ტურაშვილის სცენარის არ მწამს!

 

სხვადასხვა

  

ყოფილი დეპუტატი, გურამ შარაძე, დავით აღმაშენებლის დასაცავად დაირაზმა. შარაძე კეტაგორიულად ეწინააღმდეგება დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღებას. ის შიშობს, რომ ამ ფილმის გადაღების შემდეგ დავით აღმაშენებელი გაუკუღმართებული სახით იქნება წარმოდგენილი. შარაძეს ამ ეჭვის საბაბს ალექსანდრე მაკედონელზე გადაღებული ფილმი აძლევს. ყველაზე მეტად კი მას დათო ტურაშვილი აღიზიანებს, რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც აღმაშენებელზე სცენარი უნდა დაწეროს.

ამ სცენარის შინაარსი უცნობია. შარაძე კი კატეგორიულად მოითხოვს მის გამოქვეყნებას. იმ შემთხვევაში, თუ სცენარი კარგი იქნება, ყოფილი დეპუტატი ქართველი ერის სახელით პირობას დებს, რომ ფილმის გადაღებას მთელი საქართველო დააფინანსებს.

_ რამდენიმე დღის წინ თქვენ საჯაროდ გააკეთეთ ამგვარი განცხადება: “ხელები შორს დავით აღმაშენებლისგან!” რატომ ეწინააღმდეგებით ამ ფილმის გადაღებას?

_ მე როდესაც განვაცხადე, “ხელები შორს დავით აღმაშენებლისგან!”, იქვე დავასახელე ადრესატები. თუ დაზუსტება გინდათ, გეტყვით, რომ ეს გამოთქმა ეხებოდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ფილმის შექმნის კამპანიაშია. რაც შეეხება ფილმს, მის გადაღებას იმიტომ ვეწინააღმდეგები, რომ მეშინია. მე მეშინია, დავით აღმაშენებელი არ გახდეს ისეთივე შეურაცხყოფილი და აბუჩად აგდებული, როგორც ამის მაგალითები ქართულ სინამდვილეში გვაქვს.

_ რა მაგალითებზე საუბრობით?

_ დავით ტურაშვილის და აკა მორჩილაძის თაობის წარმომადგენელი გახლავთ ლაშა ბუღაძე. მე ბევრი მეუბნება, ილოცეთ, ბატონო გურამ, დავით აღმაშენებელზე ფილმის სცენარს ლაშა ბუღაძე რომ არ წერსო. ბუღაძე რომ ამ სცენარს არ წერს, ძალიან კარგია, მაგრამ ამის გამო სალოცავი არა მაქვს არც ღმერთის და არც ჩემი ხალხის წინაშე. ამას რომ მეუბნებიან, ალბათ იმას გულისხმობენ, რაც ლაშა ბუღაძემ ჩაიდინა. მან თავისი ნაწარმოებით საშინლად შეურაცხყო თამარ მეფე და მისი ქორწინების პირველი ღამე, როდესაც დაწერა, რომ თამარის პირველმა მეუღლემ ქორწინების პირველი ღამე თამარის ნაცვლად კატასთან გაატარა. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ასეთი სისულელე რაღაც ქრონიკაში წერია. მაშინ მომიტანონ და მაჩვენონ, სად წერია ეს. ჩვენ, საბედნიეროდ, გვაქვს შემორჩენილი წყაროები, სადაც ასეთი რამ არ წერია. ამის მიუხედავად, მიმტკიცებენ, რომ ლაშა ბუღაძე მწერალია და მას აქვს როგორც წარმოსახვის, ასევე ფანტაზიის უფლება. როცა ლაშა ბუღაძე ასეთი წარმოსახვის უფლებას აძლევს თავის თავს, მე რა გარანტია მაქვს, რომ იგივე დავით ტურაშვილი არ მისცემს ასეთი უფლებას თავის თავს?!

_ თქვენ არ ენდობით დავით ტურაშვილს?

_ აქ ნდობა არაფერ შუაშია. მე, უბრალოდ, არაფრის გარანტია არა მაქვს. მაგრამ, როცა დათო ტურაშვილმა ბოლო სიტყვაობა დაუწერა და ერთ-ერთ ახალგაზრდა კაცს მოუწონა წიგნი, რომლის სათაურიც საშინელებაა, ამის მერე რა უნდა ვიფიქრო, დავასახელო ამ წიგნის სახელწოდება?

_ თქვით!

_ ამ წიგნის სათაურია “ჩემ დედას შე…ი”. დათო ტურაშვილი კი იცით როგორ მოიქცა? მაშინვე ცაში აიყვანა ამ სახელწოდების წიგნი.

_ კი მაგრამ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რადგანაც ასეთი სათაურის წიგნი მოეწონა, ცუდ სცენარს დაწერს?

_ ჩემი აზრით ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ამგვარი წიგნის მოწონება მიუთითებს იმ ზნეობასა და მოქალაქეობრივ პოზიციებზე, რომელიც ტურაშვილს გააჩნია და, რას დაწერს ასეთი კაცი აღმაშენებელზე, მიდი და გაიგე. თუ ეს არ არის საკმარისი არგუმენტი, სხვა მაგალითის მოყვანაც შემიძლია. რობერტ სტურუას ყველა იცნობთ. მას არც ჩემი ქება სჭირდება და არც ლანძღვა-გინება. სტურუას არც ერთი აკლია და არც მეორე. მე ჩემს თავს არ მივცემ უფლებას, მას დავუწყო აპელირება. ეს რეჟისორი რუსთაველის თეატრში აპირებს, დადგას სპექტაკლი “ვეფხისტყაოსანი”. რაღაც მიზეზების გამო აქამდე, საბედნიეროდ, ვერ მოახერხა ამ სპექტაკლის დადგმა. ახლა რუსთაველის თეატრში პრობლემები მოგვარდა და ამ სპექტაკლისთვის მზადება დაიწყო. წესით, უნდა მიხაროდეს, რომ ისეთი რეჟისორი, როგორიც სტურუაა, ამ გენიალურ ნაწარმოებს დგამს. მაგრამ, როდესაც ის იმას იტყვის, ამ სპექტაკლს დგამს იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოს დავუმტკიცო, რა იდიოტობას სცემს თაყვანს ქართველი ერი და 800 წლის მანძილზე როგორ არის თავადაც გამოთაყვანებულიო, რობერტ სტურუა შეურაცხყოფს “ვეფხისტყაოსანს”, ლაშა ბუღაძე შეურაცხყოფს თამარ მეფეს და, როგორ გგონიათ, დავით აღმაშენებელს დაინდობს ვინმე?! ძალიან მიკვირს, ასე იოლად საუბრობენ დავით აღმაშენებლის შესახებ სცენარის დაწერაზე. ისეთმა დიდმა მწერალმა, როგორიც არის კონსტანტინე გამსახურდია, დავით აღმაშენებელზე წიგნის დაწერას წლები შესწირა, თანაც, გამსახურდიას, ამათ მსგავსად, აკვანში კი არ დაუწყია წერა. როცა აღმაშენებელზე ნაწარმოების წერა დაიწყო, მას ევროპის უნივერსიტეტებში მიღებული ჰქონდა უდიდესი განათლება. ის განსწავლული იყო ისტორიაში, ფილოსოფიაში, ფილოლოგიაში, ლიტერატურაში. მან თითქმის ყველა ევროპული ენა იცოდა. არაბული წყაროების თარგმანში გვერდში ედგა არაბისტი აკადემიკოსი გიორგი წერეთელი. დავით აღმაშენებლამდე მას დაწერილი ჰქონდა “მთვარის მოტაცება”, “დიდოსტატის მარჯვენა”. ამ ყველაფრის მერე, მან 25 წელი მოანდომა აღმაშენებელზე წიგნის დაწერას. ამათ ჯერ დაწერილი არა აქვთ სცენარი და გაიძახიან, მაისში ფილმის გადაღებას ვიწყებთო.

_ თქვენ ზემოთ უარყოფითი მაგალითები დაასახელეთ, მაგრამ, ხომ შეიძლება, პირიქითაც მოხდეს და დავით აღმაშენებელზე კარგი ფილმი გამოვიდეს?

_ რატომღაც ისე გამოჩნდა, თითქოს დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღების წინააღმდეგი ვარ. ღმერთმა დამიფაროს ამისგან. ბედნიერი ვიქნები, თუ აღმაშენებელზე კარგ ფილმს გადაიღებენ. მაგრამ “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების” და “კატმანდუს” ავტორებმა როგორ უნდა მოახერხონ 25 დღეში დავით აღმაშენებელზე სცენარის დაწერა, როცა ამას კონსტანტინე გამსახურდიამ 25 წელი მოანდომა?! ეს სცენარი კარგი რომ ყოფილიყო, მას ხალხის სამსჯავროზე გამოიტანდნენ. კეთილი ინებონ და სცენარი ქართველი ხალხის სამსჯავროზე გამოიტანონ. ნუ გვატყუებენ, რომ რომელიღაც კინემატოგრაფისტთა რომელიღაც გილდიის რომელიღაც წესდების მუხლით თუ პარაგრაფით ჩვენთვის სცენარის გაცნობა აკრძალულია. როცა ვიცი, რომ შოთა რუსთაველს იდიოტად აცხადებენ, ხოლო თამარ მეფეს საქორწინო სარეცელზე შეურაცხყოფას აყენებენ, ამის მერე უკვე მეშინია. მე ვერც იმ კაცს ვენდობი, რომელსაც ისეთი წიგნი მოსწონს, რომელსაც ჩემს დედას ასე და ასე ვუქენიო, ჰქვია. თუ გენიალური რამე დაწერეს, მაშინ გააცნონ ის ქართველ ხალხს, რა, წავართმევთ თუ მოვპარავთ მათი ტვინიდან ამოღებულ იდეებს? როცა მე ამ თემაზე ხმაური ავტეხე, სცენარის ავტორები, ცოტა არ იყოს, შეშინდნენ. გამოვიდა ტურაშვილი და განაცხადა, მოიტანეთ თქვენი დაწერილი და, თუ მოგვეწონა, პატივს გცემთ, მოწყალებას გავიღებთ და ჩაგრთავთ ამ სცენარშიო. მსოფლიოში ასეთი რამ არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ ესენი ბაიბურში არ არიან და არ იციან, რამხელა პასუხისმგებლობაა აღმაშენებელზე სცენარის დაწერა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავი რომ არ მოგვეჭრას, ისე, როგორც ბერძნებს მოსჭრეს თავი, როცა მაკედონელზე გადაიღეს ფილმი. ნუ გვავიწყდება, რომ ქართველებისთვის დავით აღმაშენებელი იგივეა, რაც ბერძნებისთვის _ მაკედონელი. ამის გარდა, ის არის წმინდანი და “გალობანი სინანულისანის” ავტორი. ის მაკედონელზე ბევრად დიდი იყო. მაკედონელმა მხოლოდ ხმლის ქნევა იცოდა, აღმაშენებელი კი მეფეც იყო, მხედარმთავარიც და წმინდანიც. თუკი ჰოლივუდის რეჟისორმა და მისმა მილიონერმა დამფინანსებელმა თავის თავს მაკედონელის შეურაცხყოფის უფლება მისცეს, ჩვენ ასეთ რამეს არ დავუშვებთ. აღმაშენებელს შეურაცხყოფას ვერავინ მიაყენებს. უნდა ვთქვა, რომ ბერძნებიც კარგად მოიქცნენ, როდესაც ეს ფილმი საბერძნეთში არ შეუშვეს. თუ კარგი ბიჭები არიან და ამ ფილმს მართლა ჩვენს გასაღმერთებლად აფინანსებენ, მაშინ გამოაქვეყნონ სცენარი. თუU კარგი იქნება, მაშინ ნებისმიერი ქართველი ჯიბიდან ამოიღებს ფულს ამ ფილმის დასაფინანსებლად.

_ საკმაოდ მოულოდნელად გაკეთდა განცხადება დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმის გადაღების თაობაზე. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა აუცილებელი ამ ეტაპზე ამ ფილმის გადაღება?

_ ვიღაცეებმა თქვეს, რომ აღმაშენებელზე ფილმს იმიტომ იღებენ, რომ უნდათ, ჩვენში პატრიოტული გრძნობები გააღვიძონ. სინამდვილეში კი საქმე სულ სხვა რამეშია. ფულის მაძიებელმა ახალგაზრდებმა დავით აღმაშენებლის ხარჯზე გადაწყვიტეს მაყუთის შეოვნა. მათ გამოიჭირეს პრეზიდენტის გატაცება დავით აღმაშენებლით და გადაწყვიტეს, ეს შანსი ხელიდან არ გაეშვათ. სააკაშვილმა უარი არ თქვა, ან როგორ იტყოდა ფილმის გადაღებაზე უარს, როცა არ შერცხვა და თავისი ინაუგურაციისთვის დიდი მეფის საფლავი გამოიყენა. პრეზიდენტმა უკვე მოუწოდა ბიზნესმენებს, ამ ფილმის დასაფინანსებლად თანხები გაიღონ. მან ეს განცხადება შევარდნაძის სტილში გააკეთა. ძველმა პრეზიდენტმა, ხომ გახსოვთ, როგორ უთხრა გოგი თოფაძეს, დაყაჭე ფულებიო. ბიზნესმენებს კი ფული როგორ აქვთ ნაშოვნი, ყველამ კარგად იცის. ამიტომაც ისინი იძულებულნი გახდებიან, ფული გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაიჭერენ. ფულის მაძიებელმა ახალგაზრდებმა პრეზიდენტს ეს იდეა ვითომ კულტურის მინისტრის გოკა გაბაშვილის მეშვეობით მიაწოდეს. აი, ამიტომ ვერ ვენდობი ამ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი, დათო ტურაშვილს.

_ სხვა სცენარისტებს თუ ენდობით?

_ სხვა სცენარისტებს? რა გითხრათ. აკა მორჩილაძე უფრო პატიოსანი ბიჭია და, ტურაშვილისაგან განსხვავებით, ხმას არ იღებს. ტურაშვილი კი ერთ-ერთი ტელევიზიით გამოსვლისას ამბობს, თითქოს ეს ფილმი ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება. არადა, მთელი საქართველო მოწმეა, როგორი მრისხანე ხმით გააკეთა პრეზიდენტმა განცხადება იმის თაობაზე, რომ ფილმს ბიუჯეტი დააფინანსებს. ეს განცხადება საქვეყნოდ გაკეთდა, ტურაშვილი კი თვალში ნაცარს გვაყრის და ამბობს, ასე არ არისო. ამის შემდეგ მას როგორ უნდა ვენდოთ. რა გარანტია გვაქვს, რომ ამ ფილმით დავით აღმაშენებელს მამათმავლად არ გამოიყვანენ? მე, პირადად, არაფრის გარანტია არა მაქვს.

_ რატომ გგონიათ, რომ ფილმში დავით აღმაშენებელი დამახინჯებულად იქნება წარმოჩენილი?

_ იმიტომ მგონია, რომ ვიცი, დღეს ფულს კარგი საქმისთვის არავინ გაიღებს. ეს ფილმი გათვლილია იმაზე, რომ საზღვარგარეთ გავიდეს. იქ კი ნორმალური არაფერი მოსწონთ. ფილმს ანშლაგი რომ ჰქონდეს, მისი მთავარი გმირი ან მამათმავალი უნდა იყოს, ან ტირანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფილმს არავინ შეხედავს. ამის გარდა, არის კიდევ ერთი მიზეზიც, რომელიც ალბათ ყველაზე მთავარია. დღეს, მგონი, არავისთვის არის უცხო ის ამბავი, რომ ყველაფერი კეთდება საქართველოს დასაჩოქებლად. ბჟეზინსკიმ ჯერ კიდევ როდის თქვა, ჩვენ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი, ახლა მართლმადიდებლობა დაგვრჩა დასანგრევიო. ჩვენ კარგად ვიცით, ვინ დგას ბჟეზინსკიმ გვერდით, წინ და უკან. თუ ამათ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ მაკედონელი მამათმავალია, როგორ გგონიათ, ისინი არაფერს გააკეთებენ ჩვენი წმინდანი მეფის შეურაცხყოფისთვის? ძალიან გთხოვთ, ამ თემაზე ნუ მალაპარაკებთ, რადგან შეიძლება, ეს რაღაცეები მათთვის იდეაც კი გახდეს. ანდა, როგორ უნდა ვენდო მე იმ ადამიანს, რომელიც ტელევიზიით გამოსვლისას იტყვის, წუხელ სიზმარში ვნახე წმინდა გიორგი და ის მაწერინებს დავით აღმაშენებელსო.

_ ვინ თქვა ასეთი რამ?

_ ვინ თქვა და დათო ტურაშვილმა. მე რა ვიცი, ახლა მაგან რომ სისულეები დაწეროს და მერე ეს ყველაფერი წმინდა გიორგის დააბრალოს? ასეთი ფანტაზიების მქონე კაცმა დავით აღმაშენებელზე არაფერი არ უნდა დაწეროს. მასაც რომ არ უნდოდეს ამის დაწერა, აიძულებენ, რადგანაც, როგორც უკვე გითხარით, კარგ საქმეში ფულს არავინ ჩადებს. გარკვეულ ძალებს ქართული სულის განადგურება სურთ, ამიტომაც ისინი შეეცდებიან, მაკედონელის მსგავსად, აღმაშენებლის პიროვნებაც დააკნინონ. არ დაგვავიწყდეს, რომ საბერძნეთი, ჩვენს მსგავსად, მართლმადიდებლური ქვეყანაა.

_ თქვენ შიშობთ, რომ აღმაშენებლის პიროვნებას დაამახინჯებენ და პარალელებს მაკედონელზე გადაღებულ ფილმთან ავლებთ. ისტორიულ წყაროებში მაკედონელის სექსუალური ორიენტაციის თაობაზე რაღაც-რაღაცეები წერია…

_ კარგით, კაცო, რა წყაროები მოეპოვებოდათ. არ დაიჯეროთ, რომ მაკედონელი გადახრილი სექსუალური ორიენტაციის მატარებელი იყო. მაკედონელის თაობაზე ანტიკური ხანის წყაროები მოგვითხრობენ, ხოლო რა მოუვიდათ შუა საუკუნეებში ამ წყაროებს, კარგად ვიცით. ანტიკური წყაროების უმეტესი ნაწილი სულ შეცვლილია. ანტიკური წყაროები სხვა ბევრ რამესაც მოგვითხრობს, მაშინ გადაიღონ ისიც და გვაჩვენონ, რას სჩადიოდა ნერონი და სხვა რომაელი იმპერატორები. ეს რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ნახონ, სულ გადაირევიან. იფიქრებენ, ძველი რომაელები თუ ამგვარ რამეებს სჩადიოდნენ, ჩვენ რა, იმათზე ნაკლებები ვართო? ამიტომ ვამბობ, რომ წყაროებზე აპელირება ძალიან შემაშფოთებელია. თუ ამტკიცებენ, რომ დავით აღმაშენებელზე ფილმს საქართველოს განსადიდებლად იღებენ, მაშინ გვაჩვენონ სცენარი. თუკი “კატმანდუ” დაბეჭდა დათო ტურაშვილმა და ამის გამო არავის შეგვიჭამია, არც ახლა შევჭამთ. თუმც მეეჭვება, ამ კაცმა კარგი რამ დაწეროს. ცოტა ხნის წინ მან ისეთი მეცნიერული აღმოჩენა გააკეთა, რომ ლაპარაკიც არ ღირს.

_ რა მეცნიერულ აღმოჩენაზე საუბრობთ?

_ ტურაშვილის მტკიცებით, ირლანდიელები ქართველები ყოფილან და ამას თურმე კომუნისტები გვიმალავდნენ. მოდი და ახლა ამ კაცს უმტკიცე რაიმე. გავაცოცხლოთ აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა და ვკითხოთ მათ ამის თაობაზე. თუ ეს ადამიანები იტყვიან, რომ ირლანდიელები ქართველები არიან, გავჩუმდები და საერთოდ აღარ ამოვიღებ ხმას. ტურაშვილმა კი გინდა დავით აღმაშენებელი გადაიღოს, გინდა “კატმანდუ” და გინდა “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”.

_ ფილმის გადაღებისთვის საჭიროა რეჟისორი. როგორც ამბობენ, ამ ფილმის გადაღებას ქართველი რეჟისორები ვერ შეძლებენ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

_ ქართველ რეჟისორებს ნუღარ გამახსენებთ. სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩვენი კინოშედევრები დაიწვა. ეს რეჟისორები კი ჭირისუფლებად გამოდიან და ცრემლებს აღვარღვარებენ. შეხედეთ ამ რეჟისორებს კარგად და მითხარით, რომელი მათგანია დავით აღმაშენებელზე ფილმის გადამღები? რაც შედევრები იყო შექმნილი, დაწვეს და ამ დიდ მეფეზე სულ ვერ გადაიღებენ ფილმს.

_ რაც შეეხება როლის შემსრულებელს, თქვენი აზრით, ვინ შეიძლება ითამაშოს ამ ფილმში მთავარი როლი?

_ დღეს საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელიც დავით აღმაშენებლის როლის შესრულებას შეძლებს. ეს თავად ტურაშვილმაც კარგად იცის და, რომ დაგვამშვიდოს, ამბობს, სოფელ-სოფელ შემოვივლით მთელ საქართველოს და ვიპოვით აღმაშენებლის როლის შემსრულებელსო. თითქოს აღმაშენებლის მსგავსი პიროვნება რომელიმე სოფელში იყოს დამწყვდეული და საღამოობით სოფლის შარაგზებზე დადიოდეს. ბაგრატიონთა გენმა 2000 წლის მანძილზე ძლივს შვა ერთი დავით აღმაშენებელი და ასეთ ადამიანს ამ ფილმის სცენარისტები იპოვიან რომელიღაც სოფლის ორღობეში? მე ამით სოფლელ ბიჭებს შეურაცხყოფას სულაც არ ვაყენებ, უბრალოდ, ასეთია რეალობა. აღმაშენებლის როლის შემსრულებელს, გულით რომ ვეძებოთ, ვერც თბილისში ვიპოვით.

_ მისი როლის შემსრულებელი არც მსახიობებში გეგულებათ?

_ სამწუხაროდ, არა. ჩემი აზრით, ამ როლს ყველაზე მეტად ოთარ მეღვინეთუხუცესი და თენგიზ არჩვაძე მოუხდებოდნენ, მაგრამ ორივე მათგანი მოხუცდა. პაპუაშვილი თუ ითამაშებს აღმაშენებლის როლს, არ ვიცი. მე ვიცი ის, რომ ამ ადამიანმა უარი თქვა რობიკო სტურუას სპექტაკლში წამყვანის როლის თამაშზე. მისი როლი გულისხმობდა იმას, რომ “ვეფხისტყაოსანი” ეგინებინა. აქედანაც ჩანს, რომ ის ნორმალური ადამიანია და, რადგანაც ნორმალური ადამიანია, ის არავითარ შემთხვევაში არ ითამაშებს იმ ფილმში, სადაც ჩვენს უდიდეს მეფეს გაუკუღმართებულად წარმოაჩენენ. გამოდის, რომ ფილმის გადასაღებად არც რეჟისორი გვყავს და არც მთავარი როლის შემსრულებელი. მაშინ რას ვერჩით ამ საქართველოს, დავანებოთ ცოტა ხანს თავი. მოვიცადოთ ცოტა ხანს, ფეხზე დავდგეთ და მერე გადავიღოთ ასეთი დიდი ფილმი. სააკაშვილს რომ თავზე დავით აღმაშენებლის გვირგვინი ეზმანება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ახლა გადავიღოთ ფილმი. სანამ საქართველოში მეორე დავით აღმაშენებელი არ დაიბადება, მანამდე ამ დიდებულ ადამიანზე ფილმი არ უნდა გადავიღოთ.

_ თქვენი თქმით, გამოდის, რომ აღმაშენებელზე ფილმი არასდროს არ უნდა გადავიღოთ.

_ არა, ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქართველო სააკაშვილის იმედზე დარჩეს. საქართველო ძალიან მალე შობს ახალ შოთას, ახალ ილიას, ახალ თამარს და, რაც მთავარია, ახალ დავითს. დამიჯერეთ, ეს დრო შორს აღარ არის.

_ დაახლოებით როდის შობს საქართველო ახალ თამარს და დავითს?

_ ახლო მომავალში, მაგრამ არა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. ამის შემდეგ კი უკვე თამამად შეგვიძლია, გადავიღოთ ფილმი დავით აღმაშენებელზე. როცა ჩვენ ახალი დავით აღმაშენებელი გვეყოლება, მაშინ ქვეყანაც ფეხზე იქნება დამდგარი, აღარც ხალხი იქნება მშიერი და ამ დიდებულ მეფეზე ისეთ ფილმს გადავიღებთ, რომელიც მის წმინდა სახელს ეკადრება. დღეს კი ამ ფილმის გადაღება არ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, მანამდე, ვიდრე ქართველი ერი ფილმისთვის დაწერილ სცენარს არ იხილავს. თუ ეს სცენარი კარგი იქნება, პირობას გაძლევთ, რომ მის დასაფინანსებლად მთელი საქართველო გაიღებს თანხას. პირადად მე ჩემს ოჯახს წავართმევ ფულს და ამ ფილმს მოვახმარ. ასევე მოიქცევიან სხვა ნამდვილი ქართველებიც.

 

თეა მარხვაიძე
“ახალი თაობა”, 21 იანვარი, 2005

 

2 Responses to ტურაშვილის სცენარის არ მწამს!

  1. Gayle Fegles ამბობს:

    Most what i read online is trash and copy paste but you definitely add value. Bravo.

  2. patio swing ამბობს:

    Can I publish your post to my wordpress blog? I’ll add a one way link to your forum. That’s one really nice post.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s