ვინ აშენებს ჯვარს ზედაზნის მთაზე?

 

მართლმადიდებლობა და რელიგიური სექტები

 

1400 წლის წინათ ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, იოანე ზედაზნელმა ზედაზნის მთაზე საქართველოში პირველი მამათა მონასტერი ჩამოაყალიბა, რომელიც, მიუხედავად ისტორიის მანძილზე გადატანილი სიძნელეებისა, დღესაც არსებობს. მონასტერში სამი ბერია – წინამძღვარი მამა ექვთიმე, მამა სიმონი და მამა ანდრია. მაგრამ ბერული ცხოვრების სიმყუდროვეს უკვე შვიდი წელია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა არღვევს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1995 წლის 5 ივლისს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მხარი დაუჭირა  საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ინიციატივას, ზედაზნის მთის მახლობლად დადგმულიყო 30 მეტრიანი რკინის ჯვარი, რომელიც მათი ხსოვნის სიმბოლური პატივის მიგება იქნებოდა, ვინც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას თავი შესწირა. მეორე დღესვე, 1994 წლის 6 ივლისს, ამას მოჰყვა საქართვლოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის განკარგულება, რათა რესპუბლიკის შესაბამის ორგანიზაციებს მხარი დაეჭირათ ახალგაზრდობის ფონდის მიერ დაწყებული ინიციატივისთვის. ერთი წლის შემდეგ, 1995 წლის 24 აგვისტოს, პატრიარქი ბრძანებს: მონასტრის ინტერესებიდან გამომდინარე, აიკრძალოს ზედაზნის მთაზე ყოველგვარი სამშენებლო სამუშაო. 1998 წლის 7 მაისს კი პრეზიდენტმა თითქოს უგულებელყო პატრიარქის აკრძალვა და კვლავ გამოსცა ახალი განკარგულება, რომელშიც მშენებლობის სამინისტროს, მერიასა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ავალებს, მხარი დაუჭირონ წამოწყებულ მშენებლობას და მოამზადონ ჯვრის გახსნის საზეიმო ცერემონიალი 1998 წლის 27 სექტემბრისათვის.

ამასობაში ხალხში დადის უცნაური ხმები ზედაზნის მონასტრის განდგომილი ბერების შესახებ (ეს ხმები დღესაც ვრცელდება). ამბობენ, თითქოს ზედაზენზე არის დედათა მონასტერიც. ა.წ. გაზაფხულზე კი საპატრიარქოში ეწყობა პრესკონფერენცია, რომლის თემაა ზედაზნის მონასტრის ბერების გასაჭირი, რომელთაც მომძლავრებული მეზობლები მონასტრისკენ მისასვლელ გზას უღობავენ. ბოლოს კი, მოვლენებს ასრულებს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს განკარგულება, სადაც ნათქვამია, რომ ზედაზნის მონასტრის ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველგვარი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოები შეთანხმდეს პატრიარქთან.

რა ხდება ზედაზენზე სინამდვილეში? ვინ დგას ამ ბრძანება-აკრძალვის დოკუმენტების უკან? რა ჯვარია ეს? ვინ არიან განდგომილი ბერები? რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას ეს გაურკვეველი ისტორია?

ზედაზნის მთაზე მშენებარე ჯვარი შორიდან ზოგს მაღალი ძაბვის ბოძი ჰგონია, ზოგსაც ანტენა. ახლოს მისულს კი თავს უზარმაზარი, 60 მეტრი სიმაღლის უცნაური კონსტრუქცია წამოგადგებათ, რომელსაც ფრთების ბოლოებშიღა დარჩა რკინის შველერებით დასრულება. თუმცა, მტრის თვალის დასავსებად, შორიდან დასრულებულად რომ გამოჩნდეს, რკინის ნაცვლად, ფრთების ბოლოებში ფიცრები აუკრიათ. ჯვრის ქვეშ დიდი საძირკველია, სადაც კატაკომბებივით პატარ-პატარა ოთახებია აშენებული. აქ, როგორც ხანდახან თავის თავს უწოდებენ, მისი ,,მშენებლები’’ ცხოვრობენ. ისინი აქ იმიტომ არიან, რომ ერთი კვირის წინ მცხეთის შსს თანამშრომლებმა ოდნავ მოშორებით მდგარი შსს კავშირგაბმულობის საიდუმლო ობიექტი დაატოვებინეს, სადაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 1995 წლიდან მშვიდად ცხოვრობდნენ. ეს ,,მშენებლები’’ უბრალო ხალხი არ გეგონოთ, სწორედ ისინი არიან, ვინც თავს ზედაზნის განდგომილ ბერებს უწოდებს, ქალები კი დედათა მონასტრის წევრობას იჩემებენ.

მათი დიდი ნაწილი ჯვარის ტაძრის ყოფილი მრევლია, რომლის ყოფილი წინამძღვარი ლავრენტი ბუზიაშვილიც მათთან არის. იგი წარმოშობით ებრაელია, ქრისტიანულად ცნობიერ ასაკში მოინათლა და ამის გამო სიძნელეებიც გადაიტანა ოჯახის მხრიდან. ცნობილი იყო, როგორც ძალიან განათლებული და კარგი მოძღვარი. ყოფილი მრევლი, რომელიც ეკლესიის წიაღში დარჩა, მას დღესაც თბილად იგონებს. დანარჩენი ლავრენტი ბუზიაშვილმა თან გაიყოლია, მაგრამ ამ ხალხს ახლა სხვა წინამძღვარი ჰყავს – ვინმე ბორია ივანოვი. ის 1978 წელს გამოჩნდა საქართველოში და თბილისში სახელი გაითქვა, როგორც ბუხრების კარგმა ოსტატმა და კალატოზმა, ხოლო ეკლესიის სფეროში, როგორც ჯვრების მშენებელმა. ბორია კარგად იცნობს ჩვენს სამღვდელოებას, უწმინდესს, მათთან ნაცნობობა თავისი ხელობის წყალობით და მართლმადიდებელი უცხოელი მოხეტიალის სტატუსით მოახერხა, რომელსაც საკმარისი დრო ჰქონდა სიონის ეზოში უქმად მჯდარიყო და გამვლელ-გამომვლელთან რწმენის შესახებ ესაუბრა. როგორც თავად აცახდებს, მთელი უსიამოვნებები მაშინ დაწყებულა, როდესაც 1992-93 წლებში მას რაღაც აწყენინეს – რაღაც მშენებლობის ფული არ გადაუხადეს თუ საკმარისი ყურადღება არ მიაქციეს და გაბრაზებულმა ბორიამ 1993 წელს ერთ-ერთ დღესასწაულზე პატრიარქს სიონის ეზოში გამომომწვევად ზურგი შეაქცია.

როგორც ჩანს, ბორიამ წყენა გულში ჩაიდო და მთლიანად საეკლესიო იერარქიის დანგრევა გადაწყვიტა. ჯვარის ტაძრის ჯერ ჩვეულებრივი მრევლი გახდა, შემდეგ კი აქტიური ქადაგება თვითონ დაიწყო. გავლენა მოახდინა და ნელ-ნელა გადაიბირა ტაძრის წინამძღვარი მამა ლავრენტი თავის მრევლითურთ, რაც მღვდლობიდან მამა ლავრენტის დაყენების (წირვის უფლების ჩამორთმევის) მიზეზი გახდა. თუმცა, ეკლესიიდან განკვეთილი არ არის, პატრიარქი მას მღვდლობის ხარისხს დღემდე უნარჩუნებს. მაგრამ, ლავრენტი განაჩენს არ ემორჩილება და ლიტურგიას კვლავ ასრულებს. პატრიარქმა იგი სასაუბროდ რამდენჯერმე მიიწვია და დღესაც ელოდება, მაგრამ არ მიდის, რადგან, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბორია გაუწყრა, თუ წახვალ, მერე ჩემთან აღარ მოხვიდეო.

 

ლავრენტი ბუზიაშვილი, ჯვარის მამის ეკლესიის ყოფილი წინამძღვარი:

– 1993 წელს სულთმოფენობის მეორე დღეს დამიბარეს ერთმა ეპიკოპოსმა, სასულიერო აკადემიის მაშინდელმა რექტორმა და რამდენიმე სამღვდელო პირმა, კეთილად მესაუბრნენ და მითხრეს: შენი კეთილგონიერების იმედი გვაქვს, ეს კაცი ჯვარის მამიდან გაუშვიო. რატომ-მეთქი? არ ეზიარება, აღსარებას არ ამბობსო. არ არის ასე, 12 წელი ეს კაცი სიონში იყო, სიონის წინ იჯდა, ხალხს ესაუბრებოდა და თქვენ რატომ არ გააგდეთ-მეთქი. იქ არაფერს არ აშავებდაო. მაგაზე მეტი არც აქ ქადაგებებზე ხდება, მეც არაფერს მიშავებს, თუ თქვენ გიშავებთ, მოდით და თქვენ გააგდეთ-მეთქი. სიმონ მესვეტეს ერთმა ყაჩაღმა, კაცისმკვლელმა, საშინელმა ბოროტმოქმედმა კაცმა შეაფარა თავი, რომელსაც ჯარი მოსდევდა სვიმონის სვეტის ტერიტორიაზე შეასწრო. ჯარისკაცებმა უთხრეს, გადმოგვეცით ეს კაციო. ამან უთხრა, მაპატიეთ, თუ თქვენ გაქვთ ბრძანება თქვენ წაიყვანეთ, მე მაგ კაცს ხელს ვერ ვახლებ, რადგან მეშინია იმისი, ვინც ეგ აქ მოიყვანაო. მეც ასე ვუთხარი, თქვენ გააგდეთ-მეთქი, მათ არ გააგდეს. შედეგი, ხედავთ არა, რაც არის, მიმაყოლეს ჩემი მრევლიანად.

 

ბოროტმოქმედია თუ არა ბორია ივანოვი, ან საერთოდ, ივანოვია თუ პეტროვი, არავინ იცის. როგორც თავად აცხადებს, სტავროპოლის მხარიდან, კუჩუბეისკის რაიონიდან არის. დაუმთავრებია კუჩუბეისკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და თურმე, პარტიული ხაზით ბრწყინვალე მომავალი ელოდა, მაგრამ ყვლაფერი მიუტოვებია და საქართველოში ჩამოსულა. სიონის ეზოში და სამღვდელოებასთან კონტაქტით, როგორც ჩანს, საკმარისი ინფორმაცია დააგროვა ჩვენი ეკლესიის შესახებ, რასაც საუბარში მოხერხებულად იყენებს. ყოველი თავისი სიტყვის დასამტკიცებლად წმინდა წერილს მოგიყვანთ, როგორც ამას ბოლო დროს მომრავლებული სხვადასხვა პროტესტანტული სექტები აკეთებენ თუ ის ადგილი წმინდა წერილიდან, რასაც ბორია წაგიკითხავთ, სიცოცხლეში პირველად მოისმინეთ, შესაძლოა, ადვილად ცდუნდეთ. რაც შეეხება უკვე ცნობილი სექტანტური მიმდინარეობებისგან განსხვავებას, ბორიას მიმდევრები მართლმადიდებლურ დოგმატიკას აღიარებენ, მხოლოდ მსახურების წესი ესმით სხვანაიარად და საეკლესიო კანონებს არ ემორჩილებიან. ამიტომ პრეტენზია ჰქონიათ, სექტანტები კი არა, განხეთქილებაში ვიმყოფებითო. არ აღნიშნავენ დღესასწაულებს, მარხვას ეკლესიის წესით კი არა, თავის შეხედულებისამებრ, თავისებურად იცავენ, ბორიამ განსაკუთრებით ახალი მეთოდი თურმე ქალებში მორჩილების გასაღვიძებლად აღმოაჩინა. ,,ალიამ’’ ეს ამბავი სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროსგან შეიტყო. ეს მეთოდი მათრახი აღმოჩნდა. ქალის გაროზგვა, თურმე მის მოსარჯულებლად უებარი წამალია.

ივანოვი თავიდან ,,ალიასთან’’ საუბრის წინააღმდეგი იყო, რადგან თურმე მანამდე არც ერთმა საინფორმაციო საშუალებამ მისი იმედები არ გაამართლა. ბოლოს იგი ჩამწერი საშუალების გარეშე საუბარზე დაგვთანხმდა. გთავაზობთ საუბრის შემოკლებულ ვარიანტს.

 – მსოფლიოში არსებული ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგი ხართ თუ მხოლოდ ქართულის?

– ყველა ოფიციალური ეკლესიები ერთ მდგომარეობაშია. სხვას ამბობენ და სხვანაიარად იქცევიან. მართლმადიდებლურ ჭეშმარიტებას მხოლოდ ჩვენ ვაღიარებთ და ასეც ვიქცევით.

– ქართული იცით ?

– არა, სასწავლად დრო არ მაქვს.

მოძღვარი გყავთ?

– არა, არასდროს მყოლია, არც მჭირდება, მე თვითონ ღმერთი მელაპარაკება.

როგორ გელაპარაკებათ?

– აი, როგორც მე და თქვენ ვლაპარაკობთ.

საქართველოს გარდა სხვაგან მოკავშირეები თუ გყავთ ?

– არა, მხოლოდ ჩვენ ვართ.

რამდენი ხართ ?

– მთლიანად ასი კაცი ვიქნებით, მუდმივად აქ 20-25 კაცია, იცვლებიან.

რამე პირადობის დამადასტურებელი საბუთი თუ გაქვთ ?

– არანაირი, ყველაფერი გადავყარე, არ მჭირდება. მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ და არანაირ საზღვრებს არ ვცნობ.

მაინცდამაინც აქ რატომ ამოხვედით?

– განა ჩემი ნებით ამოვედი? მონასტრის წინამძღვარმა მამა ექვთიმემ მთხოვა ამოვსულიყავი და ჯვარი ამეშენებინა. აქ მისი თხოვნით ვარ. მე საქართველო უნდა ვიხსნა და გავანათლო. მე მინდა, რომ საქართველო არ ემორჩილებოდეს არც რუსეთს, არც ამერიკას, არამედ ზეცას.

 

მამა ექვთიმე, ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი:

– ის, რომ ბორისი აქ მე დავპატიჟე, ერთი კვირის წინ მითხრა საგურამოს გამგებელმა და გავოცდი. აქ მე მოვედი პატრიარქის კურთხევით, მამა იოანე ორკოდაშვილის შემდეგ, ვინც ააშენა ეს ბერების საცხოვრებელი სახლი და პირველი კაცი იყო, ვინც აქ ამოვიდა კომუნისტების პერიოდის შემდეგ. მამა იოანე მაშინ დიაკვნის ხარისხში იყო, მე კი მღვდელი ვიყავი. ერთი წელი დავრჩი აქ და მერე გადავედი შიომღვიმეში. შემდეგ მოვიდა მამა ბასილი მაჩიტიძე, იყო სადღაც ორი წელი და მერე ისევ მე დავბრუნდი. ის პერიოდი ძალიან რთული გახლდათ. აქ ხალხი შეჩვეული იყო ქეიფს, დროსტარებას… ძალიან დიდი შეხლა-შემოხლები ხდებოდა, საჭირო იყო დგომა და ბრძოლა, რათა ეზოში საქეიფოდ არ დამსხდარიყვნენ. ჯერ მარტო მამა იოანე ძალიან რთულ პირობებში იყო, მერე მეც მიწევდა ასეთი ურთიერთობები. ამიტომ ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, მონასტრის ეზოში ქონგურზე კაი შესახედავი ჯვარი დამედგა, დაახლოებით სამი მეტრი სიდიდის, კაცი რომ შემოვა და დაინახავს, ცოტა მოკრძალებით მაინც იქნება-მეთქი. მაშინ ბორია ეკლესიაში იყო. ყველა იცნობდა და ელაპარაკებოდა, როგორც ჩვეულებრივ მრევლს, მაშინ არ იყო ასეთი დაძაბულობა. უბრალოდ, იყო ერთი უცნაური კაცი, ვინმე ბორისი, რომელიც ბევრს ლაპარაკობდა და თავისი შეხედულებები და აზრები ჰქონდა რელიგიის შესახებ. ჰყავდა ასეთი მიმდევრები, მათ შორის ერთი ვასილი, თბილისელი რუსი, მშრომელი კაცი. ამოვიდა ჩემთან მონასტერში, აქ ორი კვირა გაატარა და გაიგო ჯვრის დადგმა რომ მინდოდა. მე მოგეხმარებიო, მითხრა. ბორიას ერთი უცნაურობა აქვს, ყველა მონასტერში რაღაც ჯვრებს დგამს, თავისი სურვილით. ბეთანიაში ხის ჯვარი დადგა, ჯვარი დადგა მარტყოფში, შიომღვიმეში. იმ დროს ეს უცნაურობა კეთილად იყო აღქმული – კაცი მორწმუნეა და მონასტრებში ჯვრებს დგამს, პოსტკომუნისტური პერიოდია. ერთხელაც, 1994 ამოვიდნენ ბორია და გოგა კალანდაძე იდეით, ჩვენ აქ ჯვარი უნდა დავდგათო. რა ჯვარი-მეთქი? აი, შენ ხომ გინდოდა ჯვარი მონასტერშიო. კი ბატონო, მაგრამ თქვენ რა ჯვარს აკეთებთ-მეთქი, ორმოცდაათმეტრიან ჯვარსო. თავიდან უნდოდათ მონასტერში აეშენებინათ და ქონგურზე დაედგათ, თან ჩვენც აქ ვიცხოვრებთო. მაშინ უკვე ცოტა გაგებული მქონდა, რომ ბორია დაპირისპირებული იყო პატრიარქთან, მაგრამ მთლად ყველაფერი არ ვიცოდი, ლავრენტის შესახებ ვიცოდი, რომ დაყენებული იყო. უფლება არ მივეცი, რა თქმა უნდა.

– როგორ მოხდა, რომ მათ საპატრიარქოდან პირველად თანხმობა აიღეს?

– პატრიარქის მიერ კურთხევის მიცემაზეც ასეთი ამბავი მოხდა: ბორისთან და გოგა კალანდაძესთან ერთად ლავრენტიც ამოვიდა და მონასტერში წირვის დაყენება მომთხოვა, როგორც მართლმადიდებელმა კაცმა. ვიცოდი, რომ ლავრენტი ჯვარის მამის წინამძღვარი იყო და საერთოდ, წესი არ არის, სადაც მოგინდება წირვა იქ დააყენო. ეკლესიის კანონი განსაზღვრავს, რომ ყველა ეპარქიაში მწირველი მხოლოდ და მხოლოდ ეპარქიის უფროსია. ტაძრების წინამძღვრები მისი შემცვლელები არიან. სხვა ეპისკოპოსსაც არა აქვს უფლება, ეპარქიის მღვდელმთავრის კურთხევის გარეშე წიროს სხვა ეპარქიაში. ეს რომ მითხრა ლავრენტიმ, ვუთხარი, პატრიარქთან ჩავალ, გავარკვიოთ ეს საკითხი და კი ბატონო, წირე და ილოცე-მეთქი. ბორიამ ეს რომ გაიგო, მოვიდა და მეუბნება, პატრიარქთან ვერ ვარ კარგად, ცოტა უკმაყოფილება მომივიდა და ეხლა შენ რომ ჩახვიდე, ცუდად შემოგხედავს და მოდი, არ გინდაო. თუ გინდა, მხოლოდ ის უთხარი, რომ გოგა კალანდაძე და ახალგაზრდობის ფონდი აპირებს ჯვარი დადგას, მაგრამ მე რომ ვარ, არ უთხრაო. მაგრამ ეს პატრიარქის გამგებლობაა და უნდა იცოდეს, რა ხდება მონასტერში, ჩავალ და მაინც მოვახსენებ ჯვრის დადგმის ამბავს და აზრთა სხვადასხვაობა რომ არ დაიბადოს, ან რამე არასწორად გამოჩნდეს, ერთად ჩავიდეთ, გამომყვეს ლავრენტი ან გოგა კალანდაძე და მერე აღარ იქნება აღარც სხვა  აზრი და აღარც წყენა-მეთქი. დამთანხმდნენ. გავემზადე, მაგრამ უეცრად გადათქვეს, კარგი, შენ აღარ შეგაწუხებთ, თვითონ მივხედავთ საქმესო. მე ველაპარაკები, როგორც მორწმუნე ადამიანებს, ახლობლებს, მართლმადიდებლებს. მაშინ კვირა ახლოვდებოდა, წირვა მოდიოდა, ვიფიქრე, ვწირავ და მერე ჩავალ-მეთქი. ეს გამოიყენეს, გოგა კალანდაძემ დამასწრო იმ დღეს, მოკიდა დათო ტურაშვილს ხელი, შეიყვანა პატრიარქთან და აიღო კურთხევა. მე რომ ჩავსულიყავი და მეთქვა, ბორია არის-მეთქი აქ, ის კურთხევა არ იქნებოდა.

შემდეგ რამე სირთულეებს გიქმნიდნენ?

– პატრიარქმა რომ გაიგო რაც მოხდა, მითხრა, კარგიოა, მაინც ჩვენი ხალხიაო. ბორია და ლავრენტი არ აზიარო და დანარჩენები აზიარეო. ეს იმიტომ, რომ მომთხოვეს, შემოვალთ და ტაძარში დავდგებით, ჩვენ მართლმადიდებლები ვართო. ერთი პერიოდი ტაძარში ვუშვებდი. მაგრამ მერე, ალბათ, ასე გადაწყვიტა ბორიამ, შემოვიდოდნენ ტაძარში და ჩაიკეტებოდნენ ჩემს გარეშე. ასე არ გამოვა-მეთქი და აღარ ვუშვებდი. კაცებს აღარ ვაზიარებდი, ტვინი გაანძრიეთ-მეთქი, ქალებს და ბავშვებს ვაზიარებდი. მერე კი საერთოდ ყველას ზიარება შევწყვიტე, პატრიარქს ვუთხარი და დამთანხმდა.

– რა იყო მიზეზი?

– აღსარებას რომ ვიბარებდი, კი მეუბნებოდნენ ჩვეულებრივ, როგორც საეკლესიო წესია, მაგრამ ვეუბნებოდი, ბორიას მიმდევრები ხართ და როგორ გამოდის ახლა, უნდა უარყოთ, ხომ? თუ არ უარყოფთ, აბა, როგორ გაზიაროთ, რაღაც შეუსაბამობაა-მეთქი. გაჯიქდნენ, როგორ, ბორია სწორია და ჩვენ მივდევთ ბორიასო. დავითხოვე, თუმცა, ჩვეულებრივი ურთიერთობები გვქონდა. მაგრამ მაინც სულ ცდილობდნენ, რაღაცნაირად მონასტერში შემოსულიყვნენ. სულ თავისი ნების გატარება უნდოდა ამ ბორიას.éერთხელ, ქალაქიდან რომ მოვბრუნდი, ვხედავ აგერ ქონგურზე რაღაც ხის ჯვარია აშენებული, ისე, რომ არც მკითხეს. ვუთხარი, შე კაი კაცო, რას აკეთებ-მეთქი?! შენო, ჯვრის წინააღმდეგი ხარ, სადაური მართლმადიდებელი ხარო. აბა, წარმოიდგინეთ! რომ ვუთხარი, დაიშალეთ-მეთქი, შემატოვეს ეს აშენებული ქვები და მე მომიწია იმ რაღაცეების დაშლა. ასეთი ბევრი რამ იყო. რადიკალურადაც შემეძლო მომეშორებინა, მაგრამ, ვცდილობდი, ჩემი მხრიდან რაღაც არასწორი და არაადამიანური საქციელი არ ყოფილიყო, რომ საბაბი არ მიმეცა, ჯვრის წინაშე, თუნდაც ადამიანების წინაშე გასამართლებელი რომ მქონოდა. ბოლოს დავუდგინე, რომ ვიყოთ კეთილი მეზობლები. მაგათთვის ცხოვრებაში არაფერი არ მითხოვია. მანქანა რომ მანქანაა, მაგათი მანქანით არ მისარგებლია, შეიძლება ერთი-ორჯერ დიდი ხვეწნით გაუჩერებიათ და ამოვყოლილვარ. წყალი არ გამომირთმევია. ყოველი მაგათი ნაბიჯი კი ისე იყო, ან ხილი მოჰქონდათ, ან ვითომ შესაწირავი, რომ უბრალოდ, როგორმე მონასტერში შემოსულიყვნენ. ბოლოს, ბორიამ ასე დაადგინა, ამ საწყალ გოგოებს ორმოც ლიტრა წყალს აჰკიდებდა და მონასტერში ამოჰქონდა იმ მცნებით, ,,ვინც მცირედს ამას ჩემი სახელით წყალი დაალევინოს, ცხონებული იქნებაო’’.

– თუ მშენებლობის უკანონობა ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცდა, ჯვრის ეს კონსტრუქცია უნდა დაიშალოს?

– რაც გადაჯვარედინებულია ყველაფერი ჯვარი კი არ არის! ჯვარი არის ის, რაც ჯვრის სიმბოლოა და ნაკურთხია ეკლესიისგან, რაზეც ხდება ლოცვის აღვლენა. ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ჯვარი არის ჯვარცმა, ჯვარი მაცხოვართან ერთად, ან კიდევ, ჯვარი უნდა იყოს ისეთი შესახედაობის, რომელიც გახსენებს მაცხოვრის ვნებებს და იმ თავდადებას, რომელიც გამოხატა მან ჯვარცმით. მაშინ ყველა მაღალი ძაბვის ბოძი ჯვარია  და პირჯვარი გამოვისახოთ და მეტანია აღვასრულოთ?

 

– ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, გოგა კალანდაძე, ბორიას სულიერი შვილია?

მამა სიმონი, ზედაზნის მონასტრის ბერი:

– ბორია მისი მოძღვარია. გოგა კალანდაძემ პირდაპირ თქვა ერთ-ერთ სასულიერო პირთან საუბარში, ახლა არ მინდა დავასახელო, რათა მოწმედ არ მოვიყვანო, თქვენი ეკლესია არის მოძველებული იდეოლოგიის ეკლესია და ჩვენ მას განვაახლებთო. ძალიან ბევრი ცნობილი ხალხი აიყოლიეს და შეცდომაში შეიყვანეს. თუმცა, მერე კი ამ ხალხმა ურთიერთობა შეწყვიტა მათთან. მაგალითად, ნიკო ლეკიშვილმა ერთხელ ასეთი რამ თქვა აქ მოსვლისას – ეს იმათი იდეაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მან გაიმეორა მონასტრის საძმოსთან საუბარში, – რა არის ცუდი ამ ჯვარში, კარგია რომ იქნება ჯვრისწერისთვის პატარა ადგილი, სანათლავი და ა.შ. ამ ფუნქციას შეასრულებსო. გამიგეთ რა აქვთ ჩაფიქრებული? 1400 წლის მონასტერში თურმე არ შეიძლება ნათლობა და ჯვრისწერა და იმ ჯვარში აუცილებელია შესრულდეს. თავიდან ხომ ჰქონდათ ჩაფიქრებული, მარტო ჯვარი იქნება დაღუპულთა პატივსაცემადო? სინამდვილეში, იქ უნდათ გააკეთონ ახალგაზრდული რაღაც ცენტრი, განიხილავენ რაღაც საკითხებს, ეგ იმათი საქმეა, მაგრამ ისინი იქიდან წასვლას არ აპირებენ! მათ უნდათ აღადგინონ ის კერპი, რომელიც წმინდა ნინოს დროს დაინგრა! პირდაპირ იმ კერპის აღდგენაზეა მთელი ამბავი. ხომ იცით, ნინომ ლოცვით ოთხი კერპი დაანგრია – არმაზი, ზადენი, გაცი და გაიმი, რომლებიც საქართველოში ნინოს მოსვლამდე იყო. აი, ზადენის კერპი იდგა ზუსტად მაგ ადგილზე. მათი ჩანაფიქრიდან ასე ჩანს, რომ მთლიანად უნდათ მაგ კერპის აღდგენა და განახლება.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანდახან მონასტერთან მისასვლელ გზას კეტავდნენ. ზუსტად როგორ იყო?

– გზა მშენებლობის გამო ნახევრად გადაღობეს. ზამთარში ალბათ მთლად ჩაიკეტება, თუ მანამდე მაქედან არ წავლენ. ზამთარში მოდის ნამქერი და გზის ზუსტად იმ სავალ ნაწილს კეტავს. ჩვენ ვასუფთავებთ. ხშირად ხდებოდა, მანქანით მოვდივართ და ვითომ არაფერს წარმოვადგენთ, არავინ არ ვართ, გზაზე მათი მანქანაა ჩაყენებული ან ამწეთი არის გადაღობილი და თავის საქმეს აკეთებენ. არ აინტერესებთ, იქით მონასტერია, თუ რა. ამას მათ ბორია კარნახობს. ასეთი ხრიკი აქვთ, გიწვევენ. თურმე, სახარებაში წერია, უნდა გამოიწვიო, უნდა გამოსცადო და ვინც ვერ დაითმენს, იმისი საქმეაო. ამით ცხოვრობენ, თუ ვერ მოითმენ, გეუბნებიან, რა ბერი შენ ხარ, რა ქრისტიანი ან საერთოდ, რა მართლმადიდებელი ხარო…

ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ეს ადამიანები ჩვენი სახელით ვაჭრობენ. არის პურის ქარხნები თბილისში, საიდანაც ზედაზნის მონასტრის სახელით ოცდაათი პური გამოაქვთ. სხვა ქარხნები ჩვენს სახელზე ცემენტს აძლევენ, ხრეში გაატანეს, ფიცრები, მასალა, რკინის არმატურა, შველერები. თანაც, ამბობენ, განდგომილი ბერები ვართო. ქალები კი ასე ვაჭრობენ, ზედაზნის დედათა მონასტრის წევრები ვართო. იყო დრო, როდესაც ზედაზენზე ქალის ამოსვლა არ შეიძლებოდა, რა დედათა მონასტერზეა საუბარი?! ჩვენზე რას არ ლაპარაკობენ. იყო შემთხვევები, მონასტერში ხალხი ამოვიდა და გვითხრა, თქვენ არასწორად ცხოვრობთო? რა ხდება-თქო, ვკითხეთ და აი, ეს ხალხი ამბობს, რომ ბიბლიურად ვცხოვრობთ, თქვენზე კი თქვეს, არასწორად ცხოვრობენ, სარწმუნოება არასწორად ესმითო.

– თვითონ როგორ ცხოვრობენ?

– რასაც ჩვენ ვხედავთ, უქმე არ იციან. დღესასწაული არ იციან, მარხვებს თავისი გაგებით იცავენ, ბორია ეტყვის – ეს კვირა უნდა ვიმარხულოთო, ვთქვათ ამ საქმისთვის და არაფერს აჭმევს. ადრე თითოეული მათი წევრი წირვას აყენებდა, ეს ხომ საშინელებაა, ეს უკვე  სექტაა. ეკლესიის წესებს და კანონებს არ ცნობენ. ჩვენ ბორიასი გვწამსო და ბორიას პირდაპირი კავშირი აქვს სულიწმიდასთანო. შეიძლება, თურმე, ბორია რომ გაბრაზდება, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს მათ და ბილწსიტყვაობს კიდეც. ამას, თურმე, ,,ზემოდან’’ კარნახობენ.

– ქალების მათრახით ცემის ფაქტები მართალია?

– რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. თვითონვე მიდიან ამ გადაწყვეტილებამდე, ვითომ თავის თავს არ ემორჩილებიან და ამით აგრძნობინებენ, რომ მასში ბოროტია და ცემით უნდა განდევნონ.

– აქამდე თუ შეიტანეთ რამე განცხადება რომელიმე უწყებაში?

– მცხეთის რაიონის პროკურატურა გვერდში გვედგა, შევიტანეთ საჩივარი ძეგლთა დაცვაში, ერთადერთი რაც მათ გაკეთეს, გასცეს ბრძანება მშენებლობის დაკონსერვების შესახებ.

– როგორ გესახებათ პრობლემის მოგვარება?

– ყველაზე ადვილია, რომ ეს პიროვნება, ბორია, 20-25 წელია, რაც საქართველოში ჩამობრძანებულია, არავინ იცის მისი ვინაობა, არც წარმომავლობა, არც ჩაწერილია და არც მოქალაქეობა აქვს, რიგითმა პოლიციელმა ჩასვას მანქანაში, გააცილოს საზღვრამდე და უთხრას, კარგად იყავიო. იმ წუთიდან პრობლემა მოხსნილია. არავის შეწუხება არ არის საჭირო, არც პრეზიდენტის, არც მინისტრების, არც პოლიციის, არც სასამართლოსი და არც ადვოკატურის. თუ ვინმე ხმას ამოიღებს, აქედან გამოჩნდება ვინ მფარველობს მას.  ჯერ კიდევ გასარკვევია, ვის დავალებას ასრულებს ბორია. მე ბერი ვარ და მონასტერი ჩემი სახლია, მაგრამ იქ რომ პატარა ბოსელი ან საქათმე ავაშენო, მთელი ძეგლთა დაცვა, პოლიცია, სასამართლო დამესევა, რას აკეთებო?! ამაზე კი კაციშვილი ხმას არ იღებს. დიდი ფული ტრიალებს? ხომ შეიძლება ის ფული იქვე გაინაწილონ, ვერ მოახერხებენ თუ რა? რაღა ამ საქმეს ახმარენ? ხომ გეუბნებით, პირდაპირ იმ კარპის აღდგენა უნდათ, რომელიც იქ წმინდა ნინომდე იყო. მაგრამ ტყუილი მცდელობაა, ღმერთს და ღვთისმშობელს ვერავინ დაუდგება წინ. უბრალოდ, ის ქართველი დარჩება მოტყუებული და შერცხვენილი, ვინც ამას ცდილობს.

 

გიორგი ანდრიაძე, საპატრიარქოს პრეს-ცენტრის წარმომადგენელი:

– ერთი, რომ ზედაზნის მთაზე მშენებლობა არის უნებართვო და მრავალი დარღვევებით წამოწყებული, მეორე, რომ ამ მშენებლობას აწარმოებს ლოკალური და ტოტალიტარული დაჯგუფება, რომელსაც პირობითად ,,ბორიას დაჯგუფებას’’ ვეძახით, რადგან სახელიც კი არა აქვთ. ეს არის მავნე რელიგიური დაჯგუფება, რომელსაც ზიანი მოაქვს ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. რაც ყველაზე გასაკვირია, ეს სექტა ბოლო დრომდე ცხოვრობდა ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების საიდუმლო ობიექტზე.

– ბერად შედგომა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე უარის თქმას ნიშნავს, ბერი ჩხუბს ვერ დაიწყებს და ხელჩართულ ომში ვერ ჩაიბმება. ბერის მოვალეობა ლოცვაა. იმ შემთხვევაში, როცა მის ირგვლივ ასეთი მტრული გარემოცვაა, ვინ უნდა დაიცვას მონასტრის მკვიდრნი?

– როცა ისმის კითხვა, ვინ უნდა დაარეგულიროს ეს პრობლემა, პასუხი ასეთია – რელიგიის შესახებ კანონმა და და მერე შესაბამისმა ორგანოებმა. როგორც კი გაჩნდება სახელმწიფოში ასეთი გაურკვეველი მიმართულებისა და მიზნის რელიგიური დაჯგუფება, უნდა გამოიძიონ, ვინ არიან ისინი. კანონმა უნდა აკრძალოს ტოტალიტარული რელიგიური დაჯგუფებები, სანამ ისინი საფრთხეს მოუტანენ საზოგადოებას. ასეთი პრეცედენტები მრავალ ქვეყანაშია. მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: იაპონიაში არის ,,აუმ სინრიკიოს’’ სექტა, რომელმაც მოაწყო აფეთქებები მეტროში, ამერიკაში თვითმკვლელთა უამრავი სექტაა, ახლა ისეთი პერიოდია, გახშირდა სექტები, რომლებიც ამბობენ, რომ მეორედ მოსვლა იყო, ზოგი ღმერთად აცხადებს თავის თავს და ა.შ. ზოგ შემთხვევაში  მათი ლიდერები არანორმალური ხალხია, ზოგჯერ კი ძალიან ჭკვიანი და ცბიერი, წევრებს მონებივით იყენებენ. ამ ყველაფრისგან საზოგადოება უნდა დაიცვას კანონმა. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. სასწრაფოდ მისაღებია რელიგიის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს, თუ რა სექტაა ესა თუ ის.

– რა პროცესშია საერთოდ კანონის მიღება?

– რელიგიის კანონზე მუშაობა ძალიან დიდი ხანია დამთავრდა, ასევე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ხელშეკრულების პროექტმაც ყველა საჭირო სამინისტრო თუ უწყება გაიარა. ახლა მათ მისაღებად საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ამდენი ხანია იწელება.

– რომელი უწყება ქმნის პრობლემას?

– წინა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან ვმუშობდით, თავმჯდომარე კონსტანტინე კოკოევი იყო, მაგრამ წინა პარლამენტმა დაამთავრა მუშაობა და ახალს ეს კანონპროექტი ჯერ არ გახსენებია. იმდენად დაივიწყა, რომ ჩასმულიც არ აქვთ გეგმაში, რომ რომელიმე სესიაზე განიხილონ. არც რომელიმე კომიტეტს აქვს აღებული თავის თავზე. მოკლედ, იურიდიული მსვლელობა ამ საქმეს არ მისცეს.

– ახალი, 11 აგვისტოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ზედაზენზე ყველა სამუშაო პატრიარქთან უნდა შეთანხმდეს, რაც მშენებლობის შეჩერებას ნიშნავს. მაგრამ, იმ შუალედში, როდესაც 1995 წელს პატრიარქმა აკრძალა მშენებლობა, ხოლო 1998 წლის 7 მაისს პრეზიდენტმა ამ თემაზე ახალი განკარგულება გასცა, სიტუაციის გასარკვევად რა მოიმოქმედეთ თქვენ და კერძოდ, რომელ უწყებებს მიმართავდით?

– ზეპირსიტყვიერადაც, წერილობითაც მივმართავდით სახელმწიფო მინისტრს, მინისტრის მოადგილეს. უწმინდესმა უამრავჯერ აღნიშნა ეს პირად საუბრებშიც, მაგრამ შედეგი არ გამოიღო. ახლა როგორც ხედავთ, ისევ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა მოკიდეს ამ საქმეს ხელი.

 

სულ ახლახან, სექტანტებისა და კოსმოპოლიტების რისხვამ, გურამ შარაძემ, სარჩელი შეიტანა მცხეთის რაიონულ სასამართლოში და 25 აგვისტოს პროცესი მოიგო კიდეც. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, 2000 წლის 11 აგვისტოს, გაიცა პრეზიდენტის ახალი განკარგულება, ზედაზნის მთაზე მიმდინარე ყველა სახის სამუშაო შეთანხმდეს პატრიარქთან. გურამ შარაძის აზრით, პატრიარქის ბრძანებას პრეზიდენტს კანცელარიაში აქამდე უმალავდნენ.

 

გურამ შარაძე, პოლიტიკური მოძრაობა ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა’’ თავმჯდომარე, პარლამენტარი:

– ვინც დაინტერესებული იყო, რომ პრეზიდენტს ხელმეორედ მოეწერა ხელი მშენებლობის ნებართვაზე, კარგად იცოდა, რომ თუ განკარგულების საფუძვლებში ჩადებდა პატრიარქის ბრძანებას აკრძალვის შესახებ, პრეზიდენტი მას ხელს არ მოაწერდა. კანცელარიაში ახლა თავს იმართლებენ, პატრიარქის ბრძანების შესახებ არაფერი ვიცოდითო. იცოდნენ – ვაია, არ იცოდნენ – უია. თუ არ იცოდნენ, რატომ არ დაინტერესდნენ? მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა როგორ შეიძლება პატრიარქთან შეუთანხმებელი ყოფილოყო? როგორც მოამზადეს ნებართვები, მათ შორის მერაბ ჩხენკელის, ბადრი შოშიტაიშვილის, ზურაბ გაიპარაშვილის, არ შეეძლოთ საპატრიარქოშიც მისულიყვნენ? ორივე შემთხვევაში პეტრე მამრაძეს არა აქვე უფლება თავი გაიმართლოს. სხვათა შორის, მშენებლობის მინისტრის მოთხოვნა, პროექტის წარმოდგენის გარეშე არაფერი დაიწყოთო, დღემდე არ შესრულდა და მშენებლობის პროექტი დღესაც კი არ არის წარმოდგენილი! ურომლისოდაც მამრაძეს პრეზიდენტთან ამ ქაღალდის შეტანის უფლება არ ჰქონდა!

ჩვენ გამოვამზეურეთ შსს კავშირგაბმულობისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტ გოგა კალანდაძეს შორის დადებული საიდუმლო ხელშეკრულება, რომლის მთელი ამაზრზენი მწვალებლური და ერეტიკული ხასიათი ის გახლავთ, რომ გოგა კალანდაძემ იკადრა, ცალკე საქართველოს პატრიარქსა და ცალკე საქართველოს პრეზიდენტს 1994 წლის 5-6 ივლისს სთხოვა სარეკომენდაციო ბარათები, რათა აეშენებინა საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი. ამ კეთილშობილ იდეას პატრიარქიც დაეთანხმა და პრეზიდენტიც. მაგრამ გამოირკვა, რომ ამ ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის უკან დგანან არა ახალგაზრდები, არამედ ბორია ივანოვი და მისი სექტა და თურმე, ეს მშენებლობა მათ სჭირდებათ არა სამშბლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალად, არამედ უშიშროებისა და შსს სამინისტროს საიდუმლო რადიოსადგურების ანტენებად.

როგორ?

– ხომ წერს გოგა კალანდაძე, მინდა ავაშენო ჯვარი დაღუპულთა მოსახსენიებლადო, აგერ, იგივე გოგა კალანდაძე და შსს კავშირგაბმულობის სამსახური, თენგიზ ლაფერაშვილის სახით, 1995 წლის 26 აგვისტოს, როცა უკვე კათოლიკოსის ბრძანება მშენებლობის აკრძალვის შესახებ ორი დღის წინ გამოსულია, ვითომც აქ არაფერი, დებენ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, გოგა კალანდაძე თურმე ჯვარს კი არ აშენებს, არამედ რადიოსალოკაციო სისტემის შენობა დაბალი ყოფილა და ახალი უნდა ააშენოს, რომ საიდუმლო რადიო ხმები კარგად დაიჭიროს და რაც ყველაზე შეურაცხმყოფელია, ნახეთ, რა წერია: ,,იმ შემთხვევაში, თუ ჯვრის კონსტრუქცია შეაფერხებს გადამცემის მუშაობას, ფონდი საჭირო დანადგარებს გადაიტანს მის მიერ აგებულ შენობაში, ან ჯვრის კონსტრუქციაზე’’. ასეთი შეურაცხყოფა ჯვრისა არსად გაგონილა. 

ახალგაზრდული ფონდის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი 15 სექტემბრამდე შვებულებაში წასული აღმოჩნდა (ყოველ შემთხვევაში, ასე გვითხრეს) და ამიტომ გოგა კალანდაძესთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. თუმცა, გვესაუბრა ერთი კომპეტენტური პირი ფონდის სამშენებლო განყოფილებიდან, რომელმაც ჯვრის მშენებლობის შესახებ არაფერი იცოდა, – აი, ბინების აშენება თუ გინდათ, კი ბატონო, რამდენ ოთახიანი გნებავთო. ამ პირმა სახელისა და გვარის გამჟღავნება არ ისურვა. ხანმოკლე საუბარში გაირკვა, რომ მთელს ფონდში ჯვრის მშენებლობის შესახებ გოგა კალანდაძის გარდა არავინ ბაიბურში არ ყოფილა. მგონი, ჩვენ საერთოდ არ ვაშენებთო. კითხვაზე, მაშ ვინ აშენებს ჯვარს, მოგვიგეს – მე თვალით არ მინახავს, თქვენ გეტყობათ, ნანახი გაქვთ და ვინც იქ ნახეთ, ისინი აშენებენო.

– რა გადაწყვიტა სასამართლომ?

გურამ შარაძე:

– 25 აგვისტოს, პარასკევს, მოსამართლე ნინო ჭელიძემ გამოიტანა განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და დაადგინა: ,,შეჩერებულ იქნას ზედაზნის მონასტრის მახლობლად მიმდინარე 50 მეტრიანი ჯვრის მშენებლობა’’. ხოლო როცა სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მის საფუძველზე მოქალაქე ბორია ივანოვი და ყირიმელი შჩენდრიგი გაძევებულნი იქნებიან საქართველოდან. როგორც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ჯემალ ჯიქურაულმა მითხრა, მან იმავე დღეს ხელწერილი ჩამოართვა მშენებლებს, რომ მშენებლობას არც ერთი ქვა არ მიემატებოდა.

 

ჯემალ ჯიქურაული, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსი:

– ვინ აწერს მშენებლობის შეჩერების შესახებ ოქმს ხელს?

– ხელს აწერენ სასამართლოს აღმასრულებელი ქობურაშვილი, ნადიბაიძე, ჩემი მოადგილე ქევხიშვილი, მცხეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე სამხარაძე, თვითონ ივანოვი და ლავრენტი ბუზიაშვილი.

– რას მოიმოქმედებთ, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან?

– სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა მოქალაქისთვის უზენაესია და მივიღებთ ზომებს, რათა მშენებლობა არ გააგრძელონ.

– რა გიშლით ხელს ბორია საქართველოს საზღვრამდე რომ მიაცილოთ?

– საქმე ის გახლავთ, რომ ბორია ივანოვი 1978 წლიდან ცხოვრობს საქართველოში. ამდენად, მიღებული კანონის თანახმად, 1993 წლამდე ვინც ცხოვრობდა საქართველოში, ის ავტომატურად საქართველოს მოქალაქედ ითვლება. ჯერჯერობით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და შემდეგ იუსტიციის სამინისტროს განხილვამდე უფლება არ გვაქვს მივაცილოთ საზღვრამდე.

– მას პასპორტი აქვს?

– მასზე პასპორტი გაცემულია 1986 წელს.

– იქ ცხოვრობს კიდევ ერთი უცხოელი, ვინმე შჩენდრიგი, რომელიც 1994 წელს ჩამოვიდა საქართველოში.

– საბუთებს ვაწესრიგებთ და საკითხს დავაყენებთ იუსტიციის სამინისტროში მის გაძევებასთან დაკავშირებით.

 

უშიშროების პრესსამსახურის ოფიციალური ცნობით, მათ აქვთ ინფორმაცია აღნიშნული მშენებლობისა და მისი ავტორების შესახებ, რომელსაც, როგორც დაგვპირდნენ, უახლოეს მომავალში გაგვიზიარებენ.

იგივე უშიშროებაში ერთმა არაოფიციალურმა ფრაზამაც მოგვჭრა ყური: ,,ამ საქმეს სასამართლო არ უშველის’’. აბა, რა უშველის?!

 

მასალა უკვე მზად იყო, როდესაც ზედაზენზე ჯვრის აფეთქების ამბავი შევიტყვეთ. იქ ასულებს უშიშროების სამსახურის ტერორიზმთან მებრძოლი სამმართველოს თანამშრომლები დაგვხვდნენ. მათმა უფროსმა მომხდარზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

– შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ან აფეთქება არაპროფესიონალის მოწყობილია, ან მიზანი ჯვრის აფეთქება არ ყოფილა. ამ ძალის ასაფეთქებელი ნივთიერება, რაც აქ გამოიყენეს, ჯვრის ფეხებთან კი არა, მის ცოტა სუსტ ადგილას, მაგალითად ოდნავ ზემოთ რომ დაედოთ, ჯვარი წაიქცეოდა.

– მომხდარს რა კვალიფიკაციას აძლევთ ?

– ეს არ არის ტერორისტული აქტი, რადგანაც აფეთქების მომენტში ახლომახლო ადამიანები არ იმყოფებოდნენ. ამას უფრო მატერიალური ზარალის მიყენება ჰქვია.

 

ჯვრის მახლობლად კიდევ ერთი ქალი დაგვხვდა, რომელმაც გვიამბო, ღამის თორმეტი საათისთვის როგორ დაადგათ თავზე ორი მანქანა ხალხი, რომლებიც პოლიციელებად გაეცნენ და სიტუაციის გასარკვევად მანქანებში ჩასხდომა აიძულეს. სადღაც წეროვანთან კი თურმე მანქანები გააჩერეს და ეს ხალხი გზაზე დატოვეს. ,,საგურამოდან ფეხით წამოვედით, აფეთქების ხმა გზაში გავიგეთ. ერთ-ერთი რესტორნიდან თბილისში დავრეკეთ და მანქანიანი ახლობელი გამოვიძახეთ. სადღაც ერთ საათში კი ზედაზენზე დავბრუნდით, ჯვარი აფეთქებული დაგვხვდა’’.

მონასტრის ბერები: გუშინ, დღის 12 საათზე მონასტერში ამოვიდა მათი წევრი ორი გოგო და ორი ბიჭი. გაიყვანეს ტაძრის წინამძღვარი და უთხრეს, წუხელ ღამით ვიღაც საეჭვო კაცი გვითვალთვალებდა, რომელიც მანამდე თქვენსკენ წამოსული დავინახეთ და თქვენმა ხალხმა რამე საფრთხე არ მოგვიწყოსო.

ღამე კი, პირველი საათი სრულდებოდა, როცა საშინელი აფეთქება გაისმა. ტალღამ კედლებიდან ხატები ჩამოყარა, ზოგი ჩვენგანი საწოლიდან გადმოაგდო. ჩავცვივდით ჯვართან, არსად არავინ დაგვხვდა, მხოლოდ აალებული ბალონები ჩანდა. ნახევარ საათში კიდევ ჩავედით და მაშინ მოვიდნენ, მანქანიდან გადმოვიდნენ ხატებით ხელში და მოგვცვივდნენ. სად წაგვიყვანეს, რას გვერჩიან, ეს არის მართლმადიდებლობაო? აფეთქების ხმა არ გაგიგიათ-მეთქი? რა აფეთქებაო, ერთმანეთს გადაულაპარაკეს, – აი, ბავშვმა რაღაც ხმა გაიგოო, ალბათ ის იყოო? რაღაცა რომ დალეწაო, არა? დღეს სუყველა აფეთქებაზე ლაპარაკობს. დილით პოლიცია მოვიდა და გაგვესაუბრა’’.

ჯემალ ჯიქურაული, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსი:

– გამოკითხვა დავამთავრეთ. ჯერჯერობით, როგორც პროფესიონალს, არავითარი უფლება არა მაქვს დღევანდელ სიტუაციაზე კომენტარი გავაკეთო. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მოგებული მხარის მიერ ჯვრის აფეთქების მიზანს ვერ ვხედავ.

 

P.S. ,,ალიამ’’ ამ მასალის მომზადება ოთხშაბათ დღეს დაიწყო.

ვერ დავუკავშირდით დათო ტურაშვილს და ნიკო ლეკიშვილს, თუმცა, სარწმუნო წყაროს ცნობით, მათ თავიანთი ურთიერთობები საპატრიარქოსთან დიდი ხანია გაარკვიეს.

 

ნინო ბიწაძე
,,ალია’’, 28 აგვისტო, 2000
Advertisements

3 Responses to ვინ აშენებს ჯვარს ზედაზნის მთაზე?

  1. Hollis Jefferies ამბობს:

    Hi, i think that i saw you visited my blog so i came to “return the favour”.I am looking for ways to add things to my blog!Is it ok if i use some of the things i saw here?!

  2. Mac ამბობს:

    Well written article. Thanks for writing body

  3. Naia ამბობს:

    I like this post.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s