პარლამენტი მართლმადიდებლებს ებრძვის

 

მართლმადიდებლობა და რელიგიური სექტები

 

მართლმადიდებლური სარწმუნოების დამცველი დეპუტატი, გურამ შარაძე, რომელიც ბოლო დროს მავანთა კრიტიკისა და შეურაცხყოფის საგანი გახდა, ორიოდე დღის წინ კახეთს, კერძოდ კი, ლაგოდეხის რაიონს ეწვია ადგილობრივი მოსახლეობის მიწვევით. გურამ შარაძის მხარდამჭერთა საზოგადოების “ნაციონალური მოძრაობა – ჩვენი საქართველო” ლაგოდეხელებთან შეხვედრის დევიზი იყო “ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობას”. რადგან დღეს ყველაზე პრობლემური ოცსაუკუნოვანი სამოციქულო მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვაა, შარაძემაც ამას მოკიდა ხელი და უკან დახევას არ აპირებს, თანაც ფაქტია, ქართველობას საუკუნოვანი რელიგიის დაცვა სწყურია.

შარაძის პირველი შეხვედრა ლაგოდეხის მოსახლეობასთან ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ლაგოდეხ-ყვარელ-საინგილოს ეპარქიის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, მეუფე სერგის დალოცვით წარიმართა.

გავესაუბრეთ და კომენტარი ვთხოვეთ ლაგოდეხიდან დაბრუნებულ გურამ შარაძეს:

– მოსახლეობასთან შეხვედრამდე ერთი საგულისხმო ფაქტი მოხდა, რომელიც მაცნობეს ჩასვლისთანავე: სოფელ ყარსუბნის ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა მკვიდრმა ლაგოდეხში ბინა შეიძინა. ეს ფაქტი არ მოეწონა მეზობელ იეღოველს, რომელსაც მეგობარი იეღოველისთვის ჰქონია ეს სახლი უზუნში აღებული. ამის გამო იეღოველსა და მართლმადიდებელს შორის დიდი შეხლა-შემოხლა ხდება. იეღოველი მართლმადიდებლის ბინაში იპარება და რაღაცეებს აფუჭებს. ბოლოს კი მოუშვა ონკანი და ლამის სახლ-კარი წალეკა. მე ამას ვამბობ სახალხო დამცველ ნანა დევდარიანის გასაგონად, რომელიც სულ იმაზე წუწუნებს, რომ მართლმადიდებლები არ უჩივიან იეღოველებს, ე.ი. იეღოველები არაფერს აშავებენ, იეღოველებისგან კი ათასობით საჩივარი შემოდის მართლმადიდებლებზეო. ასეთი ფაქტებით ომბუდსმენის აპარატში უნდა დაინტერესდნენ. ეს უკვე მერამდენე ფაქტია. ლაგოდეხიდან ჩამოსვლისთანავე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა გურამ ხურცილავამ შემზარავი ამბავი მაცნობა: ბორჯომში, კერძოდ, ქვაბისხევის ეკლესიის (რომელიც ცნობილია უნიკალური ფრესკებით) გვერდით, კვირიკეს ეკლესიაში, სადაც ასევე უბრწყინვალესი ფრესკებია, ამ რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ ფრესკებს თვალები დასთხარა. არსებობს ეჭვი, რომ ეს გააკეთეს დვირელმა იეღოველებმა და ამით მოგვიკლეს მართლმადიდებლებს გული. ალბათ იცით, რომ დვირი გატენილია იეღოველებით. ნანა დევდარიანის ყურადღება მინდა მივაქციო იმასაც, რაც მწერალმა თინა მღვდლიაშვილმა მოგვწერა: თურმე იეღოველებმა მუხიანის დასახლებაში შებილწეს ხატები, ჩაყარეს ცეცხლში. მათ შორის იყო წმინდა ნიკოლოზის ხატიც. მაგრამ სასწაული მოხდა: ჩარჩო დაიწვა, ხატი კი – გადარჩა. ასევე, მეჯვრისხევში იეღოველებმა შებილწეს ჩვენი სიწმინდეები და საქონლის ფუნაში ჩაყარეს ქართული მართლმადიდებლური ხატ-ჯვრები. ასევე საგანგაშო მდგომარეობაა კასპის რაიონში: სოფელში, სადაც დიდი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა, იეღოველთა ბუდეა, რომლებიც ისე გათავხედდნენ, რომ ადგილობრივი წმ. გიორგის ეკლესია შეურაცხყვეს, გაძარცვეს, ხატ-ჯვრები შებილწეს, ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და იქვე ეკლესიასთან ახლოს რაც კი მართლმადიდებელთა საფლავებზე ჯვრები იყო, დაამტვრიეს. ეს ყველაფერი იმიტომ მოგახსენეთ, რომ ეს პრობლემა აქტუალურია ლაგოდეხშიც.

– ბ-ნო გურამ, გამოდის, კახეთის რეგიონშიც მძლავრობს იეღოველთა სექტა…

– დიახ. როცა გაიგეს, რომ ლაგოდეხში მქონდა შეხვედრა, სტუმრად ჩამოვიდნენ მეზობელი ყვარლის საკრებულოს და ინტელიგენციის წარმომადგენლები და შველა ითხოვეს. თქვეს, დროზე მოხედეთ ყვარელს, იქ უბედურება ტრიალებს, მართლმადიდებლურ ეკლესიებშიო, ხდება მართლმადიდებელი მრევლის გადაბირება და სიწმინდეების წაბილწვა. ეს დაადასტურა გრემის წინამძღვარმაც. ძალიან მტკივნეული იყო მეუფე სერგის გამოსვლა, რომელმაც ისაუბრა სექტებისა და სექტანტების წინააღმდეგ ბრძოლაზე. სხვათა შორის, ლაგოდეხში იეღოველებსა და ბაპტისტებზე არანაკლები პრობლემაა ე.წ. “ხსნის არმია”. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეს ხსნის არმია კი არა, დაღუპვის არმიაა, რომელმაც წაბილწა და დაღუპა საქართველო თითო კილო ბრინჯისა და შაქრის დარიგებით.

ბ-ნო გურამ, იეღოველთა შემოტევით შეწუხებული კახეთის მოსახლეობა საპატრიარქოს უმოქმედობაში ხომ არ ადანაშაულებს?

– ამ კითხვას ყველგან მისვამენ. გეტყვით, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა წინა მოწვევის პარლამენტში ითხოვა საგანგებო გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან და კანონმდებლებს მოგვიწოდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიგვეღო კანონი “რელიგიის შესახებ”, თორემ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იღუპება და იძირება სექტანტების და განსაკუთრებით იეღოველების ჭაობშიო. მას შემდეგ გავიდა 6-7 წელი და პატრიარქის ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისა პარლამენტის ორივე მოწვევის პერიოდში. მე ჩემს საქმიანობაში ვხელმძღვანელობ პატრიარქის კურთხევით და თხოვნით, რომელსაც არ ასრულებს პარლამენტი. მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვიბრძვი პატრიარქის მოწოდებისა და თხოვნის შესასრულებლად და ნურავინ ნუ დამწამებს იმას, რომ მე უფრო აქტიური ვარ, ვიდრე მისი უწმინდესობა. ის ითხოვს შველას პირველ რიგში ჩვენგან, კანონმდებლებისგან. ჩვენ უნდა დავუდგეთ მას და მრევლს გვერდში.

– როგორ ფიქრობთ, რატომ არ იღებს პარლამენტი რელიგიის შესახებ კანონს?

– იმიტომ, რომ პარლამენტი გავსებული და გაჭედილია ანტიმართლმადიდებლური ძალებით. მარტო ის ფაქტი, რომ წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო კანონი ე.წ. “ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შესახებ”, რომელიც არ მუშაობს და არ მოქმედებს, ეს არის წმინდა იეღოვური ლობისტების მიერ გაკეთებული საქართველოს პარალამენტში. მკითხველი იკითხავს, რა შუაშია ალტერნატიული სამხედრო სამსახურიო: მოგეხსენებათ, იეღოველთა დოქტრინა კრძალავს სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ამით ის ახორციელებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებას. იეღოველები უკრძალავენ იეღოველებს სავალდებულო სამსახურში წასვლას და სამშობლოს დაცვას. ამ კანონის საფუძველზე იეღოველები სწერენ კომისარიატებს, რომ ეს ახალგაზრდა არის იეღოველი და ალტერნატიული სამხედრო სამსახურის საფუძველზე მას უფლება აქვს, არ აიღოს ხელში იარაღი. ხდება ორმხრივი შეთანხმება, ცალკე სამხედრო კომისარიატები იღებენ ქრთამს, ცალკე – იეღოველები და ხდება ჩვენი გენოფონდის გაიეღოველება. აი, ცოცხალი ნიმუში საქართველოს პარლამენტის ანტიმართლმადიდებლური და იეღოველთა სასარგებლო საქმიანობისა. ამ კანონის მიღებით ახალგაზრდობას გაიეღოველებისკენ უბიძგებენ.

– ბ-ნო გურამ, ეს ყველაფერი უცხოეთის დაკვეთით ხორციელდება?

– რა თქმა უნდა. გეტყვით ახლა, რა ხდება იეღოველთა სასარგებლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში: მე “პერსონა ნონ გრატად” გამოვაცხადე ცოლ-ქმარი სონია და არნო ტიუნგლერები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებიც არიან აგენტები, შემოგზავნილები იეღოველების მიერ საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის დასანგრევად და მართლმადიდებლური მრევლის მოსასყიდად. მე მათ ანგარიშზე “ტბს” ბანკში დავიჭირე ერთი გადმორიცხვით 700.000 დოლარი. თვითონ ტიუნგლერს მოაქვს ჩემოდნებით უზარმაზარი ვალუტა და თითქმის მთელი აეროპორტის დასახლება შეისყიდა. ვინ მისცა უფლება უცხოეთის მოქალაქეებს ქვეყნის დედაქალაქში შეისყიდონ მიწა და სახლები? როდესაც მე იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს მოვთხოვე, ამათთვის ვიზა არ მიეცათ, ადგა სასაზღვრო დეპარტამენტის გენერალი ჩხეიძე და მისი სამსახური ტიუნგლერებს აძლევს დროებით ვიზას თბილისის აეროპორტში, იხდიან უზარმაზარ ქრთამს და უშვებენ საქართველოში. ახლა გეტყვით, იუსტიციის სამინისტროში რა მოხდა: როგორც იცით, უზენაეს სასამართლოში მოვიგე სასამართლო პროცესი გასული წლის 22 თებერვალს, რომლითაც დამტკიცდა, რომ იეღოველთა ორი ორგანიაზაცია – იეღოვას მოწმეთა კავშირი და პენსილვანიის საგუშაგო კოშკი არის უკანონოდ რეგისტრირებული, დიდი ქრთამის ფასად ისან-სამგორის სასამართლოში. მე ეს გადაწყვეტილება გავაუქმე როგორც უკანონო, გაყალბება საქართველოს კანონმდებლობისა. იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახური ვალდებული იყო მაშინვე ჩამოერთმია იეღოველებისთავის ბეჭედი, ბლანკი, საბანკო ანგარიში და საგადასახადო კოდი. ორი წელი გავიდა და იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიურო ამას არ აკეთებს, ალბათ, რბილად რომ ვთქვათ, სოლიდური საჩუქრის ფასად. მიუხედავად ჩემი ათასგზის მოთხოვნისა, ამას არ აკეთებს იუსტიციის სამინისტრო. ამით სარგებლობენ იეღოველები, ჩადიან ფოთში. ახლა მე-6 სტრუქტურა – საბაჟო დეპარტამენტი რას აკეთებს: ჩემი ეს ყვირილი – ისარგებლეთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩამოართვით ბეჭედი და ნუ შემოაქვთ ათასობით ტონა აკრძალული იეღოვური კონტრაბანდული ლიტერატურა, ამას არ აკეთებენ და საბაჟო ფოთში იღებს უზარმაზარ ქრთამს და საქართველოში შემოდის ეს აკრძალული ლიტერატურა. აი, რამდენი სტრუქტურაა ჩართული იეღოველთა სამსახურში.

– როგორც ბრძანეთ, დევდარიანი ინფორმაციის სიმწირეს უჩივის. მასთან ერთად ხომ არ გეგმავთ ერთობლივ ღონისძიებას?

– ჩვენ წავიყვანეთ მისი რწმუნებული ეფრემიძე გორის რაიონში, სადაც ათასობით იეღოველთა კონგრესი ტარდება. სადაც იეღოველს შეუძენია სახლი და ჰექტრობით მიწა და გადაუქცევია იეღოველთა ბუდედ. ეს საკითხი გამგებელთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან გავიკითხეთ. მაინტერესებს, არარეგისტრირებულ, უკანონო იეღოვურ ორგანიზაციას რა უფლება ჰქონდა, ქონება შეეძინა ორთაშენში. უნდა მოხდეს მისი კონფისკაცია და ეს სასახლე უნდა გადაეცეს ადგილობრივ სკოლას, რომელიც დანგრევის პირასაა მისული. მოვუწოდებ გუბერნატორ დავით ქობლიანიძეს, შეისწავლოს ამ შეძენის სამართლებრივი მხარე და როგორც უკანონო, მოხდეს მისი კონფისკაცია. როგორც გითხარით, ეფრემიძე მახლდა თან, ერთი თვე გავიდა და არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა ომბუდსმენის ოფისიდან.

– ე.ი. გამოდის, ეს უწყება შეგნებულად ყურს იყრუებს…

– სწორედ ამაშია საქმე.

– მარტყოფშიც ანალოგიურად მძიმე მდგომარეობაა სექტების მხრივ?

– მარტყოფის ველი და ეკლესია დღეს იეღოველთა სათარეშოდაა გადაქცეული, რა ქნას ეკლესიის მოძღვარმა მამა ზაზამ. ადგილობრივი მოსახლეა ნავროზაშვილი, რომელმაც უარყო მართლმადიდებლური სარწმუნოება, “თბილისელ ძმებს” – თბილისელ სტუმრებს დიდი შეხვედრა გაუმართა. ანტონ მარტყოფელის სამლოცველო კუთხე კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

– თქვენი აზრით, რელიგიის შესახებ კანონის არმიღებით, გაჭიანურებით ქვეყნის ხელისუფლება შეგნებულად ხომ არ ახორციელებს მართლმადიდებლური რელიგიის დევნას, ამას ხელისუფლება გრანტების შემოსვლის სანაცვლოდ ხომ არ აკეთებს და ამაზე ხომ არ ცვლის ქვეყნის ხელისუფლება სარწმუნოებას, რწმენას?

– პირდაპირ გეტყვით, ეს ხდება ადგილობრივი ხელისუფლების შეგნებული გაჭიანურებული ქმედებით, რომ არ იქნას მიღებული კანონი “რელიგიის შესახებ” და კონსტიტუციაში იმ მუხლის მოთხოვნა, რომ სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში. ე.ი. აღმასრულებელ ხელისუფლებას არ უნდა, დაიცვას კონსტიტუციის სათანადო მუხლი და არ უნდა გამოაცხადოს მართლმადიდებლობა პრიორიტეტულ რელიგიად. ამის ცოცხალი მაგალითია იუსტიციის სამინისტროს მიერ უკანასკნელ ხანს მომზადებული ე.წ. კანონი რელიგიის შესახებ, რომელიც მომზადდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ზურაბ ეზუგბაიას ხელმძღვანელობით, ეს არის მოღალატური კანონი. ეს კანონი არა თუ ვერ გავა პარლამენტში სანამ სული მიდგას, არამედ ვერც შემოვა. ახლა დაათრევენ ამ კანონს ორგანიზაციებში და ხდება მისი ე.წ. განხილვა. მისი განხილვა არ შეიძლება. არც მისი გასწორება-ცვლილებები არ შეიძლება. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ეზუგბაიამ გაბედა და ამ კანონპროექტში ჩაწერა ასეთი ფრაზა: 50 საქართველოს მოქალაქეს შეუძლია შექმნან ახალი რელიგიური გაერთიანება, რომელიც კანონის წინაშე ისეთივე უფლებამოსილების იქნება, როგორც 20-საუკუნოვანი მართლმადიდებლური ეკლესია. ეს არის სექტების წინააღმდეგ ბრძოლა? ეს არის მართლმადიდებლობის დაცვა? ვაცხადებ: მე არ მაკმაყოფილებს კონსტიტუციის მუხლი, სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში. არავითარ შემთხვევაში. ვითხოვ ამ მუხლის შეცვლას. უნდა კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ საქართველოში გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა, როგორც ეს არის საბერძნეთში. ამდენი წამება და სისხლი იმიტომ დაღვარა ქართველმა ხალხმა, რომ 50-კაციანი სექტების წინაშე იყოს თავდახრილი? არავითარ შემთხვევაში! მე კონსტიტუციური შეთანხმების წინააღმდეგ წავალ. გიგი წერეთლის კომისიის წინააღმდეგ მივდივარ. არავითარი მომრიგებლური პოზიცია. საქართველოში სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს ქრისტიანობა, მხოლოდ მაშინ მოვისვენებ.

 

შორენა კოწოწაშვილი
“ახალი თაობა”, 13 მარტი, 2002

2 Responses to პარლამენტი მართლმადიდებლებს ებრძვის

  1. Divina Clare ამბობს:

    I have to admit that i sometimes get bored to read the whole thing but i think you have a unique blog. Bravo !

  2. Forsch ამბობს:

    I like this web blog very much so much superb info .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s