“მორჩი “რიჟა” “ბაზარს”

პატიმრობა

 

“მორჩი “რიჟა” “ბაზარს”, ახლა მე “სვაბოდაზე”
ვარ და “დაახვიე” აქედან…”

მას შემდეგ, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენილი პოლონელი მხატვრის “პორნოგრაფიული ტილოები” გაანადგურა და 14-დღიანი “სროკი” მოიხადა, პოლიტსცენაზე იშვიათად ჩნდება, თუმცა გურამ შარაძე ირწმუნება, რომ უწინდებურად აქტიური ოპოზიციონერია.
– ბატონო გურამ, ჯორჯ ბუშს დახვდით?
– რატომ უნდა დავხვედროდი?
– რა ვიცი, 10 მაისს თითქმის მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე იყო და თქვენ, რა, საქართველოს მოქალაქე არა ხართ?
– ბუშის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემთან ადამიანის უფლებათა სამი ლონდონელი დამცველი მოვიდა და მათაც, სხვათა შორის, ეს მკითხეს. ვუპასუხე, იმ პრეზიდენტს, რომელსაც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა ხუთ სულელს შორის დაასახელებს, მე ვერ დავხვდები-მეთქი. ჩემი წინათგრძნობა გამართლდა…
– იმ დღეს თავისუფლების მოედანზე თავი 150 ათასმა ადამიანმა მოიყარა და “წინათგრძნობის გამართლებას” ამას ეძახით?
– ამ 150 ათას დამხვდურს შორის გურამ შარაძე არც ერთი არ იყო!.. თათრის მოედანზე პრეზიდენტმა ბუშმა ქართული კულტურისადმი სიყვარული თეძოების მოხდენილი მოძრაობით გამოხატა, მაგრამ არც იმ და არც მეორე დღეს პარლამენტში გამართულ პარადზე, როცა პარლამენტარები კიბის საფეხურებზე შეყუჟულები იყვნენ და ბუშს თითს უქნევდნენ, აშშ-ს პრეზიდენტმა ქართულ სახელმწიფოსა და ეროვნულ კულტურაზე ერთი სიტყვაც არ თქვა.
– სამაგიეროდ, საქართველოს უახლესი ისტორია მიმოიხილა…
– ბუშის ეს სიტყვა ამერიკის ინტელექტუალური ძალების მიერ იყო დაწერილი, მაგრამ მათ შორისაც ისეთი არავინ აღმოჩნდა, ვინც საკაცობრიო კულტურის საგანძურში ქართველი ერის მიერ შეტანილ წვლილსა თუ ქართულ რენესანსს ახსენებდა.
– ბატონო გურამ, ალბათ ყურადღება არ მიგიქცევიათ, თორემ ბუშმა ეროვნულ მოძრაობასა და 9 აპრილზეც ისაუბრა…
– ზვიად გამსახურდია ახსენა თუ მერაბ კოსტავა? სამაგიეროდ, ქართულ რესტორანში ღიპი “გაუჩნდა” და იქიდან გამოსვლისას ხელი ღიპზე დაიპარტყუნა, რა კარგად გავძეხიო. სხვათა შორის, ბუშმა საქართველოს პარლამენტი იმის ღირსად არ ჩათვალა, რომ ფეხი იმ დარბაზში შეედგა, სადაც მისგან ქებულმა სააკაშვილმა და მისმა ამფსონებმა ე.წ. ვარდების რევოლუცია მოახდინეს… ასეთი რაღაც მხოლოდ ლენინის ბინძურმა ფეხდაუბანელმა ჯარისკაცებმა გააკეთეს და 1918 წლის იანვარში დამფუძნებელი კრება გარეკეს. არც მანამდე და არც მას შემდეგ კაცობრიობას ასეთი რაღაც არ ახსოვს… მოკლედ, ბუშმა საქართველოს პარლამენტის ფოიეში განაცხადა, ქართველებს რა კარგი საჭმელები გქონიათო. რა, ხინკალი რუსთაველზე მეტია? საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ და ე.წ. კულტურის ხელმძღვანელობამ უპრეცედენტო შემთხვევა დაუშვეს…
– რას გულისხმობთ?
– ბუშმა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ღირსადაც არ ჩათვალა, რომ იქ ფეხი შეედგა.
– ეს პოლიტიკური ვიზიტი იყო და ასეთი დრამატიზირება, მგონი, საჭირო არაა…
– მომისმინეთ, ჩახუჭუჭებული თუ 30-ნაოჭიანი ხინკალი რომ მიირთვა და ხელს  მუცელზე იტყაპუნებდა, ეს იყო პოლიტიკური ვიზიტი?
– კაცმა ამხელა გზა გამოიარა და ახლა, მშიერს ხომ არ მოკლავდნენ?
– თუ ეს კულტურული ვიზიტი არ იყო და მან ჩათვალა, რომ ხელოვნების მუზეუმში არ უნდა შესულიყო, ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელობას, დავით ლორთქიფანიძესა და გია მარსაგიშვილს თავიანთი თავისთვის უფლება არ უნდა მიეცათ, რომ მუზეუმის ხელუხლებელი ფონდი გაეღოთ და ხელოვნების ძეგლები ნინო ბურჯანაძის რეზიდენციაში გადაეტანათ. სააკაშვილი ვაშინგტონში რომ ჩავიდეს და ეროვნულ გალერეაში მისვლა არ იკადროს, თქვენ, რა, გგონიათ, ექსპონატებს თეთრ სახლში ან კაპიტოლიუმში გადაურბენინებენ?
– ჯორჯ ბუშს, თავის დროზე, საგანგებო წერილი გაუგზავნეთ და ურჩიეთ, რიჩარდ მაილსი საქართველოდან გაეწვია, მაგრამ ამ წერილმა, ალბათ, თეთრ სახლამდე არ ჩააღწია. ჰოდა, თქვენს ადგილას რომ ვყოფილიყავი, 10 მაისს თავისუფლების მოედანზე მივიდოდი, ბუშის ყურადღებას როგორმე მივიპყრობდი და ბატონი ელჩის გაწვევას “ლაივში” მოვთხოვდი. ისე, ამ დებოშისათვის, შეიძლება, დაეჭირეთ, მაგრამ ხომ იცით, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია?
– ეს შეიძლება კარგი იდეაა, მაგრამ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, ალბათ, თვალს არ ადევნებთ. ბუშის ჩამოსვლის დღეს ერთ-ერთ გაზეთში ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა, რომ სოროსი და მაილსი აშშ-სა და პირადად ბუშს სიძულვილის მეტს არაფერს ჰმატებს.
– დარწმუნებული ხართ, რომ ბუშმა ეს ინტერვიუ წაიკითხა?
– თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ იმ 150 ათას მოტყუებულ და გასაცოდავებულ ადამიანში, რომლებიც გააბრიყვეს და…
– უკაცრავად, ბატონო გურამ, ასე ცინიკურად არ უნდა ისაუბროთ!
– ჩემი ხალხის პატივისცემასა და სიყვარულს ვერ მასწავლით, მაგრამ 30 ლარად რევოლუციის მომწყობი და გაბითურებული ჩემი ხალხი მეცოდება! საქართველო ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელსა და გრიგოლ რობაქიძეს რომ უყვარდა, ისე ნურც ვანო პავლიაშვილი დაიკვეხნის და ნურც – გურამ შარაძე, მაგრამ ილიამ “ბედნიერი ერი” დაწერა, აკაკიმ – “ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო”. გრიგოლ რობაქიძემ კი თქვა, ქართველებზე დიდი მტერი საქართველოს არასოდეს ჰყოლიაო. მე ილიას, აკაკის და გრიგოლ რობაქიძის მიმდევარი ვარ და არა – ვანო პავლიაშვილის ნოტაციების!
– ნოტაციებს არ გიკითხავთ და, მით უმეტეს, არ გთხოვთ, ჩემი მიმდევარი იყოთ! უბრალოდ, გირჩევთ, ხალხს გაბითურებულსა და გასაცოდავებულს ნუ ეძახით!
– მე ვამბობ, რომ თავისუფლების მოედანზე ზოგი 20 ლარით მოსყიდული და ზოგიც გაბრიყვებული და სულში ჩაფურთხებული ქართველი მივიდა!
– მაშასადამე, აცხადებთ, რომ ბუშის დასახვედრად ხალხს 20-20 ლარი დაურიგეს?
– რა თქმა უნდა… გაიარეთ ქუჩაში და ნახავთ, ამას რამდენი ამბობს. ახლა არ მითხრათ, “ვარდების რევოლუცია” 20 და 30 ლარის გარეშე მოხდაო. ნახეთ რამდენი გარემოვაჭრე, ვინც მათმა არჩეულმა სააკაშვილმა ლუკმა-პურის საშოვნი ადგილებიდან პანღურით გამოყარა, ბღავის – მაშინ ხომ კარგი იყო, 20-20 ლარს რომ გვაძლევდით და “მიშა, მიშა”-ს ვიძახდითო. მე, გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსი ვარ, წყაროთმცოდნეც ვარ და დოკუმენტის გარეშე ერთ სიტყვას არ ვამბობ! ასე რომ, შემიძლია დოკუმენტურად გითხრათ, როგორც “ვარდების რევოლუცია” მოხდა დაფინანსებით და ყურით მოათრიეს საწყალი გაბრიყვებული ხალხი, ასევე ყურით მოათრიეს გაბრიყვებული ხალხი თავისუფლების მოედანზე!
– შეგიძლიათ, ეს დოკუმენტები მე მაჩვენოთ?
– თქვენთან ერთად ნებისმიერ ტელევიზიაში წამოვალ და არქივიდან კადრებს ამოვიღებ…
– ბატონო გურამ, მე იმ დოკუმენტებზე გელაპარაკებით, რომლითაც ნათელი გახდება, რომ 10 მაისს თავისუფლების მოედანზე ხალხი ფულით მიიყვანეს…
– მე იმ დოკუმენტსაც ვერ მოგიტანთ, სოროსმა სააკაშვილს ჯიბეში რამდენი მილიონი ჩაუდო, მაგრამ ბუშმა საქართველოსა და მისი კულტურისადმი საოცარი უპატივცემლობა გამოიჩინა. მან ზვიად გამსახურდია არ ახსენა და მისი მხრიდან ჟვანიას გლოვა ჩემთვის არაგულწრფელია!
– ისე, ზვიად გამსახურდიაზე სწორედ მამა-ბუში ამბობდა, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო და ახლა, შვილი-ბუში საქართველოს პირველ პრეზიდენტს რატომ ახსენებდა?
– გამარჯობა, გენაცვალეთ, რა კარგად მითხარით! ე.ი. მამა-ბუშმა ეროვნული ხელისუფლება დაამხო, ზვიად გამსახურდია ჩამოაგდო და საქართველოში სისხლისმღვრელი ომი გამოიწვია, შვილმა-ბუშმა კი “ვარდების რევოლუცია” მოახდინა და საქართველო ამხელა კრიზისში ჩაძირა!
– ბატონო გურამ, ამ ხელისუფლებაზე გაბრაზებული, ალბათ, იმიტომ ხართ, რომ დაგიჭირათ, თორემ ვერ ხედავთ, “ვარდოსნები” რუსების ბაზების გასაყვანად ხმალამოღებულნი იბრძვიან და ესაა “კრიზისში ჩაძირვა”?
– (იცინის) იმ 14 დღით, რომელიც ციხეში გავატარე, ვამაყობ! ისეთი სამსახური, როგორიც სააკაშვილმა და მისმა ე.წ. მთავრობამ გამიწია, ჩემს ეროვნულ თანაგუნდელებსაც არ გაუწევიათ!
– თუკი ასეა, კიდევ დაგიჭერენ, რა პრობლემაა?
– დაჭერას ნიშნისმოგებით მახსენებთ, თორემ ეს ამ ხელისუფლებისთვის სირცხვილი და თავის მოჭრა იყო! ისე, არ ვიცი, გაიგეთ თუ არა, მაგრამ გეკითხებით, ჩვენი პატრიარქის ბუშთან გამოჩენა სასირცხვილოა?
– არ მესმის, პატრიარქი რა შუაშია?
– მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, შესახედავად ღვთაებრივი და ანგელოზი პატრიარქი, ზურაბ ჟვანიას ცოლთან ერთად, ბუშს მერიაში ჩუმად შეახვედრეს!
– საჩუმათო რა ჰქონდათ ან ეს ინფორმაცია თქვენ საიდან გაქვთ?
– კაცო, მერიაში, რა, მარტო სააკაშვილი, ჭიაბერაშვილი და ბუში დადიან? იეღოველების, ორმოცდაათიანელებისა თუ “კმარას” შემომყვანები ამერიკელები არიან და ჩუმად იმიტომ შეახვედრეს, ვითომ ამერიკა არაფერ შუაშიაო. მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში სამარცხვინო ამბავია, რომ ერის ეკლესიის საჭეთმპყრობელს ამერიკის პრეზიდენტს ჩუმად ახვედრებენ!.. საქართველოს მუზეუმების ახალმა გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ კი, რომელიც, თურმე, იმხელა რამეს იმსახურებს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შესაფერისი თანამდებობა ვერ გამოუძებნა, ქართული მუზეუმების ავტორიტეტი შეურაცხყო და ბუშს პარლამენტში სამუზეუმო ძეგლები გადაურბენინა! მივმართავ დავით ლორთქიფანიძეს: ბატონო დავით, თქვენ ისტორიკოსი და არქეოლოგი კი არა, გეოგრაფი და პალეონტოლოგი ბრძანდებით. დმანისის ე.წ. ქართველი წინაპრის ორი ორანგუტანგის თავი, თურმე, სხვამ აღმოაჩინა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ, რომ როგორც ქართველი, ორი მაიმუნის შთამომავალი ხართ…
– ბატონო გურამ, “მზია” და “ზეზვა” მაიმუნები კი არა, ადამიანები არიან…
– ისინი ჩემთვის ორანგუტანგები არიან!
– ეს არის ერის ღირსების დაკნინება, გურამ ბატონო!
– კარგი, კაცო, გაჩერდით!… მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინო, რომ მე, გურამ შარაძე, დედით, მამითა და ათადან ბაბადან ქართველი ვარ, ჩემი წინაპრები ტაო-კლარჯეთში მე-8-9 საუკუნეებიდან, გრიგოლ ხანძთელის დროიდან ცხოვრობდნენ, შვიდ უძველეს გვარს შორის კი ერთ-ერთი შარაძეა და დავით ლორთქიფანიძე ჩემი სახელით ნუ ამბობს, რომ ჩემი წინაპარი დმანისში აღმოაჩინა. ეს სამარცხვინოა! კი, ბატონო, ამ აღმოჩენით მსოფლიო ისტორიაში შევიდეს როგორც პალეონტოლოგი, მაგრამ ქართულ მუზეუმებს თავი დაანებოს! კიდევ ერთ ექსკლუზიურ ინფორმაციას გეტყვით, რომ დავით ლორთქიფანიძემ, ყოველგავრი კანონის დარღვევით, მეცნიერებათა აკადემიას ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მოჰპარა და კულტურის უკულტურო მინისტრს, გოკა გაბაშვილს “მიჰგვარა”, რომ მერე ასე ეპარპაშა და პარლამენტში ბუშისთვის ექსპონატები გადაერბენინებინა. პარლამენტს ვინ ჩივის?! ხვალ ან ზეგ, შეიძლება გუროვის ოცნებაც აღასრულოს და ჩვენი სიწმინდეები ამერიკაში ჩაურბენინოს.
– ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ამ “გადარბენინებით” რა დაშავდა?
– როგორ შეიძლება!.. გეკითხებით, ვაშინგტონის ეროვნული მუზეუმიდან ან “ბრიტიშმუზეუმიდან” ექსპონატებს ვინ გამოგატანინებთ? ვანო, ამ ვარდწაღებულებთან ერთად, თავმოყვარეობა თქვენც დაკარგეთ? გირჩევთ, გონს მოეგოთ!
– ბატონო გურამ, ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ ვაშინგტონის ეროვნულ მუზეუმში, მგონი, არც სურათებს ხევენ, არა?
– სურათებს არა, მაგრამ პორნოგრაფიულ პლაკატებს ხევენ! ყოველ შემთხვევაში, იქ პორნოგრაფიული პლაკატების გამოფენას არ მოაწყობენ და არც ქალის საშოში იოანე ნათლისმცემლის თავი და თვალი იქნება ჩახატული. ჩვენს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი სწორედ ასეთი სურათი იყო გამოფენილი. ვანო, თუ ქრისტიანი ხართ, ასეთ სურათს თქვენც ჩამოხევდით!..
– ბატონო გურამ, 9 მაისს ხელისუფლებამ ქართული ცეცხლოვანი ცეკვის ფესტივალი მოაწყო, ეს კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა და კიდევ ამბობთ, რომ “ვარდოსნები” ეროვნულობას ებრძვიანო?
– ცეცხლოვანი ცეკვა გადახრილი სექსუალური ორიენტაციის ცეკვა “კინტაური” გგონიათ?
– რა, კინტაურის გარდა, სხვა ცეკვა ვერ დაინახეთ, ეს კინტაურიც ჩვენი კულტურის ნაწილია…
– ვინც ძველი თბილისის ელემენტარული ისტორია იცის, ისიც ეცოდინება, რომ ეს ტრადიციული სექსუალური ორიენტაციიდან გადახრილი ხალხის კულტურაა და შემთხვევითი არაა, რომ ახლაც წამყვანი სწორედ ეს ცეკვა იყო. იმ ბავშვთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, გადასარევი ბავშვია და რაც აცეკვეს, ის იცეკვა. თან არც ამყრალებული “ურაპატრიოტი” ვარ, მაგრამ ნამდვილი ქართული ცეცხლოვანი ცეკვა ქალისა და მამაკაცის ცეკვაა, რომელსაც “ქართული” ჰქვია და რომელიც მსოფლიოში განუმეოერებლია. ეს ცეკვა რატომ არ იცეკვეს?
– არც ის მოგეწონათ, ლელა წურწუმიამ ლაზური რომ იმღერა?
– ლაზური არ ვიცი და ვერ გავიგე, ლელა წურწუმიამ რა იმღერა, მაგრამ თუ მიხეილ სააკაშვილსა და ლელა წურწუმიას ის ჩანაფიქრი ჰქონდათ, რომ ამ ლაზური სიმღერით თურქეთს ომი გამოუცხადეს და ლაზისტანს იბრუნებენ, დღესვე ღმერთის, ხატისა და მთელი კაცობრიობის წინაშე დავემხობი და ბოდიშს მოვიხდი! ასე რომ, ეს ცეცხლოვანი ცეკვები სამარცხვინო, თავის მომჭრელი და საგანგებოდ ისე იყო შერჩეული, რომ პრეზიდენტი ბუში თავისი თეძოების თამაშით უხერხულად აცმუკებულიყო!
– ბატონო გურამ, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანის გაქილიკება, დამიჯერეთ, კარგს არაფერს  მოგიტანთ!
– ჩემთვის ასე არაა და, თუ მთელი მსოფლიო ბუშის გავლენის ქვეშაა, ვაი უბედურ მსოფლიოს! ყოველ შემთხვევაში, ბუშისთვის მე ისეთი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, როფორიც საკუთარმა მოსახლეობამ – მათ თავიანთი პრეზიდენტი ხუთ სულელს შორის დაასახელეს. დარწმუნებული ვარ, ქალბატონ ლორა ბუშს ოქრო-ვერცხლი და ბრილიანტები უყვარს, ჰოდა, მისულიყო და ჯანაშიას მუზეუმში ის დარბაზი მაინც ენახა, სადაც ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი უბრწყინვალესი არქეოლოგიური მონაპოვრები ინახება…
– რა ამის პასუხია და, ბუშის ჩამოსვლამდე პარლამენტმა სპეცდადგენილება მიიღო და საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები უკანონოდ გამოაცხადა…
– ეს კიდევ ახალი სირცხვილია, რაც ამ ხელისუფლებამ ჭამა! ისე, ამ გადაწყვეტილებას ორივე ხელით მეც მხარს დავუჭერდი, მაგრამ 15 მაისიდან კვირაზე მეტია გასული და ერთი მითხარით, რუსეთის რომელი ბაზები გავიდა? საქართველოს პარლამენტმა დაადგინა, რომ ბაზები გავიდეს, მაგრამ ჩარკვიანი, ანუ მეორე სააკაშვილი გამოდის და…
– უკაცრავად, გელა ჩარკვიანზე ლაპარაკობთ?
– დიახ, სააკაშვილმა თქვა, ამ კაცს ჩემს სპიკერმენად ვნიშნავ და ჩათვალეთ, როცა ჩარკვიანი ლაპარაკობს, ის სააკაშვილიაო. არის პარტია, ვგულისხმობთ ლენინს და არის ლენინი, ვგულისხმობთ პარტიასო, ახლაც ზუსტად ასეა – გელა ჩარკვიანი ადრე რომ ლაპარაკობდა, შევარდნაძე უნდა გვეგულისხმა, დღეს კი სააკაშვილი უნდა ვიგულისხმოთ. სააკაშვილმა შევარდნაძე პანღურით რომ გამოაგდო, ამ პანღურს ჩარკვიანიც რატომ არ მიაყოლა?.. ჩარკვიანი იყო ბერიასა და სტალინის დროსაც, მამამისი ვაჟა-ფშაველას სდევნიდა. მამაჩემს ამხელა ცოდვა რომ ჰქონდეს ჩადენილი, ჩემი შვილი და შვილიშვილი მეფედ იქნებოდა გამოცხადებული?! მეფე ფარნავაზიდან თუ დავიწყებთ, 2 ათასზე მეტი წლის მონარქია ვართ და ასეთი ისტორიის ქვეყანაში ირაკლი ჩარკვიანი “მეფე” რომ იქნება, ქართველებო, სირცხვილი, ნამუსი, ღირსების გრძნობა სულ აღარ გაქვთ?.. მოკლედ, დაიტრაბახებენ, რუსეთის ბაზები გაგვყავსო, მერე ლაჩრულად გაჩერდებიან. გაუხარდათ, ბუში ჩამოვა და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებსო, მაგრამ ჩამოვიდა და კარგი ხინკალი გქონიათო. თქვენს პრეზიდენტს თუ დასჭირდება, ჩემი ტელეფონის ნომერს ვუტოვებ და დამირეკოსო, ეს სამარცხვინო ფრაზა არ იყო?
– ეს ბუშმა თქვა?
– დიახ, ეს დაწერეთ და თუ უნდათ მიჩივლონ, ბუშს ტყუილად დააბრალაო. კაცო, ყოფნა-არყოფნის საზღვარზე ვდგავართ და ბუშს საქართველო სტიქიით დანგრეული დახვდა. სხვათა შორის, სანამ სატანისტების, ჯვაროსნებისა და სისხლით შეღებილი იერუსალიმის დროშა გვექნება, საქართველოს თავზე ბედნიერება არ იქნება! ხედავთ, უფალი როგორ გვსჯის? საქართველო ასე არასოდეს დაუმეწყრავს. მილიარდების პატრონი უკვე გოგი თოფაძეცაა და ტრილიარდერ ბუშს არ უნდა ეთქვა, რომ დამეწყრილ საქართველოს დავეხმარებიო? რაც ვთქვი, ყველაფერი დამიბეჭდეთ!
– რა თქმა უნდა, დაგიბეჭდავთ, მაგრამ ბუში, სხვათა შორის, სერიოზულ დახმარებას დაგვპირდა. ჰოდა, ინტრიგანები იტყვიან, შარაძე შარზეაო…
– ჩემს გვარზე ასეთი კალამბურები მოდაში აღარაა… წეღან დაჭერაზე ვლაპარაკობდით და, მოდით, ჩვენი ინტერვიუ ასე დავამთავროთ: მორჩი “რიჟა” “ბაზარს”, ახლა მე “სვაბოდაზე” ვარ და “დაახვიე” აქედან…
– ვა, “ძველბიჭობთ”?
– (იცინის) ვანო, რახან თქვენთან აკადემიკოსისა და პოლიტიკოსის ენაზე საუბარი არ გამომდის, იმ 14 დღეში ნასწავლი ლექსიკით გელაპარაკებით!
– ბატონო გურამ, დავიჯერო, ამ ხელისუფლებას თქვენი მოსაწონი არაფერი გაუკეთებია?
– როგორ არა! რესპუბლიკის მოედნის ე.წ. ანდროპოვის ყურებისგან განთავისუფლებას ტაშს ორივე ხელით ვუკრავ. სააკაშვილმა ჩემი რჩევა გაითვალისწინა, ლევან ალექსიძე მოიშორა და ამაშიც ტაშს ვუკრავ. ისიც მიხარია, რომ ლევან ბერძენიშვილი მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო. ჩემი ამდენწლიანი მოთხოვნის შემდეგ კი ლანა ღოღობერიძე “სოფელ სტრასბურგიდან” (ეს ღოღობერიძის სიტყვებია) გამოიწვია. ისე, რომ მცოდნოდა, თხოვნას ჯორჯ ბუშიც შემისრულებდა და რიჩარდ მაილსს საქართველოდან გაიწვევდა, შეიძლება თავისუფლების მოედანზე მართლა დავხვედროდი…
– ისე, ბატონო გურამ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ყველაფერზე, რაც დღეს თქვით, პასუხს აგებთ?
– იმას ვლაპარაკობ, რასაც ვფიქრობ და თქვენი მოტყუება არც მიფიქრია…

ვანო პავლიაშვილი
“ქრონიკა”, 23-29 მაისი, 2005

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s