“მთვარის მოტაცება”

 

სხვადასხვა

 

რატომ არ გვექნება წლების შემდეგ

“მთვარის მოტაცების” ავტოგრაფი…

 

ხშირ შემთხვევაში გადაბრალების მცდელობა ერთობ აპრობირებული ფორმაა პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, იმისდა მიუხედავად, თუ როგორი კატეგორიის დანაშაულებრივ ქმედებასთან გვაქვს საქმე. დღეს შევეხებით ჩვენი ეროვნული საუნჯის პრობლემას, რომელიც მუზეუმებშია თავმოყრილი. მუზეუმი კი, თავის მხრივ, ის ეროვნული მემორიალია, რომელიც ერში ეროვნული თვითშეგნების გადარჩენის მისიას გულისხმობს. მაშინ, როდესაც 90-იანი წლების თბილისის სამარცხვინო ომის დროს ინგრეოდა შენობები, განადგურდა უამრავი უნიკალური არქივი, გაიქურდა მუზეუმები, სადაც ინახებოდა ქართველ კლასიკოსთა ფასდაუდებელი ხელნაწერები, გაქრა უამრავი მემორიალური ნივთი. საკმარისი არგუმენტი არ გახლავთ რომელიმე პრეზიდენტის თუნდაც ძალზე მცდარი პოლიტიკა იმისთვის, რომ გადაწვა კლასიკოსის სახლი და არქივი, რომელიც, პრეზიდენტის გარდა, ერის საკუთრებაცაა.

დღეს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ელემენტარულ პირობებს საიმისოდ, რომ გადაარჩინოს ისტორიის მუზეუმის უნიკალური ფონდი; ამ საქმის მოუგვარებლობის მიზეზად ელექტროენერგიის ნაკლებობას ასახელებენ. ხელოვნების მუზეუმიდან იკარგება მსოფლიო მნიშვნელობის ათი შედევრი და გამკითხავი არავინაა. ხალხს უტოვებენ მხოლოდ რიტორიკული კითხვის უფლებას. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება ჩვენი ეროვნული განძის სათანადოდ პატრონობა.

როდესაც, 1987 წელს, ქალაქ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, უნდა გახსნილიყო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და ხელისუფლების მხრიდან გაისმა შემდეგი რეპლიკა: “რად უნდა ერთ კაცს ამდენი მუზეუმი”, ბატონმა გურამ შარაძემ იმჟამად დიდი მეცადინეობა გასწია იმისთვის, რომ ეს მუზეუმი გახსნილიყო.

ჩვენ რამდენიმე კითხვით მივმართეთ ბატონ გურამ შარაძეს ეროვნული საგანძურის პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

 

– ბატონო გურამ, შეგვიძლია თუ არა დღეს, ვისაუბროთ სამუზეუმო პოლიტიკაზე ხელისუფლების მხრიდან. დგას თუ არა, როგორც პრობლემა, ეროვნული საუნჯის მოუვლელობა ჩვენი მთავრობის პრობლემურ ნუსხაში?

– ჩვენს ქვეყანაში ისევე, როგორც ყველაფერი, ეს სფეროც მოუვლელია. აქაც უმძიმესი მდგომარეობაა. თუმცა, სხვა სფეროსგან განსხვავებით, სამუზეუმო მდგომარეობა სავალალო იმით გახლავთ, რომ მისი გამოსწორება აღარ შეიძლება. მუზეუმში რომ რამე გაფუჭდეს, ან დაიწვას, ან დაიკარგოს, მისი აღდგენა შეუძლებელია. ლუკმა-პურისთვის ნებისმიერი გზით საზოგადოების დაშოშმინება კიდევ შეიძლება, მაგრამ კულტურის გაუფრთხილებლობა და მოუვლელობა ერთობ ძვირად დაუჯდება ჩვენს ქვეყანას. გაიხსენეთ, რამდენი რამ გაჩანაგდა თბილისის სამოქალაქო ომის დროს. დაინგრა ხალხის რწმენა, დაირღვა ერის ეკონომიკური და ტერიტორიული მთლიანობა. როგორც ვერავინ გააცოცხლებს აფხაზეთისა და სამაჩაბლო ომებში წასულ ბიჭებს, ისე ვერავინ აღადგენს იაკობ გოგებაშვილის მუზეუმს, იქ დამწვარ არქივს და ხელნაწერებს. მე მინდა, რომ თქვენი გაზეთის ფურცლებზე ატყდეს განგაში ექსკლუზიური უფლებით ამ პრობლემის ირგვლივ, რადგან არავინ ამახვილებს ამ საკითხზე თავის ყურადღებას.

შეიძლება ჩემი ბრალიც იყოს, მაგრამ ნებისმიერი ჩემი პროტესტი არსებული პრობლემის გარშემო, როგორც წესი, ყურადღების მიღმა რჩებოდა. პედაგოგიური მუზეუმი და იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობა, რომელიც პირველი სკოლის შენობაში იყო დაცული, სრულიად განადგურდა სამოქალაქოს ომის დროს; ასევე განადგურდა კოლხური კოშკი; განადგურდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი, მთელი არქივი და თანაც ისე, რომ ერთი ფურცელიც ვერ გადავარჩინეთ; ასევე განადგურდებოდა ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, რომ იგი ერთი წუთით მაინც დამეტოვებინა ყურადღების გარეშე. არ მინდა კვეხნაში ჩამომერთვას, მაგრამ ფაქტი ასეთი იყო. სხვათა შორის, აქვე აღვნიშნავ, რომ 1991 წლის სამოქალაქო ომის დროს რუსთაველის პროსპექტზე გადარჩა ორი მუზეუმი (ეს მაშინ, როდესაც ქაშუეთის ეკლესიაც კი არ დაინდეს და გამეტებით ესროდნენ წმიდა ალაგს), ლიტერატურის მუზეუმი, რომლის დირექტორიც მაშინ მე გახლდით, და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი. არც ერთ ჩვენგანს, არც მე და არც ლევან ჭილაშვილს, არ დაგვიტოვებია ჩვენი მუზეუმები არც ერთი წუთით, არც ერთი დღე-ღამის განმავლობაში, რათა იქ არ შემოცვენილიყვნენ კიტოვანის გვარდიელები და არ იავარეყოთ ჩვენი კლასიკური და ისტორიული მემკვიდრეობა. გარდა ძარცვისა და გაჩანაგებისა, შესაძლებელი იყო ამ ადგილების საომარ პლაცდარმად გადაქცევა.

სასტუმრო “თბილისი” რომ არ განადგურებულიყო, არ მოვიწვევდით “აღსადგენად” ამერიკელებს და არ გავყიდდით მას. ეს სასტუმრო ყველა თბილისელის ღამის გასათევი და სულის მოსაბრუნებელი ადგილი იყო. დღეს იქ ფინჯან ყავას ვერ დალევ, რადგან იგი სხვისი საკუთრებაა და თბილისელს იქ შესვლის უფლებაც არ აქვს. ალბათ, მოგეხსენებათ, რომ სწორედ იქ იყო განლაგებული კიტოვან-სიგუას შტაბი და იქიდან ესროდნენ ზვიად გამსახურდიას. როდესაც ომის პირველსავე დღეს შემოცვივდნენ ლიტერატურის მუზეუმში კიტოვანის გვარდიელები და მე მათ კარში გადავეღობე სიტყვებით: “როგორ ბედავთ, აქ ილიას, აკაკის, გალაკტიონის ხელნაწერებია”-მეთქი, მათ ერთმანეთს გადაულაპარაკეს: “რაღაც ქაღალდებზე გველაპარაკება”. მათ არ იცოდნენ, სიტყვა “ხელნაწერის” მნიშვნელობა. “მიდი, ერთი, მიახვრიტე, ქაღალდების გულისთვის არ გვიშვებს”, – ეუბნება ერთი მეორეს. რაზეც პასუხი გაისმა: “ჯერ ბატიასთან წავიყვანოთ და იმან დახვრიტოს”. სწორედ მაშინ, სისხამ დილით, როდესაც მათ კიტოვანთან წამიყვანეს, გზაში შემხვდა კამუფლაჟიანი, ავტომატგადაკიდებული ნოდარ ლომოური. სწორედ ამ “დამსახურებისთვის” და ომში მონაწილეობისთვის მიართვა ძღვნად კიტოვანმა ლომოურს მუზეუმის დირექტორობა. ის ხომ ხელოვნებათმცოდნე არ არის. მოხსნეს ბრწყინვალე ხელოვნებათმცოდნე და შესანიშნავი პიროვნება – თამაზ სანიკიძე და დანიშნეს ლომოური, რომელმაც თბილისის გადაწვა-აოხრებაში “ფასდაუდებელი” წვლილი შეიტანა.

როდესაც კიტოვანის კაბინეტში შემიყვანეს, ჩემი თანმხლებლების გასაოცრად, კიტოვანი ფეხზე წამოდგა და ჩემკენ გამოემართა. იქვე, ოთახში, აწამებდნენ ედიშერ გიორგაძეს და ვინმე დიდებულიძეს, რომელიც, თავის დროზე, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი, დადიოდა რუსთაველის პროსპექტზე. კიტოვანმა მკითხა: “ბატონო გურამ, რაზე შეწუხდით”. ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა. თენგიზ კიტოვანი პატივისცემით მომექცა. ამის დავიწყება ნამდვილად არ შემიძლია. მეც არ დავახანე და მოვუჭერი: “თუკი მიცნობთ და პატივს მცემთ, იქნებ უზრუნველყოთ ლიტერატურის მუზეუმის უსაფრთხოება”. მართალია, კიტოვანი იმის გარანტიას ვერ იძლეოდა, რომ არავინ ხელყოფდა მუზეუმს, მაგრამ, შემომთავაზა ხელნაწერთა უსაფრთხო ადგილას გადატანა. მე და ჩემი რამდენიმე თანამშრომელი (ციცი ბუქურაული, რუსუდან კობახიძე, ლია გედევანიშვილი და რუსუდან დაუშვილი) ერთი წუთით არ ვტოვებდით შენობას, თუმცა ღამით ქალბატონებს შინ ვუშვებდი. დავძენ, რომ თვით კიტოვანმა, რომელიც “მტრის ბანაკს” განეკუთვნებოდა, გულახდილად გამანდო, რომ ხელნაწერთა ტრანსპორტირების ოპერაციაც უსაფრთხო არ იქნებოდა, რადგან დაპირისპირებულ მხარეთა სნაიპერებს, გაუგებრობის გამო, შეიძლებოდა, ტყვია ჩვენი მიმართულებით გამოეგზავნათ. ამიტომ შევთანხმდით იმაზე, რომ, როგორც კი მოვიდოდნენ შეიარაღებული გვარდიელები მუზეუმში, უმალ კიტოვანისთვის მეცნობებინა. ასე გადავარჩინე ლიტერატურის მუზეუმი უმცირესი დანაკარგების გარეშე. ხელნაწერთა გარდა, იქ უამრავი მემორიალური ნივთია, მათ შორის, გრიბოედოვისა და ნინა ჭავჭავაძის მემორიალური ნივთები.

ხოლო ლომოურმა თავისი “გმირული ოდისეის” შემდეგ მუზეუმიდან მსოფლიო მნიშვნელობის 10 შედევრი “დაკარგა”. როგორ შეიძლება, ადამიანი შეიპაროს მუზეუმში და მოიპაროს ლუკას კრანახის ტილო, ჰოლანდიური სახვითი ხელოვნების სკოლის შედევრები?!

ასევეა მიტოვებული კოლხური კოშკი. იმ ტრაგიკული ხანძრის დროს შევვარდი და, რისი გადარჩენაც შევძელი, ის გადავარჩინე კოლხურ კოშკში. როგორც ჩანს, ტყვია-წამლის გარდა, კოლხური კოშკის ამაოხრებლებმა მომწამვლელი გაზებიც იხმარეს, რამაც ქრონიკულად დამიავადა თვალები და ამიტომ არქივში მუშაობისას დღესაც აირწინაღით შევდივარ.

შემდეგ ვიცით ხოლმე გაოცება ქართველებმა – რატომ არ გვაქვს რუსთაველის ავტოგრაფი. ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენდა სამარცხვინოდ, რომ რუსთაველის უძველესი ავტოგრაფი თარიღდება XVII საუკუნით, ანუ ორიგინალიდან ხუთი საუკუნის შემდეგ. ქართველმა ერმა არ დაინდო რუსთაველი და არც რუსთაველის საფლავი ვიცით და არც მისი ბიოგრაფია. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია ის, რომ ერთმანეთსაც არ ვინდობთ. 500 წლის შემდეგ დაიჩივლებენ, რომ არ გვაქვს “დიდოსტატის მარჯვენის”, “მთვარის მოტაცების” ავტოგრაფი და ამ ტრაგედიაში ლომის წილი ქართველებს მიუძღვით.

– სწორედ, ამიტომ გთხოვთ ქართველთა საქციელის შეფასებას. სამწუხაროდ, ჩვენმა თაობამ აშკარად იწვნია და დაინახა ქართველთა “პოტენცია” საკუთარი ეროვნული საუნჯის განადგურების საქმეში, რითიც კიდევ ერთხელ გახდა რეალური ჩვენი ეთნიკური თვისება – დაუნდობლობა ერთურთისა და ისტორიის მიმართ…

– ფაქტობრივად, თქვენ გრიგოლ რობაქიძის სიტყვების ციტირება მოახდინეთ: “საქართველოს ქართველზე დიდი მტერი არ ჰყოლია”, – წერდა გრიგოლ რობაქიძე. 1998 წელს თამარაშენში ააფეთქეს ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი. არსებობდა ვერსია, რომ ეს ბარბაროსობა ოსი ეროვნების ადამიანმა ჩაიდინა. მე ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ვინც ამ აქტს ხელი მოაწერა, ბარბაროსია, ხოლო ბარბაროსს ეროვნება არ აქვს. ხუთი წელიწადი მოვანდომე მხოლოდ იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამომეგლიჯა, რათა დამეწყო მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები. როდესაც ოსი, მით უმეტეს, მტრულად განწყობილი ოსი, ხედავს, რომ ქართველები თავიანთ ძირძველ სამოსახლოს – მაჩაბლების ისტორიულ სასახლეს – ასე უსწორდებიან, თვითონვე ეძლევა ძალა იმისთვის, რომ მარტივად დაგვაჩაჩანაკოს ეროვნულად.

მე არ მინდა გადავწვდე ჩვენს წინაპრებს და ძვირი ვთქვა მათზე, მაგრამ ეს ქართველის გენეტიკური კოდია. მე ამას სიხარულით კი არა, ტკივილით აღვნიშნავ. ტრაგიკულად აღიქვამდა ქართველის ამ თვისებას ილია ჭავჭავაძე, როდესაც წერდა ლექსს “ბედნიერი ერი”; “ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ”, – ეს სიტყვები აკაკიმ დაწერა არა მაშინ, როდესაც ილია მოკლეს, როგორც ბევრს დღეს ჰგონია, არამედ გაცილებით ადრე, კერძოდ, 1879 წელს.

ჩვენ, ვისაც გვიყვარს საქართველო, ქართველი, დაუნდობლად და ობიექტურად უნდა ვამხილოთ მისი ხარვეზი და ნაკლი. დღეს ერი რამდენად არის გახლეჩილი, კაცმა არ იცის და ვინ იცის, რა მოხდება არჩევნების დროს… ერს გადაარჩენს მხოლოდ ეროვნული იდეოლოგია. ხოლო ეროვნული იდეოლოგიის არსებობა მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის მოფრთხილებაში მდგომარეობს, რისი შენახვის კერა მუზეუმია.

– საქართველოში ხშირად ქურდავენ მუზეუმებს. ხომ არ იცით შემთხვევა, როდესაც მუზეუმის გაქურდვასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რაიმე კონკრეტული, სასიკეთო შედეგით დაგვირგვინებულიყო? ვგულისხმობ მემორიალური ნივთების დაბრუნებას და გამტაცებლების დასჯას. 90-იან წლებში ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენელი შენიშნავდა, რომ პოეტის მემორიალური ნივთი განისაზღვრება ერთადერთი ნივთით – დიდი საკერავი მაკრატლით…

– ჯავახიშვილის #7-ში მდებარე სახლი, სადაც 35 ოჯახამდე ცხოვრობდა, ეკუთვნოდა ელისაბედ საგინაშვილს, ილიას დას. ბუნებრივია, ჩვენ გვინდოდა, რომ ეს სახლი მუზეუმად ქცეულიყო და ძველი მემორიალობა აღგვედგინა. მიუხედავად მოსახლეთა პრეტენზიებისა, ამ საქმეს თავი მოვაბით, რაშიც უდიდესი თანადგომა აღმოგვიჩინა აღმასკომის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი ანდრიაძემ და ნინა ჟვანიამ. მათ ჭეშმარიტად ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს სახლი მუზეუმად ქცეულიყო.

ყვარლის მუზეუმის აწ განსვენებულმა დირექტორმა (გვარს არ დავასახელებ) გარკვეული ახირების გამო, მოანგრია ილიას სახლი იმ მოტივით, რომ, მისი აზრით, ილია ამ სახლში არ დაბადებულა. იგი ამტკიცებდა, რომ ილია გოდილში დაიბადა და ამიტომ სახლი, რომელიც ითვლებოდა მემორიალურ მუზეუმად, დაანგრია, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო. ყოველივე ამის შემდეგ მუზეუმი სადმე უნდა განლაგებულიყო, ამიტომ არქიტექტორის მიერ დაპროექტდა შენობა, რომელიც, ჩემი აზრით, საშინელებას წარმოადგენს.

საგურამოს მუზეუმის დირექტორმა, ბედუკაძემ, კი გურამიშვილების ისტორიული მიწის მიმდებარე ტერიტორია გაყიდა. ჯერ იყო და, კომუნისტებმა ჩამოაჭრეს მიწა გურამიშვილების სამოსახლოს და აჩუქეს საბჭოთა კავშირის გმირებს. დღეს კი იქ ვინ აღარ ცხოვრობს, ვითომდა, ტერიტორიები გლეხების საკუთრებაში გადავიდა, ხოლო, სინამდვილეში, იქ “ახალ ქართველთა” სააგარაკო ვილები წამოიჭიმა. 1989 წელს გამოვაქვეყნე წერილი საგურამოს მუზეუმის თაობაზე, რომელშიც შევნიშნავდი, რომ ეს ადგილი ჩვენი “იასნაია პალიანაა” და, რომ სათანადო მოფრთხილება ესაჭიროება. ვინ იცის, იქნებ, ილია უფრო დიდია ჩვენთვის, ვიდრე ტოლსტოი – რუსებისთვის.

პასუხად ბედუკაძემ სახალხოდ განაცხადა, რომ შარაძე ტყუისო და რომ ეს მიწა ისტორიული არ არისო, რის შედეგად, ერთი ავტობუსი გავავსე ჟურნალისტებით და ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდე. ყველას და, უწინარესად, ბატონ ბედუკაძეს ვუჩვენე, რომ გურამიშვილების საგვარეულო მარანი ჩაკარგულია ქართველ მაფიოზთა სასახლეებს შორის. დასაშვებია განა, რომ ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დირექტორმა გაანიავოს დავით და ოლღა გურამიშვილების ისტორიული მიწები?! და, ამასთან, ურცხვად და უტიფრად განაცხადოს, რომ გურამ შარაძე ატყუებს საზოგადოებას? როდესაც ლეკებმა დავით გურამიშვილი მოიტაცეს, მათ არ იცოდნენ, ვინ იყო იგი. გურამიშვილმა შემდგომ დაწერა “დავითიანი”, ხოლო ბედუკაძემ არ იცის ვინ არის დავით გურამიშვილი და ილია ჭავჭავაძე, როდესაც მათ მიწებს ანიავებს.

გიორგი ჩიტაიას ოფლითა და სისხლით მოწყობილი ქართული ეთნოგრაფიის მუზეუმი გადააქციეს ბორდელად, აღვირახსნილთა თავშესაფრად. ძლივს მოვხსენით თანამდებობიდან ამ ვანდალიზმის ავტორი, რომ მსგავსი საშინელება აღარ განმეორებულიყო.

ყველაფერი, რაც გიამბეთ, ლეგალურად ხდება, მაგრამ გაგიმხელთ არალეგალურ სტატისტიკასაც. საქართველო გაძარცვა დიპლომატიური იმუნიტეტით აღჭურვილმა ხალხმა. ეს გახლავთ ხორცშესხმული, მოქმედი მაფია, რომელიც წარმატებით ახორციელებს თავის პროგრამას. მათ საქართველოდან კაპიკებად გააქვთ ეროვნული განძი, რომელიც ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებდა. მაგრამ პურის ფულს მონატრებული ადამიანი სამუზეუმო იშვიათობას გროშებად ყიდის, რათა თავი ირჩინოს. მათ კი, უცხოელებმა, საქართველოს საუნჯე გაზიდეს დიპლომატის ჩემოდნებით.

არსებობს ერთი ქართველი ქალბატონი, რომელიც ადრე იყო პარლამენტარი, ხოლო ამჟამად დიპლომატიურ სამსახურშია; მან საპატიო მოქალაქეობა მიაცემინა პრეზიდენტს ერთი უცხოელი, ქართული წარმოშობის მოქალაქისთვის, რომელიც ხსენებულ ბიზნესს წარმატებით ართმევდა თავს. მათ ჰქონდათ სპეციალურად დაქირავებული აპარტამენტი, სადაც ანტიკვარიატს ინახავდნენ, ხოლო შემდეგ უცხოეთში გაჰქონდათ.

გარდა ამისა, ასატეხია განგაში თბილისის ანტიკვარული მაღაზიების ქსელთან დაკავშირებით. იქ ხშირად არ შედის ის ნივთები, რომლებიც, სამწუხაროდ, გაედინება საქართველოდან.

– ბატონო გურამ, თქვენ არაერთგზის გიმუშავიათ უცხოეთის მუზეუმებსა და არქივებში პროფესიული მივლინებების დროს. როგორია უცხოელ მეცნიერთა და მუზეუმის მუშაკთა დამოკიდებულება ეროვნული საუნჯის მიმართ?

– ასე თუ ისე, უცხოეთში მიცნობენ და პატივს მცემენ. ის, რაც თქვენ გიამბეთ, მათთვის იმდენად პარადოქსულად გაიჟღერებდა, რომ სიცილადაც არ ეყოფოდათ. ამდენად, ცალსახად გეტყვით: არ დამიჯერებდნენ, რამდენადაც საშინელ ზმანებაშიც კი არ მოელანდებათ.

– ჩვენს სინამდვილეში არსებობს თუ არა რაიმე სახელისუფლებო ფილტრი, რომელიც გარკვეულ ტესტირებას ჩაუტარებს ადამიანს, რომელიც შემდგომ ეროვნული განძის ღირსეულ მეთვალყურეობას გასწევს, ანუ იმუშავებს მუზეუმში, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, დავიცვათ ეროვნული თვითმყოფადობა?

– უწინარესად, ეს კულტურის სამინისტროს ეხება, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ამის სახსრები არ გააჩნიათ. ხოლო, რაც შეეხება მუზეუმის საკადრო პოლიტიკას, არჩევანი ამ სფეროშიც ერთობ მწირია.

 

მაია რუხაძე
“ახალი 7 დღე”, 4-10 აპრილი, 2003

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s