ვისთან მივყავართ 60 მეტრიან ჯვარს?

 

მართლმადიდებლობა და რელიგიური სექტები

 

ღვთის კაცად წოდებული ბორია ზედაზენზე ქალებს წკეპლავს

ვისთან მივყავართ 60 მეტრიან ჯვარს?

 (ქვეყნდება შემოკლებით)

 

როგორი მწარე იქნებოდა ის სიცილი, დათას რომ აუვარდა (იგულისხმება ეპიზოდი ,,დათა თუთაშხიადან’’, რედ.), მაშინ მივხვდი, როცა ზედაზნის მთაზე გასეთურებული ქართველი გოგო-ბიჭები ვიხილე, მონებად შებმული. ნეტა თუ იციან, რას აშენებენ-მეთქი, გამიელვა თავში, მაგრამ მივხვდი, რომ მათთვის ვინმე სეთურს იმედი მოუგონია. ,,იმედი თუ აქვს ხალხს, ზედმეტს არ გაივლებს გულში არაფერს და იქნება ბედნიერად. მოდით, აგერ მომყევით, განახვებთ, როგორი იმედი მოვიგონე ჩემი ხალხისთვის’’ – მითხრა იდუმალი სეთურის ხმამ და მეც გავყევი.

1995 წლის 26 აგვისტოს შსს სამინისტროს კავშირგაბმულობის სამსახურსა და საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტ გიორგი კალანდაძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ზედაზნის მთაზე მდებარე შსს-ს კავშირგაბმულობის სამმართველოს ობიექტის მეორე სართულზე უნდა დასახლებულიყვნენ ის პირები, ვისაც ზედაზნის მთაზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულ გმირთა უკვდავსაყოფი მემორიალი, ანუ 50 მეტრიანი ჯვარი უნდა აეშენებინათ. შსს-ს კავშირგაბმულობის განყოფილება იღებდა ვალდებულებას რადიოსალოკაციო დანადგარებისთვის არსებული შენობის მეორე სართული დროებით, 1997 წლის იანვრამდე დაეთმოთ მშენებლებისთვის. გიორგი კალანდაძეს ჯერ კიდევ 1994 წლის 5 ივლისს მიუმართავს საქართველოს კათალოკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის, რათა ზედაზნის მთაზე 50 მეტრიანი ჯვრის აღნიშნული მიზნით აშენების ნება დაერთო. მალე გამოვიდა პატრიარქის განკარგულება, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ფონდს უფლება ეძლეოდა განეხორციელებინა ეს მშვენიერი იდეა. იმავე იდეას მეორე დღესვე, ანუ 1994 წლის 6 ივლისს, მხარი დაუჭირა სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. 1995 წლის 24 აგვისტოს კი გამოვიდა საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის მეორე ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ზედაზნის მთაზე ჯვრის კონსტრუქციის ყოველგვარი მშენებლობა აიკრძალა.

ზურაბ ეკალაძე, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის თანამშრომელი:

– პატრიარქმა გაიგო, რომ ამ ჯვრის მშენებლობას აწარმოებდა გაურკვეველი წარმოშობის პიროვნების, ვინმე ბორია ივანოვის გარშემო შემოკრებილი ხალხი, რომელთაც ზედაზნის მთაზე რელიგიური სექტა ჩამოაყალიბეს. ისინი ეკლესიას არ უარყოფენ, მაგრამ უცნაური შეხედულებები აქვთ. მათი აზრით, შეიძლება ნებისმიერმა ერისკაცმა სწიროს და ა.შ. თანაც ეს ვინმე ბორია ქართველ ქალებს წკეპლით უმასპინძლდება, რათა სულიწმიდა გადავიდეს მათზე.

გურამ შარაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობის ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა’’ ლიდერი:

– ვინმე ბორის ნიკოლოზის ძე ივანოვი არის რუსეთის მოქალაქე, წარმოშობით სტავროპოლის მხრიდან, სოფელ კაჩუბიევსკიდან. დაბადებული 1939 წელს. 1978 წლიდან იმყოფება საქართველოში. ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას, რისთვისაც რამდენჯერმეა მოხვედრილი პოლიციის განყოფილებებში. აქვს საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტი, არის სხვადასხვა პროფილის ხელოსანი, მათ შორის მებუხრე. 1994 წლიდან მუშაობს და ცხოვრობს ზედაზენზე, შსს-ს კავშირგაბმულობის განყოფილების შენობის მეორე სართულზე. ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, იგი რუსეთიდან იქნა გამოძევებული რასკოლნიკური მოღვაწეობისთვის. მე მას დავარქმევდი ბორია რასკოლნიკოვს, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში განხეთქილება შემოიტანა. მოიპოვა ნაცნობების წრე მებუხრეობით, თანაც საკმაოდ ელიტურ წრეში ტრიალებდა და, როგორც ვიცი, ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურული ელიტური მუშაკების ბინებშიც აქვს გაკეთებული ბუხრები. შემდეგ ის დაუახლოვდა ჯვრის მამის მონასტრის მღვდელს, მაშინ თავისი სათნოებით განთქმულ და პატრიარქისადმი დიდად კეთილგანწყობილ ლავრენტი ბუზიაშვილს, მოიპოვა მისი ნდობა, გადაიბირა იგი და მისი მრევლი, რის შემდეგაც ისინი დასახლდნენ აღნიშნულ ადგილას. ბორია ივანოვი არის სადო-მაზოხისტური სექტის შემომტანი საქართველოში. თავს აცხადებს ღვთის კაცად, რომელსაც ელაპარაკება სულიწმიდა და ამ სულიწმიდის თავის მრევლში უკეთ გადასაცემად წკეპლავს მათ. მის სექტაში მყოფ მამაკაცებს მასთან მიჰყავთ ცოლები, მათ შორის მრვალშვილიანი დედები და აწკეპლინებენ. პატრიარქმა ილია II ლავრენტი ბუზიაშვილს შეუჩერა წირვა-ლოცვის ჩატარების უფლება. დღეს მას აკრძალული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მართლმადიდებლური მოღვაწეობა. დღეს ლავრენტი თავისი მრევლით განიხილება, როგორც ბორია ივანოვის სექტა და ცხოვრობს ზედაზნის მთაზე. 1995 წლის 24 აგვისტოს პატრიარქმა აკრძალა ჯვრის ყოველგვარი მშენებლობა. მისი ეს ბრძანება გადაჭრელებულია უამრავი რეზოლუციით – მაშინდელი მცხეთა-თიანეთის გუბერნატორ შალვა ობგაიძის, რომელიც ავალებს გამგებელ შამანაურს, რომ შეწყვიტონ მშენებლობა, პოლიციის, მთავარი არქიტექტორის და ა.შ. რეზოლუციები პატრიარქის ბრძანებაზე ერთი ყურიდან მეორეში შეუშვეს გიორგი კალანდაძემ, მის უკან მდგარმა ბორიამ და მისმა მიმდევრებმა. იმისათვის, რომ ამ ბრძანებას არ ემუშავა, 1998 წლის 7 მაისს შევარდნაძეს მოაწერინეს ხელი ახალ განკარგულებაზე, რომ მშენებლობა გაგრძელებულიყო, ისე, რომ პრეზიდენტმა არც იცოდა, თუ არსებობდა პატრიარქის აკრძალვა. რომ არ იცოდა, იქიდან ჩანს, რომ პრეზიდენტის მიერ ვიზირებას ვინც იძლევა – ზაზა შენგელია, ნიკო ლეკიშვილი, მერაბ ჩხენკელი, ბადრი შოშიტაიშვილი, ზურაბ გაიპარაშვილი, კობა იმედაშვილი, გია შერაძე, იურისტი გოგიაშვილი, რედაქტორი ჩიტიშვილი, არსად არავინ არ ახსენებს არც პატრიარქის ვიზას და არც მის ბრძანებას.

– ვის ეკუთვნის ის ტერიტორია?

– ზედაზნის მონასტრის ტერიტორია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაა და პატრიარქის ნებართვის გარეშე იქ არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ეს მშენებლობა კი დღემდე მიმდინარეობს. მე შევიტანე სარჩელი და მალე გაიმართება სასამართლო პროცესი. ამ მშენებლობას შევაჩერებთ და მოვახდენთ მის დემონტაჟს.

მას შემდეგ, რაც გურამ შარაძე ახმაურდა, გამართა პრესკონფერენციები და სასამართლოშიც იჩივლა, პრეზიდენტმა გაიგო, რომ ,,შეცდომით მოაწერინეს ხელი’’ დოკუმენტებზე და 2000 წლის 11 აგვისტოს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ზედაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველგვარი მშენებლობა მხოლოდ პატრიარქთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს. საოცარი კი ის არის, რომ ჯვრის კონსტრუქციის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, თუმცა მცხეთა-თბილისის ტრასიდან თუ გახედავთ ზედაზნის მთას და კარგად დააკვირდებით, მხოლოდ მაშინ შეამჩნევთ, რომ იქ ჯვარი დგას, რადგან ეს ნაგებობა ჩვეულებრივ უზარმაზარ ანძას ჰგავს. თავის დროზე შსს-ს კავშირგაბმულობის სამმართველოსა და გიორგი კალანდაძეს შორის ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯვრის კონსტრუქცია შეაფერხებს რადიოსალოკაციო გადამცემების მუშაობას, საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი რადიოსალოკაციო გადაცემის სამუშაოდ საჭირო დანადგარებს გადაიტანს მის მიერ აგებულ შენობაში ან ჯვრის კონსტრუქციაზე, რაც, საპატრიარქოს წარმომადგენლების აზრით, დიდი მკრეხელობაა. საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი გიორგი ანდრიაძე არ გამორიცხავს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ტერიტორია და იმ მონუმენტის სიმაღლიდან, რომელიც იქ შენდება, ძალიან მცირე სიმძლავრეებით შეიძლება დაკავშირება მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მყოფ პირებთან, ანუ ეს ყოველივე შეიძლება ჯაშუშურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.

– სად იყავით აქამდე?

გურამ შარაძე: მე არც პრეზიდენტი ვარ და არც პატრიარქი, რომ მომხსენდეს ყოველგვარი ინფორმაცია, რაც საქართველოში ხდება, სად რა ფაჩუნობს. როდესაც ჩვენ ეს მოვიკითხეთ, აგვიფრიალეს პატრიარქის პირველი ბრძანება.

– თქვენ როდის გაიგეთ ეს ყველაფერი?

– ორი თვის წინ. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. ერთ-ერთ საეკლესიო დღესასწაულზე ჩემი შვილის საფლავზე ვიყავი… იქიდანვე მე, ჩემი მეუღლე და ჩემი ადვოკატი გულიკო გაბაიძე წავედით ზედაზნის მთაზე. იქ კი ვნახე აბდულ ახმანოვები, ივანოვები და შინდრიკები. მაშინ ვთქვი, ამას ასე არ დავტოვებ-მეთქი. რომ დავბრუნდი, მოვიძიე ყველა დოკუმენტი…

ეს ყველაფერი იყო შენიღბული, შელამაზებული, რომ საქართველოს საერთაშორისო ახალგაზრდული ფონდი ზედაზნის მთაზე სამაჩაბლოსა და აფხაზეთში საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს  აშენებდა. ვინ შეეხებოდა და ვინ გაბედავდა რამე ეთქვა? ივანოვმა კი ის ხალხი აქცია მონებად – შენდრიკი და აბდულ ახმანოვი დოინჯშემოყრილი დგანან და ამუშავებენ ქალებს, აზიდინებენ ქვას, ღორღს, ცემენტს. ამ ქალებსაც სწამთ, რომ ამ ფიზიკურად მონური შრომით უფრო მიუახლოვდებიან ღმერთს. კევრში შებმულ მონებს რომ აწამებდნენ მონათმფლობელობის დროს, სწორედ ისე, ჟღალწვერიან ახალგაზრდა კაცს, ძალ-ღონით სავსეს, აბდულ ახმანოვს გაუბამს ურიკებში ქართველი ქალები, გატყავებულ-გაშავებულები, ტუსაღები არ იქნებიან ასე ციმბირის კატორღებში, როგორც ეს ქალები არიან გაბრიყვებული და დამონებული. მეორე მხარეს დგას შენდრიკი – ყირიმელი თათარი და უღელში გაბმულ ქართველ ქალებს სიამაყით უყურებს. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც შეიძლება კაცმა ოცდაორი წელი იცხოვრო ისე, რომ არ გქონდეს იქ ცხოვრების უფლება. საქართველოში შეიძლება პრეზიდენტის მოტყუება, კათალიკოსის ბრძანების ერთი ყურიდან მეორეში გაშვება და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული ბიჭების სისხლით სპეკულაცია. ვითომ, ეს ჯვარი კეთდება მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად და სინამდვილეში, ბორია ივანოვის სექტის წევრები მძვინვარებენ და აგებენ შსს-ს რადიოსალოკაციო საიდუმლო ანტენების დასამონტაჟებელ ძეგლს. მას შემდეგ, რაც ჩემს პრესკონფერენციაზე მხილებულ იქნა, რომ ეს პიროვნებები ამ ტერიტორიაზე უკანონოდ ცხოვრობდნენ, შსს-ს მინისტრმა კახა თარგამაძემ, მისმა მოადგილეებმა – ზურაბ ჩხაიძემ, თენგიზ შოშიაშვილმა და მცხეთა-თიანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსმა ჯემალ ჯიქურაულმა 15 აგვისტოს ეს სექტანტები გამოაბრძანეს ამ შენობიდან.

 

ზედაზნის მთაზე რკინის ჯვრის კონსტრუქცია დგას უზარმაზარ კატაკომბზე, სასარდაფო ნაგებობაზე, რომელიც, როგორც ამბობენ, ამ სექტის წევრებისთვის სამლოცველო იქნება. შსს-ს კავშირგაბმულობის სამმართველოს საიდუმლო შენობიდან გამოძევებული ბორია და მისი მიმდევრები ახლა ჯვრის კონსტრუქციის ქვეშ, ბეტონით შემოღობილ ნაგებობაში არიან შეფარებული. ჟურნალისტების დანახვამ თავიდან ძალიან გააღიზიანა ეს თორმეტიოდე ადამიანი, რადგან თურმე ამ ბოლო დროს პრესა უამრავ სიცრუეს და ცილისწამებას წერს მათ შესახებ. ლავრენტი ბუზიაშვილის კითხვას, სად იყავით აქამდე ან მასმედია, ან ისინი, ვინც ახლა ასე გვავიწროვებენო, ვერაფერი ვუპასუხე. თუმცა, მახსოვდა, შარშან საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება – ზედაზნის მთაზე ახალი სექტა დამკვიდრდაო. ჩვენი იქ მისვლისას მშენებლობა შეწყვეტილი იყო.

– აქამდე არავის დაუშლია არც მშენებლობა და არც იმ შენობაში ცხოვრება?

ლავრენტი ბუზიაშვილი: არა. ხელს არავინ გვიშლიდა და სწორედ ეს არის სასწაული. რა დაემართა ამ ხალხს, ეს ორი თვეა, არ ვიცი.

– ფაქტობრივად აგიშენებიათ, კიდევ დარჩა რამე სამუშაო?

– როგორ არ დარჩა, ამას დაფარვა სჭირდება. ჯებირი უნდა აშენდეს, ტერიტორია ბეტონით უნდა დაიფაროს და ა.შ. იცით, ხალხი მოტყუებულია, ჯვრის აზრი და შინაარსი არ იცის. ეს ხომ ქრისტიანობის სიმბოლოა და არც ჩვენი ნებით დაწყებულა მისი მშენებლობა. იდეა გიორგი კალანდაძეს ეკუთვნის, რაზეც პატრიარქიც თანახმა იყო. მათ ბორის ივანოვს სთხოვეს, აეშენებინა ჯვარი, რადგან ბევრგან აქვს მსგავსი საქმე საქართველოში გაკეთებული.

– იქნებ, სწორედ ამ გრანდიოზულობამ გამოიწვია ეს აჟიოტაჟი? ამბობენ, ამ ჯვარს საიდუმლო გადამცემად გამოიყენებენო.

– ამას აქვს შინაარსი, რომ ქალაქიდან უნდა გამოჩნდეს. გავაკეთოთ მაშინ ორმეტრიანი ჯვარი და იყოს თავისთვის. პატრიარქმა თავის დროზე ხელი მოაწერა და აკურთხა 50 მეტრიანი ჯვრის აგება. მერე 10 მეტრი დავამატეთ, უკეთესად რომ გამოჩენილიყო.

– თუ არსებობს და თუ გაქვთ არქიტექტურული სქემა?

– მე რად მინდა? მუშახელი ვარ, თორემ როგორ არ არსებობს, კალანდაძეს აქვს.

რა ჯდება ეს მშენებლობა ხომ არ იცით?

– ასე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე ერთი მერსედესი, ჩვენი ფულიანი ხალხი რომ დადის.

– როგორ, ამხელა რკინა-ბეტონი ერთი მერსედესის ფულიც არ არის?!

– ბევრი ბლოკი და ბეტონი გადაყრილი იყო. ვიღებდით, ვაკეთებდით, რესტავრაციას ვუკეთებდით და ვიყენებდით, ჩვენ არ გვეზარება ღვთის გულისათვის მუშაობა.

ვინ გამარაგებთ პროდუქტითა თუ სამშენებლო მასალით?

– გიორგი კალანდაძე თვითონ წვალობს, ღმერთმა უშველოს.

– თვითონ  მოდის ხოლმე?

– როგორ არა, ამ დღეებშიც იყო. დათო ტურაშვილიც ხშირად ამოდიოდა ხოლმე. ამ ბოლო დროს აღარ ამოსულა.

– რამდენი კაცი აშენებთ ამ ჯვარს?

– რამდენიც აქ ვცხოვრობთ.

აქ ძირითადად ქალები არიან

– ქალები ქალის საქმეს აკეთებენ.

– თუ გიხდიან რამეს?

– ასეთი პირობაა, რომ ეს ხალხი ყველა უსასყიდლოდ მუშაობს. ხშირად, ასეთ წვიმიან ამინდშიც კი არ ვჩერდებით (ჩვენი სტუმრობისას კოკისპირული წვიმა წამოვიდა). თუ ბეტონია არეული, ხომ არ გადავყრით? უნდა მოვამთავროთ. ხანდახან ,,კრანის’’ ამოყვანა გვიწევს ხოლმე, მაგრამ რომ გაიგებენ, აქ უფასოდ, ღვთისთვის ვმუშაობთ, თვითონაც არ იღებენ ხოლმე ფულს, ან ნაკლებს იღებენ. რამდენიმე დღე უსასყიდლოდაც გვემსახურებიან.

– იქნებ, ვინმე თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გიყენებთ, ამაზე თუ გიფიქრიათ?

– მაგას რომ მოვკვდებით, იქ გავიგებთ, ვინ ვის იყენებს და რისთვის. მე ჩემი შეგნებით ამ ჯვრის აშენებით ქართველ ერს ვემსახურები. ვინც ამ ჯვრის აშენებას ებრძოდა, არნახული სამსახური გაუწია ჯვრის ქადაგებას და დიდ მადლობას ვუხდი ყველას.

– როგორ მოხდა თქვენი ბორია ივანოვის გარშემო შემოკრება?

– ვხედავთ მის ჯანმრთელ სინდისს, რაც ძალიან იშვიათია დღევანდელ ადამიანებში. სანამ თქვენსავით ახალგაზრდაა, ბევრს აქვს სინდისი, შემდეგ კი ცხოვრება ძალიან სვრის. იმისთვის, რომ სინდისი არ გამსვროდა, მის გვერდით დავდექი. მე ვთხოვდი ეკლესიას ამ კაცის ქრისტიანად შერაცხვას, მაგრამ უარი მითხრეს.

– რატომ ითხოვდით?

– იმიტომ, რომ ის თავისი ადამიანობით მართლაც წმინდაა. იგი ნამდვილად ღმერთის გამოგზავნილია.

– თქვენ ხომ შეწყვეტილი გაქვთ ღვთისმსახურების უფლება, მაგრამ მაინც წირავთ.

– ეპისკოპოსმა, სადაც ვმსახურობდი, ერთი წლის წინ შემიჩერა მღვდელმთმსახურების უფლება. მას მერე კი მე საერთოდ წამოვედი იქიდან. მერე ჩემთვის არავის უთქვამს, ნუ მსახურობო. პატრიარქმა შეხვედრისას ადამიანურად მითხრა, გავიგე წირვასაც ატარებო, მაგრამ მას ჩემი მღვდლობიდან მოკვეთის ბრძანება არ დაუწერია. თუმცა სხვებისთვის მე მღვდელი არ ვარ. ქუჩაში რომ ვინმე გამაჩერებს, არ მივემსახურები.

– აბა ვის ემსახურებით?

– მე ვემსახურები იმ ხალხს, ვისაც ჩემი და ამ კაცის სახელის გულისთვის ეკლესიაში არ ღებულობენ.

 

ზედაზნის მთაზე ცხოვრობენ ლავრენტი ბუზიაშვილი, გოჩა ლომსაძე, მირზა ჩხეტიანი, ზურაბ ონიანი, ნინო გურაშვილი, ნინო ჯმუხაძე, მანანა ბუტიკაშვილი, დომნა გველესიანი, ნუნუ მამუჩიშვილი, ბორის ივანოვი, აბდულ ახმანოვი და თევდორე შენდრიკი.

– ამ ქალბატონებს ოჯახები აქვთ?

ლავრენტი ბუზიაშვილი: ამ ქალბატონს, მონაზვნის შესამოსელში რომ ხედავთ, შვილიშვილიც ჰყავს, თუმცა ქმარი გარდაეცვალა… სხვები გათხოვილები არ არიან. მათ არჩიეს ასეთი ცხოვრება და ფაქტობრივად, მონაზვნები არიან. ღამე ლოცულობენ მორიგეობით, ორ-ორი საათი. ერთი რომ მორჩება ლოცვას, მეორეს აღვიძებს, რათა გააგრძელოს. ვის რომელ ცვლაში მოუწევს, ისე ლოცულობენ და მუშაობენ.

ჩვენი დიალოგისას ბორისი და მისი მიმდევრები მოშორებით ისხდნენ და ტრაპეზი ჰქონდათ. სუფრა ღარიბული იყო – შემწვარი კარტოფილი, პური, ცოტაოდენი კიტრი…

– მე აქ ღმერთის გამოგზავნილი კაცი ვარ და ყველა ქართველზე დიდ საქმეს ვაკეთებ. თქვენ რაც გინდათ, ის დაწერეთ, – გვითხრა ბორის ივანოვმა და ჭამა განაგრძო.

ქართველი ახალგაზრდა ქალები ბორის ივანოვს, როგორც ღმერთს, ისე შეჰყურებენ. მის თითოეულ მოძრაობას ადევნებენ თვალს და ყველა დაჩურჩულებას ასრულებენ. ვიფიქრე, ნამდვილად ეს არის მეთქი აქაური სეთური, მაგრამ გამახსენდა, მათ უფრო დიდი მამა და მარჩენალი რომ ჰყავთ, ანუ ის, ვინც ისინი ზედაზნის მთაზე დაასახლა თავის დროზე. ვინც მშენებლობას აფინანსებს და საკვებსაც უგზავნის. ალბათ, სწორედ იმდენს, რომ შიმშილით არ დაიხოცონ, რადგან უეჭველად იცის: ,,სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს ყველაფერი გარყვნილება და უზნეობა’’ (ჭაბუა ამირეჯიბი)… ლავრენტი ბუზიაშვილს ისეთი დაგლეჯილი ფეხსაცმელები ეცვა, სიმართლე გითხრათ, გულწრფელად შევწუხდი. თუმცა, შეიძლება ეს ადამიანი და არა მარტო თავის მოწამეობრივ ცხოვრებას უსვამს ხაზს ასეთი მოქმედებით. ისევ დათა თუთაშხიას სიტყვები გამახსენდა: ,,უნდათ ალბათ ყმობა და მონობა, თორემ აგერ გზა და აგერ სავალი – იჭერს ვინმე თუ?..

 

რუსუდან ადვაძე
,,სარკე’’, 30 აგვისტო – 5 სექტემბერი, 2000

4 Responses to ვისთან მივყავართ 60 მეტრიან ჯვარს?

  1. Stormy Provorse ამბობს:

    Very Nice website.
    Thank you

  2. Geiger ამბობს:

    დღეს ზედაზენზე ვიხილე ეგ “საოცრება”. მართლაც რომ ოპიუმ დლია ნაროდა.

  3. Davit ამბობს:

    ძალიან საინტერესო სტატიაა, მადლობთ.

  4. Issac Maez ამბობს:

    Deference to article author, some superb selective information .

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s