სამაჩაბლო, ,,ივანე მაჩაბლის საზოგადოება’’

 

• ,,აღვადგინოთ ისტორიული ძმობა და სიყვარული’’, “საქართველოს რესპუბლიკა”, 23 დეკემბერი, 1990
• ,,შარაძემ სახელმწიფო პოლიტიკა ცხინვალის რეგიონში უარყოფითად შეაფასა’’, “მერიდიანი”, 28 თებერვალი – 4 მარტი, 1997
• ”ცხინვალის საპარალმენტო კომისია ბინძურ თამაშშია გარეული”, “ალია”, 17 მარტი, 1997
• ,,გურამ შარაძე ნიკო ლეკიშვილს ივანე მაჩაბლის სახლის გაყიდვის  მაქინაციებში ადანაშაულებს’’, “რეზონანსი”, 15 იანვარი, 1998
• ,,გურამ შარაძე ლიახვის ხეობას ეწვია’’, ,,დილის გაზეთი’’, 27 ივლისი, 2002

 

 ***

 

აღვადგინოთ ისტორიული ძმობა და სიყვარული

 

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების ამბავი იერუსალიმში გავიგე ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა საერთაშორისო სიმპოზიუმზე ყოფნის დროს. ჩემი მოხსენების თემა გახლდათ: “ქართველ ებრაელთა წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული განძის გადარჩენისათვის ბრძოლაში”. რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ ვერც თანამედროვე და ვერც მომავალი ისტორიკოსი ასეთ გამოკვლევას ვერ დაწერს XX საუკუნეში ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ქართველ ხალხთან ოსი ხალხის თანადგომაზე, რადგან ჯერ საბჭოთა რუსეთის წაქეზებით მათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს დაღვარეს პირველად ძმათა სისხლი, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი კვლავ ბოლშევიკების ბოროტი ჩაგონებით, ქართულ ისტორიულ მიწაზე თავიანთი “ავტონომია” შექმნეს, ხოლო მომდევნო 70 წლის მანძილზე გეგმაზომიერად ახორციელებდნენ ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობის შევიწროება-დამცრობას, რამაც ექსტრემისტებისა და სეპარატისტების წყალობით შარშან და წელს კვლავ ძმათა სისხლისმღვრელ შეტაკებასა და “ოსეთის დემოკრატიული რესპუბლიკის” შექმნამდე მიგვიყვანა. ამის საშიშროებას კარგა ხანია ვგრძნობდი და საქართველოს ტელევიზიით არაერთხელ გამოვედი კიდეც სათანადო გაფრთხილებით, მაგრამ უშედეგოდ…

მე მოწმე ვარ, თუ რა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელ მსოფლიოში საქართველოს ახალი პარლამენტის მიერ გადადგმულმა ამ გაბედულმა  პოლიტიკურმა ნაბიჯმა: რადიოსადგურები “ამერიკის ხმა”, “თავისუფლება”, ისრაელის რადიო, პრესა ფართოდ აშუქებდა ამ მოვლენას და ჩემი აზრის გამოთქმაც მთხოვეს… ებრაელები თითქმის ოცდაექვსი საუკუნე ცხოვრობდნენ საქართველოს მიწა-წყალზე, მაგრამ მათ არც ერთხელ არ გამოუთქვამთ პრეტენზია, ეს მიწა ჩვენია და ქართველები აქედან წადითო. ქართველმა ხალხმა მტრის მიერ თავიანთი სამშობლოდან დევნილი ებრაელები, ისე როგორც სხვა ერები (სომხები, ბერძნები, აზერბაიჯანელები, რუსები…) მიიღო, თავშესაფარი მისცა, შეიტკბო და შეიყვარა და როგორც კი დაუდგათ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სანატრელი ჟამი, ასევე სიყვარულით და სიტკბოთი გააცილა ისინი მათ ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში. ასევე მივიღეთ და შევიყვარეთ ჩვენ ძნელბედობის გამო თავიანთი სამშობლოდან – ჩრდილოეთ კავკასიიდან დევნილი ოსები. მივიღეთ, შევიყვარეთ და დავნათესავდით კიდეც. ამაში ქრისტეს რჯულმაც შეგვიწყო ხელი. საუკუნეების მანძილზე ჩვენი ურთიერთთანხმობის და კეთილმეზობლობის ბევრ მაგალითს რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ თუნდაც ჩვენი დიდი პოეტი გრიგოლ ორბელიანი, რომელმაც თავის სახელგანთქმულ ისტორიულ პოემა “სადღეგრძელოში” ქართულ ტომებთან ერთად ადიდა დიდი “ოსის ფეხმარდობა” და თამარის ლაშქრის ერთგულება მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ახლა რაღა ცეცხლი წაგვეკიდა, ვინ აძლევს თავს უფლებას ხაზი გადაუსვას ქართველების და ოსების ისტორიულ ძმობას და მეგობრობას, ვინ ბედავს ამდენ სისხლისღვრას და აგერ უკანასკნელი 70 წლის მანძილზე ამდენი სამარცხვინო ფურცლის ჩაწერას ჩვენს მატიანეში!
აღვადგინოთ თამარის დროის საქართველოს ძლიერება და ერთიანობა და მას შემდეგ მომდინარე ძმობა და სიყვარული ჩვენი სამშობლოს ისტორიულ კუთხეში – სამაჩაბლოში, საფალავანდოსა და ქსნის საერისთავოში!

გურამ შარაძე
სრულიად საქართველოს ივანე მაჩაბლის
სახელობის საზოგადოების თავმჯდომარე
“საქართველოს რესპუბლიკა”, 23 დეკემბერი, 1990

 

 

შარაძემ სახელმწიფო პოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
უარყოფითად შეაფასა

მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების საპარლამენტო კომიტეტმა უარყოფითად შეაფასა სახელმწიფო პოლიტიკა ცხინვალის რეგიონში. კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ შარაძემ 25 თებერვალს გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების დარეგულირების კონკრეტული პროგრამა. მისი თქმით, ამ რეგიონში არჩეულმა დეპუტატმა გიორგი ჯოჯიაშვილმა და პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში ირაკლი მაჭავარიანმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა რეგიონში ძალაუფლება ლუდვიგ ჩიბიროვის ხელში ჩავარდნილიყო.

“მერიდიანი”, 28 თებერვალი – 4 მარტი, 1997

 

 

“ცხინვალის საპარალმენტო კომისია ბინძურ თამაშშია გარეული”

ცხინვალის რეგიონის საკითხებში მუდამ აქტიურმა გურამ შარაძემ კონფლიქტის მოსაგვარებლად შექმნილ ყველა უწყებაზე გაილაშქრა. ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში პრეზიდენტის რწმუნებულის, ირაკლი მაჭავარიანის მისამართით კი შარაძე აცხადებს, რომ ჩიბიროვის გაპრეზიდენტებას მათ შეგნებულად შეუწყვეს ხელი. “ალიას” ესაუბრება მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ “ცხინვალის საპარლამენტო კომისია ბინძურ თამაშშია გარეული”.
– ცხინვალის რეგიონის საპარლამენტო კომისია რატომ მიატოვეთ?
– პროტესტის ნიშნად… ცხინვალის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ისიც მნიშვნელოვანია, რომ კატეგორიულად არ უნდოდათ ჩემი ამ კომისიაში შეყვანა.
– ვის, უმრავლესობას?
– დიახ.
– ანუ მოქალაქეთა კავშირს?
– მთლად მოქალაქეთა კავშირსაც ვერ ვიტყვი. ეს კომისია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ეგიდის ქვეშ იმყოფება. ყოველ შემთხვევაში, ფრაქცია “აღორძინებამ” მე წარმადგინა და რაღაც ძალებით ჩემს ადგილას არმაზ ახვლედიანი აღმოჩნდა. არმაზ ახვლედიანს მე დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სამაჩაბლოში ფეხი არ ჩაუდგამს და რა შეუძლია მას?
– ეს არმაზთან შეთანხმებით მოხდა?
– არა, რა თქმა უნდა. არმაზმაც კატეგორიული პროტესტი გამოთქვა. მერე, როგორც იქნა, ძალით გავხდი ამ კომისიის წევრი. გავიდა ერთი, ორი, სამი თვე – კომისია არ იკრიბება. ბიუროს სხდომაზე განვაცხადე, რომ ამ კომისიის შექმნა და ვითომ არსებობა მხოლოდ შირმაა. სინამდვილეში, კომისია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და ზოგიერთისთვის ეს დამამშვიდებელი და თვალში ნაცრის შეყრაა. ბიუროს ერთ-ერთი წევრი, რომლის მისამართითაც ვთქვი, რომ შეგნებულად აფერხებს ამ კომისიის მუშაობას, ორი კვირა პარლამენტში არ დადიოდა, თითქოს მე მას გული ვატკინე, როცა მოვითხოვე – თუ არსებობს კომისია და ვარ წევრი, იმუშაოს კიდეც-მეთქი.
– არ იტყვით, ვინ იყო?
– კი ბატონო, ვიტყვი – ბატონი კოტე კოკოევი. მერე, როგორც იქნა, ბატონი კოკოევის გულისტკენისა და ორი კვირა მისი პარლამენტში მოუსვლელობის შედეგად კომისია ამუშავდა. შეიკრიბა ერთხელ, ორჯერ – არაფერი. მოვისმინეთ ჯოჯიშვილის განცხადება – ისევ არაფერი, “დჯრჰეუ ლფ ჯრჯკჯ” საყოფაცხოვრებო და სამშენებლო საკითხებით უფრო იყო გატაცებული, ვიდრე პოლიტიკურით, ან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პარლამენტის პოზიციის დაფიქსირებით, შემდეგ, პრეზიდენტის წარმომადგენელი, მრჩეველი-კონფლიქტოლოგი ირაკლი მაჭავარიანი მოვიწვიეთ. დაახლოებით ორი საათი ვუსმინე მის მოხსენებას და ვერაფერი გავიგე გარდა იმისა, რომ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს პრაზიდენტსაც და პარლამენტსაც. “ყველაფერი კარგად იქნება… აქეთ წავალთ… იქით წამოვალთ…” რეალურად ვერაფერი დავინახე მის მოხსენაბაში, რომ წინასაარჩევნო პროცესები, ე.წ. სამხრეთ ოსეთში თბილისიდან კონტროლდებოდეს. როგორც სურდათ, ისე იყო თავის ნებაზე მიშვებული. კომისია ბინძურ თამაშში არის გარეული, მან სეპარატისტულ და ანტიქართულ მოქმედებას სახრეთ ოსეთში ხელი შეუწყო.

მე არც პრეზიდენტის მესმის და არც პარლამენტის პოლიტიკა. ერთ თვეში აფხაზეთშიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც ჩატარდა არჩევნები. აღმასრულებელმა და საპარლამენტო ხელისუფლებამ აფხაზეთის არჩევნების წინააღმდეგ სრულიად სამართლიანად გაილაშქრა. იგივე პრეზიდენტმა და პარლამენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებზე ხმა არ ამოიღო. გამარკვიეთ, რა პირით უკრძალავთ არძინბას არჩევნების ჩატარებას, რა პირით ეძახით სეპარატისტს, როცა ამასვე არ არქმევთ ჩიბიროვის და მისი გუნდის მოქმედებას. ე.წ. სამხრეთ ოსეთს თავზე ხელს ვუსვამთ და აფხაზეთს ვუღრენთ. ასეთი პოლიტიკის გამო ჩატარდა არჩევნები ისე, რომ კაციშვილმა ყური არ გაიბარტყუნა.
– ამბობენ, აფხაზეთთან შედარებით, ცხინვალში ყინული მოლღვაო…
– ჩვენი პრეზიდენტი უხერხულ მდგომარეობაში მისივე წარმომადგენელმა, ირაკლი მაჭავარიანმა ჩააყენა, რომელმაც დაარწმუნა, რომ ვლადიკავკაზში წასვლა აუცილებელი იყო და პრეზიდენტისთვის შეურაცხმყოფელ შეხვედრაში მაიღებინა მონაწილეობა. მთელი ვლადიკავკაზის ე.წ. შეთანხმება, რომელიც ბატონმა მაჭავარიანმა “ქართული დიპლომატიის და პოლიტიკის გამარჯვებად” მონათლა, ბლეფი აღმოჩნდა. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენები ვლადიკავკაზიდან იმართება. თანაც, გალაზოვის მიერ. ჩიბიროვი გალაზოვის ყურმოჭრილი მონა და მისი ყველა დავალების უსიტყვოდ შემსრულებელია. ბატონი გალაზოვი თბილისში, დინამოს სტადიონის ლოჟიდან რომ იძლევა ინტერვიუებს და ოსი და ქართველი ხალხის მეგობრობის სადღეგრძელოებს რომ წარმოსთქვამს… თბილისში ერთხელ ფეხბურთის მატჩის საყურებლად კი არა, კონფლიქტის განსახილველად ჩამოვიდეს. თუკი ჩემი პრეზიდენტი ჩადის? ვლადიკავკაზის შეხვედრა იმიტომ გაიმართა, რომ ჩიბიროვი პრეზიდენტად დამჯდარიყო და ახლა კი თბილისისკენ ცხვირს აღარ იბრუნებს და ისევ მოსკოვში გვეპატიჟება. ჩიბიროვთან მოლაპარაკება კი არა… სისხლის სამართლის დამნაშავეა. ოღონდ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ქართველი ვაიპოლიტიკოსის მიერ პრეზიდენტად დასმული.
– ჩიბიროვის გაპრეზიდენტებაში რის საფუძველზე ადანაშაულებთ მაჭავარიანს და ჯოჯიშვილს?
– ხელი შეუწყვეს, აბა რა ქნეს? თქვენ კიდევ გიჩნდებათ შეკითხვა ჩემთან?
მათი საქციელი საქართველოს ღალატი არ არის? მათი მოქმედებით არ მოხდა ყველაფერი, რაზეც ქვემოთ ვისაუბრე?
– იმასაც ამბობენ, ცხინვალში არჩევნები მაინც ჩატარდებოდა და უარესს ისევ ჩიბიროვი სჯობდაო…
– რა გააკეთა ჩიბიროვმა უკეთესი? რითია იგი არძინბაზე უკეთესი, ყოველდღე სამარცხვინო ბოძზე რომ ვაკრავთ და ღმერთმა იცის, რას არ ვუწოდებთ. აფხაზეთში იმაზე უარესი საშინელება რა მოხდა, რაც ცხინვალში გადავიტანეთ. თანაც, ვინ მისცა აფხაზებს მაგალითი? არ მესმის, ამ ორ ერთნაირ დამნაშავეს სხვადასხვა მდგომარეობაში რატომ ვაყენებთ.
P.S. “ალია” 3 კვირის განმავლობაში დაჟინებით ცდილობდა ბატონ ირაკლი მაჭავარიანთან შეხვედრას, მაგრამ როგორც თავად განაცხადა, მაჭავარიანმა დიდი სურვილის მიუხედავად ჩვენთან საუბრისთვის დრო ვერ გამონახა.

თეა რუსიტაშვილი
“ალია”, 17 მარტი, 1997
 

 
გურამ შარაძე ნიკო ლეკიშვილს ივანე მაჩაბლის სახლის
გაყიდვის  მაქინაციებში ადანაშაულებს

გუშინ მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ შარაძემ, ივანე მაჩაბლის სახლის გაყიდვაში ნიკო ლეკიშვილი, ქალაქის  მერი ბადრი შოშიტაიშვილი და მთაწმინდის გამგებელი ბიბილეიშვილი დაადანაშაულა. აღნიშნული სახლი მაჩაბლის მემკვიდრეთა თხოვნითა და თანადგომით სახლ-მუზეუმად უნდა გადაკეთებულიყო. “ზესტაფონელი მკლავჭიდელი ცხადაძისა და თერძი პეტრიაშვილისათვის ამ სახლის მიკუთვნების შემდეგ ლეკიშვილი მერობიდან სახელმწიფო მინისტრად დააწინაურეს, ბიბილეიშვილი კი ქალაქის პრემიერად”, – აცხადებს შარაძე. მისივე თქმით, ამჟამად შენობის მყიდველები, თურქ ბიზნესმენებთან ერთად, მაჩაბლის სახლის რეკონსტრუქციას აწარმოებენ სუპერმარკეტის გასახსნელად.

შარაძემ თბილისი მაფიოზების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად გამოაცხადა. მას კონკრეტული მაფიოზები არ დაუსახელებია, მაგრამ ამ კონტექსტში ლეკიშვილისა და შოშიტაიშვილის გვარები მოიხსენია. მისი თქმით, სწორედ მათი უშუალო მონაწილეობით გაიყიდა კოსტავას #40-ში მდებარე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი.

კოსტავას #40-ში მდებარე ივანე მაჩაბლის ორსართულიანი სახლი საუკუნეზე მეტი ხნისაა. 1898 წლის ივნისში სწორედ აქედან გავიდა და აღარ დაბრუნებულა ცნობილი ქართველი მწერალი. მისი დაკარგვიდან ორი წლის შემდეგ მისმა მეუღლემ, ტასო ბაგრატიონმა ზედ ქუჩაზე მდებარე ფლიგელს მეორე სართული დააშენა (სხვათა შორის, შარაძის ოპონენტი ლეკიშვილისა და შოშიტაიშვილის ძირითადი არგუმენტი სწორედ ეს დოკუმენტია: მეორე სართულზე მაჩაბელს არ უცხოვრიაო).

შემდეგ მაჩაბლების შთამომავალნი აქედან გაასახლეს და სახლის პირველი სართული სამკერვალო ატელიემ დაიკავა. მეორეზე კი შეასახლეს საბინაო-სამმართველო, გინეკოლოგიური ლაბორატორია და კერძო მოსახლე ბუაჩიძე. 1991 წელს პრივატიზაციის დაწყებისა და ეროვნული მოძრაობის გამოცოცხლებასთან ერთად შარაძემ, როგორც ივანე მაჩაბლის საზოგადოების თავმჯდომარემ, ირაკლი ანდრიაძეს აქ სახლ-მუზეუმის გახსნა სთხოვა. მართლაც, მალე საბინაო სამმართველო სხვაგან გადაიყვანეს და იმ ოთახებში საზოგადოებამ დაიდო ბინა. საიდანაც “გათავხედებულმა მეზობელმა ბუაჩიძემ დეპუტატ ვაჟა ხაჭაპურიძის შემწეობით გამოყარა ნივთები და მალე მუნიციპალური ფართი კერძო საკუთრებაში დაიკანონა. მრავალრიცხოვანმა პროტესტმა და ჩივილმა ის შედეგი გამოიღო, რომ 1993 წლის მაისში მერიამ შენობა გადასცა საზოგადოებას სახლ-მუზეუმად.

ეს გადაწყვეტილება დაადასტურა გენერალურმა პროკურორმა და უმაღლესმა საარბიტრაჟო სასამართლომ”, – აღნიშნა შარაძემ.

გადაწყვეტილება სისრულეში არ მოუყვანიათ. მერიის საბინაო სამმართველოში მოხდა ატელიეს პრივატიზება და მალე მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ზესტაფონელ მსოფლიო ჩემპიონს, მკლავჭიდელ ცხადაძეს მიეყიდა.

ამჟამად ცხადაძე მაჩაბლისეულ სახლში თურქ ბიზნესმენებთან ერთად მაღაზიას აშენებს. ეს მაშინ, როცა მაჩაბლის უშუალო მემკვიდრეები, მისი შვილიშვილები ნუცუბიძის პლატოზე ცხოვრობენ. აღსანიშნავია, რომ ისინი აქ შესახლებას არ მოითხოვენ. მათ სურთ ტრადიციის გაგრძელება და სახლ-მუზეუმში ცნობილი მაჩაბლისეული სალონის გაკეთება, ერთხელ უკვე მოქმედი თეატრის აღორძინება.

გურამ შარაძემ აღნიშნა, რომ “ლეკიშვილის თანადგომით, მერიაში გაანადგურეს ორდერი, მერიის, საარბიტრაჟო სასამართლოსა და გენერალური პროკურორის დადგენილებები, რომელთა თანახმად, შენობა მაჩაბლის საზოგადოებას ეკუთვნის. მაქვს მხოლოდ ამ საბუთების ასლები”, – დასძინა მან. შარაძის ცნობით, მაჩაბლის მემკვიდრეები უზენაეს სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

ეკა სარია
“რეზონანსი”, 15 იანვარი, 1998

  
 
გურამ შარაძე ლიახვის ხეობას ეწვია

გურამ შარაძე დიდი ლიახვის ხეობას ესტუმრა. იგი სამაჩაბლოელებმა მიიწვიეს, რათა მისი პოლიტიკური საქმიანობისადმი ერთგვარი მხარდაჭერა გამოეხატათ და საკუთარ გასაჭირზე დალაპარაკებოდნენ.

თავიდან გურამ შარაძე გორთან ახლოს მდებარე სოფელ ორთაშენს ეწვია. იქ, თურმე, ერთი სახლი იეღოველებს უყიდიათ (ამბობენ, არც მთლად კანონიერადო) და იქ შეხვედრებს ატარებენ. 17-19 აგვისტოს ამ სახლში კონგრესის ჩატარებასაც აპირებენ. სოფელში ბლომად ყოფილან იეღოველები. შეხვედრაზე გურამ შარაძემ იქაურ მოსახლეობას მართლმადიდებლობის დაცვისკენ მოუწოდა.

მერე გურამ შარაძემ ქურთას საავადმყოფო მოინახულა. ამჟამად იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, მუშაობა არ შეუწყვეტია და იქ გორიდანაც კი დადიან პაციენტები. ქურთაში წმინდა სამების სახელზე აგებული VI საუკუნის ტაძრის ნანგრევებზე ორი წელია ახალ ეკლესიას აშენებენ. ადგილობრივ მოსახლეობას ამ საქმეში ფინანსურად ეხმარებიან ემზარ ელბაქიძე და ნოდარ ყოჩიაშვილი. მშენებლობის დასრულებას 16 აგვისტოსთვის ვარაუდობენ. ამ დღეს ქურთაში კათოლიკოს-პატრიარქსაც ელოდებიან. პატრიარქს სოფელ ნიქოზშიც ელიან. იქაც 16 აგვისტოსთვის აქვთ განზრახული VI საუკუნის საეპისკოპოსო სასახლის ნანგრევებზე სამონასტრო კომპლექტის მშენებლობის დამთავრება.

ბოლოს გურამ შარაძე ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმს ეწვია. ადგილობრივი მოსახლეობა მას ასეთი სიტყვებით შეხვდა – მოგესალმებით თქვენი ერთგული სამაჩაბლოელები. თამარაშენში იგი მისი პოლიტიკური კურსის მომხრეებს შეხვდა. ორთავე მხარემ საკუთარ სატკივარზე ისაუბრა. გურამ შარაძემ შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებს მუზეუმის აღდგენისთვის საჭირო თანხის გამოსაძებნად.

ნინო შევარდნაძე
,,დილის გაზეთი’’, 27 ივლისი, 2002

 

 

One Response to სამაჩაბლო, ,,ივანე მაჩაბლის საზოგადოება’’

  1. Luigi Fulk ამბობს:

    I’m not sure where you are getting your information, but good topic. I needs to spend some time learning much more or understanding more. Thanks for great info I was looking for this info for my mission.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s