თანხმობას განვაცხადებ პრეზიდენტის პოსტზე

 

სხვადასხვა

 

გურამ შარაძე: მე თანხმობას განვაცხადებ, პრეზიდენტის პოსტზე წარვადგინო ჩემი კანდიდატურა         

 

– ბატონო გურამ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა საპრეზიდენტოდ ემზადებით. რამდენად მართალია ეს?

– დღეს საქართველოში იმდენ ადამიანს და ისეთ ადამიანებს გაუჩნდათ პრეზიდენტობის სურვილი, რომ სირცხვილად მიმაჩნია გურამ შარაძე პრეზიდენტობის მაძიებლის როლში გამოვიდეს. ჯერჯერობით ვფიქრობ, ნაადრევია ამაზე საუბარი. ყოველ შემთხვევაში, ჟვანიასავით ყმაწვილი არა ვარ, რომ პრეზიდენტის საყმაწვილო სენი შემეყაროს, ხოლო სააკაშვილზე საუბარიც აღარ არის.

– ნუთუ სირცხვილია, ადამიანს პრეზიდენტობა უნდოდეს?

– არა, უბრალოდ, უხერხულია მათი გვარების გვერდით ჩემი გვარიც ფიგურირებდეს. ამ შეკითხვით ბევრმა ჟურნალისტმა მომმართა, მაგრამ მე პასუხი არ გამიცია. თქვენი გაზეთის პატივისცემის გამო პირველად “მეოთხეს” ფურცლებზე მინდა გავაკეთო ეს განცხადება: იმის გამო, რომ ქართველი ხალხი არ დარჩეს არჩევანის ან ღირსეული ალტერნატივის გარეშე, მე თანხმობას განვაცხადებ, პრეზიდენტის პოსტზე წარვადგინო ჩემი კანდიდატურა. ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო და ჩემი ნაბიჯით მინდა პრეზიდენტობის მაძიებლებს მადა გავუნელო.

– ბატონო გურამ, პრეზიდენტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს თავისი პოლიტიკური პროგრამა. თქვენ რომ პრეზიდენტი იყოთ, რას შეცვლიდით?

– პირველ რიგში, შევქმნიდი ეროვნულ იდეოლოგიას, რომელიც დღეს ჩვენ ხალხს არ გააჩნია. მართლმადიდებლობას გამოვაცხადებდი სახელმწიფო რელიგიად. საქართველოში უამრავი სექტაა, რომლებიც დამანგრეველ მუშაობას ეწევიან ქართული მართლმადიდებლური მრევლის, ცნობიერებისა და კულტურის წინააღმდეგ. მიმდინარეობს აღვირახსნილი ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. როდესაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდება, იეღოველებს არ ექნებათ უფლება გაავრცელონ აღვირახსნილი კონტრაბანდული ლიტერატურა, ოჯახებში შემოიჭრან და თავისი რელიგია თავზე მოახვიონ ქრისტიან ხალხს.

შემდეგ ქართულ ენას სახელმწიფო ენად გამოვაცხადებდი და დავავალდებულებდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მისი ეროვნებისა, პატივი სცეს და იცოდეს ქართული ენა. ეს ხომ მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ეროვნულ და დემოკრატიულ ქვეყანაშია მიღებული. ასევე აღვადგენდი პასპორტებსა და დაბადების მოწმობებში ეროვნების გრაფას, იმისათვის, რომ ელემენტარულად ვიცოდეთ დემოგრაფიული პროცესის მსვლელობა.

– მინისტრთა კაბინეტში რა რეფორმებს ჩაატარებდით?

– პირველ რიგში, შევზღუდავდი პრეზიდენტის უფლებამოსილებას. პრეზიდენტი ვერ იქნება ერთდროულად ქვეყნის ეროვნული სიმბოლო, ფინანსისტი, ენერგეტიკოსი, რელიგიის მცოდნე. მთავრობას უნდა დაეკისროს რეალური ფუნქციები. დღეს ჩვენი მთავრობა არის პრეზიდენტის ნების შემსრულებელი და მას არ აქვს საკუთარი ქმედების ბერკეტები. პრეზიდენტმა პასუხი უნდა მოსთხოვოს ფუნქციადაკისრებულ მთავრობას, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა.

სასჯელი არ არსებობს. ჩაიდენ დანაშაულს და სასჯელი არ გაქვს. უდანაშაულობის გამო კი შეიძლება სასჯელი მოგახდევინონ. იგორ გიორგაძის მინისტრობის დროს მე პირველმა ვიხმარე ფრაზა: უშიშროების სამინისტრო საშიშროების სამინისტროა. შემდეგ ეს ფრაზა ყველამ მიისაკუთრა.

– ეს ფრაზა თქვენ იგორ გიორგაძის დროს იხმარეთ და ახლაც იმეორებთ უშიშროების სამინისტროს მისამართით…

– ყველა სამინისტროს დღეს ფუნქცია აქვს დაკარგული, მაგრამ ტყუილს ვერ ვიტყვი. ვალერი ხაბურძანია ყველანაირად ცდილობს დაუბრუნოს სამინისტროს საკუთარი ფუნქცია, მაგრამ დღევანდელი მინისტრი ჯერ ფეხზე ისე არ დგას, რომ დასძლიოს ის სიმძიმე, რომელიც მას აწევს.

– ბატონო გურამ, თქვენ რომ პრეზიდენტი გახდეთ, სასამართლოსაც დაერეოდით ალბათ…

– იმავე დღესვე დავშლიდი სააკაშვილის და მისი ბანდის მიერ რეფორმირებულ სასამართლოს. საქართველოში დღეს ისეთი სასამართლოა, რომელიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. სასამართლო მთლიანად გაყიდულია, რეფორმებისთვის შემოსულმა გრანტებმა სააკაშვილის ჯიბეში ამოყო თავი, ხოლო ჩატარებულ გამოცდებში უამრავი ფულია გაკეთებული. ვერ ნახავთ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ვერც ერთ შტოს, რომელიც გაყიდული არ არის. ამიტომ სასამართლოში მხოლოდ სააკაშვილი და მისი კლანის წარმომადგენლები იმარჯვებენ და უდანაშაულო, სამართლიანი ხალხი ისჯება. დღეს სასამართლო ყველაზე უსამართლოა.

– საკრებულოსაც არ დატოვებდით ყურადღების გარეშე, ბატონო გურამ…

– შარშანდელი თვითმმართველობის არჩევნები იყო თვითდამკვიდრების და ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველაზე დიდ შანსი. “ნაციონალისტურ მოძრაობაში” ანტინაციონალისტები არიან, ანტიქართველები ზოგი ცნობიერებით და ზოგი კი სისხლით და ხორცით. როგორი ნაციონალისტები არიან, თუ ცეცხლით და მახვილით ებრძვიან მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, მოქალაქეთა კავშირში ყოფნის დროს წაგვართვეს ეროვნება, ქართული ენა სახელმწიფო ენად არ გამოაცხადეს, იცავენ იეღოველებს, ცდილობენ დააბრუნონ საქართველოში 400.000 თურქი მესხი. სააკაშვილმა და ღოღობერიძემ სტრასბურგში ფიცი დადეს, ევროსაბჭოში მიგვიღეთ და თურქ მესხებს საქართველოში დავაბრუნებთო და ეს ხდება მაშინ, როდესაც 400.000 ქართველი გამოდევნილია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. ამაზე კრინტიც არ დაუძრავთ სტრასბურგში, ჩვენს თვალწინ გამოძევებული ქართველების ბედზე არ ფიქრობენ და ნახევარი საუკუნის წინ, სტალინის და ბერიას დროს აყრილ 80.000 თურქ-მესხს 400.000-ად გვიბრუნებენ უკან. ისინი ნაციონალისტები ყოფილან თურმე და მე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ვცხადდები ანტიჰუმანისტად, კაციჭამიად და ფაშისტად. საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და ეს იქნება “ნაციონალური მოძრაობის” (ბრჭყალებში) ნიღბის ჩამოხსნის პერიოდი.

მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ვამყოფებდი ამდენი ხნის განმავლობაში უკანონოდ აღმართულ კათოლიკურ ჯვაროსნულ დროშას საქართველოს სახელმწიფოს დედაქალაქის თავზე? დავუდებდი წინ კონსტიტუციას, თბილისის შესახებ კანონის მე-10 მუხლს, რომლის მიხედვით პრეზიდენტის და პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშე არავის აქვს უფლება მოქმედი სახელმწიფო სიმბოლიკის თვითნებურად შეცვლისა და უცხო, ამ შემთხვევაში იერუსალიმის სახელმწიფო დროშის აღმართვისა მერიის შენობის წინ.

– ბატონო გურამ, სააკაშვილის გუნდის წევრები თქვენ “შევარდნაძისტს” გიწოდებენ. ასევე ითქვა ისიც, რომ დროშაზე საუბარი წამოიწყეთ მაშინ, როდესაც პრეზიდენტი რამდენიმე სიტყვით შეეხო ამ საკითხს?

– ეს ტყუილია, ბოდვაა, რომელიც სააკაშვილს ახასიათებს. სახეზეც ეტყობა ამ ადამიანს და ლაპარაკშიც ის, რომ ბოდავს, საღად არ აზროვნებს. შევარდნაძეს არაფერი უთქვამს დროშასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ საპარლამენტო სხდომების სტენოგრაფიულ არქივში ჩაიხედოთ. სააკაშვილს წარმოდგენა არ აქვს ჯვაროსნებზე, მართლმადიდებლობაზე. მან მიისაკუთრა ეს დროშა, აქცია პარტიულ დროშად და მოვიდა საკრებულოში.

– ბატონო გურამ, რამდენადაც ვიცი, ეკლესია არ უარყოფს ამ დროშას. თქვენ ეკლესიასაც დაუპირისპირდით ამ შემთხვევაში…

– ამ დროშაზე გამოსახული კომპოზიცია ნიშნავს ქრისტეს ჯვარცმას, ქრისტეს წამებას. კატეგორიულად ვაცხადებ, პატრიარქმა კი არა, მამაზეციერმა რომ ბრძანოს, ეს დროშა ქართული ეკლესიის დროშა იყოო, – მაინც უარვყოფ. ხუთჯვრიანი დროშა არასოდეს ყოფილა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა. ჩაიხედეთ სარა ბარნაველის სადოქტორო დისერტაციაში, წაიკითხეთ ყველა ჰერალდიკოსის და ისტორიკოსის ნაშრომი.

– ბატონო გურამ, ასეთი რელიგიური პიროვნება ბრძანდებით და უპირისპირდებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. რამდენად მიზანშეწონილია ეს?

– ამ პრობლემაზე ჩემი გამოსვლები საპატრიარქოში ბევრს ეწყინა, მაგრამ ვიცი, რომ პატრიარქი შეცდომაში შეიყვანეს და შემიძლია მათი სახელებიც დაგისახელოთ: მეუფე დანიელი, მეუფე ნიკოლოზი, პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა დავით შარაშენიძე და მათი იურისტი, საპარლამენტო მდივანი გიორგი ანდრიაძე. ზემოთ ჩამოთვლილები სააკაშვილის ხალხია. ისინი ცდილობენ საპატრიარქოს ავტორიტეტით გაამარჯვებინონ სააკაშვილს და რომელიმე მათგანი პატრიარქის სავარძელს დაიმკვიდრებს. მაგრამ ვერ ეღირსებიან, ვერც ერთი პრეზიდენტობას და ვერც მეორე პატრიარქობას.

ახლახან მესტუმრა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა ჟვანია, რომელიც 3 წელიწადი იერუსალიმში საქართველოს საელჩოში კონსულად იმყოფებოდა. მან დაადასტურა ის, რომ 5-ჯვრიანი დროშა ფრანცისკანელთა ორდენის დროშაა და აღმართულია მათი ოფისის თავზე. ბატონმა ლაშამ მითხრა: საქართველოში რომ ჩამოვიდეს იერუსალიმის მართლმადიდებელი კათოლიკე პატრიარქი და ეწვიოს ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს Kკათოლიკოს-პატრაირქს ილია II-ს რეზიდენციაში და შენიშნოს 5-ჯვრიანი დროშა, მაშინვე უკან დაბრუნდებაო.

– ბატონო გურამ, როგორ ფიქრობთ, ჟვანია და სააკაშვილი მართლაც მოკავშირეები არიან?

– ჟვანია და სააკაშვილი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან. ორივე იმართება ამერიკიდან. ერთი კვირა სააკაშვილი თამაშობს პოლიტიკურ არენაზე, შემდეგ კი ჟვანია გამოდის. ამერიკისთვის სულ ერთია, რომელი გაიმარჯვებს, მაგრამ უნდათ, რომ ერთ-ერთი მაინც იყოს გამარჯვებული. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ჟვანია და სააკაშვილი ერთმანეთს ვერ იტანენ, ცდილობენ ამის დამალვას, მაგრამ მაინც არ გამოსდით.

 

ირინა ძნელაძე
“მეოთხე”, 24-31 იანვარი, 2003

 

2 Responses to თანხმობას განვაცხადებ პრეზიდენტის პოსტზე

  1. RMD ამბობს:

    მადლობა ამ სტატიისთვის. მე ვეთანხმები მას.

  2. Doshier ამბობს:

    I was just searching for info on social media bookmarking for some time. After several hours of continuous Googleing, finally I got it in your web site. I love this type of informative site and was ecstatic to find this information.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s