პატიმრობა

 
• ,,ის, რაც საზოგადოებას არ მოასმენინეს, ანუ რა ხდებოდა გურამ შარაძის სასამართლო პროცესზე?’’, “ასავალ-დასავალი”, 29 ნოემბერი – 5 დეკემბერი, 2004
• ,,როგორ იხსენებს გურამ შარაძე რეციდივისტების საკანში გატარებულ დღეებს’’,  “ალია”, 9-10 დეკემბერი, 2004
 15 დღე, რომელმაც შეძრა პატრიოტთა გულები! ,,ასავალ-დასავალი”, 13-19 დეკემბერი, 2004
 ,,გურამ შარაძე: “დამიჭირეს… “ჯორჯიან თაიმსში” ეს რა დაგიწერიაო!”, “კპზ”-ში დაწერილი ინტერვიუ, “ჯორჯიან თაიმსი”, 16-23 დეკემბერი, 2004
• ”მორჩი “რიჟა” “ბაზარს”, ახლა მე “სვაბოდაზე” ვარ და “დაახვიე” აქედან...”, “ქრონიკა”, 23-29 მაისი, 2005
• ,,ვისი დაკვეთით მიუსაჯეს გურამ შარაძეს პატიმრობა?’, “ჯორჯიან თაიმსი”, 13-20 აპრილი, 2006
• ,,გურამ შარაძე: სანამ პირში სული მიდგას, ვერ გამაჩუმებენ!’’, “ასავალ-დასავალი”, 17-23 აპრილი, 2006
• გურამ შარაძე: აღდგომას შვილის საფლავზე გასვლას არ მაღირსებენ, “ასავალ-დასავალი”, 24-30 აპრილი, 2006
• ,,გურამ შარაძე: უნივერსიტეტისა და საქართველოს გადასარჩენად მთელ სიცოცხლესაც შევწირავდი’’, “აისი”, 2 მაისი, 2006
• ,,გურამ შარაძე: “რამკიანი ხულიგნობა აღარ მაკმაყოფილებს და “ვჩალიჩობ” “რამკიანი” ქურდის ტიტული მოვიპოვო’’, “ჯორჯიან თაიმსი”, 4-11 მაისი, 2006
• ,,ინტერვიუ, რომლისთვისაც გურამ შარაძეს მესამედაც დაიჭერენ!”, “ქრონიკა”, 8-14 მაისი, 2006
• ,,გურამ შარაძე: დავიფიცე, რომ ჩემს უკანონო დაპატიმრებას არ შევარჩენდი”,   ,,არგუმენტი’’, 1-7 ივნისი, 2006

 

***

ის, რაც საზოგადოებას არ მოასმენინეს, ანუ
რა ხდებოდა გურამ შარაძის სასამართლო პროცესზე?

2004 წლის 25 ნოემბერი. თბილისი.
ასამართლებენ ქართული კულტურის მოამაგე პროფესორს.

ძვირფასო მკითხველო, რა გითხრათ, რით გაგახაროთ?! მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ილია ჭავჭავაძის ორტომეულის ავტორი, პროფესორი გურამ შარაძე დააპატიმრეს! მას ბრალად საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენილი მხატვრის რაფაელ ოლბინსკის პლაკატების დახევა ედება. არა, სამართალდამცავ ორგანოებს არაფერს ვედავებით, კანონიერების დაცვაში ღმერთმა ხელი მოუმართოთ! თუმცა, როგორც ერთ რიგით ჟურნალისტს, უფლება მაქვს, შევახსენო მკითხველს, რომ ილია ჭავჭავაძის ორტომეულის ავტორს სწორედ მისმა სიყვარულმა ჩამოაგლეჯვინა ეროვნულ გალერეაში პორნოგრაფიული პლაკატები და მიიყვანა იგი განსასჯელის სკამამდე… ყველაფერი კი ასე დაიწყო… ბატონმა გურამმა “ასავალ-დასავალის” 46-ე ნომერში საზოგადოების საყურადღებოდ საქართველოს პატრიარქის ილია II-ის დამხობის შესახებ განცხადება გააკეთა. ორიოდე დღეში, რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ყრილობაზე, მას თავად პრეზიდენტმა აუწია ყური და უზარმაზარი ცერემონიის გარკვეული ნაწილი შარაძის ლანძღვა-გინებას დაუთმო. და აი, ბატონი გურამ შარაძე დღეს წინასწარი დაკავების საკანშია, გიხაროდეთ! ის, რაც პრეზიდენტმა 22 ნოემბერს ყრილობაზე სიტყვიერად განაცხადა, 25 ნოემბერს ძალოვანებმა სისრულეში მოიყვანეს… მანამდე კი, ვიდრე პროფესორ შარაძეს ბორკილებს დაადებდნენ, სახელდახელოდ გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც “წვრილმანი ხულიგნობისათვის” 2400 დოლარის გადახდა დააკისრეს და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ძვირფასო მკითხველო, ჩვენ სწორედ ამ პროცესის სტენოგრამულ ჩანაწერს გთავაზობთ და სულგრძელად გიტოვებთ კომენტარისა და განსჯის უფლებას.

გურამ შარაძე 25 ნოემბერს დაახლოებით დღის 12 საათზე დააკავეს მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს წარმომადგენლებმა. 6-საათიანი დაკითხვისა და ლოდინის შემდეგ იგი მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მოსამართლე ზაურ მებონიას თავმჯდომარეობით სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა სხდომა…
სხდომის გასხნის შემდეგ სასამართლოს წინაშე საქმის მომკვლევი, პოლიციელი მერაბ უჭუჭიშვილი წარსდგა.
მომკვლევი პოლიციელი მერაბ უჭუჭიშვილი: 25 ნოემბერს, დაახლოებით 12 საათზე, ქალაქ თბილისის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მივიდა ბატონი გურამ შარაძე, სადაც მიმდინარეობდა გამოფენა. გამოფენილი იყო რაფაელ ოლბინსკის პლაკატები. გაურკვეველი მიზეზების გამო ბატონმა გურამმა ჩამოხია პლაკატები. ეს ნახატები ამოღებულია და როგორც ნივმტკიცება, ინახება.
სამხატვრო აკადემიის რექტორის, ბატონ გია ბუღაძის განმარტებით, თითო ნახატის ღირებულებაა 400 ამერიკული დოლარი. აქედან გამომდინარე, საერთო ღირებულება განადგურებული ნახატებისა შეადგენს 2400 ამერიკულ დოლარს, მაგრამ დამატებით კიდევ დგინდება და საბოლოოდ გაირკვევა, თუ რა ზარალი მიადგა სამხატვრო აკადემიის მეპატრონეს.
როდესაც ბატონი გურამი ანადგურებდა ზემოთ ნახსენებ რაღაც პლაკატებს, მომსახურე პერსონალმა მისცა სიტყვიერი შენიშვნა, რომ თავი დაენებებინა აღნიშნული ძალადობისათვის, მაგრამ მან კვლავ გააგრძელა პლაკატების განადგურება. ადგილზე მივიდა ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიცია და ქალაქ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის  თანამშრომლები. მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ბატონმა გურამმა მოგვცა განმარტება, დაადასტურა, რომ გაანადგურა რაღაც პლაკატები და აღნიშნა თავის ახსნა-განმარტებაში, რომ შეძლებისდაგვარად გადაიხდის განადგურებული პლაკატებით მიყენებულ ზარალს.
მოსამართლე ზაურ მებონია: აქვს თუ არა შეკითხვები გურამ შარაძის ადვოკატს?
ადვოკატი გულიკო გაბაიძე: მაქვს შეკითხვები. თქვენ ბრძანეთ, რომ გამოძახებული იქნა შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მივიდნენ ადგილზე. ვის მიერ იქნა გამოძახებული?
პოლიციელი: ანა ქავთარაძის მიერ, ეს არის თანამშრომელი, რომელიც მუშაობს საჯარო ბიბლიოთეკაში.
ადვოკატი: რაო, რა შეტყობინება გადმოგცათ ანა ქავთარაძემ?
პოლიციელი: ბატონმა გურამ შარაძემ გაანადგურა რაღაც პლაკატები.
ადვოკატი: გმადლობთ. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ ჯგუფს უშუალოდ ხომ არ უნახავს გურამ შარაძის მიერ რაიმე მოქმედება?
პოლიციელი: როდესაც ჩვენ მივედით შემთხვევის ადგილას, იქ უკვე იყო ადგილობრივი…
ადვოკატი:  ეს არ მიკითხავს! გურამ შარაძის რაიმე მოქმედება ხომ არ გინახავს?
პოლიციელი: რომ გვენახა, აღვკვეთდით ფაქტს.
ადვოკატი: არ მაინტერესებს. პირადად გამოძახებულმა ჯგუფმა გურამ შარაძის რა მოქმედება ნახეთ?
პოლიციელი: მისი მოქმედება დამთავრებული იყო.
ადვოკატი: არ მაინტერესებს. ვსიო! თქვენ არ იცით, რა იყო. არც დაწყება იცით და არც დამთავრება. ნახეთ თუ არა მისი მოქმედება? არა. კარგით. ზედმეტები არ მინდა… ეროვნული ბიბლიოთეკა, მაპატიეთ ახლა მე, არ ვიცი, სად არის, ბიბლიოთეკა და სამხატვრო აკადემია ერთ შენობაშია?
პოლიციელი: არა.
ადვოკატი: გმადლობთ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში დაფიქსირებულია: შევადგინეთ ოქმი ამიტომ, ამიტომ, ამიტომ, ამ დროსა და ამ საათზე. ხელი მოაწერა ამან და ამან. არ მოაწერა გურამ შარაძემ. გაკეთებულია მხოლოდ თქვენი შენიშვნა. ხომ არ დაინტერესებულხართ, რატომ არ აწერდა შარაძე ამ ოქმს ხელს? რა განაცხადა შარაძემ?
პოლიციელი: ბატონმა გურამ შარაძემ განაცხადა, რომ ის დეტალურ განმარტებას მისცემს ბატონ მოსამართლეს.
ადვოკატი: სულგრძელად მაპატიეთ. ხომ არ გაქვთ რაიმე ოპერატიული მონაცემები იმის შესახებ, რომ გურამ შარაძე 2004 წლის 25 ნოემბრამდე არის კიდევ ნაზიარები სასამართლოებს ნებისმიერი დარღვევისა და დანაშაულის გამო?
პოლიციელი: ასეთი ინფორმაცია პირადად ჩვენ არ გაგვაჩნია.
ადვოკატი: აბა, რა იცის გურამ შარაძემ, სად მისცემს განმარტებას. სად ნახეთ თქვენ პირველად გურამ შარაძე. ასწრებთ (მიმართავს სტენოგრაფისტს)?.
პოლიციელი: პოლიციის შენობაში.
ადვოკატი: რა იცის პოლიციის შენობაში წარდგენილმა გურამ შარაძემ, რომ ის სასამართლოში განმარტების მისაცემად განმწესდება 7 საათზე თუ ღამის 8 საათზე?
პოლიციელი: მას განემარტა თავიდანვე, რომ ბატონი გურამი წარდგებოდა სასამართლოში. ჩვენ მოვალენი ვიყავით, რომ მისთვის აგვეხსნა, რასაც ბატონი გურამი თვითონ დაასაბუთებს… ჩვენ გვქონდა მასთან…
ადვოკატი: თქვენ გნებავთ, თქვათ, რომ გურამ შარაძეს განემარტა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობანი?
პოლიციელი: კი.
ადვოკატი: რატომ არ მოგიწერათ ხელი ამ უფლება-მოვალეობებზე?
პოლიციელი: მან სიტყვიერად განმარტა, თუ რატომ მოხდა და რატომ ჩაიდინა…
ადვოკატი: არ გეკითხებით, რატომ მოხდა. ეგ უკვე ვთქვით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილს, რომელიც პოლიციაში უკვე წარდგენილი გყავთ და ვერ არის მთლად სასიამოვნო სიტუაციაში, თქვენ სიმშვიდის მოგვრის მიზნით უმარტავთ მის უფლებებს და შარაძე არ აწერს ხელს? რას ნიშნავს ეს. ლოგიკურია?! არ მოაწერა ხელი იმ უფლებებს, რომელსაც კანონი ანიჭებს მას და რომლითაც მან უნდა დაიცვას თავი. რამდენად ლოგიკურია თქვენი დასკვნა. მოდით, სხვა მიზეზი გამოვნახოთ, რაა?!
პოლიციელი: ბატონი გურამი აქ ბრძანდება. სჯობია მას პირადად დაუსვათ ეს შეკითხვა.
ადვოკატი: შარაძეს თუ ჰგონია, რომ დავინდობ, ცდება! ეგ უკვე ჩემი საქმეა. შევეკითხები.
– კარგით, ჩემო ძვირფასო, თქვენ ვისზე ბრძანეთ, რომ ეს ფაქტი შემატყობინაო?
პოლიციელი: ანა ქავთარაძემ, რომელიც არის თანამშრომელი. შემოვიდა შეტყობინება მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოში, რომ მოხდა ასეთი ფაქტი.
ადვოკატი: კი ბატონო. გმადლობთ. ბატონო მოსამართლევ, სულგრძელად მომიტევეთ, დანომრილი არ არის მასალები, ესეც ძალიან დიდი დარღვევაა. ყოველ შემთხვევაში, კანონი მოითხოვს ამას და არ არის გაკეთებული, მაგრამ რიგითობით მეექვსე ფურცელი არის მანდ?
მოსამართლე: ახლავე მოვძებნი.
ადვოკატი: დიახ.
ქალაქის მორიგემ თურმე ელსმენით შეატყობინა ამათ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შარაძე ანადგურებს გამოფენის ექსპონატებს. ვინ შეგატყობინა? ქავთარაძემ თუ მორიგემ?
პოლიციელი: ქავთარაძემ შეგვატყობინა და მორიგემაც გააფორმა შეტყობინება. იქ ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიცია ჩვენზე ადრე მივიდა. და არამც…
ადვოკატი: საპატრულო პოლიცია, რომელმაც გუშინ 17 წლის ბავშვი გამოსალმა სიცოცხლეს? ჩაცხრილა!
პოლიციელი: არ ვიცი, სად რა ჩაიდინეს, მაგრამ მე მოგახსენებთ კონკრეტულ ფაქტს.
ადვოკატი: კარგით, გმადლობთ. ნაცვალაძე ვინ არის პოლიციაში?
პოლიციელი: არის ქალაქ თბილისის მთწამინდა-კრწანისის საგამოძიებო სამსახურის უფროსი.
ადვოკატი: ტაკ. თქვენ, როგორც მომკვლევმა, უნდა იცოდეთ აუცილებლად, ნაცვალაძის ხედვით, რაში გამოიხატებოდა გურამ შარაძის წვრილმანი ხულიგნობა?
პოლიციელი: ეს შეეკითხეთ პირადად ბატონ გივი ნაცვლიშვილს.
ადვოკატი: მე თქვენი სახელი დამავიწყდა.
პოლიციელი: მერაბი.
ადვოკატი: ბატონო მერაბ, სულგრძელად მომიტევეთ. ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი იმ წინასწარი საგამოძიებო მასალების შესახებ, რასაც ნაცვლიშვილი გურამ შარაძის მიერ ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობის შესახებ ჟღენტს უგზავნის? თავს ნუ აქნევთ, ხმამაღლა თქვით!
პოლიციელი: არა.
ადვოკატი: არა. კარგით. ახლავე. ბატონო მერაბ, ჯერ ერთი, მე მოქალაქეობრივად უდიდეს სოლიდარობას გიცხადებთ, როგორც კეთილსინდისიერ პოლიციელს, ნამდვილ ჩეკისტს, რომელსაც უზარმაზარი სკოლა გაქვთ გამოვლილი, უბრალოდ, მე აქ ვდგევარ, თქვენი ოპონენტი ვარ და ცოტა უნდა შეგანჯღრიოთ. ეხლა მანდ არ დგას ჟღენტი. თორემ მას ვკითხავდი. რადგან თქვენ უფლებამოსილი ხართ, უწყების სახელით გამოხვიდეთ მართალი სასამართლოს წინაშე და თქვენი პოზიციები მოახსენოთ, ამ ნიშნით მე თქვენ გეკითხებით: ჟღენტი მიმართვას აწერს ხელს და ამბობს, მიგვაჩნიაო, ე.ი. სისტემას მიაჩნია, რომ სხვა ალტერნატიული ზომების გამოყენება არასაკმარისია დამრღვევი შარაძის მიმართო. რას გულისხმობს სხვა ალტერნატიული ზომების გამოყენებაში? ეს დამრღვევი აკადემიკოსი შარაძეა, სამართალში არყოფილი, მამულიშვილი, ერის მეჭირნახულე, მართლაც რომ ერის მაჯისცემას ყურს უგდებს სულგანაბული “და ღამე თენდება ეგრე მისდა და დღე ღამდება”. ეს  შარაძე გვყავს აქ და არა ვიღაც ქუჩის მაწანწალა, ვიღაც შარაძე, რომელმაც ქართველ საზოგადოებას მოაბეზრა თავი თავისი ეროვნული მრწამსიდან გამომდინარე, თუმცა, ვიღაცეებს მოაბეზრა თავი, მაგრამ არამც და არამც ქართველ ერს და ბერს, არამც და არამც ქართველ საზოგადოებას… რას გულისხმობთ სხვა ალტერნატიული ზომების გამოყენებაში? მე დიდი ადვოკატი ვარ. ასეთ წვრილმან საქმეზე არ დავდივარ და ამიხსენით, თუ გიყვარდე, რაა?!.
პოლიციელი: როგორც საჭიროდ ჩათვალეს, შედგენილია ტექსტი და გადმოეცა სასამართლოს. თქვენ შეგიძლიათ შეეკითხოთ მოსამართლეს.
ადვოკატი: რა არის სხვა ალტერნატიული ღონისძიება? – გეკითხებით, როგორც მომკვლევს.
პოლიციელი: რომ მის მიმართ არ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე.
ადვოკატი: არა, არა, ეს არ არის ალტერნატიული, ჩემო სიხარულო. რომ არ გავრცელებულიყო კი არა, რომ უნდა გავრცელდეს სხვა ალტერნატიული ღონისძიება. ეს არ არის საკმარი ამ მოუხელთებელის მიმართო და ამიტომ პასუხისმგებლობის ტვირთი სასამართლოს მხრებზე გადაგაქვთ. დამატებით მოითხოვთ სასამართლოსგან, 15 დღით აღუკვეთოს თავისუფლება მოუხელთებელ წვრილმან ხულიგანს. რას ნიშნავს ეს? თუ გიყვარდე, გამაგებინე?!
პოლიციელი: (დუმილი).
ადვოკატი: ია ჟდუ ოტვეტა ოტ ვას, დოროგოი. ვალდებული ხართ, მიპასუხოთ ამაზე. თქვენ წარუდგინეთ ეს დოკუმენტი ბატონ მოსამართლეს, თქვენთვის საკმარისი არ არის ის ალტერნატიული სასჯელები, რასაც კანონი ავრცელებს ადმინისტრაციულ-სამართალდამრღვევის მიმართ და ამიტომ დამატებით ითხოვთ კიდევ დამრღვევის მიმართ 15 დღით თავისუფლების აღკვეთას.
პოლიციელი: ვინაიდან აღმაშფოთებელი ფაქტია, ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ…
ადვოკატი: კარგით. თუ გიყვარდე. გია ბუღაძე, ქოიავა რომ შეცვალა და აკადემია ედემის ბაღად აქცია, საიდან იქნა გამოძახებული დაკითხვის ობიექტად?
პოლიციელი: ანა ქავთარაძე მას დაუკავშირდა მობილური ტელეფონით და როდესაც ოპერატიული ჯგუფი მოვიდა, ბატონი გია ბუღაძე უკვე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.
ადვოკატი: ბატონო მერაბ, ვისი საკუთრებაა ეს პლაკატები?
პოლიციელი: ბატონი გია ბუღაძის წარმოდგენით, აღნიშნული პლაკატები ეკუთვნის სამხატვრო აკადემიას, მისი განმარტებით. მე კონკრეტულად ახლა ვერ დავაკონკრეტებ.
ადვოკატი: ე.ი. რაიმე მტკიცებულება ჩვენ არა გვაქვს.
პოლიციელი: არავითარი. ამ ეტაპზე არა. ბატონმა გიამ თქვა, რომ აღნიშნული ერთი პლაკატის ღირებულება წარმოადგენს 400 ამერიკულ დოლარს.
ადვოკატი: ლადნო. ეს პლაკატგამოფენა გააკეთეს ამერიკისა და პოლონეთის საელჩოებმა, არა? ასეა დოკუმენტებში აღნიშნული.
პოლიციელი: რამდენადაც თქვენთვის ცნობილია.
ადვოკატი: ია პროტივ ვას ნიჩეგო ნე იმეიუ. ანა ქავთარაძეა ეს, არა?
პოლიციელი: ქვათაძე.
ადვოკატი: ქვათაძე ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის ცენტრის უფროსი… სად არის სარკაზმი და მასხრად აგდება ჩემი ყოფის?!
შემთხვევის ადგილის დათვალიერებას გურამ შარაძე დაესწრო თუ არა?
პოლიციელი: ბატონი გურამ შარაძე შემთხვევის ადგილის დათვალიერებას არ დასწრებია.
ადვოკატი: რატომ?
პოლიციელი: როცა ჩვენ მივედით, იქ არ იმყოფებოდა. რომ დაგვხვედროდა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოვალე იყო, გამომძიებელს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შეეყვანა, მაგრამ ვინაიდან ბატონი გურამ შარაძე არ ბრძანდებოდა იქ, ყველაფერი მოხდა კანონის დაცვით.
ადვოკატი: არ გედავებით. ესწრებოდა თუ არა? ვირს კუდი ეწვის. ამ პოზიციიდან ნუ გამოდიხარ.
პოლიციელი: არა, უკვე გასული იყო თავის სამუშაო ოთახში.
ადვოკატი: ბატონო მერაბ, როცა ჩამთავრდა ყველაფერი, როცა თქვენ მიბრძანდით, შემთხვევის ადგილი დაათვალიერეთ, შედგა შესაბამისი საპროცესო დოკუმენტები. გურამ შარაძე არ იმყოფებოდა ადგილზე, თავის სამუშაო ოთახში მუშაობდა. თავისი სამუშაო ოთახიდან იქნა წარდგენილი პოლიციაში?
პოლიციელი: კი.
ადვოკატი: წარდგენილი იქნა თუ თვითონ მოვიდა?
პოლიციელი: თანამშრომლებთან ერთად მოვიდა ბატონი გურამი, მე პირადად არ ვყოფილვარ.
ადვოკატი: რომელ თანამშრომლებთან?
პოლიციელი: შეეკითხეთ ბატონ გურამს, რომელ თანამშრომლებთან. მე პირადად ბატონ გურამისთან არ ვყოფილვარ. ამაზე კონკრეტულ პასუხს უკვე ვეღარ გაგცემთ. ჩვენი სამსახურის თანამშრომლებთან.
ადვოკატი: მოვიდა თუ წარმოდგენილ იქნა?!
პოლიციელი: პოლიციის თანამშრომლებთან ერთად წარმოდგენილ იქნა.
ადვოკატი: გმადლობთ. გმადლობთ. აი, ეს მინდოდა. რატომ მევაჭრები. რა უბედურებაა შიშველი ქალი წითელ ფერებში?! კარგით!.. ცნობისათვის, მე, პირადად, მიუხედავად ჩემი ემოციური გადატვირთულობისა, ამ ფაქტთან დაკავშირებით, რაიმე საპროცესო დარღვევებში თქვენ არ გედავებით. ჩემო ბატონო მერაბ, ერთ რამეზე გამეცით პასუხი – 15 დღით თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნა რამ განაპირობა – ჩადენილი ქმედების სიმძიმემ, გურამ შარაძის უარყოფითმა პიროვნულობამ თუ იმან, რომ გურამ შარაძემ ამ 15 დღეში არ ჩაიდინოს დანაშაული?!
პოლიციელი: მოსამართლე გადაწყვეტს.
ადვოკატი: მოთხოვნა რამ განაპირობა? მოსამართლე რასაც გადაწყვეტს, გავუსაჩივრებ.
პოლიციელი: მაგი ჰკითხეთ, ვინც ეგ მოაწოდა…
ადვოკატი: კარგით. ეს უკვე პასუხია. გმადლობთ. მე მეტი შეკითხვები არ მექნება.
მოსამართლე: ბატონ გურამს ვკითხოთ, ხომ აქვს შეკითხვები?
გურამ შარაძე: მე მაქვს შეკითხვები. დიახ. ბატონო მერაბ, თქვენ ბრძანეთ, რომ ბატონი გურამი მიბრძანდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და იქ ჩაიდინა ეს ქმედებაო. მე გეკითხებით, გურამ შარაძე რისთვის მივიდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში? თქვენ ეგ არ გითქვამთ.
პოლიციელი: თქვენი განმარტებით, სამუშაოდ მიხვედით.
გურამ შარაძე: გმადლობთ, მეორე შეკითხვა: თქვენ ბრძანეთ, ჩვენი პოლიციის წარმომადგენლები ბატონ გურამთან სამუშაო ოთახში მივიდნენო. ეს მოსამართლისა და ჟურნალისტთა კორპუსის წინაშე განაცხადეთ. გეკითხებით, რომელი სამუშაო ოთახი მაქვს მე ეროვნულ ბიბლიოთეკაში, როდესაც თქვენმა წარმომადგენლებმა მე წამომიყვანეს ჯანაშიას სახელობის მუზეუმიდან?
პოლიციელი: მე განვმარტე, როცა ბატონი გურამი მოიყვანეს, მე იქ არ ვყოფილვარ-მეთქი. მე ვიმყოფებოდი შემთხვევის ადგილზე, სადაც ხდებოდა შემთხვევის დათვალიერება, ყველა პროცესუალური ნორმების დაცვით.
გურამ შარაძე: თქვენი განმარტება არის უზუსტო და ამიტომ გეკითხებით: თქვენ უნდა აღიაროთ, რომ არ ბრძანდებოდით იქ და არ იცით. აი, ეს უნდა დაფიქსირდეს. შეკითხვა არა მაქვს.
გულიკო გაბაიძე: გურამთან მაქვს შეკითხვები და შეიძლება შევეკითხო?
მოსამართლე: ჯერ გურამის განმარტება მოვისმინოთ და მერე შეეკითხეთ.

გურამ შარაძის განმარტება სასამართლო პროცესზე:
– ბატონო მოსამართლევ, დღევანდელ დღეს, 25 ნოემბერს 2004 წლისა, ჩვეულებრივ, ჩემი სამუშაო დღე იწყება ან გრძელდება ბიბლიოთეკაში ან არქივში მისვლით. დღევანდელ დღეს მე მქონდა განსაზღვრული, გამეგრძელებინა მუშაობა ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებაში, სადაც გამოწერილი მქონდა შვეიცარიელი მოგზაურის იუგუარ დე მონტერეს წიგნი (გაიმეორეთ კიდევ ერთხელ, თუ შეიძლება? – ეკითხება მოსამართლე). ფედერიკო იუგუარ დე მონტერეს წიგნი. ეს არის გამოცემული შვეიცარიაში 1940-იან წლებში და ასევე მქონდა გამოწერილი დიდი რუსი ხელოვნებათმცოდნის, ქართული კულტურის დიდი მოამაგის, აკადემიკოს კონდაკოვის წიგნი, გამოცემული პეტერბურგში 1890-იან წლებში. მე დიდი ხანია ვმუშაობ შრომაზე – ექვთიმე თაყაიშვილსა და აკაკი წერეთელზე, ჩემი ილია ჭავჭავაძის ორტომეულის მსგავს წიგნზე… ეტყობა, ბევრმა არ იცის, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა სამი კორპუსისგან შედგება. მე მივედი მხოლოდ და მხოლოდ ქართველოლოგიის განყოფილებაში. ეს გამოფენა რომ სხვა კორპუსში ყოფილიყო, მას ვერ ვნახავდი და არც აღვშფოთდებოდი. ჩემი უფლებაა, როგორც მოქალაქის, შევალ ან არ შევალ სამხატვრო გალერეაში. ჩემი უფლება-მოვალეობაა, მივიღებ ან არ მივიღებ პორნოგრაფიულ ან არაპორნოგრაფიულ ხელოვნებას! ეს ჩემი, როგორც მოქალაქის, გემოვნებაა, მაგრამ მე იქ გასართობად, ჩემი ხელოვნების სიყვარულის თუ გემოვნების დასაკმაყოფილებლად არ მივსულვარ. მე მივედი ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნთსაცავს და არა მარტო სამხატვრო გალერეას. თან მე მივედი ქართველოლოგიის განყოფილებაში, რომელსაც დიდი ქალბატონი, წმინდანი, ჩვენი თამარ მაჭავარიანი ხელმძღვანელობდა ათეული წლების მანძილზე და რომელსაც დღეს ქალბატონი ქვათაძე წარმოადგენს. თქვენ თუ იქ ბრძანდებოდით ვინმე, შეურაცხყოფით არ ვამბობ ამას, თუ ბრძანდებოდით, დამიდასტურებთ, რომ ვერ შეხვალ ქართველოლოგიის განყოფილებაში, თუ არ გაიარე ე.წ. გრძელი დარბაზი, რომელიც მინით არის გადახურული. ეს არის ულამაზესი და უბრწყინვალესი არქიტექტურული ძეგლი და სწორედ ჯანაშიას მუზეუმში ქართული კულტურის დიდი მოამაგე უნდა მიმეყვანა და გადაგვეღო შემინული სახურავი და ბუნებრივი განათება. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიის ავტორებს, მწერლებსა თუ მკვლევარებს, რომლებიც ოღონდ კი გადაიღონ, და აკაკი წერეთელი ილიას ჰგავს თუ ილია აკაკის, წვერი აქვს თუ ულვაში… რას ჰგავს ჩვენი პოლიგრაფიული ხელოვნება?! თქვენ ეს კარგად იცით. ამიტომ მე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ უშუალოდ პირველწყაროებზე დაყრდნობით მოვიპოვო მასალა. ასე მაქვს შემოვლილი მთელი მსოფლიო – ამერიკა, ევროპისა და აზიის კონტინენტი და იქიდან ჩამოვიტანე ჩვენი ეროვნული განძი. ახლა აქ არის ეს განძი და იმას მე ხელს ან ენერგიას დავაკლებ? ეს რომ გამოფენის გახსნა ყოფილიყო, კიდევ მესმის, რომ შეგნებულად მივედი გამოფენის გახსნაზე და იქ მოვაწყვე დებოში.
აი, ამ მაგიდაზე, ბატონო მოსამართლევ, სადაც თქვენ ახლა მუშაობთ, რომ ჩამოგიკიდონ პორნოგრაფიული, ერთი, ორი, ათი, ოცი, ოცდაათი სურათი, ერთი სანტიმეტრი რომ არ იყოს დარჩენილი ადგილი პორნოგრაფიული სურათების გარეშე… შეურაცხყოფილი ვარ ზნეობრივი და მორალური თვალსაზრისით… ქალაქის მერი ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ საქართველოს დედაქალაქის სიწმინდე, ქართლის დედა, ქართლის დედა კი არ არის, ხელში ხმალი მტრის საწინააღმდეგოდ და თავისი მოყვრისთვის კი არ უჭირავს, ეს არის ქუჩის დედაკაცი, რომელსაც ერთ ხელში მამაკაცის უჭირავს, მეორეში საკუთარი… ასეთ ცინიზმამდე მიდის, ბატონებო! ამის მეგობარი და თავისუფლების ინსტიტუტის აღზრდილი ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ჯგერენაია, რომელმაც დაწერა, ბატონო მოსამართლევ, რომ ქართული ეროვნული სუფრა და მისი ტრადიციები არის მამათმავლობის სკოლა. ე.ი. ქართველები რომ ერთმანეთს ადღეგრძელებენ და შემდეგ ეხვევიან, ეფერებიან და კოცნიან, თურმე, ამ დროს შემზარავი აქტისთვის მზადებას იწყებენ და სულ მალე ეს გადაიზრდება ორგიებში. აი, ეს კაცი, იმის დამსახურებისთვის, რომ არის ჭიაბერაშვილის, რამიშვილის, ბოკერიას მეგობარი, თავისუფლების ინსტიტუტის აღზრდილი და სოროსის დაფინანსებული, დღეს არის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი მას შემდეგ, რაც მოსცილდა ეროვნულ ბიბლიოთეკას დიდი ჭირი – ლევან ბერძენიშვილი და ამ დამსახურებისთვის იგი დღეს პარლამენტის წევრი გახლავთ.
სერიოზულია ეჭვი, ბატონო მოსამართლევ, რომ ის პორნოგრაფიული, ავადმყოფური გამოფენა არის ინსპირირებული მისი დირექტორის ავადმყოფური ორიენტაციისა და ავადმყოფური მონაცემების გამო.
სამწუხაროდ, ეს პოლიციის წარმომადგენელი (გულისხმობს მერაბ უჭუჭიშვილს, რედ.), რომელიც დღეს მთელი დღე მეფერებოდა, თურმე მატყუებდა. ეს ყოფილა ცბიერი და ვერაგი კაცი. ჩუმად წამოუღია დოკუმენტი, სადაც 15 დღით დაპატიმრებას მიპირებენ და მე მეუბნებოდა, ბატონო გურამ, გადავიდეთ სასამართლოში, იქ თქვენ ხუთ წუთში გაგიშვებენ სახლშიო. გესმით? ეს ვინ ყოფილა?!
ეს გამოფენა-გაყიდვა იყო, არ ყოფილა ორიგინალები. ჩვეულებრივ ქაღალდზე დაბეჭდილი პლაკატები იყო. შეიძლება გია ბუღაძე, აკადემიის რექტორი ექსპერტი იყოს?!. 400 დოლარს აფასებს?! ლადო გუდიაშვილი თავის ნახატებს საბურთალოს ბაზარზე ლუკმაპურის ფასად ჰყიდდა. მან კი 400 დოლარად შეაფასა რეპროდუქცია! ეს ის გია ბუღაძეა, რომლის შვილმა ლაშა ბუღაძემ თამარ მეფის სარეცელი შეურაცხყო, მან დაწერა, რომ თამარის ქორწინების პირველ ღამეს, იმის მაგივრად, რომ თავის მომავალ მეუღლესთან ქორწინების პირველი ღამე გაეტარებინა, მისი მეუღლე გადაუბრუნდა კატას და კატასთან დაამყარა… თამარი კი ნერწყვმომდგარი უყურებდა ამას.
მოსამართლე: მთავარ თემას დავუბრუნდეთ.
გურამ შარაძე: ფაქტებზეა საუბარი, ბატონო მოსამართლევ. აი, ასეთი შვილის გამზრდელი, რომელიც აკაკის და ილიას – ჩვენს ეროვნულ სიამაყეებს ისეთ რაღაცეებს აბრალებს, რომელსაც მე აქ, უბრალოდ ვერ გავიმეორებ, ციტირებას ვერ მოვახდენ და საფლავში ვერ გადავაბრუნებ… და მან, სამხატვრო აკადემიის რექტორმა რეპროდუქციები 400 დოლარად შეაფასა და მე ვიღაცას პორნოგრაფიულ სურათზე მაკისრებს 3000 დოლარამდე ფინანსურ ჯარიმას?!
თქვენ სწორი ბრძანდებით, ავცდით საქმეს. მე მოვითხოვე ქალბატონ ჟანასაგან… ეს ქალბატონია თამარ მაჭავარიანის გზის გამგრძელებელი?! ქალბატონი თამარ მაჭავარიანი, ქრისტინე სარაჯიშვილი, თინა ნაკაშიძე – მეოცე საუკუნის ეს სამი ქალბატონი არის მეოცე საუკუნის ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე. ისინი დღე და ღამე შრომაში უჩუმრად ატარებდნენ და ისე უვლიდნენ და გადასცემდნენ მომავალ თაობას ქართული წიგნის ფასს, უზარმაზარ მემკვიდრეობას, როგორც კი პარლამენტში შევედი, ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურის სამინისტროს გამოვტაცე, გადავიყვანე პარლამენტის შემადგენლობაში, ისევე, როგორც კონგრესის ბიბლიოთეკაა ვაშინგტონში. ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელსაც არც გათბობა ჰქონდა, არც სინათლე და წყალი, დღეს გათბობაც აქვს, წყალიც და სინათლეც და თანამშრომლებს ხელფასებიც გაუზარდეს. მე იქ არ დავბადებულვარ, თორემ გავიზარდე და დავბერდი!
როგორ ფიქრობთ, ბატონო მოსამართლევ, მე ქართველოლოგიის კაბინეტში ვიჯდე, ვიღებდე თამარის ჯვარს, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადაცემულ საგანძურს და ვიღაცა პოლონელმა ავადმყოფმა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ხელშეწყობით თავზე ჩამომიკიდოს პორნოგრაფიული სურათი?!. მე თქვენ გეკითხებით, როგორც მოქალაქე, არის თუ არა ეს უფლებების შელახვა?! ჩემი სამუშაო პირობების დარღვევა, ჩემი ღირსების შელახვა! ვერც კი დაგისახელებთ, ისეთი სამარცხვინო რამ იყო! ზოგიერთებმა თქვეს, რომ შიშველი ქალის დახატვა დიდი ხელოვნებაა. თითქოს მე არც ანტიკური ხელოვნება ვიცი, არც რომაული ხელოვნება ვიცი, არც ბიზანტიური, არც იტალიური აღორძინება, არც ტიციანი გამიგონია, არც ლეონარდო და ჯოკონდა მინახავს ლუვრში! მსოფლიოს ყველა მუზეუმში ვყოფილვარ, თან ერთხელ კი არა! – ბრიტანეთის მუზეუმი, ლუვრი, მეტროპოლიტენის, ვაშინგტონის გალერეა, პეკინი… მოსკოვზე, პეტერბურგზე და ერმიტაჟზე არ არის ლაპარაკი. მთელი ცხოვრება იქა მაქვს გატარებული. შიშველ ნატურაზეა ლაპარაკი თუ პორნოგრაფიაზე?! ლეონარდოს  ჯოკონდას რომ პორნოგრაფიულად დაამახინჯებ, მე ამის დაცვის უფლება არა მაქვს, ბატონო მოსამართლე?!. როდესაც მე, მკითხველ გურამ შარაძეს, რომელიც ეროვნულ სიწმინდეებზე ვმუშაობ, თავზე მიკიდია შიშველი ქალი, რომლის საშოშიც მამაკაცის სატანური თვალია ჩახატული, ასეთ პირობებში ვერ ვმუშაობ. მოვიდა კულტურის მინისტრი გაბაშვილი და მეუბნება – თქვენ ველური ხართ, არ იცით ნამდვილი ხელოვნების ფასიო. ამას მეუბნება გოკა გაბაშვილი. უდიდეს პატივს ვცემდი მის ბაბუას, რომელიც იყო დიდი ნევროპათოლოგი და მოქალაქე. ხომ გადაბრუნდება პროფესორი გაბაშვილი საფლავში?! მისი შვილიშვილი მოდის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, იყენებს მის კედლებს შეურაცხყოფისათვის, მკითხველის, მამაკაცის მოქალქეობრივი პატივმოყვარეობის შელახვისათვის და მე ჯოკონდას დაცვის უფლება არ მაქვს, ლეონარდოს დაცვის უფლება არ მაქვს?!. ვინ არიან ესენი! ვინ მისცა მათ ამის უფლება! გარდა ამისა, გამოირკვა რიგი ფინანსური საკითხები. ეს არის ყველაზე მეტად შემაშფოთებელი!.. ვთხოვე ჟანა ქვათაძეს, დამაკავშირე დირექტორ ჯგერენაიას ან მოადგილეებს-მეთქი. ყველა იმალებოდა და არავინ მოვიდა. ვუთხარი, ჟანა, მე ამას ჩამოვაგდებ, იცოდე და დავხევ. ამ პირობებში მე ვერ ვიმუშავებ-მეთქი. ეს არ გააკეთეს. ამასობაში მოვიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების  გამგე, ქალბატონი გედენიძე ნინო, მითხრა – ბატონო გურამ, რას გვიშვები, ჩვენ ხომ თქვენ დიდ თაყვანს გცემთ! მეც დიდ თავყავნს გცემთ, მაგრამ როდესაც ეროვნულ ბიბლიოთეკას და მის კედლებს პორნოგრაფიის და ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ ორგანოდ აქცევთ, ამას ვერ შევეგუები-მეთქი. გია ბუღაძეს ვუთხარი, წაიღე შენს სამხატვრო აკადემიაში, ოჯახში. აკადემია ხომ გაქვთ, გალერეა ხომ გაქვთ და იქ გამოფინეთ-მეთქი. ამაზე მიპასუხეს – ჩვენ მოგვცა ფული ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მაილსმა, მან დააფინანსა ეს გამოფენაო. ეს ის მაილსია, რომელმაც სოროსთან ერთად შარშან “ვარდების რევოლუცია” მოაწყო. მერე განათლების კანონით შეურაცხყო ქართული სკოლა და “ვეფხისტყაოსანი” და ჰაგიოგრაფია. ახლა ეროვნული ბიბლიოთეკის კედლები უნდა შეურაცხყოს-მეთქი, ვუპასუხე და მაშინ იყო, რომ ჩამოვგლიჯე სურათები… ადვოკატი არ შემოუშვეს. მე თვითონ გამოვედი, დავუკავშირდი ჩემს პრესცენტრს და ვაცნობე. ჩემგან გაიგეს ეს. ჩუმად არ გამიკეთებია. მთელი დღის განმავლობაში მირეკავდა “რუსთავი-2”, “იმედი” და ვეუბნებოდი, ნეტა ამისთანა საზოგადოებაში ვიყო პარლამენტში, აკადემიაში. თურმე აქ 15-დღიან პატიმრობაში მოვყევართ. გესმით! ასეთი ვერაგობა?! თორემ მე მაშინვე გავაპროტესტებდი ამას და მაშინვე დავაყენებდი მთელ მასმედიას და მსოფლიოს ფეხზე, რომ ასეთ ტყუილებს და ზეწოლას ჰქონდა ადგილი.
იმას ვამბობდი, რომ ჩვენ ამაში ფული მოგვცესო, მეუბნებოდა ჟანა ქვათაძე და ეს რომ ჩამოვიღოთ, მერე იმ ფულს ჩვენ აღარ მოგვცემენო. ე.ი. მიდის გახურებული ვაჭრობა თამარ მაჭავარიანის სავარძელში, ქართველოლოგიის დარბაზში, რომ ვინ რამდენი ფული გააკეთოს. გესმით, კაცო! თანაც უტიფრად მიცხადებენ, თურმე ამერიკული დოლარების გამო, ისინი იძულებული არიან, ეს სიბინძურეები ჩამოკიდონ.
ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკა საკუთარი ჯიბის გამდიდრების წყაროა, ბატონო მოსამართლე?!. რადგანაც იქ ვერ ვიმუშავებდი, პროტესტის ნიშნად დახეული ფურცლები დავტოვე, გამოვიძახე ბიბლიოთეკის დაცვა და ბიბლიოთეკარის თანხლებით გადავიტანე ჯანაშიას მუზეუმში და იქ გავაგრძელე მუშაობა. სამუშაო ოთახი ეროვნულ ბიბლიოთეკაში წამართვეს, ბატონო მოსამართლე, და იძულებული გავხდი, მუშაობა ჯანაშიას მუზეუმში გამეგრძელებინა. მშვიდად ვმუშაობდი, დამადგნენ თავზე და ძალიან თავაზიანად წამიყვანეს. რად მინდა თავაზიანი მოპყრობა, თუ ზურგში მახვილს ჩამცემენ?! მე მირჩევნია, წინიდან მესროლონ, წინიდან ჩამარტყან შუბლში, ვიდრე უკნიდან მომეპარონ. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ არ დაენახათ, როგორ დამაპატიმრებდნენ.
როგორც მოსამართლეს და ქართველ ადამიანს, გეკითხებით, ბატონო მოსამართლევ, ამდენი უბედურება შეიძლება? – ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ქალაქში, მერიაში, უნივერსიტეტში, აკადემიაში… ამიტომ ჩემი დღევანდელი მოქმედება იყო დიდი მორალურ-ფსიქოლოგიური სტრესი. ასეთი პროტესტის გარდა, სხვა გზა ვერ ვნახე. სხვაგვარად ვერ მივიპყრობდი ხელისუფლების, მსოფლიოს ყურადღებას, თუ რა ხდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის საკუთრებაა, გამობრძანდეს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და, როგორც იურისტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, თქვას: აქვს თუ არა იმის უფლება, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში პორნოგრაფიული გამოფენის ხარჯზე ჯიბეები გაისქელონ.
ადვოკატი გულიკო გაბაიძე:  ბატონო გურამ, თქვენი მონათხრობიდან გარკვეული შთაბეჭდილების ქვეშ აღმოვჩნდი და შემექმნა გარკვეული აზრი, რამდენად დამიდასტურებთ, არ ვიცი, მაგრამ მე მაინც უნდა შეგეკითხოთ – იმ აქტუალურ სიტუაციაში, როდესაც თქვენ სამუშაოდ შედიხართ ბიბლიოთეკაში და ეს თქვენი პირველი შესვლა არ არის, მოხვდით თუ არა უხერხულ სიტუაციაში პორნოგრაფიული სურათების გამო? იმ აქტუალურ სიტუაციაში აღმოჩნდით თუ არა უზარმაზარი უარყოფითი ემოციური დატვირთვის ქვეშ? – მიპასუხეთ – კი ან არა?
გურამ შარაძე: დიახ, კი.
ადვოკატი: ამ აღშფოთებამ ჩაგაგდოთ თუ არა უზარმაზარი ფსიქოლოგიური დატვირთვის ქვეშ?
გურამ შარაძე: დიახ, ქალბატონო გულიკო. მინდა, დაგიდასტუროთ. “რუსთავი 2”-ის კორესპონდენტი ეკა ქადაგიშვილი დამიკავშირდა ტელეფონით და გადავედი მაშინვე. არ დავმალულვარ. პირიქით, გამიხარდა, რომ გაჭრა ჩემმა მოქმედებამ. მანამდე ორი ცალი მქონდა განადგურებული.
ადვოკატი: აი, განადგურებამდე გეუბნებით.
გურამ შარაძე: არა.
ადვოკატი: თქვენ ბრძანეთ, რომ უარყოფითი ემოციების ბატონობის ქვეშ ხართ და მიზეზიც გაქვთ. უარყოფითი ემოციების ბატონობა პლუს გამაღიზიანებელი პირობები. ამ კონკრეტულ სიტუაციაში იყო თუ არა თქვენი ფსიქოლოგიური დატვირთვის ხელშემწყობი პირობა?
გურამ შარაძე: დიახ, კი.
ადვოკატი: კარგით. იმ აქტუალურ სიტუაციაში, როცა პროტესტის ნიშნად ჩამოგლიჯეთ პლაკატები, თუნდაც, დახიეთ, თუნდაც, დაწვით ან გადააგდეთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი მოქმედება გააზრებული იყო თუ იმპულსური?
გურამ შარაძე: იმ აქტუალურ სიტუაციაში იყო იმპულსური, მაგრამ გამომდინარე იმ შეურაცხმყოფელი…
ადვოკატი: ეგ უკვე ვთქვით.
გურამ შარაძე: დიახ. იმპულსური.
ადვოკატი: განაპირობა თუ არა, აი, ამ იმპულსის გასვლამ თქვენი მოქმედების შეწყვეტა?
გურამ შარაძე: დიახ, რა თქმა უნდა. კიდევ ვამბობ, მე რომ გადავედი ჯანაშიას მუზეუმში…
ადვოკატი: აღარ მინდა. არა. ე.ი. განაპირობა. ამ ემოციური დატვირთვისაგან განთავისუფლებულმა გაიაზრეთ თუ არა თავდაპირველი პერიოდის თქვენი მოქმედებები და ამან განაპირობა თუ არა იმ პოლიციელის (რომ გეფერებოდა და თან მახეს გიგებდა) მისამართით ნათქვამი სიტყვები: თუ რაიმე ზიანი მივაყენე, ჩემი ხელფასიდან შეძლებისდაგვარად ავანაზღაურებო. ე.ი. განაპირობა თუ არა თქვენი პოზიცია – მიყენებული ზარალის თქვენი ხელფასიდან შეძლებისდაგვარად ანაზღურების შესახებ იმ გარემოებამ, რომ თქვენ უკვე განთავისუფლდით იმპულსურობისაგან და დაწყნარებული გონებაზე ანალიზი გაუკეთეთ თქვენს ზემოაღნიშნულ ქმედებას. კი ან არა.
გურამ შარაძე: დიახ.
ადვოკატი: ვსიო. მეტი შეკითხვა აღარა მაქვს.
მოსამართლე: დაცვას მოვუსმინოთ. ყურადღებით გისმენთ.
ადვოკატი გულიკო გაბაიძე: ბატონო მოსამართლე, მაქსიმალურად მესმის დღევანდელი შექმნილი სიტუაციის საგანგებობა, მაგრამ საყვარელი მამაა პლატონი, თუმცა, სიმართლე ყველაზე უფრო საყვარელია! ბუნებრივია, დავის საგანი ვერ იქნება, რომ პოლიცია თავის სამრეკლოდან ემსახურება თავის საქმეს, ის იქ დგას და სხვაგვარად არ შეუძლია. ამიტომ გურამ შარაძის ქმედების გამამართლებელ ელემენტებს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა დოკუმენტებში ვერ ჩადებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემას შესაძლებლობა არ მიეცემოდა, თუნდაც ერთი დღის განმავლობაში შეელახა გურამ შარაძის დიადი და კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლება, როგორც მოქალაქისა და როგორც აკადემიკოსის. გურამ შარაძის ემოციებზე საუბარი კონკრეტულ სიტუაციაში ზედმეტია, რადგან გურამ შარაძემ თავისი ეროვნულობით თანამედროვეობას თავი მოაბეზრა და როგორც რუსები ამბობენ: პოდელომ ემუ პოდელომ. დიახ. ბატონ მერაბთან გასაუბრებისას გამოირკვა, რომ ვერ ყოფილა მთლად ისე საქმე, როგორც მასალებშია წარმოდგენილი. თურმე, ბატონ შარაძეს მართლაც ჰქონია ობიექტური და რეალური, არასაეჭვო, ნამდვილი პირობები აღშფოთებისა, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ქართულ ეკლესიასთან გათანაბრებულ ქართულ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ჩვენი ქვეყნის სასიქადულო მამულიშვილები აღამ-ათენებდნენ და ეროვნულ საგანძურს ქმნიდნენ, აი, ამ ქართული ეროვნული სიწმინდის საცავში, ამერიკისა და პოლონეთის საელჩოს გაერთიანებული დოლარული დახმარების შედეგად გახსნილი ყოფილა პორნოგრაფიული ცენტრი, სადაც… თვალი შავი იყო გურამ იმაში? (სიცილი დარბაზში…)
ადვოკატი: არა, ხომ შეიძლება, ცისფერი იყოს, მაგრამ ცისფერი და წითელი ვერ მოდის. შავი და წითელი, არა? სტენდალთან არა მაქვს საქმე, მაგრამ მაინც, კლასიკური შეხამებაა, არა?.. სადაც წითელ ფერებში გამოსჭვივის მამაკაცის შავი თვალი. ეს შტრიხია, თვალში საცემი რომ იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ… უფლისგან შექმნილი მამაკაცი, რომელსაც იგივე უფალმა ეროვნულობა და გონება-გამჭრიახობა დააბერტყა, მძიმე ჯვრად ატვირთვინა ერისადმი დაუღალავი და ერთგული სამსახური და რომელიც ღმერთმა ნამდვილ მამაკაცად მოავლინა ამ ქვეყანაზე. ბუნებრივია, ამ ფერებში წარმოდგენილი შიშველი ქალი, ასეთ კედელზე, ამ ფერებში გამოხატული მამაკაცის შავი თვალი, დიახაც, რომ არამცთუ რისხვის ემოციებში ჩააგდებდა შარაძეს, თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მე ძალიან მაღელვებს შარაძის ფსიქიკური მდგომარეობა ერთი-ორი თვის მანძილზე ამ ემოციური დატვირთვის ქვეშ, გურამ შარაძის ინდივიდუალურ-პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე . გურამ შარაძეს ფსიქიკა შეერყა ამ საშინელი სანახაობის გამო, რამაც გამოვლინება ჰპოვა მის იმპულსურობაში: არაგააზრებულ მოქმედებაში (აი, ეს ჩამიწერეთ ოქმში), არამედ უნებლიე მოძრაობაში და ამ მოძრაობის შედეგია გამაღიზიანებლის თავიდან მოცილების მეცადინეობა. მე არ ვავალდებულებ კრწანისი-მთაწმინდის შინაგან საქმეთა სამმართველოს მთლიან შემადგენლობას და, საერთოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზიარონ დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიას, წაიკითხონ რუბინშტეინი, ეზიარონ გურჯიევს, იცოდნენ ხაჭაპურიძე და ა.შ. მაგრამ ღმერთმა კაცი მარტო ჭამისთვის და დასაძინებლად რომ არ გააჩინა და ის არის ემოციების ერთად შეკრული ერთი მთლიანი ბურთულა, ეს არ არის მხედველობაში მისაღები?! ეს მაინც უნდა იცოდეს პოლიციამ, თუ ის შარაძის ფსიკო-ფსიქოლოგიური დატვირთვის ელემენტებს არ შეიტანდა თავის მასალებში, ის მაინც გაერკვია, რამ გააგიჟა ეს კაცი, რომელიც ჩასახვის მომენტიდან შეჰღაღადებს და შესტირის გასაცოდავებულ, გაძარცვულ და გაბახებულ ეროვნულ სინამდვილეს, აგურს აგურზე ადებს, თავისი ნერწყვით აწებებს, რომ იქნებ რაიმე საცავი გამოუნახოს 3000-წლოვან ხელშეუხებელ და გოლგოთის გზაზე გამოვლილ ქართულ ეროვნულ სიწმინდეებს და საგანძურს. დღეს ეს ადამიანი წარმოჩინდა, როგორც წვრილმანი ხულიგანი. ბატონებო, გესმით რაშია მთელი უბედურება?! გურამ შარაძე იმდენად დააკნინეს ამათ, რომ ხულიგნობის რანგშიც არ აიყვანეს, რომ მსხვილმანი მაინც ეწოდებინათ. ნუ, ია ტოჟე ვ ემოციი, ნე პტიცა გოლუბაია.
ახლა, რას გვეუბნება გურამ შარაძე და ამას ჩემთვის ყველაზე დიდი ღირებულება აქვს, რადგან თქვენ ისმენთ, ბატონო მოსამართლევ, თქვენმა ხელმოწერამ უნდა განაპირობოს გურამ შარაძის დღევანდელი ბედი. გურამ შარაძემ კანონისადმი პატივისცემის ნიშნით და კანონის მიერ მოსამართლის უფლებამოსილებისადმი პატივისცემით (პიროვნული რომ ვთქვა, რაღაცას დაგვაბრალებენ, ბატონო მოსამართლევ), აი, ამ ორი ნიშნით ალალად უპასუხა თქვენდა გასაგონად ჩემს შეკითხვას. როდესაც მან გამაღიზიანებელი მოიცილა, დაწყნარდა და გამოვიდა იმპულსურობის ბატონობის ქვეშიდან, უკვე გააანალიზა ის, რაც მოხდა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რაღაც ისეთი ვერ ჩაიდინა, მის მოქალაქეობრივ ქმედებას რომ შეესაბამება. რადგან მას პრეტენზიები წაუყენეს, რომ, თურმე, რაღაც ზიანი მიაყენა ვიღაცას თავისი მოძრაობის მაქსიმალური შეფასებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა იგრძნო და თქვა: შეძლებისდაგვარად ზარალს ავანაზღაურებო, გურამ შარაძის მოძრაობა – მისი შემდგომი ქმედება – 2004 წლის 25 ნოემბრის 12-ის ნახევრიდან ამ დრომდე მისი ტრაგიზმია, მისი ცხოვრების წესის, წესიერების შეუსაბამობა თანამედროვე ხელოვნურ და ბინძურ წინაღობებთან. აი, სწორედ მისი მსხვერპლია დღეს გურამ შარაძე, რომელიც, ჩემდა სამარცხვინოდ, ყველა ჟურნალისტის სამარცხვინოდ, ყველა დაცვის თანამშრომლის სამარცხვინოდ, დღეს განსასჯელის სკამზე ზის.
მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს. სისხლის სამართლის დამნაშავე, სამოქალაქო მოსარჩელე და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი გურამ შარაძე დღეს განიკითხება სასამართლოს მიერ, როგორც რაღაც წესრიგის დამრღვევი, ეს იქნება ადმინისტრაციული თუ ქიბროწასეული, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ის არის დამრღვევი. დამრღვევის სტატუსში კი გურამ შარაძის წარმოდგენა მთელი ერის ტრაგედიაა. მოუცილებელი სირცხვილი და მოუცილებელი პოზორ, ჩტო? მოუცილებელი ლაქა, ტაკ!
რა ვქნა, ბატონო მოსამართლევ?! ალბათ, მე რომ მანდ ვიჯდე, სხვა ხედვა მექნებოდა, მაგრამ… თქვენ უზარმაზარი არჩევანის წინაშე დგეხართ. ნუ მიიღებთ ბრმად ვიღაც ბუღაძის და ვიღაც უცნობი ექსპერტების პლაკატურ შეფასებას. არ არსებობს პლაკატი, რომლის ღირებულება შეიძლება იყოს 400 დოლარი. ზარალის შეფასება ჯერ კიდევ ძალიან დიდი კითხვის ქვეშ დგას. ჩვენ არ ვიცით, რა ზარალი მიაყენა, ვის მიადგა ეს ზარალი. ჩვენ არ ვიცით, ამ პლაკატების მესაკუთრე ვინ არის?! მე მაინც შეგახსენებთ, ბატონო მოსამართლევ, რომ გია ბუღაძე არის მწერალ, რა ჰქვია, ლაშა ბუღაძის მამა, რომლის წინაშეც თამარ მეფის ისტორიული ინტერესებიდან გამომდინარე, მოურიდებლად და დაუფარავად გაილაშქრა გურამ შარაძემ. ანუ შარაძესა და ბუღაძეს შორის არის დაუფარავი მტრობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო მოსამართლევ, დღეს გურამ შარაძეს ფეხი გადაუბრუნდა და, მადლობა უფალს, თქვა გია ბუღაძემ, ამ ლუკმას სხვას როგორ დავუთმობო, წერა და წერა, პავლიკ მოროზოვს გადააჭარბა. ამდენი რამ რომ ექნა მხატვრობაში, რის ბოტიჩელი, რა ბოტიჩელი… იგი, ვინაც გურამ შარაძის იმპულსური გამოვლინება გურამ შარაძის ადმინისტრაციულ გადაცდომად დააკვალიფიცირა, დაინტერესებულია გურამ შარაძის წინააღმდეგ, იქნება ეს პოლიტიკური სარჩელი, პირადი სარჩელი თუ ა.შ. საბოლოო ჯამში გურამ შარაძეს ბევრჯერ უქნიეს თითი ამ ერთი წლის მანძილზე, მაგრამ ვერ გააგებინეს და მოაბრძანეს იქ, სადაც ჯერ არს.
ბატონო მოსამართლე, ძალიან გთხოვთ, ვიცი, ცუდია თქვენი მდგომარეობა, მაგრამ კანონის დაცვა თქვენი მოვალეობაა და სხვა გზა არ გაქვთ. თავად კანონი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ წარმოდგენილი სამართალდამრღვევის ხარისხიდან გამოდინარე, გურამ შარაძის მიმართ სანქციები არ გაავრცელოთ. ფაქტის არარსებობის გამო კი არა, ამ ფაქტის ირგვლივ მტკიცებულებათა არარსებობის გამო. გმადლობთ.

მოსამართლემ დადგენილების გამოსატანად ნახევარი საათი ითხოვა. ეს მოკლე ინტერვიუ კი, განსასჯელი სკამზე მჯდომ გურამ შარაძესთან სწორედ მაშინ ჩავიწერეთ.
გურამ შარაძე: – ეს სიბინძურე ორიგინალური რომ იყოს, კიდევ სხვაა. ეს არის უბრალო ქაღალდზე დაბეჭდილი პორნოგრაფიული პლაკატები, რომლებიც გასამდიდრებლად იყო გამოფენილი.
მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოდის ქვეყნის და პარტიის ხელმძღვანელი და აცხადებს, რომ ილია ჭავჭავაძე ცოცხალი რომ იყოს, გურამ შარაძეს გაგლეჯდაო. ჩემი დაჭერა სწორედ პრეზიდენტის ამ სიტყვების გამოძახილია. ეს არის პოლიტიკური დევნა. მათ ვერ მაპატიეს ის, რომ ილია მეორის დამხობის გეგმა ჩავუშალე და ეს ფაქტი საზოგადოების სააშკარაოზე გამოვიტანე!..
ძალიან გულუბრყვილო და მიმნდობი ადამიანი ვარ. აი, ის პოლიციელი, რომელიც ჩემ წინააღმდეგ გამოდიოდა, მითხრა: ბატონო გურამ, თქვენ ჩემი და ქართველი კაცის კერპი ხართ, გეთაყვანებითო. წამომყევით სასამართლოში, 7-15 ლარამდე ჯარიმას გამოგიწერენ და ნახევარ საათში სახლში წახვალთო, ამ დროს კი 15 დღით თავისუფლების აღკვეთის შესახებ დოკუმენტი მზადდებოდა. 15 დღეს კიდევ რამდენი მიემატება, ღმერთმა იცის.
იმან კი არ შეურაცხმყო, რომ სასამართლოზე მოვედი და დღეს განსასჯელის სკამზე ვზივარ, მე ქართველი კაცის ორპირობამ შემზარა. რა მნიშვნელობა აქვს, პოლიციელია თუ აკადემიკოსი? ქართველი ხომ არის! ვინ ავალდებულებდა მას, რომ ეთქვა, კერპი ხარო.
– რამდენიმე წუთში მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება დღეს სასამართლო განაჩენი?
– სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება ჩემთვის, თუ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს. მე შვილი მომიკლეს და იმან ვერ დამადუმა, ახლა ვიღაცა პოლონელის პორნოგრაფიული ხუთი თუ შვიდი ნამუშევრის განადგურებისთვის უკან არ დავიხევ. დიახ, თუნდაც იმიტომაც, რომ ჩემი შვილის საფლავთან მისვლის უფლება მქონდეს!

რამდენიმე წუთის შემდეგ სასამართლო დარბაზში მოსამართლე ზაურ მებონია შემოდის. აი, ბატონი მოსამართლის განაჩენიც.
მოსამართლე ზაურ მებონია: სიწყნარე: ვაცხადებ დადგენილებას. 25 ნოემბერი. 2004 წელი, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მებონიამ ერთპიროვნულად განვიხილე მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოდან შემოსული მასალები მოქალაქე გურამ სევერიანის ძე შარაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. გამოვარკვიე, 2004 წლის 24 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაახლოებით 12 საათზე მოქალაქე შარაძემ დახია და გაანადგურა მხატვარ-პლაკატისტის რაფალ ოლბინსკის პლაკატები, რითაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე.
აღნიშნული დასტურდება მოქალაქე შარაძის განმარტებით, მოქალაქე ბუღაძისა და ქავთარაძის (ალბათ, მოსამართლე ქვათაძეს გულისხმობდა, ,,ა.-დ’’.) ახსნა-განმარტებებით, ასევე 2004 წლის 25 ნოემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით. სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგინდა, რომ მოქალაქე შარაძის მიერ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში განადგურებულია მხატვარ რაფალ ოლბინსკის მიერ ხელმოწერილი ექვსი პლაკატი. თითოეულის ღირებულება წინასწარი შეფასებით განისაზღვრა 400 აშშ დოლარით საქართველოს სამხატვრო აკადემიის რექტორის გია ბუღაძის განმარტებით, სამხატვრო აკადემიაზე მიყენებული ზიანის საერთო ოდენობამ შეადგინა 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 35-ე მუხლის გათვალისწინებით, კანონმდებლობის დარღვევად მიმაჩნია მოქალაქე შარაძის მიერ საქართველოს სამხატვრო აკადემიაზე დიდი ოდენობით ზიანის მიყენება, რაც გამოიხატა პლაკატების განადგურებით ჩადენილი დიდი ცინიზმით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგინდა, რომ მოქალაქე შარაძის მიერ დარღვეულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მოთხოვნები. ვიხელმძღვანელე რა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე, 35-ე, მე-40, 246-ე და 247-ე მუხლებით, დავადგინე მოქალაქე გურამ სევერიანის ძე შარაძეს, დაბადებულს 1940 წელს, მცხოვრებს თბილისში, ჭავჭავაძის #15, დაედოს ადმინისტრაციული პატიმრობის სახით სასჯელი 15 დღის ვადით, მოქალაქე გურამ შარაძეს დაეკისროს საქართველოს სამხატვრო აკადემიაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2400 დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.
დადგენილება საბოლოოა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
P.S. ბატონი გურამ შარაძე სხდომათა დარბაზიდან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა გაიყვანეს. მოსამართლე ზაურ მებონიამაც დაუყოვნებლივ დატოვა შემაღლებული ადგილი, სადაც მისი სავარძელი არის განთავსებული, თუმცა, ვიდრე ხალხისკენ ზურგით შემოტრიალდებოდა და კარისკენ გაემართებოდა, ალბათ, გაიგონებდა დარბაზში მყოფთა შეძახილებსაც – გვეცოდებით, მარტიონეტებო!

პუბლიკაცია მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა
“ასავალ-დასავალი”, 29 ნოემბერი – 5 დეკემბერი, 2004

 

***

როგორ იხსენებს გურამ შარაძე რეციდივისტების საკანში გატარებულ დღეებს 

15 დღე, რომელმაც შეძრა პატრიოტთა გულები!

გურამ შარაძე: “დამიჭირეს… “ჯორჯიან თაიმსში” ეს რა დაგიწერიაო!”
“კპზ”-ში დაწერილი ინტერვიუ

“მორჩი “რიჟა” “ბაზარს”, ახლა მე “სვაბოდაზე”
ვარ და “დაახვიე” აქედან…”

***

ვისი დაკვეთით მიუსაჯეს გურამ შარაძეს პატიმრობა?
(ქვეყნდება შემოკლებით)

საქართველოს ხელისუფლება ვერა და ვერ გასცდა მშ-ის (მოვალეობის შემსრულებელი) მმართველობას. რუსუდან ლორთქიფანიძე სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, რომლის კარიერა სააკაშვილმა მტკვარს გაატანა. ლომაიას ახალი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, გია ხუბუას კი, უნივერსიტეტში გამოჩენისთანავე, პრობლემა შეექმნა. იგი გურამ შარაძემ აკადემიის დანგრევაში დაადანაშაულა და სულ გამოხუბუებული ეძახა.
თუმცა, როგორც ვარაუდობდნენ, რეპრესიების მოყვარულმა ხელისუფლებამ შარაძის დაპატიმრება გადაწყვიტა. უნივერსიტეტის დაცვის უფროსს, ვინმე თამაზ წიკლაურს საჩივარი დააწერინეს, თითქოს შარაძემ უნივერსიტეტში ღონისძიება ჩაშალა, რითაც, თურმე, კანონი დარღვეულა.
ხოლო გია ხუბუას სასამართლოზე წარდგენილ წერილობით ჩვენებაში ნათქვამი იყო, რომ შარაძემ მას ქურდი ეძახა, რაც წარმოდგენილ ვიდეოკადრებზე დაფიქსირებული არ იყო, ანუ, იურიდიულად, ხუბუას ჩვენება ვერ დადასტურდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლე ზურაბ რუხაძემ მშვენივრად გაართვა თავი დავალებას და შარაძეს თხუთმეტდღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
იმედია, ხელისუფლება იმ ლაქიებს, რომლებმაც შარაძის დაპატიმრებაში მონაწილეობა მიიღეს, შრომას დაუფასებს და ახალ-ახალ ჩინ-მენდლებს ჩამოურიგებს. მათ შორის არ აწყენინებს არც მოსამართლეს, არც ვინმე წიკლაურსა და არც ხუბუას, რომელმაც აშკარად მოატყუა გამოძიება.
გია ხუბუა განათლების მინისტრის კადრია. კახა ლომაიამ რუსუდან ლორთქიფანიძე ჯერ კიდევ მაშინ შეიძულა, როდესაც მის არასოროსულობას სააკაშვილის დედის დაქალმა “პაწაწუნა ლომაიების” უნივერსიტეტში დანიშვნებზე უარი უთხრა. გამოსოროსებული ლომაია გამწარდა. ქოში უკუღმა ჰყარა და პრეზიდენტს ლორთქიფანიძის მოშორება “უბრძანა”.
სააკაშვილი ამ დროს რომში ყველს ყიდულობდა. თუმცა, როგორც ჩანს, გამოსოროსებულ ლომაიას თანხმობა პირდაპირ რომის ბაზრიდან განუცხადა და ლორთქიფანიძის კარიერამაც მაშინვე დაიწყო ხარაკირისთვის მზადება. სამაგიეროდ გამოცხვა გია ხუბუას კარიერა, თუმცა იგი შარაძემ იმდენი წყევლა-კრულა, რომ რექტორის საცოდავი მოვალეობის შემსრულებელი გრიპიანი ქათამივით სასწრაფოდ მოაშორეს იქაურობას.
მანამდე კი, ვიდრე ხუბუას “გრიპი” შეეყრებოდა, იგი უნივერსიტეტის დერეფანში ყოყლოჩინობდა, როდესაც მას მოულოდნელად ლეიბორისტი და პროფესორი ნესტან კირთაძე გადაეყარა.
– ქალბატონო ნესტან, არ მომესალმებით? – ჰკითხა დარცხვენილმა მშ-მა კირთაძეს.
– მოგესალმებით, მაგრამ არ მოგილოცავთ, გია, – ცეცხლზე ნავთი დაასხა ქალბატონმა კირთაძემ.
– თქვენ ხომ იცით, რომ რეფორმა საჭიროა, – არ დაიბნა ხუბუა და თემა შეცვალა…
ასე დაიწყო დიალოგი პროფესორ ნესტან კირთაძესა და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ გია ხუბუას შორის.
როდესაც საუბარი ზრდილობიან კამათში გადაიზარდა და ზრდილობიანი გაწევ-გამოწევის დაწყებას არაფერი აკლდა, მოულოდნელად საიდანღაც აკადემიკოსი გურამ შარაძე გამოჩნდა და ხუბუას გამოსოროსებულის, გამოხუბუებულისა და სხვა “საპატიო” ჩინ-მედლების მსგავსად, “სოროსის გამოზრდილის” ორდენიც ჩამოჰკიდა.
ბატონი გურამი როლში ისე შეიჭრა, რომ როდესაც ხუბუა დაცვის წევრებმა სასწრაფოდ, თითქმის ძალით გააგდეს უნივერსიტეტის შენობიდან, იგი მაინც მას აკრიტიკებდა და ზედ მარილივით აყრიდა სხვადასხვა ენაკვიმატურ ეპითეტებს. მართალია, შარაძის გამოსვლის ფინალი ხუბუას ყურებს აცდა, მაგრამ სამაგიეროდ, ტელეოპერატორებმა იყოჩაღეს და მისი ისტორიული რიტორიკა სულ ნაირ-ნაირი ვიდეოკამერების საშუალებით აღბეჭდეს.
სახელმწიფო უნივერსიტეტში კი დაპირისპირება მას შემდეგ გახურდა, რაც უნივერსიტეტის დაუმორჩილებლობის საბჭოზე, გია ხუბუას, როგორც უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატზე დაიწყეს მსჯელობა. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საბჭოს წევრები რექტორს სწვეოდნენ კაბინეტში, თუმცა ხუბუა ადგილზე არ იმყოფებოდა.
იგი ივანე ჯავახიშვილის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტების კონფერენციაზე იყო მიწვეული. ამის გაგების შემდეგ, პროფესორებმა ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში გადაინაცვლეს, მაგრამ მათთვის შესასვლელი კარი დაკეტილი აღმოჩნდა.
უნივერსიტეტის დაცვა მათ დარბაზში არ უშვებდა, რაც პროფესორ მზექალა შანიძის, აკადემიკოს გურამ შარაძისა და პროფესორ ნესტან კირთაძის აღშფოთების მიზეზი გახდა.
მცირე ძიძგილაობის შემდეგ, მზექალა შანიძე დარბაზში შეუშვეს. სხვები ისევ კარს მიღმა დარჩნენ. ამ ფაქტმა პროფესორებში აღშფოთება გამოიწვია. მათ შეძახილები დაიწყეს, რის შემდეგაც დაცვა იძულებული შეიქმნა კარები გაეღო. გია ხუბუა დარბაზში აღარ იყო. იგი პირადმა დაცვამ უკანა კარიდან გააპარა, მაგრამ საბოლოოდ “ახალი ცოცხი” ახალ ქოქოლას მაინც ვერ გადაურჩა.
გურამ შარაძე, აკადემიკოსი: “ლომაიას ვუწოდე გამოსოროსებული და ეს ფრაზა მთელმა საქართველომ აიტაცა. ახლა ხუბუას ვუწოდებ გამოხუბუებულს. იგი დანიშნა სააკაშვილმა და ლომაიამ საკუთარ დამქაშად და ჩაასკუპა ივანე ჯავახიშვილის სავარძელში.
გარდა ამისა, სურთ რუსუდან ლორთქიფანიძე გამოიყვანონ ჟანა დარკად. ის ისეთივე მონა იყო ლომაიასი, როგორიც ხუბუაა. ლორთქიფანიძემ ქუჩაში გაყარა მოსვლისთანავე რვაასი თანამშრომელი. მათგან ერთი უსულოდ დაეცა ხელფასის რიგში, როცა გაიგო, რომ ხელფასი არ მიეცემოდა იმიტომ, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. ლორთქიფანიძემ გააუქმა დიდი სამეცნიერო საბჭო და მან ჩაიდინა დანაშაული ერის წინაშე.
რაც შეეხება ხუბუას, ის იყო პირველი, ვინც თქვა, რომ მეცნიერებათა აკადემია უნდა დაიშალოსო. ეს კაცი უნდა იჯდეს ჯავახიშვილის სავარძელში? უნივერსიტეტი ვერასოდეს მიიღებს სააკაშვილისა და ლომაიას დამქაშებს და ხუბუას ურჩევნია, როგორც შემოვიდა ქურდულად, დღესვე წავიდეს ქურდულად უნივერსიტეტიდან. თორემ ორ თვეში ლორთქიფანიძის გზას გავუყენებთ”.
პირველი სკანდალი უნივერსიტეში შედგა. მას მომავალშიც არაერთი მოჰყვება. ჩვენი ინფორმაციით, გია ხუბუა საკადრო წმენდას გეგმავს, თუმცა ამას არ ახმიანებს.

ირაკლი მანაგაძე
“ჯორჯიან თაიმსი”, 13-20 აპრილი, 2006

 

***

გურამ შარაძე: სანამ პირში სული მიდგას, ვერ გამაჩუმებენ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გურამ შარაძე უკვე მეორედ, ხულიგნობის ბრალდებით, პატიმრობაშია. ბატონი გურამი პოლიციელებმა სწორედ მაშინ დააკავეს, როცა რესპუბლიკურ საავამდყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მეუღლის მოსანახულებლად იყო მისული. პროფესორის საქციელი ხულიგნობად პირველად საჯარო ბიბლიოთეკაში მხატვარ რაფაელ ოლბინსკის მასონური სურათების ჩამოხევის გამო შეფასდა, ამჯერად კი იგივე ბრალდება მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგ რექტორ-ადმინისტრატორთან, გია ხუბუასთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო წაუყენეს. დიახ, გურამ შარაძე გიორგი ხუბუას შეურაცხყოფის გამო გისოსებშია გამომწყვდეული, ქართული ენის, ტრადიციების, კულტურის, მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელნი კი საკუთარი ნამოქმედარით თავაწეულნი დააბიჯებენ.
“ასავალ-დასავალმა” გურამ შარაძეს ე.წ. კაპეზეშიც მიაწვდინა ხმა.

-ბატონო გურამ, რა იყო თქვენი დაკავების რეალური მიზეზი?
– მე დამაკავეს გამოსოროსებული ხელისუფლების, კერძოდ, ლომაიას მიერ უკანონოდ დანიშნული უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გამოხუბუებული ხუბუას წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტის გამო. მე მას პირში ვუთხარი – როგორ ბედავთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დანგრევის, თინათინ წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის დაქცევის, საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის “თავისუფლების ინსტიტუტის” არხად გადაქცევის შემდეგ, ახლა უკვე დიდი ივანე ჯავახიშვილის სავარძელში ჩაბრძანებას-მეთქი?!
არ უნდა მეთქვა? რაიმე ტყუილი ვუთხარი? ჩემ მიერ ჩამოთვლილ ბრალდებათაგან, რომელიმე სიცრუე ან ცილისწამება იყო? რატომ არ გამცა პასუხი? რატომ არ გააბათილა ჩემი ერთი ბრალდება მაინც და რატომ გაიპარა უჩუმრად უნივერსიტეტიდან?!
აი, ამ სიმართლის პირში თქმა არ მაპატია ხელისუფლებამ, და სწორედ ეს გახლავთ ჩემი დაკავების რეალური მიზეზი!
დამაკავეს მაშინ, როცა მე წამალი მიმქონდა ჩემს მეუღლესთან რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური მკურნალობის (რეანიმაციის) განყოფილებაში, მეთორმეტე სართულზე, სადაც იგი უკვე 30 დღეზე მეტია უგონო მდგომარეობაში იმყოფება ილია ჭავჭავაძის პროსპექტზე საკუთარ სახლთან ავტომანქანის დაჯახების შემდეგ. ვეხვეწე, ვემუდარე პოლციელებს (თანაც რამდენიმე ათეულს!) წამალი მაინც მიმატანინეთ მეუღლესთან და მერე, სადაც გსურთ, იქ წამიყვანეთ-მეთქი. არ მოემშვნენ, არავითარ შემთხვევაშიო, – მითხრეს და წამიყვანეს გლდანში, ადმინისტრაციულ სასამართლოში, სადაც არც “დაზარალებული” მხარე დამახვედრეს, არც პროკურორი, არც მოწმეები და ასე ჰაიჰარად მომისაჯეს 15-დღიანი პატიმრობა ე.წ. კაპეზეს ჯოჯოხეთურ პირობებში!
– რატომ აღმოჩნდით სასამართლო პროცესზე ადვოკატის გარეშე?
– ადმინისტრაციული სამართლის კოდექსით, ბრალდებულს აქვს უფლება 24 საათის განმავლობაში აიყვანოს ადვოკატი და შემდეგ გაიმართოს სასამართლო პროცესი. მოსამართლემ კი ამისათვის მხოლოდ ერთი საათი მომცა! საიდან უნდა მეპოვა მე ერთ საათში ადვოკატი, თანაც დაპატიმრებულს?! ასე დავრჩი დაცვის გარეშე! სასამართლოზე არ გამოცხადდა არც ხუბუა, რომ პროცესის დროს პირისპირ მემხილებინა მის მიერ უსინდისოდ შეთითხნილი, ტყუილებით სავსე საჩივარი – ჩემი დაბეზღება და მისი მთელი უსაფუძვლობა.
– უკვე მეორედ გაგასამართლეს, რა უნდათ თქვენგან, ბატონო გურამ?
– პირველად შარშანწინ იმისთვის გამასამართლეს და დამაპატიმრეს, თუ როგორ გავბედე ეროვნული ბიბლიოთეკის კედლებიდან ანტიმართლმადიდებლური და უფლის შეურაცხმყოფელი პლაკატების ჩამოგლეჯა და დახევა, მათ შორის, ერთ მათგანზე იოანე ნათლისმცემელი ქალის საშოში იყო ჩახატული!!!
ასეთი მკრეხელობა უნდა მომეთმინა?
ახლა უკვე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს მიადგნენ: უნივერსიტეტიდან ქუჩაში გაყარეს ასობით პროფესორ-მასწავლებელი, ახალგაზრდა ქალბატონი თამარ კეკელიძე უსულოდ დაეცა ხელფასის უიმედო მოლოდინში, როცა უთხრეს, შენ უკვე უნივერსიტეტიდნ გაგდებული ხარო. გააუქმეს უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო და შესაბამისად, ყველა საფაკულტეტო საბჭო, ქვეყნის პირველი უმაღლესი სასწავლებლის 23 ფაკულტეტი დაიყვანეს 6-ზე, უნივერსიტეტს წაართვეს სამეცნიერო ნაწილი, გააუქმეს შოთა რუსთაველის, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, კონსტანტინე გამსახურდიას, ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილის კაბინეტები და სხვა სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები და ინსტიტუტები… რომელი ერთი ჩამოვთვალო!
ახლა დღის წესრიგში დგას უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის 600 კაცზე დაყვანა-შემცირება!
ასე დააქციეს ჩვენი დედა-უნივერსიტეტი. ესეც არ იკმარეს, ივანე ჯავახიშვილის დიდი საქმის ბოლომდე დასასამარებლად ახლა გამოგზავნეს ვინმე ხუბუა! და ამაზე ხმა არ ამომეღო? ეს ყველაფერი მისთვის ბოლომდე პირში არ მეთქვა?
ჩემი გაჩუმება უნდათ და ამას რომ ვერ ახერხებენ, მერჩიან, ჩემო კარგო!
– რას ეტყოდით ციხიდან უნივერსიტეტის კომენდანტს თამაზ წიკლაურს და რექტორად სახელდებულ გიორგი ხუბუას?
– მათი საქციელი იყო არაკაცობის, არამზადობის და ჩაშვება-დაბეზღების კლასიკური ნიმუში! ხოლო ხუბუას სახელი ისევე სამარცხვინოდ შევა უნივერსიტეტის ისტორიაში, როგორც თედო ღლონტის, ივანე ვაშაყმაძისა და კარლო ორაგველიძის!
– ციხიდან გამოსვლის შემდეგ რას აპირებთ?
– არათუ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სანამ პირში სული მიდგას, ვერ გამაჩუმებენ!

თეა ასათიანი
“ასავალ-დასავალი”, 17-23 აპრილი, 2006

 

***

გურამ შარაძე: აღდგომას შვილის საფლავზე გასვლას არ მაღირსებენ…

აკადემიკოსი გურამ შარაძე კვლავ “ვარდების ხელისუფალთა” პატიმარია. პატიმარია საკუთარი აზრის გამოთქმისთვის, დედაუნივერსიტეტის სიწმინდისა და ქართული ცნობიერების დაცვისათვის, თანაც პატიმარია ხულიგნობის მუხლით, უნივერსიტეტის ახლად გამომცხვარი ხელმძღვანელისათვის – გია ხუბუასათვის შეურაცხყოფის მიყენების გამო, იმ ხუბუასი, რომელმაც ლორთქიფანიძის მიერ დაწყებული უნივერსიტეტის ნგრევის საქმე, ხელისუფლების მითითებით, უმოკლეს ვადაში უნდა დაასრულოს, იმ ხუბუასი, რომელიც, სტუდენტების სიტყვებით რომ ვთქვათ, “უნივერსიტეტის სათავეში ქუჩიდან მოვიდა და რომელიც… კახა ლომაიას მეგობარია.
თუ მოვლენებს თანმიმდევრულად მივყვებით, ჩნდება კითხვა – ვისი იზოლაცია მოახდინა ხელისუფლებამ საზოგადოებისგან, “ხულიგანი პროფესორის” თუ ზოგადად იმ პროტესტისა და იმ აზრის, რომელიც მათთვის ესოდენ მიუღებელია?!
ფაქტი ერთია, გურამ შარაძე 15 დღით ისევ ხელისუფლების პატიმარია და რამდენიმე დღის წინ, არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით “არამიანცის საავადმყოფოში” მოათავსეს.
23 აპრილს მთელი საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღესასწაულს მშვიდად შეხვდება ხელისუფლება, მშვიდად იდღესასწაულებს ხუბუაც, “ხულიგანი”, რომელიც მათ ცხოვრებას ურთულებს, საიმედოდ არის იზოლირებული. სამაგიეროდ, აღდგომის დღესასწაულს (ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ) იმაზე ფიქრით შეხვდება გურამ შარაძე, რომ ვერ შეძლებს შვილის საფლავზე ერთი სანთელი დაანთოს.
გადავწყვიტე, თბილისის #1 კლინიკურ საავადმყოფოში აღდგომის წინა დღეებში შემევლო. ბატონ გურამთან გასაუბრების საშუალებას რომ არავინ მომცემდა, წინასწარ ვიცოდი, მაგრამ, ხელისუფლების სიფხიზლემ მოლოდინს გადააჭარბა, პროფესორს არათუ პალატის კართან მდგარი, არამედ მის საწოლთან ჩამომჯდარი ბადრაგი იცავდა.
როცა თერაპიული განყოფილების მეორე სართულზე ასულს, #5 პალატის კართან არავინ დამხვდა, ვიფიქრე, ალბათ, ბატონი გურამის ნახვა პრობლემა არ არის და მას ისე არ ექცევიან, როგორც ნამდვილ დამნაშავეს-მეთქი. პალატის კარი თამამად შევაღე. ავადმყოფის საწოლის პირდაპირ ბადრაგი იჯდა, რომლის სიმშვიდე მხოლოდ ჩემმა გამოჩენამ დაარღვია და მყისვე კარისკენ მიბიძგა. თუმცა, მისი დიდი მცდელობის მიუხედავად, ბატონ გურამთან ორიოდე სიტყვით გასაუბრება მაინც მოვახერხე:
– როგორ გრძნობთ თავს, ბატონო გურამ?
– თქვენ ვინ ბრძანდებით?
– მე “ასავალ;-დასავალიდან” გახლავართ.
– როგორ და ძალიან ცუდად. როგორ უნდა ვიყო, როცა ვიცი, რომ აღდგომასაც აქ მომიწევს ყოფნა და შვილის საფლავზე გასვლის უფლებას არ მომცემენ!
სამწუხაროდ, ჩვენი საუბარი აქ შეწყდა. ბადრაგმა ოთახი დამატოვებინა და ძალზე საქმიანი გამომეტყველებით, ამჯერად პალატის კართან გააგრძელა “ქვეყნის სამსახურის” აღსრულება. მასთან გასაუბრება ამაოდ ვცადე. თითქოს ენა გადაყლაპაო, ჩემს ყველა კითხვას ირონიული ღიმილით და დუმილით პასუხობდა. როგორც ჩანს, ხელმძღვანელობიდან აქვს დავალება ასეთი, რომ არცერთი სიტყვა, თუნდაც უმნიშვნელოც კი… ძალიან შემეცოდა. ბატონ გურამთან გასაუბრებიდან ორი წუთის შემდეგ, მასთან მკურნალი ექიმი გამოიძახეს. როგორც ჩანს, ჩვენთან საუბარმა კიდევ ერთხელ მტკივნეულად შეახსენა, რომ აღდგომას შვილს სანთელს ვერ აუნთებდა საფლავზე და ამან, რა თქმა უნდა, ცუდად იმოქმედა. სამაგიეროდ, არც პროფესორის და არც შვილმკვდარი მამის ემოციამ ბადრაგზე არ იმოქმედა და სასწრაფოდ იქაურობის დატოვება მთხოვა. ამის მიუხედავად, გადავწყვიტე, ექიმის გამოსვლას დავლოდებოდი.
მარინა ცომაია, მკურნალი ექიმი: – ბატონი გურამი არასტაბილური სტენოკარდიის ნიშნებით შემოიყვანეს. კარდიოგრამაზე სერიოზული ცვლილებები იყო, არის წნევის მერყეობა. დინამიკა ამჟამად სტაბილურია, მაგრამ მაინც ითვლება, როგორც სტენოკარდიული შეტევა.
– მნახველებს თუ უშვებენ მასთან, თუნდაც ოჯახის წევრებს?
– შეიძლება ითქვას, რომ არა!

P.S. საქართველოში დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის ყველა ნიშანი აშკარაა: სანდრო გირგვლიანის მკვლელობას შს სამინისტროს მაღალჩინოსნები უკვეთავენ, თავად ეს უწყება კი საზოგადოებაში “მკვლელთა ბრიგადასთან” ასოცირდება, ბაჩო ახალაიას სურვილისამებრ, პატიმრებს უმოწყალოდ ხოცავენ, ეროვნული იდეების დამცველი პროფესორის პალატას კი ბადრაგი დარაჯობს. ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია იამაყოს, საქართველოში ჯერ არნახულ დემოკრატიული პრინციპებს დაედო საფუძველი!!!

ნონა ბენდელიანი
“ასავალ-დასავალი”, 24-30 აპრილი, 2006

 

***


 
გურამ შარაძე: უნივერსიტეტისა და საქართველოს გადასარჩენად
მთელ სიცოცხლესაც შევწირავდი

26 აპრილს 15-დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა აკადემიკოსი გურამ შარაძე. ბატონ გურამს მძიმე მარხვაში მოუწია სამართლიანობისათვის ბრძოლა, რისთვისაც დაისაჯა კიდეც, მაგრამ უფალი განსაკუთრებით დააფასებს მის ღვაწლს, რამეთუ: ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. ბატონ გურამს საპყრობილეში გატარებულ დღეებთან და გამართულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გავესაუბრეთ.

გურამ შარაძე: პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გაზეთ “აისს” და მთელს მასმედიას მხარდაჭერისათვის.
რუსეთის ისტორიამ დღემდე იცოდა ცრუდიმიტრი, დღეიდან საქართველოს ისტორიაში გაჩნდა ახალი ისტორიული პიროვნება – ცრურექტორი. მე ხელთა მაქვს სასამართლოში წარდგენილი ბატონი ხუბუას – უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ივ. ჯავახიშვილის “მემკვიდრის” ჩვენება, რომელიც პირველ რიგში უწიგნურობისა და უმეცრების ნიმუშია. 40-ზე მეტი შეცდომაა ამ ორფურცლიან ჩვენებაში. ცრუ და ყალბი ხომ არის… და ამავე დროს, ელემენტარული ქართული მართლწერის არცოდნის შედევრიც გახლავთ. მე აქვე მაქვს უნივერსიტეტის დაცვის უფროსის, ბატონი წიკლაურის ცრუ და ყალბი ჩვენებაც, თუმცა ორივესთვის წამძღვარებულ გამაფრთხილებელ ტექსტში ეწერა, რომ მოწმე ყალბი ჩვენებისთვის ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 371-ე მუხლებით. მთავარი სიცრუე არის ბატონი ხუბუას ჩვენებაში, რომ თითქოს მან გამომიგზავნა თავისი თანამშრომელი, რათა მის კაბინეტში გვესაუბრა… ცივილური მეთოდებით. ეს კი ნამდვილად უვიცობის კლასიკური ნიმუში გახლავთ პროფესიით იურისტის, უნივერსიტეტის რექტორის მხრიდან, რომელიც ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს ცივილურს და ცივილიზებულს. არ დაგვავიწყდეს, ეს “იურისტი” ივანე ჯავახიშვილის სავარძელშია ჩაბრძანებული. ეს განცხადება აბსოლუტური სიცრუეა. მას არავინ არ გამოუგზავნია ჩემთვის. თუ ვინმე აღმოჩნდება ბუნებაში და იტყვის, რომ მოვიდა ჩემთან, რათა ,,ცივილურად’’ გვესაუბრა რექტორთან, მე საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს, ასევე სიცრუეა, თითქოს ჩვენ დავამტვრიეთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის სააქტო დარბაზის კარები, საკეტებიც კი და შევიჭერით სხდომათა დარბაზში. ამ სიყალბესა და სიცრუეს ბრძანებს უნივერსიტეტის ე.წ. დაცვის უფროსი ბატონი წიკლაური, რის გამოც იგი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 371-ე მუხლებით. მაგრამ ამაზე შემდგომ. მანამ კი იმ ბრალდებებს, ცრუ ბრალდებებს მივუბრუნდეთ, რომელსაც ის ურცხვად “აფრქვევს”. კერძოდ, თითქოს ჩვენ შევიჭერით უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში, ავტეხეთ შფოთი და ჩავშალეთ დიდი ქართველი მეცნიერის ჯავახიშვილის 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელზეც, თურმე, როგორც ცრურექტორი ბრძანებს, ჩვენ მათ იმიტომ არ შეგვიშვეს, რომ დარბაზი გადაჭედილი იყო და ჩვენი ადგილი არ მოიძებნებოდა. მე თქვენ დაგისახელებთ ადამიანებს, ვინც იქ ბრძანდებოდნენ, მათ შორის: აკადემიკოსი მ. ლორთქიფანიძე, აკადემიკოსი რ. მეტრეველი, პროფესორი ნ. ხაზარაძე, პროფესორი გ. ოთხმეზური, პროფესორი ვ. გოლიაძე, პროფესორი ლ. გორდეზიანი და სხვანი. თუ მათგან ერთი რომელიმე იტყვის, რომ ჩვენ ხმა კრინტი დავძარით და მით უმეტეს, ჩავშალეთ სხდომა, პასუხს ვაგებ იმ ყალბი ჩვენების მიცემისთვის, რომლითაც მე გამოვდივარ მასმედიის წინაშე.
ამ დარბაზში იყვნენ ამ კონფერენციის მომწყობი სტუდენტი ახალგაზრდები, რაც მე ძალიან მახარებს, რადგან ეს მეტყველებს, რომ ჩვენს სტუდენტებს ახსოვთ ივანე ჯავახიშვილი, მიუხედავად უდიდესი მცდელობისა, უნივერსიტეტს დაავიწყონ მისი სახელი. სხდომაზე ბრძანდებოდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არავის არა აქვს ნახსენები ჩვენებაში. მე ვიცნობ ერთ მათგანს – ეს გახლავთ მამა გიორგი ზვიადაძე, სასულიერო აკადემიის პრორექტორი. სასულიერო მამები ჩვენს შემდეგ შემოვიდნენ დარბაზში, მაგრამ იქ სკამების პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა და მაშინვე დაბრძანდნენ, ამაზე თვითონაც დამეთანხმებიან.
სხდომაზე ბრძანდებოდა ტელეკომპანია “მზის” გადამღები ჯგუფი. მათ ტელეკამერაზე დაფიქსირებულია, რომ ჩვენ მქუხარე ტაშით შეგვხვდნენ დარბაზში.
მინდა გითხრათ, რომ მე არ ვნანობ ამ 15 დღეს… 15 დღეს კი არა, 15 წელიწადზე თანახმა ვარ, ოღონდ უნივერსიტეტი გადარჩეს… დღეს უნივერსიტეტის გადარჩენა საქართველოს გადარჩენას ნიშნავს. რას მიქვიან 15 დღე, 15 წელი და სულაც მთელი სიცოცხლე უნივერსიტეტისა და საქართველოს გადასარჩენად.
– ბატონო გურამ, აპირებთ თუ არა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას?
– მე ვაპირებ სარჩელი შევიტანო ორი მიმართულებით, საკონსტიტუციო სასამართლოში, არაკონსტიტუციური განაჩენის გამოტანისთვის და ასევე შევიტანო სარჩელი ხუბუასა და წიკლაურის, როგორც ცრუმოწმეების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 371 მუხლების საფუძველზე, ყალბი ჩვენებებისთვის… ივანე ჯავახიშვილის სავარძელში ჩაბრძანებული იურისტი, რომელსაც 40-ზე მეტი შეცდომა აქვს ორგვერდიან ჩვენებაში, რადგან არ იცის მართლწერა და რაც მთავარია, უწიგნურია, რომელსაც ცივილური და ცივილიზებული ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან, რომელიც თავს უფლებას აძლევს და ყალბი ჩვენების საფუძველზე აპატიმრებინებს უნივერსიტეტის პროფესორს, აკადემიის წევრს, სასიკეთოს ვერაფერს მოუტანს უნივერსიტეტს, რადგან იგი დამნაშავეა. ასრულდა ჩემი წინასწარმეტყველება, იგი დაანგრევს ისედაც დანგრევის პირას მისულ სახელმწიფო უნივერსიტეტს.
როდესაც უნივერსიტეტის ალტერნატიული აკადემიური საბჭო შეიქმნა, პირველივე დღიდან დავიწყეთ ბრძოლა ქ-ნი ლორთქიფანიძის, როგორც უნივერსიტეტის რექტორობისთვის შეუფერებელი კანდიდატურის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ის დათქმულ ვადაშიც კი ვერ ჩაეტია, ისე ვაიძულეთ, უნივერსიტეტიდან წასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მას სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, უნივერსიტეტის პროფესორი არ დაუპატიმრებია… მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, სისხლის სამართლის დამნაშავე და ცრურექტორი უფრო მალე დატოვებს დიდი ივანე ჯავახიშვილის სავარძელს.
– ბატონო გურამ, რატომ არ გამოცხადდა “მთავარი დაზარალებული” ხუბუა სასამართლოზე?
– მეტიც, სასამართლო ჩატარდა ყოველგვარი ელემენტარული იურიდიული ნორმების დაცვის გარეშე. მე არ მომცეს ადვოკატის აყვანის უფლება. როგორ მოგწონთ უადვოკატო განსასჯელი? გაგიგონიათ? ასევე მე არ მომცეს უფლება, დამპირისპირებოდა ე.წ. დაზარალებული მხარე – ხუბუა სასამართლოში არ გამოცხადდა, სამაგიეროდ სხდომა ჩატარდა ჩემთვის სრულიად უცხო ორი პოლიციელის შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე, რომლებიც უნივერსიტეტში საერთოდ არ ყოფილან, დაცვის სამსახურის წევრები არ არიან. ესენი იყვნენ მთავარი მოწმეები და მათთან ერთად ბრძანდებოდა ე.წ. უნივერსიტეტის დაცვის უფროსი წიკლაური, რომელმაც ურცხვად განაცხადა სიცრუე.
სასამართლო სხდომის ოქმიდან ამოღებულია მთავარი პასაჟი. თუმცა, ეს დაფიქსირებულია ტელეკამერების მიერ და 500-მდე მოწმეც დაადასტურებს, რომ მოსამართლე ზურაბ რუხაძე ცრუმოწმეებსა და ცრურექტორზე უარესი აღმოჩნდა: კერძოდ, სხდომაზე იგი მეუბნება: თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს. მე ვეკითხები: რა შეურაცხყოფა მივაყენე? და იგი მეუბნება: თქვენ იმას უთხარით, როგორ გაბედეთ უნივერსიტეტის რექტორის ივანე ჯავახიშვილის სავარძელში ჩაჯდომა? ჩემმა გაოცებამ პიკს მიაღწია და კითხვა შევუბრუნე: და რა არის ამაში შეურაცხმყოფელი-მეთქი? როდის იყო ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის რექტორიო?! ხედავთ, უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტდამთავრებულს, რომელიც გურამ შარაძეს ღალატით შეთითხნილი საბუთებით ასამართლებს, უსჯის პატიმრობას, არც კი გაუგონია, რომ ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის დამაარსებელი იყო, ხოლო პეტრე მელიქიშვილის გადადგომის შემდეგ – რექტორი, წლების განმავლობაში და მე იძულებული გავხდი, სასამართლოზე მისთვის ერთსაათიანი ლექცია წამეკითხა ამასთან დაკავშირებით. მეტად საინტერესოა, რა ხერხით მიაღწია ზურაბ რუხაძემ უნივერსიტეტის დიპლომის აღებას და რა უფლებით მასამართლებს იგი მე – გურამ შარაძეს, თან დანაშაულის მთავარ არგუმენტად მოჰყავს ის, რომ მე შეურაცხყოფა მივაყენე ხუბუას… თურმე, ხუბუასთვის შეურაცხყოფაა, როდესაც მე ივანე ჯავახიშვილის სკამში “ჩავსვი”, რადგან ივანე ჯავახიშვილი რექტორი არ ყოფილა.
აი, ასეთი მოსამართლე, ასეთი სასამართლო, ასეთი დაცვა, ასეთი მოწმეები გვყავს დღევანდელ საქართველოში.
– ბატონო გურამ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ თქვენს მიმართ ე.წ. კამერის ბინადრებს და პოლიციელებს, იმ ადამიანებს, ვისთანაც 15 დღის განმავლობაში მოგიხდათ ურთიერთობა?
– ჩემი დაპატიმრება უნდა დავყოთ ორ ნაწილად. პირველი – რამდენიმე დღე თვითონ კამერაში და შემდეგ საავადმყოფოში. უნდა მოგახსენოთ, რომ იქ მოხდა ერთი უპრეცედენტო ფაქტი. როდესაც ჩემი გადაყვანის საკითხი დადგა, ერთმა მაღალჩინოსანმა წამომაძახა: თქვენ წინა პატიმრობისას უკეთეს პირობებში იყავით, ვიდრე სხვა პატიმრებიო. მაშინდელი ციხის უფროსი თქვენ უფრო კარგად გაცხოვრებდათ, ვიდრე სხვა პატიმრებსო. კინაღამ გავგიჟდი… და გამიჩნდა სერიოზული ეჭვი, რომ ასეთი ცრუ ბრალდების საფუძველზე ხომ არ გაათავისუფლეს ის ციხის უფროსი? იგი უკვე შეცვლილი დამხვდა (საუბარია კაპეზეს ყოფილ უფროსზე)… შევედავე მას და ვუთხარი, რომ იგივე ცრუ ბრალდების საფუძველზე, თქვენ შეგიძლიათ, ახალი ციხის უფროსიც ულუკმაპუროდ დატოვოთ… აგერ არის საკანი, აგერ არის ორი ახალგაზრდა კაცი, სრულიად უმიზეზოდ, უსამართლოდ დაპატიმრებულები, რომლებიც ჩემთან ერთად არიან მთელი ამ დღეების განმავლობაში და დაგიდასტურებენ, რომ ერთი დღეც კი არ გამიტარებია სხვა საკანში, სადაც მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ვიგრძენი იმ პოლიციელების მხრიდან. თუმცა ამას რომ ვაცხადებ, კიდევ მეშინია, რომ ახალი ციხის უფროსიც არ მოხსნან, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ იქ სრულიად განსხვავებული, ადამიანური პოლიციელები იყვნენ… რაც შეეხება საავადმყოფოს, ექიმებისგან მით უმეტეს, თბილი დამოკიდებულება მოდიოდა.

თამარ ცქიტიშვილი
“აისი”, 2 მაისი, 2006

 

***

გურამ შარაძე: “რამკიანი ხულიგნობა აღარ მაკმაყოფილებს და
“ვჩალიჩობ” “რამკიანი” ქურდის ტიტული მოვიპოვო

,,მოსამართლე ზურა რუხაძემ ერთ-ერთ ბრალდებად წამიყენა, რომ, თურმე ხუბუას შეურაცხყოფა მივაყენე, როდესაც ვუთხარი, რომ მას ივანე ჯავახიშვილის სავარძელში ჩაჯდომა არ უნდა გაებედა! რუხაძის აზრით, ეს შეურაცხმყოფელია, რადგან ჯავახიშვილი რექტორი არასდროს ყოფილა და არარსებული რექტორის სავარძელში ხუბუა როგორ ჩაჯდება?-ო. ასეთმა “განათლების” მოსამართლემ მომისაჯა 15-დღიანი პატიმრობა”, – აცხადებს “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში აკადემიკოსი და “რამკიანი ხულიგანი”, გურამ შარაძე.
“ჯორჯიან თაიმსი”: ამჟამად რამდენი ხანი აპირებთ “სვაბოდაზე” ყოფნას?
გურამ შარაძე: მორჩი ახლა “ბაზარს”, რა ვიცი, ხელისუფლებას როდის მოეპრიანება ჩემთვის “სვაბოდის” წართმევა. გულშემატკივრები მეუბნებიან, ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან და გაჩუმდიო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, გაჩუმება მომკლავს თუ “სვაბოდის” აღკვეთა?
– ხალხი უკვე ხუმრობს, შარაძეს “ქურდობა” უნდაო…
– რა თქმა უნდა, “რამკიანი” ხულიგნობა აღარ მაკმაყოფილებს და “ვჩალიჩობ” “რამკიანი” ქურდის ტიტული მოვიპოვო.
– კი მაგრამ, ბაჩო ახალაიას ქურდებისადმი ბიოლოგიური სიძულვილი არ გაფრთხობთ, ან ვანო მერაბიშვილის არ გეშინიათ?
– ახალაიაზე და მერაბიშვილზე მაღლა დგას ჩემი დაპატიმრების შემკვეთი გიგა ბოკერია, რომელიც ფაქტობრივად შს მინისტრიც არის, პარლამენტის თავმჯდომარეც და პრეზიდენტიც. ახალაია და მერაბიშვილი ბოკერიას ფონზე ძალიან ფერმკრთალად გამოიყურებიან და რადგან გიგამ ვერ შემაშინა, ვერც ახალაია და მერაბიშვილი შემაშინებენ.
– თქვენ ბრძანეთ, “რამკიანი” ხულიგნის წოდება აღარ მაკმაყოფილებსო, აღიარებთ, რომ თქვენ უკვე “რამკიანი” ხულიგანი ხართ?
– თქვენი გაზეთის ფურცლებზე შემომაქვს ნეოლოგიზმი “რამკიანი” ხულიგანი. “რამკიანი” ქურდი უამრავია, “რამკიანი” ხულიგანი კი მარტო მე ვარ.
– მაინც რა “იხულიგნეთ” ისეთი, რის გამოც თქვენი საზოგადოებისგან იზოლაცია გახდა საჭირო?
– პირველი დანაშაული, რამაც “რამკიანი” ხულიგნობისკენ გზა გამიკაფა, გახდა ის, რომ ჩამოვგლიჯე და დავხიე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენილი სატანისტური და ანტიმართლმადიდებლური პლაკატები. მაშინ კონკრეტული ფაქტი არსებობდა და ყალბად შეთითხნილ ბრალდებასთან არ გვქონდა საქმე. მაგრამ ახლა ყოვლად წარმოუდგენელი რამ მოხდა.
ცრუ რექტორმა, გია ხუბუამ და უნივერსიტეტის დაცვის უფროსმა, თამაზ წიკლაურმა განაცხადეს, რომ თითქოს მე ივანე ჯავახიშვილის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა ჩავშალე… ეს სრული აბსურდია და ამას დაადასტურებენ აკადემიკოსები მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი და პროფესორები: გიორგი ოთხმეზური, ლევან გორდეზიანი, ნანა ხაზარაძე…
თუ ერთი სტუდენტი აღმოჩნდება, რომელიც იტყვის, რომ ჩემი რეპლიკით ან “ხულიგნობით” ხელი შევუშალე საიუბილეო სხდომას, მზად ვარ ხელმეორედ მოვიხადო სასჯელი. ჩემს შემდეგ მოვიდა მამა გიორგი ზვიადაძე, სასულიერო აკადემიის პრორექტორი, რომელიც თითქმის ჩემს გვერდით იჯდა, შეგიძლიათ მას ჰკითხოთ, “ვიხულიგნე” თუ არა საიუბილეო საღამოზე.
დარბაზში იმყოფებოდა ტელემედიაც და თუ ისინი ერთ კადრს მაინც აჩვენებენ სასამართლოს ან “დაზარალებულ” მხარეს, კიდევ ვიმეორებ: მზად ვარ მესამედ მოვიხადო სასჯელი.
– ბატონო გურამ, ციხე ხომ არ მოგენატრათ, რაღაც ძალიან ხშირად იმეორებთ, რომ მზად ხართ პატიმრობისთვის. ალბათ, თქვენს ამ სურვილს ხელისუფლება უყურადღებოდ არ დატოვებს…
– (იცინის) შეკვეთა ჩემი დაპატიმრების შესახებ მოდიოდა ქვეყნის უმაღლესი ეშელონებიდან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი დაპატიმრება “სამართალდამცავებს” “იეღოველების” თავგადადებულმა დამცველმა გიგა ბოკერიამ დაუკვეთა, რომელიც ლევან რამიშვილთან ერთად დამემუქრა, რომ ქართული პოლიტიკიდან გამაძევებდა და დამაპატიმრებდა.
ბოკერიასთან ერთად ჩემი დაპატიმრების შემკვეთია კახა ლომაია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვებრძვი, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების დამაქცევარს.
ხუბუას და წიკლაურის ჩვენებები სრულ სიცრუეზეა აგებული. ისინი აცხადებენ, რომ მათ თითქოს, აუდიტორიის კარები იმიტომ ჰქონდათ ჩაკეტილი, რომ ხალხით იყო გადაჭედილი. ესეც სრული აბსურდია და ამას დაადასტურებს ჩემს შემდეგ დარბაზში შემოსული მამა გიორგი ზვიადაძე.
დარბაზში თავისუფალი ადგილები რომ მრავლად იყო, ამას დაადასტურებს ქალბატონი მზექალა შანიძეც. დაცვას ჩვენ ვთხოვეთ, ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო საღამოზე ჩვენი თხოვნით შეუშვეს.
– თქვენ როგორ მოახერხეთ დარბაზში შესვლა?
– როდესაც დავრწმუნდით, რომ დარბაზში ჩვენს შეშვებას არ აპირებდნენ, დავიწყეთ სკანდირება, მაგრამ, განა როგორ უნდა გვეხმაურა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, რომ დარბაზის საკეტი დაგვემტვრია?! იქ იყვნენ დენიზა ზუმბაძე, დემურ ბახტაძე, მურმან ტოგონიძე და სხვები. დაცვა აცხადებს, რომ თურმე ჩვენს სკანდირებას დაუმტვრევია საკეტი და ის ამოღებულია, როგორც ნივთმტკიცება.
ჩვენ დარბაზში შეჭრა რომ გვდომოდა, მაშინ მზექალა შანიძე რომ შეუშვა დაცვამ, მათ აღარ მივცემდით კარების დაკეტვის საშუალებას და ძალით შევიდოდით.
– თუ საკეტს რამდენიმე ადამიანი “ამტვრევდით”, თქვენთან ერთად სხვა პროფესორ-მასწავლებლები რატომ არ დააკავეს?
– იმიტომ, რომ მათი დაკავების პოლიტიკური ნება არ არსებობდა! თუნდაც ეს ფაქტი გახლავთ ნათელი მაგალითი იმისა, რომ ბოკერია-ლომაიას სურვილი იყო, ჩემთვის ერთი კარგი გაკვეთილი ჩაეტარებინათ და გავეჩუმებინე!
ხუბუა დაცვამ იმ დარბაზიდან გააპარა და ჩვენებაში წერს, დარბაზიდან რომ წავედი, დავჯექი კაბინეტში და ველოდებოდი გურამ შარაძეს, რომ ცივილურად გადაგვეწყვიტა კონკრეტული საკითხიო. უნივერსიტეტის რექტორი ერთმანეთისგან ვერ არჩევს ცივილურს და ცივილიზებილს! ამით მან თავისი უვიცობის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინა!
გავუგზავნე შარაძეს ჩემი თანამშრომელი და რომ არ მოვიდა, ავდექი და წავედი ჩემს საქმეზეო. ესეც ხუბუას მორიგი სიცრუე გახლავთ. ხუბუა და წიკლაური ამბობენ, რომ თურმე მე უშვერი სიტყვებით ვლანძღავდი უნივერსიტეტის ცრუ რექტორს.
იმ დღეს ჩატარდა დიდი საბჭო და გადავწყვიტეთ დავლაპარაკებოდით ხუბუას და გაგვერკვია, რა დაავალეს მას ისეთი, რაც ლორთქიფანიძემ არ გააკეთა. ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილ საღამოზე ვიყავი. როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რექტორი გარბის უნივერსიტეტიდან და ჩვენ ხომ მასთან დალაპარაკებას ვაპირებდით.
ხუბუა კიბეებზე თავქუდმოგლეჯილი გარბოდა და მაშინ მივაძახე: თქვენ მეცნიერებათა აკადემიის და სახელმწიფო ტელევიზიის დამანგრეველო, როგორ ბედავთ ივანე ჯავახიშვილის სავარძელში ჩაჯდომას-მეთქი. ეს გახლავთ ჩემი ციხეში გამოკეტვის მიზეზი და ჩემ მიერ ჩადენილი ხულიგნობა?!
– ვინ არის გია ხუბუა?
– ხუბუა არის უშაფათელი და უმაღლესი განათლება სოხუმში მიიღო. კაცად გივი ინწკირველმა აქცია, მან კი, სამაგიეროდ, მისი მასწავლებლის სახელმძღვანელო “სახელმწიფო თეორიაში” ამოაგდებინა და საკუთარი სახელმძღვანელო ჩაასმევინა.
გია ხუბუას კრედო ყოფილა, აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად კონფედერაციის მსგავსი სიმბიოზი შექმნილიყო, ჯერჯერობით უცნობი სახელწოდებით და აფხაზეთს ამ კონფედერაციაში უნდა ჰქონოდა საქართველოს ტოლი იურიდიული სტატუსი.
– აპირებთ თუ არა, უჩივლოთ გია ხუბუას და თამაზ წიკლაურს?
– გია ხუბუას და თამაზ წიკლაურის წინააღმდეგ აუცილებლად შევიტან სარჩელს და მათ ცრუმოწმეობისთვის და ცრუ ჩვენებების მიცემისთვის თავისუფლების აღკვეთისთვის პასუხისგება მოუწევთ! 370-ე და 371-ე მუხლების მიხედვით, ამ ადამიანებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ!

მაია მარგველანი
“ჯორჯიან თაიმსი”, 4-11 მაისი, 2006

***

 
ინტერვიუ, რომლისთვისაც გურამ შარაძეს მესამედაც დაიჭერენ!

ლომს, თუნდაც ცალთვალას, ვინ შეჰბედავს – ელამი ხარო?! ჰოდა, რომ შეჰბედა შარაძემ ბეცებს ქალის საშოში ჩახატული იოანე ნათლისმცემლის “შედევრის” ჩამოხევა და უნივერსიტეტის რექტორს ენის შებრუნება, ამიტომაც ხულიგნობის მუხლით 15-15 დღე ციხეში აყურყუტეს. და თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, რეციდივისტად მოინათლება და რამდენიმე წლით სუფთა ჰაერს ვეღარ ჩაყლაპავს, მერე ამყაროს შარაძემ ციხეში “პალაჟენია”, ხუბუამ – უნივერსიტეტში, ლომაიამ – სამინისტროში და მიშამ – ქვეყანაში. “ენა, მამული, სარწმუნოება”-ს ლიდერს, ცხადია, ხელისუფლებამ გემრიელი პიარი აუგორა, თუმცა ამას ყველაზე უკეთ შევარდნაძე ხვდება და ამბობს, ამათ თავში ჭკუა არ ჰქონიათ, შარაძის დაჭერით რა მოიგესო? რა მოიგეს და კიდევ ერთ ენამწარეს აუშალეს საღერღელი…
– სჯობს, მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარიო და თქვენც უტევთ ამ ხელისუფლებას, რა გენაღვლებათ?
– ერთმა მითხრა, ბატონო გურამ, მამისტოლა კაცი ხართ და სააკაშვილს გვერდით დაუდექითო. ვუპასუხე, მამას ხომ ეკითხება შვილის ამბავი და დამიჯერეთ, სააკაშვილი ვერ გასწევს პრეზიდენტობას-მეთქი. სააკაშვილი გავიცანი 1995 წლის პარლამენტში პირველსავე სხდომაზე. მახსოვს, ჩემთან მოვიდა და მეუბნება, ბატონო გურამ, მე ვამაყობ იმ პარლამენტის წევრობით, რომლის წევრიც გურამ შარაძე ბრძანდებაო. ვინ ხარ-მეთქი და მიხეილ სააკაშვილიო. ის იყო მოქალაქეთა კავშირის ახალი სახე, ამერიკიდან ჩამოყვანილი განსვენებული ჟვანიას მიერ. როგორც გადაუხადა, კარგად იცით, შევედრებული შევარდნაძისთვის და ასე ჩასმული მოქალაქეთა კავშირში. ამას იმიტომ ვყვები, რომ არავითარი დაუმსახურებელი პრეტენზია, მიშას დავესესხები – გაჩმახება – მასთან არ მქონია, ან რა ჩემი ტოლია?
– წერა-კითხვის ამბავში, ენათმეცნიერულად რატომ არ უჩმახებთ?
– ამ მხრივაც როგორ გავუყადრებ თავს? ელემენტარულად, ქართულად ვერ მეტყველებს, აღარაფერს ვამბობ ორთოგრაფიაზე. ერთვერდიან განცხადებაში უამრავი შეცდომა აღმოვაჩინე. ამ მხრივ იგი ძალიან ჰგავს უნივერსიტეტის რექტორს, რომელიც რექტორი არასოდეს იქნება, მაგრამ ახლა ასე ჰქვია, პოლიციაში წარსადგენად დაბეზღება-ჩაშვება რომ დაწერა, იმ ორგვერდიან სიყალბეში, ორმოცზე მეტი შეცდომა ჰქონდა.
– ჩაშვება-დაბეზღება დღეს კარგი ტონია, თქვენი გაჩმახებით ხუბუას რატომ უბიძგებთ იდეოლოგიის ღალატისკენ?
– ეგეც მართალია, ესენი ხომ ერთი ყაიდის ხალხია, ამათ ჩემგან დამსახურებული კრიტიკა უკვირთ და კობა დავითაშვილის – არა. ის ყოველთვის იყო მოქალაქეთა კავშირისა და მიშას ქოლგის ქვეშ. შევარდნაძე ხომ ჩამოაგდო სააკაშვილის სასარგებლოდ და ახლა უნდა სააკაშვილი ჩამოაგდოს თავის სასარგებლოდ? ამას არ დავუშვებ, რადგან ის მიშაზე უარესი მოვლენაა.
– საინტერესო იქნება, თქვენი დუეტი კობასთან, ძველი ბოღმა ხომ არ გალაპარაკებთ?
– კობა დავითაშვილმა რომ პანღურები ურტყა რეზო მიშველაძეს, პასპორტში ეროვნების ჩაწერა რად გვინდაო, მაშინ მიშველაძე ჩემს პოზიციას იცავდა.
– უკაცრავად, მაგრამ მიშველაძე რასაც იმსახურებდა, ის მიიღო. ქვა იმან უნდა ისროლოს, ვინც ნაკლებცოდვილია…
– სჯობს მივუბრუნდეთ გამჩმახებელ პრეზიდენტსა და მის გუნდს. ქვეყნის დანგრევის უფლებას არ მივცემ, ხვალვე რომ დამხვრიტონ. ამდენჯერ დამაპატიმრეს, შვილი ვინ მომიკლა, ვერ გამოიძიეს, ჩემს მეუღლეს მანქანა ვინ დააჯახა, ისიც ვერ გამირკვევია, ჩემი მისამართით ტყვიას ჩემი ოჯახის წევრს ესვრიან, მე მესროლონ, მანამდე ვიტყვი და მოვასწრებ.
– შევარდნაძის ლეკვებს კი უჩმახებთ, მაგრამ ასლანთან ურთიერთობას ისინიც მწარედ განანებენ.
– ზოგიერთივით ასლანისგან წილები არ მომდიოდა, მისთვის არც ტყვია  მისვრია და არც გამიძევებია. თუმცა ამათზე მეტი საფუძველი მქონდა, ეს მეკადრა. ვინც აბაშიძე გააძევა, ასლანისგან ძალიან დავალებული იყო ფულით და აჭარაში გრიალით. რატომ დავშორდი ასლანს? არსად არ მითქვამს და პირველად ახლა ვიტყვი, ჟვანიას ტერორისტობა რომ დააბრალეს, მაშინ მითხრეს, ასლანისთვის მეთქვა, რომ ჟვანია მის მოკვლას გეგმავდა, რადგან ასლანი ამას ჩემგან უფრო დაიჯერებდა. ამის მთქმელი ვიყავი, რომ ასლან აბაშიძესთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, ჟვანია ტერორისტად გამომეცხადებინა? მას ვერ დავწამე ცილი, სამაგიეროდ მისმა მეგობრებმა დასწამეს ცილი. ვერც დაიცვეს და კიდეც მოკლეს. სააკაშვილმა, ბარამიძემ, მაჭავარიანმა, გოგორიშვილმა, ყველამ გაყიდა ჟვანია, ვერ დაიცვეს, ჰო და ჩემი შვილის მკვლელობას ვინ გამოიძიებს, როცა ჟვანიას მკვლელობაზე გაყურსულები არიან? მე რომ წამოვედი აღორძინებიდან (მათი პარტიის და ფრაქციის წევრი არ ვყოფილვარ), ამით დავიცავი ჩემი პატიოსნება, სიმართლე და დავისაჯე კიდეც.

დღემდე უცნობი პოლიტიკური ინტრიგები

– მოგიყვებით როგორ კლავდნენ ჟვანიას სიცოცხლეში: ერთხელ პარლამენტში ჟვანიას შემთხვევით ვხვდები, ნერვებს ასკდება და ფლიგელში ბოლთას სცემს, ვკითხე – რა მოგივიდა, შეუძლოდ ხომ არ ხარ-მეთქი? აი, რა მიპასუხა: ამ ქუთაისელმა კეკელკამ, კაბინეტში არ მიმიღო, მთელი საათი მალოდინა მისაღებში და ჩემს თანამშრომლებთან შეურაცხყოფილი დამტოვაო. ეს, მგონი, ფიზიკურ მკვლელობაზე მეტია.
– ბურჯანაძის ბრილიანტებმა მოგჭრათ თვალი თუ მისმა პოლიტიკურმა განცხადებებმა?
– ჯერ ერთი, ვერ ძღება ბრილიანტებით, სადაც ჩამოსაკიდებელი ადგილი აქვს, კილო ბრილიანტი ჰკიდია. თურმე ორბელში ეს განძი ბებიამისს უანდერძია. სასაცილოა, სამარცხვინო რომ არ იყოს. თვალებში ნაცარს გაყრიან და თავსაც გამეტებენ გვარიშვილობით და განათლებით. ქალი, რომელიც ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს ცივილურსა და ცივილიზებულს. მეორეც, თერჯოლისა და ქუთაისის რაიკომის მდივნის აღზრდილსა და საბჭოთა ფულით მოსკოვში განსწავლულს, დღეს რომ ვითომ დუმაში უბრახუნებენ, რა გგონიათ, ორმოცდღიანი პრეზიდენტობის გემო დაავიწყდა? ხორბლის პრინცესა მეორე კაცობას ვეღარ ეგუება, პირველობა უნდა. ბურჯანაძე რუსეთის ქალია, არ გაგიკვირდეთ, ის ხელების ბრახუნიც დადგმული სცენარია, რამდენიმე დღის წინათ ოქრუაშვილის მაგივრად ბოდიში რომ მოიხადა, ეს იყო რუსეთისთვის გულის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯი. თუმცა კითხვა მიჩნდება, რატომ ახარებთ ეს ბოდიში მის ე.წ. დაუძინებელ მტრებს – რესპუბლიკელებს, მრეწველებს, კონსერვატორებს? იმიტომ ხომ არა, რომ ბურჯანაძეს მოსკოვში უთხრეს: როგორც შევარდნაძის ჩამოგდებაში დაგვეხმარე, მიშიკოს ჩამოგდებაშიც ასე თუ დაგვეხმარები, მაშინ გადადი ოპოზიციაშიო. ნახეთ, რა ჩაფსკვნილ-ჩახლართული წრე იკვრება. ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან ოპოზიციის ლიდერად გადაბარგდება. როგორც ბადრი დაიჭირეს რუსეთში ნაშოვნი მილიარდების გამო, ასევე “დაუბრახუნებენ” ბურჯანაძეს და პრეზიდენტად დაასკუპებენ.
– იქნებ, მიშას დავალებით მოიბოდიშა, რომ ოქრუაშვილი დაასუსტოს?
– შესაძლოა, ასეც იყო. სააკაშვილის ნაბიჯი თავდაცვის მინისტრის ფეხებქვეშ პირველი მიწისძვრა იყო, როცა იგი ღვინის მინისტრად გადაისროლა. ოქრუაშვილის განცხადების გამო ბურჯანაძის ბოდიში კი ლახვარი, საპრეზიდენტო კანდიდატის, ოქრუაშვილის მიმართ.
შარაძის ანეკდოტი ნინოს: მიშა ეუბნება ბურჯანაძეს: ნინო, ნუ იცინი, თორემ მამაშენს დავიჭერ და შენს ქმარსაც ზედ მივაყოლებო.
– პატარკაციშვილის საშუალებით ცდილობს რუსეთის გულის მოგებას და პრეზიდენტობისკენ გზის გაკაფვას, მაგრამ სანამ პრეზიდენტი არ გამხდარა, ამას აპატიებს და ქმარს და მამას არ დაუჭერს. დამიჯერეთ, ბურჯანაძე ემზადება პრეზიდენტობისთვის.

კულუარული ინტრიგის ფრაგმენტი

– ჟვანია ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, ბურჯანაძეს არ ელაპარაკებოდა, ეს ზურამ თავად მითხრა, ნინოს ხმას არ ვცემო. რადგან ბურჯანაძე ვერ იტანდა, რომ პარლამენტის ფაქტობრივი თავმჯდომარე მაინც ჟვანია იყო. ახლა ის გაბოროტებულია, კვლავ ვერ ახერხებს პარლამენტის მართვას, რადგან ფაქტობრივი მმართველი ბოკერია და მაჭავარიანია.

ნინოს და მიშას ბუტიაობა

– სააკაშვილი რომ საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ბურჯანაძე ერთ დღეს განრისხებული შემხვდა, ბობოქრობდა, როგორ გაბედა მიშამ პარლამენტის თავმჯდომარე, საკრებულოში დამიბარაო? ამის გამო, ისე იყვნენ გადაკიდებულნი, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ.
– შარიანი კაცი ხართ, ბატონო გურამ, თქვენს ყბაში ჩემი მტერი ჩავარდეს, ასეთებს რომ ლაპარაკობთ, ამიტომაც გახეხინებენ ციხეს…
– ახლა, რა უთხრა შარაძემ ამათ ისეთი, ორჯერ რომ დამაპატიმრეს? ჩამოვხიე ქალის საშოში ჩახატული იოანე ნათლისმცემელი, არ უნდა დამეხია? თანაც ეს ჩამოკიდებული იყო იქ, სადაც უნდა მეკითხა ბიბლია და სახარება. რა, იოანე ნათლისმცემლის თვალებისთვის იქ უნდა მეცქირა და პირჯვარი გადამეწერა?
– პრეზიდენტმა პატრიოტთა ბანაკებში ბავშვებს ბუჩქებში სიყვარულისკენ მოუწოდა ანუ სექსი ტყეში და თქვენ ეს გიკვირთ?
– თუნდაც ეს მისი საშინელი გამოსვლა რა არის? შეიძლება პრეზიდენტმა ასეთი რამ თქვას? მეორედ იმისთვის დამაპატიმრეს, როგორ ვუთხარი ხუბუას, შენ დაანგრიე მეცნიერებათა აკადემია, თინა წერეთლის სახელობის ინსტიტუტი და დედატელევიზია, ახლა მოდიხარ დედაუნივერსიტეტის დასანგრევად-მეთქი? ამისთვის დამაპატიმრეს. დათო ბერძენიშვილს დაელოცოს მარჯვენა, ბოკერიას დედის გინებისთვის თვალი რომ ჩაულურჯა. პრეზიდენტმა ჟურნალისტს დედა აგინა, ბენდუქიძემ გაჩეჩილაძე “ნაზე” გაუშვა, რომელიმემ პასუხი აგო? არა! აბა, რა ვთქვი ამისთანა მე?! მაშინდელმა პროფესურამ გადააყენა პეტრე მელიქიშვილი, რომელმაც უნივერსიტეტის მართვა ვერ შეძლო და დღევანდელმა პროფესურამ, უშაფათელი გია ხუბუა უნდა მოითმინოს, რომელმაც თავისი მასწავლებლის, ინწკირველის სახელმძღვანელო (სახელმწიფო სამართალი) სწავლებიდან ამოაღებინა და თავისი სახელმძღვანელო ჩადო? ხუბუა თუ ინწკირველზე უკეთესს დაწერდა – კი, ბატონო, მაგრამ მას ჩადებული აქვს ანტისახელმწიფოებრივი იდეა – საქართველო უნდა მოეწყოს ფედერალიზმის პრინციპზე. ისეთი კონფედერაცია უნდა შეიქმნას, სადაც არ იქნება საქართველო ნახსენები და აფხაზეთს დაგვასვამენ თავზე. შემიძლია, ასეთი ანტიქართული ხუბუა ავიტანო? კაცი, რომელიც პირველად საქართველოს რექტორების ისტორიაში დაცვით დადის. ვისგან იცავს თავს, სტუდენტებისგან და პროფესორებისგან? რა დანაშაული ჩაიდინა, რომ დაცვით დადის?
– თუ კიდევ იხულიგნებთ, რა გელოდებათ?
– ჩემმა მეგობარმა იურისტებმა ამიხსნესს, რომ მესამე შემთხვევა რეციდივად ჩამეთვლება, რაც რვაწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამიტომ მთელი საქართველოს გასაგონად ვამბობ, რომ ბოკერია-ლომაია, სააკაშვილის მითითებით, 15-დღიანი პატიმრობის ნაცვლად 15-წლიან პატიმრობას მიმზადებენ. შესაძლოა, გაზეთში ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ მასალაში რაღაც ფრაზები ამოიკითხონ, დამაპატიმრონ რეციდივის მოტივით, გამასამართლონ და მრავალწლიანი მუხლი შემიფარდონ.
– რეკლამა გაგიკეთეს, რა გინდათ?
– თუ ჭკუით არ ვიქნები, შეუძლიათ ციხეში დამალპონ. ბოკერიამ დაიქადნა: თქვენ, ბატონო გურამ, გაგაძევებთ პოლიტიკიდან და ციხეში ჩაგსვამთო. როგორ გამაძევა პოლიტიკიდან, ეს ხალხმა განსაჯოს. მე არ გავჩუმდები, გამორიცხულია! შარაძის ენა ყოველთვის საშიშია ახალი რეპრესიებისთვის.

ნინო სამხარაძე
“ქრონიკა”, 8-14 მაისი, 2006

 

***

 გურამ შარაძე: დავიფიცე, რომ ჩემს უკანონო დაპატიმრებას
არ შევარჩენდი

რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ხუბუამ უნივერსიტეტში მოსვლისთანავე საზოგადოებას იმით დაამახსოვრა თავი, რომ აკადემიკოსი გურამ შარაძე ციხეში გაამწესა – ყოველგვარი გამოძიების გარეშე მას ბრალად წაუყენეს ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო სხდომის ჩაშლა და ამისათვის “ჭკუაც ასწავლეს”. თხუთმეტდღიან პატიმრობას მოჰყვა ჯანმრთელობის გაუარესება, რის შემდეგაც “ბრალდებულს” “არამიანცის” საავადმყოფოში ათავსებენ, სადაც ისე ექცევიან, როგორც საშიშ დამნაშავეს. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ გურამ შარაძემ ყალბი ჩვენების ავტორების – უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ხუბუას და უნივერსიტეტის დაცვის უფროს წიკლაურის წინააღმდეგ ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
– ბატონო გურამ, როგორ ხართ მას შემდეგ, რაც გისოსებს დააღწიეთ თავი?
– გისოსებზე არანაკლებ მძიმე იყო თბილისის #1 საავადმყოფოში გატარებული დღეები. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი საავადმყოფოს მედპერსონალს ჩემდამი გამოჩენილი ზრუნვისა და ყურადღებისათვის. ციხის გისოსებსა და საავადმყოფოს პალატაზე მეტად, ალბათ, უფრომ მტანჯველი იყო იმის განცდა, რომ თხუთმეტი დღის განმავლობაში მომიწია სარეცელზე მიჯაჭვული მეუღლის მიტოვება. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, როცა ერთ პატარა პალატაში ოთხი პოლიციელი გადგას თავს. განსაკუთრებით აუტანელი იყო მათი ხვრინვა.
– რეციდივისტის რა შეგატყვეს, ბატონო გურამ?
– არ ვიცი, ჩემში რა დაინახეს, მაგრამ ამას დაადასტურებენ ჩემი ოჯახის წევრები, უახლოესი მეგობრები და ჟურნალისტები, რომელთაც პალატაში შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ. თუმცა, ერთმა პაპარაცმა მოახერხა და ფანჯრიდან გადაიღო კადრი – საწოლზე ვზივარ, წინ კი პოლიციელი მიზის.
– ამბობენ, სასჯელის მოხდის პერიოდში გურამ შარაძე დააშინეს და ის უწინდელივით რადიკალური აღარ იქნებაო.
– დაშინებად თუ ითვლება ის, რომ საავადმყოფოდან გამოსვლის მეორე დღეს უნივერსიტეტთან ათი ათას კაციანი აქცია მოვაწყვეთ ალტერნატიული საბჭოს წევრებთან ერთად, თუ დაშინებაში ითვლება ის, რომ არ დარჩენილა არც ერთი სატელევიზიო არხი და ბეჭდვითი ორგანო, სადაც არ გაშუქდა ჩემი იმავე დღეს გამართული პრესკონფერენცია, მართლა “სასტიკად” დავუშინებივარ. მე დავიფიცე, არ შევარჩენ ჩემს უკანონო დაპატიმრებას უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ გია ხუბუას და უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის უფროს თამაზ წიკლაურს, ვამხილე და კვლავაც ვამხელ მათ ცრუპენტელობას და ყალბ ჩვენებებს, რომელთა საფუძველზე დამაპატიმრეს. რა გამოუვიდათ ამით?!
– დღეს თქვენ საჩივარი შეიტანეთ პროკურატურაში. ჩანს, ამ საქმის გამოძიება ახლა იწყება.
– ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორ მამუკა გვარამიას სახელზე განცხადება შევიტანე. ამაშია მთელი უბედურება, რომ გამოძიება ჯერ არ ჩატარებულა და გამოძიების გარეშე გამასამართლეს. მე არავის დავუკითხივარ, არც ადვოკატის აყვანის და არც მოწმეების მოყვანის უფლება არ მომცეს, მხოლოდ ცალმხრივად, ხუბუა-წიკლაურის ჩვენების და ყალბი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიკრეს თავი ციხეში, მეტიც – მომიტაცეს საავადმყოფოდან, ავადმყოფ მეუღლესთან წამალი არ მიმატანინეს. ამას შევარჩენ?! ეს არ არის მარტო ჩემი ტრაგედია, ეს საქართველოს ტრაგედიაა.
– ამ შემთხვევაში, როცა, როგორც ბრძანეთ, მეორე მხარე ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, რა გარანტია გაქვთ, რომ სასამართლო თქვენს მხარეს იქნება და პროცესი ობიექტურად წარიმართება?
– ამას ბევრი მეკითხება, მაგრამ ჩემთვის მთავარია, მოვაწყო სამოქალაქო სასამართლო, ხუბუა-წიკლაურის სამოქალაქო გასამართლება – მთელ საქართველოს და მსოფლიოს დავანახო, ვინ ზის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ხუბუას სახით და ვინ იცავს უნივერსიტეტს წიკლაურის სახით. ეს სამოქალაქო განაჩენი ყველა სხვა იურიდიულ განაჩენზე და ყველა სასამართლოზე დიდი სასამართლო იქნება.
– გარდა იმ ბრალდებისა, რომ ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო სხდომა ჩაშალეთ, ხუბუამ თქვენი მხრიდან ვერბალური შეურაცხყოფაც ახსენა.
– მან შეიძლება ვერბალური თქვას, მაგრამ მე ამას ვირტუალურს დავარქმევდი – ბატონ ხუბუას, ეტყობა, მოჩვენებები აქვს. მისი აქცენტი ჩვენებაში ვერბალურ, ანუ ზეპირ შეურაცხყოფაზე არ არის გამახვილებული. მან იცის, რომ ამისთვის ციხეში არ სვამენ. ხუბუამ შავით თეთრზე დაწერა, რომ ჩავშალე საიუბილეო სხდომა. იმას, რომ ეს კაცი ცრუობს, არა მარტო გურამ შარაძე დაადასტურებს, არამედ აუდიტორიაში მყოფი აკადემიკოსები, პროფესორები, სტუდენტები და ის ტელევიზიები, რომლებმაც ეს მოვლენა აღბეჭდეს. რაც მთავარია, იმ დროს იქ იმყოფებოდა საპატრიარქოს წარმომადგენელი, სასულიერო აკადემიის პრორექტორი მამა გიორგი ზვიადაძე. ასე რომ, სიმართლე ჩემს მხარესაა. ყველა დამემოწმება, რომ აუდიტორიაში კრინტი არ დამიძრავს, ვიჯექი და ვუსმენდი გამომსვლელებს.
– ბატონო გურამ, კაცს, რომელსაც თქვენ ციხეში ამწესებთ, ხელისუფლება თურმე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას უპირებს.
– არ ვიცი, მისი კარიერის თაობაზე ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობა კი არა, ცოტა ხანში მას პრეზიდენტობის სურვილიც გაუჩნდეს. თუ სააკაშვილის სასამართლო და პროკურატურა ხუბუას არ დასჯის, მას ქართველი ხალხი შეაჩვენებს, ამის პირობას გაძლევთ.

ნანა ფიცხელაური
  ,,არგუმენტი’’, 1-7 ივნისი, 2006

 

One Response to პატიმრობა

  1. Devora Lackman ამბობს:

    I am developing a blog and I am trying to find a new template.Yours looks pretty decent! You could visit my website and tell me your opinion!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s