი გადაბირების მცდელობა ჩემი ასპირანტობის დროს იყო. მითხრეს, აკადემიის პრეზიდენტი გიბარებსო – ნიკო მუსხელიშვილის კაბინეტში მიმიტყუეს. ვიფიქრე, საიდან გავახსენდი ნიკო მუსხელიშვილს-მეთქი და გახარებული თუ შეცბუნებული წავედი. იქ დამხვდა ვიღაც ახალგაზრდა კაცი და მითხრა: – მუსხელიშვილი კი არა, მე გიბარებო. მეზობელ ოთახში მიმიწვია, გამეცნო – ნოდარ ჯანელიძე. მითხრა: – ვიცი, ცოლი ახალშერთული გყავთ, ბავშვი ახლახან შეგეძინათ. თქვენი ხელფასის გამო დღეში 20 კაპიკზე მეტს ვერ ხარჯავთ და უნივერსიტეტის სასადილოში ფუნთუშის ჭამის უფლებასაც ვერ აძლევთ თავს. თქვენ გექნებათ მაღალი ხელფასი, კარგი სამსახური, ბინა (ჩასიძებული ვიყავი და ქართველი კაცისთვის ეს რას ნიშნავს, მოგეხსენებათ), თუ ჩვენთან ითანამშრომლებთო. თუ ამ სიტყვებს ნოდარ ჯანელიძე წაიკითხავს, გამომეხმაუროს და თქვას, რა ვუპასუხე – ცოცხალმა ძლივს გამასწრო. მეორე ასეთი მცდელობა კვარაცხელიასგან იყო. სახელი არ მახსოვს. მესამე კი, ილია ბარამიძეა. ბატონი ილია მოგონებებს წერს. სთხოვეთ ერთი მოგონება ჩემზეც დაწეროს. ვერაფერი რომ ვერ შეძლეს, ჩემს უფროს შვილს, ლაშას მიადგნენ. 23-ე სკოლაში სწავლობდა და ოქროს მედლის კანდიდატი იყო. პედკოლექტივი დამიმოწმებს 11 წლის მანძილზე “4” არ მიუღია. განათლების მინისტრი, ცხონებული ოთარ ქინქლაძე, ლამის ტიროდა და მეუბნებოდა – რა ვქნა, დავალება მაქვს, შენი შვილი უნდა “ჩავჩეხოთ”, მივცემთ მედალს, თუ “კგბ”-ზე იმუშავებო. გამოსაშვები გამოცდების პერიოდში ლაშას ქართულის ნაწერი დაუმახინჯეს სხვა კალმით და ნიშანი დააკლეს, რის გამოც მან ვენები გადაიჭრა სკოლაში. ყველამ იცის ეს ამბავი და მაინც ამხელა ტრავმის შემდეგ მედალი არ მისცეს. იმავე წელიწადს სამედიცინო ინსტიტუტში ოთხი გამოცდა ფრიადზე ჩააბარა და ჩაირიცხა. მეორე ვაჟი – გიორგი შარაძე, უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე რომ აბარებდა – ჩემივე კოლეგებმა ნამუშევარი “გაუფუჭეს”, “3” დაუწერეს და არ მიიღეს. იძულებულს მხდიდნენ შვილის გამო დათმობაზე წავსულიყავი, მაგრამ გიორგიმ ხელოვნების მუზეუმში მტვირთავად დაიწყო მუშაობა და დღემდე უბედნიერესად თვლის თავს, რომ არმანდ ჰამერის კოლექცია მისი ზურგით შემოიზიდა. ჩვენ ჩვენი სინდისისთვის არასოდეს გვიღალატია და, ზოგიერთი ერისკაცებისგან განსხვავებით, საფლავზე ვერავინ დამაფურთხებს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შვილებმაც გამიგეს და გვერდით დამიდგნენ. მეორე წელს, ჩემივე კოლეგებისგან განწირული გიორგი დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე მოეწყო და ეს ჩემი “სუსტი” გონების “სამოსანი” შვილი “იბერვიზიის” ერთ-ერთი დამაარსებელი გახდა. როგორმე, ალბათ, ჰქონდა უფლება უნივერსისტეტის სტუდენტობისა, არა?

გადავიდეთ ახლა უფრო დიდ ჩინოსნებზე. ინგლისში ილია ჭავჭავაძის არქივის კვალს მივაგენი და იქ მივდივარ. მაშინ აკადემიის პრეზიდენტი ბატონი ევგენი ხარაძე იყო. ის დამეხმარა – საკავშირო აკადემიის მთავარ სწავლულ მდივანს, აკადემიკოს გიორგი კონსტანტინეს ძე სკრიაბინს – თავის მეგობარს (დედით აბულაძე იყო) ვალუტა გამოაყოფინა… მივედი შინ და ამბავი დამხვდა – გენერალი ჯორბენაძე გიბარებსო, რა ვიცოდი, თურმე “კგბ”-ს შეფის ალექსი ინაურის მოადგილე ყოფილა. შეიცხადა ჩემმა ცოლმა, აღარ გამოგიშვებენო, მივედი. შემიყვანეს. მომესალმა, ინტელიგენტი კაცია ბატონი გივი. მითხრა: ბატონო გურამ, თქვენ ხვალ ინგლისში, ილიას არქივის გასაცნობად მიბრძანდებით, ჩვენ კი ჩვენი დავალება უნდა შეგვისრულოთო. მიმიფურთხებია, ბატონო გივი, ინგლისში წასვლისთვის, თუ თან მარჯვენათი ილიას არქივს შევისწავლი და თან მარცხენათი თქვენთვის “დანოსებს” დავწერ-მეთქი. წამოდგა ეს კაცი, გამოექანა, გადამეხვია და მითხრა: “ყოჩაღ, ამ კაბინეტში, ამ ორგანოში დავბერდი, ქართული ინტელიგენციის უამრავ წარმომადგენელს ჩემს ხელში გაუვლია, მაგრამ არც ერთისგან ასეთი პასუხი არ მიმიღიაო. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, წაბრძანდით, თქვენ მართლაც ღირსი ხართ ილიას არქივზე მუშაობისო!” ახლა რა ხდება, რა უნდოდათ: ინგლისიდნ საბჭოთა დიპლომატები-ჯაშუშები გამოყარეს, სსრკ-მ საპასუხოდ საქართველოში მყოფი დევიდ ბარეტი მოძებნა, ჯაშუშობა დააბრალა და გააძევა. ამ შეურაცხყოფის გამო ინფარქტი მიიღო და კინაღამ მოკვდა. მთელი სიცოცხლე საქართველოს შესწირა და ჯაშუშის იარლიყი მიაკერეს. მე ინგლისში უნდა წავსულიყავი და სწორედ იმ დევიდ ბარეტის კომპრომეტირება უნდა მომეხდინა. ცოცხალია ბატონი გივი ჯორბენაძე და დამიმოწმებს.

წავედი ინგლისში. ოქსფორდის უნივერსიტეტის კარის ეკლესიაში დევიდ ბარეტს პენსიაზე აცილებდნენ (65 წლის გახდა). იქ სიტყვით გამოვედი, მადლობა გადავუხადე ბატონ ბარეტს საქართველოს სამსახურისთვის. ცერემონიალის შემდეგ ჩემთან აკაკი რამიშვილი, ნოე რამიშვილის ვაჟი და მისი მეუღლე მოვიდნენ. ბატონმა აკაკიმ მკითხა – ბატონო გურამ, როგორ მოხვდით ინგლისში, როცა ჩემს სიაში არა ხართო? რას მეკითხებით, რა სია გაქვთ-მეთქი. მე მაქვს სია ქართველი ინტელიგენციისა, რომლებიც “კგბ”-სთვის მუშაობენ, ჩვენ არც ერთ მათგანს არ ვიკარებთ. თქვენ როგორ მოახერხეთ ჩამოსვლა ისე, რომ ამ სიაში არ ხართო. ეს თავად განსაჯეთ, მე კი ასე მიცხოვრია-მეთქი, ვუპასუხე. მაშინ ბატონმა აკაკიმ მითხრა, წავიყვანოთ ჩვენი დევიდ ბარეტი იტალიურ ან ბერძნულ სამზარეულოში და ქართულად აღვნიშნოთ მისი ღვაწლიო. მართლა დავპატიჟეთ. გახარებულმა ბარეტიმ მეორე კვირას თავის მამულში მიმიწვია. იქ საოცარი რამ ვნახე – ქართულმა კულტურამ, საქართველომ ინგლისელი კაცი გააქართველა, ჩვენ რა გვჭირს ასეთი გაქართველებული ინგლისელიც რომ არ დავინდეთ და ჯაშუშად გამოვაცხადეთ. იქ ბატონმა აკაკი რამიშვილმა მითხრა – ჩემი ოჯახის კარი თქვენთვის მუდამ ღიაა, ლონდონში რომ დაბრუნდებით, მეწვიეთო. ვესტუმრე და ვნახე – ნოე რამიშვილის არქივი და ბიბლიოთეკა, თვითონ აკაკი რამიშვილის არქივი და ბიბლიოთეკა, ემიგრანტული ლიტერატურის ნაწილი. წარმოგიდგენიათ, კომუნისტური რეჟიმის დროს გაზრდილი კაცისთვის ეს რა იქნებოდა: მას შემდეგ შემეყარა ქართული ემიგრანტული ლიტერატურის ბაცილა თუ ვირუსი. ვთხოვე, ბატონო აკაკი, გამატანეთ-მეთქი ეს საქართველოში. მან შეიცხადა – შვილო, შენ თავი გადადებული ხომ არ გაქვს, ეს რომ წაიღო, დაგიჭერენო. ვუპასუხე: სხვანაირად არ შემიძლია, მე აქ დაკარგული საქართველო, ქართული კულტურა, ნამდვილი ქართული ლიტერატურა, თავისუფალი ქართული პრესა ვიპოვე-მეთქი. დამთანხმდა. მოვუყარე თავი ნაწილს, მაგრამ ეს აჭარბებს გადასატანი ტვირთის წონას. რა ვქნა, ფულიც არა მაქვს. მოსკოვიდან გამატანეს 5 გირვანქა სტერლინგი და მითხრეს, თუ არ დაგხვდებიან ჰიტროუზე, ეს გჭირდება იმისთვის, რომ დაჯავშნულ სასტუმრომდე მიხვიდეთ. იქ კი, ინგლისის მხარე ჩაგიბარებთ და ყველა ხარჯს ის აანაზღაურებსო. ფული არ დახარჯოთ, თორემ მეორედ ვეღარ ეღირსებით წასვლასო. ის 5 გირვანქა სტერლინგი მართლაც უკან დავუბრუნე მოსკოვს.

ლონდონში ორი კაცი დამიახლოვდა – ერთი საკავშირო ტელევიზიის კორესპონდენტი იყო იური კობალაძე, მეორე – რადიოს კორესპონდენტი ვალერი მაისურაძე. თურმე, ორივე “კგბ”-ს თანამშრომელი იყო (იური კობალაძე დღეს ცნობილი გენერალია). მე რა ვიცოდი. ყოველდღე მაკითხავდნენ, მირეკავდნენ, მანქანით მომსახურეობას მთავაზობდნენ. მთლად სულელი არ ვარ, მაგრამ მაინც არ მიფიქრია როგორ, ანდა, რატომ მიპოვეს ამხელა ლონდონში, ანდა რატომ მეფერებიან ასე. მე ისინი შემიყვარდნენ, როგორც კარგი ქართველი ბიჭები. ერთხელ ვეკითხები ვალერის, როგორ მოხვდი ინგლისში-მეთქი. მიპასუხა – პუშკინის ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ორი თვით ახალციხეში კურსებზე გაგვიშვეს და ის იყო ვამთავრებდი, რომ მოვიდნენ და იკითხეს, ერთი ადგილია ლონდონში საკავშირო რადიოს კორესპონდენტად, თუ ვინმემ იცის კარგად რუსული და ინგლისური და სურვილი აქვს, გავაგზავნითო. ავწიე ხელი და გამომიშვეს. ვფიცავ ჩემს სამ შვილს და ორ შვილიშვილს, მაშინ ეჭვი არ შემიტანია. ალბათ, ვალერი მაისურაძემ იფიქრა, ეს ჩემზე უარესი “კაგებეშნიკია”, თორემ ან ეს როგორ დაიჯერა, ანდა საერთოდ, რას მეკითხებაო. ასე იყო თუ ისე, მე ეს გავიგე გვიან, როცა თბილისში წერილი გამომატანა მამასთან. დავრეკე და მამამისთან უშიშროებაში, ინაურის მოადგილის, ბატონ ნოდარ მაისურაძის კაბინეტში აღმოვჩნდი.

მაგრამ მაშინ მთავარი ინგლისიდან ემიგრანტული ლიტერატურის გადმოტანა იყო. მოკლედ, იური კობალაძეს ვუთხარი – სამი შვილი მყავს, რაღაც ორი კაპიკი მომრჩა, რაღაცეები შევიძინე, ტვირთი ძალიან დამიმძიმდა, ფული არ მაქვს. იქნებ ან ჰიტროუზე გადამატანინო ან ფული გადამიხადო-მეთქი. კიო – მაშინვე დამთანხმდა. თავისი “ვოლვოთი” გამომაცილა და იური კობალაძის წყალობით (ისე, რომ არც იცოდა!) აკაკი რამიშვილის მიერ გადმოცემული ის ემიგრანტული ლიტერატურა კომუნისტური რეჟიმის დროს გამოატარეს, როგორც ცენტრალური ტელევიზიისთვის მისი სპეცკორის მიერ გამოგზავნილი ტვირთი. არც არავის გაუსინჯავს და არც არაფერი შეუმოწმებიათ. ასე ჩამოვიტანე პირველი ტვირთი, რაც შეეხება შემდეგ ჩამოტანას – როგორც აკადემიის წარმომადგენელს, აკადემიკოსმა გიორგი კონსტანტინეს ძე სკრიაბინმა დიპლომატის სტატუსი მომცა, რადგან დედოფალ ელისაბედის აკადემიის საპატიო სტუმრად ვითვლებოდი. ღია მქონდა მთელი ბრიტანეთის იმპერიის კარი – გიორგი კონსტანტინეს ძემ დღესაც არ იცის, რომ არქივი და ბიბლიოთეკა მეორედ ასე ჩამოვიტანე… ასე შეიქმნა ქართული ემიგრაციის მუზეუმი. ამის საფასურად მე არაფერი მომითხოვია და კიდევ აქეთ ჩირქს მცხებენ… ვერ მომცხებენ, თვითონ ბინძურდებიან!

დაბოლოს, სულ ახალ ამბავს გეტყვით – ამის მოწმეები ავთანდილ იოსელიანი და ავთანდილ მარგიანი არიან. ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენებასთან დაკავშირებით თათბირი გვქონდა და იგორ გიორგაძე მარგიანის კაბინეტში მეუბნება: ბატონო გურამ, რაც ვერ შეძლო კომუნისტურმა “კგბ”-მ, იქნებ გავაკეთოთ ჩვენ, ახლა ხომ ეროვნული უშიშროება გვაქვს, ითანამშრომლეთ ჩვენთან, ბოლოს და ბოლოს, ბერნარდ შოუ ბრიტანეთის დაზვერვის ჯაშუში იყო… ჩემი პასუხი: ბატონო იგორ, სიამოვნებით ვითანამშრომლებ, ოღონდ ორი პირობით: – მე ბერნარდ შოუსთანა გენიალური მწერალი უნდა გამხადოთ, ხოლო საქართველო ბრიტანეთისთანა იმპერიად აქციოთ-მეთქი…

 

მაია ფურცელაძე
“ალია”, #102, 27-28 აგვისტო, 1996
 

 

 

რუბრიკა “უხერხული კითხვები”

 

“ქალებთან კონფლიქტი უღირსი მამაკაცების საქმეა!”

(დასასრული)

 

– ბატონო გურამ, თქვენ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ბრძანდებოდით. ამბობენ, რომ ქალბატონმა იზა ორჯონიკიძემ “გამოგაგდოთ” მუზეუმიდან, მართალია? საერთოდ, რას იტყვით, თქვენსა და ქალბატონ იზას შორის კონფლიქტზე?

– იცით, ეს მართლაც უხერხული კითხვაა. შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, რომ ჩემსა და იზა ორჯონიკიძეს შორის მომხდარ ფაქტს “კონფლიქტს” უწოდებთ. ქალებთან კონფლიქტი უღირსი მამაკაცების საქმეა. მე – გურამ შარაძეს, რა მაქვს იზა ორჯონიკიძესთან საკონფლიქტო?

– ისე, ინფორმაცია ზუსტია? მართლა “გამოგაგდოთ” მუზეუმიდან?

– გიამბობთ ფაქტს და კვალიფიკაცია თავად მიეცით. მაშინ უკვე ზვიად გამსახურდია იყო ხელისუფლებაში. იზა ორჯონიკიძე ამ დროს განაწყენებულთა რიცხვშია, რატომ – ვერ გავიგე. მახსოვს, სოლომონ მეორეს ნეშტი რომ გადმოვასვენეთ, სიონის ტაძართან ქ-ნი იზა ზვიადს ერთი საათის განმავლობაში აქებდა. ვინ ავალებდა, ვინ სთხოვდა. ამის ვიდეოჩანაწერი მაქვს. უცებ კი ერთმანეთთან დაპირისპირებულები აღმოჩნდნენ…

ჩემი წერილი იბეჭდებოდა “საქართველოს რესპუბლიკაში” და გამომცემლობის სტამბაში, მესამე სართულზე, აფოფინებული და გაბრაზებული იზა შემხვდა. ჩვენ ვმეგობრობდით. ერთგან დაწერა – მე და გურამ შარაძე კურსელები ვართო, მაგრამ ტყუილია, არც კურსელები ვართ და არც ერთ ფაკულტეტზე გვისწავლია. უხერხულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ იგი ჩემზე ცოტა უფროსი ბრძანდებოდა. არ ვიცი, რაში დასჭირდა ამის თქმა. ერთი სიტყვით, მაშინ ვმეგობრობდით, საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა და სულ ჩემს ქებაში იყო. გადამეხვია, გადამკოცნა და მითხრა: გაზეთ “საქართველოში” ჩემი წერილი იბეჭდება მუხრან მაჭავარიანის წინააღმდეგ, იქ მივდივარ და რა კარგია, რომ შემხვდი, გეძებდიო. მე რა შუაში ვარ-მეთქი, ვკითხე. ზვიად გამსახურდია სამსახურიდან მაგდებს, მუხრან მაჭავარიანის რეკომენდაციით ჩემს ადგილზე გივი ძნელაძეს აგზავნის. იცი, მე რა სადირექტორო ქალიც ვარ, მაგრამ ეს თანამდებობა მჭირდება. ლიტერატურის ინსტიტუტი მე ხომ დავაქციე, გივი კი სულ ხელს მოუთავებს. შენ შემოგევლე, გურამ, იქნებ ჩემს ადგილზე შენ მოხვიდეო. ვუთხარი – დამანებე თავი იზა, რაში მჭირდება მუზეუმის დირექტორობა, შარში არ გამხვიო-მეთქი. ასე ცივად დავშორდით.

მერე მაშინდელ კულტურის მინისტრთან, ჩვენს დიდ მხატვარ ბატონ ედმუნდ კალანდაძესთან მისულა და უთქვამს – მე უნდა გადავდგე, ჩემს ადგილზე გურამ შარაძე დანიშნეთ, მუზეუმში იცნობენ, უყვართ. მეც ნაკლებ შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს და რაც მთავარია, გივი ძნელაძე მუზეუმს დააქცევსო (მაპატიოს ბატონმა გივიმ, ასეთ უხერხულ სიტუაციაში რომ ვაგდებ, მაგრამ მეტი გზა არა მაქვს). დამიბარა ედმუნდ კალანდაძემ, უარი ვუთხარი. მერე მიბარებს თემურ ქორიძე – მაშინდელი უზენაესი საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და მეუბნება – იზა ორჯონიკიძემ მუზეუმის დირექტორის პოსტზე თქვენი კანდიდატურა შემოგვთავაზა (ალბათ, ედმუნდ კალანდაძის პირით) და რას იტყვითო. არ მინდა-მეთქი, უარი ვუთხარი. მაშინ ბატონმა თემურმა ზვიად გამსახურდიას დაურეკა. პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ მე მათ საუბარს ვისმენდი (დამიმოწმებს თემურ ქორიძე, აცხონოს ღმერთმა ზვიადის სული). ბატონმა ზვიადმა უპასუხა – მე მუხრან მაჭავარიანს პირობა მივეცი, რომ დირექტორად გივი ძნელაძე უნდა დავნიშნოთ და ჩემს სიტყვას ვერ გადავალო. მთელ საქართველოს რომ ჰგონია თანამდებობაზე ზვიად გამსახურდიამ დამნიშნა, სინამდვილეში ეს იზა ორჯონიკიძის დამსახურებაა. მოკლედ, საუბარი რამდენიმე ხანს გაგრძელდა. ბოლოს, ზვიადი მოლბა და უთხრა – მე თანახმა ვარ, ოღონდ, მუხრანს შენ დაელაპარაკეო. საღამო ხანს მუხრან მაჭავარიანი მირეკავს და მეუბნება – გურამ, დირექტორობა თუ გინდოდა, რატომ არ მითხარიო. მე კი არ მინდა, ასე უნდათ იზა ორჯონიკიძეს და თემურ ქორიძეს-მეთქი. არა, რადგან ჩამაწვეთეს ყურში, შენ მართლაც დიდ საქმეებს გააკეთებ იქ, სჯობს შენ დაგნიშნონ, გივის კი მე დაველაპარაკები და ბოდიშს მოვუხდიო. ასე რომ, მუხრან მაჭავარიანმა, ზვიად გამსახურდიამ, თემურ ქორიძემ და ედმუნდ კალანდაძემ იზა ორჯონიკიძის თხოვნით, ომითა და ბრძოლით, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორად დამნიშნეს.

ამის შემდეგ მე და იზა ედმუნდ კალანდაძესთან მივედით და მან სთხოვა – ბრძანებაში ნუ ჩამიწერ, რომ ცუდი მუშაობისთვის მათავისუფლებთო. მეც ამის სათხოვნელად მიმიყვანა. არადა, ამ დროს მუზეუმში მომხდარია ხანძარი, მისი კაბინეტიდან ჩასულმა წყალმა არქივში მასალები დააზიანა, კოლექტივი მის წინააღმდეგ ამხედრებულია და ა.შ. ასეა თუ ისე, ბრძანება მართლაც უბრალოდ დაიწერა – გათავისუფლდეს იზა ორჯონიკიძე, დაინიშნოს გურამ შარაძე. ახლა მისი შემდეგი პირობა – გურამ, კაბინეტს ისეთ დროს გადმოგაბარებ, არავინ დაინახოსო. ამიტომ მე, ედმუნდ კალანდაძე და ქ-ნი იზა მუზეუმში დილაადრიან მივედით, ჩუმად, არავის რომ არ დავენახეთ და მან კაბინეტი გადმომაბარა. მესამე პირობა – გურამ, მუზეუმის მანქანას ვერ მოგცემ, გთხოვ, კაცურად, ერთ თვეს კიდევ ვივლი, სანამ ჩემს მდგომარეობას შევეგუებიო. დავეთანხმე (მერე, ის მანქანა ომის დროს გაიტაცეს, ვინც ეს გააკეთა, იმის სინდისზე იყოს!). ყველაფერი გავუკეთე. კოლექტივში მასზე ერთი სიტყვა ძვირი არ მითქვამს და არც სხვას ვათქმევინე.

გამოხდა ხანი. მოხდა გადატრიალება. იზა ორჯონიკიძე ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა: პრეზიდენტმა სამსახურიდან მომხსნა, უმუშევარი ვარ. შვიდი სული მყავს სარჩენი, მათ შორის ორი ავადმყოფიო. ის ვერ იკადრა, რომ ეთქვა შარაძემ სკამი წამართვაო, მაგრამ ხომ ყველამ იცის, ვინ ვის სავარძელში ზის? რა გამოვიდა, მე გამსახურდიასთან მივედი, იზა მოვახსნევინე და ლუკმა წავართვი. მაშინვე ტელეფონს ვეცი, ჩვენს საერთო მეგობარს, ნელი ბენაშვილს დავურეკე და ვთხოვე, იზა სასწრაფოდ დამიკავშირდეს-მეთქი. იზა მაშინ შინ არ ათევდა, იმალებოდა. მალე მართლაც დამირეკა. საყვედური რომ ვუთხარი, მიპასუხა – კი, მაგრამ შენ ხომ არ მიხსენებიხარო. ვუთხარი – მუზეუმში ამის შემდეგ მე ფეხს აღარ დავადგამ-მეთქი. მართლაც, მივედი, შევკრიბე თანამშრომლები და გამოვაცხადე – იზას ლუკმის წასართმევი არაფერი მჭირს, აქ ვეღარ ვიმუშავებ, არც გაბედოს ვინმემ და დარჩენა არ მთხოვოს-მეთქი. მას შემდეგ იქ ფეხი აღარ დამიდგამს. მოვლენებს ცოტა წინ გავუსწრებ და აქვე გეტყვით, კოლექტივმა 64-კაციანი განცხადება დაწერა კულტურის სამინისტროს სახელზე და ჩემი დაბრუნება მოითხოვა. ეს განცხადება შემდეგ ქ-ნმა იზამ ხელში ჩაიგდო და ყველა მათგანი “გაანადგურა”.

იმ პერიოდში გადამდგარი ედმუნდ კალანდაძის ნაცვლად კულტურის მინისტრის მოვალეობას ბატონი გია ანთაძე ასრულებდა. დავურეკე იზას, კულტურის სამინისტროში დავიბარე ბ-ნ გიასთან. მახსოვს, შაბათი დღე იყო და გია საგანგებოდ მოვიყვანე. იზა დაქექილი ქურქით მოვიდა, მაგრამ მუზეუმში დაბრუნებაზე უარი მითხრა. როგორ ჩანს, გადატრიალების შემდეგ უფრო დიდ თანამდებობას ელოდა. ვუთხარი – შენი სატელევიზიო განცხადების გამო მუზეუმში უნდა მიგიყვანო და მერე თუ უნდათ, პრემიერ-მინისტრად დაგნიშნოთ-მეთქი. გია ანთაძესთან ერთად ჩემი მოთხოვნით თენგიზ სიგუასთან წავედით (დამიმოწმებენ თენგიზ სიგუა და მასთან იმ დროს კაბინეტში მყოფი ელდარ შენგელაია), მათაც გავუმეორე: თქვენ კარგად იცით, რომ ზვიად გამსახურდიას ჩემი დანიშვნა არ უნდოდა. იცით, რომ იზა ორჯონიკიძის რეკომენდაციით დავინიშნე. ახლა ეს ქალბატონი ხმებს მივრცელებს, თითქოს თანამდებობა მე წავართვი. გაბარებთ განცხადებას და კაბინეტის გასაღებს. მე თანამდებობებისთვის არასოდეს მიბრძოლია, საქმისთვის კი-მეთქი, წამოვედი. მერე ქ-ნი იზა კოლექტივმა არ მიიღო, ბარიკადები მოუწყვეს, კარი აუჭედეს. მაგრამ, ბოლოს თავისი გაიტანა, ხოლო ჩემი მომხრეები მართლაც გამოაგდო მუზეუმიდან. ეს რომ მდომებოდა, მეც იმ ხალხის გვერდით დავდგებოდი, მაგრამ იქ ღირსეულად მივედი და ღირსეულადაც წამოვედი. მან და ამ ხმების გამავრცელებლებმა კი სწორედ ეს ვერ მაპატიეს.

– ბატონო გურამ, 1985 წლის 17 იანვარს გაზეთ “კომუნისტში” დაიბეჭდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გივი მიქაძის წერილი “საწუხ არს ესე”, სადაც საუბარია იმაზე, რომ თქვენს მიერ უცნობად წოდებული ილია ჭავჭავაძის წერილები ოლღა გურამიშვილისადმი, საკუთარ აღმოჩენად მიიწერეთ, ჯერ კიდევ 1951 წელს შალვა გოზალიშვილმა გამოაქვეყნა წიგნში “ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები”…

1976 წელს ჟურნალ “განთიადში” #2, გურამ ფანჯიკიძემ შეგახსენათ ისიც, რომ არც უნგრეთში აღმოგიჩენიათ 300-მდე არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთი. ამ ცნობილ კოლექციაზე, რომელიც უნგრელ არქეოლოგსა და მეცენატს გრაფ ევგენი ზიჩის ეკუთვნის, არსებობს ლასლო ფერენცის წიგნი და მასზე ცნობებს გ. ჯავახიშვილის ნაშრომშიც ვხვდებით…

იმავე ჟურნალში რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ლევან ჭრელაშვილი ბრალს გდებთ, მისი ნაშრომის “შოთა რუსთაველის მეოთხე პორტრეტის” მითვისებაში, რომელიც მოგვიანებით გამოგიქვეყნებიათ სათაურით “პოეტის თუ შაჰის პორტრეტი” (“საბჭოთა ხელოვნება”, #14, 1974).

– გმადლობთ, რომ ამდენი იშრომეთ და ასე გადაამოწმეთ ყველაფერი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოში ჩემს დარგში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დოქტორი ვიყავი.

– დოქტორი რომ გახდით, რამდენი წლის ბრძანდებოდით?

– 35-ის. კარიერის თვალსაზრისით, ძალიან დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ. სამეცნიერო მწვერვალი ხომ დავიპყარი, ახლა უმაღლეს აკადემიურ წრეებში ხელმძღვანელ თანამდებობებზეც შეიძლებოდა გზა გამხსნოდა. ჩემს მიმართ ამხელა ბოღმის დაგროვებას მაშინდელი ცკ-ს პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემაც შეუწყო ხელი, როცა ჩემდამი პატივისცემა აშკარად გამოხატა და განაცხადა, გურამ შარაძის დაუძინებელი მკითხველი ვარო. გადაირია ხალხი, ყველაზე ახალგაზრდა დოქტორი, ალექსანდრე ბარამიძის უსაყვარლესი მოწაფე, ახლა კიდევ შევარდნაძის ეს სიტყვები (მაშინდელი შევარდნაძის დღევანდელთან შედარებაც კი არ შეიძლება, ქვეყანას აზანზარებდა). დაფაცურდნენ მოშურნენი… ახლა კიდევ ერთ ფაქტს გიამბობთ:

“კომუნისტში” ჩემი წერილების სერია “ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე” იბეჭდებოდა. გიორგი ბედინეიშვილი იყო რედაქტორი. ინგლისიდან რომ ჩამოვედი, მასალები ჩამოვიტანე, ათგვერდიანი მიმოხილვითი ხასიათის წერილი გავაკეთე და მივუტანე. მითხრა – შენ ისეთი მასალები გქონია, მოდი გაგრძელებებით დავბეჭდოთო. დაწერილი არ მაქვს-მეთქი. არა უშავს, თანდათან დაწერეო. “კომუნისტში” მაშინ ასეთი რუბრიკა იყო “საკვირაო საკითხავი”, კვირიდან კვირამდე შესაძლებლობა მქონდა მასალა წარმედგინა. შევთანხმდით. მართლაც, დავიწყეთ ბეჭდვა. მთელი საქართველო ფეხზე დადგა და უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ბატონი გიორგიც სიხარულით ცას ეწია. მაშინ “კომუნისტი” 900-ათასიანი ტირაჟით გამოდიოდა. წერილების სერიალს თითქმის ვამთავრებ. ორშაბათია. მირეკავს ბედინეიშვილი და შეშფოთებული მეუბნება: სასწრაფოდ რედაქციაში მოდი, საქმე მაქვს შენთან, სატელეფონო საუბარი არ არისო. ედუარდ შევარდნაძე და იმ დროს მისი თანაშემწე, ფილოსოფოსი, პროფესორი რეზო ბალანჩივაძე დამემოწმებიან. ცკ-ს ორშაბათის თათბირზე შევარდნაძეს მაგიდაზე მუშტი დაურტყამს და უთქვამს: ბატონო ჟორა, როდემდე უნდა მიშლიდეთ ხელს მუშაობაში. მე თქვენ ამის საშუალებას კვირიდან კვირამდე არ მაძლევთო. ბატონი გიორგი ისედაც წნევიანი კაცი იყო, სუსტი გული ჰქონდა, წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა. შეწუხდა, თურმე, და ძლივს ამოილუღლუღა – რაში გიშლით ხელს, ბატონო ედუარდ! მას უთქვამს: გურამ შარაძის წერილების მოლოდინში კვირიდან მეორე კვირამდე ვეღარ ვმუშაობ, ან შეწყვიტეთ ბეჭდვა, ანდა ყოველდღე გაუშვით და დაამთავრეთო. როგორ ეტყოდა ბატონი ჟორა, ბოლომდე დაწერილი არა აქვსო. ამიტომაც დამიბარა და მითხრა – მოიტანე, რაც დაგრჩა, ყოველდღე დავბეჭდოთ და დავამთავროთო. გაზეთში კი განცხადება გააკეთა: გურამ შარაძის წერილებთან დაკავშირებით უამრავი ბარათი მოგვდის, გვთხოვენ, ყოველდღიურად დავბეჭდოთ, ვასრულებთ მათ თხოვნასო.

ამ წერილების ციკლის დამთავრებისთანავე ედუარდ შევარდნაძე მიბარებს. ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. მეუბნება: თქვენ საქართველოსთან ინგლისი კი დააახლოვეთ, მაგრამ რუსეთი ჯერ კიდევ შორს არის, ვისურვებდი, ასეთივე ცოცხალი მასალა რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებზეც დაგეწერათ (შემდეგში, მართლაც დავწერე, “პეტრე დიდიდან ლევ ტოლსტოიმდე”, რითაც ვამაყობ!), თანაც გეორგიევსკის ტრაქტატიც მოდისო. არა, ბატონო ედუარდ, მე გეორგიევსკის ტრაქტატის აღნიშვნაში ვერ დაგეხმარებით, მაგრამ ილია ჭავჭავაძის 150 წლისთავი მოდის და დროა, იუბილესთვის მზადება დავიწყოთ-მეთქი. კი მაგრამ, რა დროს ეგ არის, მანამდე კიდევ ხუთი წელიაო. არა, ბატონო, 150 წელი საუკუნეში ერთხელ მოდის და მას ღირსეულად უნდა შევხვდეთ-მეთქი. დამთანხმდა. იმ საღამოსვე ბიუროს სხდომა მოიწვია და ჩემი თხოვნით გადაწყდა, რომ ილიას იუბილესთვის მზადება დაწყებულიყო. 1987 წელს, ილია ჭავჭავაძის იუბილე რომ გაიმართა, შევარდნაძე უკვე მოსკოვში იყო გადასული, საიუბილეოდ გამოსული ჩემი მონუმენტური “ილია ჭავჭავაძე” დამალეს და არ გამოაჩინეს, ხოლო ყველა საიუბილეო ღონისძიებიდან გამოძევებულ გურამ შარაძეს კი მოსაწვევი ბარათი ძლივს გამოუგზავნეს და პრეზიდიუმში ადგილებიც სავარძლების მაძიებლებს ეკავათ. ამ შურმა, მტრობამ თქვენ მიერ დასახელებული წერილები საქართველოს პრესაში გამოაქვეყნებინა ხალხს. პასუხი ერთზეც, მეორეზეც, მესამეზეც მაშინვე გავეცი (საინტერესოა, ჩემმა მტრებმა ჩემი იმ პასუხებით რატომ არ მოგამარაგეს?!). თანაც, ეს უკვე ჩავლილი მატარებელია და მეცოდებიან ისინი, ვინც ასეთი ბოღმით დღესაც არიან სავსენი.

აწ განსვენებულმა შალვა გოზალიშვილმა ბოდიში მომიხადა – შემაცდინეს და შენს წინააღმდეგ ამამხედრესო. ისე ცხონდეს მისი და ყველა ჩემი გარდაცვლილი ძვირფასი ადამიანის სული.

ერთი ეპიზოდიც: სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა ბესო ჟღენტმა თამარ ანდღულაძის პირით შემომითვალა – გურამმა აუცილებლად მნახოსო. მივედით მე და ქ-ნი თამარი ფურცელაძის ქუჩაზე, ბატონ ბესოსთან სახლში. კარი ქ-ნმა ეთერ გუგუშვილმა გაგვიღო. მოვიკითხე ბატონი ბესო, შევხედე და მივხვდი – დიდი დღე აღარ ეწერა. უცებ ბატონი ბესო აქვითინდა და მეუბნება: გურამ, რა დროს ჩავვარდი ლოგინად, ამას წინათ ილია ვეკუას ვესტუმრე აგარაკზე და იქ ვნახე შენი მტრები შეთქმულებას რომ გიწყობდნენ და პრეზიდენტს (ილია ვეკუა მაშინ აკადემიის პრეზიდენტი იყო და მე მასთან შემავალ რუსთაველის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად ვმუშაობდი) ეხვეწებოდნენ – უნდა გავსრისოთ ის გველის წიწილიო! გურამ, გაფრთხილდი, ვწუხვარ, რომ გვერდში ვეღარ დაგიდგებიო!

აი, ამ შეთქმულების ნაყოფია ის თქვენი ჩამოთვლილი და კიდევ სხვა არჩამოთვლილი წერილებიც!

– 1974 წლის 29 ივნისს გაზეთ “მოლოდიოჟ გრუზიიში” დაიბეჭდა ია მუხრანელის წერილი “ვოსხოჟდენიე კ ვერშინე”, რომელიც თქვენ გეძღვნებათ. მასში შეტანილია ინგლისელი მეცნიერის დევიდ ლანგისა და უნგრელი მეცნიერის ლაიოშ ტარდის გამონათქვამები თქვენზე. ბრალს გდებენ იმაში, რომ  რედაქცია შეცდომაში შეიყვანეთ, რადგან იმ ცნობილ მეცნიერებს მსგავსი არაფერი გამოუქვეყნებიათ და ეს მხოლოდ თქვენი ფანტაზიის ნაყოფია.

– ეს შეკითხვა ია მუხრანელს უნდა დაუსვათ. გააუბედურეს, გადატრიალების დროს შვილი მოუკლეს. მგლოვიარეა და კიდევ არ ასვენებენ. ტყუილია, რა თქმა უნდა. მაგ წერილში ჩემი სურათიც არის, სადაც ზოლიანი პერანგი მაცვია. რა ვქნა, გარდაცვლილია ის კაცი და ამიტომაც გვარს არ დავასახელებ. ერთ-ერთმა პროფესორმა ის სურათი ამოჭრა და მოსკოვში “ვაკში” გააგზავნა: შეხედეთ, ეს “მალჩიშკა”, როგორ შეიძლება, დოქტორი იყოსო. გამომიძახეს. ჩავედი მოსკოვში. სამი წელიწადი მაწვალეს. ჩავიდოდი, ერთ “დანოსს” ვუპასუხებდი, მეორეს აგზავნიდნენ. იქ ერთი აკადემიკოსი იყო, ბორის ფილინი. მითხრა – გურამ სევერიანოვიჩ, დარაგოი, შენს თანამემამულეებს არ უნდა უხაროდეთ ასეთი ახალგაზრდა დოქტორი რომ ხარ, განა ეს ერის ღირსება არ არისო? მეორე რუსი აკადემიკოსი მოისყიდეს და დაწერა: შარაძეს იმიტომ არ ეკუთვნის დოქტორის ხარისხი, რომ მან დისერტაცია თეიმურაზ ბაგრატიონზე დაიცვა, რომელიც “დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში” არ არის შეტანილიო. გამომიძახეს და უარი მითხრეს. პირველი ბრალდება ის იყო, რომ თემა არადისერტაბელურიაო. მერე კი – არც ერთხელ არ არის მითითებული მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსებიო. ვუპასუხე – მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსებს დიდი სიამოვნებით დავიმოწმებდი, მაგრამ ჩემი დისერტაციის გმირი მათზე ერთი საუკუნით ადრეა დაბადებული-მეთქი. რაც შეეხება ენციკლოპედიას – ქსეროსზე გადავიღე ყველა რუსული ენციკლოპედიიდან თეიმურაზ ბაგრატიონს რაც ეხებოდა და მივაწერე – ამ თქვენს აკადემიკოსს ენციკლოპედიით სარგებლობის წესი არ სცოდნია, რადგან ეს პიროვნება ბაგრატიონზე უძებნია, სინამდვილეში თეიმურაზ ცარევიჩზე უნდა მოეძებნა-მეთქი. ეს იყო სკანდალი! საშინელება! ის კაცი “ვაკის” წევრობიდან გარიცხეს, მე კი დოქტორის ხარისხი ერთხმად მომანიჭეს. ბედნიერი ვარ, რომ ამისთანა მტრები დღემდე მდევენ და დღეს ეს საუბარი მაიძულეს.

– პროფესორი რომელ წელს გახდით?

– 1978 წელს, როცა ტექსტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად დამნიშნეს.

– თქვენ ბრალს გდებენ იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აწერდით, როგორც პროფესორი გურამ შარაძე. სინამდვილეში ეს წოდება არ გქონდათ.

– ესეც ტყუილია! ჩვენთან სხვა წესებია: უნივერსიტეტში, მაგალითად, ამისთვის პედაგოგიური სტაჟი უნდა გქონდეს. აკადემიაში კი ოთხი მეცნიერების კანდიდატი, ასპირანტი უნდა გყავდეს გაზრდილი (მე გაცილებით მეტი გავზარდე). მე ამას გარდა, უკვე რამდენიმე წელია ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორიც ვარ. ჩემი პროფესორობით თავი არასოდეს მომიწონებია. მე მხოლოდ ჩემს გვარსა და სახელს ვწერდი. ახლა ორი აკადემიის აკადემიკოსიც ვარ, მაგრამ ამას არ ვწერ. მე მოსკოვის “ვაკის” უმძიმესი კანონების დროს მივიღე ტიტული. ეს შრომის დაფასებაა. ჩემი ხალხის სიყვარული და მხარდაჭერა კი, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი, ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის.

 

მაია ფურცელაძე
“ალია”, #103, 29-30 აგვისტო, 1996
 

 

2 Responses to “უხერხული კითხვები”

  1. Valorie Morlock ამბობს:

    Most of the times blogs are the same but i think you can add some value. Bravo !

  2. Mac ამბობს:

    What a great blog. Good job

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s