“თურქი-მესხები”

 

  • ,,შარაძე პრეზიდენტის ბრძანებულების წინააღმდეგ ილაშრებს’’, ,,რეზონანსი”, 26 დეკემბერი, 1996
  • ,,ახალგაზრდა ივერიელი”, 8-14 დეკემბერი, 1997
  • ,,საქართველომ ყველას მაგივრად უნდა აგოს პასუხი და თავზე ნაცარი დაიყაროს”, ,,ახალი თაობა”, 13 იანვარი, 1998
  • ,,სიცრუეა, რომ ე.წ. ,,თურქი-მესხები’’ მამა აბრამის ბატკნებივით იქცეოდნენ, სტალინმა კი უსაფუძვლოდ გადაასახლა’’, ,,ახალი თაობა”, 22 იანვარი, 1998
  • ,,გელაშვილები, მამულიები და შენგელაიები ხალხს უმალავენ და სურათს ისე ხატავენ, თითქოს მე სუფთა სისხლის ქართველი თურქად მიმაჩნდეს”, (გაგრძელება), ,,ახალი თაობა”, 23 იანვარი, 1998
  • “მესხეთში თუ ე.წ. “თურქი-მესხები” ჩაასახლეს, სამაჩაბლო და აფხაზეთი მონაგონი იქნება”, (გაგრძელება) “ახალი თაობა”, 24 იანვარი, 1998  
  • საქართველოში ე.წ. ,,თურქი-მესხების” დაბრუნება ახალი რესპუბლიკის შექმნის საშიშროებას ქმნის’’, ,,ახალი თაობა”, 18 მარტი, 1998
  • ,,შარაძე მამულიას წინააღმდეგ – მუდმივი თემა’’, ,,დილის გაზეთი”, 1 აპრილი, 1998
  • ,,7 თვეში საქართველოში ახალი ბომბი აფეთქდება, ან ევროსაბჭოდან გამოგდება, ან მესხების დაბრუნება’’, ,,სარკე”, 20-26 სექტემბერი, 2000
  • ,,თურქი-მესხები საქართველოს სამშობლოდ არ თვლიან’’, ,,7 დღე”, 13-19 ოქტომბერი, 2000
  • ,,ჩამოასახლებენ თუ არა თურქ-მესხებს საქართველოში? გურამ შარაძე პირობას დებს, რომ არა!’’, ,,დილის გაზეთი”, 13 ოქტომბერი, 2000
  • ,,გურამ შარაძე სამყაროს წინააღმდეგ”, ,,ახალი თაობა”, 14 ნოემბერი, 2000
  • თურქი-მესხები” ახალციხის საფაშოს შექმნას და თურქეთთან მიერთებას მოითხოვენ’’, “ალია”, 29-31 იანვარი, 2005
  • ,,რა სიკეთე ვნახეთ ევროსაბჭოში გაწევრიანებით?!’’, ,,ახალი თაობა”, 30 მარტი, 2005
  • ,,თურქი-მესხებისთვის 25 ათასი კოტეჯია გამზადებული‘’, ,,ახალი თაობა”, 16 აპრილი, 2005

***

შარაძე პრეზიდენტის ბრძანებულების წინააღმდეგ ილაშრებს

25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტმა პრესკონფერენცია გამართა. კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ შარაძემ, მთელი ყურადღება საქართველოში ე.წ. თურქი-მესხების ჩამოსახლების საკითხს დაუთმო.

კომიტეტის თავმჯდომარის უკმაყოფილების მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება გახდა. ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ 300 ათასზე მეტი თურქი-მესხის მესხეთ-ჯავახეთში დასასახლებლად სახელმწიფო სახსრების სრული მობილიზაცია უნდა მოხდეს და პროგრამა 2000 წლამდე უნდა შესრულდეს.

ბრძანებულების მიხედვით, შექმნილია სპეციალური კომისია ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, ვალერი ვაშაკიძის თავმჯდომარეობით და იმავე სამინისტროს რეპატრიაციის სამსახურის უფროსის, გურამ მამულიას მოადგილეობით.

გურამ შარაძის თქმით, ბრძანებულება პარლამენტის გვერდის ავლითაა გაცემული. ამას გარდა, 1992 წელს ქალაქ ბიშკეკში ხელმოწრილია შეთანხმება სტალინი-ბერიას რეჟიმის დროს რეპრესირებული ხალხების მშობლიურ ადგილებში დაბრუნების შესახებ. საქართველომ ამ ხელშეკრულებას მაშინ ხელი არ მოაწერა და ამდენად, ე.წ. თურქი-მესხების მიმართ არავითარი ვალდებულება არ აქვს.

შარაძისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ხდება საკითხის ფორსირება. ,,საზღვრებს მომდგარი ხალხის ჩასახლება სამცხე-ჯავახეთში, სადაც ისედაც ნაღმია ჩადებული, კიდევ ერთ სახიფათო კერას წარმოქმნის ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა გურამ შარაძემ. მან იქვე დასძინა, რომ ,,პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს’’.

ლიკა ბასილაია
,,რეზონანსი”, 26 დეკემბერი, 1996

 

გურამ შარაძე, პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე:

,,დაწერეთ, დაბეჭდეთ მსხვილი ასოებით, როგორც გინდათ და გავაგებინოთ პრეზიდენტს, რომ გურამ მამულია მასაც ღუპავს და მთელ საქართველოსაც. ან ის ათი დეპუტატი რატომ არის პირში წყალჩაგუბებული? გამოვიდნენ და თქვან, მამულია მართალია და შარაძე მტყუანი. ვინმე უკრძალავს?.. მე, სანამ აქა ვარ, ამ ბინძურ თამაშში არ გავერევი. ბინძური კიდევ ცოტაა! მოსალოდნელ, სისხლისმღვრელ ომში არ გავერევი”.

,,ახალგაზრდა ივერიელი”, 8-14 დეკემბერი, 1997

 

 

,,საქართველომ ყველას მაგივრად უნდა აგოს პასუხი და თავზე ნაცარი დაიყაროს”

ინტერვიუ პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა

საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძესთან

– არსებობს აზრი, რომ საქართველომ უზბეკეთს ფერღანაში ე.წ. თურქ-მესხთა დაწიოკებისთვის პასუხი უნდა მოსთხოვოს, ხოლო უზბეკეთმა და ყაზახეთმა ამ ხალხის დაბრუნებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ფინანსები უნდა გამოყოს?

– უკეთესი იქნება დაგვეკონკრეტებინა: ,,არსებობს აზრი’’ – ეს ფრაზა კომუნისტების დროს იხმარებოდა. ჩვენ უნდა გადავეჩვიოთ გაურკვეველ საუბარს. ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ეს აზრი პირველად მე დავაყენე, აქამდე კი ცალმხრივად ცდილობდნენ საკითხის დაყენებას, ანუ 1944 წელს საქართველოდან თურქი-მესხების გასახლებაზე საქართველოს სთხოვდნენ პასუხს. მე ვაცხადებ, რომ საქართველო არ არის სსრკ-ის სამართალმემკვიდრე, ჩვენ ეს მემკვიდრეობა არც ეროვნული და არც სამხედრო ქონების გაყოფისას არ გვერგო. თურქ-მესხთა გასახლებაზე პასუხისმგებელი კი დღეისთვის მოსკოვია. საქართველო თუ დააბრუნებს თურქ-მესხებს, უზბეკეთმა ფერღანის ტრაგედიაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენგან ეს ხალხი უსისხლოდ გაასახლეს, თანაც ისინი 100 ათასი იყვნენ, დღეს ჩვენ იქ დაბადებულ 300 ათასი კაცის ჩამოსახლებაზე რატომ ვართ ვალდებულები? ასე რომ, ეს საკითხი მე დავსვი და ვიმეორებ, რომ 1944 წელს თურქ-მესხთა გასახლებაზე პასუხი სსრკ-ის სამართალმემკვიდრე რუსეთმა უნდა აგოს, ხოლო უზბეკეთმა ფერღანაში სისხლიანი ტრაგედიის გამო უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან საქართველოში დაბრუნების მსურველთა უმეტესობა სწორედ უზბეკეთიდან გამოძევებულები არიან.

– ხომ არ დაძაბავს ეს საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობებს?

– საქართველომ ყველას მაგივრად უნდა აგოს პასუხი და თავზე ნაცარი დაიყაროს?! საქართველო თუ რუსეთსა და უზბეკეთს სამართლიანად მოსთხოვს პასუხს, ამან ურთიერთობების დაძაბვა არ უნდა გამოიწვიოს. ასე რომ, ეს კითხვა უკვე თავითავად პროვოკაციულია.

– ელდარ შენგელაიას აზრით, საქართველოს თურქი-მესხების დაბრუნების პროცესის დაფინანსებაში შუა აზიის რესპუბლიკებისა და რუსეთის გარდა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაც შეუძლია?

– მე ელდარ შენგელაიას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესა და ნიკოლოზ შენგელაიასა და ნატო ვაჩნაძის შვილს, ვურჩევ, რომ ასეთივე გულმოდგინებით იზრუნოს ჯერ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა დაბრუნებაზე, სტიქიური მოვლენების გამო სამხრეთ საქართველოში ჩასახლებულთათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე და მერე იზრუნოს ე.წ. თურქი-მესხების პრობლემებზე. მე მას მოვუწოდებ, რომ გონს მოეგოს. მე მეცოდება იგი, როგორც პოლიტიკოსი. სამწუხაროა, რომ ასეთი კარგი კინორეჟისორი, ასეთი ბეცია პოლიტიკაში. მეცოდება, რომ ამით ცუდ სამსახურს უწევს არა მარტო ხალხს და ქვეყანას, არამედ საკუთარ თავსაც. თუ ბატონ ელდარს ჩემი არ სჯერა, პრეზდენტის რადიოინტერვიუს მოისმინოს და მას მაინც დაუჯეროს.

– თქვენ, როგორც პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარეს, როგორ გესახებათ თურქ-მესხთა პრობლემების მოგვარება?

– მე ეს პრესკონფერენციაზე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებობს მიგრაციის შესახებ კანონი, სადაც აღნიშნულია, რომ დაშვებული ქვოტების შესაბამისად 150 კაცს ყოველწლიურად შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მიღება. თურქმა-მესხებმა დაამტკიცონ ქართული წარმომავლობა და ისარგებლონ ამ ქვოტებით. ქართულ ჯარში ნამსახურევი და ქართულად განსწავლული თითო-ოროლა ახალგაზრდა ნუ ეცდება სპეკულაციას, თავი დაანებონ შენგელაიას და მამულიასნაირი ბეცი პოლიტიკოსების მოტყუებას, რადგან ჩვენ არ მოვტყუვდებით. პარლამენტში სირბილის ნაცვლად იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურს მიმართონ და ვურჩევ, ამ საზარბაზნე ხორცად გამოყენებულ ახალგაზრდებს, ისარგებლონ ამ ქვოტებით. მათ მაგივრად ნუ შემოდიან საქართველოში ავღანელები, სომალელელბი, ინდოელები და სხვა ათასი ჯურის ხალხები. დაანებონ მათაც და მათმა მხარდამჭერმა პოლიტიკოსებმა კუკუმალობანას თამაშს თავი. თუ ჩვენ ერთსა და ორს შემოვიყვანთ, ხვალ 300 ათასი ე.წ. თურქი-მესხი მოგვადგება კარს. ამ სირაქლემას პოლიტიკას კი ჩვენ ვერ ავყვებით.

,,პრემიერი”
,,ახალი თაობა”, 13 იანვარი, 1998

***

სიცრუეა, რომ ე.წ. ,,თურქი-მესხები’’ მამა აბრამის ბატკნებივით იქცეოდნენ, სტალინმა კი უსაფუძვლოდ გადაასახლა

გელაშვილები, მამულიები და შენგელაიები ხალხს უმალავენ და სურათს ისე ხატავენ, თითქოს მე სუფთა სისხლის ქართველი თურქად მიმაჩნდეს

მესხეთში თუ ე.წ. “თურქი-მესხები” ჩაასახლეს, სამაჩაბლო და აფხაზეთი მონაგონი იქნება

***

საქართველოში ე.წ. ,,თურქი-მესხების” დაბრუნება ახალი რესპუბლიკის შექმნის საშიშროებას ქმნის

პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ შარაძის განცხადებით, საქართველოში თურქეთის წარმომადგენელთა ვიზიტისას საქართველოსა და თურქეთს შორის დადებულ ხელშეკრულებებში საქართველოსთვის უმძიმესი ორი პუნქტია შეტანილი: 1944 წელს დეპორტირებული ,,თურქი-მესხების’’ დაბრუნების საკითხი და ჭოროხის კაშხლის მშენებლობა.

გურამ შარაძის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ თურქეთის სახელმწიფო მინისტრი რაფაელ შაჰინი (ლორთქიფანიძე) გამალებით მუშაობს, რომ უზბეკეთში მცხოვრებ 300 ათას ,,თურქ-მესხს” შეუქმნას არა მარტო იურიდიული, არამედ ფინანსური უზრუნველყოფაც. გურამ შარაძის თქმით, შესაძლოა ეს ,,თურქეთთან წრეგადასული მეგობრობის” გამო დადებული ხელშეკრულებები საქართველოსთვის ძალიან ცუდად შემობრუნდეს.

რაც შეეხება ჭოროხზე კაშხლის აშენებას ეს, შარაძის თქმით, ქმნის რეალურ საფრთხეს, ზღვამ მთლიანად ,,ჩაყლაპოს” ბათუმი და თუ შევარდნაძე ჩავა კაშხლის გახსნის ცერემონიაზე, შარაძის აზრით, მერე ყველაფერი გვიან იქნება. მისივე თქმით, ,,თურქ-მესხთა” დაბრუნება მესხეთში ახალი რესპუბლიკის შექმნის საშიშროებას მოიტანს, ხოლო რაც შეეხება თურქეთის სახელმწიფო მინისტრის ასეთ თავგამოდებულ ზრუნვას ,,თურქ-მესხებზე”, შარაძე მიიჩნევს, რომ თუ ეს საქართველოზე ზრუნვითაა გამოწვეული, მაშინ იგივე შაჰინმა უნდა იფიქროს, საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომელიც დღეს თურქეთს ეკუთვნის და იქ მცხოვრებ 5 მილიონ ქართველ მუსულმანზე, რომლებმაც საქართველოს თურქეთზე მიერთებით დაკარგეს სამშობლო.

,,გეა”
,,ახალი თაობა”, 18 მარტი, 1998

 

შარაძე მამულიას წინააღმდეგ – მუდმივი თემა

პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ შარაძის განცხადებით, საქართველოში დაძაბულობის ახალი კერის საშიშროება იქმნება. ამ შემთხვევაში შარაძე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეპატრიაციის სამსახურის უფროსის გურამ მამულიას მიერ გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ წერილს გულისხმობს. ეგრეთ წოდებული ,,თურქი მესხების თაობაზე, რომელშიც, შარაძის თქმით, გურამ მამულია ამტკიცებს, რომ აჭარის ავტონომია თურქეთის დაყვავებისთვის შექმნა რუსეთმა თავის დროზე და თუ საქართველოში თურქი-მესხები ჩამოსახლდებიან, ისინიც ისევე გაქართველდებიან ,,როგორც მათი თანატომელი აჭარლები გაქართველდნენო”.

გურამ შარაძის განცხადებით, მამულიას ამ განცხადებამ მთელი აჭარა აღაშფოთა და არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ამ განცხადებას რაიმე დაძაბულობა მოჰყვეს.

შარაძეს მიაჩნია, რომ პარლამენტს არ აქვს უფლება, მოითმინოს ასეთი სახელმწიფო მოხელე. ამ საკითხზე სპეციალური საკომიტეტო სხდომა გაიმართება და იმსჯელებს პრეზიდენტის წარმომადგენლის ამ პროვოკაციულ განცხადებაზე.

გურამ შარაძე პროტესტს გამოთქვამს გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკის” მიმართაც და მიაჩნია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელმა გაზეთმა თავი უნდა შეიკავოს ზემოთ აღნიშნული პასკვილების გამოქვეყნებისგან.

,,გეა”
,,დილის გაზეთი”, 1 აპრილი, 1998

7 თვეში საქართველოში ახალი ბომბი აფეთქდება

ან ევროსაბჭოდან გამოგდება, ან მესხების დაბრუნება

 (ქვეყნდება შემოკლებით)

წლებია, ე.წ. თურქი მესხების პრობლემაზე ვყვირით, ვკამათობთ. ევროსაბჭოში გასაერთიანებლად ერთ-ერთი პირობა და მთავარი მოთხოვნა ,,თურქი მესხების” რეაბილიტაცია იყო. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტის გვერდის ავლით უყოყმანოდ დათანხმდნენ და იკისრეს ვალდებულება, რომ 2012 წლამდე ყველა გადასახლებულს დააბრუნებდნენ საქართველოში და ეს მაშინ, როცა საქართველოს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან უამრავი დევნილი ჰყავს, ვერ აკმაყოფილებს მათ საცხოვრებელი ბინებით, ვერ აძლევს საარსებო მინიმუმს. არც ევროსაბჭოს შეუწუხებია თავი მათზე ფიქრითა და ზრუნვით. ასეა თუ ისე, კანონპროექტი ,,თურქი-მესხების” შესახებ ევროსაბჭოს მითითებებით და გურამ მამულიას დიდი მონდომებით მზად არის და სულ რაღაც შვიდ თვეში პარლამენტს წარუდგენენ დასამტკიცებლად. პროექტის ავტორებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ამ კანონპროექტს აუცილებლად დაამტკიცებს პარლამენტი. სამაგიეროდ, დეპუტატი გურამ შარაძე კატეგორიულად აცხადებს, რომ ამ კანონპროექტს არ მიიღებს პარლამენტი, თუნდაც ამის გამო ევროსაბჭოს დატოვებაც რომ მოგვიწიოს. ერთი სიტყვით, გურამ მამულია მამულიშვილობას იჩემებს, ხოლო გურამ შარაძე ახალ შარს ეძებს. საინტერესოა, პარლამენტი დაამტკიცებს ამ კანონპროექტს, რომელიც კაცმა არ იცის, როგორ შემოუბრუნდება მთელ ქართველ ერს, თუ უარს იტყვის მასზე და გაანაწყენებს ევროპის დემოკრატ მამებს. ასეა თუ ისე, ყველაფერს დრო გვიჩვენებს, დრო კი, როგორც ჩანს არც ისე დიდი გვაქვს…

იმავე საკითხზე ვესაუბრეთ გურამ მამულიას მთავარ ოპონენტს – საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, პოლიტიკური პარტიის ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” ლიდერს, გურამ შარაძეს.

– ევროსაბჭოს მითითებით მომზადდა კანონპროექტი და შვიდ თვეში ალბათ პარლამენტი მიიღებს კიდეც. როგორც თქვენ აცხადებთ, ევროსაბჭოში დადებული პირობის შესახებ არაფერი იცოდით, არადა მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, წესით, უნდა სცოდნოდა.

– ამ კანონპროექტზე წლების მანძილზე იყო საუბარი, მაგრამ მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ვთვლიდი, რომ დღეს საქართველოს არა აქვს მათი ჩამოსახლების დრო და საშუალება. სანამ ჩვენ არ დავიბრუნებთ სამაჩაბლოს და აფხაზეთს, არ დავაბრუნებთ თავიანთ სახლებში ჩვენს ლტოლვილებს, მანამდე ჩვენ სტალინისა და ბერიას შეცდომებზე პასუხი არ უნდა ვაგოთ. ასე კბილებით ვიცავდი ჩემს პოზიციას. ეს კანონპროექტი მართლაც ვერ გაიტანეს, მაგრამ იმ წლებში ძალიან გააქტიურდა უმრავლესობის მაშინდელი ლიდერი ლანა ღოღობერიძე, რომელიც აგრეთვე იყო საპარლამეტთაშორისო დელეგაციის ხელმძღვანელი. მოუხშირა სტრასბურგში სიარულს ევროსაბჭოში გასაწევრიანებლად. ვაცხადებ, რომ უმრავლესობის ლიდერმა, ცნობილმა კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ საქართველოს პარლამენტის, ჩვენი ხალხის და ჩემი, როგორც მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურგს უკან დადო პირობა ევროსაბჭოში, რომ თუკი საქართველოს მიიღებდნენ წევრად, დააკმაყოფილებდნენ მათ მთავარ მოთხოვნას, ანუ დააბრუნებდნენ საქართველოში ,,თურქ-მესხებს”.

– როგორ ფიქრობთ, რატომ არის ევროსაბჭოს მხრიდან მთავარი მოთხოვნა ,,თურქი-მესხების” რეაბილიტაცია?

– თქვენ ოდესმე გაგიგიათ, რომ საქართველოს ჩვენი მოძმე სომხებისათვის ან აზერბაიჯანელებისათვის ეჯობნოს? ამ შემთხვევაში ვაჯობეთ და შევასწარით ევროსაბჭოში, რადგან მათ, თავიანთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ზავი არ შეკრეს ყარაბაღთან დაკავშირებით. ჩვენ კი ფარ-ხმალი დავყარეთ და ყველაფერზე დავთანხმდით. ,,თურქ-მესხებს” არა მარტო ღოღობერიძეებთან და მამულიებთან აქვთ კუდი-კუდზე გადაბმული, მათ აქვთ უზარმაზარი თანხები. ევროპაში სავალუტო ფონდის მეშვეობით ჩააწყვეს და მთავარ პირობად ეს საკითხი წამოგვიყენეს. ჩვენ კი ზარ-ზეიმით აღვნიშნეთ ევროსაბჭოში შესვლა. ფაქტია, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ დაგვეხმარება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებაში. ახლა კიდევ უფრო უარესი პრობლემა მათი ჩამოსახლებით გაგვიჩნდება. გეკითხებით, რად გვინდა ასეთი გაერო ან ევროსაბჭო, თუ დახმარების მაგივრად, რისთვისაც ჩვენ მათ მივმართავთ, უარეს უღელში და ყულფში გვაყოფინებს თავს? ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ევროსაბჭოში გაერთიანება მოხდა ,,თურქი-მესხების” უზარმაზარი ფინანსური სახსრებით და საქართველოში ახალი ომის, ახალი უბედურების მოსატანად. ყოველივე ეს შედის მსოფლიო მასონთა ინტერესებში, საქართველოს ერთხელ კიდევ დასაჩოქებლად. ჩრდილო რაიონების – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს – დაკარგვის შემდეგ, სამხრეთის რაიონების დასაკარგავად.

– თქვენი თქმით, ,,თურქი-მესხების” ფულებმა აატირა” მამულია და ღოღობერიძეც?

– როგორ შეიძლება ამ ადამიანების ჭკუაზე მთელმა საქართველომ იაროს? როდესაც გურამ მამულია მზაკვრულ პროექტს ამზადებდა, ამას ,,თურქი-მესხების” ,,ლამაზი თვალებისთვის” არ აკეთებდა. თუ ასე ენანება და ებრალება ლტოლვილები და მათი ბედი, რატომ სტალინისა და ბერიას დროს გადასახლებულ ,,თურქ-მესხებზე” ღვრის ცრემლებს, როდესაც ჩვენს თვალწინ 300 თუ 400 ათასი დევნილია. მათთვის ის არც ცრემლებს ღვრის და არც ენერგიას ხარჯავს. აქედან დასკვნა – მას აქვს დიდი ფინანსური დაინტერესება მდიდარი ,,თურქი-მესხებიდან”. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მამულიას ვუთხრა, დამიბრუნოს ჩემი ბიბლიოთეკიდან წაღებული უნიკალური წიგნები. თუ ასეთი წიგნების მოყვარულია, მე კიდევ ვაპატიებ, ჰქონდეს, იკითხოს წიგნები, ოღონდ დაანებოს თავი ,,თურქი მესხების” დაბრუნებისა და საქართველოს დაქცევის პოლიტიკას.

– თქვენი თქმით, ევროსაბჭოზე ფულმა იქონია ზეგავლენა, მაგრამ უცნაურია ,,თურქი-მესხების” ასეთი პატრიოტიზმი, როცა მშობლიური ენაც კი არ აქვთ შენარჩუნებული.

– 300 ათასი ,,თურქი-მესხიდან” სამასმაც არ იცის ქართული. მათი მიზანია, შემოვიდნენ საქართველოში, დასახლდნენ მესხეთში და საქართველოს წაართვან სამხრეთი რაიონები. ისინი ამბობენ, რომ არიან თურქები, მაგრამ მათი სამშობლოა მესხეთი. მე ხელთ მაქვს სარვაროვის ჯგუფის მიერ გაკეთებული რეზოლუცია, სადაც ხმამაღლა აცხადებენ, არავითარი ქართული სკოლა, არ გაგვაგონოთ სხვა რაიონებში დასახლება. მათ უნდათ დაბრუნება, რათა თურქეთის ავტონომია შექმნან.

– მამულიას თქმით, არსებობს დამცავი მექანიზმები და მათ არ შემოუშვებენ.

– თუ მხოლოდ ამ ჯგუფს ვეტყვით უარს, მაშინ გამოაცხადებენ, რომ საქართველო არის მხოლოდ ქართველების და ხელისუფლება არის ფაშისტური.

– თქვენთვის თუ არის ცნობილი პარლამენტის პოზიცია?

– საქართველოზე მარტო მე არ მტკივა გული. არის შემთხვევები, როცა ევროსაბჭოდან წევრები ირიცხებიან რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში. თუ ევროსაბჭოში დარჩენა იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ საქართველოს დავკარგავთ და ჩვენს ქვეყანას ახალი უბედურება დაატყდება თავს, რად გვინდა ასეთი ევროსაბჭო? ისინი ჩვენით მხოლოდ მილიონებს აკეთებენ. საქართველოზე კი არ ფიქრობენ.

ირინე მჭედლიძე
,,სარკე”, 20-26 სექტემბერი, 2000

თურქი-მესხები საქართველოს სამშობლოდ არ თვლიან

პარლამენტის წევრმა გურამ შარაძემ ჟურნალისტებს გააცნო ახალი დოკუმენტი, რომელიც უზბეკეთში მცხოვრებმა თურქმა-მესხებმა თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის პრეზიდენტებსა და გაეროს ადამიანი უფლებების დაცვის კომისიას გაუგზავნეს, სადაც თურქი-მესხები მათი რეპატრიაციის პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.

შარაძის თქმით, თურქი-მესხები საქართველოს თავის სამშობლოდ არ თვლიან და მესხეთის ტერიტორიას საქართველოს შემადგენელ ნაწილს არ უწოდებენ. ,,ჩვენ არ გვინდა საქართველო, ჩვენ გვინდა მესხეთი და გაგვაწევრიანეთ თურქეთის ისტორიულ მიწაზე”, – ნათქვამია განცხადებაში. შარაძის ინფორმაციით, საქართველოდან სტალინისა და ბერიას მიერ გასახლებული 80 ათასამდე თურქი-მესხი დღეს ნახევარ მილიონს შეადგენს. მისი თქმით, მათ არასოდეს უსარგებლიათ იმიგრაციული კვოტით, რომელიც ახლა 259-მდეა გაზრდილი.

,,მეილ-ექსპრესი”
,,7 დღე”, 13-19 ოქტომბერი, 2000

ჩამოასახლებენ თუ არა თურქ-მესხებს საქართველოში?

გურამ შარაძე პირობას დებს, რომ არა!

დღეს სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართება სამთავრობო კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილავენ კანონპროექტს ,,დეპორტირებული მესხეთელი მოსახლეობის რეაბილიტაციის, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარების, რეპრესირებულთა რეპატრიაციის და სოციალური დაცვის შესახებ”.

კანონპროექტი მომზადებულია არასამთავრობო ორგნიზაციებისა და რეპატრიაციის კომიტეტის (თავმჯდომარე გურამ მამულია) მიერ. უახლოეს პერიოდში კანონპროექტს განიხილავენ პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე. სწორედ ეს გახდა პარლამენტარ გურამ შარაძის აღშფოთების მიზეზი. ცნობილია, რომ გურამ შარაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოში ათასობით ,,თურქი-მესხის” მასობრივ და მესხეთში მათ კომპაქტურად ჩამოსახლებას. თუმცა, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი გურამ მამულია აცხადებს, რომ ასეთი რამ არ მოხდება, რადგან ყველა მესხი (ასე მოიხსენიებს მათ იგი) არ არის საქართველოში ჩამოსახლების მსურველი და ევროსაბჭოს მიერ დადგენილ ვადაში, ანუ 2011 წლამდე, საქართველოში, შესაძლოა, სულ რამდენიმე ათასი კაცი ჩამოსახლდეს.

გურამ შარაძემ გუშინ ჟურნალისტებს გააცნო დოკუმენტი (რომელიც დათარიღებულია 1999 წლის 22 მაისით), რომელშიც, თურმე მესხების საერთაშორისო ორგანიზაცია ითხოვს საქართველოში, კერძოდ, მესხეთის მიწაზე დაბრუნებას, მაგრამ არა საქართველოს შემადგენლობაში, არამედ თურქეთის მფარველობის ქვეშ, რადგან ისინი თავს მიიჩნევენ თურქებად, ხოლო მესხეთს – მათ ისტორიულ მიწად, რომლის პრივატიზებაც დღეს უკანონოდ ხდება აზერბაიჯანელებსა და ქართველებზე. ამდენად, საუბარიც ზედმეტია საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე, ქართული ენის შესწავლაზე. ამის მაგალითად გურამ შარაძე საქართველოში უკვე ჩამოსახლებულ ,,თურქ-მესხებს” ასახელებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში – გურიასა და იმერეთში, უკვე 22 წელია ცხოვრობენ და დღემდე პრინციპულად არ სწავლობენ ქართულ ენას და არ მიიჩნევენ თავს საქართველოს მოქალაქეებად. გურამ მამულიას კონტრარგუმენტის თანახმად კი, მათ გვარიც და ეროვნებაც ქართული აქვთ, საქართველოს მოქალაქეები არიან და ქართულ სკოლებში იღებენ განათლებას.

გურამ შარაძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში კი მოთხოვნების ნუსხა გრძელდება: ,,თურქი-მესხები” მიმართავენ თურქეთის პრეზიდენტს, რომ როგორც ყველა ერს, მათაც აქვთ თვითგამორკვევის უფლება. აქედან გამომდინარე, მოითხოვენ რელიგიური, ეკონომიკური, სოციალური უფლებების განსაზღვრას, ოღონდ – მხოლოდ თურქეთის კანონმდებლობით. დოკუმენტი, გურამ შარაძის ცნობით, გაეგზავნათ თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის პრეზიდენტებსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას.

გურამ მამულია ამ დოკუმენტის ,,ისტორიას” სხვაგვარად გვამცნობს. მისი თქმით, ეს არის 1999 წელს ქალაქ ბიშკეკში ერთ-ერთი ,,მესხური ორგანიზაციის” მიერ შექმნილი დოკუმენტი. ამ ორგანიზაციის გზა-კვალს რეპატრიაციის კომიტეტმა დღემდე ვერ მიაკვლია, მაგრამ მათთვის ცნობილი გახდა, რომ ეს არის ,,თურქი-მესხების” პატარა ჯგუფი, რომელიც ეწეოდა ბიზნესს, კერძოდ, ,,თურქი-მესხების”, როგორც სამუშაო ძალის გადაყვანას თურქეთში, რისთვისაც გარკვეულ საფასურს იღებდა. ეს ჯგუფი მოსახლეობაში ავრცელებდა ხმებს, რომ საქართველოს მთავრობა მესხეთში მათი ჩასახლების კატეგორიული წინააღმდეგია, თურქეთში კი ცხოვრების საკმაოდ კარგ პირობებს და, რაც მათავარია, სარფიან სამუშაო ადგილებს ჰპირდებიან. ამ გზით მათ მოახერხეს ასეულობით ,,თურქი-მესხის” თურქეთში სამუშაოდ წაყვანა. თუმცა, მათ იქ თურქეთის მოქალაქეობა არ მიუღიათ. თავის მხრივ, ეს ჯგუფი ქართული მხარის გაწვევას ცდილობდა და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა გურამ შარაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი.

გურამ მამულია აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსახლების მსურველმა მესხებმა ამ დოკუმენტის არსებობაც არ იციან, ისინი მზად არიან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, რადგან თავს ქართველებად მიიჩნევენ. თუმცა, იგი არც აგრესიულად განწყობილი ჯგუფების არსებობას გამორიცხავს, რომლებიც ახალციხის საფაშოს შექმნასა და თურქეთის მთავრობისაგან მის მიერთებას მოითხოვენ. რეპატრიაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აგრესიულად განწყობილი ნაწილი საქართველოში ვერ შემოაღწევს, რადგან მათი ჩამოსახლება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით.

გურამ შარაძე ,,თურქი-მესხების” საქართველოში ჩამოსახლების ერთ-ერთ უარყოფით გარემოებად მათი კომპაქტურად დასახლების შესაძლებლობას ასახელებს. ამას არც კანონპროექტის ავტორები გამორიცხავენ, რადგან ჩვენი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, თავად აირჩიოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილი.

რაც შეეხება საიმიგრაციო კვოტას, რომლის გამოყენებასაც კატეგორიულად მოითხოვს გურამ შარაძე, იგი მესხებს არ ეხებათ, რადგან ევროსაბჭომ სხვაგვარად განსაზღვრა მათი ჩამოსახლების ,,წესი და რიგი”, ანუ დადგინდა, რომ ჩამოსახლების პროცესი 12 წელი გაგრძელდება და საქართველოში ჩამოსახლდება ის, ვინც ამ ვადაში გამოთქვამს ჩამოსახლების სურვილს, ოფიციალურად განაცხადებს შესაბამის სტრუქტურებში და განცხადების განხილვის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს. მართალია, გურამ მამულია ამტკიცებს, რომ ამ ხნის მანძილზე შესაძლოა, სულ რამდენიმე ათასმა ადამიანმა გამოთქვას ჩამოსახლების სურვილი, მაგრამ არც გურამ შარაძის არგუმენტია ულოგიკო.

საბოლოო სიტყვა პარლამენტზეა, მაგრამ გურამ შარაძე ახლავე დებს იმის პირობას, რომ თუ იგი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის უფლებას მისცემს, ხალხს მისი იქიდან გამოძევების უფლებას აძლევს.

მაია შონია
,,დილის გაზეთი”, 13 ოქტომბერი, 2000

,,გურამ შარაძე სამყაროს წინააღმდეგ”

მოკლედ ასე შეიძლება დაიწეროს დეპუტატის გუშინდელი პრესკონფერენცია, რომელიც თურქი-მესხებით, იეღოველებითა და ბორია იავანოვით დაწყებული, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციით დამთავრებული, კიდევ ბევრი ვინმეს გასაკრიტიკებლად იყო გამართული.

თურქი-მესხებისა და მათი იდეური მხარდამჭერის, გურამ მამულიას კომპრომატების გადალაგება-გადმოლაგებაში, რამდენიმე გაზეთი და ჟურნალი მოიშველია. ერთ-ერთი ,,კუბანსკიე ნოვოსტი” გახლდათ, რომელშიც კუბანსკში მცხოვრებ ე.წ. ,,თურქ-მესხთა” თავაშვებულობის შესახებ დაწვრილებით იყო აღწერილი. შემდეგ თურქულ გაზეთში ,,თურქულ კულტურაში” გამოქვეყნებული წერილი წაიკითხა, რომელშიც ე.წ. ,,თურქი-მესხები” აცხადებენ, რომ ქართველები არ არიან, რომ ისინი თემურ-ლენგის დროს ჩამოსახლებულან ახალციხის ვილაიეთში, რომ საკითარ თავს ,,შავფაფახას” უწოდებენ. შარაძემ ის დროც გაიხსენა, ე.წ. ,,თურქი-მესხების” ბელადმა ომარ ფაიკმა გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოს” გურამ ფანჯიკიძესთან@რომ უჩივლა, ჩვენზე წერენ თითქოს, ქართველები ვართო.

შარაძის დოკუმენტებში ერთი ახალიც აღმოჩნდა. ეს ე.წ. ,,თურქი-მესხების” ახალი მიმართვის ტექსტი გახლდათ, სადაც ისინი რუსეთ-თურქეთის ომის დროს თურქეთისთვის წართმეულ ვილაიეთში დაბრუნებაზე ლაპარაკობენ, თურქეთის მოქალაქეობის მინიჭებას და 1828 წლამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას ითხოვენ. მათი განმარტებით, ეს მდგომარეობა თურქეთის კონსტიტუციის ქვეშ შესვლაა.

– მამულიამ თქვა, რომ ეს დოკუმენტი ყალბია. არადა, პრეზიდენტის კანცელარიის და პარლამენტის თავმჯდომარის რეზოლუცია ადევს, ,,გაეცანითო”, – აცხადებს შარაძე. მისი თქმით, გურამ მამულიას მორალურ სკლეროზთან ერთად, მეცნიერული სკლეროზიც დაემართა.

რაც შეეხება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, დეპუტატი ამბობს – ,,მაგათ უნდა მიჩივლონ? ნეტა ერთი მიჩივლებდნენ”.

გურამ შარაძე ახალგაზრდა იურისტთა მიერ თურქი-მესხების საქართველოში ჩამოსახლების პროექტის წინააღმდეგია და მათ უნდობლობას უცხადებს.

– ამ ბავშვებს განათლება კანონების დასწავლა ჰგონიათ, მათ უცხო ქვეყნები აფინანსებთ, ე.ი. მათი წარმომადგენლები არიან. საქართველოს გადამრჩენ კანონს უცხო ქვეყანა რატომ უნდა აფინანსებდეს? მივცეთ ამ ბავშვებს ლუკმის ფული, – ამბობს შარაძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისადმი უნდობლობას ორი ფაქტით ხსნის.

– ამ ორგანიზაციის წარმომადგენელია ორი იეღოველი ადვოკატი – გიორგი ზედელაშვილი და მამუკა ჭაბაშვილი. ამ ორგანიზაციამ ჟვანიას წერილი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ეროვნული გრაფის აღდგენა ქვეყანას დაღუპავს. რატომ უნდა ვენდო მე მათ? – ამბობს შარაძე.

თამარ ასლანიკაშვილი
,,ახალი თაობა”, 14 ნოემბერი, 2000

“თურქი-მესხები” ახალციხის საფაშოს შექმნას და თურქეთთან მიერთებას მოითხოვენ

“რატომ უნდა გვიხაროდეს ორი სახელგატეხილი ადამიანის – ამერიკელი სენატორის, მაკკენისა და ქალბატონ კლინტონის მიერ საქართველოს პრეზიდენტის წარდგენა ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში?” – განაცხადა პრესკონფერენციაზე გურამ შარაძემ და მერე კმაყოფილმა კარგახანს უყურა სატელევიზიო სიუჟეტებში საკუთარ თავს. სწორედ ამ დროს დაურეკა “ალიამ” ხმაურის ამტეხს. ეს ზარიც ძალზე ესიამოვნა და უფრი სკანდალური განცხადებების გასაკეთებლადაც მოემზადა. საუბარი თავად დაიწყო:

– ჩვენ ახლა პირდაპირ დავიწყოთ საუბარი და ჩაიწერთ, თუ შესავალია საჭირო?

– ბარემ დავიწყოთ, ბატონო გურამ…

– გამარჯობა, ეკა!

– თქვენ რა ინგა გრიგოლიასავით მესალმებით, თავში გეთქვათ გამარჯობა.

– ჰა, ჰა… (იცინის) ჩაწერა ხომ ახლა დაიწყეთ და…

– კარგია იუმორის გრძნობა, ბატონო გურამ. სენატორ მაკკეინსა და ქალბატონ კლინტონს სერიოზულად უწოდეთ სახელგატეხილი ადამიანები? განსაკუთრებით ქალბატონ კლინტონზე მაინტერესებს, რა გაიგეთ მასზე ასეთი?

– პირველ რიგში, გეტყვით მაკკეინის შესახებ. მას ვიეტნამელი ხალხის სისხლში აქვს ხელი გასვრილი და ამიტომ არის სახელგატეხილი; არა აქვს უფლება, მშვიდობის პრემიაზე ნობელის კომიტეტში ვინმე წარადგინოს. რაც შეეხება ქალბატონ კლინტონს, მასაც არა აქვს ამ პრემიაზე ვინმეს წარდგენის მორალური უფლება, იმიტომ, რომ ის არის სახელგატეხილი სექსუალური მანიაკის მეუღლე და მისი ოჯახის დიასახლისი. კაცი, რომელიც ვაშინგტონისა და რუზველტის კაბინეტში ზის და იქ ვიღაც მონიკასთან ერთობა, სექსუალური მანიაკია. ამით მან შეურაცხყო თეთრი სახლი, რომელსაც კლინტონის ამ ბინძური საქციელის გამო შავი სახლი შეარქვეს ამერიკელებმა.

– უკაცრავად, მაგრამ საყვარელი ჰყოლიათ მეფეებს, იმპერატორებს, პრეზიდენტებსაც კი. ყველანი სექსუალური მანიაკები იყვნენ?

– იცით, ლოგიკით, საყვარელი ვის არ ჰყოლია, საქართველოშიც კი გამოუჩნდნენ “ზოგიერთებს” გამმართლებლები. გვირჩევნია საქართველოს პრეზიდენტს ოღონდ კაცი არ უყვარდეს და უყვარდეს ქალი. ჩვენ ასეთ ზნეობრივ კომპრომისზე არ უნდა წავიდეთ!

– ბატონო გურამ, უკაცრავად ამ კითხვისთვის, მაგრამ, რაკი საუბრის თემამ მოიტანა… თქვენ ცოლისთვის არ გიღალატიათ?

– კი.

– მაშინ სხვებს რატომ უკითხავთ მორალს?

– თქვენ ასე ძვირად თუ დაუფასებთ მამაკაცებს გულახდილობას, მაშინ ჩვენი საუბარი არ გამოვა. ბოლოს და ბოლოს, გურამ შარაძე საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა (იმართლა თავი პროფესორმა – ე.ა.).

– ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთელს საქართველოს ხომ უკითხავთ მორალს, ბატონო გურამ. ასეთ შემთხვევაში თქვენც უნდა იყოთ სანიმუშო.

– დიახ, ვუკითხავ საქართველოს მორალს. აბა, როგორ გინდათ თქვენ…

– კარგით, ბატონო გურამ. დავუშვათ, მართლაც ასეთი უზნეო სექსუალური მანიაკია ბილ კლინტონი. საცოდავი ჰილარის რა ბრალია, ქმარმა თუ უღალატა?

– ქალბატონი ჰილარი კლინტონი სხვა რამის გამოც არის სახელგატეხილი! იგი ერეოდა საქართველოს შინაურ საქმეებში, არის საქართველოსა და ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის დაუძინებელი მტერი!

– რა დაგიშავათ ასეთი?!

– მან გაბედა და მოწერა წერილი წინა პრეზიდენტს, შევარდნაძეს: “რა ხდება თქვენთან ჩუღურეთის სასამართლოში, რატომ არ იჭერთ ბასილ მკალავიშვილს, რომელიც სასწრაფოდ უნდა დაიჭიროთო”… ნახევარმა საქართველომ არ იცის, სადაა ჩუღურეთის სასამართლო და რა იცის ეს კლინტონის ცოლმა? ან ვინ ეკითხება მას ბასილ მკალავიშვილის დაჭერას? ვერ შეასრულა წინა ხელისუფლებამ ქალბატონი ჰილარის ბრძანება, სამაგიეროდ ეს შეასრულა ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც სწორედ ჰილარებმა და კლინტონებმა მოიყვანეს.

– კარგით, ბატონო გურამ, ახლა ცოტა განსხვავებულ თემასაც მსურს, შევეხოთ. ვიცი, ხელთ გაქვთ დოკუმენტი, სადაც “თურქი-მესხები’’ ითხოვენ არა საქართველოში, არამედ “ახალციხის საფაშოში” ჩასახლებას და თურქეთთან მიერთებას.

– დიახ, მე ხელთ მაქვს ბიშკეკის ,,თურქ-მესხთა” ყრილობის რეზოლუცია, სადაც ისინი წერენ: ჩვენ ვართ თურქები, გვინდა დავბრუნდეთ არა საქართველოში, არამედ თურქეთში – “ახალციხის საფაშოში”, რომელიც მიტაცებული აქვს საქართველოს, მიიტაცა რუსმა გენერალმა პასკევიჩმა 1828-29 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროსო. ამის შემდეგ ეს თურქეთის ტერიტორია არის საქართველოს ფარგლებში, ამიტომ ჩვენ ვიდევნებით და ვიჩაგრებითო. დავბრუნდებით იქ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალციხის საფაშო შეუერთდება თავის დედა-სამშობლო თურქეთს, არავითარ ქართულ ენას ჩვენ არ ვისწავლით, არც ქართულ სკოლებში ვივლით და არც ქართულ ეკლესიებშიო.

– კარგით რა, ბატონო გურამ, არ ვიცი “თურქმა-მესხებმა” რა ყრილობა ჩაატარეს, მაგრამ რასაც ისინი ითხოვენ, მისი განხორციელების საფრთხე მაინც ხომ არ არსებობს?

– ვითომ რატომ არ არსებობს… საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი უფართოებს, ავტონომიას აძლევს ოსებს, აფხაზებს. ახლა 60 ათასი ოსი და 17 ათასი აფხაზი თუ ითხოვს სახელმწიფოს შექმნას ჩვენს მიწა-წყალზე, 400 ათას თურქს ვითომ რა, ჭკუა დაუშლის “ახალციხის საფაშოს” შექმნა და თურქეთთან მიერთება რომ მოითხოვოს? ამ დოკუმენტში, რომელიც ხელთ მაქვს, “თურქი-მესხები” ამბობენ, რომ არც იმერეთში უნდათ, არც კახეთში და არც გურიაში. მაინცდამაინც ახალციხის საფაშოში უნდათ…

– ახალციხეში 400 ათასი “თურქი-მესხი” რას დაეტევა. ამას ვერც ევროსაბჭო გვაიძულებს.

– ევროსაბჭოსთვის ახლა სულ ერთია, ოღონდ ესენი ჩამოსახლდნენ აქ და მერე კინჩხი და კისერი უტეხია სუყველას, ვისთან მოუწევს ქართველს ომი, სულ არ აინტერესებს.

– სამცხე-ჯავახეთთან მიმართებაში სომხებსაც ისეთი ინტერესები აქვთ, რომ ისინიც ვერ აიტანენ იქ “თურქი-მესხების” ჩასახლებას…

– დიახ, თუკი “თურქი მესხები” საქართველოში ვერ დაბრუნდნენ ამდენ ხანს, ეს არა ქართველების, არამედ სომხების შიშით უფროა. სომხეთის პარლამენტმაც კი განაცხადა ამასთან დაკავშირებით პროტესტი.

– ბატონო გურამ, ზვიად გამსახურდიაც კი უჭერდა მხარს “თურქი-მესხების” ჩამოსხლებას, ვიდრე გაპრეზიდენტდებოდა. მერე შეცვალა თავისი მოსაზრება. არც დღევანდელ ხელისუფლებას სიამოვნებს მაინცდამაინც ევროსაბჭოს მიერ დაკისრებული ვალდებულება. მათ ეს არაერთხელ აღუნიშნავთ. ხომ ვერ იტყვით, გამოსავალი რა არის, როგორ უნდა ავიცილოთ “თურქი-მესხების” აქ ჩამოსახლება?

– საბედნიეროდ, ქართველი ხალხის ნებისა და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშე გვაქვს აღებული ეს მძიმე ვალდებულება. ამიტომ ჯერ კიდევ შეგვიძლია, უარი განვაცხადოთ მასზე ამ მოტივით. მესმის, რომ ეს რისკიანი ნაბიჯია, მაგრამ თუ გამოგვაგდებენ, გამოგვაგდონ ევროსაბჭოდან, აქ “დიდი თურქობა” ხომ მაინც აღარ იქნება მოსალოდნელი…

ეკა ასათიანი
“ალია”, 29-31 იანვარი, 2005

რა სიკეთე ვნახეთ ევროსაბჭოში გაწევრიანებით?!

– ე.წ. ,,თურქი-მესხების” ჩამოსახლების გამო საქართველო დიდი თურქობის საფრთხის წინაშე დგას, – აცხადებს გურამ შარაძე და ევროსაბჭოს მოთხოვნის შესრულების წინააღმდეგ გამოდის. შარაძის თქმით, ამ 400 ათასი ე.წ. ,,თურქი-მესხის” საქართველოში შემოყვანა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება და ეს დღევანდელმა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას.

თურქი მესხების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით ,,ენა, მამული, სარწმუნოების” ლიდერმა გურამ შარაძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ევროსაბჭოში კვლავ დაბრუნდა ტერი დევისი, რომელიც ლანა ღოღობერიძესთან, ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან ერთად იყო ინიციატორი, საქართველოს ევროსაბჭოს წევრად გახდომის ფასად მიეღო საქართველოსთვის დამღუპველი მოღალატური და კაბალური ვალდებულება, საქართველოში 400 ათასი ე.წ. ,,თურქი-მესხის” დაბრუნების შესახებ.

ბევრს ჰგონია, რომ 400 ათასი ადამიანი მესხების შთამომავლები არიან, ანუ ქართველი მესხები არიან. მათ გასაგონად შარაძე იმ დოკუმენტებს აფრიალებს, სადაც თავად თურქი-მესხები ამბობენ უარს ისტორიულ ქართველობაზე.

– ეს დოკუმენტები, რეზოლუციები მიღებულია ე.წ. ,,თურქი-მესხთა” ყრილობებზე, სადაც ისინი აცხადებენ, ჩვენ არა ვართ ქართველები, ჩვენ არ გვინდა საქართველოში დაბრუნება. ჩვენ ვართ თურქები, ჩვენი სამშობლო არის ახალციხის საფაშო, რომელიც ისტორიულად თურმე ყოველთვის იყო თურქეთის მიწა, – აღნიშნა გურამ შარაძემ და იქვე მიმართა რეზოლუციის ავტორებს: იციან თუ არა მათ, როდის დასახლდნენ თურქები დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე და საიდან იყო მესხეთი თურქეთის ტერიტორია?

გურამ შარაძე ტერი დევისისა და მისი გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ტერი დევისი საქართველოს დელეგაციის აქტიურობამ დააბრუნა ევროსაბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე მეორედ. საქართველოს დელეგაციის წევრები კი, რომლებიც დღევანდელ ხელისუფლებაში არიან, შარაძის თქმით, იმისთვის იკლავენ თავს, რომ ტერი დევისს 1998 წელს, ე.წ. ,,თურქი-მესხების” საქართველოში დაბრუნების რეზოლუციის რეალიზება მოეხდინა.

– თურმე იმიტომ მოუკლავს თავი საქართველოს დელეგაციას ელენე თევდორაძისნაირი ქართველების ხელით და იმიტომ მოუყვანია ტერი დევისი მეორე ვადით, რომ საქართველოში მოხდეს თურქი-მესხების ჩამოყვანა – განაცხადა გურამ შარაძემ და მავანთ შეახსენა, რომ ე.წ. ,,თურქი-მესხების” მესხეთიდან გასახლების დადგენილება სტალინმა და კრემლის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო 1944 წლის ნოემბერში. ანუ მათი გადაწყვეტილებით მოხდა მოღალატე თურქმი-მესხების თურქეთის საზღვრის იქით გადასვლა, თავიანთ ისტორიულ სამშობლო შუა აზიაში, მუსლიმანურ, სარწმუნოებრივად და ეროვნულად თურქულენოვან სამყაროში. მაშინ ეს თურქი-მესხები 80 ათასი იყვნენ, დღეს კი 400 ათასნი არიან.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, კრემლის მიერ გადასახლებულ თურქებთან საქართველო არაფერ შუაშია. ახალციხეში დაბადებული იმ 80 ათასი თურქმი-მესხიდან, დღეს ერთი აღარ არის ცოცხალი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა შუა აზიაშია დაბადებული, მუსლიმანურ და თურქულენოვან სამყაროში. რაც მთავარია, შარაძე ირწმუნება, ისინი აღზრდილები არიან საქართველოს და ქართველი ხალხის ზიზღით, რადგან მათ წინაპრები შთააგონებდნენ: ქართველმა სტალინმა, ქართველმა ბერიამ გადაგასახლათო.

– თუ ჩვენ ევროსაბჭოში იმიტომ შევედით, რომ ევროსაბჭო საქართველოს დაეხმაროს ეროვნული, პოლიტიკური და ფინანსური სიდუჭირიდან თავის დაღწევაში, დაგვაბრუნებინოს 400 ათასი დევნილი, რომელიც ქვეყანაში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან არიან დევნილები და დაგვაბრუნებინოს ეს ხალხი საქართველოს ძირძველ ქართულ მიწაზე. თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, ისე ჩვენ ვალდებულნი არ ვართ, მერე ვიფიქროთ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველომ რატომ უნდა აგოს პასუხი? – კითხულობს შარაძე და საქართველოს ევროსაბჭოდან გასვლის მომხრეა. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთიანი ეროვნული სიმდიდრე რუსეთს დარჩა, საქართველოს ერთი მანეთიც არ მიუღია.

– საბჭოთა კავშირიდან მზითვად საქართველოს თურქი-მესხების დაბრუნება ერგო? – ამ კითხვაზე პასუხს შარაძე დევისისგან და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან ელის და თურქი-მესხების საქართველოში დაბრუნებით საკმაოდ დიდ საფრთხეს წინასწარმეტყველებს.

– ბატონო გურამ, თქვენი აზრით, შექმნილი რთული მდგომარეობიდან რა გამოსავალი არსებობს?

– იცით, რომ მე ვიყავი მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე. საწყალი ჟვანია ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ყველა დანარჩენი: თევდორაძე, ღოღობერიძე, გოგორიშვილი, ბურჯანაძე ცოცხლებიც არიან და პარლამენტშიც სხედან. თუ იტყვიან, რომ შარაძე ცრუობს, თანახმა ვარ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მეორედ ჩამსვას ციხეში. ვაცხადებ, მე ვიყავი ვალდებული პარლამენტში შემეტანა კანონპროექტი ე.წ. ,,თურქი-მესხების” საქართველოში დასაბრუნებლად იურიდიული და კონსტიტუციური საფუძვლის მოსამზადებლად. მე ამაზე კატეგორიული უარი ვთქვი. ახალი მოღალატური და ბუღათურქობის დოკუმენტი პარლამენტში არ შემიტანია. იყო ზეწოლა პრეზიდენტისგან, იყო ზეწოლა პარლამენტის თავმჯდომარისგან, უმრავლესობისგან, რომლის ლიდერები ჟვანია-სააკაშვილი იყვნენ. აგერ არის რეზოლუციები ამ თურქი-მესხების… სხვათა შორის, ერთი დოკუმენტი ჟვანიამ პირდაპირ ეთერში ცხვირწინ ამაცალა. დანარჩენი დოკუმენტები დამრჩა, ის დაიკარგა. ზეწოლის მიუხედავად, ეს არ გავაკეთე. მათ კი ჩაიდინეს ღალატი. მოაწყვეს პოლიტიკური შეთქმულება, ჩუმად, მე რომ მგონია, პარლამენტში არ მომხდარა ამ დოკუმენტის შეტანა და განხილვა, იურიდიული უფლებამოსილების მინიჭება, სააკაშვილმა, ღოღობერიძემ და ჟვანიამ ფარულად შექმნეს ე.წ. ვალდებულებაზე თანხმობის დოკუმენტი და ტერი დევისმა 1998 წელს გრიალ-გრიალით გაგვაწევრიანა ევროსაბჭოში. ჩვენ ეს არ ვიცოდით, არც ჩვენ, პარლამენტის წევრებმა და არც ქართველმა ხალხმა. რაც მთავარია, არ იცოდა მესხეთის მოსახლეობამ. კი მაგრამ, როცა იქ ჩასახლებას აპირებდნენ, რატომ არ ჰკითხეს იმ ადამიანებს?! ეს ვალდებულება არ არის კანონიერი, უკანონოა. საქართველო არ არის ვალდებული, ეს უკანონო ვალდებულება შეასრულოს. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა მოხდეს სასწრაფოდ, პირველ რიგში, ლანა ღოღობერიძე უნდა იქნეს გამოწვეული ევროსაბჭოდან. ჩვენ უნდა ვუთხრათ ევროსაბჭოს: თქვენ რომ ელჩი გიზით – ლანა ღოღობერიძე – ეს არის მოღალატე. ეს ვალდებულება არის მის მიერ ჩუმად გაკეთებული. ამიტომ ჩვენ ამ ვალდებულებას არ შევასრულებთ.

– კი მაგრამ, ბატონო გურამ, ასე იოლია ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა?

– პირდაპირ წერია, თუ სამი წლის განმავლობაში ევროსაბჭოში გაწევრიანებული სახელმწიფო არ მოახდენს თავისი ვალდებულებების შესრულება-რეალიზაციას, ის ირიცხება. გამორიცხონ, ბატონო, საქართველო ევროსაბჭოდან. მაინტერესებს, რა სიკეთე მივიღეთ ევროსაბჭოსგან?

– უკეთესი იქნება თუ საქართველოს გამორიცხავენ?

– დიახ და გეტყვით რატომ: პირველი – ჩვენ ევროსაბჭოში შესვლის დღიდან გარდა დაჩოქებისა, გარდა დამარცხებისა, არაფერი გვინახავს და არც პოლიტიკური მხარდაჭერა გვიგრძვნია. ჩვენ ვნახეთ ფინანსური გაღატაკება, ისედაც გაღატაკებული ბიუჯეტისა. ჩვენ მილიონიანი ვალები დაგვიგროვდა საქართველოს საელჩოს შენახვის და ლანა ღოღობერიძის და მისი ქალიშვილების გრიალის გამო. ჩვენ გვაქვს უამრავი ვალი დაგროვილი იმის გამო, რომ ელენე თევდორაძე ყველაფერს, რაც ტანსაცმელს და ოჯახს ეხება, მივლინების ხარჯებით ყიდულობს. ჩვენ ელენე თევდორაძისა და მისი პარტნიორის, ლანა ღოღობერიძის შესანახად გვჭირდება ევროსაბჭოს წევრობა?! ან კიდევ, ევროსაბჭოს ტრიბუნა, რომელიც არაერთხელ გამოიყენა სააკაშვილმა, მათ შორის პრეზიდენტობის დროს იმ მოღალატური გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად, რომ სამაჩაბლოსა და აფაზეთს ის უქმნის გაუგონარ ავტონომიას და ფაქტობრივად, ისინი გადიან საქართველოს მოღალატური სივრციდან. გამოდის, ევროსაბჭოს ტრიბუნა სჭირდება პრეზიდენტს და პრეზიდენტობისთვის გამზადებულ ქართველ დეპუტატებს საქართველოს გასაყიდად და დასაჩოქებლად, ხოლო ქართველ ელჩებს და დეპუტატებს – ღოღობერიძეს და თევდორაძეს ფინანსური უზრუნველყოფისთვის. მითხარით ერთი, რა სიკეთე ვნახეთ ევროსაბჭოში გაწევრიანებით?! ამიტომ, გამოვიდეთ ევროსაბჭოდან ამ უკანონო ვალდებულების არარეალიზებისთვის და შემდეგ დავსვათ ახალი ვალდებულებები. ჩვენ ევროსაბჭოში უნდა გავწევრიანდეთ იმ ვალდებულების გარეშე, რასაც ჰქვია თურქი-მესხების საქართველოში დაბრუნება. ე.წ. ,,თურქი-მესხები” რუსეთმა უნდა დააბრუნოს, როგორც საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა სამართალმემკვიდრემ. ეს არის ჩიხიდან გამოსვლა.

– თქვენი აზრით, რატომ ცდილობს ხელისუფლება ამ ვალდებულების შესრულებას, თუ ასე მარტივია ამ ვალდებულებისგან თავის დაღწევა.

– ეს ხელისუფლება არის არაეროვნული. ხომ ხედავთ, როგორ იყიდება საქართველო, რაც წინა ხელისუფლებას გაუყიდავი დარჩა, ის ამათ – ბენდუქიძეებმა, ჟვანიებმა, ნოღაიდელებმა გაყიდეს. ყიდიან თვალსა და ხელს შუა. მე რომ ვამბობდი, ეს ხელისუფლება იეღოველებმა მოიყვანეს და მოჰყავთ-მეთქი, ზოგი ჩემი პოლიტიკური ოპონენტი სიცილით კვდებოდა. აგერ მაქვს 120 გვერდიანი საქმე, რომელიც იუსტიციის სამინისტროდან მოვიპოვე. ამ ხელისუფლებამ პირველი, რაც გააკეთა, აღადგინა იეღოველების რეგისტრაცია. ამ შეთქმულების ყველა ორგანიზატორი დღეს ხელისუფლებაშია. მათ მიერ დადებული პირობა, რომ საქართველოს დასაჩოქებლად 400 ათასი თურქი-მესხი უნდა შემოვიდეს, 6 აჭარელი ოჯახი წამოიყვანა ,,პაკაზუხურად” თავისი თვითმფრინავით და ჩაასახლა ახმეტაში. ეს ექვსი ქართველი გამორბის. ეს ადამიანები ვერ დაასახლეს, საქართველოს უჭირსო. 400 ათას თურქს რომ ჩაასახლებ საქართველოში და მაინცდამაინც მესხეთში, საქართველო ამას გაუძლებს? საქართველოს აჩოქებენ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ შემოუსიეს ეს იეღოველები და სხვა რელიგიების წარმომადგენლები. ექსკლუზიურად გეტყვით, უკვე ხდება რეანიმაცია ჩემს მიერ 2003 წელს ჩაშლილი ხელშეკრულებისა ვატიკანსა და საქართველოს შორის. რომის პაპის სიგელის გადასცემის დროს საპასუხო მემორანდუმში რომის პაპმა მიუთითა, შევარდნაძის დროს ჩაშლილი ხელშეკრულება სასწრაფოდ გააფორმეთო.

– რომელ ხელშეკრულებაზეა საუბარი ?

– იმ ხელშეკრულებაში წერია, რომ კათოლიკეებს უნდა დაუბრუნდეთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები, იგივე ქუთაისში. პირდაპირ გეუბნებით, 300 ათას დოლარს ერთი ქართველი ქალბატონის შუამავლობით მთავაზობდა პარლამენტში, ჩემს კაბინეტში კათოლიკეების ერთ-ერთი პადრე. ამ ფულს მთავაზობდა იმისთვის, რომ მე ხმა არ ამომეღო და მხარი დამეჭირა ქუთაისელების მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკეებს გადასცემოდა. იმ ხელშეკრულებაში წერია, რა უნდა მოხდეს ქართულ სკოლებში. კახა ლომაიამ და მისმა მთავრობამ აკრძალა მართლმადიდებლობის სწავლება, იმ ხელშეკრულებაში კი წერია, რომ კათოლიკური სწავლება უნდა იყოს უმაღლეს დონეზე ქართულ სკოლებში. აი, როგორ ხდება ყველაფერი. აქეთ სააკაშვილი აცხადებს, რომ ,,ბაირამობა” აზერბაიჯანელებს უქმე დღედ დაუვწესოთო. ებრალები იძახიან, რომ ჩვენი დღეც სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადეთო. ვეღარ ხედავთ, რომ ტოტალური შეტევა ხდება საქართველოზე რელიგიური, პოლიტიკური, ეროვნული თვალსაზრისით. რაც მთავარია, ანექსიაა თურქების შემოყვანა. ის, რაც ბუღა თურქმა არ გააკეთა, იმას აგერ შენი ლანა ღოღობერიძე,, შენი სააკაშვილი და ელენე თევდორაძე აკეთებენ. თევდორაძემ გუშინ განაცხადა, ჩვენს სისხლსა და ხორცს უარი როგორ ვუთხრათო. თქვენი გაზეთის საშუალებით ვეკითხები მას: თუ აქვს ერთი წვეთი ქართული სისხლი? მას აქვს მხოლოდ ქართული გვარი, ისიც ქმრისგან აღებული. სულაც არ მინდა მისი სისხლის და ხორცის მქონე 400 ათასი ადამიანი შემოვიდეს საქართველოში.

– თქვენი აზრით, ევროსაბჭოდან გამოსვლით დიდ თურქობას გადავრჩებით?

– რა თქმა უნდა. თქვენ ეს იოლი საქმე ხომ არ გგონიათ. გოგა ხაინდრავას ცალ ფეხზე არ ჰკიდია საქართველო? კი იყო გუბერნატორი სოხუმში, მაგრამ ხომ დაგვაჩოქა. გოგა ხაინდრავა შეგვინარჩუნებს საქართველოს მესხეთში და სხვა დანარჩენ საქართველოში?! გეუბნებით, საერთაშორისო შეთქმულებაა, რომ საქართველო გასრისონ, დააჩოქონ.

შორენა კოწოწაშვილი
,,ახალი თაობა”, 30 მარტი, 2005

თურქი-მესხებისთვის 25 ათასი კოტეჯია გამზადებული

გუშინ გურამ შარაძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტერი დევისის განცხადებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

შარაძის თქმით, ტერი დევისმა და ლანა ღოღობერიძემ მოახდინეს თვითლუსტრაცია. 1998 წელს მათ იკისრეს შუამავლობა ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის, რათა ევროსაბჭოში გაწევრიანების ფასად საქართველოს აეღო კაბალური ვალდებულება, 400 ათასი თურქი-მესხის საქართველოში დაბრუნების თაობაზე. იგი აცნობს ჟურნალისტებს თურქი-მესხების დაბრუნების თაობაზე აღებული ვალდებულებების წინა ისტორიას, რომ 1995-99 წლის პარლამენტში არ მომხდარა ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების რატიფიკაცია და ამდენად, ის უკანონოა.

– საქართველოს მაშინდელმა ხელსუფლებამ, რომელიც ახალი ხელისუფლებაა, არავითარი განსხვავება მაშინდელსა და ახლანდელს შორის არ არის თვით პერსონების ჩათვლით (გარდა იმისა, რომ მაშინ პრეზიდენტი იყო შევარდნაძე, დღეს პრეზიდენტია შევარდნაძის ფრთებქვეშ გამოზრდილი და მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი სააკაშვილი), თვითონ შესთავაზა ევროსაბჭოს ამ ვალდებულების შესრულება. შევარდნაძე, სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძე, თევდორაძე, ღოღობერიძე, პლუს ტერი დევისი, მათი სახით წრე შეიკრა საქართველოს წინააღმდეგ. 1995-99 წლის პარლამენტში მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ამიტომ საქართველოს ამ წამყვანმა პოლიტიკურმა ძალებმა მომმართეს მე. ხელთ მაქვს ეს დოკუმენტები. მათ შორის ერთი წერილი წამართვა ზურაბ ჟვანიამ, როდესაც ღამის ,,მზერაში’’ ერთად ვიყავით მიწვეულნი და ის ერთი დოკუმენტი დამეკარგა. რა ვიცოდი თუ მოკლავდნენ მისი ძმაკაცები. საკითხი პარლამენტში რომ განხილულიყო, ჩვენს კომიტეტს უნდა მოემზადებინა. ზურაბ ჟვანიამ, ედუარდ შევარდნაძემ, ლანა ღოღობერიძემ რომ ვერ დამითანხმეს, ვერ შემაქმნევინეს კანონპროექტი თურქი-მესხების დაბრუნების კანონიერი საფუძვლის შესაქმნელად, გურამ მამულიას, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს საგანგებო სტატუსი შეუქმნეს. ვერც ამ სტატუსით რომ ვერ მომერია გურამ მამულია, უკრაინის რადის თავმჯდომარის მოროზის და შუა აზიის რეპუბლიკების ხელმძღვანელთა წერილები მომდიოდა, რატომ ეწინააღმდეგებით თურქი-მესხების დაბრუნებასო. ღმერთის წინაშე ჩემი შვილის სული არ მინდა შევაწუხო, მაგრამ ამას მოჰყვა ჩემი შვილის მკვლელობა. მაინც რომ მეგონა, ავიცილეთ ეს შემოტევა-მეთქი, საიდუმლოდ სააკაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძე-ღოღობერიძე-თევდორაძემ აიღეს ვალდებულება ტერი დევისის წინაშე ევროსაბჭოში მიღების სანაცვლოდ. თუ დღეს აუცილებელია აღებული ვალდებულების საფუძველზე თურქი-მესხების საქართველოში დაბრუნების საკითხის პარლამენტში განხილვა, ამ ვალდებულების აღებას არ სჭირდებოდა პარლამენტის რატიფიკაცია? ე.ი. ეს ,,ვალდებულება” არ არის კანონიერი. ეს ,,ვალდებულება’’ უკანონო და კრიმინალურია. იმიტომ, რომ ეს მოხდა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარისა და თვით პარლამენტის ზურგსუკან. არც ერთხელ ეს საკითხი პარლამენტისა და ბიუროს სხდომებზე არ განხილულა, მხოლოდ მიწერ-მოწერით დამთავრდა ყველაფერი, – აცხადებს გურამ შარაძე.

ასე პრინციპულად რატომ მოითხოვს ევროსაბჭო ამ ვალდებულების განხორციელებას? გურამ შარაძე პასუხობს, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების ერთი ნაწილი, რომელიც მოუწყეს მასონებმა და ათასგვარმა სექტებმა, რომლებიც ამჟამად მოქმედებს საქართველოში. მისი თქმით:

– მე რომ ვამბობდი, საქართველოს წინააღმდეგ მზადდება მასონთა შეთქმულება, ხოლო მათ ზურგს უკან დგანან რელიგიური სექტები, იეღოველები-მეთქი, ხალხი იღრიჭებოდა და სიცილით კვდებოდა: რა მასონები, რა სექტები, გურამ შარაძეს რელიგიური სექტები ელანდებაო. მაგრამ რევოლუციიდან ხუთი დღის შემდეგ გამარჯვებულმა რევოლუციონერებმა სააკაშვილის მეთაურობით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმებული სექტის რეგისტრაცია აღადგინეს. ხელთ მაქვს 120 გვერდიანი საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც გამოგზავნილია ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელისა და ამერიკის იეღოველთა კავშირის პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მისამართით ამ რეგისტრაციის აღდგენის თაობაზე და აღუდგინეს კიდეც. ეს გააკეთეს იმიტომ, რომ ისინი დავალდებულები იყვნენ კოლინ პაუელისაგან, სოროსისგან, იეღოველებისგან ხელისუფლებაში რომ მოიყვანეს. შარაძეს მასონები ელანდებაო, აიღეთ აგერ პლატონოვის წიგნი და ნახავთ მასონთა ოფიციალური ლოჟის წევრის, სახელმწიფო მინისტრ კახა ბევდუქიძის ნომერს. პლატონოვის წიგნში დაფიქსირებულია, რომ ის არის მასონთა ლოჟის ოფიციალური წევრი. ბენდუქიძემ სახელმწიფო მინისტრი რომ გახდა, ხოლო მის ადგილზე ალექსი ალექსიშვილი მოიყვანა, ხუთი დღის შემდეგ მან მასონები გაატარა რეგისტრაციაში და მიანიჭეს ნომერი. ამის შესახებ განცხადება დაბეჭდილია პარლამენტის უწყებაში. მასონთა ლოჟა უკვე მოქმედებს საქართველოში. საქართველო დამონებული და წაქცეულია, ჩამოაჭრეს სამაჩაბლო, ზოგიერთ კუთხეში საქართველოს იურისდიქცია შესუსტებულია.

გურამ შარაძე ამბობს, რომ სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში არაოფიციალური ვიზიტის მიზეზი ახალციხეში რუსული ბაზების დატოვების სურვილით იყო განპირობებული. ,,ის საქართველოში ჩამოდის სასწრაფოდ, რომ როგორმე ახალქალაქის სომხები დარჩნენ რუსული ბაზების მოსამსახურეებად, იქ ქონდეთ რუსული იარაღი ხელში და როცა უნდათ, მაშინ გესროლონ”, – თქვა გურამ შარაძემ. ტერი დევისის ვიზიტის დროს კი, რატომღაც საუბარი იყო სომხების უფლებებზე, – თურქი-მესხების ჩამოსახლებაზე თანხმობა იყო იმ შეთქმულების ნაწილი, რომ საქართველო შესუსტებულიყო და დაგვეკარგა სამხრეთ საქართველო. სომხეთს და აზერბაიჯანს თავიანთ განზრახვაზე ხელი ვერ ააღებინა და ჩვენ მესხეთს გვაკარგინებს ტერი დევისი. ეს არის საერთაშორისო შეთქმულების ერთი ნაწილი, როგორც რელიგიური, ასევე პოლიტიკური მიმართულებით, ისე ეროვნულ-ეთნიკური მიმართულებით. რატომ იყო დაინტერესებული ლანა ღოღობერიძე ამ ვალდებულების აღებითა და შესრულებით? როცა 1995 წლის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა იწურებოდა, დაიბარა ზურაბ ჟვანიამ და უთხრა: ქ-ნო ლანა, მე თქვენ ვეღარ შეგიყვანთ 2000 წლის პარლამენტში მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით. თქვენ უკვე ხანდაზმული ქალბატონი ბრძანდებით, მაგრამ ენები იცით, მისვლა-მოსვლა შეგიძლიათ, ამიტომ მე მხარში დაგიდგებით, პრეზიდენტ შევარდნაძეს მხარში დაგიყენებთ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ გავწევრიანდეთ ევროსაბჭოშიო. ამას თუ მიაღწევთ, თქვენ იქნებით პირველი ელჩი პარლამენტის დათხოვნის შემდეგო. ასე რომ, ლანა ღოღობერიძე პიროვნულადაც იყო დაინტერესებული გარდა იმისა, რომ ის არის საქართველოს ინტელიგენციის დამხვრეტის, ლევან ღოღობერიძის ქალიშვილი. მამამისი იყო ცკ-ს მდივანი 1920-იან წლებში საქართველოში, რომელმაც ამოჟლიტა ქართული თავადაზნაურობა და 1933 წელს დეპეშა გააგზავნა კრემლში. ერთი დეპეშა ხომ ორჯონიკიძემ გაგზავნა 1921 წლის 25 თებერვალს: ,,მოსკოვი, კრემლი, ვლადიმერ ლენინს! თბილისის თავზე ფრიალებს წითელი დროშა, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!” მეორე დეპეშა გააგზავნა ლევან ღოღობერიძემ, თუმცა ლენინი აღარ იყო ცოცხალი: ,,მოსკოვი, კრემლი, სტალინს, ორჯონიკიძეს: ,,გიპატაკებთ, საქართველოში დავხვრიტე მთელი ქართული არისტოკრატია!” მერე თვითონაც დახვრიტეს 1937 წელს, მაგრამ მან ხომ ეს გააკეთა. ახლა კი მისი ქალიშვილი, რომელიც ახალმა ხელსუფლებამ დააწინაურა და სოფელ სტრასბურგიდან პარიზში გადაიყვანა საქართველოს ელჩად, ერთი კვირა არ გააჩერეს ქართველმა ემიგრანტებმა იქ. ამაში დიდი წვლილი აქვს ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს, რომლის მამა-ბებია-ბაბუა ღოღობერიძემ და მისნაირებმა გაყარეს საქართველოდან.

– პარლამენტს არ აუღია თურქი-მესხების ჩამოსახლების ვალდებულება, არ მოუხდენია რატიფიკაცია. ისედაც ეს ვალდებულება უკანონო ხელსუფლების – შევარდნაძის და მისი გაგრძელების მიერ იყო აღებული. თუ შევარდნაძე იმიტომ ჩამოაგდეს, რომ უკანონო იყო და უამრავი შეცდომა ჰქონდა, ამ უკანონო და შემცდარი პრეზიდენტის დროს აღებული ვალდებულებები რატომ არის დღეს კანონიერი და აუცილებლად შესასრულებელი? ეს მატყუარა ხელისუფლება ძველი ხელისუფლების ორგანული ნაწილია და მისი ორგანული გაგრძელებაა. თანაც ეს არ არის საქართველოს ვალდებულება. 1944 წელს საქართველო არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. ის იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი 15 რესპუბლიკათაგანი. ამიტომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებისთვის კი არ ყოფილა მიღებული, არამედ საბჭოთა კავშირის გასაძლიერებლად. თბილისში ვითომ მთავრობა იყო, ვითომ პარლამენტი, მაგრამ აქაც კი არ განხილულა. ეს გადაწყვეტილება მიიღო მოსკოვმა, კრემლმა 1944 წელს. ბოლო ორი საუკუნის მანძილზე თურქეთი იყო გერმანიის მუდმივი მოკავშირე. ორივე ებრძოდა რუსეთს. იმიტომ, რომ რუსეთი ორივეს ართმევდა ტერიტორიებს. როდესაც ფაშისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში გერმანიაში და დაუწყეს ომი საბჭოთა კავშირს, ანუ რუსეთს – თურქეთის ისტორიულ მტერს, თურქეთიც შევიდა კოალიციაში ჰიტლერთან და საბჭოთა კავშირის რკალში მოქცევა განიზრახეს. ეს მოსახლეობა, რომელიც გაასახლეს 1944 წელს, თურქები არიან, – ასაბუთებს გურამ შარაძე და შესაბამის დოკუმენტებსაც წარმოუდგენს ჟურნალისტებს, რომელიც თვითონ ამ თურქმა-მესხებმა მიიღეს მთელ რიგ შეკრებებზე.

კითხვაზე: იყვნენ თუ არა ქართველები ამ გასახლებულთა შორის? გურამ შარაძე ასე პასუხობს:

– ტერი დევისმა უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა განცხადება, რომ გასახლებულები არიან ქართველები და უნდა დაბრუნდნენ საქართველოში. მათი ისტორიული სამშობლო არის საქართველო და მათი ენა არის ქართულიო. მე მაქვს მოსკოვში, ბიშკეკში, ბაქოში თურქი-მესხების ყრილობებზე მიღებული რეზოლუციები, სადაც აცხადებენ, რომ ისინი არ არიან ქართველები. ჩვენ ვართ თურქები, ჩვენ არ გვინდა საქართველოში დაბრუნება, ჩვენ არ გვინდა საქართველოს მოქალაქეობა. ჩვენ დაგვაბრუნეთ ახალციხის საფაშოში, რომელიც მუდამ იყო თურქეთის ტერიტორია, მუდამ იყო თურქების სამშობლო და 1828 წელს გენერალმა პასკებიჩმა წაგვართვა, შემოუერთა რუსეთს ანუ საქართველოს და ამის შემდეგ ჩვენ ვართ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამიტომ აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, ჩვენ ვბრუნდებით ახალციხის საფაშოში, ოღონდ თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში, თურქეთის მოქალაქეებად, თურქულენოვანი სკოლებით და მეჩეთებითო. აი, თქვენი ,,ქართველები” ტერი დევის, უნივერსიტეტის სტუდენტები რომ მოატყუეთ და ატყუებთ მსოფლიო საზოგადოებრიობას, თქვენი თანმხლები მატყუარა ქალბატონის ლანა ღოღობერიძის დახმარებით! იქ, რა თქმა უნდა, იყო რაღაც მცირე პროცენტი ქართველებისა, მაგრამ 1944 წელს გაასახლეს 80 ათასი თურქი-მესხი, დღეს კი ისინი იქცნენ 400 ათასად. 60 წლის მანძილზე აქედან წასულები ყველა დაიხოცა. მათ შთამომავლებს კი ზრდიდნენ საქართველოსა და ქართველების სიძულვილით. თქვენ გადმოგასახლათ ქართველმა სტალინმა, ქართველმა ბერიამ და ქართველმა კანდიდ ჩარკვიანმაო. ეს წერია ამ დოკუმენტებში, რომელიც მე მაქვს. ასე რომ, უცხო მხარეში მუსლიმანურ სამყაროსა და თურქულენოვან სამყაროში 60 წლის მანძილზე საქართველოს ზიზღით და სიძულვილით გაზრდილი ადამიანები მოდიან, მათ ჩააგონებდნენ, თქვენ ხართ თურქები, თქვენ დაბრუნდით ახალციხეში, ოღონდ არა საქართველოს ახალციხეში, არამედ თურქეთის ახალციხის საფაშოშიო.

გურამ შარაძის თქმით, ტერი დევისის წინამორბედმა შვიმერმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გაეჭიანურებინა ამ ვალდებულების რეალიზაცია. ევროსაბჭოში გაწევრიანების წესდების ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, აღებული ვალდებულების შესრულება თუ არ მოხდება სამი წლის მანძილზე, ირიცხება ევროსაბჭოდან. ,,მირჩევნია ევროსაბჭოდან გაგვრიცხონ, ვიდრე მოხდეს უკანონო ვალდებულების რეალიზაცია. ამით გადავრჩებით 400 ათასი თურქი-მესხის საქართველოში ჩამოსახლებას. ყოველთვის ესენი ხომ არ იქნებიან, მოვა ეროვნული ხელისუფლება. ევროპულ ღირებულებებზე უარს კი არ ვამბობთ და კვლავ გავხდებით მისი წევრი. გული მტკივა, რომ გაეროში საქართველოს წარმომადგენლების მილიონები ვალად გვაწევს, გაეროს კი ჩვენთვის თითი-თითზე არ დაუკარებია, არც აფხაზეთისა და არც სამაჩაბლოს დასაბრუნებლად. მე მინდა არა ტერი დევისი, რომელმაც საქართველო დააჩოქა და ფარული საიდუმლო-კრიმინალური გარიგებით, ღოღობერიძე-ჟვანია-სააკაშვილ-ბურჯანაძეს გამოსტაცა საქართველოს დამონების გეგმა. საინფორმაციო საშუალებებშიც გახმოვანდა ის, რასაც ვამბობდი, რომ ეს ვალდებულება აიღო სააკაშვილმა, მაშინდელი მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა და აწ განსვენებულმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ. შვიმერის ჩამოგდებისას საქართველოს დელეგაცია აქტიურობდა. სააკაშვილმა, ჟვანიამ, ბურჯანაძემ, ღოღობერიძემ, თევდორაძემ, ბოკერიამ, ლევან ბერძენიშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ისევ ტერი დევისი დაბრუნებულიყო, რათა მათი ჩანაფიქრი თურქი-მესხების ჩამოსახლების თაობაზე ბოლომდე განხორციელებულიყო”, – თქვა გურამ შარაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ამ გეგმის რეალიზების მსურველებს საქართველოს დაჩოქება და დამარცხება სურთ.

– როცა დევისს შეეკითხნენ, დღევანდელ საქართველოს შეუძლია ამ 400 ათასი თურქი-მესხის მიღება, მეგონა, რომ შეყოყმანდებოდა და იტყოდა – მაშინ, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, როცა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნდება უბედური 400 ათასი ქართველიო, მაგრამ დაუფიქრებლად უპასუხა, შეუძლიაო. ამათ რომ აეღოთ ვალდებულება და ეთქვათ, ევროსაბჭოში შემოვდივარ იმიტომ, რომ თქვენგან დახმარება გვჭირდება, რათა 400 ათასი ქართველი დავაბრუნოთ თავიანთ სახლებშიო, მაშინ ღოღობერიძეს და ჟვანიას ტაშს დავუკრავდი. განსხვავებით სომხებისა და აზერბაიჯანელებისგან, რომელთაც თავიანთი ეროვნული ინტერესები არ დათმეს ევროსაბჭოს წევრობის საფასურად, ჩვენ დავთმეთ ქვეყნის ინტერესები.

გურამ შარაძე ასახელებს იმ ადგილებს, სადაც განზრახული აქვს ხელსუფლებას ამ ე.წ. თურქი-მესხების ჩასახლება: აჭარლებს იმიტომ ასახლებენ იქიდან, რომ იქ ჩაასახლონ თურქი-მესხები. ამასთანავე, ახალციხეში, თურქეთის საზღვრის გასწვრივ გამიზნულია მათი ჩასახლება, რისთვისაც თურქეთში გამზადებულია 25 ათასი თურქული კოტეჯი, რითაც უნდათ საზღვრისპირა ზოლის დემოგრაფიული სურათის შეცვლა.

– როდესაც შავი ზღვის აკვატორია და ბათუმის ნავსადგური, პორტი, გემები გაიყიდა, ხოლო სარფზე მილიონები კეთდება, თბილისში რატომ მოაქვთ თბილისელ ჯიბგირებს ჯიბეში ჩასადებად, იმ ფულის ნახევრით გაამაგრონ ის გამსკდარი მიწები და გზები აჭარაში. მაქვს ინფორმაცია, რომ 25 ათასი თურქული კოტეჯი არის გამზადებული თურქეთ-საქართველოს საზღვრის ახალციხის მონაკვეთზე, როგორც კი დღევანდელი მოღალატური პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ე.წ. თურქი-მესხების, ანუ ევროსაბჭოს დადგენილების შესრულების თაობაზე, მაშინვე შემოვა ეს გამზადებული სახლები. ეს გამიზნულია იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის ათვისება მათ მიერ და გათურქმესხება. ასევე 4 მილიარდი დოლარია გამოყოფილი ამ ვალდებულების შესასრულებლად. ასევე ამ თურქი-მესხების ჩასახლებაა დაგეგმილი აჭარაში. სოფელ კახაბრის ველი გამზადებულია მათ ჩასასახლებლად. ნუ დამასახელებინებთ თურქეთის ერთ-ერთი სახელმწიფო მოღვაწის გვარს, რომლის ინფორმაციებითაც არის ეს ყველაფერი ჩემთვის ცნობილი. როცა ვმუშაობდი ასლან აბაშიძესთან, მაშინ მე და ასლან აბაშიძემ გადავარჩინეთ აჭარა ამ გეგმისგან. ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერით გამოსვლისას ტერი დევისმა ხელი დაადო ჟვანია-სააკაშვილ-ბურჯანაძე-ღოღობერიძეს, რომ ეს მათ გააკეთებინეს ტერი დევისს ჯერ კიდევ 1998 წელს. როცა საქართველომ უარი თქვა ამ ვალდებულებაზე, ამ მოღალატურმა ბანდამ ჩუმად აიღო ვალდებულება, – განაცხადა გურამ შარაძემ.

გულიკო ბალაძე
,,ახალი თაობა”, 16 აპრილი, 2005

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s