გადასახლება

“თურქი-მესხები”

***

სიცრუეა, რომ ე.წ. ,,თურქი-მესხები’’ მამა აბრამის ბატკნებივით იქცეოდნენ, სტალინმა კი უსაფუძვლოდ გადაასახლა

ინტერვიუ გურამ შარაძესთან

– ბატონო გურამ, ამ რამდენიმე დღის წინ ,,კავკასიურ სახლში’’ ნაირა გელაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მან კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა თქვენს მიერ ბოლო ხანს გაზეთებისთვის მიცემული ინტერვიუები და განაცხადა, რომ თურქი-მესხები საქართველოს ღვიძლი შვილები, ჩვენი სისხლი და ხორცია, ისინი უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში, საქართველოში, კერძოდ, მესხეთში. რა კომენტარს გაუკეთებთ ნაირა გელაშვილის პრესკონფერენციას და იქ წარმოთქმულ ფრაზებს?

– თქვენ თვითონ ბრძანდებოდით გელაშვილის პრესკონფერენციაზე?

– მე თვითონ არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩვენმა გაზეთმა ,,ახალმა თაობამ’’ გააშუქა ,,კავკასიურ სახლში” გამართული თავყრილობა. ასე რომ, ჩემთვისაც და ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილია ნაირა გელაშვილის პრესკონფერენციის შესახებ.

– სამწუხაროდ, ამჯერადაც არ დავსწრებივარ ქალბატონი გელაშვილის პრესკონფერენციას, უბრალოდ, არ დავუპატიჟებივარ. ძნელია ადამიანთან ურთიერთობა… მოსმენითა და გადმოცემით კაცმა შეიძლება ბევრი რამ გაითვალისწინოს, მაგრამ გელაშვილთან დაპირისპირებას არც ვცდილობ. ქალბატონ გელაშვილს შეიძლება ხელს აძლევდეს და ეამაყებოდეს ჩემთან კამათი და ხმაური, მაგრამ მასთან კონფლიქტს არ ვაპირებ. მე მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც ჩვენი ერის წარსულს, სამართალს, საერთაშორისო ნორმებსა და საპარლამენტო ცხოვრების წესს ემყარება. სხვანაირად ამ თემაზე საუბარი პოლიტიკისაგან შორს დგომას ნიშნავს, რისი უფლება, არც პოლიტიკოსს აქვს და არც პოლიტიკაში გარეულ თუ მოსულ მწერალ ქალბატონს. ჩემი პოზიცია ცალსახაა, არავითარი უფლება არ მაქვს, ვაწარმოო თუ ვაკეთო ,,კერძო პოლიტიკა” ჩემი გუნება-განწყობილებისა და სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით. როგორც პარლამენტის წევრსა და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომლის უშუალო კომპეტენციაში ე.წ. ,,თურქ-მესხთა’’ საკითხიც შედის, ემოციებზე და საკუთარ განწყობილებაზე აყოლის უფლება არ მაქვს. ჩემთვის რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, უნდა ვიხელმძღვანელო საპარლამენტო, საკანონმდებლო, საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმებით და ისტორიული ჭეშმარიტებით.

– ბატონო გურამ, მაპატიეთ, მაგრამ მე მაინც ტერმინის შესახებ უნდა გკითხოთ. რამდენად სამართლიანი, პროფესიული ტერმინია ,,თურქი-მესხი”. არსებობს ასეთი ერი, თუ ეს ხელოვნურად შექმნილი სახელია?

– ასეთი ეროვნება არ არსებობს. ჩვენ რომ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩავებით, სამწუხაროდ, ასეთი ტერმინი დაგვხვდა. ზოგი ამბობს ,,თურქ-მესხს”, ზოგს, კი, რომელსაც ამ ტერმინის წარმოთქმა ეჩოთირება, წინ უმატებს ,,ეგრეთ წოდებულს”.

– თქვენ რომელ ტერმინს იყენებთ საუბრისას?

– ,,ეგრეთ წოდებულ თურქ-მესხს” ვხმარობ იმისთვის, რომ გავაგებინო ჩემს მტრებს ან მოყვრებს, თუ რაზეა საუბარი. საქართველოში სანამ ახალ ტერმინს გამოიგონებდნენ და მიხვდებოდნენ, რა ამბავია ჩვენს თავს, ვფიქრობ არავითარი დანაშაული არ იქნება, თუ ვახსენებთ ასე – ,,ე.წ. თურქი-მესხი”.

ბატონო გურამ, რამდენი კაცისგან შედგება ფერღანის ველიდან გამოდევნილთა ლაშქარი, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს საქართველოში, კერძოდ, მესხეთში ჩასახლებას?

– ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ მათი რიცხობრივი რაოდენობა 200 ათასიდან 300 ათას კაცამდე მერყეობს.

– რამდენი გადაასახლეს აქედან 1944 წელს?

– 1944 წელს 100 ათასიდან 120 ათასამდე კაცი გადაასახლეს.

– ზოგადად ჩემთვის ცნობილია, მაგრამ ალბათ ფართო საზოგადოებითვის ინტერესმოკლებული არ იქნება, კიდევ ერთხელ ბრძანოთ იმის შესახებ, თუ რატომ გადაასახლეს სტალინმა და ბერიამ ეს ხალხი. რა იყო ამის ძირითადი მიზეზი?

– ვინც ამ საკითხზე საუბრობს და უწყინარ კრავებად სურთ ე.წ. ,,თურქი-მესხების” გასაღება, სასტიკად ცდებიან. მათი მსჯელობა ცალმხრივია და აბსურდული. ისინი ჩვენი უახლოესი წარსულის ელემენტარულ საკითხებში ვერ ერკვევიან და ალბათ, არც სურთ გაერკვნენ. როგორც ამბობენ, ,,ნეტ დიმა ბეზ ოგნია’’. ამ ქვეყნად ტყუილუბრალოდ არაფერი ხდება. ჯერ ამ ხალხის ეროვნებაზე ვილაპარაკოთ თუ არა?

– რა თქმა უნდა. თქვენ ყველაფერი უნდა გვითხრათ, რაც ე.წ. ,,თურქ-მესხებზე’’ იცით.

– კი, ბატონო. ჯერ უნდა გავარკვიოთ ამ ე.წ. ,,თურქ-მესხების” კონგლომერატის მოსახლეობის რაოდენობის ქვეშ ვინ იგულისხმება. იყვნენ თუ არა ისინი ყველანი ქართველები სარწმუნოების გათვალისწინების გარეშე? იყვნენ და არიან ეს ხალხი მესხები, თუ აქ სხვა ერების წარმომადგენლებიც არიან გარეული? პასუხი ცალსახაა და ერთადერთი. რა თქმა უნდა, ხალხის ამ დიდ მასაში სხვა ერებიც იყვნენ გარეული. აქ იყვნენ როგორც ქართველები (ვგულისხმობ მუსლიმან ქართველებს), ასევე ძალიან დიდი რაოდენობით სუფთა თურქები. აქ იყვნენ გამაჰმადიანებული სომხები ანუ ხემშილები, ასევე თურქმანები, ანუ თარაქამები. ასე რომ, მოსახლეობა ძალიან ჭრელი იყო. ჩვენ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, პროცენტულად ვინ რამდენი იყო, მაგრამ ის კი ნამდვილად სარწმუნოა, რომ ეროვნული შემადგენლობით ე.წ. ,,თურქი-მესხები” არ იყვნენ მხოლოდ თურქები და არც მხოლოდ ქართველები.

– ბატონო გურამ, მე რა მაინტერესებს, იცით, გამაჰმადიანებული ქართველების რა წილი იყო გადასახლებულ ხალხში?

– არ შემიძლია ეს ვთქვა. უბრალო მაგალითს მოვიტან: ზოგიერთი გამაჰმადიანებული ქართველი კედელთან რომ დააყენო და თოფი მიუშვირო, მაინც იტყვის, თურქი ვარო. ზოგ თურქს, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ათქმევინო, ქართველო ვარო, მაგრამ გამაჰმადიანებული ქართველი რომ დახვრიტო, თავისას არ გადათქვამს. აქ, რა თქმა უნდა, გამონაკლის შემთხვევებზეა საუბარი. ამით რა მინდა გითხრათ, იცით? ამ ხალხში (გადასახლებულები მყავს მხედველობაში) გამაჰმადიანებული ქართველებიც იყვნენ, სუფთა თურქებიც, ქურთებიც, თარაქამებიც და ხემშილებიც. ასე რომ, ეროვნული თვალსაზრისით სრული სიჭრელე იყო.

– როგორი იყო ამ ხალხის ეროვნული შეგნება, თუ ასეთი რამ საერთოდ გააჩნდათ?

– თავიანთი შეგნებით ისინი იყვნენ და დღესაც არიან თურქები. საქვეყნოდ ვაცხადებ, ეს არის თურქული ორიენტაციის ხალხი. როგორც კი მეორე მსოფლიო ომმა იფეთქა, მათ გამოააშკარავეს და გამოხატეს თურქოფილური, პროთურქული პოზიცია. ძალიან ცდილობდნენ მაშინდელი სსრკ-თურქეთის საზღვრის გახსნას. ისინი ტყეებშიც კი გაიჭრნენ, შექმეს პარტიზანული შეიარაღებული რაზმები, თავს ესხმოდნენ და აწიოკებდნენ ძირძველ ქართულ მოსახლეობას, ხელს უწყობდნენ სახელმწიფო საზღვრის დარღვევას, თურქეთთან საგანგებო კავშირების დამყარებას. ამის მოწმე და მნახველი ათობით და ასობით ქართველია, მაგრამ ცოცხალ მაგალითს გეტყვით: თბილისის ტექნიკური ბიუროს უფროსი, ბატონი ოთარ შენგელია თავადაა მომსწრე იმ საშინელებებისა, რასაც ე.წ. ,,თურქი-მესხები” გადასახლებამდე, ე.ი. 1944 წლამდე მესხეთში ჩადიოდნენ. ბატონი ოთარი მაშინ ბავშვი იყო. მისი მამა ადიგენის რაიონში მუშაობდა ექიმად. ბატონ ოთარს დღესაც აქვს ადიგენის რაიონში მამაპაპისეული სახლი და მეპატიჟება. თვითონ სურს გამიძღვეს წინ, გამიწიოს მეგზურობა, კიდევ ერთხელ მაჩვენოს ის საფლავები, რომლებშიც ე.წ. ,,თურქი-მესხების” ხელით დახოცილი და დაწიოკებული ქართველები წვანან. ბატონი ოთარი იმ ტყეების ჩვენებასაც მპირდება, სადაც ე.წ. ,,თურქი-მესხები” იყვნენ გაჭრილი და იარაღით ჟლეტდნენ, სახლებს უწვავდენენ, ჯვარზე აკრავდნენ ქართველებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბატონი ოთარი თავადაა მოწმე, რომ ეს ხალხი თურქეთის საზღვარს ხსნიდა და სახელმწიფოს ღალატობდა. აი, სწორედ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით მოხდა 1944 წელს ე.წ. ,,თურქი-მესხების” გადასახლება მესხეთიდან უზბეკეთში, კერძოდ, ფერღანაში. თითო-ოროლა გადასახლებული შეიძლება ნამდვილად იყო უდანაშაულო, ასეთი პროცესების დროს ეს ხდება, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ეს ხალხი იყო უდანაშაულო, მამა-აბრამის ბატკანივით იქცეოდა და სტალინმა სრულიად უსაფუძვლოდ გადაასახლა, წმინდა წყლის სიცრუეა. ეს ან არ იციან ჩემმა ოპონენტებმა, ან განგებ იბრმავებენ თვალებს და ჩვენი დაბრმავებაც სურთ.

– დაახლებით ორი წლის წინ, როცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ პრესკონფერენცია გამართა, მას ე.წ. ,,თურქი-მესხების” სამშობლოში შესაძლო დაბრუნების შესახებაც ჰკითხეს. შევარდნაძემ მაშინ ჟურნალისტებს დაახლოებით ასეთი პასუხი გასცა – უნდა შევიმუშავოთ 20-30 წლიანი პროგრამა და ეტაპობრივად უნდა გადავწყვიტოთ ამ ხალხის დასახლების პრობლემაო. თქვენ რა აზრის ბრძანდებით, იმ კუთხეში, სადაც საქართველოს ძალიან უჭირს, რას გამოწვევს იმ 300 ათასი კაცის ჩასახლება, რომლებიც დაუფარავად აცხადებენ: ,,მი ტურკი”. თუ არ ვცდები, ადიგენის, ახალციხისა და ახალქალაქის რაიონებში მოსახლეობა ისედაც მცირემიწიანობას უჩივის. სად ჩაასახლებენ კიდევ 300 ათას კაცს?

– ის ე.წ. პოლიტიკოსები თავს რომ იტყუებენ და ჩვენც გვატყუებენ, გვეუბნებიან – ,,თურქი-მესხები” ასე ამბობენ – ოღონდ შემოგვიშვით და სადაც გინდათ, იქ დავსახლდებითო. ეს სიცრუეა. ე.წ. ,,თურქი-მესხების” აბსოლუტურ უმრავლეობას მხოლოდ და მხოლოდ მესხეთში დასახლება სურს.

– ე.ი. თურქეთის საზღვართან ახლოს სურთ ცხოვრება?

– დიახ. მე სულ ვამბობ იმას, რომ, პირველ რიგში, მიმღები მხარის რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი. ამ შემთხვევაში მიმღებ მხარეში საქართველოს რეფერენდუმზეა საუბარი. თუ ე.წ. ,,თურქი-მესხებს” მარტო მესხეთში სურთ ჩასახლება, უნდა ჩავატაროთ მესხეთის მოსახლეობის გამოკითხვა – მიიღებენ თუ არ მიიღებენ მათ? თუ ,,თურქი-მესხები” თანახმა არიან საქართველოს ნებისმიერ კუთხეში დასახლებაზე, მაშინ მთელი საქართველოს მოსახლეობას უნდა მივმართოთ იმავე კითხვით. დარწმუნებული ვარ, არც იმერეთში და არც აჭარა-გურია-სამეგრელოში არა აქვთ ამ ხალხის მიღების სურვილი. საქართველოს ხელისუფლებას მესხეთში სვანეთიდან და აჭარიდან სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებული ჩასახლებული მოსახლეობისთვის ვერ მიუხედავს. მთელი ამ ათი წლის მანძილზე ხალხი უსახურავო, ცელოფანგადაკრულ სახლებში ცხოვრობს. მათთვის სკოლაზე, ნორმალურ ჩაცმა-დახურვაზე, კულტურულ მომსახურეობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ნუთუ არ ჯობია, ამ ე.წ. ,,კავკასიური სახლის” ,,პოლიტიკოსებმა”, პირველ რიგში, მესხეთისა და სრულიად საქართველოს ძირძველი ქართული მოსახლეობის დასახლებაზე, მოწყობაზე, მათთვის ელემენტარული პირობების შექმნაზე იზრუნონ? როგორც ჩანს, ,,კავკასიური სახლისთვის” უზბეკეთიდან ლტოლვილები უფრო ახლოა, ვიდრე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ბომბებითა და ტყვიებით გამოდევნილი ხალხი. მე მგონია, ელემენტარული ლოგიკიდან გამომდინარე, უზბეკეთიდან გამოდევნილ, გაურკვეველი ეროვნების ხალხზე უფრო ახლოს ჩვენთვის აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი გამოწვეული ტკივილია. მაგრამ ე.წ. ,,თურქი-მესხების” საქართველოში ჩამოსახლების მომხრეები ძალიან საეჭვოდ იქცევიან, ხმას არ იღებენ სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნებაზე და 50 წლის უკან სსრკ-ის დროს გასახლებულ ე.წ. თურქ-მესხებზე თავს იკლავენ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

დიმიტრი ჩუბინიძე
,,ახალი თაობა”, 22 იანვარი, 1998

***

,,გელაშვილები, მამულიები და შენგელაიები ხალხს უმალავენ და სურათს ისე ხატავენ, თითქოს მე სუფთა სისხლის ქართველი თურქად მიმაჩნდეს”

გაგრძელება

– ბატონო გურამ, რატომ უნდა აგოს პასუხი დამოუკიდებელმა საქართველომ საბჭოთა კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელობის ჩადენილ ცოდვაზე? საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ რუსეთმა გამოაცხადა თავი და თავადვე მიხედოს ამ პრობლემას.

– აი, სწორედ მივადექით იმ საკითხს, რაზედაც დაწვრილებით მინდოდა მესაუბრა. საქართველომ მართლაც რატომ უნდა აგოს პასუხი საბჭოთა კავშირის ჩადენილ ცოდვაზე? დღევანდელმა საქართველომ თავი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა. საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ კი რუსეთია გამოცხადებული. რუსეთის ფედერაციას იმ მოტივით, რომ ის სსრკ-ის სამართალმემკვიდრეა, ჩვენთვის ერთი გემი და ზარბაზანი არ მოუცია და გარდა ამისა, იკითხეთ, რამდენი მილიონი დოლარის ღირებულების ქონება დარჩა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას რუსეთის და თუ საზღვარგარეთის ბანკებში. ისიც იკითხეთ, თუ მისცეს საქართველოს კომპარტიას იმ საერთო ქონებიდან ერთი დოლარი ან ერთი კაპიკი. დალოცვილო, კომუნისტური პარტია აქაც იყო, რუსეთშიც იყო. ჩვენ კაპიკი არ დაგვრჩა. სამხედრო სფეროში ქართველებმა დიდი სისხლი დაღვარეს მეორე მსოფლიო ომის დროს. დღეს კი, ერთ ზარბაზანს და გემს არ გვაძლევენ, ე.ი. მაინცდამაინც ე.წ. ,,თურქი-მესხების” საკითხში ვართ ჩვენ მემკვიდრე? კარგი, კარგი, ვთქვათ, ასე იყოს, მაგრამ რატომ მარტო ჩვენ? ასე რომ, 1944 წელს მომხდარი პოლიტიკური ტრაგედია საბჭოთა კავშირის მაშინდელ ერთ განაპირა კუთხეში მოხდა და ამ შემთხვევაში საქართველო ცალკე არ უნდა განვიხილოთ. მაშინდელი საბჭოთა კავშირის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში – უზბეკეთში – გადაასახლეს ის ხალხი, თან სახელმწიფომ თავის თავზე აიღო სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებულთა ტრანსპორტირებისა და გარკვეულ ადგილზე დასახლების პასუხისმგებლობა. კი მაგრამ, უზბეკეთში – ფერღანაში, 1989 წელს ტრაგედია მოხდა და სისხლის ტბები დააყენეს, რატომ არ ვთხოვთ მაშინდელი უზბეკეთის ხელმძღვანელობას პასუხს? ნიშანოვი, უზბეკეთის წარმომადგენელი საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოში რომ გამოვიდა და ცინიკურად განაცხადა, ფერღანაში არავითარი ომი და ტრაგედია არ მომხდარა, ბაზარში ,,კლუბნიკების’’ ორი კალათის გამო წაიჩხუბნენო, ეს უნდა შერჩეს ნიშანოვს, სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა უნდა შერჩეს ფერღანისა და უზბეკეთის ხელისუფლებას, იქ ე.წ. ,,თურქი-მესხების” მიერ ათეული წლების მანძილზე შექმნილი სიმდიდრე და დოვლათი უნდა შერჩეს და დარჩეს უზბეკებს და მათგან უმისამართოდ გამოყრილი ხალხი ჩვენ?

ასე რომ, თუ მაინცდამაინც პასუხისმგებლობაზე და ამ ხალხის პრობლემების გადაწყვეტაზე მიდგება საქმე, აქ ჩვენი ე.წ. პოლიტიკური მოწინააღმდეგეები უნდა ჩაუფიქრდნენ და განაცხადონ, რომ მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ მაშინდელი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაცია, საქართველო და უზბეკეთი, რომელმაც აყარა და ფერღანიდან გამოყარა ეს ხალხი.

– კი მაგრამ, უზბეკებმა რატომ გამორეკეს ე.წ. ,,თურქი-მესხები”?

– ეგეც ვიკითხოთ. ჩვენ ის ვიცით, რომ აქედან ისინი საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გარკვეული მოსაზრებების საფუძველზე გაასახლეს და მოწმეები, როგორც გითხარით, დღესაც არიან საქართველოში, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ე.წ. ,,თურქმა მესხებმა” ჩაიდინეს ღალატი. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომში მათ დაიჭირეს ფაშისტური გერმანიის მოკავშირე თურქეთის მხარე. თუ რატომ მოხდა ფერღანის ტრაგედია, როგორი ორიენტაცია აიღეს, რა ქნეს, ვის უღალატეს, ეს მე არ ვიცი და რომც ვიცოდე, მაინც არ ვიტყვი. ჩემი ოპონენტებისაგან მოვითხოვ და მიპასუხონ – რატომ მოხდა 50 წლის შემდეგ ამ ხალხის გამოყრა ფერღანიდან? თქვენ რომ წეღან მკითხეთ, იმ გადასახლებული 100 ათასი კაციდან პროცენტულად რამდენი იყო ქართველი და რამდენი არაქართველიო, ამის საპირისპიროდ გკითხავთ, ახლა რომ 300 ათასი კაცი, სამჯერ მეტი მოდის და მესხეთში დაბრუნებას ითხოვს, მათში რამდენია პროცენტულად ქართველი, ქართული ენის მცოდნე, ან საქართველოში დაბადებული? მე თვითონვე გიპასუხებთ, სადღაც 10-15 პროცენტი, დანარჩენი ყველა გაზრდილი და დაბადებულია უზბეკეთში, მუსლიმანურ სამყაროში, არაქართულ გარემოში.

– ბატონო გურამ, თუ გისაუბრიათ ამ ხალხთან პირისპირ?

– როგორ არა.

– რას ამბობენ ისინი?

– ისინი ამბობენ, რომ ქართველები არიან. უმეტესობა ახალგაზრდებია. მათ ქართული ისწავლეს, აქ გაიარეს სამსახური ქართულ ჯარში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში. გესიამოვნება ამ ბავშვებთან საუბარი. მე მაგათ ვეუბნები – კი მაგრამ, მე რომ 150 კაცის ადგილს ვყოფ ქვოტის წესით ყოველწლიურად საქართველოში შემოსვლის მსურველებზე, უკვე მესამე წელია, თქვენ რატომ ერთხელ არ მომმართეთ, იმ სამასი ადგილით ისარგებლა თურქმა, სომალელმა, ავღანელმა, არაბმა, ინდოელმა, თქვენ რატომ არ ისარგებლეთ-მეთქი? მათ არ დაუწერიათ არც ერთი განცხადება, რომ ისინი ქართველები არიან. აი, ამ 10-15 ქართულად მოლაპარაკე და ქართულ ჯარში საგანგებოდ შეყვანილი ბავშვების უკან დგას 295 ათასი, თუ 300 ათასიანი არმია, რომელმაც არც ქართული იცის, არც ჩვენზე აქვს რაიმე წარმოდგენა. სწორედ იმ 10-15 ბავშვით უნდათ მიმაღებინონ ახალი კანონი, რომ დაბრუნდეს 300 ათასი. სული რომ მისდით ის ქართველები, კი ბატონო, დაბრუნდნენ, ორი წლის მანძილზე გამოყოფილი 300 ადგილი ცოტაა? ამ ხნის მანძილზე არც ერთს განცხადება არ დაუწერია, რომ იმიგრაციის კანონით ითხოვდნენ საქართველოში მიღებას. არა, ისინი ითხოდენ საგანგებო კანონს ე.წ. ,,თურქ-მესხებზე”, რომ ყველანი აქ შემოვიდნენ 10-15 ქართულად მოლაპარაკე ბავშვების დროშის ქვეშ, ნურას უკაცრავად, მე ესენი ვერ მომატყუებენ.

– ბატონო გურამ, თქვენზე რაიმე ზეწოლა ხომ არ არის?

– რა მნიშვნელობით?

– იმ მნიშვნელობით, რომ მხარი დაუჭიროთ 300 ათასი ე.წ. ,თურქი-მესხის’’ საქართველოში, კერძოდ, მესხეთში ჩამოსახლებას.

– რა თქმა უნდა, მე თქვენ გაჩვენებთ ე.წ. ,თურქი-მესხების’’ ყრილობის რეზოლუციას. ამ ყრილობას სარვაროვი ხელმძღვანელობდა. მათ მთელ მსოფლიოს, მათ შორის შევარდნაძესა და ჟვანიას, გამოუგზავნეს მიმართვები, სამარცხვინო ბოძზე გააკრეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება, რომლის თანახმადაც, შევარდნაძე საქართელოდან გასახლებულებს უკან მხოლოდ ქართველობის ნიშნით აბრუნებს. ასევე სამარცხვინო ბოძზეა გაკრული ეს ბრძანებულება იმის გამოც, რომ ე.წ. ,,თურქი-მესხები” საქართველოს ყველა კუთხეში უნდა დაბრუნდნენ, რათა გამოირიცხოს მათი კომპაქტური დასახლებები. იმასაც გაიძახიან, საქართველოს ხელისუფლება ჩვენი მისამართით ,,ეგრეთ წოდებულს” ამბობს, არავითარი ,,ეგრეთ წოდებული”, ჩვენ თურქი მესხები ვართ, ჩვენ ვართ თურქები, ვბრუნდებით მხოლოდ და მხოლოდ მესხეთში და არსად სხვაგან. მოგვეცით ჩვენს ენაზე სწავლა-განათლების, კულტურული ცხოვრების, რელიგიური მსახურების უფლებაო. ქართული მათ არ იციან, მაშ რომელია მათი მშობლიური ენა? რა თქმა უნდა, თურქული, ე.ი. გამოდის, რომ მესხეთი, საქართველოს ძირძველი და სისხლხორცეული ნაწილი, მეჩეთებით უნდა აივსოს. ამას ჩემი მოწინააღმდეგეები – ქალბატონი გელაშვილები, მამულიები და შენგელაიები ხალხს უმალავენ, თითქოს მე სუფთა სისხლის ქართველები თურქებად მიმაჩნია. ე.წ. ,თურქი-მესხები’’ თვითონ წერენ, თვითონვე აცხადებენ, ძალიან გთხოვთ გამოაქვეყნოთ თქვენს გაზეთში მათი ყრილობის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომ ისინი არიან ,,თურქი მესხები’’, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან მესხეთში და დედას გვიტირებენ… იმ 295 ათასს ე.წ. ,,თურქ-მესხთან” ათანასწორებენ 5 ათას ქართველს. ის ხალხი გვიმეორებს და გვემუქრება – აბა, მოდი და ეროვნული ნიშნით დააბრუნე გადასახლებულებიო.

– ბატონო გურამ, ე.წ. ,,თურქი-მესხების” პრობლემა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობასთან ერთად აგორდა. როგორ ფიქრობთ, ალბათ აქაც რუსეთის სპეცსამსახურებმა აგვირიეს საქმე, არა?

– რა თქმა უნდა. ამის დამამტკიცებელი ფაქტია ისიც, რომ ამ მცირე ხნის წინ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, ყველა თურქი მესხი დაბრუნდება საქართველოში. ეს იყო შეგნებული გაყალბება, რუსებმა ამით ორი კურდღელი დაიჭირეს, ჯერ საქართველოს პრეზიდენტს შეუქმნეს საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე პრობლემები და მეორე ის, რომ ააგულიანეს ე.წ. ,,თურქი-მესხები”, აი, საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა და მისი ძალით სამშობლოში ვბრუნდებითო, ეს არის სიცრუე. საქართველოს პრეზიდენტს არავითარი ასეთი ბრძანება არ გამოუცია, საუბარია მხოლოდ ქართული ორიენტაციის მესხების სამშობლოში დაბრუნებაზე.

– დღეს სად ცხოვრობენ ფერღანის ველიდან აყრილი და გამოგდებული ე.წ. ,,თურქი-მესხები”?

– დღეს ისინი აზერბაიჯანის, ჩრდილო კავკასიისა და რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

– როგორია მათი ცხოვრების პირობები, კარვებში ცხოვრობენ თუ…?

– ზოგი კარავში ცხოვრობს, ზოგს მილიონი აქვს, ესაა უმდიდრესი ხალხი. ძალიან საეჭვოდ ჩანს, რომ ამ მდიდარი ხალხის დაბრუნებაზე ბევრი ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსი თავს იკლავს და სამაჩაბლო-აფხაზეთიდან ლტოლვილ ქართველებს არაფრად აგდებს. მათთვის თითსაც არ ანძრევენ, გულს არ იტკიებენ.

– გამიგია და თქვენც საუბარში არაერთხელ ბრძანეთ, რომ ფერღანის ველიდან გამოდევნილები, საერთოდ, არ აცხადებენ პრეტენზიას ქართველობაზე, გარკვევით ამბობენ, რომ ისინი თურქები არიან, თურქი მესხები და სურთ, თავიანთ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება. რასთან გვაქვს საქმე? მაშინ, როცა პიროვნება საზოგადოებრივ მოღვაწეობასა და პოლიტიკოსობაზე სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს და ამბობს, რომ ის 300 ათასი დევნილი სუფთა ქართული სისხლის, გენის მატარებელია და ვინც საქართველოში არ შემოუშვებს, მოღალატეაო?

– ხომ გითხარით, ეს არის ელემენტარულად, უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც სხვათა თვალის ასახვევად უცოდინრობაზე ან შეგნებულად გამიზნულ დეზინფორმაციაზეა აგებული. ეს ჩემთან მაგათ არ გამოუვათ.

დიმიტრი ჩუბინიძე
,,ახალი თაობა”, 23 იანვარი, 1998

***

,,მესხეთში თუ ე.წ. “თურქი-მესხები” ჩაასახლეს, სამაჩაბლო და აფხაზეთი მონაგონი იქნება”

გაგრძელება

– თქვენ როგორ ფიქრობთ, თუკი სასწაული მოხდა და ე.წ. “თურქი-მესხები” მესხეთში ჩაასახლეს, მოვლენები საქართველოში როგორ განვითარდება?

– ჩემს მტერს, რომ ეს მოხდეს. სანამ ცოცხალი ვარ და პირში სული მიდგას, ჩემი ჩემი მხრიდან და ჩემი ხელით ეს არ გაკეთდება, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, თვით მამა ღმერთსაც კი არა აქვს წარმოდგენილი, რა დატრიალდება საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში. ერთი რამის თქმა შემიძლია – სამაჩაბლო და აფხაზეთი მონაგონი იქნება.

– ის ხალხი შეიარაღებული მოდის?

– მე მაქვს აბსოლუტურად დადასტურებული ცნობები, რომ ე.წ. თურქ-მესხთა” დიდი ნაწილი თურქეთშია გადასული და საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს ხდება მათი კომპაქტური ჩასახლება.

– ამას, ალბათ, თურქეთის ხელისუფლებაც უწყობს ხელს?

– რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თურქეთის ხელისუფლების სანქციით ხდება. იქ ერთი ან ორი სახლი იმისთვის კი არ შენდება, რომ ვიღაცამ ხვნა-თესვა და მშვიდობიანი ცხოვრება დაიწყოს, არამედ ეს იქნება პლაცდარმი, დროებითი თავშესაფარი, რათა იქიდან იარაღის ძალით მოხდეს შტურმი. ასეთ ცეცხლს ეთამაშებიან ჩვენი ე.წ. “პოლიტიკოსები” ამ “ძირძველი ქართული გენის მატარებლი ხალხის” ბედზე საუბრისას.

– ბატონო გურამ, თუ არ ვცდები, ე.წ. თურქი-მესხები” არც მალავენ, რომ მესხეთში დაბრუნების შემთხვევაში ქვას ქვაზე არ დატოვებენ.

– მეც მაგას ვამბობ და ლამის ჯვარს მაცვან, ამ ანგელოზ ხალხს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებსო.

– მესხეთში მცხოვრები ნამდვილი ქართველები რას ამბობენ ე.წ. “თურქი-მესხების” ჩამოსახლებასთან დაკავშირებით. თანახმა არიან, მიიღონ მათი “ძმები”?

– კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

– სომხური მოსახლეობა რა აზრისაა?

– სომხებიც კატეგორიული წინააღმდეგი არიან, რადგან ქართველებთან ერთად სომხებმაც, როგორც ქრისტიანებმა, ძალიან დიდი შევიწროება განიცადეს ე.წ. “თურქ-მესხთაგან”. ისე, სომხები სამხრეთ საქართველოში 1828 წელს ჩაასახლეს, როცა კავკასიის მთავარმართებელმა პასკევიჩმა თურქეთის საფაშოებიდან ლტოლვილი სომხები ჩამოიყვანა საქართველოში. ასე რომ, სომხებიც, მესხეთის მკვიდრ და ძირძველ მოსახლეობად რომ მოაქვთ თავი, ე.წ. “თურქი-მესხების” ჩამოსახლების კატეგორიული წინააღმდეგი არიან.

– საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, თუნდაც ის სპეციალური სამსახურები, რომელთაც ამის გაკეთება და ხელმძღვანელობა ევალებათ, თუ ღებულობენ რაიმე ზომებს იმისათვის, რომ ადგილობრივი ქართული მოსახლეობა თქვენ მიერ ხსენებული შტურმისგან დაიცვან?

– სიმართლე გითხრათ, სპეციალური სამსახურების კომპეტენციაში არ ჩავრეულვარ და ამის უფლებას არც არავინ მომცემს, მაგრამ ჩვენს ძალოვან სამსახურებში ნამდვილად არიან ისეთი ქართული შეგნების ხელმძღვანელები, რომ თავიდან ბოლომდე გაითვითცნობიერონ ის საფრთხე, რაც ე.წ. “თურქი-მესხების” სახით გვემუქრება. მით უმეტეს, მათ უკვე დაამტკიცეს, რომ ისინი ჩვენს მხარეს არიან.

რამდენიმე თვის წინ, როცა როკის გვირაბიდან ავტობუსებით ე.წ. “თურქი-მესხების” შემოსვლის მცდელობა იყო, ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურებმა უკან გააბრუნეს და გორამდეც არ შემოუშვეს ისინი. გაიგონ გელაშვილებმა და სხვებმა – როცა ავტობუსები გააჩერეს და ჩვენებმა ე.წ. “თურქ-მესხებს” ჰკითხეს, სად მიდიხართო, მხოლოდ მესხეთშიო – ასეთი პასუხი მიიღეს. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მათ მადლობა გადამიხადეს მე და მითხრეს: “კიდევ გვეეჭვებოდა, თქვენ რასაც მაგათზე ამბობდით. ახლა კი საბოლოოდ დავრწმუნდით, ყველაფერში მართალი ხართ”.

– ბატონო გურამ, წმინდა ანთროპოლოგიური თვალსაზრისითაც თურქია ის 300 ათასი კაცი?

– მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ისევე, როგორც არ შემიმუშავებია მეთოდი, სისხლის ანალიზით გავარკვიო, რომელია ქართველი და რომელი თურქი, ასევე ანთროპოლოგიურადაც კავკასიური რასა ძალიან ძნელი გამოსარჩევია. თვით ქართველებშიც კი ზოგი ისეთი ქერაა და ცისფერთვალება, გერმანელს ჰგავს. არსებობს კოლხური, აღმოსავლეთქართული გენეტიკური კოდი. რამდენი ქართველია, ისეთი შავია, რომ ტალახისგან ვერ გაარჩევ. ასეთ დონეზე ე.წ. “თურქ-მესხებთან” საუბარი ჩვენთვის დამღუპველია და ჩვენს არაკომპეტენტურობასა და საქმეში ჩაუხედაობას მოასწავებს.

– ბატონო გურამ, მაინც როგორ მოგვარდება ე.წ. “თურქი მესხების” პრობლემა? უზბეკეთში მათ ალბათ არავინ მიიღებს.

– რატომ, უზბეკებს რატომ ვეფერებით ასე, კაცო? აი, ესაა უბედურება, საქართველოში ყველაფერი შეიძლება, ჩვენთან უნდა იყოს ინტერნაციონალიზმის ოაზისი. უზბეკებს კი თურმე ვერავინ გაუბედავს, რომ მათ მიერ სისხლით და ტყვიით გამოდევნილ ხალხზე სიტყვიერი, მორალური ან მატერიალური პასუხისმგებლობა იკისრონ. მე სხვა დიდ სახელმწიფოებზე არაფერს ვამბობ, კუდი ყავარზე რომ აქვთ. ვკითხოთ უზბეკებს, ვკითხოთ საერთაშორისო წესით – რატომ მოხდა ამ ხალხის აყრა, რა დანაშაული ჰქონდათ მათ უზბეკი ხალხის წინაშე, რომ ასე სასტიკად და არაადამიანურად მოეპყრნენ, გენოციდი მოუწყეს.

– ეს საკითხი საქართველოს მთავრობას უზბეკების წინაშე არ დაუყენებია?

– რა თქმა უნდა, არ დაუყენებიათ. რატომ დააყენებდნენ, როცა გელაშვილები და გელაშვილისნაირი პოლიტიკოსები ამაზე თავსაც არ იწუხებენ და, პირიქით, ხელისუფლების თუ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც ამ საკითხზე საწინააღმდეგოდ რეაგირებენ, საქვეყნოდ ლანძღავენ.

– ფერღანას ველზე რომ ტრაგედია დატრიალდა, იქ ქართველი ტელეოპერატორები, ჟურნალისტები ჩავიდნენ და იქაური მოხუცი კაცი, დიასამიძე, ალაპარაკეს. ეს უკანასკნელი ქართულად საუბრობდა. ამბობენ, რომ ბევრი ე.წ. “თურქი-მესხი” სპეციალურად გადადიოდა წარჩინებულ ისტორიულ ქართულ გვარზე (ბარათაშვილი, ციციშვილი, დადიანი, ჩხეიძე, დიასამიძე, თავდგირიძე…) და ამ საფარქვეშ ქრისტიან ქართველებს ჯვარზე აკრავდა. თქვენ რას იტყვით?

– მე არ წავიდოდი ფერღანაში მაგის საძიებლად, მით უმეტეს, კიდევ უფრო შორეულ რეგიონებში. აგერ, თბილისში გაიკითხ-გამოიკითხეთ, რამდენი გუშინდელი ქურთი თუ სომეხი გაქართველდა. გუშინ და გუშინწინ რომ ქურთები და სომხები იყვნენ, დღეს ბარათაშვილებად, ანდრონიკაშვილებად და ბარგატიონებად ეკურთხნენ. გემოვნება კარგი აქვთ. ნაკლებ გვარს არ კადრულობენ, ბატონო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. აი, კიდევ ერთი დამღუპველი მაგალითი – შესახედაობით ან გვარით ქართველობის გამორკვევა.

– ბატონო გურამ, მეც ვგრძნობ, რა უბედურება შეიძლება მოჰყვეს ე.წ. “თურქი-მესხების” საქართველოში ჩამოსახლებას, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, რა შემთხვევაში დაუშვებდით თუნდაც ნახევარი პროცენტით ამ ხალხის დაბრუნებას?

– მხოლოდ და მხოლოდ მიგრაციის კანონით, ვინც დაამტკიცებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მე სხვა გამოსავალს ამ ეტაპზე უზარმაზარი მასის გაურკვეველი ეროვნების ანთროპოლოგიის, ფსიქოლოგიური თუ ფილოსოფიური შეხედულებების ხალხის პრობლემის მოსაგვარებლად ვერ ვხედავ, მით უმეტეს, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ პრეზიდენტი, ყოველ შემთხვევაში, მისი ინტერვიუები, სტრიქონებს შორის წარმოთქმული სიტყვები ჩემს მხარეზეა.

– ბატონი ასლან აბაშიძის პოზიცია როგორია ე.წ. “თურქი-მესხების” პრობლემასთან დაკავშირებით?

– ბატონ ასლანთან, რადგან ეს საკითხი უშუალოდ აჭარის რეგიონს არ ეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მისაუბრია. აჭარას თავისი სატკივარი აქვს. რა უყოს, არ იცის, სტიქიური უბედურებების დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტულ აჭარლებს. ასე რომ, ბატონ ასლანთან ამ კონტექსში მე საუბარი არ მქონია.

– თუ შეიძლება, საბოლოოდ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია იმ “გულმხურვალე პატრიოტებთან” მიმართებაში, რომლებიც მოითხოვენ, რომ “ჩვენი ძმები, “თურქი-მესხები”, დაბრუნდნენ საქართველოში”.

– მე მათ მოვუწოდებ, გონს მოეგონ. ისინი არამარტო თავიანთ თავს, უპირველესად, საქართველოს ღუპავენ. ეყო საქართველოს, კმარა საქართველოსგან ამდენი მსხვერპლი და სისხლი ჯერ ინტერნაციონალიზმის, შემდეგ კი ამ გულშემატკივრული პოზიციებიდან.

– გმადლობთ.

დიმიტრი ჩუბინიძე
,,ახალი თაობა”, 24 იანვარი, 1998

3 Responses to გადასახლება

  1. Nancey Esponda says:

    Most what i read online is trash and copy paste but your blog is different. Bravo.

  2. Sherie Corter says:

    I am pleased that I discovered this site, exactly the right info that I was looking for! .

  3. dodo says:

    ძალიან კარგი სტატია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s