“კპზ”-ში  დაწერილი ინტერვიუ

პატიმრობა 

 

გურამ შარაძე: “დამიჭირეს… “ჯორჯიან თაიმსში” ეს რა დაგიწერიაო!”
“კპზ”-ში დაწერილი ინტერვიუ

 

“დიახ, მე გავხდი მსხვერპლი პრესაში ჩემი ბოლო დროის პოლიტიკური განცხადებებისა, კერძოდ, “ჯორჯიან თაიმსის” ფურცლებზე გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს “სუკისა” და “ცეერუს” აგენტი ვუწოდე!”, – აცხადებს 15-დღიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილი პოლიტპატიმარი გურამ შარაძე, რომელსაც “ჯორჯიან თაიმსმა” შეკითხვები “კპზ”-ში შეუგზავნა, მაგრამ მაშინ “ხულიგანი” აკადემიკოსისათვის პოლიციას “მარტივად აუხსნია” და უთქვამს: პრესასთან ურთიერთობა გეკრძალებაო.

– “ჯორჯიან თაიმსი”: თქვენი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმარი ბრძანდებით და თქვენს დაპატიმრებას იმ საგაზეთო პუბლიკაციებს მიაწერენ, რომლებშიც მწვავედ აკრიტიკებდით დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს…
გურამ შარაძე
: ამ კითხვაზე სხვა პასუხი არ არსებობს. მე ამ ხელისუფლების პოლიტპატიმარი ვარ!

– “ჯორჯიან თაიმსში” გამოქვეყნდა თქვენი ინტერვიუ “სუკის” და “ცეერუს” აგენტმა სააკაშვილმა ბოდიში უნდა მომიხადოს”… გაზეთის გამოსვლის დღესვე თქვენ გისოსებს მიღმა აღმოჩნდით. როგორ ფიქრობთ, მართლა ამ პუბლიკაციის გამო დაგაპატიმრეს?
– მე გავხდი მსხვერპლი პრესის ფურცლებზე ჩემი ბოლო დროის პოლიტიკური განცხადებებისა, კერძოდ, “ჯორჯიან თაიმსის” ფურცლებზე გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს “სუკისა” და “ცეერუს” აგენტი ვუწოდე!
ამას გარდა, მათ არ მაპატიეს ამა წლის 23 ნოემბერს, ე.წ. ვარდების რევოლუციის მოწყობისა და კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ტახტიდან გადაყენების სახელმწიფო შეთქმულების გამჟღავნება. ჩემს მიერ ამ ავაზაკური გეგმების ჩაფუშვა მათ უკვე ვეღარ მოინელეს!
სხვათა შორის, ამ მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელების საშიშროება კვლავ არსებობს!
 

– თქვენ, კულტურის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა ველური და უწიგნური გიწოდათ, შს მინისტრმა – ჩვეულებრივი თაღლითი…
– გაბაშვილი ამას პირველად არ სჩადის: გახსოვთ, ალბათ, როგორი შეურაცხყოფა მიაყენა მან ლიანა ისაკაძეს, რის გამოც ჩვენი დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მევიოლინემ მას “ჩვენი კულტურის უკულტურო მინისტრი” უწოდა!

გაბაშვილს არათუ მხოლოდ მინისტრობის ბოლო დღემდე, თვით მისი სიცოცხლის ბოლო წუთამდეც სამუდამო ლაქად გაჰყვება ლიანა ისაკაძისაგან მიკერებული ეს სამარცხვინო იარლიყი!
წარმოიდგინეთ, მორიგი უმსგავსო საქციელი ამ “უკულტურო კულტურის მინისტრისგან” ისე არ გამკვირვებია (რადგან კარგად ვიცი, ვინც არის!), როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისგან.

გულწრფელად გეტყვით, მე მასზე გაცილებით უკეთესი წარმოდგენის ვიყავი! შეიძლება პრეზიდენტის საამებლად წამოსცდა და გულში სხვას ფიქრობს, ვინ იცის, არც ეს არის გამორიცხული! ვითომ ვცდები?

თქვენი ნებართვით აქ თემიდან მცირედ გადავუხვევ: თქვენი შეკითხვიდან არ ჩანს და შეიძლება არც იცოდეთ, მაგრამ არ შემიძლია ჩემი უზომო განცვიფრება და გულისტკივილი არ გამოვხატო აწ გარდაცვლილი ჩვენი სახელოვანი მხატვრის, კოკა იგნატოვის ქალიშვილის შემაძრწუნებელი საქციელის გამო, რომელიც გია ბუღაძის რომელიღაც მოადგილე ყოფილა, რომელიღაც დარგში.

ეს სოფლელი დედაკაცივით (მომიტევონ შედარებისთვის სოფლელმა დედაკაცებმა!) გავეშებულ-გაკაპასებული ქალი რომ მომვარდა მამისტოლა კაცს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მეცნო და ვკითხე – თქვენ ბატონ კოკა იგნატოვის ქალიშვილი არ ბრძანდებით-მეთქი? – დიახო, რომ მითხრა, ვუპასუხე: მერე, დალოცვილო, ეს პორნოგრაფიული და გაუკუღმართებული სექსპათოლოგიები რომ მოგქონდათ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსაფენად, ცხონებული მამათქვენის უბადლო ნამუშევრები მოგეტანათ, ნახავდით, თუ ჩამოვხევდი-მეთქი!

ახლა მივუბრუნდეთ “კულტურის უკულტურო მინისტრის” და სამხატვრო აკადემიის რექტორის, უკაცრავად, “კედლის მხატვრის”, როგორც მას ბატონმა ელიზბარ ჯაველიძემ უწოდა, გია ბუღაძის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ჩემი მისამართით.

როგორ ვიკადრებ და გაბაშვილს ან ბუღაძეს, მით უმეტეს, მის რომელიღაც მოადგილე ქეთო იგნატოვას ჩემს განათლებასა თუ ცოდნაზე ველაპარაკო!

მაგრამ იმდენად შეურაცხყოფილი ვარ ამ მართლაც “ველური და უწიგნური” გაბაშვილ-ბუღაძე-იგნატოვას თავხედური “ტროიკისგან” (როგორც გადმომცეს, იგნატოვას რომელიღაც გაზეთში კიდევ რაღაც დაუჯღაბნია), რომ იძულებული ვარ, მკითხველის პატივისცემის გულისთვის, ორიოდე სიტყვით გიამბოთ, რა გამიკეთებია ქართული (და არა მარტო ქართული!) მხატვრობის ისტორიისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მე პროფესიონალი ფილოლოგ-ლიტერატორი ვარ და არა ხელოვნებათმცოდნე (იმედია, მკითხველი სწორად გამიგებს და მომიტევებს საკუთარ თავზე საუბარს).

ჯერ კიდევ 1978 წელს გამოვიდა ჩემი მონოგრაფია “მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა” (გამომცემლობა “ხელოვნება”), რომელიც მიეძღვნა “ვეფხისტყაოსნის” სწორუპოვარი უნგრელი ილუსტრატორის შემოქმედებას.

მანამდე 10 წლით ადრე ყირიმში მე აღმოვაჩინე მიხაი ზიჩის 44 უცნობი ნამუშევარი (მათ შორის 10 ავტოპორტრეტი), რომლის თაობაზე ჩემი გამოკვლევები უნგრულ ენაზე გამოქვეყნდა ბუდაპეშტის აკადემიურ და სალიტერატურო პრესაში. ზიჩიზე დაწერილი წიგნისა და მისი უცნობი ნამუშევრების აღმოჩენისათვის მომენიჭა უცხოელებისთვის დაწესებული უნგრეთის რესპუბლიკის უმაღლესი ეროვნული ჯილდო – ოქროს მედალი “უნგრეთის ინტერესების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში”.

ჟურნალ “ხელოვნებაში” ამ სამი ათეული წლის წინ დაიბეჭდა ჩემი ნარკვევი “ტროპინინის “უცნობი ქალის პორტრეტი”, რომელშიც საუბარია პუშკინის თანამედროვე ერთ-ერთი საუკეთესო პორტრეტის ავტორი, გამოჩენილი რუსი მხატვრის ტროპინინის ნამუშევარზე “უცნობი ქართველი ქალი”, რომელიც სათანადო მტკიცებულებათა საფუძველზე გამოტანილი ჩემი დასკვნით, უნდა იყოს ამ დროს პეტერბურგში მცხოვრები პირველი ქართველი აკადემიკოსის,  თეიმურაზ ბაგრატიონის მეუღლე – ელენე ამილახვარი.

1981-84 წლებში ვმუშაობდი ლონდონში, ოქსფორდსა და კემბრიჯში, იქ დაცული ქართულ-ინგლისური კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობების ამსახველი მასალების გამოსავლენად.

მართლაც აღმოჩნდა უამრავი მანამდე უცნობი ძეგლი (მარტო ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები და გიორგი მეთერთმეტის ოქროს ჯვარი რად ღირს), მაგრამ ამჯერად საინტერესო და მთავარი ის არის, რომ კემბრიჯში ყოფნისას ერთ-ერთ კერძო კოლექციაში მივაგენი გოგოლის იტალიაში ყოფნისდროინდელ უცნობ პორტრეტს, შესრულებულს იტალიელი მხატვრის მიერ, რომელმაც გოგოლისმცოდნეთა ფართო გამოხმაურება გამოიწვია.

ეს, რაც შეეხება ჩემს ნაწერებს უნგრელი, რუსი, იტალიელი მხატვრების შესახებ. ახლა ვნახოთ, რა გამიკეთებია ქართული მხატვრობის ისტორიისათვის:
თითქმის ოცი წლის წინ მე დავწერე გამოკვლევა გენიალური ქართველი მხატვარ-გრაფიკოსის, ქართული წიგნის ჯადოქრის ლადო გრიგოლიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რომელიც წამძღვარებული აქვს 1989 წელს გამოცემულ ბრწყინვალე ალბომს “ლადო გრიგოლია”.

ვინ ვინა და, განა თვითონ გია ბუღაძემ მშვენივრად არ იცის, ვინ გამოსცა და ვისი წინასიტყვაობით დაიბეჭდა 1995 წელს მისი თაობის უნიჭიერესი წარმომადგენლის, “თვითმფრინავის ბიჭებთან” ერთად ტრაგიკულად დაღუპული სოსო წერეთლის წიგნი-კატალოგი! ნუთუ გია ბუღაძეს დაავიწყდა ასლან აბაშიძის დახმარებით რამდენი ვიწვალეთ სოსო წერეთლის ნამუშევრების ჯერ ბათუმში გამოფენის მოწყობისთვის, მერე სტამბოლში მისი წიგნი-კატალოგის უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე დასაბეჭდად და ამით რამდენი სიხარული გავატანეთ ახლახან გარდაცვლილ მის მამას – დიდ ქართველ მეცნიერ-ორიენტალისტს, აკადემიკოს კოტე წერეთელს!

თავს არ ვიქებ, მაგრამ ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ, რომ ვიყავი და ვარ ჩვენი თაობის ასევე უდროოდ დაღუპული უნიჭიერესი მხატვრისა და ხელოვნებათმცოდნის გოგი ხუციშვილის ახლო მეგობარი და მისი ტალანტის უზომო თაყვანისმცემელი.

სოსო წერეთელთან ერთად, გოგი ხუციშვილზე დაწერილი ჩემი წერილები ამის ნათელ დადასტურებად მიმაჩნია!

ერთი ვკითხოთ “ველურ და უწიგნურ” გაბაშვილ-ბუღაძე-იგნატოვას “ტროიკას” – მათ დაწერეს თუ გურამ შარაძემ გამოაქვეყნდა საგანგებო გამოკვლევები ჩვენს ბრწყინვალე ქართველ ემიგრანტ მხატვრებზე – ფელიქს ვარლამიშვილზე, მიხეილ ბილანიშვილზე, ვერა ფაღავაზე, ვანო ენუქიძეზე, ვასილ ჯორჯაძეზე, ლადო სააკაძეზე, გიორგი პაპაშვილზე, გუჯი ამაშუკელზე, თამაზ ყუფარაშვილზე… ვინ გადაიღო მათზე პირველი ვიდეოფილმები და ვინ მოაწყო მათი სახელოსნოებიდან პირველი ტელერეპორტაჟები პარიზიდან, ნიუ-იორკიდან, მიუნხენიდან… გაბაშვილ-ბუღაძე-იგნატოვას “ველურმა და უწიგნურმა ტროიკამ” თუ გურამ შარაძემ?

ბედის დაცინვით, ჩემი ციხეში ყოფნის დროს “იმედის” ტელეარხზე პროგრამა “დროებაში” გასულა სიუჟეტი პარიზში მოღვაწე მხატვარ გუჯი ამაშუკელზე და ავტორის განცხადებით, ეს, თითქოს, პირველად ახლა მომხდარიყოს, მაშინ როდესაც ეს მე პირველად 15 წლის წინ გავაკეთე საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე (მაშინ სხვა არხი არ არსებობდა), ხოლო საგანგებო ნარკვევი გუჯი ამაშუკელის შემოქმედებაზე დაბეჭდილი მაქვს ჯერ კიდევ 1993 წელს ჩემს წიგნში: “უცხოეთის ცის ქვეშ” (ტომი III).

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ასე მიკეთებს და ჩემს შეგნებულ მიზანმიმართულ იგნორირებას ბედავს გიორგი თარგამაძე! მე იგი ჯერ კიდევ ამ ათიოდე წლის წინ გავაფრთხილე (როცა იგი ასლან აბაშიძის მზეს ლოცულობდა!), შეშვებოდა ჩემთვის კვანტების დადებას, მაგრამ როგორც ჩანს, მან ეს არ მოიშალა!

მაინტერესებს, “ტელეიმედი” ბადრი პატარკაციშვილისაა თუ გიორგი თარგამაძის, მისი ცოლის და მისი სიდედრის საკუთრება, ანუ თარგამაძის ოჯახური კლანის სახრავია?!

ახლა მივუბრუნდეთ ჩვენს მონსტრს – “მინისტრ-რექტორ-პრორექტორის – გაბაშვილ-ბუღაძე-იგნატოვას “ტროიკას” და ერთი შეკითხვა უნდა დავუსვა მათ: თუ ასეთი “ველური” იყო ეს შარაძე, ვინ აიძულა ნათელა იანქოშვილი, უჩა ჯაფარიძე, ცისია შანშიაშვილი, კორნელი სანაძე, ზურაბ სამხარაძე და სხვები, რომ მისი პორტრეტები შეექმნათ და საჩუქრად მიეძღვნათ?

თუ ასეთი “ველური და მხატვრობაში გაუნათლებელი” იყო ეს შარაძე, ვინ აიძულებდა პარიზში ვიკტორ ნოზაძის რძალს და ძმას – ლიდა და გიორგი ნოზაძეებს სწორედ შარაძისთვის დაეტოვებინათ ანდერძი, რომლის საფუძველზე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადმოეცა დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ვერა ფაღავას, ფელიქს ვარლამიშვილის და სხვათა პარიზში შექმნილი შედევრები.

 თუ ასეთი “ველური და უწიგნური” იყო ეს შარაძე, ვინ ავალდებულებდა მას ერთი ღირსეული პატრიოტი ქართველი ემიგრანტის – ჯაბა ხაბულიანის თხოვნა შეესრულებინა და მის კოლექციაში დაცული ვასილ ჯორჯაძის შესანიშნავი მხატვრული ტილოები პარიზიდან საქართველოს ხელოვნების მუზეუმისთვის ჩამოეტანა, ხოლო მეორე, ასევე შესანიშნავი ქართველი ემიგრანტი ცოლ-ქმრის (თინა და კარლო ინასარიძეების) თხოვნით პარიზიდან როდენის სახელოსნოში გენიალური მოქანდაკის საავტორო ყალიბში ჩამოსხმული “მოაზროვნის” ბრინჯაოს ასლი რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე ეტარებინა და თბილისში ხელოვნების მუზეუმისთვის გადაეცა, ხოლო პარიზში, ელისეს მინდვრებზე დადგმული განთქმული შადრევანის “ვასალის წყაროს” რამდენიმეტონიანი ქანდაკების ზუსტი ასლი თბილისში ჩამოეტანა და საპატრიარქოს წინ მდებარე სკვერში ერეკლეს მოედანზე დაედგა!

მართლა ღმერთი აღარაა ამქვეყნად? თვითონ რომ უღმერთოები და სატანისტები არიან, ყველა ასეთი ჰგონიათ? თუმცა, ახლა გამახსენდა: თუ ასეთი “ველური და უწიგნური” იყო ეს შარაძე, ვინ აიძულებდა თვითონ გია ბუღაძეს ამ რამდენიმე წლის წინ თავისი ორი ნამუშევარი რომ მომიძღვნა საჩუქრად სამახსოვრო წარწერით?!

როგორ, რამდენიმე წლის წინ განათლებული, მხატვრობის მცოდნე და დამფასებელი ვიყავი და დღეს გავხდი “ველური და უწიგნური”? ხომ არის ახლა ეს ფარისეველი გია ბუღაძე იმის ღირსი, რომ მისი ნაჩუქარი ორი ნახატი არა თუ დავხიო, თავზე გადავახიო?!

მე იმისთვის მაქვს მოვლილი და საკუთარი თვალით ორიგინალებში ნანახი პარიზის, ლონდონის, დრეზდენის, ბერლინის, მადრიდის, ვენის, ბუდაპეშტის, პრაღის, კრაკოვის, ვაშინგტონის, ნიუ-იორკის, იერუსალიმის, სტამბოლის, ოდესის, ერევნის, სიმფეროპოლის, ალუპკის, მოსკოვის, პეტერბურგის, პეტერგოფის, პავლოვსკის, ცარსკოე სელოს, დუშანბეს, ტაშკენტის, სამარყანდის, კიევის, პეკინის, მიუნხენის, ჟენევის… (ყველას ვერც ჩამოვთვლი!) საქვეყნოდ განთქმულ მუზეუმებსა და სამხატვრო გალერეებში გამოფენილი ძველ-ბერძნული და რომაული, ძველ-ეგვიპტური და ბაბილონური, ძველ-ჩინური, ბიზანტიური, მუსლიმანური (არაბულ-სპარსულ-თურქული), აღორძინების ეპოქის, იმპრესიონიზმისა და ექსპრესიონიზმის თუ მოდერნისტული ხელოვნების მსოფლიო შედევრები (აღარაფერს ვამბობ, ჩვენი ეროვნული ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების ძეგლებზე, რომელთა შესწავლას შევალიე მთელი ჩემი შეგნებული სიცოცხლე!), რომ ამ “ველურმა და უწიგნურმა გაბაშვილ-ბუღაძე-იგნატოვას “ტროიკამ” აქეთ შეურაცხყოფა მომაყენოს და ვიღაც სექსომანიაკი პოლონელ-ამერიკელი პორნოგრაფის სტამბურად დაბეჭდილი სატანისტური პლაკატი დახევისათვის “მსოფლიო ხელოვნების შედევრების” განადგურებაში დამდოს ბრალი და ციხეში ჩამსვას?!

მაშინ მე მთელი კატეგორიულობით მივმართავ მსოფლიო საზოგადოებრიობას: საქართველოს “კულტურის უკულტურო მინისტრმა” გოკა გაბაშვილმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს მამამისი – კოტე გაბაშვილი, რომელმაც ქართველი ერის სხვა მოღალატეებთან ერთად, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში, ავტომატით ხელში, მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება, გააჩაღა სამოქალაქო ომი და დაღვარა ძმათა სისხლი, დაამხო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება, დაწვა, დაანგრია და გაანადგურა საქართველოს დედაქალაქის დიდება – რუსთაველის გამზირი და აქ განლაგებული არქიტექტურისა და კულტურის უამრავი ძეგლი – პრეზიდენტის სასახლე, სასტუმრო “თბილისი”, მხატვრის სახლი (რომელშიც ქართველი მხატვრების ასეულობით მაღალმხატვრული ტილო და ქანდაკება ინახებოდა!), პირველი საშუალო სკოლა და შიგ განთავსებული იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის მუზეუმი, აკად. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი (რომლის უმდიდრესი ფონდიდან ერთი ფურცელიც აღარ გადარჩენილა!), ცეცხლი წაუკიდეს კოლხურ კოშკს და ამობუგეს იქ დაცული კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების უძვირფასესი ისტორიული არქივი და მემორიალური ნივთები, მათ შორის, ჩვენი დიდი მხატვრის ქეთევან მაღალაშვილის მიერ შესრულებული კონსტანტინე გამსახურდიას უბრწყინვალესი მხატვრული ტილო, აგრეთვე იგორ გრაბარის შედევრი “მირანდა ფალავანდიშვილის პორტრეტი”, კაკაბაძის, გუდიაშვილის და სიდამონ-ერისთავის უკვდავი ქმნილებანი…

ერთადერთი ამ სამარცხვინო მოღალატური ომის ქარცეცხლში, უვნებლად გადარჩა გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, რომლის დირექტორი მაშინ მე ვიყავი და ჩემს თანამშრომლებთან ერთად ერთი წუთი არც დღისით და არც ღამით არ დამიტოვებია იგი და ვიგერიებდი კიტოვანის გვარდიელების შემოტევას (ამას დაადასტურებს თვითონ თენგიზ კიტოვანი!). ასე შემოვუნახეთ შთამომავლობას ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის და სხვა დიდ ქართველ მწერალთა ხელნაწერები, აგრეთვე დ. კაკაბაძის, ლ. გუდიაშვილის, ელ. ახვლედიანის და სხვა დიდ ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები…

და თურმე, მე ვყოფილვარ “ველური და უწიგნური”, ხოლო იაკობ გოგებაშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, პირველი სკოლის, მხატვრის სახლის, კოლხური კოშკის გამნადგურებლები – მამა-შვილი კოტე და გოკა გაბაშვილები მთელი კულტურული კაცობრიობის საუკეთესო წარმომადგენლები ბრძანდებიან!.. ვაი, სირცხვილო!

თბილისის და მისი საკაცობრიო ღირებულებების დაწვა-განადგურებაში შეტანილი “დიდი წვლილისათვის” კოტე გაბაშვილი ჯერ თბილისის მერად დასვეს (გაუგონარი ცინიზმი!), შემდეგ გერმანიაში ელჩობა მიართვეს (მაშინ წაიყვანა თან და იქ იზრდებოდა ჩვენი მომავალი “კულტურის უკულტურო მინისტრი” გოკა გაბაშვილი, რომელმაც უნივერსიტეტში მაშინდელი სტუდენტური “კმარა” ჩამოაყალიბა და კანონიერ ხელისუფლებას ებრძოდა). ზვიად გამსახურდიას ჩამოგდების შემდეგ კი ამჯერად უკვე ედუარდ შევარდნაძის ჩამოგდებაში შეტანილი “დიდი დამსახურებისათვის” – მამა საქართველოს პარლამენტის წევრად და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს, ხოლო შვილი – კულტურის მინისტრად და დღეს ასეთი მამა-შვილი მე მიჭერს და ციხეში მსვამს, თან 2400 აშშ დოლარით სახელმწიფო ბიუჯეტს მავსებინებს (თუმცა, დღემდე ერთი თეთრიც არ გადამიხდია და სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებ), აქაოდა, როგორ გაბედა და ჩვენი ეროვნული სიწმინდის – ეროვნული ბიბლიოთეკის ღირსება დაიცვაო! კი, საქართველოში როგორც უნდათ ისე დათარეშობენ და დაპარპაშებენ, იმიტომ, რომ დამცირებულ, დამარცხებულ, მიწასთან გასწორებულ და ღირსებააყრილ საქართველოში კაცი გამკითხავი არ არის!..

– თქვენ “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში აცხადებდით, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებდით…
– ილია ჭავჭავაძისა და ჩემი საჯარო შეურაცხყოფისათვის მიხეილ სააკაშვილს პასუხს მოვთხოვ!

– რამე სახის ზეწოლა ხომ არ ხორციელდება თქვენზე, ხომ არ მოუთხოვიათ, რომ გაჩუმდეთ და თქვენი ოპონენტები ასე მწვავედ აღარ აკრიტიკოთ?
– არ ვიცი, რას ეძახით თქვენ “ზეწოლას”? როდესაც თქვენს საკანში თაგვების ხროვაა, ღია კანალიზაციის შმორი დგას, დღედაღამ წყლის ნაკადულის განუწყვეტელი ჩხრიალია და ძილის კი არა, თვალის ოდნავ მილულვის საშუალებას არ გაძლევს, ზეზეურად დგახარ იმიტომ, რომ იმ ქვეშაგებელში დაწოლა წარმოუდგენელია, სარკმელში ოდნავ მბჟუტავ სინათლეს რაღაც ბურუსიან მისტიკურ სამყაროში გადაყავხარ, აუტანლად ცივა, გიკრძალავენ არათუ ჟურნალისტებთან, საერთოდ, გარე სამყაროსთან კავშირს, ჩამორთმეული გაქვს ტელეფონი, საათი და სათვალეც კი (თავს მოიკლავო!) თქვენ კიდევ მეკითხებით, “რაიმე ზეწოლა ხომ არ ხორციელდება თქვენზეო?” ან კიდევ “ხომ არ მოუთხოვიათ, რომ გაჩუმდეთ და თქვენი ოპონენტები აღარ აკრიტიკოთო?” თუმცა, რას ვერჩი საწყალ პოლიციელებს, გურამ შარაძისთვის ახალ “კპზ”-ს ხომ არ ააშენებენ? მათი მხრიდან კი თავაზიანი მოპყრობის გარდა არაფერი მახსოვს!

– ისე, მართლაც, რას ერჩოდით იმ პლაკატს, რატომ დახიეთ?
– როდესაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კერძოდ, ქართველოლოგიის წმინდა დარბაზში, ჩემთვის მეორე ეკლესიაში ვმუშაობ, სადაც ჯერ კიდევ საბედნიეროდ, ქალბატონ თამარ მაჭავარიანის უკვდავი სული ტრიალებს და კედლიდან მისი წმინდანი სახე დამყურებს, მაგიდაზე კი ჩვენი ეროვნული სიწმინდეები მილაგია, მაპატიეთ და, მე არ შემიძლია ამ დროს ქალის საშოში ჩახატული მამაკაცის თვალი მიმზერდეს და ეს ავიტანო! ეს არც მომავალში მოხდება! ჩემგან ამის ატანა გამორიცხულია!

– ბევრი ამბობს, რომ ხელისუფლებამ თქვენი დაპატიმრებით თქვენს წისქვილზე დაასხა წყალი და ამით თქვენ რეკლამაც კი გაგიკეთათ, აკი თავადვე იხუმრეთ: პოლიციამ ისეთი რეკლამა გამიკეთა, სოროსის მილიონებიც კი არ ეყოფოდა ამ საქმესო…
– ამ კითხვაზე იმავე ხუმრობით გიპასუხებდით!

მაია მარგველანი
“ჯორჯიან თაიმსი”, 16-23 დეკემბერი, 2004

 

2 Responses to “კპზ”-ში  დაწერილი ინტერვიუ

  1. Ivett ამბობს:

    მომწონს ეს ვებგვერდი, რადგან აქ არის ძალიან საინტერესო ინფორმაცია.

  2. Keturah Alipio ამბობს:

    Whats up! You some type of professional? Nice message. Can you tell me the way to subscribe your blog?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s