რეციდივისტების საკანში

პატიმრობა

 

როგორ იხსენებს გურამ შარაძე რეციდივისტების საკანში
გატარებულ დღეებს
 

 (ქვეყნდება შემოკლებით)

 

გურამ შარაძე: უკვე ნაჯდომი კაცი მქვია და შეიძლება ითქვას, “ქურდად ვზივარ”, რა… ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით… ისე, ერთი ციხეში ნაჯდომი კაცის სახელი მაკლდა ჩემს რეგალიებში და ესეც შევიძინე. ახლა, რაც შეეხება იმას, სად და როგორ გავატარე ეს 15 დღე. მე ადმინისტრაციული სასჯელის ქვეშ ვიყავი და არა სისხლის სამართლის, მაგრამ, როგორც კრიმინალი, კაცისმკვლელი ან რაიმე უბედურების ჩამდენი, ისე ჩამიყვანეს ე.წ. “კაპეზეში” იარაღიანებმა და ნიღბიანებმა, შემაგდეს ისეთ საკანში, სადაც გამოუსწორებელ რეციდივისტებს აგდებენ ხოლმე… არა შუქი, არა სითბო… დარბიან ვირთხები და თაგვები და ისმის წყლის გამუდმებული ჩხრიალი… ჩამომართვეს ტელეფონი, საათი, სათვალეც კი. რა დანაშაული ჩავიდინე ასეთი? რაღაც სტამბურად დაბეჭდილი პლაკატი – გარყვნილების, ჰომოსექსუალიზმის, სატანიზმის გამავრცელებელი დავხიე, ხო… მთელი 15 დღე ასეთ უმძიმეს პირობებში გავატარე… წესით, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ახლა “კაპეზედ” რომ მოვიხსენიე, 2 დღეზე მეტს არ აჩერებენ დაკავებულს, დაუმტკიცდება თუ არა დანაშაული, მაშინვე გადაჰყავთ კამერაში, ან კოლონიაში. მე, ადმინისტრაციული სასჯელის ქვეშ მყოფმა პიროვნებამ, 15 დღე გავატარე იქ, რაც კანონის უხეში დარღვევა იყო.

– აბა, სად უნდა გადაეყვანეთ, ბატონო გურამ? რას ითხოვდით?
– არაფერს არ ვითხოვდი… მე არა მაქვს ინფორმაცია, სად უნდა გადავეყვანე… თუმცა, აღვნიშნავ, რომ აბსოლუტური ცინიზმი გამოიჩინეს ჩემს მიმართ ე.წ. ადამიანის უფლებების დამცველებმა. თუთბერიძე რომ შემომივარდა კამერაში პირველ საათზე, რა გამიკეთა? არაფერი! იჯდა და თავის ამბებს მიყვებოდა, კახეთში რომ იყო და ა.შ. ერთი არ უკითხავს, ამ პირობებში როგორ ძლებო. მეორე დღეს პრესკონფერენცია რომ გამართა, დაცინვა იყო და მეტი არაფერი. რაც შეეხება ელენე თევდორაძეს, თავს ხან “დედა ტერეზად” რომ მოიხსენიებს და ხან პრინცესა დაიანად, ასე უთქვამს ჩემი ადვოკატისთვის: თვითონ გურამ შარაძემ მთხოვოს დახმარება და დავეხმარებიო. ადამიანის უფლებების ვაიდამცველმა სუბარმა კი ვითომ დახმარება აღუთქვა ადვოკატს, შუაღამის 5 საათზე კი მისი გამოგზავნილი კაცი, თუ არ ვცდები, გვარად მელაძე, მხოლოდ იმისთვის შემოიძურწა წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომ ენახა, მართლაც ცუდ პირობებში ვიყავი თუ არა. რომ დარწმუნდა, რომ სადმე უფრო თბილ და კარგ ადგილას გადაყვანილი არ გახლდით, დამშვიდდა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. აი, ასეთი ადამიანის უფლებების დამცველი გვყავს საქართველოში, თუმცა არ მიკვირს. სუბარმა მე როგორ უნდა დამიცვას, მას სვანები მოსაკლავად დასდევენ გვარის გადაკეთების გამო.

– ე.ი. ბატონო გურამ, ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერ ადამიანებს დახმარებისთვის ღიად მიმართეთ?
– ეგღა აკლდა გურამ შარაძეს, მათთვის დახმარება ეთხოვა. ეს ჩემს უკითხავად გააკეთა ადვოკატმა, თუმცა რა პასუხიც მიიღო, კი იცით. სხვათა შორის, მე არც ვიცოდი და მოგვიანებით გავიგე, რომ ყოფილ დეპუტატს შეუძლია ისარგებლოს იმუნიტეტით დეპუტატობის ვადის გასვლიდან ოთხი წლის შემდეგაც. ასე რომ, უკანონოდ გავატარე ციხეში ეს 15 დღე.

– რას ამბობთ, ბატონო გურამ, მოქმედი დეპუტატები ვეღარ სარგებლობენ იმუნიტეტით, არათუ ყოფილები…
– არსებობს ასეთი კანონი და ნახეთ.

– რამდენადაც ვიცი, არც ერთი კანონი ასეთ ხელშეუხებლობის გარანტიას არ გაძლევთ, ამიტომ იქნებ დააკონკრეტოთ, რომელ კანონს გულისხმობთ?
– ნუ, ახლა არ მახსოვს ამ კანონის სახელი და… დაწერეთ რასაც გეუბნებით!

– ეტყობა, თქვენზე საკანში ყოფნამ მართლაც ცუდად იმოქმედა. იქნებ აღგვიწეროთ, იქ მარტო იყავით, თუ თქვენთან ერთად სხვაც იყო?
– პირველ დღეებში იყო ვიღაც ჩიხრაძე თუ ჩაბრაძე. მოკლედ, მამა-შვილი ჰყავდათ დაჭერილი. საწყლებს უქეიფიათ გიორგობა დღეს, ჰყოლიათ დანჯღრეული მანქანა, სადღაც გაფუჭებიათ ეს მანქანა. დაუწყიათ უკნიდან მიწოლა. ამ დროს მოსულა პატრული, დაუჭერია ეს საწყლები, უცემიათ და ისე მოუყვანიათ “კაპეზეში”… ეს მამა და შვილი ჰყავდათ ცალ-ცალკე, იქ რომ მიმიყვანეს, მამას თავისი შვილი ვეგონე, გახარებული გისოსებს მოვარდა და ხელში მე შევრჩი.

– ე.ი. წინასწარი დაკავების იზოლატორში თქვენ გარდა კრიმინალი არავინ იყო?
– არა, ის კაციც გაიყვანეს იქიდან სამიოდე დღეში სასამართლოს წესით. დავრჩი მარტო. მერე ვითომ დამაწინაურეს, მე-13 საკნიდან მე-6-ში გადამიყვანეს, სადაც წყლის ჩხრიალი ნამდვილად არ იყო. ამის გამო საშუალება მომეცა, თვალი მიმელულა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს საკანი წინას სჯობდა. იქ რომ წყალი მოჩხრიალებდა, კანალიზაციის სუნიც გაჰქონდა, ასე თუ ისე. ამ მე-6 საკანში კი ისეთი საშინელი სუნი იდგა, რომ ფაქტობრივად, სუნთქვა აღარ შეიძლებოდა.

– რაზე ფიქრობდით ასეთ დროს, საკანში გამომწყვდეული?
– რა თქმა უნდა, ვფიქრობდი ოჯახის წევრებზე, რომლებსაც ჩემი ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ, განსაკუთრებით შვილიშვილი მენატრებოდა.

– თქვენს განთავისუფლებას ტაშით შეხვდნენ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეები და ბასილ მკალავიშვილის მრევლი. გული ხომ არ დაგწყდათ, რომ ციხიდან გამოსულს უფრო ფართო სპექტრი არ დაგხვდათ?
– ძალიან ვამაყობ, რომ იქ სწორედ ქალბატონი მანანას მხარდამჭერები და ბასილ მკალავიშვილის მრევლის წარმომადგენლები დამხვდნენ. იმიტომ, რომ მირჩევნია ეროვნული ძალა მიჭერდეს მხარს და არა ჟვანიასა და სააკაშვილის მხარდამჭერები. ახლა იქ “თავისუფლების ინსტიტუტი” რომ დამხვედროდა, ხომ გავგიჟდებოდი?

– მართლა რას იზამდით, “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლები ან “კმარას” აქტივისტები რომ მდგარიყვნენ იქ?
-არ ვიცი, მგონი, თავსაც მოვიკლავდი!

– როგორ, პირდაპირ იქვე გაიკეთებდით ხარაკირს?
– არ ვიცი, რას გავაკეთებდი, მაგრამ პროტესტის უკიდურეს ფორმას რომ მივმართავდი, ეს ფაქტია!

– ბატონო გურამ, ისე, ერთ დროს მანანა არჩვაძე-გამსახურდიაც კი გიპირისპირდებოდათ, ყოველ შემთხვევაში პრესის ფურცლებიდან აშკარად ჩანდა, რომ დაძაბული ურთიერთობა გქონდათ. თქვენ შორის ასეთი “ყინული” რამ გაალღო?
– იცით, ხანდახან ოჯახის წევრებს შორისაც არ არის ურთიერთობა ერთნაირი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მანანა არჩვაძე გამსახურდიას გურამ შარაძესთან რაიმე გაუგებრობა, მით უმეტეს ქონებრივი ან ფინანსური, არასოდეს ჰქონია.

 – ბატონო გურამ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცოტა უცნაური კომენტარი გააკეთეთ – “მაინც ამოვთხრიო”. ეს როგორ გავიგოთ?
– ისევ დავხევ პლაკატებს, თუ ეროვნულ ბიბლიოთეკაში კვლავ მოეწყობა მსგავსი გამოფენა, რომლის ერთადერთი დანიშნულებაც არის ჰომოსექსუალიზმის, ეროტიზმისა და სატანიზმის პროპაგანდა. კანონი კრძალავს ასეთ პროპაგანდას.

– ეჰ, ბატონო გურამ, ჯერ უნდა დაამტკიცოთ, რომ ნამდვილად ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდასთან გაქვთ საქმე.
– სად ვუჩივლო, სასამართლო მკვდარია.

– ისე, ბატონო გურამ, საქართველოს კანონმდებლობით რომ არ იკრძალება არც ჰომოსექსუალიზმი და არც ეროტიზმი, ეს არ იცით? ვინ მოგაწოდათ მცდარი ინფორმაცია, თითქოს ამას კანონი კრძალავს?
– კაცო, თქვენ მე დაკითხვას მიწყობთ თუ ინტერვიუს მართმევთ?

– ინტერვიუს გართმევთ, ბატონო გურამ. ახლა ის გვითხარით, როგორ გადარჩით 2400 ათასი დოლარის გადახდას?
– როგორც და ვითომ “კარგმა” ხელოვნებათმცოდნე გია ბუღაძემ და კულტურის უკულტურო მინისტრმა გოკა გაბაშვილმა ეს სტამბური ბეჭდვის ნაწარმოები, ანუ 6 პლაკატი, რომელიც მე დავხიე, 2400 დოლარად შეაფასეს. სასამართლოზეც განაცხადა გია ბუღაძემ, 2400 დოლარია დახეული სურათების ღირებულებაო. შემდეგ იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 300 დოლარი იყო ექვსივე პლაკატის თვითღირებულება.. მოკლედ, 2100 დოლარს “მიტეხავდნენ”. მითხარით, აბა, სად უნდა წაეღოთ ეს 2100 დოლარი, ჯიბეში?
თქვენ არ იცით, ეს რა ხალხია, მათ სააკაშვილიც კი არ უნდა ენდოს, ჯერ ზვიად გამსახურდიას ჩამოგდებას უჭერდნენ მხარს (გოკა გაბაშვილის მამა, კოტე გაბაშვილი და გია ბუღაძე), შემდეგ ედუარდ შევარდნაძე გადააყენეს, მალე სააკაშვილს მიადგებიან, ამას მალე დაინახავთ.

– ბატონო გურამ, რამდენადაც ვიცი, ჯერ არ გადაგიხდიათ დაკისრებული 300 დოლარი. როდემდე აპირებთ ამ თანხის გადახდას?
– მოდით, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. საერთოდ, გადავიხდი თუ არა ამ თანხას, ისიც საკითხავია.

– თქვენზე დაკისრებულ 300 დოლარს თუ არ გადაიხდით, ალბათ, მოხდება თქვენი ქონების დაყადაღება, უკიდურეს შემთხვევაში მისი გაყიდვაც კი. იქნებ დააკონკრეტოთ, რა ქონებას ფლობთ?
– ამასთან დაკავშირებით ჯერ არაფერს გეტყვით.

– გვახსოვს, სასამართლოზე რომ თქვით: “მე არაფერი მაბადიაო”, ეს როგორ გავიგოთ, თქვენს სახელზე არაფერი გაქვთ გაფორმებული?
– დღეს გამოვედი ციხიდან და მადროვეთ, ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკებ.

ეკა ასათიანი
“ალია”, 9-10 დეკემბერი, 2004

 

One Response to რეციდივისტების საკანში

  1. Harold Delpapa ამბობს:

    Its superb as your other articles : D, thank you for posting .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s