საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები

 

  • ,,უცხოეთის საელჩოების თანამშრომლებმა გაძარცვეს მთელი საქართველო, როდემდე ვითმინოთ მათი საქციელი?’’, “კვირის პალიტრა”, 27 ოქტომბერი – 2 ნოემბერი, 1997
  • შარაძე მეტს მოითხოვს”, “საქართველო”, 7-8 თებერვალი, 1998
  • ,,შარაძე კი ისევ გაბრაზებულია’’, “დრონი”, 10 თებერვალი, 1998
  • არ მოვისვენებთ, სანამ მარინოვს უკან არ დააბრუნებენ”, “ახალი თაობა”, 10 თებერვალი, 1998
  • შარაძე სკოტს შეხვდა”, “ახალი თაობა”, 25 თებერვალი, 1998
  • გურამ შარაძე უნდობლობას აცხადებს”, “დილის გაზეთი”, 12 აგვისტო, 1998
  • ,,შარაძე საერთაშორისო ორგანიზაციების უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს’’, “ახალი თაობა”, 12 აგვისტო, 1998
  • ,,შარაძე უკან დახევას არ აპირებს’’, “ალია”, 7-8 ნოემბერი, 1998
  • ,,შარაძე ამერიკის კონსულის საქმიანობას აპროტესტებს’’, “დილის გაზეთი”, 4 დეკემბერი, 1998
  • ,,გურამ შარაძე: ქეთევან ბაგრატიონისაგან ნაჩუქარი ჰუმანიტარული ხელკეტებით პოლიცია მოსახლეობას არბევდა!’’, “ასავალ-დასავალი”, 3-9 სექტემბერი, 2001
  • “შარაძე ამერიკის ელჩს პრეტენზიებს უყენებს”, “ახალი თაობა”, 20 ივლისი, 2002
  • რას წერს “ნიუ-იორკ ტაიმსი” საქართველოს შესახებ, “ალია”, 20-21 აგვისტო, 2002
  • ,,ნინო ბურჯანაძე გურამ შარაძემ ევროსაბჭოს დელეგაციასთან “ჩაუშვა”, “ტრიბუნა”, 17 თებერვალი, 2003
  • ,,სამფეროვანთა “ომი”, “მთავარი გაზეთი”, 9 აგვისტო, 2003
  • გურამ შარაძე: “მაილსს რა ხანია, ვუჩივლე ბუშთან”, “24 საათი”, 9 აგვისტო, 2003
  • დაგვიანებული წერილი რიჩარდ მაილსს, “დილის გაზეთი”, 9 აგვისტო, 2003
  • “რიჩარდ მაილსი როგორც კი სააკაშვილს ქვეყნის სათავეში მოიყვანს, საქართველოდან გაიწვევენ”, “ტრიბუნა”, 14 ნოემბერი, 2003

 ***

 უცხოეთის საელჩოების თანამშრომლებმა გაძარცვეს მთელი საქართველო,

როდემდე ვითმინოთ მათი საქციელი?

 (ქვეყნდება მცირედი შემოკლებით)

 საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის ქვეყნების საელჩოთა თანამშრომლების უმრავლესობა სარგებლობს ქართველი ინტელიგენციის სიღატაკითა და კაპიკების ფასად იძენს უძვირფასეს სამუზეუმო ისტორიულ ძეგლებს, სარგებლობენ დიპლომატიური სტატუსით და გააქვთ საქართველოს გარეთ.

გურამ შარაძე: თურქეთში დაბადებული გიორგის (ფათიჰ ჩევიქი) განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ, გვაქვს მე, ბატონ რომან მიმინოშვილს და ქალბატონ ელენე თევდორაძეს, რათა დასკვნა წარვადგინოთ ამ თხოვნაზე. ასეთი შემთხვევა პირველი არ გახლავთ. მსგავსი თხოვნით სხვებიც მოგვმართავენ, განსაკუთრებით ისრაელში წასული და უკან, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ცალსახად ერთმნიშვნელოვანი პოზიცია: ორმაგი მოქალაქეობა საქართველოში აკრძალულია… ის ფაქტი, რომ ქართველ კაცს, ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, არა აქვს თავისი ისტორიული გვარი და ეროვნება ოფიციალურად აღდგენილი და დაფიქსირებული პასპორტში, თავისთავად მძიმეა, მაგრამ მოსაწონია იმ მხრივ, რომ ამ მოქალაქეებს სურთ დაიბრუნონ გვარიც და ეროვნებაც.

მისასალმებელია ბატონ ჩევიქის ქართველობაზე თავდადება, მაგრამ ჩვენ მას ვურჩიეთ, ისევე როგორც ისრაელიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, მიემართათ თურქეთისა და ისრაელის საელჩოებისათვის.

ჩვენი კანონის თანახმად, იმ პიროვნებამ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა სურს, უარი უნდა თქვას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომლის მოქალაქეც არის იგი ამჟამად. სხვათა შორის, ჩვენ არ ვიყენებთ საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის ქვეყნების საელჩოებს, უფრო სწორად, ჩვენს სახელმწიფოს მათ თვალში სათანადო ავტორიტეტი არა აქვს. ისეთი შთაბეჭდიელბა იქმნება, რომ ეს საელჩოები და ელჩები ისე გვამადლიან თავიანთ თავს, თითქოს ჩვენ რაიმეთი დავალებულნი ვიყოთ მათ წინაშე. ისინი იმიტომ არიან, აქ, რომ აქვე, ადგილზე მოაგვარონ წამოჭრილი პრობლემები. მე პასუხს ვაგებ თითოეულ ჩემს სიტყვაზე და გთხოვთ, ეს დაბეჭდოთ თქვენს გაზეთში: მე ვლაპარაკობ საქართველოს პარლამენტისა და პირადად ჩემი სახელით და ვაფრთხილებ საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის ქვეყნების საელჩოებს – ნუ უყურებენ საქართველოს სახელმწიფოს ზემოდან და ალმაცერად, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ბევრ მათგანს გამოვაცხადებთ პერსონა ნონ გრატად! რა შეიძლება დაერქვას, მაგალითად, საქართველოში გერმანიის საელჩოს კონსულის საქციელს, რომელმაც უარი უთხრა აჭარის სახელმწიფო ცეკვის ანსამბლს ტრანზიტის ვიზის გაცემაზე, როცა ეს ანსამბლი ფრანკფურტის გავლით ესპანეთში მიდიოდა გასტროლებზე. ანსამბლს ესპანეთიდან ფაქსით ჰქონდა მიღებული მიწვევა, გერმანიის საელჩოს კონსულმა კი გაბედა და თქვა: ქართველები სანდო ხალხი არა ხართ, ამ ფაქსს ვერ ვენდობი, წადით და მოწვევის ორიგინალები ჩამოიტანეთო (!), ე.ი. ბათუმიდან ესპანეთში უნდა წასულიყვნენ ორიგინალის ჩამოსატანად, შემდეგ მიეტანათ იგი ქალბატონი კონსულისათვის და შემდეგ წასულიყვნენ ესპანეთში. ვთქვათ, ანსამბლი უშუალოდ გერმანიაში რომ ყოფილიყო ჩასასვლელი კონცერტებით, გასაგებია ამგვარი სიფრთხილე, რადგან კონსული პასუხს აგებს საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ იმის გამო, რომ ფრანკფურტი სატრანზიტო აეროპორტია, ამისთვის ესპანეთში უნდა გავგზავნოთ ფაქსის “ორიგინალების” ჩამოსატანად? აი, ეს არის შეურაცხყოფა საქართველოსა და ქართველი ხალხისა.

– როგორ დამთავრდა ეს ამბავი?

– დავურეკე გერმანიის საელჩოს და ველაპარაკე ელჩის მდივანს ქალბატონ ნინო ჟღენტს, რომელსაც ვუთხარი: გადაეცით ქალბატონ კონსულს, რომ გამოვაცხადებთ პერსონა ნონ გრატად ქართველი ერის შეურაცხყოფისა და თავისი უფლება-მოვალეობის გადამეტებისათვის-მეთქი. სხვათა შორის, იმასაც მოგახსენებთ და გთხოვთ, ესეც დაწეროთ, რომ თავად ქალბატონი ნინო ჟღენტიც, არც წინა ელჩის დროს და არც ახლა, საქართველოს ინტერესების დამცველი არ არის გერმანიის საელჩოში. ის კარგი ცხოვრებისათვის მუშაობს საელჩოში და ძალიან კარგად მოერგო გერმანიასა და არა საქართველოს. ამიტომ, მე ასევე უნდობლობას ვუცხადებ ნინო ჟღენტს, რომელიც არასოდეს არ იცავს საქართველოს ინტერესებს და, შესაბამისად, გერმანიის საელჩოს თანამშრომლები ისე იქცევიან, როგორც ჯუნგლებში.

ასევე, ისრაელის საელჩოს ვუთხარი პირდაპირ: “რატომ არღვევთ ადამიანის უფლებებს, – ადამიანმა თვითონ აირჩიოს თავისი საცხოვრებელი ადგილი?” და, როგორც იქნა, მივაღწიეთ ამ საელჩოსთან იმას, რომ საქართველოდან წასული ის ებრაელი მოქალაქეეები, რომლებსაც აღარ სურთ ისრაელში ცხოვრება, დაბრუნდებიან უკან.

თურქეთის საელჩოს ვუცხადებ პროტესტს და მოვითხოვ, რომ დააკმაყოფილოს ადამიანის თხოვნა (გიორგის ვგულისხმობ) და მოგვწერონ პასუხი: “რატომ არ აძლევენ თურქეთის მოქალაქეობიდან მოხსნის უფლებას, ან თუ არ აძლევენ, რატომ, რა მიზეზით?” იქნება აქვთ თურქებს რაღაც ისეთი ცნობები ამ კაცზე, რომლის თანახმად იგი არ გამოგვადგება ჩვენ? მაგრამ გვითხრან პასუხი. სხვას რას აკეთებენ?.. და გთხოვთ, ესეც დაწეროთ: საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის ქვეყნების საელჩოთა თანამშრომლების უმრავლესობა დაკავებულია ბიზნესითა და საქართველოდან სამუზეუმო და ანტიკვარული ძეგლების გატანით. ისინი სარგებლობენ ქართველი ხალხის, ინტელიგენციის გაჭირვებით, სიღატაკით და კაპიკების ფასად იძენენ უძვირფასეს სამუზეუმო, ისტორიული ღირებულებების ძეგლებს და გააქვთ საქართველოს გარეთ. ამასთან, სარგებლობენ დიპლომატიური სტატუსით და საბაჟო უკონტროლობით, რის შედეგადაც გაძარცვეს მთელი საქართველო! სადამდე და როდემდე უნდა ვითმინოთ ეს ამბავი და მათი საქციელი?

ისევ ჩევიქის შემთხვევას დავუბრუნდები და როგორც საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი და მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელსაც ევალება ამ საქმის გარკვევა (და თქვენს გაზეთში ჩემი განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, გაუგზავნეთ იგი თურქეთის საელჩოს), პროტესტს ვუცხადებ ბატონ ოქიაიუზს და მოვითხოვ მისგან პასუხს: რატომ არ უხსნის თურქეთის ხელისუფლება მოქალაქეობა ბატონ ჩევიქს?

 ზურაბ მჭედლიშვილი
“კვირის პალიტრა”, 27 ოქტომბერი – 2 ნოემბერი, 1997

  

შარაძე მეტს მოითხოვს

 პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე, გურამ შარაძე თვლის, რომ პარლამენტის მიერ მარინოვთან დაკავშირებით შედგენილ დადგენილებაში ერთგვარად შემსუბუქებულია “წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების საერთაშორისო ფედერაციის” მისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსანდრე მარინოვის დანაშაული, როცა იგი ტექსტში მოხსენიებულია როგორც ეჭვმიტანილი, ვინაიდან, მისი თქმით, მარინოვი ეჭვმიტანილი კი არაა, მკვლელობის ფაქტზე წასწრებული და დაფიქსირებულია.

შარაძის თქმით, სწორედ საკითხის ამგვარმა გაბუნდოვნებამ შეუწყო ხელი მარინოვის გაპარვას საქართველოდან და აქედან გამომდინარე, იგი არ უჭერს მხარს პარლამენტის მიღებულ რეზოლუციას. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ თუ პარლამენტი ამ რეზოლუციით მიაღწევს მარინოვის დაბრუნებას, მაშინ გურამ შარაძე მზადაა ბოდიში მოიხადოს რადიკალური განცხადების გაკეთების გამო.

 გეა
“საქართველო”, 7-10 თებერვალი, 1998

 

შარაძე სკოტს შეხვდა

 საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძე 24 თებერვალს შეხვდა და ესაუბრა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო ფედერაციის ახალ ხელმძღვანელ ნილს სკოტს და მისიის სხვა წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანი იყო, უშუალო პირველწყაროს მეშვეობით მიეღოთ განმარტებები ალექსანდრე მარინოვის გახმაურებულ სკანდალთან დაკავშირებით. გურამ შარაძის განმარტებით, აუცილებელია ორმხრივი თანამშრომლობის გზების ძიება საერთაშორისო სამართლისა და, რაც მთავარია, ჰუმანურობის პრინციპებზე დაყრდნობით ამ სკანდალის მოგვარება. მხარეები შეთანხმდნენ, შეხვედრებს რეგულარული ხასიათი მიეცეს.

 იბერია
“ახალი თაობა”, 25 თებერვალი, 1998

 

შარაძე კი ისევ გაბრაზებულია

 საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემაულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძე მიესალმება საქართველოში “წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის” მისიის ყოფილი ხელმძღვანელის ალექსანდრე მარინოვისთვის კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტს, თუ მასში “დიპლომატიური ოინბაზობა არ არის ჩაქსოვილი”.

,,პრაიმ-ნიუსს” წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციაში აცნობეს, რომ ფედერაციამ მარინოვს კონტრაქტი მიმდინარე წლის 5 თებერვალს შეუწყვიტა. 6 თებერვალს კი ქვეყნის პარლამენტი მარინოვის საკითხზე მსჯელობს და სპეციალურ განცხადებაში მოითხოვს მარინოვის საქართველოში დაბრუნებასა და იმუნიტეტის საბოლოო გადაწყვეტას.

შარაძე ერთადერთი პარლამენტარი იყო, რომელიც სხდომაზე მარინოვის საქართველოში დაუბრუნებლობის შემთხვევაში, “წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის” ფედერაციის მისიის გაძევებას ითხოვდა.

,,პრაიმ-ნიუსთან” საუბარში შარაძემ თქვა, რომ იგი აპირებს კომიტეტში მიიწვიოს საკითხის განსახილველად როგორც “წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის” ფედერაციის მისიის დღევანდელი ხელმძღვანელი, ასევე გარდაცვლილი ქართველების ოჯახის წევრები. “ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე მარინოვს უკან არ დააბრუნებენ და პასუხს არ მოსთხოვენ, ხოლო მისიის ახალ ხელმძღვანელობას პასუხს არ აგებინებენ განცხადებაზე, რომელიც “საქართველოს მორალური მკვლელობის ტოლფასია”, – თქვა შარაძემ.

ფედერაციის მისიის ხელმძღვანელმა ,,პრაიმ-ნიუსთან” ინტერვიუში თქვა, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს ფედერაციამ 190 ათასი დოლარი გადასცა კომპენსაციის სახით.

შარაძის თქმით, “კომპენსაცია სხვაა, სიცოცხლის ფულით ყიდვა – სხვა”, საქართველოში არ შეიძლება ყველაფერი იყიდებოდეს, ყოველ შემთხვევაში, აღარ შეიძლება იყიდებოდეს და “ამას დავუმტკიცებ მსოფლიოს”.

 ,,პრაიმ-ნიუსი’’
“დრონი”, 10 თებერვალი, 1998

 

 

“არ მოვისვენებთ, სანამ მარინოვს უკან არ დააბრუნებენ”

 საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძე მიესალმა საქართველოში “წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის” მისიის ყოფილ ხელმძღვანელ ალექსანდრე მარინოვისთვის კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტს, თუ მასში “დიპლომატიური ოინბაზობა” არ არის ჩაქსოვილი.

ალექსანდრე მარინოვმა გასული წლის 13 ივლისს ავტოავარია მოახდინა, რის შედეგადაც ორი ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მარინოვმა 1998 წლის 23 იანვარს დატოვა საქართველოს ტერიტორია.

შარაძე ერთადერთი პარლამენტარი იყო, რომელიც სხდომაზე მარინოვის საქართველოში დაუბრუნებლობის შემთხვევაში, “წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციის” მისიის გაძევებას ითხოვდა.

პრაიმ-ნიუსთან საუბარში შარაძემ თქვა, რომ იგი აპირებს, კომიტეტში მიიწვიოს საკითხის განსახილველად როგორც “წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციის” მისიის დღევანდელი ხელმძღვანელი, ასევე გარდაცვლილი ქართველების ოჯახთა წევრები.

“ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე მარინოვს უკან არ დააბრუნებენ და პასუხს არ მოსთხოვენ, ხოლო მისიის ახალ ხელმძღვანელობას პასუხს არ აგებინებენ განცხადებაზე, რომელიც “საქართველოს მორალური მკვლელობის ტოლფასია”, – თქვა შარაძემ.

ფედერაციის მისიის ხელმძღვანელმა პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში თქვა, რომ გარდაცვლილების ოჯახებს ფედერაციამ 190 ათასი დოლარი გადასცა კომპენსაციის სახით.

შარაძის თქმით, “კომპენსაცია სხვაა, სიცოცხლის ფულით ყიდვა – სხვა”, საქართველოში არ შეიძლება ყველაფერი იყიდებოდეს, ყოველ შემთხვევაში, აღარ შეიძლება იყიდებოდეს და “ამას დავუმტკიცებ მსოფლიოს”.

 პრაიმ-ნიუსი
“ახალი თაობა”, 10 თებერვალი, 1998

 

 

გურამ შარაძე უნდობლობას აცხადებს

პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძე უნდობლობას უცხადებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციებს, რადგან, მისი თქმით, ისინი თავიანთ ძირითად მისიას ჰუმანიტარულ სფეროში ვერ ასრულებენ.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ალექსანდრე მარინოვმა გასულ წელს ავტოავარიით ორი ქართველი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ბულგარელ მარინოვს დანაშაულზე პასუხი არ უგია და დღეს სამშობლოში იმყოფება, _ თქვა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გურამ შარაძემ.

მისი თქმით, თურქეთში მომხდარი ქართველ ბავშვებთან დაკავშირებული ინციდენტი კვლავ ადასტურებს, რომ “საქართველოს მოქალაქე დაუცველია”.

თურქეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და საერთაშორისო წითელი ნახევარმთვარის მიწვევით, 21 ივლისიდან კურორტ სამსუნში აფხაზეთიდან დევნილი 20 მოზარდი იმყოფებოდა ჯანმრთელობის რეაბილიტაციის მიზნით. თურქ თანატოლებთან ერთად, 31 ივლისს ფეხბურთის თამაშის დროს, 14 წლის თურქი ქერიმი დაეცა და თავი ცუდად იგრძნო. მოზარდი ადრეც ავადმყოფობდა და სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებოდა. იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამსუნის პოლიციამ ქერიმის სიკვდილში ცალსახად ქართველი მოზარდები დაადანაშაულა და მთელი ჯგუფი, ხელმძღვანელობასთან ერთად, პოლიციაში გადაიყვანა. მეორე საღამოს 14 მოზარდი გაათავისუფლეს, ექვსი კი, მხოლოდ იმიტომ, რომ ასაკით უფროსები და ტანადები იყვნენ, დააკავეს და დღემდე თურქეთის ციხეში ცალკე იზოლატორში ჰყავთ გამომწყვდეული.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთში ციხეში მყოფი ბავშვების მშობლებმა თქვეს, “ბავშვები დამნაშავეები არ არიან და მათ იმედი აქვთ, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და მალე სამშობლოში დაბრუნდებიან”.

ბავშვების თავდებით გამოყვანა ჯერჯერობით არ შეიძლება, ვიდრე არ ჩატარდება ექსპერტიზა, რომელიც, იმედია, ბავშვების უდანაშაულობას დაადგენს.

შარაძის თქმით, წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა აეკრძალოს საქართველოში საქმიანობა, რადგან დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებენ.

 პრაიმ-ნიუსი
“დილის გაზეთი”, 12 აგვისტო, 1998

 

 

შარაძე საერთაშორისო ორგანიზაციების უფლებამოსილების

შეწყვეტას მოითხოვს

 – მე თანავუგრძნობ გარდაცვლილი თურქი ბავშვის მშობლებს და ვუცხადებ მათ სამძიმარს, – ამ სიტყვებით დაიწყო გურამ შარაძემ პრესკონფერენცია, რომელიც თურქეთში დაპატიმრებული ქართველი ბავშვების თემას მიეძღვნა. მან კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია, რომელმაც ლტოლვილი ბავშვები ჯანმრთელობის რეაბილიტაციის მიზნით თურქეთში წაიყვანა. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც თურქეთის მხარემ გარდაცვლილი ბავშვის საკომპენსაციოდ წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციას სოლიდური თანხა მოსთხოვა. როგორც ბატონმა გურამ შარაძემ აღნიშნა. ამ ვითომდა ჰუმანურ ორგანიზაციას ბავშვები რომც არ წაეყვანა თურქეთში, იგი მოვალეა, მაინც ასეთ დარღვევებზე სათანადო ყურადღება გაამახვილოს, რადგან მის მოვალეობას წარმოადგენს.

როგორც პრესკონფერენციაზე დაპატიმრებული ბავშვების მშობლებმა განაცხადეს, დღესდღეობით ქართველი ბავშვები სამსუნის იზოლატორში იმყოფებიან და მათ გათავისუფლებას იქამდე არ აპირებენ, სანამ გარდაცვლილი ბავშვის გვამს მეორეჯერ ექსპერტიზას არ ჩაუტარებენ. მშობლებმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს, თუ რა რეზონანსი მოჰყვა თურქეთში ვითომდა ქართველი ბავშვების მიერ თურქი ბავშვის მოკვლას. როგორც მათ აღნიშნეს, თურქეთის საინფორმაციო საშუალებები დასდევდნენ ქართველ ბავშვებს და საზოგადოებას როგორც მკვლელებს, ისე აცნობდნენ. თუმცა, როგორც მათვე განაცხადეს, ქართულმა დიასპორამ დიდი ყურადღება გამოიჩინა დაპატიმრებული ბავშვების მიმართ. მშობლებმა ასევე ილაპარაკეს იმ მძიმე პირობებზე, რასაც მათი შვილები განიცდიან. ერთ-ერთი დაპატიმრებული ბავშვის დედამ განაცხადა, რომ ციხეში 6 ბავშვს ერთი პური და ერთი პომიდორი შეუგზავნეს მხოლოდ. – ეს ცინიზმია და მეტი არაფერი, – აცხადებენ მშობლები. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, დაპატიმრებული ბავშვების გასათავისუფლებად დიდ ყურადღებას იჩენს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. როგორც ბატონმა გურამ შარაძემ აღნიშნა, ზურაბ ჟვანია დაუკავშირდა თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, რომელიც შეჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს ქართველი ბავშვების ციხიდან დასახსნელად.

ბატონი გურამ შარაძე შეეხო რა წითელი ნახევარმთვარის “ჰუმანურ” ქმედებებს, მან დამაჯერებელი არგუმენტებით კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც. კერძოდ, გაეროს მისია და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია.

გაეროს მისიის მოღვაწეობა საქართველოში იმით დაიწყო, რომ მრგვალ ბაღთან მდებარე საბავშვო ბაღიდან ბავშვები გამოყარეს და იქ თავისი ოფისი მოიწყვეს. ასეთი “ჰუმანური” ორგანიზაცია ჩვენ აფხაზეთს დაგვიბრუნებს? – განაცხადა გურამ შარაძემ. მისივე თქმით, გაერო არაფერს არ აკეთებს საქართველოს ინტერესებისთვის. გურამ შარაძის კრიტიკა წითელი ჯვრის მისიასაც შეეხო. “მისმა ხელმძღვანელმა ბატონმა მარინოვმა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანით ორი ქართველი იმსხვერპლა, მას ერთი ღამეც არ გაუტარებია გამოსაფხიზლებელში. როდესაც ჟენევას მოვთხოვე მისი გასამართლება, ცინიკურად მიპასუხეს, ჩვენ ის სამსახურიდან დავითხოვეთ და არც გვაინტერესებს, სად არისო. როგორ, შენი თანამშრომელი ორ კაცს კლავს და არ გაინტერესებს სად არის? ეს არის “ჰუმანური” ორგანიზაცია?

გურამ შარაძემ ამ ორგანიზაციების საქმიანობაც გააკრიტიკა, მისი თქმით, მათ საქართველოში გაფუჭებული პროდუქტი შემოაქვთ და ამით კარგად ითბობენ ხელს – ამერიკასა და ევროპაში გაფუჭებული პროდუქტის გადაყრისთვის უზარმაზარ თანხას უხდიან ფირმებს, ამ ორგანიზაციებს კი შემდეგ აქ შემოაქვთ და “ჰუმანურ” საქმიანობაში ეთვლებათ. რითი გვწამლავენ, არავინ იცის, – აცხადებს გურამ შარაძე. მისივე განცხადებით, ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ატაშეებს ამ საქმიანობაში ქართველებიც ეხმარებიან – ისინი გაკეთდნენ ამით და უზარმაზარი სასახლეები იყიდეს, რომელთა საწყობები გადაქცეულია გაფუჭებული პროდუქტის შესანახად და საქართველოში სამუზეუმო ექსპონატების გასატანად, – აცხადებს შარაძე და იქვე დასძენს, რომ უცხოელი მისიონერები ჩვენს ფასდაუდებელ განძეულობას ჩალის ფასად ყიდულობენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გურამ შარაძე აცხადებს:

– სანამ საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ ფუნქციას ღირსეულად არ შეასრულებენ, მანამდე მოვითხოვ, რომ ამ ორგანიზაციებს უფლება-მოსილება შეუწყდეთ. მისივე კატეგორიული განცხადებით, სანამ წითელი ჯვრის ორგანიზაცია მარინოვს პასუხს არ აგებინებს ორი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისათვის, მანამ პარლამენტში ამ ორგანიზაციის რატიფიკაციის წინააღმდეგი იქნება.

 მამუკა ბაკაშვილი
“ახალი თაობა”, 12 აგვისტო, 1998

 

 შარაძე უკან დახევას არ აპირებს

 28 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ფრანგული კულტურის ცენტრის პრეზენტაციაზე, ერთი შეხედვით, სრული იდილია სუფევდა, – საფრანგეთის ელჩმა, ქალბატონმა მირეი მიუსომ, ნახევარსაათიანი მოხსენება წაიკითხა, ამას მოჰყვა აღნიშნული მოხსენების ქართული თარგმანი, შემდეგ საქართველოს განათლების მინისტრი, ალექსანდრე კარტოზია გამოვიდა, დამსწრე საზოგადოებას პოპულარული ფრანგი მწერალი დომინიკ ფერნანდესიც მიესალმა. ამასობაში ხალხი გვარიანად გადაიღალა და კოქტეილის გამოცხადებამ ყველას შვება მოჰგვარა. მაგრამ, როგორც გაირკვა, კულუარებში, თურმე, ერთობ საინტერესო ამბები ხდებოდა: რადგან ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებაა, ხოლო სიტყვით გამომსვლელთა სიაში პარლამენტარის გამოსვლა არ გაითვალისწინეს, საღამოზე მოწვეულმა დეპუტატმა, ბატონმა გურამ შარაძემ, დაშვებული “შეცდომის” გამოსწორება განიზრახა და სიტყვის უფლება მოითხოვა, მაგრამ მისი თხოვნა უყურადღებოდ დარჩა. ბატონმა გურამმა ამ ფაქტს ფართო რეზონანსი მისცა.

– ეს, დაახლოებით, იმას ნიშნავს, საქართველოს ელჩმა ამერიკაში, თედო ჯაფარიძემ, ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვა არ მისცეს ამერიკელ კონგრესმენს, ან ჩოგოვაძემ პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრს იგნორირება გაუკეთოს.

– თქვენ სიტყვა ოფიციალურად ითხოვეთ?

– დიახ, ქალბატონ ელჩს ჩემი სურვილის შესახებ შევუთვალე, ატყდა ალიაქოთი, ზურგი შეგვაქციეს, გამართეს ბჭობა-ბაზარი და ასეთი ამბავი მომიტანეს, ელჩმა ბრძანა, აქ დარბაზში, სადღაც ვიცე-სპიკერი, ელდარ შენგელაიაა, მას შეეკითხეთ, თუ არ გამოვა, მერე თქვით, თქვენო, მაგრამ როგორც კი პასუხი მომიტანეს, მაშინვე გამოხტა ვიღაც ფრანგი, აქ კარგი ნუგბარი გვაქვს და სჯობს, ახლა ნუგბარზე გადავიდეთო.

– ნუგბარზე აღარსად ჩანდით…

– დიახ, მივედი ელჩთან და ვუთხარი, ქალბატონო მიუსო, როდესაც თქვენ პარლამენტის წევრს სიტყვას არ აძლევთ, ეს დიპლომატიური და  მეგობრული ურთიერთობების დარღვევაა, საქართველოს პარლამენტში შევხვდებით, ამის შესახებ იქ გავაგრძელებთ საუბარს-მეთქი და პროტესტის  ნიშნად, ნუგბარი დავტოვე.

– ელჩმა რა გიპასუხათ?

– დაიბნა, არ ელოდა, ისინი ხომ ასეთ მოქცევას მიჩვეულები არიან, დიდი რამე, გურამ შარაძეს არ მივეცით სიტყვა, ჩაილურის წყალივით ჩაივლისო… არა, ბატონო! საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ვარ და მისი ღირსების შელახვას არავის ვაპატიებ|! არც ქართველს და არც არაქართველს!

– რადგან ელდარ შენგელაია თანამდებობით მაღლა დგას, ალბათ, ამიტომაც შესთავაზეს მას სიტყვა და რადგანაც უარი თქვა, საკითხი დახურულად ჩათვალეს, არა?

– განა მე ვერ ვანსხვავებ თანამდებობით ვინ მაღლა დგას და ვინ დაბლა? კი, ბატონო, შეეთანხმებინათ და თუ მან უარი თქვა, სამაგიეროდ პარლამენტის სხვა წევრმა გამოთქვა თავისი პოზიციის გამოხატვის სურვილი, ამაზეა ლაპარაკი. ბოლო-ბოლო, საჯარო ბიბლიოთეკის უბრალო მკითხველი ვარ და ტომები მაქვს დაწერილი ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებზე..?!

– ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ფაქტს ძალიან ფართო რეზონანსი მიეცით?

– ასე იყო საჭირო. როგორც იცით, მეორე დღეს საქართველოს პარლამენტის ღია სხდომაზე გამოვედი და ხუთმილიონიან საქართველოს გავაგონე, რა ჩაიდინა  საფრანგეთის ელჩმა და მოვუწოდე, ხვალ კომიტეტში ვნიშნავ საგანგებო შეხვედრას, ვპატიჟებ ქალბატონ ელჩს და მან ეს ოფიციალურ მიწვევად ჩათვალოს-მეთქი. ამაზეც არ გავჩერდი, კომიტეტში რომ დავბრუნდი, საელჩოს დიდი გაჭირვებით დავუკავშირდით, რადგან გვემალებოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ელჩი საქმის კურსში ჩავაყენეთ, მაგრამ დანიშნულ დღეს პრესკონფერენცია და საკომიტეტო მოსმენა ორი საათის ნაცვლად, სამის ნახევარზე დავიწყე, ჟურნალისტებს ბოდიში მოვუხადე, ელჩის მობრძანების მოლოდინში გალოდინეთ-მეთქი. იგი ყოველივე ამის შემდეგაც არ მობრძანდა.

– თქვენი კომენტარი როგორია?

– პარლამენტარის ღირსება უხეშად ფეხქვეშ გაითელა. მე რომ ამას მიბედავენ, წარმოიდგინეთ, რას გაუბედავენ ჩვეულებრივ, საქართველოს საწყალ მოქალაქეებს, რომლებიც საათობითთ და კვირაობით დგანან საელჩოების წინ რიგებში. რა ხდება საელჩოებში მათი ელემენტარული მოქალაქეობრივი მოთხოვნების დაკმაყოფილების დროს?! ამის მაგალითები უხვად შემიძლია გითხრათ. როგორ დაირღვა ამერიკის საელჩოში მოქალაქე ქემაშვილის უფლებები, რომელსაც შვილი უკვდება ნიუ-იორკის საავადმყოფოში და კონსულმა ვიზაზე უარი უთხრა, თქვენ არ გავხართ მდიდარ ქართველს, რომელსაც საშუალება აქვს, ამერიკაში შვილის სანახავად წავიდესო. მე ჯერ ნიუ-ორკის საავადმყოფოში დავრეკე, დავრწმუნდი შვილმომაკვდავი მამის სიმართლეში, რაც, წესით, კონსულს უნდა გაეკეთებინა, მერე დავწერე საკადრისი წერილი ელჩის სახელზე და იმ დღესვე მისცეს ვიზა. აგრეთვე, გერმანიის ელჩი დიდი პრეტენზიებით გამოვიძახე კომიტეტში, ძალიან ქედმაღლურად მოვიდა. რომ გადმოვუშალე მაგალითები, თუ რა ხდება მის საელჩოში, მერე დარცხვენილი, ბოდიშებით წაბრძანდა. ასევე ვუპირებდი საფრანგეთის ელჩს, მაგრამ არ მობრძანდა.

– საფრანგეთის საელჩოს წინააღმდეგ რა მაკომპრომეტირებელი ფაქტები გაქვთ?

– რომ მქონდეს, არ გეტყოდით, რადგან გამოვა, რომ ეს კამპანია მათ წინააღმდეგ სპეციალურად წამოვიწყე.

– ისევ იმ საღამოს დავუბრუნდეთ. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს, თქვენი განაწყენება ბატონი ალექსანდრე კარტოზიას გამოსვლამაც გამოიწვია, რომელმაც ფრანგული ცენტრის გახსნის საქმეებში დიდი მონაწილეობა მიიღო.

– ეტიკეტის მიხედვით, მას სიტყვა არ ეკუთვნოდა, რაკი უკვე სამი თვეა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი აღარ არის. ან ბატონი კარტოზია მიიჩნევს ეროვნულ ბიბლიოთეკას თავის საკუთრებად, ან ჰგონია, რომ იგი განათლების სამინისტროს სტრუქტურაში გადაიტანა. განაწყენებული კი არ ვარ, არამედ როგორც მისი გულშემატკივარი, კარტოზიას მოვუწოდებ, შეასრულოს მინისტრის მოვალეობა, იაროს ყოველდღე სამინისტროში და მოგვცეს საშუალება ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი ხელმძღვანელი ავირჩიოთ.

– ბატონი კარტოზია სამინისტროში არ დადის და ახალი ხელმძღვანელის არჩევის საშუალებას არ გაძლევთ?

– გული მწყდება, რომ თავისი სამუშაო დროის დიდ ნაწილს ერონულ ბიბლიოთეკაში ატარებს და იმ სამუშაოს შესრულებას აგრძელებს, რომელიც მას პრეზიდენტის ბრძანებულებითა და პარლამენტის დავალებით აღარ ავალია. გული მტკივა, მან კარგად წამოიწყო საქმე ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მისი ბოლომდე მიყვანა არ დასცალდა. თუ მას გულში უდევს განათლების მინისტრობიდან გადადგომა, ახლავე გააკეთოს ეს!

– მის გადადგომაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ საინტერესოა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე საუკეთესო კანდიდატად ვინ მიგაჩნიათ?

– ალალად გიპასუხებთ, ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, ბატონი ალექსანდრე კარტოზია განათლების მინისტრობიდან დაბრუნდებოდეს. რაც შეეხება სხვა კანდიდატს, ყველაფერს ვფიცავარ, რაც ამქვეყნად მწამს, არავინ შემირჩევია და ასეც რომ იყოს, არ გავამჟღავნებ, რადგან გამოვა, რომ ეს კამპანია ჩემი კანდიდატის გასაყვანად არის გამოწვეული.

– რადგან ასე ძალიან გსურთ ბატონი ალექსანდრე კარტოზია საჯარო ბიბლიოთეკას დაუბრუნდეს, მაშინ, განათლების მინისტრის პოსტზე გეყოლებათ ვინმე შერჩეული.

– ამ კითხვის პასუხად, შეგიძლიათ დაწეროთ, გურამ შარაძემ გულიანად გადაიხარხარა-თქო. განათლების მინისტრი ვინ უნდა იყოს, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს.

– ამბობენ, თავად გურამ შარაძეს სურს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობაო.

– ძალიან დიდი მადლობელი ვარ ასეთი მოარული ხმის გაჟღერებისთვის. დასამალი არ არის, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექტივი უკვე რამდენი წელიწადია დირექტორობას მთხოვს, დიდი მადლობელი ვარ მათი ასეთი დიდი ნდობისა და სიყვარულისა. ამ წუთში რომ ეს გადაწყვიტო, დაწყებული კარისკაციდან, დამთავრებული დირექციის წარმომადგენელებით, ყველა გულში ჩამიხუტებს, მაგრამ პიროვნულად არ შემიძლია. ჯერ ერთი, პარლამენტს ვადაზე ადრე ვერ დავტოვებ.

– ვადის გასვლის შემდეგ?

– წასვლამდე თვე და ერთი წელი მიკლია და ამ ხნის მანძილზე, ძალიანაც რომ მსურდეს, ეროვნულ ბიბლიოთეკას უდირექტოროდ ვერ გავაჩერებ. ასე რომ, გამოირიცხოს ყოველგავრი მიეთ-მოეთი და ჭორი, გურამ შარაძეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობა არ სურს! და მას არ ჰყავს კანდიდატურა გასაყვანად. მისი კანდიდატურა იყო და არის ალექსანდრე კარტოზია! ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობა მას უფრო შეუძლია, ვიდრე მინისტრობა. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. კიდევ რა ჭორს მომიგონებთ?

– სხვათა შორის, ერთი ჭორი კიდევ დადის…

– ელჩობაზე?

– დიახ.

– რამდენ სისულელეს გაიგებ ქალაქში. აბსოლუტური სისულელეა!

– რატომ?

– როცა კაცს გულშიც არ გაგივლია და თანაც, ამისთვის მზად არ ხარ, სისულელე არ არის? უმალ ჩემი შვილის გაცოცხლებას დავიჯერებ, ვინემ საფრანგეთის ელჩობას. მეტი რა დაგიფიცოთ…

“ალია” საფრანგეთის საელჩოს დაუკავშირდა და შეეცადა, ქალბატონი მირეი მიუსოს პოზიციაც დაეფიქსირებინა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. როგორც ჩანს, ქალბატონი მიუსო ძალიან დაკავებულია და ასეთი “წვრილმანი საქმეებისთვის” არ სცალია.

 ნინო ბიწაძე
“ალია”, 7-8 ნოემბერი, 1998

 

 

 შარაძე ამერიკის კონსულის საქმიანობას აპროტესტებს

 საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ შარაძე პროტესტს აცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონსულის მარკ მუდის დიპლომატისთვის შეუფერებელი საქმიანობის გამო და მოითხოვს, რომ მან დაუყოვნებლივ დატოვოს საქართველო.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში, სახელდობრ, მის კომიტეტში, შედის უამრავი საჩივარი საელჩოს საკონსულოს, პირადად კონსულის არაკორექტული და არაეთიკური საქმიანობის შესახებ.

გურამ შარაძეს თხოვნით მიმართეს მოქალაქეებმა ალექსანდრე ქემალიშვილმა, რომელიც მიდიოდა ამერიკაში მომაკვდავი შვილის სანახავად და მედეა გაბელიამ, რომელსაც ნიუ-იორკის კლინიკაში უნდა ემკურნალა. შარაძის თქმით, ამერიკის საელჩოს მათი გამგზავრების მიზეზები და კეთილსინდისიერება საეჭვოდ მიაჩნია, ამიტომაც ვიზა არ გამოწერეს.

პარლამენტარს მიაჩნია, რომ კონსულის ასეთი მოღვაწეობა ხელს უშლის ამერიკასა და საქართველოს შორის კეთილგანწყობილი სახელმწიფოებრივი და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და მის შემდგომ განვითარებას.

უახლოეს ხანს გურამ შარაძე ამ მოთხოვნით აპირებს მიმართოს ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ქენეთ იალოვიცს.

 ,,პრაინ-ნიუსი”
“დილის გაზეთი”, 4 დეკემბერი, 1998
 

 

გურამ შარაძე: ქეთევან ბაგრატიონისაგან ნაჩუქარი ჰუმანიტარული ხელკეტებით პოლიცია მოსახლეობას არბევდა!

 საქართველოს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტობის მსურველთა რიცხვს ახლახან ქეთევან ბარგატიონ-ორსინიც შეემატა. ქალბატონი ქეთევანის ნდობით აღჭურვილ დესპანს არცთუ კეთილგანწყობილ გარემოში მოუხდება ბაგრატიონთა შთამომავლის ნების აღსრულება. გვესაუბრება პარლამენტარი გურამ შარაძე:

– როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი ქეთევანის საქმიანობას სხვებზე უკეთ ვიცნობ და მინდა განვმარტო, რომ მისი, როგორც პიროვნების და ქველმოქმედის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია, მაგრამ არ შემიძლია დავივიწყო ფაქტი, რომელიც ჩემში დღემდე უდიდეს აღშფოთებას იწვევს. როდესაც საქართველოდან კანონიერი პრეზიდენტი განდევნეს, სამართლიანად აღშფოთებული მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა და მას სწორედ ქეთევან ბაგრატიონისგან ნაჩუქარი “ჰუმანიტარული” ხელკეტებით არბევდა ქართული პოლიცია… ამიტომაც გაჭირვებული ქართველების მფარველად ქალბატონი ქეთევანი პირადად მე ძნელად წარმომიდგენია!

– ბატონო გურამ, ქალბატონმა ქეთევანმა ჰუმანიტარული ტვირთი გამოგზავნა და არა ამ ტვირთის გამოყენების “ინსტრუქცია”. თქვენ კი მას პასუხს სთხოვთ იმაზე, რაც ჩვენმა პოლიციამ დამოუკიდებლად ჩაიდინა?

– ასეთი უნებლიე “შეცდომა” თავისი პროდუქციის გასაღებით დაინტერესებულ რიგით ბიზნესმენს რომ მოსვლოდა, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა, მაგრამ როცა ამას აკეთებს ქალბატონი, რომელსაც გარკვეული პრეტენზიები აქვს ქველმოქმედებასა და პოლიტიკოსობაზე, მის საქციელს ვერაფრით გავამართლებ. დალოცვილისშვილს, თუ მაინცდამაინც ქართული პოლიციის დახმარება უნდოდა, რაღა “დუბინკებს” უგზავნიდა? განა ქეთევან ბაგრატიონმა არ იცოდა, რომ ომგადავლილ და დაქცეულ ქვეყანას ხელკეტები კი არა, პური სჭირდებოდა?! თუ არ იცოდა, მაშინ ბრმა ყოფილა. ბრმა ქველმოქმედი და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი კი საქართველოს არ სჭირდება!

– და მაინც, ეს ერთი შეხედვით არაპოლიტიკური ფაქტი პოლიტიკურ შეფერილობას იძენს. როგორ ფიქრობთ, რატომ გაუჩნდა ქალბატონ ქეთევანს ამ ამპლუით საქართველოში დამკვიდრების სურვილი?

– ათეული წელია, რაც ქეთევან ბაგრატიონი საქართველოში საკუთარი პერსონისა და იმიჯის დამკვიდრებისათვის იბრძვის. დასამალი არაა, რომ ჩვენში მონარქიის აღდგენის შემთხვევაში ტახტზე ასვლის სურვილი სხვა ბაგრატიონებთან ერთად მასაც რახანია აქვს!

 ელგა ფოლადიშვილი
“ასავალ-დასავალი”, 3-9 სექტემბერი, 2001

 

შარაძე ამერიკის ელჩს პრეტენზიებს უყენებს

დეპუტატმა გურამ შარაძემ ორი დღის წინ თეთრ სახლში პრეზიდენტ ბუშის სახელზე შემდეგი შინაარსის წერილი გაგზავნა:

`თქვენო აღმატებულება ბატონო პრეზიდენტო, პირველ ყოვლისა, მსურს დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი და თქვენი დიდი ქვეყნისადმი, გისურვოთ წარმატებები თქვენს მეტად საპასუხისმგებლო მოღვაწეობაში აშშ-ისა და მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ. ახლა მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ მეტად მტკივნეულ საკითხს:

აშშ-ის ელჩი საქართველოში, ბატონი რიჩარდ მაილსი დიდი ხანი არ არის, რაც შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას ჩვენს სამშობლოში და სამწუხაროდ, უკვე მოასწრო, ცუდი იმიჯი შეექმნა საკუთარი თავისა და ქვეყნისთვისაც, რომლითაც ამაყობს მთელი დემოკრატიული მსოფლიო. ბატონი რიჩარდ მაილსი უხეშად ერევა საქართველოს სახელმწიფოს შინაურ საქმეებში, გამოირჩევა ტენდენციურობითა და არაობიექტურობით, შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტს და მისი წევრის ღირსებასა და პატივს.

ბატონი რიჩარდ მაილსი, როგორც დიპლომატი და პოლიტიკოსი, თავისი მოღვაწეობით აძულებს საქართველოს და მის მოსახლეობას აშშ-ის ყველაზე საუკეთესო დემოკრატიულ პრინციპებსა და იდეალებს და ჩრდილს აყენებს აშშ-სა და საქართველოს შორის დამყარებულ ურთიერთპატივისცემისა და მეგობრული დამოკიდებულების საუკეთესო ტრადიციებს. ამიტომ მტკიცედ მოვითხოვ, აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი დაუყოვნებლივ გაიწვიოთ საქართველოდან~.

ბატონი გურამ შარაძის მრისხანების მიზეზი კი კონკრეტულად იყო 17 ივლისს ელჩის შეხვედრა `თავისუფლების ინსტიტუტის~ წარმომადგენლებთან, სადაც ელჩმა ამერიკის მთავრობის სახელით დაგმო თავისუფლების ინსტიტუტის წევრებზე თავდასხმა და რელიგიურ ნიადაგზე ადამიანების დევნის ფაქტები, ამავე დროს, როგორც გურამ შარაძე აცხადებს, თითი დაუქნია საქართველოს მთავრობას რელიგიური უმცირესობების შევიწროების გამო და მოსთხოვა დამნაშავეების დადგენა და გასამართლება.

გურამ შარაძე აცხადებს, რომ თვითონაც გმობს ამ თავდასხმას, მაგრამ ელჩის მიმართ სერიოზული პრეტენზიები გააჩნია, მაგალითად, პარლამენტის რამდენიმე კომიტეტმა მთელი ათი დღის განმავლობაში თხოვნით მიმართა ელჩს, რომ მიეღო არა ცალმხრივი, არამედ ობიექტური ინფორმაცია, ელჩმა კი ამის საპასუხოდ უდროობა მოიმიზეზა. შარაძის თქმით, აშშ-ს ელჩი არ კადრულობს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლას, მეტიც, უშუალოდ საკუთარი სახელით კი არა, არამედ რომელიღაც თანამშრომლის სახით ცდილობს პარლამენტთან ურთიერთობას.

– ამის გამო ამევსო მოთმინების ფიალა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მუკბანიანის დახმარებით გავაგზავნე ეს წერილი, ელჩი თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს ხვდება და ეუბნება, რომ უნიათონი ვართ და ცივილიზებული გზით გვირჩევს ურთიერთობის გარკვევას. ამიხსენით, არის თუ არა ეს საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა?

ამის შემდეგ შარაძემ აღშფოთებით განაგრძო კონკრეტული ადრესატების, ლევან რამიშვილისა და გიგა ბოკერიას კრიტიკა; მაგალითად, განაცხადა, რომ ამ ახალგაზრდებმა ავტომატების ტრიალით დაიწყეს მოღვაწეობა სამოქალაქო ომის დროს, რომ მათ დაწვეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ფიტულები, რის შედეგადაც გულის შეტევა დამართეს მოსამართლე ლამარა ჩორგოლაშვილს.

– რითია ლამარა ჩორგოლაშვილის სიცოცხლეზე უკეთესი რომელიმე ამ ანტითავისუფლების ინსტიტუტელის სიცოცხლე? – კითხულობა შარაძე და ღრმად არის დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხის აგრესია ამ `ახალგაზრდების~ მისამართით უმიზეზო არ არის.

– ბატონი მაილსი არ უნდა ინტერესდებოდეს, რატომ დატოვა დროებით დეპუტატის მანდატი გურამ შარაძემ ან იეღოველებს რატომ დევნიან? – მიმართავს თანამოაზრეებს.

ცხადია, იეღოველებსაც ეხება და მასმედია შეახსენებს, რომ სასამართლომ მათ რეგისტრაცია და საბანკო ანგარიში გაუუქმა, მაგრამ ყალბი ბეჭდებით სჩადიან დანაშაულს, წვავენ ხატებს, დაწვეს წმინდა ნიკოლოზის ხატის ჩარჩო, საბედნიეროდ, თავად ხატები დაწვას სასწაულებრივად გადაურჩა. შარაძის მიერ ქართველ ჰეროდოტედ ხსენებული ივანე ჯავახიშვილის სოფელი მთლიანად გაიეღოველდა და ისინი თარეშობენ.

შარაძე აქტიურ ქმედებებზე გადავიდა თავისუფლების ინსტიტუტის წინააღმდეგ. გენპროკურატურის მიმართ წერილით, გამოიძიოს მაგთიკომის ქსელში როგორ გავრცელდა ცნობილი მესიჯი `სიკვდილი ფაშისტ შარაძეს!~, ამავე დროს სასამართლოში შეიტანა სარჩელი ლევან რამიშვილის წინააღმდეგ ცილისწამებისათვის; პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, რომელსაც მიხეილ ოსაძე თავმჯდომარეობს, სთხოვა გამოიძიოს, აქვს თუ არა საფუძველი ლევან რამიშვილს იმის თქმისა, რომ შარაძე სუკ-ის აგენტია.

გურამ შარაძე თავს უზომოდ შეურაცხყოფილად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ მალე გაირკვევა ყველაფერი სასამართლოში, მისი ცილისმწამებლები კი მას საჯაროდ ბოდიშს მოუხდიან.

 თამარ ნინიძე
“ახალი თაობა”, 20 ივლისი, 2002

 

რას წერს “ნიუ-იორკ ტაიმსი” საქართველოს შესახებ

 “პარლამენტის საშემოდგომო სესია რიჩარდ მაილსის გასამართლების სესია იქნება”, – აცხადებს პარლამენტარი გურამ შარაძე და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აშშ-ს ელჩის რიჩარდ მაილსის გამოცხადებას კვლავ მოითხოვს, რათა დეპუტატებს ამცნოს, რატომ წამოვიდა მართლმადიდებლური ბულგარეთიდან, სადაც ის ელჩად იყო და ასევე აღიაროს, რომელ რელიგიურ აღმსარებლობას მიეკუთვნება.

მისივე განცხადებით, რამდენიმე დღის წინათ ამერიკის ელჩმა კასპში, სადაც შარაძე ადგილობრივი ორგანიზაციის დასაფუძნებლად ჩავიდა, თავისი აგენტებიც გაგზავნა. დეპუტატმა 17 აგვისტოს გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებულ წერილზე ისაუბრა, სადაც შარაძე საქართველოს პარლამენტის ნაციონალისტ წევრად არის მოხსენიებული. “კასპში ათი საპირფარეშო და ორი ფაცხა დაიწვა, რასაც გაზეთი მაშინვე გამოეხმაურა, მაშინ, როცა იეღოველთა მიერ ქართული ჯვრებისა და ხატების დაწვის შესახებ არაფერი დაბეჭდილა” – ამბობს შარაძე. შარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სთხოვს, წმინდა სინოდი შეიკრიბოს და გაარკვიონ, რას წარმოადგენს სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი და რატომ არის მართლმადიდებლურ ეკლესიებში იქ ნათარგმნი ბიბლია.

კავკას-პრესი
“ალია”, 20-21 აგვისტო, 2002

 

 

ნინო ბურჯანაძე გურამ შარაძემ ევროსაბჭოს დელეგაციასთან “ჩაუშვა”

 გურამ შარაძემ მიაღწია თავის საწადელს და შეხვდა ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფს, რისი შესაძლებლობაც მანამდე არ ჰქონდა. “ტრიბუნას” შარაძემ შესჩივლა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მას არ უშვებს სტრასბურგში.

– როგორია თქვენი შთაბეჭდილება ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ?

– მე ერთსაათიანი შეხვედრა მქონდა პირისპირ მათთან, ღრმად დავრწმუნდი იმაში, რომ ზერელე წარმოდგენა აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით ორ მტკივნეულ საკითხზე – ე.წ. თურქი-მესხების და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე. ეს მათი ბრალი არ არის, ჩვენი ბრალია, რომ ჩვენ ვერ გავარღვიეთ ინფორმაციული ვაკუუმი, ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსები და ადამიანის უფლებათა დამცველები კანცელარიიდან, ომბუდსმენის ინსტიტუტიდან და პარლამენტიდან ცალმხრივ, ყალბ ინფორმაციას აწვდიან ევროსაბჭოსა და საერთოდ, მთელ მსოფლიოს, თითქოს საქართველოში იჩაგრებიან ეროვნული უმცირესობები, რელიგიური უმცირესობები და ჩვენ თითქოს გავყარეთ თავის დროზე თურქი-მესხები და ახლა აღარ ვაბრუნებთ მათ.

მე ევროსაბჭოს დელეგაციას რამდენიმე დოკუმენტი, რამდენიმე მოსაზრება გავუზიარე, რომ პირიქით ხდება, რელიგიური უმცირესობები საქართველოში არ იჩაგრებიან, ისინი ჩაგრავენ და შლიან რელიგიურ უმრავლესობას, მართლმადიდებლობას, აკრძალული კონტრაბანდული ლიტერატურის გავრცელებით, თავდაცვისადმი ბოიკოტის გამოცხდებით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით. ვერ იპოვით მაგალითს, რომ მართლმადიდებელს არამართლმადიდებელი მოეკლას, ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ იეღოველები მართლმადიდებლებს კლავდნენ. გავაცანი ნამდვილი ინფორმაცია თურქ-მესხებზე.

– რა თქვეს, როცა ეს დოკუმენტები გააცანით?

– ძალიან დაინტერესდნენ. მათ ვუთხარი, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა შეგნებულად არ მიშვებს სტრასბურგში, რათა სიმართლე ვუთხრა ევროსაბჭოსა და მთელ მსოფლიოს. ქალბატონმა ბურჯანაძემ მითხრა, თქვენ არ ბრძანდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი და ამიტომ სხვას ვუშვებთო.

– ევროსაბჭოს მონიტორინგის წარმომადგენლებმა ქართველებს ურჩიეს თავი დაანებონ რელიგიურ უმცირესობებს, იცხოვრონ სექტებმა ბედნიერად.

– ეს რჩევები ღიმილისმომგვრელი იყო. მე მეცოდებიან ევროსაბჭოს წარმომადგენლები, იმდენად უსუსურები არიან და იმდენად მწირი ინფორმაცია აქვთ, რომ შემოვიფარგლები მხოლოდ ასეთი კომენტარით, თქვენ თვითონ დაინახეთ, რომ ჟურნალისტებით გაჭედილ დარბაზში მათი პასუხები სიცილს იწვევდა, მაგრამ ისევ ვამბობ, ეს ჩვენი ბრალია.

კანცელარიიდან, ომბუდსმენის ინსტიტუტიდან და პარლამენტიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გადის დამანგრეველი ინფორმაციები. მოვუწოდებ რუსუდან ბერიძეს, ნანა დევდარიანს და ნანა ბიჭიაშვილს გასცენ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია. მათ ყალბ და ცალმხრივ ცნობებს ხალხი არ აპატიებს.

 თამარ ნინიძე
“ტრიბუნა”, 17 თებერვალი, 2003 

 

 

სამფეროვანთა “ომი”

 რიჩარდ მაილსზე გამწყრალი ინტელიგენციის ერთი ნაწილის გახმაურებულმა წერილმა გურამ შარაძეს თავისი ერთი წლის წინანდელი წერილი გაახსენა. 2002 წლის 17 ივლისს საქართველოს პარლამენტის წევრმა შარაძემ ამერიკის ელჩს საქართველოში მაილს თავისი უარყოფითი განწყობა ღია წერილით გამოუხატა – “თქვენ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ერევით და ტენდენციური მიდგომებით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ჩრდილს აყენებთ”, – მიუწერია დეპუტატს ელჩისთვის. წერილი მაშინ ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშსაც გაუგზავნა. შარაძე საქართველოდან მაილსის გაწვევას მოითხოვდა. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში პარლამენტის წევრის განცხადებას ედუარდ შევარდნაძეც გამოეხმაურა. პრესკონფერენციაზე, რომელიც შარაძემ, გუშინ გამართა, პრეზიდენტის მაშინდელი გამონათქვამი სიტყვასიტყვით გაიხსენა: “დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას აქვს უფლება, პრეზიდენტის გადადგომაც კი მოითხოვოს. მაილსი კარგი დიპლომატია, არა მგონია, ამის გამო შეწუხებულიყო, შარაძემ მისი გაწვევა რომ მოითხოვა”.

მაილსის მოქმედებით გაღიზიანებულ პრეზიდენტსა და ინტელიგენციის ნაწილს გურამ შარაძე დღეს უკვე სოლიდარობას აღარ უცხადებს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გასულ წელს მის “წინასწარმეტყველებას” არავინ გამოეხმაურა, პირიქით – “პრეზიდენტმა ირონიული პასუხი გასცა”, – ამბობს შარაძე, რომელიც საზოგადოების გასაგონად კიდევ ერთხელ იმეორებს: “ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ ინტელიგენციის ერთმა ნაწილმა წერილი პატრიარქს მისწერა, მეორე ნაწილი კი ნინო ბურჯანაძეს პარლამენტში შეხვდა. მაშინ რატომ არავინ გაღიზიანებულა?” “ვინ, როდის ან რა მიზეზით ღიზიანდება?” – შარაძე ამაზე პასუხს ელოდება, მანამდე კი თავისი გაღიზიანების მიზეზებზე საუბრობს, რომლებიც დეპუტატმა პუნქტებად ჩამოაყალიბა და ნაწილობრივ ასეთია:

– რიჩარდ მაილსი პარტიების ოფისებში კარდაკარ დადის და საარჩევნო საქმეებში უცერემონიოდ ერევა.

– რიჩარდ მაილსი მინისტრების დანიშვნა-გადაყენებაში მონაწილეობის მიღებას ცდილობს…

შარაძე საქართველოში ამერიკის ელჩის გარდა თურმე მირეი მიუსომაც გააღიზიანა. “არა მგონია, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჩოგოვაძემ დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი მიუსოს ქვეყანაში რამის შესყიდვა მოინდომოს და მიაღწიოს. ვინ არის საფრანგეთის ელჩი, საკუთარ თავს ალექსანდრეს ბაღის ყიდვის უფლებას აძლევს?” – ასეთია შარაძის პოზიცია რამდენიმე დასავლელი ელჩის მიმართ (ისე, საინტერესოა, რის საფუძველზე ამტკიცებს შარაძე, რომ ქალბატონმა მიუსომ ალექსანდრეს ბაღი შეისყიდა) და ვინაიდან მათ გასაწვევად ძალ-ღონე არ ჰყოფნის, პრესკონფერენციის გამართვით კმაყოფილდება.

 მაია აბრამიშვილი
“მთავარი გაზეთი”, 9 აგვისტო, 2003

 

 

გურამ შარაძე: “მაილსს რა ხანია, ვუჩივლე ბუშთან”

 (იბეჭდება შემოკლებით)

 პარლამენტარი გურამ შარაძე, ვისთვისაც მაილსის კრიტიკა არახალია, ახლა “მორალური და ფიზიკური სკლეროზის” წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.

გუშინდელ ბრიფინგზე გურამ შარაძემ, თეორიული შესავლის შემდეგ – პოლიტიკოსი დროს და მოვლენებს უნდა უსწრებდეს – გვამცნო, რომ მან დიდი ხნის წინ დაასწრო “ინტელიგენციას” და ჯერ კიდევ 2002 წლის 17 ივლისს გაუგზავნა ბუშს წერილი, რომელშიც რიჩარდ მაილსს აკრიტიკებდა. შარაძის განმარტებით, იგი ბუშს წერდა, რომ მაილსი უხეშად ერევა საქართველოს შინაურ საქმეებში, გამოირჩევა სუბიექტურობით და ელჩის საქართველოდან გაწვევას სთხოვდა.

ადამიანს, რომელმაც ჯერ კიდევ 2002 წლის 17 ივლისს “განჭვრიტა რიჩარდ მაილსის ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობის უარყოფითი მხარეები”, ამ დღეებში “ინტელიგენციის” მიერ მაილსის წინააღმდეგ დაწერილი წერილი სასაცილოდ არ ჰყოფნის და “მორალური და ფიზიკური სკლეროზის” ფენომენზე იწყებს საუბარს: “საქართველოში მორალურ სკლეროზთან ერთად იწყება ფიზიკური სკლეროზი. თემის დავიწყება ხდება მოკლე ხნის მანძილზე და შემდეგ მისი ახლად გაცხადება იწყება”.

ჟურნალისტებმა შარაძეს მაილსის მიმართ ბრალდებების დაკონკრეტება მოსთხოვეს. “იგი უხეშად ერევა მიმდინარე საარჩევნო პროცესებში, დადის კარდაკარ – დღეს ერთ, ხვალ მეორე პარტიის ოფისში, შემდეგ პრეზიდენტს ხვდება… ზოგი მინისტრის გადაყენებას ითხოვს, ზოგის – დაშინებას…”

 ვერიკო თევზაძე
“24 საათი”, 9 აგვისტო, 2003

 

 

დაგვიანებული წერილი რიჩარდ მაილსს

 (იბეჭდება შემოკლებით)

 გურამ შარაძე ინტელიგენციის იმ წარმომადგენლებს გამოეხმაურა, რომლებმაც აშშ-ის ელჩისადმი წერილის გაგზავნა გადაწყვიტეს საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევის გამო. ჯერჯერობით ხელმოწერები გროვდება. შარაძე აცხადებს, რომ იგი ხელმომწერთა რიგებს არ შეუერთდება, რადგან ეს არის დაგვიანებული წერილი ამერიკის ელჩისადმი. დროულად, ანუ ერთი წლის წინათ შარაძემ, როგორც ირკვევა, თავად გაუგზავნა წერილი აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, სადაც თითქმის იგივეს სწერდა, რასაც ახლა წერს ჩვენი ინტელიგენცია რიჩარდ მაილსს.

მაშინაც გურამ შარაძე რიჩარდ მაილსს საქართველოს შინაურ საქმეებში უხეშად ჩარევაში ადანაშაულებდა. გულისხმობდა კონკრეტულ შემთხვევას, იეღოველების წინააღმდეგ ბრძოლაში ხელის შეშლას და თავისუფლების ინსტიტუტის მფარველობას. აქედან გამომდინარე, აშშ-ის ელჩს არაობიექტურს უწოდებდა და აცხადებდა, რომ იგი თავისი ქმედებებით საქართველოს დემოკრატიულ პრინციპებს აძულებდა. მაშინ შარაძეს არავინ გამოეხმაურა. უფრო მეტიც, საქართველოს პრეზიდენტმა საკმაოდ ირონიული პასუხიც კი გასცა – სიტყვის თავისუფლებაა და შარაძეც თავის აზრს გამოხატავსო. არც რიჩარდ მაილსს მიუქცევია ამისათვის ყურადღება. ახლა კი ძნელი სათქმელია, ინტელიგენციის სახელით მიწერილ წერილს რა ბედი ეწევა. ყოველ შემთხვევაში, ბატონი გურამი მას ხელს არ აწერს, მაგრამ იდეას აბსოლუტურად იზიარებს, რომ ელჩები ჩვენს ქვეყანაში არც ისე კეთილსინდისიერად მოღვაწეობენ.

 მაია შონია
“დილის გაზეთი”, 9 აგვისტო, 2003

 

 

 “რიჩარდ მაილსი როგორც კი სააკაშვილს ქვეყნის სათავეში მოიყვანს, საქართველოდან გაიწვევენ”

 (იბეჭდება შემოკლებით)

 გურამ შარაძე “ტრიბუნასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მაილსს სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესრულების და ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილის მოყვანის შემდეგ საქართველოდან გაიწვევენ.

ელჩის საქართველოდან გაწვევის თხოვნით, შარაძემ აშშ-ის პრეზიდენტს ერთი წლის წინ მიმართა. მისი ინფორმაციით, იგი კონსულტაციებს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან, მიხეილ სააკაშვილთან მართავდა და სახელმწიფო გადატრიალების გეგმას ადგენდა.

გურამ შარაძის თქმით, მაილსი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნითაა ჩამოსული, როგორც მან ეს აზერბაიჯანში, რუმინეთსა და სერბეთში გააკეთა.

“ენა, მამული, სარწმუნოების” ლიდერი” თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი, როგორც ამ აქციის ორგანიზატორი, რომლის მიზანია სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს, ძალით გამოიყვანონ არა მხოლოდ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, არამედ დედაქალაქის საკრებულოდანაც გამოაძევონ.

და კიდევ ერთი, გურამ შარაძე სახელისუფლებო ბლოკის ლიდერებს მიმდინარე აქციის დაშლისა და დაპირისპირებულ მხარეებთან ურთიერთობის მოგვარების საკუთარ ვარიანტს აცნობს.

“ტრიბუნა” გთავაზობთ ინტერვიუს გურამ შარაძესთან.

– რაც შეეხება მიმდინარე აქციების დროს აშშ-ის ელჩის, რიჩარდ მაილსის გააქტიურებას, თქვენ ახლაც ღიად საუბრობთ იმ სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე, რომელსაც მაილსი თითქოს “ნაციონალებთან” ერთად ამზადებს…

– მართალია გადაუმოწმებელი, მაგრამ საკმაოდ საფუძვლიანი ინფორმაცია მაქვს, რომ, როგორც კი მაილსი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესრულებას მორჩება და სააკაშვილს ქვეყნის სათავეში მოიყვანს, აშშ-ის პრეზიდენტი მას აქედან გაიწვევს.

მაილსი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით ჩამოვიდა, როგორც მან ეს აზერბაიჯანში, რუმინეთსა და სერბეთში გააკეთა.

ელჩის საქართველოდან გაწვევის თხოვნით ერთი წლის წინ ამერიკის პრეზიდენტს მივმართე, რომ რიჩარდ მაილსი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან, მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციებს მართავდა და სახელმწიფო გადატრიალების გეგმას ადგენდა. კიდევ ვიმეორებ და ჩემი სიტყვა დაიხსომეთ, როგორც კი მაილსი ამ გეგმას შეასრულებს, იგი საქართველოს დატოვებს. ამ გეგმის განხორციელება კი ჩვენ არ უნდა დავუშვათ.

 იამზე ხოსიტაშვილი
“ტრიბუნა”, 14 ნოემბერი, 2003

 

3 Responses to საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები

  1. WPolsceMamyMocneSeo ამბობს:

    Nice vortal. Thank you for this article. It makes the topic obvious

  2. Lucien Amauty ამბობს:

    This is a interesting line of content, very nice article. Thanks for sharing this post, good way of bring this subject to discussion. Keep up the great work !

  3. Jeffrey Jesseman ამბობს:

    Hey this is a real cool website

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s