შევარდნაძის ლანძღვაში ზოგი სადისტურ სიამოვნებას ნახულობს…

 

სხვადასხვა

 

ინტერვიუ მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ გურამ შარაძესთან

 

– ბატონო გურამ, რატომ ხდება, რომ მიუხედავად თქვენი ვაჟკაცური და მამულიშვილური შემართებისა, რატომღაც დაგვიანებით ღებულობთ მონაწილეობას უკვე წამხდარ საქმეში?

– ამგვარად იმიტომ ხდება, რომ ჩვენ არა ვართ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომ ვფლობდეთ ინფორმაციებსა და მართვის სადავეებს და გვეკითხებოდნენ როდის რას აპირებენ. ჩვენ როცა დავინახავთ, მაშინვე უნდა ავტეხოთ აჟიოტაჟი. ჩვენთან არავის შეუთანხმებია მაკდონალდსის რესტორანს ვაშენებთო რუსთაველის ძეგლის გვერდით. როდესაც გავიგეთ, რაც შენდებოდა, მაშინ ამოვიღეთ ხმა. ასევე იყო ეროვნების რეკვიზიტის ამოღების შესახებაც. შემოიტანა პრეზიდენტმა ეროვნების რეკვიზიტის დამადასტურებელი კანონპროექტი, ხოლო ლადო ჭანტურიამ და ნინო ბურჯანაძემ ჩუმად შეცვალეს იგი. როგორც კი შეცვალეს და გავიგეთ ყოველივე, მაშინვე ვპოვეთ გამოხმაურება. ასე რომ, მადლობელი ვარ ასეთი შეკითხვისათვის და ამგვარი შეფასებისათვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ ხშირად გერევათ ერთმანეთში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ის, რაც ფუჭდება და ინგრევა საქართველოში არის აღმასრულებელი ხელისუფლების “დამსახურება”. ჩვენი მოვალეობაა, როგორმე ხელი მაინც შევუშალოთ ამგვარ ქმედებებს, სხვას თუ არაფერს გავაკეთებთ.

– პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიდან ეროვნების ამოღება-არამოღების საკითხი ხომ არ იყო მაღალ ჩინოსანთა მხრიდან კიდევ ერთი მომატყუე-მოგატყუეს თამაში ხალხის გასაბრუებლად?

– ერთს გეტყვით, როცა ლაპარაკია უზნეობაზე, ცოტა თუ მაინც არა ხარ უზნეო, ვერ გაიგებ სხვის უზნეობას. ამიტომ, რაც არ გაგიკეთებია, არც მომატყუე-მოგატყუეს თამაშში და არც ბინძურ პოლიტიკურ ინტრიგებში ჩართულხარ ხალხის მოსატყუებლად, ყველაფერი უცხო და გაუგებარი იქნება შენთვის. თქვენ დღეს გურამ შარაძისგან იღებთ ინტერვიუს, არა? იმ მაღალი ჩინოსანისაგან, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

– მაღალ ჩინოსნებში, ბატონო გურამ, პირადად მე შევარდნაძე ვიგულისხმე და თან დავამატებ, რომ დარწმუნებული ვარ, ეროვნების გაუქმებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟში შევარდნაძისეული პოლიტიკური ნაღმია ჩადებული.

– იცით რა, ყველას უნდა, რომ ვლანძღო შევარდნაძე და ამაში რაღაც სადისტურ სიამოვნებას ნახულობენ. მე რომ პრეზიდენტის შეცდომებზე არ ვხუჭავ თვალს, მგონი ამას მტკიცება და დიდი გმირობა არ სჭირდება. დღეს მრავალი ილანძღება პრეზიდენტის მისამართით, მაგრამ მისგან ამის გამო დასჯილი ჯერ არავინ მინახავს. ლაპარაკია საქმიან ურთიერთობებზე და საქმიან საუბრებზე. როგორ გავამტყუნო მე ჯერ პრეზიდენტი და შემდეგ ჭანტურია და ბურჯანაძე, როდესაც პრეზიდენტმა შემოიტანა ეროვნების დამადასტურებელი რეკვიზიტები და პირველივე მოსმენაზე სწორედ მას მივეცით 13 ოქტომბერს ხმა და მერე ერთ ღამეში ჭანტურიამ და ბურჯანაძემ შეცვალეს იგი. შემდეგ გამოვიდა პრეზიდენტი და თქვა, შევცდი, შემეშალა, მაპატიეთ და გამოვასწორებო. რა ვქნა ახლა მე იმის გამო, რომ პრეზიდენტის გინება და ლანძღვა მოდაშია, მეც ვლანძღო? შევარდნაძემ შეიცვალა პოზიცია და შემოიტანა კანონპროექტი, რომ აღდგენილ იქნას ეროვნების დამადასტურებელი რეკვიზიტები და თუ პარლამენტი არ დაუჯერებს მას, მაინც პრეზიდენტის ბრალი იქნება?! ვთქვათ, პარლამენტმა არ დაუჯერა და პრეზიდენტმა არ გამოიყენა ვეტოს უფლება. აი, მაშინ ნახავთ, როგორ ვისაუბრებ პრეზიდენტზე.

– ბატონო გურამ, რამდენადაც ვიცი, თქვენ არ გწამთ და ვერ იჯერებთ მასონობას და მასონიზმის არსებობას.

– არა, როგორ არ მჯერა. პირიქით, მე მჯერა და მწამს, რომ მასონიზმი არსებობს და მასონების ბნელი ძალები მთელს მსოფლიოშია გაფანტული. ბოლო პერიოდში ისინი საქართველოსაც მოადგნენ. საქართველოს თავზე მასონიზმის აჩრდილი ტრიალებს. მასონიზმი არ არის ფიზიკური, ხელშესახები რამე, რომ ხელი მოკიდო. მასონიზმის შედეგებს ჩვენ უკვე ვხედავთ: გვართმევენ ეროვნებას, მოსპეს ქართული ხილის და ციტრუსის კულტურა და გვასმევენ კოკა-კოლას, ფანტას, სპრაიტს და გვაჭმევენ ბიგმაკსა და მაკდონალდსის გამოთაყვანებულ საკვებს. შეურაცხყოფას აყენებენ რუსთაველის მოედანსა და რუსთაველის ძეგლს მაკდონალდსის აშენებით. იქამდეც კი გათავხედდნენ, რომ მსოფლიოში მაკდონალდსის რესტორანს სხვა სახელი არ ჰქვია. ჩვენთან კი “რუსთაველი” ეწოდება. მე მომიტანეს იქ აღებული ქვითარი, სადაც წერია რესტორანი “რუსთაველი”, ამაზე რატომ არ სტეხთ განგაშს? მაკდონალდსის სამსახურში თვით რუსთაველის სახელი და დიდებაც კი ჩააბეს. ქართველებმა კარგად ინსპირირებული ძმათამკვლელი ომი გააჩაღეს თბილისში, გადაწვეს მთელი ქალაქი, ახლა კი ის დამწვარი ტერიტორიები გაყიდეს და იყიდეს ამერიკელმა უოლშმა და მისმა ქართველმა პარტნიორებმა. რა არის აბა მასონიზმი, თუ არა ამგვარი ქმედებანი?

– რა გზებით უნდა ვებრძოლოთ ამ შავბნელ ძალებს, რომლებიც გადაშენებას გვიქადიან?

– სათავეში აუცილებლად უნდა მოვიდეს ეროვნული პარლამენტი, ეროვნული ხელისუფლება. აღადგინონ ეროვნების რეკვიზიტები და ქართველი ერის უპირატესობა. საქართველოს იმიტომ ჰქვია საქართველო, რომ ის არის ქართველებით დასახლებული ქვეყანა, ის არის ავტოქტონური. მან დაღვარა სისხლი და ოფლი იმისათვის, რომ მსოფლიოს რუკაზე იყოს საქართველო. თუ დაგვეხმარებიან მეზობელი ერების წარმომადგენლები საქართველოში, ღმერთმა გაუმარჯოს. ჩვენ ყველა ერს ქართველებთან ერთად ვუნარჩუნებთ ეროვნულ კულტურასა და ეროვნულ მეობას. ყოველივე ამის შემდეგ მაინც გვეძახიან ნაცისტებს, ფაშისტებს, კომუნისტებს, მაშინ როდესაც თვითონ არიან ერთნიც, მეორენიც და პლუს, მასონებიც.

– როგორ გგონიათ, ზვიად გამსახურდიასთვის რომ დაეცლიათ, მისი მმართველობის პერიოდში ატყდებოდა თუ არა ის აჟიოტაჟი, რაც დღეს ხდება?

– გამორიცხულია. ეს ფიქრშიაც არავის მოუვიდოდა, არა იმიტომ, რომ ვერ გაბედავდნენ… უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ საქართველოში ქართველები იქნებოდნენ გათანაბრებულნი თავისი უფლებებით, თავის მიწაზე სხვა ერის წარმომადგენლებთან. არ მოთხოვდნენ ქართველობის დაკარგვასა და გაქრობას.

ბატონო გურამ, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას ზვიად გამსახურდიას 60 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში?

– მე უკვე მივიღე მონაწილეობა ჩემი საქმით და არა სიტყვითა და ლაყბობით, როგორც ბევრი ლაყბობს და ეტმასნება ზვიად გამსახურდიას სახელსა და მის დიდ ავტორიტეტს.

მაშინ, როდესაც ზვიადი და მისი ოჯახი გააძევეს საქართველოდან, მე არ ვიყავი არც მრგვალი მაგიდის და არც უზენაესი საბჭოს წევრი. ვიყავი მხოლოდ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი. მე და ჩემმა ათიოდე თანამშრომელმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ქართველი ვანდალებისა და ბარბაროსების მიერ გადამწვარი კოლხური კოშკიდან გამოგვეტანა და გადაგვერჩინა არქივი, ბიბლიოთეკა, მემორიალური  ნივთები, ავეჯი და თვით კოლხური კოშკი, რომლის გადამწვარი სახურავი ჩვენ აღვადგინეთ ჩვენივე სახსრებით, ჩვენი ძალისხმევით და ხალხის დახმარებით. ახალი ხის მასალით, ახალი თუნუქის სახურავით, რაჭიდანაც კი ჩამოვიტანეთ ძველთან მიახლოებული კრამიტი, რომ მემორიალურობა შეგვენარჩუნებინა. მაშინ, როდესაც არც ერთმა მუზეუმმა არ მიიღო ჩვენს მიერ გადარჩენილი ისტორიული რელიკვიები, დღემდე კერძო ოჯახებში გვაქვს გადამალული ისინი. რაც შეეხება არქივს, რომელიც საარქივო სამმართველოში შევინახეთ, სწორედ გუშინ გადავეცით და დავუბრუნეთ მის კანონიერ მფლობელს, ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას. აი, ასეთი მონაწილეობა მივიღეთ ზვიად და კონსტანტინე გამსახურდიების მემორიალური სახლ-მუზეუმის გადარჩენისათვის და ის წვლილიც, ზვიადის 60 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონიძიებაში უკვე შევიტანეთ, 31 მარტს თუ ვიქნები საქართველოში, აუცილებლად დავესწრები ოპერის თეატრში ჩატარებულ საიუბილეო ღონისძიებას.

– ბატონო გურამ, ზვიადის ნეშტის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მრავალი აზრი გამოითქვა. ზოგი ამტკიცებს, რომ საქართველოს პირველ პრეზიდენტს საუკუნო განსასვენებელი მთაწმინდაზე უნდა მივუჩინოთ, ზოგიც მის კოლხურ კოშკში დაკრძალვაზე მსჯელობს, მრავალმა ისიც კი აღნიშნა, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საერთოდ არ ღირს ზვიადის ქართულ მიწაზე დასვენება…

– მე არ ვიცი, ვინ რას ამბობს. მე ვიცი მხოლოდ ის, რომ პირველად გურამ შარაძემ დაწერა და დაბეჭდა გაზეთ “ასავალ-დასავალში” წერილი სათაურით “ზვიად გამსახურდია უნდა დაიკრძალოს მთაწმინდის პანთეონში”. ეს არის ისტორია. ახლა რომ მოდაში შემოვიდა ზვიადის სახელს მიტმასნება არჩევნებისათვის, სავარძლებისათვის, ზოგს კი ისტორიის წინაშე საკუთარი სისხლიანი კვალის წაშლა და თავის გაკეთილშობილება რომ ამოძრავებს, მე მათი არაფერი მჯერა.

მაშინ, როდესაც ზვიადს დევნიდნენ და მისი სახელის ხსენებისათვის და თანაგრძნობისათვის იჭერდნენ და ხვრეტდნენ ხალხს, სწორედ იმ დროს გავაკეთე ის, რაც უკვე აღვნიშნე.

რაც შეეხება გადმოსვენების საკითხს. ვინ იპოვა პირველად ზვიადის ცხედარი ჯიხაშკარში? – გურამ შარაძემ. გურამ შარაძე რომ არ ყოფილიყო, ვინ მოახერხებდა მანანა არჩვაძის, ჯოხარ დუდაევისა და შევარდნაძის მორიგებას? ერთი შარაძე აღმოჩნდა მხოლოდ, რომელსაც სრული ნდობა გამოუცხადა, როგორც ზვიადის ოჯახმა, ისე დუდაევმა და შევარდნაძემ და მოვახდინე მათი კონსენსუსი. მე მოვიწვიე თბილისიდან და ჩეჩნეთიდან სათანადო ორგანოების წამომადგენლები და პრეზიდენტის შესაფერისად დავკრძალეთ ჩეჩნეთის მიწაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტი. მისი გადმოსვენებისა და მთაწმინდაზე მისი დაკრძალვის საკითხი პირველად მე წამოვჭერი მასმედიის მეშვეობით, არის საუბარი ზვიადის კოლხურ კოშკში დაკრძალვაზე, სადაც განისვენებენ პრეზიდენტის მშობლები და მისი და, თამარი. მაგრამ ზვიადი იყო პრეზიდენტი, ხოლო საოჯახო, საგვარეულო აკლდამას უფრო სხვა ფასეულობები გააჩნია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზვიადის ქრისტესმიერი ძმა, მეგობარი და თანამებრძოლი მერაბ კოსტავა სწორედ მთაწმინდაზეა დაკრძალული, ხოლო ზვიადი და მერაბი განუყოფელნი არიან. სადაც უნდა იყოს დაკრძალული მერაბი, იქვე უნდა დაიკრძალოს ზვიადი.

– როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებდით მანანა არჩვაძის ნათქვამს – გურამ შარაძე ყველაზე წინწამოწეული ფიგურაა ამ ბატალიებშიო?

– ყველა მნიშვნელობით მე მწამს ქალბატონი მანანას გულწრფელობისა და მისი პატივისცემის გრძნობის გამოხატვისა ჩემი მისამართით. ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ მან ეს კეთილი გულით და კეთილი განზრახვით თქვა.

სხვათა შორის, მე შეგნებულად აღარ ვკითხულობ ბოლოდროინდელ პრესას, რადგან გაჩაღებულია ცილისმწამებლური კამპანია ჩემსა და ჩემი ახლადშექმნილი პოლიტიკური მოძრაობის “საქართველო, უპირველეს ყოვლისა”-ს დისკრედიტირებისა და ჩვენი გულის ტკენისათვის. მე იმდენ გულის ტკენას ვატარებ, რომ ახალი მჯღაბნელების, ცილისმწამებლების და საქართველოს მოღალატეების ნაბოდვარის წაკითხვის უფლებას ჩემს თავს არ მივცემ. თვითონ წერენ და თვითონვე იკითხონ. ქართველი ერი ბრძენია და ყოველივეს თავის შეფასებას მისცემს.

მე ახლა მოვდივარ სტუდია “აუდიენციიდან”, სადაც პირდაპირ ეთერში ორსაათიანი საუბარი მქონდა რადიომსმენელებთან. მე დღესვე რომ მოვკვდე, რაც მე ქართველმა რადიომსმენელებმა ქართველი ერის სახელით ისეთი მხარდაჭერა მაგრძნობინეს, ჩავთვალე, რომ მე ჩემი მისია მოვიხადე და შემიძლია დამშვიდებული და დაწყნარებული გავეცალო ამ წუთისოფელს. მით უმეტეს, რაც უფრო მალე წავალ ჩემს შვილთან, მით უფრო უკეთესი იქნება ჩემთვის. ასე რომ, მადლობელი ვიქნები ყველასი, ვინც ამაში დამეხმარება.

– ბატონო გურამ, მრავალმა ჩემმა კოლეგამ თქვენი პიროვნება შერაცხა ადამიანად, რომელიც ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციაში ქულებს იკრებს და იქვე ასკვნიან, რომ არ არის გამორიცხული, ამგვარი ქმედება წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან იყოს დაკავშირებულიო. რას იტყოდით ამის შესახებ?

– იცით, მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. იგივე აღორძინებაშიც კი არ შევედი, რადგან ჩემი პრინციპია ილიას ნათქვამი, რომ პარტიები დაღუპავენ საქართველოსო.

– თუ პარტიები დაღუპავენ საქართველოს, მაშინ თქვენ თვითონ რატომ შექმენით თქვენი პარტია?

– ეს არ არის პარტია, ეს არის ზეპარტიული, პოლიტიკური, ნაციონალური მოძრაობა, რომ უშველოს დაქუცმაცებულ, პარტიებად დაყოფილ, დანგრევის პირას მისულ საქართველოს. ჩვენ დასაკარგი არც ერთი ქართველი არა გვყავს.

პირველი პარტია, მოგეხსენებათ, შეიქმნა გასული და ამჟამინდელი საუკუნის გასაყარზე. არ დაუჯერეს სოციალ-დემოკრატებმა, ნოე ჟორდანიამ და ფილიპე მახარაძემ ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც განაცხადა – ნუ დააარსებთ ამ პარტიას, იგი დაღუპავს საქართველოსო. ჯერ იყო და დაერივნენ ილიას და მისი მკვლელობით დაიწყეს საუკუნე და პირველი პრეზიდენტის მკვლელობითა და ძმათამკვლელი ომით დაასრულეს იგი. ასე რომ, პარტიების სიმრავლემ დაღუპა საქართველო.

რაც შემეხება მე, ჩემს მიმართ ამგვარი დამოკიდებულება არის ყალბი და არასერიოზული დაკვირვების შედეგი ჩემი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წესზე. მე ყველა მიყვარს და ყველასგან მინდა ავიღო და მხარი დავუჭირო მას, რაც შეიძლება საქართველოს სასიკეთოდ გამოადგეს. მე რომ მდომოდა, რომელიმე პარტიიდან მიმეღო სიკეთე და დავმტკბარიყავი, შევიდოდი რომელიმე მმართველ პარტიაში და  მისი სიტკბოთი და ნაყოფით ვისარგებლებდი. ჩემი შვილიც ცოცხალი მეყოლებიდა და მეც არ ვიქნებოდი ყბადაღებული, მიტმასნილი და ცილისმწამებელი ობიექტების გასაქილიკებელი.

– ასე რომ, უარყოფთ და არანაირ წინასაპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას არ ეწევით?

– რა თქმა უნდა, ღმერთმა არ გამასულელოს და არ გადამრიოს იქამდე, რომ მაგი ვიფიქრო. მე ერთხელ ვიხუმრე და “ახალ თაობაში” დაბეჭდეს – მე გურული კი ვარ, მარა მთლად ისეთი აბდალი კი არა ვარ, პრეზიდენტობაზე ვიფიქრო-მეთქი და გურულებმა ცოტა სხვანაირად გაიგეს. სხვათა შორის, “აბდალის” მნიშვნელობაც არ ვიცით ჩვენ და ამას პირველად თქვენი გაზეთის მეშვეობით ვიტყვი. “აბდალი” არაბულიდან წამოსული სიტყვაა “აბდ-ალაჰ” და ნიშნავს ღვთის გლახას, ღვთის მორჩილს, ღმერთზე თავდადებულს. ასე რომ, გურულებმა ჩადეს აბდალში სულელის მნიშვნელობა, თორემ “აბდალი” მშვენიერი სიტყვაა.

ბატონო გურამ, როგორ შეხვდნენ თქვენი ორგანიზაციის შექმნას პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები?

– ჯერჯერობით პარტიის ლიდერებს რაიმე სახის ბრძოლა არ გამოუცხადებიათ, პირიქით, მათი მხრიდან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. ჩვენ გათქვეფა კი არ გვინდა და პოლიტიკური სპექტრის გაღარიბება. გვინდა ის, რომ თუ ამერიკისგან ვსწავლობთ, როგორ უნდა ჩავატაროთ ესა თუ ის არჩევნები და როგორ უნდა მოვაწყოთ აღმასრულებელი ხელისუფლება, მაშინ ისიც უნდა ვისწავლოთ, რომ ამერიკას ორასი პარტია კი არ მართავს, არამედ ორი პარტია. საჭიროა მაქსიმალურად დაიწმინდოს ეს მრავალპარტიულობა და შევინარჩუნოთ ეროვნული და პოლიტიკური ძალები. რაც შეეხება პარტიების მხარდაჭერას, სხვათა შორის, “ღარიბთა დაცვის გაერთიანებული პარტიის” თავმჯდომარე ბატონი დავით ზეიკიძეც დიდი ყურადღებით და სიმპათიით ეკიდება ჩვენს მოძრაობას.

– დღევანდელი დღის გადმოსახედიდან, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რომელი ძალა მიგაჩნიათ მისაღებ კანდიდატურად?

– ამ შეკითხვაზე მე მაქვს ასეთი ცალსახა პასუხი – საქართველოს პრეზიდენტი იქნება ის, ვისი პოლიტიკური ძალებიც გაიმარჯვებენ საპარლამენტო არჩევნებში. დიდად განსაზღვრავს წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

– და ბოლოს, ბატონო გურამ, მაინც ვინ არის გურამ შარაძე?

– გურამ შარაძე არის გურამ შარაძე, თუმცა მე მყავს სეხნია ჩემი ბიძაშვილი გურამ შარაძე, თუ იმაზე მეკითხებით?… (იცინის)

გურამ შარაძე არის ერთი რიგითი ჭეშმარიტი ქართველი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჰყოლოდა კარგი ქართული ოჯახი, წესიერი შვილები და შვილიშვილები და რაც კი შეეძლო მისი ნიჭის და შრომისმოყვარეობის ფარგლებში მაქსიმალური გაეკეთებინა საქართველოსთვის, თვით მსხვერპლის მიტანითაც კი.

– მოკლედ, დარწმუნებული ბრძანდებით, რომ თქვენთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის თქვენზე შთამომავლობა.

– ჭეშმარიტად.

 

ნინო ჩხაიძე
“ღარიბთა ხმა”, 14-28 მარტი, 1999
Advertisements

One Response to შევარდნაძის ლანძღვაში ზოგი სადისტურ სიამოვნებას ნახულობს…

  1. John ამბობს:

    Hi there! This is my first comment here so I just wanted to give a quick shout out and tell you I really enjoyed reading this.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s