რადიო ,,თავისუფლება, ,,თავისუფლების ინსტიტუტი”, სოროსი

  
• ,,შარაძე ჟურნალისტის წინააღმდეგ’’, “დილის გაზეთი”, 21 იანვარი, 1999
• ,,შარაძეს “თავისუფლების” გაუქმება სურს’’, “7 დღე”, 22-23 იანვარი, 1999
• ,,ახლა ჩვენი დროა – ფიქრობს გურამ შარაძე’’, “დილის გაზეთი”, 24 აპრილი, 1999
• რუბრიკა ,,კვირგვინოსნები”, “ასავალ-დასავალი”, 15-21 ივლისი, 2002
• ,,გურამ შარაძე “კაგებეშნიკი” არ ყოფილა’’, “რეზონანსი”, 3 სექტემბერი, 2002
• ,,გვინდა ჩვენ ურელიგიო, უენო და უეროვნებო სახელმწიფო?’’, “ალია”, 8-9 მაისი, 2003
• ,,შარაძე პრომასონურ ძალებს ამხელს’’, ,,ტრიბუნა’’, 30 ივლისი, 2003
• ,,სააკაშვილი შეიძლება შარში გაეხვიოს’’, ,,ახალი თაობა”, 24 იანვარი, 2004 
• ,,ჩამოვა თუ არა სააკაშვილის ინაუგურაციაზე სოროსი?’’, ,,ალია”, 24-26 იანვარი, 2004
•,,შესდექ, უფსკრულისაკენ მიექანები!”, ,,ერთგული” შარაძე სააკაშვილს აფრთხილებს, ,,რეზონანსი”, 24 იანვარი, 2004

***

შარაძე ჟურნალისტის წინააღმდეგ

დღეს რადიო “თავისუფლების” თბილისის ოფისის წინ საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძე საპროტესტო აქციას აპირებს.
აქცია რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტის დავით პაიჭაძის პროვოკაციული და ანტიქართული გამოხტომის საწინააღმდეგოდ გაიმართება, – განაცხადა შარაძემ.
მისი თქმით, 18 იანვარს პაიჭაძე მოუწოდებდა, გაელაშქრებინათ შარაძის პოზიციის წინააღმდეგ, რომელიც პირადობის მოწმობაში ეროვნების რეკვიზიტის აღდგენას მოითხოვს. ამ თემაზე ჩაწერილი შარაძის ინტერვიუ 19 იანვარს ეთერში არ გადასცეს, რაშიც პარლამენტარი დავით პაიჭაძესა და ოფისის ხელმძღვანელს თამარ ჩიქოვანს ადანაშაულებს.

შარაძე პაიჭაძეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ძალების დაქირავებულ ჟურნალისტს უწოდებს და რადიო “თავისუფლების” ქართული რედაქციიდან მის გაძევებას მოითხოვს.

მისი თქმით, რადიო “თავისუფლების” თბილისის წარმომადგენლობა ჯაშუშურ ქსელს წარმოადგენს, რომელიც თბილისიდან ცენტრალურ ოფისს ანტიქართულ ინფორმაციებს აწვდის.

,,პრაიმ-ნიუსი”
“დილის გაზეთი”, 21 იანვარი, 1999

 

შარაძეს “თავისუფლების” გაუქმება სურს

საქართველოში პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტებში ეროვნების აღმნიშვნელი რეკვიზიტის გაქრობის საკითხმა კარგა ხანია დატოვა პოლიტიკური დაპირისპირების არეალი, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გასცდა და რადიო “თავისუფლების” გავრცელებულ ინფორმაციებს, როგორც სკანდალი, ისე შეემატა. სამშაბათს, დაახლოებით 5 საათზე გურამ შარაძე რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროში ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ასაბუთებდა, როცა რადიო “თავისუფლების” მუშაკთან, დათო პაიჭაძესთან შელაპარაკება და გაწევ-გამოწევა მოუვიდა. შარაძე პაიჭაძეს სამსახურის დატოვებით დაემუქრა და გუშინ “ზარია ვოსტოკას” შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე პირდაპირ განაცხადა: ალბათ, თუ ასე გაგრძელდა, “თავისუფლების” თბილისის ბიუროს დახურვას მოვითხოვთო! აქციაზე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შარაძე პაიჭაძის გავრცელებულმა ინფორმაციამ გაანაწყენა. კერძოდ, მისმა ერთმა ფრაზამ, – “ნაციონალიზმის თავშესაფარში მოქცეული გურამ შარაძე და მისი თანამოაზრეები”. გურამ შარაძე დარწმუნებულია, რომ პაიჭაძემ შეასრულა ის მუქარა, რომელიც ამ უკანასკნელმა მას სტუდიაში უთხრა: “მე აქ ვმუშაობ და თქვენს ამ გადაცემას პრაღაში არ გავაშვებინებო”. მას მიაჩნია, რომ რადიო “თავისუფლების” პრაღის ბიუროს უფროსი გულიკო პატარიძე შეცდომაში შეიყვანეს და “თავისუფლებამ” არ გადმოსცა შარაძის 15 წუთიანი ინტერვიუ, რომელიც პასპორტში ეროვნების აღმნიშვნელი რეკვიზიტის არსებობის აუცილებლობას ეხებოდა და აქციის ორგანიზატორის სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზნად ისახავდა პაიჭაძის დემაგოგიის განეიტრალებას. რაც ყველაზე საინტერესოა, საპროტესტო აქციაზე დავით პაიჭაძეც მოვიდა. გურამ შარაძე მარტო არ იყო. მას თან ახლდნენ მწერალი რეზო მიშველაძე და ყველასათვის კარგად ცნობილი მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე. გურამ შარაძე ამტკიცებს, რომ მისი ინტერვიუ მიზანმიმართულად, შეგნებულად დაჩეხეს, რომ მას სტუდიაში შეეჭრა დავით პაიჭაძე და ხელი შეუშალა. თავისი სიტყვების დასამტკიცებლად შარაძეს მოწმეებიც მოჰყავს, – რადიო “თავისუფლების” პრაღის ბიუროს უფროსის გულიკო პატარიძის ღვიძლი ძმისშვილი, მრეწველობის მინისტრის მოადგილე თამაზ პატარიძე და პრეზიდენტის დაცვა. აქციაზე დავით პაიჭაძეს, რომელიც “თავისუფლების ინსტიტუტის”  წარმომადგენლებით იყო გარშემორტმული, შარაძემ შეახსენა, რომ რადიო “თავისუფლება” 1952 წელს დაარსდა და მისი პირველი დიქტორები გრიგოლ რობაქიძე, ვიქტორ ნოზაძე, მიხაკო წერეთელი, ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, კონსტანტინე კანდელაკი იყვნენ. ორატორის ცნობით, ეს ადამიანები საქართველოს სიყვარულით იწვოდნენ და მათი ცხოვრება დღევანდელი “თინეიჯერებისთვისაც” უნდა გახდეს სამაგალითო, არადა, ეს უკანასკნელნი ანტისაპრეზიდენტო, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან. რეზო მიშველაძემ და ზურაბ ქაფიანიძემ საპროტესტო აქციაზე ძირითადად ჩვენს წარმომავლობაზე, ტრადიციაზე, ფესვებზე გაამახვილეს ყურადღება. “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლები ხალხს უხსნიდნენ, რომ თუ პასპორტში ეროვნება არ დაფიქსირდება, ამით ქვეყანა თავზე არ დაგვემხობოდა. პირიქით, სეპარატიზმის საფრთხე მოისპობოდა. ნაწილობრივ შესაძლოა ეს აზრი გაიზიარო, მაგრამ თუ 1992 წელს პიროვნების დამადასტურებელ მოწმობებში “ქართველი”, “რუსი”, “სომეხი”, “აფხაზი” გვეწერა, განა მარტო ამისთვის დაიწყო ომი აფხაზეთში? აქციას პოლიცია აკონტროლებდა, თუმცა, მღებრიშვილისთვის თვალი არსად მოგვიკრავს.

დავით პაიჭაძე: სამშაბათს, 5 საათზე გურამ შარაძე მოვიდა რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროში ინტერვიუს ჩასაწერად. როცა იგი საუბარს მორჩა, მე სტუდიაში შევედი და თავი წარვუდგინე, მე გახლავართ დავით პაიჭაძე-მეთქი. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ინტერვიუში შარაძე ჩემს სახელს ყოველ ბრუნვაში ატრიალებდა. შარაძემ მითხრა, რომ დამეტოვებინა ოთახი. მე ვუპასუხე, თუ ვინმე დატოვებდა ამ ოთახს, მხოლოდ შარაძე, რადგან იგი ინტერვიუს მორჩა და მე ჩემი სამუშაო ოთახი უნდა დამეკავებინა. ამის შემდეგ მან ხელი მკრა, ჩვენს შორის მაშინვე ექვსი კაცი ჩადგა. მათ შორის ჩვენი ბიუროს ხელმძღვანელი თამუნა ჩიქოვანი. ფიზიკურ შეხებამდე საქმე არ მისულა. შარაძემ ნაძირალა მიწოდა და ჩემთან საუბარი იმით დაამთავრა, რომ მითხრა: ჩემი შვილი მიწაში უნდა იწვეს და შენ ცოცხალი უნდა დადიოდე? ჩვენ მეტ-ნაკლებად ინტერვიუ გადავეცით პრაღაში. მათ მოუსმინეს და გადაწყვიტეს, რომ არ გაეშვათ, რადგან შარაძის ინტერვიუს 2/3 რადიო “თავისუფლების” უდიერად მოხსენიებას ეძღვნებოდა და რადიო “თავისუფლება” არ გახლავთ ის ორგანო, რომ ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს ის, ამის უფლებას მისცემს.

დიტო ჩუბინიძე
“7 დღე”, 22-23 იანვარი, 1999

 

ახლა ჩვენი დროა – ფიქრობს გურამ შარაძე

“ახლა ჩვენი დროა” – მღერის ჩვენს სტუდენტობაში საკმაოდ პოპულარული მუსიკალური ჯგუფი “სახე”. ახლა ჩვენი (თქვენი) დროა – შეუძახა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს გურამ შარაძემ და პოლიტიკური აქტივობისკენ მოუწოდა: “მოგიწოდებთ სამშობლოს დაცვისაკენ, ტრიბუნისაკენ, მაშინ, როდესაც ქვეყანში განუკითხაობა მძვინვარებს, როდესაც ხელისუფლება და გარკვეული ძალები ქართველი ერის თვითმყოფადობასა და ტრადიციებს ხელყოფს, სტუდენტობას დუმილის უფლება არ აქვს”. ეს გარკვეული ძალები კი, თურმე, საქართველოში “მასონთა” აგენტურა, ,,თავისუფლების ინსტიტუტი’’, რადიო “თავისუფლება” და მათი მხარდამჭერები ყოფილან. რას იზამს სტუდენტობა, ყურად იღებს შარაძის მოწოდებას და გამოუცხადებს ჯვაროსნულ ომს “მასონებს”? – ამ კითხვას პასუხს მომავალი გასცემს. მაგრამ ერთი კი არის, რა გვეშველებოდა ქართველებს ბატონ შარაძისნაირი ფხიზელი თვალის მქონენი რომ არ გვყავდეს, აგენტებით ხომ გამოტენილია საქართველო და თურმე, “მასონთა” აგენტებიც ბლომად გვყოლია. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, ისინი შარაძის ძალისხმევით მხილებულნი და გამოვლენილნი არიან. იმედს ვიტოვებთ, რომ ღU<-სა და ჭHE-ს აგენტებისთვისაც მოიცლის ბატონი შარაძე. ახლა კი ისღა დაგვრჩენია, ჩვენც და შარაძემაც თამამად შევუძახოთ მათ, ვისაც ეგების, ესე იგი, ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებს (მოგეხსენებათ, აგენტების იზოლირება, გაუვნებელყოფა მათი პრეროგატივაა) ახლა თქვენი დროა. ნახევარი საქმე გაკეთებულია. მიხედეთ საქმეს, ბატონებო!

ზურაბ ხაჭაპურიძე
“დილის გაზეთი”, 24 აპრილი, 1999

 

გურამ შარაძე, პარლამენტარი: მირჩევნია, აქვე მომკლან, ვიდრე გავუჩუმდე ანტითავისუფლების ინსტიტუტს და მის უკან მდგომ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ხვალ მთელი საქართველოს ხელში ჩაგდებას ლამობენ.
      
“სარკე”
“ასავალ-დასავალი”
, 15-21 ივლისი, 2002
რუბრიკა ,,კვირგვინოსნები”

 

გურამ შარაძე “კაგებეშნიკი” არ ყოფილა

დეპუტატ გურამ შარაძისა და ,,თავისუფლების ინსტიტუტის’’ წარმომადგენლის, ლევან რამიშვილის დავამ მიხეილ ოსაძის საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამო კულმინაციას მიაღწია. რამიშვილი შარაძეს “კაგებეშნიკობაში’’ ამხელდა. ოსაძის კომისიამ დაასკვნა, რომ რამიშვილის მხილება სიმართლეს არ შეესაბამება.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე წლის წინათ საქართველოს უშიშროების არქივის ნაწილი, რომლის გატანა რუსეთში ვერ მოხერხდა, “ნასედკების” საბუთებთან ერთად განადგურდა. სკეპტიკოსებმა შეიძლება თქვან კიდეც, საბუთები განადგურებულია და შარაძის “კაგებეშნიკობის” უარყოფა სინამდვილეს არ შეესაბამებაო.
“რეზონანსის” ამ კითხვაზე პასუხის სახით შარაძემ სკეპტიკოსებს, ,,თავისუფლების ინსტიტუტსა’’ და “სოროსის ფონდის’’ წარმომადგენლებს ურჩია, ვლადიმერ პუტინს მიმართონ განცხადებით, რათა რუსეთის პრეზიდენტმა მათ საქართველოდან გატანილი ჩვენი უშიშროების არქივის ნაწილის გადასინჯვის უფლება მისცეს. “აგენტი უნდა იყო, რომ გამხილონ… ოკეანისგაღმა მათი “კარტოჩკების” მოპოვება შეიძლება, ჩემსას კი ვერ იპოვიან”, – აცხადებს შარაძე.
გთავაზობთ ინტერვიუს დეპუტატთან, რომელიც ოსაძის კომისიის დასკვნის შემდეგ პარლამენტს დაუბრუნდება.

“რეზონანსი”: ბატონო გურამ, მოულოდნელი იყო თუ არა მიხეილ ოსაძის კომისიის დასკვნა თქვენთვის?
გურამ შარაძე
: ჩემთვის ეს დასკვნა დღესავით ნათელი იყო. იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვერავითარი კომისია ვერ აღმოაჩენს, რაც არ უნდა დიდი იყოს ,,თავისუფლების ინსტიტუტის’’ წარმომადგენლების მსგავსი დემაგოგების მცდელობა და სურვილი, რაიმე იპოვონ. თუმცა, ადამიანურად უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ მიხეილ ოსაძესა და მის კომისიას ამ საკითხის დეტალური და სერიოზული შესწავლისთვის. ვფიქრობ, ოსაძის კომისია არის ნიმუში, თუ როგორ უნდა მუშაობდნენ საქართველოში სამართალდამცავი და სამართლის დამდგენი სტრუქტურები.
“რ”: დაბრუნდებით პარლამენტში?
გ. შ.:
მე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 4 ივნისს განვაცხადე, რომ თუ ის, რაც “რუსთავი-2”-ის პირდაპირ ეთერში ,,თავისუფლების ინსტიტუტის’’ წარმომადგენელმა ლევან რამიშვილმა განაცხადა, სიმართლეს შეესაბამება, მე არ მაქვს უფლება დავრჩე საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო თუ ეს სიმართლეს არ შეეფერება, შეურაცხყოფისთვის მისმა ავტორმა უნდა აგოს პასუხი-თქო. ჩემი ამ განცხადების საფუძველზე დაევალა ამ საკითხის შესწავლა ოსაძის კომისიას. ამ კომისიის დასკვნაზე იყო დამოკიდებული, დავუბრუნდებოდი თუ არა პარლამენტს. მას შემდეგ, რაც კომისიამ დაადგინა, რომ რამიშვილის ბრალდება “ბოროტ ცილისწამებას” წარმოადგენს და სიმართლეს არ შეესაბამება, მე მაქვს მორალური უფლება, დავუბრუნდე პარლამენტს და გავაგრძელო ჩემი მოღვაწეობა.
“რ”: რაც შეეხება ლევან რამიშვილს?
გ. შ
.: მე, რა თქმა უნდა, ამით არ დავკმაყოფილდები და ლევან რამიშვილს პასუხს სასამართლოში მოვთხოვ. კომისიის გადაწყვეტილებას არ დავლოდებივარ და სარჩელი შევიტანე ვაკე-საბურთალოს სასამართლოში ერთი თვის წინ. ეს საქმე დაეწერა მოსამართლე თემურ ტაბატაძეს. აღმოჩნდა, რომ ტაბატაძე არის ტენდენციური და არაობიექტური. ამის გამო მის წინააღმდეგ იუსტიციის საბჭოში ადმინისტრაციული დევნა გამოვაცხადე. იუსტიციის საბჭოსა და მისი თავმჯდომარის, პრეზიდენტ შევარდნაძის წინაშე დავსვი ტაბატაძის პასუხისმგებლობის საკითხი, სასამართლო პროცესზე კი აცილება მივეცი. საკასაციო სარჩელი შევიტანე საოლქო სასამართლოში, სადაც სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება.
გარდა ამისა, გენერალურ პროკურატურაში შევიტანე განცხადება, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე “სოროსის” ფონდის წარმომადგენლის მიერ “მაგთიკომის” საშუალებით გამოგზავნილი განცხადების – “სიკვდილი ფაშისტ გურამ შარაძეს, გაუმარჯოს თავისუფლების ინსტიტუტს!” გამო. ამ ბოროტმოქმედების ჩამდენის ვინაობა გარკვეულია, მაგრამ, სამწუხაროდ, პროკურატაურის გამომძიებელი გოდერძი ძიმისტარაშვილი ტაბატაძის მსგავსად ვერ აღმოჩნდა პროფესიული მოწოდების დონეზე, რის გამოც გენერალურმა პროკურორმა გაბრიჩიძემ მას საქმე ჩამოაშორა. “გამომძიებელ” ძიმისტარაშვილს პასუხს მოვთხოვთ. საქმე კი აღიძვრება “სოროსის” ფონდის “ბოროტმოქმედი” თანამშრომლის, ქაროსანიძის წინააღმდეგ.
“რ”: ოსაძის კომისიის დასკვნა თქვენთვის დიდი კოზირია…
გ. შ
.: ეს კოზირი კი არა, დოკუმენტია. მსოფლიოში ვერც ერთი სასამართლო ვერ ინატრებდა უკეთეს დოკუმენტს, რაც ოსაძის კომისიამ წარმოადგინა. გარდა ამისა, ლევან რამიშვილმა გააკეთა განცხადება, თითქოს მე სამაჩაბლოში არ ვყოფილვარ და არ მიბრძოლია და პრეზიდენტმა ტყუილად მომანიჭა ვახტანგ გორგასლის ორდენი. რამიშვილის ამ განცხადებამ მთელი სამაჩაბლოს გულისწყრომა გამოიწვია. ეს ყველაფერი დასაბუთებული მაქვს, როგორც ვიდეო და აუდიო კასეტებით, ისე წერილობითი სახით.
“რ”: ბატონო გურამ, რამდენიმე წლის წინათ უშიშროების არქივი განადგურდა. როცა ლუსტრაციის კანონის მიღების საკითხი იდგა დღის წესრიგში, უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნები ყოველთვის აცხადებდნენ, რომ არქივის განადგურების გამო შეუძლებელია უშიშროების აგენტების გამოვლენა. სკეპტიკპოსებმა შეიძლება ოსაძის კომისიის დასკვნა ზერელედ ჩათვალონ, რადგან დამადასტურებელი დოკუმენტები გამქრალია…
გ. შ
.: ამის თაობაზე ჰკითხეთ მიხეილ ოსაძეს. ამ საკითხებში გარკვეული არ ვარ. არ მაინტერესებს, ვისი რა განადგურდა. როგორც ილია ჭავჭავაძეს მილიონი წლის შემდეგაც ვერავინ დაუდასტურებს მეფის “ოხრანკის” აგენტობას, ისე გურამ შარაძეს ვერავინ აღმოუჩენს ამგვარ რამეს. როგორც საქმეში ჩახედული პირები ამბობენ, ყველაფერი შენახულია. აგენტი უნდა იყო, რომ გამხილონ.
არქივის ნაწილი საქართველოდან რუსეთშია გატანილი. ,,თავისუფლების ინსტიტუტს’’ ამერიკა იმდენ გრანტს აძლევს, რომ მთვარეზე და მარსზე გაფრინდებიან, ოღონდ შარაძე გააშავონ. ვურჩევ მათ, რომ რუსეთის პრეზიდენტის წინაშე წარსდგნენ განცხადებით, იქნებ, ვლადიმირ პუტინმა მათ არქივის ნაწილის ნახვის უფლება მისცეს.
“სოროსის” ფონდს, რომელიც ასე გაბოროტებულია ჩემზე, მის თანამშრომლებსა და ქაროსანიძისნაირ ნაძირალებს არ გაუჭირდებათ აქვე, ყურისძირში მოიპოვონ ეს მასალები. ამის გამო მათ ოკეანის გადაღმა გაფრენა მაინც არ დასჭირდებათ. რუსეთში მგზავრობა მგონი 100 დოლარი ღირს. მაგათ კი 100 ათასობითა და მილიონობით დოლარი აქვთ. ოკეანის გადაღმა მათი “კარტოჩკების” მოპოვება შეიძლება, ჩემსას კი ვერსად იპოვიან.

რუსიკო მუმლაძე
“რეზონანსი”, 3 სექტემბერი, 2002

 

 

გვინდა ჩვენ ურელიგიო, უენო და უეროვნებო სახელმწიფო?

(მედია-ნიუსი) გურამ შარაძე მიხეილ სააკაშვილს და “თავისუფლების ინსტიტუტს” მასონური გეგმის განხორციელებაში ამხელს, რომელიც უსაზღვრო, ურელიგიო, უენო და უეროვნებო სახელმწიფოს არსებობას ითვალისწინებს. მისივე აზრით, “თავისუფლების ინსტიტუტი” იეღოველების მსგავსი შავი ჭირია და დროა, მის ცინიზმს ბოლო მოეღოს. შარაძემ აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდა “ელემენტარული კაცობა” გამოიჩინოს და სააკაშვილის რეფორმირებულ “უსამართლო სასამართლოს” გადაწყვეტილებები სისრულეში მოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასონების ბოგინის პირობებში ამ ქვეყანაში ცხოვრება არ ღირს.

“ალია”, 8-9 მაისი, 2003

 

შარაძე პრომასონურ ძალებს ამხელს
ექსკლუზიური ინტერვიუ გურამ შარაძესთან

გურამ შარაძე მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას მასონების გეგმის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. მის შემსრულებელთა რიგებში ,,თავისუფლების ინსტიტუტთან’’ ერთად ჟვანია-სააკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესაც ასახელებს.
– ბატონო გურამ, რატომ დაიწყო კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ ასე აქტიური კამპანია და რას უნდა ემსახურებოდეს ეს?
–  კამპანია, რომელიც აგორებულია ,,თავისუფლების ინსტიტუტის’’ მიერ ემსახურება მასონთა ტრიადის მიზანს და დალასის დოქტრინას. დალასის დოქტრინაში პირდაპირ არის მითითებული როგორ გაილაშქრონ დოქტრინის გამტარებლებმა ქვეყნის ყველაზე დიდი ავტორიტეტების წინააღმდეგ. მოიგონონ და დააბრალონ მათ ის, რის წინააღმდეგაც ეს ხალხი იბრძვის. თუ ვერ დაამტკიცეს, არა უშავს, დაე, მათ იმართლონ თავი, ამტკიცონ, რომ მართლები არიან. ასეთია დალასის დოქტრინის პირდაპირი მითითება. ესენიც ასრულებენ. ენა წაგვართვეს, ეროვნება წაგვართვეს, დაგვრჩა სარწმუნოება. ახლა ამათი მიზანია სახელი გაუტეხონ მართლმადიდებლობას. ეს მასონების დავალებაცაა. საქართველო დატოვონ სახელმწიფო ენის, ეროვნების და სარწმუნოების გარეშე.
– გამოდის, რომ ამ დავალებაში ჟვანია-სააკაშვილის გუნდიც არის ჩართული, რადგან მათთან ერთად ყოველთვის ასოცირდებოდა ,,თავისუფლების ინსტიტუტი’’…
– ესენი არც მალავენ, რომ ,,თავისუფლების ინსტიტუტი’’ მათ შექმნეს და მისი სულისჩამდგმელები არიან. ის ინტელიგენცია კი, ვინც მათ ამოუდგა მხარში, ინტელიგენცია არ არის. ეს არის აგენტების ნაკრები: მიხეილ ქვლივიძე ,,იზვესტიის’’ აგენტი იყო, ნაირა გელაშვილი და მისი ,,კავკასიური სახლი’’ დასავლეთ გერმანიიდან ფინანსდება. მზექალა შანიძე კი ისე ვერ იტანდა ზვიად გამსახურდიას, რომ ყოველივე ეროვნული დაავიწყდა, თვით მამამისი დიდი აკაკი შანიძეც კი. ვახუშტი კოტეტიშვილი, ეს უზნეო კაციც რომ რაღაცას იტყვის. კოტეტიშვილი წივწივაძესთან დაპირისპირების შემდეგ გახდა სააკაშვილის და ლევან ბერძენიშვილის საყვარელი. ,,თავისუფლების ინსტიტუტს’’ ხომ სოროსი აფინანსებს და ეგ არის. განა სოროსი მასონი არ არის? თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს ხალხი პატრიარქმა, მათი ამ გამოსვლის შემდეგ, სიონში ჩატარებულ ქადაგებაში ურწმუნოებად და არაეკლესიურებად მოიხსენია.
– ე.ი. ჟვანია-სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა სარწმუნოების დაკარგვის საშიშროებას შექმნის?
–  მე არ მინდა სადემარკაციო ხაზი გავავლო, მაგრამ თუ ეს ხალხი გაერთიანებულად მოვიდა, მაშინ ეს ძალა დამღუპველი იქნება საქართველოსთვის. თუ დავარწმუნეთ ხალხი, ხელი არ შეუწყონ მათ ხელისუფლებაში მოსვლას, ხომ კარგი. სამწუხაროდ, ჟვანიამ თავისი ბედი დაუკავშირა სააკაშვილს. მე ჟვანიასი უფრო მჯერა, და თუ ,,სიამის ტყუპების’’ დაცალკევება წარმატებით ჩაივლის, მხოლოდ გამეხარდება.
– ბატონო გურამ, როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ,,სოროსი’’ დგას მათ უკან?
– არა. ამას, ჩვენთვის გასაგებ ენაზე ჰქვია პრომასონური ტრიადის სამივე ჰიპოსტაზი. საქართველო დარჩეს ენის, მამულის და სარწმუნოების გარეშე. ამის ნათელი მაგალითია ის, რაც გასულ კვირას გააკეთა პარლამენტში ბურჯანაძე-მიშველაძის დუეტმა ქუთაისური გარიგების საფუძველზე. ეროვნების ამოღება ნინო ბურჯანაძემ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო და დააგვირგვინა პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს. მათ ისარგებლეს ჩემი თურქეთში ყოფნით და სამი მოსმენით ჩავარდნილი კანონ-პროექტი შესწორებების და ცვლილებების გარეშე მიაღებინეს პარლამენტს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და პასუხს აგებენ. მათ არც განუხილავთ ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტმა შემოიტანა.  პრეზიდენტი ითხოვდა ეროვნების დასახელებას. 1999 წლის 29 იანვრიდან ეს კანონი ბურჯანაძის სეიფშია ჩაკეტილი. სამაგიეროდ, მიიღეს ბურჯანაძე-მიშველაძის შეთითხნილი კანონ-პროექტი. მე პრეზიდენტს მივმართავ, რომ მას ვეტო დაადოს. ამის შემდეგ კი შევეცდები ეს კანონი გავაუქმებინო საკონსტიტუციო სასამართლოს.
– რას ამბობთ, რომ ქალბატონი ნინოც მასონთა დაკვეთას ასრულებს?
–  მაგას რაღა კითხვა უნდა. მიშველაძე სანამ პარლამენტში მოვიდოდა, ჩემი მხარდამჭერი იყო. ამის გამო პარლამენტში კობა დავითაშვილისგან პანღური და მუშტიც მიუღია. მოვიდა პარლამენტში და გადაიბირა ბურჯანაძემ, რომ უარი ეთქვა ეროვნებაზე და მიიღეს კიდეც შეთითხნილი კანონპროექტი. ვიმეორებ, ჩემი აქ არ ყოფნით ისარგებლეს.
– გამოდის, თქვენი აქ არ ყოფნით ისარგებლეს იეღოვას მოწმეებმაც…
– დიახ, დღეს ვნახე ინფორმაცია, რომ ,,იეღოველები შარაძისგან შორს, კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე აპირებენ 6-10 აგვისტოს კონგრესის გამართვას’’. მე ვაპირებ დღეს  უკრაინის საელჩოს წინ გავმართო აქცია, რათა დავიცვა მართლმადიდებელი უკრაინელების ინტერესები და დავიცვა ისინი იეღოველთა მფარველი უკრაინელი ჩინოვნიკებისაგან. პირადად პრეზიდენტ კუჩმას მივმართავ, რომ ეს საშიშროება ააცილოს ხალხს თავიდან.
,,ტრიბუნა’’ კომენტარისთვის დაუკავშირდა ნინო ბურჯანაძის  პრესმდივანს სოფო გვალიას. მას ნამდვილად არ გაკვირვებია პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით წარმოთქმული შარაძის ასეთი განცხადებები. მხოლოდ, ის გაუკვირდა, რომ მან ეს ბურჯანაძის თბილისში ყოფნის დროს გააკეთა. სოფო გვალია: ,,შეუძლებელია შარაძის მსგავს განცხადებაზე კომენტარის გაკეთება. ძალიან გაოცებული ვარ, რომ მან ეს ქალბატონი ნინოს აქ ყოფნაში შეძლო. როგორც წესი ასეთ რამეს ის მაშინ ამბობს, როცა პარლამენტის თავმჯდომარე თბილისში არ არის’’.

მაკა ღამბაშიძე
,,ტრიბუნა’’, 30 ივლისი, 2003

 

სააკაშვილი შეიძლება შარში გაეხვიოს
,,სოროსის თაღლითური ფულებით საქართველოს ჩინოსნებს დააფინანსებენ”

დეპუტატი გურამ შარაძე სოროსის თანხებით საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ჩინოსნების დაფინანსების ფაქტს აპროტესტებს, ხოლო სოროსს, საქართველოდან გატანილი იდეების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გურამ შარაძემ სოროსი მოიხსენია, როგორც თაღლითი და იქვე განმარტა, რომ ეს ტერმინი მილიარდელი სოროსის მიმართ პარიზის სასამართლომ იხმარა. შარაძე საუბრობს იმის თაობაზეც, რომ ფრანგ მოსამართლეებს ტერმინოლოგიის შერჩევას ვერავინ ასწავლის. შარაძე პარიზის სასამართლოს დადგენილების მოშველიებით აცხადებს, რომ სოროსმა მილიონები თაღლითობით და ამერიკული დოლარების ბირჟაზე მანიპულირებით იშოვა. რა მანიპულირებაზეა საუბარი, პარლამენტარი პრესკონფერენციაზე ვერ განმარტავს, რადგან როგორც თავადვე აცხადებს, ამ საქმის ექსპერტად არ გამოდგება. მას შემდეგ, რაც გურამ შარაძემ პარიზის სასამართლოს მიერ სოროსისათვის ,,მიკერებული იარალიყის” საკითხი გაარკვია, გაიხსენა ისიც, რომ სოროსმა დააფინანსა სერბეთში იქაური ,,კმარა” და შემდეგ მანვე გასცა ხელფასები სერბეთის მთავრობაზე, ხოლო დღეს თავის ნებაზე ატარებს სერბეთის სახელმწიფოს.

გურამ შარაძე სოროსს მოიხსენიებს როგორც უნგრელ ებრაელს და არ ეთანხმება იმ ექსპერიმენტებს, რომლის განხორციელებასაც მილიარდელი სხვადასხვა ქვეყნებში გეგმავს.

პარლამენტარის თქმით, რევოლუციის ლიდერებს ბევრი დაპირება ჰქონდათ, მათ შორის – დევნილთა და პენსიონერთა პრობლემების მოგვარება, მაგრამ მათ არასდროს ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენიათ, რომ მაღალი ხელფასებით დააფინანსებდნენ პარლამენტს და მთავრობას. გურამ შარაძე მიიჩნევს, რომ ვინც სააკაშვილს ტაშს უკრავს იმაში, რომ ,,სოროსის თაღლითური ფულებით საქართველოს უმაღლესი ჩინოსნები დააფინანსონ” ის პრეზიდენტს დათვურ სამსახურს უწევს. განმარტავს, რომ საქართველოს გაჭირვებული ქვეყნის სტატუსი მინისტრების გაჭირვების და მათი დაბალი ხელფასის გამო კი არა აქვთ, არამედ პენსიონერების, დევნილების და სხვა პროფესიის ადამიანების გაჭირვების გამო. დეპუტატი თანახმაა, რომ დაეხმარონ ექიმებს, პედაგოგებს, დევნილებს, 14 ლარიან პენსიონერებს და არა 150 ლარიან მინისტრებს, რომელთაც 10-ჯერ მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე გაჭირვებულ ადამიანებს.

შარაძეს ვერც სააკაშვილის პოლიტიკა გაურკვევია და კითხულობს – როგორ არის ერთდროულად საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ბუშის მეგობარი და იმავდროულად სოროსის, რომელიც ბუშის ჩამოსაგდებად მილიონებს დებს. ,,ეს ისეთი აბსურდია 36 წლის პრეზიდენტისათვის, რომ ვშიშობ ამ აბდაუბდაში თვითონ არ გაებას” – აცხადებს გურამ შარაძე.

პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ როგორც დეპუტატს, მას დაუმალეს ეკონომიკის ახალდანიშნული მინისტრის ირაკლი რეხვიაშვილის ბიოგრაფიიდან ის ფაქტი, რომ იგი სოროსის ფონდის გამოზრდილია და სოროსის ინსტიტუტის წარმომადგენელი იყო ბუდაპეშტში. შარაძის თქმით, ეს ფაქტი რომ სცოდნოდა, იგი ხმას არ მისცემდა რეხვიაშვილს. გურამ შარაძე ამის გამოსწორებას ცდილობს და აცხადებს, რომ საკუთარი ხმა უკან მიაქვს, თუმცა პრესკონფერენციაზე გაკეთებული ეს განცხადება მინისტრის დამტკიცების ფაქტს არ ცვლის.

შარაძე არ ივიწყებს სასამართლო ხელისუფლებას, სადაც თავის დროზე სწორედ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ჩატარდა რეფორმა. პარლამენტარის თქმით, როცა მიხეილ სააკაშვილი ,,მოქკავშირის” ერთ-ერთი ლიდერი იყო, რეფორმა ჩაატარა და მოსამართლეებს ათასი ლარი ხელფასი დაუნიშნა. გურამ შარაძე კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს რეფორმაგამოვლილ მოსამართლეებს და აცხადებს, რომ კორუფციამ შეჭამა სასამართლო. შარაძე პარალელეს ავლებს და ეჭვი ეპარება, რომ მინისტრი, რომელიც სოროსის დაფინანსებით 500 დოლარს მიიღებს, ქრთამს აღარ აიღებს.

პრესკონფერენციის მეორე საკითხი, რაზეც გურამ შარაძემ ისაუბრა, ეხება ზვიად გამსახურდიას ოჯახს და პირველი პრეზიდენტის ნეშტით სპეკულაციას. შარაძე კითხულობს, ამ ხელისუფლებიდან რომელმა დაიცვა ზვიად გამსახურდია ჩამოგდებისაგან? იმ შემთხვევაში თუ ერთი ადამიანი მაინც აწევს ხელს, რომ პირველი პრეზიდენტი დაიცვა, მაშინ შარაძე საკუთარ მარჯვენას მოიჭრის და ბოდიშსაც მოიხდის. შარაძის თქმით, 1992-93 წლებში გამოიტანეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ზვიად გამსახურდიას მოღალატეობაზე და მის მიერ სახელმწიფო ქონების დატაცებაზე. იგი ეთანხმება ექსპრეზიდენტის მეუღლეს, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, რომ სანამ ეს ხელისუფლება გამსახურდიას ამ შემარცხვენელ იარლიყს არ მოუხსნის, მათ უფლება არა აქვთ პირველი პრეზიდენტის ნეშტის გროზნოდან გადმოსვენებაზე ილაპარაკონ.

,,ზვიად გამსახურდიას ძვლები რომ უნდათ, მისი ოჯახი რატომ არ უნდათ?’’ – აცხადებს გურამ შარაძე. მისივე თქმით, 2003 წლის ბიუჯეტში ზვიად გამსახურდიას ოჯახის დახმარებისათვის გათვალისწინებული 130 ათასი ლარი ხაზინამ არ გასცა. ,,კატეგორიულად მოვითხოვ ფინანსთა სამინისტროსგან და ხაზინისაგან, რომ გაითვალისწინონ 2004 წლის ბიუჯეტში ეს 130 ათასი ლარი და ყოველი წლის ბიუჯეტში ჩადონ იგი” – მოითხოვს დეპუტატი.

რაც შეეხება 25 იანვარს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, გურამ შარაძის თქმით, პირველი პრეზიდენის ოჯახის წევრები არავის გახსენებია და არც მიუწვევია ინაუგურაციაზე. შარაძე აცხადებს, რომ პირადად მას სამნაირი მოსაწვევი გამოუგზავნეს, ხოლო გამსახურდიას ოჯახის წევრები არავის გახსენებია და მათთვის ერთი მოსაწვევი ვერ გაიმეტეს.

პრესკონფერენციის დასასრულს, გურამ შარაძემ არ დააკონკრეტა, დაესწრება თუ არა ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, თუ გააუქმებს სამნაირ მოსაწვევს. შარაძე დასძენს, რომ ინაუგურაციამდე ჯერ კიდევ 2 დღეა დარჩენილი. როგორც ჩანს, ამ 2 დღეში დეპუტატი ჩამოყალიბდება და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
   
ნანა მიშელაშვილი
 ,,ახალი თაობა”, 24 იანვარი, 2004

        
 
ჩამოვა თუ არა სააკაშვილის ინაუგურაციაზე სოროსი?

უნგრელმა მილიონერმა – ჯორჯ სოროსმა შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში აღიარა, რომ საქართველოს ე. წ. ,,ვარდების რევოლუცია” მისი მოწყობილია, რომ საქართველოში ექსპერიმენტი განხორციელდა და თუ ეს ექსპერიმენტი გაამართლებს, შემდეგ ეტაპებზე ასეთ ღონისძიებებს ჩაატარებს სენეგალში, განასა და კენიაში.

,,შევარდნაძემ ვერ შეძლო, ანტიკორუფციული პროგრამა განეხორციელებინა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ძლიერ გავლენას განიცდიდა. ეს სამინისტრო კი კორუფციის წყაროა. დარწმუნებული ვარ სააკაშვილის შესაძლებლობებში, მაგრამ მას ფინანსური დახმარება სჭირდება. ძალიან ვამაყობ იმ ხალხით, ვინც რევოლუციაში მიიღო მონაწილეობა. ჩემი ფონდი საქართველოში სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. ვეხმარებოდი ჟვანიას და სააკაშვილს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. რევოლუციაშიც სწორედ ამ მიზნით მივიღე მონაწილეობა. როდესაც ჩემს ფონდს შევარდნაძემ ბრალი დასდო შინაურ პროცესებში ჩარევასა და ოპოზიციის მხარდაჭერაში, დავურეკე მას და ჩემი პოზიცია მოვახსენე, რადგანაც ძალიან დიდ პატივს ვცემდი და უნდა ამეხსნა, რომ ჩემზე არასწორი აზრი ჰქონდა. მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კმაყოფილი ვარ რაც საქართველოში მოხდა, პოლიტიკაში არ ჩავრეულვარ”, – განაცხადა სოროსმა.
გურამ შარაძემ ამ სიტყვების მოსმენაზე გადაიხარხარა.
– არ გინდათ, რომ დაგაფინანსოთ სოროსმა, ამდენს რომ ლანძღავთ?
– რა გულიანად გამაცინეთ?! მე თაღლითებთან არ მაქვს ურთიერთობა.
– არ გეშინიათ, რომ გიჩივლონ საერთაშორისო სასამართლოში და ჯარიმა დაგაწერონ?
– ჯერ ერთი, მან პასუხი გასცეს პარიზის სასამართლოს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მას ბრალი დასდო უკანონოდ გამდიდრებასა და საბანკო მაქინაციებით მილიონობით დოლარის შოვნაში. ხედავთ, რა აღიარა შვეიცარიაში?! მე მაინტერესებს, სოროსი რომ ამბობს – ბუში უნდა დავამხოო, მისგან და ბუშისგან ერთდროულად როგორ მიიღებს დახმარებას ახლად არჩეული პრეზიდენტი?! შეიძლება სააკაშვილზეც გაბრაზდეს ბუში და აქ ,,ვარდების რევოლუციაზე” უფრო ცუდი რამ მოხდეს. სოროსი არის არა მხოლოდ ფინანსური თაღლითი, არამედ ქართული ტვინის, ინტელექტის ქურდიც.
– შევარდნაძემ რომ სოროსი მოიწვია და ანტიკორუფციული ბიუროს დაფინანსება სთხოვა, მაშინ რატომ არ ახმაურდით?
– შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე აქო სოროსი – ეს კაცი ჩვენ გვეხმარებაო, რაც შეეხება ჩემს შევარდნაძესთან ურთიერთობას, ჩვენი პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა დაბადების, პირადობის მოწმობებისა და მამის სახელის აღდგენის კანონთან მიმართებაში და აბა, არ დავიმოწმებდი?! როცა მაილსი ჩამოვიდა, მე ავტეხე განგაში – ეს კაცი ხელისუფლების დასამხობად ჩამოვიდა-მეთქი. შარშან ბუშს წერილიც კი მივწერე – მოგვაშორე ეს კაცი მეთქი, შევარდნაძემ მამრაძეს დაარეკინა და მან მთხოვა – შენი ჭირიმე, ბუში და მაილსი არ გადამკიდო, წერილი არ მისწეროო. შევარდნაძე იყო, რომ ვეუბნებოდი – მამრაძე ათეისტია და იეღოველების მფარველია-მეთქი და გამიბრაზდა – ჩემს მამრაძეს რატომ ლანძღავო. მე ვიყავი შევარდნაძის კარზე დაახლოებული?! თქვენს გაზეთში წერია, სამტრედიაში იეღოველებმა რა უქნეს მართლმადიდებლებს, ამას სოროსი აფინანსებს, აბა!

გურამ შარაძე თვლის, რომ სააკაშვილთან მოხვედრა არ გაუჭირდება, რადგან ინაუგურაციაზე 3 მოსაწვევი გამოუგზავნა. პარლამენტიდან ყველა დეპუტატია დაპატიჟებული. ,,ალიას” სააკაშვილის ფსიქოლოგიის კარგად მცოდნემ და ინაუგურაციის საქმეებით დაკავებულმა ადამიანმა ღიმილით უთხრა:
,,მიშას ამბავი რომ ვიცი, არ არის გამორიცხული, ყველა, ვისაც იცნობდა და გაიცნო, ინაუგურაციაზე დაპატიჟოს. ეს ეხება ჯორჯ სოროსსაც. რაც შეეხება ბილ კლინტონს, მისი ჩამოსვლა რაც უნდა უნდოდეს, ორივე მხარეს, ასეთი ვიზიტები დიდი ხნით ადრე იგეგმება ხოლმე და ასე მოკლე ხანში ვერ ჩამოვლენ”.

მაკა თურქია
,,ალია”, 24-26 იანვარი, 2004

 

,,შესდექ, უფსკრულისაკენ მიექანები!”
,,ერთგული” შარაძე სააკაშვილს აფრთხილებს

გურამ შარაძე ახლადარჩეულ პრეზიდენტს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სააკაშვილი აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და მისი ჩამოგდების მოსურნე ჯორჯ სოროსისგან დახმარებებს ერთდროულად იღებს. სოროსის ფონდის მიერ ქართველი ჩინოვნიკების სახელფასო თანხების გამოყოფას, პარლამენტარი გურამ შარაძე ჯორჯ სოროსის მორიგ თაღლითობას უწოდებს.

ის აღშფოთებულია შვეიცარიაში პრეზიდენტ სააკაშვილისა და ჯორჯ სოროსის შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებით და მას შეთქმულებად აღიქვამს. მისივე თქმით, სოროსი აკეთებს განცხადებას, რომ მისმა ექსპერიმენტმა საქართველოში გაამართლა და ახლა ,,უნგრელი თაღლითის” მიერ მიწყობილ რევოლუციას საჯარო მოხელეების დაფინანსება-მოსყიდვაც დაემატა.

,,საქართველოში ჩამოდის კოლინ პაუელი, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი დავოსში მიღებულ გადაწყვეტილებას ახვედრებს. მით უმეტეს, რომ სოროსი მილიონებს ხარჯავს აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ჩამოსაგდებად. გამაგებინეთ, როგორ არის ჩვენი პრეზიდენტი ერთდროულად ბუშისა და მისი ჩამომგდები სოროსის მეგობარი? ეს რა ლოგიკაა, როგორ იღებს ორივესგან დახმარებას? ეს ისეთი აბლაბუდაა 36 წლის პრეზიდენტისათვის, რომ ვშიშობ, თავად არ გაებას ამ ახალი ინტრიგების აბლაბუდაში. ვშიშობ, ახალი მაილსი არ გამოუგზავნოს სააკაშვილს ორმაგი სტანდარტების გამო დასასჯელად. ბუშის ჩამომგდები სოროსის ასეთი ,,გაჯეჯილება” საქართველოში ორმაგი სტანდარტი არ არის?” – აღნიშნავს შარაძე.

პარლამენტარი სააკაშვილს პენსიონერების, დევნილებისა და უხელფასო პედაგოგებისა და ექიმების დახმარებას ურჩევს. მისი თქმით, ახალი ხელისუფლება აკეთებდა დაპირებებს, რომ უშველიდა პენსიონერებს, პედაგოგებს, დევნილებსა და მიწისძვრით დაზარალებულებს, თუმცა სიტყვა არ დასცდენიათ, რომ პირველ რიგში მთავრობის წევრების ხელფასების გაზრდას აპირებდნენ.

,,ვინც დღეს სააკაშვილს ტაშს დაუკრავს და ამ გადაწყვეტილებას წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, მას დათვურ სამსახურს გაუწევს. ჩემზე ერთგული სააკაშვილს არავინ ჰყავს, რომ შესძახოს – შესდეგ, უფსკრულში ნუ მიექანები და ნუ მიაქანებ 30 საუკუნოვან საქართველოს. თუ ვინმეს დახმარება უნდა, გაჭირვებულ პენსიონერებს, დევნილებს, მიწისძვრით დაზარალებულებსა და ექიმებს დაეხმაროს.

ამას წინათ პარიზის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ჯორჯ სოროსმა მილიონები თაღლითობის გზით, საფონდო ბირჟებზე ამერიკული დოლარის მანიპულაციებით იშოვა. ხომ ხედავთ სადამდე მიდის ამ ადამიანის თაღლითობა და მადა? პარიზის სასამართლოს მიერ თაღლითის იარლიყმიკერებული სოროსი 10 წლის განმავლობაში საქართველოს ძარცვავს და გროშების ფასად საქართველოდან გააქვს ინტელექტუალური ბანკი. ის ქართველი ინტელიგენტების გაჭირვებით სარგებლობს”, – აღნიშნავს შარაძე.

ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის წევრი სააკაშვილს მის მიერ ჩატარებულ სასამართლო რეფორმას ახსენებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებს 1000 ლარიანი ხელფასი დაუნიშნეს, დღეს ისინი ათასჯერ მეტ ქრთამს იღებენ და ,,სასამართლო ხელისუფლება კორუფციამ შეჭამა”. ,,მოსამართლეები რომ ხელისუფლების ყურმოჭრილ მონებად იქცნენ, ფაქტი სახეზეა. გამოდის, რომ მაღალხელფასიანი კორუმპირებული მოსამართლეების შემდეგ თაღლითურად გამდიდრებული ჩინოვნიკების ჯერი დადგა. ვინ დაიჯერებს, რომ 500 დოლარიანი ჩინოვნიკები ქრთამს არ იღებენ?’’

მეორე საკითხი, რაზეც შარაძე ყურადღებას ამახვილებს, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენებაა. მისი თქმით, ხელისუფლება გამსახურდიას ძვლებით სპეკულირებს. ის პარლამენტში მიღებული იმ გადაწყვეტილების შესრულებას მოითხოვს, რომელიც გამსახურდიას ოჯახისთვის 130 ათასი ლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ეხებოდა.

,,გამსახურდიას ძვლები რომ უნდათ, მისი ოჯახი რატომ არ უნდათ? ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან რომელმა დაიცვა გამსახურდია ჩამოგდებისაგან? რომელი იყო, რომ არ მონაწილეობდა მის ჩამოგდებაში, მისი საქართველოდან გაძევებასა და შემდეგ მოკვლაში? ერთმა მაინც ასწიოს ხელი და მე ჩემს ხელს მოვიჭრი. ჯერ გამსახურდია ჩამოაგდეს და ახლა მისი ძვლებით პოზიციებს იმყარებენ”, – ამბობს გურამ შარაძე.

სოფო ქვლივიძე
,,რეზონანსი”, 24 იანვარი, 2004

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s