სახელმწიფო სიმბოლიკა

  • ,,ჰიმნის შეცვლის მცდელობამ ქართული ემიგრაცია გაანაწყენა’’, “დრონი”, 11 ივლისი, 1998
  • ,,გურამ შარაძე: ,,დიდების’’ ტექსტი ისევე არ მომწონს, როგორც ტექსტი საკონკურსო ჰიმნებისა’’, ,,შანსი’’, 17-18 ივლისი, 1998
  • ,,საქართველოს ჰიმნის გამო ატეხილი აურზაური’’, “ქალი და მამაკაცი”, აგვისტო, 1998
  • ,,თბილისის თავზე კათოლიკე ჯვაროსნების დროშა ფრიალებს?!’’, “ტრიბუნა”, 4 დეკემბერი, 2002
  • ,,სააკაშვილმა თბილისის თავზე კათოლიკე ჯვაროსნების დროშა აღმართა’’, “ახალი თაობა”, 4 დეკემბერი, 2002
  • ,,შარაძე მერიის შენობიდან ,,ჯვაროსნული’’ დროშის ჩამოხსნას მოითხოვს’’, ,,რეზონანსი’’, 5 დეკემბერი, 2002
  • ,,პარლამენტარ გურამ შარაძის “ჯვაროსნული ლაშქრობა” ანუ დროშები, დროშები, დროშები ჩქარა!’’, “საქართველოს რესპუბლიკა”, 5 დეკემბერი, 2002
  • ,,თბილისის თავზე კათოლიკური დროშა ფრიალებს!’’, “ასავალ-დასავალი”, 9-15 დეკემბერი, 2002
  • ,,შარაძე ერთნაირი გააფრთებით ებრძვის ჯორჯ ბუშსაც და სააკაშვილსაც’’, “ახალი თაობა”, 11 დეკემბერი, 2002
  • ,,მერიის თავზე დროშები კვლავ ფრიალებს’’, “დილის გაზეთი”, 11 დეკემბერი, 2002
  • ,,გურამ შარაძე: საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების 25-ე წლისთავს მიხეილ სააკაშვილი კათოლიკურ-ჯვაროსნული დროშით ულოცავს!’’, “ასავალ-დასავალი”, 16-22 დეკემბერი, 2002
  • ,,გურამ შარაძე მერიაში შიმშილობს’’, “დილის გაზეთი”, 20 დეკემბერი, 2002
  • ,,გურამ შარაძე მერიის შენობაში შიმშილობს’’, “რეზონანსი”, 20 დეკემბერი, 2002
  • ,,შარაძემ უვადო შიმშილობა დაიწყო, სააკაშვილმა მერიის “კრიშაზე” სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო’’, ,,ახალი თაობა”, 20 დეკემბერი, 2002
  • ,,შარაძე ისევ შიმშილობს’’, “ახალი თაობა”, 21 დეკემბერი, 2002
  • ,,რას მიაღწია შარაძემ შიმშილობით’’, “ალია”, 21-23 დეკემბერი, 2002
  • ,,შარაძე შიშილობას წყვეტს, თუმცა პოზიციებს არ თმობს’’, “ქრონიკა”, 23-29 დეკემბერი, 2002
  • ,,თბილისის მერიის თავზე ახალი ეგოროვები და ქანთარიები ადიან! გურამ შარაძემ შიმშილობა შეწყვიტა, რატუშაზე კი უკვე სამი ნაქურდალი დროშა ფრიალებს!’’, “ასავალ-დასავალი”, 23-29 დეკემბერი, 2002
  • ,,სააკაშვილმა დროშა უნდა ჩამოხსნას’’, “ალია”, 26-27 დეკემბერი, 2002
  • ,,გურამ შარაძემ “ნაციონალების” დროშაზე გამარჯვება “იზეიმა”, “რეზონანსი”, 26 დეკემბერი, 2002
  • ,,ვისია, ვისია, დროშა ჯვრიანი? “ერთი შტრიხის შეცვლაც კი ახალ ჰერალდიკურ სიმბოლოს ნიშნავს”, “24 საათი”, 7 იანვარი, 2003
  • ,,შარაძე სააკაშვილს კლანჭებიდან საქართველოს გამოგლეჯს’’, “ახალი თაობა”, 12 იანვარი, 2003
  • ,,ხუთჯვრიანი დროშის “რისხვა” სხვებსაც დაატყდა თავს’’, “24 საათი”, 14 იანვარი, 2003
  • ,,გვინდა თუ არა ველური ატილას დროშა? შარაძე სააკაშვილს ორჯონიკიძესა და არძინბას ადარებს, როინ მეტრეველს ხმის ამოღებას სთხოვს’’, “დილის გაზეთი”, 14 იანვარი, 2003
  • ,,საპატრიარქო ხუთჯვრიანი დროშის ჩამოხსნას არ აპირებს’’, “ახალი ერა”, 14 იანვარი, 2003
  • ,,თბილისის თავზე მიშიან-გურამიანი ფრიალებს’’, “აქცენტი”, 16-22 იანვარი, 2003
  • ,,საპატრიარქო ხუთჯვრიანი დროშის ჩამოხსნას არ აპირებს’’, “ალია”, 18-20 იანვარი, 2003
  • ,,იეღოველმა ცოლმა მართლმადიდებელი ქმარი ნაკუწ-ნაკუწ დაჩეხა, მე ვებრძვი ავანტიურისტ სააკაშვილებს, დავითაშვილებს’’, “ექო”, 21-28 იანვარი, 2003
  • ,,რა მოხდება 10 დღეში?!’’, “24 საათი”, 21 იანვარი, 2003
  • ,,სააკაშვილმა სასამართლო ჯიბეზე მოირგო’’, “ახალი თაობა”, 22 იანვარი, 2003
  • ,,ცრუ განგაშმა სასამართლო პროცესები ჩაშალა’’, “დილის გაზეთი”, 31 იანვარი, 2003
  • ,,სასამართლოში ბომბი ვერ აღმოაჩინეს’’, “ტრიბუნა”, 31 იანვარი, 2003
  • ,,სააკაშვილი შარაძისგან ბომბმა “იხსნა”, “ახალი თაობა”, 31 იანვარი, 2003
  • ,,შარაძე, ალდამოვი და სხვები კინაღამ აფეთქდნენ’’, “მთავარი გაზეთი”, 31 იანვარი, 2003
  • ,,შარაძეს დროშებთან ბრძოლას არ აცლიან’’, “ხვალინდელი დღე”, 31 იანვარი, 2003
  • ბომბიოო?!” – გასკდა ხალხი სიცილით ‘’, “24 საათი”, 31 იანვარი, 2003
  • ,,ალბათ, მალე ხუთჯვრიანი დროშა ხალხს ერთმანეთს გადაჰკიდებს’’, “ალია”, 1-3 თებერვალი, 2003
  • ,,როდის მოეღება ბოლო სააკაშვილებისა და აგულაშვილების “გულაობას” საქართველოში?’’, “რაო-რაო?”, 7-13 აპრილი, 2003
  • ,,ხუთჯვრიანი დროშა – ქართული თუ იერუსალიმური’’, “ახალი ჟურნალი”, 19-25 იანვარი, 2004

***

ჰიმნის შეცვლის მცდელობამ ქართული ემიგრაცია გაანაწყენა

სახელმწიფო ჰიმნის შეცვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის წევრს გურამ შარაძეს ვერ გაურკვევია, ვის და რისთვის დასჭირდა ძველი ჰიმნის შეცვლა, რადგან ჩვენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის იურიდიულ სამართალმემკვიდრედ ვაღიარებთ თავს. გურამ შარაძის ინფორმაციით, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა უცხოეთში ემიგრანტების მხრიდან, ისინი შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, რადგან დღეს ხელაღებით უარყოფენ პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკებს.
გურამ შარაძის აზრით, ახალი სახელმწიფო სიმბოლიკის შექმნა და უკეთესის შერჩევაც კი, უზარმაზარ მატერიალურ სირთულეებთანაა დაკავშირებული. სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ ის ემიგრანტები, რომელთა მამებმაც, ფაქტიურად, საკუთარ მხრებზე ააშენეს პირველი რესპუბლიკა, – აცხადებს გურამ შარაძე.

,,გეა”
“დრონი”, 11 ივლისი, 1998

გურამ შარაძე: ,,დიდების’’ ტექსტი ისევე არ მომწონს, როგორც ტექსტი საკონკურსო ჰიმნებისა

,,ჩემთვის, მსმენელისათვის და მოქალაქისათვის, როგორც ზაქარია ფალიაშვილის ადაპტირებული, ისე სოსო კეჭაყმაძის მიერ შექმნილი ახალი მუსიკალური ნაწარმოებები, მელოდიის თვალსაზრისით საინტერესოა, მაგრამ ისინი, როგორც ახალი სახელმწიფო ჰიმნი, მიუღებელია, – აღნიშნა პარლამენტარმა გურამ შარაძემ, – პროფესიონალებმა უნდა დაწერონ ისეთი ჰიმნი, რომელიც მთელმა საქართველომ უნდა იმღეროს’’.
ბატონმა გურამმა აღშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი, როგორც საპარლამენტო კომისიის წევრი, მუსიკალურ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე არ დაპატიჟეს. ამასთან, უპატივცემულობა გამოიჩინეს და მის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე არ ეწვივნენ და მას არ მისცეს საშუალება ჟურნალისტებისთვის, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მოსაზრებები გაეცნო.
გურამ შარაძე აღნიშნავს, რომ დარღვეულია კონკურსის აუცილებელი პირობა: ჰიმნმა საუკეთესო ტექსტის და მუსიკის თვალსაზრისით უნდა გაიმარჯვოს. ,,მოსმენილმა მელოდიებმა დამარწმუნა, რომ როგორც ჰიმნი, ისინი კოტე ფოცხვერაშვილის შექმნილ ჰიმნზე უკეთესი არ არის’’, – აცხადებს ბატონი გურამი, – ,,თავად ზაქარია ფალიაშვილი ,,დიდებას’’ ფეხზე ამდგარი ისმენდა სამი წლის განმავლობაში. მისი ტექსტი ისევე არ მომწონს, როგორც საკონკურსო ჰიმნებისა’’.
გურამ შარაძეს არ ესმის, რატომ იხარჯება დრო და ენერგია ახალი სახელმწიფო სიმბოლოების შექმნისთვის. მით უმეტეს, ახლა, როცა ჩვენი ახალი სახელმწიფო ჯერ კიდევ არ დამდგარა ფეხზე. ამასთან, მათი ხელახალი დამტკიცება ახალ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომლის გაღებაც ქვეყნის ბიუჯეტს არ შეუძლია. ,,უზნეობა იქნება იმ ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ გავილაშქროთ, რომლებიც ამ ჰიმნის, ღერბის და დროშის ქვეშ დაიღუპნენ კოჯორთან და ტაბახმელასთან, რომელთა სისხლი და ძვლები იმ შენობის საძირკველშია ჩაკირული, რომელშიც ვიმყოფებით’’, – დასძენს ბატონი გურამი.

სოფიკო ქვლივიძე
,,შანსი’’, 17-18 ივლისი, 1998

საქართველოს ჰიმნის გამო ატეხილი აურზაური

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე საქართველოს ჰიმნის, დროშისა და გერბის შეცვლის საკითხი თითქოს თავის მნიშვნელობასა და აქტუალურობასაც კი ჰკარგავს, არადა, ის ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის სავიზიტო ბარათია საზღვარგარეთ. იცვლება დრო, იცვლებიან ადამიანები, ხელისუფლება მიდის თუ მოდის მაინც რადიკალური ცვლილებები ტარდება, ერთადერთი სახელმწიფო სიმბოლიკაა, რომელიც რჩება მუდმივად და არანაირი პოლიტიკური კრიზისი თუ ფინანსური ამნისტიები მასზე ზეგავლენას არ ახდენს. ამას მოწესრიგებულ, სტაბილურ ქვეყანაზე მოგახსენებთ, თორემ ჩვენთან შესაძლებელია შევარდნაძისა თუ მოქალაქეთა კავშირის მზის ჩასვენებას თან ხვდეს ისევ ახალი საქართველოს მშენებლობა და აქედან გამომდინარე, კვლავ დადგეს სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლის საკითხი. საქართველოს ჰიმნის გარშემო დიდი ვნებათაღელვა ატყდა. სააშკარაოზე გამოვიდა მრავალი დარღვევა, ჰიმნების მოსმენას რომ ერთვოდა თან. როგორც ჩანს, მაფია ფხიზლადაა. ეს ყველგან ტრიალებს. კაცმა არ იცის, რითი დამთავრდება კეჭაყმაძე-თუშიშვილს შორის პირველობაზე ამტყდარი ბრძოლა. პროცესი უსასრულოდ გრძელდება და მოსმენებსა თუ პრესკონფერენციებსაც ბოლო არ უჩანს, უმწეო კომპოზიტორებმა თავიანთი საქმე გააკეთეს, ახლა საქმეში ბობოლა პოლიტიკოსები ჩაერთვნენ.
ნუგზარ თუშიშვილის ჰიმნი რატომღაც ბატონ გურამ შარაძის სახელს დაუკავშირდა. ჩვენმა კორესპონდენტმა ნინო მეტრეველმა რამდენიმე კითხვით მიმართა მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, დეპუტატ გურამ შარაძეს.
– მართალი ბრძანდებით, ჩაძირული ჰიმნის ამოტივტივება და საზოგადოებისათვის ხელახლა გაცნობა ჩემს სახელს უკავშირდება. სიმართლე გითხრათ, მე წარმოდგენაც არ მქონდა ნუგზარ თუშიშვილზე. პირველად სრულიად შემთხვევით ჩემი უბედურების შემდეგ შეხვედრა მთხოვა ქალბატონმა გულიკო ჟორდანიამ. მას მოჰყვნენ მისი მეუღლე ბატონი ნუგზარი და მუსიკათმცოდნე იუნონა აფაქიძე. მოიტანეს მაგნიტოფონი და ჩანაწერი. სწორედ მაშინ მოვისმინე ეს მუსიკა და გავიცანი ნუგზარ თუშიშვილი. მიამბეს თავიანთ გაჭირვებაზე, რომ ჰიმნად ჰქონიათ წარდგენილი და ის დაწუნებულ იქნა მეორე ტურზე. წინა დღით მე მიწვეული ვიყავი ოპერის თეატრში IV ტურში გამარჯვებული სოსო კეჭაყმაძისა და ჩვენი გენიალური ზაქარია ფალიაშვილის მელოდიების მიხედვით იგივე კეჭაყმაძის ადაპტირებული ჰიმნის მოსმენაზე. იქვე განვაცხადე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება, რადგან ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის მიხედვით გაკეთებული ჰიმნადწოდებული ორივე მუსიკალური ნაწარმოები შეიძლება საინტერესო იყოს, სასიამოვნოც მოსასმენად, მაგრამ ჰიმნი არ არის.
– ბატონო გურამ, თქვენი ოპონენტები ამ საქმეში თვლიან, რომ თქვენ მუსიკოსი არა ხართ და ამის გამო მათ აზრს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
– მე რა მეოპერებოდა და მემუსიკებოდა, მაგრამ რომ დამირეკეს და მითხრეს, თქვენ როგორც კომისიის წევრი უნდა მობრძანდეთო, მაშინვე წავედი. წავედი როგორც საქართველოს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით შექმნილი სახელმწიფო სიმბოლიკის შემმუშავებელი კომისიის წევრი, ასევე პარლამენტის საპარლამენტო კომისიის წევრი, რომელსაც ევალება ახალი სახელმწიფო სიმბოლიკის შემუშავება. ერთი გნიასი რომ ატეხეს, გურამ შარაძე მუსიკოსი არ არის და მაგან რა იცის, რომელია კარგი ჰიმნი და რომელი არაო, წინასწარ არ იცოდნენ კომისიაში როცა შევყავდით, მუსიკოსი რომ არ ვიყავი? კიდევაც რომ არ ვყოფილიყავი ამ კომისიებში ეს ჰიმნი მაინც ჩემთვის იწერება, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის. ეს სახალხო ჰიმნია, მისი განხილვა უნდა იყოს ღია და ერმა გადაწყვიტოს, რომელი რომელს სჯობს.
– ბატონო გურამ, ხალხში აზრი გავრცელდა, თითქოს ჰიმნების დაწუნება უსაფუძვლოდ მოხდა და საერთოდაც, მიკერძოებას ჰქონდა ადგილი.
– როდესაც მოვისმინე თუშიშვილის ჰიმნი, მაშინვე დავურეკე საქართველოს კულტურის მინისტრს და ამავე დროს ჟიურის თავმჯდომარეს და ვთხოვე ჟიურის რამდენიმე წევრი გამოეგზავნა თუშიშვილის ჰიმნის ხელახლა მოსმენაზე. წამოსულან მანანა ახმეტელი და ვაჟა ბრეგაძე, მაგრამ დაუნახავთ დარბაზში მათთვის არასასურველი პიროვნებები და გაბრუნებულან უკან. შესანიშნავი კომპოზიტორი და მუსიკოსი ფელიქს ღლონტი, მუსიკათმცოდნე იუნონა აფაქიძე, შესანიშნავი ანსამბლის “ორერა” ხელმძღვანელი რობერტ ბარძიმაშვილი და სხვა ბევრი იქ მსხდომნი ნახევარი საათის განმავლობაში ელოდნენ მათ. ეს გურამ შარაძის მოწვეული სხდომა იყო და არა იმათი, ვისაც ისინი ვერ იტანენ. ეს რა ბალღობაა?! ყველას დარჩა შთაბეჭდილება, რომ თუშიშვილის ჰიმნი არის დაწუნებული ხელოვნურად, უპატივცემულოდ, აგდებით და ჩაწყობით ვიღაც-ვიღაცეების საქმე გაკეთებული. თუ არ უნდათ ასეთი აზრი შექმნილიყო, სად გარბოდნენ. მთელი ნახევარი საათი ვეძებდი მათ კორიდორებსა და ოთახებში, რა ვალდებული ვიყავი, მაგრამ მაინც.
– ამ მოსმენას საშინელი გამოხმაურება მოჰყვა. თითქმის კონფლიქტს ჩაეყარა საფუძველი…
– დიახ, ამის შემდეგ წამოვიდა საშინლად უღირსი სიტყვები ჩვენი მისამართით. მე და სოსო კეჭაღმაძე ერთი კუთხის შვილები ვართ. ჩვენს შორის დიდი სანათესაო დგას. მე მის მიმართ რაიმე პირადი ინტერესები არ მქონია. ერთ-ერთ სააგენტოს უკითხავს მისთვის, გამარჯვების შემთხვევაში რას უზამთ ჰონორარსო (15000 ლარი). ჩვენმა ეროვნულმა კომპოზიტორმა ასე უპასუხა: 10000 ლარს გურამ შარაძის შვილის ორმოცში დავხარჯავო. მთელმა საქართველომ უნდა გაიგოს, როგორი “ჰუმანისტები”, “დიდი” ადამიანები გვყავს ჩვენ რუსთაველის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფო ჰიმნის ავტორები, პატრიოტები, ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეები. ზეიმს აწყობენ შენს პირად ტრაგედიაზე თუ მათ ტაში არ დაუკარი. ლაშა შარაძე ჩემთვის არ მომკვდარა მხოლოდ, ის მთელ საქართველოს მოუკვდა, როგორც ახალგაზრდა კაცი, როგორც ახალგაზრდა მამა და შესანიშნავი ქირურგი, რომელიც უფასოდ აკეთებდა ოპერაციებს მაშინ, როცა პურის ფული უჭირდა, პურის ფულს მე ვაძლევდი…
– ბატონო გურამ, თქვენ განაცხადეთ, რომ საერთოდ წინააღმდეგი ხართ სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლის, რითია გამოწვეული ამგვარი გადაწყვეტილება?
– მოგეხსენებათ, 15000 ლარი მხოლოდ ჰიმნის ჰონორარზე იხარჯება, რამდენი წავა გერბზე და დროშაზე კაცმა არ იცის. მილიონობით თანხები გაიფანტება. ეს ჯერჯერობით ჩვენთვის ფუფუნებაა. დროშა ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციითა შექმნილი, შემქმნელ-ავტორი იაკობ ნიკოლაძეა, გერბი იოსებ შარლემანის მიერაა გაკეთებული. ამ ადამიანებზე დიდ ხელოვან ხალხს მე დღეს საქართველოში ვერ ვხედავ. ვინ წამართვა მე ამის თქმის უფლება და თუ მაინც ვიტყვი, ჯერ შვილი უნდა მომიკლან, მერე კი დამცინონ. ჩემი შვილი ჩემი პოლიტიკური ნაბიჯების მსხვერპლია. მოკლულს არ მიჩერებენ საფლავში და ცოცხალს გამაჩერებენ მაგენი მე?!
ჯერჯერობით გაურკვეველია, რითი დასრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გარშემო ამტყდარი ვნებათაღელვა და ძალზე სამარცხვინო კამპანია. ერთი ცხადია, მუსიკა, კარგი მუსიკა, რომელიც უკვე შექმნეს კონკურსის მონაწილეებმა სამუდამოდ დარჩება. ბატონი ნუგზარ თუშიშვილი იმედს არ კარგავს, რომ მისი ჰიმნი საყოველთაო აღიარებას მოიპოვებს. ბატონ ნუგზარს მის ღარიბულ, მაგრამ ძალზე მყუდრო ბინაში ვესტუმრე. ქალბატონი გულიკო არაჩვეულებრივი მასპინძელი აღმოჩნდა, ენაწყლიანი და კარგი მოსაუბრე. საშინელებაა, როცა მშვენიერი სიმღერებისა და საგალობლების ავტორს ელემენტარული ყოფითი პრობლემები აწუხებს, როგორც ჩვენს მუსიკოსთა უმრავლესობას.

ლელა ჭანკოტაძე
“ქალი და მამაკაცი”, აგვისტო, 1998

თბილისის თავზე კათოლიკე ჯვაროსნების დროშა ფრიალებს?!

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობის ინიციატივით ქალაქის მერიის თავზე ძველი სახელმწიფო დროშის ნაცვლად ახალი დროშა აფრიალდა. დეპუტატი გურამ შარაძე აცხადებს, რომ დროშა, რომელიც მერიის თავზე სააკაშვილმა და მისმა პარტიამ გამოფინა, კათოლიკების ჯვაროსნული დროშაა და საქართველოს სახელმწიფოს ღირსებას ლახავს.
გურამ შარაძე: კომისია, რომელიც ახალი სახელმწიფო სიმბოლიკის შემუშავებაზე უნდა მუშაობდეს, ფაქტობრივად, არაფრის მაქნისია და, ალბათ, ამანაც შეუწყო ხელი იმას, რომ ვიღაც-ვიღაცეებმა ხელი თვითშემოქმედებას მიჰყვეს. მავანთ სურთ, რომ საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის გემოვნებით შერჩეული დროშა სახელმწიფო დროშად შემოგვაჩეჩონ. კი ბატონო, მათი ნებაა, საკუთარი პარტიისათვის რომელ დროშას აირჩევენ – ჯვაროსნულს თუ მუსულმანურს, მაგრამ დედაქალაქის თავზე ასეთი დროშის გამოფენა, გაუგონარი უკანონობაა.
– ბატონო გურამ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის ძველი ქართული, დავითიან-გორგასლიანი დროშა.
– ეს ვითომ დავითიან-გორგასლიანი დროშა, სინამდვილეში კათოლიკე ჯვაროსნებისა და ერთხანს იერუსალიმის დროშადაც გამოიყენებოდა. მისი ასე უაპელაციოდ აღმართვა საქართველოს დედაქალაქის თავზე, სახელმწიფო დანაშაულია და მეტი არაფერი. ერთხელ ეს უკვე გააკეთა მე-11 წითელმა არმიამ და, კერძოდ, სერგო ორჯონიკიძემ, როდესაც დეპეშა გაუგზავნა მოსკოვში ლენინს და სტალინს და აცნობა, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოსო. მაშინ ეს ძალადობით და მე-11 არმიის ხიშტით გაკეთდა, ხოლო დღეს ნამდვილად არ ვიცი, სად და ვის გავუგზავნოთ დეპეშა – საქართველოს დედაქალაქის თავზე კათოლიკრი ჯვაროსნული დროშა ფრიალებსო.
– ვატიკანში ხომ არა?
– საქმეც მაგაშია, მიიჩნევს კი ვატიკანი თავს ჯვაროსნების მემკვიდრედ?
– მერიის თავზე ხომ იყო აღმართული სახელმწიფო დროშა, რატომ გახდა საჭირო მისი შეცვლა?
– საჭირო სულაც არ გამხდარა. უბრალოდ, “ნაციონალურ მოძრაობას” სურს ამ დროშის აღმართვით, ხალხი საკუთარი მოძრაობის ძლევამოსილებაში დაარწმუნოს. ეს გახლავთ წარმოუდგენელი იურიდიული დარღვევა. ყოვლად დაუშვებელია დედაქალაქის თავზე გამოფინო სახელმწიფოსგან მიუღებელი და დაუმტკიცებელი დროშა. მით უმეტეს, რომ სპეციალისტების და ისტორიკოსების სერიოზული გამოკვლევების შედეგად დამტკიცებულია, რომ ეს არის არა ქართული და დავითიან-გორგასლიანი, არამედ კათოლიკური დროშა.
– სასამართლოში ჩივილს ხომ არ აპირებთ?
– ამ შეკითხვაზე ჯევ ვერ გიპასუხებთ.

ხათუნა ყვირალაშვილი
“ტრიბუნა”, 4 დეკემბერი, 2002

სააკაშვილმა თბილისის თავზე კათოლიკე ჯვაროსნების დროშა აღმართა

მიხეილ სააკაშვილი ახალ სკანდალში ეხვევა. მის წინააღმდეგ ისტორიკოსები და დეპუტატები ილაშქრებენ. პოლიტიკურმა ოპონენტებმა საკრებულოს თავმჯდომარე ახალ ოიბნაზობაში გამოიჭირეს. ალმების დიდმა მოყვარულმა თბილისის საკრებულოს თავკაცმა გასული კვირის დასაწყისში დედაქალაქის მერიის შენობის თავზე ოთხი დროშა აღმართა, რასაც მისი მომხრეები დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ, მისი ოპონენტები კი სიბრაზისაგან ლამის ლოგინად ჩავარდნენ.
თავისთავად, დროშის, გნებავთ, დროშების აღმართვაში ახალი და უცხო არაფერია, მაგრამ მერიის თავზე აფრიალებულ დროშათაგან ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის ანუ “მიხეილიანი” გახლავთ, რომელსაც თავად მიშისტები დავითიან-გორგასლიანს უწოდებენ, სპეციალისტები კი ამტკიცებენ, რომ დროშა, რომელიც სააკაშვილმა თბილისის თავზე აღმართა, კათოლიკე ჯვაროსნებისაა.
პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე დეპუტატმა გურამ შარაძემ ამასთან დაკავშირებით საკამოდ მწვავე განცხადება გააკეთა, შარაძემდე ერთი დღით ადრე კი სააკაშვილის დროშები ელიზბარ ჯაველიძემ გააკრიტიკა. “ჩვენი უბედურება ის არის, რომ რამდენიმე თვით მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, იქიდან ჩამოსულებს თავი ყველაზე განათლებული ჰგონიათ. ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა მერიის თავზე დროშა აღმართა, რომელიც ვითომ ქართულია, მაგრამ არ არის ქართული. ქართულ დროშაზე წმინდა გიორგის გამოსახულებაა. სააკაშვილი კი ქართულ დროშად ხუთჯვრიან დროშას ასაღებს”, – განაცხადა ჯაველიძემ.
გურამ შარაძემ არც აცია, არც აცხელა და მთელი ქვეყნის გასაგონად განაცხადა, ხალხო, გამოიღვიძეთ, სააკაშვილმა თბილისის თავზე კათოლიკე ჯვაროსნების დროშა აღმართაო. “ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თვითშემოქმედებას მიჰყო ხელი და სურს, საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის გემოვნებით შერჩეული დროშა სახელმწიფო დროშად შემოგვაჩეჩოს”, – აღნიშნავს შარაძე, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, ნებას აძლევს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, თავისი სურვილისამებრ შეარჩიონ საკუთარი პარტიისათვის დროშა, არა აქვს მნიშვნელობა, ეს დროშა ჯვაროსნული იქნება თუ მუსლიმანური.
“სახელმწიფოს დედაქალაქის თავზე ახალი დროშის გამოკიდება, რომელიც არავის დაუმტკიცებია, უკანონობა და გაუგებარი თავხედობაა. სააკაშვილის მიერ აღმართული ვითომდაც გორგასლიან-დავითიანი დროშა სინამდვილეში არის კათოლიკე ჯვაროსნების. იყო პერიოდი, როცა ეს დროშა იერუსალიმშიც გამოიყენებოდა. დღეს კი სააკაშვილმა გაბედა და თბილისის თავზე ეს დროშა აღმართა, რაც სახელმწიფო დანაშაულია და სააკაშვილი ამისთვის პასუხს აგებს!” – პირობას დებს შარაძე, რომელიც სააკაშვილის საქციელს მე-11 არმიის ქმედებას ადარებს. “ის, რაც ერთი კვირის წინ სააკაშვილმა გაბედა, 1921 წელს მე-11 არმიამ და სერგო ორჯონიკიძემ გააკეთეს. მაშინ ორჯონიკიძემ ლენინთან და სტალინთან მოსკოვში გააგზავნა დეპეშა, რომ თბილისის თავზე ფრიალებს წითელი დროშა. მაშინ ეს ძალადობით და მე-11 არმიის ხიშტით გაკეთდა, ახლა კი სააკაშვილმა გააკეთა, ოღონდ, არ ვიცი, სად გააგზავნის სააკაშვილი დეპეშას შემდეგი ტექსტით: თბილისის თავზე ფრიალებს კათოლიკე ჯვაროსნების დროშა”, – ამბობს შარაძე.
დეპუტატი ღრმად არის დარწმუნებული, რომ მიშისტებმა თავიანთი პარტიის დროშა იმიტომ აღმართეს თბილისის თავზე, რათა ქვეყანას დაუმტკიცონ, თითქოს ქვეყანაზე ისინი ბატონობენ. შარაძე პირობას დებს, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებს და უკვე დღეისათვის სპეციალური პრესკონფერენცია აქვს დაგეგმილი, სადაც, თავის ფან-კლუბთან ერთად, მიშისტებს თავიანთი კათოლიკური დროშით ანათემას გადასცემს.

შორენა მარსაგიშვილი
“ახალი თაობა”, 4 დეკემბერი, 2002

შარაძე მერიის შენობიდან ,,ჯვაროსნული’’ დროშის ჩამოხსნას მოითხოვს

დეპუტატ გურამ შარაძის განცხადებით, თუ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი კვირის ბოლომდე არ ჩამოხსნის დედაქალაქის თავზე აღმართულ დროშას, იგი თავის მომხრეებთან ერთად საკრებულოს შენობასთან მივა და კონსტიტუციის დაცვას ,,თავაზიანი ფორმით’’ მოითხოვს. ,,ეს არ არის მუქარა, მეშინია, რომ სააკაშვილი უსკრულში არ გადაიჩეხოს’’, – განაცხადა შარაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ვიდრე პარლამენტის მხარდაჭერით სახელმწიფო და საპარლამენტო კომისიები არ გადაწყვეტენ სახელმწიფო დროშის შეცვლის აუცილებლობას, მანამდე 5-ჯვრიანი კომპოზიციით თეთრ ტილოზე გამოსახული ალმის აღმართვა ანტიკონსტიტუციური და უკანონო ქმედებაა, რომელიც კანონით ისჯება.
ისტორიული მონოგრაფიების საფუძველზე შარაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის მიერ აღმართული დროშა არის ,,კათოლიკურ-ჯვაროსნული’’ და იგი საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის ნაწილი არასდროს ყოფილა.
,,ქართულ თეთრი ნაჭრის ალამზე ყოველთვის წმინდა გიორგი იყო გამოსახული, – განაცხადა შარაძემ. მისივე თქმით, მას საპატრიარქოდან აცნობეს, რომ საკრებულოს შენობაზე დროშის აღმართვის შესახებ კურთხევა კათოლიკოს-პატრიარქს არ გაუცია. ,,იგი ამ დღეს თბილისში არ იმყოფებოდა’’, – ირწმუნება შარაძე.

,,რეზონანსი’’, 5 დეკემბერი, 2002

პარლამენტარ გურამ შარაძის “ჯვაროსნული ლაშქრობა”
ანუ დროშები, დროშები, დროშები ჩქარა!

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის წევრმა გურამ შარაძემ საფრანგეთისა და აშშ ელჩების წინააღმდეგ გაილაშქრა, არც თუ ისე დიდი დრო გავიდა. ამჯერად ქართველი პარლამენტარი ახალი “ჯვაროსნული ლაშქრობის” წამოწყებას აპირებს და მისი მთავარი სამიზნე ის ხუთჯვრიანი დროშებია, თბილისის თავზე რომ ფრიალებს.
გურამ შარაძე როგორც აცხადებს, თბილისის საკრებულოს თავზე ამ დროშების გამოფენა, ანტიკონსტიტუციურია, ვინაიდან მისი სახელმწიფო დროშად გამოცხადების გადაწყვეტილება პარლამენტს არ მიუღია. იგი ასევე უარყოფს იმ ინფორმაციას, თითქოს საკრებულოს, ანუ, მერიის შენობის თავზე გამოფენილი ხუთჯვრიანი დროშები პატრიარქის მიერ იქნა ნაკურთხი. შარაძის განცხადებით, იგი ამ თემაზე ორჯერ უკვე ესაუბრა ილია II-ს და მან არა თუ უარყო დროშის კურთხევის რიტუალში მისი მონაწილეობა, არამედ როგორც აღმოჩნდა, პატრიარქი ამ დღეებში საერთოდ თბილისში არ იმყოფებოდა. შარაძის ვარაუდით, საპატრიარქოს მხრიდან დროშის კურთხევის ამბის ისტორია, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მიერ არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ განაპირობა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, გარდა იმისა, რომ ამ დროშის ოფიციალურ სიმბოლიკად გამოცხადება არაკანონიერად მოხდა, იგი ქართული, მართლმადიდებლური წარმოშობის არ არის. მისი მტკიცებით, ეს ხუთჯვრიანი დროშა კათოლიკე ჯვაროსნების სიმბოლოა და ის იმ ქალაქების თავზე იყო აღმართული, სადაც ძველად კათოლიკური მისიები მოქმედებდნენ. შარაძის განმარტებით, ეს კათოლიკე ჯვაროსნული კაპიტნებისთვის იყო გამიზნული, რადგან ამ დროშით ისინი იღებდნენ ინფორმაციას, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილზე იყო მათი მისია, სადაც ჯვაროსნებს შეეძლოთ დახმარების მიღება. ძველ არქივებში ასეთი დროშა დაფიქსირებულია თბილისისა და, ასევე, მცირე აზიის ერთ-ერთი დასახლების თავზე, რაც, გურამ შარაძის თქმით, მის ჯვაროსნულ-კათოლიკურ წარმოშობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ამიტომაც იმის მტკიცება, რომ სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში ხუთჯვრიანი დროშა საქართველოში მე-14 საუკუნიდან ჩნდება, რაც მის ძირძველ ქართულ მართლმადიდებლურ საწყისზე მიუთითებს – შარაძისათვის მიუღებელია. მისი თქმით, თუ საქართველოში კათოლიკე მისიონერები უკვე მე-13 საუკუნიდან ჩნდებიან, უკვე მე-14 საუკუნეში ამ დროშის ჩვენს ქვეყანაში არსებობაც უკვე გასაგები ხდება.
სხვა აზრისანი არიან მისი კოლეგები. იგივე შარაძე თუ აცხადებს, რომ პატრიარქი ამ ხუთჯვრიანი დროშის წინააღმდეგია, საპირისპიროს აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც ამბობს, რომ ამ დროშას პატრიარქი იწონებს.
თანაც, აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ხუთჯვრიანი დროშის შესახებ, უფრო სწორად, მის სახელმწიფო დროშად გამოცხადების შესახებ, დებატები უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, შექმნილი არის ორი სპეციალური კომისიაც: ერთი – სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლის საპარლამენტო კომისია, მეორე – პრეზიდენტთან არსებული კომისია (ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, ამ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში შეიკრიბება) და ამ ხნის განმავლობაში არავის გახსენებია, რომ ის დროშა, რომელმაც დღე-დღეზე სახელმწიფო სტატუსი უნდა მიიღოს და “სოციალ-დემოკრატების დროშას” ჩაენაცვლოს, თურმე არაქართული, უფრო მეტიც, კათოლიკური ყოფილა.
აქ კიდევ მეორე საინტერესო მომენტიც არის, კათოლიკური არის თუ არ არის, ეს სხვა საკითხია, მაგრამ იგივე საკრებულომ ეს დროშა მხოლოდ თბილისის სიმბოლოდ გამოაცხადა. სხვათა შორის, ვინც არ იცის, შეიძლება ვუთხრათ, რომ აქამდე თბილისს ჰქონდა თავისი დროშა, რომელიც პარლამენტს არ დაუკანონებია, მაგრამ მასზე წინააღმდეგობა არავის არ გამოუთქვამს, არც სამართლებრივი თვალსაზრისით, და არც ისტორიულ-რელიგიური კუთხით. არადა, თბილისის ან უკვე ძველ დროშაზეც ჯვარი იყო გამოსახული, ოღონდ არა წითელი, არამედ ცისფერი, და, მგონი, თუ არ ვცდები, ზედ ხოხობიც კი იყო გამოსახული (მას ნაკლებად ვიცნობთ, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ეს დროშა თბილისელებმა დედაქალაქის სიმბოლოდ მაინცდამაინც ვერ აღიქვეს, და აფიშირებისთვის არც თბილისის მერია იჩენდა ძალისხმევას).
ანუ ფაქტობრივად, ის დროშების გამოფენა შეიძლება ქართული “მატრაბაზობის” ერთი კარგი თვალხილული მაგალითიც კი იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ხუთჯვრიანი დროშისათვის სახელმწიფო სტატუსი ჯერ არავის მიუნიჭებია. რაც შეეხება მის კათოლიკურ წარმოშობას, ეს უკვე მეორე საკითხია, და ბატონი გურამ შარაძე ამ საქმეს თუ ბოლომდე ჩაეძიება, ამას რა სჯობია. რაც უფრო მეტი ეცოდინება ხალხს, მით უფრო ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობაცა და პარლამენტიც. ფაქტია, რომ სოციალ-დემოკრატების “დროშა ხალხმა არ შეიყვარა, ამ ხუთჯვრიანი დროშის მიმართ კი უფრო მეტი “სიმპათიები” აქვს. სხვათა შორის, სულ ახლახან თავისი კარგი დამოკიდებულება ამ დროშასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა, პარლამენტის დიდი ნაწილიც სწორედ “აქეთკენ” იხრება, ამიტომაც, ალბათ, მართლაც გადაწყვეტილების მიღების დროა. ვთქვათ, იგივე გურამ შარაძე აცხადებს, რომ საქართველოს ისტორიული დროშა სხვაგვარი იყო, კერძოდ, თეთრ ნაჭერზე გამოსახული იყო, როგორც ერთი დიდი ჯვარი, ასევე, წმინდა გიორგი. კი ბატონო, თუ ეს იყო ჩვენი ისტორიული დროშა, მაშინ მას მივანიჭოთ სახელმწიფოებრივი სტატუსი. მაგრამ ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გადაწყდეს?
გურამ შარაძე, როგორც ამბობს, პატრიარქს სწორედ წმინდა გიორგის გამოსახულებიანი დროშა მოსწონს, ზოგი ამბობს, რომ არა – პატრიარქს ხუთჯვრიანი დროშა მოსწონს. ასევე, ბუნდოვანია ქართველ მეცნიერთა პოზიციაც, რადგან თუ ამდენი ხნის განმავლობაში კათოლიკურ დროშას ვაფრიალებდით (ხუთჯვრიანს ვგულისხმობ), აქამდე სად არიან, ხმას რატომ არ იღებდნენ? არადა, ეს დროშა ხომ უკვე ერთი წელია, ოფიციალური ღონისძიებებზეც გამოჩნდა. ეს დროშა ამშვენებს სხვადასხვა სამინისტროების დარბაზებს, ზოგიერთ სასტუმროსაც კი.
გურამ შარაძე “ჯვაროსნულ ლაშქრობას” იწყებს, ჩვენი გაზეთი კი თხოვნით მიმართავს ქართველ ისტორიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს, გამოთქვან თავიანთი კომპეტენტური აზრი საქართველოს სიმბოლიკაზე.

ბექა ჭედია
“საქართველოს რესპუბლიკა”, 5 დეკემბერი, 2002

თბილისის თავზე კათოლიკური დროშა ფრიალებს!

ახალი საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლაზეც დაიწყეს ზრუნვა და მერიის შენობის თავზე ხუთჯვრიანი დროშა ააფრიალეს. ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვა პარლამენტარმა გურამ შარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს უკანონოდ აღმართული ალმის ჩამოხსნა მოსთხოვა.
– ბატონო გურამ, რა კომენტარს გააკეთებთ თბილისის მერიის შენობის თავზე აღმართული ხუთჯვრიანი დროშის შესახებ?
– რამდენიმე დღის წინ მერიის შენობის თავზე ახალი, უცხო დროშა აფრიალდა ისე, რომ ამის შესახებ არც აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებობს და არც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება. ამგვარი ძალადობა უახლოეს წარსულშიც განხორციელდა, მაშინ, როცა 1921 წლის 25 თებერვალს სერგო ორჯონიკიძემ რუსეთის მეთერთმეტე წითელი არმიის ხიშტების მეშვეობით თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალა და კრემლში ლენინისა და სტალინის სახელზე დეპეშა გააგზავნა. ტექსტსაც შეგახსენებთ: “თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!”. ფაქტობრივად ისტორია მეორდება, ოღონდ ამჯერად ძალადობა წითელი არმიის ხიშტებით არ ხორციელდება.
– ბატონო გურამ, რატომ ხართ ხუთჯვრიანი დროშის წინააღმდეგი? ის ხომ საზოგადოებაში ისტორიულ, ეროვნულ სიმბოლოდ აღიქმება?
– პირველ რიგში, აღვნიშნოთ, რომ საუბარი თეთრ, ხუთჯვრიან დროშაზეა, რომელზედაც ერთი დიდი და ოთხი პატარა ჯვარია გამოსახული. დიდი ჯვარი იმ ჯვრის სიმბოლოა, რომელზედაც მაცხოვარი გააკრეს, ხოლო პატარები ოთხ სამსჭვალს აღნიშნავს, რომლებითაც უფალი ჯვარზე მიალურსმნეს. მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო: ხუთჯვრიანი თეთრი დროშა არ არის ქართული. ამას გვაუწყებს როგორც ქართული, ასევე უცხოური, კერძოდ, აღმოსავლური, დასავლეთ ევროპული და სომხური საისტორიო წყაროები. დადასტურებულია, რომ ეს დროშა იერუსალიმის სამეფოს ჯვაროსანი კათოლიკებისა გახლავთ და დღემდე ამ წმინდა მიწის მეურვის – ფრანცისკანელთა ორდენის კუთვნილებაა. ეს დროშა დღემდე ფრიალებს ფრანცისკანელთა ოფისის თავზე და, რომც იყოს ისტორიულად ქართული, ვიდრე არ არსებობს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტი, მისი აღმართვა დაუშვებელია. მცდარი მოსაზრება, რომ ეს დროშა ისტორიულია, წარმოშვა XIV საუკუნის ორმა საზღვაოსნო რუკამ, რომელზედაც აღნიშნული დროშა თბილისის და სოხუმის თავზეა დაფიქსირებული, რის გამოც მკვლევარებმა ის ისტორიულ, ჭეშმარიტად ეროვნულ სიმბოლოდ მიიჩნიეს. თუმცა, შემდეგ, როცა ხელმისაწვდომი შეიქმნა მსოფლიო ატლასი, მეცნიერებისათვის ნათელი გახდა, რომ იგი არამარტო საქართველოს, არამედ სხვა კონტინენტების და მათ შორის მცირე აზიის აღმნიშვნელ ტერიტორიებზეც ფრიალებდა. ის კი არა, ხმელთაშუა ზღვაში გასულ გემებზეც იყო აღმართული. საბოლოოდ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ XIV საუკუნეში კათოლიკე კაპიტნებისთვის გამოცემულ საზღვაოსნო რუკებზე აღნიშნული ხუთჯვრიანი დროშა ქვეყნებში კათოლიკური მისიების არსებობაზე მიანიშნებდა, რათა გაჭირვების ჟამს კაპიტნებს სცოდნოდათ, სად, რომელ სახელმწიფოში იყვნენ მათი თანამოძმეები (სარწმუნოების მიხედვით). ხუთჯვრიანი დროშა ქართული რომ არ არის, ისიც მიგვანიშნებს, რომ პირველ მსოფლიო ომში გამოიყენებოდა და საერთოდაც, ნეიტრალურ დროშად იქნა მიჩნეული. ასე რომ, ის ქართული და მართლმადიდებლური კი არ არის, არამედ კათოლიკური და ჯვაროსნულია.
– ბატონო გურამ, როგორი იყო სინამდვილეში ქართული დროშა?
– ქართულ, აგრეთვე ევროპულ და სომხურ-არაბულ საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით, დიდმა ქართველმა ისტორიკოსებმა ივანე ჯავახიშვილმა, მარიკა ლორთქიფანიძემ, როინ მეტრეველმა, ოთარ ჯაფარიძემ, გივი ჯამბურიამ, გოჩა ჯაფარიძემ, ნოდარ შოშიაშვილმა, ნაპოლეონ ზაქარაიამ და აპოლონ სილაგაძემ მთელი რიგი გამოკვლევები ჩაატარეს. აკაკი ბაქრაძემ ხუთჯვრიანი დროშის ეროვნულ სიმბოლოდ შერაცხვას ასეთი წერილიც კი მიუძღვნა – “ფრთხილად, დროშის ქურდობა არ დაგვწამონ!”. ასე რომ, მეცნიერები კატეგორიულად უარყოფენ აღნიშნული დროშის ეროვნულ სიმბოლოდ აღიარებას. დადასტურებულია, რომ ისტორიულად ეროვნული, გორგასლიანი და დავითიანი დროშა თეთრ ქსოვილზე გამოხატული წმინდა გიორგი იყო. უცხოელები ჩვენს ქვეყანას გეორგია-ჯორჯიას იმიტომ უწოდებენ, რომ ჩვენს უმთავრეს სიწმინდეს ოდითგანვე წმინდა გიორგი წარმოადგენდა. ეს ყველაფერი მეცნიერულადაა დასაბუთებული და მის ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. სიმართლე გითხრათ, მიკვირს კიდეც, რატომ ქურდობენ ახალი საკრებულოს წარმომადგენლები? რატომ აყენებენ საქართველოს შეურაცხყოფას? რატომ იგდებენ მათ მიერვე შექმნილ კანონებს აბუჩად? რატომ აყენებენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ და რატომ გვაცხადებენ ოცსაუკუნოვან მართლმადიდებელ ერს ჯვაროსნების მემკვიდრედ, იმ ჯვაროსნებისა, რომელთაც უამრავი მართლმადიდებლის სისხლი აქვთ დაღვრილი? ასე რომ, თავის დროზე სერგო ორჯონიკიძის მიერ შედგენილი დეპეშა ახლებურ ელფერს იძენს. რა თქმა უნდა, ახალი დეპეშა ოფიციალურად, წერილობით არ არსებობს, მაგრამ იგი დაახლოებით ასე აჟღერდებოდა: თბილისის თავზე ფრიალებს კათოლიკე ჯვაროსნების დროშა, გაუმარჯოს კათოლიკურ, ჯვაროსნულ საქართველოს!
– თქვენი აზრით, რა სიმბოლური დატვირთვა ენიჭება ამ დროშის აღმართვას მერიაზე?
– ამ ფაქტს წმინდა პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ის რამდენიმე წლის წინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ დროშად აღიარა და მის ფონზე საპარლამენტო და საკრებულოს არჩევნებში გაიმარჯვა. ასე რომ, ქართველი ელექტორატის თვალში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამ დროშის მემკვიდრეებად აღიქმებიან და მერიის თავზე მისი აღმართვით ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადებაზე მიანიშნებენ. მათი მიზანია, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ეს დროშა მთელ საქართველოში ააფრიალონ. არადა, დროშის აღმართვის დროს თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს საპატრიარქო, ისარგებლეს რა მისი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით ყველა პოლიტიკური პარტიისადმი. “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა საპატრიარქოს და დროშის კურთხევა საერო პირის გიორგი ანდრიაძის უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა (კურთხევა ჩაატარა ერთ-ერთმა მღვდელმა). მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ: თვით პატრიარქსაც რომ ეკურთხებინა ეს დროშა, მაინც არ შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს, რადგან სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას წყვეტს არა საპატრიარქო, არამედ პარლამენტი!
– ბატონო გურამ, რა ღონისძიების გატარებას აპირებთ მერიის თავზე აფრიალებული დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით?
– მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს მიშა სააკაშვილს და განვუცხადეთ, რომ კათოლიკური დროშა დაუყოვნებლივ ჩამოხსნან, თორემ ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ.

მაია მარგველანი
“ასავალ-დასავალი”, 9-15 დეკემბერი, 2002

შარაძე ერთნაირი გააფრთებით ებრძვის
ჯორჯ ბუშსაც და სააკაშვილსაც
(ქვეყნდება შემოკლებით)

გუშინ თბილისის მერიაში საგანგებო ბრიფინგი გამართა პარლამენტის დეპუტატმა გურამ შარაძემ. შარაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერიის თავზე აღმართული წითელჯვრიანი დროშა კათოლიკურია და მერიის თავზე არ უნდა ფრიალებდეს.
გურამ შარაძე: ჩვენი აქ შეკრების მიზანი გახლდათ გავერკვეთ, თუ როგორ მოხდა, რომ საქართველოს დედაქალაქის თავზე ფრიალებს დროშა, რომელიც არ დაუმტკიცებია საქართველოს პარლამენტს და არც სახელმწიფო სიმბოლიკის შემმუშავებელ კომისიას ამის შესახებ მსჯელობა არ ჰქონია. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს შუა საუკუნეებიდან შემორჩენილი ნამდვილი სამეფო დროშა არ გააჩნია და მხოლოდ აღწერილობით ვიცით, როგორი უნდა ყოფილიყო. ჩვენი რესპუბლიკის დემოკრატიული დროშა 1918-1921 წლების, შეიმუშავა აკადემიკოსების ივანე ჯავახიშვილის და ექვთიმე თაყაიშვილის მეცნიერული კონსულტაციებით და დახატა ჩვენმა ცნობილმა ხელოვანმა იაკობ ნიკოლაძემ. შემდეგ იცით, რომ 1921 წელს სერგო ორჯონიკიძემ საბჭოთა არმიის დახმარებით დაიპყრო საქართველო, დაამხო ეროვნული მთავრობა, მერიის თავიდან ჩამოხსნა ეროვნული დროშა, ააფრიალა დამპყრობლური წითელი დროშა და მოსკოვში გაგზავნა ცნობილი დეპეშა: “მოსკოვი – კრემლი, ლენინს, სტალინს, თბილისზე ფრიალებს წითელი დროშა, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს”, – განაცხადა შარაძემ.
მისივე განცხადებით, როდესაც დაემხო წითელი დროშა ზვიად გამსახურდიამ და ეროვნულმა პარლამენტმა საქართველო გამოაცხადა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ და ამის საფუძველზე პარლამენტმა მიიღო დადგნილება, რომ სახელმწიფო ატრიბუტიკა იგივე დარჩენილიყო. მისი თქმით, ამ წუთამდე ზვიად გამსახურდიას და იმდროინდელი პარლამენტის დადგენილება არავის არ შეუცვლია.
– ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც იურისტი ბრძანდება, ჩემზე უკეთ უნდა მოეხსენებოდეს, რომ ზვიად გამსახურდიას დროს მიღებული და დამტკიცებული პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტიკა სანამ არ შეიცვლება კანონით და პარლამენტის დადგენილებით, მანამდე ხელის ხლება ძველისა და ახლის გამოცხადების უფლება არავის აქვს.
– რას მოითხოვთ ბატონო გურამ?
– საკრებულომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა საპატრიარქო და პატრიარქი, თითქოს ეს დროშა ნაკურთხი არის საქართველოს პატრიარქის მიერ საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მე ვაცხადებ, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებას ძალა არა აქვს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის გარეშე. ის, რომ ეს დროშა პატრიარქმა აკურთხა, ტყუილია. მე გავარკვიე და საქართველოს პატრიარქი ფიზიკურად თბილისში არ იმყოფებოდა. სინამდვილეში ისე მოხდა, საპატრიარქოში ბრძანდება ერთი იურისტი გიორგი ანდრიაძე, რომელიც სასულიერო პირი საერთოდ არ არის, გიორგი ანდრიაძისა და საკრებულოს შუამავლობით მოიყვანეს მღვდელი, ვინც ეს დროშა აკურთხა. კი ბატონო, აკურთხოს, მაგრამ დედაქალაქის თავზე მისი აფრიალების უფლება არც მღვდელს აქვს და არც პატრიარქს. მომიტევოს მისმა უწმინდესობამ, მაგრამ პატრიარქსაც არ აქვს კონსტიტუციის მაღლა თავის დაყენების უფლება. პატრიარქსაც რომ ეკურთხებინა ეს დროშა, მაინც არ ექნებოდა კანონიერი მისი აღმართვა თბილისის თავზე. სახელმწიფო სიმბოლიკის შემმუშავებელი კომისიის დასკვნა უნდა განეხილა საქართველოს პარლამენტს, დაედგინა და ამის შემდეგ შეეძლოთ მისი კურთხევა.
– რას აპირებთ, ჩამოხსნით ამ დროშას?
– მე მოვითხოვ, როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც პარლამენტის წევრი, გამარკვიოს საკრებულოს წარმომადგენლობამ, რის საფუძველზე მოხდა მისი აღმართვა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უკანონო, საქართველოს ოცსაუკუნოვანი მართლმადიდებლური სახელმწიფოს დედაქალაქის თავზე არ უნდა ფრიალებდეს ჯვაროსნული კათოლიკური დროშა. ხუთჯვრიანი დროშა, ერთი დიდი ჯვარი და კუთხეებში პატარ ჯვრებით – ეს კომპოზიცია არის არამართლმადიდებლური. ეს იყო იერუსალიმის სამეფოს თავზე და ეს თბილისის თავზე არ უნდა ფრიალებდეს. იერუსალიმის თავზე და თბილისის თავზე ერთნაირი დროშები ფრიალებს.

ნონა ცაბაძე
“ახალი თაობა”, 11 დეკემბერი, 2002

მერიის თავზე დროშები კვლავ ფრიალებს

– თბილისი თუ იერუსალიმი? – კითხულობს გურამ შარაძე, პასუხს არ ელოდება და აცხადებს: – თუ არა, მაშ რა უნდა თბილისის მერიის თავზე კათოლიკურ-ჯვაროსნულ დროშას?!
გურამ შარაძე ჯერ პარლამენტში აპროტესტებდა დედაქალაქის მერიის თავზე ახალი საკრებულოს თავმჯდომარის – მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დროშების აღმართვის ფაქტს და ამით რომ ვერაფერს გახდა, გუშინ თვითონ მივიდა მერიაში და ახლა იქ მოითხოვა ამ დროშების მოცილება. საგანაგებოდ გამართულ ბრიფინგზე შარაძემ დეტალურად ახსნა, თუ რატომ არ შეგვეფერება ჯვრიანი დროშები. თუმცა, ამჯერად მერიაში იმის გამოსარკვევად მისულა, თუ რის საფუძველზე მოხდა ამ დროშების აღმართვა. მისთვის არგუმენტად არ გამოდგება საპატრიარქოს ნებართვა, “პატრიარქსაც რომ ეკურთხებინა, მას კონსტიტუციური ძალა მაინც არ ექნებოდა”, – აცხადებს შარაძე და ირწმუნება, რომ დროშამ ან სხვა სიმბოლიკამ არსებობის უფლება რომ მოიპოვოს, საჭიროა, ის ჯერ სიმბოლიკის შემსწავლელმა კომისიამ დაადგინოს და მერე პარლამენტმა დაამტკიცოს. მაგრამ ვიდრე ეს არ მოხდება, სახელმწიფო ვალდებულია, ის სიმბოლიკა გამოიყენოს, რომელიც წინა ხელისუფლებისგან მიიღო მემკვიდრეობით. “ჩვენ კი პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეებად ვითვლებით და ამდენად, მისი სიმბოლიკა უნდა დაგვრჩეს”, – აცხადებს შარაძე.
შარაძის თქმით, საპატრიარქოს წამომადგენელს, რომელიც დროშის კურთხევაზე იყო მისული, პატრიარქისგან ნებართვა არ ჰქონდა აღებული და საერთოდ, იმ დღეს პატრიარქი საქართველოში არ იმყოფებოდა და, ამდენად, საპატრიარქო აქ არაფერ შუაშია.
სამაგიეროდ, შუაში სააკაშვილია, რომელიც არც კი აპირებს შარაძის საყვედურების მოსმენას, თუმცა, ვიდრე საკითხი სკანდალურ სახეს მიიღებდა, არც შარაძეს გასჩენია სააკაშვილთან დალაპარაკების სურვილი. მას მიაჩნია, რომ სააკაშვილი იყო ვალდებული, მისულიყო მასთან და ეკითხა მინც, შეიძლებოდა თუ არა ამ დროშის აფრიალება. ცხადია, სააკაშვილს ასეთი რამ აზრადაც არ მოუვიდოდა, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე ავტორიტეტად არა შარაძეს, არამედ საპატრიარქოს მიიჩნევს.
გუშინ შარაძემ თბილისის მერიაში თითქმის ორი საათი იბობოქრა, მაგრამ მისთვის სასურველი შედეგი არსად ჩანს – მერიის თავზე ჯვრებიანი დროშა ისევ ფრიალებს.

თეა ბარამაშვილი
“დილის გაზეთი”, 11 დეკემბერი, 2002

გურამ შარაძე: საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების 25-ე წლისთავს
მიხეილ სააკაშვილი კათოლიკურ-ჯვაროსნული დროშით ულოცავს!

ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, კათოლიკურ-ჯვაროსნული დროშა თბილისის მერიის თავზე კვლავ ფრიალებს და ახალი საკრებულო მის ჩამოხსნას არ ჩქარობს. პირიქით, მიხეილ სააკაშვილი ხუთჯვრიანი დროშის აღმართვას კანცელარიის, გამგეობისა და პარლამენტის შენობებზეც აპირებს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით პარლამენტარ გურამ შარაძეს და კომენტარი ვთხოვეთ.
– ბატონო გურამ, თქვენი პროტესტის მიუხედავად, თბილისის თავზე ისევ ფრიალებს კათოლიკური დროშა…
– სამშაბათს, 10 დეკემბერს, 12 საათზე მივედი თბილისის მერიაში. ზურაბ ჟვანია თავქუდმოგლეჯილი გარბოდა მერიიდან. მან მოიბოდიშა და მითხრა: დროშის შესახებ არაფერი ვიცი, ერთადერთი, შემიძლია გაცნობოთ, რომ საკრებულოს აპარატის უფროსი გიორგი არველაძე ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროშიაო. მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ დამხვდა ადგილზე. ახალი საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენელი კი “ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად” მობრძანდა. მათ შორის იყო ჩემი ძველი მეგობარი ზვიად ძიძიგური, რომელმაც დროშის აღმართვის კანონიერება ასეთი არგუმენტაციით გაამართლა: ხუთჯვრიანი დროშა საპატრიარქომ აკურთხა და მსგავსი დროშა ჯიხეთის მონასტერშიც არისო. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა “ნაციონალური მოძრაობის” ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსის ზვიად ძიძიგურის ასეთი არგუმენტაცია. ამის შემდეგ სხვისგან რას უნდა მოველოდე?
როდესაც ახალი საკრებულოს წარმომადგენლები ურცხვად დაიმალნენ, მერიის ფოიეში გავმართე ბრიფინგი, მაგრამ ამისთვის რაიმე პოლიტიკური სარჩული რომ არ დაედოთ, ჩემს მხარდამჭერებს ვთხოვე, იქ არ მოსულიყვნენ, მაგრამ ინტელიგენციის არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის, პროფესორი, ისტორიკოსი სანდრო ნონეშვილი, კინორეჟისორი ლერი საიხარულიძე მაინც მობრძანდნენ და ახალ საკრებულოს კიდევ ერთხელ მოვთხოვეთ მართლმადიდებლურ საქართველოში კათოლიკური დროშის ჩამოხსნა. თუმცა ახალი საკრებულო პატრიარქის სახელით სპეკულირებს და ამ აქციის კანონიერების არგუმენტად მოჰყავს ის, რომ დროშა კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღიმართა. ეს სიცრუეა, რადგან ამ დროს პატრიარქი საერთოდ არ იმყოფებოდა დედაქალაქში, თანაც მან შექმნა დროშის საკუთარი ვარიანტი – თეთრ ალამზე გამოსახული ჯვრითა და ბორჯღალით და ეს ნიმუში განსახილველად გადასცა საქართველოს ახალი სიმბოლიკის შემმუშავებელ საპრეზიდენტო კომისიას. ასე რომ, არგუმენტი, თითქოს კათოლიკური დროშა პატრიარქის კურთხევით აღიმართა, მტკნარი სიცრუეა.
– თბილისის თავზე კათოლიკური დროშის აფრიალება პრეზიდენტმა უყურადღებოდ რატომ დატოვა?
– პრეზიდენტს ნამდვილად არ დაუტოვებია ეს ფაქტი უყურადღებოდ. მთავრობის ბოლო სხდომაზე მან კატეგორიული ტონით გააფრთხილა ახალი საკრებულო, თავი დაენებებინა ახალ-ახალი დროშების ფრიალისთვის. პრეზიდენტმა მიუთითა, რომ სიმბოლიკის შეცვლისათვის არსებობს საქართველოს ახალი სიმბოლიკის შემმუშავებელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო კომისიები, სადაც უნდა მოხდეს ნიმუშების წარდგენა და კანონიერი გზით პარლამენტში დამტკიცება. ჯერჯერობით ახალი საკრებულოს მხრიდან პრეზიდენტის მოთხოვნაც უგულებელყოფილია. მაგრამ გარწმუნებთ, ამ თვითნებობას მალე მოეღება ბოლო.
– ბატონო გურამ, რომც არ იყოს ხუთჯვრიანი დროშა კათოლიკური, დასაშვებია, რომ სახელმწიფოს ორი დროშა ჰქონდეს?
– კიდევ ვიმეორებ, ძალადობით ყველაფერი შეიძლება. სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელებისაგან არანაირი ქმედება არ გამიკვირდება, მაგრამ აღვშფოთდი, როცა უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნიკა ლალიაშვილმა ბრიფინგი ხუთჯვრიანი დროშის ფონზე ჩაატარა. შეიძლება უშიშროების სამინისტრო ასე მოეკიდოს ასეთ მტკივნეულ საკითხს?
– ხუთჯვრიანი დროშა საზოგადოებაში სასწრაფო დახმარებისა და წითელი ჯვრის დროშასთან ასოცირდება…
– სამარცხვინოა, რომ თბილისის მერიის თავზე აფრიალებული “ახალი სიმბოლო” საზოგადოებაში ხუმრობისა და ქილიკის საგნად იქცა.
– ბატონო გურამ, დროშასთან დაკავშირებული სკანდალი მიხეილ სააკაშვილმა პირადად მის წინააღმდეგ მიმართულ აქციად ჩათვალა და ასეთი განცხადება გააკეთა, რომ თქვენ მას და ჯორჯ ბუშს ერთნაირად ებრძვით…
– სასაცილოდ მეჩვენება სააკაშვილის ამ ფრაზას კომენტარი გავუკეთო. მას მეტისმეტად დიდი წარმოდგენა ჰქონია საკუთარ თავზე, თუკი ჯორჯ ბუშს ედრება.
– ბატონო გურამ, მაინც რას აპირებთ, ჩამოხსნით თბილისის მერიის თავზე აღმართულ კათოლიკურ დროშას თუ პოზიციას დათმობთ?
– იმ ადამიანთა რიცხვს არ მივეკუთვნები, დილით რომ მუშტებს იღერებენ და საღამოს კიდევ წამოწყებული საქმე ავიწყდებათ. პოზიციის დათმობას ნამდვილად არ ვაპირებ და კიდევ ვიმეორებ, მათ უკანონო ქმედებას აუცილებლად მოეღება ბოლო!
გურამ შარაძე ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში უშიშროების მინისტრს ვალერი ხაბურძანიას დაუკავშირდა და სთხოვა, აეხსნა, თუ რატომ ატარებს უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნიკა ლალიაშვილი ბრიფინგებს ხუთჯვრიანი დროში ფონზე. უშიშროების მინისტრმა გურამ შარაძეს აცნობა, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული დროშის კათოლიკურ-ჯვაროსნული ისტორიის და მისი უკანონოდ აღმართვის შესახებ შეიტყვეს, კათოლიკური დროშა ჩამოხსნეს.

მაია მარგველანი
“ასავალ-დასავალი”, 16-22 დეკემბერი, 2002

გურამ შარაძე მერიაში შიმშილობს

გურამ შარაძემ მერიის შენობაში შიმშილობა დაიწყო. მიზეზი მერიაზე აღმართული ხუთჯვრიანი დროშაა, რომლის ჩამოხსნასაც გურამ შარაძე აღმართვის დღიდან მოითხოვს. საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დროშის ჩამოხსნას არც ფიქრობენ და აცხადებენ, რომ დროშა მართლმადიდებლურია.
ბატონი გურამი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ “ნაციონალური” მოძრაობა და მისი ლიდერი ძალადობას მიეჩვივნენ, სწორედ ასეთი ძალადობით შევიდნენ ისინი მერიაში და ასეთივე ძალადობით აღმართეს დროშა. მათგან ასეთი რამ არც უნდა გაგიკვირდეთ.
– მაგრამ “ნაციონალები” აცხადებენ, რომ საპატრიარქო საქმის კურსში იყო…
– ეს ტყუილია, საპატრიარქოს პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ სახელმწიფო დროშის დამტკიცება მათი კომპეტენცია არ არის. იცით, რას ვეწინააღმდეგები, იმას, რომ დროშაზე მიხეილ სააკაშვილმა და გივი თარგამაძემ საკუთარი თავები რომ დახატეს. ისინი მოსახლეობის ზომბირებას ეწევიან, უღმერთოები არიან, არ იფიქროთ, რომ ან კათოლიკეები იყვნენ და ან მართლმადიდებლები.
– თქვენ შიმშილობა დაიწყეთ, “ნაციონალები” კი ამბობენ, რომ ასეთი ქცევით ვერც სასამართლოს გადაიბირებთ და ვერც ვერაფერს შეცვლით.
– მე ვიბრძოლებ საქართველოს უკეთესი და ბედნიერი მომავლისთვის და არა ისეთისთვის, როგორი საქართველოც “ნაციონალებს” სურთ. იმასაც გეტყვით, რომ სასამართლოს იმედი არა მაქვს, თუმცა კათოლიკური ჯვრის ჩამოსახსნელად ყველაფერს გავაკეთებ.

მეგი კიკაჩეიშვილი
“დილის გაზეთი”, 20 დეკემბერი, 2002

გურამ შარაძე მერიის შენობაში შიმშილობს
(ქვეყნდება შემოკლებით)

მერიაში გურამ შარაძის შიმშილობის აქციას, როგორც ირკვევა, მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. პირადად მოშიმშილე ჯერ დროშის ისტორიულ წამომავლობას, შემდეგ კი მისი აღმართვის სამართლებრივ კანონიერებას დავობდა. “ნაციონალები” პოლიტიკურ ანგაჟირებაზე საუბრობდნენ. ხოლო უკვე დღის ბოლოს საკრებულოს დანარჩენი ფრაქციები მიზანმიმართულ პროვოკაციაზე ალაპარაკდნენ.
გუშინ ღამის 12 საათის მონაცემებით, გურამ შარაძე ისევ მერიის შენობაში იმყოფებოდა და როგორც მისი მომხრეები აცხადებდნენ, შიმშილობას აგრძელებდა.
მერიის შენობის თავზე აღმართული ჯვრიანი დროშის გამო შიმშილობა და ქალაქის, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გურამ შარაძემ ერთდროულად დღის 2 საათზე დაიწყო. თუ თავიდან იგი ეჭვქვეშ დროშის ისტორიულ წარმომავლობას აყენებდა და საკრებულოს კათოლიკური დროშის აღმართვაში სდებდა ბრალს, დღეს მისი შიმშილობის მიზეზი საკრებულოს მიერ დროშის აღმართვის “იურიდიულ-სამართლებრივ-საკანონმდებლო ბაზის” არქონა გახდა.
“იქნებ, ახლა მაინც დაინტერესდნენ სამართლადამცავი ორგანოები: გენერალური პროკურატურა, შსს, უშისროების სამინისტრო და მაჩვენოს ახლად არჩეულმა თბილისის საკრებულომ, რა სამართლებრივი და იურიდიული ნორმებისა და ბაზის საფუძველზე აღმართა დედაქალაქის მერიის შენობის თავზე ახალი დროშა. თბილისის შესახებ კანონის მე-10 მუხლში წერია, რომ მართალია, საკრებულოს ქალაქის ახალი სიმბოლიკის მიღების უფლება აქვს, მაგრამ იგი იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული უნდა იყოს სახელმწიფო რეგისტრაციაში. ეს იურიდიული ნორმა და მოთხოვნა იურისტ მიხეილ სააკაშვილს არ უნდა შეშლოდა. ასე რომ, დროშის აღმართვის იურიდიული საფუძველი ანტიკონსტიტუციურია” – თითქმის ყველა შეხვედრაზე ირწმუნებოდა გუშინ გურამ შარაძე.
მოგვიანებით შარაძეს “აღორძინების” ინიციატივით საკრებულოს 5 ფრაქციის წარმომადგენლები, მათ შორის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ასევე დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ერთი საათის შემდეგ შეხვედრიდან გამოსული საკრებულოს დეპუტატები აცხადებდნენ, რომ მათ შარაძესთან კონსენსუსს მიაღწიეს და შიმშილობის აქცია შეწყდებოდა. “ჩვენ წამოვაყენეთ ინიციატივა, შევხვდეთ პატრიარქს, მასთან ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. პროცესებში ასევე აქტიურად ჩაერევა საკრებულოს ეთიკისა და რელიგიის საკითხთა შემსწავლელი კომისია’’ – აღნიშნავდა შეხვედრიდან გამოსული ფრაქცია “აღორძინების’’ ლიდერი გიორგი ტაბიძე. განსხვავებულად ხსნიდა ვითარებას თავად შარაძე, რომ იგი შიმშილობის აქციის შეწყვეტას არ აპირებს. საბოლოოდ ცეცხლზე ნავთი იმან დაასხა, რომ მანამ, ვიდრე საკრებულოს 5 ფრაქციის დეპუტატი და გურამ შარაძე დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ, ვიღაცა მერიის სახურავზე ამძვრალა და კიდევ ორი ჯვრიანი დროშა დაუმატებია. ამის შემდეგ შიმშილობის შეწყვეტაზე გურამ შარაძის დაყოლიება ვერავინ შეძლო. თუ ვისი ბრძანებით იქნა გვიან საღამოს დამატებით ორი დროშა მერიის თავზე აღმართული, ჯერჯერობით ვერ დაადგინეს. ამან თავად საკრებულოს დეპუტატებს მიზანმიმართული, პროვოკაციის ეჭვი გაუჩინა. მერიაში აცხადებენ, რომ დროშის აღმართვის ბრძანება საკრებულოს აპარატიდან გაიცა, საკრებულო კი თავად გაკვირვებულია და ხელს მერიის სამეურნეო სამსახურისკენ იშვერს. “თუკი მართლა დაამატეს დროშები, ვთვლით რომ ამ ფონზე ეს არის საკრებულოს დაცინვა და უმსგავსობა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ. აუცილებლად უნდა აღდგეს სტატუს კვო – აცხადებდნენ გუშინ დეპუტატები. სტატუს კვოს აღდგენამდე კი გურამ შარაძემ მერიაში შიმშილობა გააგრძელა. ხვალ ალბათ იგი ფოთიდან დაბრუნებულ “ვანოსა დაა სტრასბურგიდან ჩამოფრენილ მიშას მერიის ფოიეში ან რომელიმე ჩინოვნიკის კაბინეტში დახვდება”.

მარი ნარჩემაშვილი
“რეზონანსი”, 20 დეკემბერი, 2002

შარაძემ უვადო შიმშილობა დაიწყო
სააკაშვილმა მერიის “კრიშაზე” სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო

გუშინ დეპუტატმა გურამ შარაძემ მორიგი შეტევა განახორციელა საკრებულოზე, იგი საკრებულოს შენობაში შეიჭრა. მან საკრებულოს დეპუტატთა კაბინეტები რიგრიგობით ჩამოიარა და მოითხოვდა კათოლიკურ-მისიონერული დროშების მერიის შენობიდან ჩამოხსნას. მისი თქმით, სააკაშვილმა სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა მერიის სახურავზე, ისევე, როგორც 1921 წლის 25 თებერვალს სერგო ორჯონიკიძემ ამავე შენობაზე. შარაძესთან შესახვედრად მოსული იყვნენ სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად, მათ შორის, ეთიკის ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ საღარაძე. მათ დაყვავებით დაუწყეს საუბარი გურამ შარაძეს და მოისმინეს მისი პრეტენზიები. ამ დროს შემოვიდნენ ვაკის გონივრული განვითარების ქალები და გურამ შარაძეს შენობის დატოვება მოსთხოვეს. აღელვებული გურამ შარაძე მათ მიმართავდა, რომ ვაკეს გონივრული განვითარება არ სჭირდება, ამის არგუმენტად კი მოჰყავდა საკუთარი ვაკელობა და განვითარება. გაწევ-გამოწევა მშვიდობიანად დამთავრდა. განვითარებაზე მეოცნებე ქალბატონებმა დატოვეს შენობა, შარაძემ კი ჟურნალისტების გარეშე მოლაპარაკება გამართა ფრაქციებთან. ფრაქციის წარმომადგენლებმა დაუწყეს საქმის გარჩევა და ვაჟკაცობაზე საუბარი, ანუ დაანამუსეს გურამ შარაძე. მან კატეგორიული ტონით დატოვა შეხვედრა. გვიანობამდე გურამ შარაძე იმყოფებოდა საკრებულოს შენობაში და იმუქრებოდა, რომ კვლავ გააგრძელებდა ერთკვირიან შიმშილობას, რადგან იცის, რომ მისი მუქარები არ იმოქმედებს საკრებულოზე და დროშას არ ჩამოხსნიან.
– საკრებულოს თავმჯდომარემ მიშა სააკაშვილმა ჩაიდინა სახელმწიფო გადატრიალება და ყალბი დროშები ააფრიალა მუნიციპალიტეტის შენობის თავზე და ასევე მიიღო ყალბი გადაწყვეტილება. მან შეცდომაში შეიყვანა თბილისის ხელისუფლება. იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და მისი პარპაში უნდა დასრულდეს. თუ ხელისუფლება არ მიიღებს გადამჭრელ ზომებს და არ აღკვეთს სააკაშვილის სიცრუესა და სიყალბეს, მოსახლეობის მოტყუებას, მაშინ მე მას სასამართლოში ვუჩივლებ და პასუხს ვაგებინებ. საკრებულოს დეპუტატებთან მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო და ხვალ უკვე მოვიწვევ შს და უშიშროების მინისტრებს და პროკურატურას, სამართალდამცავების საშუალებით შევეცდები, მოვაშოროთ თბილისის ხელისუფლებას მიშა სააკაშვილი და მისი დროშები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შევხვდი ვიცე-პრემიერ კარბელაშვილს და მოველაპარაკე, არავითარაი იმედი არა მაქვს, რომ ისინი ჩემს მოთხოვნებს შეასრულებენ. ვიქნები მერიის შენობაში მანამ, სანამ არ ჩამოხსნიან კათოლიკურ-მისიონერულ დროშებს, რომლებიც სამართლებრივად და ისტორიულად გაუმართლებელია.

ეთერ ბალაძე
“ახალი თაობა”, 20 დეკემბერი, 2002

შარაძე ისევ შიმშილობს
(ქვეყნდება შემოკლებით)

გურამ შარაძე მერიის შენობაში შიმშილობას კვლავ აგრძელებს. ის კატეგორიულად მოითხოვს მერიის თავზე აღმართული ხუთჯვრიანი დროშის ჩამოხსნას და მას სააკაშვილის დროშას უწოდებს. ამ ფაქტს ეხმაურება ნაციონალური მოძრაობა და მერიაში ბრიფინგს მართავს. გიორგი არველაძის განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით ძირითადად სამი საკითხი იწვევს კითხვებს. იურიდიული საკითხი, ისტორიული დანიშნულება და მესამე რელიგიური. არველაძის თქმით, ეს დღეები გაისმის მოწოდებები, რომ ეს დროშა კათოლიკურია და ა.შ. რაც შეეხება იურიდიულ საკითხს, არველაძე აცხადებს, რომ აღნიშნული დროშა აღიმართა საკრებულოს გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულ იქნა 19 ნოემბერს. მისივე თქმით, საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, მისი კომპეტენციაა ის, თუ რა დროშა აღიმართება თბილისის მერიის თავზე და მისივე კომპეტენციაა ის, თუ რა დროშა იქნება ჩამოხსნილი.

– თქვენ პროტესტს სააკაშვილის მიმართ გამოთქვამთ და მის მისაღებში რატომ არ შიმშილობთ, ზოდელავას მისაღებში რა გინდათ?
გურამ შარაძე: მე არცერთ მისაღებში არ ვშიმშილობ, მე ვარ ფოიეში, სადაც არ დგას არც სკამი და არც მაგიდა. ჩემთან მოვიდნენ ჩემი კოლეგები და ამიტომ დოკუმენტაციის გასაშლელად მაგიდა მჭირდებოდა. არც ზოდელავას და არც სააკაშვილის მისაღებში ჯდომის არანაირი სურვილი არ მაქვს.
– ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ანგარიშს არ გაგიწევთ, რას აპირებთ?
– ნაციონალურმა მოძრაობამ ეს სახელწოდება ჩემგან მოიპარა. სახელიდან დაწყებული მათ ყველა ჩემი იდეა მოიპარეს. ეროვნების რეკვიზიტზე რომ მებრძოდნენ და მე ნაცისტსა და ფაშისტს მეძახდნენ, ახლა თვითონ მოიპარეს ეს იდეა. იეღოველების დამცველები რომ იყვნენ და მე ვიყავი კაციჭამია და კანიბალი, დღეს პირველი მართლმადიდებელია, ასეთი ტყუილებით ვერ გავა ე.წ. ნაცმოძრაობა. მე მათი აზრი არ მაინტერესებს, ჩემს გვერდით დგას ქართველი ერი, მაგათი ნიღაბი ჩამოხსნილია და კიდევ ჩამოვხსნი.

ნონა ცაბაძე
“ახალი თაობა”, 21 დეკემბერი, 2002

რას მიაღწია შარაძემ შიმშილობით

შარაძემ ორდღიანი შიმშილობა შეწყვიტა. პატრიარქის წერილი საკმარისი აღმოჩნდა. ანტიგლობალისტი შარაძე საკრებულოს თავზე სააკაშვილის დროშას ვერ ეგუება. ის მიიჩნევს, რომ დროშა კათოლიკურია. საქმე სასამართლოში გაირჩევა. “ალია” გურამ შარაძეს ესაუბრა.
გურამ შარაძე: გავითვალისწინე რა მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასაწული, გავითვალისწინე რა, რომ 25 დეკემბერს არის კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 25 წლისთავი, ასევე ის, რომ ამ საკითხზე დაინიშნა სასამართლო, შევწყვიტე შიმშილობა.
– რატომ გახდა საჭირო ასეთი უკიდურესი ფორმის გამოყენება?
– მე რომ ადრე არ მოვსულიყავი და პირდაპირ დამეწყო შიმშილობა, მაშინ მართლა არ იქნებოდა ჩემი მოქმედება გამართლებული, მაგრამ 2 კვირაა ამ თემაზე განცხადებებს ვაკეთებ. აქაც ვიყავი და არავინ შემხვდა. მე რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, თავისი კაბინეტიდან არც არავინ გამოვიდოდა.
– ჰო, მაგრამ ერთი დროშის აღმართვა რა ისეთი ტრაგედია იყო, რომ ამოდენა აჟიოტაჟი ატეხილიყო?
– აქ მარტო დროშის აღმართვა-არაღმართვაზე ან მის კათოლიკურობაზე არ არის საუბარი. აქ მთავარია, მიხეილ სააკაშვილის მიერ ამომრჩევლის და ელექტორატის ზომბირების მცდელობა. ამ საკრებულოს არჩევნების დროს ეს დროშა იყო “ნაციონალური მოძრაობის” დროშა. ამ დროშაზე იყო დახატული გივი თარგამაძის სახე საბურთალოს არჩევნების დროს და ამ დროშის მერიის თავზე აღმართვა…
– ანუ თქვენთვის პრობლემა ის არის, რომ ეს დროშა სააკაშვილთან ასოცირდება?
– პრობლემა ეს კი არ არის, პრობლემა ისაა, რომ ის ცდილობს, ამომრჩევლის ზომბირება მოახდინოს – თითქოს ეს ის დროშაა, რომელმაც გამარჯვებით მოიყვანა “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოში, მომავალში ის გამარჯვებით მოიყვანს პარლამენტში და კიდევ პრეზიდენტის რეზიდენციაში. აი, ეს საფრთხეა, სხვათა შორის, მან არამარტო ეს დროშა გამოიყენა, მან მომპარა სახელწოდება “ნაციონალური მოძრაობა”. მე რომ ეს მოძრაობა შევქმენი, მაშინ ნაცისტს მეძახდა.
– ხომ არ აპირებთ პლაგიატობისთვისაც უჩივლოთ?
– არა, ღმერთმა ყველას მშვიდობაში მოახმაროს, სახელი იქნება თუ იდეა. ოღონდ საქართველოს საკეთილდღეოდ გამოიყენოს, მაგრამ მე იმის მეშინია, რომ ჩემი სახელის ქვეშ წამოწყებული ბრძოლა, ვიღაცამ ნიღბად არ მოირგოს.
– ხშირად ხდება ისე, რომ უბრალო პრობლემას ნაციონალურ ტრაგედიად აფასებთ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოსახლეობის ეროვნული გრძნობებით სპეკულირებთ…
– ჩემო მერაბ, რაში მჭირდება სპეკულირება. მე ხომ ამათსავით ყმაწვილი პოლიტიკოსი არ ვარ? – ზოგმა პარლამენტში რომ გაიხსნა შრომის წიგნაკი და ზოგმა საკრებულოში. მე სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი, ზოგიერთ ამათგანის წონა წიგნები მქონდა დაწერილი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქართველმა ხალხმა ჩემს პარლამენტში მოსვლამდე იცოდა ჩემი სახელი და გვარი და ჩემს საზოგადო და ეროვნულ მოღვაწეობაზე მანამდე ჰქონდა წარმოდგენა შექმნილი.
– მაშინ რაში გჭირდებათ, მიტინგების და შიმშილობების მოწყობა?
– გეტყვით. როცა მეუბნებიან, რატომ აკლავთ თავს ამ უწიგნურებს, არ გირჩევნიათ, როგორც მანამდე მუშაობდით და წერდით, ისე გააგრძელოთ, რამე ახალი დაწეროთო? მე მომყავს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდან ერთი მაგალითი: როცა ბანკის პრეზიდნეტის პოსტისთვის ერთმანეთს ილია და ივანე მაჩაბელი დაუპირისპირდნენ, ილიას უთხრეს, რა გინდათ ამ ბანკში, წადით და მეორე “ოთარაანთ ქვრივი” დაგვიწერეთო. მან უპასუხა, რა თავში ვიხლი მეორე “ოთარაანთ ქვრივს”, თუ რაც დამიწერია, იმის წამკითხავი ქართველი და საქართველო აღარ იქნებაო…
– ცოტა უხერხული ხომ არ არის, ილია ჭავჭავაძესთან რომ ავლებთ პარალელს?
– რატომ არის უხერხული? ის, რომ თქვენ ქრისტიანი ხართ, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტე ხართ. მე ვარ ილია ჭავჭავაძის მიმდევარი. მე ილია მარტო ნიშნების მისაღებად კი არ მჭირდებოდა. ილიამ ის ნაწერები იმიტომ დაგვიტოვა, რომ მისი იდეებით ვიხელმძღვანელოთ და საქართველო გადავარჩინოთ.
– დაბოლოს, რას იზამთ, სასამართლომ რომ თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღოს?
– ეს სასამართლო ხომ სააკაშვილის ჯიბის სასამართლოა, ამიტომ გამორიცხული არაფერია.
– შიმშილობას გააგრძელებთ?
– კიდევ გეუბნებით, ასეთი აქციები ერთხელ კიდევ გამოაფხიზლებს ხალხს და შეახსენებს ყველას, რომ მსოფლიოში არის ქვეყანა, რომელსაც არა აქვს საკუთარი ეროვნება, არა აქვს სახელმწიფო ენა, არა აქვს რელიგიის შესახებ კანონი. ეს არის მასონების მოდელი – უეროვნებო, უენო და ურელიგიო სახელმწიფო.

მერაბ მეტრეველი
“ალია”, 21-23 დეკემბერი, 2002

შარაძე შიშილობას წყვეტს, თუმცა პოზიციებს არ თმობს

გურამ შარაძე საკრებულოს თავმჯდომარისგან მერიის თავზე აფრიალებული დროშების ჩამოხსნას მოითხოვს. მას მხარდამჭერების საკმაოდ დიდი რაოდენობაც ზურგს უმაგრებს. თუმცა, შარაძეს არც სიტყვით, არც პროტესტითა და არც საკრებულოში მისვლით არაფერი გამოუვიდა და ხუთშაბათს, ნიკოლოზობა დღეს, მერიის ფოიეში უვადო შიშილობა გამოაცხადა. ამ დღეს არც სააკაშვილი და არც ზოდელავა თბილისში არ იმყოფებოდნენ.
შარაძის თქმით, პროტესტის უკიდურესი ფორმა იმიტომ აირჩია, რომ საზოგადოების დაცინვა და ცინიზმია ის, რომ მის განცხადებებს სააკაშვილმა აქამდე ყურადღება არ მიაქცია და საკრებულოში მასთან სასაუბროდ მისულ დეპუტატს არც კი შეხვდა.
მერიის ფოიეში დეპუტატმა შიმშილობა დღის ორ საათზე დაიწყო, თუმცა, ორიოდ საათში მასთან საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლები მივიდნენ და მოლაპარაკებაზე მიიწვიეს. დახურულ კარს მიღმა ცხარე დებატები გაიმართა. თუმცა, ამ შეხვედრას, რომელსაც საკრებულოს თხუთმეტი ფრაქციის წარმომადგენლები ,,კონსტრუქციულს’’ უწოდებენ, კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.
ყველაზე კურიოზული ის იყო, რომ სანამ შარაძე და საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლები კამათობდნენ, ვიღაც მერიის სახურავზე აძვრა და იმ დროშას, რომელზეც სკანდალი აიწია, აქეთ-იქიდან ორი ანალოგიური დროშა მიუმატა. ახლა ერთი ჯვაროსნული დროშის ნაცვლად, თბილისის თავზე სამი ასეთი დროშა ფრიალებს. ამ ფაქტმა გურამ შარაძე საბოლოოდ გამოიყვანა წყობიდან: ,,დარწმუნებული ვარ, ამას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გააკეთებდნენ. ვის შეეძლო ამ ყინვაში სახურავზე აძრომა და იქ დროშების ჩამოკიდება? მხოლოდ სააკაშვილის მომხრეს!’’
მერიის ფოიეში მოკამათე შარაძის მხარდამჭერებსა და წარმომადგენლებს შორის მყოფი კობა ბექაური ცდილობდა, შარაძე დაერწმუნებინა, რომ ეს ორი დროშა მის მოსვლამდეც იქ ეკიდა. ამ დროს მათ მერიის დაცვის თანამშრომელი მიუახლოვდა და თქვა: ,,მე მივეცი საწყობის გასაღები მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს, მან აიღო ეს დროშები და სახურავზეც ჩამოკიდაო’’. თუმცა, დაცვას ცოცხალი თავით ვერ ათქმევინეს, ვინ იყო საკრებულოს ,,კასკადიორი’’ წევრი.
გურამ შარაძე ,,სტატუს-კვოს’’ აღდგენას მოითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. იქ შეკრებილთაგან სახურავზე აძრომას და დროშების ჩამოხსნას არავინ აპირებდა.
ამის პარალელურად კი ვრცელდება საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ ხუთჯვრიანი დროშა კათოლიკური არ არის. ფრანცისკანელთა ორდენი მეთოთხმეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა, საქართველოში კი ხუთჯვრიანი რელიეფური გამოსახულება დაცულია ბორჯომის წმინდა გიორგის ეკლესიის საკურთხევლის ფასადზე და მისი ფრანცისკანელთა ორდენის სიმბოლიკასთან დაკავშირება არასწორია. ხუთჯვრიანი დროშა საეკლესიო დღესასწაულებზეც და საერო ზეიმებზეც ხშირად იყო გამოყენებული და ამასთან დაკავშირებით რაიმე გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია’’, – აცხადებს საპატრიარქო.
ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ პოზიციების დათმობას არც შარაძე აპირებდა და არც სააკაშვილი. მედიატორად ისევ საპატრიარქო მოგვევლინა. შიმშილობის მეორე დღეს გურამ შარაძე პატრიარქისგან ასეთი შინაარსის წერილს იღებს: ,,მოგმართავთ შიმშილობის ფაქტთან დაკავშირებით. გვინდა შეგახსენოთ, რომ პროტესტის ასეთი ფორმა ეკლესიისთვის მიუღებელია, რადგან ეს არის თვითმკვლელობისკენ მიმავალი გზა. ამიტომ, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, მოგმართავთ თხოვნით, შეწყვიტოთ შიმშილობა’’.
გურამ შარაძის თქმით, მას არ ჰქონდა უფლება, არ გაეთვალისწინებინა პატრიარქის თხოვნა და 20 დეკემბერს შიმშილობა შეწყვიტა.
თუმცა, პრობლემა ამით არ ამოწურულა. შარაძე 19 ნოემბერს სააკაშვილის ხელმოწერილ საკრებულოს დადგენილებას მაინც უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს: მე ბრძოლას ვაგრძელებ და კვლავაც მოვითხოვ უკანონოდ აღმართული დროშების ჩამოხსნას.

თამარ დვალიშვილი
“ქრონიკა”, 23-29 დეკემბერი, 2002

თბილისის მერიის თავზე ახალი ეგოროვები და ქანთარიები ადიან!
გურამ შარაძემ შიმშილობა შეწყვიტა,
რატუშაზე კი უკვე სამი ნაქურდალი დროშა ფრიალებს!

თბილისის მერიის თავზე ჯვაროსნული დროშის უკანონოდ აღმართვის გამო გურამ შარაძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის უკვე მესამე კვირაა დაპირისპირება გრძელდება. პარლამენტარმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კათოლიკოს-პატრიარქის წერილობითი თხოვნა მიიღო, შიმშილობა შეწყვიტა. თუმცა, მერიის თავზე ერთი ხუთჯვრიანი დროშის ნაცვლად დღეს უკვე სამი დროშა ფრიალებს. საინტერესოა, ვინ ჩათვალა, რომ ამით მოშიმშილე პარლამენტარს ნიშნს მოუგებდა და უფრო გააღიზიანებდა? ისე კი, ეს ქმედება საქართველოსა და ქართველ ერთან გაჯიბრებას უფრო ჰგავს. დღეს დროშის გარშემო ატეხილი დავა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში გადაინაცვლებს.
– ბატონო გურამ, მორწმუნე ადამიანი ბრძანდებით და რამ გადაგაწყვეტინათ შიმშილობის გამოცხადება? ეს ხომ თვითმკვლელობასთან მიახლოებაა…
– ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ადვილი არ იყო, მაგრამ რა უნდა მექნა? ვიდრე ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ახლადარჩეულ საკრებულოს და მის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე მოვთხოვე, მერიის თავზე უკანონოდ აღმართული ჯვაროსნული დროშა დაუყოვნებლივ ჩამოეხსნა. მერიაში მისულს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი საერთოდ დამემალა. ვერც ერთი პასუხისმგბელი პიროვნებისაგან კონკრეტული პასუხი ვერ მოვისმინე და ჩავთვალე, პროტესტი შიმშილობით გამომეხატა. ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, ამ საკითხს არც პარლამენტი განიხილავდა ასეთი სერიოზულობით.
– ბატონო გურამ, მას შემდეგ, რაც თქვენ შიმშილობა გამოაცხადეთ, თბილისის მერიის თავზე კიდევ ორი ჯვაროსნული დროშა აღიმართა…
– საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა ერთ მხრივ ამ ფაქტმაც განაპირობა. ამის გამო საკრებულოს წევრებმა ბოდიში მომიხადეს და მთხოვეს, პროვოკაციაზე არ წამოვგებულიყავი. ისე კი, სიმართლე გითხრათ, მაინტერესებს, ვის მოუვიდა აზრად მერიის თავზე ამძვრალიყო და ასეთი თვითნებობა ჩაედინა.
– შიმშილობის შეწყვეტა კათოლიკოს-პატრიარქის წერილობითი თხოვნის შემდეგ გადაწყვიტეთ?
– როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებელს, უწმინდესისა და უნეტარესის სულიერ შვილს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნის უგულებელყოფის უფლება არ მქონდა. გარდა ამისა, 23 დეკემბერს დავა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში გადაინაცვლებს და ვიმედოვნებ, რომ “სააკაშვილის ჯიბის სასამართლო’’ (კონკრეტულად მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოზე არ ვსაუბრობ) ამჯერად მაინც მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და ერთხელ მაინც გაბედავს სასამართლო რეფორმების მამამთავრის განაწყენებას.
– თქვენ მიერ შიმშილობის გამოცხადება საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენელმა პოპულისტურ ქმედებად ჩათვალა…
– საკრებულოს ის წარმომადგენლები, რომლებმაც ასეთი შეფასება მისცეს ჩემს ნაბიჯს, სააკაშვილის გუნდის წევრები არიან და მათგან თავხედური განცხადებები ნამდვილად არ გამკვირვებია. ამ ადამიანებისგან ის უფრო გამაოცებდა, რაიმე მოვლენა ობიექტურად რომ შეაფასონ.

მაია მარგველანი
“ასავალ-დასავალი”, 23-29 დეკემბერი, 2002

სააკაშვილმა დროშა უნდა ჩამოხსნას

კრწანისი-მთაწმინდის სასამართლომ განიხილა გურამ შარაძის სარჩელი თბილისის საკრებულოს დადგენილების თაობაზე, რომლითაც თბილისის მერიის შენობაზე თეთრი წითელჯვრიანი დროშა აფრიალდა.
მისი თქმით, სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სარჩელი და საკრებულოს 18 ნოემბრის დადგენილების მოქმედება შეაჩერა. განჩინება არ გასაჩივრდება. შარაძის თქმით, თუ სააკაშვილი მის მიერ რეფორმირებულ სასამართლოს პატივს სცემს, დროშა დღესვე უნდა ჩამოხსნას.

,,მედია-ნიუსი’’
“ალია”, 26-27 დეკემბერი, 2002

გურამ შარაძემ “ნაციონალების” დროშაზე გამარჯვება “იზეიმა”
(ქვეყნდება შემოკლებით)

მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ მერიის თავზე ხუთჯვრიანი დროშის აღმართვის უკანონობა დაადასტურა. სასამართლო კოლეგიამ გუშინ დააკმაყოფილა პარლამენტარ გურამ შარაძის სარჩელი და თბილისის საკრებულოს 19 ნოემბრის დადგენილება გააუქმა, რომელიც მერიის შენობის თავზე ხუთჯვრიანი დროშის აღმართვას ეხებოდა.
გურამ შარაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას გუშინ პარლამენტში “ზეიმობდა”, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ მის გარდა არავინ არაფერი იცოდა. დეპუტატის მწვავე პროტესტმა და მერიის ვესტიბიულში შიმშილობის გამოცხადებამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო. “ნაციონალები” შარაძის “ზეიმზე” კომენტარს არ აკეთებენ. თუ მათ ინფორმაციას დავეყრდნობით, მოშიმშილე დეპუტატს სალხინო ჯერჯერობით არაფერი აქვს.
“რამდენადაც ჩვენ ვიცით, სასამართლომ საქმე მიიღო წარმოებაში და ჯერჯერობით დადგენილება არ გამოუტანია. ამის თაობაზე ინფორმაცია ჩვენთან ჯერჯერობით არ მოსულა”, – აცხადებს საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალების” ხელმძღვანელი დავით ბერძენიშვილი.
“სააკაშვილის დროშა” მერიის თავზე 10 ნოემბრის შემდეგ ფრიალებს. საკრებულოს თავმჯდომარის, ერთი შეხედვით უწყინარმა გადაწყვეტილებამ, ეროვნული სიმბოლოების დამცველი დეპუტატის პროტესტი დროშის აღმართვიდან რამდენიმე დღეში გამოიწვია. მართალია, სააკაშვილი გაჯიუტდა და, დეპუტატის გააფრთებული წინააღმდეგობის მიუხედავად, დროშის ჩამოხსნაზე კატეგორიული უარი განაცხადა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება სასამართლო რეფორმის ავტორ საკრებულოს თავმჯდომარეს მაინც მოუწევს. მუნიციპალიტეტის სახურავს ხუთჯვრიანი დროშის გარდა საქართველოს, ევროსაბჭოსა და თბილისის ეროვნული სიმბოლოები დაამშვენებენ.

სოფო ქვლივიძე, მარი ნარჩემაშვილი
“რეზონანსი”, 26 დეკემბერი, 2002

ვისია, ვისია, დროშა ჯვრიანი?
“ერთი შტრიხის შეცვლაც კი ახალ ჰერალდიკურ სიმბოლოს ნიშნავს”

ქართველი ისტორიკოსებისა და ჰერალდიკოსების ერთი ნაწილი მერიის შენობის თავზე აღმართული ხუთჯვრიანი თეთრ-წითელი დროშის დაკანონებასა და სახელმწიფო დროშად გამოცხადებას მოითხოვენ. გუშინ ისინი, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხუთჯვრიანი დროშის ქართულ წარმომავლობას სხვადასხვა ვიზუალური და წერილობითი დოკუმენტური მასალის დახმარებით ამტკიცებდნენ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, დედაქალაქის მერიის შენობის თავზე ხუთჯვრიანი დროშის გამოკიდებამ, განსაკუთრებით გააღიზიანა პარლამენტარი გურამ შარაძე და მისი თანამოაზრეები. პარლამენტარმა დროშის ჩამოხსნის მოთხოვნით კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს ახალი წლის წინა დღეებში მიმართა. სასამართლო პროცესი იანვრის ბოლომდე დაიწყება.
პარლამენტარი და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ მერიის თავზე აფრიალებული წითელჯვრებიანი დროშა კათოლიკური წარმოშობის არის, რასაც არ ეთანხმებიან ისტორიკოსთა ერთი ნაწილი და საპატრიარქოს წარმომადგენლები. მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა დავით მუსხელიშვილმა წარმოადგინა ბოჭორმის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის საკურთხევლის ფასადზე დაცული ხუთჯვრიანი რელიეფური გამოსახულების ფოტო-მასალა. აკადემიკოსის თქმით ხუთჯვრიანი დროშა ამოტვიფრულია ხარაგაულის რაიონში, ჩხერის წმიდა გიორგის მე-13-14 საუკუნის ეკლესიის ერთ-ერთ კედელზეც. ორი წლის წინ კი დმანისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ქვაჯვარი ხუთჯვრიანი დროშის გამოსახულებით.
მუსხელიშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება ოპონენტთა იმ მოსაზრებასაც, რომ თითქოს აღნიშნული დროშა იერუსალიმის არის. “იერუსალიმის დროშა გამოსახულებით, დატანის წესითა და ფერით განსხვავდება ქართულისგან. იერუსალიმის დროშაზე გამოსახული პატარა ჯვრები ოქროსფერია, ცენტრში მოთავსებულ დიდ ჯვარს კი ოთხივე მხარეს აქვს მართობული მონაკვეთები. ქართული დროშის ჯვრები წითელი ფერის არის და ცენტრში მოთავსებული ჯვარი მთლიანად ფარავს დროშას კიდიდან კიდემდე”, – ასე ხსნის ქართული და იერუსალიმური ჯვრების განსხვავებას დავით მუსხელიშვილი.
“ჰერალდიკაში არა თუ ფერის, არამედ სიმბოლოს ფორმის ერთი შტრიხის შეცვლაც კი ახალ ჰერალდიკურ სიმბოლოს ნიშნავს”, – გვითხრა ჰერალდიკის სპეციალისტმა თორნიკე ასათიანმა.
მუსხელიშვილმა კიდევ ერთ არგუმენტად, რომ დროშა ქართული წარმოშობისაა, მეთოთხმეტე საუკუნის იტალიური და კატალონიური რუკები მოიშველია, მათზე დატანილია იმდროინდელი ევროპის სუვერენული სახელმწიფოების დროშები, რომლებიც მათი დედაქალაქების თავზეა გამოსახული. “საქართველოს დედაქალაქის თავზე რუკაზე დატანილია ხუთჯვრიანი დროშა, რაც იმის უტყუარი დასტურია, რომ იგი იმდროინდელი საქართველოს სახელმწიფო დროშის დანიშნულებისა გახლავთ”, – გვითხრა დავით მუსხელიშვილმა.
პარლამენტარი გურამ შარაძე მეცნიერთა იმ ჯგუფს, რომლებიც მერიის თავზე აღმართული დროშის ქართულ წარმომავლობას ამტკიცებენ, სააკაშვილის დაქირავებულ თანამოაზრეებად მოიხსენიებს. შარაძე მეცნიერთა ამ გუნდს უნდობლობას უცხადებს და საკუთარი პოზიციის დასაცავად ისტორიკოსები როინ მეტრეველი და მარიამ ლორთქიფანიძე მოჰყავს. “მე ვენდობი ამ ხალხს და მათ ავტორიტეტს. ისინი ამბობენ, რომ დროშა არ არის ქართული წარმოშობის. სააკაშვილს საკუთარი აგენტები საპატრიარქოშიც ჰყავს, მათ შორის არის გიორგი ანდრიაძეც. ის და მისი თანამოაზრეები ანტიქართულ დავალებებს ასრულებენ”, – განუცხადა შარაძემ “24 საათს”.

ეთერ მამულაშვილი
“24 საათი”, 7 იანვარი, 2003

შარაძე სააკაშვილს კლანჭებიდან საქართველოს გამოგლეჯს

“გაიღვიძეთ, ხალხო, საქართველოში ყვარყვარე მოდის, ოღონდ არა თუთაბერი, არამედ სააკაშვილი!” – ასე სთხოვდა გამოფხიზლებას გასულ კვირას ქართველ ერს დეპუტატი გურამ შარაძე, რომელმაც მიშა სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას მერიის შენობაში დაბუდებული შავი ჭირი უწოდა და საკუთარ თავზე აიღო საქართველოს ამ მიშას შავი ჭირისაგან ხსნა.
სააკაშვილის მიმართ შარაძე ბოლო დროს ანტიპათიურად იყო განწყობილი, მაგრამ, მას შემდეგ, რაც საშობაოდ მიშისტებმა გაუჩალიჩეს, დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარეს უკვე დასანახად ვეღარ იტანს და საქართველოდან აპირებს გაქცევას.
შარაძე სააკაშვილს ხუთჯვრიანი დროშის გამო წაეკიდა, რომელიც მიშისტებმა თბილისის მერიის თავზე აღმართეს. შარაძისტების მტკიცებით, ეს მასონების დროშაა და მათ მისი ჩამოხსნა მოითხოვეს. მიშისტებმა დროშის ჩამოხსნის მაგივრად საშობაოდ მთელი ქალაქი ასეთი დროშებით მორთეს. შარაძე ამას მშვიდად ვერ შეხვდებოდა და განგაშის ზარები დაარისხა, სააკაშვილი პოლიტიკურ ანათემას გადასცა და დაიფიცა, ან ვიხსნი საქართველოს მიშას ჭირისგან, ანდა საქართველოს დავტოვებო.

“ახალი თაობა”, 12 იანვარი, 2003

ხუთჯვრიანი დროშის “რისხვა” სხვებსაც დაატყდა თავს

ჩვენი ქვეყნის უახლესი პოლიტისტორიის პარადოქსების წყალობით, პარლამენტარ გურამ შარაძეს საპრესკონფერენციო თემის გამოძებნა ნამდვილად არ უჭირს და მოწინააღმდეგეთა “დუელში” გამოწვევაც მშვენივრად ეხერხება. მორიგ პრესკონფერენციაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, მან ამჯერადაც არ უღალატა ჩვეულებას.
“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რამდენიმე დღის წინათ გამართული პრესკონფერენციით უდიდესი პატივი დაგვდო. 25 წელია, რაც იგი პატრიარქია, ამ ხნის მანძილზე საქართველოს ცხოვრებაში უამრავი უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა, მას კი პრესკონფერენცია აქამდე ერთხელაც არ გაუმართავს”, – შარაძემ პატრიარქის საპასუხო პრესკონფერენცია სამადლობელი სიტყვებით დაიწყო, შემდეგ კი პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში შეკრებილ ჟურნალისტებს ისევ მერიის შენობის თავზე მოფრიალე ხუთჯვრიანი დროშის კათოლიკურ-ჯვაროსნული წარმომავლობა შეახსენა.
პრესკონფერენციაზე ისტორიკოს ნუკრი შოშიაშვილის ქალიშვილმა წარმოგვიდგინა მამამისის მიერ პრეზიდენტისადმი მიწერილი წერილი, სადაც ისტორიკოსი პრეზიდენტს აფრთხილებს, მართლმადიდებლურ საქართველოში ჯვაროსნული დროშის გაბატონებას ნუ დაუშვებო. ამის გარდა, გურამ შარაძემ დარბაზში შეკრებილთ აჩვენა მოსკოვში გამოცემული წიგნი “ჯვართმტვირთველნი”, რომლის ყდაზე გამოსახულ ჯვაროსნებს ხელში ხუთჯვრიანი დროშა უჭირავთ. “ჩვენი მერიის შენობის თავზე რომ დროშა არჭვია, მასეთს ჰუნების მეთაური ატილა დააფრიალებდაო”, – გაამძაფრა თემა შარაძემ.
ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობის განხილვის შემდეგ მან სამომავლო პრესკონფერენციის აქცენტებზეც იზრუნა და რამდენიმე მაღალჩინოსანს უკბინა. “სად არის როინ მეტრეველი, რატომ არ იღებს ხმას. ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, ის კი ივანე ჯავახიშვილის ნაჯდომ სავარძელში გატრუნულა. ხმა ამოიღოს, თორემ მერე მაგისთვისაც გვიან იქნება და საქართველოსთვისაც”, – დაემუქრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შარაძე და შემდეგ ვიცე-მერი გიორგი კარბელაშვილი გაიხსენა: “მამამისი კავშირგაბმულობაზე დაწერილი წერილებით ირჩენდა თავს, ეგ კი კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე გახდა და ახლა ვიცე-მერობასაც გამოჰკრა ხელი. ასეთი კაცი გვეუბნება, – ხალხი თქვენი გამოსვლებით ვეღარ ერთობაო. გართობა და მასკარადი მერიასა და საკრებულოში მოიკითხოს”.
ხუთჯვრიანი დროშის “რისხვამ” ბასრი კბილი “რუსთავი 2”-საც გაჰკრა, – თვითონ რომ სიტყვის თავისუფლებას ითხოვდა და მთელი საქართველო ააყვირა, მე და ჩემს მომხრეებს რატომ არ გვალაპარაკებსო. შარაძე ტელეკომპანიის ოფისის პიკეტირებითაც დაიმუქრა.
ალბათ, გურამ შარაძეს ხუთჯვრიანი დროშის თემაზე მორიგი საპასუხო პრესკონფერენცია “არ ასცდება” – ზემოთ მოხსენიებულ პირთაგან ერთი მაინც ხომ გამოეხმაურება.

ნანა ქადაგიშვილი
“24 საათი”, 14 იანვარი, 2003

გვინდა თუ არა ველური ატილას დროშა?
შარაძე სააკაშვილს ორჯონიკიძესა და არძინბას ადარებს,
როინ მეტრეველს ხმის ამოღებას სთხოვს

იმის მიუხედავად, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ხუთჯვრიან დროშაზე მოდავე მხარეებს კამათის შეწყვეტისკენ მოუწოდა, შარაძე მაინც ჭირვეულობს. 25 წლის განმავლობაში, როცა უპრეცედენტო შემთხვევა ხდება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პირველად იწვევს პრესკონფერენციას, ალბათ, ჭეშმარიტ მართლმადიდებელს უნდა ეყოს სულგრძელობა და პატრიარქის სიტყვები აღასრულოს, თუმცა, ამ შემთხვევაში, დეპუტატი შარაძე მაინც პოულობს “ქამანდს” სიტყვისთვის და დროშის გამო ისევ განაგრძობს დავას.
პრესკონფერენცია, რომლის მოწვევის იმედიც პატრიარქის პრესკონფერენციამ ჟურნალისტებს გადაგვიწურა, გურამ შარაძემ მაინც გამართა. ტაშითა და გრიალით დაწყებულ პრესკონფერენციაზე ყველა მოელოდა, რომ დეპუტატი პატრიარქის წინააღმდეგაც გააკეთებდა სენსაციურ განცხადებას, თუმცა, ამ შემთხვევაში, მოზომილი და ტაქტიანი გამოდგა გურამ შარაძე და მხოლოდ პატრიარქის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს გაუკეთა კომენტარი (თუ შესწორება).
თუ აქამდე ხუთჯვრიანი დროშა ხან კათოლიკური იყო, ხანაც მასონური, გუშინ გურამ შარაძემ სულ უცხო დროშა უძახა, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ მის მიერ მოწმედ მოყვანილმა მარიკა ლორთქიფანიძემ მხოლოდ ეს თქვა, ეს დროშა არასოდეს ყოფილა საქართველოს სახელმწიფო დროშაო. სხვათა შორის, თავადაც უარყო, არასოდეს მითქვამს ამ დროშაზე მასონური ან კათოლიკურიაო.
დათუნა მუსხელიშვილის გაკრიტიკება არც გუშინ დავიწყნია შარაძეს, და იმით შეწუხებულმა, რომ ნაცმოძრაობა და ჟურნალისტები მხოლოდ მუსხელიშვილის აკადემიკოსობას ცნობენ და აღარავის ახსოვს შარაძე და ელიზბარ ჯაველიძე, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თავადაც და ფრაქცია “ოცდამეერთე საუკუნის” ლიდერიც იმ მეცნიერებათა აკადემიის წევრები არიან, რომლისაც დათუნა მუსხელიშვილია. დეპუტატს არც “რუსთავი-2”-ის გაკრიტიკება დავიწყნია. სხვათა შორის, სააკაშვილის კრიტიკას რომ მორჩა, საკრებულოს თავმჯდომარე (ხან სერგო ორჯონიკიძეს და ხან ვლადისლავ არძინბას შეადარა, ქართული დროშის უგულებელყოფისთვის), მერე დავით ბერძენიშვილიც მოიხსენია, რომელმაც უარყო, საკრებულოში განჩინება არ მოგვსვლიაო. არადა, ეს სწორედ ის განჩინებაა, რომელიც განსაკუთრებით უხარებს გულს შარაძეს და რომელიც სააკაშვილის ორწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
დეპუტატმა ამჯერად როინ მეტრეველიც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, რომლის დუმილიც ვერ აუხსნია და, ვიდრე გვიან არ არის, გონს მოეგეო, მოუწოდა, თანაც ჟურნალისტებს მხარდაჭერა სთხოვა, როგორმე ხმა მიაწვდინეთ აკადემიკოს როინ მეტრეველამდეო.
როგორც ჩანს, შარაძე არ აპირებს ხუთჯვრიანი დროშის გამო დავის შეწყვეტას. ყოველდღიურად ახალ-ახალ სამიზნეს პოულობს და ამჯერად საზოგადოებას იმას ჩასჩიჩინებს, ველური ატილას დროშა რაში გვჭირდებაო.

თამარ ბოდოკია
“დილის გაზეთი”, 14 იანვარი, 2003

საპატრიარქო ხუთჯვრიანი დროშის ჩამოხსნას არ აპირებს

დღეს მიმდინარე უმწვავეს პროცესებზე კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამართული პრესკონფერენციის შესახებ ისაუბრა გურამ შარაძემ. მან აღნიშნა, რომ პირველად ხდება კათოლიკოს-პატრიარქის პრესკონფერენციის ანალიზი. “ჩვენ იძულებულნი გავხდით ამ საკითხზე აზრი გამოგვეხატა. პატრიარქი ყველა ჩვენგანის სულიერი მამაა, ამიტომ მის თითოეულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 25 წლის მანძილზე მან პირველი პრესკონფერენცია გამართა. ათი წლის წინ მიმდინარე მოვლენებზე – ხელისუფლების ძალადობით დამხობაზე, პუტჩზე, სიგუა-კიტოვან-იოსელიანის მოსვლაზე ხელისუფლებაში მას არასოდეს ხმა არ ამოუღია”.
შარაძის აზრით, დღეს საქართველოში კვლავ მზადდება სახელმწიფო გადატრიალება. ასე მოხდა, როცა 1921 წლის თებერვალში ახლანდელი მერიის შენობიდან ორჯონიკიძემ საქართველოს დროშა ჩამოაგდო, შემდეგ არძინბამ სოხუმში გააკეთა იგივე, დღეს მიხეილ სააკაშვილმა აღმართა უცხო სახელმწიფოს, სარწმუნოების დროშა სახელმწიფო შენობის თავზე. პატრიარქმა განაცხადა, რომ ქართულ დროშაზე გამოსახული იყო ხუთი ჯვარი. ჩემი აზრით, საქართველოს დროშა არასოდეს ყოფილა ასეთი! ახლა დაიხვიეს ხელზე ბოჭორმის ეკლესიაზე გამოსახული ხუთჯვრიანი კომპოზიცია. კომპოზიციას და დროშას კი არაფერი აქვთ საერთო. კათოლიკოსმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიაში ხუთჯვრიანი დროშა მიღებული იყო, თუმცა კარგად მახსოვს, რომ იგი ეკლესიაში 1990 წელს გამოჩნდა (საბედნიეროდ, ქართულ ეკლესიას 10-წლიანი ისტორია არა აქვს). ის, რომ ეს დროშა მასონურია, არც მე და არც ბ-ნ ჯაველიძეს არ გვითქვამს; პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ელიზბარ ჯაველიძემ მასონურ საფრთხეზე ისაუბრა. დავით მუსხელიშვილის ავტორიტეტით თუ შეიძლება პატრიარქის შეცდომაში შეყვანა, რატომ ავიწყდებათ, რომ ჯაველიძეც და შარაძეც აკადემიკოსები არიან? პროფესორი ნუკრი შოშიაშვილიც ამტკიცებდა თავის ნაშრომებში, რომ ხუთჯვრიანი დროშა კათოლიკურია, მან დროულად გაგვაფრთხილა ავანტიურიზმის საფრთხეზე! ხელთ მაქვს ცნობილი გერმანელი, რუსი ავტორების წიგნი, სადაც ნათქვამია, რომ ამ დროშით მიდიოდნენ სალაშქროდ ჯვაროსნები, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბარბაროსს ატილასაც კი უკავია ეს დროშა… ახლახანს კვლავ დამირეკა აპოლონ სილაგაძემ კაიროდან და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული სახელმწიფო დროშა ასეთი იყო: თეთრი ალამი წმინდა გიორგის გამოსახულებით. იგი დიდი ინტერესით ელოდება ამ პრესკონფერენციის გაშუქებას, – აღნიშნა დეპუტატმა.
“რუსთავი-2”-ის ეკრანიდან ჯერ დავითაშვილმა დამდო ბრალი, რომ მე არ მაქვს სასამართლო გადაწყვეტილება, ბერძენიშვილმა კი თქვა, რომ ჩვენს საკრებულოში არავითარი განჩინება დროშის შესახებ არ მიგვიღიაო. “რუსთავი-2”-ს მოვუწყობთ მიტინგს თავის ოფისთან. სხვათა შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება თანამდებობის პირისთვის აუცილებელია ხუთი დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ელის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. “ნაციონალები” ათასგვარი ბუკლეტებით მოუწოდებენ მოსახლეობას მეტროში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში, არ დაუშვან ხუთჯვრიანი დროშის ხელყოფა. ბოლო ხანს რატომღაც გააქტიურდა ვიცე-მერი კარბელაშვილი, რომელიც სულ ახლახანს ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. მან “ბრძნული” აზრები გამოთქვა იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხი აღარ გაერთობა; გართობა, ბალ-მასკარადები მან სააკაშვილის საკრებულოში მოიკითხოს.
შარაძემ კვლავ ისაუბრა იეღოველთა დამანგრეველ მოღვაწეობაზე საქართველოში, მათ დიდ დაფინანსებაზე. საქმე იქამდე მივიდა, ლენტეხში გაიეღოველებული სვანები ჰელსინკიდან მიღებული “ჯიპებით” დაჰქრიან, ზოგი მღვდელმთავარი, მათ შორის მეუფე დანიელი და ნიკოლოზი, არაფერს აკეთებენ სექტანტების პარპაშის აღსაკვეთად. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა წნორში, რომელიც იეღოველთა ბუდედ იქცა, ასევე ჭიათურა-საჩხერეში. საჩხერეში იეღოველმა ცოლმა მოკლა, ნაჯახით აკუწა ქმარი, მაგრამ პატრიარქს ამის შესახებ რატომღაც პროტესტი არ გამოუთქვამს.

ნანა გოგავა
“ახალი ერა”, 14 იანვარი, 2003

თბილისის თავზე მიშიან-გურამიანი ფრიალებს

ახალი წლის შემდეგ ძველი თემები ახალი დაპირისპირებების საგანი ხდება. მარხვის დამთავრების შემდეგ გურამ შარაძეს გზა ხსნილი აქვს – დროშებთან დაკავშირებით წამოწყებული ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ კვლავაც გრძელდება. თუმცა, ბოლო პრესკონფერენცია შარაძემ თავისი სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის პრესკონფერენციის საპასუხოდ გამართა და აღნიშნა, როცა მეუფე ამბობს, რომ ხუთჯვრიანი დროშა მუდამ იყო ქართულ ეკლესიაში, სწორი არ არის. 1990 წლამდე ეს დროშა ეკლესიაში არ ყოფილა და იგი იქ ქუჩიდან გაჩნდა, როცა ეროვნულმა მოძრაობამ თავის დროზე სვიმონ გამსახურდიას მიერ დაშვებული შეცდომის საფუძველზე ააფრიალა. ქართული ეკლესია მუდამ თაყვანს სცემდა ქრისტეს ჯვარცმის კომპოზიციას, რომელიც ამ ხუთ ჯვარშია გამოხატული, მაგრამ კომპოზიცია და სიმბოლიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ და უნდა ვაღიაროთ, რომ ხუთჯვრიანი ბაირაღი არასოდეს ყოფილა არც ქართული ეკლესიის დროშა, არც სახელმწიფო დროშა და არც გორგასლიან-დავითიანი.
გურამ შარაძე პატრიარქის შეცდომაში შემყვანებად ძველ ნაცნობ სახეებთან – დავით შარაშენიძესა და გიორგი ანდრიაძესთან ერთად, ახალ სახელებს ასახლებს მეუფე დანიელისა და მეუფე ნიკოლოზის სახით, რომლებიც საპატრიარქოში შექმნილ ე.წ. შორენას ჯგუფს წარმოადგენენ და არა მარტო პატრიარქს, არამედ მართლმადიდებლობასაც ძირს უთხრიან საქართველოში.
“დანიელი ჭიათურის და საჩხერის მეუფეა, მაგრამ თბილისის სიონის ტაძრის კედლებს არ გასცილებია, მისი ამგვარი უყურადღებო დამოკიდებულების გამო ამ რაიონებში მნიშვნელოვნად გაიზარდა იეღოველთა დაა ურწმუნოთა რიცხვი და რელიგიური უთანხმოების გამო მკვლელობებიც კი ხდება. ერთი თვის წინ იეღოველმა ცოლმა ნაჯახით მოკლა მართლმადიდებელი ქმარი, რათა რვა წლის დაღუპული შვილის მართლმადიდებლური წესით გაპატიოსნება არ მოეხდინა”, – განაცხადა შარაძემ და იქვე დასძინა, რომ მეუფე ნიკოლოზის წყალობით გაიეღოველებული სვანები ჰელსინკიდან შემოსული ჯიპებით დაქრიან სვანეთში და ეს უწნიდესი ადგილი მალე უწმინდური გახდება, რადგან დიდია მცდელობა ხალხის მასობრივად გაიეღოველებისა. “ნიკოლოზი კი თბილისში თბილად ზის და მე უფრო ხშირად დავდივარ სვანეთში, ვიდრე იგი თავისი სამწყსოს მოსანახულებლად”.
შარაძე აღშფოთებულია იმითაც, რომ საქართველოს ეკლესიას ერთხელაც არ გამოუხატავს პროტესტი იმის გამო, რომ რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი მკვლელობების რიცხვმა საქართველოში იმატა; ცოტა ხნის წინ დედამ მოკლა 21 წლის გოგონა, მამამ – 6 წლის ვაჟი.
შარაძე მოუწოდებს ქვეყნის პრეზიდენტს, სასწრაფოდ შექმნას ეროვნული სიმბოლიკის შემქმნელი ახალი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თვითონ დაამტკიცებს, როგორი უნდა იყოს ქვეყნის სიმბოლო, რომელიც პარლამენტის, მერიის და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილების თავზე უნდა ფრიალებდეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტს თანადგომისთვის მიმართა შარაძის ოპონენტმა მიხეილ სააკაშვილმაც, რომელმაც საპასუხო პრესკონფერენცია გამართა საკრებულოში. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დროშის შეცვლა პრეზიდენტის პრეროგატივაა; ამ თემას რომ საზოგადოების დაპირისპირება და გახლეჩვა არ მოჰყვეს, პრეზიდენტს სთავაზობს მოეწყოს საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი და ქართველმა ხალხმა თვითონ გამოხატოს ნება – რომელი დროშა იყოს მისი და ქვეყნის სიმბოლო. “მე ვიცი, რომ ხუთჯვრიანი დროშის მიღებას კანცელარია ეწინააღმდეგება და მას მხარდაჭერა აქვს პარლამენტშიც და საკრებულოშიც, მაგრამ თუ რეფერენდუმი ჩატარდება, ქართველი ხალხი მას აუცილებლად დაუჭერს მხარს”, – ასეთია სააკაშვილის ლოგიკა. ფაქტი კი ის არის, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის შემდეგ ვერასოდეს მოახერხა ერთი დროშის ქვეშ გაერთიანება და ქვეყნის ყველა უბედურების სათავეც ამაშია. დროშა, რომელიც ამ ბოლო დროს უსაგნო მსჯელობის საგანი გახდა, პოლიტიკურ ძალებს მომავალ საპარლანეტო არჩევნებში გასამარჯვებლად და გამარჯვების აღსანიშნავად სჭირდებათ მხოლოდ.

ინგა ვაშაყმაძე
“აქცენტი”, 16-22 იანვარი, 2003

საპატრიარქო ხუთჯვრიანი დროშის ჩამოხსნას არ აპირებს

გურამ შარაძემ საპატრიარქოდან ხუთჯვრიანი დროშის ჩამოხსნას მოვლენა უწოდა და მიესალმა პატრიარქის ინიციატივას ერთჯვრიანი დროშის სახელმწიფო დროშად გამოცხადების შესახებ. “იძახდნენ, რომ ეს დროშა პირველი საუკუნიდან დევს საქართველოს ეკლესიაში, იყო, არის და იქნებაო, რაღა გუშინ გახდა გასარეცხი, გუშინ გაჭუჭყიანდა მაინცდამაინც?” – იკითხა პარლამენტარმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ხუთჯვრიანი დროშის თემას მიუძღვნა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, “უბრალოდ, ეს არის საკუთარი პრესტიჟის დაცვის უხერხული მცდელობა, რომ სააკაშვილმა და მისმა რაზმმა უფრო მოუხშირონ სანაგვეებზე სიარულს, ვინძლო, სააკაშვილი და მისი რაზმი რაც შეიძლება მალე აღმოჩნდეს ისტორიის სანაგავეზე”, – დასძინა მან.
როგორც “ალიას” საპატრიარქოდან აცნობეს, საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური სახით სახელმწიფო ერთჯვრიანი დროშის ვარიანტი ჯერ კიდევ 1997 წელს წარუდგინა. ხუთჯვრიანი დროშა კი ეკლესიაში იყო გამოყენებული, არის და კვლავაც იქნება.

“ალია”, 18-20 იანვარი, 2003

იეღოველმა ცოლმა მართლმადიდებელი ქმარი ნაკუწ-ნაკუწ დაჩეხა
მე ვებრძვი ავანტიურისტ სააკაშვილებს, დავითაშვილებს
(ქვეყნდება შემოკლებით)

გურამ შარაძისა და მიხეილ სააკაშვილის კამათი მერიის თავზე აღმართული ხუთჯვრიანი დროშის თაობაზე უკვე დიდი ხანია, სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამ თემას სპეციალური პრესკონფერენციაც კი მიუძღვნა. შარაძესთან დაკავშირებით ახალი დაპირისპირება გამოიკვეთა. დაპირისპირების თემად კვლავ დროშა რჩება.
გურამ შარაძე: პატრიარქმა განაცხადა, რომ ეს დროშა არ არის მასონური. არადა, მე არ მითქვამს რომ დროშა მასონურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს. პატრიარქმა ისიც განაცხადა, რომ ეს დროშა იყო, არის და იქნება საქართველოს ეკლესიის დროშა. მე მინდა ამასთან დაკავშირებით განვაცხადო, რომ საქართველოში ეს ხუთჯვრიანი დროშა არასოდეს ყოფილა. პატრიარქი იმას თუ გულისხმობდა, რომ როგორც ქრისტეს ჯვარცმის სიმბოლიკა კომპოზიციის სახით, ქართულ არქიტექტურულ ძეგლებზე იყო, ამაზე არც მე ვდავობ. მაგრამ როგორც დროშა, ეს არასოდეს ყოფილა გამოყენებული. არცერთი ისტორიული წყარო ამაზე არ მიუთითებს. ქვაზე ამოკვეთილი კომპოზიცია კი, მე მგონი, დროშა არ არის. ეს დროშა არანაირ მრავალსაუკუნოვან ისტორიას არ მიეკთვნება. ეს არის ბატონ სვიმონ გამსახურდიას მიერ 1990 წელს დაშვებული შეცდომა და მან შემდგომ განაცხადა კიდეც, რომ ჩემს მიერ დაშვებულ შეცდომას ნუ დააკანონებთ, ეს დროშა არასოდეს ყოფილა ქართული და, მით უმეტეს, სახელმწიფოებრივიო. ეს დროშა 10 წლის წინ, ეროვნული მოძრაობის დროს, ქუჩიდან იქნა ეკლესიაში შეტანილი და ოცსაუკუნოვან ეკლესიას 10 წელზე ნუ დავიყვანთ, ძალიან გთხოვთ…
– მაგრამ ეს დროშა ეკლესიაში რელიგიური დღესასწაულების დროს აქტიურად გამოიყენება…
– არავის არა აქვს უფლება, ეკლესიას აუკრძალოს ამ დროშის გამოყენება რელიგიურ დღესასწაულებში. უფლება აქვს, თუნდაც საპატრიარქოს თავზე გამოფინოს, რადგან კონსტიტუციის მიხედვით ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსაგან და პირიქით. მაგრამ ეკლესიას უფლება არა აქვს მრევლი და საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, რომ თითქოს ეს დროშაა და არა კომპოზიცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თვითონ ეკლესიამ გამოიყენოს, მაგრამ კონსტიტუციურად ეს სახელმწიფოებრივი დროშა არ არის.
– ანუ, თქვენ პრეტენზია მხოლოდ იმაზე გაქვთ, რომ ეს დროშა მერიის თავზე არ უნდა იყოს?
– რა თქმა უნდა. ეკლესიას უფლება აქვს, რა დროშაც უნდა ის გამოიყენოს, მაგრამ არ აქვს უფლება, განაცხადოს, რომ ეს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული დროშაა. გარდა ამისა, სახელმწიფო დროშად გამოცხადების პრეროგატივა მხოლოდ სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს აქვს.
– ე.ი. თუ სახელმწიფო დროშად გამოცხადდება და დაკანონდება, ნებისმიერ დროშას მიესალმებით?
– რა თქმა უნდა… იეღოველების დამცველები და ჯვრების მტრები მე მასწავლიან მართლმადიდებლობის და ჯვრის დაცვას? ამას ვერ მოესწრებიან და ვერც მოახერხებენ, რომ საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. პატრიარქმაც გასაგებად განაცხადა, რომ არ შეიძლებოდა მერიის თავზე იმ დროშის თვითნებურად აღმართვა, რომელიც სახელმწიფოებრივ დროშად არ არის დამტკიცებული და რომ ტყუილია, თითქოს, მერიის კურთხევის დროს ეს დროშაც იკურთხა.
– რამდენადაც ვიცი, შენიშვნები თქვენი მისამართითაც გამოითქვა…
– მე კატეგორიულად ვაფრთხილებ საპატრიარქოს ზოგიერთ წარმომადგენელს და პირველ რიგში, პრესცენტრის უფროსს – მამა დავით შარაშენიძეს და მის მოადგილეს – ზურაბ ცხოვრებაძეს, ვერ მოესწრებიან, რომ კათოლიკოს-პატრიარქს გადამკიდონ. ნუ აკეთებენ რაღაც ინტერპრეტაციებს და ჩემსკენ ხელს ნუ იშვერენ. ასევე, ძმები ანთაძეები, რომელთაგან ერთ-ერთი – მეუფე დანიელი, რომელიც ჩემი მოწინააღმდეგეების მფარველია. ქართულ ეკლესიაში კათოლიკური ხუთჯვრიანი და ჯვაროსნული დროშის დანერგვას ვერ მოესწრება. ისევე, როგორც ვერ მოესწრება მისი ძმა – მამა ზურაბი იმას, რომ ეკლესიიდან ქართული საგალობლები განდევნოს და ბერძნული საგალობლები დანერგოს. ქართულ საგალობლებს იწუნებს და არ იკითხავთ რატომ? – იმიტომ, რომ მრავალხმიანი და ჟღერადია. ბერძნული საგალობლები კი ერთხმიანი და სევდიანია და ეს უფრო მოსწონს. უნდათ, რომ ქართული ეკლესია გადააგვარონ. აბა, მეუფე დანიელის სულიერი შვილები რატომ იცავენ იეღოველებს? მე ვამბობ, რომ ძმები ანთაძეები ჯვაროსნული დროშისა და ბერძნული საგალობლების ეკლესიაში დანერგვას ვერ მოესწრებიან.
– რასაც თქვენ ამბობთ, სერიოზული ბრალდებაა…
– მე ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ, ექსკლუზიური უფლებით დაბეჭდეთ “ექოში” ჩემი მოწოდება მეუფე დანიელისადმი – წაბრძანდეს თავის ეპარქიაში (ის ახლახან დანიშნეს ჭიათურა-საჩხერის ეპისკოპოსად) და მიხედოს თავის სამწყსოს, საიდანაც ჩემთან რეკავენ, ჩამოდიან და მეპატიჟებიან – გვიშველეთ რამეო, ისე არიან შეწუხებულები იეღოველებისაგან.
ასევე, მეუფე დანიელმა განცხადება გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ეს არის კაცობრიობის წინაშე უდიდესი დანაშაული. იეღოველმა ცოლმა მართლმადიდებელი ქმარი მოკლა. ჯერ გაკოჭა და მერე ნაჯახით ნაკუწ-ნაკუწ დაჩეხა. მიზეზი არ გაინტერესებთ? დაეღუპათ 8 წლის ბიჭუნა, რომლისთვისაც მართლმადიდებელმა მამამ მართლმადიდებლური წესის აგება მოინდომა, ხოლო იეღოველმა დედამ ამის ნება არ დართო. ამაზე მოუვიდათ კონფლიქტი და ცოლმა ქმარი მხეცურად მოკლა. რატომ არ სტეხს განგაშს ჭიათურა-საჩხერის ეპისკოპოსი – მეუფე დანიელი და რატომ ზის თბილისში? წავიდეს და მიხედოს დაქცეულ და იეღოველებისაგან შეჭმულ ეპარქიას. ტყუილად აქ ჯდომას ჯობია თავის მრევლს მიხედოს. ჩემი პატრიარქთან გადაკიდება მაინც არ გამოუვა.
– პატრიარქს მართლა შეხვდით და მართლა დაგიდასტურათ, რომ ხუთჯვრიანი დროშა კათოლიკურია?
– არა. ასეთი რამ არ ყოფილა. მტრებმა მომიგონეს (იცინის). პატრიარქთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და მისი ამ საქმეში ჩარევა არ მინდოდა. მე პოლიტიკური მეთოდებით ვიბრძვი, რათა სახელმწიფოში ახალი გადატრიალება არ მოხდეს, თანაც, დროშის სახელით. ასე რომ, მე ვებრძვი ავანტიურისტებს – სააკაშვილებს, დავითაშვილებს და ახლადგამომცხვარ ვიცე-მერ კარბელაშვილს. ბატონ კარბელაშვილს ძალიან ცუდი მომავალი ემუქრება. თანავუგრძნობ მის წესიერ მშობლებს, რომ ასეთი შვილი გამოუვიდათ.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ბევრი რაღაც თავისი ინტერესებისათვის გამოიყენა. ამით იმის თქმა ხომ არ გინდოდათ, რომ მათ თქვენი და საპატრიარქოს დაპირისპირებაში რაიმე მონაწილეობა მიიღეს?
– მაგ საქმეში ლომის წილი მიუძღვით, მაგრამ არ გამოუვათ. ეს იყო მათი და საპატრიარქოს ზოგიერთი წევრის მცდელობა, რომლებიც უკვე ვამხილე… ასევე, მოვუწოდებ მეუფე ნიკოლოზს – ცაგერის ეპისკოპოსს, – წაიღეს იეღოველებმა ცაგერი… წაბრძანდეს და მიხედოს იქაურობას. აქ რომ ზის და მეუფე დანიელთან ერთად მებრძვის ხუთჯვრიანი დროშის დასაკანონებლად. არ გამოუვა… ან თავის სპეციალობას – ფიზიკას დაუბრუნდეს, რომელიც ყველაზე მატერიალური და არასულიერი მეცნიერებაა, ან კიდევ ცაგერში ავიდეს და ეპარქიას მიხედოს. ვერავინ ვერ მოესწრება, რომ გურამ შარაძე და საპატრიარქო ერთმანეთს გადაკიდონ. ამას ვერ ეღირსებიან ვერც საპატრიარქოში და ვერც მერიის შეცდომით არჩეული ზოგიერთი წევრი. მათი არჩევით საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა. ამიტომ მინდა გამოვაფხიზლო ქართველი ერი, თორემ ამდენს კი არ ვილაპარაკებდი ამ დროშაზე. მინდა ვაჩვენო ერს, თუ ვინ მოდის ხელისუფლებაში ათასნაირი ინტრიგებით, დანაშაულებებით და კანონის დარღვევებით… ამას მე არ დავუშვებ.

მაია ყვირალაშვილი
“ექო”, 21-28 იანვარი, 2003

რა მოხდება 10 დღეში?!

მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში შარაძე-სააკაშვილის პროცესად მონათლული საქმის განხილვა დაიწყო. მოსამართლე ყაჭეიშვილმა ჯერ მხოლოდ მოსამზადებელი სხდომა ჩაატარა, მაგრამ დაპირისპირებულ მხარეთა სიძლიერეში ვერ დარწმუნდა.
მოსარჩელე გურამ შარაძე მერიის შენობიდან ხუთჯვრიანი დროშის ჩამოხსნას ითხოვს. სარჩელის საფუძველზე მოპასუხე მხარეები არიან მერია და საკრებულო. ამ ორი ადრესატის გამო, ერთი გაუგებრობა უკვე მოხდა. როგორც მერია-საკრებულოს შენობაში “გავარკვიეთ”, სასამართლოს კურიერს სარჩელი მერიისთვის ჩაუბარებია. მერიაში დოკუმენტი წესისა და რიგის მიხედვით გაუფორმებიათ და შესაბამის სამსახურებშიც გაუტარებიათ, მაგრამ საკრებულოსთვის არ გაუცვნიათ, ამიტომ მოგვიანებით, როცა შეტყობინება სასამართლო განხილვის დანიშვნის შესახებ საკრებულოში გააგზავნეს, აღმოჩნდა, რომ მოპასუხე მხარე სასარჩელო განცხადებას არ იცნობდა. ამის შესახებ “ნაციონალების” წარმომადგენელმა, კობა დავითაშვილმა განცხადება თავიდანვე გააკეთა. გურამ შარაძემ მოსამართლეს მოსთხოვა, მოპასუხე მხარის სიცრუეში და პროცესის გაჭიანურებაში დადანაშაულება, მაგრამ ყაჭეიშვილს თავის გაჭირვება ჰყოფნიდა – იგი მთელი ნახევარსაათიიანი პროცესის განმავლობაში ამაოდ, მაგრამ მაინც ცდილობდა დარბაზის დაწყნარებას.
დარბაზი და სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია სავსე იყო “ნაციონალების” მხარდამჭერებითა და ხუთჯვრიანი დროშებით. შარაძის მომხრეები თავიდან დარბაზში არ ჩანდნენ, მაგრამ ერთ მშვენიერ წამს “ნაციონალების” რეპლიკებს ვარ გაუძლეს და ხმა ამოიღეს. ლოგიკურად წარმოიშვა სასამართლო ქაოსის კულმინაცია, რასაც ხელჩართული ბრძოლა მხოლოდ იმიტომ არ მოჰყოლია, რომ ძალთა თანაფარდობა იყო ძალიან განსხვავებული. “ნაციონალებმა” არ იკადრეს ერთი კაცისა და ერთი ქალის ცემა და სიტყვიერი პასუხებით შემოიფარგლნენ.
ამასობაში შარაძის ადვოკატმა განაცხადა, – სასამართლოს დასრულებამდე მერიის თავზე დროშის ფრიალი უკანონობააო, და მისი ჩამოხსნა მოითხოვა, რაზეც დარბაზიდან უპასუხეს, – უკანონო შენ თვითონ ხარო. ბოლოს დარბაზი ისე აყაყანდა, მოსამართლე ცხვირწინ მჯდომ დაპირისპირებულ მხარეებს ფერაფერს აგებინებდა და იძულებული შეიქნა, დარბაზში ჩამოსულიყო. შარაძესა და დავითაშვილს მან ორიოდე სიტყვა უთხრა, – ასეთ პირობებში ვერ ვიმუშავებ, მთავარი სხდომის დანიშვნის დღეს კი მოგვიანებით შეგატყობინებთო. სამეულის შეთანხმებით, ეს მოხდება არა უგვიანეს 10 დღისა.
რა მოხდება 10 დღეში? თუ გუშინდელი დაძაბულობითა და გურამ შარაძის პროგნოზით ვიმსჯელებთ, რომ მომავალ სხდომას მისი მრავალრიცხოვანი მხარდამჭერებიც დაესწრებიან – კარგი არაფერი.

ზაზა ფაჩუაშვილი
“24 საათი”, 21 იანვარი, 2003

სააკაშვილმა სასამართლო ჯიბეზე მოირგო
(ქვეყნდება მცირედი შემოკლებით
)

სასამართლო ხელისუფლების თავნებობით აღშფოთებული დეპუტატი გურამ შარაძე მოსამართლეებისა და სასამართლო ხელისუფლების რეფორმატორი მამის – მიხეილ სააკაშვილის – წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ სააკაშვილმა ჯერ სასამართლო ხელისუფლება მოირგო საკუთარ ჯიბეზე, შემდეგ – დედაქალაქის საკრებულო და ბიუჯეტი და სამომავლოდ პრეზიდენტობის მორგებას გეგმავს. გურამ შარაძე თავს ბედნიერ კაცად თვლის იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ მას უწევს სააკაშვილისთვის ნიღბის ჩამოგლეჯა. მის მიერ რეფორმირებულ მოსამართლეებს კი პარლამენტის დეპუტატი, როგორც ჯიბისა და სააკაშვილის მოსამართლეებს, სასამართლო დარბაზის დატოვებას სთხოვს, უფრო სწორად, ამის გაკეთებას კატეგორიულად მოითხოვს. “კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რეფორმირებული სასამართლო ჯიბის მოსამართლეებს აერთიანებს. თქვენ ჯიბის მოსამართლეები ხართ და ეს დაამტკიცეთ, სააკაშვილისა და ,,თავისუფლების ინსტიტუტის’’ მიერ მოსყიდულები!” – მიმართა საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატას დეპუტატმა შარაძემ და მოსამართლეების მიერ საქმის განხილვის გადადების შემდეგ მათ უნამუსოები და უსინდისოები უწოდა.
გურამ შარაძე: ,,ეს არის მორიგი ფანდი ,,თავისუფლების ინსტიტუტის’’ წარმომადგენლებისა. ეს ჩანაფიქრი, როგორც ჩანს, თავიდანვე იყო. ,,თავისუფლების ინსტიტუტი’’ ცდილობს საქმის გაჭიანურებას და აბუჩად იგდებს სასამართლო ხელისუფლებას. ფაქტია და ამას დღევანდელი პროცესიც ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელი ყველგან ფათურობს’’.
გურამ შარაძემ მასმედიისა და სასამართლო ხელისუფლების გასაგონად კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ,,თავისუფლების ინსტიტუტი’’ შეიქმნა ოკეანის გაღმა-გამოღმა მდებარე სპეცსამსახურების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ მიერვე ფინანსდება და შეიქმნა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეროვნულობის მოსასპობად. “კმარა ამდენი შეურაცხყოფა და ცილისწამება. ეს ის ინსტიტუტია, რომელიც “თურქი მესხების” ჩამოსახლების და წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვას ითხოვს!” – აცხადებს შარაძე.
საქმის მსვლელობით და სასამართლოს ქმედებით განაწყენებული შარაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის საცეცებმა საოლქო სასამართლომდე მიაღწია. “მე რომ ამას მიკეთებენ, გაჭირვებულ მოქალაქეს რას უზამთ? – იკითხა მან და დააკონკრეტა, რომ მისთვის მნიშვნელობა არა აქვთ, რამიშვილს ერთი თვით ჩასვამენ ციხეში თუ მთელი ცხოვრება. მთავარია, მსოფლიოს დაუმტკიცოს ამ ინსტიტუტის ვინაობა.
,,ეს იყო გარიგება სააკაშვილსა და სასამართლოს შორის. ჩვენი ვალია, გადავარჩინოთ ქვეყანა ასეთი უსამართლო მოსამართლეებისაგან და სააკაშვილის დამქაშებისაგან. ესენი სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეები არიან!’’ – აცხადებს გურამ შარაძე და მომხდარს ბედნიერ შემთხვევად მიიჩნევს, იქიდან გამომდინარე, რომ ამხელს სააკაშვილს და მის რეფორმირებულ სასამართლოს.

შორენა კოწოწაშვილი
“ახალი თაობა”, 22 იანვარი, 2003

ცრუ განგაშმა სასამართლო პროცესები ჩაშალა
(ქვეყნდება შემოკლებით)

გუშინ დილიდან მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. იქვე, ლესელიძის ქუჩაზე გამოფენილი ხუთჯვრიანი დროშები და ტრანსპარანტები იმის მაუწყებელი იყო, რომ სასამართლო დარბაზში ქრონიკული ოპონენტების – სააკაშვილ-შარაძის “შერკინება” განახლებულიყო. არანაკლებ გულშემატკივრებს მოეყარათ თავი ჩეჩენი პატიმრების პროცესზე, რომლებიც დროშის თემაზე ეგზალტირებული მასისაგან თავშეკავებულობით გამოირჩეოდნენ. სასამართლო შენობაში კულმინაციამ პირველ საათზე მიაღწია, როდესაც სასამართლოს თავმჯდომარის კაბინეტში ტელეფონის ზარი გაისმა. ინკოგნიტო “კეთილისმყოფელმა” მამუკა სონღულაშვილს შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა ამცნო, რის შემდეგაც შენობიდან ხალხის სასწრაფო ევაკუაცია მოხდა.

მაინც ამოვთხრი

კვლავ ხმაურით გრძელდება სასამართლო პროცესები თბილისის მერიის თავზე ხუთჯვრიანი დროშის აღმართვის გამო. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული ფაქტის გამო, მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში ერთბაშად რამდენიმე სარჩელი შევიდა. პარლამენტის წევრი გურამ შარაძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი და სამი იურისტი თბილისის საკრებულოს იმ დადგენილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც დროშები აღიმართა. გუშინდელ მთავარ სხდომაზე “ნაციონალების” წარმომადგენლებმა სასამართლოს სადავო სიმბოლიკის წარმომავლობის თაობაზე მეცნიერული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს, რაზეც კატეგორიული წინააღმდეგები გამოვიდნენ მოსარჩელეები. ავთანდილ კახნიაშვილის თქმით, თუნდაც დამტკიცდეს, რომ ხუთჯვრიანი დროშა ისტორიულად ქართული სიმბოლიკაა, მაინც არაფერს ცვლის, რადგან მისი გამოყენების უფლება მხოლოდ კანონით უნდა დაიშვას. “ისტორიული დროშა მუზეუმში უნდა გამოიფინოს, რელიგიური – ეკლესიაში, პარტიული – პარტიის ოფისში, ხოლო სახელმწიფო დაწესებულებებში მხოლოდ სახელმწიფო დროშები უნდა ეკიდოს”, – აცხადებს კახნიაშვილი.
სასამართლო შენობიდან ხალხის ევაკუაციის შემდეგ გურამ შარაძე განგაშის პროვოცირებასაც თავის ქრონიკულ ოპონენტებს აბრალებს. “მაინც ამოვთხრი, მაინც ჩამოვხსნი და მაინც გავაძევებ სააკაშვილსა და მის კლანს ქართული პოლიტიკიდან”, – იმუქრება შენობიდან გამოსული შარაძე.

ქართლოს თეთრაული
“დილის გაზეთი”, 31 იანვარი, 2003

სასამართლოში ბომბი ვერ აღმოაჩინეს

მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა ბომბი ვერ აღმოაჩინეს.
სასამართლოს შენობაში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა სონღულაშვილს ანონიმმა ტელეფონით აცნობა. სასამართლოს შენობა საათზე მეტი ხნის განმავლობაში მთლიანად ევაკუირებული იყო, სადაც ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობდა. ერთ პროცესზე საზღვრის დარღვევისათვის დაკავებული სამი ჩეჩენის ექსტრადიციის საკითხს, ხოლო მეორეზე პარლამენტარ გურამ შარაძისა და საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს იხილავდნენ, ხუთჯვრიან დროშებთან დაკავშირებით.
როგორც “პრაინ-ნიუსს” ჩეჩნების ერთ-ერთმა ადვოკატმა, კახა არაბიძემ განუცხადა. ჩეჩნების სასამართლო პროცესი მომხდარი ინციდენტის გამო შესაძლებელია გადაიდოს, რადგან ბრალდებულები მაშინვე გადაიყვანეს საპყრობილეში, მათი პროცესზე ხელმეორედ მოყვანა კი გარკვეულ ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

,,პრაიმ-ნიუსი’’
“ტრიბუნა”, 31 იანვარი, 2003

 

სააკაშვილი შარაძისგან ბომბმა “იხსნა”

 ხუთჯვრიანი დროშის გამო დეპუტატ გურამ შარაძესა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს შორის არსებული დაპირისპირება ფაქტობრივად სასამართლოს განსჯის საგანი გახდა. სააკაშვილისა და ზემოაღნიშნული დროშის მომხრეები შარაძეს პრეზიდენტ შევარდნაძის დაკვეთის შემსრულებლად მიიჩნევენ. სააკაშვილის მომხრეები მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ შორს წაიღოს ხელები ხუთჯვრიანი დროშისგან.

– ეს დროშები შევარდნაძეს არ მოსწონს, შარაძე არაფერ შუაშია. ის შევარდნაძის დაკვეთას ასრულებს, – ასეთია სააკაშვილის მომხრეთა პოზიცია, რომლებიც საკმაოდ აგრესიულად გამოიყურებოდნენ სასამართლო პროცესზე და ლოზუნგიც გამოფინეს: “შორს შევარდნაძის ხელები ხუთჯვრიანი ქართული დროშისგან”.

გურამ შარაძემ უარი განაცხადა გუშინ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სასამართლო განხილვაში მონაწილეობაზე, თუკი მოპასუხე მხარის მხარდამჭერები სასამართლო დარბაზიდან ხუთჯვრიან დროშას არ გაიტანდნენ. ამ შემთხვევაში შარაძის მხარემ იმარჯვა და დროშამ დარბაზი დატოვა. ამას მიჰყვა ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი კობა დავითაშვილიც, რომელმაც თავისი წასვლის მიზეზად პარლამენტში დახურულ სხდომაზე მიმდინარე აფხაზეთის საკითხის განხილვა დაასახელა. “ამ დროისთვის პარლამენტში აფხაზეთის საკითხის განხილვაა დაგეგმილი. მიმაჩნია, რომ მე იქ უნდა ვიყო, რადგან აფხაზეთის საკითხი უფრო მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა დავითაშვილმა და მოპასუხე მხარის – თბილისის საკრებულოს წარმომადგენლად დიმიტრი ქიტოშვილი დატოვა პარლამენტარ ზურაბ ადეიშვილთან ერთად.

რაც შეეხება სასამართლო დავას, როგორც ცნობილია, კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში ორი სარჩელი გაერთიანდა და სასამართლოში საკითხი დადგა გასული წლის 19 ნოემბრის ნორმატიული აქტის – საკრებულოს დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მერიის თავზე ხუთჯვრიანი დროშა გამოეფინა.

პირველი სარჩელის ავტორმა, ადვოკატმა ავთო კახნიაშვილმა პირველივე შუამდგომლობით სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოსამართლისა და საერთოდ, სარჩელის განხილვის აცილება კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოსთვის. კახნიაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა იმ არგუმენტით გაამაგრა, რომ მოსამართლე თამაზ ყაჭეიშვილმა უარი თქვა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სასამართლოს განხილვამდე მერიის შენობიდან დროებით ჩამოეხსნათ ხუთჯვრიანი დროშები. “უკანონო, სახელმწიფოებრივად მიუღებელი დროშის დედაქალაქის მერიის თავზე აღმართვამ ქვეყანაში შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი ნიჰილიზმი დაამკვიდროს”, – აღნიშნა კახნიაშვილმა.

კახნიაშვილის თქმით, მოსამართლის მიერ მისი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობით დაფიქსირდა მოსამართლე ყაჭეიშვილის დამოკიდებულება აღნიშნული დროშისადმი. ადვოკატმა მიუთითა მოსამართლის არაპირდაპირ დაინტერესებაზე და აღნიშნა, რომ სასამართლო ყველანაირად თავს არიდებს საქმის განხილვას. მოსამართლეს ნეიტრალური პოზიცია რომ ეჭიროს, დროშას სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჩამოახსნევინებდა.

კახნიაშვილის შუამდგომლობას პროცესის სხვა მონაწილეებმა მხარი არ დაუჭირეს და აღნიშნეს, რომ მოსამართლე ყაჭეიშვილის მხრიდან ჯერჯერობით არ გამოკვეთილა საქმის გაჭიანურების მცდელობა. მოსამართლე ყაჭეიშვილმა კახნიაშვილს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა უსაფუძვლობის გამო და საქმე არ აიცილა.

გურამ შარაძის ადვოკატმა დავით ჯალაბაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ საკრებულო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც შეჩერდა გასაჩივრებული ნორმატიული აქტის მოქმედება. “საკრებულო პატივს არ სცემს და არ ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ჯალაბაშვილმა.

მწვავე რეპლიკებისას და მოწინააღმდეგე მხარეთა შეხლა-შემოხლის მიუხედავად პროცესი, როგორც იქნა, დაიწყო, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი კამათი გამოიწვია საკრებულოს წარმომადგენლის, დიმიტრი ქიტოშვილის შუამდგომლობამ. მხარემ ითხოვა, სათანადო ექსპერტიზას გაერკვია ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობის საკითხი, არის თუ არა ეს დროშა ისტორიულად ქართული და აღნიშნული სიმბოლიკა გამოიყენებოდა თუ არა სხვადასხვა პერიოდში საქართველოს ისტორიულ და რელიგიურ ძეგლებზე. ქიტოშვილმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, ექსპერტიზა ჩაეტარებინა საქართველოს ისტორიის ინსტიტუტს, რამაც შარაძის აღშფოთება გამოიწვია.

– მოპასუხის შუამდგომლობა აშკარად ტენდენციურია, – განაცხადა შარაძემ და სააკაშვილის ინტერესების დამცველს შეახსენა, რომ ეს ინსტიტუტი ისტორიის ინსტიტუტი კი არ არის, არამედ – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელსაც აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი ხელმძღვანელობს.

– დავით მუსხელიშვილი ხვალვე წარმოადგენს, რომ ეს დროშა ქართულია. მუსხელიშვილი ტენდენციურია, – აღნიშნა გურამ შარაძემ და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, თუკი ექსპერტიზა ჩატარდებოდა დროშაზე, პარალელურად ექსპერტიზა ჩაეტარებინა სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრასაც.

პროცესის მონაწილე ადვოკატებმა მხარი არ დაუჭირეს ექსპერტიზის ჩატარებას, რადგან სარჩელში ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობაზე არაფერია ნათქვამი და ეს შუამდგომლობა სარჩელის მოთხოვნებს სცილდება. ადვოკატებმა ეს შუამდგომლობა საქმის გაჭიანურების მცდელობად მიიჩნიეს. მათი თქმით, აღნიშნული დროშა კონსტიტუციურად არ არის საქართველოს სახელმწიფო დროშა. “სახელმწიფო დროშის წარმომავლობას დადგენა არ სჭირდება. ეს დროშა კი სადაური წარმომავლობისაა, ჩვენ არ გვაინტერესებს. ეს არ არის სახელმწიფო დროშა და ის სახელმწიფო დაწესებულებების თავზე არ უნდა ფრიალებდეს”, – აღნიშნა კახნიაშვილმა.

შარაძემ სასამართლოზე პატარა განმარტება გააკეთა და მიუთითა, ისე არავის გაეგო, თითქოს ის და მისი მომხრენი მართლმადიდებლურ ჯვარს და ქართულ დროშას ეწინააღმდეგებოდნენ. შარაძემ კბილი გაკრა ელდარ შენგელაიას მოსაზრებას, რომელიც საქმეშიც დევს და რომლითაც დეპუტატმა საკრებულოს დარბაზში ქულები დაიწერა.

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მათ იციან იმის თაობაზე, რომ ხუთჯვრიანი დროშა არ არის სახელმწიფო დროშა. ამიტომ ზურაბ ადეიშვილმა იქვე მიუთითა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს კანონიდან გამომდინარე, უფლება აქვს, ჰქონდეს თავისი დროშა და სიმბოლიკა.

გურამ შარაძე:

– საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ და საგულისხმო ფაქტთან. მინდა იცოდეთ ზურაბ ადეიშვილის ტენდენციურობის საფუძველი. ყვარელში, ჩვენი პარტიის რეგიონული ორგანიზაციის გახსნაზე, რომელსაც სხვადასხვა სოფლის გამგებლებიც ესწრებოდნენ, მოსახლეობისგან შემოვიდა საჩივარი, რომლითაც გაირკვა, რომ ადეიშვილის მამა ერთ-ერთი სოფლის გამგებელი ყოფილა. ადეიშვილის მამა კათოლიკეა და ყვარლის ერთ-ერთ სოფელს აკათოლიკებს. ვანო მერაბიშვილიც კათოლიკეა. ეს შუამდგომლობაც იმიტომ დააყენეს, რომ ისინი არიან კათოლიკური ჯვრისა და დროშის მხარდამჭერები.

 – ეს არის პროვოკაცია. მართლმადიდებელი მშობლები მყავს. სირცხვილია ასეთი განცხადებების გაკეთება, – განაცხადა შეურაცხყოფილმა ადეიშვილმა. მისმა მომხრეებმა კი მოითხოვეს, შარაძეს პასუხი ეგო ადეიშვილის შეურაცხყოფისთვის.

დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა შარაძის ადვოკატის, ჯალაბაძის ნათქვამმა იმის თაობაზე, რომ ზურაბ ადეიშვილმა უცხოურიდან თარგმნა და გადმოიღო კოდექსი.

– მტყუანს, რომ ეგრე არ იყო – თავი ვერ შეიკავა ზურაბ ადეიშვილმა.

– კახეთში ხომ არა ვართ, – მიუგო ჯალაბაძემ და ხაზი გაუსვა იმ ფაქტორს, რომ ადეიშვილს, როგორც იურისტს, დიდ პატივს სცემდა.

კამათის ჩაცხრობა შარაძემ სცადა ახალი შუამდგომლობით. მან სასამართლოს წარუდგინა ახალი მტკიცებულებები და აღნიშნა, რომ ასეთი ხუთჯვრიანი დროშა ანგლიკანური ეკლესიის თავზე ღაზის სექტორშიც ფრიალებს. ეს დროშა კათოლიკურია.

სასამართლო განხილვა ის იყო სერიოზულ სახეს იღებდა, რომ მოსამართლეს აცნობეს – სასამართლო შენობა დანაღმულია და დარბაზი გაათავისუფლეთო. მხარეებმა ეს თავდაპირველად პროვოკაციად ჩათვალეს და უარი განაცხადეს დარბაზიდან გასვლაზე. შარაძის მომხრეებმა ეს ამ პროცესისთვის შეგნებულად გაკეთებულ “ლოჟნაია ტრევოგად” მიიჩნიეს მოწინააღმდეგეთა მხრიდან.

გურამ შარაძე:

– მოპასუხე მხარემ რომ ვერაფერი გააკეთა იურიდიული არგუმენტაციით, ასე დაარეკინეს ვიღაცას, ვითომ შენობაში ნაღმია. მთელი საქართველო ნაღმზე დგას და ეს არ აწუხებთ ე.წ. ნაციონალებს და სააკაშვილს.

– სასამართლოში სხვა პროცესებიც მიმდინარეობს. თქვენ ფიქრობთ, რომ ნაღმის ჩადება თქვენს პროცესს უკავშირდება?

– რა თქმა უნდა, ეს ჩვენს პროცესს უკავშირდება. დღეს სააკაშვილს და მის კლანს არაფერი არ აწუხებს, გარდა იმისა, როგორმე თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა და როგორმე არ ჩამოვხსნათ ეს ე.წ. ქართული ხუთჯვრიანი დროშა, სინამდვილეში კათოლიკური.

– მერიის, როგორც მოპასუხე მხარის, გამორიცხვაზე რა აზრის ხართ?

– საკრებულო არაფერს არ ეკითხება მერიას. მერია ვალდებულია, დაექვემდებაროს საკრებულოს, როგორც თვითმმართველობის ორგანოს. ვანო ზოდელავა საკითხს ვერ გადაწყვეტდა და მერიაში სასამართლოს ვერ ჩაატარებდა. ზოდელავა და მერია თუ არ დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვიტყვი, რომ მერია და საკრებულო ერთმანეთთან არიან ჩახუტებულები. ხელი ხელს ბანს.

შორენა კოწოწაშვილი
“ახალი თაობა”, 31 იანვარი, 2003

 

შარაძე, ალდამოვი და სხვები კინაღამ აფეთქდნენ

გუშინ მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ-სასამართლოში მორიგი სპექტაკლი გათამაშდა. “შარაძისტებისა” და “ნაციონალისტების” მიერ მოწყობილი სანახაობის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს ათმაგად გაუმართლდათ. ჯერ ხუთჯვრიანი დროშის მომხრე-მოწინააღმდეგეთა შორის ნატყორცნი ცხელ-ცხელი რეპლიკები ამხიარულებდა გარემოს, მერე კი სასამართლოს შენობაში ნაღმის არსებობის შესაძლო ვარიანტი იქცა დღის თემად… ჩეჩენთა ექსტრადიციის საკითხის განხილვა ხომ ამ ფონზე მოსატანიც არ არის, რადგან ყველაზე ცივილიზებულად გუშინ ჩეჩენთა მომხრეები იქცეოდნენ. მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს შენობა ისე იყო გადატვირთული, ერთმა უხეირო აზრმაც გაგვირბინა თავში – თავდაპირველად, ბომბის შენობაში არსებობის თეორია თავად სასამართლოს ადმინისტრაციის გამოგონილი გვეგონა, რათა ლუარსაბ თათქარიძის სახლ-კარივით დაღრეჯილი შენობა ამდენი გაწევ-გამოწევისას თავზე არ დამხობოდათ. მოგვიანებით საქმეში ორი “ეჭვმიტანილი” გამოიკვეთა, რომელთა გამოაშკარავებაზე პროკურატურა სერიოზულად მუშაობს. პროვოკაციისა და ხალხში მღელვარების შეტანისთვის ბრალი თავად პროკურატურასა და “მიშისტებს” ედებათ…

ორი ხმაურიანი პროცესი ერთ დღეში ერთსა და იმავე საათზე აღმოჩნდა დანიშნული. გურამ შარაძე და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელნი ერთ დარბაზში ბჭობდნენ, მეორე დარბაზში ჩეჩენთა ექსტრადიციის საკითხი წყდებოდა. რადგან მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სასამართლოს მხოლოდ ერთი გისოსებიანი დარბაზი აქვს, ხუთჯვრიანი დროშის საკითხის განხილვა, პარლამენტის პატივისცემის მიუხედავად, სახელდახელოდ დარბაზად გამოყენებულ ერთ-ერთი მოსამართლის ოთახში გადაწყდა. ცალკე გურამ შარაძისა და ცალკე სააკაშვილის მომხრეები თავგანწირვით იბრძოდნენ ვიწრო დარბაზში შესაღწევად. მოსამართლის კაბინეტში მოსახვედრად დიდი გარჯა დასჭირდათ ჟურნალისტებსაც, რადგან გაგულისებული მომხრეები მათთვის მუჯლუგუნებს არ იშურებდნენ. პროცესი დაიწყო, მაგრამ დარბაზში ერთ-ორი პროვოკატორი მაინც აღმოჩნდა…

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერ-ადვოკატმა კობა დავითაშვილმა პარლამენტში აფხაზეთის საკითხის განხილვაზე წასვლა მოიმიზეზა და სხდომა დატოვა. სანაცვლოდ “ნაციონალური მოძრაობისა’’ და ხუთჯვრიანი დროშის დამცველად დიმიტრი ქიტოშვილი დატოვა. ქიტოშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ხუთჯვრიანი დროშის გამო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე და ამ საკითხზე ექსპერტად მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის მოწვევა მოითხოვა. შუამდგომლობას არ დაეთანხმა შარაძე და განაცხადა, რომ მუსხელიშვილი ხუთჯვრიანი დროშისა და სააკაშვილის მომხრეა და ექსპერტად ტენდენციური პირის მოწვევა არ შეიძლებაო, ხოლო თუ მოსამართლე შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა, მაშინ შარაძე ექსპერტებად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ჩარევაც ითხოვა. შარაძის მოსაზრებას არ დაეთანხმნენ დანარჩენი თანამოსარჩელეები – ავთანდილ კახნიაშვილი, დავით ჯალაბაძე და ნინო ნიშნიანიძე, რადგან სასარჩელო განცხადებებში დროშის ისტორიულ-რელიგიური წარმომავლობის გარჩევა-დაზუსტებაზე არაფერია ნათქვამი. გურამ შარაძე დროშის ისტორიულ-რელიგიური მოტივების განხილვაზეც არ იყო უარს, თუმცა, ძნელი სათქმელია, საკითხის ამგვარად დაყენება რას ისახავს მიზნად. ქართველ მეცნიერებს 1996 წლიდან ხსენებული დროშის ირგვლივ საპირისპირო აზრი გააჩნიათ და კონსენსუსს ხსენებულ საკითხზე ვერ მიაღწიეს. მოსამართლე ყაჭეიშვილმა სწორად განსაზღვრა საკითხის სირთულე და “ნაციონალისტების” შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პოლიტიკური დაპირისპირების პოლიგონად გადაქცეულმა პროცესმა ექსპერიმენტების გარეშე არ ჩაიარა. გურამ შარაძე დროშის სამართლებრივ საფუძვლებზე მეტად რელიგიურ-ისტორიული მოტივებით ჩანდა დაინტერესებული. ასე რომ, შარაძემ “ნაციონალისტთა” ერთ-ერთი წარმომადგენლის მამის კათოლიკობაც კი გაიხსენა. დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ მოსამართლე წესრიგის დასამყარებლად ადგილიდან წამოხტა. “ნაციონალური მოძრაობისა” და ხუთჯვრიანი დროშის მომხრეები კი გარეთ აქტიურობდნენ და შარაძეს შევარდნაძის მითითების შესრულებაში ადანაშაულებდნენ. ლოზუნგი – “შევარდნაძე, შორს ხელები მართლმადიდებლური დროშისგან” – გუშინ კვლავ აქტუალური იყო. თურმე ნუ იტყვით, ხუთჯვრიანი დროშა შევარდნაძეს არ მოსწონს, რადგან “შინდისფერი” მასონი შევარდნაძის დროშაა”. საგულისხმოა, შინდისფერი დროშა შევარდნაძეს მემკვიდრეობით არ რგებია და შინდისფერ-შავ-თეთრი ზოლებით გაწყობილი ბაირაღი “ეროვნულ-დემოკრატების” მიერ ყოფილა შემოღებული.

სრულიად აშკარაა, საკითხის ამგვარად წარმართვა პოლიტიკოსებს საკუთარი ვნებათაღელვის წარმოსაჩენად და პოპულარობის მოსახვეჭად უფრო სჭირდებათ, ვიდრე დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლიკის, პატივსაცემად გამართული პაექრობა. საინტერესოა, რატომ არის გაუგებარი, რომ სახელმწიფო სიმბოლიკა უნდა დამტკიცდეს სათანადო, დადგენილი წესის თანახმად და არა ვიღაცის მოწონება-სურვილისამებრ… ვიდრე მხარეები ერთ ადგილს ტკეპნიდნენ, მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა და პროცესი შეწყდა… სააკაშვილის მომხრეებმა სასწრაფოდ ჩაკეცეს ხუთჯვრიანი ალმები და სხვადასხვა მიმართულებით გაუჩინარდნენ.

ვიდრე “ნაციონალისტები” და “შარაძისტები” ერთმანეთს ერკინებოდნენ, ჩეჩენთა ექსტრადიციის საკითხი მეორე გისოსებიან დარბაზში მშვიდ ვითარებაში განიხილებოდა. წინა სხდომაზე სამი ჩეჩნის, გილოგაევის, ელხაჯიევისა და ალხანოვის ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ინტერნეტსაიტებზე მოპოვებული ჩეჩენთა უფლებების დარღვევის ამსახველი ფაქტები წარმოადგინეს, თან მისი საქმეზე დართვა მოითხოვეს. მოსამართლემ წინა სხდომა ამ ეტაპზე შეწყვიტა. გუშინდელ სხდომაზე შუამდგომლობები პროკურატურის წარმომადგენელმა ლევან დარბაიძემ დააყენა და ხსენებული დოკუმენტაციის, როგორც მტკიცებულებების უარყოფა სასამართლოს მიერ და საქმეზე მისი არდართვა მოითხოვა. მოსამართლემ პროკურატურის წარმომადგენლის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან არ დაურთო მხოლოდ ის დოკუმენტები, სადაც ჩეჩნეთში ომის დროს მომხდარ ფაქტებზე იყო საუბარი და განმარტა, რომ ხსენებული დოკუმენტაცია საქმესთან არანაირ კავშირში იყო და მისი განსჯადობის ფარგლებს სცილდებოდა. საბოლოოდ ფუხაშვილმა დოკუმენტაციის დიდი ნაწილი ჩეჩენთა სასარგებლოდ საქმეს დაურთო, რასაც პროკურატურის წარმომადგენელთა მხრიდან კიდევ ერთი შუამდგომლობა მოჰყვა. პროკურატურამ ამჯერად საქმის მასალებზე გაეროს 2002 წლის 17 იანვრის რეზოლუციის ასლის დართვა მოითხოვა. ამ რეზოლუციის თანახმად, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირისთვის თავშესაფრის მიცემა ნებისმიერ სახელმწიფოს ეკრძალება. ის-ის იყო მოსამართლეს უნდა დაეწყო მსჯელობა შუამდგომლობის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების შესახებ, რომ ორსაათიანი შესვენება გამოცხადდა. დარბაზიდან გამოსულ პროცესის დამსწრეებს ეცნობათ, შენობა დანაღმულია. შენობაში მყოფ ყველა პირს სასწრაფო წესით სასამართლოს დატოვება ებრძანა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მთაწმინდის რაიონული სასამართლო ორი ხმაურიანი პროცესის გამო გადატვირთული იყო, შენობა ყოველგვარი პანიკის გარეშე დაცალა იქ თავმოყრილმა საზოგადოებამ. მალე ძაღლებითა და სპეცხელსაწყოებით შეიარაღებულ კინოლოგთა და გამნაღმველთა რაზმიც გამოჩნდა, რომელმაც ნახევარსაათიანი მუშაობის შემდეგ შენობა უკომენტაროდ დატოვა. მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა სონღულაშვილის განცხადებით, ინფორმაცია შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ დაახლოებით დღის პირველ საათზე ანონიმური ზარის მეშვეობით მიიღო. შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა. თუმცა პატიმრები, მათ შორის ჩეჩნებიც, სასწრაფო წესით გადაიყვანეს მეხუთე საპყრობილეში.

სასამართლოს შენობაში მიმოსვლის აღდგენის მიუხედავად, გუშინ იქ პროცესები აღარ განახლებულა. ჩეჩენთა ექსტრადიციის საკითხი შვიდი თებერვლისთვის გადაიდო. მომხდარი ფაქტის გამო განცხადებების გაკეთების შანსი ხელიდან არ გაუშვეს გურამ შარაძემ და ხიზრი ალდამოვმა. პარლამენტარი დაბეჯითებით აცხადებდა, რომ პროვოკაცია სააკაშვილის მომხრეებმა მოაწყვეს და ვიღაცას დაარეკინეს შენობაში ბომბის არსებობის თაობაზე, რადგან წინანდელივით ამ პროცესის ჩაშლას ყვირილითა და მუქარით ვერ ახერხებდნენ.

თავის მხრივ ეჭვები გაუჩნდა ხიზრი ალდამოვსაც. მან ძალზე საეჭვოდ მიიჩნია ორი პროცესის ორივეჯერ ერთ დღეში და ერთსა და იმავე საათზე დამთხვევა. ალდამოვმა ყველაფერი პროკურატურას გადააბრალა და განაცხადა, რომ ინციდენტი პროკურატურის მოწყობილია, რადგან ყველაფერი ჩეჩენთა სასარგებლოდ მიმდინარეობდა.
მოსამართლე ფუხაშვილი ფიცსაც არ ერიდებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ პროცესები სრულიად შემთხვევით დაემთხვა ერთმანეთს…

ხათუნა პაიჭაძე
“მთავარი გაზეთი”, 31 იანვარი, 2003

 

შარაძეს დროშებთან ბრძოლას არ აცლიან
(ქვეყნდება შემოკლებით)

30 იანვარს 13 საათსა და 30 წუთზე მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე ყველა პროცესზე შესვენება გამოცხადდა. მოსამართლე თამაზ ყაჭეიშვილმა, რომელიც შარაძე-სააკაშვილის პროცესს უძღვებოდა, დარბაზში მყოფთ განუცხადა, სასამართლო დანაღმულია და შენობა სასწრაფოდ უნდა დავცალოთო. დაახლოებით იგივე განაცხადა მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა, რომელიც ჩეჩნების ექსტრადაციის საქმეს იხილავდა.
30 იანვარს მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში ორი გახმაურებული პროცესის, ეგრეთ წოდებული “დროშებისა” და “ჩეჩნების” საქმეების განხილვა პარალელურად მიმდინარეობდა.
პარალმენტარი გურამ შარაძე და ავთანდილ კახნიაშვილი საკრებულოს მიერ 2002 წლის 19 ნეომბერს მიღებული 29-ე დადგენილების გაუქმებასა და მერიიდან ხუთჯვრიანი დროშის ჩამოხსნას ითხოვენ. მათი არგუმენტი ერთია: დარღვეულია აქტის მომზადებისა და მიღების სამართლებრივი ნორმები.
სხდომის დაწყებისას ავთო კახნიაშვილი შუამდგომლობით გამოვიდა. მან სასამართლო საქმის განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა და მოსამართლე თამაზ ყაჭეიშვილის აცილება ითხოვა. სასამართლო კოლეგიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე თამაზ ყაჭეიშვილმა არ დააკმაყოფილა არც მეორე შუამდგომლობა, რომელიც მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა დიმიტრი ქიტოშვილმა დააყენა. ქიტოშვილმა ხუთჯვრიანი დროშისთვის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. მისი აზრით, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტმა უნდა დაადგინოს, რამდენად ქართულ-ისტორიულ-ქრისტიანულია მერიის თავზე სახელმწიფო დროშასთან ერთად აღმართული ხუთჯვრიანი დროშა. მოსარჩელე მხარეები ამ შუამდგომლობის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
გურამ შარაძემ განაცხადა, რომ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი მოსყიდულია და სააკაშვილის დავალებებს ასრულებს. ავთო კახნიაშვილის თქმით კი, დავის საგანს დროშის ისტორიულობის საკითხი არ წარმოადგენს. სასარჩელო მოთხოვნაში დროშის წარმომავლობის დადგენა არ არის ნახსენები.
მერიის წარმომადგენელმა გივი არაბიძემ სასამართლოს წინაშე კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა. მან მერიის არასათანადო მოპასუხედ ცნობა ითხოვა და განაცხადა: მერია აღმასრულებელი ორგანოა და ასრულებს იმ დადგენილებებს, რომელსაც საკრებულო იღებს. სწორედ იმ დროს, როცა მოსამართლემ გივი არაბიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სასამართლოში უშიშროების სამინისტროდან დარეკეს, სასამართლოს შენობა დანაღმულიაო.
იმ დროს, როცა დაცარიელებულ შენობაში კინოლოგები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით ნაღმს ეძებდნენ, “დღე” სასამართლოს ეზოში პროცესის მონაწილე მხარეებს ესაუბრა. გურამ შარაძის თქმით, ნაღმის ამბავი სააკაშვილის მიერ მოწყობილი მორიგი პროვოკაციაა.
“სააკაშვილის მიზანი პროცესის გაჭიანურებაა. აი, ასეთი პროვოკაციული ხერხებით ცდილობს სააკაშვილი ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას”, – აღნიშნა მან.
კინოლოგებმა და ძაღლებმა სასამართლოს შენობაში ნაღმი ვერ აღმოაჩინეს.

ნინო ბაზერაშვილი
“ხვალინდელი დღე”, 31 იანვარი, 2003

“ბომბიოო?!” – გასკდა ხალხი სიცილით

ხუთჯვრიანი დროშის პროცესი გუშინ დანიშნულ დროს, 12 საათზე დაიწყო და საათნახევარში სრულიად მოულოდნელი მიზეზით გადაიდო ანონიმური ზარის შემდეგ, – შენობაში ბომბიაო.
თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. სასამართლო და მისი მიმდებარე ტერიტორია სავსე იყო “ნაციონალების” მხარდამჭერებითა და სადავო დროშებით. აქა-იქ გურამ შარაძის მომხრეებიც შეინიშნებოდნენ, რომლებსაც “ნაციონალები” ჯგუფ-ჯგუფად და დაუღალავად ეკამათებოდნენ. სასამართლო, დაპირებისამებრ, ერთ პატარ ოთახში გაიმართა. დამსწრეთა მცირერიცხოვნობის მიუხედავად, მოსამართლემ მშვიდად მუშაობა მაინც ვერ შეძლო. მართალია, წინა პროცესზე ყაყანში შემჩნეული რამდენიმე მოქალაქე დარბაზში არ შეუშვიათ, მაგრამ “წინა ხაზზე” მოხვედრილი 3-4 თავშეუკავებელი ღირსეულად აგრძელებდა მათ საქმეს. ამრიგად, შარაძისა და მისი ადვოკატების არც ერთი ფრაზა კვლავინდებურად არ რჩებოდა უპასუხოდ. საქმე იქამდე მივიდა, რომ სიმშვიდით განთქმულმა მოსამართლე ყაჭეიშვილმა ერთი ქალბატონი და ერთი ვაჟბატონი დარბაზიდან მიაბრძანა.
ამასობაში მოპასუხე მხარის – მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა დროშის მეცნიერული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს, რასაც მოსარჩელე მხარის დაუყოვნებელი პროტესტი მოჰყვა. შარაძემ და მისმა ოთხმა ადვოკატმა მოპასუხეს დროის გაწელვაში დასდეს ბრალი. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება დიდხანს აფრიალონ თბილისის თავზე კათოლიკური დროშაო, ამტკიცებდა მოსარჩელე მხარე.
მოსამართლემ ბრძანა, ვინაიდან დროშის წარმომავლობა სასამართლო დავის საგანს არ წარმოადგენს, ექსპერტიზა საჭირო არ არისო და მოპასუხის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამის მიუხედავად, დავა დროშის წარმომავლობის გარშემო მაინც გაგრძელდა, რასაც ფრიად არასასიამოვნო წუთები მოჰყვა. გურამ შარაძემ განაცხადა, რომ დროშის კათოლიკური წარმომავლობის დასამტკიცებლად ყველა საბუთს გამოიყენებდა და გამოიყენა კიდეც. მან ჯერ დიდი სიტყვიერი პატივისცემა გამოხატა თავისი კოლეგისა და პროფესიონალი იურისტის ზურაბ ადეიშვილის მისამართით, შემდეგ მისი ოჯახის წევრები კათოლიკური დროშის შეგნებულ დაცვაში დაადანაშაულა.
გურამ შარაძე: “მე ვიყავი ყვარელში, სადაც ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლებმა მითხრეს, რომ ზურაბ ადეიშვილის მამა თავად კათოლიკეა და მთელ მართლმადიდებელ სოფელს აიძულებს, მიიღოს კათოლიკობაო”.
“გაგიჟდა” ადეიშვილი, წამოხტა და ბევრი იძახა, რომ ეს პროვოკაციააო, ტყუილიაო, ჩემი მშობლები მართლმადიდებლები არიანო, ნათესავები კი ალავერდში მსახურობენო, მაგრამ შარაძისა და დარბაზში მდგომი აყვირებული “ნაციონალების” ხმა ვერ გადაფარა.
მოსამართლის მცდელობამ შედეგი რამდენიმე წუთში გამოიღო და პროცესი გაგრძელდა. შარაძემაც განაგრძო და სასამართლოს წარუდგინა გაზეთი და ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია, რომ ღაზას სექტორში ანგლიკანური ეკლესიის თავზე ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს. არავინ იცის, როდემდე გაგრძელდებოდა სასამართლოსათვის ასე უნაყოფო კამათი, მოსამართლის თანაშემწე დარბაზიდან რომ არ გაეწვიათ. დაბრუნებულმა თანაშემწემ მოსამართლეს რაღაც უჩურჩულა. ყაჭეიშვილმა ისეთი სახე მიიღო, რომ შარაძემ რამდენჯერმე ჰკითხა, ოჯახში ხომ მშვიდობააო.
როგორც იტყვიან, ისეთი მშვიდობა ჩემს მტერს. ანონიმური ზარი იტყობინებოდა, რომ სასამართლოს შენობაში ბომბი იდო. ეს განცხადება დარბაზში, დერეფანში და ქუჩაში მყოფ ხალხს სასაცილოდაც არ ეყო. არც დაშლას აპირებდა ვინმე, მაგრამ შენობა მაინც ყველას დაატოვებინეს.
მოსამართლის განცხადების მიუხედავად, ეს ჩეჩნების ექსტრადიციის პროცესთან არის დაკავშირებული, შარაძემ ყველაფერი სააკაშვილს დააბრალა. როცა მიხვდა, რომ სასამართლოს მოგების შანსი აღარ ჰქონდა, ვიღაცას დაარეკინა და პროცესი ჩაშალაო.
მალე სასამართლოში ანტიტერორისტული სამსახურის ოთხფეხა მუშაკები მოარბენინეს, მაგრამ რა უნდა ეპოვათ საწყლებს, რაც არაფერი იყო.
პროცესი ერთი კვირით გადაიდო.

ზაზა ფაჩუაშვილი
“24 საათი”, 31 იანვარი, 2003

ალბათ, მალე ხუთჯვრიანი დროშა ხალხს ერთმანეთს გადაჰკიდებს

გუშინ ისტორიისა და ეთნოლოგიის მუზეუმში კარგა ხანს მსჯელობდნენ, იყო თუ არა ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ალამი. გურამ შარაძე თითქმის სამი საათი სხდომას წყნარად ადევნებდა თვალყურს, ის შეკრებაზე დაუპატიჟებლად მივიდა. დარბაზში ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც პარლამენტარმა სიტყვით გამოსვლა მოითხოვა და მუზეუმის დირექტორს, დავით მუსხელიშვილს სააკაშვილის უფასო ადვოკატობაში დასდო ბრალი. ამით გაცხარებულმა ისტორიკოსებმა მუზეუმის დირექტორს მხარი დაუჭირეს და დარბაზიდან შარაძის გაძევება მოითხოვეს. “თქვენ ცნობილი ხართ, როგორც მატყუარა და უზრდელი პიროვნება”, – ატყდა აჟიოტაჟი დარბაზში. გურამ შარაძემ კი სათქმელი დაასრულა და ტრიბუნა დატოვა. დარბაზში კი ხმაური და გარჩევები კიდევ დიდხანს გაგრძელდა.
“აკადემიკოსი მუსხელიშვილი აკადემიკოსობაზე უფრო მეტად სააკაშვილის უფასო ადვოკატი ყოფილა”, – განაცხადა სხდომიდან გამოსულმა შარაძემ.

“ალია”, 1-3 თებერვალი, 2003

როდის მოეღება ბოლო სააკაშვილებისა და აგულაშვილების
“გულაობას” საქართველოში?

მიუხედავად იმისა, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ ა.წ. 21 მარტს დააკმაყოფილა გურამ შარაძის და მისი მხარდამჭერების სარჩელი და ბათილად სცნო საკრებულოს მიერ მერიის თავზე ხუთჯვრიანი დროშების აღმართვის შესახებ დადგენილება, სააკაშვილი მაინც არ აპირებს დროშების ჩამოხსნას და დროის გაჭიანურებას ახალ-ახალი დადგენილებების მიღებით აპირებს. ვესაუბრებით პარლამენტარ გურამ შარაძეს.
– ბატონო გურამ, კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ თქვენი სარჩელი დააკმაყოფილა, მაგრამ მერიის თავზე ხუთჯვრიანი დროშები მაინც ფრიალებს…
– სააკაშვილის თავხედობას საზღვარი არ აქვს. იგი აბუჩად იგდებს საქართველოს კონსტიტუციას და მის მიერვე რეფორმირებულ სასამართლოს. მართალია, სასამართლოს დადგენილება გასაჩივრებას ექვემდებარება, მაგრამ რამდენადაც ვიცი, სააკაშვილი ამ დადგენილების გასაჩივრებას არ აპირებს. მან მორიგი თაღლითური გზა აირჩია, რადგან მშვენივრად ხვდება, რომ კანონის ძალით ყველგან დამარცხდება, ამიტომაც აცხადებს: საკრებულო დროდადრო ახალ-ახალ დადგენილებებს მიიღებს და მერე ასაჩივროს შარაძემო!
– ესე იგი, ხუთჯვრიანი დროშების გამო შექმნილ დაპირისპირებას ბოლო არ მოეღება?
– ამ მდგომარეობამ, მართლაც, ტრაგიკომიკური ხასიათი შეიძინა, მაგრამ ვნახოთ, ვისთვის დასრულდება ტრაგიკულად და ვისთვის – კომიკურად. მინდა, კატეგორიულად გავაფრთხილო მიხეილ სააკაშვილი და მისი თაღლითური საკრებულო: – ჩამოხსნან მერიის თავზე აღმართული ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და ანტიმართლმადიდებლური დროშები, თორემ, ერთი უძილაურის გამოჩენამ სააკაშვილი თუ ისტერიამდე მიიყვანა, მთელი ქალაქის მოსახლეობა რომ მიუხტება მას, მერე ვნახოთ, რას მოიმოქმედებს.
– ბატონო გურამ, საქართველოში სააღმსრულებლო ორგანო არ არსებობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოიყვანოს?
– სააღმსრულებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიგლა აგულაშვილი თავისი რაზმით უნდა მივიდეს საკრებულოში და მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვოს. მაგრამ აგულაშვილი ყურსაც არ იბერტყავს და, საერთოდაც, იგი “გაგულავდა”, რადგან არცერთი კანონიერი გადაწყვეტილება სისრულეში არ მოჰყავს. გპირდებით, რომ საქართველოში სააკაშვილებისა და აგულაშვილების “გულაობას” მალე მოეღება ბოლო.

მაია მარგველანი
“რაო-რაო?”, 7-13 აპრილი, 2003

ხუთჯვრიანი დროშა – ქართული თუ იერუსალიმური

ქართულ სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ბუნებრივია, შესაბამისი სახელმწიფო ატრიბუტიკაც – დროშა და გერბი – ჰქონდა. ძველ ქართულ სახელმწიფო დროშას საერთო სახელით ასე მოიხსენიებენ: გორგასლიან-დავითიან-თამარიანი. თუ როგორი ფორმა ჰქონდა მას, რა ცნობებს გვაწვდის ქართული, სომხური და ეროვნული წყაროები. რატომ მიაჩნიათ ნაციონალური პარტიის ხუთჯვრიანი დროშა დავითიან-თამარიანის ანალოგად, ჰქონდა თუ არა საქართველოს მორალური, ისტორიული ან კონსტიტუციური უფლება, ეს დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად გამოეცხადებინა – ამ კითხვებით მივმართეთ ბატონ გურამ შარაძეს და საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის დამდგენი კომისიის წევრს ბატონ მამუკა გონგაძეს.
– ბატონო გურამ, პარლამენტის იმ სხდომაზე, სადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად დამტკიცდა, მხოლოდ თქვენ გამოთქვით პროტესტი. ისინი ამბობენ, რომ ხუთჯვრიანი დროშა დავითიან-თამარიანის ანალოგია და ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში თბილისის თავზე ფრიალებდა. ისინი ცდებიან თუ…
– კი არ ცდებიან, ცრუობენ. არცერთი ქართული, სომხური, არაბული თუ ევროპული საისტორიო წყარო დავითიან-თამარიან დროშაზე არ ამბობს, ხუთჯვრიანი იყოო. ვახუშტი ბაგრატიონი არ ამბობს, რომ ხუთჯვრიანი დროშა ბაგრატოვანია. ყველა საისტორიო წყარო, სადაც ქართულ დროშაზეა საუბარი, მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა იყო თეთრი ალამი, სადაც წმ. გიორგი იყო გამოხატული. ამიტომ ვიყავით და ვართ გეორგიანელები. რაც შეეხება იმას, რომ მე-14 საუკუნეში თბილისის თავზე ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებდა, სიმართლეა, მაგრამ რატომ არ ახსოვთ, რომ ბევრი სხვა ქვეყნის თავზეც ფრიალებდა მსგავსი დროშა? ეს იყო თავისებური გზამკვლევი მისიონერებისათვის. რუკაზე გამოხატული დროშა მიანიშნებდა, თუ სად იყო დაარსებული კათოლიკური მისია. საქართველოში მისიონერები ჯერ კიდევ მე-13 საუკუნის ორმოციან წლებში შემოვიდნენ. ამიტომ ჩნდება ეს დროშა რუკაზე.
– ანუ ხუთჯვრიანი დროშა კათოლიკურია.
– კათოლიკური გახდა მას შემდეგ, რაც ეკლესია მართლმადიდებლებად და კათოლიკეებად გაიყო. მაშინ დიდი ჯვარი მაცხოვრის სიმბოლო იყო, ოთხი პატარა ჯვარი კი სამსჭვალს აღნიშნავდა. მაგრამ როცა ჯვაროსნებმა წმინდა მიწა გაათავისუფლეს და 1099 წელს იერუსალიმის სამეფო დაარსდა, ხუთჯვრიანი დროშა იერუსალიმის სახელმწიფო დროშად გამოცხადდა. ამის შემდეგ მან ახალი განმარტება მიიღო: რომ დიდი ჯვარი იერუსალიმია, ოთხი პატარა ჯვარი კი – კლიტენი იერუსალიმისა. ეს დროშა ქრისტიანთათვის ყველგან მისაღებია.
– და თუკი ასეა, გამოვაცხადეთ კიდეც სახელმწიფო დროშად.
– კანონით, პარლამენტის სხდომაზე მისი გამოტანის უფლება არ ჰქონდათ, სანამ სახელმწიფო სიმბოლიკის დამდგენი კომისიის დასკვნა არ იქნებოდა.
– ეს კანონი მარტო თქვენ გახსოვდათ, ბატონო გურამ?
– თუკი პარლამენტარი ხარ, უნდა იცოდე, კანონი რის უფლებას განიჭებს… მათაც მშვენივრად იცოდნენ, მაგრამ ეს ვადაგასული პარლამენტარები ახალ პრეზიდენტს შესციცინებენ, ცდილობენ, ასიამოვნონ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მოწყალების თვალით გადმოხედოს.

მამუკა გონგაძე: ეს დროშა ბოლნური ჯვრებით ჩემი და ჩემი მეგობრების გაკეთებულია და არაფერი აქვს საერთო “ნაციონალურ მოძრაობასთან”.
– მაგრამ ხუთჯვრიანი დროშა ხომ ჯერ “ნაციონალური მოძრაობის” დროშა იყო და ბატონი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მის ინაუგურაციამდე სახელმწიფო დროშად გამოცხადდა.
– მე არ ვიცნობ ისეთ დოკუმენტს, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” დროშად მიეჩნიოს ხუთჯვრიანი დროშა.
– თუ სწორად გავიგე, პლაგიატობასთან გვაქვს საქმე და ამ დროშას თქვენთან და თქვენს მეგობრებთან შეუთანხმებლად აფრიალებდნენ.
– ეს დროშა ჯერ კიდევ 1995 წლიდან ფიქსირდება… ჩვენ მას პოპულარიზაციას ვუწევდით. 1997 წელს დავით აღმაშენებლის ძეგლის გახსნისას დიდი რაოდენობით დაამზადებინეს.
– თქვენ და თქვენი მეგობრების მიერ გაკეთებული თუ გაცოცხლებული იერუსალიმური დროშა დავით აღმაშენებელთან რა კავშირში იყო?
– ეს არ არის და ვერც იქნება დავითიანი დროშა, მაგრამ რატომღაც ასე ჩათვალეს… უბრალოდ, ძალიან ლამაზია და მოეწონათ, ყველაფერი მიესადაგებათ.
– ისე ამბობთ, თითქოს ფრანგი იყოთ ან გერმანელი… ე.ი. მოგვეწონა ხუთჯვრიანი დროშა და ჩავთვალეთ, რომ შეიძლება ჩვენი სახელმწიფო დროშა იყოს.
– ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ძალიან მიხარია, რომ ასე მოხდა… ამას კარგა ხანია ვამბობდით და როგორც იქნა, პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად გამოაცხადოს.
– და ეს უფლება კანონიერების დაცვით შესრულდა?
– არ ვარ დარწმუნებული, რომ კომპეტენტური ვიქნები, მაგრამ კანონი, ვფიქრობ, არ დარღვეულა.
– რატომღაც პარლამენტმა ბოლო 45 დღეში მიიღო ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, ეს პარლამენტი უფუნქციოა, შეგნებულად ხომ არ ცდილობენ, რომ მას მიაღებინონ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება, რათა შემდეგ ხელები შეაწმინდოდ?
– მართალია, ეს პარლამენტი ბრეჟნევისდროინდელს დაემსგავსა, მაგრამ ჩემთვის ეს პრობლემა არ არის… ზოგჯერ ასეთი კურიოზებიც ხდება, რომ ფუნქციადაკარგული დიდ საქმეს აკეთებს.
P.S. ხუთჯვრიანი დროშა რომ იერუსალიმური წარმოშობისაა, ამაზე კათოლიკოს-პატრიარქმაც მიუთითა. გარდა ამისა, ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძეც ასე მიიჩნევს… თუმცა, ამ დროშის გაცოცხლების პრეტენზიას ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში მონარქისტები აცხადებდნენ, მაგრამ ახლა მონარქისტები არავის ახსოვს, რადგან იგი სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობის ეგიდით გახდა პოპულარურლი და მისი პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, ალბათ, ამიტომაც გამოცხადდა სახელმწიფო დროშად. თუკი ეს ტენდენცია დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში, მაშინ… საქართველოში ბევრი პარტიაა… მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ლეიბორისტების, ტრადიციონალისტების… ლიდერებმა რომ გაიმარჯვონ, მათი პარტიის დროშა სახელმწიფო დროშად უნდა ვაქციოთ?

თეონა ნაყოფია
“ახალი ჟურნალი”, 19-25 იანვარი, 2004

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s