15 დღე, რომელმაც შეძრა პატრიოტთა გულები!

პატიმრობა

 

მკითხველი უდიდესი ინტერესით გაეცნო პორნოგრაფიული პლაკატების ჩამოხევისათვის დაპატიმრებული გურამ შარაძის სასამართლო პროცესის სტენოგრაფიულ ჩანაწერს, რომელიც “ასავალ-დასავალის” 48-ე ნომერში გამოქვეყნდა. მას შემდეგ, რაც ერის მოჭირნახულე აკადემიკოსი ნიღბიან სპეცრაზმელებს საკანში გადააყვანინეს, 15 დღე და ღამე გავიდა. ამ დაპატიმრებამ, მართალია, გული მოაფხანინა ქართვლის დედის, ქართული სუფრისა და ილია ჭავჭავაძის მაგინებლებს, მაგრამ ათასობით ქართველს განუახლა ის ჭრილობა, რომელიც გაბედული და ეროვნული სიტყვის თქმისათვის არცთუ შორეულ წარსულში მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას დასჯამ მიაყენა…

მოემზადეთ, რაფაელ ოლბინსკის ადვოკატებო, რომლებმაც გული ვერ იჯერეთ შარაძის 15-დღიანი დაპატიმრებით. წინ მართლაც რომ გულის მოსაფხანი მასალა გელით, რომელიც “დემოკრატიულ” საქართველოში აკადემიკოსის “კაპეზეში” ყოფნის 15-დღიან ისტორიას ასახავს. თქვენც გულდასმით წაიკითხეთ, ძვირფასო თანამემამულეებო, ვისაც ჯერ კიდევ ჟრუანტელი გივლით ტანში მამა-პაპის სადღეგრძელოს შესმისას, რადგან ის, რასაც გურამ შარაძე გვიამბობს, ჩვენი დროების მწარე სიმართლეა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ!

– ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებული თქვენი სასამართლო პროცესის სტენოგრაფიული ჩანაწერი სწორედ იმ ადგილას შეწყდა, როდესაც სხდომათა დარბაზიდან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა გაგიყვანეს. რა ხდებოდა შემდეგ?

– სასამართლო შენობის გასაიდუმლოებული გასასვლელიდან შეიარაღებულმა სპეცრაზმელებმა როგორც კაცისმკვლელი და ბოროტმოქმედი, ისე გამიყვანეს. მხარდამჭერთა გამომშვიდობების საშუალებაც არ მომცეს. მიმიყვანეს ე.წ. “კაპეზეში”, რომელიც პოლიციის სამმართველოს სარდაფში არის განთავსებული. სამმართველოში მისვლისთანავე მიღების აქტი შეადგინეს და ჩამომართვეს საათი, მობილური ტელეფონი და სათვალე, რაც ყველაზე მტკივნეულად განვიცადე. ხალხს ლამის იარაღი შეაქვს საპატიმროებში და მე იმისთვის, რომ ნორმალურად გაზეთი არ წამეკითხა, სათვალეც არ დამიტოვეს, აქაოდა, თავი არ მოიკლათო, არადა, ჩემი ქამრისათვის ხელი არ უხლიათ. ამის შემდეგ მეცამეტე საკნის კარები გამიღეს, სადაც პირველი ორი დღე ვიმყოფებოდი.

– როგორი პირობები იყო ე.წ. “კაპეზეში?”

– ამის გახსენებაც კი მზარავს. საკანში საოცარი ბურუსი, რაღაც ნისლოვანი განათება იყო. ისმოდა წყლის გამაყრუებელი ჩხრიალი, რომელიც პირდაპირ მოქმედებდა ნერვულ სისტემაზე და არა თუ ძილის, თვალის მილულვის საშუალებასაც არ იძლეოდა. იდგა საშინელი სუნი, კანალიზაციის ღია ჭიდან რომ მოდიოდა. ქვეშაგების გახსენებაზე მხოლოდ მწარედ თუ გაიცინებ. ვერ წარმომიდგენია, ის ქვეშაგები რომელიმე ცოცხალმა არსებამ გამოიყენოს. საწოლზე საუბარიც კი ზედმეტია. ფიცრებისაგან ბოგა იყო გაკეთებული და, როგორც ამიხსნეს, გამიმართლა, რადგან საკანში ბევრი პატიმარი აღარ იყო, თორემ ბოგაზე მონაცვლეობით უწევთ ხოლმე მსჯავრდებულებს დაწოლა. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი განათება იყო, საკანში შესვლისთანავე შევამჩნიე, როგორ გადამირბინეს თაგვებმა. მთელი თხუთმეტი დღის განმავლობაში თაგვებთან ერთად ვცხოვრობდი და როდესაც ამის შესახებ ციხის ხელმძღვანელობასთან აღშფოთება გამოვთქვი, მითხრეს: ჩვენ არ შეგვიმჩნევიაო. სადღაც მართლები იყვნენ, რადგან ისინი ჩემს საკანში არ შემოდიოდნენ, მათ კაბინეტში კი თაგვებს არაფერი ესაქმებოდათ.

საკანში ერთი კაცი დამხვდა, რომელიც გიორგობა დღეს შვილთან ერთად დაიჭირეს. ნასვამებს გზაში მანქანა გაფუჭებიათ და აწვებოდნენ, ამასობაში პატრულს გამოუვლია – ვიღაცის მანქანას იპარავთო. მოხდა შელაპარაკება… ერთი სიტყვით, მამა-შვილი დააპატიმრეს. როდესაც კარი გაიღო და საკანში შემიყვანეს, მამამ ბედნიერი სახით შემომხედა – შვილის ნახვას ითხოვდა და იფიქრა, შემოიყვანესო. კარგა ხანს ვამშვიდებდი იმ კაცს… 25 ნოემბრის ღამეს პრაქტიკულად ფეხზე მდგომმა გავატარე და თვალი არ მომიხუჭავს, ისე დამათენდა თავზე. თუმცა, გათენებამდე (25 ნოემბრის საღამოსვე) ერთი საინტერესო ფაქტიც მოხდა: ღამის პირველ საათზე საკანში ტელეკამერების თანხლებით შემოვიდა “კმარელი” თეა თუთბერიძე, რომელმაც პატივისცემისა და ერთგულების გამოსახატავად სიტყვები არ დაიშურა – ბატონო გურამ, კახეთში ვიყავი და ბოდიში, რომ მოგვიანებით მოვედიო. მაგრამ მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმის შესახებ, რა სამარცხვინო პირობებში ვიმყოფებოდი და მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდებოდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს კადრები ტელევიზიით არ გადაცემულა. მეორე დღეს მხოლოდ იმ ინფორმაციამ გაიჟღერა, რომ გურამ შარაძე “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა მოინახულაო, რაც უდიდესი სარკაზმი და ცინიზმი იყო. ამის შემდეგ თუთბერიძე თვალითაც არ მინახავს. ალბათ, ფიქრობდა, სულიერად გავტყდებოდი და შევეხვეწებოდი: თეა, შენი ჭირიმე, მიშველე-თქო.
 

– ამასობაში 26 ნოემბერიც გათენდა…
– მეორე დილით ჩემს სანახავად ადვოკატი მოვიდა და ჟურნალისტის შეკითხვები გადმომცა. ცხადია, ციხის ხელმძღვანელობა ჩავაყენე საქმის კურსში, მაგრამ ინტერვიუს მიცემაზე უარი მითხრეს – თუ თქვენი პასუხები გაზეთში გამოქვეყნდება, სასჯელი ათმაგად დაგიმძიმდებათო. ჩემთვის ეს იყო მეორე დიდი დარტყმა. ვიგრძენი, რომ გარესამყაროსგან მოწყვეტილი ვიყავი…
მესამე დღეს, ანუ 27 ნოემბერს, მეექვსე საკანში გადამიყვანეს. საერთოდ, “კაპეზეში” პატიმრის 2 დღეზე მეტი ხნით გაჩერების უფლება არ აქვთ. უმძიმესი დამნაშავეები კი ორი დღის შემდეგ მიჰყავთ და ასამართლებენ. ის მამა-შვილიც წაიყვანეს… მე კი შემომთავაზეს: ბატონო გურამ, უკეთეს პირობებში გადაგიყვანთო. მეექვსე საკანი მეცამეტეს იმით სჯობდა, რომ წყლის ჩხრიალი აღარ ისმოდა, თუმცა, ღია კანალიზაციის სუნი კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობოდა. ასეთ პირობებში ჭამის სურვილიც არ მქონდა. თუმცა, რომც მომეთხოვა, ერთ ნამცეც პურსაც კი არავინ მომცემდა. საჭმელს ოჯახის წევრები, მეგობრები და მრევლი მიგზავნიდნენ და შიმშილით რომ არ მოვმკვდარიყავი, იძულებით ვჭამდი. დამრთეს იმის უფლება, რომ პრესას გავცნობოდი.

– თუ არ ვცდები, საკანში რაღაც ჩანაწერებს აკეთებდით…
– დაპატიმრებიდან მეოთხე თუ მეხუთე დღეს გავაგრძელე მუშაობა აკაკი წერეთელსა და ექვთიმე თაყაიშვილზე, რომელზედაც მუშაობა ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ დამაცადეს… საკანში სინათლე ჭერთან ახლოს გამოჭრილი პატარა სარკმლიდან შემოდიოდა და იძულებული ვიყავი, ხელაპყრობილს წამეკითხა. უცხოს რომ დავენახე, იფიქრებდა, ლოცულობსო. სხვათა შორის, დაპატიმრებიდან მეოთხე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “თემიდას” წარმომადგენლებმა მოინდომეს ჩემი ნახვა. მათ გამომძიებლის ოთახში შევხვდი. მიხაროდა, როცა ციხის თანამშრომლებს, გამოძიებელისა თუ ადვოკატის ოთახისკენ მივყავდი, რადგან ჩემი საკნიდან იქამდე გრძელი დერეფანი უნდა გამევლო და სუფთა ჰაერზე ამოსუნთქვის საშუალება მქონდა. უფლება არ მაქვს არ აღვნიშნო, რომ ამ სრულიად უცნობმა ადამიანებმა ჩემთან შეხვედრიდან მეორე დღესვე ჟურნალისტთა სახლში მოიწვიეს საგანგებო პრესკონფერენცია, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ თუ არა დიდი ეროვნული გაერთიანების, ჩემი პოლიტიკური მოძრაობის “ენა, მამული, სარწმუნოების”, ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, ელიზბარ ჯაველიძის, შალვა ნათელაშვილისა და მისი პარტიის, ნოდარ ნათაძის, მამუკა გიორგაძის, ანზორ აბრალავას, გუბაზ სანიკიძის, ადა მარშანიას, გიორგი კერვალიშვილის, ზაზა დავითაიას, ჩემი ადვოკატების და სხვათა მხარდაჭერა, ძალიან გამიჭირდებოდა ამ განსაცდელის გადატანა. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა მუხტი მივიღე, როდესაც შევიტყვე, რომ ღირსეულ ქართველ მამულიშვილთა არმია მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმიდან პარლამენტისკენ დაიძრა ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით. დღეს სული რომ მიდგას პირში, ეს ჩემი ხალხისა და თქვენი გაზეთების დამსახურებაა. თუმცა, არც იმის უთქმელობა იქნება, რომ “კაპეზეში” გატარებულმა დღეებმა საგრძნობლად შემირყია ჯანმრთელობა: მქონდა მაღალი წნევა, შაქარმა ამიწია, მოწმე იქ მყოფი ექიმები არიან, რომლებიც ყოველდღე მსინჯავდნენ. პარადოქსია, რომ მთავარი ექიმი ნინო ჩიქოვანი ჩემი გარდაცვლილი შვილის – ლაშიკოს მოწაფე აღმოჩნდა, რომელთანაც სასაყვედურო არაფერი მაქვს, მაგრამ ერთ-ერთი ექიმის მორიგეობის დროს, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, წნევა 150/90-ზე ამივარდა – არა უშავს, ბატონო გურამ, მოგცემთ აბებს და ახლავე დაგიკლებსო. წამლის მიღების შემდეგ კიდევ უფრო უარესად გავხდი – წნევა მომენტალურად უკიდურესად დაეცა. ესეც არაფერიაო და კიდევ “მიმკურნალეს”, რის შემდეგაც წნევა ისევ ამეწია, ხოლო პულსი 98 გახდა. კინაღამ მომკლეს!.. ექიმმა, ასე თავდაუზოგავად “მიმკურნალა”, არც კი მითხრა შაქარი რომ მქონდა მომატებული. პასუხის გაცემის ნაცვლად ზურგი შემაქცია და შეურაცხყოფილი დავბრუნდი საკანში. მოგვიანებით ციხის უფროსმა შემატყობინა – შაქარი გაქვთ მომატებულიო. არადა, აშკარად დამიქვეითდა მხედველობა, მაგრამ ამას იმით ვხსნიდი, რომ ოთახში ცუდი შუქი იყო და უსათვალოდ ვკითხულობდი…

დაპატიმრებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, გამთენიისას (5 საათი იქნებოდა) რკინის ურდულის ჭახანის საშინელი ხმა გავიგონე. ნახევრად მძინარე წამოვხტი ფეხზე (15 დღის განმავლობაში ტანზე არ გამიხდია). საკანში მელიასავით შემოიპარა ვიღაც ლაწირაკი, რომელსაც ქალის გრძელი, თეთრი შარფი ჰქონდა შემოხვეული. ეტყობა, ძალიან შეწუხებული გამოვიყურებოდი და ციხის თანამშრომლებმა განმიმარტეს – ომბუდსმენის წარმომადგენელიაო. თავად კი, თვალი თვალში რომ გავუყარე, ბოლოს ჩაილუღლუღა – იცით, პატიმრების რაოდენობას ვამოწმებთო. სინამდვილეში, თურმე, მას სხვა არცერთი საკანი არ შეუმოწმებია და ომბუდსმენისაგან აგენტად იყო გამოგზავნილი, წადი, მოულოდნელად ღამის 5 საათზე შეიპარე, ემანდ, შარაძე თბილ საწოლში არ იწვესო სადმე კაბინეტში! თუმცა, რა უნდა ელაპარაკო კაცს, რომელმაც საკუთარ გვარზე თქვა უარი და სვანები მოსაკლავად დასდევენ! ფაქტია, რომ ის აგენტი “ომბუდსმენ” სოზარ სუბარისგან სიტუაციის დასაზვერავად იყო შემოგზავნილი. საქმე ის გახლავთ, რომ წინა დღით (მე არ ვიცოდი) ჩემი ადვოკატი შეხვდა სოზარ სუბარს, მას კი უთქვამს: ბიძაშვილი დამეღუპა, სვანეთში ვიყავი და ხვალიდანვე მივხედავ ამ პრობლემასო. ამ ფაქტიდან მეორე დღეს კი ამჯერად მეორე ადვოკატმა ჩემი აღშფოთების შესახებ მოახსენა მას და იცით, რა უთხრა? დაცვა კი არა, ჩემი ნება რომ იყოს, 2 წელს მივარტყამდიო! ხოლო ადამიანის უფლებათა მეორე “დიდმა დამცველმა”, რომელიც თავს დედა ტერეზას და პრინცესა დაიანას ადარებს, განაცხადა, გურამ შარაძე თუ პირადად არ მომმართავს, ხმას არ ამოვიღებო! უმალ “კაპეზეში” კი არა, მაგადანზე წავალ სიამოვნებით, ვიდრე ელენე თევდორაძის წინაშე დავიჩოქებდი და დახმარებას შევთხოვდი!

– თუმცა, მიუხედავად ამ განცხადებისა, თქვენი საკნის კარი დათქმულ დროს – 2004 წლის 9 დეკემბერს გაიღო…
– ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს ოჯახში, თურმე, უამრავი ზარი გაისმა მიუნჰენიდან, პეტერბურგიდან, პარიზიდან, საქართველოს ყველა კუთხიდან, მაგრამ ყველაზე ძვირფასი და განსაკუთრებული მაინც სხვიტორიდან, აკაკი წერეთლის მუზეუმიდან მოსული ზარი იყო – თქვენს აკაკი წერეთლის ტომეულს ველოდებითო, თუმცა, თქვენი ეს მოქმედება მრავალ ტომეულს სჯობიაო.

– 15-დღიანი პატიმრობის შემდეგ, საზოგადოება პირადად თქვენგან ელის პასუხს კითხვაზე – რატომ დააპატიმრეს პროფესორი გურამ შარაძე?
– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამ ხელისუფლების პოლიტპატიმარი გახლდით. არ მაპატიეს ის, რომ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ჩაფიქრებული შეთქმულება გავამჟღავნე და სიმართლეს ყოველთვის პირში ვეუბნები ილია ჭავჭავაძის მოძულე ხელისუფლებას. დიახ, ყველას გავაგებინებ, ვინ არიან მამა-შვილი გაბაშვილები. ავტომატმომარჯვებულებმა როგორ დაამხეს ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება, დაწვეს და გაანადგურეს თბილისი, გოგებაშვილის, ჩუბინაშვილის, გამსახურდიას მუზეუმები და არქივები. რა უყვეს მხატვრის სახლს – გენიალური ქართველი მხატვრების შედევრებს.

– რის საფუძველზე აცხადებთ ამას, გაქვთ სათანადო დოკუმენტები, რომლებიც თქვენს ნათქვამს დაადასტურებს?
– აქამდე ამით ორივე მამა-შვილი თვითონ ტრაბახობდნენ. როგორ, ახლა უარყოფენ?! სწორედ ამ დამსახურებისთვის დანიშნეს კოტე გაბაშვილი ჯერ ქალაქის მერად, შემდეგ გერმანიაში ელჩად. სხვათა შორის, როდესაც პირტიტველი ბიჭები აფხაზეთში მიჰყავდათ, მან თავისი გოკა გერმანიაში გადამალა. დღეს ეს მამა-შვილი მე მსვამს ციხეში! სად არის სამართალი?! რა დონის ცინიზმია!

– ბატონო გურამ, დღეს რომ არჩევანის წინაშე დადგეთ, რას იზამთ, კვლავ ჩამოხევდით პორნოგრაფიულ პლაკატებს?
– დიახ, აბულაძის გენიალური ფილმისა არ იყოს – მაინც ამოვთხრი! მაინც ჩამოვხევ! თუ გაგრძელდება საქართველოს ეკლესიის, ქართული ზნეობრიობის, მორალისა და ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა, ნურავის ექნება იმის იმედი, რომ გურამ შარაძე ბრძოლას შეწყვეტს. კიდევ უფრო დაუნდობელი ვიქნები!.. მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ილია ჭავჭავაძისა და ჩემი საჯარო შეურაცხყოფისათვის!..

ნატო ფოცხიშვილი
“ასავალ-დასავალი”, 13-19 დეკემბერი, 2004

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s