ეროვნული საგანძურის გატანა

 

  • ქართული ექსპონატები 9 მილიონ დოლარად დააზღვიეს”, “თბილისის სიახლენი”, 19-20 აპრილი, 1999
  • ექსპონატებით სპეკულირება არ გვინდა”, “ალია”, 19 აპრილი, 1999
  • გურამ შარაძე – ახალი ექვთიმე თაყაიშვილი თუ რიგითი ავანტურისტი?”, “7 დღე”, 26-27 აპრილი, 1999
  • დავიცვათ საქართველოს ეროვნული საგანძური”, “მერიდიანი”, 26-28 აპრილი, 1999
  • პასუხისმგებლობას ამერიკელებიც კისრულობენ”, “დილის გაზეთი”, 6 მაისი, 1999
  • გურამ შარაძე: მე არ უარვყოფ ევროპულ ორიენტაციას! მე უარვყოფ ქართული კულტურის ღალატს!”, “ახალი 7 დღე”, 7-13 მაისი, 1999
  • გურამ შარაძე: “არჩევნებამდე ყველა ძალამ ნიღაბი უნდა ჩამოიხსნას”, “მეოთხე”, 7-14 მაისი, 1999
  • შარაძე – ნაციონალისტი?”, “მეოთხე”, 7-14 მაისი, 1999
  • მე ამერიკის მხრიდან კლინტონის გარანტიას მოვითხოვ” ანუ: “გუროვი ჩემს გადაბირებას ვერ ეღირსება” – აცხადებს გურამ შარაძე’’, “მეოთხე”, 16-23 ივლისი, 1999
  • გამოფენები საქართველოს ინტერესებისთვის უნდა იმართებოდეს” “ახალი თაობა”, 26 ივლისი, 1999
  • “გურამ შარაძეს “ავერბოვკებდნენ” თუ ქრთამავდნენ? შარაძე და გუროვი ერთმანეთს სასამართლოში შეებმებიან, “ახალი თაობა”, 12 თებერვალი, 2001
  • გურამ შარაძე გრეგ გუროვს არაფერს დაუთმობს”, “რეზონანსი”, 16 თებერვალი, 2001
  • გურამ შარაძემ გაიმარჯვა”, “ახალი თაობა”, 28 დეკემბერი, 2001
  • ებრაული აჩრდილი საქართველოს საფრთხეს უქმნის!”, “ჯორჯიან თაიმსი”, 3-10 მარტი, 2005

 

***

ქართული ექსპონატები 9 მილიონ დოლარად დააზღვიეს

 

საქართველოს ხელოვნებისა და არქეოლოგიის მუზეუმიდან ექსპონატების აშშ-ში გამოფენაზე წაღების წინააღმდეგია მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძე.

მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში ქართველი ერის საგანძურით სპეკულირების პრაქტიკა გახშირდა.

პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის და კულტურის მინისტრის ვალერი ასათიანის ნებართვით, ივნისის ბოლოს აშშ-ში საგამოფენოდ სხვადასხვა ექსპონატებს წაიღებენ სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმიდან, საქართველოს ისტორიის მუზეუმიდან და ხელნაწერთა ინსტიტუტიდან. როგორც ,,პრაიმ-ნიუსთან” საუბარში შარაძემ აღნიშნა, იგი მოითხოვს აღნიშნული მუზეუმების დირექტორებმა პრესაში გამოაქვეყნონ აშშ-ში წასაღებად გამზადებული ექსპონატების სია. ამავე დროს, შარაძეს აინტერესებს, ვინ არის პასუხისმგებელი ექსპონატების უსაფრთხოებაზე.

– ექსპონატები ნებისმიერი უბედური შემთხვევისგან დაზღვეულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიისგან, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული აშშ-ს იმ მუზეუმებთან, სადაც გამოფენა გაიმართება. ექსპონატების დაზღვევის ხარჯები აშშ-ს მხარემ გაიღო, – უთხრა ,,პრაიმ-ნიუსს” ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა ნოდარ ლომოურმა.

მისი თქმით, გამოფენისათვის მზადება ოთხი თვის წინ დაიწყო და მარტო მისი მუზეუმის საგანძური, მათ შორის, IX საუკუნის ბედიის ბარძიმი და XIII საუკუნის ღვთისმშობლის ხატი, 9 მილიონ დოლარად არის დაზღვეული.

შარაძის განცხადებით, ერის კუთვნილი საგანძურის ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ექსპონატების გამოფენა ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, ბალტიმორის და აშშ-ს სხვა ქალაქების მუზეუმებში გაიმართება. როგორც ,,პრაიმ-ნიუსთან” საუბრისას ლომოურმა განაცხადა, აშშ-ს მუზეუმებში გამართული გამოფენებიდან შემოსული თანხის 25 პროცენტს საქართველოს ბიუჯეტი მიიღებს.

,,პრაიმ-ნიუსი”
“თბილისის სიახლენი”, 19-20 აპრილი, 1999

 

 

ექსპონატებით სპეკულირება არ გვინდა

 მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძე ეროვნული საგანძურის უცხოეთში გამოფენაზე წაღების წინააღმდეგია, რადგან, მისივე თქმით, ბოლო ხანს ამ ექსპონატებით სპეკულირების პრაქტიკა გახშირდა.

ინფორმაციისთვის: პრეზიდენტ შევარდნაძის და კულტურის მინისტრ ვალერი ასათიანის ნებართვით, ივნისის ბოლოს აშშ-ში საგამოფენოდ სხვადასხვა ექსპონატს წაიღებენ: შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმიდან, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმიდან და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტიდან…

შარაძე მოითხოვს, მუზეუმების დირექტორებმა შტატებში წასაღებად გამზადებული ექსპონატების სია პრესაში გამოაქვეყნონ.

,,პრაიმ-ნიუსი”
“ალია”, 19 აპრილი, 1999

 

 

გურამ შარაძე – ახალი ექვთიმე თაყაიშვილი

თუ რიგითი ავანტურისტი?

(იბეჭდება შემოკლებით)

 გუშინ მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისა”-ს სახელით პარლამენტარმა გურამ შარაძემ საპროტესტო აქცია მოაწყო საქართველოდან ეროვნული საგანძურის გატანასთან დაკავშირებით. ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა დაიწყოს ქართული ეროვნული საგანძურის ექსპონატების გამოფენა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დაახლოებით ორი კვირის წინ შარაძეს პარლამენტის ტრიბუნიდან მიუმართავს იმ სამი მუზეუმის ხელმძღვანელებისათვის, საიდანაც უნდა გაიგზავნოს ეს ექსპონატები: საქართველოს ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი (დირექტორი ლევან ჭილაშვილი), შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმი (დირექტორი ნოდარ ლომოური) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი (დირექტორი ზაზა ალექსიძე). მას მოუთხოვია, პრესის საშუალებით გამოექვეყნებინათ ის დოკუმენტები, რომელთა საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება. ბატონ გურამს აინტერესებს, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ხდება თუ არა საგანძურის გატანა. კიდევ ერთი ნიუანსი: აქციაზე გაირკვა, რომ ექსპონატები 8 მლნ დოლარადაა დაზღვეული და რომ ეს თანხა ფრიად მცირეა ფასდაუდებელი ექსპონატებისათვის.

გურამ შარაძე: ჩვენ უნდა ვაიძულოთ პრეზიდენტი, გასცეს განკარგულება, რის საფუძველზეც ეროვნულ საგანძურს საქართველოდან არ გაიტანენ.

– უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტს თუ მიმართეთ?

– არ მიმიმართავს იმიტომ, რომ მე პარლამენტის ტრიბუნიდან ლომოურს, ჭილაშვილს და ალექსიძეს მივმართე, რათა გამოაქვეყნონ შესაბამისი დოკუმენტები და თუ მათ შორის იქნება პრეზიდენტის განკარგულება, აი, მაშინ მივმართავ პრეზიდენტს. მანამდე კი მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის სახელით სპეკულირება ხდება და აგრეთვე – ჩვენი დაშინება-შანტაჟირება.

– ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი საქმის კურსში არ არის?

– მე კიდევ ვიმეორებ, ეს ჯერ მისმა ხელქვეითებმა (მუზეუმის დირექტორებმა) უნდა განაცხადონ.

ნოდარ ნათაძე: მე მქონდა საუბარი სპეციალისტებთან, კონსერვატორებთან, რომლებიც ეწევიან ამ ძვირფასი ექსპონატების შენახვასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ვიცი, რომ ამ ექსპონატების გატანა არ შეიძლება, რადგან მათი დაზიანების დიდი ალბათობა არსებობს. მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია ის, რომ თუ ახლა საზოგადოებამ დაუშვა ამ ექსპონატების წაღებ-წამოღება მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას გასეირნება უნდა ან სხვა ანგარებიანი მიზნები ამოძრავებს, ეს პროცესის გაღრმავდება. მაპატიეთ და ამოთხრიან ჩვენს სიწმინდეებს, ამოთხრიან უფლის კვართს და სადმე დააგირავებენ ან გაყიდიან. ის ადამიანები, რომლებიც ყიდიან საქართველოს უძრავ ქონებას, არაფრის წინ არ დაიხევენ. ამიტომ ეს აქცია სავსებით გამართლებულია, მაგრამ ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. არ უნდა დავუშვათ საქართველოს სიწმინდეების გატანა, მათი ტრანსპორტირება თვითმფრინავით ოკეანის თავზე და დაზღვევა 8 მლნ დოლარად, რაც შეურაცხმყოფელი თანხაა.

ეროვნული საგანძურის საქართველოდან გატანის წინააღმდეგია (შარაძის თქმით) საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულო, სტუდენტი ახალგაზრდობა. თუმცა, რაც შეეხება სტუდენტ ახალგაზრდობას, მომიტინგეთა შორის კანტიკუნტად ჩანდნენ.

აქციის დასასრულს, გურამ შარაძემ კვლავ პრეზიდენტს მიმართა: გამოაქვეყნოს, თუ ვისი განკარგულებით, ვისი უშუალო ბრძანებით ხდება საქართველოს ეროვნული საგანძურის საზღვარგარეთ გატანა, გამოქვეყნდეს აშშ-ის მხრიდან იმ პირთა სია, ვისი პასუხისმგებლობით ხდება ექსპონატების აშშ-ში გატანა, გამოქვეყნდეს ექსპონატების სრული სია და გარანტიები მათი დაცვისათვის. შარაძემ ითხოვა, რომ საპატრიარქომ კიდევ ერთხელ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ ფაქტთან დაკავშირებით.

ეკა გაბადაძე
“7 დღე”, 26-27 აპრილი, 1999

 

 

დავიცვათ საქართველოს ეროვნული საგანძური

 25 აპრილს გურამ შარაძემ კიდევ ერთი ხმაურიანი აქცია წამოიწყო, ამჯერად – ქუჩაში, პუშკინის სკვერთან, 12 საათზე დაწყებული მიტინგი ორ საათს გაგრძელდა და სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმთან დასრულდა.

ახალი აჟიოტაჟის მიზეზი საქართველოს ეროვნული საგანძური და მისი “ოქროს ფონდი” იყო, რომლის ერთი წლით ამერიკაში გატანას აპირებენ. ლაპარაკია ერთობლივ გამოფენაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი და ხელნაწერთა ინსტიტუტი. პარლამენტის ტრიბუნა და პრესა, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა ეროვნული სიმდიდრის დასაცავად. ამიტომაც შეიქნა გურამ შარაძე იძულებული ქუჩაში გასულიყო. ერთი კია, ქუჩაში მას არ დახვედრია ისეთი მრავალრიცხოვანი აუდიტორია, როგორიც თუნდაც პარლამენტში ჰყავს. მიუხედავად ამისა, შარაძის მხარდამჭერნი იმედოვნებენ, რომ “უფრო მეტნი არიან, ვიდრე ჩანან და საჭიროების შემთხვევაში მთელი საქართველო, როგორც ერთი, მტკიცედ დადგება ეროვნული ინტერესების დასაცავად”.

გურამ შარაძე საჯაროდ აცხადებს: “ამერიკელებს შეუძლიათ დაამზადონ ამ ექსპონატების ასლები, ოკეანის გადაღმა წაიღონ და თავიანთ ქვეყანაში დატკბნენ, ხოლო თუ მაინცდამაინც ორიგინალების ნახვის სურვილი კლავთ, საქართველოში ჩამობრძანდნენ. ეს ექსპონატები ტრანსპორტირებას ვერ გაუძლებენ”. ამერიკაში ყოფნისას თავად იგი ვერაფრით შეჰგუებია იქაურ კლიმატს, შესაბამისად, მას ვერც ეს ნივთები შეეგუება.

გურამ შარაძის მოთხოვნები შემდეგნაირადაა ფორმურილებური: პრესისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ეცნობოს საზოგადოებას, ვისი დავალებით ხდება საქართველოდან “ოქროს ფონდის” გატანა; ვინ იქნება ამერიკაში ამ გამოფენის განმკარგველი, ანუ ვის მოეკითხება უსაფრთხოების გარანტია; გამოქვეყნდეს საქართველოდან გასატანი ექსპონატების სრული სია; საქართველოს საპატრიარქოს კიდევ ერთხელ ეთხოვოს გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით.

არადა, როგორც ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმის დირექტორის მოადგილის, ნოდარ შოშიტაიშვილისაგან შევიტყვეთ, ჯერ გადაწყვეტილიც არაა, მოეწყობა თუ არა ასეთი გამოფენა ამერიკაში და შესაბამისად, აჟიოტაჟის ატეხვა ნაადრევია. თუმცა, მან ისიც დასძინა, რომ გარანტიის შემთხვევაში სხვა ქვეყნებში გამოფენების მოწყობა დიდ უბედურებად არ მიაჩნია.

გურამ შარაძე უკან არ იხევს და საჯაროდ აცხადებს, რომ, მაგალითად, ხელოვნების მუზეუმის დირექტორს საცავებიდან დაკარგული ექსპონატების გამო ერთხელაც არ უგია პასუხი. კონკრეტულად რომელ ნივთებზეა საუბარი, შარაძეს არ დაუზუსტებია. სამაგიეროდ თენგიზ კიტოვანისა და ნოდარ ლომოურის მეგობრობა გაიხსენა და იქვე საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორსაც გადასწვდა: “ლევან ბერძენიშვილზე როგორ შეიძლება ლაპარაკი? ეს ის კაცია, ილია ჭავჭავაძეს დედას რომ აგინებს”. სხვათა შორის, შარაძემ მოიგონა ვინმე მილიონერი გუროვიც, რომლის ინიციატივითაც ხდება საგანძურის ამერიკაში გატანა. აქვე პარალელი გაავლო “სამეფო უბნის თეატრთან” და დასძინა: ზედმეტი სტუმართმოყვარეობის გამოა, რომ ებრაელები საკუთარი შენობიდან აგდებენ ქართველებს.

აქციის სულის ჩამდგემლს არც გურამ მამულია, ელდარ შენგელაია და ლანა ღოღობერიძე დაუტოვებია უყურადღებოდ და მათი ინიციატივა “თურქი მესხების” საქართველოში ჩამოყვანის შესახებ ანტიპატრიოტულ ქმედებად შეაფასა. ჩვენს კითხვაზე – რა ვუყოთ ევროსაბჭოს მოთხოვნებს “თურქი მესხების” რეპატრიაციის შესახებ, მან უპასუხა: “ეს მუხლი აღნიშნულ დოკუმენტებში სწორედ ქართველების მოთხოვნით იქნა შეტანილი”. ეტყობა, შარაძეს გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს ზემოხსენებულ პოლიტიკოსებზე, რაკიღა ევროსაბჭოს მასშტაბის დოკუმენტთა სათავისოდ რედაქტირების შესაძლებლობას უშვებს.

აქციის პათოსის მიუხედავად, სადაც უმთავრესად მგზნებარე მოწოდებები გაისმოდა, მუზეუმის წინ თავმოყრილი პუბლიკა მალევე დაიშალა იმ იმედით, რომ “ოქროს ფონდის” ბედი ერთხელ და სამუდამოდ დადებითად გადაწყდება. საკითხავი მხოლოდ საკითხის “დადებითად გადაწყვეტაში” არ უნდა ვიგულისხმოთ.

 რომან აფაქიძე
“მერიდიანი”, 26-28 აპრილი, 1999

 

 

 პასუხისმგებლობას ამერიკელებიც კისრულობენ

 ხელოვნებისა და განათლების საერთაშორისო ფონდი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას იმ უძველესი ქართული საგანძურის უსაფრთხოებაზე, რომელიც ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით აშშ მუზეუმებში იქნება გამოფენილი, – ნათქვამია ამ ფონდის პრეზიდენტ არტურ ჰარტმანის მიერ ედუარდ შევარდნაძისადმი გამოგზავნილ წერილში. როგორც ცნობილია, ქართული ეროვნული საგანძურის საზღვარგარეთ გატანასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა: ერთი ნაწილის აზრით, აუცილებელია, ქართული კულტურის უძველეს ნიმუშებს მსოფლიოც გაეცნოს. სრულიად საპირისპირო პოზიციაზე დგას სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც კულტურის ნიმუშების გატანაში დიდ საშიშროებას ხედავს. მათ დედაენის ძეგლთან შიმშილობის აქციაც წამოიწყეს, რომელიც კვლავ გრძელდება. სტუდენტთა აქციას მხარს უჭერენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, პარლამენტარი გურამ შარაძე და საქართველოს საპატრიარქო.

 ,,კავკას-პრესი”
“დილის გაზეთი”, 6 მაისი, 1999

 

***

გურამ შარაძე: მე არ უარვყოფ ევროპულ ორიენტაციას! მე უარვყოფ ქართული კულტურის ღალატს!

***

 გურამ შარაძე: “არჩევნებამდე ყველა ძალამ ნიღაბი უნდა ჩამოიხსნას”

***

 

შარაძე – ნაციონალისტი?

 “ახალი ქართული ნაციონალიზმის ლიდერი” უწოდეს 3 მაისის ტელეპროგრამა “ალიონის” ერთ-ერთ სიუჟეტში პარლამენტარ გურამ შარაძეს, რომელიც დღეს წინა პლანზე აყენებს ეროვნული ფასეულობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. სიუჟეტი შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებიდან, აგრეთვე, ხელნაწერთა ინსტიტუტიდან ქართული საგანძურის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა-არგაგზავნის საქმეს.

ამ საკითხზე კომენტარი, ჩვენი აზრით, იყო არაობიექტური, რადგან “ახალი ქართული ნაციონალიზმის ლიდერი” უწოდო ნებისმიერ პიროვნებას, თუნდაც იგი გურამ შარაძე არ ყოფილიყო, მკრეხელობაა და შორს დგას ეროვნული ღირსების განუმეორებელი გრძნობისაგან.

ამ კომენტარით ჩვენ მხარს ვუჭერთ არა ბატონ გურამ შარაძეს, არამედ ყოველივე ქართულის, ეროვნულის წინა პლანზე წამოწევას და ეს არ არის ქართული ნაციონალიზმი. განა ნაციონალიზმია, გიყვარდეს და თავყანს სცემდე შენს ქართულს და, ამასთან ერთად, პატივისცემას ამჟღავნებდე სხვათა ეროვნებისადმი? ასეა საქართველოში და ეს არ არის ნაციონალიზმი.

როცა ამ თემაზე კომენტარს აკეთებდა “ალიონის” სიუჟეტის ავტორი, ლაპარაკი იყო ამერიკაში გასატანი-არგასატანი საგანძურის ღირებულებებზე, რომლის მიხედვით, 8-9 მილიონი კი არ უნდა გადაუხადონ საქართველოს, არამედ 30 მილიონი დოლარი. აი, თურმე, რა ამოძრავებს ექსპონატების გატანის ორგანიზატორებს!

სირცხვილია, რომ ქართულ ღირსებას მართლაც ნაციონალიზმს ვწირავთ და არა სამშობლოს გადარჩენის, გაძლიერების საქმეს.

“მეოთხე”, 7-14 მაისი, 1999

 

  

“მე ამერიკის მხრიდან კლინტონის გარანტიას მოვითხოვ” ანუ: “გუროვი ჩემს გადაბირებას ვერ ეღირსება” – აცხადებს გურამ შარაძე

 *

რადგან ჩვენ თვითონ ვართ ეროვნებადაკარგული ხალხი, ამიტომ გვიბედავენ ამდენს და მომავალშიც გაგვიბედავენ.

*

ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არის გარკვეული დეფინიცია – რისი გატანა შეიძლება და რისი არა. იქნება ეს საეკლესიო, თუ სახელმწიფო სამუზეუმო ექსპონატები.

*

ისტორიის კიდევ ერთხელ შეხსენება, ვგონებ, არ ეგების ამჯერად. იქნებ ცოტა უხერხულადაც ჟღერდეს. ყველაფერი უცხადესია ისედაც. ერთია მხოლოდ: ისტორია თხემით ტერფამდე გვაშიშვლებს და უკანდასახევ გზას გვიკარგავს. კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად არსებობს და გააზრებას ითხოვს, თანაც უცდომელი ცნობიერების საფუძველზე, რამეთუ წარსულის შეცდომების გამეორება მომავალს ნაკლებად ეპატიება. ქართველთა წარსული კი ამ “დილემასაც” ტკივილიანი სამკალით იმკის…

არა, ნამდვილად არ წავალ შორს. ქართული გონისა და გენის იშვიათ გამოვლინებას ექვთიმე თაყაიშვილის სულის “თაღებს” შევბედავ მხოლოდ. ქართველები თუ ვინმეს რამეს ვუმადლით, იქ პირველთაგანი ექვთიმე თაყაიშვილი გვყავს. მასთან მრუმე წლების გრძელი კრიალოსანი გვაშორებს ახლა…

დიახ, ეროვნულ საგანძურზე უნდა მოგახსენოთ. ჟურნალისტური მორალი ხშირად საკუთარი მოსაზრებების და პოზიციების ხმამაღლა გამჟღავნებას გვიკრძალავს. ჩვენც ვემორჩილებით მის უზენაესობას და ამ საკითხზე კამათი პროფესიონალებისთვის დაგვითმია. ისინი კომპეტენტურნი ბრძანდებიან. “მეოთხეს” დღევანდელი ნომრის სტუმარი გახლავთ მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი გურამ შარაძე.

– ბატონო გურამ, 8 ივლისს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში გამართულ ქართველ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა შეხვედრაზე, რომელიც ეროვნული საგანძურის გატანა-არგატანის საკითხს იხილავდა, ბატონმა ვალერი ასათიანმა განაცხადა: “გრეკ გუროვი და საქართველოს ელჩი ამერიკაში თედო ჯაფარიძე ჩამოვლენ და გაგვაცნობენ გურამ შარაძის კონკრეტულ ციტატებს იმის თაობაზე, თუ რას ამბობდა ის ამერიკაში ამ გამოფენის პერსპექტივებზე”. რომელ მამხილებელ საბუთებზეა საუბარი?

– არ ვიცი, ბატონი ვალერი ასათიანი რა მამხილებელი საბუთებით არის შეიარაღებული. მაგრამ მე ვიცი ერთი: 17-დან 29 მაისამდე, ვაშინგტონში ყოფნისას გრეკ გუროვმა, ქართული გამოფენის ორგანიზატორმა, მომძებნა ამერიკაში და შეხვედრა მთხოვა.

*

ცნობისათვის: ბატონი გურამი ამერიკაში იქ მცხოვრები და აწ გარდაცვლილი, ცნობილი ქართველი მწერლის, ჟურნალისტისა და პოლიტიკური მოღვაწის, გივი კობახიძის ანდერძის შესასრულებლად ბრძანდებოდა. მან თავისი უმდიდრესი ბიბლიოთეკა და არქივი ანდერძით გურამ შარაძეს დაუტოვა, რათა მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში ჩამოეტანა და დანიშნულებისამებრ დაებინავებინა.

*

მე კატეგორიული უარი ვუთხარი იმის გამო, რომ ბატონი თედო ჯაფარიძე მაშინ მივლინებით საქართველოში ბრძანდებოდა. მის გარეშე არ ვისურვე მასთან შეხვედრა. როდესაც ბატონი თედო ამერიკაში ჩამობრძანდა, ჩემი მივლინების ვადაც უკვე იწურებოდა. მხოლოდ მაშინ შევხვდი გუროვს. ჩემი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ როგორმე გავცნობოდი ამ გამოფენის დოკუმენტებს, რადგან  საქართველოში ბატონმა ასათიანმა არ გამაცნო ისინი. ახლა კი ამბობს, რომ არც ერთხელ არ უთხოვიაო. მაგრამ, აგერ არის პარლამენტის პლენარული სხდომის ვიდეო და სტენოგრაფიული ჩანაწერი, სადაც ვითხოვ დოკუმენტაციის გაცნობას. გუროვმა გამაცნო ისინი. მას სურდა, რომ დავეყოლიებინე გამოფენის მოწყობაზე. თუ ხმის ჩაწერა ჩუმად ხდებოდა, არ ვიცი, მაგრამ იქ ამის თაობაზე არავითარი დოკუმენტი არ შექმნილა. გუროვს თუ ისიც მიემატება, რომ ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელია და ჩემგან უნებართვოდ იწერდა საუბრის შინაარსს საიდუმლო ჩამწერი აპარატურით, ეს უკვე სხვა რამე არის.

მე მივრცელებენ ხმას, თითქოს ყოველგვარი გამოფენის წინააღმდეგი ვარ, ვიბრძვი საქართველოს პოლიტიკური და კულტურული თვითიზოლაციისთვის. ეს არის არასერიოზული და დემაგოგიური ბრალდებები.

მე ყველგან იმას ვამბობ, რომ გამოფენები უნდა მოეწყოს, მაგრამ რის ფასად, რის ხარჯზე? ამაზე იყო იქაც საუბარი.

არსებობს ექსპონატთა ნაწილი, რომელიც არის ეროვნული და საეკლესიო სიწმინდე. არსებობს აგრეთვე, ექსპონატთა ნაწილი, რომელთა ადგილიდან დაძვრა “ჯანმრთელობის” მდგომარეობის გამო არ შეიძლება. ამას ღაღადებს ექსპერტთა, როგორც ხელოვნებათმცოდნეთა, ისე ლითონმცოდნეთა დასკვნები.

გამოფენის იდეების მომხრე მე ამერიკაშიც ვარ, საფრანგეთშიც და იაპონიაშიც. მაგრამ არასოდეს დავთანხმდები, რომ ეს მოხდეს საეკლესიო სიწმინდეების და, რაც მთავარია, დაავადმყოფებული ექსპონატების ხარჯზე.

ეს საიდუმლო ჩანაწერები თუ არსებობს, ძალიან დელიკატურად მინდა ვთქვა: ამას არასოდეს ვამბობდი. იქ ისიც უნდა იყოს დაფიქსირებული, რომ ბატონმა გუროვმა ჩემი გადაბირება სცადა იმ მხრივაც, რომ ჩამრთავდა ქართულ დელეგაციაში, რომელსაც ის უფასოდ პატიჟებს წელიწადნახევრის განმავლობაში ამერიკაში.

ამას ვერ ეღირსებიან ვერც გუროვი და ვერც მასთან დაახლოებული ქართველი მეგობრები.

– კი მაგრამ, ამ გამოფენის მოწყობის მომხრეები ხომ ამბობენ, რომ ეროვნული საგანძური ამერიკაში უფრო მეტად კი არ დაავადმყოფდება, არამედ გამოჯანმრთელების სრული გარანტიები შეექმნება.

– ეს არის ტყუილი დაპირებები. მე არ ვიცი ადრინდელი გამოფენებისგან მიღებული შემოსავლებით მაინც თუ შეკეთდა რომელიმე ხატი, დადონ დოკუმენტი. მე არც გამომძიებელი ვარ და არც პროკურორი, მაგრამ კიდევ ვამბობ, ახლანდელი გამოფენიდან მიღებული შემოსავლით რისი აღდგენა და რესტავრაცია შეიძლება, წარმოდგენა არ მაქვს. პრინციპზე თუ მიდგება საქმე, მე პრინციპულად და კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ჩვენი საგანძურის რესტავრაცია ვინმემ უცხოეთში, ამ შემთხვევაში, ამერიკაში მოახდინოს. თუ ვინმეს კეთილი სურვილი აქვს, გაიღოს საქველმოქმედო ხარჯები. თუ მაინცდამაინც უცხოელების დახმარება სურთ, ჩამოიყვანონ თბილისში და ქართველ რესტავრატორებთან ერთად, ერთობლივად მოახდინონ ადგილზე მათი რესტავრირება.

ეს ზრაპრები ვისაც სჯერა, იმათ მოუყვნენ. მე არ მჯერა და არც მათი მოყოლის ნებას მივცემ ვინმეს.

– ბატონო გურამ, მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში ქართულმა ეკლესიამ უარყოფითი როლი ითამაშა, რამეთუ, წლების განმავლობაში იგი, როგორც პროგრესული აზრის მატარებელი, ისე მოიაზრებოდა, ახლა კი თვითონაც აღმოჩნდა მისი მოწინააღმდეგე. როგორ ფიქრობთ, ამ საკითხთან მიმართებაში ქართული ეკლესია მყარ პოზიციაზე დგას?

– მოწინააღმდეგე მხარისგან ქართული ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ წაყენებული პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლოა. ცოტა ხნის წინ, აქ რომ ჩამობრძანდა გუროვი, ჩვენმა სატელევიზიო საშუალებებმა მისცეს უფლება, შეურაცხმყოფელი, უდიერი და აგდებული დამოკიდებულება გამოემჟღავნებინა საქართველოს საპატრიარქოსა და კერძოდ, პატრიარქისადმიც კი. მის ფეხის ხმას აყოლილი ქართველი მეგობრები და პარტნიორები რომ ამას ჩადიან, ეს უკვე მკრეხელობაა.

რა თქვა ეკლესიამ და რა თქვა საპატრიარქომ? – ჩვენ ვერ დავუშვებთ ქართული ქრისტიანული ეკლესიის სიწმინდეების გატანას საზღვარგარეთ. მით უმეტეს, მაცხოვრის შობის ორიათასი წლისთავისთვის, ჩვენ ვერ დავაცარიელებთ საქართველოს მისი მადლისაგან.

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ხელიხელჩასაკიდებელი სამუშაოა ჩასატარებელი. უპირველესად, კანონი რელიგიის შესახებ არ არის ქვეყანაში მიღებული. ესეც ეკლესიის ბრალია, თუ სახელმწიფოსი, ამ შემთხვევაში პარლამენტის? რომელიმე მუზეუმმა შესთავაზა ეკლესიას, რომ დავსხდეთ ბატონო, და ვიფიქროთ, კომუნისტების დროს თქვენგან წაგლეჯილი ქონება, რომელიც ჩვენთან ინახება, რომელი უნდა დაგიბრუნდეთ თქვენ და რომელი ჩვენთან დარჩეს. ვინმემ ეს წამოიწყო?

ახლა ისევ ეკლესიისკენ ვიშვერთ ხელს, რატომ აქამდე არ ამოიღესო ხმა?! ქართულმა ეკლესიამ ამოიღო ხმა. კათოლიკოს-პატრიარქი ამ რამდენიმე თვის წინ გვეწვია პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან გვთხოვა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას – გვიშველეთ, დაგვეხმარეთ. ასევე რამდენიმე წელია, იგი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების დადებას ითხოვს.

– ბატონო გურამ, ამბობენ იმასაც, რომ გარკვეული წლების განმავლობაში ეროვნული საგანძური საზღვარგარეთ იმყოფებოდა და მაშინ არ დაკარგაო თავისი მადლი. აქედან გამომდინარე, ცოტა უცხოა მათთვის ის შეშფოთება, რაც საგანძურის გატანასთან ერთად მადლის დაკარგვას გულისხმობს.

– გგონიათ, მადლი არ დაგვიკარგა უღმერთობამ და ეროვნულ სიწმინდეთა აქეთ-იქით ტარებამ? თქვენ მაინც როგორ გეკადრებათ ეს, ჩვენ ისე დაგვაბრმავა ამ ცოდვამ, რომ ძმათა მკვლელი ომი გავაჩაღეთ, კანონიერი პრეზიდენტი და კანონიერი პარლამენტი დავამხეთ. ამ სისხლისმღვრელ ომში დაიწრიტა საქართველო. ეს უმდიდრესი ქვეყანა, ღმერთისგან და ბუნებისგან დაჯილდოებული უკიდურესი სიღატაკის, სოციალური კატასტროფის წინაშეა, ერი გახლეჩილია, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, სამაჩაბლო და აფხაზეთი დაკარგულია, სამხრეთის ზოგიერთ რეგიონს ვერ ვაკონტროლებთ. არ გვყავს ეროვნული არმია, ამაზე მეტი მადლდაკარგული და ცოდვებითვის ღმერთისგან დასჯილი ქვეყანა თქვენ გეგულებათ სადმე?

– ბატონო გურამ, ხომ გვაქვს ჩვენ არანაკლებად ღირსეული ექსპონატები. ნუთუ ასე აუცილებელია გამოფენაზე მხოლოდ საეკლესიო სიწმინდეების და დაზიანებული ნივთების გამგზავრება?

– გუროვთან შეხვედრისას მე ვთხოვე მას, რომ დავანებოთ თავი ამ საეკლესიო სიწმინდეებს და გავიტანოთ სხვა. ან გავიტანოთ მულაჟები, ასლები. სხვათა შორის, შეთანხმების პირველ ვარიანტში საუბარია ასლების გაკეთებაზე.

ზაზა ალექსიძემ ისიც აღიარა, რომ ლაილაშის ბიბლიის რამდენიმე ფურცლის ისეთი ასლი გაკეთდა, რომელსაც პროფესიონალიც კი ვერ გაარჩევს ორიგინალისგანო.

აქაც ხომ შეიძლება “ვეფხისტყაოსანის”, ბედიის ბარძიმისა და სხვათა მულაჟების გაკეთება. მაგრამ ეს გარკვეულწილად სახსრებთან და რისკთან არის დაკავშირებული.

– თქვენი მოწინააღმდეგე მხარე აუცილებლად მიიჩნევს საგანძურის საზღვარგარეთ გატანას იმიტომ, რომ მსოფლიომ გაგვიცნოს, ვინ და რა კულტურის მქონე ერი ვართ. თქვენი აზრით, რამდენადაა დამოკიდებული ამ გამოფენაზე ჩვენი რაობის გამოვლინება?

– უცხოეთში ზოგიერთმა ის გამოფენა, რომელიც ადრე მოეწყო, გარკვეულად შეზღუდული რაოდენობით აღიქვა, როგორც ბიზანტიური ხელოვნების გამოფენა. ჩვენი ეროვნული საგანძურის ბრწყინვალება ბიზანტიელებს ჩაეთვალათ ქულებად, მათი ხელოვნების წარმატებად იქნა აღქმული. უცხოელებმა არ იციან საქართველო. ისინი აქ უნდა ჩამოვიდნენ და აქ ნახონ ეს ყველაფერი. გამოფენის წაღებით არ ხდება საქართველოს გაგება. ჩვენ უფრო მეტად უნდა ვიყოთ დაინტერესებული იმით, რომ მეტი იყოს ინტერესი ადგილობრივ გარემოში მისი ნახვისა.

გარემოს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ეროვნულ საგანძურს ეროვნულ ყოფასა და ვითარებაში მეტი ფასი, წონა და გაცნობიერებული შთაბეჭდილება ეძლევა.

– ეს ექსპონატები წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორ ფიქრობთ, აუცილებლად გამოფენა უნდა მოწყობილიყო, რომ მათზე ეზრუნათ?

– ამ საკითხით საოცრად გულდაწყვეტილები არიან ხელოვნებათმცოდნეები, სპეციალისტები. ისინი ამას 10 წლის წინათ ამბობდნენ და ეს დარჩა “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

ახლა პოლიტიკოსების მიერ ატეხილი ხმაური მოინათლა ისე, თითქოსდა ამით წინასაარჩევნოდ ქულები იწერებოდეს. რა საშინელებაა ამისთანა დაპირისპირება!

რატომ უნდა დაწყდეს გული ხელოვნებათმცოდნეს, თუ გურამ შარაძემ პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენა იმისათვის, რომ ეს საგანგაშო ზარები შემოეკრა სპეციალისტების, პროფესიონალების იმედით, რომელთა ხმა აქამდე არ ესმოდა ზოგიერთ ჩინოვნიკს, მინისტრს თუ ბიუროკრატს.

თანაც, მე ხომ მთლად ისეთი პარლამენტარი არა ვარ, ჩემო კარგო, რომელსაც მუზეუმში საერთოდ არ დაუდგამს ფეხი.

ზოგიერთი რომ ცდილობს ჩემსა და ხელოვნებათმცოდნეებს შორის შავი კატის გარბენას, არ გამოუვათ ეს.

– ბატონო გურამ, როგორც ამბობენ, არსებობს გარანტია იმისა, რომ ყველა ექსპონატი ხელშეუხებელი იქნება და საქართველოს კვლავ დაუბრუნდება უკან.

– შეთანხმება იურიდიულად არ არის პარიტეტული და თანაბრად მართლზომიერი. ამერიკის მხრიდან ხელს აწერს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გუროვი, ხოლო საქართველოს მხრიდან – მთავრობა. ასე რომ, ეს თავისთავად უკვე დარღვევაა. როდესაც ეს საკითხი დავსვი შეკრებაზე, იქ მიპასუხეს, კი ბატონო, გუროვი არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაგრამ მის ზურგს უკან ფედერალური სამსახურის ვალდებულება დგასო. ფედერალური სამსახური როდის ნიშნავს მთავრობას და პრეზიდენტს.

მე საჯაროდ ვაცხადებ: თუ საქართველოს მხრიდან გამოფენის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ჩვენ ვემორჩილებით მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას და მის გარანტიას, ასევე მე ამერიკის მხრიდან კლინტონის გარანტიას მოვითხოვ.

თუ ამერიკის პრეზიდენტს ვახსენდებით და დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს, მაინცდამაინც, საგანძურის გატანის დროს დავავიწყდით?

ამაზე ცხარდებიან ჩვენი ქართველი თუ არაქართველი ოპონენტები. ბოლომდე ვამხელთ მათ არაპროფესიონალიზმს, ტენდენციურ და საეჭვო დაინტერესებას ამერიკაში ჩვენი ეროვნული საგანძურის გატანის თაობაზე.

– ბატონო გურამ, როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს კომისია?

– რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს კომისია, არ ვიცი. იგი შექმნილია საეჭვო რაოდენობით. 140-კაციანი კომისია ვის გაუგონია? მუშაობს იმ პრინციპით, რომ იქაც უმრავლესობა შეიქმნას. მე ამ პრინციპით არ მივსულვარ კომისიაში. მე ყველგან ვამბობ: გამოფენების წინააღმდეგი არა ვარ და ღმერთმა მაგ ჭკუაზე ნუ დამაყენოს. მთავარია, რის ფასად, რის ხარჯზე და რის გამო!

მე რომ ხმაური არ ამეტეხა, იტალიაში უკვე წაღებული იქნებოდა ექსპონატები, არადა, გამოირკვა, რომ ჯერ ხელშეკრულება არ არსებობს და გამოფენებისთვის თანხმობა უკვე მიცემულია.

– ხელშეკრულება თუ არ არსებობს, მაშინ რატომ იღებენ ამხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ისინი, ვისაც ხელეწიფება ამ საკითხის მოგვარება?

– ასე უპასუხისმგებლოდ იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ასეთი “პასუხისმგებლობით” არის დაგეგმილი ამერიკაში გამოფენაც. აი, ასე ხდება საქართველოში ეროვნული საგანძურის გამოსაფენად წაღება უცხოეთში. მე ასეთი გამოფენების მოწყობის წინააღმდეგი ვარ.

– და ბოლოს, თუ მოხდა ისე, რომ გაიტანეს ეს ეროვნული საგანძური საქართველოდან, ბატონო გურამ…

– მე არც პრეზიდენტი ვარ და არც პატრიარქი, რომ ჩემმა სიტყვამ, ბრძანებამ თუ განკარგულებამ გაჭრას. ჩემი ძალა მხოლოდ ჩემი სიმართლეა. ჩემი ძალა მხოლოდ ქართული ეროვნული საგანძურის მოვლა-პატრონობაზე ზრუნვაა. თუ ეს მოხდება, ისტორიამ განგვსაჯოს, რა უძლურნი ვიყავით, როგორ აბუჩად იგდებდნენ პარლამენტარის, საზოგადოების და სპეციალისტების აზრს.

 მანანა ქაჩლიშვილი
“მეოთხე”, 16-23 ივლისი, 1999

 

 

გამოფენები საქართველოს ინტერესებისთვის უნდა იმართებოდეს

 “მე მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ მან მხარი დაუჭირა საპატრიარქოსა და საპატრიარქოს იმ ნაწილს, რომელიც ჩვენი საგანძურის ტრიესტში გატანას ეწინააღმდეგებოდა”, – უთხრა ,,გეას’’ კორესპონდენტს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძემ. იგი იმედს არ კარგავს, რომ პრეზიდენტი ისეთივე გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ში დაგეგმილ გამოფენასთან დაკავშირებით.

“მე არ ვარ მომხრე იზოლაციონალიზმის, რომ ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული წარსული არ ნახოს მსოფლიო საზოგადოებამ”, – განაცხადა შარაძემ, რომლის თქმითაც, ეს გამოფენები უნდა ეწყობოდეს საქართველოს ინტერესებისთვის და არა ჩვენი სიწმინდეების საზიანოდ.

 ,,გეა”
“ახალი თაობა”, 26 ივლისი, 1999

 

გურამ შარაძეს “ავერბოვკებდნენ” თუ ქრთამავდნენ?

შარაძე და გუროვი ერთმანეთს სასამართლოში შეებმებიან

 (იბეჭდება შემოკლებით)

 გურამ შარაძისა და გრეგ გუროვის დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის. ეს გამოწვეულია “ახალ თაობაში” შარაძესთან გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო. ინტერვიუში შარაძე აცხადებს, რომ ამერიკაში ყოფნის დროს გუროვი შეეცადა მის “დავერბოვკებას”, რათა განძის გატანაზე დათანხმებულიყო. ამისთვის გუროვი შარაძეს ორი წლის განმავლობაში გასამრჯელოს სახით აშშ-ის მოქალაქის საშუალო ხელფასს შეჰპირდა – 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე, ამის გარდა, ცხოვრებას ჰილტონის სასტუმროში ოჯახთან ერთად და მგზავრობისა და კვების ხარჯების ანაზღაურებას.

ამ განცხადების გამო გრეგ გუროვმა პროტესტი გამოთქვა. კერძოდ, იგი აცხადებს, რომ შარაძემ იგი ქრთამის შეთავაზებაში დაადანაშაულა, რაც არ ყოფილა. ამისთვის შარაძისგან მოითხოვს, რომ თავისი სიტყვები პრესის საშუალებით უარყოს. გუროვმა თავისი ინტერესების დაცვა საქართველოს “მიგრანტთა და უცხოელთა უფლებების დაცვის კავშირს” მიანდო, ამ უკანასკნელმა კი სარჩელი შეიტანა ვაკე-საბურთალოს სასამართლოში.

სარჩელის საპასუხოდ გურამ შარაძე აცხადებს:

– გუროვი სასარჩელო განცხადებაში წერს, რომ (ციტატა მოჰყავს): “მე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენლის (იგულისხმება საქართველოს ელჩი აშშ-ში ბატონი თედო ჯაფარიძე) თანდასწრებით არ მიცდია საქართველოს პარლამენტის წევრის მოქრთამვა, როგორც ამას ბატონი შარაძე აცხადებს. მე რომ მისი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე დაყოლიება მეცადა, მაშინ რატომ არაფერი თქვა და არანაირი რეაგირება არ მოახდინა ამაზე ელჩმა (არაფერს ვამბობ პოლიტიკაზე)? საინტერესოა, რისთვის დასჭირდა ბატონ შარაძეს ამგვარი სიცრუე და ცინიზმი”? ან კიდევ თითქოს: “ამერიკელები მზად იყვნენ, მისთვის ქრთამის სახით სოლიდური თანხა გადაეხადათ”.

ამითაც არ კმაყოფილდება ბატონი გრეგი და სასარჩელო განცხადების დასკვნით ნაწილში უფრო მეტი კატეგორიულობით აცხადებს (ციტატა): “ამდენად, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ბატონი შარაძის მიერ გაკეთებული განცხადებით შეილახა პირადად ჩემი და ჩემს მიერ რწმუნებული ფონდის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია: თუკი მექრთამეა (ამ შემთხვევაში ქრთამის მიმცემი, შემთავაზებელი, დანაშაულის ჩადენაზე წამქეზებელი) ორგანიაციის ხელმძღვანელი და ამგვარ ქმედებას არ აპროტესტებს ორგანიზაცია, ე.ი. თავად ორგანიზაციაც კორუმპირებულია”.

– მე მთელი პასუხისმგებლობით და კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ თქვენი გაზეთის ფურცლებზე დაბეჭდილ ინტერვიუში არსად სიტყვები “ქრთამი”, “მექრთამე”, მოქრთამვა მისთვის და მისი ფონდისთვის არ მიკადრებია. მე ვთქვი: გუროვმა როცა შემატყო, რომ განძის გატანის წინააღმდეგი ვიყავი, ჩემი “დავერბოვკება” მოინდომა-მეთქი. ეს სიტყვა კი სულაც არ ნიშნავს მოქრთამვას, ქრთამს. იგი რუსული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს გადაბირებას და არა მოქრთამვას, მით უმეტეს, რომ გუროვმა მშვენივრად იცის რუსული ენა, ხოლო რაც არ გითქვამს და იმას გაბრალებენ, ჩვენს ენაზე ამას ცილისწამება ჰქვია, რომელიც არც ერთი ქვეყნის, მათ შორის არც აშშ-ისა და არც საქართველოს კანონმდებლობით, რბილად რომ ვთქვათ, მოსაწონი არ არის – აცხადებს გურამ შარაძე და კითხულობს: თუ ჩემი დავერბოვკება ანუ გადაბირება არ სურდა ბ-ნ გუროვს, რისთვის მეძებდა მე იგი ვაშინგტონში?

– ბ-ნო გურამ, სიტუაცია რომ უკეთ გასაგები გახდეს, უკეთესი იქნებოდა, თქვენი და ბატონი გუროვის შეხვედრაზე მოგეთხროთ.

– კი ბატონო. ჩვენი შეხვედრა 1999 წლის 28 მაისს შედგა მისივე ოფისში. ამავე წლის მაისში ვაშინგტონში ჩავედი საქართველოს პარლამენტის დავალებით, რათა სამშობლოში წამომეღო ჩემთვის ანდერძით დატოვებული ცნობილი ქართველი ემიგრანტი მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის გივი კობახიძის ბიბლიოთეკა და არქივი, რაც სისრულეში მოვიყვანე კიდეც. გუროვთან შეხვედრა არც მქონია გეგმაში, არც ჩემს კომპეტენციაში შედიოდა და არც ამისი დიდი სურვილი გამაჩნდა, რადგან გუროვმა მშვენივრად იცოდა, რომ მე წინააღმდეგი ვიყავი საქართველოდან განძის გატანისა, რაშიც საპატრიარქო და ფართო საზოგადოებაც მიჭერდა მხარს. ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის ვერდიქტით ჩაიშალა კიდეც იგი, მაგრამ იმ პერიოდში ჯერ ეს საბოლოოდ გადაწყვეტილი არ იყო. ამიტომ გუროვმა საგანგებოდ მომძებნა ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს შემწეობით. მიუხედავად ამისა, მას პრინციპულად არ შევხვდი, რადგან საქართველოს ელჩი ბატონი თედო ჯაფარიძე მაშინ მივლინებით საქართველოში იმყოფებოდა. გუროვი იმდენად იყო მოწადინებული ჩემთან შეხვედრით და ჩემი გადაბირებით ანუ “დავერბოვკებით” და არა მოქრთამვით, რომ ჩემი აშშ-დან გამოფრენის წინა დღეს, 28 მაისს, მაინც მოახერხა ჩემთან შეხვედრა საკუთარ ოფისში უკვე ვაშინგტონში დაბრუნებული ბატონი თედო ჯაფარიძის, მისი მეუღლის, ქალბატონ თამარ ჯაფარიძისა და საელჩოს მრჩევლების, ქალბატონ მარიამ ჟღენტისა და ბატონ იოსებ ხელაშვილის თანდასწრებით.

ოფისში შეხვედრის დროს გუროვმა მაჩვენა 1998 წლის 21 დეკემბრის შეთანხმება, სადაც 14.8-ე პუნქტში სიტყვა-სიტყვით ეწერა: “ეს შეთანხმება თავისი პირობით და შინაარსით კონფიდენციალურია. შეთანხმებაში მონაწილე მხარეებმა მკაცრად უნდა დაიცვან ამ შეთანხმების კონფიდენციალობა, რომ იგი არ გახდეს ცნობილი სხვა მხარისთვის”.

არ ვიცი, ვის გულისხმობდა გუროვი “სხვა მხარეში”, მაგრამ საინტერესოა, რატომ უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური და გასაიდუმლოებული ეს შეთანხმება ქართველი ერისთვის, ვისი საგანძურის და რელიგიური სიწმინდეების უცხოეთში ორი წლით გატანას აპირებდა გუროვი?

ამ “კონფიდენციალური” კანონსაიდუმლო შეთანხმების 6.4.7-ე პუნქტში შავით თეთრზე ვკითხულობთ, რომ ამერიკული მხარე კისრულობს “დაფაროს ყველა ხარჯები, რომლებიც უკავშირდება ქართული დელეგაციის თბილისიდან აშშ-ში მგზავრობას, საცხოვრებელ ადგილებზე განთავსებას, აშშ-ის შიგნით ტრანსპორტს და კვებას. არავითარ შემთხვევაში ეს ხარჯები არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, რომლებიც გათვალისწინებულია აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირებისთვის”. დაახლოებით იგივე წერია ამ ხელშეკრულების 11.3.2 პუნქტშიც: “ამერიკულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს თითოეული წევრის ტრანსპორტირება ორივე მიმართულებით, დაბინავება, სამედიცინო დაზღვევა და ამ პროცესებთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დაფარვა”.

აი, სწორედ ამ პირობებს მთავაზობდა ბატონი გრეგი, თუ დავთანხმდებოდი აშშ-ში ქართული საგანძურის ორწლიანი გამოფენის მოწყობაზე და მაშინვე ჩამრთავდა ქართული დელეგაციის წევრად.

მის მიერვე მოწოდებულ 1998 წლის 21 დეკემბრის ოფიციალურ შეთანხმებაში დაფიქსირებული პირობების (თბილისიდან აშშ-ში უფასო მგზავრობა, საცხოვრებელ ადგილებზე უფასოდ განთავსება, აშშ-ის შიგნით უფასო ტრანსპორტი და კვება, სამედიცინო დაზღვევა, თანაც, ამ პროცესებთან დაკავშირებული ყველა ეს ხარჯი არ უნდა ყოფილიყო აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირებისთვის გათვალისწინებულზე ნაკლები) და ზეპირი საუბრისას შემოთავაზებული წინადადების (მაგალითად, ოჯახის წევრებთან ერთად მგზავრობა, სასტუმრო რომ ჰილტონზე ნაკლები არ იქნებოდა…) უარსაყოფად ახლა მოწმეებად მოჰყავს საქართველოს ელჩი აშშ-ში ბატონი თედო ჯაფარიძე, მისი მეუღლე და საელჩოს თანამშრომლები, ხოლო მის სასარჩელო განცხადებას საქმეში ერთვის ჩვენი შეხვედრის საოქმო ჩანაწერის მსგავსი დოკუმენტი, დათარიღებული 2000 წლის 26 ოქტომბრით, რომელსაც ხელს აწერს ელჩი, ბატონი თედო ჯაფარიძე, სადაც იგი ფაქტიურად უარყოფს ჩემსა და გუროვს შორის გამართული საუბრის ამ ადგილს (დაახლოებით იმავე შინაარსის წერილით მომმართა მეც ბატონმა თ. ჯაფარიძემ 2000 წლის 23 აგვისტოს, რომელსაც მე სათანადო პასუხი გავეცი 2000 წლის 17 ოქტომბერს).

ბატონ ელჩს, თედო ჯაფარიძესაც, რომელიც ამ გამოფენის მოწყობის მხარდამჭერი იყო, უნდა შევახსენო, რომ საოქმო ჩანაწერი იმ დღესვე დგება სათანადო გაფორმებითა და მონაწილეთა (მათ შორის ჩემი) ხელმოწერებით, რომელიც უნდა მომხდარიყო 1999 წლის 28 მაისს, ვაშინგტონში, ბატონი გუროვის ოფისში გამართული შეხვედრის დროს, ჩემი იქ ყოფნისას, რაც არ შემდგარა და მე არავითარი შეთანხმების დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია და არც მქონია საქართველოს პარლამენტისგან მონიჭებული ამის უფლებამოსილება, რადგან მე სულ სხვა მისიით ვიყავი წარგზავნილი პარლამენტისგან ვაშინგტონში (როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, უნდა ჩამომეტანა გივი კობახიძის არქივი), ხოლო მეორე დღეს, 29 მაისს, ჩემი იქ არყოფნისას, ზეპირი მეხსიერებით საქართველოს საელჩოში შედგენილ საოქმო ჩანაწერს, რაც არ უნდა მაღალი რანგის მოხელე, ამ შემთხვევაში, ელჩი ბატონი თედო ჯაფარიძე და მასთან ერთად მისი მეუღლე ქალბატონი თამარ ჯაფარიძე, საელჩოს მრჩევლები ქ-ნი მარიამ ჟღენტი და ბ-ნი იოსებ ხელაშვილი აწერდნენ ხელს, ან კიდევ, წელიწადნახევრის შემდეგ, 2000 წლის 26 ოქტომბერს გამოგზავნილ ბატონი ელჩის, თედო ჯაფარიძის წერილს, იურიდიულად არავითარი ძალმოსილება არ გააჩნია, მით უმეტეს, თუ იგი ეხება საქართველოს პარლამენტის წევრს და კომიტეტის თავმჯდომარეს (ამ შემთხვევაში მე), რომლის სიტყვების სიზუსტეში ეჭვი შეაქვს დაინტერესებულ დაპირისპირებულ მხარეს. თქვენ ამით ლახავთ საქართველოს პარლამენტის წევრის პატივსა და ღირსებას და არღვევთ მისთვის კონსტიტუციით (მუხლი 52.4) მინიჭებულ უფლებას: “პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის”.

მამუკა ბაკაშვილი
“ახალი თაობა”, 12 თებერვალი, 2001

 

  

 გურამ შარაძე გრეგ გუროვს არაფერს დაუთმობს

 ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მიღებულია აშშ-ის მოქალაქის გრეგ გუროვის სარჩელი, რომლითაც იგი საქართველოს პარლანეტის წევრს გურამ შარაძეს უჩივის. სარჩელის მიზეზი გახდა 2000 წლის 11 მაისს ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუ გურამ შარაძესთან.

მოსარჩელე მხარის თქმით, შარაძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ გუროვმა ამერიკაში შეხვედრისას სცადა მისი მატერიალურად დაინტერესება, რათა შარაძეს ქართული საგანძურის აშშ-ში საექსპოზიციოდ გატანის პროცესისათვის ხელი არ შეეშალა.

გურამ შარაძემ განაცხადა, რომ მის მიერ მოთხრობილ ეპიზოდს, გუროვის მხრიდან მისი გადაბირების მცდელობის შესახებ, გაიმეორებს და დაადასტურებს ყველგან, სადაც არ უნდა იყოს ამის აუცილებლობა.

შარაძე ურჩევს გუროვს, თავი დაანებოს საქართველოს პარლამენტის წევრის შეურაცხყოფას და ცილისწამებას. აღნიშნული სასამართლო პროცესი ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში 23 თებერვალს შედგება.

 ,,გეა”
“რეზონანსი”, 16 თებერვალი, 2001

 

 

გურამ შარაძემ გაიმარჯვა

თბილისის საოლქო სასამრთლოში დღეს დეპუტატ გურამ შარაძის გამარჯვებით დამთავრდა მორიგი სასამართლო პროცესი. სასამართლომ უარი უთხრა ამერიკელ ბიზნესმენს, ქართული საგანძურის აშშ-ში საგამოფენოდ გატანის მოსურნე გრეკ გუროვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო. გუროვის სარჩელი საოლქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია. თავდაპირველად გრეკ გუროვმა პატივისა და ღირსების შელახვის გამო სარჩელი ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შეიტანა 2000 წლის შემოდგომაზე, რომლითაც გაზეთ “ახალ თაობაში” გამოქვეყნებული გურამ შარაძის ინტერვიუს გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ სცნო ეს სარჩელი, რაც გუროვმა საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა. დღეს საოლქო სასამართლომ მიმდინარე წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

“ახალი თაობა”, 28 დეკემბერი, 2001

 

 

“ებრაული აჩრდილი საქართველოს საფრთხეს უქმნის!”

 ეროვნული საგანძურის გატანის თაობაზე ხელისუფლებამ ბიზნესმენ გუროვთან მოლაპარაკების მეორე ტური გამართა. ექსპრეზიდნტ შევარდნაძისა და გუროვის პირველი მცდელობა კი, 1999 წელს ყოფილი პარლამენტარის, გურამ შარაძისა და სტუდენტების საპროტესტო აქციების წყალობით უშედეგოდ დამთავრდა.

აკადემიკოსი გურამ შარაძე ირწმუნება, რომ ხელისუფლებამ გუროვთან საიდუმლო შეთანხმება კვლავ განაახლა, რის გამოც ეროვნული საგანძურის სამუდამოდ დაკარგვის, მათი ასლების დამზადების და ორიგინალების გაყიდვის საშიშროება არსებობს.

გურამ შარაძე (აკადემიკოსი, ყოფილი პარლამენტარი):

– ეროვნული საგანძურის, სიწმინდეების გატანის თაობაზე 1999 წელს დაწყებული პიარი ამ ინიციატივის ავტორთა სრული კრახით დასრულდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამერიკულ მხარეს სახელმწიფოს მეთაური ან სახელმწიფოს რომელიმე უწყება კი არ წარმოადგენდა, არამედ კერძო ბიზნესმენი, ვიღაც უსახური გუროვი.

მაშინ შევარდნაძე ვაიძულეთ, ეს უკანონო ბრძანება გაეუქმებინა და ფასდაუდებელი ეროვნული საგანძური ქვეყანაში დარჩენილიყო. გადამწყვეტი კი უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პოზიცია აღმოჩნდა, რომელიც საგანძურისა და სიწმინდეების გატანის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

– რატომ გააქტიურდა გუროვი შვიდი წლის შემდეგ?

– გარდაცვალებამდე, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ამერიკაში იმყოფებოდა და სწორედ მან შეახსენა ებრაელ გუროვს საგანძურის გატანის და გამოფენის მოწყობის თაობაზე.

ჟვანია ფიქრობდა, შარაძე პარლამენტის წევრი აღარ არის, პატრიარქსაც მალე დავამხობთ და მიზანს გაცილებით იოლად მივაღწევთო.

სააკაშვილი, ჟვანია და მათი ელიტარული მოძღვარი 2004 წლის 23 ნოემბერს საეკლესიო გადატრიალების მოწყობას გეგმავდნენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადება, რომ გურამ შარაძე და მისი მხარდამჭერები რომ არ ყოფილიყვნენ, პატრიარქს უსათუოდ დაამხობდნენ.

როცა ე.წ. “ვარდების ხელისუფლებამ” მიზანს ვერ მიაღწია, ახლა კვლავ მოინდომა ქართველი ერისთვის შეურაცხყოფის მიყენება და რუს ებრაელ გუროვს დაუკავშირდა, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირში ამერიკის საელჩოში ატაშედ მუშაობდა.

მოგეხსენებათ, ჟვანიას დედა ებრაელია, ებრაელები კი ძირითადად დედის ხაზს მიჰყვებიან. ასე რომ, ორმა ებრაელმა, ჟვანიამ და გუროვმა ერთხელ უკვე ჩაშლილი, ანტიქართული გამოფენის მოწყობა კვლავ განიზრახეს. ამისთვის გამოიგონეს ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ეროვნული მუზეუმის შექმნა და მის გენერალურ დირექტორად დანიშნეს ერთი ახალგაზრდა კაცი, გვარად ლორთქიფანიძე, რომ ადვილად მართონ იგი და ქართული ეროვნული საგანძურის ამერიკაში გატანის პრობლემა უმტკივნეულოდ მოაგვარონ, მაგრამ მე ამ ახალგაზრდა კაცს ვაფრთხილებ, ნუ გაიხდის თავს ქართველი ერის საწყევრად და ანათემაზე გადასაცემად! თუ მას თავი იმით მოაქვს, რომ დმანისში “ქართველების წინაპარი’’ ორანგუტანგის თავი აღმოაჩინა (თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ აღმოჩენა სხვებსაც ეკუთვნით!), მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ამ დმანისური ორანგუტანგის შთამომავალი ნამდვილად არა ვარ და თუ თვითონ მიიჩნევს თავის წინაპრად ამ ორანგუტანგს, ეს მისი პრობლემაა, მისი თავმოყვარეობის და ღირსების საქმეა!

“ვარდების ხელისუფლებას” იმ საგანძურის განადგურება აქვს განზრახული, რომელიც წმინდანად შერაცხულმა, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესმა, ექვთიმე თაყაიშვილმა გერმანელი ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში გერმანელი ფაშისტებისგან გადაარჩინა და ჩვენ ახლა ამ “ვარდისფერი” (არ ვამბობ სხვა ფერს) რევოლუციონერებისგან ვერ უნდა გადავარჩინოთ?!

– რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ეროვნულ საგანძურს ქვეყნიდან გატანის შემთხვეაში?

– საქართველოში მუზეუმებიდან რამდენიმე ძვირფასი ნივთი და ნახატი დაიკარგა, სათანადოდ ვერ გავუფრთხილდით და როგორ შეიძლება, ამერიკელი ებრაელის გარანტიებს ვენდოთ. ამ ექსპონატების არათუ ქვეყნიდან გატანა, არამედ გადაადგილებაც კი არ შეიძლება. არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ სიწმინდეებს და უძვირფასეს ისტორიულ ნივთებს სამუდამოდ დავკარგავთ.

დღეს ჟვანიას ანდერძის ასრულებას მის მიერ დატოვებული ქვეყნის მოღალატეები აპირებენ, ეროვნული საგანძურის გატანა ახლა, არაპროფესიონალ, უზრდელ, თავხედ ნოღაიდელსა და კულტურის უკულტურო მინისტრს, გოკა გაბაშვილს სურთ.

სწორედ გოკა გაბაშვილის მამამ დაამხო ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება, გადაწყვა თბილისი, გადაწვა მხატვრის სახლი, კოლხური კოშკი, გიორგი ჩუბინაშვილის ინსტიტუტი და იაკობ გოგებაშვილის მუზეუმი. ასეთი ადამიანების ხელში ეროვნული საგანძურის დატოვება დაუშვებელია. კოტე გაბაშვილმა სამოქალაქო ომში ნაშოვნი ფულით გახსნა გერმანიაში საელჩო და იქიდან პარლამენტში პირდაპირ კომიტეტის თავმჯდომარედ მოგვევლინა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ გუროვს სხვა მიზნები ამოძრავებს?

– არა მხოლოდ გუროვს, დღევანდელი ხელისუფლებაც გუროვივით აზროვნებს. მათ სურთ, რომ ამ სიწმინდეების გატანით საქართველოდან ღვთაებრივი მადლიც გაიტანონ.

გუროვს 1999 წელს ამერიკაში ჩვენი საგანძური რომ წაეღო, ალბათ 11 სექტემბრის ტერაქტი აღარ მოხდებოდა. სამაგიეროდ, საქართველო უდიდესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდებოდა. “ვარდების ხელისუფლების” და გუროვის მიზანი სიწმინდეების გამოყენებით ფულის კეთება და ორიგინალების მითვისებაა.

– ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ საქართველოს საგანძური უვნებლად დაუბრუნდება…

– ამერიკაში ისეთ ასლებს დაამზადებენ, ალბათ ექსპონატებზე “უკეთესადაც” მოგვეჩვენება, ორიგინალები კი კერძო კოლექციონერების ხელში აღმოჩნდება.

ხელშეკრულება კი, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლებამ 1998 წლის 20 თებერვალს გუროვთან გააფორმა, აბსოლუტურად უკანონოა. ამის შესახებ თავის დროზე ოქრუაშვილმაც კი გამოიტანა დასკვნა და ხელშეკრულება უკანონოდ სცნო, როცა იგი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

– საქართველოს ფაქტობრივ პრეზიდენტს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც ფიქტიურ პრეზიდენტ სააკაშვილს ბოთლზე ჩამომჯდარი გუბერნატორები თანამდებობაზე გერმანიიდან ჩამოსვლისთანავე სასწრაფოდ დააბრუნებინა, ეს დასკვნა აღარც ახსოვს.

– დღეს ებრაული აჩრდილი საქართველოს საფრთხეს უქმნის. ჩემზე უკეთ ცოტამ თუ იცის ქართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვანი მეგობრობის ისტორიის დეტალები (მე ამის შესახებ იერუსალიმში მსოფლიო კონგრესზე საგანგებო მოხსენება წავიკითხე!), მაგრამ ქართველ ებრაელებს უნდა ახსოვდეთ, რომ მსოფლიო მხოლოდ ქართველი ებრაელებით არ არის დასახლებული.

მსოფლიოს არაქართველი ებრაელები მართავენ. “ვარდების რევოლუციაც” ხომ უნგრელმა ებრაელმა, ჯორჯ სოროსმა მოაწყო, ჩვენი კულტურა რუს ებრაელ გუროვს მიაქვს. საქართველოს კი განსაკუთრებულ საფრთხეს აქაური განშტოებები უქმნიან! (ვიტოვებ უფლებას, ამის შესახებ მკითხველს ახლო მომავალში საგანგებოდ მოვუთხრო!).

ჩვენ უკვე დავკარგეთ შოთა რუსთაველის ერთადერთი უძველესი ფრესკა იერუსალიმში, ახლა ჯერი ეროვნული სიწმინდეების დაკარგვაზე მიდგა, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ!

გიორგი არჩემაშვილი
“ჯორჯიან თაიმსი”, 3-10 მარტი, 2005

3 Responses to ეროვნული საგანძურის გატანა

  1. Cathryn Hulstrand ამბობს:

    I am developing a blog and I was thinking of changing the template.Yours looks pretty decent! You could visit my website and tell me your opinion!

  2. Commercial Diving ამბობს:

    Hey, have you got Syndication on your blog? I can’t see the feed.

  3. Dizadare ამბობს:

    It’s hard to find knowledgeable people on this topic, but you sound like you know what you’re talking about! Thanks

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s