სხვადასხვა

 

  • ,,სოჭში ქართულ სკოლებს დახურვა ემუქრება’’, გურამ შარაძე თანამემამულეებს არ ივიწყებს, “დილის გაზეთი”, 7 აპრილი, 1998
  • ადრე კვაჭანტირაძემ კონსტანტინე გამსახურდია სომეხად გამოაცხადა, ახლა რით იმართლებს თავს”, “ალია”, 7-8 აპრილი, 1998
  • ,,შარაძე პეკინში მიიწვიეს’’, ,,დილის გაზეთი”, 7 ივლისი, 1998
  • ,,შევარდნაძის ლანძღვაში ზოგი სადისტურ სიამოვნებას ნახულობს…’’, “ღარიბთა ხმა”, 14-28 მარტი, 1999
  • ,,გურამ შარაძე: “გვიან რომ არ იყოს, აუცილებლად ვიქნებოდი იურისტი, იურისტებს შორის – ადვოკატი!..”, “ადვოკატი და მართლმსაჯულება”, 18 იანვარი, 2002
  • ,,მტყუან-მართალი მწერალსა და დეპუტატს შორის’’, ,,დილის გაზეთი’’, 18 იანვარი, 2002
  • ,,შარაძის ახალი შარი – დეპუტატი ამჯერად თამარ მეფის ღირსებას იცავს’’, ,,დილის გაზეთი’’, 18 იანვარი, 2002
  • ,,ჭუბურხინჯის გადაწყვეტილებებს ქვეყნისთვის უბედურებები მოაქვს’’, ,,პრესკურიერი’’, 13 აპრილი, 2002
  • ,,ჩაის თხილი და კივი შეგვიცვლის?’’, ,,ალია’’, 18-20 მაისი, 2002
  • ,,ინიციატივა’’, ,,ალია’’, 20-21 ივნისი, 2002
  • ,,გურამ შარაძე ბაიბურთს და დოლიძეს ემუქრება’’, ,,ახალი თაობა’’, 26 ივნისი, 2002
  • ,,გურამ შარაძე: მე თანხმობას განვაცხადებ, პრეზიდენტის პოსტზე წარვადგინო ჩემი კანდიდატურა’’, “მეოთხე”, 24-31 იანვარი, 2003
  • ,,გურამ შარაძის ღალატიც ღალატია’’, “მთავარი გაზეთი”, 6 თებერვალი, 2003
  • ,,შარაძე ენას, მამულსა და სარწმუნოებას იცავს’’, “ხვალინდელი დღე”, 6 თებერვალი, 2003
  • ,,სააკაშვილს დავამხობ!’’, “დილის გაზეთი”, 17 მარტი, 2003
  • მოსკოვი 99”-ს გადარჩენილი დეპუტატები ამნეზიის ვირუსით დაავადდნენ’’ “მთავარი გაზეთი”, 20 მარტი, 2003
  • ,,რატომ არ გვექნება წლების შემდეგ “მთვარის მოტაცების” ავტოგრაფი’’, “ახალი 7 დღე”, 4-10 აპრილი, 2003
  • ,,გურამ შარაძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ექვსი საკითხი, რომელიც სასწრაფოდ გადაჭრას მოითხოვს!’’, “ასავალ-დასავალი”, 21-27 აპრილი, 2003
  • ,,ზვიად გამსახურდიას ნეშტი მთაწმინდაზე უნდა გადმოვასვენოთ’’, “ახალი თაობა”, 20 ნოემბერი, 2003
  • ,,ათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილს’’, 5 იანვარი, 2004
  • თუ საქართველოს ეროვნული პრეზიდენტი და პარლამენტი ეყოლება, მე მიშა სააკაშვილს ხელებს დავბან…”, “რეიტინგი”, 19 იანვარი, 2004
  • ,,შარაძეს პრეზიდენტი ავი სულებისთვის არ ემეტება’’, “რეზონანსი”, 28 იანვარი, 2004
  • ,,ბატონებო მიხეილ სააკაშვილო და ზურაბ ადეიშვილო, წერტილი დაუსვით უცხო ქვეყნის აგენტებს!’’, “ახალი თაობა”, 20 თებერვალი, 2004
  • ,,გურამ შარაძე: ამ პარლამენტში რომ ვიყო, ქალებისა და ბიჭბუჭების თავხედობით გული გამისკდებოდა’’, “კვირა”, 18-25 სექტემბერი, 2004
  • ,,გურამ შარაძე: ყურადღება, ყურადღება! 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, საქართველოს პატრიარქი უნდა დაამხონ!’’, “ასავალ-დასავალი”, 15-21 ნოემბერი, 2004
  • სუკისა” და “ცეერუს” აგენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოდიში უნდა მომიხადოს!”, “ჯორჯიან თაიმსი”, 25 ნოემბერი – 2 დეკემბერი, 2004
  • ტურაშვილის სცენარის არ მწამს, “ახალი თაობა”, 21 იანვარი, 2005
  • ,,გურამ შარაძის გამოსვლა ,,თავისუფალი აზრის დარბაზის’’ სხდომაზე, სტენოგარფიული ჩანაწერი, კინოს სახლი, 2005 წლის 23 მაისი, მოძრაობა ,,წინ საქართველოს’’ გამოცემა, მაისი, 2005
  • გურამ შარაძე: მე ხელს ვადებ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და კულტურის უკულტურო მინისტრს!, “ასავალ-დასავალი”, 15-21 აგვისტო, 2005
  • მარიამ ციციშვილს პავლე ციციანოვ-ციციშვილი არ მოუკლავს! ანუ პატარა გაკვეთილი საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ისტორიაში, “ჯორჯიან თაიმსი”, 24 ნოემბერი – 1 დეკემბერი, 2005
  • საქართველოს პრეზიდენტი შოთა რუსთაველს გრიგოლ ორბელიანისგან ხომ უნდა არჩევდეს ?!”, მეორე გაკვეთილი პრეზიდენტს, ოღონდ, ამჯერად ქართულ ლიტერატურაში, “ჯორჯიან თაიმსი”, 16-23 თებერვალი, 2006

 ***

სოჭში ქართულ სკოლებს დახურვა ემუქრება

გურამ შარაძე თანამემამულეებს არ ივიწყებს

 საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტში მორიგი შეხვედრა მოეწყო. კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძე სოჭის ოლქის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას სოჭის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე რაულ ჯინჭარაძე ხელმძღვანელობდა.

გურამ შარაძემ სტუმრებს მოკლედ გააცნო კომიტეტის ფუნქციები და მისი მუშაობის შედეგი. მან იქვე აღნიშნა, რომ მსგავსი კომიტეტი არც ერთ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში არ არსებობს და ამ მხრივ საქართველო, შეიძლება ითქვას, პიონერია. კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს – “ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, სულაც არ მივიჩნევთ უცხოელებად. ასე რომ, მათზე ყოველთვის ვზრუნავთ”.

რაულ ჯინჭარაძემ, თავის მხრივ, გურამ შარაძეს ქართული სათვისტომოს შესახებ მოუთხრო და აღნიშნა, რომ ეს ის ქართული დიასპორაა, რომელმაც ჯერ კიდევ შეინარჩუნა ყველაფერი ქართული, მიუხედავად იმისა, რომ რუსები ავიწროებენ და ცდილობენ, ქართული სკოლები დახურონ და სხვა.

 კომიტეტის თავმჯდომარემ საუბრისას ერთობ აქტუალური თემა წამოჭრა, კერძოდ, ახლანდელ პასპორტებში ეროვნების მიუთითებლობა და აღნიშნა, რომ შესაძლოა ერთი საუკუნის მერე (თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა) შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა ვეღარ გაარკვიონ ვინ ქართველია და ვინ არა. იგი დაინტერესდა ამ მდგომარეობით სოჭში, რაზეც ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს პრობლემა იქ ჯერჯერობით არ დამდგარა, მით უმეტეს, ზოგიერთს ქართული სრულიად დაავიწყდა, მაგრამ ეროვნებას არ თმობენ, აღნიშნა ჯინჭარაძემ.

გურამ შარაძემ საუბარში საქართველოს განათლების მინისტრიც ახსენა, რომელმაც სტუმრები არ მიიღო. მათ კი საზღვარგარეთ ქართული სკოლების მომავალზე უნდა ესაუბრათ, რადგან დგება საკითხი ბევრი სკოლის დახურვის თაობაზე. მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რეპლიკის სახით განაცხადა – კვაჭანტირაძე პარლამენტში სამთავრობო საათს არ ესწრებოდა და სოჭელ “სტუმრებს” რატომღა მიიღებდაო?! საერთოდ, – აღნიშნა შარაძემ, – იგი ამ თანამდებობაზე იმიტომ მოხვდა, რომ ზვიად გამსახურდიას აგინებდა, ხოლო მისი მამა კონსტანტინე კი გაასომეხა და ამით ჟურნალისტებს განსჯისათვის მორიგი თემა მისცაო. შემდეგ საუბარი კვლავ სოჭელ ქართველებზე ჩამოვარდა. გამოირკვა, რომ მათი რიცხვი 12-დან 13 ათასამდე აღწევს, მაგრამ ყველა რუსეთის მოქალაქეა, რადგან უამისოდ სამსახურში ვერ მოეწყობი.

გურამ შარაძე იქ მცხოვრები “თურქი-მესხებითაც” დაინტერესდა და რაულ ჯინჭარაძეს მათი მდგომარეობა გამოჰკითხა. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ სულით ხორცამდე სჯერათ თავიანთი ქართველობისა, მაინც ვერ ამტკიცებენ ამას და ყველაფერ “სიკეთესთან” ერთად ენაც ვერ ისწავლეს.

რაც შეეხება საკონსულოების საკითხს, აღმოჩნდა, რომ იქ მსგავსი არაფერი მოქმედებს. საქართველოდან მოვლენილია მხოლოდ ერთი ადამიანი – კონსულის მოადგილე მერაბ პატარაია. ლტოლვილები კი წუხან, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა არა აქვთ საქართველოს მხრიდან და საერთოდ, სოჭელი ქართველების უფლებები ყოველ ნაბიჯზე შელახულია.

შეხვედრის დასასრულს გურამ შარაძემ დიდი მადლობა გადაუხადა სოჭის დელეგაციას სტუმრობისთვის და შეჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის ელჩს მოიწვევს და სოჭელთა პრობლემებს კიდევ ერთხელ განიხილავს.

 ზურაბ თვაური
“დილის გაზეთი”, 7 აპრილი, 1998
 

 

 “ადრე კვაჭანტირაძემ კონსტანტინე გამსახურდია სომეხად გამოაცხადა, ახლა რით იმართლებს თავს”

 გუშინ მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეები კომიტეტი სოჭში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. სანამ დიასპორის თავკაცის, რაულ ჯინჭარაძის ანგარიშს მოისმენდნენ, ბატონმა გურამმა აღმასრულებელ ხელისუფლებას “მიუალერსა”:

– გოჩა ესებუას მშობლებს გულწრფელად ვუსამძიმრებ. ეს არ მოხდებოდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზიდენტის ფრთებქვეშ არ იყოს შეყუჟული და დროისა და განწყობის მიხედვით არ მუშაობდეს. სანამ 31 მარტს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდია კეთილი სიტყვებით არ მოიხსენია, მანამდე ისინი მის ლანძღვაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ახლა კი ქება-დიდებას ასხამენ, – ბრძანა კომიტეტის თავმჯდომარემ და ძირითად საკითხს დაუბრუნდა.

სტუმრების ინფორმაციით, სოჭში ორი ქართული სკოლა დაიხურა, მალე სოფელ პლასტუნკის სკოლასაც იგივე მოელის.

– დაუჯერებლად მიმაჩნია, ისეთი ეროვნული მინისტრი, როგორიც თამაზ კვაჭანტირაძეა, თქვენ მხარში არ ამოგიდგეთ, – სერიოზული სახით ჩაურთო გურამ შარაძემ და კომიტეტის წევრებსა და ჟურნალისტებს სიცილის ტალღამ გადაურბინა.

– ვერ მიგვიღო, დაკავებული ყოფილა… – გამოტყდა ჯინჭარაძე.

– ვერ გამიგია, კვაჭანტირაძე პარლამენტში ვერ მოგვიყვანია, მაგრამ სოჭიდან ჩამოსული სტუმარი მაინც ვერ მიიღო? – ხელები გაშალა შარაძემ და დაამატა: – მახსოვს, კვაჭანტირაძემ ზვიად გამსახურდიას გინებით მინისტრობა მიიღო და კონსტანტინე გამსახურდია სომეხად გამოაცხადა. ახლა გამსახურდიაზე პრეზიდენტმა აზრი შეიცვალა. მაინტერესებს, კვაჭანტირაძე კონსტანტინე გამსახურდიას სომხობას როგორ უარყოფს.

როგორც გაირკვა, სოჭში ქართველი ლტოლვილების უფლებები ირღვევა. ამიტომ ამ დღეებში შარაძე პარლამენტში რუსეთის ელჩის მოწვევას აპირებს. “მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, ქართველებს უნდა ვუშველოთ”, – დააიმედა შეხვედრის ბოლოს სტუმრები ბატონმა შარაძემ და “ალიას” “ტყვეობაში” მოექცა.

– ბატონო გურამ, გამსახურდიასთან მიმართებაში თამაზ კვაჭანტირაძე გააკრიტიკეთ. როგორ ფიქრობთ, მომავალში როგორ მოიქცევა?

– (სიცილით) მეც სწორედ ეგ მაწუხებს. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ბევრს გაუჭირდება…

– სხვების გვარებსაც ხომ ვერ დაგვისახელებთ?

– მათი გვარები მთელმა საქართველომ იცის. პრეზიდენტის ფრაზამ ბევრი ისეთი პოეტი და მეცნიერი ჩააგდო საგონებელში, რომლებიც ქვეყანას აქცევდნენ.

– სააკაშვილი მიიჩნევს, სამეგრელოში მომხდარი ბოლოდროინდელი მოვლენები რუსეთიდან მოდისო. თქვენ როგორ ფიქრობთ?

– მე გრიგოლ რობაქიძის უფრო მჯერა: “ქართველზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია”.

– მერე ვინ არის ის ქართველი?

– ერთი რომ იყოს, ადვილად მოევლებოდა. სამწუხაროდ, საქართველოს ძალიან ბევრი მტერი ჰყავს…

 ფრიდონ დოჩია
“ალია”, 7-8 აპრილი, 1998
 

  

შარაძე პეკინში მიიწვიეს

 მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების თავმჯდომარემ გურამ შარაძემ მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯან იუნ ჩიეანი. ეს შეხვედრა ელჩის თხოვნით გაიმართა და სტუმარი დაინტერესდა მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის საქმიანობით, უცხოელ თანამემამულეთა მუშაობის გამოცდილებით.

როგორც შეხვედრისას ელჩმა აღნიშნა, ეს თემატიკა მეტად აქტუალურია ჩინეთისთვის და, ამდენად, ქვეყნის ხელმძღვანელობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს გურამ შარაძის, როგორც საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობას. ამ ინტერესის დასტურად, ჯან იუნ ჩიეანმა გურამ შარაძე მთავრობის სახელით ოფიციალური ვიზიტით სექტემბრისთვის პეკინში მიიწვია.

,,გეა”
“დილის გაზეთი”, 7 ივლისი, 1998

 

***

შევარდნაძის ლანძღვაში ზოგი სადისტურ სიამოვნებას ნახულობს…

***

გურამ შარაძე: “გვიან რომ არ იყოს, აუცილებლად ვიქნებოდი იურისტი, იურისტებს შორის – ადვოკატი!..”

***

მტყუან-მართალი მწერალსა და დეპუტატს შორის

 დემოკრატიის მონაპოვარი აზროვნების თავისუფლებაა, თუმცა, მწერლობა, როგორც მონაპოვარის უპირველესი მფლობელი, თავისუფლების ხარისხს და მასშტაბს დროის, ვითარების, ისტორიის მიხედვით უნდა განსაზღვრავდეს. ამიტომაც არაერთხელ გამხდარა მწერლის მოსაზრება თუ შეხედულება საზოგადოების უკმაყოფილების, დავის და წინააღმდეგობის მიზეზი.

გუშინაც პარლამენტის სხდომაზე გურამ შარაძემ ახალგაზრდა მწერლის – ლაშა ბუღაძის ნაშრომი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, ანუ ქართულ სინამდვილეში გაჩნდა ახალი წინააღმდეგობის, აზრთა სხვადასხვაობის მარცვალი, რომელიც დღეს უკვე პრესის ფურცლებზე ,,აღმოცენდა’’. თუმცა, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასეთი საკითხები პარლამენტსა და პრესაში არ უნდა იხილებოდეს. ამ შემთხვევაში, ვინაიდან საკითხი ქართველ მეფესა და წმინდანს ეხება, დეპუტატი რეაგირების ადრესატად საპატრიარქოსა და წმინდა სინოდს ასახელებს. ,,მე რატომ უნდა ვედაო ამ ბავშვს (ლაშა ბუღაძე იგულისხმება, თ.ბ.), მითუმეტეს, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, ვაპატიოთ, შევუნდოთ. ცოდვის ჩამდენმა უნდა მოინანიოს, ამისთვის კი არსებობს წმინდა სინოდი, რომელმაც უნდა გაარკვიოს, შეურაცხყოფილი არის თუ არა წმინდანი, ხოლო მტყუან-მართალს უფალი განსჯის’’.

თავის მხრივ, ,,დილის გაზეთიც’’ შეეცადა ვითარების უკეთ გარკვევას, ანუ დავინტერესდით ,,სკანდალური მოთხრობის ავტორის’’ (გ. შარაძის შეფასება) მოსაზრებით.

– ლაშა, თქვენს მოთხრობაში დეპუტატმა გურამ შარაძემ თამარ მეფის შეურაცხმყოფელი ფაქტები აღმოაჩინა…

– ჩემთვის გაუგებარია, რა მიიჩნია ბატონმა გურამმა ჩემს მოთხობაში თამარ მეფის შეურაცხყოფად. პირიქით, მოთხრობაში ის აზრია გატარებული, რომ თავის დროზე, როდესაც ქართველობამ ერის საუკეთესო შვილი, მეფე თამარი გიორგი რუსს მიათხოვა, ამით შეურაცხვყავით იგი. მოთხრობა თამარ მეფის პირველ ქმარზეა, რომელიც, როგორც ცნობილია, სოდომით იყო დაავადებული და რომელმაც ამ სენით შეურაცხყოფა მიაყენა მთელ ქართველ ერს, ანუ ჩემს მოთხრობაში ამ ყოველივეთი გამოწვეული ტკივილია დაფიქსირებული. გიორგი რუსი უარყოფით პერსონაჟად მყავს გამოყვანილი და სრულიად სამართლიანად. თამარ მეფე რატომ უნდა გამელანღა?

მოთხრობის წამკითხველთაგან ერთ-ერთი, გურამ შარაძე ჩვენთან საუბრისას ვერ (არ) აკონკრეტებს მოთხრობაში არსებულ იმ ფაქტებს, რომელიც თამარ მეფის ღირსებას შეურაცხყოს, მხოლოდ ერთი მიზეზით – ,,მოთხრობაში ისეთი დეტალებია, თანაც თამარ მეფის დამამცირებელი, რომ ამაზე მამაკაცთანაც ვერ ვსაუბრობ’’.

 თეა ბარამიშვილი
,,დილის გაზეთი’’, 18 იანვარი, 2002

 

 

შარაძის ახალი შარი – დეპუტატი ამჯერად თამარ მეფის ღირსებას იცავს

 გუშინ ბიუჯეტის პროექტის განხილვის მომლოდინე დეპუტატებს გურამ შარაძემ მორიგი სენსაციური განცხადება გააცნო. ამჯერად საუბარია თამარ მეფის შეურაცხყოფის ფაქტზე. შარაძის თქმით, ამ დღეებში ქართულ სინამდვილეს კიდევ ერთი ახალი ჟურნალი – ,,დღე მშვიდობისა’’ – მოევლინა. მასში დაიბეჭდა ლაშა ბუღაძის მოთხრობა, რომელიც თამარ მეფისა და მისი პირველი მეუღლის, გიორგი რუსის ურთიერთობას ეხება. მოთხრობა ქართული დამწერლობით, მაგრამ არაბული პრინციპითაა დაბეჭდილი, ანუ მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება და საკმაოდ ძნელი აღსაქმელია. თანაც, იქვე მითითებულია, რომ მოთხრობის ამ ფორმით გადმოცემა ჩვენი ისტორიის ამ გაუკუღმართებული მონაკვეთის მანიშნებელია. გურამ შარაძე მოთხრობის შინაარსის გადმოცემას, უხერხულობის გამო მოერიდა.

შარაძის ეს განცხადებაც, სხვების მსგავსად, პოლიტიკისგან არც ისე შორს დგას. ჩამოთვლილი დეტალებიდან ერთ-ერთი სწორედ ამ სარჩულზე მიგვანიშნებს. ჟურნალი, თურმე, ჰოლანდიური გრანტებით არის დაფინანსებული და ხალხში, იეღოველთა ლიტერატურის მსგავსად, უფასოდ ვრცელდება. ამ შემთხვევაში თითქმის ,,კოლმეურნეობის თავმჯდომარის” ვარიანტთან გვაქვს საქმე. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის ბოსტანში ისვრის შარაძე კენჭებს.

,,მეკითხებით, რა არის შეურაცხმყოფელიო? მე მისი გადმოცემა არ შემიძლია. ჩემი წინადადებაა, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სასწრაფოდ მოიწვიოს უწმინდესი სინოდის კრება და განიხილოს ეს საკითხი. ჯერ იყო და ქეთევან წამებული შეურაცხყვეს, შემდეგ ილია ჭავჭავაძე, ეხლა თამარი, ხვალ, ალბათ, დავით აღამშენებელსაც გალანძღავენ, თუ დღეს ამაზე ხმას არ ამოვიღებთ”, – აცხადებს გურამ შარაძე.

 მაია შონია
,,დილის გაზეთი’’, 18 იანვარი, 2002

 

 

,,ჭუბურხინჯის გადაწყვეტილებებს ქვეყნისთვის უბედურებები მოაქვს’’

 (მედია-ნიუსი) დეპუტატ გურამ შარაძის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობას განუმარტოს, ჭუბურხინჯში რატომ აწერს ხელს ისეთ ხელშეკრულებებს, რომელსაც ქვეყნისთვის მხოლოდ უბედურება მოაქვს.

,,ზოგიერთმა პოლიტიკოსმა საქართველოს გაეროს სპეციალური წარმომადგენლის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება გაეროს წინააღმდეგ ბრძოლად ჩამითვალა’’, – განაცხადა შარაძემ პლენარულ სხდომაზე და დიტერ ბოდენისგან ხეობაში მომხდარ ფაქტზე სათანადო ახსნა-განმარტება მოითხოვა.

 ,,პრესკურიერი’’, 13 აპრილი, 2002
 

 

ჩაის თხილი და კივი შეგვიცვლის?

 (კავკას-პრესი) პარლამენტარი გურამ შარაძე ქართული მეჩაიეობის ქომაგად გამოდის. დეპუტატის თქმით, გურიაში ჩაის პლანტაციების ამოძირკვა დაიწყო.

,,მალე ეროვნული საგანძურის – ქართული ჩაის გარეშე დავრჩებით, რაც მეტად სავალალოა’’, – აღნიშნა შარაძემ.

დასავლეთ საქარველოში ჩაის გაშენებაზე ძირითადად უარს აცხადებენ იმის გამო, რომ დიდ დანახარჯებს უკავშირდება და იწვევს ქალურ დაავადებებს, რადგან მოსავალს, ძირითადად, ისინი იღებენ. თხილის გარდა მოსახლეობა კივის გაშენებასაც ამჯობინებს, რომელზეც ქართულ ბაზარზე დიდი მოთხოვნაა.

 ,,ალია’’, 18-20 მაისი, 2002

 

 

ინიციატივა

 (მედია-ნიუსი) პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია ,,მრეწველების’’ წევრი გურამ შარაძე ინიციატივით გამოვიდა, აფხაზური ენის სპეციალისტის – ქეთევან ლომთათიძის დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან საორგანიზაციო-საიუბილეო კომიტეტი შეიქმნას. ,,ამ კომიტეტმა თბილისსა და სოხუმში სამეცნიერო კონგრესი უნდა ჩაატაროს’’, – აცხადებს შარაძე და მიიჩნევს, რომ კონგრესის მონაწილეებმა უნდა იმსჯელონ ქართველი და აფხაზი ხალხის ისტორიის საკითხებზე.

 ,,ალია’’, 20-21 ივნისი, 2002

 

 

 გურამ შარაძე ბაიბურთს და დოლიძეს ემუქრება

 საქართველოს პარლამენტის წევრებს, როსტომ დოლიძესა და ვან ბაიბურთს, წინ საკმაოდ ცხელი და მძიმე ზაფხული ელით. მათ წინააღმდეგ ახალი მოძრაობა წამოიწყო დეპუტატმა გურამ შარაძემ. გურამ შარაძესთან დაპირისპირება კი საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი პროცესია. ამდენად, შარაძის მოწინააღმდეგე ბანაკში აღმოჩენილი დოლიძე და ბაიბურთი უნდა შეეცადონ მის შემორიგებას.

დეპუტატი გურამ შარაძე ისევ შარის გუნებაზე დადგა. მისი პირველი მსხვერპლი ამჯერად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და მართლწესრიგის კომიტეტის თავმჯდომარე როსტომ დოლიძე აღმოჩნდა. გურამ შარაძეს კატეგორიულად არ მოეწონა დეპუტატის ახალი სამკერდე ნიშანი, რომელსაც იგი დოლიძის დიზაინით დამზადებულს უწოდებს.

,,ეს არის სრულიად უგემოვნო სამკერდე ნიშანი, რა უბედურებაა ეს, არც მინანქარი უვარგა და რაც დიზაინი. როცა ეს სამკერდე ნიშანები დარიგდა, მე კატეგორიული უარი ვთქვი მასზე. მართალია, ამბობენ, რომ გემოვნებაზე აქ დაობენ, მაგრამ მე არ ვაპირებ დოლიძის გემოვნებით სიარულს’’, – განაცხადა გურამ შარაძემ, რომელმაც მაინც წარმოუდგინა მასმედიას დოლიძის დიზაინით დამზადებული სამკერდე ნიშანი და თან დააყოლა, ეს ჩემი არ გეგონოთ, ერთ-ერთ კოლეგას ვენათხოვრეო.

გურამ შარაძე საშინლად უკმაყოფილოა იმით, რომ დოლიძემ ეს სამკერდე ნიშანი არც ერთ ფრაქციასთან არ შეათანხმა. ის მოითხოვს, რომ ამ საკითხზე იმსჯელოს პარლამენტის ბიურომ, როსტომ დოლიძეს კი დაეკისროს იმ თანხების ანაზღაურება, რაც სამკერდე ნიშნების დამზადებაში დაიხარჯა. თავად შარაძე საჭიროდ მიიჩნევს, სამკერდე ნიშნების ახალი ვარიანტის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდეს და, თუ შარაძის საუბრის მანერით ვიმსჯელებთ, მას უკვე შემუშავებული უნდა ჰქონდეს ახალი დიზაინი.

სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში არა და არ იწყება. გურამ შარაძის აღშფთება კი, როგორც თავად აცხადებს, კატასტროფულად იზრდება. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში გასული წლის ივნისში შემოიტანეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგაც არ მოხერხდა მისი განხილვა.

როგორც შარაძე აცხადებს, პირველად ამ კანონპროექტის განხილვა ეუთომ და მასთან შეკრულმა ქართველმა დეპუტატებმა გააჭიანურეს. გურამ შარაძე კვლავ გელა კვარაცხელიას და მანანა გიგინეიშვილს ადანაშაულებს. მათ შარაძის რისხვა გუშინაც დაატყდათ თავს, მაგრამ მათ სახელმწიფო ენის პალატის თავმჯდომარე ლევან ღვინჯილიაც დაემატა, რომელიც, შარაძის განცხადებით, ბლოკავს კანონის განხილვას. ღვინჯილიას სახეცვლილებას კი შარაძე იმით ხსნის, რომ ის ცოტა ხნის წინ ეუთოს ეგიდით გამართულ კონფერენციას ესწრებოდა ჰააგაში და იქაურმა ჰაერმა იმოქმედა მასზე.

პარლამენტის შარიანი წევრი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ კანონიდან ამოღებულ იქნას მეათე მუხლი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ავალდებულებს ქართული ენის შესწავლას. შარაძე იმითაც უკმაყოფილოა, რომ ეუთო უადგილო და ანტიქართულ რეკომენდაციებს იძლევა. დეპუტატი აცხადებს, რომ არ დაუშვებს, რიგ რეგიონებში საკრებულოებმა არაქართულ ენაზე აწარმოონ სხდომები. ,,მე ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ეუთოს საქართველოს არ დავაუთოებინებ!’’ – აცხადებს შარაძე და ეუთოზე გაბრაზებული ჯავრს დეპუტატ ვან ბაიბურთზე იყრის.

შარაძემ რამდენიმე თვის წინაც მიუძღვნა პრესკონფერენცია ბაიბურთს. ბაიბურთმა შარაძე თავისი ინტერვიუებით აღაშფოთა. შარაძის აღშფოთება ამჯერადაც ბაიბურთის მიერ მიცემულ ინტერვიუს უკავშირდებოდა. ,,ჟურნალ ,,პარლამენტის უწყებანში’’ დაიბეჭდა ბაიბურთის ინტერვიუ, სადაც ის ისეთ რამეებს ამბობს, რომ მათი წაკითხვაც კი შეურაცხყოფაა ქართველი ერისთვის. პირდაპირ გასაკვირია, რამდენის უფლებას აძლევს ის საკუთარ თავს და რამდენ რამეს ბედავს!’’ – აცხადებს აღშფოთებული შარაძე.

ისე, ამ შემთხვევაში შარაძე მართალი გახლავთ, რადგანაც ბაიბურთმა ამ ინტერვიუში საკუთარ თავს საკმაოდ ბევრის უფლება მისცა. მან ინტერვიუში საკმაოდ ცინიკურად მოიხსენია 1990-91 წლები. ,,მის ინტერვიუს ასეთი სათაური აქვს, რომ ვიღაცას საქართველოში ისევ 1990-91 წლები ჰგონია. ვინ მისცა ბაიბურთს იმის უფლება, ის წლები აკრიტიკოს?!’’ – ბრაზიანად კითხულიბს შარაძე და პირობას დებს, რომ ამ გამონათქვამებს ბაიბურთს საშინლად ანანებს. ბაიბურთი ამ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას. ,,არა, რომ ამბობს ეს ბაიბურთი, ეს მიზანშეწონილი არ არისო, ვინ ეკითხება მაგას?!’’ – კითხულობს შარაძე, რომელსაც აღიზიანებს ბაიბურთის გამონათქვამიც, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, მილიონზე მეტი არაქართველი ცხოვრობს. ,,აქ რაღაც კარგად ვერ გავიგე. როგორც ჩანს ბაიბურთი იმაზე წუხს, რომ საქართველოში არაქართველები უფრო მეტად არ ცხოვრობენ’’, – აცხადებს შარაძე და, თუ მის ხასიათს მივიღებთ მხედველობაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვან ბაიბურთს წინ მძიმე დღეები ელის, ისევე, როგორც როსტომ დოლიძეს. შარაძის გადაკიდება ხომ სახუმარო საქმე არ არის.

გურამ შარაძე ეუთოს, ბაიბურთსა და დოლიძეს მუქარას უთვლის და ახლო მომავალში კიდევ ერთი სკანდალური პრესკონფერენციის მოწვევასაც გეგმავს, რომელზეც რელიგიის შესახებ კანონზე იმსჯელებს და, როგორც თავად აცხადებს, ძალიან ბევრ საინტერესოს იტყვის.

 შორენა მარსაგიშვილი
,,ახალი თაობა’’, 26 ივნისი, 2002

 ***

გურამ შარაძე: მე თანხმობას განვაცხადებ, პრეზიდენტის პოსტზე წარვადგინო ჩემი კანდიდატურა

*** 

გურამ შარაძის ღალატიც ღალატია

პოლიტიკურ-მორალური სკლეროზი ახალი “გამზრდელის” ეპოქაში

 ამ პატარა ქვეყანაში, სადაც ერთი თხილის გული შეიძლება ცხრა ძმამ გაიყოს, ორი ნაციონალური მოძრაობა აშკარად ვერ ეტევა. გურამ შარაძესა და მიხეილ სააკაშვილს ისღა დარჩენიათ, გამუდმებით ამტკიცონ, რომ “მჯობნის მჯობნი არ დაილევა”. არც მათ ურთიერთშეურაცხმყოფელ რეპლიკებს უჩანს ბოლო. ზვიად ძიძიგურის განცხადებამ, რომ ეროვნულ ძალთა გაერთიანება გურამ შარაძეს უპირისპირდება, ამ უკანასკნელმა “პასუხის პასუხი” მიუძღვნა და “ზვიად ძიძიგურისა და სხვა სააკაშვილისტების გამოხდომის” წინააღმდეგ გაილაშქრა.

შარაძემ სააკაშვილისტების ლანძღვა ზვიად ძიძიგურის “გახსენებით” დაიწყო. “ეს ის ზვიად ძიძიგური არ არის, ვისთვისაც “პერედაჩები” მიმქონდა ავჭალის ციხეში, სადაც ვალტერ შურღაიასთან და ზაურ ქობალიასთან ერთად სააკაშვილის “მოქალაქეთა კავშირმა” ჩასვა? – იკითხა გურამ შარაძემ

ძიძიგურის უპირობო გათავისუფლებაში, ეროვნული თანხმობის კომისიასთან ერთად, გურამ შარაძესაც მიუძღვის წვლილი. ციხიდან გამოსულმა ძიძიგურმა ზურგი აქცია მეგობრებს, არც მე დამიფასა ამაგი და სააკაშვილის რაზმში ჩაეწერაო – აცხადებს შარაძე და ძიძიგურის “ტაქტიკას” იმ კუს ნაბიჯს ადარებს, ნახირში (ამ შემთხვევაში კი პარლამენტში) მოხვედრა რომ მოუნდა.

მამათა თაობის ნაციონალმა “პოლიტიკურ-მორალური სკლეროზით დაავადებულ ახალგაზრდებს” ახლო წარსული “ამოუქექა”. შარაძემ “მოქკავშირელი” მიშა, შევარდნაძეს რომ გოშიასავით დასდევდა, ცნობილი ნაწარმოები “ქალი ძაღლით” ერთად გაიხსენა. მის მიერ ჩამოთვლილ “სააკაშვილისტების” ცოდვებს კი სამშობლოს ღალატის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს: როგორ დაუკარგეს ეროვნება ქართველებს, ხელს უშლიან სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებას და საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხლის ამოქმედებას, რომლის თანახმად, ქართული ენა სახელმწიფო ენად არის აღიარებული. შარაძის აზრით, მათვე წაალეკინეს საქართველო იეღოველებსა და ბაპტისტებს”…

ცალკე თემად გამოიკვეთა სააკაშვილის რუპორად სახელდებული კოტე კემულარიას ბიოგრაფია. ასევე “პოლიტიკურ-მორალურ სკლეროზშეყრილ” კემულარიას შარაძემ სიგუას მთავრობის სისხლიანი მინისტრიც კი უწოდა, წერა-კითხვის უცოდინარიც და მატყუარაც. ამის შემდეგ ბატონ გურამს იმედი აქვს, რომ კემულარია ვეღარ გაბედავს იმის თქმას, შარაძეს კონკორდატში არ ჩაუხედავსო.

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, რომელსაც, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე იქნება, ბიუროს სხდომაზე გურამ შარაძის ხილვა არ უწერია, თურმე, მალე გენერალურ პროკურატურაში გამოიძახებენ. შარაძე ბურჯანაძის მიერ “საქართველოს წინაშე ჩადენილ დანაშაულთა ნუსხასაც” გამოაქვეყნებს და მას გენერალური პროკურორის პირველ მოადგილესთან, ბადრი ბიწაძესთანაც უჩივლებს (?!)

 მარი ცქიფურიშვილი
“მთავარი გაზეთი”, 6 თებერვალი, 2003
 

 

 შარაძე ენას, მამულსა და სარწმუნოებას იცავს

 “ეგრეთ წოდებული ეროვნულ ძალთა გაერთიანება და ეგრეთ წოდებული ნაციონალები იმაზე გაგულისდნენ, შარაძემ როგორ დაგვასწრო და ჩვენზე ადრე როგორ მოითხოვა შარშან 14 ოქტომბერს დადებული საკონსტიტუციო ხელშეკრულების შესრულებაო”, – განაცხადა 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის წევრმა გურამ შარაძემ.

შარაძემ პრესკონფერენცია “საქართველოს ეროვნულ ძალთა გაერთიანების’’ მიერ 3 თებერვალს მოწყობილი შეხვედრის საპასუხოდ გამართა. 3 თებერვალს ზვიად ძიძიგურმა და კოტე კემულარიამ გურამ შარაძე პოპულისტობაში, კონსტიტუციისა და კონკორდატის უცოდინარობაში დაადანაშაულეს. როგორც ცნობილია, შარაძემ 28 იანვრის საპარლამენტო გამოსვლაში წმინდა ნინოს ხსენების დღის _ 27 იანვრის უქმედ გამოცხადება მოითხოვა. “ეროვნულ ძალთა გაერთიანების” ინფორმაციით, შარაძის გამოსვლა პოპულისტობის მორიგი გამოვლენა იყო. ზვიად ძიძიგურმა და კოტე კემულარიამ იმაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომ გურამ შარაძე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ითხოვს, მაშინ, როცა არც კონსტიტუციაში და არც საკონსტიტუციო ხელშეკრულებაში მსგავსი არაფერი წერია და თავად პატრიარქიც კი ამის წინააღმდეგია.

გურამ შარაძე ეკლესიასა და სახელმწიფოს ქართველი ერის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ამხელს. იგი აცხადებს, რომ არ ეთანხმება კონკორდატში ჩადებულ ორ მუხლს და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ხოლო ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთდაქვემდებარებას ითხოვს: “ვიღაც ძიძიგურებმა და კემულარიებმა თავი გამოიდეს – გურამ  შარაძეს არც კონკორდატი წაუკითხავს და არც კონსტიტუციაო. რა მაქვს მე ჩასახედი და წასაკითხი კონკორდატში, როცა იგი ჩემი დაწერილიც არის, ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი მეც ვარ. არა მხოლოდ წაკითხული მაქვს, არამედ პრეამბულაში კონკორდატის ორ მუხლს ვებრძვი. ეკლესიამაც და სახელმწიფომაც ქართველი ერის წინაშე დიდი დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც ხელი მოაწერეს დებულებას: მართლმადიდებლობა საქართველოში სახელმწიფო რელიგია იყოო. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ აქ უნდა ეწეროს: მართლმადიდებლობა ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს სახელმწიფო რელიგია. კონკორდატში ასევე წერია, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი არიანო. რად მინდა მე ეკლესია, თუ ის სახელმწიფოს მიატოვებს. ეკლესიის მრევლი სახელმწიფოს მოქალაქეები არ არიან? იმიტომ არის ქვეყაანაში ასეთი აღვირახსნილი კორუფცია, რომ არც ღმერთის ეშინიათ, არც ერის და არც ბერის. ეკლესია მოწოდებულია უპატრონოს სახელმწიფოს. უპატრონო ქვეყანას ეშმაკი ნუ დაეპატრონება”.

გურამ შარაძე “დღესთან” საუბრისას ხუთჯვრიანი დროშის საკითხსაც გადაწვდა და აღნიშნა, რომ უღმერთო “მოქალაქეთა კავშირის” ლიდერები დღეს ჯვაროსნული, იერუსალიმური და გოტფრიდ ბულონელის საგვარეულო ხუთჯვრიანი დროშით ცდილობენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს დაპყრობას.

გურამ შარაძე და მისი მომხრეები უახლოეს დღეებში ფილარმონიაში ყრილობის გამართვას აპირებენ, სადაც პარლამენტარის თქმით, იგი ამხელს იმ პირებს, რომლებიც კონკორდატის სახელით მართლმადიდებლობასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობას ებრძვიან.

“ყრილობა ასეთი დევიზით ჩატარდება: დავიცვათ მამული, ენა, სარწმუნოება, იქ არ ეწერება სააკაშვილებისგან, დავითაშვილებისგან, ძიძიგურებისგან – ეს თქვენ დაწერეთ” – დაარიგა ჟურნალისტი გურამ შარაძემ.

გურამ შარაძემ ნინო ბურჯანაძე ქართველებისათვის ეროვნების წართმევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო აქტებიდან პარლამენტმა სწორედ ბურჯანაძის ჩარევითა და აქტიური მონაწილეობით გააუქმა ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა.

პარლამენტარი დაგვპირდა, რომ უახლოეს ხანებში გამოაქვეყნებს დოკუმენტურ მასალას ბურჯანაძის ანტიქართული ქმედებების შესახებ.

პრესკონფერენციის დასასრულს შარაძემ “ნაციონალური მოძრაობა” ქურდობაში დაადანაშაულა:

“სახელწოდებიდან დაწყებული ყველაფერს მპარავენ. “ნაციონალური მოძრაობა” პირველად მე შევქმენი და იუსტიციის სამინისტროში 1999 წლის 24 მარტს დავარეგისტრირე. სააკაშვილმა და მისმა მიმდევრებმა, როცა “მოქალაქეთა კავშირის” ლიდერები იყვნენ და საქართველოს ხრავდნენ, ამის გამო მაშინ ნაცისტად და ფაშისტად გამომაცხადეს”, – აღნიშნა გურამ შარაძემ პრესკონფერენციის დასასრულს.

 ნინო ბაზერაშვილი
“ხვალინდელი დღე”, 6 თებერვალი, 2003

 

 

 სააკაშვილს დავამხობ!

 – რა შეფასებას მისცემთ საქართველოში ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტს?

– როგორც იქნა, მეღირსა, რომ გადავლახე ინფორმაციული ბარიერი, რომელსაც მიქმნიდნენ საქართველოს პარლამენტში, როცა ასეთ დელეგაციებს მე არ მახვედრებენ. ბოლოს და ბოლოს ნინო ბურჯანაძე ფაქტის წინაშე დავაყენე და ისიც იძულებული გახდა, შევეხვედრებინე ევროსაბჭოს დელეგაციისთვის, არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ძალიან შემეცოდნენ ევროსაბჭოს ექსპერტები. მათ არასერიოზული და ზერელე ინფორმაცია აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით. თანაც, ეს ინფორმაცია არის ცალმხრივი და რაც მთავარია, ჩვენთვის საზიანო. მე ხმამაღლა ვაცხადებ, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკური სტრუქტურიდან – სახელმწიფო კანცელარიიდან რუსუდან ბერიძე, სახალხო დამცველის აპარატიდან ნანა დევდარიანი, საქართველოს პარლამენტიდან ნინო ბურჯანაძე ჩვენი ქვეყნის შესახებ ყოველთვის ავრცელებენ ყალბ ინფორმაციებს.

– რას გულისხმობთ ყალბ ინფორმაციაში?

– რას ვგულისხმობ და იმას, რომ თითქოს საქართველოში იჩაგრებიან ეროვნული უმცირესობები და ვითომდა დიდი ჰუმანისტის, სახაროვის მიერ შექმნილი მოდელი ქართული იმპერიის შესახებ დღესაც მეტასტაზებად არის გამჯდარი არა მარტო არაქართველებში, არამედ ჩვენს პოლიტიკოსებშიც, რაც ყველაზე დიდი უბედურებაა. ასევე ყალბი ინფორმაცია გადის, რომ საქართველოში იჩაგრებიან რელიგიური უმცირესობები. ასევე იტყუებიან, რომ ქართველი ხალხი წინააღმდეგია, მიიღოს დაჩაგრული თურქი მესხები. არადა, საქართველოში არცერთი რელიგიური უმცირესობა არ იჩაგრება, პირიქით, მათგან იჩაგრება რელიგიური უმრავლესობა ანუ მართლმადიდებლები. საქართველოში არც ერთ მართლმადიდებელს არ მოუკლავს იეღოველი, იეღოველები კი მართლმადიდებლებს ხოცავენ. როცა აფხაზეთში საომარი მოქმედებები მიდიოდა, მაშინ ჩვენ პირველად წავაგეთ საინფორმაციო ომი, მაგრამ მაშინ თუ ეს ომი მტრებმა მოიგეს, ახლა ასეთ საინფორმაციო ომს საქართველოს თავისივე მოქალაქეები უცხადებენ. ასეთი პირები კი, სამწუხაროდ, კანცელარიაში, პარლამენტში და სახალხო დამცველის აპარატში უმაღლეს თანამდებობებზე სხედან. ეს ადამიანები არიან საქართველოს მტრები. ძალიან მალე მოვა დრო და ბურჯანაძესაც, დევდარიანსაც და ბერიძესაც ქართველი ერი პასუხს მოსთხოვს.

– ბოლო დროს თქვენ ხშირად აკრიტიკებთ ნინო ბურჯანაძეს, რატომ გადაეკიდეთ მას?

–  ეს შეკითხვა ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, რადგანაც მე არაფერი არ მჭირს საიმისო, რომ ბურჯანაძეს გადავეკიდო. ვინ არის ნინო ბურჯანაძე, რომ მას გადავეკიდო. მე ვარ გურამ შარაძე და ის ჩემთან შედარებით არის თითისტოლა გოგო. მე ბურჯანაძეებთან გასაყოფი არაფერი მაქვს. ხოლო თუ ვაკრიტიკებ მე ბურჯანაძეს, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მან ეს დაიმსახურა. მე გავაკრიტიკებ ყველას, ვინც ანტიქართულ საქმეს აკეთებს. მე ბურჯანაძეს ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დავუპირისპირდი, როცა ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, მაშინ მან ჩვენ წაგვართვა ქართველობა. პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს კი მან კინაღამ ქართული ენაც წაგვართვა. აი, რატომ დავუპირისპირდი მე ნინო ბურჯანაძეს. აი, რატომ ვუჩივი მას პროკურატურაში. მე მინდა გავაუქმო კანონი ეროვნული რეკვიზიტის შესახებ, ამ კანონის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში ვაპირებ. ხოლო ამის შემოქმედს, ნინო ბურჯანაძეს გენერალურ პროკურატურაში ვუჩივი. მაგრამ რადგანაც მეცოდება, რომ ის გენერალურმა პროკურორმა არ დაჩაგროს, ამიტომ ვუჩივი მის პირველ მოადგილესთან, ბადრი ბიწაძესთან. იმედია, ბატონი ბადრი ამ საკითხს ობიექტურად მიუდგება.

– დევდარიანს და თევდორაძესაც უჩივლებთ?

– თევდორაძეს რაღა ჩივილი უნდა, ქალი თანამდებობიდან გადააყენეს და მან უკვე დაამთავრა თავისი პოლიტიკური კარიერა. რაც შეეხება დევდარიანს, მასაც ძალიან სერიოზულ პასუხს მოვთხოვ. აიღეთ მისი ნებისმიერი ყოველწლიური ანგარიში, გაგზავნილი სტრასბურგში. ეს არის საქართველოს დაბეზღება. დევდარიანის ანგარიშში თქვენ ნახავთ, თუ როგორ სდევნიან ქართველები ეროვნულ, რელიგიურ უმცირესობებს და სხვა საშინელებებს. მაგრამ თქვენ იქ ვერ ნახავთ ვერცერთ სიტყვას იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვიან მართლმადიდებლებსა და ქართველებს საქართველოში. ის ახლა შეგნებულად არიდებს თავს პარლამენტში მოსვლას იმიტომ, რომ მან კარგად იცის, აქ ძალიან მძიმე დღე ელოდება. მაგრამ მას მოსვლა მაინც მოუწევს და მერე მთელი ქვეყანა დაინახავს, რა დღეს დავაყრი.

– ამისთანა რის თქმას აპირებთ დევდარიანისთვის?

– ისეთს არაფერს არ ვეტყვი. საქვეყნოდ ცნობილია ჩემი ჰუმანური ხასიათი და ალბათ ყველა დამერწმუნება, რომ მე არავის არაფერს არ ვერჩი. მე არასოდეს არ მომიწყვია ისეთი სამარცხვინო აქციები, როგორებიც საქართველოს პარლამენტში ეწყობა. თუმცა დევდარიანს ვეტყვი იმას, რომ მას ისეთი ანგარიშების გაგზავნის უფლება არა აქვს. მე თავის დროზე დევდარიანს ხმა მივეცი, როცა მას ომბუდსმენად ირჩევდნენ, მაგრამ არ ვნანობ. ხომ გაგიგონიათ, თევზი წყალში ვის დაუფასებია. თუ თევზის დაფასება გინდა, ის უნდა დაიჭირო. აი, დაინიშნა დევდარიანი სახალხო დამცველად და დავინახე მისი ნამდვილი სახე. მე ხანდახან იმის დაჯერებაც კი მიჭირს, რომ ეს ის ნანა დევდარიანია, რომელსაც მე ადრე ვიცნობდი.

– გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენ მრეწველთა ფრაქციის დატოვებას აპირებთ, მართალია ეს ინფორმაცია?

– მრეწველთა ფრაქციები გოგი თოფაძის დროშით შევიდნენ ჯერ საქართველოს პარლამენტში, მერე საკრებულოებში. მაგრამ მათ მე არ დამიჭირეს მხარი, როცა მე განგაში ავტეხე ხუთჯვრიანი დროშის გარშემო. ამან კი გამიჩინა ეჭვი, რომ მათ სააკაშვილის დროშის ქვეშ უნდათ გაერთიანება. მე კი ასეთ ორმხრივ თამაშებს მიჩვეული არა ვარ. თუ მრეწველები დგანან გოგი თოფაძის დროშის ქვეშ, მხარში დამიდგნენ, თუ ისინი სააკაშვილის დროშის ქვეშ დგანან, იქ ჩემი ადგილი არ იქნება.

– თავად თოფაძე თუ გიდგათ გვერდში?

– თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე როგორ არ მიდგანან, კაცო, გევრდში. ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან იმითი, რომ მე შეიძლება მრეწველთა ფრაქცია დავტოვო. პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ იქ მეგობრობა არ ჭრის, მაგრამ არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, დამიდგებიან თუ არა ყოფილი მეგობრები გვერდში, მე სააკაშვილის დროშას მაინც დავამხობ. ამას მე ქართველ ერთან ერთად გავაკეთებ. თქვენ რა, ეჭვი გეპარებათ, რომ მე ამის გაკეთება შემიძლია? თუკი სააკაშვილი იმის უფლებას აძლევს თავს, რომ მერიის წინ დააპატიმროს ჟურნალისტი, როგორ გგონიათ, მე არა მაქვს იმის უფლება, რომ მაგის უკანონო დროშა ჩამოვაგდო? წინასწარ ვაფრთხილებ სააკაშვილს და მის გარემოცვას, არ გაბედონ ჩემთვის ხელის შეშლა. მე რამდენჯერმე განვაცხადე, რომ სააკაშვილის სახით შავი ჭირი მოდის საქართველოში და არავინ არ დაიჯერა. ხოლო როცა მისმა დაცვამ სრულიად უკანონოდ დააპატიმრა ჟურნალისტი გიორგი უძილაური, ალბათ ყველამ დაიჯერა, რომ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მართლაც შავი ჭირია. ადრეც მითქვამს და კიდევ ვიტყვი, რომ ე.წ. ნაციონალური მოძრაობა სინამდვილეში ანტინაციონალური, იეღოველების დამცველი მოძრაობაა. ქართველი ერი ბოლოს და ბოლოს უნდა გამოფხიზლდეს და ეს საშინელება მოვიშოროთ თავიდან. თუ ამას სხვები არ გააკეთებენ, ჩვენ გავაკეთებთ.

– კონკრეტულად რას გააკეთებთ, ბატონო გურამ?

– როგორ თუ რას გავაკეთებ. ჯერ დავამხობთ სააკაშვილის დროშას და მერე თავად სააკაშვილს.

– პირდაპირი მნიშვნელობით დაამხობთ სააკაშვილს?

– ჩვენ მას და მის ნაციონალურ მოძრაობას საქართველოდან განვდევნით, ხოლო ზედ მივაყოლებთ თავისუფლების ინსტიტუტს. სააკაშვილი დღეს ხალხს მოუწოდებს, შევარდნაძე მოვიშოროთო, სინამდვილეში კი თავად არის მოსაშორებელი. გარწმუნებთ, ჩვენ მას აუცილებლად მოვიშორებთ.

 შორენა მარსაგიშვილი
“დილის გაზეთი”, 17 მარტი, 2003

 

 

“მოსკოვი 99”-ს გადარჩენილი დეპუტატები ამნეზიის ვირუსით დაავადდნენ

საზოგადოებაში მათი ყოფნა საზიანოა

 საქართველოს პარლამენტმა ფაქტობრივად თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. წინა სასესიო კვირიდან მოყოლებული, აქ რაიმე გადაწყვეტილების მიღებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ზოგადად, უმცირესობად მოაზრებული ოპოზიციის სახელისუფლებო ფრაქციებს თავის “დაკრულზე აცეკვებს”. თემატურ უმრავლესობას რეზერვში დღევანდელი დღე აქვს, რათა 28 თებერვალს მიღებული კანონი, 115-ლარიანი მინიმალური ხელფასის თაობაზე, რამენაირად შეცვალოს და მთავრობისათვის მისაღებ კონდიციამდე დაიყვანოს.

დეპუტატები უკვე საკუთარ თავზე ხუმრობენ და ამ ქაოსმა თავისთავად პრესკონფერენციების თემატიკაზეც იმოქმედა. მაგალითად, გურამ შარაძე უკვე ორი დღეა პარლამენტის კორიდორებში გამოფენილი აფიშებიდან გვამცნობს, რომ მართავს ჟურნალისტებთან შეხვედრას ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა პარლამენტართა ჯანდაცვის პრობლემები, კერძოდ კი, დეპუტატთა ამნეზიის თემა.

“ამნეზია სკლეროზის ყველაზე მძიმე ფორმაა”, – განმარტავს გურამ შარაძე და ამ სენით შეპყრობილ პარლანეტარებს მათ ახლო წარსულს შეახსენებს.

“ნინო ბურჯანაძე კორუფციის ჭაობზე მიგვითითებს. ედუარდ შევარდნაძემ თავის დროზე მამამისს – ანზორ ბურჯანაძეს რაიკომის მდივნობა უბოძა, მერე ქალბატონი ნინო პარლამენტის თავმჯდომარედ დასვა. მამამისმა 11 მილიონი დოლარი შეჭამა და ახლა იმისი შვილი გვასწავლის, – კორუფცია ცუდია. ჩაბრილიანტებული ბურჯანაძე ვის მოუწოდებს კორუფციასთან ბრძოლისკენ”, – ამბობს გურამ შარაძე.

ამნეზია შეპყრობილთა შორის, შარაძის დაკვირვებით, აღსანიშნავია ნაციონალური მოძრაობა. “წინა პარლამენტში სააკაშვილი ამბობდა: მოქალაქეთა კავშირი სამოქალაქო საზოგადოებას აშენებს და ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა არ გვჭირდებაო. სწორედ ამ თემაზე დაეტაკა კობა დავითაშვილი რევაზ მიშველაძეს. დღეს კი ეს ადამიანები თავს ნაციონალისტებს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე 400 ათასი თურქი მესხის შემოსარიგებლად უღელი დაგვადგა, ახლახან კი ახალციხეში ბრძანდებოდა და განაცხადა, – ვიდრე ცოცხალი ვარ, საქართველოში ერთი თურქი მესხიც ვერ ჩამოვაო…”

ამნეზიის ეპიდემიის პარალელურად შარაძეს აწუხებს ის ორი ტრიბუნაც, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზში 1995 წლის პარლამენტმა პირობითად ხელისუფლების მომხრე-მოწინააღმდეგეთა ტრიბუნებად დაყო. ორტრიბუნიანობაში შარაძე ორხელისუფლებიანობის საშიშ ტენდენციას ხედავს და სასწრაფოდ სხდომათა დარბაზის დიზაინის შეცვლას, ანუ ერთ-ერთი ტრიბუნის აღებას ითხოვს, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს დარბაზის პრეზიდიუმის განტვირთვა: “პრეზიდიუმში სპიკერატის გარდა ყველა ზის. რა უნდათ იურიდიული სამსახურის თანამშრომლებს პრეზიდიუმში. თუ ნინო ბურჯანაძეს სუფლიორები და კონსულტანტები სჭირდება, შესაბამისი “ორმო” გაუკეთოს და იქიდან მიიღოს იურიდიული თუ საპროცედურო განმარტებები”…

მოკლედ, პარლამენტის რეკონსტრუქციის თემა საკმაოდ აქტუალური ხდება. სხვათა შორის, უკანასკნელ დღეებში შუაღამემდე სხდომების გაწელვის გამო ერთ-ერთმა დეპუტატმა უკვე წამოაყენა წინადადება – პარლამენტმა “შინაარსობრივი რეკონსტრუქციაც” განიცადოს და, “როგორც ღამის პარლამენტმა, დარბაზში სხვანაირი ხალხი შემოვიყვანოთ და სხვა რამეც გავაკეთოთ”.

 თეა ინასარიძე
“მთავარი გაზეთი”, 20 მარტი, 2003

*** 

რატომ არ გვექნება წლების შემდეგ “მთვარის მოტაცების” ავტოგრაფი…

***

 გურამ შარაძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ექვსი საკითხი, რომელიც სასწრაფოდ გადაჭრას მოითხოვს!

***

 ზვიად გამსახურდიას ნეშტი მთაწმინდაზე უნდა გადმოვასვენოთ

 გურამ შარაძე მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და ოლღა გურამიშვილის წმინდანებად შერაცხვის ინიციატივით გამოდის

 პარლამენტის წევრი, გურამ შარაძე, საქართველოს ეროვნული გმირების, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას წმინდანებად შერაცხვის წინადადებით გამოდის. იგი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმით საქართველო თავიდან აიცილებს ძმათამკვლელ ომს, რომლის საფრთხეც რეალურად არსებობს. თავისი უჩვეულო ინიციატივა მან ოთხშაბათს, პარლამენტის გამოცარიელებულ შენობაში, იქვე მიმდინარე მიტინგის ფონზე გააცნო ჟურნალისტებს. დეპუტატს მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯის გადაგმით ქართველი ერი გამოისყიდის ქვეყნისა და ეროვნული გმირების წინაშე ჩადენილ დანაშაულს. “ეს პარლამენტი უკვე დღეებს ითვლის. უფრო სწორად, პარლამენტი აღარ არსებობს, ქუჩაშია. ახალი პარლამენტის შეკრებაც ქუჩიდან უნდათ. ესეც ჩვენი მწარე რეალობაა. ხშირად მიფიქრია, რა ცოდვები მიგვიძღვის, რომ ასე მწარედ ვისჯებით. ჩემი აზრით, ეს ცოდვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენმა ხალხმა, ერმა და ეკლესიამ ვერ გამოისყიდა დანაშაული, რომელიც უკავშირდება მერაბ კოსტავას დაღვრილ სისხლს, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენებს, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან წასვლას, შემდეგ მის ჩამოტყუებას, ვერაგულ დაღუპვას, აგრეთვე მისი ტრაგიკული აღსასრულის სატანურ ინტერპრეტაციას, ვითომ მან თავი მოიკლა”, – აცხადებს გურამ შარაძე.

მას მიაჩნია, რომ წამებული და ღრმად მორწმუნე ზვიად გამსახურდიას მეორე ტყვია ესროლეს, როცა თვითმკვლელობა დასწამეს. დეპუტატის თქმით, თვითმკვლელობა მიუღებელია ოდნავ მორწმუნე ადამიანისთვისაც კი, რომ არაფერი ვთქვათ ჭეშმარიტად მორწმუნე ზვიად გამსახურდიაზე. “თვითმკვლელობის დაბრალება საკონტროლო ტყვიასავით იყო. ავაზაკი მკვლელობას რომ სჩადის, ზედმეტი თვითდაჯერებისთვის კიდევ ესვრის თავის მსხვერპლს. ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული აღსასრულის თვითმკვლელობის ახსნით მას საკონტროლო ტყვია ესროლეს”, – აცხადებს გურამ შარაძე.

მისი თქმით, მერაბ კოსტავას დაღუპვიდან 14 წელი გავიდა, ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული აღსასრულიდან კი – 10 წელი. მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანის საქმე გამოძიებული არ არის და, რაც ყველაზე სამარცხვინო და სავალალოა, ეს გამოძიება და მათი სახელების უკვდავყოფა არავის აინტერესებს. გურამ შარაძის შეშფოთებას იწვევს მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის მოუვლელობაც. მისი მტკიცებით, სახლ-მუზეუმს შუქიც გათიშული აქვს, წყალიც და დღე-დღეზე ტელეფონიც გაეთიშება.

გურამ შარაძე ზვიად გამსახურდიას ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებისა და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვის ინიციატივითაც გამოდის. “მე ჯოხარ დუდაევთან ერთად ერთადერთი მოწმე და ინიციატორი ვარ ზვიად გამსახურდიას ნეშტის მოძიებისა, სენაკიდან ჩეჩნეთში გადასვენებისა და გროზნოში დასაფლავებისა. რა არ მოხდა გროზნოში მას შემდეგ – დუდაევის გამოგდება, მკვლელობა, გროზნოს მიწასთან გასწორება. ჩვენი პრეზიდენტის საფლავზე არავინ ზრუნავს. კიდევ ვკითხულობთ, რატომ ვისჯებით?” – სვამს კითხვას დეპუტატი და აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული გმირების უკვდავყოფა და წმინდანებად შერაცხვა საქართველოს თავიდან ააცილებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ძმათამკვლელ ომს. გურამ შარაძის განცხადებით, ქართველმა ერმა მადლობა უნდა გადაუხადოს ჩეჩნებს, რომლებმაც ჯერ შეიფარეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი, შემდეგ კი დაკრძალეს მისი ნეშტი. მისი თქმით, რომ არა ჯოხარ დუდაევი, ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული აღსასრული უფრო ადრე მოხდებოდა და მისი ოჯახიც ამოწყვეტილი იქნებოდა, მაგრამ დადგა დრო, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტი საქართველოს მიწას უნდა დაუბრუნდეს და მუდმივი განსასვენებელი მთაწმინდაზე, ილია ჭავჭავაძისა და მერაბ კოსტავას გვერდით ჰპოვოს.

გურამ შარაძეს აუცილებლად მიაჩნია აგრეთვე საქართველოს გასაბჭოებას შეწირული ტაბახმელასა და კოჯორთან გმირულად დაღუპული ახალგაზრდებისადმი პატივის მიგება. ამისთვის იგი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობს პარლამენტის შენობაში მათი კუთხის გახსნას.

დეპუტატს გადაწყვეტილი აქვს, საპატრიარქოს ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა გურამიშვილის, წმინდანად შერაცხვის წინადადებითაც მიმართოს. მისი თქმით, ოლღა გურამიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის ილია ჭავჭავაძის შემოქმედებასა და მოღვაწეობაში, თანაც ყურადსაღებია მისი ტანჯული ცხოვრება და მიმტევებლობა ილიას მკვლელებისადმი.

გურამ შარაძის თქმით, ათ წელიწადზე მეტია, რაც საქართველო ჩიხიდან ვერ გამოსულა. ამის მიზეზი მთელი ერის მიერ ჩადენილი უმძიმესი ცოდვები და მათი მოუნანიებლობაა. მისი აზრით, საქართველოსთვის წამებული ეროვნული გმირების უკვდავყოფა და წმინდანებად შერაცხვა გარკვეულწილად გამოისყიდის ამ დანაშაულს.

 მარიკა მჭედლიშვილი
“ახალი თაობა”, 20 ნოემბერი, 2003
 

 ***

 ათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილს

***

 “თუ საქართველოს ეროვნული პრეზიდენტი და პარლამენტი ეყოლება,

მე მიშა სააკაშვილს ხელებს დავბან…”

 25 იანვარს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება ახალი სახელმწიფო დროშის ფონზე, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა 147 ხმით ერთის წინააღმდეგ. ეს მოწინააღმდეგე გახლდათ გურამ შარაძე, რომელიც ჩვენი რუბრიკის სტუმარია.

– ე.წ. ნაციონალების ხუთჯვრიანი დროშა პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა სახელმწიფო დროშად. მხოლოდ თქვენ იყავით წინააღმდეგი…

– სამწუხაროდ, პარლამენტში მხოლოდ მე აღმოვჩნდი ამ ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური დროშის წინააღმდეგი, თუმცა ბევრი ჩუმ-ჩუმად მოდიოდა და მხარდაჭერისა და პატივისცემის ნიშნად არც სიტყვებს მაკლებდა და არც ხელის მაგრად მოჭერას.

– თუმცა “ახალი მემარჯვენეების” ერთმა წევრმა დავით კოღუაშვილმაც გამოთქვა პროტესტი…

– სამწუხაროდ, ის ბოლომდე არ დარჩენილა კენჭისყრაზე. თქვენ არ ჩათვალოთ, რომ კოღუაშვილი სიტყვით გამოვიდა წინააღმდეგი და შემდეგ კენჭისყრის დროს იდედლა და გაიქცა. არა, მან გაილაშქრა, ოღონდ კენჭისყრამდე არ დარჩენილა. ასევე კარგად, მაგრად, გულადად დაიწყო გუბაზ სანიკიძემ, მაგრამ ბოლოს ახალი ხელისუფლების შიშით მისცა ხმა, რომ სამსახურიდან არ გააგდონ. ზოგმა კიდევ იმის შიშით მისცა ხმა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გარანტია ჰქონდეს, რომ პარლამენტში მოხვდება.

– ხომ არ გემუქრებათ იმის საფრთხე, რომ მომავალ პარლამენტში ვერ მოხვდებით?

– მე არ მეშინია არც კორუფციის გამომჟღავნების, არც თვალთმაქცობისა და პირფერობის. არა მაქვს იმის შიში, მომავალ პარლამენტში მოვხვდები თუ არა. თუ მოვხვდი, ხომ კარგი, თუ არა, კიდევ უკეთესი. ასეთი პარლამენტი, როგორიც ახლა არის, მომავალში კიდევ უარესი იქნება. მე პარლამენტში არ დავბადებულვარ და არც სიკვდილს არ ვაპირებ. ამათ იკითხონ, რა ქნან, როგორც პიროვნებებმა და მოღვაწეებმა, თორემ მე ბიბლიოთეკებიდან და არქივებიდან მოვედი პარლამენტში და ამ პარლამენტმა სამუშაო დრო წამართვა. სიამოვნებით დავუბრუნდები ჩემს საქმეს. დავბრუნდები თბილისის უნივერსიტეტში, როგორც პროფესორი. სიამოვნებით დავბრუნდები ლიტერატურის ინსტიტუტში, როგორც განყოფილების გამგე და დავწერ წიგნებს. ხალხი არ ამირჩევს-მეთქი, ეს ტყუილი იქნება. ხალხი ამირჩევს, თუ აარჩევინეს. ამათ ხომ არჩეული პარლამენტი არ უნდათ, ამათ უნდათ დანიშნული პარლამენტი. აი, ნახავთ თქვენ, როგორი “არჩეულიც” იქნება ის პარლამენტი.

– რაც შეეხება სავარაუდოდ ჰიმნისა და გერბის შეცვლას…

– (იცინის) მაგას ვინ დაეძებს. გვაქვს ჩვენ იმის ფინანსები, რომ პრეზიდენტის ახალი სასახლე წამოვჭიმოთ? გამოტყდნენ, რომ 2 მლნ დაიხარჯება, მაგრამ ვფიცავ ღმერთს, რომ ათი და შეიძლება ასი იმდენი დაიხარჯოს. აქვს ამის საშუალება? მაგრამ ვის ანაღვლებს ხალხი, ოღონდაც თეთრი სახლი ჰქონდეთ. ვაშინგტონიდან ხომ ყველაფერი გადმოიტანეს. რაც მთავარია, ვაშინგტონის თეთრი სახლისგან განსხვავებით სამი იმხელა უნდათ.

– ბატონმა შალვა ნათელაშვილმა ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა…

– მე მხარს ვუჭერ შალვა ნათელაშვილს. ვაპირებდი რამდენიმე დღეში მასთან ერთად მომეწყო აქცია, მაგრამ ნათელაშვილმა ევროპული ტურნე წამოიწყო. როდის დაბრუნდება არ ვიცი, მაგრამ დავუკავშირდები.

– ისევ დროშას დავუბრუნდეთ. პატრიარქმა თანხმობა განაცხადა, რომ იგი სახელმწიფო დროშად გამოცხადდეს…

– ტყუილია ეს. კათოლიკოს-პატრიარქს თანხმობა რომ განეცხადებინა, მაშინ ის არ დახატავდა დროშას, რომელიც შემოგვთავაზა. კათოლიკოს-პატრიარქი მოცლილი არ არის, გასართობად ხატოს დროშები. მან დახატა დროშა, შემოგვთავაზა, აკურთხა და დალოცა. მაგრამ საპატრიარქოში არიან პიროვნებები, რომლებიც სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკას ატარებენ.

– თქვენ განაცხადეთ, რომ მხარში დაუდგებით ახალარჩეულ პრეზიდენტს, თუკი ის შეასრულებს თქვენ მიერ წარმოდგენილ 10 დებულებას…

– მე ასე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. მირეკავს ხალხი, მეხმაურებიან ტელევიზიიდან, პრესიდანაც, რატომ არ უდგახარ მხარში ახალგაზრდა პრეზიდენტს თქვენი გამოცდილებით, თქვენი ავტორიტეტით. ისე გამოდის, თითქოს მშურს, სააკაშვილი პრეზიდენტი რომ არის, ვუშლი ხელს. ამიტომ მივმართე, თუ ის მართლა მზად არის პრეზიდენტობისთვის, მართლა ნაციონალისტია და არა შენიღბული, მაშინ შეასრულებს. რა უნდა შეასრულოს? – ეროვნება წაგვართვა და ეროვნება დაგვიბრუნოს. მან წაგვართვა, სხვამ კი არა. დაგვიბრუნოს მამის სახელი. გამოაცხადოს მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად და ქართული ენა სახელმწიფო ენად. კიდევ ერთი – ოთხასი ათასი თურქი უნდა დავაბრუნოთო, რომ იძახიან, ამისთვის ვიბრძვი. სისხლი გამიშრო გურამ მამულიამ. გურამ შარაძე არის ფაშისტი და არაადამიანიო. ყველაფერი გააკეთეს მან და ლანა ღოღობერიძემ და დაუკითხავად მოაწერეს ხელი ამ ოთხასი ათასი თურქის საქართველოში დაბრუნებას, ისე, რომ ქართველებისთვის, საქართველოსთვის, პარლამენტისთვის არაფერი უკითხავთ. რაც მთავარია, მესხეთის მოსახლეობისთვის არ უკითხავთ არაფერი. ამათი შიშით უბედურება ტრიალებს მესხეთში. არ იციან მათი დაბრუნების შემთხვევაში, რა მოხდება. ასე რომ, ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა. ან კიდევ, არ უნდა იბრძოლოს ანტიმართლმადიდებლობის, იეღოველების წინააღმდეგ? თუ ამას შეასრულებს, მე სხვებზე მეტად დავუდგები გვერდში. გურამ შარაძის გვერდში დგომა მასაც უნდა ერჩივნოს, ვიდრე იმ კორუმპირებული თანაგუნდელებისა, რომლებმაც გაძარცვეს ქვეყანა და კიდევ ძარცვავენ.

– თუ ამ 10 დებულების შესრულების პირობას დადებს სააკაშვილი, შესაძლებელია, რომ ნაციონალების სიით მოხვიდეთ პარლამენტში?

– არა, მე ჩემი პარტია მაქვს. რა მჭირს  მაგათი შესახვეწი. კიდევ გეუბნებით, მე ყველაფერზე ვიტყვი უარს, პარლამენტარობაზე, პარტიაზეც, ოღონდ პრეზიდენტმა საქმე გააკეთოს. აბა, რისთვის გვინდა ეს ქვეყანა? თუ საქართველოს ეროვნული პრეზიდენტი და პარლამენტი ეყოლება, მე მიშა სააკაშვილს ხელებს დავბან.

 მაკა ქობალია, სალომე გოგოხია
“რეიტინგი”, 19 იანვარი, 2004

 

 შარაძეს პრეზიდენტი ავი სულებისთვის არ ემეტება

 პარლამენტარი გურამ შარაძე კატეგორიული წინააღმდეგია, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი რეზიდენცია საგზაო პოლიციის სამმართველოს შენობაში მოაწყოს.

როგორც გურამ შარაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საგზაო პოლიციის სამმართველოს შენობა “ძველი რუსული ჟანდარმერიის ცოდვიანი შენობაა”.

“იგი ქართველი პატრიოტების ძვლებზეა აშენებული. თუ ჩემი არ გჯერათ, მიმართეთ პოლიციის სამმართველოს, სარდაფის გაფართოების მიზნით იქ გათხრები ჩაატარეს და დაღუპულ ქართველთა ძვლები აღმოაჩინეს”, – აღნიშნა შარაძემ.

მის თქმით, გარდა ამისა, ძალიან ძვირი დაჯდება პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობა, ამიტომ იგი სააკაშვილს ურჩევს, შეცვალოს გადაწყვეტილება. “იქ ცუდი აურაა და ავი სულები ტრიალებენ, რაც საქართველოს საქმეს ცუდად წაიყვანს”, – აღნიშნა შარაძემ. იგი მიხეილ სააკაშვილს სთხოვს, არ მოუსმინოს “ქლესა, პირისფარეშ არქიტექტორებს, რადგან ისინი მას არასწორ რჩევებს აძლევენ”.

 ,,ინტერ-პრესი”
“რეზონანსი”, 28 იანვარი, 2004

 

 

 ბატონებო მიხეილ სააკაშვილო და ზურაბ ადეიშვილო,

წერტილი დაუსვით უცხო ქვეყნის აგენტებს!

 დეპუტატი გურამ შარაძე ლუსტრაციის კანონის მიღებას მოითხოვს. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გურამ შარაძემ განაცხადა, რომ მიღებულ უნდა იქნეს დაუნდობელი კანონი, რათა ვინც აგენტი იყო, ყველამ გაიგოს.

შარაძე იხსენებს წინა პარლამენტს, რომლის დროსაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ რევაზ ადამიამ მოამზადა ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი, თუმცა მისი გატანა მაშინდელმა ხელისუფლებამ აკრძალა. მაშინ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ამ კანონის მიღება საზოგადოების გახლეჩვას გამოიწვევდა. შარაძის თქმით, შევარდნაძე აცხადებდა, რომ ნეტა მთელმა საზოგადოებამ კი არა, მე არ ვიცოდე, ვინ ვინ არისო. შარაძე კითხულობს – პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავისი ცნობისმოყვარეობა რომ დაიკმაყოფილა, ჩვენ რა დავაშავეთ?

შარაძე მოუწოდებს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მიიღოს ლუსტრაციის შესახებ კანონი. შარაძე ფუჭად მიიჩნევს სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, თუ პრეზიდენტი თანამდებობიდან არ დაითხოვს თავის მრჩეველს და ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარეს. შარაძე მათ გვარებს არ ასახელებს.

შარაძის განცხადებით, უნდა დამთავრდეს ზოგიერთი ადამიანის მიმართ ცილისწამება და აგენტობის ბრალდება და მხილებული უნდა იქნეს, ვინ ვინ არის. შარაძე მიიჩნევს, რომ ზოგიერთს ღამღამობით არ სძინავს, დამფრთხალია, მაგრამ მიუხედავად ამისა, კანონის მიღება აუცილებელია.

შარაძე პრეზიდენტისადმი და უშიშროების ახალი მინისტრისადმი მიმართვას აკეთებს – ბატონებო მიხეილ სააკაშვილო და ზურაბ ადეიშვილო, კანონის მთელი სიმკაცრით დაუსვით წერტილი უცხო ქვეყნის აგენტებს.

შარაძე გუშინდელ პრესკონფერენციაზე ასევე აღშფოთებას გამოთქვამდა უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილის ბაზღაძის მიმართ, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით საუბრობდა. შარაძე კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს ბაზღაძის გამონათქვამებს ლუსტრაციასთან დაკავშირებით და იქვე მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას არ იცნობს, შეგნებულად ამწვავებს ურთიერთობას.

რაც შეეხება უშიშროების არქივებს, უშიშროების სამინისტროს ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამშრომლები აცხადებენ, რომ არქივების დიდი ნაწილი რუსეთში, სმოლენსკშია გატანილი და სრული დოკუმენტაციის არარსებობის გამო ძნელია, ვინმეს აგენტობა დაუმტკიცო. შარაძე აქაც პოულობს გამოსავალს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან და შეუძლია არქივებიდან დედანი ან ქსეროასლები მოითხოვონ.

მეორე სახიფათო თემა, რომელსაც ლუსტრაციასთან დაკავშირებით ყოველთვის იხსენებენ, ეს არის არქივების გახსნის შემდეგ აგენტთა ახლობლებისა და შვილების მდგომარეობა. შარაძე ამ საკითხთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს. მისი თქმით, შვილები არ აგებენ პასუხს მამების ცოდვაზე. თუმცა, შარაძე მაინც მიიჩნევს, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც აგენტობით ნაშოვნი ფულით თავის შვილებთან ერთად გრიალებდა და ცხოვრებას იწყობდა.

შარაძე ასევე ტრადიციას არ ღალატობს და პრესკონფერენციაზე გვარების დაუსახელებლად კვლავ აკრიტიკებს მათ, ვინც ქართულ ენას სახელმწიფო ენად არ აცხადებს და ადამიანებს საკუთარ ეროვნებას ართმევს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ვინც ამ საქმეში “წვლილი შეიტანა”, ასევე მათ, ვინც აფხაზეთი, სამაჩაბლო დაგვაკარგვინა, ყველამ უნდა აგოს პასუხი.

კიდევ ერთი, შარაძეს არ ავიწყდება არც ის ფაქტი, თუ როგორ გაიცნო ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ გურამ შარაძე. ეს მოხდა პარლამენტში, როცა ახალგაზრდა დეპუტატი მიხეილ სააკაშვილი გურამ შარაძესთან მივიდა და შარაძის განცხადებით, მას ასეთი სიტყვებით მიმართა – ,,ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ვარ იმ პარლამენტის წევრი, რომლის წევრიც თქვენ ბრძანდებით, ბატონო გურამ!”.  ასე იხსენებს დეპუტატი გურამ შარაძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისა და გაცნობის სცენას. მას შემდეგ კი “ბევრმა წყალმა ჩაიარა”…

შარაძე ასევე დასძენს, რომ დღევანდელ პრეზიდენტს ბევრ საკითხში არ ეთანხმება, მაგრამ რაშიც ეთანხმება, ეს არის “ლუსტრაციის შესახებ კანონის” მიღება.

 ნანა მიშელაშვილი
“ახალი თაობა”, 20 თებერვალი, 2004
 

 

 გურამ შარაძე: ამ პარლამენტში რომ ვიყო, ქალებისა და ბიჭბუჭების თავხედობით გული გამისკდებოდა

 კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატობას ბატონი გურამ შარაძე აღარ აპირებს. მან კვლავ სამეცნიერო მუშაობის გაგრძელება ამჯობინა და ახლახან პეტერბურგში ექვთიმე თაყაიშვილის დღემდე უცნობი დისერტაცია აღმოაჩინა.

– ბატონო გურამ, პარლამენტში ყოფნით დროს ამაოდ ხომ არ კარგავდით, არ სჯობდა, მეცნიერებისთვის მეტი ყურადღება დაგეთმოთ?

– ილია ჭავჭავაძესა და ივანე მაჩაბელს შორის ბანკის დირექტორობის გამო ატეხილი დავის დროს ილიას უთხრეს: რად გინდათ ბანკი და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, არ გირჩევნიათ, მეორე “ოთარაანთ ქვრივი” დაწეროთო. ილიამ უპასუხა: რა თავში ქვად ვიხლი მეორე “ოთარაანთ ქვრივს”, თუ საქართველოში იმის წამკითხავი არ დარჩა, რაც უკვე დავწერეო. ბოდიშს ვიხდი ამ ანალოგიისთვის, ჩემი ადგილი კარგად ვიცი, მაგრამ ილიასი არ იყოს, თუ ქართული ენა, სკოლა, მართლმადიდებლობა აღარ იქნება, რა თავში ქვად ვიხლი ჩემს წიგნებს.

– თუ ასეა, კრწანისის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი რატომღა თქვით?

– დიდხანს ვფიქრობდი, ღირდა კი არჩევნებში ბრძოლა იმისათვის, რომ ბურჯანაძის პარლამენტში ვყოფილიყავი. დავით გამყრელიძემ ძლივს გაბედა თქმა: ოლიმპიადაზე გამარჯვებულ ოთხ გმირს რომ ვუწყობთ დღესასწაულს, სამაჩაბლოში დაცემული ოცდაათი გმირის სახელი გვითხარითო და ლამის ჩაქოლეს. იქიდან ბურჯანაძემ ატეხა ერთი ამბავი, აქედან მაია ნადირაძემ დოინჯშემოყრილმა დაიწყო საუბარი. აქამდე ქალურობა მაინც შვენოდა, ახლა კი კარგი “გალავარეზივით” გველაპარაკება. პარლამენტში რომ ვიყო, ქალებისა და ბიჭბუჭების ასეთი თავხედობით გული გამისკდებოდა. 24 ოქტომბრის არჩევნებში ამიტომ არ ვმონაწილეობ.

ასეთი პარლამენტი რომ იქნებოდა, თავიდანვე არ იცოდით? მაჟორიტარობაზე ფიქრი რატომ დაიწყეთ ან რეალურად რამ გადაგაფიქრებინათ?

– ხელისუფლებამ თავისი კანდიდატურა დღემდე არ წარმოადგინა, რაც ნიშნავს, რომ ზოდელავას უჭერს მხარს. ეს ის ზოდელაავაა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეობისას რას აღარ ეძახდა. ზოდელავასთან ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა მქონდა. როცა სააკაშვილი შეურაცხყოფას აყენებდა, კბილებით ვიცავდი. ახლა კი გამოირკვა, რომ ჩემი დასაცავი არაფერი ჰქონია, ასე რომ, ქარის წისქვილებთან მებრძოლი დონ კიხოტიც აღარ გამოვდივარ. ბურჯანაძის პარლამენტში ყოფნისთვის იდიოტი მოლაყბე ვერ გავხდები.

– დეპუტატობა შევარდნაძის სახელისუფლებო ბლოკში შესვლად გიღირდათ? ამ არჩევანს თუ ნანობთ?

– ამ თემაზე აქამდე არ მისაუბრია, მაგრამ კითხვები ჩნდება და პასუხი უნდა გაეცეს. მცხეთის მაჟორიტარობას ვაპირებდი, გუბერნატორი შამანაური და დეპუტატი ხატიძე მიწების გაყიდვასა და სვეტიცხოველის პატივის აყრაში ვამხილე. შევარდნაძესთან დარაზმულები მივიდნენ: გვიშველეთ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ შარაძეს დაელაპარაკოთ და მცხეთის მაჟორიტარობაზე ხელი ააღებინოთო. შევარდნაძემ დიდგორობის წინა ღამეს დამიბარა. ორი საათი ვისაუბრეთ. მითხრა: შენ მცხეთაში ვერ გაიმარჯვებ, რა ვუთხრა ხალხს, თუ შარაძე პარლამენტში არ იქნებაო. მიმიფურთხებია პარლამენტისთვის, თუ შამანაურს ვერ ვაჯობე-მეთქი. მაგრძნობინა, ამ საქმეში დიდი ფულია და ამიტომ ვერაფერს გახდებიო. სანაცვლოდ მოქალაქეთა კავშირის სიაში შეყვანა შემომთავაზა. კატეგორიული უარი ვუთხარი. შემდეგ კვირაშიც არაერთი საუბარი მქონდა და ბოლოს გადაწყდა, რომ შევიდოდი არა “მოქალაქეთა კავშირის” ბლოკში, არამედ სხვადასხვა პარტიის გაერთიანებაში.

შევარდნაძემ ამ სიაში ძალით შემაკვეხა, რათა ხატიძისა და შამანაურის ბანდა გადაერჩინა.

– ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე არ ფიქრობთ?

– პრეზიდენტ სააკაშვილს, ზოგიერთის “მოყვრობას”, გურამ შარაძის მსგავსი “მტერი” ერჩივნოს. თუ სააკაშვილი სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაბრუნების გზებს დაგვანახებს, თუ ქართულ ენას სახელმწიფო ენად გამოაცხადებს, მართლმადიდებლობას კი – სახელმწიფო რელიგიად, თუ პირადობის მოწმობებეში ეროვნულობას და მამის სახელს აღადგენს, გიჟი ხომ არა ვარ, შევეწინააღმდეგო. ორი თხოვნა უკვე შეასრულა: ლევან ალექსიძე და მისი შვილი სამსახურიდან დაითხოვა, ხოლო ლევან ღვინჯილია ქართული ენის პალატის თავმჯდომარედ აღარ აირჩია. ახლა  მინდა, რომ ჟვანიას უბრძანოს კახა ლომაიას და კახა ბენდუქიძის გაგდება. თუ ყველაფერს შემისრულებს, მის გვერდით დავდგები. ზედმეტს არაფერს ვითხოვ, პრეზიდენტი ვალდებულია, “ენა, მამული, სარწმუნოება” დაიცვას.

 ნინო ლოლაძე
“კვირა”, 18-25 სექტემბერი, 2004
 

 

 გურამ შარაძე: ყურადღება, ყურადღება!

23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, საქართველოს პატრიარქი უნდა დაამხონ!

 “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე საქართველოში მორიგი რევოლუცია მზადდება! ამჯერად “საიდუმლო სერობა” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კარზე იმართება და შესაძლოა, ყველაფერი იმით დასრულდეს, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა, 2004 წლის ნოემბრის ერთ “მშვენიერ” დღეს ამ უზენაეს ტიტულზე საკუთარი სურვილით განაცხადოს უარი. მეთოდები და ტაქტიკა ნაცნობია! რევოლუციის სამომავლო პერიპეტიებს კი საზოგადოება სულ მალე შეიტყობს. პროფესორი გურამ შარაძე, რომელიც მოსალოდნელ საფრთხეზე გვესაუბრება, გასაგები მიზეზების გამო არ ამხელს ინფორმაციის წყაროს, თუმცა, მისი უტყუარობის შესახებ ირწმუნება და “ასავალ-დასავალს” შეთქმულების დეტალებზე ესაუბრება.

გურამ შარაძე: საქართველოს დღემდე ოთხი ბურჯი ამაგრებდა – მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, მწერალთა კავშირი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. მოდით, დღეიდან დავამკვიდროთ და მას ნიკო მუსხელიშვილის აკადემია ვუწოდოთ! დღეს ოთხივე ბურჯი მორყეული კი არა, წაქცევის პირასაა. ჩემთვის აბსოლუტურად სანდო წყაროდან გახდა ცნობილი, რომ პატრიარქის კარზე სერიოზული შეთქმულება მზადდება. 23 ნოემბერს, როდესაც ფაქტობრივი ხელისუფლება პომპეზურად აკურთხებს სამების საკათედრო ტაძარს და საკუთარ დამსახურებად მიიწერს ამ უზარმაზარი ტაძრის აშენებას ისევე, როგორც მიიწერეს სამაჩაბლოში ჩემ მიერ 15 წლის წინათ გაყვანილი შემოვლითი გზა ერედვიდან თამარაშენამდე, რითაც გადავარჩინეთ 10 ქართული სოფელი დაცლისგან. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას. მას ხელისუფლება ზეწოლის შედეგად აიძულებს, საქვეყნოდ განაცხადოს: შეუძლოდ ვარ, ფიზიკურად არ ძალმიძს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ვიყო და თანამდებობას ვტოვებო. რეალურად სამების ტაძრის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის! ხელისუფლება მის გახსნას ორი მიზეზის გამო ესწრაფვის: მას სურს, სამების ტაძრის მშენებლობით ხალხის თვალში ქულები მოიპოვოს, და მეორეც – კათოლიკოს-პატრიარქის, როგორც ადამიანის, პიროვნული ამბიცია დააკმაყოფილოს. ცნობისათვის: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლის ბოლომდე გადაყენების უფლება არავის აქვს. ამიტომაც აირჩიეს ეს ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკების სულიერი მამა რომის პაპი იოანე-პავლე მეორე ფეხზე ვეღარც კი დადის, ვეღარც თავს აბრუნებს და წესიერად ვეღარც მეტყველებს, მისი გადაყენების იდეა თავში აზრადაც არავის მოსვლია და ხელში აყვანილი შემოატარეს მთელი მსოფლიო! გესმით, რას ნიშნავს ყოველივე ეს? სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ახლა საეკლესიო გადატრიალებას აწყობენ! ამას უკვე სახელიც აღარ აქვს. ვაგლახ, თაღლითი სოროსის თაღლითური გზით ნაშოვნმა მილიონებმა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაშიც შეაღწია! აბა, რას უნდა ნიშნავდეს სასულიერო აკადემიის ე.წ. სტუდენტების საქციელი,, რომლებმაც “კმარელებსაც” კი აჯობეს!

– “ვარდების რევოლუციის” ინიციატორთა სახელი ასე თუ ისე ცნობილია. ვინ აწყობს რევოლუციას საპატრიარქოში?

– ეს პროცესი კარგა ხნის წინათ დაიწყო. თანდათანობით გატეხეს ეკლესიის ციხე-სიმაგრე და გადაიბირეს სამღვდელო პირები – ეგრეთ წოდებულები მეუფე დანიელი, დეკანოზი ბასილ კობახიძე, მამა გიორგი ჩაჩავა, მამა ზაზა თევზაძე და სხვები, რომლებიც დროდადრო საქართველოს პატრიარქს ისრებს ესროდნენ და საზოგადოებას ამ დღისთვის ამზადებდნენ. ბასილ კობახიძე ჩემს ხელშია გაზრდილი. ჩემი გარდაცვლილი შვილის ლაშიკოს კლასელი იყო. მას ოჯახური ტრაგედია შეემთხვა, ერთდროულად დაეღუპა დედ-მამა და ხელისგულზე გაზრდილი ბავშვი დეპრესიაში ჩავარდა. ბასილ კობახიძე სწორედ ილია მეორემ იხსნა ფიზიკური განადგურებისაგან. უწმინდესმა და უნეტარესმა გაუმართა ხელი და გაუშვა ევროპაში სასწავლებლად. თუ როგორ გადაუხადა ამაგი იქიდან ჩამოსულმა, ყველა კარგად ვხედავთ.

ილია მეორეს, რომელიც ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის გენერალურ ხაზს მიჰყვება, ე.წ. მამაოები აიძულებდნენ, დაეთმო ეს პოზიციები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ილია II-ის ყოფნა იმიტომ არ სურთ, რომ იგი ვერ ჩართეს, მეტიც, ვერ გამოიყენეს გლობალიზაციის და სოროსიზაციის პროცესში. მოგახსენებთ, სწორედ საქართველოს პატრიარქმა გამოიყვანა ქართული ეკლესია მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან და ეკუმენიზმისგან გვიხსნა… მათ სურთ, მართლმადიდებლობა ათასი რჯულის სექტანტებს გაუთანაბრონ! სხვათა შორის, ამ საეკლესიო გადატრიალების ერთ-ერთი წინაპირობა იყო ინტელიგენციის ე.წ. წარმომადგენლების ღია წერილი, რომელიც ერთი წლის წინათ გაეგზავნა ილია მეორეს და კინაღამ გული გაუხეთქეს.

– თქვენი ინფორმაციით, არის თუ არა წინასწარ ცნობილი მომავალი პატრიარქის კანდიდატურა?

– მომავალ კათოლიკოს-პატრიარქად მეუფედ წოდებულ დანიელს ამზადებენ, რომელიც ზურაბ ჟვანიას, ნინო ბურჯანაძისა და გიგი წერეთლის პირადი მოძღვარია და, რა თქმა უნდა, მის მიმართ სიმპათია მიხეილ სააკაშვილსაც აქვს. აქვე განვუმარტავ ქართველ ხალხს, რომ დანიელმა მეუფეობა აფხაზეთის საეპისკოპოსოს მეთაურობით მიიღო, რომელიც დღეს პრაქტიკულად არ არსებობს. იქიდან ყველანი გამოძევებულნი არიან, აქ კი იგი ერთხელაც არ შეხვედრია თავის მრევლს. ისიც ისეთივე აფხაზეთის მეუფეა, როგორც ქალაქ სოხუმის მერი თბილისში! მე იგი რამდენიმე წლის წინათ ვამხილე და შარშან, უწმინდესი სინოდის გამსვლელ სხდომაზე გორში სასწრაფოდ შეუთავსეს ჭიათურა-საჩხერის მეუფეობა. იმ ჭიათურა-საჩხერის, რომელიც იეღოველებმა წალეკეს და მართლმადიდებელი ქრისტიანები დახმარებას მე მთხოვენ. ჟვანია, ბურჯანაძე და წერეთელი ამ ადამიანს უმზადებენ პატრიარქის სავარძელს?!

– ბატონო გურამ, როგორ ირწმუნოს მკითხველმა, რომ თქვენ მიერ განცხადებული ინფორმაცია სარწმუნო და სანდოა?

– ჩემს სიტყვებზე თავად ვაგებ პასუხს. როდესაც გაზეთში ეს ინტერვიუ დაიბეჭდება, გამოვიდეს ზურაბ ჟვანია ან ნინო ბურჯანაძე, ან გიგი წერეთელი და საჯაროდ განაცხადონ, რომ ხელს არ ახლებენ ილია მეორეს და შეწყვეტენ ბინძურ ცილისმწამებლურ მოქმედებას საპატრიარქოსა და კათოლიკოსის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მე საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს და ამით გადავარჩენ პატრიარქს დამხობისაგან!

– არის თუ არა ეს ფაქტი კათოლიკოს-პატრიარქისთვის ცნობილი?

– ნება მიბოძეთ, თქვენი ეს შეკითხვა უკომენტაროდ დავტოვო.

კათოლიკოს-პატრიარქს კი უმორჩილესად, მუხლმოდრეკილი ვთხოვ, რომ არ გატყდეს, გამოიჩინოს სულიერი სიმტკიცე და ახსოვდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები: კირიონი, ამბროსი და კალისტრატე, რომლებმაც მტრების ზეწოლას არაერთხელ გაუძლეს!

ხოლო სრულიად საქართველოს, ქართულ მართლმადიდებელ 20-საუკუნოვან მრავალმილიონიან მრევლს მოვუწოდებ, რომ დავდგეთ პატრიარქის გვერდით და ერთად გადავარჩინოთ დედა-ეკლესია და სრულიად საქართველო.

ნატო ფოცხიშვილი
“ასავალ-დასავალი”, 15-21 ნოემბერი, 2004

 

 

“სუკის” და “ცეერუს” აგენტმა მიხეილ სააკაშვილმა

ბოდიში უნდა მომიხადოს! 

“ნაციონალების მასკარად-ყრილობაზე საქართველოს პრეზიდენტმა და პარტიის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, შემაძრწუნებელი და ტუტუცური განცხადება გააჟღერა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ვიცნობდი ამ ყმაწვილს, მაინც გამაკვირვა მისმა ასეთმა უტიფარმა განცხადებამ” – აცხადებს “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, პროფესორი გურამ შარაძე.

გურამ შარაძე: 1995 წლის პარლამენტი. არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პირველ სხდომაზე მოვიდა ჩემთან და მითხრა: ვამაყობ, იმ პარლამენტში რომ მიწევს მოღვაწეობა, რომლის დეპუტატიც გურამ შარაძე ბრძანდებითო… მაშინ გამხდარი და კაფანდარა ბიჭი იყო… მას დაახლოებით ათი წელიწადია ვიცნობ და ასეთი გაცოფებული და ჭკუიდან გადასული არასდროს  მინახავს, როგორც თავის ყრილობაზე იყო. პირდაპირი ტრანსლაციისათვის არ მიყურებია და ამის შესახებ მაშინ გავიგე, როცა საღამოს დამირეკეს და მკითხეს, რა პასუხს გასცემთ სააკაშვილს იმაზე, რომ მან ილია ჭავჭავაძეს და თქვენ ერთად გადაგიარათო… ასეთ გამოთქმებს ძალიან ვერიდები, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ასე იქნა აღქმული.

– მართლა საინტერესოა, რა პასუხს გასცემთ ამაზე პრეზიდენტს?

– როცა პრეზიდენტი გამოდის და ილია ჭავჭავაძესაც კი აღარ ინდობს, მაქვს კი უფლება გავჩუმდე?! საღამოს, ტელევიზიით, მხოლოდ ასეთი რამ მოვისმინე: ილია ჭავჭავაძე ცოცხალი რომ იყოს, შარაძეს დაგლეჯდაო… მერე ვიღაცამ ამიხსნა, რომ ასე კი არ უთქვამს, არამედ პირიქით, ჭავჭავაძე ცოცხალი რომ იყოს, შარაძე მასაც დაგლეჯდაო… მაგრამ ორივე შეურაცხმყოფელია და დამანგრეველი ქართული ცნობიერების. გარდა იმისა, რომ ჭავჭავაძე ერის მამაა, იგი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და წმინდანზე ასეთი ტუტუცური და უზრდელური ლაპარაკი, სხვა თუ არაფერი, დიდი ცოდვაა!

გარდა ამისა, “რუსთავი 2”-ზე ვნახე სიუჟეტი, სადაც იყო მონტაჟი, რომელიც პრეზიდენტის ასეთი ფრაზით გრძელდებოდა: რეფორმების გატარებაში ხელს ყოველთვის სუკის აგენტები მიშლიდნენო, მაგრამ ვერ გეტყვით, სააკაშვილის ეს სიტყვები ჩემზე ითქვა, თუ ამ შემთხვევაში მან სხვაზე გააკეთა მინიშნება…

ახლა იძულებული ვარ, პასუხი გავცე მას, რადგან ამას ამბობს საქართველოს ფარისეველი პრეზიდენტი, რომელსაც ზურგს უკან ჭავჭავაძის სურათი უკიდია; კაცი, რომელიც “თავისუფლების ინსტიტუტის” გამოზრდილია და, რომელიც ხელისუფლებაში “კმარას” მხარდაჭერით მოვიდა; რომელიც იმ ბერძენიშვილის მეგობარი ბრძანდება, რომელმაც თავის დროზე ჭავჭავაძის სურათი ჩამოაგდო და წმინდანის ხსოვნა შეურაცხყო, – ასეთ პოეტს მე არ ვიცნობო! ამ გუნდის სული და გული – სააკაშვილი, ჭავჭავაძის სახელით ატყუებს საზოგადოებას. საბედნიეროდ, ჭირმა თავი ვერ დამალა და მან თავისი ტუტუცური საუბრით ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა! ის და მისი მეგობრები გულწრფელები იყვნენ მაშინ, როცა ილიას სურათს ხევდნენ, კედლებიდან გლეჯდნენ და აფურთხებდნენ მის ხსოვნას, ახლა კი ფარისევლურად უკიდია მისი სურათი ზურგს უკან და ასე უტიფრად და უხამსად საუბრობს მასზე.

– ბატონო გურამ, თქვენი აზრით, რატომ დაგგლეჯდათ ილია ჭავჭავაძე?

– რატომ დამგლეჯდა ილია ჭავჭავაძე ცოცხალი რომ იყოს: იმისთვის, რომ მისი უკვდავი ტრიადა: “ენა, მამული, სარწმუნოება” – ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის დევიზად გავიხადე და ამ მოძრაობაში ათასობით ადამიანი გავაერთიანე? ან იქნებ იმისთვის, რომ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ორტომეული დავწერე, რომელიც ყველა ჭეშმარიტი ქართველის სამაგიდო წიგნი გახლავთ და, რომლისთვისაც მე პოსტსაბჭოთა საქართველოში პირველი ეროვნული პრემია მომანიჭეს. რომ იცოდეთ, ეს ორტომეული ზვიად გამსახურდიას სამაგიდო წიგნი იყო (ასე დამხვდა იგი კოლხურ კოშკში მის საწერ მაგიდაზე!). ამისთვის დამგლეჯდა ილია ჭავჭავაძე?

– როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძეს ედრება და რაკი თქვენ პრეზიდენტის პოლიტიკას აკრიტიკებთ, თვლის, რომ თქვენ მის დაგლეჯას ცდილობთ…

– გარდა ჭავჭავაძისა, ის თავს ადარებს დავით აღმაშენებელსაც და შესაძლოა ისიც თქვას, აღმაშენებელი ცოცხალი რომ იყოს, ახალ რუის-ურბნისის კრებას მოიწვევდა და შარაძეს გაგლეჯდაო…

ახლა სააკაშვილის “საქმენი საგმირონი” ჩამოვთვალოთ, რისთვისაც ის მართლა გასაგლეჯია, მაგრამ არა წმინდანის ხელით. 22-23 ნოემბერს მოაწყო “ვარდების რევოლუცია”, რომელიც სატანისტმა სოროსმა დააფინანსა და გიორგობიდან ხუთი დღის შემდეგ, კოლინ პაუელის დაკვეთით, ვერაგულად რეგისტრაციაში გაატარა იეღოველთა სექტა, რომელიც თავის დროზე გავაუქმებინე უზენაეს სასამართლოს! ამისთვის არ არის სააკაშვილი გასაგლეჯი?! მოგეხსენებათ, თავის დროზე უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი და გააუქმა იეღოველთა სექტის რეგისტრაცია საქართველოში და რაკი მიხეილმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შეცვალა, ვერაგულად შემოგვაპარეს ამ სექტის რეგისტრაცია და ამერიკული ორგანიზაციის საქართველოს ფილიალის სტატუსით დაარეგისტრირეს და ამ ცბიერი, შემოვლითი გზით, იეღოველებისა და კოლინ პაუელის დავალება შეასრულა. ილია ჭავჭავაძე რომ გაცოცხლდეს, შარაძეს დაგლეჯდა თუ საქართველოს იმ პრეზიდენტს, რომელმაც იეღოველები დაგვასვა თავზე? და რომელიც ცეცხლითა და მახვილით ებრძვის მართლმადიდებლობას?!

აქვე მინდა აღვნიშნო, დავითაშვილი სააკაშვილის ოპოზიციად და ეროვნულ გმირად რომ აქცია მედიამ, განა მან, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მეგობრებმა არ წაგვართვეს ეროვნება?

კობა დავითაშვილმა არ გაარტყა რეზო მიშველაძეს იმისთვის, რატომ ილაშქრებთ ეროვნების რეკვიზიტის გაუქმების წინააღმდეგო? ჩემთვის მოქნეული ხელი კი ელდარ ნადირაძეს მოხვდა. ამ ფაქტებს იმიტომ ვიგონებთ, რომ კიდევ ერთხელ  შევახსენო საზოგადოებას, რა თავგამოდებით და მუშტიკრივით იბრძოდნენ სააკაშვილი და მისი მეგობრები ეროვნების რეკვიზიტის გაუქმებისთვის და ახლა ილია ჭავჭავაძე რომ გაცოცხლდეს, ვის დაგლეჯდა – მე თუ მიხეილ სააკაშვილს და კობა დავითაშვილს, რომლებმაც ეროვნება წავგართვეს?

ახლა ჭავჭავაძე რომ გააცოცხლოთ და უთხრათ, ქართველი აღარ ხარო (თუმცა ბერძენიშვილი სომეხს ეძახის), მე დამგლეჯს და ამათ მოეფერება? რომ უთხრათ, მამის სახელი ილია გრიგოლის ძე აღარ ხართ და არ ვიცით, ვინაა მამაშენიო, მოეწონებოდა ეს?! ჩვენს ეგრეთ წოდებულ “ნაციონალებს” გულში ჩაიკრავდა და მე დამგლეჯდა?

ჟვანიამ, ბურჯანაძემ, სააკაშვილმა დღემდე ყველაფერი გააკეთეს იმისთვისაც, რომ სახელმწიფო ენად ქართული არ გამოცხადებულიყო, რაც თავისთავად ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არაა სავალდებულო ქართული ენის ცოდნა. ახლა რომ უთხრათ ილია ჭავჭავაძეს, “ოთარაანთ ქვრივი” ან “განდეგილი” აღარ გვჭირდება, რადგან მათი წამკითხავი საქართველოში აღარავინ არისო, მე დამგლეჯს თუ ამ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოში ქართული ენის მნიშვნელობის დაკნინება სცადეს?

რელიგიის შესახებ კანონის მიღებაც ვერა და ვერ შევძელით, რას აკეთებს პრეზიდენტი სააკაშვილი, დიდი ეროვნული გმირი და ილიას მიმდევარი, რატომ არ ღებულობს კანონს რელიგიის შესახებ და არ აცხადებს მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად?

იეღოველები რომ თავზე დაგვასვა, ეს კიდევ არაფერი, ახლა ბაპტისტების მომრავლებაზეც მოგახსენებთ. სააკაშვილს დავალებული აქვს, რომ ააღორძინოს საქართველოში ბაპტისტები, რადგან მისი მფარველი, ჯორჯ ბუში ითხოვს ამას. რადგან მისი ოჯახის მოძღვარი, მსოფლიოში ცნობილი ბაპტისტი ბილ გერმია. იცით, ბასილ მკალავიშვილის პროცესზე მოვიდა მალხაზ სონღულაშვილი და განაცხადა, როგორ აბრალებთ ასეთ ღვთისნიერ და ჩემს ქრისტესმიერ ძმას ბაპტისტების და იეღოველების წინააღმდეგ ბრძოლას და რატომ არ ათავისუფლებთ მას სასწრაფოდო, შემდეგ ასეთივე მასკარადი მოაწყობინეს იეღოველებს და მათაც იგივე ათქმევინეს. მაგრამ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი, მეორე დღეს სონღულაშვილის საიუბილეო საღამოზე მკალავიშვილის მრევლის ორი კინკილა წევრი მივიდა და მას ბასილ მკალავიშვილის ნაქონი ხატები გადასცეს. ეს ხელისუფლების შორს მიმავალი გეგმებია და ხელისუფლების მიზანია, ჯორჯ ბუშს მოახსენონ, რომ ბაპტისტები სჯობნიან მართლმადიდებლებს კაცთმოყვარეობასა და მიმტევებლობაშიო!

მკალავიშვილის გათავისუფლებას ისე ითხოვენ ბაპტისტები და იეღოველები, თითქოს, ამ ხელისუფლებას არ დაეჭირა მკალავიშვილი მათ წინააღმდეგ ბრძოლისათვის და ხელისუფლებას არ მოეწყო მისი მრევლისთვის ის სისხლიანი თავდასხმა. ამ სპექტაკლების მომწყობი პრეზიდენტი აცხადებს ილია ჭავჭავაძეზე, რომ გაცოცხლდეს მე დამლოცავს და გურამ შარაძეს გაგლიჯავსო!

1998 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანების სანაცვლოდ განა სააკაშვილმა და ლანა ღოღობერიძემ არ აგვკიდეს 400 ათასი თურქი-მესხის საქართველოში ჩამოსახლების ვალდებულება?!

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რა დღეში ჩააგდეს მათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამბობენ, რომ აჭარა გაათავისუფლეს, სინამდვილეში კი გაძარცვეს იქაურობა. გადასცა ვარშალომიძეს და ხაბაზს ეს რეგიონი და მიწასთან გაასწორეს ეს ილიას და აკაკის ნაფერებ-ნალოლიავები მხარე. აჭარა კიტოვან-იოსელიანის ბანდებს გადაურჩა, მაგრამ ახლა ახალმა ბანდებმა გაასწორეს მიწასთან. ასლან აბაშიძის მიერ ნაშენები ბათუმ-ქობულეთის გვირაბის საუკუნის მშენებლობა მიიწერეს, ისევე როგორც სამების ეკლესიის. ურცხვად მიბრძანდა იქ  პრეზიდენტი და არავის უხსენებია, რომ ამ ტაძრის აშენება პატრიარქის, ედუარდ შევარდნაძისა და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

ხალხი გაოცებული იყო, როგორ გაჭრა ამ ხელისუფლებამ ერთ დღეში ერედვსა და თამარაშენს შორის სასიცოცხლო გზაო, მაგრამ ეს მე 1990-91 წლებში, ივანე მაჩაბლის საზოგადოების თავმჯდომარეობის დროს გავაკეთე, მაშინ, როდესაც როკის გვირაბსა და ცხინვალს შორის, დიდი ლიახვის ხეობაში 10 ქართული სოფელი მოამწყვდიეს ოსებმა, მაშინ გავჭერით ეს გზა, იქ ყოველდღე მივდიოდი და შემქონდა ყველაფერი, რაც ომისთვის საჭიროა… გარდა ამისა, მორალურად ვიდექი ამ ხალხის გვერდით და ვუნერგავდი იმედს, რომ ისინი არ იყვნენ მიტოვებული საქართველოს ხელისუფლების მიერ. ახლა გამოდიან ესენი და უტიფრად აცხადებენ – ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთო. ახლა ილია ჭავჭავაძე რომ გაცოცხლდეს გურამ შარაძეს დაგლეჯს ერედვი-თამარაშენის გზის გაჭრისთვის, თუ ამათ საქართველოს დაჩოქებისთვის?

ერთადერთი ხელმოსაჭიდი იურიდიული არგუმენტი, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, გახლდათ ის, რომ პარლამენტში იყვნენ აფხაზეთის დეპუტაციის წარმომადგენლები, ადგნენ და გაყარეს ეს ადამიანები პანღურის კვრით.

არძინბა ეუბნებოდა შევარდანძეს, მოლაპარაკებაზე წამოვალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებ ჩემს ლეგიტიმურობას და დაითხოვ პარლამენტიდან აფხაზეთის დეპუტაციასო, შევარდნაძე ამაზე არ წავიდა, მაგრამ სააკაშვილმა ეს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განახორციელა. მივიღეთ გაბითურებული, დაჩოქებული და დამცირებული საქართველო.

“ჯორჯიან თაიმსის” ფურცლებიდან ვუყენებ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილს: თუ მე მგულისხმობდა, როცა “სუკის” აგენტებზე საუბრობდა, გამოვიდეს და დაამტკიცოს ჩემი აგენტობა, თუ არ მგულისხმობდა, მაშინ ბოდიში მომიხადოს! თუ სააკაშვილი ამას არ გააკეთებს, მთელ საქართველოს დავაყენებ ფეხზე და სასამართლოშიც ვუჩივლებ ილია ჭავჭავაძის თუ ჩემი შეურაცხყოფისათვის.

ჩემი შვილი იმიტომ წევს საფლავში, რომ ეს ვერ გამაკეთებინეს ვერასდროს და ახლა, როცა ასეთი ბრალდება ისმის ჩემი მისამართით, როგორ მივიდე ჩემი შვილის საფლავზე? იციან, ჩემი აგენტობის შესახებ მასალას ვერ მოიპოვებენ ვერც საქართველოში, ვერც რუსეთში, ვერც ამერიკაში და ვერც მთვარეზე.

ამიტომ სკდებიან გულზე და ასეთი წამოსროლილი ფრაზებით ცდილობენ ჩემი სახელის გატეხას.

სააკაშვილი გახლავთ “სუკისა” და “ცეერუს” აგენტი და რაკი ამას ვამბობ, მეც მომიწევს ამის დადასტურება. ახლა პოლიტიკურ შეფასებებს გავაკეთებ. რატომ შეიწუხა თავი რუსეთის ამხელა უწყების ხელმძღვანელმა იგორ ივანოვმა სააკაშვილის გაპრეზიდენტებისთვის და რატომ დარბოდა იგი შუამავლად კრწანისის რეზიდენციასა და პარლამენტს შორის? იმიტომ, რომ როგორმე ხონჩით მიერთმიათ პრეზიდენტობა სააკაშვილისთვის. თუ ის ამერიკის კაცი იყო, რატომ იკლავდა მისთვის რუსეთი თავს? ჩამოვიდა ვინმე ამერიკიდან ან დასავლეთ ევროპიდან? მაშინ იქნებ, ივანოვმა ახსნას, რატომ დარბოდა ის შევარდნაძესა და რევოლუციონერებს შორის? ისიც უნდა ითქვას, ვინ არის სააკაშვილის გამზრდელი ბიძა ალასანია? ეს კაცი არის კაგებეს ოფიციალური აგენტი, საბჭოთა კავშირისდროინდელი დიპლომატი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ის რომ კაგებეს აგენტი არ ყოფილიყო, ვინ გაუშვებდა მას დიპლომატად ამერიკაში? საინტერესოა, რატომ შეინარჩუნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მან ეს მდგომარეობა? რატომ იცავს კვლავ რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ამერიკაში? რა ისეთი დიპლომატია ალასანია, რომ ვერც რუსეთიდან გამოაგდეს და ვერც ამერიკიდან. ხომ იცით, მიშას ბიძამისმა ჩააბარებინა კიევში საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში.

გენერალი ვალერი ჩხეიძე რატომ მოხსნეს თანამდებობიდან იცით? იმიტომ, რომ მან სააკაშვილს სასაზღვრო ჯარში ოფიცრობის დამადასტურებელი სურათი ცხვირწინ აუფრიალა. მაშინ კი გაიღიმა მიშამ, მაგრამ მას ეს ღიმილი ჩხეიძეს თანამდებობის დატოვების ფასად დაუჯდა. “კაგებეს” ოფიციალურმა აგენტმა თემურ ალასანიამ მიშას კიევის “კაგებეს” სკოლაში მიაღებინა განათლება, “კაგებეს” სასაზღვრო ჯარში ამსახურა და მერე გადააფრინა ამერიკაში და იქ მიაღებინა განათლება. სააკაშვილის “ცეერუს” აგენტობას ადასტურებს ისიც, რომ რევოლუციონერ მიშას კოლინ პაუელმა უბრძანა და სასწრაფოდ დააკანონებინა იეღოველთა სექტა საქართველოში. მე პაუელი და ბუში კი არა, ათასი ნაბუშარი რომ ამდგარიყო ამერიკაში, მაინც ვერ მაიძულებდნენ იეღოველთა სექტის დაკანონებას. კი მაგრამ, სოროსი რატომ მე არ მაძლევს მილიონებს, სააკაშვილზე მდიდარი ვარ? მაგრამ ამ პირწავარდნილმა სატანისტმა გამოზარდა სააკაშვილი, ჟვანია, ლომაიები და მისთანები და დაგვასვა თავზე, ხმამაღლა განაცხადა, რომ მან დააფინანსა “ვარდების რევოლუცია”. ილია ჭავჭავაძეს “აბურთავებს” და სოროსს უძვრება? (ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის): ამერიკაში რომ ჩადის, ჯერ სოროსს სტუმრობს და მერე მიდის თეთრ სახლში და ამით ყველა ქართველი შეურაცხყოფილი უნდა იყოს. ის საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის “სუკის” აგენტიცაა და – “ცეერუსიც”.

– მაინც რატომ გააჟღერა მან თქვენზე ასეთი განცხადებები?

– იმიტომ, რომ მათ საეკლესიო გადატრიალების გეგმა ჩავუშალე. მას შემდეგ, რაც პატრიარქი წირვას ჩაატარებდა და მიხეილის “აღმაშენებლობის” ამბიცია დაკმაყოფილდებოდა, მოხდებოდა მათი პირადი მოძღვრის, დანიელ დათუაშვილის კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება. მე ეს შეთქმულება გავშიფრე, მათ მიერ დაგებულ მახეში გავაბი და სააკაშვილმა ეს ბოღმა გადმოანთხია.

 მაია მარგველანი
“ჯორჯიან თაიმსი”, 25 ნოემბერი – 2 დეკემბერი, 2004

 ***

ტურაშვილის სცენარის არ მწამს!

***

 გურამ შარაძის გამოსვლა ,,თავისუფალი აზრის დარბაზის’’ სხდომაზე

სტენოგრაფიული ჩანაწერი

კინოს სახლი, 2005 წლის 23 მაისი

 გურამ შარაძე: მოგესალმებით, მადლობელი ვარ მოწვევისათვის, აქ ნათქვამი სიტყვებისთვის. უამრავ ნაცნობ სახეს ვხედავ და მიხარია… ბოლოში გამოსვლა კარგიცაა და ცუდიც. კარგია იმით, რომ თუ ვინმეს რამე გამორჩა, იტყვი და ცუდია იმიტომ, რომ ყველაფერი უკვე ნათქვამია, რაც შენ უნდა გეთქვა. განსაკუთრებით ელიზბარ ჯაველიძემ მოგვხიბლა ყველა. ორ საკითხზე მაინც ვისაუბრებ. თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ მაილსმა მაინც მოიქნია კუდი და ყვარელში, მაინც და მაინც ილია ჭავჭავაძის სამშობლოში, მაინც და მაინც ბაპტისტური ეკლესია გახსნეს და თან ქალს ნიშნავენ წინამძღვრად. იქ სადაც დაირწა ილია ჭავჭავაძის აკვანი, და საიდანაც ჩამოაგდო ის ლევან ბერძენიშვილმა, იქ სატანა მაილსმა და გერმანიის ელჩმა დიდი ზარზეიმით გახსნეს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია. საბჭოთა კავშირმა ვერ მოახერხა ენებისა და ერების აკრძალვა. ევროგაერთიანება ახალი საბჭოთა კავშირიაო, აქ ბრძანეს. მხოლოდ საფრანგეთი აღუდგა წინ გლობალისტთა გეგმებს, მაგრამ ესენი ამბობენ, საფრანგეთი შეცდაო და ხელახლა აპირებენ რეფერენდუმის ჩატარებას. თქვენ, ალბათ, გახსოვთ ჟისკარ დესტენი, სისხლით და ხორცით ფრანგი არისტოკრატი, საფრანგეთის პრეზიდენტი. სწორედ, გლობალისტებმა და მასონებმა აიძულეს იგი, როგორც ევროკავშირის პარლამენტის თავმჯდომარეს, წინადადება შემოეტანა, უარეყოთ ქრისტიანობა, როგორც ევროპის რელიგია და შემოეტანათ მუსლიმანობაც. ორმა ქვეყანამ – პოლონეთმა და ესპანეთმა იხსნა ევროპა და შუა სხდომიდან, სავარძლიდან ააყენეს ჟისკარ დესტენი და გააძევეს. თქვენ ნუ იცინით მასონებზე და გლობალისტებზე – ეს სამყაროს დაღუპვაა.

ჩამოვიდა ბუში და ერთადერთი კარგი, რაც მან გააკეთა, შექმნა ცეკვა ,,ბუშური’’ – თეძოების უხერხული რხევით. მისი ცოლი უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა. ეს ყველაფერი ხდებოდა მაინც და მაინც თათრის მოედანზე:  აქეთ – სინაგოგა, იქით – მეჩეთი, აქეთ – გრიგონიარელები, იქით – მართლმადიდებლები, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’ ამას ხაზს უსვამდა. მერე გამოვიდა ვითომ მერი – ჭიაბერაშვილი: ,,მარტო ამერიკელები კი არა ხართ უეროვნებო, უისტორიო, მარტო ამერიკა კი არ არის არეულ-დარეული! თათრის ბაზარი, სოდომ-გომორი, ბაბილონის ცოდვა, ყველაფერი აქ ტრიალებსო’’.

(რეპლიკა დარბაზიდან: და ,,პოსეიდონი”)

– და ,,პოსეიდონი” იქვე!Qპოსეიდონის სახელი არ იციან, ჩემო ირაკლი, და ვერ გავაგებინებ. და მერე! საქართველოში ჩამოდის ზესახელმწიფოს მეთაური (მიყვარს – არ მიყვარს, ამას მნიშვნელობა არა აქვს) და ახვედრებენ (იმ ბავშვს რას ვერჩი) ჰომოსექსუალისტების ცეკვას! თუ ცეკვა იყო, ეჩვენებინათ ცეკვა ,,ქართული’’, სადაც მამაკაცი მამაკაცია და ქალი – ქალი.

გამოიყვანეს წურწუმია… აკვნიდან ვიცნობ, რა მომღერალიცაა! კი ბატონო, გაიმარჯვა და ახლა მდიდარი ქალია. გამოდის ლაზური სიმღერით. მე არ ვიცი ლაზური, თუმცა, ჩემი გვარია ერთ-ერთი ნიკო მარის მიერ ნახსენებ ტაო-კლარჯეთის უძველეს შვიდ გვარს შორის. თუ ბუშმა იცის ლაზური და კარგად გაიგო წურწუმიას ნამღერი და თუ იქ არის ჩადებული, რომ სააკაშვილმა და წურწუმიამ ომი გამოუცხადეს თურქეთის იმპერიას და ლაზისტანს გვიბრუნებენ, მე პირველი დავუკრავ ტაშს. მაგრამ ასეთი გაუგებარი შეხვედრა, გაუგებარი ცეკვა-სიმღერა რა არის?!

ვინ არის ნინო ბურჯანაძე, რომ მის კაბინეტში გადაუცუნცულა დავით ლორთქიფანიძემ ბუშს ხელოვნების მუზეუმის შედევრები. ეს არის იმის წინაპირობა, რომ გენერალური დირექტორი გუროვსაც ასევე გადაუცუნცულებს ჩვენს ეროვნულ სიწმინდეებს, რომლებიც შევარდნაძის დროს არ გავატანეთ! ვინ არის ეს დავით ლორთქიფანიძე?! ოთარ ლორთქიფანიძის ვაჟია, თავად პალეონთოლოგი და გეოგრაფი. იგი ზურაბ ჟვანიამ დანიშნა მუზეუმების გაერთიანების დირექტორად. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას მოპარეს ჯანაშიას მუზეუმი, აკადემიკოსობაც, პროფესორობაც, უნივერსიტეტიც არაფერს ნიშნავს… ჯავახიშვილი არავინ არის, მუსხელიშვილი არავინ არ არის… ლიპარტელიანებისთანა აკადემიკოსებია დღეს საქართველოში. აკადემიისთვის არც უკითხავთ და ჯანაშიას მუზეუმი მიართვეს გოკა გაბაშვილს.

ბუშმა არ იკადრა ხელოვნების მუზეუმში მოსვლა და სამუზეუმო ექსპონატები გადაურბენინეს ბურჯანაძის კაბინეტში. სააკაშვილს ვაშინგტონში, თეთრ სახლში მიურბენინებდნენ ამერიკის ეროვნულ სიმდიდრეს? თვითონ ბუშს თუ არ ეცალა, ცოლი მისულიყო. გამოფენა რომ გააკეთა დავით ლორთქიფანიძემ ჯანაშიას მუზეუმში, ის ეჩვენებინათ, – მე ბევრი რამ მინახავს და მსგავსს ვერსად იხილავთ, ვერც ლუვრში და ვერც ბრიტიშ-მუზეუმში.

დავით ლორთქიფანიძეს თავი მოაქვს დმანისში ორი მაიმუნის აღმოჩენით და თუ ის მათ ქართველებისა და თავის წინაპრად მიიჩნევდა, მიაჩნდეს, მაგრამ ჩემთვის, გურამ შარაძისთვის, ის ორი მაიმუნი წინაპარი არ არის. ამ ორი ორანგუტანგის აღმომჩენი დღეს ეროვნული მუზეუმის დირექტორია – კაცი გეოგრაფი. თუ თავი მოსწონს იმ სიმდიდრით, რაც გუდიაშვილისაგან დარჩა – მისი შვილიშვილის ქმარია – ეს, ბატონებო, ჩვენი განსასჯელი არ არის.

ერთი კარგი კი მოხდა – ბუშის ჩამოსვლამ თავი მოსჭრა სააკაშვილს: არცერთი პოლიტიკური დოკუმენტის გაფორმება, არცერთი პოლიტიკური განცხადება, არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო! ერთადერთი თქვა: მე ტელეფონის ნომერს ვუტოვებ თქვენს პრეზიდენტს, და დამირეკოს ხანდახანო.

დიდი მადლობა!

 მოძრაობა ,,წინ საქართველოს’’ გამოცემა
მაისი, 2005

 

 

მე ხელს ვადებ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და კულტურის უკულტურო მინისტრს!

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 25 ივლისის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ცოცხალია, ცხოვრობს თბილისში, გალის ქუჩა #19-ში, “კოლხურ კოშკში” და მას აქვს რაღაც დავალიანება ბინასთან და მიწის გადასახადთან დაკავშირებით და თუ 15 აგვისტომდე არ გადაიხდის 591 ლარსა და 60 თეთრს, სისხლის სამართლის და საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლებით დაისჯება.

ზვიად გამსახურდიას ცოცხლად ყოფნისა და “კოლხურ კოშკში” ცხოვრების ამბავი სიმართლეს რომ შეეფერებოდეს, ძალზე სასიხარულო იქნებოდა ყველა ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტისათვის, მაგრამ ეს გახლავთ ბოროტი ცინიზმი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნის აბუჩად აგდების მორიგი ცდა. იმის მაგივრად, რომ ამ ხელისუფლების მშობელი ხელისუფლების მიერ 1992 წლის 15 მარტს დამწვარი, გაძარცვული და განიავებული “კოლხური კოშკის” აღდგენისათვის თითს თითზე მაინც აკარებდეს დღევანდელი რეჟიმი, იგი ასეთ ბოროტ და ცინიკურ განცხადებებს აკეთებს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა იკადრა “რუსთავი-2”-მა!.. ტელევიზიით გაუშვეს საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელთა “ნააზრევი”, თითქოს ეს იყო მექანიკური შეცდომა, რომელიც კომპიუტერს მოუვიდა და მანქანამ ამოაგდო გადამხდელთა გვარ-სახელები, მათ შორის ზვიად გამსახურდიას გვარი და სახელი. ჯერ ერთი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ათასობით გადამხდელს შორის შესარევია? და მეორეც, – კომპიუტერმა ხელი გამოისხა და კალმით დაწერა ბარათზე “თბილისი, გალის ქუჩა #19-21. მოქალაქე ზვიად გამსახურდიას”? ეს კომპიუტერმა დაწერა თუ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელმა დაწერა ხელით? ყველაფერს კადრულობენ იმისათვის, რომ ერთმანეთში აზელილი თავიანთი სიბრიყვე და ბოროტება გაამართლონ და თავი იმართლონ! მე დაბალ ღობეზე გადახტომას არ ვარ ჩვეული და არც იმ ბარათის დამწერს და არც გამგზავნს იმდენად არ ვერჩი! აქ მე პირდაპირ ვადებ ხელს პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც შარშანდელი წელი ზვიად გამსახურდიას წლად გამოაცხადა და დღემდე თითი თითზე არ დაუკარებია პირველი პრეზიდენტის ხსოვნის უკვდავსაყოფად. მე ხელს ვადებ საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს, რომელმაც ფინანსთა მინისტრად ყოფნის პერიოდში შესანსლა, ჯიბეში ჩაიდო თუ მიითვისა საქართველოს ბიუჯეტში გამოყოფილი საგანგებო თანხა, რომელიც “კოლხური კოშკის” აღსადგენად ძლივს გავაგდებინეთ ხელიდან პარლამენტს. მე ხელს ვადეს ფინანსთა მინისტრს ალექსიშვილს, რომელიც ასევე არაფერს აკეთებს გადამწვარი “კოლხური კოშკის” ასაღორძინებლად. მე ხელს ვადებ კულტურის უკულტურო მინისტრს გოკა გაბაშვილს, რომელსაც, თურმე, ექვსი თვე სჭირდება იმის გამოსარკვევად, არის თუ არა “კოლხური კოშკი” კულტურის ძეგლი. მე ის კი არ მიკვირს, რომ ეს საქართველოში მოხდა, მე ის მიკვირს, ჩვენ თითს რატომ არ ვიშვერთ პრეზიდენტისკენ, მთავრობისკენ და რატომ არ მოვითხოვთ მათგან, რომ საქართველოს ეროვნული ბიუჯეტიდან გამოყონ რაღაც გროშები საქართველოს უპირველესი მწერლისა და კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიასა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას “კოლხური კოშკის” აღსადგენად.

თვითონ დაწვეს ამათ “კოლხური კოშკი” და ნამუსის მოსაწმენდად რომ მაინც აღადგინონ ეს დიდი კერა ქართული კულტურისა და ციტადელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა, ამის ნაცვლად ასეთ ბოროტ ხულიგნობებს სჩადიან!..

  გურამ შარაძე

 “ასავალ-დასავალი”, 15-21 აგვისტო, 2005

 

 მარიამ ციციშვილს პავლე ციციანოვ-ციციშვილი არ მოუკლავს!

ანუ პატარა გაკვეთილი საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ისტორიაში

 21 ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძრის წინ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამოსვენებისას, საქართველოს პრეზიდენტმა ისტორიული სიტყვის წარმოთქმისას, ისტორიული შეცდომები დაუშვა.

მისთვის პატარა გაკვეთილის ჩატარების მიზნით, “ჯორჯიან თაიმსს” აკადემიკოსი გურამ შარაძე ეწვია.

 გურამ შარაძე: 21 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაკრძალვის დღეს, სამების ტაძართან გამოსვენებისას გამართულ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო და სეფესიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

ჩამოთვალა რა ქაქუცასნაირი ეროვნული გმირები, რომლებიც ჰყვანდნენ საქართველოს, მან განაცხადა შემდეგი: “საქართველოს უკანასკნელ დედოფალთან, მარიამ ციციშვილთან შევარდა და შეურაცხყოფა უნდა მიეყენებინა გენერალ ციციანოვს, მაგრამ მარიამ დედოფალმა ამოიღო ხანჯალი, ჩასცხო და მოკლა ციციანოვი!”

ჯერ ერთი, ციციანოვი იყო გარუსებული ციციშვილი და ის თავის მოგვარეს შეურაცხყოფას (იგულისხმება მამაკაცის მიერ ქალზე ძალადობა) არ მიაყენებდა. მეორეც – მარიამ ციციშვილი ციციშვილს არ მოკლავდა.

აქ არის გაუგებრობის მთელი კასკადი და გული მტკივა, რომ ისტორიკოს-პროფესორ გიული ალასანიას პრეზიდენტად გამხდარი ვაჟიშვილი, საქართველოს ისტორიაში ასეთ ელემენტარულ უვიცობას ამჟღავნებს.

სინამდვილეში კი, აი, როგორ იყო:

მარიამ ციციშვილი გახლდათ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის მეუღლე. როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც 1801 წელს საქართველო რუსეთს შეუერთდა, დაიწყო სამეფო ოჯახის, ქართლ-კახეთის ბაგრატიონების პირწმინდად რუსეთში გასახლების პროცესი. რომანოვები, ამით, აჯანყების და ტახტის მაძიებლების თავიდან აცილებას ცდილობდნენ.

ბევრი გადაასახლეს კიდეც. გიორგი XII გარდაცვლილი იყო, ხოლო მისი მეუღლე მარიამ დედოფალი საქართველოს არ ტოვებდა.

ამ პერიოდისთვის საქართველოში მყოფ გენერალ-მაიორ ივანე ლაზარევს (რომელიც, როგორც ამბობენ, წარმოშობით სომეხი იყო, 1799 წელს შემოუძღვა რუსის ჯარს საქართველოში გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე და მოხდა საქართველოს ოკუპაცია, ხოლო გიორგი XII-ს გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტის გაუქმება და 1801 წელს საქართველოს სრული ანექსია) ევალებოდა ბაგრატიონების გასახლება რუსეთში, კერძოდ, პეტერბურგსა და მოსკოვში.

ამათ შორის ყველაზე საშიში იყო უკანასკნელი დედოფალი მარიამ ციციშვილი.

ლაზარევმა უბრძანა თავის ხელქვეითებს დედოფლის ძალით გამოთრევა, რაც მათ ვერ შეძლეს.

გენერალ-მაიორი ლაზარევი თავად შევარდა მის ოთახში  და ძალადობით გამოყვანის მცდელობისას, დედოფალმა იშიშვლა ხანჯალი და განგმირა გენერალი ლაზარევი!

რატომ აერია პრეზიდენტს ლაზარევი ციციშვილში?

პავლე ციციანოვის წინაპრები ვახტანგ VI-ს ახლდნენ რუსეთში და თვითონ პავლე რუსეთში დაიბადა, ამიტომ გარუსებული იყო და 1803 წელს გამოგზავნეს საქართველოს მთავარმართებლად.

იმდენად ცბიერი პიროვნება გახლდათ, რომ მან მოახერხა არა მარტო ქართლ-კახეთზე კონტროლის მოპოვება, არამედ კავშირები გააბა იმერეთის სამეფოსთან, სამეგრელოს სამთავროსთან და მათი რუსეთის მფარველობის ქვეშ შეყვანა მოახერხა, თუმცა, ავტონომიები შეუნარჩუნა.

ამასობაში, გენერალ ციციანოვს ჰქონდა მოლაპარაკებები ბაქოში, მაგრამ თათრებმა აჯობეს ვერაგობაში, ჩაიტყუეს თავისთან და ბაქოს ციხის მისადგომებთან, მოლაპარაკებისას ვერაგულად  მოკლეს. თავი მოჰკვეთეს და თავის მბრძანებელთან გაგზავნეს, ხოლო უთავო ტანი სიონის ტაძარშია დაკრძალული.

მარიამ ციციშვილმა გენერალ-მაიორი ივანე ლაზარევი მოკლა 1803 წლის 18 აპრილს თბილისში, ხოლო პავლე ციცანოვის მკვლელობა მოხდა ბაქოში რამდენიმე წლის შემდეგ, 1806 წლის 8 თებერვალს და ქართველებს მით უმეტეს თანამოგვარე დედოფალს, ის არ მოუკლავს!

სამარცხვინოა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ეროვნულ დღესასწაულზე გამოდის და ასეთ ელემენტარულ უცოდინრობას ამჟღავნებს. მასთან ერთად მეტი პასუხისმგებლობა მართებს მის დედასაც – ისტორიკოს-პროფესორ გიული ალასანიასაც.

– გეთანხმებით, რომ აღზრდას და განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მხოლოდ დედას ხომ ვერ დავაბრალებთ ყველაფერს? პრეზიდენტს უნდა ჰყავდეს მრჩევლები, რეფერენტები, ვინც გააკონტროლებენ მის სადღესასწაულო სიტყვას…

– თქვენ უფრო შორს წახვედით… უნდა გითხრათ, რომ როდესაც პრეზიდენტის ისტორიკოსი დედა ვერ ახერხებს ელემენტარული ისტორიული ცოდნა მისცეს თავის შვილს, ყველა კარგად ვხედავთ რა გარემოცვაც ჰყავს პრეზიდენტს, რომელთა მშობლები არც ისტორიკოსები არიან და არც გიული ალასანიები…

 

აქვე გთავაზობთ გამოსაქვეყნებლად გენერალ ციციანოვის, გენერალ ლაზარევის, მარიამ დედოფლის პორტრეტებს და, რაც ყველაზე მთავარია ჩემს მიერ პარიზიდან ჩამოტანილ, ვიკტორ ნოზაძის არქივში აღმოჩენილ ნახატს – როგორ კლავს მარიამ ციციშვილი გენერალ ლაზარევს.

იქნებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვალსაჩინოების გაკვეთილით მაინც დაიმახსოვროს, ვინ ვინ არის და ვინ ვინ მოკლა!

P.S. კიდევ არაფერს ვიტყოდი, თუნდაც ქაქუცას ხათრით, ეს პირველი შემთხვევა რომ ყოფილიყო:

ყველას კარგად გვახსოვს, როგორ შეუქო პრეზიდენტმა ფერეიდნელებს ქართველობა იმის გამო, რომ ისინი 300 წელია არ ივიწყებენ და მღერიან “სულიკოს” თურმე, პრეზიდენტის მტკიცებით, აკაკი წერეთელს და ვარინკა მაჭავარიანს “სულიკო”, შაჰ-აბასის დროს, მე-17 საუკუნეში შეუქმნიათ!

 ირმა ვარსიმაშვილი
“ჯორჯიან თაიმსი”, 24 ნოემბერი – 1 დეკემბერი, 2005

 

 

საქართველოს პრეზიდენტი შოთა რუსთაველს გრიგოლ ორბელიანისგან ხომ უნდა არჩევდეს?!

 მეორე გაკვეთილი პრეზიდენტს, ოღონდ, ამჯერად, ქართულ ლიტერატურაში

 საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. აკადემიკოსი გურამ შარაძე მას ახალ გაკვეთილს უტარებს.

გურამ შარაძე: ხშირად გაიგონებთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ახალგაზრდა და განათლებულია. თუ რაიმე ეშლება პოლიტიკაში, დაღვინდება და გამოასწორებს, მაგრამ განათლებას ვერ წაართმევთო!

არ მესმის ასეთი ადამიანების მტკიცების საფუძველი. რაში ჩანს პრეზიდენტ სააკაშვილის განათლებულობა? მართალია, ის არც ისტორიკოსია და არც ფილოლოგი, მაგრამ იურისტი ხომ არის? მით უმეტეს, ამბობს, რომ მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტის დიპლომი აქვს და მათ შორის, ამერიკულიც.

როგორც იურისტის, მისი განათლება გამოჩნდა გასულ წელს, როდესაც 8 ივნისის ბრძანებულებით გააუქმა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი! ახლა რომელიმე იურისტმა ეს ბრძანება რომ გამოიყენოს თავისი ნამდვილი მნიშვნელობით, უნივერსიტეტი გაუქმებულია: წაართვა მას ავტონომია, წესდება; გააუქმა სამეცნიერო საბჭო. რექტორის არჩევნები მეორე წელია არ ჩატარებულა.

აღარაფერს ვამბობ დაჩოქებულ, გაყრილ, გაუბედურებულ პროფესორ-მასწავლებლებზე! ეს უკვე ზნეობის და მორალის სფეროა.

მისი სრული უვიცობის ფაქტები ისტორიაში, თქვენი გაზეთის ფურცლებზე მოვიყვანე, როდესაც განაცხადა, რომ, თითქოს, საქართველოს უკანასკნელმა დედოფალმა მარიამ ციციშვილმა, გენერალი ციციანოვი მოკლა!

სინამდვილეში მარიამ დედოფალმა მოგვარე კი არ მოკლა, არამედ გარუსებული სომეხი გენერალი ლაზარევი! ამ ფაქტით, მან, გარდა უცოდინრობისა, უზნეობის დემონსტრირებაც მოახდინა: ქართველ დედოფალს ქართველი, სისხლით ნათესავი მოაკვლევინა და გენერალს კი ბიძაშვილის ბუდუარში შევარდნა დასდო ბრალად!

ახლა კი უმთავრესზე გადავიდეთ: შეიძლება ციციშვილების ბიძაშვილობაზე წარმოდგენა არ გქონდეს, მაგრამ შოთა რუსთაველის და გრიგოლ ორბელიანის შესახებ ხომ უნდა გქონდეს გაგონილი?

მის სკოლის მასწავლებელს არ რცხვენია? გამოდის და აბრახუნებს, რომ მიშიკო ნიჭიერი, ფრიადოსანი და ყველაზე საუკეთესო მოსწავლე იყოო. ასეთი უვიცი რომ გამოზარდა, უნდა იმალებოდეს და არა თავი მოსწონდეს! სწორედ ამიტომ მოვუწოდებ, დღესვე დატოვოს სკოლა და უარი თქვას მასწავლებლობაზე ასეთი უვიცი პრეზიდენტის გამოზრდისთვის და მისი ქება-დიდებისთვის!

პირველად გუშინ გავიგე, რომ თურმე შოთა რუსთაველი გრიგოლ ორბელიანი ყოფილა! ან, უფრო სწორად, შოთა რუსთაველი გრიგოლ ორბელიანის ფსევდონიმი ყოფილა!

გამოვიდა თავისი დამაგვირგვინებელი სიტყვით და აპოთეოზი დაამთავრა ბრძნული დამოძღვრით: რუსთაველმა ჯერ კიდევ რვაასი წლის წინ თქვა, რომ “მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას…”-ო.

პრეზიდენტს არ გაუგონია, რომ ეს სიტყვები რუსთაველს კი არა, რომანტიკოს პოეტს გრიგოლ ორბელიანს ეკუთვნის და იგი “ვეფხისტყაოსანში” კი არა, “სადღეგრძელოში” წერია. მისმა მაქებარმა, უვიცმა მასწავლებელმა, რომელიც მას ხუთებს უწერდა ქართულ ლიტერატურაში, თურმე, პროგრამით გათვალისწინებული “სადღეგრძელოც” არ ასწავლა.

მაგრამ რა უნდა გაგიკვირდეს იმ პრეზიდენტისაგან, რომელმაც რუსთაველი და ორბელიანი არ იცის, სამაგიეროდ, სულ ზეპირად არაკრაკებს ვიღაც კრიმინალი ციმბირელი საქმოსნის ლექსებს პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან?!

როგორიც პრეზიდენტია, ისეთივეა მისი გარემოცვაც: მხედველობაში მყავს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ფილოლოგი (თუ არ ვცდები, დოქტორია თუ კანდიდატი), პროფესორი კოტე გაბაშვილი. აი, ეს კაცი, უნივერსიტეტის დაარსების დღეს (8 თებერვალს) გამოდის უტიფრად, ძველბიჭური ტონით პირველ არხზე და აცხადებს უნივერსიტეტის შესახებ, რომ “აქ მოღვაწეობდა კორნელი კეკელიძე, რომელმაც დაწერა ქართული ლიტერატურის ისტორიის ექვსი ტომი”-ო. არადა, აკად. კორნელი კეკელიძემ მხოლოდ ორი ტომი დაწერა, რომელიც ითვლება ქართული ლიტერატურათმცოდნეობის უდიდეს განძად! კოტე გაბაშვილს რომ არ წაუკითხავს, არც უნახავს ეს ტომები?

– ანუ გაუნათლებელთა აღლუმია საქართველოში?

– დიახ, გაუნათლებელთა აღლუმია და უტიფრების, უზრდელების დოღი! ქართველი ხალხის სიბრმავით არჩეული პრეზიდენტი და პარლამენტი ასე გვინადგურებს ქართული განათლების, კულტურის, ლიტერატურის ისტორიას და ასე დაგვცინიან!

 ირმა ვარსიმაშვილი
“ჯორჯიან თაიმსი”, 16-23 თებერვალი, 2006

One Response to სხვადასხვა

  1. StarcHac ამბობს:

    I am not sure where you’re getting your info, but good topic. I needs to spend some time learning more or understanding more. Thanks for excellent info I was looking for this info for my mission.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s