ვიქნებოდი იურისტი

 

სხვადასხვა

 

გურამ შარაძე: “გვიან რომ არ იყოს, აუცილებლად ვიქნებოდი იურისტი, იურისტებს შორის – ადვოკატი!..”

 – ბატონო გურამ, გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა პრესის დღევანდელ ორომტრიალში კიდევ ერთი ახალი გაზეთის გამოცემა?

– დღევანდელი პრესის გადატენილი ბაზრის პირობებში ყოველი ახალი გაზეთის ან ჟურნალის დაარსება, შეიძლება ითქვას, დიდ რისკთანაა დაკავშირებული – გაუძლებს კი ახალი გაზეთი მომძლავრებულ კონკურენციას ან კიდეც რომ გაუძლოს, მიიღებს კი მას მკითხველი და გაითავისებს თავის გაზეთად? სწორედ ასეთი დილემური კითხვების პირობებში გამოვიდა და სიცოცხლეს იწყებს კიდევ ერთი ახალი გაზეთი “ადვოკატი და მართლმსაჯულება”.

თუმცა, ამ გაზეთის გამოსვლა არა თუ აუცილებელია, არამედ დაგვიანებულიც კია. ეს დაკავშირებულია ჩვენი ცხოვრების უმძიმეს, უმწვავეს სოციალურ და ეკონომიკურ სიდუხჭირესთან, რომლის პირდაპირი გამოძახილია ბევრი სამართლიანი თუ უსამართლო საკითხი, ამ საკითხთა გადაჭრა კი უნდა ხდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონისა და სამართლის გზით ისე, როგორც ეს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია მიღებული. ამ მხრივ კი დასამალი არ არის, რომ ჩვენში კანონიერება და სამართლიანობა მოიკოჭლებს – სწორედ ეს ახალი გაზეთი დაეხმარება ჩვენს მოსახლეობას სიმართლის ძიებაში.

– დაეხმარება თუ უნდა დაეხმაროს?

– რადგან ვთქვი, მჯერა, რომ დაეხმარება, რადგან სხვანაირად მისი გამოსვლა აზრს დაკარგავს და მაკულატურაში ჩაიდება, ან, უკეთეს შემთხვევაში, ბულვარული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას მოხმარდება.

ბულვარული ცნობისმოყვარეობა რა შუაშია?

– დაიბეჭდებოდა სენსაციური ფაქტები, ვიღაცის სალანძღავი და მაკომპრომეტირებელი მასალები, რომლებიც იმ დღეს იარსებებენ და არავითარი პასუხისმგებლობა არ მოყვებოდა, მხოლოდ დილიდან საღამომდე იცოცხლებდა – მინისტრმა ის მოიპარა, დეპუტატმა ეს მოიპარა, პრეზიდენტმა ქვეყანა გაყიდა, პრეზიდენტის ოჯახური კლანი და ასე შემდეგ… ყვითელი პრესა ამ შემთხვევაში კომპლიმენტად ითვლება – ეს არის ბულვარული პრესა, სადაც არავინ პასუხს არ აგებს და არც არავინ სთხოვს პასუხისმგებლობას, გენიალური ნათქვამია “წერე და იკითხე”. არ მინდა თქვენმა გაზეთმა მხოლოდ დილიდან საღამომდე იცოცხლოს.

– ერთგვარ ქართულ წესად იქცა, რომ პრესა დამფუძნებელთა იარაღია. მოსალოდნელი ხომ არაა, რომ გაზეთი სუბიექტური მიზნების განსახორციელებლად იქნეს გამოყენებული?

– მართალი ბრძანდებით, პრესის ორგანო ბევრისთვის იარაღია, ბევრისთვის შანტაჟის იარაღიც. ჩვენს სინამდვილეში არის ერთპიროვნული გაზეთები, რომლებიც ხელმძღვანელობის პოზიციებს ამაგრებენ, თანაც ხელშეუვალი პიროვნებები არიან, ეს ეხება არაერთ სატელევიზიო არხს და რადიოპროგრამებს. არ ვიქნები ორიგინალური, რომელიმე რომ დავასახელო, რადგან ქუჩაში ყოველი მეორე გამვლელი რომ გააჩერო და ჰკითხო, ყველასთვის თვალშისაცემია, რომელი საინფორმაციო წყარო ვისია.

ეს ჩვენი მასმედიის დაავადებაა, რომ ყველამ ყველაფერი იცის და არავინ არაფერს წამლობს. ამ გაზეთის მოწოდება მართლმსაჯულების სადარაჯოზე დგომაა, რაც მაქსიმალურ ყურადღებას და ობიექტურობას მოითხოვს; ის უნდა ეცადოს, რომ თემიდას სასწორი უსამართლოდ არც ერთი მხარისკენ არ გადახაროს.

მეიმედება, რომ უსამართლობა ამ შემთხვევაში გამოირიცხება. მეიმედება ადვოკატთა პრეზიდიუმის ხელმძღვანელობის – ბატონ ნუგზარ ბირკაიასი, თვით გაზეთის რედაქტორისა – ბატონ ჯემალ ნინუასი, რომელიც ქართულ ჟურნალისტიკაში ათეული წლების მანძილზე ცნობილია, როგორც შეუბღალავი და შეურყვნელი რეპუტაციის მქონე ჟურნალისტი.

– გაზეთის ერთ-ერთი მიზანია სასამართლო ხელისუფლებაში დასაქმებულ არაპროფესიონალთა და კორუმპირებულთა სააშკარაოზე გამოყვანა. მათი “დამსახურების” გამომზეურება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაში. თვლით თუ არა ამ ნაბიჯს მიზანშეწონილად?

– ყველა დამნაშავე უნდა იმხილებოდეს, როგორ სავარძელშიც უნდა იჯდეს იგი. კარგია, თუკი თქვენი გაზეთი ამას მოემსახურება. მოდით, მან შეასრულოს რეფორმირებული სასამართლოების საზოგადოებრივი კონტროლის ერთგვარი ფუნქცია. მოვიტან ორ ფაქტს რეფორმამდელი და რეფორმაგამოვლილი სასამართლოს საქმიანობიდან. სასამართლო რეფორმამდე ისნის რაიონის მოსამართლე დალი სულხანიშვილმა 1998 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გაყალბებით რეგისტრაციაში გაატარა ორი იეღოვური ორგანიზაცია: პენსილვანიის “საგუშაგო კოშკი” და “იეღოვას მოწმეთა კავშირი”.

– რატომ გაყალბებით?

– რატომ და სამოქალაქო კოდექსის 31-34 მუხლების საფუძველზე იეღოვური ორგანიზაციები გამოაცხადა არა როგორც რელიგიური, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციად. დღემდე არ არსებობს კანონი რელიგიის შესახებ, ამიტომ დალი სულხანიშვილი ვერ გაატარებდა ზემოხსენებულ “კავშირსა” და “კოშკს”, როგორც რელიგიურ ორგანიზაციას… ამიტომაც, ალბათ, მხოლოდ იეღოველთა ლამაზი თვალებისთვის გაატარა მოსამართლე სულხანიშვილმა ისინი რეგისტრაციაში (?!)…

1999 წლის მაისში ისნის რაიონის სასამართლოში შევიტანე სარჩელი ორი იეღოვური ორგანიზაციის უკანონო რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. ბედის ირონიით, სწორედ მაშინ მოხდა სასამართლო რეფორმა. ამჯერად უკვე ისანი-სამგორის რაიონის რეფორმაგამოვლილი მოსამართლე ცისანა ხაზალია დაგვინიშნეს.

– შედეგი?

– რეფორმაგამოვლილმა ცისანა ხაზალიამ უკიდურესი ცინიზმითა და ქედმაღლური ტონით ჩაატარა ყველა სასამართლო სხდომა და კვლავ უკანონოდ ძალაში დატოვა რეფორმამდელი კოლეგის – სულხანიშვილის უკანონო გადაწყევტილება.

– გამოდის, ან ორივეს ცილს სწამებთ, ან ორივე მართალია…

– ამის გასარკვევად სააპელაციო საჩივრით საოლქო სასამართლოს – ისევ რეფორმაგამოვლილ მოსამართლეებს მივმართეთ და დავრწმუნდით, რომ მთლად ისეთი უიმედო არ ყოფილა სასამართლო რეფორმა. მოსამართლე მ. ჭყონიას თავმჯდომარეობით ჩატარებულმა სასამართლო პროცესმა 2000 წლის 26 ივნისს დააკმაყოფილა ჩვენი სააპელაციო სარჩელი და სულხნიშვილ-ხაზალიას მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები გააუქმა – გაუქმდა ოეღოვური ორგანიზაციები. იეღოველები და მათი დამქაშები მაინც არ დაცხრნენ და საჩივარი უზენაეს სასამართლოში შეიტანეს. აქაც დავრწმუნდით, რომ “სამართალმა პური ჭამა” და მოსამართლე წირქვაძის თავმჯდომარეობით სასამართლო კოლეგიამ ძალაში დატოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

მოგახსენებთ, რომ იეღოველებს ადვოკატობდა არა მხოლოდ ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი, არამედ მთელი “თავისუფლების ინსტიტუტი”. მათ კანადიდან ჩამოიყვანეს სახელგანთქმული ადვოკატი ბერნსი, რომელსაც ერთ-ერთ პროცესზე ვკითხე – რატომ კადრულობთ რობერტ ბერნსის თუ პირდაპირი შთამომავალი არა, მოგვარე მაინც ბრძანდებით, იეღოველების გვერდზე დგომას-მეთქი და მან ისეთი არაფრისმთქმელი, უმეტყველო თვალებით შემომხედა, დავრწმუნდი, რობერტ ბერნსის სახელი გაგონილიც არ ჰქონდა…

მოსამართლე სულხანიშვილი არათუ დაითხოვეს, კვლავ მოსამართლედ მოიწვიეს. ისიც და ხაზალიაც კვლავ არხეინად განაგრძნობენ სასამართლო “მოღვაწეობას”.

კიდევ კარგი, მარტო სულხანიშვილ-ხაზალიების ხელში არა ვართ და აღმოჩნდნენ ჭყონიები და წირქვაძეებიც. თქვენი გაზეთის საშუალებით ვურჩევდი ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს აკაკი ბაქრაძეს (არ აგერიოთ აწ განსენებულ ცნობილ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძეში – გ.შ.), რომ საგანგებოდ განეხილა სულხანიშვილ-ხაზალიას საკითხი მათი სასამართლოში დატოვების მიზანშეწონილობაზე – სანამ რეფორმაგამოვლილ სასამართლოში იქნებიან ასეთი მოსამართლეები, მანამ სახელი გაუტყდება ქართულ მართლმსაჯულებას.

– თქვენ წეღან ბრძანეთ, რომ იეღოველთა ადვოკატს ბერნს ჰკითხეთ, თუ რატომ კადრულობდა მის დასაცავთა გვერდით დგომას, იეღოველთა ინტერესებს ქართველი ადვოკატი ჭაბაშვილიც იცავდა… ნიშნავს თუ არა თქვენი შეკითხვა იმას, რომ ადვოკატსა და მის კლიენტს შორის ბარიერი რელიგიური ორიენტაციითაც უნდა შეიქმნას?

– ადვოკატი ყველაზე ჰუმანური და ზნეკეთილი პროფესიონალია. იმ შემთხვევაში კი, როცა იცავს დამნაშავეს, რომელმაც ღვთითბოძებულს – სიცოცხლეს შეახო ხელი, იქაც უნდა დარჩეს ზნეკეთილი. მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოითხოვოს დამნაშავის პასუხისმგებლობა. აქ სიბრალული და გულჩვილობა არ უნდა იყოს ობიექტურობის განმსაზღვრელი. ჩვენს მხარეს სასამართლოში იცავდა ქალბატონი გულიკო გაბაიძე, იეღოველთა მხარეს – ბატონი მამუკა ჭაბაშვილი. ქალბატონ გულიკოს ერთი თეთრიც კი არ აუღია ამ საქმეში, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის პროცესად იქცა – შუქდებოდა მსოფლიო პრესაში, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც კი, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ საკითხზე იეღოველები და მათი მომხრეები ევროსაბჭოს სასამართლოს მიმართავენ. მაშინ, როცა ჭაბაშვილს იეღოველების ინტერესების დაცვა არათუ ფინანსურად ჰქონდა უზრუნველყოფილი, – მხოლოდ მან და ღმერთმა იცოდეს, რამდენი აქვს აღებული, – თვით მართლმადიდებლობაც კი დათმო და იეღოველობას ეზიარა.

მან, როგორც ადვოკატმა, გააყალბა ჩემი მთავარი მოთხოვნა, მიზანი და ყურადღება მთლიანად გადაიტანა ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციური უფლებების შელახვაზე. მას ძარღვიც კი არ უტოკდება, როცა საოლქო და უზენაესი სასამართლოების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ილაშქრებს, როცა იცავს სიცოცხლის დამრღვევებს, რომლებიც სისხლის გადასხმას უარყოფენ, როცა უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე – სიცოცხლის უფლება და სამშობლოს სამსახურისათვის მზადყოფნა ხომ უპირველესია კონსტიტუციურ უფლებათა და მოვალეობათა შორის. იეღოველები კომისარიატში წარადგენენ ცნობას იეღოველობის შესახებ და მის საფუძველზე ითხოვენ სამხედროში წაუსვლელობას. ამ ცნობის გაცემაშიც ფულს იღებენ; კომისარიატებიც მარტო ლამაზი თვალებისთვის არავის გაათავისუფლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან… აი, ამდენი ბოროტების დამცველად გვევლინება ბატონი ჭაბაშვილი.

ერთ-ერთ ბანკში დავიჭირე 700 ათასი დოლარიანი ანგარიში, რომელიც გახსნილია ქართველი მართლმადიდებლების გადასაბირებლად იეღოვას სექტაში. სწორედ ამიტომ ესაჭიროებათ იეღოველებს, რომ ჰქონდეთ ანგარიში, ბეჭედი და სახელი, რომ მართლმადიდებლობას ბოლო მოუღონ. ამასწინათ საბაჟოს მოადგა 60 ტონაზე მეტი იეღოვური, ანტიმართლმადიდებლური ლიტერატურა, ყველა ღონე ვიხმარეთ, მაგრამ ვერ მივაღწიეთ ტვირთის უკან გაბრუნებას ან განადგურებას. იეღოველები სახლში ეჭრებიან მოსახლეობას, ქუჩაში და ტრანსპორტში ძალით აჩერებენ და აგიტატორობენ იეღოვას. ორგანიზატორები საკმაო ფულს უხდიან აგიტატორებს ე.წ. “პიონერებს”, პრემიებსაც კი არ იშურებენ მათთვის, ვინც მრავლად გადაიბირა მართლმადიდებელი…

აეროპორტის დასახლებაში ცხოვრობენ გერმანიის მოქალაქეობის მქონე იეღოველი ცოლ-ქმარი სონია და არნო ტიუნგლერები. მათ ერთი შენობა 450 ათას ლარად შეიძინეს, რომლის მოსაწყობად ათიათასობით ლარია დახარჯული. ისინი კვლავაც განაგრძობენ ტერიტორიების და სახლების ყიდვას. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, გაეძევებინათ ისინი ქვეყნიდან. მაგრამ მათ ახალი გამოსავალი მოძებნეს სასაზღვრო დეპარტამენტის ზოგიერთ თანამშრომლებთან აეროპორტში, რომელთაგან იღებენ ერთდროულ დროებით ვიზას – ერთიდან სამი თვის ფარგლებში და ამით თავის საქმიანობას დაუბრკოლებლივ განაგრძობენ. წარმოგიდგენიათ, გერმანიაში ჩასული ქართველები ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ახორციელებდნენ და ხელისუფლება ასე თავისუფლად აპარპაშებდეს მათ?

მე მოვუწოდე ბატონ ირაკლი მენაღარიშვილს, ბატონ როლანდ გილიგაშვილს და ბატონ ვალერი ჩხეიძეს, მიიღონ ზომები ანტიქართული საქმიანობით საქართველოში დაფუძნებული გერმანელი იეღოველი ცოლ-ქმრის სონია და არნო ტიუნგლერების ქვეყნიდან გასაძევებლად!

– მოდით, თემიდან ნუ გადავუხვევთ… რას ნიშნავდა თქვენთვის ადვოკატი?

– წარმოშობით გურული ვარ, ოზურგეთიდან. გურულები ადვოკატს “ადუკატს” ეძახიან. ეს არის განზოგადებული სახელი ენამახვილი, გამჭრიახი და სამართლიანი კაცისა. მე მინდა ჩემი ბავშვობისდროინდელი შეხედულება ადუკატ-ადვოკატებზე ბოლომდე გამყვეს და ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნოს თქვენმა გაზეთმა.

მოგეხსენებათ, თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმაა, ჩემს შემთხვევაში პირიქით – თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდაცვაა, რადგან ხშირად მებრძვიან, მესხმიან თავს; მიუხედავად იმისა, რომ იურისტი არა ვარ… ცხოვრებას რომ თავიდან ვიწყებდე, აუცილებლად ვიქნებოდი იურისტი და იურისტებს შორის – ადვოკატი, რადგან ადვოკატი შედარებით მოუსყიდველი და უანგაროა…

– მოუსყიდველი? რაღაც უცნაურად ჟღერს…

– მოუსყიდველში ვგულისხმობ არა ჰონორარის ოდენობას – რომ რაც უფრო მეტს გადაუხდი ადვოკატს მართალი იქნები თუ მტყუანი, მაინც შენი დამცველი უნდა იყოს. არა! ვიცი, რომ სასამართლო პრაქტიკაში იყო და არის არა მხოლოდ ადვოკატის მოსყიდვის მომენტი, ხშირად, თურმე, ადვოკატი არის შუამავალი, “ოფიციანტი” მოსამართლესა და მხარეს შორის. ეს არის ყველაზე ამაზრზენი – შუამავლობა, რომელიც უფრო მეტს გადაუხდის და  სასამართლოც, შესაბამისად, გამოიტანს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც უფრო მარიფათიანი და ყოჩაღი ადვოკატის სასარგებლო იქნება.

– სასამართლო რეფორმის სიკეთე რაში გამოიხატება?

– ყველაზე დიდი უსამართლობა ის არის, რომ აკადემიკოსობაში მეცნიერს ეძლევა 100 ლარი, უნივერსიტეტის პროფესორს – ამის ნახევარი; როცა რეფორმაგამოვლილი თუ გამოცდაჩაბარებული (კაცმა არ იცის, როგორ ჩააბარა – გ.შ.) მოსამართლე 5-ჯერ და 10-ჯერ მეტ ჯამაგირს ღებულობს. გამართლებაც აქვეა: რომ მოსამართლე ქრთამის ცდუნებისგან გავათავისუფლოთ; უზნეობაა, ნამდვილად უზნეობა ამგვარი გამართლება, რადგან – ის, ვინც ქრთამის ამღებია, დანიშნულ ხელფასს მაინც არ იკმარებს; ხოლო პატიოსანი კაცი შეურაცხყოფილია, რადგან ის მაინც პოტენციური მექრთამეა – თუ არ აიღებ, აგერ, ხელფასიო… უწესო კაცი კი ხელფასსაც აიღებს და ქრთამობასაც არ მოიშლის (როგორც ხშირად ხდება). ამით ლახვარი ჩავეცით ბევრ პროფესიონალსა და პატიოსან “ძველსა” თუ “ახალ” მოსამართლეს.

მაგალითისთვის ისევ რეფორმამდელ სულხანიშვილსა და რეფორმის შემდგომ ხაზალიას მოვიხმობ…

– ადვოკატურის რეფორმირებას როგორ უყურებთ?

– ადვოკატურა მსოფლიოში პრესტიჟულ და მაღალანაზღაურებად პროფესიად ითვლება. შვედეთში ადვოკატს საათში 150 დოლარს უხდიან. როცა სამი წლის წინ საქართველოს ევროსაბჭოში ღებულობდნენ, მას სხვა ვალდებულებებთან ერთად ადვოკატურის რეფორმირება და მდგომარეობის გამოსწორებაც აიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მივიღეთ კანონი ადვოკატურის შესახებ, მიმაჩნია, რომ ის სრულყოფილი არ არის, რადგან გამოიწვია უკმაყოფილება და ადვოკატთა პრეტენზიები, რომ ხელახლა უნდა გადამუშავდეს და შეიქმნას ადვოკატთათვის სასურველი და მათი ინტერესების დამცველი კანონი.

ადვოკატურაში სხვა მხრივაც არასახარბიელო მდგომარეობაა – მოგახსენებთ სახაზინო დაცვაზე. აქ ადვოკატს დღეში 2 ლარს უხდიან და იმასაც კი ვერ უხდიან – სახელმწიფოს დღეს 209 ათას ლარამდე ვალი აქვს ადვოკატებისა. ადვოკატი ისეთი პიროვნება უნდა იყოს, რომელიც პატივისცემასა და მოწიწებას უნდა იწვევდეს.

– მიგაჩნიათ თუ არა ზნეობრივად გამართლებულად ადვოკატის მოვალეობა, რომელიც იცავს შეგნებულად მომქმედ გამაუპატიურებელსა და მკვლელს?

– იურიდიულად ამაზე, ალბათ, იურისტი უკეთ გიპასუხებთ… ზნეობრიობას რაც შეეხება, კაცისთვის, რომელსაც შვილი მოუკლეს, ძნელია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა… საგამოძიებო თუ სამართალდამცავმა ორგანოებმა ჯერ კიდევ ვერ გამოიძიეს ყოველივე… მე ხომ ვიცი, ჩემმა ექიმმა შვილმა სამი დღე-ღამის უძილობის სანაცვლოდ გადაარჩინა ზუგდიდელი ყმაწვილი ღვინჯილია, რომელზეც ხელი ჩაქნეული ჰქონდათ ექიმებს. მისმა მშობლებმა საავადმყოფოდან იძულებით გამოუშვეს ჩემი შვილი დასასვენებლად; ექიმი, რომელიც არასოდეს პაციენტისგან გასამრჯელოს არ ითხოვდა… ასეთი შვილი მომიკლეს და საქმე დღემდის არ გამოუძიებიათ…

რომ გამოეძიათ და მკვლელი ეპოვათ? მერე ის მკვლელი როგორ დაიცავდა თავს ან მას როგორ დაიცავდა ადვოკატი? ეს ძალზე რთული შეკითხვაა ჩემთვის… მე, როგორც პიროვნებას, ზნეობრივად გაუმართლებლად  მიმაჩნია შეგნებული მკვლელის ინტერესების დაცვა…

– საბოლოოდ, რას ნიშნავს ქართული ადვოკატურა?

– ქართულ სამართლებრივ ისტორიაში, უძველესი დროიდან, პროფესიონალიზმსა და ობიექტურობას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მოგეხსენებათ, ბექა-აღბუღას, გიორგი ბრწყინვალეს, ვახტანგ VI სამართლის წიგნები; უფრო ადრე თვით პარლამენტარიზმის ნიშნებიც გამოიკვეტა თამარ მეფის ე.წ. “დარბაზის” ინსტიტუტში. მოგვიანებით, ქართული იურიდიული აზროვნება და ადამიანის უფლებების დაცვა მაღალ დონეზე აიყვანეს პროფესიით იურისტმა ილია ჭავჭავაძემ და მსოფლიო მნიშვნელობის იურისტმა ზურაბ ავალიშვილმა, ლუარსაბ ანდრონიკაშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, აკაკი ჩხენკელმა, იოსებ ბარათაშვილმა, ასევე დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრებმა შალვა ალექსი-მესხიშვილმა, რაჟდენ არსენიძემ…

ასეთი მდიდარი იურიდიული ტრადიციების მატარებელი ქვეყნის დიდ ფესვებსა და ტრადიციებზე აღმოცენებული ადვოკატთა სკოლა – ეს ათას ორას-კაციანი არმია ახალ სიმაღლეებს მიაღწევს. ამაში მათ ახალი გაზეთიც დაეხმარება წმინდა პრაქტიკული და თეორიული თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი კოლეგები საკმაო ავტორიტეტსა და რეპუტაციას მოიხვეჭენ გაზეთის ფურცლების მეშვეობით…

 

მაია საღირაშვილი
“ადვოკატი და მართლმსაჯულება”, 18 იანვარი, 2002

One Response to ვიქნებოდი იურისტი

  1. wpolscemamymocneseo ამბობს:

    What a magnificient article. Thanks a lot

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s