მე არ უარვყოფ ევროპულ ორიენტაციას!

ეროვნული საგანძურის გატანა

 

გურამ შარაძე: მე არ უარვყოფ ევროპულ ორიენტაციას!

მე უარვყოფ ქართული კულტურის ღალატს!

 

– რა ისტორიულ-კულტურულ-ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები აქვს იმ ნივთებს, რომლებიც საზღვარგარეთ გამოფენებისთვის მზადდება. თქვენ როდის ჩაერთეთ ამ ექსპონატების ბედის განსაზღვრის საკითხში და თუ დაადგინეთ მათი ზუსტი სია, ან ის, თუ სად და რა მიზნით უპირებენ გატანას?

– ყოველი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებელიცაა, რადგან კაცობრიობა ერთა ერთობლიობას წარმოადგენს. ამერიკაში წასაღებად გამზადებული ექსპონატები მაღალი ეროვნული კულტურის ნიმუშებია და ამავდროულად, ზოგადსაკაცობრიო კულტურის ღირებულების მქონე ძეგლებიც.

ჩვენ დავაზუსტეთ ხელოვნების მუზეუმიდან და ხელნაწერთა ინსტიტუტიდან გასატანი დაახლოებით 20-ზე მეტი ექსპონატის სია. ჯანაშიას სახელობის მუზეუმიდან ჯერ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები. მუზეუმის დირექცია იმით იმართლებს თავს, რომ ჯერ ზუსტად არ იციან, რომელი ექსპონატებია შერჩეული შტატებში გასაგზავნად. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში წასულ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის და კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მესვეურთა ჩამოსვლას ელიან, რის შემდეგაც ზუსტი სია შედგება. ამ განცხადების შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, რომ ისინი შეგნებულად არიდებენ თავს დაზუსტებული სიების წარმოდგენას და ექსპონატების ამერიკაში გამგზავრების დეტალებზე საუბარს.

რაც შეეხება გამოფენის მოსაწყობად არჩეულ ქალაქებს, არც ეს არის ბოლომდე დაზუსტებული. თავიდან საუბრობდნენ იმაზე, რომ ქართული კულტურული ძეგლების გამოფენა მოეწყობოდა: ბალტიმორში, ვაშინგტონში, ჩიკაგოში, სან-დიეგოსა და მემფისში, მაგრამ ორი-სამი კვირის წინანდელ რადიოინტერვიუში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ბატონები: ნოდარ ლომოური, ზაზა ალექსიძე და ლევან ჭილაშვილი (ხელოვნების მუზეუმის, ხელნაწერთა ინსტიტუტის და ისტორიის მუზეუმის დირექტორები), გამოირკვა, რომ არც მათ იციან, კონკრეტულად, რომელ ქალაქშია დაგეგმილი ძველი ქართული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. ერთი ვაშინგტონს ასახელებდა, ხოლო მეორე ამ ქალაქს საერთოდ არ ახსენებდა და სხვა ქალაქებზე საუბრობდა.

– არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოფენის მოწყობის ინიციატივა უკავშირდება ბიზნესს, რომელსაც ეწევიან საზღვარგარეთ მყოფი შევარდნაძეები. თუ გაქვთ ინფორმაცია და მტკიცებულებები ამის შესახებ?

– მსგავსი რამ პირველად მესმის. წარმოდგენა არ მაქვს, რის შესახებ საუბრობთ.

– თქვენ ხშირად ასახელებთ ვინმე ებრაელ გუროვს. რატომ შეგაქვთ ეჭვი მის კეთილსინდისიერებაში?

– ეს ადამიანი რუსულენოვანი ამერიკელი ებრაელია. ის ხანგრძლივი დროის  განმავლობაში ატაშეს თანამდებობაზე მუშაობდა მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის პოლიტიკური სივრცის კულტურის კარგი მცოდნე გახლავთ. მოსკოვში დიპლომატიური სამსახურის მიტოვების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა გამოფენების მოსაწყობად კერძოO ფირმა შექმნა. ჩემი ინფორმაციით, მას საქართველოშიც ჰყავს წარმომადგენლობა, კერძოდ, ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში, ქ-ნ დვალიშვილის ხელმძღვანელობით. ჩემი ოპონენტები თავისუფლად საუბრობენ, რომ საქართველოს მხრიდან ამ გამოფენის ინიციატორი ჩვენი პრეზიდენტია. როდესაც მოვითხოვთ, გაგვარკვიონ, ვისი განკარგულებით ეწყობა აღნიშნული გამოფენა შტატებში, ამერიკის მხარე ვერ გვისახელებს თავის წარმომადგენელს.

თუ საქართველოს პრეზიდენტი ექსპონატების გამცემ მხარეს წარმოადგენს და საკითხი მის დონეზე წყდება, მაშინ მიმღები მხარეც პრეზიდენტის დონისა უნდა იყოს. ნურავინ იფიქრებს, სად ამერიკის და სად საქართველოს პრეზიდენტიო. შევარდნაძესა და კლინტონს საკმაოდ ახლო და გულთბილი ურთიერთობა აქვთ. საქართველოში არ ჩატარებულა ეროვნული დღესასწაული, რომ კლინტონს ჩვენი პრეზიდენტისთვის არ მიელოცოს. ასე რომ, ამერიკის მხარემაც ეს საკითხი პრეზიდენტის დონეზე უნდა გადაწყვიტოს. მით უმეტეს, რომ ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაში (ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს) მრავალი ასეთი საუკუნის ქართული კულტურული ძეგლები გამოიფინება, რომელთა ფასი არანაირი ღირებულებით არ განისაზღვრება. თუმცა, ზოგმა ვაიქართველმა ის უკვე შეაფასა განსვენებული პრინცესა დაიანას გამონაცვალი ერთი კაბის ფასად.

მას შემდეგ, რაც ხმა ავიმაღლე შტატებში ქართული კულტურის ძეგლების გამოფენასთან დაკავშირებით, ამ გამოფენის მომხრეებმა მაშინვე რანგი მოუმატეს ამერიკის მხარის წარმომადგენელს და დაასახელეს ბ-ნი ბეიკერი და ჯონ შალიკაშვილი. ჩემთვის გაუგებარია ამ ბატონების ავტორიტეტი სამუზეუმო განძის საკითხებში. ეს იგივეა, რომ ჩემი ოპონენტების დასამარცხებლად განვაცხადო, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის საქმეში ჯონ შალიკაშვილზე უკეთ ვერკვევი-მეთქი. რატომ ჰგონიათ ქართულ ენაზე მოლაპარაკე და მოაზროვნე ჩემს ოპონენტებს, რომ ჯონ შალიკაშვილზე არანაკლებ “ვიცი” ქართული ექსპონატების შესახებ. ასე რომ, ხმამაღალი გვარებით თამაში ძალიან მაეჭვებს და მიჩენს უნდობლობის გრძნობას ჩემი ოპონენტების მიმართ. შალიკაშვილის და ბეიკერის სახელები პირველად პროგრამა “მაცნეში” ჩემთან საუბრის დროს პოეტმა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, რეზო ამაშუკელმა, ახსენა. მან ეს საკუთარი პოზიციის გასამყარებელ არგუმენტად გამოიყენა.

– ქართული ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა ან მხარი დაუჭირა შტატებში ძველი ქართული ხელოვნების ნიმუშების გამოფენას, ან მათი უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები მოითხოვა. როგორც ახსნით მათ პოზიციას, ვინც ცალსახად მომხრეა ექსპონატების გატანისა ან გარანტიებს ითხოვს ამისთვის?

– ეს ძალიან ფაქიზი თემაა და არ მინდა ქართული ინტელიგენცია დავახარისხო ჯგუფების, ფენებისა და მსოფლმხედველობის მიხედვით. მსურს, რომ ქართული ინტელიგენცია ყოველგვარი შეურაცხყოფის, განხეთქილებისა და ეჭვისგან დავიცვა. ამასვე მოვუწოდებ ინტელიგენციის იმ ნაწილს, რომელიც ამ წესს და მორალს არ მისდევს. მსურს ვთქვა, რომ ქართული ინტელიგენციის მესვეურთა დამოკიდებულება ამ საპასუხისმგებლო საქმისადმი ყოვლად უსუსური, არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლოა. ჩვენ ვერ მოვითმენთ მათი მხრიდან ასეთ ზერელე დამოკიდებულებას, რადგან მათ საქართველოს უკვე დაუკარგეს საგანძურის უდიდესი ნაწილი.

– თქვენ ხშირად ახსენებთ მუზეუმებიდან დაკარგულ ექსპონატებს. კონკრეტულად რას გვეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით?

– უკანასკნელ წლებში ხელოვნების მუზეუმიდან ბევრი რამ დაიკარგა, მაგრამ განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ლუკას კრანახის “მაჭანკალის”, 3 ჰოლანდიელი მხატვრის, დენუას, აივაზოვსკის 2 ნამუშევრის, ნოვგოროდის სკოლის რუსული ხატების (XV-XVI სს.) და სხვა უამრავი ექსპონატის დაკარგვა. როდესაც ამის თაობაზე განმარტება სთხოვეს ხელოვნების მუზეუმის დირექტორს, მან განაცხადა: მუზეუმში მხედრიონელები შემოიჭრნენ, გაიტაცეს ექსპონატები და რა ჩემი ბრალიაო. ალბათ, ასეთივე პასუხს გაგვცემს, თუ ამერიკაში განძის ექსპონირებისას ან გამოფენის დროს მსგავსი ფაქტი მოხდება. რაც შეეხება ოკეანის თავზე შესაძლო ავიაკატასტროფას, ლომოურს ამაზეც საკმაოდ ბრძნული პასუხი აქვს. ის აცხადებს, რომ ექსპონატები ცეცხლგამძლე და წყალგაუმტარი კონტეინერებით გადაიზიდება. ოკეანეში ჩაცვენის შემთხვევაში ყუთები ოკეანის ზედაპირზე თავისუფლად იტივტივებენ და მთელი მსოფლიო მობილიზებული იქნება იმისთვის, რომ ამხელა სივრცეში ეს მოტივტივე კონტეინერები იპოვონ. რა კომენტარი შეიძლება, გაუკეთდეს ამ განცხადებას. მისი მიდგომა საკითხისადმი ამაზრზენია. ამით ლომოური სრულიად იხსნის პასუხისმგებლობას. თუ ექსპონირების დროს ნივთებს მოიპარავენ ან ავიაკატასტროფის დროს უკვალოდ დაიკარგებიან, ლომოური, ალბათ, მხოლოდ ხელებს გაშლის და იტყვის: რა ვქნა, რა ჩემი ბრალიაო.

– თუ ყოფილა კონკრეტული შემთხვევები, როდესაც საზღვარგარეთ საგამოფენოდ გამგზავრებული უკან არ დაბრუნებულა?

– აკადემიკოსმა ანდრია აფაქიძემ, რომელიც საზოგადოებრივ მეცნიერებებს კურირებს, განაცხადა, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ მოსკოვში დაიკარგა უნიკალური ბრინჯაოს ცული (ძვ. წ. აღ-მდე მე-13 ს), რომლის ორეულიც მსოფლიოში არ არსებობს. ასევე დიდი სკანდალი გამოიწვია იმან, რომ ჯანაშიას მუზეუმის ერთმა თანამშრომელმა რამდენიმე უძვირფასესი ექსპონატი ლომბარდში დასაგირავებლად გაიტანა. ეს პიროვნება, რა თქმა უნდა, გაათავისუფლეს თანამდებობიდან და მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ვფიქრობ, იგი მარტო არ მოქმედებდა და თანამზრახველიც ჰყავდა.

ერთხელ საპარლამენტო სხდომაზე პროფესიით არქეოლოგმა პარლამენტარმა, მალხაზ ბარამიძემ, გასაოცარი განცხადება გააკეთა. მან პირდაპირ ეთერში ჩემი მისამართით თქვა: “მართალია გურამ შარაძე, როდესაც ამბობს, რომ ხელოვნების მუზეუმიდან უნიკალური ექსპონატები დაიკარგა. ჯანაშიას მუზეუმიდან მართლაც იყო ექსპონატების ლომბარდში დაგირავების მცდელობა, მაგრამ არ არის მართალი მისი ინფორმაცია, რომ ეს იყო ქართული ხელოვნების ნიმუშები”. მან სრულიად სერიოზულად დაამტკიცა, რომ ეს ექსპონატები დაღესტნური იყო და გაიტანეს ეთნოგრაფიული განყოფილებიდან. ეს ისე განაცხადა, თითქოს ეთნოგრაფიის განყოფილება ან დაღესტნური ხელოვნება გადასაგდები იყოს. მაშინ არ მომცეს უფლება, პასუხი გამეცა მისთვის.

სინამდვილეში, ეს ნივთები გაიტანეს არა ეთნოგრაფიული, არამედ ფეოდალური ხანის განყოფილებიდან. მინდა, დავაზუსტო ისიც, რომ დაიკარგა არა დაღესტნური ხელოვნების ნიმუში, არამედ ვახტანგ VI შვილის, ბაქარ მეფის, ოქროს ჯვარი. უცნაურია, რომ ქართველი არქეოლოგი, ქართველი მეფის ჯვარს დაღესტნური ხელოვნების ნიმუშად ასაღებს.

საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამეცნიერო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ორმა წევრმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ შარშან ამ ცენტრიდან მოხდა ქართული ექსპონატების გასხვისება. ეს იყო ე.წ. ბარტერული გაცვლა. ჩვენი ექსპონატების სანაცვლოდ დიდი ბრიტანეთის მხარეს უნდა გამოეგზავნა წიგნები. სხვათა შორის, ჩემმა თანამოსაუბრეებმა ეს ნივთები “ზედმეტ ექსპონატებად” მოიხსენიეს! აკადემიის პრეზიდიუმშიც დამიდასტურეს ეს ფაქტი.

რამდენიმე ხნის წინ  ისტორიის პროფესორმა, რომლის ვინაობასაც არ დავასახელებ, განმიცხადა, რომ 50-იან წლებში, როდესაც ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ფონდს ამოწმებდნენ, აღმოჩნდა, რომ ოქროს ვადიანი ხმალი ადგილზე აღარ იყო და საგამოფენო სტენდზე მხოლოდ ქარქაში იყო დარჩენილი. ხმლის კვალს დღემდე ვერ მიაკვლიეს.

ორმა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, რომელთა გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ, სახლში წაიღეს “პროკლეს დიადოხოსის” იოანე პეტრიწისეული თარგმანი. ეს მოხდა დაახლოებით 40-50 წლის წინ, მაგრამ ერთ-ერთის შთამომავალმა გარკვეული საფასურის გაღებით ეს უნიკალური ექსპონატი კვლავ მუზეუმს დაუბრუნა.

გაძარცვულია ხელოვნების მუზეუმის ფილიალებიც, მათ შორის, ელენე ახვლედიანის მუზეუმი. დაკარგულია ელენეს პარიზული პერიოდის უნიკალური ნამუშევრები.

ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ მრავლად შემიძლია, მსურს ვთხოვო ჩემს ოპონენტებს, ნუ გვაშინებენ, ნურც ბეიკერის და შალიკაშვილის სახელებით და ნურც იარაღიანი ხალხით. სხვათა შორის, იარაღი მათთვის უცხო არ არის. მაგალითად, ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, ნოდარ ლომოური, აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილისის ომში და იყო კიტოვანის გვარდიის წევრი. 1991 წლის 23 დეკემბერს, როდესაც გვარდიელებს “ბატიასთან” დასახვრეტად მივყავდი, გზაში შევეჩეხე იარაღასხმულ ბ-ნ ნოდარ ლომოურს. მან იქედნურად გადმომხედა და ერთი სიტყვაც არ შემაწია გვარდიელებთან. შემდეგ ისევ კიტოვანმა შემიწყალა. სწორედ, ნოდარ ლომოურმა და მსგავსმა მეცნიერებმა მოუღეს ბოლო რუსთაველის გამზირს და იქ მდებარე უნიკალურ ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტს, მხატვრის სახლს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის მუზეუმს და იაკობ გოგებაშვილის არქივს, გალერეას, პირველ სკოლას და სხვა შენობებს. და ასეთ ადამიანს მიართვეს ხელოვნების მუზეუმის დირექტორობა!

– თქვენი არგუმენტაცია, კონკრეტულად რატომ არ შეიძლება საგანძურის საზღვარგარეთ გატანა?

– საგანძურის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მომხრეები თავგამოდებით ასახელებენ ათასგვარ გარანტიას. ვთქვათ, არ მოხდა ავიაკატასტროფა ან ყაჩაღური თავდასხმა საგანძურზე, რატომ არ ეკითხებიან პროფესიონალებს, რა მოუვა ამ უძველეს ნივთებს ამერიკის შეერთებული შტატების აუტანელი კლიმატის პირობებში? ჩემი უპირველესი არგუმენტი ასეთია: კულტურის მინისტრმა პატრიარქსაც კი უთხრა უარი ანჩის ხატის მის სახელზე აგებულ ანჩის ხატის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში მიბრძანებაზე იმ მოტივით, რომ ხატი ვერ გაუძლებდა მიკროკლიმატის ცვალებადობას. თუ ხელოვნების მუზეუმიდან ანჩისხატის ეკლესიამდე მიკროკლიმატის ცვალებადობაა მოსალოდნელი, წარმოიდგინეთ, რა მოუვათ ხატებს ოკეანის გაღმა ქვეყანაში.

გარდა ამისა, მაქვს საგანგაშო ცნობები იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთ საგამოფენოდ წაღებული ზოგიერთი ექსპონატი, მათ შორის, ფიროსმანის რამდენიმე ნამუშევარი დაზიანებულია. ჩემი ერთ-ერთი მოთხოვნაა, დამზადდეს გასაგზავნად შერჩეული ექსპონატების მულაჟები და, თუ შეერთებული შტატების მხარეს აუცილებლად ორიგინალები სურს, საკუთარ მუზეუმებში მოიძიოს. იქ ქართული ხელოვნების უამრავი უძველესი ნივთი ინახება. ჰარვარდის უნივერსიტეტში საკუთარი თვალით მაქვს ნანახი მე-10 საუკუნის ქართული ხელნაწერი უნიკალური ფერადი მინიატურებით. სინას მთის ქართული ეკლესიიდან მოპარული მე-9 საუკუნის ხელნაწერი ერთ-ერთი კერძო კოლექციონერის საკუთრებად ითვლება, რომელმაც დიდ მამულიშვილს, რეზო თაბუკაშვილს, ამ ექსპონატისთვის ფოტოს გადაღების უფლება არ მისცა. ასევე, მეტროპოლიტენ მუზეუმში ინახება ბრწყინვალე ქართული ტიხრული მინანქრის ნიმუშები. ასე რომ, ამერიკის შეერთებულ შტატებს საკმაოდ აქვს ჩვენი კულტურული საუნჯე მითვისებული და ის გამოფინოს. ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, ზაზა ალექსიძე, ამაყად აცხადებს, რომ მის ინსტიტუტში დამზადდა ლაილაშის ებრაული ხელნაწერის მულაჟი. აუცილებლად უნდა გაკეთდეს შეძლებისდაგვარად ყველა ექსპონატის მულაჟი, რითაც საფუძველი ჩაეყრება მუდმივ საექსპონატო ფონდს.

მე ქართული ცივილიზაციის მსოფლიოსთვის დამალვის მომხრე არ ვარ, მაგრამ მსურს, რომ ჩვენ ამ ექსპონატებით კიდევ მრავალი საუკუნე ვიამაყოთ.

შტატებში გასაგზავნ ექპონატებს შორის არის საეკლესიო ნივთები. ხატები და ჯვრები ლოცვით და ლოცვისთვის არის შექმნილი, რომელთა მეშვეობითაც მთელ ქვეყანაზე ღვთის უდიდესი მადლი გადმოდის. ეკლესიასთან მრავალწლიანი იძულებითი განშორების შემდეგ კვლავ მოგვეცა სულიერ ცხოვრებაში დაბრუნების საშუალება და ამ დროს ანჩის ხატს ეკლესიას არ ათხოვებენ და სხვა, არანაკლებ ფასეულ, ხატებს საზღვარგარეთ მიარბენინებენ.

– ბევრი თვლის, რომ საქართველოდან საგანძურის გატანა ფინანსურ-ეკონომიურმა სიტუაციამ მოითხოვა, რადგან მუზეუმები და ინსტიტუტები ფინანსურ კრიზისს განიცდიან, როგორ უყურებთ ამ არგუმენტს, აქვს თუ არა მას გამართლება?

– საქართველოს  ეკონომიური სიდუხჭირე რა კავშირშია იმასთან, რომ ეროვნული პოლიტიკა გვქონდეს. საქართველოსა და ქართველ ხალხს, ღვთის მადლით, არაფერი აკლია, მაგრამ ამ მადლს ჩვენივე ნებით ვკარით ხელი. საჭიროა, ჩვენი მუზეუმების ეკონომიური პრობლემები აქვე მოგვარდეს, სწორი პოლიტიკის მეშვეობით.

მოდის ქრისტეს დაბადებიდან 2000 წლისთავი. ამ უდიდესი დღესასწაულის აღსანიშნავად ჩვენს ქვეყანაში უნდა მოვაწყოთ გამოფენა და აქ მოვიწვიოთ უცხოელი დამთვალიერებელი. დარწმუნებული ვარ, ეს უფრო მეტ შემოსავალს მოგვიტანს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ისე დავეშვით ქართველები, რომ ჩვენი საგანძური ფულის გასაკეთებელ მანქანად ვაქციეთ.

– თქვენი ოპონენტების არგუმენტია, რომ მსოფლიომ უნდა ნახოს ქართული რელიგიისა და ხელოვნების შედევრები, რადგან ეს მაღალ იმიჯს შემატებს ჩვენს ქვეყანას.

– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ მსურს ქართული კულტურა ვაკუუმში მოვაქციო, თუმცა ჩემი ოპონენტები საწინააღმდეგოს აცხადებენ. “ჯოკონდა”, ტუტანჰამონის განძი და სხვა შედევრები საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, მაგრამ ისიც მინახავს, რომ “ჯოკონდას” მოსკოვში მგზავრობისას თვითმფრინავების ესკორტი მიჰყვებოდა, ხოლო იაპონიაში ოკეანით გადატანის დროს – კრეისერები. ფრანგ ხალხში უდიდესი სიამაყის გრძნობას იწვევს, რომ მათ ეროვნულ საგანძურს ასეთი რუდუნებით ექცევა მთელი მსოფლიო. ჩვენ კი საკუთარ განძს ვინმე გუროვს ვატანთ. არ ვიცით, რამდენად არის და არის თუ არა დაზღვეული საერთოდ. წარმოდგენა არ გვაქვს, კონკრეტულად, რომელ ქალაქებში გაიმართება გამოფენა, თანაც, განძი მთელი ერთი წლით გადის ქვეყნიდან. დარწმუნებული ვარ, “ჯოკონდა” ამდენი ხნით ლუვრიდან ჯერ არ გაუტანიათ.

– როგორც ახლა გაირკვა და ადრეც თქმულა, ჩვენს მუზეუმებში შენახული ექსპონატები ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, რომ, ალბათ, აჯობებს მათი გატანა. რატომ ამაზე არასდროს ტეხდით განგაშს. რა მნიშვნელობა აქვს, საგანძურის ექსპონატები სამშობლოში დაზიანდება და განადგურდება თუ საზღვარგარეთ?

– აქამდე მე პარლამენტის წევრი და მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი არ ვყოფილვარ. მაგრამ დღესაც ჩემი ხმა ისმის ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ლომოური იმასაც კი კითხულობს: ვინ არის გურამ შარაძე, რას წარმოადგენს და რა უნდაო? დღესაც არ ვიცი, რა შედეგს გამოიღებს ჩემი აქცია და მაშინ, მით უმეტეს, სრული უაზრობა იყო პროტესტის გამოხატვა. როდესაც ადამიანი რაიმეს წამოიწყებს, ამის უფლება უნდა ჰქონდეს და გამარჯვების იმედიც. ვფიქრობ, დღეს ორივე მაქვს და მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ეს საქმე.

– რაც შეეხება ამ საკითხებისადმი საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტის დამოკიდებულებას, საკუთარი ხედვა ერთხელ უკვე გამოავლინა, როდესაც წლების წინ საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ბრეჟნევს მან, საქართველოს პირველმა ოფიციალურმა პირმა, შეაგება ფრაზა: “მზე ჩრდილოეთიდან ამოდის” და უსახსოვრა შუასაუკუნეების ნივთები. სხვათა შორის, ეს თემა არასდროს გამხდარა საყოველთაო მსჯელობის საგანი. ხომ არ არის ეს ფაქტი საკმარისი იმისთვის, რომ იმავე ხელისუფალთა მიერ აწმყოში რაიმე უფრო საეჭვო და სავალალო ქმედება ვივარაუდოთ?

– ამ ფაქტის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია არ გამაჩნია, ამიტომ პასუხს ვერ გაგცემთ. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ მაშინ ბრეჟნევისთვის სამუზეუმო ექსპონატი მიერთმიათ. შესაძლოა, მას მულაჟი ან თანამედროვე ჭედურობის ნივთი გადასცეს.

 ია ვეკუა
“ახალი 7 დღე”, 7-13 მაისი, 1999

One Response to მე არ უარვყოფ ევროპულ ორიენტაციას!

  1. Azucena Bilbro ამბობს:

    Make sure you excuse my English, I am still schooling. I like your web site very much, I think it is very interesting and I saved a bookmark from it in our web.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s